შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

Page: 3

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.  2023 წლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა.  არჩევნები დღეს, 6 აპრილს, დილის 10 საათიდან 18 საათამდე უწყვეტ რეჟიმში, ონლაინ მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. იმისათვის რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვლილიყო კანდიდატს 866 ხმაზე მეტი უნდა მიეღო. ბოლო მონაცემებით, ქეთი ფანქველაშვილის სასარგებლოდ 882 ხმა დაფიქსირდა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ანა იმედაშვილი იქნება, ლაშა არაქელოვი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლას უხელმძღვანელებს, ლუკა რაქვიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მართვას ჩაიბარებს, ხოლო ვერიკო სირია სამართლისა და სახელმწიფო მმართველობას გაუძღვება. იხილეთ თუ რას აცხადებდნენ კანდიდატები, დღეს, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. https://www.youtube.com/watch?v=Y9eIOHb4ykg მასალის ავტორები: დავით მათიაშვილი და გვანცა გოგიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

თეიმურაზ ხუციშილი ასოცირებული პროფესორია მათემატიკის დარგში, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკის მიმართულებით. თეიმურაზ ხუციშილს გამოცემული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო და მონოგრაფია ტურისტიკისა და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სფეროში. მისი თანაავტორობით დაიბეჭდა 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ბატონი თემური 2013-2016 წლებში  იყო  სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტისა (N 57/04) „თურქეთში მდებარე საქართველოს ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული ძეგლების კატალოგი“. ინტერვიუ ეხება ბატონი თემურ ხუციშვილის თაოსნობით ჩატარებულ კვლევებს საქართველოს ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში. –  ბატონო თემურ, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, რომ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. – მე ვარ  თეიმურაზ  ხუციშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მათემატიკის დარგში და პარალელურად ვმუშაობ ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების კვლევების მიმართულებით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ გამოვცეთ 1000-ზე მეტი კულტურული ძეგლის ჩამონათვალი, სადაც დეტალურად იქნება თითოეული აღწერილი. –   ბატონო თემურ,  თავდაპირველად რატომ და როდის  გადაწყვიტეთ ტაო- კლარჯეთში წასვლა და იყო თუ არა სიცოცხლისთვის სახიფათო იმ პერიოდში თქვენი იქ ვიზიტი? –  მინდა გითხრათ, რომ 2003 წელს  სახიფათო აღარ იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო და თურქეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანად ითვლებოდა. სახიფათო გახლდათ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული. თუმცა, ძველი ინერციული დამოკიდებულება მაინც შემორჩენილი იყო და რამდენჯერმე მოგვიწია თურქეთის საპატრულო პოლიციის მხრიდან შეყოვნება ჩვენს მარშრუტზე.  გვიმოწმებდნენ საბუთებს, გვეკითხებოდნენ, თუ  ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით შავი ოქროს მაძიებლები და ე.წ. შავი არქეოლოგები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად თხრიან მიწას და ეხებიან კულტურულ ძეგლებს, ოქროს ძიების ინტერესით. თუმცა, რომ იგებდნენ რეალურ მიზეზს, პირიქით, კარგად გვეპყრობოდნენ და  ჩაიზეც გვეპატიჟებოდნენ. –  რა შედეგები მოჰყვა თქვენს ვიზიტს ტაო-კლარჯეთში? –  საკმაოდ კარგი შედეგები მოჰყვა. შოთა რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა დაგვიფინანსა რამდენიმე პროექტი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. პირველი ექსპედიციის შემდეგ, კვლავ განვახორციელეთ 25-ზე მეტი საკვლევი ექსპედიცია,  უკვე  ახალგაზრდების ჩართულობით. საუკუნე-ნახევრის კვლევის ისტორია აქვს ტაო-კლარჯეთს და  ძირითადი ძეგლები  ჯერ კიდევ ჩვენამდე იყო გამოკვლეული. პირველ რიგში, დავასახელებ ექვთიმე თაყაიშვილს, ნიკო მარს, უვაროვას, რომელთა დროსაც ეს ყველაფერი ხდებოდა. მთავარი შედეგი კი ის იყო, რომ აღმოჩნდა, კიდევ საკმაოდ ბევრი ძეგლი  ყოფილა აღმოსაჩენი. ჩვენი ექსპედიციების შედეგად, დაახლოებით, 1000-მდე კულტურული მნიშვნელობის ძეგლი აღმოვაჩინეთ და შევისწავლეთ. – თქვენი პირველი ექსპედიციის შემდეგ, დაინტერესდნენ თუ არა სხვა მკვლევრები ტაო-კლარჯეთში ვიზიტით და დაიგეგმა თუ არა  სხვა ექსპედიციები ამ მიმართულები? –  დიახ , რა თქმა უნდა. ჩვენ პარალელურადაც და ჩვენ შემდეგაც იყო რამდენიმე მკვლევარი, მათ შორის, გამოვყოფდი პროფესორ ბუბა კუდავას, ბატონ ჯაბა სამუშიას, დოქტორ გიორგი ბაგრატიონს , რომელთა ხელმძღვანელებითაც  მიმდინარეობდა კვლევები. იყო ძალიან ბევრი ექსპედიცია, ბევრი კვლევა, ბევრი აღმოჩენა. მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გარეშე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გამოვირჩეოდით სპეციალური მეთოდიკით. ეს გულისხმობდა ნებისმიერი სოფლის, ხეობის თუ ადგილის ძალიან დეტალურად ჩხრეკას, კვლევას, ინფორმაციის მოგროვებას და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ შედეგამდე. – როგორ ფიქრობთ, მიგიძღვით თუ არა წვლილი ისტორიული საქართველოს ამ მხარის შესახებ  ცნობადობის ამაღლებაში? –   დიახ, თუ იმას ჩავთვლით, რომ ჩავატარეთ რამდენიმე პრეზენტაცია, ჩვენი ათზე მეტი ნამუშევრის; ასევე, თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ რამდენიმე ათეული პუბლიკაცია გამოქვეყნდა ამ თემაზე. ყველაზე საყურადღებო იყო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონფერენცია, სადაც გაიმართა ჩვენი მოხსენებითი საღამო. ასევე, თუ   გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქულ, ქართულ, თუ სხვა ქვეყნების საძიებო სისტემებში რომ მოვძებნოთ ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ ინფორმაცია, პრაქტიკულად, ყველგან ჩვენს კვლევებს და ანგარიშებს გვიჩვენებს. ყველაზე სასიხარულოა, რომ ყველა ჩვენი ძეგლი მოხვედრილია თურქულ საინფორმაციო საიტებზე. – ბატონო თემურ, დაგეხმარათ თუ არა გიორგი მერჩულეს ნაწარმოები- „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“  შატბერდის სამონასტრო კომპლექსის აღმოჩენაში? –  პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ შატბერდი მე პირადად არ აღმომიჩენია, ის თავდაპირველად აღმოაჩინა მინე ქადიროღლუმ. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა, რადგან ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ძალიან მცირე ტირაჟით, გერმანულენოვან გამოცემა „გეორგიკაში“, რის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ქართველ მკვლევრებსაც კი არ ჰქონდათ. ამის შესახებ გავიგე  ავსტრიელი მკვლევრისგან – პაულ კარტნერისგან, რომელმაც მითხრა, რომ მინე ქადიროღლუს უკვე ჰქონდა ეს ობიექტი მიკვლეული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მერჩულის ნაწარმოების მიხედვით მიაკვლია სწორედ მინე ქადიროღლუმ ამ სამონასტრო კომპლექსს. თუმცა, ჩვენი დამსახურება ის არის, რომ საქართველოში  შატბერდზე მანამდე მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სრულიად სხვა სამონასტრო კომპლექსს, ენი რაბათს უწოდებდნენ შატბერდს. –  როგორც ჩემთვის ცნობილია, ისეთი  საზოგადო პირები, როგორებიც არიან ნიკო მარი, გიორგი ყაზბეგი, დავით ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები, არაერთხელ ყოფილან იმავე საძიებო მარშუტზე. თქვენი აზრით, რატომ ვერ აღმოაჩინეს მათ ეს ათეულობით ძეგლი? –    დიახ ეს პიროვნებები იყვნენ ჩვენი პირველი გზამკვლევები და იყო პირველი, ყოველთვის რთულია. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებდნენ არქიტექტურულად და ხელოვნებით გამორჩეულ ძეგლებზე. თუ ძეგლი მთლიანად დანგრეული იყო, ან თითო ოროლა კედელი იყო შემორჩენილი, იმას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. ასევე არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი. მაგალითად, ჩვენ 25-ზე მეტი ექსპედიცია ჩავატარეთ. სხვა ჯგუფებმაც ათობით ექსპედიცია განახორციელეს. უხეშად რომ ვთქვათ, ჩატარდა დაახლოებით 50 ექსპედიცია, რომლებიც  დაფინანსებული და კარგად ორგანიზებული იყო – ავტომობილებით და სპეციალური აღჭურვილობით. ეს ყოველივე  გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე პირველი მკვლევრების მიერ ცხენებით, ნაომარ სიტუაციაში ჩატარებული კვლევები. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ყოველთვის პირველები იქნებიან ამ მარშუტზე. ამერიგო ვესპუჩიმ პირველმა აღმოაჩინა ამერიკა და ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა  ჩავიდეთ ამერიკაში, ვერასოდეს აღმოვაჩენთ მას თავიდან. –    როგორც ზემოთ აღნიშნეთ,  პირველმა ექსპედიციამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. რომ არა თქვენ, იქნებოდა თუ არა ეს  ექსპედიცია იმავე შედეგის მომტანი? –   დიახ, ჩემი მონაწილეობით ჩატარებული ექსპედიცია, რომელიც 2003 წელს   ბატონ კახა შენგელიასთან, ვალერი სილაგავასთან და შალვა მაჭავარიანთან ერთად ჩავატარეთ,  იყო საინტერესეო და  ინიციატივა ჩემი იყო. ასევე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ბატონი კახა მაშინ სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა და მან ამ სიახლეების გაცნობისა და აღმოჩენების შემდგომ, განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩნა ტაო-კლარჯეთის მიმართ და სწორედ ამ თემატიკით შეცვალა სადისერტაციო თემა. –   ტაო კლარჯეთი, როგორც ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, როგორ გამოიყურება დღეს? ცხოვრობენ თუ არა ქართველები და არის თუ არა შენახული „საქართველო“ ამ  კუთხეში? –  ორი ხეობა არის, სადაც პრაქტიკულად ქართულენოვანი სოფლებია, ეს არის იმერხევი, შავშეთსა და კლარჯეთს შორის  და ასევე სამხრეთი ტაო. მოსახლეობის საურთიერთო ენას წარმოადგენს ქართული, თუმცა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა  და, ასევე, პირველმა მსოფლიო ომმა დიდი გავლენა იქონია. ომის დროს იქ მყოფი, მაღალმთიან ტერიტორიაზე დასახლებული, მწირი ქართველი მოსახლეობა ცენტრალურ თურქეთში გადასახლდა. – არიან თუ არა იქ ახალგაზრდები შემორჩენილი და საუბრობენ თუ არა ქართულად? დიახ, არიან შემორჩენილი მთიან რეგიონებში და საუბრობენ კიდეც ქართულად, თუმცა, მაინც დიდ ქალაქებში მიდიან, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე. –  ბატონო თემურ, ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას როგორ უვლიან და აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას? რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე? –   დიახ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ძალიან მნიშნელოვანი კულტურული ძეგლი, მაგალითად, იშხანი და ოშკი, თურქებმა თავიანთი ძალებით აღადგინეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გრანტები მოიპოვეს ამისთვის. შეისწავლეს ფრესკებიც, წარწერებიც

ინტერვიუ თბილისის N30-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელთან  მანანა შველიძესთან.  – რთულია იყო მასწავლებელი? – ძალიან რთულია იყო მასწავლებელი, რადგან თითოეულ მოსწავლესთან უნდა შეძლო კონტაქტის დამყარება და ყველაზე მთავარი არის ის რომ წლების გასვლის შემდეგ შენი მოსწავლის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეს, როდესაც ქუჩაში შეხვდები გზის მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს, არამედ უნდა მოვიდეს და ჩაგეხუტოს განახოს ის სიყვარული და სითბო რაც შენ მასში ჩადე 12 წლის განმავლობაში. – რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა? – ბავშვობიდან მინდოდა გამოვსულიყაბი ჯერ მსახიობი, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ყოველი შესვლა გაკვეთილზე ჩემთვის იყო პატარა სპექტაკლი. ჩემი გაკვეთილი ყოველთვის იყო განსხვავებული, რადგან ვცილობდი ყოველთვის რაღაც ახალი შემეტანა ან გამეკეთებინა, ვდგავდი პატარა სპექტაკლებს, ვლაპარაკობდი ემოციურად და ეს ყველაფერი ბავშვებს მოსწონდათ და მე ეს ყველაფერი მაბედნიერებდა და რაც მთავარია ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ მათთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. – იყენებთ თუ არა სხვადასხვა გზებს მოსწავლის წამახალისებლად და თუ იყენებთ რა გზებით ცდილობთ ამის გაკეთებას – მოსწავლეების წამახალისებლად ვიყენებდი სხვადასხვა გზებს. ვუკეთებდი მათ სხვადასხვა საჩუქრებს საუკეთესო ყოფაქცევისთვის, საუკეთესო საუბრისთვის, საუკეთესო გაკვეთილისთვის და ა.შ ამით ვცდილობდი გამეხალისებინა ისინი ხოლო შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ბავშვის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში ამიტომ მათ ვეობნებოდი სამოტივაციო სიტყვებს „შენ შეგიძლია“ „მე მჯერა შენი“ „შენ ყველაფერს შეძლებ“ და არაჩვეულებრივ შედეგს ვიღებდი. მანანა შველიძე: სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვი, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი როგორც მასწავლებლის აზრით რას ფიქრობთ, როდესაც მშობელთა კრებაზე ერთი ბავშვის შეფასება ხდება სხვა მშობლების თანდასწრებით მიგაჩნიათ თუ არა ეს ყველაფერი დაუშვებლად? – ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია. შეიძლება ილაპარაკო უშუალოდ კლასზე და საერთო თემებზე, თუმცა ერთი კონკრეტული ბავშვის შეფასება სხვების თანდასწარებით არ მიმაჩნია სწორად. მე შევესწარი ერთხელ სიტუაციას, როდესაც მშობლის გაღიმებული სახე უცებ ჩამქრალა, როდესაც სხვების თანდასწრებით საკუთარ შვილზე ცუდს ეუბნებოდნენ. შვილი მშობლისთვის უდიდესი საჩუქარია და უდიდესი ტკივილია ამიტომ ჩემი აზრით არასდროს არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ქმედებები მშობელთა კრებაზე. საჭიროა მიდგომა მშობელთან თუ როგორ უთხრა მისი შვილის უარყოფითი თვისებები რა თქმა უნდა ცალკე მშობელთა კრების გარეშე. – თქვენი აზრით ღირს თუ არა მასწავლებლად ყოფნა? – მასწავლებლად ყოფნა ღირს, რადგან ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომა მე არ მეგულება ისეთი პროფესია, რომელსაც ასეთი შრომა სჭირდება, როგორც მასწავლებელს. დასაფასებელია, როდესაც შენ მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ მიაქვს შენგან მიღებული ცოდნა, სიყვარული, როდესაც შენ ხედავ რომ მასში ბევრი რაღაც ჩადე აი ამის გამო ღირს ცხოვრება, როდესაც დაინახავ შენ ხელწერას ამ ბავშვში. შესაბამისად ვფიქრობ რომ მასწავლებლობა ღირს. – რა სასწავლო სტრატეგიას იყენებთ ბავშვებისთვის სწავლის მისაღებად? – 33 წელია სკოლაში ვმუშაობა მასწავლებლად და ყველა სასწავლო სტრატეგია გამომიყენებია რაც შემოუთავეზებია სკოლას და ხანდახან ჩემი ინიციატივითაც ვაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ყველა სასწავლო სტრატეგია გარკვეული დოზით კარგია, თუმცა საჭიროა ამის სწრაფი ცვლა, რადგან მოსწავლეებს სულ ერთი სტრატეგიით სწავლა ბეზრდებათ. მე ყოველთვის ვაკეთებდი გადარბენას ანუ გონებრივ იერიშს ბავშვებში რაც ძალიან მოსწონდათ, რადგან მთელი კლასი ჩართული იყო ამაში, თუმცა რაღაც პერიოდის მერე ვცვლიდი და სხვა სტრატეგიას ვიყენებდი რაც ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის. სასწავლო სტრატეგიები კარგია თუ ცვლი სისტემატიურად და ჩართული ახალი ყველა ახალი სტრატეგიის გამოყენებასა და განხილვაში. – თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი რომ მოსწავლე ხშირად არ ამჟღავნებს ინტერესს კონკრეტული საგნის მიმართ და რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში მასწავლებელმა? – ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი ერთ-ერთი მიზეზი არის ოჯახი, რომელიც ბავშვს უწყვიტავს მომავალს და ეობნება ექიმი უნდა გამოხვიდეო ამ შემთხვევაში ბავშვი არ ისწავლის სხვა საგნებს ისეთი ინტერესით როგორც ბიოლოგიას ან ქიმიას. ამის მიზეზი მასწავლებელიც შეიძლება იყოს, რადგან ვერ ატარებდეს გაკვეთილს ისე, რომ ამით ბავშვი დააინტერესოს ან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვი ჩამორჩა რაღაც საფეხურზე და ვეღარ ახერხებს გაგრძელებას რადგან შეიძლება გაუჭირდეს გამოტოვებული მასალის გარეშე.მე ვნანობ ყოველთვის იმას რომ ბავშვი დაბალი ქულით შემიფასებია, რადგან მე არ ვიცოდი რა პრობლემა შეიძლება ქონოდა მას და რის გამო ვერ შეძლო გარკვეული მასალის მომზადება. – თქვენი აზრით რას აძლევს სკოლა ბავშვს გარდა განათლებისა? – სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვის, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი აზრით ონლაინ სწავლების პერიოდში მიიღო თუ არა ბავშვმა ის განათლება რასაც მიიღებდა საკლასო ოთახში სწავლის პერიოდში? – ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჩემთვის იყო კატასტროფა რადგან ვერ ვხედავდი ბავშვებს და მიჭირდა გაკვეთილის ჩატარება, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად დადებითიც იყო მაგალითად მე შემეძლოს უფრო ფართოდ მიმეწოდებინა მასალა ბავშვებისთვის ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით. უფრო კარგად ვმუშაობდით რუკებზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ბავშვზეა დამოკიდებული ყველაფერი, რადგან თუ მას სწავლა სურს ის ონლაინაც ისწავლის. მოტივაციას აქვს დიდი მნიშვნელობა გინდა ისწავლი და თუ არ გინდა ვერ ისწავლი.   მასალის ავტორი: გიორგი ერაძე  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ „დიარჯი სისტემა“ პირველი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე მენეჯერი თათული სიჭინავა გვესაუბრება. – მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის დიარჯი სისტემა? – დიარჯი (DRG) არის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდი. მისი შემუშავების საფუძველი დასაფინანსებელი ხარჯების შემცირება იყო. 1980-იან წლებამდე დაფინანსება ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით, რამაც ჯანდაცვა თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა. ამიტომ, რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო დიარჯის სისტემა, რითაც დააჯგუფა დიაგნოზები და, წინასწარი კვლევების საფუძველზე, ფასები ამ ჯგუფების მიხედვით დააწესა. – როგორია დიარჯი სისტემა საქართველოში? – რომ გითხრათ მოქნილია-მეთქი, არ იქნება მართალი. აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. – თუ შეგიძლიათ, გვითხრათ ეს დადებითი და უარყოფითი მხარეები – საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში აქამდე გარკვეული სახის მომსახურებებს სხვადასხვა კლინიკა სხვადასხვა ფასში აწვდიდა მომხმარებელს. შეიძლებოდა, ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა ქალაქში ან, თუნდაც, სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ყოფილიყო. პაციენტი ზედმეტი თანხის გადახდისგან თავს ვერ იცავდა. ამას ემატება რიგი მომსახურებები, მაგალითად, ექიმის ჰონორარი, ან VIP პალატა – რომლის ფასსაც კლინიკა თვითონ ადგენდა და, შეიძლებოდა, პაციენტის ნების გარეშეც დაემატებინა მისთვის ეს ხარჯი. დიარჯის შემოსვლის შემდეგ, კლინიკები ვალდებულები არიან, პაციენტს მხოლოდ და მხოლოდ ის თანხა გადაახდევინონ, რასაც პროგრამა მიუთითებს. ზედმეტის გადახდა გამოირიცხა. ეს ამ სისტემის დადებითი მხარეა. თან, მთელ საქართველოში, ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასია. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, დიარჯის სისტემის შემოსვლამდე იყო რიგი დაავადებები და დიაგნოზები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებდა, თავისი დაწესებული ტარიფის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ასე აღარ არის. ყველა პაციენტს – რა დიაგნოზითაც არ უნდა მოხვდეს კლინიკაში – გარკვეული პროცენტული თანაგადახდა მაინც უწევს. გამოდის, რომ თუ პაციენტი სოციალურად დაუცველი ან ვეტერანი არაა, ყველა შემთხვევაში იხდის ფულს, 10, 20 ან 30 პროცენტს, ზოგ დიაგნოზზე კი თანაგადახდები 1000 ლარს სცდება. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომელთა ჰოსპიტალიზაციის რისკი მაღალია და უფრო ხშირადაც ხვდებიან კლინიკაში, ძალიან უჭირთ ამხელა თანხის გადახდა. მით უმეტეს, იციან, რომ აქამდე არ იხდიდნენ. ცუდი, ასევე, არის ის, რომ კლინიკებმა წინასწარ არ იციან, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს პაციენტს, სანამ მისი გაწერის დღე არ დადგება და შემთხვევა პორტალზე არ დაიხურება. შემდეგ ეს პორტალი წერს გადასახდელ თანხას, რაც პაციენტებში დიდ აგრესიას იწვევს. – თქვენი აზრით, მზად იყო თუ არა ქვეყანა ამ გამოწვევისთვის? – ჩემი აზრით, ქვეყანა კი იყო მზად – მოსახლეობაც და კლინიკებიც სიახლეებს მარტივად მივიღებდით – მაგრამ თვითონ სისტემა არ იყო კარგად მომზადებული. ჩემი აზრით, წინასწარ კვლევები უნდა ჩაეტარებინათ; პროგრამის ჩაშვებამდე ბევრ რამეს უნდა დაკვირვებოდნენ; კონსულტაციები გაევლოთ კლინიკებთანაც, ექიმებთან და მოსახლეობასთანაც. ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ახლა ყველა ერთად ვსწავლობთ და, სავარაუდოდ, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ ორივე მხარე, რის შედეგებსაც დრო გვაჩვენებს. – დიარჯი სისტემისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისია მსოფლიო გაიდლაინით გათვალისწინებული მკურნალობისთვის? – რიგ შემთხვევაში – კი და რიგ შემთხვევაში – არა. გარკვეული კუთხით, ეს კლინიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, რომელიმე კლინიკამ იმდენად მოინდომოს ტარიფში ჩატევა, რომ ხარისხი საგრძნობლად შეამციროს – რაც აუცილებლად აზარალებს პაციენტს. მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ყველაფერი გაუკეთო პაციენტს და სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა არაფერში გეყოს. არის დიაგნოზები, რომლებშიც არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც სამკურნალოდ არის საჭირო; მაგრამ ბევრი მძიმე დიაგნოზია, რომლებსაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ. როცა პაციენტის მდგომარეობა რთულდება და ტარიფი საკმარისი აღარ არის. – რას ურჩევდით მოსახლეობას ამ სისტემასთან დაკავშირებით? – ვურჩევდი, რომ უფრო მეტად გაერკვიონ დაფინანსებებში, კლინიკაში შესვლისთანავე. პაციენტები, რომლებიც უკვე საპენსიო ასაკში ან შშმ პირები არიან (რომელთაც, ასე თუ ისე, დიდი თანხების გადახდა უწევთ), კარგი იქნება, კერძო დაზღვევითაც თუ ისარგებლებენ. ამ შემთხვევაში, კერძო დაზღვევა თავის თავზე აიღებს იმ დაფინანსებას, რაც პაციენტს თავისი ჯიბიდან უნდა გადაეხადა.   მასალის ავტორი: ნინო ჯინჭარაძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი

მუხრან ფუტკარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმში. მან, 2010 წელს დაასრულა საშუალო სკოლა, 2014 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და 2016 წელს სდასუში დაამთავრა მაგისტრატურა იმავე განხრით. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. არ იმყოფება ქორწინებაში.   – რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ სამართალდამცავის პოზიციაზე? – 2017 წლიდან ვმუშაობ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მაქვს 5 წლის გამოცდილება. – როგორ გრძნობაა, როდესაც საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავ? – ეს პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე სიამაყეა როდესაც მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ეს სისტემატიურად ხდება, ანუ ერთჯერადი ხასიათი არა აქვს. – როგორია გამომძიებლის ერთი დღე მოკლედ რომ აგვიხსნათ? – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ პოლიციის თანამშრომლის ყოველი დღე არის განსხვავებული, რადგანაც ყოველდღიურად სხვადასხვა პიროვნებებთან გვიწევს ურთიერთობა, ეს იქნება დამნაშავე თუ დაზარალებული, ყველასთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითხოვს ძალიან დიდ პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. – მოგვიყევით საინტერესო ამბავი რაც სამუშაოს პროცესში გადაგხდენიათ? – მოკლედ, შეტყობინება შემოვიდა , რომ მოქალაქე ველოსიპედით მდინარეში ჩავარდა, თანამშრომელთან ერთად გავედით შემთხვევის ადგილზე, ისეთი ვითარება დაგვხდა, რომ მოქალაქე იხრჩობოდა, გამოძახებული იყო სამაშველო დეპარტამენტი, მაგრამ აშკარად ჩანდა თუ სამაშველოს დაველოდებოდით, მოქალაქე დაიხრჩობოდა, ჩემმა თანამშრომელმა ზ,რ თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად ჩავიდა მდინარეში და მოქალაქე გადაარჩინა დახრჩობას. – გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებაში იცვლება ან ყალიბდება თუ არა გარკვეული სტრატეგიები? – დროის გასვლასთან და გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად იხვეწება კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები, შესაბამისად ყალიბდება გარკვეული სტრატეგიები სხვადასხვა დანაშაულებთან მიმართებაში რაც ძალიან ეფექტურია. – საქსტატის მონაცემებით სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობას თუ დავაკვირდებით 2016 წლიდან 2021 წლამდე საგრძნობლად მომატებულია კრიმინალი, თქვენი აზრით რის შედეგი შეიძლება იყოს ეს? – ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გასცეს ანალიტიკურმა სამსახურმა რომელიც ამ ყველაფერს ანალიზს უკეთებს, შესაბამისად კვალიფიციურ პასუხს ეს სამსახური გაგცემთ. ჩვენს მუშაობის რეჟიმს რაც შეეხება დიდი ცვლილება მე არ მიგრძვნია. – ასევე საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტი დანაშაული 2019 წელს არის დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? – ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია და შესაბამისად პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. – თქვენ როგორც სამართალდამცავი პირი თქვენი გადმოსახედიდან წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ არა კრიმინალთან ბრძოლა? – დროის გასვლასთან ერთად იზრდება დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება შესაბამისად კიდევ უფრო ეფექტური ხდება პოლიციის მიერ გატარებული ღონისიებები კრიმინალთან ბრძოლაში. – კანონის ცვლილების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რას შეცვლიდით კანონმდებლობაში, კრიმინალის შემცირების მიზნით? – კრიმინალთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობა, სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რიგ შემთხვევებში თუ გავამკაცრებთ, მოქალაქეს ეს უფრო დაეხმარება მისი ქმედების სათანადო შეფასებაში და შემდგომში მივიღებთ უფრო კანონმორჩილ მოქალაქეებს. მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევების აღმოსაფხვრელად თუ ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ სამართალდამრღვევის დაჯარიმებით  და საერთოდ ავუკრალავთ ავტომობილის მართვას, ამას ექნება პრევენციული ხასიათი და საბოლოო ჯამში კარგი შედეგიც მოყვება. საუბარია ალკოჰოლური და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მიმართ.   – თქვენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები? – ბევრი დადებითის თქმა შეიძლება აქედან შეგვიძლია გამოვყოთ ის, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ხარ და იცავ შენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ხელ გეწიფება თანამოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა რაც საამაყოა უარყოფითი ის არის რომ როცა ასრულებ სამსახუროებრივ მოვალეობას, ოჯახის წევრები აცნობიერებენ საფრთხეს, შეგვიძლია გავიხსენოთ საგარეჯოს შემთხვევა ,სადაც ერთერთი პოლიციის თანამშრომელი გმირულად შეეწირა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, მსგავსი მაგალითები რა თქმა უნდა ბევრია. – თქვენ რომ ყოფილიყავით სამინისტროს ხელმძღვანელი თუ შეცვლიდით რამეს? – ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისად არსებული დინამიკა მოწონებას იმსახურებს და არაფერს არ შევცვლიდი. – საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისას დიდ რისკზე მიდიხართ ხოლმე, ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხართ ამისთვის – ყველა პოლიციელი გადის სათანადო მომზადების კურსს, სადაც ცხადია მოისაზრება ფსიქოლოგიური მომზადება, შესაბამისად ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, შეიძლება ვთქვათ რომ სამართალდამცავი პირები და მეც ფსიქოლოგიურად მზად ვართ ყოველგვარ სიტუაციაში უზრუნველვყოთ, როგორც ჩვენი ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება. – რა სახის გადამზადებები გაქვთ ხოლმე თქვენს თანამშრომლებს და რა პერიოდულობით იმისათვის რომ ყოველთვის მზად იყოთ მოვალეობების შესასრულებლად? – პოლიციის აკადემიაში, სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ხდება პოლიციის თანამშრომლების გადამზადება თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გასაუმჯობესებლად, რაც გვაძლევს იმის რესურსს და გვეხმარება იმაში რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი.   მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი

გულიკო ქალდანი კოდორის ხეობიდან დევნილი, 75 წლის ქალბატონია. ინტერვიუთი გავიგებთ, თუ როგორი ტრადიციები არსებობდა მის ოჯახში, როდესაც ოჯახი სვანეთში ცხოვრობდა და როგორ გრძელდება ეს ტრადიციები დევნილობის პერიოდში. გულიკო ქალდანი არის უშიშარი ქალი, რომელმაც იძულებით მიატოვა თავისი სახლი, მეუღლესთან ერთად და ჩამოვიდა თბილისში, რათა ცხოვრება ახლიდან  დაეწყო.   – კოდორის ხეობას როგორ აღგვიწერდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს მხარე არ გვინახავს? – კოდორის ხეობა იყო ულამაზესი, ირგვლივ უზარმაზარი ხეებით შემორტყმული ადგილი. ყინულივით ცივი მდინარე კოდორი მოედინებოდა, ყველას ეზოში ყვავილები ყვაოდა. ჩემი ეზოც გამოირჩეოდა მოკლედ გაკრეჭილი ბალახით, ყველა კუთხეში  ყვავილებით, გარშემო უზარმაზარი ბაღებით, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. ყველას ჰყავდა საქონელი და ფრინველი, არავის არ უჭირდა. ყიდვა არც გვჭირდებოდა, ყველას ყველაფერი გვქონდა. მე 6 შვილი მყავს და როცა თბილისში წავიდნენ, ექვსივეს ვუგზავნიდი ნობათს – ყველს , ხორცს და ა.შ. ხალხიც საუკეთესო ცხოვრობდა, დიდებული და ერთმანეთის მოსიყვარულე. შრომა და ჯაფა არავის არ ეზარებოდა. რაც მთავარია, მოთმინება ჰქონდათ, რათა ჰქონოდათ ყველაფერი რაც  ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ. ყველას ჩვენი ნაშრომი გვქონდა ოჯახებში. – როგორც ახსენეთ, 6 შვილი გყავთ. როგორ ანაწილებდით დროს შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს შორის? – ბავშვები ისე გავზარდე, რომ არც ერთ წამს არ ვაცდენდი უშრომელად. დღისით  მეც და ჩემი მეუღლეც  მიწასთან ვმუშაობდით, სახლის საქმეებს ვაკეთებდი, საქონელს ვუვლიდი, ყველს და სხვა  რძის პროდუქტს ვამზადებდი და ღამე გვიან ვიწყებდი ბავშვების ტანისამოსის მოწესრიგებას. შეიძლებოდა, დამთენებოდა, თუმცა, შვილებს მოუწესრიგებლად არასდროს არ გავუშვებდი სკოლაში. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, გვერდში დამიდგნენ და მეხმარებოდნენ, ყველას თავისი საქმე ჰქონდა განაწილებული. დროს ფუჭად არ ვკარგავდი და ამიტომ არც არასდროს გვიჭირდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საკვები და ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდებოდა.. – იძულებით გადაადგილების შემდეგ როგორ მოახერხეთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია? – კოდორის ხეობის დატოვება ძალიან გაგვიძნელდა. რაც ნამუშევარი გვქონდა, ყველაფერი ასე უბრალოდ დავტოვეთ. სახლი, შინაური ცხოველები, ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, ამდენი წლის ნაგროვები, დავტოვეთ და ორი ჩანთა ტანსაცმლით წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. მე კიდევ ძლიერად ვიყავი, ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა.  მახსოვს, არაფერი არ იყო ხელმოსაჭიდი, ყველა უკან ვიხედებოდით და ცრემლები გვახრჩობდა. რა უნდა გვექნა, მეტი გზა არ იყო. აქ ჩამოსულს ის მამხნევებდა და გულს ის მიკეთებდა, რომ შვილები ახლოს მყავდნენ, სითბოს არ მაკლებდნენ. ნელ-ნელა მივეჩვიე გარემოს. მხნედ ვარ და ვცდილობ, ისეთი გზები გამოვნახო, რაც ცოტათი მაინც დამაახლოებს სვანეთთან. არ ვივიწყებ ტრადიციებს, რასაც სვანეთში ვასრულებდი. ჩემი მეუღლე ჩამოსვლიდან მალევე დაიღუპა, ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, ის სვანური წეს-ჩვეულება, რაც  გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სრულდება, მუდმივი იყოს და ჩემი მეუღლის სულისთვის საცხონებელი. გულიკო ქალდანი: მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ. – სვანური კულტურა და ტრადიციები მრავალფეროვანია. მინდა, გკითხოთ, რომელი ტრადიცია მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ – – ტრადიციები მრავალფეროვანი გვაქვს. ყველაზე მეტად გვიყვარს  „ლიფაანალი“  – ასე ჰქვია სვანურად. ვითომ, სულები შემოდიან სახლში, სამარხო სუფრას ვუწყობთ 18 იანვარს, რადგან მარხვაა. რაც კი ოჯახში პროდუქტი გვაქვს, ყველაფრით ვაკეთებთ საკურთხის სუფრას. მეორე დღეს ხსნილდება და არასამარხვო საჭმელსაც ვამატებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს ზოგჯერ 1 კვირა, ზოგჯერ 3-4 დღე. 18 რიცხვის მომდევნო ორშაბათს კი სულებს სახლიდან ვაცილებთ და ამ დღესაც ვამზადებთ საკურთხს. რაც რამე გვაქვს, ყველაფერს ვუმზადებთ და ვუშვებთ სახლიდან. ვიცით განსხვავებული ლოცვები სვანურ ენაზე, ვიცით საკლავის შეწირვა, „სეფისკვერის დაცხობა“და ა.შ – როგორც ვიცი სვანეთში, დიდ ყურადღებას ანიჭებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ლოცვას და განსხვავებული წეს-ჩვეულებები გაქვთ. როგორ ხდება ეს თქვენს ოჯახში? – როცა ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, დაკრძალვის მერე, მე-9 დღეს „პირის გახსნას“ ვეძახით და საკლავს ვკლავთ, მთელ სოფელს ვეპატიჟებით. იმის შემდეგ, ყოველ შაბათს, 40 დღის განმავლობაში სუფრას ვამზადებთ და სასაფლაოზე მიგვაქვს. ვაკურთხებინებთ და ვლოცულობთ სულის საცხონებლად. 40 დღის შემდეგ კი ყოველთვის საკურთხს ვუკეთებთ და ეს ერთგვარად ჩემს ოჯახში ყოველთვის ხდება, როცა შვილები და შვილიშვილები იკრიბებიან. ყველა, ვისაც შეუძლია, ჩემთან მოდის და ერთად ვაკეთებთ საკურთხს. ვფიქრობ, ერთმანეთის ნახვით ჩვენი გარდაცვლილიც ხარობს და ჭირის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების მაგალითიც არის ეს წესი. – რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც დღეს იძულებით გადაადგილებული პირია? მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ.   ინტერვიუს ავტორი: ანანო სამხარაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი      

მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მის გამოჩენას როგორც თეატრის, ასევე, მუსიკალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კახა აბუაშვილი საზოგადოებაში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს. კაბუმ მსმენელს და მაყურებელს თავი საინტერესო როლებით და სოციალურ თემატიკაზე სიმღერით დაამახსოვრა. ის დღემდე აქტუალურია, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ცხოვრების უცნობი ფაქტები ბევრმა არ იცის. – კაბუ, რომ არა მსახიობი და რეპერი, ვინ იქნებოდი დღეს? – აზრზზე არ ვარ, ალბათ, ქუჩის ბიჭი ვიქნებოდი. – ბევრმა არ იცის – ბავშვობაში ჭიდაობაზე დადიოდი. რამ შეგიშალა ხელი, სპორტს გაჰყოლოდი? – ჩემს წონაში ვერავინ ნახეს ჩემხელა. 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ვჭიდაობდი მესამე კლასელი ბავშვი და მჩაგრავდნენ. თან, არც მოსწონდათ უფროს სპორტსმენებს, როცა ხედავდნენ, რომ პატარა მძიმე ბავშვს ეჭიდავებოდნენ. ბოლოს, ვიღაც ბავშვმა ჭიდაობის დროს შემაგინა, ჰოდა, მე და ჩემმა კლასელმა მთელი დარბაზი ვცემეთ.  მეორე დღეს მამაჩემი დაიბარეს. მწვრთნელმა უთხრა, ნახეთ, რას დაამსგავსა ბავშვები, ამას გავაგდებთო. რას გამაგდებთ, ამათთან როგორ ვიჭიდავებ-მეთქი – ეს იყო ჩემი რეაქცია, რის გამოც მამა ჩამეხუტა და მაკოცა. შემდეგ ცხენოსნობაზე ვიარე. – მაშინ, როდესაც  ტელევიზიაში გამოჩენა ბევრის ოცნება იყო, შენ პოპულარობის ზენიტში იყავი. შეინარჩუნე, რასაც მაშინ მიაღწიე? – მაშინ მივაღწიე იმას, რომ ადამიანებმა გამიცნეს. შემდეგ ხალხს შევუყვარდი და ამან ძალიან გამახარა. ბოლოს მაგას უფრო მივაწექი, ვიდრე იმას, რომ მე კაბუ ვარ. ადამიანს რომ უყვახარ, ყველაზე დიდი ჰონორარი ეგ არის. ჰონორარი არ გაწყენს, მაგრამ მთავარი ხალხის სიყვარულია. ხანდახან, როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და ჩემს მეორე მე-ს ვეკითხები, რა გაგიკეთებია-მეთქი, მეორე მე მეუბნება, რა არ გაგიკეთებია, ნახე, რამდენ ხალხს უყვარხარო (იცინის). მახარებს ეს ამბავი, ესაა ჩემი მთავარი მიღწევა და ის, რაც შევინარჩუნე. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, ხალხის ტაში კარგია, მაგრამ პატარა ბიჭი არ ვარო… შენს შემთხვევაში, სად დამთავრდა ენთუზიაზმი? – როცა მივხვდი რომ ტაში აღარ მიმიყვანდა სახლში, მანდ მქონდა დიდი პროტესტი იმის გამო, რომ მსახიობს ფული არ აქვს. – კაბუ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდი, სადაც დედის დაბადების დღეს გაიპარე. რამ გადაგაწყვეტინა? – უბნელებმა ვთქვით, წავიდეთო და ასე წავედით ომში. მხედრიონს მივყვებოდით, დაგვაგვიანდა. იმ რეისს უნდა გავყოლოდით, რომელი თვითმფრინავიც ააფეთქეს, უბრალოდ დაგვაგვიანდა.  გავიგე, რომ იპოდრომზე იყო დისლოკაციის ადგილი. არ უყომანიათ ბევრი, იარაღი მომცეს, რომლის გამოყენება წესიერად არც კი ვიცოდი და მეორეკურსელი წავედი ომში. მეცვა ჯინსები, „ინსპექტორები“, ბენდენა და „ქამელეონი“ მეკეთა. მაგრად მახსოვს, შავი მაიკა და თხელი კურტკა მეცვა. ეზოში ვმოძრაობდი, ვიღაც ტიპი მოვიდა, სად იღებენ იარაღსო. ვკითხე სად ხარ ნაომარი-მეთქი და სანამ  ჩამოთვალა, მე გავიპარე (იცინის). ეს მებრძოლი აღმოჩნდა ჯონი, რომელმაც მთელი ბატალიონი გადაარჩინა. მაგარი ბიჭი იყო. როცა ჩაიცვა, დამბურძგლა. ბიჭებთან დავახლოვდი გზაში, ჯონიმ ვიღაცებზე მითხრა, მაგათ ნუ ენდობიო. კინდღში როცა შევედით და პირველი ყუმბარა გვესროლეს, მანდ მივხვდი, მართალი იყო ჯონი. ნახევარი გაიპარა. – მეუღლესთან – ანუკასთან დღემდე ცივილური ურთიერთობა გაქვს. რა არის ამის საიდუმლო? – ბავშვების თემაა, ალბათ. მე ძალიან მიყვარს ადამიანები. ანუკა რაც წავიდა, იმის მერე კონფლიქტი არ გვქონია. თვითონაც კარგი გოგოა. იცის, რა შეიძლება და რა არა. ბავშვობაში რაც ვერ გამოვიჩინეთ, ახლა გამოვიჩინეთ და დავალაგეთ ურთიერთობა. – პოპულარობის დროს გაგიტაცეს. როგორ მოხდა ეს ამბავი? – გოგოებმა რომ გამიტაცეს, მაგას გულისხმობ? მაშინ 20 წლის ვიყავი, პირველი ალბომიც არ მქონდა გამოშვებული. მეგობარი გოგონა მყავდა და მასთან ერთად ვიყავი კლუბში. როცა სიმღერას მოვრჩი, გოგოები შემოვიდნენ. ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი დეიდაშვილის ქორწილში მომეწონა და მითხრა, გარეთ წითელი ტაქსი გელოდებაო. გამოვედი და გოგოებმა მომიტაცეს.   ვუთხარი, რას აკეთებთ, გოგოსთან ერთად ვარ და ისიც წამოვა-მეთქი. წრე დავარტყით და ლალიჩკაც ჩაგვიხტა. წავედით და ისეთი გარყვნილობები ვნახე… ძაან გამთანგეს და ბოლოს გვერდზე ვიჯექი. არ მავიწყდება ის დღე. მაგრად გამისწორა. – საფრანგეთს შევეხოთ. ციხეში გატარებულმა დრომ თუ მოახდინა შენს ცხოვრებაში გარდატეხა? – რომ გითხრა, რაღაც შესამჩნევად შეცვალა-მეთქი, არა. ერთადერთი ის შეცვალა, რომ ენა ვისწავლე. ვვარჯიშობდი, კუნთები გამიჩნდა და იქაური სისტემა გავიცანი. ერთი მხრივ, რომ შევადაროთ რუსული და ფრანგული სისტემა, ეს ადვილია, თითქოს, მაგრამ ვიღაცებს ნანახი ჰქონდათ რუსული სისტემა და მაინც უჭირდათ. რადგან თუ ხარ ბოსი და პირამიდის თავში გაქვს ადგილი, უფრო პრივილეგირებული ხარ. იქ არიან ქართველები, რომლებიც 10 წელი სხედან სამარტოო საკანში. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ შვილებს ღირსეულ მამობას ვერ უწევ. ახლა, როცა აქ ხარ და უფრო მეტი დრო გაქვს, იმავე აზრზზე ხარ? – მაშინ მდგომარეობა მქონდა ისეთი, ფიზიკურად არ მინდოდა, დავენახე. ახლა კი არის მამა დალაგებული სახით, მაგრამ თვითონ არიან სხვა ასაკში. როცა ვეუბნები, მამიკო, აბა, რამე მომიყევი-მეთქი, მეუბნებიან, რა მოგიყვეო. მაინც ვერ მოვახერხე ის, რომ დამეძმაკაცებინა, მაინც აქვთ რაღაც ბარიერი და ვერ მივხვდი, საიდან მივიდე მათთან. ვხედავ, ბავშვიც კედელს ეხეთქება, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაგრამ ვერ მივუდექი. მოვა მაგის დროც. უბრალოდ, მეშინია, ძალიან გვიანი არ იყოს. – ლევან წულაძესთან თავს დამნაშავედ თვლი? – თვითონ არ თვლის, ალბათ, რომ დამნაშავე ვარ. ერთადერთი, მხოლოდ იმაში მთვლის დამნაშავედ, რომ ჩემს თავს დავუშავე. წყინდა, რომ არასწორად ვექცეოდი ჩემს თავს. ლევანი არის ჩემი მასწავლებელიც და ყველაფერი. ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის. მე რომ დავიხვეწე, როგორც მსახიობი, ჭოლას და „სარდაფის“ დამსახურებაა. დიდი დრო გავატარე თეატრში. უფრო მსახიობად ვთვლი თავს, ვიდრე რეპერად. არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე გავხდი რეპერი. პოპკულტურა არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ყვები, რა ხდება რეპში. ახლა მგონი ცოტაა პოეტი რეპერი, უფრო სხვანაირად განვითარდა რეპი. აბსოლუტურად განსხვავებულია. მაშინ სხვა პრობლემები გვქონდა. ახლა ფულზე, მანქანებზე და ქალებზე რეპავენ. – როგორი უნდა იყოს  ჭეშმარიტი მსახიობი? – უზრუნველყოფილი. მსახიობი როცა ამბობს: „ფული არ მაინტერესებს“, არის ჭეშმარიტი მონა. მსახიობი სახლში რომ მიდის და ჩაი არ აქვს, იმას ტაში არ აინტერესებს. თავისი საქმე უნდა უყვარდეს. ჭოლამ მაგარი რაღაც იცოდა, ვინც სამსახურში დადიხართ, ნუ დადიხართო, გვეუბნებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა და შემდეგ მივხვდი. მსახიობი საკუთარ საქმეს ისე არ უნდა უყურებდეს, რომ, თითქოს, სამსახურში მიდის. უფრო მეტსაც გეტყვი, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. როცა ყველა ქუჩის ბიჭი და მსახიობია, საქართველო არ გაბრწყინდება. – საფრანგეთში შეხვედრისას მითხარი, რომ შემოქმედებითი ჩავარდნა გქონდა. ახლა როგორ ხარ? – მგონია, რომ ღმერთთან ნაკლები კონტაქტი მაქვს და ეგ არის ყველაფრის საწყისი. ჩემი სათქმელი არ ამომიწურავს. კი მაგრამ, უნდა ამ ხალხს შენი პრობლემები? რაზე ვიმღერო? გადავწყვიტე, სიბნელეზე ვიმღერო. რაღაც უნდა ვთქვა და ვიტყვი. ერთი დაწყება მინდა და დავანახებ, რომ ვყარვართ, ცუდ დღეში ვართ და პროსტა ვიკიდებთ. გეგონება, ჩვენ არ ვართ აქ; გვგგონია, მხოლოდ რუსია ჩვენი მტერი. ვამბობთ, აფხაზეთი დავიბრუნოთო და პლეხანოვი გვაქვს დასაბრუნებელი. გოგოები გვყავს დასაბრუნებელი, მაგრამ ეგ როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. შაჰ-აბასმა ხმლით რაც ვერ გაგვიკეთა, მაგის ნათესავმა გაგვიკეთა ფულით და ფალოსით. – ლექს-სენი თუ ბერა? – ბერა. ბერას ნაფიქრი აქვს, ხარისხი აქვს და – ადე ზეზე, გამო მზეზე დამახიე აგერ – ეს საერთოდ ვინ არის, ვერ გავიგე. – სამომავლო გეგმებზე რას ფიქრობ? – ალბომი

– თათია, გთხოვთ წარგვიდგინოთ საკუთარი თავი. – მოგესალმებით, მე ვარ თათია ჯანიაშვილი, 31 წლის. ამჟამად ვარ დასაქმებული შპს „ნესტლე საქართველოში“ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. დამთავარებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტის ადმინისტრირების განხრით, ხოლო მოგვიანებით ცოდნა გავიღრმავე უფრო ვიწრო სპეციალობით, კერძოდ, განათლება მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ოპერაციათა მენეჯმენტის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული მაგისტრატურის გავლის შემდეგ შევიცვალე სამუშაო ადგილი და 2016 წლის 1 ივნისიდან დასაქმებული ვარ შპს „ნესტლე საქართველოში“. ბოლო 2 წელია, ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. – რას მოიცავს აღნიშნული მიმართულება თქვენს კომპანიაში და რამდენად რთულია ამ მიმართულებით მუშაობა? – თქვენს კითხვაზე პასუხს დავიწყებ კითხვის მეორე ნაწილით. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობა არის საკმაოდ სტრესული, დამღლელი და მოითხოვს 24/7-ზე ჩართულობას. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველდღიური რუტინაც კი არ ჰგავს სტანდარტულ რუტინას. ყოველდღიურ საქმიანობაში გვხდება არაერთი არასტანდარტული სიტუაცია და ფორსმაჟორი. ყოველი დღე გამოწვევაა, დღის ბოლოს კი ხვდებით, რომ კიდევ ერთ გამოწვევას გაუძელით და საკუთარი თავისთვისაც საინტერესო აღმოჩენები გააკეთეთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნულ პროფესიაში სირთულეები გეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში, პრობლემების მოგვარებისას შეძენილი ინფორმაცია კი თქვენთვის ცხოვრებისეულად გამოსადეგი იქნება. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქართულ ბაზარზე, ლოჯისტიკის დეპარტამენტი ზრუნავს შერჩეული პროდუქციის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე – სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს შესაბამის ლოკაციებამდე. უფრო დეტალურად კი – პროცესი იწყება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროდუქტის დეტალური შემოწმებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტი ვალდებულია, იცნობდეს ქართულ კანონმდებლობას, რომ შემოტანილი პროდუქცია არსებულ რეგულაციებს შეესატყვისებოდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვამოწმებთ საიმპორტოდ შერჩეული პროდუქციის რეცეპტურას, შემდგომ – მათ შეფუთვებს და თუ ყველა მახასიათებელი აკმაყოფილებს ქართულ კანონმდებლობას, იწყება საიმპორტო დოკუმენტაციის დამუშავება. ამ უკანსაკნელი პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანიას აღარაფერი აბრკოლებს, რომ პროდუქციის იმპორტი დაიწყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გადაზიდვის საშუალებები, საიმედო გადამზიდი კომპანიები და სატრანზიტო რისკები. სწორედ სატრანზიტო პროცესი არის სიურპრიზებით სავსე და ხშირად რთულია გაითვალისწინო ყველა ის რისკი, რომელიც, შესაძლოა, უდროო დროს გამოჩნდეს დაბრკოლებად. – რა გავლენა იქონია პანდემიამ და უკანასკნელმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოჯისტიკის მიმართულებაზე თქვენს კომპანიაში? – რეზიუმირებულად რომ გითხრათ, პანდემიამ და, მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ „ნესტლეზე“, არამედ სხვა მსგავს იმპორტიორ კომპანიებზეც. ორმხრივ ზეგავლენაში ვგულისხმობ როგორც პოზიტიურ, ასევე უარყოფით მხარეებს. ერთი მხრივ, პანდემიამ იქონია უარყოფითი გავლენა ბაზარზე – მოხდა ტოტალური კოლაფსი, შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების გართულებით; ხოლო მოგვიანებით გაჩაღებულმა ომმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპორტზეც. მეორეს მხრივ კი – რთული სიტუაციიდან გამოსვლისთანავე, დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა ათწლეულში იყო და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება გამოწვევებს – იყო არაერთი, საკმაოდ მრავალმხრივი და დროში სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემა. საიმპორტო კომპანიებისათვის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდგომ, რაც დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, საერთაშორისო ბრენდებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს. არც „ნესტლე“ იყო გამონაკლისი და რუსეთში წარმოებული ქვებრენდების 90% ლიკვიდირდა. მარტივად რომ ვთქვათ – წარმოება შეჩერდა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული 85-90% პორტფელისა უნდა ჩანაცვლებულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფო წესით გახდა საჭირო, ალტერნატიული ქარხნები რუსეთის გარეთ მოგვეძებნა. ჩვენს კომპანიას გაუმართლა, რადგან საერთაშორისო კომპანია ვართ და გაგვიმარტივდა ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ქარხნის მოძიება, რომლებიც ალტერნატიულ პროდუქტებს მოგვაწვდიდნენ. პროდუქტების შერჩევის შემდგომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულმა მათგანმა გაიარა რეცეპტურის ტესტირება და ძალიან ინტენსიური, სწრაფი და დაუღალავი მუშაობის შედეგად, 3-4 თვის ჭრილში შევძელით პორტფელის 100% იმპორტის განახლება ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სიტუაცია რომ შევაჯამოთ, უარყოფითი მხარეები, გარდა საოპერაციო საქმიანობისა, მოიცავს ბაზარზე პროდუქციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და, მოგვიანებით, ფასების ზრდას. დადებითი მხარე კი ნათელია: დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოებული, ბევრად უფრო ჯანსაღი შემადგენლობისა და  გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების პროდუქტით. –  რა მომავალი ელის ჩვენს ქვეყანას ლოჯისტიკის და ეკონომიკის მხრივ? – არ განვმეორდები იმის მოთხრობით, თუ რაოდენ რთულ სიტუაციაში იყო ლოჯისტიკა არსებული ბოლო ვითარებების გამო. თუმცა, ამჟამად ლოჯისტიკა საქართველოში ბევრად უფრო განვითარდა, ვიდრე წინა წლებში. როგორც იმპორტიორებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, არა მხოლოდ ამ სირთულეების გადალახვით, არამედ, ახალი პრიორიტეტების გაჩენის გამოც. დღეს ლოჯისტიკის სფეროში მომსახურეობის სტანდარტები ძალიან დაიხვეწა. უახლოეს პერიოდში, არაერთი ცვლილება იგეგმება. თათია ჯანიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, ყველას სმენია საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევის ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, სატესტო გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს და არაერთმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო საქართველოს ტრანზიტად გამოყენება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ცვლილება სულ მინიმუმ მოიცავს ბიუჯეტში შესულ თანხებს, თუნდაც, მხოლოდ ტრანზიტის გადასახადს. შესაბამისად, სამომავლო პერპსექტივები ამჟამინდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პოზიტიურ მხარეს ავლენს”. – თუ საიდუმლო არ არის, დღეს არჩევანის საშუალება ხელახლა რომ მოგეცეთ, ლოჯისტიკას აირჩევდით თუ არა თქვენი საქმიანობის სფეროდ? – ლაკონურად რომ გიპასუხოთ, დიახ, დაუფიქრებლად ავირჩევდი. აღნიშნული სფერო არის ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო, იდეალურია რუტინის არმოყვარული ადამიანებისათვის და, რაც მთავარია, მუდმივად გაწვდით ინფორმაციას მსოფლიო საბაზრო მოვლენებზე. ამიტომ, სიახლეებს არასდროს ჩამორჩებით (რესპონდენტი იღიმის). ინტერვიუს ავტორი: გიორგი ჭოხონელიძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი

მიხეილ მეტრეველი კარდიოქირურგი და კლინიკა „ჯერარსი“-ს კარდიოლოგია – არითმოლოგიის, კარდიოქირურგიის, რეანიმაციის და  ინეტრვენციული კარდიოლოგიის გუნდის ხელმძღვანელი. იგი საუბრობს მის განვლილ, სირთულეებით აღსავსე გზაზე, რომელმაც ის ახალგაზრდა ასაკში დიდ წარმატებამდე მიიყვანა. ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მეუღლეა, რომელიც მუდმივად ამხნევებს და სირთულეების გადალახვაში ეხმარება.   – როდის და რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა? – ექიმობა მე-6 – მე-7 კლასში გადავწყვიტე. მოულოდნელად, მამა შეუძლოდ გახდა და ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა, დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინეს. მაშინ ვიფიქრე, რომ ექიმები ღმერთები იყვნენ და გადავწყვიტე, რომ მეც ეს გზა უნდა ამერჩია. – მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ – როგორ მოხვედით აქამდე? – მიუხედავად ჩემი ასაკისა, ძალიან დიდი და დამღლელი გზა გავიარე. დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, დავამთავრე ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც დავამთავრე, საზღვარგარეთ მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა,   უცხოეთში წასვლა არ იყო ისე მარტივად ხელმისაწვდომი, როგორც დღეს არის.  ერთადერთი ალტერნატული გზა იყო რუსეთი. მოსკოვში ჩავაბარე. ანესთეზიოლოგობა მინდოდა, განცხადებაც მქონდა დაწერილი, კადრების განყოფილებაში ჩასაბარებლად. მაგრამ ერთმა ფრაზამ მომენტალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, როდესაც უნივერსიტეტის თანამშრომელმა თქვა:     მიხეილ მეტრეველი:  „აი, ჩამოვიდა კიდევ ერთი კაცი, ვინც ლეო ბოკერია უნდა გახდეს. “        მაშინვე დავხიე ჩემი განცხადება და დავთანხმდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე ბავშვთა თანდაყოლილი მანკების განყოფილებაში, შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადავედი (ბატონმა ლეომ თავის განყოფილებაში გადამიყვანა). ამის შემდეგ იყო კარდიომიოპათიის დეპარტამენტი. ნელ-ნელა გავიზარდე და ექიმად ჩამოვყალიბდი. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, მერე სადოქტორო თემაზე დავიწყე მუშაობა. როდესაც დავასრულე, დავბრუნდი საქართველოში, ბათუმში, გავაკეთე პირველი ოპერაცია ხელოვნური სისხლის მიმოქცევით გულის თანდაყოლილ მანკზე. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ, ჩემი კარიერა ისევ საზღვარგარეთს უკავშირდება, ამჯერად, პოლონეთის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ზაბჟის, სადაც ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კარდიოქირურგად. საბოლოოდ, დავბრუნდი საქართველოში. მრავალი შემოთავაზება იყო სხვადასხვა კლინიკიდან, თუმცა, არჩევანი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრზე შევაჩერე. 2012 წლიდან დავიწყე ამ კლინიკაში მუშაობა. თავიდან პატარა განყოფილება იყო, თუმცა, ნელ-ნელა გაფართოვდა და გუნდი 118 თანამშრომლისგან შედგებოდა. დეპარტამენტი იღებდა უამრავ პაციენტს როგორც ქირურგიული, ისე ინტერვენციული, რეანიმაციული  და კარდიოლოგიური მიმართულებით. 2019 წლიდან დღემდე ჩემი კარიერა გრძელდება ახალ გახსნილ კლინიკა „ჯერარსში“, სადაც ასევე 5 განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, სამუშაო პროცესი დილის 9 საათიდან იწყება და გრძელდება, ხანდახან, დღის დასრულებამდეც კი. ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვდა როგორც ფინანსური, ისე სხვა მრავალი კუთხით. მიხეილ მეტრეველი: „მწვერვალებზე სანამ ახვალ, დიდი და სალი კლდეა გასავლელი.“ – თქვენ თქვით, რომ კარდიოქირურგიის მრავალი განხრით მიიღეთ გამოცდილება. რატომ მაინცდამაინც მოზრდილთა კარდიოქირურგია? – თავიდან, 8 წლის განმავლობაში, ბავშვთა კარდიოქირურგი ვიყავი. თუმცა, შვილი რომ შემეძინა, ძალიან სტრესული გახდა ჩემთვის, ბავშებს რომ ვუკეთებდით ოპერაციას. საათების და ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ გამოვდიოდი რეანიმაციული განყოფილებიდან. შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადამიყვანეს. ბავშვთა განყოფილებას რომ ჩამოვშორდი, სტრესიც მომეხსნა და ჩემთვის ბევრად კომფორტული გახდა სამუშაო პროცესი. საქართველოში რომ ჩამოვედი, აქაც ამ მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა. – თუ შეგიძლიათ, თქვენი პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გაიხსენოთ – როგორ გაუმკლავდით სტრესს და ემოციას? – გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს ოპერაცია. 2005 წელს ბავშვს გავუკეთე წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, ღმერთის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ეს დამეხმარა სტრესის დაძლევაში. მიუხედავად იმისა, რომ 5000-ზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული, დღემდე თითოეულ პაციენტზე ვნერვიულობ, რადგან, ინდივიდუალური მიდგომის მიუხედავად, ყველა რისკის გათვლა შეუძლებელია. მიხეილ მეტრეველი: „ყველა  პაციენტის უკან დგას გულშემატკივრების დიდი არმია, რომლებიც ნდობას გიცხადებენ. –  რისკი ახსენეთ, მაინტერესებს, ლეტალობის მაღალი რისკის გამო თუ გითქვამთ პაციენტისთვის უარი ოპერაციაზე?  – ზოგჯერ ეს რისკები სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ყველა ექიმი ვალდებულია, უარი თქვას ოპერაციაზე. სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სიცოცხლის  შენარჩუნების ერთადერთი შანსი, ისიც მინიმალური, ოპერაციული ჩარევაა და გიწევს ამ რისკზე წასვლა. მიხეილ მეტრეველი: „ყოფილა შემთხვევები, როდესაც  უიმედო პაციენტები გადამირჩენია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც დავმარცხებულვარ.“ – რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ ექიმს? – პირველ რიგში, წარმატებული ექიმი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია. სიყვარული აერთიანებს სიკეთეს, დახმარებას, თანადგომას. თუ ამ ყველაფრით არის  ექიმი გამსჭვალული, იგი სიტყვითაც და საქმითაც უკვე  მკურნალია. ექიმის წარმატება მარტო ის არაა, რომ კარგად ისწავლო, აიღო წითელი დიპლომი და სერტიფიკატები, ჩამოიკიდო ჩინ-მედლები და ამით შემოიფარგლო. პირველ რიგში, დიდი ადამიანი უნდა იყო. – კარგი ექიმის ეტალონად დიდი ადამიანი მოგყავთ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს საკმარისია?  – დიდ ადამიანს შეუძლია პაციენტის გადარჩენა, რადგან უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს თავისი სიტყვით, თანადგომით, კეთილგანწყობით, ეხმარება და ბრძოლის უნარს  უმაღლებს  მას. ბევრი სუპერპროფესიონალი ექიმი მინახავს, რომელსაც სიტყვით „მოუკლავს“ პაციენტი. როცა ამ პროფესიით ცხოვრობ, მთელი გულით ხარ ჩართული ამ საქმეში და ზემოდან არ უყურებ პაციენტს, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად გამოგდის. – ვინ და რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ცხოვრებაში? – ვფიქრობ, ყველა ადამიანს ჰყავს მოტივატორი. ჩემს შემთხვევაში ეს ოჯახია, მეუღლე და 5 შვილი. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს – მათი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის. ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მედგა, არასდროს  დავუტოვებივარ მარტო, წაქცეულს მამხნევებდა და ფეხზე დადგომაში მეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში იყო დიდი ღალატი მეგობრებისგან, რაც რთულად გადავიტანე. ამის გადალახვაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა. – ძალიან მძიმე და საინტერესო თემას შეეხეთ, მეგობრებისგან ღალატს. საბოლოო ჯამში, შეძელით პატიება? – ზოგადად, მიმტევებელი უნდა იყოს ქრისტიანი,   მართლმადიდებელი ადამიანი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვაპატიე, რადგან არ ვმტრობ მათ, თუმცა, მეგობრობის გაგრძელება რთულია. მე არაფერი დამკლებია მათი უღირსი საქციელით, მათ კი, ჩემი სახით, ერთგული მეგობარი დაკარგეს. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას გახდის ფასეულს. ფული ქაღალდია შეიძლება გქონდეს, ან არ გქონდეს, მაგრამ კაცობა და ნამუსი არასდროს უნდა დაკარგო და ასე გაატარო წუთისოფელი. – ერთდროულად ბევრ რამეს ეჭიდებით, პირველ რიგში ხართ მეუღლე და 5 შვილის მამა, ასევე წარმატებული კარდიოქირურგი, რომელსაც უამრავი გადარჩენილი და გადასარჩენი სიცოცხლე აქვს. ამასთან ერთად, ხართ კლინიკა „ჯერარსის“ კარდიოლოგია-არითმოლოგიის, რეანიმაციის, კარდიოქირურგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის წარმატებული გუნდის ხელმძღვანელი. როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან? – ძირითად დროს სამსახურში ვატარებ. სამწუხაროდ, ჩემს თავს შვილებს ხშირად ჩემი მეუღლე უვსებს. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემს შვილებს საჭირო დროს ვერ ვუთმობ. – ურჩევთ თუ არა შვილებს ექიმობას? –  მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს, რომ ექიმობა აერჩიათ. ისინიც მოიკლებენ შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობას. მიხეილ მეტრეველი: „ეს არის პროფესია, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, მსხვერპლი ხარ თავად და, ასევე, შენი ოჯახი.“ – თუ აქტიურად ადევნებთ თვალს ჯანდაცვის სისტემაში განვითარებულ ცვლილებებს და სიახლეებს, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის სიტემა? – ჯანდაცვის სისტემაში ბევრი ხარვეზია. ზოგიერთი ოპერაციის ღირებულება იმ ძვირად ღირებული მასალის ხარჯსაც ვერ ფარავს, რომელიც პაციენტს სჭირდება. მეორე დიდი პრობლემა არის ექიმის ლიცენზირების საკითხი. მხოლოდ ტესტირება არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს, გახდება თუ არა ექიმი. მრავალი ნიუანსია, რომელიც უნდა შეფასდეს. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი და შეეძლოს დახმარების გაწევა ნებისმიერი რიგითი მედიცინის მუშაკისთვის, რომელსაც ეს სჭირდება. – სხვადასხვა ქვეყნის ექიმებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. რით

ნატალი აბესაძე, 25 წლის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2022 წელს წარმატებით ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდა, სპეციალური მომზადების გარეშე. ამჟამად არის  ორგანიზაციის „მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში“ პედაგოგი. ასევე, ამეცადინებს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის. არის არაერთი საინტერესო ბლოგის, სტატიის და ლექსის ავტორი. უახლოეს მომავალში გეგმავს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას. – 25 წლის ხართ და უკვე გაქვთ არაერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.  რატომ გადაწყვიტეთ, ეს პროფესია აგერჩიათ? – დიახ, ჩემთვის მეოთხე სკოლაა “მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში”. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, განმარტოებით ვიჯექი და წიგნების სამყაროში ვცხოვრობდი. თანატოლებთან თამაშიც მიყვარდა, მაგრამ წიგნებში  სხვა სამყარო მქონდა ნაპოვნი. სულ მინდოდა, რომ ეს სამყარო ჩემი თანატოლი ბავშვებისთვის გამეზიარებინა. ეს თვისება დღემდე მომყვება. სულ მინდოდა, რომ ის ავტორები და წიგნები, რომლებიც მართლა საოცარია და, ამ დროს, ბავშვებს დასაწყისიდანვე ბეზრდებათ, მათთვის უფრო საინტერესო და ახლობელი გამეხადა. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შევძელი, რადგან, მაგალითად, ბევრ ჩემს აბიტურიენტს შევაყვარე “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ახლა მათი სამაგიდო წიგნია. თითქოს, მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც არსებობს, დაფარული საუნჯესავით არ უნდა იდოს, მე კი შუამავალი ვარ მაგ სამყარომდე. ასე ვხედავ ჩემს თავს მასწავლებლის პროფესიაში. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე. – არასდროს გინანიათ, ან გიფიქრიათ, რომ სხვა სფეროში, შეიძლება, უფრო რეალიზებული ყოფილიყავით? – საინტერესო კითხვაა. მინანია იმ მხრივ, რომ მასწავლებლის შრომა ჩვენს საუკუნეში ურთულესია. წარმოიდგინეთ ოცამდე ბავშვი, რომლებიც ბევრად უფრო საინტერესო სხვადასხვა რამეზე ფიქრობენ, ვიდრე ეს გაკვეთილია. შენ კი უნდა შეძლო, რომ გაკვეთილი გახდეს მათთვის, თუნდაც, კომპიუტერულ თამაშებზე საინტერესო. ბავშვობაში სულ ვმღეროდი და კაბებს ვკერავდი, ეს ორი რამ ოცნებად დღემდე მაქვს. – შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რა სირთულეებს აწყდებით პროფესიული საქმიანობის დროს? – როცა მასწავლებელი ხარ, ყველას უნდა მოსწონდე. ძალიან რაფინირებული უნდა იყო. აღარ გაქვს ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის თავისუფლება. ნატალი აბესაძე: ჩვენს საზოგადოებაში ბევრს ისიც არ მოსწონს, როცა ადამიანს რაღაც საკითხებზე საკუთარი, ინდივიდუალური აზრი აქვს.  – თუ განსხვავებული ადამიანი ხარ, ცხოვრება გაცილებით რთულია. ბევრად ადვილია, შენი არც ხმა ისმოდეს და არც მოსაზრება. გარკვეულწილად, საზოგადოება „გშტამპავს“ და მანამდე გააგრძელებს ამას, სანამ შენ მისცემ უფლებას. იყო პერიოდი, როცა საზოგადოებისთვის საკუთარი ლექსების და მოთხრობების გაზიარებაც მიჭირდა. – ზუსტად რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, თუ ადამიანს ინდივიდუალური აზრი აქვს? – “ჩვენ გვძულს ერთმანეთი, იმიტომ, რომ გვეშინია ერთმანეთის, იმიტომ რომ, არ ვიცნობთ ერთმანეთს” – მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებია, რაც არსებულ სიტუაციას ესადაგება. საზოგადოებისთვის საშიშია ყველაფერი, რაც უცხოა და რასაც არ იცნობს; ამიტომ, ამ უცნობის მიმართ აგრესია უჩნდება. დაცულობის შეგრძნებას საზოგადოებას ერთფეროვნება უფრო უქმნის, ვიდრე განსხვავებულობა და ეს ბუნებრივია. თუმცა, ძალიან მოსაწყენია ერთფეროვნება. ჩვენ, საზოგადოების მოსაწონები რომ ვიყოთ, ხშირად უარს ვამბობთ ჩვენს განსხვავებულობაზე, რამაც განვითარებულ გარემოში შეიძლება წარმატება მოგვიტანოს. ადამიანები ემსგავსებიან ყველას და ხშირად მალავენ საკუთარ ინდივიდუალიზმს. არადა, ინდივიდუალიზმი, შეიძლება, სწორედ ის არის, რაც პროგრესს სჭირდება. ლიტერატურაც, ფაქტობრივად, ასეთ პერსონაჟებზეა აგებული, რომლებიც განსხვავებული იყვნენ. მათ არ იღებდა საზოგადოება, რადგან, თითქოს, მომავლიდან იყვნენ და მაინც, მათი იდეები მომავალში ხორციელდებოდა. განსხვავებულობა ემპათიის, ჰუმანურობის, ლოიალობის მხრივაც ხშირად მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან მას თავისი და ხშირად სასტიკი წესები აქვს. – მადლობა ასეთი საინტერესო პასუხისთვის. მოდით, ისევ სკოლას დავუბრუნდეთ. ორი წელი პანდემიის გამო ყველა ვსწავლობდით და ვმუშაობდით ონლაინ. როგორ აისახა მსგავსი ტიპის სწავლების პროცესი მოსწავლეებზე? – ძალიან რთული ორი წელი იყო. ამ ორი წლიდან ერთი წელი მთლიანად კომპიუტერთან გავატარე. პირველი კლასის დამრიგებელი ვიყავი და ანბანი, წერა და კითხვა ვისწავლეთ ამ რეჟიმში. ონლაინ რეჟიმში სწავლა ფსიქოლოგიურადაც რთულია ბავშვისთვის და მოზარდისთვის. მყავდა პატარა გერმანელი მოსწავლე, რომელსაც კომპიუტერთან გაკვეთილები ინგლისურად უტარდებოდა. ბავშვი ძალიან ღიზიანდებოდა და საბოლოოდ, მშობლებმა უარი თქვეს ონლაინ გაკვეთილებზე. – ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ აბიტურიენტებსაც ამზადებთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად რა მიმართულებით სჭირდებათ მათ მუშაობის გაძლიერება? – თითქმის ყველა კუთხით. როგორც ლიტერატურის ცოდნის, ისე მართლწერის კუთხით. ბევრ აბიტურიენტთან სიახლე იყო ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ სკოლაში უნდა ესწავლათ. თითქმის არაფერი იცოდნენ რუსთაველის, ილიას, ვაჟას, ბარათაშვილის შესახებ, რაც ნამდვილად სამწუხაროა. უფრო მეტია საჭირო, რადგან, უბრალოდ, დასანანია, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების დრო რომ უშედეგოდ იკარგება. არ ვამბობ, რომ ლიტერატურა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია, ნატალი აბესაძე:ავის და კარგის გარჩევას ლიტერატურითაც ვსწავლობთ, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერთი საერთო კანონი აქვს:ლიტერატურა არასოდეს არის ბოროტების მხარეს.  – თქვენი დაკვირვებით, რა ხარვეზებია განათლების სისტემაში? – მთლიანად, განათლების სისტემა ფეხს ვერ უწყობს აწმყოს და მომავლის გამოწვევებს. მსოფლიო გამუდმებით ახლდება, ჩვენ კი შეიძლება ისეთ რამეებს ვსწავლობდეთ წლები, რაც არასოდეს გამოგვადგება. ყველა ადამიანში არის მიდრეკილება, ინტერესი და ნიჭი, მაგრამ ბავშვებს ყველაფრის სწავლას ვაძალებთ და ბოლოს გამოდის, რომ, არაფერი რჩება მახსოვრობაში. კარგია ზოგადი განათლება, რა თქმა უნდა, ის ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესო იყოს მასთან საუბარი. მაგრამ, არსებითია ისიც, რომ მოსწავლეები იმ კუთხით განვითარდნენ, რაც მათი შინაგანი მოწოდებაა. ამ დროს შეიძლება მათ ვაიძულებდეთ, 12 წელი გაატარონ მერხთან და წლები ისწავლონ არასასურველი საგნები. ბევრი ადამიანი ოცნებობს, შეეძლოს იმის კეთება, რაც გულით უნდა და რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ადამიანს რომ უფრო თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს გარკვეული ასაკიდან, ალბათ, უტოპიურად კარგ სამყაროში ვიცხოვრებდით. – პროფესიის გარდა, მინდა, სხვა თემებსაც შევეხო. წავიკითხე თქვენი ბლოგები, გადავხედე თქვენი სოციალური ქსელის გვერდს და ხშირად პირდაპირ ან ირიბად წერთ პატრიარქალურ საზოგადოებაზე. რა გახდა თქვენთვის ამ თემაზე წერის მთავარი მიზეზი? – შეიძლება, ქალად დაიბადო ჩვენს ქვეყანაში და ეს თემა არ გაწუხებდეს? – უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?  – ჩვენს ქვეყანაში ქალს თავისი ქცევის კოდექსი აქვს, როცა კაცს, შეიძლება, არც ჰქონდეს ეს კოდექსი. ალბათ, ქალად უნდა დაიბადო, რომ მიხვდე, რა რთულია გაწერილი კოდექსით ცხოვრება. ადამიანის ზოგადი უფლებები, როგორიც არის პატივის, ღირსების ხელშეუვალობა, პიროვნების განვითარება, – ქალთან მიმართებით ხშირად ირღვევა. ქალს ბუნებრივადაც უფრო მეტი ბარიერი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს და თუ ამას გადაჭარბებული პატრიარქატის კანონები დაემატა, ფაქტობრივად, მისი გზა ჩახერგილია. ეს, რა თქმა უნდა, არის უსამართლობა, ადამიანის სახლში გამოკეტვა და მისი სამუშაოდ არგაშვება, ცემა, ძალადობა, შანტაჟი. ამ ჩამონათვალის არც ისე ცოტა შემთხვევა ვნახეთ დღემდე. საზოგადოების განვითარება თვითონ მოიტანს დისკრიმინაციის აღგვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს განვითარება მიდის ტაატით. ემპათიის უნარის გამომუშავება, ზოგადად, ქალის მიმართ, თვითონ სხვა ქალებსაც უჭირთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ემპათია ოდნავ მაშინ იღვიძებს, თუ კაცს წარმოვიდგენთ ქალის დღეში. ამ ყველაფრის ფონზე გარშემო მომრავლდნენ ქალები, რომლებიც უარს ამბობენ ქორწინებაზე. მშობლებისგან ბევრ ქალს თითქმის არანაირი ქონება არ რჩება და ეს ხდება ეკონომიკურად ისედაც რთულ რეალობაში, სადაც ოჯახის დაგეგმვა გართულებულია. – თქვენთვის რას ნიშნავს გენდერული ბალანსი? – პირველ რიგში, გენდერული ბალანსი არის იქ, სადაც არის სამართლიანობა. ალოგიკურია, საზოგადოება მიიჩნევდეს თავის თავს განვითარებულად და უსამართლოდ ექცეოდეს ქალს, ბავშვს, მოხუცს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელს… გლობალიზაციას აქვს უარყოფითი მხარე – ინდივიდუალური კულტურების საბოლოოდ მოშლას და ასიმილაციას იწვევს. მაგრამ დადებითი მხარე ნამდვილად ის აქვს, რომ ჩაკეტილი საზოგადოებები, თუნდაც, ინტერნეტის მეშვეობით იგებენ, თუ როგორი მიუღებელია


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting