შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

ინტერვიუს სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ გაგნიძე. თამარმა ძალიან მცირე ასაკიდან გადაწყვიტა, ცხოვრება ამ სფეროსთვის დაეკავშირებინა – ჯერ კიდევ მაშინ, როცა თოჯინებით თამაშის დროს მისი საყვარელი საქმე მათი მოვლა და მკურნალობა იყო. თამარი მომავალი კარდიოქირურგია და გადაწყვეტილი აქვს, ამ საქმეს თავისი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოს. თამარს უნივერსიტეტში ვეწვიეთ. თამამად გვესაუბრა სამსახურში არსებულ სამუშაო პირობებზე. უკვე ნახევარი წელია, თამარი ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მედდის დამხმარედ მუშაობს.  – თამარ, გაგვეცანი.. მოკლედ მოგვიყევი შენ შესახებ. – მე ვარ თამარ გაგნიძე. 24 წლის. V კურსის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად ვმუშაობ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ინტენსიურ განყოფილებაში, მედდის დამხმარედ. საკმაოდ დატვირთული ვარ, მაგრამ ეს მდგომარეობა არ მამძიმებს, პირიქით, ენერგიით და მოტივაციით მავსებს. – იყო კონკრეტული ადამიანი, ვინც შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა, როცა პროფესია აირჩიე? – არა, არ ყოფილა. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მედიცინა ბავშვობიდან მაინტერესებდა. მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ ექიმი უნდა ვყოფილიყავი, არც რაიმე სხვა პროფესია ურჩევიათ. ჩემს პროფესიულ არჩევანში თავისუფალი ვიყავი და არავინ ჩარეულა. პირიქით, მირჩევდნენ, რაიმე მარტივი მესწავლა, მაგრამ ჩემმა მტკიცე გადაწყვეტილებამ ყველაფერი გადაწონა. – მედიცინის რომელი მიმართულება გაინტერესებს ყველაზე მეტად? – ზოგადად, მედიცინის ყველა დარგი არის ძალიან საინტერესო. რაც უფრო ვიზრდები და მაღალ კურსზე გადავდივარ, ამას მით მეტად ვიაზრებ. ყოველი ახალი საგნის სწავლისას ვხვდები, რომ ყველა სფერო ძალიან მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მედიცინის ნებისმიერ სფეროში, მაგრამ განსაკუთრებულად მაინტერესებს კარდიოქირურგია. მეხსიერებაში ბავშვობიდან მაქვს მოგონება, როგორ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი გულის ექიმი. ამიტომ მედიცინა ჩემთვის პირველ რიგში ასოცირდება კარდიოქირურგიასთან და კარდიოლოგიასთან. ჩემს ბავშვობაში ტელევიზიით სამედიცინო თემატიკის გადაცემა გადიოდა. იქიდან ერთი კადრი მახსოვს ყველაზე ცხადად. ღია გულზე მიმდინარეობდა ოპერაცია. ამ ერთმა კადრმა იმდენად დიდი და გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ მოგონებას ვუკავშირებ ჩემს მომავალ გადაწყვეტილებას, საქმიანობის სფეროდ მედიცინა ამერჩია.  მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ჯერ სკოლაში არც დავდიოდი. – მედიცინა ფართო სფეროა, რატომ მაინცდამაინც კარდიოქირურგია? რაიმე კონკრეტულს უკავშირდება შენი ეს გადაწყვეტილება – კარდიოქირურგია ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მრავლისმომცველი და რთული ორგანოა გული. ამასთანავე, საქართველოში არ გვყავს კარდიოქირურგი ქალი. რაღაც მხრივ, პროტესტიც მაქვს ამის მიმართ. ბევრი ლექტორისგან მინახავს გაოცება, რომ, თითქოს, ქალი ვარ და ქირურგია რატომ მაინტერესებს. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს, ვინმეს რამეს ვუმტკიცებ, ეს სრულებით არ მაინტერესებს, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ არავისზე ნაკლები ქალები არ ვართ. ჩემი დაკვირვებით, გოგონები უფრო ყოჩაღები არიან სწავლის მხრივ, ვიდრე ბიჭები. არ ვიცი, ეს ჩემს შემთხვევაში დაემთხვა, თუ, ზოგადად, გოგონები უფრო მონდომებულები ვართ. ესეც რომ არა, გული, როგორც ორგანო, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ყველაფერი მაინტერესებს, რაც გულს უკავშირდება. ჩემი ოცნებაა, ოდესმე გულის ტრანსპლანტაცია გავაკეთო. – გქონია რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევა, რამაც მიგიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ექიმი გამხდარიყავი? – ცხოვრებაში არ მქონია ასეთი შემთხვევა. რაც სწავლა და, სწავლის პარალელურად, მუშაობა დავიწყე, ვხედავ, რომ ბევრმა ჩემ ირგვლივ მყოფმა, საქმის სიმძიმის თუ სირთულის გამო დაანება სწავლას თავი. უმეტესობამ უბრალოდ ვერ გაუძლო ამ დატვირთვას. ჩემს შემთხვევაში, პირიქით მოხდა. დრო ჩემში არაფერს ცვლის, იმის გარდა, რომ უფრო და უფრო დარწმუნებული ვხდები ჩემი არჩევანის სისწორეში. მეტად მტკიცე ხდება ჩემი გადაწყვეტილება, ამ საქმიანობას დავუთმო ცხოვრება. ეს სფერო რომ რთულია, ბევრ ადგილას სამუშაო პირობები რომ საკმაოდ მძიმეა, გრაფიკიც ქაოსური და არახელსაყრელია, – არ აღმოჩნდა ჩემთვის დაბრკოლება. პირიქით. ვფიქრობ რომ, როცა რაიმე მიზანი გაქვს და მას ვერაფრით აღწევ, უნდა შეცვალო საშუალება და არა მიზანი. – რა არის შენი პიროვნული სიძლიერე და სისუსტე? – სიძლიერედ მიმაჩნია უნარი, ყველაფერი გავაკეთო მიზნის მისაღწევად და არ ვნებდები, სანამ არ ვაღწევ იმას, რაც მინდა. უფროსი დაც ექიმი მყავს, ისიც 18 წლიდან მუშაობს. თავიდანვე ვიცოდი ამ სფეროს სირთულე, მაგრამ არ მეშინია არც წვალების, არც ბრძოლის. არასდროს დამიხევია უკან შიშის გამო. ჩემი სისუსტე სიზარმაცეა. შემიძლია, ბევრად უკეთესი ვიყო, ვიდრე ახლა ვარ, თუმცა, სიზარმაცე მძლევს ხოლმე და ეს საკუთარ თავში საშინლად მაბრაზებს. ვებრძვი ამ თვისებას ჩემში და ვმუშაობ მის გამოსასწორებლად. – პაციენტების, განსაკუთრებით, მძიმე პაციენტების მიმართ თუ გაქვს ემპათიის განცდა? – ინტენსიურ განყოფილებაში, იქ, სადაც მე ვმუშაობ, ბევრნაირი პაციენტია – რეანიმაციული, კარდიოლოგიური განყოფილების პაციენტებიც, პოსტ-ოპერაციული, პალიატიური. გაერთიანებული, საერთო სივრცეა. ბევრნაირ პაციენტთან მაქვს შეხება. პირველ დღეს სამსახურში მყავდა პაციენტი, მოხუცი ქალბატონი, პოლიტრავმით იყო მოთავსებული ჩვენს განყოფილებაში, ძალიან ემოციური და შეშინებული. ხელზე ხელს ხშირად მკიდებდა და მეუბნებოდა, რომ სიკვდილის ეშინია. მთხოვდა, არ დამეტოვებინა. მიწევდა მისი დამშვიდება, გვერდით ყოფნა, გამხნევება, დაპირება, რომ არაფრის დიდებით არ მივატოვებდი. თამარ გაგნიძე: “იმის მიუხედავად, ემოციური ხარ თუ არა, არასდროს გტოვებს განცდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გაქვს შეხება და ეს ემოციები ავტომატურად შენზეც გადმოდის. როცა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს უვლი, შეუძლებელია, მათ მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს”.  ექთანს ისეთი გრაფიკი აქვს, სულ სირბილი გვიწევს, მთელი დღის მანძილზე დაჯდომის დრო არ გვაქვს. ბევრი პაციენტი გვყავს ჩაბარებული. იმის მიუხედავად, რომ ჯერ დამხმარე ვარ და დიდი პასუხისმგებლობები არ მაკისრია, მაინც ვთვლი, რომ საჭირო ვარ სამსახურში. ამ ქალბატონმა ეს მაგრძნობინა. ჩემი გვერდით ყოფნა ხშირად სჭირდებოდა. მისი მდგომარეობის მაჩვენებლებს ხშირად ვაცნობდი, რომ დამემშვიდებინა და გამემხნევებინა. იმის მიუხედავად, ემოციური ხარ თუ არა, არასდროს გტოვებს განცდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გაქვს შეხება და ეს ემოციები ავტომატურად შენზეც გადმოდის. როცა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს უვლი, შეუძლებელია, მათ მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს. – შენი ფსიქიკისთვის რამდენად რთულია მუდმივად ტკივილში მყოფი ადამიანების გვერდით ყოფნა? – ძალიან მძიმეა რეანიმაციის სიტუაცია. იქ მომუშავე ხალხი ხშირად ამბობს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში უპირატესობას სიკვდილს მიანიჭებდნენ, ვიდრე იქ მოხვედრას. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს რომ ვაკვირდები, როგორ ტკივილს და ტანჯვას გადიან, ჩემშიც ძლევს სურვილი, აღარ ვიყო, ვიდრე იქ ვიყო. თავიდან, სანამ მუშაობას დავიწყებდი, სულ მქონდა შიში, რომ ვერ შევძლებდი, ემოციურად ვერ გავუძლებდი ამხელა სტრესს; მეგონა, ჩემი მენტალური მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა. მაგრამ ვისწავლე, რომ სანამ უშუალოდ არ ცდი, წინასწარ დასკვნა არ გააკეთო. შორიდან ყველაფერი გაცილებით მძიმე ჩანს, იქ ყოფნის პროცესში კი ამას ვერ იაზრებ. დრო არ გაქვს, უბრალოდ. ყველა პაციენტის შემთხვევაში გათავისებული მაქვს, რომ ტანჯვის მიუხედავად, ისინი აქ არიან იმისთვის, რომ ჩვენ მათ დავეხმაროთ. მათი საუკეთესო ინტერესებისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ისიც ვიცი, რომ ყველა პაციენტს ვერ დავეხმარები. უმწეობის განცდა მაქვს, მაგრამ ეს რეალობაა და უნდა შევეგუო. ემოციურად საკუთარი თავი უნდა შეამზადო იმისთვის, რომ გადარჩე. – გრძნობ პასუხისმგებლობას პაციენტების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან? – დიახ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს მაშინვე განვიცადე, როცა პირველი პაციენტი ჩამაბარეს. მისთვის წამალი უნდა გამეკეთებინა. მარტივი კანქვეშა ინიექცია უნდა გამეკეთებინა, ინსულინის ნემსით. ვნერვიულობდი. მინდოდა, არაფერი სტკენოდა და მაქსიმალურად ვფრთხილობდი. ეს ყველაფერი საპასუხისმგებლო და საინტერესოა ჩემთვის. ამასაც ეჩვევი. მეტი პატივისცემა გიჩნდება საკუთარი თავის მიმართ, როცა დიდ პასუხისმგებლობებს ეჭიდები. და ეს პასუხისმგებლობა რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტია კმაყოფილებაც საკუთარი თავის მიმართ. პასუხისმგებლობები თვითდაჯერებულს მხდის. მაგრძნობინებს, რომ რაღაცისთვის საკმარისი ვარ, თუნდაც, ღირსი ვარ იმ სამსახურში ყოფნის.

თეატრისა და კინოს მსახიობი მაკა ძაგანია საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. სერიალში მოხვედრამდე მაკამ დიდი გზა გაიარა, მარტოხელა დედობის სირთულე გამოცადა. პარალელურად სწავლობდა, მხოლოდ თეატრალური გამოცდილება ჰქონდა და დედის პროფესიული სტატუსის მიუხედავად, თავად გაიკვალა გზა სამსახიობო სფეროში.  – პირველი შვილი, ნუცა, მარტომ გაზარდეთ, როგორი იყო მარტოხელა დედის გზა? – მარტოხელა დედობა ძალიან ძნელია, გულწრფელად. მაშინ თან პატარა ვიყავი და რეალურად, დედაჩემი რომ არ დამდგომოდა გვერდში, ძალიან გამიჭირდებოდა. მეორე შვილი როცა გავაჩინე და ქმარი მედგა გვერდში, მაშინ მივხვდი, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მქონდა პირველი შვილის აღზრდისას მე, პატარას, საკუთარ თავზე აღებული. როდესაც ორი მშობელი ინაწილებს პასუხისმგებლობას, სულ სხვაა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მეხმარებოდა, ძალიან, ძალიან რთული გზა გავიარე. – როგორ მოახერხეთ ამ პერიოდში თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა? – მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც გავთხოვდი, მესამე კურსზე ნუცა გავაჩინე.. პარალელურ რეჟიმში ხდებოდა ყველაფერი და ესეც რთული პროცესია. როდესაც პატარა გყავს და თან დედაჩემსაც, რომელიც მეხმარებოდა, გადაღებების გამო, დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, რთული იყო. მაინც მოვახერხე სწავლა და უნივერსიტეტის დამთავრება, რაშიც ბებიამ და ბაბუამ დიდი როლი ითამაშეს – პარალელურად, კიდევ მყავდა ბავშვის დამტოვებელი, მათი სახით. მერე  ძიძაც ავიყვანე, რომ ბავშვი სასეირნოდ გაეყვანა ხოლმე, როცა ვერ ვიცლიდი. – შემდეგ მოხვდით საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ როლმა? – ჩემი ცხოვრების დიდი პერიოდი გამომატოვებინე (იცინის). დიდი გზა გავიარე, რომ ამ ეტაპამდე მოვსულიყავი. მე მაქვს თეატრისა და კინოს მსახიობის დიპლომი და ყველაზე ცუდი ისაა, რომ კინოსთან შეხება საერთოდ არ მქონია, კამერა ჩვენ წინ არავის დაუყენებია და არავის უსწავლებია კამერასთან მუშაობა. აქედან გამომდინარე, „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ მოვხვდი, სრულიად გამოუცდელი ვიყავი ამ სფეროში, რადგან თეატრი და კინო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, ორივე საინტერესო და სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, ორი განსხვავებული პროფესიაა. სერიალში მოხვედრის შემდეგ, ნელ-ნელა ავუღე ალღო ყველაფერს და კამერასთან მუშაობის სიამოვნება ვიგრძენი. სერიალმა მომიტანა ის, რომ ქუჩაში გასვლისას ამდენი ბედნიერი, გაღიმებული სახე მიყურებს… ამდენი დადებითი ემოცია რომ მოდის, მარტო ეს ღირს ყველაფრად (იღიმის). – ახსენეთ, რომ კინოსა და თეატრის მსახიობობა ორი განსხვავებული პროფესიაა, რა სხვაობაა მათ შორის? – თეატრს სჭირდება ყველაფერი უფრო მასშტაბური, შეფასებაც, ხმაც, მიმოხედვაც, ყველაფერს აკეთებ უფრო დიდს. კინოს სჭირდება მცირედი, შეიძლება, არაფერი გააკეთო და თვალის ოდნავ გახელით გამოხატო იგივე ემოცია, რასაც თეატრში სჭირდება გრანდიოზულობა –  ფიზიკური მოძრაობითაც, ხმითაც… – დედა რეჟისორია და თქვენს სამსახიობო კარიერაში თუ მიუძღვის რაიმე წვლილი? – კი, ძირითადად მბლოკავდა… მართლა გეუბნები (იცინის). იყო ასეთი სერიალი „მტვრის გემო“, რომელზეც დედაჩემი მუშაობდა. მეც ამ დროს უკვე მსახიობი ვიყავი. სხვა რეჟისორმა დედაჩემს სთხოვა, რომ პატარა ეპიზოდში სხვა მსახიობის მოძებნის ნაცვლად,  ბარემ ჩემთვის ეთქვა, რომ მეთამაშა. დედაჩემმა უთხრა – არა, კაცო, სად სცალია მაკასო (იცინის). რეჟისორი ეხვეწებოდა და მაინც უარით გაისტუმრა, არადა, მაშინ ასეთი მოუცლელიც არ ვიყავი. უბრალოდ, მარინას არასდროს არავისთან სიტყვა არ უთქვამს, რომ ჩემი შვილია და გადავიღოთო. რეალურად, ამ სფეროში მე თვითონ გავიკვალე გზა, დანარჩენში ყველაფერში კი ჩემი ზურგია დედაჩემი. – „ჩემი ცოლის დაქალებში“ თქვენი პერსონაჟი, თინა, საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულად მოაზროვნეა, რამდენად ჰგვანან მაკა და თინა ერთმანეთს ხასიათითა და მსოფლმხედველობით? – რაღაცებით ჰგვანან, მაგრამ რაღაცებით რადიკალურად განვსხვავდებით. ყველა ადამიანი იძერწება, როცა მსოფლმხედველობა გიყალიბდება და ხდები ისეთი, როგორიც ხარ. თუმცა, ყველა ადამიანში არის ის „სხვაც“, მაგრამ შენ „ამას“ ირჩევ, რადგან „ეს“ გგონია სწორი და მიდიხარ ამ კუთხით. თინას ხასიათში არის ის, რა თქმა უნდა, რაც ჩემშიცაა, მაგრამ დიდი ნაწილი არა. ყოფილა შემთხვევა, როცა ზოგიერთ სცენასთან დაკავშირებით პროტესტი მქონია, ვამბობდი, ცოტა მოვალბოთ, ცოტა სხვანაირი გავაკეთოთ, არ შეიძლება ასე ძალიან-მეთქი (იცინის), მაგრამ ასე უნდათ და მივყვებით მერე ამ ხაზს. იშვიათია, რომ ადამიანმა გმირი ითამაშო და შენში მისი რაღაც ნაწილი არ იყოს; მაგრამ პარალელურად ეს არის გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც თავისი ხასიათი, შეხედულებები და უნარ-ჩვევები აქვს. – საკმაოდ დიდი ხანია თინას პერსონაჟი არსებობს. თქვენზე გავლენა თუ მოუხდენია, ან რაიმე თუ შეუცვლია თქვენში? – კონკრეტულად, რაიმე არ შეუცვლია. ჩათვალე, რომ თინა  ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის ბევრ აზრსაც ვითვალისწინებ. თუმცა, ასევე ბევრ რამეზე პროტესტის გრძნობა მიჩნდება. – ამასთან ერთად, ილიაუნის თეატრის მსახიობი ხართ. თქვენი გამოცდილებით, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, თეატრის განვითარების კუთხით? – პანდემიის პერიოდამდე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო; თითქოს, არავის უნდოდა თეატრი, მილევად მდგომარეობაში არსებობდა. იდგმებოდა ძალიან კარგი სპექტაკლები, მაგრამ ინერციით ისე ვერ მიდიოდა, როგორც ჩვენ გვჭირდებოდა. 21-ე საუკუნეში, ციფრულ სამყაროში, ყველა ფილმზე, კინოზე გადაერთო, თითქოს, აღარ სჭირდებოდათ ცოცხალი ორგანიზმი, თეატრი, რომელიც მართლა ჯადოსნურია, სხვანაირი სამყაროა. პანდემიის შემდეგ უფრო დაიწყეს თეატრში სიარული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა. ეს ძალიან მიხარია. – თეატრში მაყურებლის „დეფიციტის“ გამო, თუ დაგიყენებიათ თქვენი თეატრალური კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ? – ყოფილა შემთხვევა, როდესაც სცენაზე ბევრად მეტი ადამიანი ვმდგარვართ, ვიდრე პარტერში მჯდარა და გვითქვამს, რომ – კარგი, ხალხო, რა, ჩვენზე მეტი მაინც ხომ უნდა იყოს მაყურებელიო?! მაგრამ ის, რომ მოდი, ხვალ სპექტაკლი აღარ დანიშნოთ, არასდროს არავის გვიფიქრია. თეატრი გწამლავს, დამოკიდებულებას იწვევს, შენი ცხოვრების წესი ხდება, უამისოდ რომ აღარ შეგიძლია. ძალიან დიდი ადრენალინია… ამბობენ, მსახიობი სანამ სცენაზე გავა პრემიერის წინ, კარდიოგრამა რომ გადაუღო, ისეთი შინაგანი მდგომარეობა აქვს, ინფარქტის წინა პერიოდს ჰგავსო. ეს სიყვარული არის ის, რაც მსახიობს „იჭერს“, თორემ, დღესაც თეატრიდან, რეალურად, არ არის ის შემოსავალი, რომლითაც შეიძლება, ადამიანმა იცხოვროს. ამიტომ არ გიჩნდება ის შეგრძნება, რომ რადგან მაყურებელი არ არის… ვინც არის, მათგან იღებ ისეთ ემოციებს და მათი ტაშიც იმდენს ნიშნავს, მაინც მიგაჩნია, რომ ღირდა, ორლარ-ნახევარიც რომ აიღო. ყოფილა, სხვათა შორის, ასეთი შემთხვევები, როდესაც გაყიდული ბილეთებიდან ვიღებდით ანაზღაურებას „სარდაფის“ პერიოდში და ორლარ-ნახევარი, სამლარ-ნახევარიც შეგვხვედრია თითო მსახიობს. თუმცა, მაინც ღირდა. – დათმობდით ოდესმე მსახიობობას მაღალანაზღაურებადი, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის სანაცვლოდ? – ასე არ დავთმობდი, რა თქმა უნდა. ახლა ჩემთვის წარმოუდგენელია, თუნდაც, მაღალანაზღაურებად სამსახურში წასვლა იმიტომ, რომ ჩემი საქმე არის ეს… არ ვიცი, სად უნდა შემომთავაზონ, რომ დავთანხმდე. არქიტექტურა-დიზაინზე ვერავინ წამიყვანს (იცინის).  – თუნდაც, ისეთ რამეზე, რაც გამოგდით, ან რომ ისწავლით და აუცილებლად გამოგივათ. – (ფიქრობს) არა, ვერა. თუ დასათმობი იყო, აქამდე უნდა დამეთმო (იცინის), მაგრამ ვერა, ძალიან ჩემია, აქ ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად. – თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაიმე სერიალის ან ფილმის ქასთინგზე გახვედით და როლზე არ დაგამტკიცეს? – ვერ ვიხსენებ კონკრეტულად, მაგრამ იქნებოდა ასეთი შემთხვევა. რაღაც ქასთინგებზე დავდიოდი ხოლმე. ყველგან არ მითამაშია, მაგრამ ვერ ვიხსენებ… – თეატრში თუ მომხდარა ისე, რომ რაღაც კონკრეტული როლის თამაში გინდოდათ და სხვა ათამაშეს? – თეატრში პიესას რომ დგამდნენ ხოლმე, მოლოდინი, რომ რომელიღაც კონკრეტულ როლს მე ვითამაშებდი, არასდროს მქონია. ოთარ ეგაძის სტუდენტი ვიყავი, მისი გაზრდილი ვარ და ზუსტად იცოდა, სად რა უნდა მოეცა ჩემთვის. ჩემი ყველა გმირი მიყვარს, რომელიც თეატრში მითამაშია… ოთარი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი თავი სხვადასხვა როლზე მეცადა. –

რატი კერესელიძე, რომელიც მენეჯმენტის და პროგრამირების ფაკულტეტზე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლობდა, განათლების მიღება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში Westsჰchsische Hochschule Zwickau/ University of Applied Sciences Zwickau-ის უნივერსიტეტში გააგრძელა.  – რატომ გადაწყვიტე სწავლის გაცვლითი პროგრით გაგრძელება? – ეს მაგისტრატურის პროგრამა შეიცავს ორ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემ პროფესიასთან დაკავშირებულ სფეროს, მენეჯმენტს და პროგრამირებას. ასევე, მთავაზობს (თუ არ ვცდები საქართველოში პირველად) ორმაგ დიპლომს, ერთი IBSU-ს, მეორე კი WHZ-ს გერმანული უნივერსიტეტის მხრიდან. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარება ჩემი განათლების და  კარიერისთვის სავალდებულო ნაბიჯი იყო. – უნივერსიტეტმა რომელი ქვეყნები შემოგთავაზა და რატომ აირჩიე გერმანია? – რადგან მე დაინტერესებული ვიყავი სპეციპიკურად ამ პროგრამით, მეტი ქვეყანა არ შემოთავაზებულა რადგან ამ სპეციპიკური პროგრამისთვის და შემოთავაზებებისთვის მხოლოდ IBSU-ს და WHZ-ს ჰქონდათ შეთანხმება. – რა განსხვავებაა გერმანულ და ქართულ სწავლების მოდელში? – გერმანული სწავლების მოდელი რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან. გერმანიაში არ სჯერათ “თეორიული მასალის” და უკლებლივ ყველა თეორიულ საგანს თავისი პრაქტიკული მოთხოვნებიც აქვს, ასევე უფრო დიდ ხაზს უსვამენ ინდივიდუალურ სამუშაოს, სადაც შენ თავისუფალ დროს გევალება ცალკე აკეთო დავალება. ლექციები არ ტარდება ყოველკვირულად, ზოგ ლექციას აქვს ბლოკ-სემინარები სადაც ერთ დღეს 6 საათი ვსწავლობთ, მაგრამ მთელი სემესტრის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ გვიტარდება. ზოგი ლექტორი კი იმდენად ამახვილებს ყურადღებას ინდივიდუალურ მუშაობაზე რომ 3 ლექციის შემდეგ ლექციები აღარც ტარდება და ინიშნება მხოლოდ ონლაინ შეხვედრები ლექტორთან სადაც განვიხილავთ გაჩენილ კითხვებს ლექტორთან, დანარჩენი კი ჩვენს ნამუშევარზეა დამოკიდებული. რატი კერესელიძის რჩევა სტუდენტს, რომელსაც გაცვლითი პროგრამით სწავლა სურს: “ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ იმავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა”.  – კმაყოფილი ხარ თუ არა მიღებული გადაწყვეტილებით და რატომ? – საკმაოდ კმაყოფილი ვარ. როგორც ვახსენე, ეს გადაწყვეტილება ჩემი მომავლისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ამასთან ერთად შევიძინე ახალი გამოცდილება და ვნახე როგორია საზღვარგარეთ ცხოვრება, რაც ჩემი აზრით ყოველთვის სასარგებლოა. – რას ურჩევდი და რა გამოცდილებას გაუზიარებდი იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გაცვლითი პროგრამით აპირებენ? – ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ ამავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა. ხოლო თუ კი ფიქრობ, რომ უცხოეთში ცხოვრება რთულია და არ შეგიძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა, დამერწმუნე მალევე მიხვდები, რომ იმაზე მარტივია ვიდრე გგონია და ყველაზე ნაკლებად ამ ფაქტორის უნდა გეშინოდეს.   მასალის ავტორი: ლუკა ცარციძე  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში

გულჟან ბოტანოვა, სტუდენტი ყაზახეთიდან, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში”  სწავლის დროს გაცვლითი პროგრამით ქალაქ  ჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. გულჟანი სამ თვეზე მეტია პოლონეთში იმყოფება და სულ ცოტა ხანში IBSU-ში დაბრუნდება, რადგან გაცვლითი პროგრამა ექვსთვიანია.  – რომელი გაცვლითი პროგრამით წახვედით და რა ეტაპები გაიარეთ წასვლამდე? – საზღვარგარეთ, Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამით წავედი სასწავლებლად. მეორე კურსიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება მეოთხე კურსზე ავისრულე და წამოვედი სასწავლებლად ერთი სემესტრით პოლონეთში. Erasmus + ის პროგრამამ ყველა ხარჯი დამიფინანსა, რაც აქ სწავლის პერიოდში მქონდა და მაქვს. – როგორი იყო თქვენი პირველი ემოციები ახალ ქვეყანასა და უნივერსიტეტში? – ჩემი პირველი ემოციები ძალიან დიდი იყო. პირველად ვიყავი ევროპაში სასწავლებად , ვგრძნობდი, რომ ატმოსფერო განსხვავებული იყო. მე, შევხვდი ახალ ადამიანებს, მათ ვინც ჩემსავით გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. ქალაქი, სადაც მე ვარ პატარა და მომხიბვლელია. უნივერსიტეტს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია, აქვს უამრავი კამპუსი A-დან W-მდე და 10-ზე მეტი ნომრით. ჩემი ლექციები ძირითადად P არქიტექტურულ ბლოკში ტარდება. – გქონდათ თუ არა კულტურული შოკი? – დიახ, აქ მოსვლის პირველივე დღიდან მქონდა კულტურული შოკი. თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. გარდა ამისა, მე ავირჩიე მეცხოვრა ბინაში და არა საერთო საცხოვრებელში, როგორც ამას ერასმუსის სტუდენტების უმეტესობა აკეთებს. ჩემი ოთახის მეზობლები ყაზახი გოგოები არიან,  ისინი ჟეშოვში ჩამოსვლამდე გავიცანი. მე, მოვედი სექტემბრის ბოლოს და სხვა გოგოები ხუთი დღის შემდეგ ჩამოვიდნენ. ბინაში მისვლის პირველი დღე შაბათ საღამოს დაემთხვა. მაღაზიები და საკვების ბაზრებიც კი დაკეტილი იყო. კვირას, ძლივს ვიპოვე პატარა ბაზარი. პოლონელები ცივად მხვდებობდნენ და უნდოდათ მეც პოლონურად მესაუბრა. ასე რომ, პირველი თვე არც ისე ადვილი აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა.  გარდა ამისა, პოლონელების უმეტესობას არ შეუძლია ან ერიდება ინგლისურად ლაპარაკის.  ვფიქრობ, რომ აქ დიდხანს დარჩენას გეგმავთ, უმჯობესი იქნება პოლონური ენა ისწავლო. – რით განსხვავდება “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” იმ უნივერსიტეტისგან, რომელშიც ახლა იმყოფებით? -ჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან განსხვავებულია. იგი  დიდია და მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია. აქ ლექტორებიც მომთხოვნი არიან. მე, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შუალედური და ფინალური გამოცდები უფრო მომწონს და სტუდენტებიც უფრო მეგობრულნი არიან. – არის თუ არა სხვადასხვა საუნივერსიტეტო აქტივობები და კლუბები რომლებშიც პოლონეთში მონაწილეობთ? – თავიდან, გაცვლითი პროგრამით ჩასული სტუდენტებისთვის რამდენიმე ღონისძიება გაიმართა და ყველა მათგანს დავესწარი. ტარდება კონკურსები და კლუბები არქიტექტორებისთვის, თუმცა ეს უფრო ადგილობრივი სტუდენტებისთვისაა. Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის იგეგმება სამოგზაურო ტური პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში და  ყოველ კვირა კულტურული ღონისძიებები იმართება. – თქვენი სამომავლო გეგმებზეც, რომ გვიამბოთ… – ამჟამად მთავარი მიზანი  კარგი GPA-ით ბაკალავრიატის დასრულებაა და შემდეგ ევროპაში მსურს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. მინდა წარმატებული არქიტექტორი გავხდე. – რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება? – ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ მიზნის მისაღწევად. როგორც ზემოთ ავხსენი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტები დაკავებულნი არიან სასწავლო მოგზაურობით, უნივერსიტეტის ღონისძიებებით, ახლა კი გამოცდებით. ბევრჯერ მინახავს ერასმუსის სტუდენტები ბიბლიოთეკაში, რადგან ისინი ძალიან შრომისმოყვარეები არიან.   მასალის ავტორი: ეთა სულუხია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.            

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტი ლიკა ასაშვილი, ბილეტარული გაცვლითი პროგრამით პარიზში იმყოფებოდა. ვსაწვლოს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, მენეჯმენტის განხრით.  “ბავშვობიდან ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. კერძოდ კი ამერიკაში მინდოდა. ისე გამოვიდა, რომ არჩევანი სამ ქვეყანას შორის უნდა გამეკეთებინა: საფრანგეთი, პოლონეთი ან გერმანია. რაკი განათლების მაღალი დონე მინდოდა, მოვხვდი პარიზში International business school-ში. საფრანგეთში სწავლა დაფინანსდა უნივერსიტეტმა დამიფინანსა, დანარჩენი ჩემი ხარჯი იყო” –  ამბობს 21 წლის ლიკა.  – რა გამოცდილებები მიიღე უცხო ქვეყანაში სწავლის პერიოდში და რა სირთულეებს გადააწყდი ? – გამოცდილებას რაც შეეხება, ჩემს ფაკულტეტზე ყველა სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო რაკი საერთაშორისო ფაკულტეტზე ვიყავი. როდესაც უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ჩადიხარ გიწევს დაივიწყო შენი ენა, ეროვნება და მთლიანად აეწყო იმ ქვეყნის ცხოვრებას რაც იქ გვხვდება. მეც, ჩავედი თუ არა, რომ ჩავედი მთლიანად ფრანგულ ცხოვრებაზე ავეწყვე. ვფიქრობ, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, უნდა იცოდე მისი კულტურა, იქ რა არის მისაღები და რა არა და ა.შ. რაც შეეხება სირთულეებს ვაღიარებ, რომ ძალიან რთული იყო. პირველი ერთი  კვირა აღფრთოვანება და ინტერესი იყო და შემდეგი ორი თვე ძირითადად ისეთი, უკან წამოსასვლელი ბილეთი რომ არ იყიდო. ლიკა ასაშვილი: “ის კომფორტის ზონა რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს, შენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, უცხო ქვეყანაში არ გაქვს. უცბად, ხვდები რომ იზრდები და ყველაფერს თვითონ აკეთებ. სწორედ ეს სირთულეები გაძლევს გამოცდილებას”.  – გაგიჭირდა ადაპტაცია? – ადაპტაცია არ გამიჭირდა პირიქით ძალიან მომეწონა პარიზი და იქაური ცხოვრების რიტმი. უბრალოდ, ენის ბარიერი მქონდა, რომელიც მაბრკოლებდა კიდევ უფრო მეტად გამეთავისებინა ფრანგობა. – გქონდა თუ არა შესაძლებლობა წარმოგეჩინა ქართული კულტურა უცხოელი სტუდენტებისთვის? – რაც ჩავედი, სულ საქართველოზე ვლაპარაკობდი. ერთი საგანი მქონდა Managing cultural differences, სადაც განვიხილავდით და ერთმანეთს ვადარებდით სხვადასხვა ერებს. ამ საგნის მეშვეობით მთელ კლასს გავაცანი ჩვენი ქვეყანაც და წეს-ჩვეულებები. ხალხს ჩამოსვლაც კი მოვანდომე. – რამდენამ კმაყოფილი ხარ ამ გადაწყვეტილებით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით და შენი აზრით რას მოგცემს ის სამომავლოდ? – ჩემი აზრით ეს ნაბიჯი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველ რიგში, ეს ჩემი სამომავლო გეგმების დასაწყისი იყო. მაშინ როცა 20 წლის ასაკში სრულიად მარტომ ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, წარმოვაჩინე, გამოვავლინე და დავიმკვიდრე თავი უცხო ქვეყანაში, სრულიად უცხო საზოგადოებაში, ამან მომცა მოტივაცია კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგა და დიდი ამბიციები დავისახო. – თუ ურჩევდი ბაკალავრის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და რატომ? – ყველას ვურჩევ ნებისმიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას, რადგან მათ ექნებათ შანსი პირველ რიგში სულიერად გაიზარდონ და ნახონ უამრავი რამ. აქამდე ვერც წარმომედგინა რომ ასეთი ლამაზი რაღაცები არსებობდა. ასევე, ეს არის შანსი შეიძინო უამრავი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, გასინჯო ტრადიციული საჭმელები, რომელიც ამ მოგზაურობის საუკეთესო ნაწილია და რაც მთავარია უკეთესად დაინახო თუ რა შეგიძლია სინამდვილეში და იმავდროულად, უკეთესად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები. – როგორ გაიგეთ გაცვლითი პროგრამის შესახებ და რა საფეხურები გაიარეთ? – მე, ყოველთვის ვამოწმებდი ყველანაირ გაცვლით პროგრამას, მაგრამ რადგანაც კოვიდის პერიოდი დამემთხვა შეუძლებელი იყო რაიმეში მონაწილეობის მიღება. ასევე, IBSU-ს ერასმუს პროგრამები დიდად არ ჰქონდა დათუ ჰქონდა, არა ყველა პროგრამაზე. ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო რომ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში ხშირად შევდიოდი და ყოველთვის ვკითხულობდი გაცვლითი პროგრამების შესახებ. ხომ არ ჰქონდათ. ასევე ვამოწმებდი მათ საიტს და როცა დავინახე ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტების დედლაინები და გამოცხადებული პროგრამები, უბრალოდ შევავსე განაცხადი, დავწერე CV და სამოტივაციო, მოვიპოვე ორი სარეკომენდაციო წერილი და რა თქმა უნდა ნიშნების ფურცელი. ამის შემდეგ დამინიშნეს გასაუბრება ბატონ მელიქთან და რამდენიმე თვეში მეილით მივიღე ჩარიცხვის წერილი. – რამდენად განსხვავდება განათლების დონე ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტში? – განათლების დონე სრულიად განსხვავებულია. ძირითადად სულ ქეის სთადები მქონდა და ყოველ ლექციაზე პრეზენტაციები. ასევე, ჩემი ლექტორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და ყველას სხვადასხვანაირი მიდგომა ჰქონდა, მაგრამ გამოცდები ძალიან მკაცრი იყო, რომელიც მინიმუმ ორი ქეის სთადისგან შედგებოდა და პასუხები აუცილებლად ვრცელი და კონკრეტული უნდა ყოფილიყო.   მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.

მარიამ მეხრიშვილი, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ამერიკისმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამჟამად იგი Erasmus-ის გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრით პოლონეთში იმყოფება და მაზოვიის უნივერსიტეტში სწავლობს.  – როგორ გაიგე უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლა (უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)? – საკმაოდ პატარა ასაკიდან დავისახე მიზნად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება და სხვა ქვეყანაში სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდმა ამ გეგმის განხორციელებაში ძალიან შემიშალა ხელი, საბოლოოდ მაინც მომეცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში. ამაში რა თქმა უნდა IBSU-ს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან სწორედ უნივერსიტეტიდან გავიგე პროგრამის შესახებ რის შემდეგაც, დაუფიქრებლად გადავწყვიტე საბუთების გაგზავნა. – რა პროცესები გაიარე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის? – ჩემთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა, ვინაიდან მთლიანი ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი და სტრესული იყო, თუმცა წარმატების მომტანი ისევ და ისევ ჩემი აკადემიური მოსწრება და აქტიურობა აღმოჩნდა, შესაბამისად დადებითად შეაფასეს ჩემი დოკუმენტები და ინტერვიუც წარმატებით გავიარე, რის შემდეგაც შემატყობინეს რომ შემეძლო ამ პროგრამის მონაწილე გავმხდარიყავი. – რაიმე რთული ბარიერი ხომ არ ყოფილა, ამ დროს შენთვის? – ყველა წარმატებას აქვს თავისი რთული ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს პროცესიც საკმაოდ სტრესული იყო. ამ დროს გამოვიარე ნერვიულობა, გაურკვევლობა, დაბნეულობა და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა და ჩემი გაწეული ეს შრომაც დაფასდა. მარიამ მეხრიშვილი: თუ სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამა ოცნებაა, ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის. – როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა? რა თქმა უნდა IBSU ამ დროს ძალიან დამეხმარა. როგორც გამოუცდელი სტუდენტი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამ პროცესების შესახებ, უნივერსიტეტი სრულიად მხარში დამიდგა და ეს პროცესი საკმაოდ გამიმარტივა. – რამდენად მარტივი ან რთულია IBSU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა? – ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი მარტივია, თუმცა მიზანი და ამ მიზნისთვის თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის სარგებლიანია. – რისი მომტანია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, სტუდენტისთვის? – პირველ რიგში გასწავლის სირთულეებთან ბრძოლას, საკუთარი თავის განვითარებას და პრიორიტეტების გადახარისხებას. ამ ყველაფრის კეთება კი დამოუკიდებლად გიწევს, რაც ცხოვრებისეულად გზრდის და გაძლიერებს. ამ ყველაფერთან ერთად, დარწმუნებული ვარ ჩემს კარიერულ წინსვლაში ეს პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. – რამდენად განვითარდა შენი ცოდნა და კარიერული წინსვლები? გაგვიზიარე შენი გამოცდილება. – ამ პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა როგორც კარიერულად ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, აქ ყოფნამ საკმაოდ განმავითარა და დამარწმუნა იმაში რომ ახალ გამოწვევებს უარი არასდროს უნდა უთხრა. – რა აღმოაჩინე ყველაზე საინტერესო საზღვარგარეთ, იმ უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად სწავლობ? – ჩემთვის ბევრი რამ აღმოჩნდა საინტერესო სხვა ქვეყანაში სწავლისას. ალბათ გამიჭირდება ერთი კონკრეტულის გამორჩევა, ძალიან საინტერესოა ლექციების განრიგები, რითაც სტუდენტები სარგებლობენ. გამოცდების წყობა, და ზოგადად მათი სტუდენტური ცხოვრება. – არის თუ არა განსხვავებები, ზოგადად სწავლის სისტემისადმი? სწავლის სისტემაში რა თქმა უნდა იყო განსხვავებები, თუმცა არა ისეთი სერიოზული, რომ ამას რაიმე სირთულე მოეტანა ჩემთვის. არის პატარა განსხვავებები როგორებიცაა: ლექციების სტრუქტურა, მათი დილით ადრიანად დაწყება, გამოცდების თარიღები და ასე შემდეგ. – არის ისეთი რამ, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურს ჩვენთან, IBSU-ში? – ვფიქრობ IBSU ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. შესაბამისად,  ვერ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტში ამჟამად რაიმე ახლის დანერგვის საჭიროება არსებობს – საინტერესოა სტუდენტური ცხოვრებაც, რა აქტივობები ხორციელდება ამ მხრივ უნივერსიტეტში და როგორი არის შენი ჩართულობა? სტუდენტური ცხოვრება ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა ამ პროგრამის ფარგლებში. საერთო საცხოვრებელი კი ამაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან უამრავ სხვა უცხოელ თუ პოლონელ სტუდენტთან ერთად ვცხოვრობ. შესაბამისად სტუდენტური აქტივობები არც უნივერსიტეტში და არც მის გარეთ არ გვაკლია. ყოველდღიურად ვერთვებით სხვადასხვა აქტივობებში რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი კიდევ უკეთესად გავიცნოთ და დავახლოვდეთ. – რას ურჩევ სტუდენტებს, რომლებსაც სამომავლოდ სურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა? – პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად, რადგან სხვა ქვეყანაში მარტო ცხოვრება არც ისეთი მარტივია როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება დაინახო.  მიუხედავად ყველაფრისა, თუ ეს მათი ოცნებაა ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის.   ავტორი: ლუკა ამბალია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.

ნინი შაორშაძე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ნინი, თითქმის ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, IBSU-ს” მედია ცენტრი” აქვეყნებდა ნინის ბლოგებს “მე და ევროპა” და მკითხველს უზიარებდა მის შთაბეჭდილებებს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. განათლების მიღების პარალელურად, მან იმოგზაურა ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში და დღევანდელ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორია იყო ევროპის ნაწილი.    – როგორ დაიწყო შენი წარმატების გზა ლიეტუვაში? – “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლის პარალელურად ყოველთვის ვეძებდი ინფორმაციას გაცვლით პროგრამებზე. იმ ეტაპზე მთავარი იყო არ გამეწყვიტა კავშირი ჩემს პროფესიასთან და დავიწყე ისეთი პროექტების ძებნა, რომლებიც არ დამაშორებდა ჟურნალისტიკას. ჩემთვის არც ის იყო მნიშვნელოვანი, რომ აკადემიური წლის აღება მომიწევდა და მაინცდამაინც 4 წელიწადში ვერ დავამთავრებდი უნივერსიტეტს. გასულ წელს რამდენიმე სხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ამ პროგრამაზე არჩევანი სწორედ იმიტომ შევაჩერე, რომ რადიოში  მუშაობის შესაძლებლობას მაძლევდა. როდესაც მასპინძელ ორგანიზაციას CV და სამოტივაციო წერილი გავუგზავნე, რამდენიმე დღეში მომწერეს, რომ შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდი და გასაუბრება მექნებოდა. გასაუბრებიდან მეორე დღესვე მივიღე დასტური, რომ საქართველოდან მე ამირჩიეს და ერთი წლით ლიეტუვაში უნდა მეცხოვრა. ეს დღეები კარგად მახსოვს და ალბათ სწორედ ამ დროიდან იწყება ჩემი წარმატების გზაც ლიეტუვაში. – რა შესაძლებლობებს აძლევს ერასმუსი სტუდენტებს და გამართლდა თუ არა შენი მოლოდინები? – მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც ერასმუს+ პროგრამის ნაწილია, გვთავაზობს შთამაგონებელ და გამაძლიერებელ გამოცდილებას, ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას და ცვლილებების მოტანის შანსს. აუცილებლად უნდა ვახსენო “European Solidarity Corp” – ევროპული სოლიდარობის კორპუსის პროგრამა, რომლის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორაგნიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას. ნინი შაორშაძე: “ევროპაში ერთფეროვნების ადგილი არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვს სათქმელი რამე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს” ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის დაფინანსების პროგრამა ახალგაზრდებისთვის. დაფინანსება გათვალისწინებულია გრანტების სახით ორგანიზაციებისთვის, რომელსაც მართავს ევროკომისია. სწორედ ამიტომ, ჩემი ლიეტუვაში ცხოვრების განმავლობაში, ყველა ხარჯი (საცხოვრებელი, კომუნალურები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვა ხარჯები.) იფარება ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტით. ახალგაზრდული საშვი (სერთიფიკატი), რომელსაც ჩემი გრძელვადიანი პროექტის დასრულების შემდეგ შევავსებ, მოიცავს შვიდ კომპეტენციას, რომლებიც განვივითარე:   მრავალენოვანი კომპეტენცია; პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია; მოქალაქეობის კომპეტენცია; მეწარმეობის კომპეტენცია; კულტურული ცნობიერებისა და გამოხატვის კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; მათემატიკური კომპეტენცია და კომპეტენცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში; წიგნიერების კომპეტენცია. რაც შეეხება მოლოდინებს, ზოგადად არ მახასიათებს წინასწარი განწყობების შექმნა. არ ვარ არც არაჯანსაღად ოპტიმისტი, არც უკიდურესად პესიმისტი, ყოველთვის მირჩევნია ვიდგე რეალისტურ პოზიციაში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შანსი არ უნდა დამეკარგა და კარგია, რომ ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მოხდა. – როგორია იყო ევროპის ნაწილი, შეისწავლო ევროპული კულტურა, ხალხი და გქონდეს ურთიერთობა სხვა ეროვნების ხალხთან? – არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. მართალია სამუშაო გარემო ერთია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომ ერთფეროვნების ადგილი აქ არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვთ სათქმელი რაიმე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს. კომუნიკაციისთვის ყველა მზად არის, რადგან თავადაც აქვთ ინტერესი სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. ერთი სიტყვით, ინტერესი ორმხრივია. იყო ევროპის ნაწილი გულისხმობს იმის გაგებასა და პატივისცემას, თუ როგორ ხდება იდეებისა და მნიშვნელობის შემოქმედებითად გამოხატვა და კომუნიკაცია სხვადასხვა კულტურაში. სხვა კულტურებთან შეხვედრა და მათი გამოხატვის ხერხების გაცნობა კი ამ პროგრამების გულშია. მონაწილეებმა უნდა ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ განსხვავებულ კულტურებს, ენებს, ტრადიციებს, ღიად და მონდომებით. ეს ხშირად იწვევს საკუთარ კულტურაზე დაფიქრებასა და ახალი შეხედულებების ჩამოყალიბებას. ბევრ პროექტში გამოიყენება შემოქმედებითი და მხატვრული ტექნიკის და მიდგომის სხვადასხვა ფორმა საკუთარი თავის გამოხატვისთვის. მე პირადად, აქტიურად ვარ ჩართული კულტურული და/ან მხატვრული ღონისძიებების ორგანიზებაში (როგორებიცაა: ფესტივალები, გამოფენები და ა.შ.) – შენს სხვადასხვა ბლოგინად ვიგებთ, რომ ლიეტუვა ძალიან მოწესრიგებული და ეკონომიური ქვეყანაა. რითი გამოარჩევდი ამ ქვეყანას საქართველოსგან? – წესრიგი და საქმისადმი დამოკიდებულება უდრის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ჩვენც უამრავი სახასიათო და საამაყო რამ გვაქვს, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობის, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებისა და დისციპლინის ხარისხი აქ უფრო იგრძნობა. ქვეყანა ასევე ცნობილია განათლებისა და სწავლების მაღალი ხარისხით. ლიეტუვა მუდმივად მაღალია ცხოვრების ხარისხშიც, რადგან ამაყობს დაბალი დაბინძურებით, შესანიშნავი ჯანდაცვის სისტემით და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით დაბალ ფასად, ვიდრე დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში. – როგორია შენი ერთი დღე სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად?  – საინტერესო. ხშირად ვწერთ რადიო გადაცემებს, ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის განსხვავებებზე, ვიზიარებთ ერთმანეთის პიროვნულ თუ პროფესიულ წარმატებებსა და გამოცდილებებს. მახსენდება ჩემი პირველი დღეები ლიეტუვაში, როცა ძალიან უცხოდ ვგრძნობდი თავს. ერთი სტუდენტი მოვიდა და შემომთავაზა, რომ ქალაქს დამათვალიერებინებდა. არც კი ვიცნობდი, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მაშინ, როცა ეს მეც ძალიან მჭირდებოდა. ყველა დადებითად არის განწყობილი; კონფლიქტური სიტუაცია არასდროს შექმნილა. გარდა ლიეტუველი სტუდენტებისა, გავიცანი სტუდენტები მინიმუმ 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთან კომუნიკაციის პერიოდიც სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემს ცნობიერებაში.  – რა უნდა გაითვალისწინონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ერასმუს პროგრამით საზღვარგარეთ წავიდნენ? – შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება. ალბათ, უნდა დაფიქრდნენ თავიანთ პრიორიტეტებზე. თუ მათთვისაც მნიშვნელოვანია გამოწვევები, რომლებსაც მართლაც კარდინალური ცვლილებები მოსდევს, უნდა მიიღონ. თუ უნივერსიტეტის დასრულება განსაზღვრულ დროში უნდათ და ეს შანსი დროის კარგვად მიაჩნიათ, მგონი – ცდებიან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მადლოერებას ამ პროექტისა და ყველა ორგანიზაცია/ორგანიზატორის მიმართ, ჩემი პიროვნულად გაზრდის ხელშეწყობისა და იმ უნარების აღმოჩენისთვის, რომლებზეც არასდროს მიფიქრია. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც ავთენტურად მისია. ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, ჩვენ ვიცით, რაც გვჭირდება, უბრალოდ ხანდახან გვეშინია, რომ სიახლე მივიღოთ. არავინ მოვა და შენს ოცნებებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. როცა მე შევწყვიტე შესანიშნავი დროის, შესანიშნავი გეგმისა და მომენტების ლოდინი და მიიღონ რისკი, შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც. გავხდი ჩემი ამბის მთავარი გმირი. ვალიდაცია არ არის საჭირო წარმატებისთვის, ბედნიერებისთვის და კონტროლისთვის.  – ფიქრობ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი დაგეხმარა იმაში, რომ შენი ცოდნა ევროპაში უფრო გაგეღრმავებინა – ვფიქრობ, რომ საკმარისად კარგი თეორიული ცოდნით წამოვედი. პრაქტიკული მეცადინეობები სულ ახალი დაწყებული გვქონდა უნივერსიტეტში, თუმცა რაც მთავარი და ძირითადი იყო, ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპის მადლობელი ვარ, მათ შორის უნივერსიტეტში გატარებული წლების, ყველა დრომ რაღაც ხელჩასაჭიდი მომცა. – აპირებ თუ არა სამომავლოდ ევროპაში დაბრუნებას და პროფესიის შეცვლას? – ევროპაში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პროფესიის შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავ. ვინ იცის, იქნებ ჩვენც ვიცხოვროთ ერთ დღეს ევროპულ საქართველოში. ავტორი: მარიამ ეგაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.

დაკა ბერძენიშვილი: “დიდი სურვილი მქონდა ჩემს ეზოში ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც საშუალებას მომცემდა ქალაქი საბოლოოდ დამეტოვებინა და სოფელში დავრჩენილიყავი. ამიტომ,პროგრამა “აწარმოე საქართველოში”  განაცხადი შევიტანე და მოვიგე კიდეც. ასე დაიწყო ჩირებისა და ჩემი თანამშრომლობა”. – დაკა, როგორ დაიწყო თქვენი გურული თავგადასავალი? – თავიდან, არც მქონდა გააზრებული რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა იყო ბიზნესი და როგორ კეთდებოდა ის. „ქალი მეწარმე“ – ამ ფრაზის წარმოთქმაც კი მეხამუშებოდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, ერთგვარი სპორტული ინტერესი გამიჩნდა რას და რამდენს შევძლებდი და ამ პროცესში ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. მანამდე, თბილისშიც და ჩოხატაურშიც, ოფისში ვმუშაობდი და ვიყავი კარგი თანამშრომელი. მაგრამ ახალი წამოწყების პროცესში, აღმოვაჩინე რამდენად მეტი შემეძლო, ბევრი ახალი თვისება დავინახე საკუთარ თავში და დავიწყე ზრუნვა განვითარებაზე. დავდიოდი ტრენინგებზე, ვეცნობოდი ქალების მხარდამჭერ პროგრამებს და პარალელურად პრაქტიკული ცოდნის ზრდას ახალი გამოცდილებებიც მოსდევდა და ახლა უკვე, თამამად ვამბობ ხოლმე – მე ვარ მეწარმე ქალი!     – აწყდებოდით თუ არა, სკეპტიკურ დამოკიდებულებას? – რა თქმა უნდა, აქაურები გურულად მეუბნებოდნენ, რამ გაგააბდლა ამხელა ქალი, რა ჩირი და საწარმოო, მაგრამ მერე ყველამ დაინახა შრომაც და შრომის შედეგიც, გვერდში დამიდგნენ და ბევრ რამეს საერთო ძალისხმევით ვაკეთებთ. დაკა ბერძენიშვილი: “რაც უფრო მეტი ძლიერი ოჯახი იქნება, მით უფრო ძლიერი ქვეყანა გვექნება”. – რატომ მაინცდამაინც ჩირი, საიდან წამოვიდა ეს იდეა? – წინაპრების დანატოვარი ეს სახლი, იყო ძველი და დიდი რესურსი სჭირდებოდა მის აღდგენას. სინამდვილეში, სახლი იყო ერთგვარი ტვირთი, რომელიც მინდოდა აქტივად მექცია. მე, მიყვარს  ხელსაქმე, მიყვარს მიწა… აქ, ხეებს ასხია ხილი, რომელიც ბიოპროდუქტია, უწამლია. ჩამოვწერე პლუს-მინუები და მივხვდი, რომ ჩირითაც შევძლებდი არა მხოლოდ გემოვნური, არამედ ესთეტიკური სილამაზის შექმნას. – დაკა, ამ იდეამ ისე გაამართლა როგორც ფიქრობდით და გეგმავდით? – უფრო მეტადაც. აქ უკვე კოტეჯებიც შეემატა,  თითოეულს თავისი სახელიცჰქვია: კენკრა, ციტრუსი და კურკა (იღიმის). ამ ყველაფრის დაგეგმვა, მის განვითარებაზე ფიქრიც კი სიამოვნებას მანიჭებს. ის რუტინა,რაც ჩირის დამზადებას სჭირდება –  კარალიოკის გათლა იქნება, ვაშლის დაჭრა და ა.შ. უკვე სხვების კომპეტენციაა. ახლა ვფიქრობ, როგორ გავაფორმო ახალი შეკვეთები, რა სიახლეები შევიტანო გურულ სამზარეულოში… პურსა თუ კექსშიც ჩირს ვიყენებ და ტრადიციული, შემწვარი წიწილის შეზავებისასაც.  თავდაპირველი იდეაც ხომ ეს იყო: გურულ ოდაში სიმინდის ფუჩეჩში შეხვეული კანფეტი. მე, მართლაც არაფერი ვიცოდი ბიზნესის, არ მქონდა აქტივი და ამ დროს დავწერე პროექტი USAID – თვის. მომაგებინა სწორედ იდეამ, რომ 200 წლის გურულ ოდაში ყოფილიყო ჰასპის სტანდარტის ჩირის საწარმო – სოფლად გაკეთებულიყო საქმე, რომელსაც ექნებოდა ევროპული სტანდარტი. – ახლა, როცა ქალაქის აჩქარებულ ტემპსა და რუტინაში აღარ ხართ, ბევრი რამ გადააფასეთ? – არაერთი. 1989 წელს რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, მას მერე ვიდექი რუსთაველზე გამართულ აქციებზე და ვიძახდი “საქართველოს”. 50 წლის ასაკში მივხვდი, რომ ყველაზე დიდ საქმე ვაკეთებ აი, აქ და ახლა. იმიტომ რომ თუ წერტილს დავსვამ და შევქმნი პრეცენდენტს, რომ არაფრისგან შეიძლება ნახევარმილიონიანი აქტივის შექმნა, შემდეგ ამ მაგალითს სხვებიც გამოიყენებენ.     ჩვენ მალე, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნება. ჩვეულებრივი ადამიანი როცა შეძლებს თავისი მიწა-წყალი, მისი ეზო აქციოს აქტივად, მერე კაციშვლი ვერ მოვა ჩემთან და ვერ მეტყვის – 5 ლარს მოგცემ და ხმა მომეციო. – ახლა უკვე უცხოელ ტურისტებსაც მასპინძლობთ, მათ შორის რუს ტურისტებს. როგორია მათი დამოკიდებულება?  – მთავარია ღირსებით დახვდე, ქართული სტუმარ-მასპინძლობით, მაგრამ ღირსებით. ამის გაკეთება შესაძლებელია. ძველ სახლში რო შეხვიდეთ, ნახავთ აჭრელებულ კედელს. თავის დროზე, შპალერის ფული რომ არ გვქონდა, ტურისტებს ვთხოვდით შთაბეჭდილებები მიეწერათ და ახლა, ყველაზე ნამდვილი და ყველაზე ლამაზი შპალერი სწორედ მათი წარწერებია. ამერიკის დროშა რომ მიფრიალებს აქ, შეიძლება არც სიამოვნებთ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეტყვის. და თუ შენით ჩამოხსნი დროშას ვინმეს საამებლად, მაშინ თავად მისცემ უფლებას აქ ჩამოგიდგეს და საკუთარი წესები გიკარნახოს, შენივე სახლში. დაგეგმილად აქ, მხოლოდ უცხოელი სტუმრები მოდიან,რუსები ყოველთვის დაუგეგმავად მოყავთ და არ ვკადრულობ იმას, რომ ვინმე უკან გავაბრუნო და ის გიდი ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში. ჩემი კაცთმოყვარე ბუნება არ მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ვაღიარებ, ისეთივე მოქცევა არ გამომდის მათთან, როგორც ვთქვათ იაპონელებთან თუ გერმანელებთან. მთავარია, დახვდე ღირსეულად და არა ტაშ-ფანდურით. მე მათ ვუყვები ჩემს ქვეყანასა და ღირსებაზე, მაგრამ არ ვყიდი ცეკვა-თამაშს, შაბაშზე ვერ ვუმღერებ რა.     – და ბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს ან სურს საკუთარი საქმის დაწყება? – მთავარია, საკუთარ თავს არ აუკრძალო გამბედაობა, არ თქვა, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია. თუკი შეგიძლია სცადო და გააკეთო მეტი და არ დასჯერდე ნაკლებს, წარმატებაც აუცილებლად მოვა. როცა ყველაფერში შინაარსი დევს, ყველაფერში შენი სული და გულია და ამას აკეთებ შენი ოჯახისთვის, შენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ვერავინ დაგიდგება წინ, ვერცერთი ხელისუფალი, რაც არ უნდა განსხვავებულად ფიქრობდე. როცა ადამიანი გიყვარს, შენი საქმე გიყვარს, შენი ქვეყანა გიყვარს და ამას გამოხატავ არა ფუჭი ლაპარაკით, არამედ საქმით, მაშინ ყველაფერი გამოდის!   ავტორი: ნათია შენგელია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში.   

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტმა ლუკა ამბალიამ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო პროექტის IDEA-ს და IBSU-ს ორმაგი დიპლომის პროგრამის ხელმძღვანელთან მარინა რაზმაძესთან.  – რას გვთავაზობს IBSU-ს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science)? – პროგრამა სასწავლო კურიკულუმის სახით გვთავაზობს სრულიად ახალ, საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან არის შეთანხმებული და დამტკიცებული. მენეჯმენტი და კომპიუტერული მენციერების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლების მეორე სემესტრიდან შეარჩიონ შემოთავაზებული 5 კვალიფიკაციიდან მათთვის ყველაზე მეტად სასურველი კვალიფიკაცია და გაიარონ შესაბამისი სავალდებულო და არჩევითი საგნები. – რა აქვს პროგრამას გამორჩეული და განსაკუთრებული? – ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს სრულიად ახალ პროდუქტს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან იგი აერთიანებს ორ უმსხვილეს წამყვან მიმართულებას თანამედროვე სამყაროში, ბაზარსა და მარკეტზე – მენეჯმენტს და კომპიუტერულ მეცნიერებას. აღნიშნული ორმაგი დიპლომის პროგრამა შემუშავდა საერთშორისო პროექტის IDEA-ს ფარგლებში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. 2022 წლის დეკემბერის თვეში, პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია ASIIN გერმანული საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს მიერ და მიენიჭა 7 წლიანი სრული აკრედიტაცია, ხოლო ამა წლის ივლისის თვეში, პროგრამამ მიიღო აღიარება საქართველოში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან. პროგრამა განსაკუთრებულია იმით, რომ მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილია კონსორციუმის სახით და პარტნირი ქვეყნები წარმოადგენენ უნივერსიტეტებს ევროპის, სამხრეთ კაკასიის და აზიის ქვეყნებიდან. აღნიშნული ალიანსი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (გერმანია) და 3 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საკმაოდ საინტერესო და მომხიბვლელია როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე ახალი იდეების გენერირების და განხორციელების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლის წარმატებით დამთავრების შემდგომ სტუდენტი ერთდროულად იღებს IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს, შესაბამისი კვალიფიკაციებით. – პროგრამის მიხედვით, სტუდენტი რამდენ სემესტრს ისწავლის საზღვარგარეთ? – პროგრამაზე ყველა ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის განმავლობაში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ისწავლის, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. მეოთხე სემესტრში მშობლიურ უნივერსიტეტში, სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად ბრუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, შესაძლებელია, ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. – არის თუ არა განსაზღვრული სტუდენტების კვოტა? – აღნიშნულ პროგრამაზე, პირველ წელს საქართველოში (2023 წლის აგვისტოში) გამოვაცხადეთ 10 ვაკანტური ადგილი.სამომავლოდ ვგეგმავთ ამ რიცხვის საგრძნობლად გაზრდას. – როგორც ვიცით, თქვენ IBSU-ს რექტორთან და სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდით გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე რა იყო ვიზიტის მიზანი? – ვიზიტის მიზანი იყო, ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დასწრება, ასევე დამსწრე სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა და როგორც ქართველი, ასევე უცხოური სტუდენტებისთვის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შესახებ პრეზენტაციის წარდგენა. გარდა ამისა, ვიზიტი მიზნად ისახავდა მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეობას და პარტნიორი ქვეყნების უნივერისიტეტების, პროექტის ხელმძღვანელების შეკრებას, მიმდინარე საკითხების განხილვას და სამომავლო გეგმების დასახვას. – რა მთავარი აქცენტები დაისვა გერმანიაში შეხვედრისას? – მრგავლი მაგიდის დისკუსიის ფორმატში აღინიშნა, რომ პროგრამა საკმაოდ მომხიბლველი და მოთხოვნადია. მხოლოდ წელს ყველა პარტნიორი ქვეყნების გათვალისწინებით პროგრამაზე ჩაირიცხა 99 სტუდენტი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა დაფინანსების წყაროების/ფონდების მოძიების საკითხები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. – მიმდინარე სემესტრში სულ რამდენმმა სტუდენმა ისარგებლმა აღნიშნული პროგრამით? – მიმდინარე წელს, IBSU-ში, აღნიშნულ პროგრამაზე ჩაირიცხა 6 ქართველი სტუდენტი, ხოლო ყველა პარტნიორი ქვეყნის მონაცემებით, პროგრამაზე ჯამში ჩაირიცხა 99 სტუდენტი. – რამდენად კმაყოფილნი არიან ის სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ პროგრამაზე? – ცვიკაუში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით ქართველ სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე სტუდენტი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ახალგაზრდები არიან. გასაუბრებისას, სტუდენტების მიერ აღინიშნა, რომ ეს სემესტრი მათთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერია, ვინაიდან მრავალკულტურულ გარემოში ახალი ცოდნის შეძენა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება საკმაოდ საინტერესო პროცესი და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. – იგეგმება თუ არა სხვა პარტნიორი ქვეყნების დამატება გაცვლითი პროგრამის მხრივ? – ერთ წელიწადში იგეგმება ჩინეთის, კერძოდ ტონჯის უნივერისტეტის შემოერთება არსებულ კონსორციუმში.   ავტორი: ლუკა ამბალია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2023 წელს „სამეცნიერო აქტივობებში წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. მისი ხელმძღვანელობით, მიმდინარე წელს, ზემოთაღნიშნული სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო, რომლის მიზანი მაგისტრანტებისთვის ხარისხიან ინტერნეტმედიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ხოლო პროფესორებისთვის – ტრენინგების შეთავაზება იქნება. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა მაზიაშვილმა ინტერვიუ ჩაწერა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან. – როგორია იყოთ წარმატებული ლექტორი? – უპირველესად გამოვეხმაურები იმას, რომ სასწავლო წლის დასაწყისში დამაჯილდოვეს ტიტულით ,,იბსუს ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ის მომენტი, როდესაც მშობლიური უნივერსიტეტისგან მერგო ეს ჯილდო. ამავდროულად  მოულოდნელი და ამაღელვებელიც, რომ ხუთეულში მოვხვდი. ეს ჯილდო მერგო გასული წლის სამეცნიერო აქტივობების გამო. ვფიქრობ, ეს ცერემონიალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი იყო, რაც განმიცდია ცხოვრებაში… – თქვენს სამეცნიერო აქტივობებზე, კონკრეტულად კი,  კვლევებსა და პროექტებზე რომ მოგვიყვეთ დაწვრილებით. -2010 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთი კვლევითი სტიპენდია თუ კვლევითი ჯილდო მაქვს მიღებული. ყველაფერს ცხადია, ვერ ჩამოვთვლი… რაც შეეხება გასული წლის აქტივობებს, მოკლედ რომ გავიხსენო ისინი, განვახორციელე რამდენიმე კვლევა: ერთი, რომელიც წარვადგინე ევროპის კომუნიკაციის და კვლევის ასოციაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მედიამკვლევარების სექციის კონფერენციაზე. ჩემი ეს კვლევა ეხებოდა – ახალგაზრდებში სოციალური მედიის გამოყენების რისკებსა და განვითარების შესაძლებლობებს. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამ კონფერენციისა, მონაწილეობა მივიღე კიდევ ერთ კონფერენციაში, რომელიც ბერლინში გაიმართა და ერქვა სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენცია. ამ კონფერენციაზე წარვადგინე მოხსენება, რომელიც ასევე სოციალურ მედიას ეხებოდა, ჩემი მოხსენების თემა იყო – ,,სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო ახალგაზრდებისთვის”. ეს კვლევაც გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამისა, 2023 წლის ზაფხულში კიდევ ერთ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. ოღონდ ონლაინ, რადგან ფიზიკურად ვერ შევძელი ჩასვლა. ,,ჟურნალების მომავალი” – ასე ერქვა ამ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც პირველად გაიმართა ლისაბონში. ამ საერთაშორისო კონფერენციაზე იწვევდენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს, რომლებიც საჟურნალო ჟურნალისტიკის თემაზე მუშაობენ. ჩემი კვლევის თემა იყო – ქართული ჟურნალების გამოწვევები ბეჭდურიდან ციფრულზე გადასვლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ წასვლას ვერ ვახერხებდი, ორგანიზატორებმა ონლაინ ჩართვა შემომთავაზეს. ამ კონფერენციის შემდეგ, სპეციალური სამეცნიერო ჟურნალი დაფუძნდა. იქ უნდა გამოვაქვეყნო ჩემი პუბლიკაცია და გარდა ამისა, ამ ჟურნალის რეცენზენტობა და სამეცნიერო საბჭოს წევრობაც შემომთავაზეს. მონაწილეობა მივიღე ასევე იბსუ-ში გამართულ ტრადიციად ქცეულ ამერიკათმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამერიკაში 3 საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ მივიღე მონაწილოება ბოლო 2 წლის მანძილზე და წარვადგინე ჩემი კვლევის შედეგები ჩიკაგოში, ტეხასისა და ოკლახომას უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს გამოვყოფდი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ჟურნალისტური განათლების ასოციაციის კონფერენცია იყო, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. იქ წარვადგინე კვლევა, რომელშიც საქართველოს ათი მედიასკოლის პროფესორების 18 ნახევრად-სტრუქტურული ინტერვიუ გავაანალიზე. ეს კვლევა პოლონეთში გამოვაქვეყნე 2022 წელს. ასევე პოლონეთში გამოვაქვეყნე ორი კვლევა 2023 წელს. ერთი ეხებოდა დეზინფორმაციის გავრცელებას როგორც კოვიდის, ისე პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს კვლევა უკვე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, 2 წლის წინ მივიღე ტიტუს ფილიპოვიჩის კვლევითი ჯილდო და მის ფარგლებში მოვამზადე კიდევ ერთი კვლევა, რომელიც პოლონეთში გამოვაქვეყნე და იბსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (SilkroadConference2023 ) წარვუდგინე ქართველ კოლეგებს – პოლონეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სოციალური მედიის ანალიზის მიხედვით. გარდა ამისა, კიდევ ერთი თემა მოვამზადე ფილიპოვიჩის სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის თემას პოლონურ მედიაში. – თქვენი აღნიშნული წარმატებები პროფესიისთვის და უშუალოდ სტუდენტებისთვის  რა მნიშვნელობისაა და განთლების სისტემაზე როგორ მოქმედებს? – გავიხსენებ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, რაც ბოლო წლებში განვახორციელე სწორედ სტუდენტებისთვის. აშშ-ს საელჩოს ქართული მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში იბსუსთვის მოვამზადე „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედიის პროგრამის ანალოგიით, მისი დირექტორის პროფ. რიშელ როჯერსის ჩართულობითა და კონსულტაციებით. პროგრამის შექმნას ჩვენი, ქართველი პროფესორების ვიზიტი უძღვოდა ჩიკაგოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. სამაგისტრო პროგრამამ 2021 წელს მიიღო წარმატებული აკრედიტაცია და წელს უკვე მესამედ გამოვაცხადეთ მიღება. რაც შეეხება კვლევით საქმიანობას, კვლევები განყენებულად არ დგას და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ვგულისხმობ, რეკომენდაციების ნაწილს. მგონია, რომ ძალიან საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით ის კვლევის შედეგები, რაც წარმოვადგინე. მაგალითად, კოვიდის დროს, კვლევა ჩავატარე როგორც ლექტორებში, ისე სტუდენტებში იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები ხვდებოდათ სტუდენტებსა თუ პროფესორებს ონლაინ სწავლების დროს და როგორ წარმოედგინათ, კოვიდის შემდგომ პერიოდში ელექტრონული სწავლების დანერგვა, იქნებოდა თუ არა მათი აზრით დასაშვები. რეკომენდაციებით, რაც ამ კვლევების შედეგად დავდე, გამოიკვეთა, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი თეორიული კურსების ონლაინ გავლას ანიჭებდნენ უპირატესობას. იგივე გამოიკვეთა  პროფესორების გამოკითხვის ნაწილშიც, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ პრაქტიკის გაგრძელება თეორიულ კურსებში, განსაკუთრებით, სამაგისტრო საფეხურზე. უბრალოდ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით,  დაშვებული არ არის დისტანციური სწავლება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ დადებითად გადაწყდება. ჩემი კვლევის პრაქტიკული შედეგი ისიც იყო, თუ რომელი კურსის დამატებას ისურვებდნენ როგორც ლექტორები, ისე სტუდენტები, მაგალითად საუბარი იყო იმაზე, რომ უნივერსიტეტების კურიკულუმს დაემატოს  მედიაწიგნიერება, რაც ჩვენს უნივერსიტეტს აქვს. ასევე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხების გაშუქების სწავლება. კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ქართველ ჟურნალისტებს აკლიათ ამ მხრივ ცოდნა, მაშინ როცა ბევრ დასავლურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი საინტერესო კურსია – ჩვენ ვამბობთ, რომ წარმატებული ხართ, რაც თითქოს მარტივად ჟღერს და მარტივადაც მოდის, თუმცა, რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი? – მთავარი გამოწვევები დაკავშირებულია კვლევების დაფინანსებასთან. წინა ადმინისტრაცია ზრუნავდა კვლევების ხელშეწყობაზე, კვლევების განვითარებაზე. მუშაობდა აკადემიური წახალისების პროგრამა, რისი მიხედვითაც აფილირებული პროფესორი, რომელიც უცხოეთში გამოაქვეყნებდა ნაშრომს, ჰონორარს იღებდა. რაც მატერიალური წახალისება იყო. რამდენ სტატიასა თუ კვლევას გამოაქვეყნებდა, იმდენ თანხას იღებდა. ასევე ხდებოდა საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსებაც, რაც სტიმული იყო აფილირებული პროფესორებისთვის. უნივერსიტეტს წელიწადში ერთხელ შეეძლო დაფინანსება, დანარჩენს კი, პროფესორი თავისი ხარჯით ფარავდა. იმედი მაქვს, აკადემიური მიზნით პროფესორების მატერიალური წახალისების პრაქტიკა, იგივე ან კიდევ უფრო გაუმჯობესებული ფორმით გაგრძელდება ჩვენი უნივერსიტეტის ახალი მენეჯმენტის პირობებშიც. – დასავლური უნივერსიტეტები ახსენეთ, ვიცით, რომ გიწევთ უშუალოდ ამ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, კონფერენციებში მათთან ერთად მონაწილეობის მიღება  და საინტერესოა, როგორ შეადარებთ იქაურ სისტემას საქართველოს უნივერსიტეტებში არსებულ სისტემასთან? – როგორც ევროპის კომუნუკაციისა და მედიის კვლევების ასოციაციისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციების წევრს, მიწევს-ხოლმე დასავლელ კოლეგებთან ურთიერთობა, როცა ამ ასოციაციების ორგანიზებულ კონფერენციებში ვმონაწილეობ. როგორც მათან ვიცი, დასავლურ უნივერსიტეტებში ჩვენგან განსხვავებით, ცოტა სხვაგვარი სისტემაა კვლევების დაფინანსების, არაერთი საერთაშორისო ფონდი თუ პროგრამაა ამისთვის და გარდა ამისა, თავად უნივერსიტეტებიც სთავაზობენ თავის პროფესურას მცირე თუ მასშტაბურ საგრანტო პროექტებს – ახლა რა ეტაპზე ხართ? – ახლა  ვმუშაობ 3 სტატიის დასრულებაზე და გარდა ამისა წარდგენილი მაქვს სამი დაგეგმილი საერთაშორისო პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან მინდა, რომ სამივეში გავიმარჯვო. თუმცა, კონკურენციაც დიდია სხვა ქვეყნების მონაწილეებს შორის. თავს იმედით ვიიმედებ, რომ მინიმუმ ერთი პროექტი ხომ მაინც გაიმარჯვებს? ვგეგმავ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასაც, როგორც იბსუ-ში, ასევე უცხოეთშიც, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოურ კონფერენციებში მონაწილეობა, კოლეგების გაცნობისა და კონტაქტების გაღრმავების თვალსაზრისითაც – რას ურჩევდით სხვა ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც ცდილობენ წარმატებულები გახდნენ? – კოლეგებს რა უნდა ვურჩიო, უხერხული იქნება ჩემგან, მაგრამ სტუდენტებს კი ვურჩევდი, ბევრი იშრომონ და ბეჯითად ისწავლონ, რათა მიზანს მიაღწიონ და წარმატებულნი იყვნენ პროფესიაში.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting