შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ნინი შაორშაძე: მე და ევროპა
05/04/2023
ეპიზოდი 1 – პირველად ევროპაში
2023 წლის 10 თებერვალს, თვითმფრინავის პირველი მანევრის შესრულებისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ იცვლებოდა. 53 დღის წინ მარტო აღმოვჩნდი, უცხოეთში, ლიეტუვის ქალაქ შიაულიაში, 12 თვით ჩემთვის ნაჩუქარ ბინაში. სწორედ ეს ბინა გავავსე სიმყუდროვით და ვავსებ ახალი ისტორიებით. მოვრთავ სააღდგომოდ, საშობაოდ და საახალწლოდ. ამჯერად, აქ გავაკეთებ ყველაფერს, რასაც ჩემს ქვეყანაში და ჩემს სახლში ვაკეთებდი. მე აქ დავტოვებ ჩემს ამბავს და მომავალი სტუმრისთვის საჩუქრად ქცეულმა სახლმა, იქნებ ცოტა ხნით მაინც შემოინახოს ჩემ მიერ კედელზე დაკიდებული სურათები ან/და მაგიდაზე დატოვებული პატარა სუვენირები.
ესეც ჩემი ახალი ბინა.
მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 800 მეტრში; 2-3 წუთის ფეხით სავალზე ავტობუსის გაჩერებამდე; 5-6 წუთის სავალზე ქალაქის მთავარ ბულვარამდე, სადაც თავმოყრილია სუპერმარკეტთა რამდენიმე ქსელი, აფთიაქი, ტანსაცმლის მაღაზიები, სარეკრეაციო სივრცე, კაფეებისა და რესტორნების მრავალფეროვანი არჩევანი.
4 დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში ამოვიკითხე, რომ ლიეტუვაში მცხოვრები სტუდენტების უმეტესობა საშუალოდ 300 ევროდან 700 ევრომდე ხარჯავს თვეში. უამრავი არჩევანია იპოვოთ საერთო საცხოვრებლის ოთახი 100 ევროზე დაბალ ფასად, ხოლო თუ განიხილავთ სტუდენტური საცხოვრებლის ტიპის სახლს, ანუ ისეთს, როგორშიც მე ვცხოვრობ, ფასები იწყება 250 ევროდან. ესე იგი, მინიმუმ 250 ევრო მიფინანსდება მხოლოდ საცხოვრებლისთვის (თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრად მეტია ეს თანხა). ამას ემატება კომუნალურის ხარჯები. ჩემი მოვალეობა მხოლოდ მრიცხველთათვის ფოტოების გადაღება და კოორდინატორისთვის გაგზავნაა.
სახლი აღჭურვილი დამხვდა ყველა საჭიროებით (წყალი, გათბობა, დენი, ავეჯი, ტექნიკა, Wi-Fi.
ევროპულ და ქართულ სახლებს შორის მკაფიო განსხვავებები პირველივე დღეს შევნიშნე. აქ ყველაფერი პატარა და მაქსიმალურად მყუდროა. არც ეს სახლია გამონაკლისი. ევროპის ქალაქებში სივრცე აშკარად სხვაგვარად არის განაწილებული.
მაგალითისთვის, ვიდრე ჩემი ბინის კართან აღმოვჩნდები, ჯერ უნდა შევიდე პატარა კვადრატული ფორმის სადარბაზოში (თუ ფოიე?), რომელიც ქართული კორპუსების სადარბაზოების სივრცის მესამედიც არ არის. ერთ სართულზე კი მხოლოდ ორი მეზობლის კარი უყურებს ერთმანეთს.
ლიფტი არ გვაქვს. არც საჭიროა. კორპუსი მხოლოდ 3-სართულიანია. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ ზოგადადაც იშვიათად აქვთ ბინებს ლიფტები. არ ავიწყდებათ, რომ ადამიანებს მოძრაობა შეუძლიათ.
ევროპული სტილის ინტერიერის მქონე სახლებისთვის დამახასიათებელ ფერებს, ნაცრისფერს, თეთრს, შავს, რუხსა და ლურჯ ჩრდილებს, ჩემს სახლშიც ნახავთ. მისაღები ოთახი საშუალო ზომისაა, კარადით და სათავსოებით.
სამზარეულოში ყველა აუცილებელი ტექნიკაა (მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზქურა, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა).
საძინებელი საწოლით, სამუშაო მაგიდითა და კარადების კომბინაციით შემოიფარგლება.
სააბაზანოს სივრცეც ასევე მცირეა, თუმცა “ყველაფრისდამტევი”.
ასეა, ხალხი ცხოვრობს პატარა სახლებში, პატარა ოთახებით, პატარა მანქანებით. ევროპელები მეტ ფულს აკეთებენ, რათა იცხოვრონ ღარიბი ხალხივით?
იციან, რომ ადამიანური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური ფასეულობები.
ჰო, კონდიციონერი არ მაქვს. მას მხოლოდ საჯარო დაწესებულებებში თუ ვნახავ. სახლებში იშვიათად თუ ვინმეს ჰქონია, რაც ქართველებისთვის წარმოუდგენელი მოვლენაა. ასე რომ, მგონი არ მელოდება ცხელი ზაფხული.
ამ პერიოდში საცხოვრებელი ზედმეტად თბილია. ცივი ზამთრის გამო, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, გათბობა დღედაღამ არის ჩართული. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ტემპერატურა დღესაც -7 გრადუსია.
დამავიწყდა მეთქვა, რომ პირველი უხერხულობა მთავარი შესასვლელი კარის კოდმა გამომაცდევინა. პირველივე დღეს დამავიწყდა. აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ, მხოლოდ გონების იმედად არ დარჩეთ, რათა სუსხიან ზამთარში, გარეთ არ მოგიწიოთ ლოდინმა.
“მხიარული ფანჯრები”. კიდევ ერთი აღმოჩენა. ასე დავარქვი ფანჯრებს, რადგან იხსნება სხვადასხვა მიმართულებით, 360 გრადუსით. სრულიად შემთხვევით მივაკვლიე, რომ შეიძლება ფანჯრის მხოლოდ ნაწილი იყოს ჩაკეტილი, დანარჩენი კი – მოძრავი. მათი გამუდმებით გამოყენება აუცილებელიც კია, რადგან გათბობის გამო ოთახი ხშირად საჭიროებს განიავებას.
თბილისში თუ ბინას ვეძებთ აივნით (თუ ტერასა?), აქ ან პატარა აივნით, ან საერთოდ მის გარეშე თუ ნახავთ. მე მის გარეშე მაქვს.
ქართული არქიტექტურული სტილი ძალზე ცვალებადია, მაგრამ სიმეტრია და პროპორცია მისი ესთეტიკის ორი ფუნდამენტური პრინციპია. ამ ქალაქში კი სახლები მორთულია გოთიკური, რენესანსული, ბაროკოს ან/და ნეოკლასიკური თვისებებით. განსაკუთრებული აქცენტები ექსტერიერზეა გაკეთებული.
მე-20 საუკუნემდე დათარიღებული ბევრი შენობა, ხისგან არის აგებული. სოფლებში ნახავთ ხის სახლებსა და ეკლესიებს. მათი ნახვისას, პირველი, რაც გამახსენდა იყო ქართული ოდები; საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ხის ან ქვის საყრდენებზე დადგმული ხის პატარა სახლები.
წინ კიდევ 277 დღე და ბევრად მეტი საინტერესო აღმოჩენაა ევროპაში.
მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი