შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ინტერვიუ
Page: 6
ანასტასია ლელაძე ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლეა, რომელიც წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების განხრით 95% დაფინანსებით ჩაირიცხა. იგი ამ მნიშვნელოვან მოვლენასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და განვლილ გზაზე საკუთარ ემოციებსაც გვიზიარებს. ანასტასიას თქმით, ამერიკული და ქართული განათლების სისტემები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, სწორედ ამიტომ მომზადების პერიოდი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. „მთელი გათვლა არის იმ უნარებზე, რომელიც ამერიკულ სკოლებში თორმეტი წლის განმავლობაში ყალიბდება. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკადემიურ მხარესთან ერთად ამაზეც მოგვიწია მუშაობა.“ აღსანიშნავია, რომ ჰარვარდში, ბაკალავრიატის საფეხურზე მოხვედრა ძალიან რთულია, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია. „უმაღლესი განათლების ზედა საფეხურებზე, როგორიცაა მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ნაკლები კონკურენციაა და მეტი შანსია მოხვედრის. ბაკალავრიატზე კი შედარებით რთულია. თავიდანაც, რომ დავიწყეთ ეს საქმე ცოტა წარმოუდგენელი იყო. ჯერ ბაკალავრიატზე და მერე ჰარვარდში აპლიკაციის გაგზავნა. კომპეტენტური ადამიანებიც კი მეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაბალი იყო მოხვედრის შანსი. სანამ შედეგები ცნობილი გახდებოდა, ცოტა იმედიც გადამეწურა. ახლაც არ მჯერა, რომ ეს საქმე გამოვიდა.“ – ამბობს ანასტასია. ანასტასია ლელაძე აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა მსგავს საკითხებზე მუშაობის გამოცდილებისა და რესურსების ნაკლებობა იყო. სწორედ ამ თვალსაზრისით დაიკარგა ყველაზე მეტი დრო და ენერგია. სურს, მიღებული ცოდნა სხვა ბავშვებსაც გაუზიაროს და მიზნების ასრულებაში დაეხმაროს. „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უნდა ვთქვა, რომ ეს პრობლემა აღარ ექნებათ მომავალ თაობებს. ჩვენს სკოლაში გვინდა შევქმნათ კარიერული განვითარების კლუბი, სადაც დეტალურად მივყვებით სააპლიკაციო პროცესს და ყველა ბავშვს დავეხმარებით ინდივიდუალურად. ეს იქნება ძალიან კარგი რესურსი. მთავარია, მოსწავლემ გადაწყვიტოს, რომ უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა და დანარჩენში ჩვენ დავეხმარებით, რადგან ვიცით რამდენად რთულია ეს ყველაფერი.“ როგორც ანასტასია გვიამბობს, ამ წარმატებაში ყველაზე დიდი როლი მის სკოლასა და მასწავლებლებს მიუძღვით. არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც. „ფსიქოლოგიურად ეს პროცესი არ ყოფილა მარტივი. ხშირად მქონდა მომენტი, როცა უკვე აღარ მინდოდა გაგრძელება, როცა საკუთარ თავში ძალას ეძებ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სწორედ, ასეთ დროს მასწავლებლები მედგნენ გვერდით. ამ საქმეში ჩართული იყო მთელი ჩემი სკოლა და როდესაც ვიაზრებდი, რომ არ ვიყავი მარტო ეს იყო ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის, რომ ბოლომდე მიმეყვანა საქმე.“ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მათემატიკის მასწავლებელმა, მურათ ულუირმაქმა ურჩია და სწორედ ის დაეხმარა საგამოცდო სამზადისში. „მახსოვს, მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც მურათ მასწავლებელმა მათემატიკის გაკვეთილიდან გამიყვანა და ეს იდეა გამაცნო. როდესაც, გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა, სწორედ, ამ დროს დაიწყო პანდემიაც. ამიტომ დავიწყეთ ონლაინ მზადება გამოცდებისთვის.“ ანასტასია თანატოლებს მრავალმხრივ განვითარებას ურჩევს, რაც წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პოლიტიკური მეცნიერებების კარგად შესწავლის გარდა მას სკოლის პერიოდში კლასგარეშე აქტივობებით მიღებული ცოდნაც დაეხმარა. „სკოლაში აკადემიური სწავლების გარდა, წახალისებულია კლასგარეშე აქტივობებიც, რადგან სწორედ ეს აყალიბებს პიროვნებას. აღმოაჩინეთ რა გაინტერესებთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი ღირებულებები. განვითარდით ყველანაირად, რადგან აპლიკაციის შეფასების პროცესშიც დიდი ყურადღება ექცევა თავად პიროვნებას.“ ავტორები: ანა ჩალაშვილი და დავით მათიაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები
ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფი 17-წლიანი გამოცდილებით. გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ომში ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ლელის თქმით, ომში ფოტორეპორტიორობა მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მზაობას. ამასთან მნიშვნელოვანია იყოთ კარგად ინფორმირებული, ზოგადი სიტუაციის შესახებ. „არ უნდა დაზიანდეთ. უნდა გეცვათ შესაბამისად, გამოიყენეთ ბრონის ჟილეტი. წაიღეთ ნაკლები ეკიპირება. უნდა იცოდეთ წესები, თუ არ იცით ჰკითხეთ უფრო გამოცდილს. არ შეიძლება საზღვრების გადაკვეთა“. აქვე, გვაფრთხილებს, რომ ფოტორეპორტიორებს ხშირად უწევთ სირბილი და სწრაფი გადაადგილება. 2008 წლის ომის გადაღება მისთვისაც პირველი გამოცდილება იყო, რომელმაც შემდგომში ფსიქოლოგიური და ემოციური გართულებები გამოიწვია. „ჩემთვის, პირადად, რთული იყო. ჩემს თავზე ზრუნვასაც არ ვგრძნობდი. იმდენად შოკისმომგვრელი გარემოა, რომ მაგის დრო არ გაქვს. ფიზიკურადაც და ემოციურადაც ცუდად ვიყავი. თბილისში დაბრუნებისას დამჭირდა ფსიქოლოგიური დახმარებაც. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი სამი დღე, მქონდა შიში, კანკალი. იმის გააზრება თუ სად ვიყავი უფრო საშიში იყო, ვიდრე იქ, იმ მომენტში ყოფნა.“ ფოტორეპორტიორები საგანგებო სიტუაციებში მუშაობის დროს ხშირად აწყდებიან ეთიკურ დილემებს და საზოგადოებისგან განკიცხვის ობიექტებიც ხდებიან. ამის ცნობილი მაგალითია 1993 წელს სუდანში გადაღებული ფოტო „გოგონა და სვავი“. ფოტორეპორტიორმა, კევინ კარტერტმა გადაიღო კადრი, რომელშიც გამოსახული იყო შიმშილისგან მომაკვდინებელი გოგონა და მის გვერდზე მჯდარი სვავი. კარტერმა ამ კადრისთვის უმაღლესი ჯილდო, პულიტცერის პრემია მიიღო, თუმცა საზოგადოებამ იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა გულგრილობის გამო. ლელი ბლაგონრავოვას თქმით, სამხედრო კონფლიქტის გადაღებისას ფოტორეპორტიორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ნებისმიერი ზიანის მქონე ადამიანების დახმარების დროს, რადგან შესაბამისი განათლება არ აქვთ. „ჩვენ არ ვართ ექიმები და ჩვენი საქმეა გადავიღოთ. როდესაც ხედავ დაჭრილს, მასთან მისვლა ნიშნავს ამ ადამიანის დაიმედებას, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია. ვერ შევაფასებთ რა დაზიანება აქვს ადამიანს, რომ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და შეიძლება უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად გავლილი უნდა გვქონდეს პირველადი დახმარების ტრენინგი.“ ფოტოგრაფსა და ფოტორეპორტიორს შორის სხვაობაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ ფოტორეპორტიორი იგივე ჟურნალისტია. გადაღებისას უნდა ფლობდეს ინფორმაციას, როგორიცაა ადგილმდებარეობა, სახელი, გვარი, როდისაა გადაღებული, რა მოხდა და ა.შ. და თუ ფოტოგრაფს შეუძლია მეტი დრო დაუთმოს კადრის კომპოზიციას, რეპორტიორებს ამის ფუფუნება არ აქვთ. „მოხდა, დაინახე, გადაიღე, გააგზავნე. პლუს, ეს ინფორმაციებიც უნდა დაურთო.“ რაც შეეხება ომის ფოტოგრაფიასა და მის განვითარებას, ლელი აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიის ეს მიმართულება ნაკლებად პოპულარულია და ძალიან ცოტამ იცის როგორ უნდა გადაიღოს და იმოქმედოს ომში, რა ენაზე ილაპარაკოს, ვისთან ჰქონდეს კონტაქტი. „ეს მიმართულება პოპულარულია ომის პერიოდში. ჩემი გორის თემაც მაშინ ხდება პოპულარული, როცა კონფლიქტია რეგიონში. განსაკუთრებით, როდესაც მეგობარ ქვეყანას ბომბავს იგივე მტერი, რომელმაც შენ დაგბომბა. ამიტომ, დღეს უფრო ხშირად მიკავშირდებიან გორის ომთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა დღეებში.“ ფოტოგრაფი გვესაუბრება ტექნიკის განვითარების როლზეც ომის ფოტოგრაფიაში. 2008 წელს პირველი იყო, ვინც ქართულ მედიას ომის კადრები გააცნო. მისი თქმით, ფოტორეპორტიორი უნდა იყოს ოპერატიული, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია ინტერნეტის საშუალება ჰქონდეს ან იცოდეს ვის გაატანოს მასალა. „დღეს ფოტოაპარატიდან და ტელეფონიდანაც შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოტოები, თუმცა სხვა საკითხია არის თუ არა ინტერნეტი ან იცოდე ვის გაატანო ეს მასალა. შეიძლება დღეების განმავლობაში იღო ფოტოები, მაგრამ ვერ გააგზავნო და მერე აქტუალურიც აღარ იყოს.“ „თუ შენი ფოტოები არ არის კარგი, ე.ი. საკმარისად ახლოს არ ყოფილხარ“ ეს სიტყვები ომის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერტ კაპას ეკუთვნის. ლელიმ საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა. „არის კიდევ ასეთი გამონათქვამი „მკვდარი ფოტოგრაფი არავის სჭირდებაო“. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ახლოს მისვლა კარგია, მაგრამ გააჩნია სად. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მაინცდამაინც არ უნდა შეუვარდე მტერს კამერით. არ გეგონოთ, რომ კამერა დაგიცავთ ტყვიისგან. თქვენ ტყვიისგან გიცავთ სიფრთხილე. ომში გადაღებული ფოტოები არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე. ომი ჩანს ადამიანების სახეებზე, ოჯახებზე, იძულებით გადასახლებულებზე, დაბომბილ სახლებსა და საავადმყოფოებზე.“ ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
პანდემიამ სწავლის კურსი რადიკალურად შეცვალა. სწავლების ორი რეჟიმი გამოიკვეთა. პირველი ეს არის ჰიბრიდული, რომელიც მოიცავს, როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სწავლებას ერთდროულად. ხოლო მეორე სრულ ონლაინ სწავლებას, რომელიც მხოლოდ კომპიუტერულ რეჟიმშია. ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს. ეს საკითხი სტუდენტთა შორის აზრთასხვაობას იწვევს. თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება და რამდენადაა დაცული რეგულაციები უნივერსიტეტებში, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელთა აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება. ___________ „კავკასიის უნივერსიტეტში, ჩვენი სწავლების რეჟიმი ჰიბრიდულია, ამჟამად ჩვენ ლექციები ონლაინ გვაქვს, მაგრამ გამოცდები აუდიტორიაში გვიტარდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია და ვცდილობ ყველანაირად ავირიდო ჩემს კურსელებთან კონტაქტი გამოცდების დროს. ვფიქრობ, სწავლება უნდა იყოს სრული ონლაინ რეჟიმით, ამით ჩვენ საფრთხეს შევამცირებთ და წლის ბოლოს ბევრად ნაკლები დაინფიცირებული იქნება თბილისში“, განაცხადა ლიზი ოდიშარიამ, კავკასიის უნივერსიტეტიდან. „არ მაქვს პრობლემა იმისა, რომ ვიარო უნივერსიტეტში ამ პერიოდშიც კი, რადგან სწავლა ბევრად ეფექტურია, როდესაც ეს ხდება პირისპირ. ონლაინ სწავლების დროს ზოგს შეიძლება ჩაეძინოს, უბრალოდ გავიდეს ლექციიდან და ა.შ. რაც პირდაპირი დასწრების შემთხვევაში არ მოხდება. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას აუდიტორიაში, ამის თავიდან არიდება შესაძლებელია ძალიან მარტივად, მთავარია ვატაროთ პირბადე ყველგან და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმის დროს მოვიხსნათ, დავიბანოთ ხელები ხშირად და თუ ვამჩნევთ, რომ რაიმე სიმპტომი მაინც გვაქვს გავაფრთხილოთ ლექტორი”, აღნიშნა შიო ბერიძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა. „ყველა რეგულაცია დაცულია, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურის გაზომვის გარეშე არ გიშვებენ. თუ 37 გრადუსს გადაცდა, ფაქტობრივად, ვერ შემოხვალ. კაფეტერიაში ერთ მაგიდასთან ორზე მეტი ადამიანის დაჯდომა აკრძალულია. ლექციების დროს ლექტორსაც და სტუდენტებსაც პირბადე უკეთიათ. თამამად, შემიძლია ვთქვა რომ სწავლის ხარისხი ჩემს უნივერსიტეტში მაღალია. ძალიან კმაყოფილი ვარ, აუდიტორული დასწრება ბევრად პროდუქტიულია“, ჰიბრიდული სწავლების სასარგებლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ქეთევან პირტახია გვიზიარებს მოსაზრებას. „სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დავდივართ მხოლოდ პრაქტიკულ საგნებზე, რადგან მოგეხსენებათ, ეს სფერო შეუძლებელია სტუდენტმა ონლაინ შეისწავლოს. ჩვენ მოგვცეს უფლება, აცრის მიუხედავად, აგვერჩია ონლაინ გაგვეგრძელებინა სწავლა თუ ჰიბრიდულ რეჟიმში. უნივერსიტეტში მაქსიმალურად დაცულია რეგულაციები, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და მშვიდად განვაგრძოთ აუდიტორიებში სწავლა. რა თქმა უნდა, მე ძალიან მომწონს და მივესალმები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია/სემინარები ბევრად პროდუქტიული და შედეგის მომტანია. ვისურვებდი, ყველა სტუდენტს ჰქონოდეს საშუალება იაროს უნივერსიტეტში, რათა ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება შეიგრძნონ“, ამბობს ანი ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი და აქვე, იმასაც აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ინფიცირების შემთხვევა დადასტურებულა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთლიანი ჯგუფი დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხომერიკი ფიქრობს, რომ ჰიბრიდული სწავლება ბევრად ოპერატიულია და მომავალშიც უნდა დაინერგოს სასწავლო დაწესებულებებში. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სწავლების მეთოდი სტუდენტებისგან მოითხოვს ინტერნეტთან წვდომასა და ტექნოლოგიების რესურსს, რაც დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან. „თავიდან მეც მეგონა, რომ მსგავსი მიდგომა ვერ გაუსწორდებოდა “კლასიკურს”, თუმცა დღეს ვფიქრობ, ჰიბრიდული სწავლება უნდა დაინერგოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში. მახსოვს პირველი კურსის განმავლობაში მიწევდა სეუ-ს ბიბლიოთეკაში დიდი დროის გატარება, თუმცა, ახლა სტუდენტთა პლათფორმაზე, ადგილმდებარეობის მიუხედავად, მარტივად შეგვიძლია სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალის მოძიება. იმის თქმა მსურს, რომ ჰიბრიდული სწავლების მეთოდები ჯერ კიდევ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და მომავალში უფრო სრულყოფილი იქნება“, ამბობს მარიამი. მარიამ ცარციძეც, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული სწავლება ყველაზე კარგი ალტერნატივაა დღეს, რადგან ორივე მხარეს თავისი არჩევანისამებრ შეეძლოს განათლების მიღება. „ონლაინ სწავლებისას ტექნიკური პრობლემები იქმნება. ინტერნეტის შეფერხება, კარგი მონაცემების კომპიუტერის არქონა. ამიტომ, ყველა სტუდენტი სრულფასოვნად ვერ ახერხებს ლექციებზე დასწრებას. მეორე მხრივ, უნივერსიტეტის ძალიან კარგი მზაობის მიუხედავად, რთულია ამდენი სტუდენტის გაკონტროლება და დაინფიცირების შანსი დიდია“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორისაც აზრთა სხვაობა იკვეთება. ამუკა ქორიძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტია, მისი თქმით, ცალსახად ონლაინსწავლებას უჭერს მხარს, რადგან ამან ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. როგორიცაა, სამსახურთან სწავლის შეთავსება, მეგობრების ნახვა, წესიერი მეცადინეობა და დასვენება. „ჩემთვის ჩემი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში სიარული დიდ ენერგიას მართმევდა. პირადი აქტივობებისთვის დრო აღარც მრჩებოდა, სამსახურზე საუბარი ზედმეტი იყო“. ის არგუმენტი, რომ დისტანციურ რეჟიმზე ყოფნით სწავლების ხარისხი დაბალია, მისთვის არალეგიტიმურია. „როგორც გადაცვეთილად არ უნდა ისმოდეს, ვისაც სწავლა უნდა, ისწავლის. მოწადინებული სტუდენტები, პრაქტიკულ საგნებსაც წარმატებით ვასრულებთ“, აღნიშნავს ამუკა, ჩვენთან საუბრისას. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია დეა კოლოტაური, იგი არ ეთანხმება ონლაინ სწავლებას და ჰიბრიდული სწავლების მეთოდს ამჯობინებს. „პირდაპირი შეხება იმ ყველაფერთან, რასაც ვსწავლობთ გაცილებით მრავლისმომცემი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენს უნივერსიტეტში სწავლება მთლიანად ონლაინ მიმდინარეობს. მესამე კურსზე, როდესაც ნელ-ნელა ჩვენი პროფესიისათვის ყველაზე აუცილებელ უნარ-ჩვევებს ვეუფლებით, საკმაოდ რთულია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში ამ ყველაფრისათვის ფეხის აწყობა და შესწავლა. ამიტომ, მე სწავლის ჰიბრიდულ მეთოდს ვემხრობი“. ჰიბრიდული სწავლება დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიებში სწავლების მსურველ სტუდენტთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ონლაინ სწავლების მომხრეები, უნივერსიტეტმა აუდიტორიები ამ მცირე ნაწილისთვის მაინც გახსნა. „უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებს სტუდენტების მოსაზრებებს და ამიტომ მცირე ნაწილისთვის მაინც გავხსენით აუდიტორიები. სწავლება მიმდინარეობს რეგულაციების სრული დაცვით, ორჯერადად აცრილებისთვის, მათთვის ვინც ბოლო 6 თვეში გადაიტანა კოვიდი ან 72 საათში ერთხელ წარმოადგენს პისიარ ტესტის პასუხს. ჩატარდა დეზინფექცია. დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები შეძლებენ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი. დათო მათიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. მისი აზრით, ჰიბრიდული სწავლების მეთოდი მეტად პრიორიტეტულია. „მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება კომფორტის ზონაში გვამყოფებს, ეს ცუდად აისახება განათლების ხარისხზე. პირისპირ კომუნიკაცია უფრო საფუძვლიან შედეგს იძლევა“. ონლაინ სწავლების სასარგებლოდ გველაპარაკა, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო შაორშაძე. ნინოს თქმით, როდესაც შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ განათლება, უნდა ავიღოთ სხვების დაცვის პასუხისმგებლობა. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სჯობს სწავლა ისევ ონლაინ ფორმატში დარჩეს. ჩემი აზრით, ჰიბრიდულ სწავლებას გარკვეული რისკები მაინც ახლავს თან. როცა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, უმჯობესია საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ არავის ჯანმრთელობა“. ___________ საქართველოში და მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეთა ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში, რაც უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით. ონლაინ სწავლების ერთ-ერთი სუსტი მხარე ისაა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს საშუალება ონლაინ ლექციებს დაესწროს. მოსწავლეებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და არც საჭირო ტექნიკური მოწყობილობები გააჩნიათ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას სტუდენტმა თუ სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს? ამ კითხვაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის ლექტორი, ზურაბ ტიკარაძე გვპასუხობს. „ეს მარტივი პრობლემა არ არის, მაგრამ მოგვარება შესაძლებელია. ახლო მომავალში უნდა დაიგეგმოს იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთაც არ აქვთ ლექციებზე დასწრების საშუალება. ეს არ იქნება მცირე ხარჯი, მაგრამ ეს ყველაზე სწორ გზად მესახება. სხვა შემთხვევაში, სტუდენტი სრულფასოვნად ვერ მიიღებს განათლებას, რაც უსამართლობაა“. ავტორები: ბაჩო მჭედლიშვილი და ლუკა ქოქოსაძე, ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები
გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების შრიფტების შექმნის იდეა თავდაპირველად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაჩნდა და მან სამი ეტაპი მოიცვა. პირველ ეტაპისთვის გადაწყდა შექმნილიყო ათი საზოგადო მოღვაწის ხელნაწერი შრიფტი. იდეის ავტორები გახლდნენ ნიაზ დიასამიძე, დავით მაისურაძე და ზვიად კორდაძე, რომლის საადვოკატო ფირმამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შრიფტების შექმნის იდეის რეალობაში მოყვანას. პირველ ეტაპზე შეიქმნა ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების შრიფტები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ამბროსი ხელაია და ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მეორე ეტაპი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებულობის ასი წლის იუბილეს, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა იმ ხუთი მოღვაწის შრიფტი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობაში და შემდეგ ემიგრაციაში, საქართველოს ინტერესების დაცვაში. მეორე ეტაპზე შეიქმნა ვიქტორ ნოზაძის, მიხაკო წერეთელის, ივანე ნანუაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და გიორგი კვინიტაძის ხელნაწერი შრიფტები. ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მესამე ეტაპი კი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შრიფტების შექმნის პროცესში ჩაერთო ჯეპრა. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ოთხი ხელნაწერი შრიფტი: ნიკო ნოკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასი. ,,ხელნაწერი შრიფტების შექმნას ორი მთავარი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ქართველი საზოგადო მოღვაწეები სხვა კუთხით დავანახოთ საზოგადოებას, რადგან ხელნაწერები ბევრს ამბობენ მათ ხასიათზე, განწყობაზე და შეხედულებებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს ქართული დამწერლობის და ქართული შრიფტების მეტად პოპულარიზაციაა”- აღნიშნა ჯეპრას წარმომადგენელმა რუსკა უსტიაშვილმა. ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. სირთულეს წარმოადგენს უშუალოდ ხელნაწერებისა და წერილების მოპოვება, რადგან ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის არქივთან წვდომა ძნელია და ამ პროცესში მრავალ ორგანიზაციას უწევს ჩართვა. როგორც დავით მაისურაძე ამბობს, რომელიც უშუალოდ შრიფტის შექმნაზე მუშაობს, შრიფტის შექმნამდე იწყება ხელნაწერების კარგად და საფუძვლიანად შესწავლა, შემდეგ, სწორედ ხელნაწერიდან გამომდინარე, უნდა შეისწავლო თვითონ ხელნაწერის ავტორი, მისი ბუნება, რამდენად ცვალებადია მისი კალიგრაფია სხვადასხვა დროს, ასაკში, სხვადასხვა ნაწარმოების ან თუნდაც პირადი წერილების წერისას. ,,ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესში სირთულე არის, ასევე გრაფიკული ნახაზების აგება, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეს არცერთი ასოს ვარიაცია, ამით იმას ვგულისხომ, რომ განსხვავებით სტანდარტული შრიფტებისა, ხელნაწერ შრიფტებში ჩვენ ასოთა მეტი სიმრავლე გვაქვს. ერთ ასოს შესაძლოა ოთხი ან მეტი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. შესაძლებელია ისიც, რომ სიტყვაში ერთი და იგივე ასო საწყის, შუალედურ და საბოლოო პოზიციაში განსხვავებულად დაიწეროს, რაც ქმნის განწყობას თითქოს კითხულობ ნამდვილად ხელით დაწერილს და არა კომპიუტერის მიერ შედგენილს”. ავტორი: მარიამ მერლანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი
„ჩემი თავი უფრო მოთხრობების ავტორად მიმაჩნია, თუმცა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიჩნდება იდეა, რომელიც მოთხრობის ფარგლებს სცდება და საჭიროებს, რომ განივრცოს, „აკუმის“ შემთხვევაშიც ასე მოხდა.“ ნანა აბულაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მისმა სადებიუტო რომანმა „აკუმი“ დიდი აღიარება მოიპოვა და ავტორის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ნანა, ამბობს იგი 13 წლიდან წერს, პირველი მკაფიოდ დასამახსოვრებელი ჩანაწერი სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა და მისი შთაგონების წყარო იყო კომიკური ამბავი, რომელიც მის ნათესავებს შეემთხვათ. თავიდან წერა ნანასთვის უბრალოდ ჰობი იყო, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს იმპულსი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და ამიტომ გადაწყვიტა მისთვის გზა გაეთავისუფლებინა. ნანა აბულაძე 15 წლის იყო, როცა ხელოვნების აკადემიამ გამოაცხადა ლიტერატურული კონკურსი 16 წლამდე ახალგაზრდებისათვის. ეს იყო სასწავლო ორგანიზაცია, რომლის დირექტორიც გახლდათ ვალერიან შიოკაშვილი. მას ეს ამბავი ნათესავმა შეატყობინა და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში გამარჯვების არ სჯეროდა, მაინც გადაწყვიტა ეცადა და ორი მოთხრობა წარედგინა. მწერალი იხსენებს, რომ მოგება შეუძლებლად მიაჩნდა, ვინაიდან გამარჯვებული ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მიჰყავდათ, თუმცა სწორედ ნანა აღმოჩნდა ის, ვისაც ეს არაჩვეულებრივი შანსი მიეცა. ამ შესაძლებლობის შედეგად, მან ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა და მათგან რჩევების მიღებაც მოახერხა, რომ წერა მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი უნდა გამხდარიყო და ეს საქმე აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა. რაც შეეხება ნანა აბულაძის სადებიუტო რომანს, ავტორი გვიყვება, რომ მისი შექმნის პროცესი 2018 წელს დაიწყო, შემოდგომაზე. სამსახურიდან წამოვიდა, როგორც ამბობს ათი თვე სახლში გამოიკეტა და მთელი ეს დრო თავისი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელებას დაუთმო. „აქამდე რაც დამიწერია, ასეთი ძლიერი სურვილი გამოქვეყნების არასდროს მქონია. ამობეჭდილ ფურცლებს ვუყურებდი და ვგრძნობდი, დაუმთავრებელი იყო, რადგან არ იყო გამოქვეყნებული, ამიტომ როცა წერა დავასრულე, პირველად გვანცა ჯობავას დავუკავშირდი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტში“ მუშაობს. მან კი მითხრა, რომ რომანს მთავარ რედაქტორს ზვიად კვარაცხელიას წარუდგენდა და ერთ თვეში დამირეკეს კიდეც, რომანის ბეჭდვას ვიწყებთო.“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნანა ამბობს, რომ უფრო საკუთარი საქმით დაკავებაზე ფიქრობს, ვიდრე სამსახურის დაწყებაზე. პროფესიულადაც ლიტერატურულ სამყაროში გადაინაცვლა, რითაც ძალიან ბედნიერია და სურს ამ აკადემიურ სფეროში დარჩეს. ახალი წიგნის იდეაც უკვე აქვს და აპირებს ზაფხულზე მასზე მუშაობასაც შეუდგეს. ავტორი: ანო ტვილდიანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი
ჩემი რესპონდენტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი ვაჟა ფურცელაძეა. იგი სკოლის ასაკიდან მეორადი ნივთებისგან სკულპტურების შექმნითაა გატაცებული. წარმოშობით გურჯაანელი სტუდენტის ნამუშევრებმა საზოგადოებისგან სიმპათია დაიმსახურა და მასზე რამდენიმე სატელევიზიო რეპორტაჟი და საგაზეთო სტატიაც დაიბეჭდა. პრიველად როდის მოგივიდათ სკულპტურების შექმნის იდეა და რა იყო ინსპირაციის წყარო? ასე, რადიკალურად გამოხატული იდეა არ ყოფილა. სპონტანურად დავიწყე. თავდაპირველად ვაგროვებდი მონეტების კოლექციებს, ერთ დღესაც კი გადავწყვიტე, დამატებით მორჩენილი მონეტებით, რაიმე ახალი გამეკეთრბინა. შემდეგ დაწებებითა და წსორი კონფიგურაციებით, ცხოველის ფიგურა ავაწყე, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. რა არის თვენი შემოქმედების მთავარი სათქმელი? მუშაობისას ჩემი მთავარი მოტივაცია ის არის, რომ ნებისმიერი რამ, რისი აწყობაც მომინდება, შევძლო ყველა ხელმისაწვდომი დეტალისგან. რომელია თქვენი საყვარელი ფიგურა? ცოტა რთული შეკითხვაა. ყველა ფიგურა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაქვს შექმნილი, შესაბამისად, ყველას თავისი შინაარსი აქვს და განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყველაში ძალიან დიდი შრომა ჩავდე. დასაწყისში გამოცდილება არ მქონია, მაგრამ დროთა განმავლობაში დავხვეწე, რთულ სკულპტურებზე გადავედი. თუმცა, ყველაში თითქმის ერთი და იგივე მონდომებასა და შრომას ვდებდი, ამიტომ ასე გამოხატულად, გამორჩეული ფიგურა არ გამაჩნია. რა იყო ინსპირაციის წყარო, სოციალურ ქსელში ნახეთ მსგავსი ნამუშევრები? მიუხედავად იმისა, რომ YouTube – ზე შესაძლოა მოიძებნოს მსგავსი ტიპის ვიდეოები, ამით მე არასდროს მისარგებლია. როდესაც სკულპტურების შექმნას ვიწყებ მთავარია, რომ იდეა ვიცოდე. დანარჩენი წვრილმანები როგორიცაა, რა ფორმა უნდა ჰქონდეს ფიგურას, როგორ უნდა მივიდე დასახულ მიზნამდე – წინასწარი გათვლების გარეშე მუშაობის პროცესში სპონტანურად და ეტაპობრივად გამოვლინდება. წარმოსახვაში ზოგად სილუეტს ვქმნი, შემდეგ ვიწყებ აწყობას. ამ მეთოდის ყველაზე სასიამოვნო ასპექტი ის არის, რომ საბოლოო ვიზუალი ყოველთვის იმაზე ბევრად სრულყოფილია, ვიდრე თავდაპირველად წარმოგედგინა. დასაწყისში რას ფიქრობდნენ თქვენი გარშემომყოფები, მოსწონდათ თუ უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი? ჩემი პირველი მოტივი, რა თქმა უნდა, გართობა იყო. შესაბამისად, გარშემომყოფებიც ნაკლებ სერიოზულად აღიქვამდნენ და პირველ რამდენიმე ნიმუშზე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ, ვინაიდან გამოყენებული მასალისგან სკულპტურის შექმნა ერთი შეხედვით მიუღწეველი ჩანდა. თუმცა, შედეგის მიღებისთანავე მოეწონათ და მათი მხარდაჭერაც დავიმსახურე. ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი? ოჯახის წევრებისგან თანაბრად დადებით დამოკიდებულებას ვიღებ, თუმცა ყველაზე გათვითცნობიერებული დედაჩემი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდ გულშემატკივრად საკუთარ თავს ვთვლი. ჩემთვის ყველაზე მთავარი თვითრწმენაა. ხშირად გამოსაყენებელი მასალით საბოლოო მიზნის მიღწევა შეუძლებლად გამოიყურება და მუშაობის პროცესში წარმატება ბუნდოვანია, სწორედ, ამ დროს არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავისა და საქმის რწმენა, რათა მიაღწიო დასახულ მიზანს. ალბათ, სკულპტურების შექმნა დიდ დროს მოითხოვს, როგორ ახერხებ გართობაზე, სწავლაზე და საყვარელ საქმიანობაზე დროის გადანაწილებას? სიმართლე რომ გითხრათ, ეს საქმიანობა სტუდენტობასთან არც ისე შეთავსებადია. მანამდე უფრო აქტიურად ვქმნიდი ნამუშევრებს. ახლა, უნივერსიტეტში ჩაბარებისა და თბილისში წამოსვლის გამო, იძულებული გავხდი ერთ-ერთ დიდ პროექტზე შემეწყვიტა მუშაობა. რამდენად გავრცელებულია მსგავსი საქმიანობა საქართველოში? მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ მსგავსი გატაცების მქონე ადამიანები გამეცნო, საქართველოში არ მსმენია კონკრეტული პიროვნებების შესახებ, ვინც იდენტურ საქმიანობას ეწევა. უფრო მეტად გრაფიკულ და სახვით ხელოვნებაში მოღვაწე არტისტებთან მაქვს კომუნიკაცია. თუ მიგიღიათ გამოფენაში ან შეჯიბრში მონაწილეობა? ინდივიდუალური გამოფენები არ მქონია, მითუმეტეს არც შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა. იყო რამდენიმე ფესტივალი, სადაც გავიტანე ჩემი ნამუშევრები, თუმცა, ცნობადობის ამაღლების მხრივ, დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა. რას აპირებთ სამომავლოდ, თქვენი პროფესია მეტნაკლებად დაკავშირებულია თქვენს ჰობისთან, ეცდებით ამ ორი საქმის სინთეზს? მიუხედავად იმისა რომ, მომავალი შეიძლება არ იყოს სრულყოფილად ისეთი, როგორიც წარმომიდგენია, მაქსიმალურად ვეცდები ჩემი გატაცება პროფესიას დავუკავშირო. ნელ-ნელა, ჩემი სკულპტურები მიმყავს იმ დონემდე, რომ სტატიკური ქანდაკებებიდან მოძრავ ფიგურებად გადაიქცნენ. სწორედ, ამგვარ პროექტზე ვმუშაობ ამჟამად. ეს მიზანი ინჟინერიასაც მოიცავს და დიზაინსაც. ინჟინერიის შესწავლის შემდეგ კი ვეცდები, რომ მივიღო შესაბამისი განათლება, რათა ამ ორი სფეროს თანაკვეთა გამოვიყენო ჩემს მომავალ საქმიანობაში. ავტორი: ანანო ბლიაძე- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი
ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი ჯულიარდის სკოლის (ნიუ-იორკი) კურსდამთავრებულია. მას კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ: „ახალგაზრდა ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის“. იგი გვიყვება თავისი პროფესიის შესახებ და გვიზიარებს საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს. მის მიერ 2013 წელს ჩაწერილმა სადებიუტო ალბომმა “Opus 13” დიდი წარმატება ჰპოვა. ამ ალბომთან ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. 13 რიცხვი პიანისტის საყვარელი ციფრი ყოფილა. სწორედ, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. თვითონ 13 აპრილს, პარასკევს დაბადებულა. ალბომიც პარასკევს 13 რიცხვში გამოვიდა. პიესები, რომლებიც შევიდა ალბომში, არის შუმანისა და სკრაბინის მეცამეტე თხზულებები. ასევე, ამ ალბომისთვის დავითის ცამეტმა მეგობარმა შექმნა პატარა მინიატურები. ალბომის ციფრული ვერსია და მისი ონლიან გამოწერა დღესაც შესაძლებელია. თუმცა, საქართველოში იგი გაყიდვაში არ ყოფილა. პიანისტი იმედს გვაძლევს, რომ შესაძლოა ალბომი ქართული ანოტაციით ხელახლა გამოვიდეს. ყველა ჩატარებული კონცერტი განსაკუთრებულად კარგად ახსოვს, თუმცა მათგან გამოყოფდა კონცერტების ტურნეს, რომელიც სამი წლის წინ მეგობრებთან და მაგთისთან ერთად, სწორედ, საქართველოში მოაწყო. პროექტს ერქვა “პიანინო” და სულ ორი კვირა მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში 43 კონცერტი ჩაატარეს საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. მანქანაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელი საქართველო შემოიარეს და კურიოზებით და თავგადასვლებით სავსე იყო თითოეული გაჩერება. „ამ ტურნეში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ვუკრავდით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პირველად მოისმინეს კლასიკური მუსიკა. როდესაც ახალგაზრდები პირველად ისმენენ ფორტეპიანოს ხმას და ბედნიერება იმისა, რომ მათ კლასიკური მუსიკა გააცნო, გერგო შენ წილად – ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რადგან ერთია დაუკრა საკონცერტო დარბაზში კრიტიკოსების თვალწინ, ხოლო მეორეა ადამიანი აზიარო იმ სამყაროს, რომელსაც შენ ემსახურები“ – ამბობს დავითი და ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის მიმართ ინტერესის ნაკლებობაზეც. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა. ახალგაზრდები აღარ არიან დარბაზებში. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კლასიკური მუსიკა ყოველთვის იქნება საინტერესო და აქტუალური, რადგან ის აბსტრაქტული სამყარო, რაც ასე გვხიბლავს მხოლოდ მას და ჯაზს აქვს. მათ არ სჭირდებათ სიტყვები არც ენის ცოდნა. უნდა მიენდო, მოუსმინო და მიხვდები, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია. იმის ფონზე, რომ დღეს, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა, ინდივიდუალური გახდა პროდუქციის მოხმარება და თავად ირჩევს მსმენელი რისი მოსმენა სურს, დავითი აღნიშნავს თანამედროვე ტექნოლოგიების სასიკეთოდ გამოყენების მნიშვნელობას მუსიკის სფეროში. „უკვე ჩემი შემდეგი თაობის წარმომადგენლები ძალიან სწორად და პროდუქტიულად იყენებენ ტექნოლოგიებს. სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი – ეს „სამი მუშკეტერი“ პიანისტი ყოველთვის აქტიურად ცდილობს ახალ თაობას გაუღვივონ კლასიკური მუსიკის სიყვარული. მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამაც ხელი შეუწყო ტექნოლოგიების უფრო ხშირ გამოყენებას. საკონცერტო დარბაზის აუდიტორიამ გადაინაცვლა ონლაინ. ზოგს ეს ფორმატი მოსწონს, ზოგს ნაკლებად. ჩვენი რესპონდენტი მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება ციფრული მედიის გამოყენებას პროგრესისთვის, იგი გვამახვილებინებს ყურადღებას იმაზეც, რაც, მისი აზრით, არასდროს შეიცვლება. ეს არის ცოცხალი მუსიკის მოსმენა. „როდესაც როიალიდან ბგერა გაჟღერდება, ის ემოცია და აურა, რომელიც იქიდან მოდის – უნიკალურია. როდესაც კონცერტზე მიდიხარ და მთელი დღე ელოდები დარბაზში შესვლას ან როდესაც შემსრულებელი ხარ, მთელი დღე ემზადები სცენაზე გასავლელად. ეს ქიმია ყოველთვის დარჩება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რაღაცები შეიცვლება და უფრო საინტერესო გახდება“ – ამბობს დავით ალადაშვილი. საკონცერტო დარბაზში ამჯობინებს, რომ ტელეფონები საერთოდ არ იყოს. აუდიტორიას ხშირად მოუწოდებს არ გადაიღონ კონცერტი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ცოტა ხალხი ესწრება და ინტიმური გარემო იქმნება. იგი გვეუბნება, რომ კონცერტი კარგი საშუალებაა გვერდზე გადადო ყველა ცხოვრებისეული პრობლემა და სხვა სამყაროში გადაეშვა. ადამიანი, რომელიც მოგენდო და დაგითმო დრო, სახლში უნდა გაუშვა სულიერად უკეთესი, დადებითი ემოციებით დამუხტული. „ყველაზე დიდი კომპლიმენტია, როდესაც ადამიანი მოდის და გეუბნება, შენს კონცერტზე ვიყავი და დღემდე მომყვება ის ემოციაო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მას მიეცი ის რაც იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა“. დავითი ამბობს, რომ მუსიკა ისეთი სფეროა, სადაც სულ შეყვარებული ხარ. შეყვარებული ხარ კომპოზიტორზე, შემსრულებელზე, პედაგოგზე და სწორედ ეს გაძლევს სტიმულს, რომ დაუკრა. როდესაც პირველად შეეხო ფორტეპიანოს, მის ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც შთააგონა და შეაყვარა ეს პროცესი. „ასეთი ადამიანი არის დედაჩემი. მან მასწვლა ნოტების კითხვა და დღემდე დედაჩემი რჩება ჩემს ყველაზე დიდ კრიტიკოსად, შემფასებლად. ასევე, შთამაგონებდნენ ის მუსიკოსები და პედაგოგები, რომლებთანაც გამიმართლა და მოვხვდი მოსწავლისა თუ მსმენელის ამპლუაში“. გარდა ამისა, ინსპირაციის წყაროს მისთვის ტელევიზიაც წარმოადგენს. დავითის მეორე პროფესიაა – ჟურნალისტიკა. ამბობს, რომ ტელევიზია სცენაზე გასვლას უტოლდება. სხვადასხვა პიროვნებისა და თემის გაცნობა, მისთვის ერთ-ერთი განტვირთვის ფორმაა. მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება უფრო მრავალფეროვანს ხდის სამეცადინო პროცესს. „პიესაში, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა რას გულისხმობდა კომპოზიტორი კონკრეტულად ამ მომენტში ან რა ემოცია იყო ჩადებული მასში. როდესაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, ადვილია პასუხის გაცემა. ეს ორი ერთმანეთს ავსებს.“ პანდემიის პერიოდში მიხვდა, რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობა შეეძლო. სწორედ, პანდემიამ და პედაგოგის, დოდო ცინცაძეს რჩევამ გადააწყვეტინა სწავლა კონსერვატორიაში დოქტურანტურის საფეხურზე გაეგრძელებინა, სადაც როგორც, თვითონ ამბობს, ახალი შთაგონების წყარო იპოვა, ეს მისი პედაგოგი მანანა დოიჯაშვილია. თუ პანდემიამდე მეცადინეობისთვის დრო არ რჩებოდა, ახლა ამბობს, რომ უფრო მშვიდად და სწორად შეუძლია მოამზადოს ნაწარმოებები კონცერტებისთვის. „ვფიქრობ, ეს დრო სწორად უნდა გამოვიყენოთ და საკუთარი თავები უკეთესი გავხადოთ.“ იგი ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ურჩევს აკეთონ ის რაც თვითონ სურთ და იარონ საკუთარი მიზნებისკენ. „ის, რაც შენს გულში იხარშება, ის აუცილებლად უნდა სცადო, წინააღდმეგ შემთხვევაში გული დაგწყდება, რომ არ გააკეთე როცა შეგეძლო. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, ვინმეს შეწუხებას, რაიმეს მოთხოვნას. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაუღალავი შრომის ფონზე, რადგან აუცილებელია შენს თავზე მუშაობა. უნდა მოახდინოთ თქვენი რეალური სურვილების იდენტიფიცირება და ბოლომდე მისდიოთ მათ. ავტორი: ანა ჟორჟოლიანი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი
ჩემი რესპონდენტი მხატვარი, ფერმწერი, არტ-ვილა გარიყულას ხელმძღვანელი ყარამან ქუთათელაძეა. უკვე 20 წელზე მეტია, რაც მხატვარი მის მიერვე დაარსებულ „თანამედროვე ხელოვნების ცენტრს“ ხელმძღვანელობს. ყოველ წელს იმართება ფესტივალები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რომლებშიც ახალგაზრდები და უცხოელი სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას. ამ სივრცის ისტორიასა და მიზნებზე, თუ სხვა საინტერესო თემებზე ბატონი ყარამანი თავად გვესაუბრა. – ბატონო ყარამან მოკლედ მოგვიყევით არტ-ვილას შესახებ. როგორ შეიქმნა ეს სივრცე, რომელიც უბრალოდ სივრცეზე მეტია? – ცოტა რთული და გრძელი თემაა. ჩვენ ქვეყანას სჭირდება კულტურული კონტექსტი, რადგან განვითარება ხდება არამარტო პოლიტიკურ დონეზე. რითი ვიგებთ ჩვენ ამა თუ იმ სახელმწიფოს და ცივილიზაციის შესახებ, რომელიც წაშლილია, კულტურით ხომ? არქეოლოგიით, არტეფაქტებით, რასაც პოულობენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ყველა ფიქრობდა გადარჩენაზე და ჩვენ ვფიქრობდით კულტურის გადარჩენაზე. იმ პერიოდისთვის ძალიან რთული იყო თბილისში რამის მიღწევა. ხელოვნება აღმოჩნდა ქუჩაში, მიწის ქვეშ. ისტორიულად ახალქალაქი კი იყო კულტურის ფუნქციის მატარებელი მე-19 საუკუნიდან. ეს იყო საფუძველი იმის, რომ დაგვეარსებინა ხელოვნების ცენტრი, სადაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნებოდა შესაძლებელი. -ჩემთვის რამდენადაც ცნობილია თებერვალში 21 წლიანი პაუზის შემდეგ თქვენი პერსონალური გამოფენა – „უხილავი უტოპიები“ გაიმართა. 21 წელი ცოტა არ არის. რატომ ამდენი ხანი? -ჩემი პერსონალური გამოფენა ადრეც ყოფილა სხვა სივრცეებში, მაგრამ კონკრეტულად გარიყულაში მონაწილეობა თითქმის არასდროს მიმიღია. ერთი-ორჯერ, ისიც ჩემი მეგობრების თხოვნით მხოლოდ იმ ფესტივალებსა და ღონისძიებებში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. მე ვთვლი, რომ ხელმძღვანელმა არ უნდა ვისარგებლო ამ ყველაფრით, არც ფინანსებით, არც მდგომარეობით და ა.შ. ამიტომ ყოველთვის მე ჩემს პერსონალურ „ამბებს“ ვერიდები, მაგრამ წელს ისეთი სიტუაციაა, რომ ეს უფრო გამამხნევებელი იყო საზოგადოებისთვის. ჩვენ დავინახეთ როგორი დეპრესია მოიტანა პანდემიამ. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი აქცია, მანიფესტი, რომ ადამიანებმა არ დავკარგოთ სიმხნევე და ენერგია. მინდოდა მეჩვენებინა მათთვის, რომ სიცოცხლე გრძელდება და ჩვენ ადამიანებად უნდა დავრჩეთ. -რა არის თქვენთვის ეს „უხილავი უტოპიები“? –ჩვენ საერთოდ უტოპიაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობდით „საბჭოთა უტოპიაში“. ჩემი თაობა დეკლარირებული იყო კომუნისტური წყობით. მე-19 ს. ბოლოს და მე-20 ს. დასაწყისში იყო უამრავი უტოპია, რომელიც ხელოვნებამ აიტაცა. არამარტო პოლიტიკური უტოპიები, არამედ ხელოვნების სფეროში არსებულიც. ჩვენ 30 წელია უტოპიაში ვცხოვრობთ, რეალურ უტოპიაში. დეკლარირება ჩვენი ქვეყნისა და არა მარტო, არის ერთი და რეალობა არის მეორე. ყველას უნდა სამოთხეში ცხოვრება, მაგრამ გამოდის სხვანაირად. ჩემი, როგორც მხატვრის, გადმოსახედიდან მაქვს ბევრი სახალისო ფანტაზია, რასაც ჰქვია უტოპია. ეს იქნება ლექსები თუ ხელოვნების წიგნები. ამ სიტუაციაში ეს იყო ფერწერული ნამუშევრების სერია და გამოფენა. -თქვენს ბოლო ნამუშევრებში იისფერი ჭარბობს. რატომ ეს ფერი? -იისფერი არის სულიერების ფერი. ცოტა საფრთხილოა. შეიძლება იყოს ტექნიკური და სულაც არ იყოს სასიამოვნო. ამ შემთხვევაში მე ვეცადე, რომ იისფერი აურა გამეკეთებინა მაყურებლისთვის. შესულიყვნენ ამ სულიერებაში და ეს განწყობა ყოფილიყო მათში. -როგორ ფიქრობთ, ბატონო ყარამან, რისთვის ღირს ცხოვრება? -იმიტომ, რომ შენ ტყუილად არ ხარ მოვლენილი ამ ქვეყანაზე. ეს მთავარი შეკითხვაა – საიდან მოვედით? რა ფუნქცია გვაქვს? რას წარმოვადგენთ ადამიანები?. ეს შეკითხვები სულ გვაქვს და თუნდაც ოდნავ მიუახლოვდე მათ, ამად ღირს ცხოვრება. ეს დიდი საჩუქარია, რომელიც მოგცეს და უნდა გამოიყენო იმაში, რომ გაერკვე საკუთარ თავში. მე ვამბობ, რომ მოაზროვნე ადამიანები მუდმივად ფიქრობენ იმაზე, თუ რა არის ჩვენი და ამ სამყაროს შორის კონტაქტი. -რთულ მომენტებს როგორ უმკლავდებით ხოლმე? -რთული დრო სულ არის. კარგი პერიოდი არის, თუ ბედმა გაგიღიმა, ბავშვობა, როდესაც ხარ თავისუფალი. მერე უკვე იწყება შეკითხვები. მთელი ცხოვრება რთულია. ლაღად არავინ ცხოვრობს. შეიძლება მომენტი იყოს, როცა ადამიანები რაღაცით თავს ირთობენ, მაგრამ ეს დროებითია. -თქვენ მხატვრობა და თქვენი საქმიანობა გეხმარებათ, რომ ლაღად გაატაროთ ეს ცხოვრება? -ეს უბრალოდ არის ჩემი ენა. მე ამით ვცდილობ, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ. ჩემი ემოციები და ჩემი აზრები გამოვხატო. მე არ ვარ მწერალი, რომ დავწერო. მე შემიძლია ამ გამოსახულებებით და ფერებით თქვენთან დიალოგში შემოვიდე ან ვერ შემოვიდე. ეს უკვე თქვენზე და ჩემზეა დამოკიდებული. -როგორია თქვენთვის თავისუფალი ადამიანი? -თავისუფლება არის პირველ რიგში პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმ შეკითხვაზე, რომელიც წეღან დამისვით, თუ რისთვის ღირს ცხოვრება. გააზრება საკუთარი ცხოვრების. შენი შინაგანი ღერძის, მორალის და სწავლების გააზრება. -როგორ ფიქრობთ, ყველას შეუძლია იყოს შემოქმედი? -ჩვენ შემოქმედებიდან მოვედით. შემოქმედმა შექმნა ეს. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით იმაზე, თუ როგორ მოვევლინეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედების შვილები. ყველა ადამიანი, განურჩევლად პროფესიისა, არის შემოქმედი. დანარჩენი, რასაც ადამიანი ემსახურება დეტალებია, თუ როგორ მიუდგება თავის საქმეს და პროფესიას. შემოქმედებითად, რომ მივუდგეთ ჩვენს საქმეს, ეგეც იქნება ის თავისუფლება, რაზეც თქვენ წეღან მკითხეთ. -მითხარით ერთი რამ, რაც ძალიან გიყვართ ამ სამყაროში -ამ სამყაროში გამორჩეულად ვერ ვიტყვი რა შეიძლება მიყვარდეს. „მაროჟნი“ მიყვარს მაგალითად. გააჩნია როგორ მდგომარეობაში ხარ. მაგალითად, როდესაც ადამიანი რაღაც ადგილზე ხვდება და ეგზისტენციალური გრძნობები აქვს, ამ დროს შეიძლება თავი იგრძნოს სრულიად ბედნიერად. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციების კარგად ხედვა. რა გიყვარს, რას მოაქვს შენთვის ბედნიერება. ეს შეიძლება იყოს ჩიტი ხეზე ან სხვა რამ. ყველასთან ინდივიდუალურია. -რომ არა არტ-ვილა და ეს სივრცე სად იქნებოდით? -მე ბევრი შესაძლებლობა მქონდა, რომ სხვაგან მეცხოვრა, მაგრამ ასე მოხდა. ასე გაანაწილა ბედმა, რომ მე ვცხოვრობ აქ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა საქართველო არის სამოთხე. ჩვენ უნდა დავინახოთ ეს. რა თქმა უნდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და კარიერის აწყობა საინტერესოა. ასევე საინტერესო ხალხთან კონტაქტიც, მაგრამ ეს ცოტა სხვა გზაა. მე მირჩევნია ვცხოვრობდე საქართველოში, რასაც ჰქვია სამოთხე. უბრალოდ ამას სჭირდება დანახვა და დაფიქრება. აქედან გამომდინარე, ეს რომ არ ყოფილიყო ეგეთივე იქნებოდა, ოღონდ სადმე სხვაგან. აი „ეს“, არის ყველგან. გაიარეთ ცოტა და ესეთივე ადგილს ნახავთ. უფრო ლამაზსაც და მაგარსაც. უბრალოდ ამას სჭირდება დანახვა, რომ აი აქ, ამაში ცხოვრობთ. -თქვენ რა დაინახეთ ამ ადგილში ისეთი, რომ აქ დარჩით და არ წახვედით იმ რამდენიმე კილომეტრის იქით? -აქ ბავშვობა მაკავშირებს. მამაჩემმა, აპოლონ ქუთათელაძემ, აქ გააკეთა სამხატვრო აკადემიის ბაზა. მერე ჩემი ძმა იყო გურამ ქუთათელაძე პედაგოგი, რომელიც მასწავლიდა და აქ ჩამომიყვანა. პატარა რომ ვიყავი, ოქროყანაში ვისვენებდი ხოლმე და ეს ჰგავს. ასეთივე სახლი იყო კოშკურით და რაღაც ემოციური კავშირები მაქვს. ხალხიც მიყვარს, აქაური ხალხი. ძალიან გულითადად მიყვარს ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობს. მე მათში ვხედავ ძალიან დიდ ფილოსოფიას და ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვავიწყდება, როდესაც ვცხოვრობთ ურბანულ, თანამედროვე ქალაქებში. ასევე აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. სამწუხაროდ ბევრიც გარდაიცვალა, მაგრამ ახალიც ალბათ მოდის. -ბატონო ყარამან, ფიქრობთ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? -სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილის შემდეგ ახალი კარი იღება, მთავარი კარი. -რომელი კარი? -სიცოცხლის. ჩვენი ტვინის აგებულება ძალიან რთულია. ჩვენ არ ვიცით რა ხდება ჩვენს თავში. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძნელი აღსაქმელია, რომ სიკვდილი, როგორც ეგეთი, არ არსებობს. მეცნიერებიც მიდიან ამ დასკვნამდე, ბევრი წიგნიც ლაპარაკობს ამაზე. -მაგალითად რომელი წიგნები? -მაგალითად: სახარება, ბიბლია. ბევრი მინიშნება გვაქვს, ფილოსოფიური ტრაქტატებიც და ჩვენი თავიც. აი ისევ დავუბრუნდეთ იმ შეკითხვას რისთვის ვცხოვრობთ, რა ფუნქცია გვაქვს. უბრალოდ ხოარ მოვედით. რადგან მოვედით, ესეიგი რაღაცისთვის მოვედით და სადაც წავალთ იქ გრძელდება. ის, რაც
თეკლე მამაცაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სასკოლო ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელი გახდა და IBSU-ს 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. იგი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. ორი წლის წინ, თეკლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ერთ-ერთი გამარჯვებულიც იყო და ერთი წლის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, ამერიკაში სწავლობდა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და წარმატებით აგრძელებს საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვას. რა გამოცდილება შეგძინა IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადამ? ასე ვთქვათ, თითოეული საგანი გავიმეორე და შევაჯამე ჩემი ცოდნა. კარგად მახსოვს, მხოლოდ ერთ შეკითხვაში დავუშვი შეცდომა და არ მგონია, რომ იმ შეკითხვის პასუხი ოდესმე დამავიწყდეს. ამ კუთხით, მართლა საინტერესო და კარგი გამოცდილება იყო. ამასთან, შესანიშნავი შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ამ უნივერსიტეტში სწავლა სურთ და ფინანსური პრობლემები აქვთ. ფინანსური პრობლემები რომც არ ჰქონდეთ, წახალისების საკმაოდ კარგი საშუალებაც არის; გასწავლის იმას, რომ შენი ცოდნა აუცილებლად დაფასდება. როდის და რატომ შეაჩერე არჩევანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე? IBSU-ში ჩაბარება წელს გადავწყვიტე. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სურდა აქ სწავლა და მეც დავინტერესდი. გავიგე, რომ FLEX – ის მონაწილეებისთვის გარკვეული შეღავათები აქვთ, რამაც ასევე იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ინფორმაციის ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ ესადაგებოდა ჩემს ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ინგლისურენოვან პროგრამებს გვთავაზობს. თავის მხრივ, გარემოც მიზიდავს. რაც შეეხება შენს სამომავლო გეგმებს, რამდენი ხანია ჩამოყალიბდი, რომ გინდა, პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლო? დაახლოებით, მე-10 კლასში ვიცოდი, თუ რა მინდოდა რეალურად. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, რადგან ყოველთვის მიზიდავდა ხალხთან კომუნიკაციის პროცესი. ახლა კი, როდესაც ჩამოვყალიბდი და ღრმა ცოდნაზე დავამყარე ჩემი შეხედულება სამომავლო პროფესიის შესახებ, მივხვდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებია ის, რაც ნამდვილად მინდა. თანაც, არ მსურდა უშუალოდ ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანი ვყოფილიყავი, ვთქვათ, ექიმი ან იურისტი. უბრალოდ, მინდოდა უფრო ფართო გასაქანი მქონოდა, რომ ჩემი სურვილისამებრ წარმემართა ჩემი მომავალი. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შენი მომავალი გზა სასურველ პროფესიამდე? მრავალფეროვანი. ჯერ იქნება სწავლის უზარმაზარი პროცესი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაქსიმალურად ვეცდები, რომ სხვადასხვა პროექტში მივიღო მონაწილეობა. არასდროს მაკმაყოფილებდა მხოლოდ სკოლა და იქ მიღებული ცოდნა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება უნივერსიტეტის შემთხვევაშიც. რა შესაძლებლობებიც მომეცემა, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები თუ სხვა რამ, ვეცდები, რომ მრავალმხრივ ვცადო საკუთარი თავი. არა მხოლოდ თეორიულად შევითავსო ჩემი პროფესია, არამედ პრაქტიკულადაც. როგორი წვლილი შეიტანა ამერიკაში გატარებულმა ერთმა წელმა შენი ამჟამინდელი პიროვნების ჩამოყალიბებაში? იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ველოდი. ჩემი ცხოვრების კურსი და საერთოდაც, თვალთახედავა სამყაროზე, რადიკალურად შეიცვალა. უფრო თავდაჯერებული გავხდი და საკუთარი თავის რწმენა მომემატა. როდესაც ახალ საქმეს ვიწყებ, ვფიქრობ, რომ დიდი წარმატებით მივიყვან ბოლომდე. მით უმეტეს, იმაზე უფრო მიუწვდომლად თუ არ ჟღერს, ვიდრე ამერიკაში წასვლა, იქ ერთი წლით დარჩენა და შეგუება ახალ გარემოსთან. როდესაც საკუთარ თავს ვუსვამ ხოლმე შეკითხვას: „შემიძლია თუ არა ამის გაკეთება?“ – ვგრძნობ, რომ საიდანღაც ძალა უკვე მაქვს. ამერიკელების მენტალიტეტს ხომ გავეცანი, ჩვენსას შევადარე, რაღაცები იქიდან ავიღე, რაღაცები არ ავიღე, რაღაცები ჩვენი დავტოვე და შევაჯამე ის ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ ჩემს პიროვნებაში გაერთიანებულიყო. სიახლეებისადმი ღიაც გავხდი. აქამდეც ასე იყო, თუმცა, ახლა ეს უფრო ბუნებრივად მოდის. გამახსენდა ამერიკელი ჟურნალისტის – ნაპოლეონ ჰილის სიტყვები: „ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს“. შენ რამდენად იზიარებ მის მოსაზრებას? ნამდვილად ასეა. ნებისმიერი რამ, რასაც გინდა რომ მიაღწიო და ამით არ ზღუდავ ვინმეს უფლებებს ან თავისუფლებას, თუ ეს შენი წრფელი მიზანი და მისწრაფებაა, აუცილებლად მიაღწევ. შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს და ვინმემ ისიც თქვას, რომ ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ მე ასე ვიტყოდი: რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულები ვართ და თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება სასურველ მიზნამდე მისაღწევად. შესაძლოა, ზოგმა ძალიან მარტივად განახორციელოს და მოიყვანოს სისრულეში საკუთარი აზრი და იდეები, ზოგმა კი – ძალიან რთულად. ამას გვერდს ვერ ავუვლით, ასე იქნება, მაგრამ საკუთარი თავის უნდა ირწმუნო, უნდა განსაზღვრო შენი შესაძლებლობები და გაწერო გეგმა, რომელიც რეალურ წარმატებამდე მიგიყვანს. ავტორი: ნინი შაორშაძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელი და მედია ცენტრის ჟურნალისტი
ჩვენთვის კარგად ცნობილი ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი ისევე როგორც ყველა, ცდილობს მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებას. ინტერვიუში თქვენ წაიკითხავთ როგორ უმკლავდება იგი მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, რას საქმიანობს თვითონ და რისკენ მოგვიწოდებს ჩვენც. -პირველ რიგში ,მადლობას გიხდით, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ, ბევრი რამ შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ამ ახალ გამოწვევას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რაზე დააფიქრა განსაკუთრებით ამ სიტუაციამ ადამიანები და რაზე დაგაფიქრათ პირადად თქვენ? მადლობა შეკითხვებისთვის და შევეცდები ვუპასუხო ამომწურავად,რადგან როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი ასი წლის მანძილზე, ასეთი საერთო პრობლემა კაცობრიობას არც ჰქონია. უფრო სწორად კი, ყოველთვის არსებობდა პრობლემა, რომელიც ემოციურად გვეხებოდა, მაგრამ არა რეალურად და ამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, იაპონური ცუნამი ალბათ კატასტროფა იყო ყველასთვის, მაგრამ ის მაინც იყო შორს და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ნაწილობრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვებზე. ახლა კი გაჩნდა პრობლემა, რომელიც ყველას ეხება ფიზიკურადაც კი, და რომელმაც არ იცის საზღვარი, დრო და მანძილი, და ვერც ექიმები გვეუბნებიან როდის და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ილონ მასკის მიერ მარსზე გაგზავნილი ავტომობილიც (შარშან თუ შარშანწინ), მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა იმისა, რომ კაცობრიობამ განვითარების უმაღლეს საფეხურს უკვე მიაღწია. არადა წელს გაირკვა, რომ პანდემიასთან დაპირისპირებისა და ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა ხელების დაბანისა, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ამიტომაც პირველი, რაზეც ყველაზე მეტად დამაფიქრა ამ პანდემიის გავრცელებამ, არის სწორედ სამყაროს ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც სულაც არ ყოფილა საკმარისი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. -როგორ ფიქრობთ, რაიმე დადებითი მხარე მოჰყვა მსოფლიო იზოლაციას? სხვათაშორის, ქართველები, თითქმის ყველა ეპიდემიურ პრობლემას, ჭირს უწოდებდნენ და იმასაც ამბობდნენ რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო და მგონი ახლა მივხვდი რასაც გულისხმობდნენ. ერთადერთი თუ არა, მთავარი დადებითი მოვლენა, რაც ამ ვირუსმა მოგვიტანა, არის დრო, რომელიც ყოველთვის გვაკლდა წიგნების წასაკითხად და მგონია რომ ამაზე უკეთესი შანსი ამ მხრივ, შეიძლება აღარც გვქონდეს. -რომელ წიგნს ურჩევდით ქართველ მკითხველს, რომელმაც შესაძლოა ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს მათ გლობალური პანდემიის დროს და რომელი წიგნი გიწევთ მეგზურობას კარანტინის ჟამს თქვენ? ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში, წიგნის კითხვაზე უკეთესი არაფერია და კარგ წიგნს მართლა შეუძლია ყველაფერი დაგავიწყოს, დროებით მაინც და კარგი წიგნის კითხვისას შეგიძლია სულ სხვა დროში და ეპოქაში აღმოჩნდე შინიდან გაუსვლელად. კარგი წიგნი კი ის არის, რომლის წაკითხვაც სიამოვნებს ადამიანს. მთავარია სულ ვიკითხოთ, არ გავჩერდეთ და ადრე თუ გვიან აუცილებლად მივადგებით, ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებსაც. მე ავდექი და პირდაპირ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს კიდევ ერთხელ მივადექი. და აი, უკვე მერამდენედ ვკითხულობ “ვეფხისტყაოსანს”… -და ბოლოს, პანდემიის ფონზე, ადამიანებს მეტი დრო მიეცათ საკუთარი თავისთვის, ფიქრებისთვის, განსაკუთრებით კი ’’შემოქმედებითი წვისთვის“. თქვენგან, როგორც მწერლისგან, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი მკითხველი რაიმე სიახლეს? კარანტინში ყოფნისას ,რა თქმა უნდა, დავიწყე ფიქრი ახალი წიგნის დაწერაზე, რომელსაც შეიძლება პირდაპირ ასე ერქვას კიდეც – “კარანტინი“. სტატიის ავტორი: მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი.