შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ნინი შაორშაძე: მე და ევროპა

13/04/2023

ეპიზოდი 2 – როგორ აღნიშნავენ VELIKOS ანუ აღდგომას ლიეტუვაში

აღდგომის აღნიშვნას ლიეტუვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

სამზადისი აღდგომამდე ერთი კვირით ადრე იწყება. აღდგომის წინა კვირას, წმინდა კვირას უწოდებენ. სწორედ ამ დროს, ლიეტუვის ქალაქები გვთავაზობენ უამრავ გამოფენას, ატრაქციონსა და სუვენირს. ყველა კუთხეში ნახავთ მორთულ, ფერად კვერცხებს, ეროვნულ ხელნაკეთ ნივთებსა თუ სააღდგომო პალმებს.

დიდი ხუთშაბათი სახლის საფუძვლიან დასუფთავებას ეთმობა. ტრადიციულად, სჯერათ, რომ სახლის ყველა კუთხის დალაგებით განდევნიან ბოროტ სულებსა და მოემზადებიან გაზაფხულის სითბოსთვის. ეკლესიებში ხუთშაბათის წირვა დღეში ორჯერ ტარდება. დილის 10 საათზე და საღამოს 6 საათისთვის.

დიდი პარასკევი დასვენების, მშვიდობისა და ცოდვათა გამოსყიდვის დღედ მიაჩნიათ. პარასკევს განსაკუთრებით ცდილობენ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნონ და ვინმესთან კამათს თავი აარიდონ.

დიდი შაბათი, აღდგომის წინა დღე და 40 დღიანი მარხვის ბოლო დღეა. ოჯახის ყველა წევრს ევალება მონაწილეობის მიღება სააღდგომო კერძების მზადებაში, რომლებიც ხორცის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. სუფრაზე უხვად არის შემწვარი ღორის ხორცი, გამომცხვარი ლორი, ცხვრისა და ხბოს ხორცები, ძეხვეული, შემწვარი იხვი და ქათამი. გარდა ამისა, პელმენები, სალათები და სააღდგომო ღვეზელებიც არ ავიწყდებათ.

რაც შეეხება სააღდგომო დღესასწაულის მთავარ ატრიბუტს, რა თქმა უნდა, ფერადი კვერცხია. ლიტუვურად სააღდგომო წითელი კვერცხი ასე გამოითქმის – Velykų raudonas kiaušinis. როგორც ლიეტუველები ამბობენ, მათთვის ფერადი კვერცხები სიცოცხლისა და აღორძინების სიმბოლოა. დიდი შაბათის დღის მთავარი მიმზიდველობა სწორედ მათი გაფორმებაა. კვერცხების მორთვის ბევრი უცხო და მრავალფეროვანი ტექნიკა აქვთ. ყველაზე გავრცელებული მეთოდია მოხატვა ცხელი ცვილით, გაფორმება ხახვის ფურცლებით, სტიკერებით, ყვავილებითა და მწვანილითაც კი. როგორც გავიგე, აქ ნაპოვნი უძველესი ფერადი კვერცხი, “მარგუტის” XIII საუკუნით თარიღდება. XVI საუკუნის ბოლოსთვის კი ეს ტრადიცია მთელ  ქვეყანაში იფანტება. დეკორაციის ყველაზე რთული, თუმცა ულამაზესი მეთოდი – კვერცხის ცხელი ცვილით დამშვენებაა. დიდი დრო და ენერგია, გარდა ამისა, მხატვრული ნიჭიც საჭიროა, რომ ამ მეთოდით მოხატული კვერცხის დიზაინი შესანიშნავი გამოვიდეს. ჩვეულებრივ, ნემსის წვერს ცხელ ცვილში ასველებენ და ცდილობენ კვერცხებზე დაიტანონ ბუნების სიმბოლოები: მზე (მომავალი მზიანი დღეებისთვის), წვიმის წვეთები (ნაყოფიერი მოსავლისთვის), ფოთლები და გველებიც კი (ბუნების გაღვიძების ნიშნად). ტრადიციული ბუნებრივი ფერები მიიღება არყის ფოთლებისგან, ხახვის ფურცლებისგან და იისფერი ყვავილებისგან.

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტრადიცია წითელ ღვინოში კვერცხების შეღებვის ტექნიკა აღმოჩნდა. როგორც წესი, ყიდულობენ ყველაზე იაფ ღვინოს, მასში შეღებილ კვერცხს კი საოცრად უცხო ფერი და  ბზინვარება აქვს.

სააღდგომო სიმბოლო – კურდღელია. მაღაზიებში კურდღლის ფორმის ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდება. კვერცხებით სავსე კალათის გვერდით დასმულ კურდღელს სუფრასთან აუცილებლად შენიშნავთ.

კვირა დღის ზეიმი დილიდან იწყება. დილის საეკლესიო მსახურების შემდეგ, ოჯახის ყველა წევრი, სადღესასწაულო საუზმისთვის, სახლში იკრიბება. ვიდრე კერძების დაგემოვნებას დაიწყებენ, კვერცხების დაჭიდების ტრადიცია აქვთ. ვისი კვერცხიც სუსტი აღმოჩნდება და გატყდება, ვალდებულია 2 დამატებითი კვერცხი კიდევ შეჭამოს (საკმაოდ რთული ამოცანაა). ჩემთვის საინტერესო აღმოჩენაა, რომ აღდგომის მეორე დღეს, ბავშვები, კვერცხების სათხოვნელად, სხვის სახლებში, ხშირ შემთხვევაში – მეზობლებთან მიდიან. ეს ტრადიცია სიმბოლოა მეგობრობის, მეზობლობისა და იმედის.

და ესეც VERBOS – სააღდგომო ხე!

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ლიეტუვაში ტრადიციული სააღდგომო პალმა აქვთ. მზადდება ხელოვნურად შეკრული ნაძვის ყლორტებისგან. ხეზე თავსდება ბუდეები, ბუდეებში 9 ან 12 კვერცხი. ეს რიცხვები ჯადოსნურად ითვლება. როგორც თავად ამბობენ, წარმატება და ბედნიერება მოაქვს.

წელს, აღდგომის დღესასწაულს, ლიეტუველები ყველა ამ ტრადიციის დაცვით შეხვდნენ. ამინდმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი მათი განწყობის დამშვენებას. კვირა საღამოდან უკვე ქუჩებში სეირნობდნენ, კაფეებსაც სტუმრობდნენ და ქუჩის გამოფენებსაც ათვალიერებდნენ.

 

მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

 

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting