შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ნინი შაორშაძის ბლოგი – ევროპაში გვინდა!
11/05/2023
ნინი შაორშაძის ბლოგის “მე და ევროპას” მესამე ეპიზოდი – ევროპაში გვინდა!
ევროპაზე საუბრისას, ასოციაციურად, პირველი, თუმცა არა – ერთადერთი, რაც მახსენდება, არის ერთიანობისა და ცივილიზაციის განცდა, განათლების ცენტრი, რადგან სწორედ მაღალმა ინტელექტმა და ბევრმა ნათელმა გონებამ ჩაუყარა საფუძველი მის განვითარებასა და ისეთად ჩამოყალიბებას, როგორადაც დაახლოებით 3 თვეა ვხედავ.
რატომ გახდა ევროპა ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ საუბრობს ყველა ევროპულ ღირებულებებზე და ნაკლებად აზიურზე, ან აფრიკულზე? იმიტომ არა, რომ აზიასა და აფრიკაში ღირებულებები არ გააჩნიათ, ან ცივილიზაცია არ ჰყვავის. იმიტომ, რომ მხოლოდ ევროპამ გადაწყვიტა იყოს ღია, ხელმისაწვდომი და სასარგებლო საზოგადოებრივი განვითარებისთვის.
ევროპული განათლება – საუკეთესო ინვესტიცია მომავლისთვის
პრაქტიკული ცოდნა, აქამდე მიძინებული და ახლად აღმოჩენილი უნარები, თვითდისციპლინა, ანალიზი, არა უმცროს-უფროსული, არამედ – პარტნიორული ურთიერთობები და ბევრი სხვა…
ევროპული განათლება თავიდან ბოლომდე არის უნართა კრებული, რომელიც გეხმარება ეძებო, იკვლიო და სცადო. კომფორტის შეგრძნება გარემოში, თანაც ისეთში, რომელიც ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო იყო, განათლების სისტემის გაცნობის, მისი ხარისხისა და დონის ნახვის პირველი წამებიდან გამიჩნდა.
კერძო ევროპულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დიდწილად IB-ის (International Baccalaureate) საერთაშორისო პროგრამით იგება (მათ შორის, ჩემს სასწავლებელშიც). სტუდენტები შესვენების დროსაც კი ინგლისურად საუბრობენ ერთმანეთთან; ცდილობენ ტექსტური მესიჯები ინგლისურად გაუგზავნონ ერთმანეთს, რათა ესმით, რომ 2-3 საათიანი ლექცია არ შეიძლება იყოს საკმარისი და მეტი პრაქტიკაა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ ლიეტუველობასა და საკუთარ იდენტობას.
სტუდენტებმა თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმონ ყველა საგანს, არჩევითსაც და სავალდებულოსაც, რათა წარმატებით ჩააბარონ გამოცდები. მათი მოსწრება მათივე მოტივირებულობასა და გაცნობიერებულ მუშაობაზეა დამოკიდებული.
ევროპული სოლიდარობა
კი ბატონო, ევროპა არც სამოთხეა – უტოპია, რომელშიც ყველაფერი იდეალურადაა, მგელი და კრავი ერთად ბალახობს და ყველა ბედნიერია. თუმცა მას აქვს ხიბლი და თვისებად ჩამოყალიბებული ქცევა, რომელიც პირველ რიგში ადამიანის მიმართ რწმენასა და სოლიდარობაში გამოიხატება. ასე მაგალითად, როდესაც პირველად ნარჩენების გადაყრის აუცილებლობის წინაშე დავდექი, სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. ერთი შეხედვით მარტივი ამბავია, მაგრამ ნახეთ: ეზოში რამდენიმე ნაგვის ურნა დგას, პლასტმასის ნივთებისთვის, ქაღალდისთვის, შუშისთვის და სხვა სახის ნარჩენებისთვის. ყველას თავისი წარწერა აქვს, მაგრამ ერთი ფერი, რის გამოც, მათი გარჩევა პირველ დღეებში ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ლიეტუვური ნამდვილად არ მესმოდა. ერთმა ინგლისურენოვანმა და ალბათ ჩემივე კორპუსში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, სრულიად უცხომ, როდესაც ალბათ შემხედა, როგორ ვცდილობდი გამერჩია ურნები ერთმანეთისგან, დაძრული და წასასვლელად გამზადებული ავტომანქანა დროებით დატოვა და “დახმარების ხელი გამომიწოდა”. ჰო, მათაც ესმით, რომ შენი პრობლემა შენი პრობლემაა, მაგრამ თუ დახმარება შემიძლია, გავაკეთებ ამას.
ევროპული ღირსება, პასუხისმგებლობა, თავისუფლება და ჩვენ
ევროპულ ქვეყნებს (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბალტიისპირეთის ქვეყნები) აქვთ შესანიშნავი გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ. საბჭოთა კავშირის გავლენით ჩვენმა ქვეყანამაც ბევრი და მწარედ იზარალა და ამ ზიანის გამოსწორებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აქ აშკარად დავინახე, რომ ევროპელმა ხალხმა შეძლო! პასუხისმგებლობის გრძნობით, საქმისადმი დამოკიდებულებით, თავისუფლებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით თუ სხვა ზნეობრივი იდეალებით, გახდა მაგალითი და სხვა ქვეყნებისთვის განვითარებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის მიმცემი.
მიუხედავად ამისა, ჩვენში, ევროპის მიმართ, ჯერ კიდევ ორი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა არსებობს. ერთი სკეპტიკურია და ამტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებები ყოველივე ეროვნულზე უარის თქმას ნიშნავს. მეორე ერთობ იდეალიზებული. ჯერ ერთი, ევროპა არ არის ის მონსტრი, რომელიც ჩვენთვის ქართველობის წართმევასა და სხვენში საგულდაგულოდ გადამალვას ცდილობს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თუ მან ჩვენს ქართველობაში რაიმე ისეთი აღმოაჩინა, რაც კაცობრიობისთვის სასიკეთო ან თუნდაც საინტერესო შეიძლება იყოს, აუცილებლად გააცნობს მთელს მსოფლიოს, როგორც ჩინური კომპასი გააცნო ერთ დროს. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. ჩემი რადიო გადაცემა, რომელსაც აქ ვაკეთებ. ეთერში კვირაში ორჯერ გადის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის შესახებ ამბებს მოიცავს. ხომ შეეძლოთ თავად შემოეთავაზებინათ თემა და საკითხი, ან უბრალოდ, ეთქვათ – ისაუბრე ევროპაზე, რატომ საქართველოზე? მაგრამ არა – რადგან აინტერესებთ, რადგან ეს ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი არჩევანია.
მესმის, რომ საქართველო არც დედაა ევროპის და არც შვილი, რომ მისგან რამე გადმოსაღები ჰქონდეს. საქართველო ყოველთვის იყო საქართველო და იმიტომ იყო უნიკალური, რომ ახერხებდა ევროპული და აზიური კულტურის საუკეთესო გავლენები საკუთარ ჭრილში ინდივიდუალურ შედეგად დაედო. ევროპელობა ევროპის ღირსეულ წევრობას ნიშნავს, ინდივიდუალური, მაგრამ ღირსი ღირებულებებით.
რუსული ორიენტაციის საქართველო კი ევროპას არაფერში სჭირდება. პოსტსაბჭოური ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგა ხანია ევროპულ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. სწორედ იმ მიზეზით, რომ მათში დასავლური ხედვა საბჭოთა ეპოქამაც ვერ შეცვალა, განსხვავებით ჩვენგან, ბევრს რომ თვალი მუდმივად ჭაობში ჩამხრჩვალი რუსეთისკენ უჭირავს.
ახალგაზრდებს აღარ გვინდა 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა!
განათლება გვინდა, ახალი უნარები, მშვიდობა, თავისუფლება და საკუთარი თავის პოვნა გვინდა და რაც მთავარია – ევროპაში გვინდა!..
აქ რაღაც არჩევანი კი არ არის ევროპა, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა.
ამავე თემაზე:
ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი I
ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი II