შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ინტერვიუ
Page: 7

თეკლე მამაცაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სასკოლო ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელი გახდა და IBSU-ს 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. იგი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. ორი წლის წინ, თეკლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ერთ-ერთი გამარჯვებულიც იყო და ერთი წლის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, ამერიკაში სწავლობდა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და წარმატებით აგრძელებს საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვას. რა გამოცდილება შეგძინა IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადამ? ასე ვთქვათ, თითოეული საგანი გავიმეორე და შევაჯამე ჩემი ცოდნა. კარგად მახსოვს, მხოლოდ ერთ შეკითხვაში დავუშვი შეცდომა და არ მგონია, რომ იმ შეკითხვის პასუხი ოდესმე დამავიწყდეს. ამ კუთხით, მართლა საინტერესო და კარგი გამოცდილება იყო. ამასთან, შესანიშნავი შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ამ უნივერსიტეტში სწავლა სურთ და ფინანსური პრობლემები აქვთ. ფინანსური პრობლემები რომც არ ჰქონდეთ, წახალისების საკმაოდ კარგი საშუალებაც არის; გასწავლის იმას, რომ შენი ცოდნა აუცილებლად დაფასდება. როდის და რატომ შეაჩერე არჩევანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე? IBSU-ში ჩაბარება წელს გადავწყვიტე. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სურდა აქ სწავლა და მეც დავინტერესდი. გავიგე, რომ FLEX – ის მონაწილეებისთვის გარკვეული შეღავათები აქვთ, რამაც ასევე იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ინფორმაციის ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ ესადაგებოდა ჩემს ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ინგლისურენოვან პროგრამებს გვთავაზობს. თავის მხრივ, გარემოც მიზიდავს. რაც შეეხება შენს სამომავლო გეგმებს, რამდენი ხანია ჩამოყალიბდი, რომ გინდა, პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლო? დაახლოებით, მე-10 კლასში ვიცოდი, თუ რა მინდოდა რეალურად. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, რადგან ყოველთვის მიზიდავდა ხალხთან კომუნიკაციის პროცესი. ახლა კი, როდესაც ჩამოვყალიბდი და ღრმა ცოდნაზე დავამყარე ჩემი შეხედულება სამომავლო პროფესიის შესახებ, მივხვდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებია ის, რაც ნამდვილად მინდა. თანაც, არ მსურდა უშუალოდ ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანი ვყოფილიყავი, ვთქვათ, ექიმი ან იურისტი. უბრალოდ, მინდოდა უფრო ფართო გასაქანი მქონოდა, რომ ჩემი სურვილისამებრ წარმემართა ჩემი მომავალი. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შენი მომავალი გზა სასურველ პროფესიამდე? მრავალფეროვანი. ჯერ იქნება სწავლის უზარმაზარი პროცესი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაქსიმალურად ვეცდები, რომ სხვადასხვა პროექტში მივიღო მონაწილეობა. არასდროს მაკმაყოფილებდა მხოლოდ სკოლა და იქ მიღებული ცოდნა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება უნივერსიტეტის შემთხვევაშიც. რა შესაძლებლობებიც მომეცემა, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები თუ სხვა რამ, ვეცდები, რომ მრავალმხრივ ვცადო საკუთარი თავი. არა მხოლოდ თეორიულად შევითავსო ჩემი პროფესია, არამედ პრაქტიკულადაც. როგორი წვლილი შეიტანა ამერიკაში გატარებულმა ერთმა წელმა შენი ამჟამინდელი პიროვნების ჩამოყალიბებაში? იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ველოდი. ჩემი ცხოვრების კურსი და საერთოდაც, თვალთახედავა სამყაროზე, რადიკალურად შეიცვალა. უფრო თავდაჯერებული გავხდი და საკუთარი თავის რწმენა მომემატა. როდესაც ახალ საქმეს ვიწყებ, ვფიქრობ, რომ დიდი წარმატებით მივიყვან ბოლომდე. მით უმეტეს, იმაზე უფრო მიუწვდომლად თუ არ ჟღერს, ვიდრე ამერიკაში წასვლა, იქ ერთი წლით დარჩენა და შეგუება ახალ გარემოსთან. როდესაც საკუთარ თავს ვუსვამ ხოლმე შეკითხვას: „შემიძლია თუ არა ამის გაკეთება?“ – ვგრძნობ, რომ საიდანღაც ძალა უკვე მაქვს. ამერიკელების მენტალიტეტს ხომ გავეცანი, ჩვენსას შევადარე, რაღაცები იქიდან ავიღე, რაღაცები არ ავიღე, რაღაცები ჩვენი დავტოვე და შევაჯამე ის ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ ჩემს პიროვნებაში გაერთიანებულიყო. სიახლეებისადმი ღიაც გავხდი. აქამდეც ასე იყო, თუმცა, ახლა ეს უფრო ბუნებრივად მოდის. გამახსენდა ამერიკელი ჟურნალისტის – ნაპოლეონ ჰილის სიტყვები: „ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს“. შენ რამდენად იზიარებ მის მოსაზრებას? ნამდვილად ასეა. ნებისმიერი რამ, რასაც გინდა რომ მიაღწიო და ამით არ ზღუდავ ვინმეს უფლებებს ან თავისუფლებას, თუ ეს შენი წრფელი მიზანი და მისწრაფებაა, აუცილებლად მიაღწევ. შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს და ვინმემ ისიც თქვას, რომ ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ მე ასე ვიტყოდი: რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულები ვართ და თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება სასურველ მიზნამდე მისაღწევად. შესაძლოა, ზოგმა ძალიან მარტივად განახორციელოს და მოიყვანოს სისრულეში საკუთარი აზრი და იდეები, ზოგმა კი – ძალიან რთულად. ამას გვერდს ვერ ავუვლით, ასე იქნება, მაგრამ საკუთარი თავის უნდა ირწმუნო, უნდა განსაზღვრო შენი შესაძლებლობები და გაწერო გეგმა, რომელიც რეალურ წარმატებამდე მიგიყვანს. ავტორი: ნინი შაორშაძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელი და მედია ცენტრის ჟურნალისტი

ჩვენთვის კარგად ცნობილი ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი ისევე როგორც ყველა, ცდილობს მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებას. ინტერვიუში თქვენ წაიკითხავთ როგორ უმკლავდება იგი მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, რას საქმიანობს თვითონ და რისკენ მოგვიწოდებს ჩვენც. -პირველ რიგში ,მადლობას გიხდით, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ, ბევრი რამ შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ამ ახალ გამოწვევას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რაზე დააფიქრა განსაკუთრებით ამ სიტუაციამ ადამიანები და რაზე დაგაფიქრათ პირადად თქვენ? მადლობა შეკითხვებისთვის და შევეცდები ვუპასუხო ამომწურავად,რადგან როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი ასი წლის მანძილზე, ასეთი საერთო პრობლემა კაცობრიობას არც ჰქონია. უფრო სწორად კი, ყოველთვის არსებობდა პრობლემა, რომელიც ემოციურად გვეხებოდა, მაგრამ არა რეალურად და ამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, იაპონური ცუნამი ალბათ კატასტროფა იყო ყველასთვის, მაგრამ ის მაინც იყო შორს და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ნაწილობრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვებზე. ახლა კი გაჩნდა პრობლემა, რომელიც ყველას ეხება ფიზიკურადაც კი, და რომელმაც არ იცის საზღვარი, დრო და მანძილი, და ვერც ექიმები გვეუბნებიან როდის და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ილონ მასკის მიერ მარსზე გაგზავნილი ავტომობილიც (შარშან თუ შარშანწინ), მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა იმისა, რომ კაცობრიობამ განვითარების უმაღლეს საფეხურს უკვე მიაღწია. არადა წელს გაირკვა, რომ პანდემიასთან დაპირისპირებისა და ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა ხელების დაბანისა, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ამიტომაც პირველი, რაზეც ყველაზე მეტად დამაფიქრა ამ პანდემიის გავრცელებამ, არის სწორედ სამყაროს ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც სულაც არ ყოფილა საკმარისი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. -როგორ ფიქრობთ, რაიმე დადებითი მხარე მოჰყვა მსოფლიო იზოლაციას? სხვათაშორის, ქართველები, თითქმის ყველა ეპიდემიურ პრობლემას, ჭირს უწოდებდნენ და იმასაც ამბობდნენ რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო და მგონი ახლა მივხვდი რასაც გულისხმობდნენ. ერთადერთი თუ არა, მთავარი დადებითი მოვლენა, რაც ამ ვირუსმა მოგვიტანა, არის დრო, რომელიც ყოველთვის გვაკლდა წიგნების წასაკითხად და მგონია რომ ამაზე უკეთესი შანსი ამ მხრივ, შეიძლება აღარც გვქონდეს. -რომელ წიგნს ურჩევდით ქართველ მკითხველს, რომელმაც შესაძლოა ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს მათ გლობალური პანდემიის დროს და რომელი წიგნი გიწევთ მეგზურობას კარანტინის ჟამს თქვენ? ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში, წიგნის კითხვაზე უკეთესი არაფერია და კარგ წიგნს მართლა შეუძლია ყველაფერი დაგავიწყოს, დროებით მაინც და კარგი წიგნის კითხვისას შეგიძლია სულ სხვა დროში და ეპოქაში აღმოჩნდე შინიდან გაუსვლელად. კარგი წიგნი კი ის არის, რომლის წაკითხვაც სიამოვნებს ადამიანს. მთავარია სულ ვიკითხოთ, არ გავჩერდეთ და ადრე თუ გვიან აუცილებლად მივადგებით, ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებსაც. მე ავდექი და პირდაპირ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს კიდევ ერთხელ მივადექი. და აი, უკვე მერამდენედ ვკითხულობ “ვეფხისტყაოსანს”… -და ბოლოს, პანდემიის ფონზე, ადამიანებს მეტი დრო მიეცათ საკუთარი თავისთვის, ფიქრებისთვის, განსაკუთრებით კი ’’შემოქმედებითი წვისთვის“. თქვენგან, როგორც მწერლისგან, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი მკითხველი რაიმე სიახლეს? კარანტინში ყოფნისას ,რა თქმა უნდა, დავიწყე ფიქრი ახალი წიგნის დაწერაზე, რომელსაც შეიძლება პირდაპირ ასე ერქვას კიდეც – “კარანტინი“. სტატიის ავტორი: მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბევრი განსხვავებული, სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტი ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტია მარიამი, რომელიც თავისი უნიკალურობით ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და სჯერა, რომ შრომისმოყვარეობის და მიზანდასახულობის ფასად ყველა ოცნების რეალობად ქცევაა შესაძლებელი. გამარჯობათ, მარიამ. დიდი მადლობა, რომ ინტერვიუს ჩაწერაზე დამთანხმდით. გთხოვ, მოკლედ მოყვე საკუთარ თავზე. მე ვარ მარიამ გარაყანიძე გურიიდან. ვსწავლობდი შემოქმედის საჯარო სკოლაში და წარმატებით დავამთავრე. ამჟამად ვსწავლობ იბსუს ინგლისურენოვან საერთაშორისო ურთიერთობებზე. ყოველთვის მქონდა გადაწყვეტილი, რომ გავხდებოდი სტუდენტი და წამიერადაც კი არ მიფიქრია იმაზე, რომ რამე ამ მხრივ დამაბრკოლებდა. ჩემს მშობლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მე დღეს აქ ვარ და ვსწავლობ, მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ყოველთვის, აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარებიან და გვერდში მიდგანან. რა კრიტერიუმებით აირჩიეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ? რომელმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა თქვენი არჩევანი ? თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩავაბარებდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ არ ვიცოდი რომელი უნივერსიტეტი ამერჩია, რადგან უმრავლესობა არ არის ადაპტირებული ეტლით მოსიარულეთათვის. მერე უკვე რამდენიმე ვარიანტიდან იბსუ შევარჩიე, ფეისბუქ გვერდზე ფოტოები დავათვალიერე და გარემო ძალიან მომეწონა. ცხელ ხაზზეც დავრეკე და რექტორის მოადგილე ქალბატონი მარინა ყიფიანი ძალიან თბილად მესაუბრა. სწორედ ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ სწორედ ესაა ჩემი უნივერსიტეტი და აქ უნდა მესწავლა. არსებობს თუ არა რამე სირთულეები უნივერსიტეტში გადაადგილების დროს ? მოამზადეს თუ არა რამე საშუალებები ხელშესაწყობად? სირთულეებს რაც შეეხება, აქამდე იყო რამოდენიმე, მაგრამ თითქმის მომენტალურად აღმოფხვრეს. მაგალითად, პირველ კვირას ადმინისტრაციას არ ჰქონდა ალბათ გათვალისწინებული, კაფეტერიის კიბეებზე ვერ ავდიოდი. როდესაც ეს ნახეს, მეორე კვირას პანდუსი გაკეთებული დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა და გამიმარტივა ყველაფერი. მთელი ადმინისტრაცია ცდილობს როგორმე ყველანაირად ხელი შემიწყონ, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი მათ. გაგიმართლათ თუ არა უნივერსიტეტმა იმედები ? იბსუმ აბსოლუტურად ყველა ჩემი იმედი გაამართლა. ეს უნივერსიტეტი არის ზუსტად მორგებული ეტლით მოსიარულეთათვის. რა თქმა უნდა სხვა უნივერსიტეტებშიც არის პანდუსები და ლიფტები, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, თვალის მოსატყუებლადაა. ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება ამას ვერ მიხვდეს, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ უნივერსიტეტი ადაპტირებულია და ამ დროს ფოიეშიც ვერ შედიხარ, ასე ნამდვილად არ შეიძლება. იბსუში სწავლის მაღალი დონე რომ იყო ვიცოდი, თუმცა, რეალობა უკეთესი აღმოჩნდა. მომწონს იბსუს სისტემის გამართულობა და ლექტორების თავდაუზოგავი შრომა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სტუდენტებს მისცენ მაღალი განათლების დონე. როგორ მოგწონთ უნივერსიტეტის ატმოსფერო ? საკმაოდ მეგობრული გარემოა. ვიცი ისეთი უნივერსიტეტებიც, სადაც კურსელები ერთმანეთს არც კი იცნობენ, აქ კი ყველა ძალიან მეგობრული, თბილი და მზრუნველია. არა მარტო ჩემი კურსელები, არამედ ყველა, ვისაც ვიცნობ, მზად არიან, რომ რაღაცით დამეხმარონ, რაც ძალიან დასაფასებელია ჩემი აზრით. არის რამე ისეთი, რისი შეცვლაც გინდათ უნივერსიტეტში ? ალბათ იმის, რომ ადმინისტრაციულ კორპუსში არ არის ლიფტი. ჯერ არ დამჭირვებია, თუმცა სამომავლოდ ალბათ მოუწევთ ფიქრი იმაზე, რომ ეს შეცვალონ. ერთადერთი ამ პრობლემას ვხედავ. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, როგორც სწავლის, ასევე კარიერული თვალსაზრისით ? პირველ რიგში, მინდა წარმატებულად დავამთავრო უნივერსიტეტი, მაღალ ქულებზე. მერე მაგისტრატურა აუცილებლად, ოღონდ აქ თუ საზღვარგარეთ ამას მომავალი გვიჩვენებს . სწავლის დასრულების შემდეგ ძალიან მინდა ვიმუშავო საერთაშორისო ორგანიზაციებში. ზოგადად ძალიან აქტიური ადამინი ვარ, ბევრ პროექტსა თუ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და თითქმის მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. წარმატებებს გისურვებთ ! პირიქით, მადლობა თქვენ ! სტატიის ავტორი – მარიამ ქობალია, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი