შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

Page: 4

22 წლის ლაურა პაპასქუა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა. მისი ოჯახი დღემდე გალში ცხოვრობს, რაც მუდმივ მონატრებასთან და არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ლაურა გალში გატარებულ ბავშვობაზე, აფხაზებთან ურთიერთობასა და იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს ხვდებათ.   – მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ მოხვედი აქამდე? – სკოლა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დავამთავრე. ჩვენთან 11 კლასია, რადგან  იქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისტემაა, ამიტომ 16 წლის ასაკში უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავასრულე და მაგისტრატურას პიარის მიმართულებით ვაგრძელებ. ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვმუშაობ საქველმოქმედო პროექტებზე, ხშირად დავდივარ ახალგაზრდულ ბანაკებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ვმონაწილეობ. პირველივე კურსიდან ვმუშაობდი ჩემს უნივერსიტეტში, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, სადაც 5 წლიანი გამოცდილება დავაგროვე. ამჟამად კი, ევროპის უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ, პარალელურად, სპორტული სააგენტო SBM-ის სოციალურ მედიას ვმართავ. – როგორი იყო გალში გატარებული ბავშვობა? – როდესაც იქ ვცხოვრობდი, მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და ჩემს გარემოს განსხვავებულად ვერ აღვიქვამდი – ვთამაშობდით და ვერთობოდით, როგორც ყველა. თუმცა, სკოლის დამთავრებისა და თბილისში გადმოსვლის შემდეგ,  მკაფიო კონტრასტი დავინახე. აქაურ ბავშვებს, სულ მცირე, კომპიუტერებთან მაინც ჰქონდათ შეხება, აკეთებდნენ პრეზენტაციებს, კონფერენციებში მონაწილეობდნენ, რითაც საჯარო გამოსვლებს ეჩვეოდნენ. ჩვენ კი ამ ყველაფერს მოკლებულები ვიყავით. არ გვქონდა ისეთი ტექნიკური აღჭურვილობაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ქიმიის ლაბორატორია, შესაბამისად, არასდროს ჩაგვიტარებია ქიმიური ექსპერიმენტი. აქაური ბავშვები, ჩვენგან განსხვავებით, უფრო გახსნილები, თავისუფლები და ნაკლებად კომპლექსიანები იყვნენ. – რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რასაც აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტები აწყდებიან? – ყველაზე დიდი პრობლემა ენის ბარიერია. მართალია, მე სკოლა ქართულად დავამთავრე  და მშობლიურ ენაზე ვსწავლობდი, თუმცა ბევრი ბავშვი რუსულად გადის პროგრამას და თბილისში ჩაბარების შემდეგ, ქართულად კომუნიკაცია უჭირს, დიდად ვერ ახერხებს სოციალიზაციას და თავის სოციუმში იკეტება. – აფხაზ ბავშვებთან რამდენად გქონდა კონტაქტი? – გალის რაიონში, ძირითადად, მეგრელები ვცხოვრობთ და ქართველობა მაინც შენარჩუნებული გვაქვს. აფხაზეთში არის არასამთავრობო ორგანიზაციები (Unicef, World Vision), რომლებიც აფხაზური და მეგრული სოფლებისთვის საერთო აქტივობებს გეგმავენ, რათა ერთმანეთთან ინტეგრაციას ხელი შეუწყონ. მაგალითად, ერთხელ, სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში სამდღიანი ვორქშოპი დაიგეგმა, სადაც ბავშვები აფხაზეთის შვიდივე რაიონის სკოლიდან წაგვიყვანეს. საერთო პრეზენტაციებს, დადგმებს, ფლეშმობებს გვაკეთებინებდნენ, ცდილობდნენ, რომ საერთაშორისო დღეები ერთად აღგვენიშნა, იყო „ხელოვნების დღე“, „სუფთა ხელების დღე“… ცდილობდნენ, რომ აფხაზ და მეგრელ ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონოდა. – როგორ მუშაობდა ეს პროექტები, მეგობრობდით, თუ მაინც არსებობდა თქვენ შორის დისტანცია? – ძირითადად, მაინც დისტანციაზე ვიყავით, თან ენის ბარიერიც გვქონდა. ისინი რუსულად საუბრობდნენ, ჩვენ კი ყველამ გამართული რუსული არ ვიცოდით. თუმცა სოხუმში ყოფნის დროს, უკვე შედარებით დიდებიც ვიყავით და იქ ღამღამობით ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით ხოლმე. – როგორი იყო მათი დამოკიდებულება პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ? – გააჩნია რაიონს. მაგალითად, ოჩამჩირედან მაინც ნეიტრალურები იყვნენ, რადგან ეს რაიონი გალთან ახლოს არის და, ალბათ, ამას მაინც აქვს გარკვეული გავლენა. სოხუმელებს მთლიანად დამოუკიდებლობა უნდოდათ. ზოგადად, ყველანი ვცდილობდით, რომ ეს პროცესები ნეიტრალურად განგვეხილა და იქ დავა არ დაგვეწყო, თუმცა პოზიციები მაინც იყოფოდა – ზოგი ფიქრობდა, რომ აფხაზეთი მთლიანად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ზოგს არც რუსეთი უნდოდა და არც საქართველო, ზოგს კი მოსწონდა რუსეთის ჯარი, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მათ იცავდნენ. – ახლა როგორი მდგომარეობაა, უკრაინის ომმა აფხაზებში განწყობა შეცვალა? – არა, პირიქით. აფხაზურ სკოლებში მეგრელი დირექტორები მოხსნეს, ყველგან აფხაზები დანიშნეს და თუ ვინმესთან, სოციალურ ქსელში, უკრაინის მხარდასაჭერ პოსტებს ნახავენ, ორსაათიან ლექციებს უკითხავენ – როგორ შეიძლება, რუსეთი ჩვენი მოძმე ერია, ვერ ხედავთ, რომ ყველაფერში გვეხმარებაო? – ომის დროს შენი ოჯახი იქ იყო? – პირველად, როცა სიტუაცია დაიძაბა, მთელი ოჯახი წამოვიდა – ხან სად იყვნენ დევნილებად, ხან სად. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ და მეორედ რომ დაიწყო არეულობა, ბებიაჩემი სოფელში დარჩა, რასაც შეეწირა კიდეც – აფხაზებმა მოკლეს. ამ ამბის მერე, ჩემები იქიდან აღარ წამოსულან. ძალიან რთული პერიოდი გაიარეს, როდის დაადგებოდნენ თავზე და როდის დააყაჩაღებდნენ, ან მოკლავდნენ, არავინ იცოდა. – რა მარშრუტს გადიხარ გალში წასასვლელად? – ზუგდიდიდან სამარშრუტო ტაქსით მივდივართ სოფელ რუხამდე, საიდანაც ე.წ. საზღვრამდე მანძილი, დაახლოებით, 10 კმ-ია, რასაც ან ფეხით, ან სამარშრუტო ტაქსით გავდივართ. შემდეგ, გამშვებ პუნქტში გავდივართ კონტროლს და იქიდან ტრანსპორტი უკვე ჩემს სოფლამდეც დადის. – აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სოხუმში უფრო მიდიხართ, თუ ზუგდიდში? – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფლიდან სოხუმი და ზუგდიდი, თითქმის, თანაბარი მანძილით არის დაშორებული, სოხუმში საერთოდ არ დავდივართ. რაიმე პროდუქტი ან ტანსაცმელი თუ გვჭირდება, ზუგდიდში ვყიდულობთ, რადგან ბევრად იაფია და ჩვენთვისაც უფრო ხელსაყრელია. – 22 წლის ასაკში რომ ასეთი წარმატებული ხარ, არის განპირობებული იმით, რომ აფხაზეთიდან ხარ? რამდენადაა ეს შენთვის მოტივაცია? – პირიქით, ვფიქრობ, ეს მოცემულობა რომ არ იყოს, უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. მე რაღაცების სწავლა დაგვიანებით დავიწყე, მაგალითად, კომუნიკაციისა და მუშაობის უნარები გვიან გამოვიმუშავე. სხვა ბავშვებს კლუბები რომ ჰქონდათ სკოლებში და პროექტების ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას, ეგ ყველაფერი მეც რომ მქონოდა, ალბათ, ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუმცა, გარკვეული მოტივაცია იყო უნივერსიტეტში ჩაბარების დროს. აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს სწავლას 100%-ით გვიფინანსებენ და ხშირად ეს „წამოყვედრების“ მიზეზი ხდება. მინდოდა, ეს ყველაფერი თავიდან ამერიდებინა და გამოცდებში მაინც კარგი ქულები ამეღო. სწორედ მაგ მოტივაციით, რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, 50%-იანი გრანტი მოვიპოვე. – როგორ წარმოგიდგენია ცხოვრება გაერთიანებულ ქვეყანაში, რა შეიცვლება? – გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ქართველის ოცნებაა. ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს საზღვარი რომ არ არსებობდეს და მგონია, სასწავლებლად სოხუმში წავიდოდი, იქაურობა ბევრად განვითარებული იქნებოდა და შევძლებდი, ჩემი თავის რეალიზება ჩემს მხარეში მომეხდინა. მიმოსვლის პრობლემა აღარ იარსებებდა, იქაური ხალხი მოძრაობას, მუშაობას ან, თუნდაც, ვაჭრობას მეტად თავისუფლად შეძლებდა.   ინტერვიუს ავტორი: სოფო კედელაშვილი IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი    

– ოთო, სტაბილურად კარგი უძრავი ქონების სააგენტო თუ გეგულებათ – სადაც დარეკავ და მოგემსახურება ზუსტად ისე, როგორც ელოდები? – ძალიან კარგი შეკითხვაა. ადამიანისთვის, როდესაც ქონების შეძენა ან გაყიდვა სურს, ყველაზე ხელსაყრელი გზა უძრავი ქონების სააგენტოს დახმარებაა. რა თქმა უნდა, განცხადების განთავსება ინტერნეტშიც შეიძლება. ჩვენს სააგენტოს თუ მომართავთ, საქმეში პროფესიონალი აგენტები ჩაერთვებიან და მათი წყალობით დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავთ.  საქართველოში არის სერვისის პრობლემები, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია, ,,TBILISI BROKER”, რომელიც არსებობს თბილისში და არის წამყვანი, ზრუნავს საკუთარი სერვისის გაუმჯობესებაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია. – ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ: ერთი მხრივ, სააგენტოები და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. დღეს რომელს სჭირდება მეტი განვითარება? – არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. ამ სფეროს სპეციფიკის გამო, შეუძლებელია, რომ საქმე სახლიდან წარმართო. ამ საქმეს ოფისის გარემო სჭირდება. ყველა თანამშრომელი ისეთ გარემოშია, რომელიც მასზეა მორგებული და უზრუნველყოფილია მუშაობის ხარისხი. ოფისს მეტი იურიდიული უფლება აქვს, სახლიდან მომუშავე ადამიანები ნაკლებად პროფესიონალები არიან და მეტი განვითარება სჭირდებათ. – სამი სეგმენტი რომ ავიღოთ  – სააგენტოს დირექტორი, მენეჯერი და აგენტი  – რამდენად სწორად არის მათი ფუნქციები გამიჯნული თქვენს ოფისში? ხომ არ არის დღეს უძრავი ქონების სააგენტოების მთავარი პრობლემა ამ სამი სეგმენტის ურთიერთობა? – რაც შეეხება უფლება-მოვალეობებს ამ კომპანიაში, სამივე სეგმენტს თავისი როლი და საქმე აქვს. ყველას – დირექტორს, მენეჯერს, აგენტს, განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია სწორედ იმიტომ, რომ კომპანია იყოს წარმატებული. ყველამ უნდა იცოდეს თავისი საქმე. აგენტი დადის შეხვედრებზე; მე, როგორც მენეჯერი, მათ მოლაპარაკებებში ვეხმარები; დირექტორი ტექნიკურ მხარეს აგვარებს და ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. – რამდენად დროულად სრულდება თქვენი სააგენტოს მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ? მაქსიმალურად ვეძებთ ისეთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან, როდესაც ახალი კადრი მოგვყავს, გადის ერთთვიან მოსამზადებელ პერიოდს, ვაკვირდებით, თუ როგორ ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, იცავს თუ – არა დრესკოდს, კერძოდ, აცვია თუ – არა კლასიკურად, ემსახურება თუ – არა კლიენტს დროულად. ამის მიხედვით ვწყვეტთ,  გააგრძელებს თუ – არა ჩვენთან მუშაობას. ამჟამად არსებული გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენს მოთხოვნებს დროულად ასრულებენ. ოთო ქსოვრელი: “მაქსიმალურად ვეძებთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან”. – ვთქვათ, მონდომებული ახალგაზრდა მოვიდა. რას აძლევს მას თქვენი სააგენტო? – ჩვენი სააგენტო აგენტებს ყველანაირ კომფორტს უქმნის იმისთვის, რომ გამართულად იმუშაონ. როდესაც ამ საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდით, თუ რა პრობლემების წინაშეა არსებული სააგენტოები, რა უშლიდათ მათ მუშაობის დროს ხელს და ვეცადეთ, რომ უკეთესები ვყოფილიყავით. წარმატებული თანამშრომელი უზრუნველყოფილია  ფინანსური თვალსაზრისით, საიტებზე დროულად ბალანსის შევსებით. ასევე, ხელს ვუწყობთ სტუდენტებს სწავლაში, ყოველთვის შეგვიძლია გავუშვათ ლექციაზე, რადგან ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან მომუშავე თანამშრომელების 40% სტუდენტია. – როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ჯდება იმ პირობების მომზადება, იმ გარემოს  შექმნა, რომ სააგენტოში აგენტებმა შეუფერხებლად იმუშაონ. დაახლოებით რამდენ წელში შეგიძლიათ თქვათ აგენტზე, რომ ის ამ საქმის პროფესიონალია? – ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ამ სფეროს სჭირდება კადრი, რომელსაც არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, იცის უცხო ენები. კადრი თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ითვისებს საქმეს, თუნდაც, თავის შეცდომებზე სწავლობს, ერთი წელი არის ის დრო, რომ ჩვენ მას პროფესიონალი ვუწოდოთ. ერთი წლის შემდეგ, ურთულესი თუ მარტივი ოპერაციების წარმართვა აგენტს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია. – რა პლუსები აქვს თქვენს სააგენტოს, სხვებთან შედარებით? – გვაქვს კარგი სამუშაო გარემო, ვართ მეგობრულები. პრიორიტეტი ჩვენთვის არის თანამშრომლების სურვილები, თუმცა, ამასთანავე, ისინი არ ივიწყებენ საკუთარ მოვალეობებს. ბევრ სააგენტოს არ გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად: ტრანსპორტით უზრუნველყოფა, იურიდიული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებებში ჩვენი მხრიდან დახმარება, ბაზების შექმნა, ბალანსის დროულად შევსება, რომ აგენტმა ატვირთოს ბინები. ჩვენი სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი დეტალია ისიც, რომ საკომისიოს მხოლოდ გამყიდველისგან ვიღებთ. გამიგია, რომ სხვა სააგენტოები ფასს უმატებენ უძრავ ქონებას და მყიდველი არც თუ ისე რეალურ ფასს იხდის. ჩვენთან ეს გამორიცხულია.     – დიდი კონკურენციაა ამ სფეროში. გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება? – რა თქმა უნდა, დაწყება არ იყო მარტივი, ურთულესი გზა გამოვიარეთ. ამ საქმის სულისჩამდგმელი, წამომწყები იყო ჩვენი კომპანიის დირექტორი, თორნიკე ქოჩლაძე. დავიწყეთ მინიმალური ინვესტიციებით. სხვა სააგენტოებმა თუ მარტივად გაიარეს ეს პროცესი, ჩვენთვის რთული იყო, აქამდე რომ მოვსულიყავით. – თქვენ მუშაობთ როგორც ბინების, ისე მიწის ნაკვეთებისა და კომერციული ფართების გაყიდვაზე. ამ სამიდან რომელზე მუშაობაა შედარებით რთული? – გამოვარჩევდი მიწის ნაკვეთების გაყიდვას. უფრო მეტად უნდა ერკვეოდე როგორც სამოქალაქო კოდექსში, ისე – მიწის სამართალში, რაც ერთ-ორ დღეში არ ისწავლება. მიწის ყიდვა-გაყიდვა რთულია, აგენტს შეიძლება წლები დასჭირდეს მიწის გასაყიდად. საჭიროა მუხლების ცოდნა, დამატებითი რესურსები, ეს არ არის ადვილად ათვისებადი. როგორც წესი, დამკვეთს მიწა კერძო სახლის, კორპუსის ან კომერციული ფართის ასაშენებლად სჭირდება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მიწას დეველოპერები ყიდულობენ და ამ დროს ქალაქის მერიის რეგულაციებს ვითვალისწინებთ. უნდა გავარკვიოთ, რამდენად მისაღებია იქ მრავალსართულიანი შენობის აგება, სეისმურად საიმედო არის თუ – არა ეს ადგილი, გეოლოგიურად თუ არის შესწავლილი. – საქართველოში ძალიან ბევრი სააგენტოა. უძრავი ქონების საიტებთან სტაბილურად დაახლოებით რამდენი სააგენტო მუშაობს? – დაახლოებით მუშაობს 200-მდე მოქმედი სააგენტო. მათი სამუშაო სფეროთი არ ვინტერესდები, რადგან მთავარი ჩვენი კომპანიაა. მათ არ ვუწევთ კონკურენციას. ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი დავიმკვიდროთ ხარისხით, სერვისით, სიახლეებით, რადგან ჩვენ ვართ შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს. – ოთო, როგორც აღნიშნეთ, აგენტები დღის განმავლობაში ბევრ განცხადებას ტვირთავენ. როგორ ფიქრობთ, განცხადებების რაოდენობა სააგენტოს რეიტინგულობასა და პრესტიჟზე მეტყველებს? – ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი. ასევე, საჭიროა ექსკლუზივებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე მუშაობს მხოლოდ ჩვენი სააგენტო და სხვებს არ აქვთ მასზე წვდომა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კლიენტი ჩვენს აგენტებთან თანამშრომლობდეს. მთავარია ხარისხი ბაზარზე. როდესაც დიდი კონკურენციაა, აგენტი უნდა აცნობიერებდეს, თუ რა სურს კლიენტს, რომ შეძლოს ქონების რეალიზაცია. – ფინანსური ოპერაცია რომ წარმატებით დასრულდეს, აგენტს უამრავი დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება უწევს. როგორც წესი, დამკვეთს თავის მოთხოვნები აქვს. ფიქრობთ, რომ თქვენი სააგენტო ამ მხრივ გამორჩეულია? – ვფიქრობ, რომ გამორჩეულია, რადგან ვართ სერვისზე ორიენტირებულნი. აგენტი ინტერესდება, რა სურს მომხმარებელს და მარტივია, თუ რა შესთავაზოს მას. თუ ჩვენ გვყავს ახალი თანამშრომლები, მე და კომპანიის დირექტორები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩავერიოთ და დავეხმაროთ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ჩვენ გვაქვს დიდი მონაცემთა ბაზა, ძალიან ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ და დამკვეთის ინტერესების მიხედვით ვეძებთ იდეალურ ვარიანტს. ამის შემდეგ ვადგენთ ორმხრივ ხელშეკრულებას, ვუწევთ კონსულტაციას და თუ მყიდველი თანახმაა, ისეთი ფართი გადაეცემა, როგორიც აინტერესებს. თითოეულ ჩვენს კლიენტს ვუხსნით, სასურველ უბანში რა ღირს 1კვ.მ., ვეუბნებით – როგორ ნაგებობაშია გასაყიდი ფართობი, ინტერიერი როგორი აქვს, რამდენი სველი წერტილია ბინაში, ან როგორი მასალით არის გარემონტებული და ამის მიხედვით ვაფასებთ გასაყიდ ობიექტს. პროცესში აუცილებლად გათვალისწინებულია მესაკუთრის ინტერესები.   ინტერვიუს ავტორი: ავთანდილ ზარნაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, “ცოდნის კაფეზე” მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, ამ სივრცეში განთავსდება: მულტიმედია ქართული და ინგლისურენოვანი ბიბილიოთეკები, წიგნის მაღაზია, არაფორმალური განათლებისა და შეკრების სივრცე, ტექნოლოგიების ოთახი, მცირე კაფე და საერთო-სამუშაო ადგილი. ამ პროექტის დონაციის მსურველებს “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის შესახებ ფილმში თავად საუბრობს. აქვე შეიტყობთ, თუ როგორ გახდა მაჩხაანის თეატრი ნანა ბაგალიშვილისთვის შთაგონების წყარო, წნორი – მულტიფუნქციური განვითარების ადგილი და განათლება – ერთადერთი არჩევანი. IBSU-ს მინი ფილმი “ცოდნის კაფეზე” ფილმი მოამზადეს: IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ლუკა ამბალიამ და ანა ჩალაშვილმა.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და სასწავლო სემესტრის დაფინანსება სკოლის ასაკიდან მარიამ თვარაძის ოცნება იყო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში განათლების მიღება სურდა. მარიამმა ბავშვობის ოცნება აისრულა, როცა Erasmus+ დაფინანსებული პროგრამით უნგრეთში, კერძოდ, სეგედის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. მარიამ თვარაძე: “თავდაპირველად ორი ალტერნატივა იყო – ამსტერდამის ან უნგრეთის უნივერსიტეტები. არჩევანი უნგრეთზე გავაკეთე, რადგან ეს უნივერსიტეტი 400 წელს ითვლიდა და პატარა სტუდენტურ ქალაქ სეგედში მდებარეობდა, რომლის ინფრასტრუქტურა, გარემო და სიტუაცია ჩემს ოცნებებთან ზუსტ თანხვედრაში მოდიოდა”.  გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, მარიამი სრული დაფინანსებით ცხოვრობდა, რომელიც მოიცავდა საცხოვრებლის, ყოველდღიური საჭიროებებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. სეგედში სწავლების ფორმატიც განსხვავებული იყო. ლექციების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 90 წუთს შეადგენდა, საგნები დაყოფილი იყო პრაქტიკულ და თეორიულ კურსებად, შეფასების სისტემა 5 ბალიანი, რომელიც საერთოდ არ მოიცავდა შუალედურ გამოცდებს და ქვიზებს, ფინალურები კი თითქმის ყველა ზეპირი გამოცდის სახით ჰქონდა. მარიამ თვარაძე: “გვქობდა 2 დღიანი კურსები-ტრენინგები, რომლებიც როგორც საგნები გვეთვლებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ გამოცდადად ბარდებოდა, რაც მოიცავდა თეორიულ და უხვად პრაქტიკულ სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში”. მარიამმა სეგედში დიდი გამოცდილება უცხო ენის დახვეწის მხრივ მიიღო, რადგან იგი თბილისში ქართულ სექტორზე სწავლობდა. ეს გაცვლითი პროგრამა კი მას ენობრივი რესურსების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარა. მარიამ თვარაძე: “ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემი ამ ნაბიჯის შემდეგ. პირველ რიგში გავხდი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. ის განცდა, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების, არჩევანის და მიმართულებების ბატონ-პატრონი, მეტად გამიძლიერდა და გამიუმჯობესდა საკომუნიკაციო უნარები. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ძალიან მარტივად საერთო ენის გამონახვა, დავინახე მეტი შესაძლებლობები და პერსპექტივები”. მარიამმა უნგრეთში ყოფნისას უამრავი მეგობარი შეიძინა, როგორც თანაკურსელები ასევე პროფესორები. მარიამ თავაძე: “ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჩარჩო დაიმსხვრა ჩემს ცხოვრებაში და შემიძლია ვთქვა რომ სიხალეებისადმი კიდევ უფრო მეტად ღია და მიმღები გავხდი, გამიფართოვდა თვალსაწიერი როგორც ჩემს კონკრეტულ პროფესიაში, ასევე ზოგადად ადამიანური თვალსაზრისითაც. ენასთან დაკავშირებით ბევრი კომპლექსი მომეხსნა და ახლა ზუსტად ვიცი, როგორ ვიმუშავო საკუთარ თავზე უკეთესი შედეგების მისაღებად. გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ მაქვს განცდა, რომ ვიპოვე ჰარმონია, რადგან ზუსტად ვიცი რა მინდა,როგორ მინდა, სად და როდის”. IBSU-ს სტუდენტებს მარიამი ურჩევს აქტიურად ჩაერთონ Iro IBSU-ს ფეისბუკის და ვებსაიტის კონტროლში, თვალი ადევნონ ერასმუსის ინსტაგრამ გვერდს და სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც უამრავი პროექტი ყოველდღიურად ქვეყნება. მარიამის მსგავსად, IBSU-ს მეორეკურსელ ანი ქერაშვილს სკოლის ასაკიდან მიზნად ჰქონდა დასახული რომელიმე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის გაგძელება, რომლის შესაძლებლობა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” ჩაბარების შემდეგ მიეცა. ანი ქერაშვილი: “ვარშავაში, კოზმინსკის უნივერსიტეტში სუდენტური ცხოვრება მართლაც გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდიანრეობდა, უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კოორდინატორების მიერ სწორად დაგეგმილი აქტივობებით გავიცანი ლექტორები, კურსელები, ასევე ვისარგებლე უნივერსიტეტის საუცხოო ბიბლიოთეკით. სასწავლო პროცესი უმეტესად პრაქტიკული იყო, რაც უფრო სახალიხოხ და ეფექტურს ხდიდა მეცადინეობას. ლექტორები აქტიურად იყენებდნენ საბონუსე სისტემას, რომელიც საკმარისი ქულების დაგროვების საშუალებას იძლეოდა ფინალური გამოცდების ჩაბარების გარეშე, რაც კიდევ უფრო ნაკლებ სტრესულს ხდიდა სწავლის პროცესს”. Erasmus+- ის პროექტის ფარგლებში ანის დაუფინანსდა ერთი სემესტრით კოზმინსკის უნივერსიტეტში სწავლა და საცხოვრებელი. ასევე, ჰქონდა სტიპენდია, რომელიც საკმარისი იყო უცხო ქვეყანაში სასიამოვნოდ დროის გასატარებლადაც. ანი ქერაშვილი: “კოვიდ ეპიდემიის დროს ჩავედი პოლონეთში და მიუხედავად პანდემიისა, გავიცანი უამრავი ადამიანი და შევიძინე უცხოელი მეგობრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ცოდნით, აზროვნებით და წარმოუდგენლად თავისუფლები და შრომისმოყვარეები იყვნენ. მათთან ერთად ბევრი ვიმოგზაურე და  ულამაზესი ადგილები მოვინახულე. მართლაც, არაფერია იმაზე საინტერესო, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ეცნობი და ერთმანეთს უზიარებთ ინფორმაციას საკუთარი კულტურის თუ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხების შესახებ”. ახლა ანი IBSU-ში მეოთხეკურსელია და თამამად ამბობს, რომ ვარშავადან დაბრუნების შემდეგ საქართველოში “გაზრდილი ანი” დაბრუნდა. ანი ქერაშვილი: “ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. კოზმინსკის უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ სხვა, ახალი და გრძელვადიანი მიზნები დამისახა, დამეხმარა კარიერულ წინსვლაში, ბევრ საერთაშორისო კომპანიაში გამიღო კარი და გამაცნო ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი. თუმცა მეტად საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მე, როგორც პიროვნება, საკმაოდ შემცვალა ამ ნაბიჯმა. მეტად ჩამოყალიბებული, გამბედავი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და მიმღები გავხვდი. ამ შინაგანმა ცვლილებებმა კი მომცა რწმენა იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არ მისცეთ ცხოვრებას იმის უფლება უბრალოდ ჩაიაროს, JUST DO IT!”   მასალის ავტორი: თიკა სიბოშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის მეოთხე კურსის სტუდენტს, ლენტო ბალიაშვილს საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება დაეხმარა სრულიად განსხვავებულად დაენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, მისი ხედვა და ინტერესები კი მეტად გაზრდილლიყო. მან IBSU-გან სრული დაფინანსება მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრისთვის ყოველთვიური სტიპენდიაც მიიღო. ლენტო ბალიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში, Mykolas Romeris სახელობის უნივერსიტეტში Erasmus + გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. აღნიშნული უნივერსიტეტი მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც თავს იყრიან სტუდენტები თითქმის ყველა კონტინენტიდან. აქედან გამომდინარე სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ლენტო აღნიშნავს, მისთვის ენობრივი ბარიერი პრობლემა არც ყოფილა, რადგან საქართველოშიც ინგლისურენოვან სექტორზე სწავლობდა. ლექციების ხანგრძლივობა კი ვილნიუსში ორ საათს შეადგენდა. ლენტო ბალიაშვილი: „იმუშავეთ საკუთარ თავზე, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს და მათ მიღწევებს, ორიენტირდით თქვენს მიზნებზე და დაიჯერეთ, რომ იმსახურებთ საუკეთესოს“ სწავლის პარალელურად ლენტო არასამთავრობო ორგანიზაციაში, Vilniaus arkivyskupijos Caritas-ში სტაჟირებას გადიოდა და  სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და ლტოლვილებთან მუშაობდა. ლენტო ბალიაშვილი: „ამ ადამიანებთან კომუნიკაციამ მეტად დამანახა მათი საჭიროებები და მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვის აუცილებლობა. გამოცდილებამ, რომელიც მივიღე კიდევ უფრო გაამყარა ჩემი მიზნები მომავალში უცხოეთში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მეტად შემაყვარა დასავლური კულტურა“. როგორც ლენტო ამბობს, სწავლასა და მუშაობასთან ერთად, გართობისა და მოგზაურობისთვისაც უამრავი დრო რჩებოდა. ესტუმრა ნორვეგიას, საფრანგეთს და გერმანიას. გაეცნო ვილნიუსის ღამის ცხოვრებას. იგი ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე სტუდენტურ ბარ-რესტორნებში, მოლებსა და სკვერებში ატარებდა გარკვეულ დროს. ლენტო ბალიაშვილი: „ვილნიუსში ყოფნის პერიოდი დაემთხვა შემოდგომა-ზამთრის სეზონს. ამ დროს ლიეტუვაში ძალიან ცივა, ქალაქები საშობაოდაა მორთული და ყველგან საახალწლო განწყობა იგრძნობა. ქუჩებში დარიჩინის საოცარი სურნელი ტრიალებს და საახალწლო სოფლებია მოწყობილი, რაც დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება“. ლენტოს ლიეტუვაში ყოფნის დროს მკვეთრ კულტურულ თავისებურებებთან გამკლავება არ დასჭირვებია, თუმცა აღნიშნავს, რომ ლიეტუველები მეტად ორგანიზებული და პუნქტუალური ხალხია, ზომიერიებას იცავენ თითქმის ყველაფერში და საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან. მისი თქმით, კოვიდპანდემიის გამო დიდი არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა ყველა შემთხვევაში ლიეტუვას აირჩევდა, იქ არსებული სტაბილური სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული მდგომარეობის გამო. გარდა ამისა, ლენტოსთვის ეს ის ადგილია, სადაც ძველი ეპოქის არქიტექტურა თანამედროვე სტილს ერყწმის და საოცარ გარემოს ქმნის. თუ სტუდენტს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სურს, მან თვალი უნდა ადევნოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვებგვერდს, სადაც ქვეყნდება სიახლეები. შეავსოს სასურველი აპლიკაცია. შემდეგ მას დაუკავშირდება ადმინისტრაცია და საშუალებას მისცემს თავი წარმოაჩინოს გასაუბრებაზე. ლენტო ბალიაშვილი: „შერჩევითი ეტაპის შემდეგ, მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ამყარებ კონტაქტს, რაშიც პირადად, მე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამეხმარა. შემდეგ უშუალოდ ქვეყანაში ჩასვლამდე თავად აგროვებ, იმ საჭირო დოკუმენტებს, რასაც ითხოვს მიმღები უნივერსიტეტი და ქვეყანა. მაგალითად, პასპორტი, ვიზა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ. აუცილებელია მონდომება, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მისთვის იყოს შესაძელებლი კონკურენტუნარიან გარემოში თავის წარმოჩენა”.  ლენტოსთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და წარმატებული გამოდგა. რაც მთავარია, მან გააცნობიერა, რომ გაწეული შრომა ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია. მასალის ავტორი: ანო ტვილდიანი IBSU ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი   ამავე თემაზე: მარიამ ქობალიას პირველი გაცვლითი პროგრამა ესტონეთში 

მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში წელს, პირველად იმყოფებოდა. შავი ზღვის  საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე მესამე თვეა ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის ფილიალში, ინგლისური ენის მიმართულებით სწავლობს. მარიამი ესტონეთში სპეციალური პროგრამით იმყოფება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტებისთვის შეიქმნა. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მანამდე გალის რაიონის სკოლებში სწავლობდნენ. კონკურსში მონაწილეობისთვის მარიამმა ონლაინ აპლიკაცია შეავსო, ინგლისურ ენაში ტესტირება და ბოლოს გასაუბრება გაიარა. იგი, სამივე ეტაპის შემდეგ ესტონეთში გაემგზავრა ორ თანატოლთან ერთად, რომლებიც ასევე სტუდენტები არიან გალის რაიონიდან. პროგრამა სრულად დააფინანსა „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“. ახლა, მარიამი სასტუმროში ცხოვრობს, არ იხდის სწავლის გადასახადს, დანარჩენისთვის კი სტიპენდია ჰყოფნის. ტალინში პირველად ჩასული მარიამი გაოცდა როცა აღმოაჩინა, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ ყველაფერი იკეტებოდა, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების ჩათვლით. მხოლოდ ღამის კლუბები და ბარები დახვდა ღია. არასოდეს დამავიწყდება ესტონეთში ჩასვლის პირველი დღე. ვიყავი დაბნეული და აღელვებული, რადგან არ ვიცოდი წინ რა მელოდა და როგორ გავუმკლავდებოდი სირთულეებს მათი წარმოქმნის შემთხვევაში. ეს ჩემი პირველი გაცვლითი პროგრამაა უცხოეთში და ახალი გამოწვევების გამო, შიშებიც მქონდა. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ესტონეთმა ძალიან თბილად მიმიღო. შევეჩვიე მარტო ცხოვრებას და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაც ვისწავლე. მარიამ ქობალია: „მე, სტანდარტული თვალსაზრისით გართობით დიდად არ გამოვირჩევი. აქ, ბევრს ვსეირნობ, თავიდან ძალიან ბევრ ადგილას დავიკარგე, მაგრამ შემდეგ მარტივად შევეგუე გარემოს. მიყვარს ფილმების ყურება და ხშირად დავდივარ კინოში. მაინტერესებს ერთი მუზეუმი – Vabamu Museum of Occupations და საქართველოში გამომგზავრებამდე აუცილებლად მოვინახულებ ჩვენი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროს. 3 თვეა რაც აქ ვიმყოფები და სტიპენდიიდან თანხის ნაწილით უკვე ვიმოგზაურე სტოკჰოლმში, სადაც ფრენა ორივე მიმართულებით 60 ევრო დამიჯდა, ხოლო მილანში – 80 ევრო. ჩემი რუმმეითი მალე პარიზში გაფრინდება და სამგზავრო ბილეთებში სულ 50 ევრო გადაიხადა. მე კი ნოემბრის ბოლოს ჰელსინკში გამგზავრებას ვგეგმავ, ასევე ძალიან იაფად. ადრე, მოგზაურობის ასეთი შესაძლებლობა არასდროს მქონია და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი“. მარიამმა უცხოეთში ყოფნის დროს აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ნაცნობების ნაწილი თბილისსა და ბათუმში იყვნენ ნამყოფი, საქართველოზე ბევრი რამ იცოდნენ და აინტერესებდათ. მარიამ ქობალია: „ მე, რაკი გალის რაიონში ვცხოვრობდი, მათ აინტერესებდათ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, რიგითი ადამიანების ცხოვრების წესი და პოლიტიკური ვითარება. სხვათაშორის, ერთმა ესტონელმა ახსენა, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობა ძალიან მოუწესრიგებელიაო. სხვა მხრივ კი მოეწონათ ძველი თბილისი, ბათუმის სანაპირო, აღფრთოვანებული იყვნენ ქართული სამზარეულოთი და აინტერესებდათ ისტორია“. ხმაურიან თბილისში ცხოვრებას მიჩვეული მარიამისთვის, ყველაზე უჩვეულო ესტონეთის სიმშვიდე აღმოჩნდა. მარიამ ქობალია: „ალბათ, ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, ზედმეტი სიმშვიდე და რუტინაა. ყოველდღიურობა ესტონეთში საკმაოდ მშვიდია. ადამიანები ერთი შეხედვით ცივები, მაგრამ მეგობრულები არიან. ქუჩაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსაფრთხოა. სწავლის პირველივე დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა სესია ჩაგვიტარეს, სადაც ამ ყველაფერზე გვესაუბრნენ. პოლიციელები ზრუნავენ ქალაქის სიმშვიდეზე და მზად არიან ნებისიერ დროს დაგვეხმარონ. აქაურობა საკმაოდ უსაფრთხოა. საგზაო მოძრაობაც დალაგებულია. მეტწილად მშვიდი მძღოლები არიან. თავდაპირველად შოკი მქონდა, როდესაც გადასასვლელებზე გზას უპრობლემოდ და ნებისმიერ სიტუაციაში გვითმობდნენ, საქალაქთაშორისო ავტობუსშიც კი ღვედის შეკვრა გვიწევს, მიუხედავად იმისა წინ ზიხარ თუ უკან. ფოტო: ესტონეთი,  ქალაქი სილამიაე, რომლის სანაპიროზე მარიამს განმარტოება, კითხვა და წერა მოსწონს. მარიამ ქობალია: „ესტონეთში სასაუბროდ ორივე ენას – ინგლისურსა და რუსულს თითქმის თანაბრად იყენებენ. ზოგ რეგიონში, საშუალო ასაკის ადამიანები ინგლისურს ნაკლებად ფლობენ, ამიტომ მათთან კომუნიკაცია რუსულად მიწევს“. მარიამს ესტონეთში სწავლა არ უჭირს. ინგლისური ენის ცოდნა საგრძნობლად გაიუმჯობესა და აპირებს გამოიყენოს ჟურნალისტიკაში. პროფესიის ცვლილებაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა აინტერესებს კინემატოგრაფია და დოკუმენტალისტიკა. მარიამ ქობალია: „სწავლა არ მიჭირს, რადგან დროები კარგადაა გადანაწილებული და მეც ვინდომებ, რომ კონკრეტული საგნების დედლაინებში სწორად ჩავეტიო. დამოუკიდებელი სამუშაო ბევრად მეტია, ვიდრე აუდიტორიაში. ბევრი ტესტი და სემინარია. რაც ესტონეთში ვარ, პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ამდენი რამის გაკეთება მარტოს შემძლებია. წლების წინ ამას ვერანაირად გავბედავდი, დიდ შიშთან იყო ამხელა ნაბიჯი ასოცირებული და რადგან გადავლახე ეს შიში, გამოდის, რომ გაბედულებაც აღმომაჩნდა, თავდაჯერებულობაც მომემატა და ბევრ საკითხსაც სხვანაირად ვუყურებ“. მშვიდ ესტონეთში ყოფნისას, მარიამს, ცოტა მოენატრა საქართველოს ქაოტურ გარემოში ყოფნა, მისი ოჯახი და მეგობრები, რომელთა გარეშე ყველაზე მეტად გაუჭირდა უცხო ქვეყანაში გამგზავრება. მარიამი, დეკემბერში ასრულებს გაცვლითი პროგრამით სწავლას და  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი გეგმების განხორციელებას უკვე სხვა შემართებით, უფრო გაბედული და თავდაჯერებული აპირებს.   ავტორი: თამთა მჭედლიშვილი შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის, საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი კახა გალდავა, 15 წელია პედაგოგია. იგი, ამჟამად, ისტორიას ასწავლის სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში, როგორც სამშვიდობო განათლების ტრენერი აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ნდობის აღდგენაზე მუშაობს და არაერთი კვლევის ავტორია. კახა გალდავამ, ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ თავის მოსწავლეებთან ერთად დააარსა. ერთ დღეს სკოლიდან ვბრუნდებოდი და ქუჩაში ბავშვი შემხვდა, ნახევრად შიშველი და ხელგაწვდილი. იმდენად ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ეს გახშირებული ყოველდღიურობა იყო, რომ ჩემ მოსწავლეებთან ვთქვი და იქვე ისიც ვიკითხე, ასეთ ბავშვებს როგორ შეიძლება დავეხმაროთ-თქო?! რაღაცნაირად ერთდროულად გაჩნდა იდეა, 1 ლარის „ჩელენჯის“ გაკეთების… იქნებ ასე დავეხმაროთ ადამიანებს-თქო. მერე იმ დღესვე ფონდის იდეა გაჩნდა და დავიწყეთ ფიქრი წესდების შედგენაზე. სახელზეც ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს შევთანხმდით, რომ მოსწავლეებისთვის ეს რევოლუციური მუხტი იქნებოდა, რომელსაც მათ გულში ანთებული სიკეთე იწვევდა. ამიტომ დავიწყეთ  “სიკეთის რევოლუცია” – როდის დაიწყო თქვენი პედაგოგიური კარიერა და იყო თუ არა თქვენი მიზანი მასწავლებელი ყოფილიყავით? – მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას 15 წლის წინ შევუდექი. თითქოს ეს არც მისწავლია, თავიდანვე იყო ჩემში. სესილია თაყაიშვილი ამბობდა, მასწავლებლად უნდა დაიბადოო, ჰოდა ალბათ ჩემში თავიდანვე იყო რაღაც მარცვალი, რომლის აღმოცენებას და მოვლას 15 წლის მანძილზე ყოველდღიური ზრუნვის ხარჯზე ვახდენ. როდესაც სკოლას ვამთავრებდი უკვე ვიცოდი, რომ რამდენიმე წელში სკოლაში დავბრუნდებოდი და ზუსტად 5 წელში იქ სადაც სკოლა დავასრულე დავბრუნდი მასწავლებლად. – 15 წლიანი გამოცდილების, სწავლის და განვითარების ფონზე, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა თქვენში, როგორ განვითარდით პროფესიულად? – სკოლაში მუშაობის 15 წელი შეიძლება  არც ბევრია და მაგრამ  არც  ცოტაა. ყოველ წელს ვხვდები, რომ ცვლილებები აუცილებელია. შეიძლება წელს რასაც აკეთებ იმ მეთოდებიდან არცერთი არ იყოს შემდეგი წლისთვის სასარგებლო და მისაღები. მოსწავლეთა განვითარების დონე და ინდივიდუალური საჭიროებები მუდმივად იცვლება. რაც არ უნდა მრავალფეროვანი გეჩვენებოდეს მასწავლებელს განხორციელებული აქტივობები, შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს თუ მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებებს არ იცნობ და არ ითვალისწინებ. დღეს, მასწავლებლობა გაცილებით რთულია ვიდრე ჩემი ბავშვობის პერიოდში, ოთხმოცდაათიანებში იყო. დღეს მწვავედ დგას ემიგრაციაში მყოფი მშობლების შვილების საკითხი. მასწავლებელს დღეს უწევს შეითავსოს მასწავლებლის, ფსიქოლოგის, მშობლის, მეგობრის და ამავე დროს ჯანსაღი კრიტიკოსის ფუნქცია. ვფიქრობ, რომ ოცდამეერთე საუკუნის მასწავლებლის მთავარი გამოწვევა მარტო საგნის კარგად ცოდნა კი არა, არამედ სოციალური უნარების განვითარებისთვის ზრუნვაა. ამიტომ ყოველი წლის ბოლოს ვაჯამებ ჩემ ჩატარებულ სამუშაოებს და განვლილი  წლის შეფასების საფუძველზე ვგეგმავ ახალ სასწავლო წელს – რა მეთოდებს იყენებთ საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოგარჩევთ სხვა პედაგოგებისგან? – საგაკვეთილო პროცესი მთლიანად აგებული მაქვს ჰუმანურ პედაგოგიკაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღეს ვიღას უკვირს მასწავლებელი რომ არ ყვირის, არ ჩხუბობს, შეურაცხყოფას არ აყენებს ბავშვებს და დისკრიმინაციას არ უწევს სხვადასხვა სახითო, მაგრამ დამიჯერეთ დღეს ამის არაერთი მაგალითი და გამოვლინებაა ჩვენ ქვეყანაში. ჩემი გაკვეთილი არასოდეს არის ერთნაირი. ვცდილობ სხვადასხვა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი აქტივობებით, ფილმებით, დისკუსიით, მოვლენათა ანალიზით, არგუმენტირებული მსჯელობით, კონსტრუქტივისტული მიდგომებით და სწავლა – სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების დაუფლებით გავიდეთ ფონს. თქვენ წარმოიდგინეთ მოსწავლეს მადლობას ვუხდი, როცა შეცდომას უშვებს გაკვეთილზე, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება მისცე მოსწავლეს ეფექტური უკუკავშირი და იქვე ვეუბნები, რომ მან საშუალება მისცა საკუთარ თავსაც და დანარჩენ მოსწავლეებსაც, რომ აქ, საკუთარ მოედანზე მოახდინონ, ის ცვლილებები, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი მოქალაქეები. – თქვენს მიერ მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციებში მიღებულ მონაწილეობასა და გამოცდილებაზე  რომ გვიამბოთ. – მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე ორჯერ მივიღე მონაწილეობა მომხსენებლის ამპლუაში. ასევე, სამჯერ ქვეყნის გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებზე, ერთხელ ერევანში 2019 წელს და ორჯერ სტამბულში 2020 და 2021 წლებში. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის, რადგან ისე არაფერი ზრდის მასწავლებელს პროფესიულად, როგორც თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. – თქვენ მიერ შედგენილ სასკოლო კურიკულუმზეც რომ გვიამბოთ. – ორი წელია ვმუშაობ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო დანერგვის ექსპერტად, ისტორიის მიმართულებით. შესაბამისად აქტიურად ვარ ჩართული ქოუჩინგის პროცესში. ვითანამშრომლე 32 სკოლის 52 ისტორიის მასწავლებელთან და შევადგინეთ ინდივიდუალურად სასკოლო კურიკულუმები. რა თქმა უნდა აქტიურად მივიღე მონაწილეობა მათი დანერგვის ეტაპზე და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით ერთად ვაფასებდით მიღწეულ შედეგს.  ასევე მონაწილეობა მივიღე სასკოლო კურიკულუმის შედგენაშიც. მე და ჩემმა კოლეგა ბექა კვაჭაძემ შევადგინეთ თემატური მატრიცა “გვიანი შუა საუკუნეები და ადრეული ახალი დრო” რომელიც საქართველოს ყველა სკოლაში სასკოლო კურიკულუმის ნაწილი გახდა. გარდა ჩართული სკოლებისა, არაჩართული სკოლებისთვის განვახორციელე პროექტი “იყავი ჩემი მასწავლებელი ერთი დღით” სხვადასხვა სკოლებში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავდიოდი და ვატარებდი გაკვეთილს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით და ასე ვეხმარებოდი მასწავლებლებს დაეგეგმათ და დაენერგათ სასკოლო კურიკულუმი თავიანთ სკოლებში. – როგორ მოხდა თქვენი წარდგენა “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე”? – მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე პირველმა გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ წარმადგინა. თავიდან არ მინდოდა აპლიკაციის შევსება, მაგრამ ჩემმა დირექტორმა ქალბატონმა ხათუნა ფაილაძემ და დირექტორის მოადგილე ქალბატონმა ციური ხურცილავამ არ მომცეს გასაქანი და ალპიკაციაც შევავსე. ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, რომელიც უნდა გამოჩნდეს. – მიზეზი რა იყო რის გამოც არ გინდოდათ აპლიკაციის შევსება? – ვფიქრობ, რომ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ღვაწლმოსილი მასწავლებლები უნდა წარადგინონ. მასწავლებლები, რომლებმაც მთელი სიცოცხლე მოსწავლეთა პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას შეალიეს. მასწავლებლები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას ემსახურებიან და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა ერის და თაობების წინაშე. რა თქმა უნდა მივესალმები ახალგაზრდების წახალისებას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მასწავლებელს მაღალი სტანდარტები სჭირდება. მიუხედავად იმისა 15 წელია სკოლაში ვარ და ჩემ საქმეს კარგად ვემსახურები, მაინც მქონდა გულწრფელი თავმდაბლობის მომენტი და არა მოჩვენებითი თავის დაფასების. – რას უკავშირებთ თქვენს წარმატებას? – ამაზე მოკლედ და მარტივად გიპასუხებთ – მოსწავლეების სიყვარულს, საქმისადმი თავდადებას და მიღწეულ შედეგებს, რომელსაც ყოველ წელს ჩემი მოსწავლეები აჩვენებენ.   ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი    

“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს. მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა? სულ მინდოდა რომ მხატვარი ვყოფილიყავი.ძირითადად პორტრეტების ხატვა მიზიდავს, ეს ის არის რაშიც საკუთარ თავს ვპოულობ. თუმცა, ვცდილობ მხოლოდ პორტრეტების ხატვით არ შემოვიფარგლო და ექსპერიმენტებს ვატარებ. რა გიყვარს ყველაზე მეტად შენს საქმიანობაში? თვითონ ხატვის პროცესი არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩემს ემოციებს და ფიქრებს ხატვით გამოვხატავ. როდის გადაწყვიტე რომ მხატვრობა შენი პროფესია უნდა გამხდარიყო? პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ეს ის იყო რაც მჭირდებოდა. ვხატავდი ყველგან სადაც შემეძლო ფურცელზე, კედელზე, მერხზე, დაფაზე. ახლა სამხატვრო აკადემიაში ვეუფლები მომავალ პროფესიას. როგორც უკვე ახსენე კედელზე ხატვაც გეხერხება,მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ. მეთერთმეტე კლასში ვიყავი როდესაც გადავწყვიტე რომ ჩემი სოფლის ნაცრისფერი კედლები გამელამაზებინა. ჩემი სოფელი პატარა დასახლებაა და მეც ამოვირჩიე რამდენიმე ასეთი უსახური კედელი და დავიწყე მოხატვა. ადვილი ნამდვილად არ იყო რადგან ამ ყველაფერს დრო სჭირდება ,მაგრამ დრო არაფერია როცა იმას აკეთებ რაც გიყვარს. ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი? ჩემი საყვარელი მხატვარია ფრიდა კალო, ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე. სიცოცხლე ხომ ღმერთისგან ნაბოძები უდიდესი საჩუქარია რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ. პანდემიამ როგორი გავლენა მოახდინა შენზე? საკმაოდ კარგი, რადგან დრო მქონდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ფიქრის. ვფიქრობდი ყველაფერზე მომავალზე, წარსულზე, ახლანდელზე. ასევე, ვქმნიდი სხვადასხვა ნახატებს და ვცდილობდი მომავალ პროფესიას უკეთესად დავუფლებოდი. რას ურჩევ ახალგაზრდებს? ეს ის წლებია რომელიც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ახალგაზრდებს ვურჩევ რომ არასდროს შეეშინდეთ და ყოველთვის წინ იარონ. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდება და ისე იქნება როგორც ჩვენ გვსურს.     ავტორი: ქეთი მიქელაძე ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე ქულებში ასახული შედეგი. ანასგან გავიგებთ თუ როგორ უნდა მოვექცეთ ზრდასრულები მოზარდებს, რომ მოტივაცია არ დაკარგონ, თვითშეფასების ნაკლებობა არ განუვითარდეთ, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლონ და უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ. ფსიქოლოგის თქმით, მოტივაცია მოძრაობას ნიშნავს. ეს არის ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ის არ გვავალდებულებს, მაგრამ ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის წინსვლისთვის, ცვლილებებისთვის. ანა აღნიშნავს, რომ ზრდასრულები უნდა დაფიქრდნენ, შედის თუ არა ბავშვის ინტერესებში ის, რის გაკეთებასაც მას სთხოვენ და რაც ყველაზე მთავარია, შესაბამისობაშია თუ არა მოზარდის უნარებთან და შესაძლებლობებთან მათი ეს სურვილი. „მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვს არ აქვს მოტივაცია, თუმცა აღმოჩნდება, რომ ინდივიდს მოტივაცია აქვს, მაგრამ სხვა ინტერესებთან მიმართებით და არა იმ კონკრეტულის მიმართ, რასაც მასწავლებლები ან მშობლები ავალდებულებენ.“ ბავშვის მიმართ კმაყოფილების სიტყვიერი გამოხატვის მნიშვნელობაზე საუბრისას, ანა მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ შექება აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური და დამსახურებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ვაწესებთ მაღალ მოლოდინებს და მოზარდს შეცდომის დაშვების უფლებას არ ვუტოვებთ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვის ყველა წარმატება და უნარი. მისი ყველა მცდელობა უნდა იყოს დაფასებული და შემჩნეული. „ასე ხდება, როდესაც გვაქებენ, ვხვდებით, რომ რაღაც კარგად გამოგვდის და თვითშეფასებაც ადეკვატური გვაქვს. როცა ვიცით, რომ გამოგვივა, თამამად ვბედავთ“. ანა აღწერს ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ბავშვის გარშემომყოფების მიერ, რათა ის უფრო მიზანდასახული გახდეს. „თუ ინდივიდს აქვს გამოცდილება, რომ რაღაც კარგად გამოუვიდა, მით უფრო მაღალია მისი თვითშეფასება. აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ რა მიზნებსაც ჩვენ, ზრდასრული პიროვნებები ვუსახავთ მას, იყოს მისი შესაძლებლობების ადეკვატური.  მას უნდა ჰქონდეს პროცესებთან გამკლავების უნარი. ბავშვს, რომლის მიმართაც მაღალი მოლოდინები აქვთ, საკუთარი თავის მიმართაც მაღალი მოთხოვნები უვითარდება. ამ დროს კი, უჭირს ისეთი მიზნის დასახვა, რომელიც მართლა მიღწევადია.“ ანას თქმით, დაბალ თვითშეფასებასთან ერთად, ზომაზე მაღალი თვითშეფასებაც უარყოფით გავლენას ახდენს მოტივაციის ხარისხზე. „ზოგჯერ, ბავშვი ფიქრობს, რომ მას უკვე საკმარისზე მეტი მიღწევა აქვს და შესაძლოა, სიახლის ძიება აღარც კი მოუნდეს. ამიტომ, საფრთხე ამ შემთხვევაშიც არსებობს. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდების დემოტივაციასთან, ბავშვებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ, შეისწავლონ, საკუთარი ძალების ირწმუნონ. ჩვენ კი ისეთი რაღაცები უნდა შევთავაზოთ, რაც მათთვის სასიამოვნოა.“ შეკითხვაზე, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი თავის სიყვარული, ანა გვპასუხობს: „ბავშვი, საკუთარი თავის სიყვარულს, სწავლობს გარშემომყოფებისგან. ფიქრობს – თუ მშობლებს უპირობოდ ვუყვარვარ, მეც მიყვარს საკუთარი თავი, ხოლო თუ სიყვარულის სანაცვლოდ, პირობები მიწესდება, არ ვარ იდეალური. პირობითად, რამდენიმე საფეხური არსებობს: პირველი – როგორი დამოკიდებულება აქვთ და როგორ ავლენენ სიყვარულს მშობლები ბავშვის მიმართ; მეორე – როგორ უყვარს მშობელს საკუთარი თავი და როგორ ავლენს ამ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ; მესამე – როგორ უყვართ მშობლებს ერთმანეთი და როგორ ავლენენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მეოთხე – როგორ ექცევიან ისინი გარშემომყოფებს.“ მშობლების არასწორი ქცევითი გამოხატულებების უარყოფით შედეგებზე საუბრისას, ანა გვეუბნება, რომ ჰიპერმზრუნველი მშობლების შვილებს, ხშირად აქვთ მოტივაციის ნაკლებობა. ისინი მიჩვეულები არიან, რომ მათ ნაცვლად, დედა, მამა ან ნებისმიერი სხვა გააკეთებს ამა თუ იმ საქმეს. არ უჩნდებათ სურვილი გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თავად სცადონ, თუნდაც, შეცდომა დაუშვან. „ეს ბავშვების ბრალი არ არის. არ გვაქვს უფლება და ვერ დავადანაშაულებთ თუ ზრდასრულ ასაკშიც ვერ გამოვლენ ამ როლიდან და ყოველთვის დაელოდებიან, რომ მათ ნაცვლად საქმეს სხვა გააკეთებს. ჩვენ იმაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ თუ რა ახშობს ინდივიდის ბუნებრივ მოტივაციას და რა უშლის ხელს საკუთარი რესურსების გამოვლენაში და არა  გამუდმებით ვეძებდეთ პასუხს შეკითხვაზე თუ როგორ ავუმაღლოთ ბავშვებს მოტივაცია.“   ავტორი: ნინი შაორშაძე ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი დაძლია. ძალოსანი გვესაუბრება მის ამჟამინდელ ემოციებზე, განცდებსა და სამომავლო გეგმებზე, გვიხსნის თუ რაში გამოიხატება ვარჯიშის განსაკუთრებული სირთულე, როგორი ურთიერთნდობა/ურთიერთდამოკიდებულება აქვს მწვრთნელთან და რისი დათმობა უწევს, წარმატებისთვის ბრძოლის სანაცვლოდ. გეგი, იშვიათ მდგომარეობაში ხარ, თუ გიხდება შენი თავისთვის თქმა, რომ „აი, ახლა თავში არ ამივარდეს!“ ? არა, ეს აზრი ჯერ არ გამჩენია. ისევ ისეთი ვარ, ჩვეულებრივი, როგორიც აქამდე. არ მგონია, ოდესმე რაიმემ იმდენად შემცვალოს, რომ „თავში ამივარდეს“. გეგი ამბობს, რომ ძალოსნობა ბავშვობიდან იტაცებდა. 10 წლის იყო, როდესაც საკუთარი ინიციატივით დაიწყო ვარჯიში. მშობლებიც მის სურვილს დაჰყვნენ და პირველივე დღიდან – დღემდე, მოტივაციას აძლევენ. „ჩემი არჩევანი იყო, თავად გადავწყვიტე, ინსპირირებული არავისგან ვყოფილვარ, მაგრამ თავიდან მომწონდა ეს სპორტი, ახლა კი – მიყვარს. მხარდაჭერა ყველასთვის და ყველა დროს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოჯახის მხრიდან და მე ამას ყოველთვის ვგრძნობ.“ მისივე თქმით, ძალოსნობა რკინასთან ჭიდილია და ძელის მიმართ, სხვადასხვა მომენტში, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ხან – მტრული, ხანაც – მეგობრული. „ძელი ჩემი მეტოქეა მაშინ, როდესაც ფიცარნაგზე ვარ, როცა ძალით უნდა ვაჯობო, რა თქმა უნდა, ჩემი კონკურენტია, თუმცა გამარჯვებას იმდენი დადებითი ემოცია მოსდევს, რომ მაშინვე ერთმანეთის მოკავშირეები ვხდებით“. როგორც გეგი ამბობს, სიმძიმის აწევა გაცილებით რთულია, ვიდრე უკვე აწეულის ჰაერში დაფიქსირება. შეკითხვაზე თუ რას გრძნობდა იმ 2-3 წამის განმავლობაში, როცა თავს ზემოთ 177-კილოგრამიანი ძელი ეჭირა, გვპასუხობს: „ერთადერთი განცდა სიხარულის მქონდა, სხვა არაფერი მახსენდება. გონება ერთადერთ რამეზეა კონცენტრირებული, რომ უნდა ასწიო და გაიმარჯვო. როდესაც ჯერ სწევ, შემდეგ კი აცნობიერებ, რომ იმარჯვებ კიდეც, რა უნდა განიცადო, გარდა სიხარულისა“. იგი პირადი მწვრთნელის, გიორგი გაბრიჭიძის მიმართ დამოკიდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი უკვე 7 წელია ეხმარება განვითარებაში, დახვეწასა და წინ სვლაში. „უამრავ სასარგებლო რჩევას მაძლევს, ძელის აწევის ტექნიკას კი შესანიშნავად მასწავლის“. გეგის აზრით, თუ სპორტსმენს სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი. „მქონია შემთხვევა, როდესაც ვერ წავსულვარ გასართობად, მეგობრებთან ერთად. უარი მითქვამს ექსკურსიაზეც. ჩემთვის ღირებულია მეგობრების გარემოცვაში ყოფნაც, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე, სპორტდარბაზის ეს სივრცე უფრო მნიშვნელოვანია“. ცნობილია, რომ ძალოსნობა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ოლიმპიადის პროგრამა კიდევ გადაიხედება. „ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვერ დავიჯერებ. დიდი იმედი მაქვს არ ამოიღებენ. არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან ძალოსნობა ერთ-ერთი წამყვანი და უძველესი სპორტია“ –  ამბობს გეგი. ბოლოს, გეგი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გვესაუბრა და დამწყებ ძალოსნებს, რამდენიმე რჩევაც მისცა: „მონდომება, შრომა და საკუთარი თავის რწმენა, ეს სამი არის უმთავრესი, როცა წარმატებაზე ვიწყებთ საუბარს და შემდგომ უკვე – სვლას. დამწყებ ძალოსნებს ვეტყოდი, რომ ჯერ თავიანთი თავები აღმოაჩინონ ამ სპორტში და არა მხოლოდ მოსწონდეთ ის, არამედ – უყვარდეთ. შემდეგ კი, მოინდომონ, ივარჯიშონ, რაღაც-რაღაცებიც დათმონ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ღირებულის მიღწევა სურთ“.   ავტორი ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting