შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 15
– თათია, გთხოვთ წარგვიდგინოთ საკუთარი თავი. – მოგესალმებით, მე ვარ თათია ჯანიაშვილი, 31 წლის. ამჟამად ვარ დასაქმებული შპს „ნესტლე საქართველოში“ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. დამთავარებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტის ადმინისტრირების განხრით, ხოლო მოგვიანებით ცოდნა გავიღრმავე უფრო ვიწრო სპეციალობით, კერძოდ, განათლება მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ოპერაციათა მენეჯმენტის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული მაგისტრატურის გავლის შემდეგ შევიცვალე სამუშაო ადგილი და 2016 წლის 1 ივნისიდან დასაქმებული ვარ შპს „ნესტლე საქართველოში“. ბოლო 2 წელია, ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. – რას მოიცავს აღნიშნული მიმართულება თქვენს კომპანიაში და რამდენად რთულია ამ მიმართულებით მუშაობა? – თქვენს კითხვაზე პასუხს დავიწყებ კითხვის მეორე ნაწილით. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობა არის საკმაოდ სტრესული, დამღლელი და მოითხოვს 24/7-ზე ჩართულობას. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველდღიური რუტინაც კი არ ჰგავს სტანდარტულ რუტინას. ყოველდღიურ საქმიანობაში გვხდება არაერთი არასტანდარტული სიტუაცია და ფორსმაჟორი. ყოველი დღე გამოწვევაა, დღის ბოლოს კი ხვდებით, რომ კიდევ ერთ გამოწვევას გაუძელით და საკუთარი თავისთვისაც საინტერესო აღმოჩენები გააკეთეთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნულ პროფესიაში სირთულეები გეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში, პრობლემების მოგვარებისას შეძენილი ინფორმაცია კი თქვენთვის ცხოვრებისეულად გამოსადეგი იქნება. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქართულ ბაზარზე, ლოჯისტიკის დეპარტამენტი ზრუნავს შერჩეული პროდუქციის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე – სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს შესაბამის ლოკაციებამდე. უფრო დეტალურად კი – პროცესი იწყება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროდუქტის დეტალური შემოწმებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტი ვალდებულია, იცნობდეს ქართულ კანონმდებლობას, რომ შემოტანილი პროდუქცია არსებულ რეგულაციებს შეესატყვისებოდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვამოწმებთ საიმპორტოდ შერჩეული პროდუქციის რეცეპტურას, შემდგომ – მათ შეფუთვებს და თუ ყველა მახასიათებელი აკმაყოფილებს ქართულ კანონმდებლობას, იწყება საიმპორტო დოკუმენტაციის დამუშავება. ამ უკანსაკნელი პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანიას აღარაფერი აბრკოლებს, რომ პროდუქციის იმპორტი დაიწყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გადაზიდვის საშუალებები, საიმედო გადამზიდი კომპანიები და სატრანზიტო რისკები. სწორედ სატრანზიტო პროცესი არის სიურპრიზებით სავსე და ხშირად რთულია გაითვალისწინო ყველა ის რისკი, რომელიც, შესაძლოა, უდროო დროს გამოჩნდეს დაბრკოლებად. – რა გავლენა იქონია პანდემიამ და უკანასკნელმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოჯისტიკის მიმართულებაზე თქვენს კომპანიაში? – რეზიუმირებულად რომ გითხრათ, პანდემიამ და, მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ „ნესტლეზე“, არამედ სხვა მსგავს იმპორტიორ კომპანიებზეც. ორმხრივ ზეგავლენაში ვგულისხმობ როგორც პოზიტიურ, ასევე უარყოფით მხარეებს. ერთი მხრივ, პანდემიამ იქონია უარყოფითი გავლენა ბაზარზე – მოხდა ტოტალური კოლაფსი, შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების გართულებით; ხოლო მოგვიანებით გაჩაღებულმა ომმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპორტზეც. მეორეს მხრივ კი – რთული სიტუაციიდან გამოსვლისთანავე, დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა ათწლეულში იყო და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება გამოწვევებს – იყო არაერთი, საკმაოდ მრავალმხრივი და დროში სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემა. საიმპორტო კომპანიებისათვის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდგომ, რაც დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, საერთაშორისო ბრენდებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს. არც „ნესტლე“ იყო გამონაკლისი და რუსეთში წარმოებული ქვებრენდების 90% ლიკვიდირდა. მარტივად რომ ვთქვათ – წარმოება შეჩერდა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული 85-90% პორტფელისა უნდა ჩანაცვლებულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფო წესით გახდა საჭირო, ალტერნატიული ქარხნები რუსეთის გარეთ მოგვეძებნა. ჩვენს კომპანიას გაუმართლა, რადგან საერთაშორისო კომპანია ვართ და გაგვიმარტივდა ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ქარხნის მოძიება, რომლებიც ალტერნატიულ პროდუქტებს მოგვაწვდიდნენ. პროდუქტების შერჩევის შემდგომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულმა მათგანმა გაიარა რეცეპტურის ტესტირება და ძალიან ინტენსიური, სწრაფი და დაუღალავი მუშაობის შედეგად, 3-4 თვის ჭრილში შევძელით პორტფელის 100% იმპორტის განახლება ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სიტუაცია რომ შევაჯამოთ, უარყოფითი მხარეები, გარდა საოპერაციო საქმიანობისა, მოიცავს ბაზარზე პროდუქციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და, მოგვიანებით, ფასების ზრდას. დადებითი მხარე კი ნათელია: დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოებული, ბევრად უფრო ჯანსაღი შემადგენლობისა და გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების პროდუქტით. – რა მომავალი ელის ჩვენს ქვეყანას ლოჯისტიკის და ეკონომიკის მხრივ? – არ განვმეორდები იმის მოთხრობით, თუ რაოდენ რთულ სიტუაციაში იყო ლოჯისტიკა არსებული ბოლო ვითარებების გამო. თუმცა, ამჟამად ლოჯისტიკა საქართველოში ბევრად უფრო განვითარდა, ვიდრე წინა წლებში. როგორც იმპორტიორებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, არა მხოლოდ ამ სირთულეების გადალახვით, არამედ, ახალი პრიორიტეტების გაჩენის გამოც. დღეს ლოჯისტიკის სფეროში მომსახურეობის სტანდარტები ძალიან დაიხვეწა. უახლოეს პერიოდში, არაერთი ცვლილება იგეგმება. თათია ჯანიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, ყველას სმენია საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევის ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, სატესტო გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს და არაერთმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო საქართველოს ტრანზიტად გამოყენება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ცვლილება სულ მინიმუმ მოიცავს ბიუჯეტში შესულ თანხებს, თუნდაც, მხოლოდ ტრანზიტის გადასახადს. შესაბამისად, სამომავლო პერპსექტივები ამჟამინდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პოზიტიურ მხარეს ავლენს”. – თუ საიდუმლო არ არის, დღეს არჩევანის საშუალება ხელახლა რომ მოგეცეთ, ლოჯისტიკას აირჩევდით თუ არა თქვენი საქმიანობის სფეროდ? – ლაკონურად რომ გიპასუხოთ, დიახ, დაუფიქრებლად ავირჩევდი. აღნიშნული სფერო არის ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო, იდეალურია რუტინის არმოყვარული ადამიანებისათვის და, რაც მთავარია, მუდმივად გაწვდით ინფორმაციას მსოფლიო საბაზრო მოვლენებზე. ამიტომ, სიახლეებს არასდროს ჩამორჩებით (რესპონდენტი იღიმის). ინტერვიუს ავტორი: გიორგი ჭოხონელიძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი

მიხეილ მეტრეველი კარდიოქირურგი და კლინიკა „ჯერარსი“-ს კარდიოლოგია – არითმოლოგიის, კარდიოქირურგიის, რეანიმაციის და ინეტრვენციული კარდიოლოგიის გუნდის ხელმძღვანელი. იგი საუბრობს მის განვლილ, სირთულეებით აღსავსე გზაზე, რომელმაც ის ახალგაზრდა ასაკში დიდ წარმატებამდე მიიყვანა. ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მეუღლეა, რომელიც მუდმივად ამხნევებს და სირთულეების გადალახვაში ეხმარება. – როდის და რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა? – ექიმობა მე-6 – მე-7 კლასში გადავწყვიტე. მოულოდნელად, მამა შეუძლოდ გახდა და ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა, დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინეს. მაშინ ვიფიქრე, რომ ექიმები ღმერთები იყვნენ და გადავწყვიტე, რომ მეც ეს გზა უნდა ამერჩია. – მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ – როგორ მოხვედით აქამდე? – მიუხედავად ჩემი ასაკისა, ძალიან დიდი და დამღლელი გზა გავიარე. დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, დავამთავრე ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც დავამთავრე, საზღვარგარეთ მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა, უცხოეთში წასვლა არ იყო ისე მარტივად ხელმისაწვდომი, როგორც დღეს არის. ერთადერთი ალტერნატული გზა იყო რუსეთი. მოსკოვში ჩავაბარე. ანესთეზიოლოგობა მინდოდა, განცხადებაც მქონდა დაწერილი, კადრების განყოფილებაში ჩასაბარებლად. მაგრამ ერთმა ფრაზამ მომენტალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, როდესაც უნივერსიტეტის თანამშრომელმა თქვა: მიხეილ მეტრეველი: „აი, ჩამოვიდა კიდევ ერთი კაცი, ვინც ლეო ბოკერია უნდა გახდეს. “ მაშინვე დავხიე ჩემი განცხადება და დავთანხმდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე ბავშვთა თანდაყოლილი მანკების განყოფილებაში, შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადავედი (ბატონმა ლეომ თავის განყოფილებაში გადამიყვანა). ამის შემდეგ იყო კარდიომიოპათიის დეპარტამენტი. ნელ-ნელა გავიზარდე და ექიმად ჩამოვყალიბდი. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, მერე სადოქტორო თემაზე დავიწყე მუშაობა. როდესაც დავასრულე, დავბრუნდი საქართველოში, ბათუმში, გავაკეთე პირველი ოპერაცია ხელოვნური სისხლის მიმოქცევით გულის თანდაყოლილ მანკზე. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ, ჩემი კარიერა ისევ საზღვარგარეთს უკავშირდება, ამჯერად, პოლონეთის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ზაბჟის, სადაც ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კარდიოქირურგად. საბოლოოდ, დავბრუნდი საქართველოში. მრავალი შემოთავაზება იყო სხვადასხვა კლინიკიდან, თუმცა, არჩევანი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრზე შევაჩერე. 2012 წლიდან დავიწყე ამ კლინიკაში მუშაობა. თავიდან პატარა განყოფილება იყო, თუმცა, ნელ-ნელა გაფართოვდა და გუნდი 118 თანამშრომლისგან შედგებოდა. დეპარტამენტი იღებდა უამრავ პაციენტს როგორც ქირურგიული, ისე ინტერვენციული, რეანიმაციული და კარდიოლოგიური მიმართულებით. 2019 წლიდან დღემდე ჩემი კარიერა გრძელდება ახალ გახსნილ კლინიკა „ჯერარსში“, სადაც ასევე 5 განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, სამუშაო პროცესი დილის 9 საათიდან იწყება და გრძელდება, ხანდახან, დღის დასრულებამდეც კი. ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვდა როგორც ფინანსური, ისე სხვა მრავალი კუთხით. მიხეილ მეტრეველი: „მწვერვალებზე სანამ ახვალ, დიდი და სალი კლდეა გასავლელი.“ – თქვენ თქვით, რომ კარდიოქირურგიის მრავალი განხრით მიიღეთ გამოცდილება. რატომ მაინცდამაინც მოზრდილთა კარდიოქირურგია? – თავიდან, 8 წლის განმავლობაში, ბავშვთა კარდიოქირურგი ვიყავი. თუმცა, შვილი რომ შემეძინა, ძალიან სტრესული გახდა ჩემთვის, ბავშებს რომ ვუკეთებდით ოპერაციას. საათების და ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ გამოვდიოდი რეანიმაციული განყოფილებიდან. შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადამიყვანეს. ბავშვთა განყოფილებას რომ ჩამოვშორდი, სტრესიც მომეხსნა და ჩემთვის ბევრად კომფორტული გახდა სამუშაო პროცესი. საქართველოში რომ ჩამოვედი, აქაც ამ მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა. – თუ შეგიძლიათ, თქვენი პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გაიხსენოთ – როგორ გაუმკლავდით სტრესს და ემოციას? – გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს ოპერაცია. 2005 წელს ბავშვს გავუკეთე წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, ღმერთის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ეს დამეხმარა სტრესის დაძლევაში. მიუხედავად იმისა, რომ 5000-ზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული, დღემდე თითოეულ პაციენტზე ვნერვიულობ, რადგან, ინდივიდუალური მიდგომის მიუხედავად, ყველა რისკის გათვლა შეუძლებელია. მიხეილ მეტრეველი: „ყველა პაციენტის უკან დგას გულშემატკივრების დიდი არმია, რომლებიც ნდობას გიცხადებენ. – რისკი ახსენეთ, მაინტერესებს, ლეტალობის მაღალი რისკის გამო თუ გითქვამთ პაციენტისთვის უარი ოპერაციაზე? – ზოგჯერ ეს რისკები სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ყველა ექიმი ვალდებულია, უარი თქვას ოპერაციაზე. სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი შანსი, ისიც მინიმალური, ოპერაციული ჩარევაა და გიწევს ამ რისკზე წასვლა. მიხეილ მეტრეველი: „ყოფილა შემთხვევები, როდესაც უიმედო პაციენტები გადამირჩენია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც დავმარცხებულვარ.“ – რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ ექიმს? – პირველ რიგში, წარმატებული ექიმი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია. სიყვარული აერთიანებს სიკეთეს, დახმარებას, თანადგომას. თუ ამ ყველაფრით არის ექიმი გამსჭვალული, იგი სიტყვითაც და საქმითაც უკვე მკურნალია. ექიმის წარმატება მარტო ის არაა, რომ კარგად ისწავლო, აიღო წითელი დიპლომი და სერტიფიკატები, ჩამოიკიდო ჩინ-მედლები და ამით შემოიფარგლო. პირველ რიგში, დიდი ადამიანი უნდა იყო. – კარგი ექიმის ეტალონად დიდი ადამიანი მოგყავთ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს საკმარისია? – დიდ ადამიანს შეუძლია პაციენტის გადარჩენა, რადგან უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს თავისი სიტყვით, თანადგომით, კეთილგანწყობით, ეხმარება და ბრძოლის უნარს უმაღლებს მას. ბევრი სუპერპროფესიონალი ექიმი მინახავს, რომელსაც სიტყვით „მოუკლავს“ პაციენტი. როცა ამ პროფესიით ცხოვრობ, მთელი გულით ხარ ჩართული ამ საქმეში და ზემოდან არ უყურებ პაციენტს, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად გამოგდის. – ვინ და რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ცხოვრებაში? – ვფიქრობ, ყველა ადამიანს ჰყავს მოტივატორი. ჩემს შემთხვევაში ეს ოჯახია, მეუღლე და 5 შვილი. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს – მათი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის. ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მედგა, არასდროს დავუტოვებივარ მარტო, წაქცეულს მამხნევებდა და ფეხზე დადგომაში მეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში იყო დიდი ღალატი მეგობრებისგან, რაც რთულად გადავიტანე. ამის გადალახვაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა. – ძალიან მძიმე და საინტერესო თემას შეეხეთ, მეგობრებისგან ღალატს. საბოლოო ჯამში, შეძელით პატიება? – ზოგადად, მიმტევებელი უნდა იყოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი ადამიანი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვაპატიე, რადგან არ ვმტრობ მათ, თუმცა, მეგობრობის გაგრძელება რთულია. მე არაფერი დამკლებია მათი უღირსი საქციელით, მათ კი, ჩემი სახით, ერთგული მეგობარი დაკარგეს. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას გახდის ფასეულს. ფული ქაღალდია შეიძლება გქონდეს, ან არ გქონდეს, მაგრამ კაცობა და ნამუსი არასდროს უნდა დაკარგო და ასე გაატარო წუთისოფელი. – ერთდროულად ბევრ რამეს ეჭიდებით, პირველ რიგში ხართ მეუღლე და 5 შვილის მამა, ასევე წარმატებული კარდიოქირურგი, რომელსაც უამრავი გადარჩენილი და გადასარჩენი სიცოცხლე აქვს. ამასთან ერთად, ხართ კლინიკა „ჯერარსის“ კარდიოლოგია-არითმოლოგიის, რეანიმაციის, კარდიოქირურგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის წარმატებული გუნდის ხელმძღვანელი. როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან? – ძირითად დროს სამსახურში ვატარებ. სამწუხაროდ, ჩემს თავს შვილებს ხშირად ჩემი მეუღლე უვსებს. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემს შვილებს საჭირო დროს ვერ ვუთმობ. – ურჩევთ თუ არა შვილებს ექიმობას? – მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს, რომ ექიმობა აერჩიათ. ისინიც მოიკლებენ შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობას. მიხეილ მეტრეველი: „ეს არის პროფესია, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, მსხვერპლი ხარ თავად და, ასევე, შენი ოჯახი.“ – თუ აქტიურად ადევნებთ თვალს ჯანდაცვის სისტემაში განვითარებულ ცვლილებებს და სიახლეებს, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის სიტემა? – ჯანდაცვის სისტემაში ბევრი ხარვეზია. ზოგიერთი ოპერაციის ღირებულება იმ ძვირად ღირებული მასალის ხარჯსაც ვერ ფარავს, რომელიც პაციენტს სჭირდება. მეორე დიდი პრობლემა არის ექიმის ლიცენზირების საკითხი. მხოლოდ ტესტირება არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს, გახდება თუ არა ექიმი. მრავალი ნიუანსია, რომელიც უნდა შეფასდეს. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი და შეეძლოს დახმარების გაწევა ნებისმიერი რიგითი მედიცინის მუშაკისთვის, რომელსაც ეს სჭირდება. – სხვადასხვა ქვეყნის ექიმებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. რით
ნატალი აბესაძე, 25 წლის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2022 წელს წარმატებით ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდა, სპეციალური მომზადების გარეშე. ამჟამად არის ორგანიზაციის „მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში“ პედაგოგი. ასევე, ამეცადინებს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის. არის არაერთი საინტერესო ბლოგის, სტატიის და ლექსის ავტორი. უახლოეს მომავალში გეგმავს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას. – 25 წლის ხართ და უკვე გაქვთ არაერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. რატომ გადაწყვიტეთ, ეს პროფესია აგერჩიათ? – დიახ, ჩემთვის მეოთხე სკოლაა “მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში”. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, განმარტოებით ვიჯექი და წიგნების სამყაროში ვცხოვრობდი. თანატოლებთან თამაშიც მიყვარდა, მაგრამ წიგნებში სხვა სამყარო მქონდა ნაპოვნი. სულ მინდოდა, რომ ეს სამყარო ჩემი თანატოლი ბავშვებისთვის გამეზიარებინა. ეს თვისება დღემდე მომყვება. სულ მინდოდა, რომ ის ავტორები და წიგნები, რომლებიც მართლა საოცარია და, ამ დროს, ბავშვებს დასაწყისიდანვე ბეზრდებათ, მათთვის უფრო საინტერესო და ახლობელი გამეხადა. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შევძელი, რადგან, მაგალითად, ბევრ ჩემს აბიტურიენტს შევაყვარე “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ახლა მათი სამაგიდო წიგნია. თითქოს, მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც არსებობს, დაფარული საუნჯესავით არ უნდა იდოს, მე კი შუამავალი ვარ მაგ სამყარომდე. ასე ვხედავ ჩემს თავს მასწავლებლის პროფესიაში. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე. – არასდროს გინანიათ, ან გიფიქრიათ, რომ სხვა სფეროში, შეიძლება, უფრო რეალიზებული ყოფილიყავით? – საინტერესო კითხვაა. მინანია იმ მხრივ, რომ მასწავლებლის შრომა ჩვენს საუკუნეში ურთულესია. წარმოიდგინეთ ოცამდე ბავშვი, რომლებიც ბევრად უფრო საინტერესო სხვადასხვა რამეზე ფიქრობენ, ვიდრე ეს გაკვეთილია. შენ კი უნდა შეძლო, რომ გაკვეთილი გახდეს მათთვის, თუნდაც, კომპიუტერულ თამაშებზე საინტერესო. ბავშვობაში სულ ვმღეროდი და კაბებს ვკერავდი, ეს ორი რამ ოცნებად დღემდე მაქვს. – შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რა სირთულეებს აწყდებით პროფესიული საქმიანობის დროს? – როცა მასწავლებელი ხარ, ყველას უნდა მოსწონდე. ძალიან რაფინირებული უნდა იყო. აღარ გაქვს ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის თავისუფლება. ნატალი აბესაძე: ჩვენს საზოგადოებაში ბევრს ისიც არ მოსწონს, როცა ადამიანს რაღაც საკითხებზე საკუთარი, ინდივიდუალური აზრი აქვს. – თუ განსხვავებული ადამიანი ხარ, ცხოვრება გაცილებით რთულია. ბევრად ადვილია, შენი არც ხმა ისმოდეს და არც მოსაზრება. გარკვეულწილად, საზოგადოება „გშტამპავს“ და მანამდე გააგრძელებს ამას, სანამ შენ მისცემ უფლებას. იყო პერიოდი, როცა საზოგადოებისთვის საკუთარი ლექსების და მოთხრობების გაზიარებაც მიჭირდა. – ზუსტად რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, თუ ადამიანს ინდივიდუალური აზრი აქვს? – “ჩვენ გვძულს ერთმანეთი, იმიტომ, რომ გვეშინია ერთმანეთის, იმიტომ რომ, არ ვიცნობთ ერთმანეთს” – მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებია, რაც არსებულ სიტუაციას ესადაგება. საზოგადოებისთვის საშიშია ყველაფერი, რაც უცხოა და რასაც არ იცნობს; ამიტომ, ამ უცნობის მიმართ აგრესია უჩნდება. დაცულობის შეგრძნებას საზოგადოებას ერთფეროვნება უფრო უქმნის, ვიდრე განსხვავებულობა და ეს ბუნებრივია. თუმცა, ძალიან მოსაწყენია ერთფეროვნება. ჩვენ, საზოგადოების მოსაწონები რომ ვიყოთ, ხშირად უარს ვამბობთ ჩვენს განსხვავებულობაზე, რამაც განვითარებულ გარემოში შეიძლება წარმატება მოგვიტანოს. ადამიანები ემსგავსებიან ყველას და ხშირად მალავენ საკუთარ ინდივიდუალიზმს. არადა, ინდივიდუალიზმი, შეიძლება, სწორედ ის არის, რაც პროგრესს სჭირდება. ლიტერატურაც, ფაქტობრივად, ასეთ პერსონაჟებზეა აგებული, რომლებიც განსხვავებული იყვნენ. მათ არ იღებდა საზოგადოება, რადგან, თითქოს, მომავლიდან იყვნენ და მაინც, მათი იდეები მომავალში ხორციელდებოდა. განსხვავებულობა ემპათიის, ჰუმანურობის, ლოიალობის მხრივაც ხშირად მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან მას თავისი და ხშირად სასტიკი წესები აქვს. – მადლობა ასეთი საინტერესო პასუხისთვის. მოდით, ისევ სკოლას დავუბრუნდეთ. ორი წელი პანდემიის გამო ყველა ვსწავლობდით და ვმუშაობდით ონლაინ. როგორ აისახა მსგავსი ტიპის სწავლების პროცესი მოსწავლეებზე? – ძალიან რთული ორი წელი იყო. ამ ორი წლიდან ერთი წელი მთლიანად კომპიუტერთან გავატარე. პირველი კლასის დამრიგებელი ვიყავი და ანბანი, წერა და კითხვა ვისწავლეთ ამ რეჟიმში. ონლაინ რეჟიმში სწავლა ფსიქოლოგიურადაც რთულია ბავშვისთვის და მოზარდისთვის. მყავდა პატარა გერმანელი მოსწავლე, რომელსაც კომპიუტერთან გაკვეთილები ინგლისურად უტარდებოდა. ბავშვი ძალიან ღიზიანდებოდა და საბოლოოდ, მშობლებმა უარი თქვეს ონლაინ გაკვეთილებზე. – ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ აბიტურიენტებსაც ამზადებთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად რა მიმართულებით სჭირდებათ მათ მუშაობის გაძლიერება? – თითქმის ყველა კუთხით. როგორც ლიტერატურის ცოდნის, ისე მართლწერის კუთხით. ბევრ აბიტურიენტთან სიახლე იყო ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ სკოლაში უნდა ესწავლათ. თითქმის არაფერი იცოდნენ რუსთაველის, ილიას, ვაჟას, ბარათაშვილის შესახებ, რაც ნამდვილად სამწუხაროა. უფრო მეტია საჭირო, რადგან, უბრალოდ, დასანანია, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების დრო რომ უშედეგოდ იკარგება. არ ვამბობ, რომ ლიტერატურა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია, ნატალი აბესაძე:ავის და კარგის გარჩევას ლიტერატურითაც ვსწავლობთ, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერთი საერთო კანონი აქვს:ლიტერატურა არასოდეს არის ბოროტების მხარეს. – თქვენი დაკვირვებით, რა ხარვეზებია განათლების სისტემაში? – მთლიანად, განათლების სისტემა ფეხს ვერ უწყობს აწმყოს და მომავლის გამოწვევებს. მსოფლიო გამუდმებით ახლდება, ჩვენ კი შეიძლება ისეთ რამეებს ვსწავლობდეთ წლები, რაც არასოდეს გამოგვადგება. ყველა ადამიანში არის მიდრეკილება, ინტერესი და ნიჭი, მაგრამ ბავშვებს ყველაფრის სწავლას ვაძალებთ და ბოლოს გამოდის, რომ, არაფერი რჩება მახსოვრობაში. კარგია ზოგადი განათლება, რა თქმა უნდა, ის ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესო იყოს მასთან საუბარი. მაგრამ, არსებითია ისიც, რომ მოსწავლეები იმ კუთხით განვითარდნენ, რაც მათი შინაგანი მოწოდებაა. ამ დროს შეიძლება მათ ვაიძულებდეთ, 12 წელი გაატარონ მერხთან და წლები ისწავლონ არასასურველი საგნები. ბევრი ადამიანი ოცნებობს, შეეძლოს იმის კეთება, რაც გულით უნდა და რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ადამიანს რომ უფრო თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს გარკვეული ასაკიდან, ალბათ, უტოპიურად კარგ სამყაროში ვიცხოვრებდით. – პროფესიის გარდა, მინდა, სხვა თემებსაც შევეხო. წავიკითხე თქვენი ბლოგები, გადავხედე თქვენი სოციალური ქსელის გვერდს და ხშირად პირდაპირ ან ირიბად წერთ პატრიარქალურ საზოგადოებაზე. რა გახდა თქვენთვის ამ თემაზე წერის მთავარი მიზეზი? – შეიძლება, ქალად დაიბადო ჩვენს ქვეყანაში და ეს თემა არ გაწუხებდეს? – უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ? – ჩვენს ქვეყანაში ქალს თავისი ქცევის კოდექსი აქვს, როცა კაცს, შეიძლება, არც ჰქონდეს ეს კოდექსი. ალბათ, ქალად უნდა დაიბადო, რომ მიხვდე, რა რთულია გაწერილი კოდექსით ცხოვრება. ადამიანის ზოგადი უფლებები, როგორიც არის პატივის, ღირსების ხელშეუვალობა, პიროვნების განვითარება, – ქალთან მიმართებით ხშირად ირღვევა. ქალს ბუნებრივადაც უფრო მეტი ბარიერი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს და თუ ამას გადაჭარბებული პატრიარქატის კანონები დაემატა, ფაქტობრივად, მისი გზა ჩახერგილია. ეს, რა თქმა უნდა, არის უსამართლობა, ადამიანის სახლში გამოკეტვა და მისი სამუშაოდ არგაშვება, ცემა, ძალადობა, შანტაჟი. ამ ჩამონათვალის არც ისე ცოტა შემთხვევა ვნახეთ დღემდე. საზოგადოების განვითარება თვითონ მოიტანს დისკრიმინაციის აღგვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს განვითარება მიდის ტაატით. ემპათიის უნარის გამომუშავება, ზოგადად, ქალის მიმართ, თვითონ სხვა ქალებსაც უჭირთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ემპათია ოდნავ მაშინ იღვიძებს, თუ კაცს წარმოვიდგენთ ქალის დღეში. ამ ყველაფრის ფონზე გარშემო მომრავლდნენ ქალები, რომლებიც უარს ამბობენ ქორწინებაზე. მშობლებისგან ბევრ ქალს თითქმის არანაირი ქონება არ რჩება და ეს ხდება ეკონომიკურად ისედაც რთულ რეალობაში, სადაც ოჯახის დაგეგმვა გართულებულია. – თქვენთვის რას ნიშნავს გენდერული ბალანსი? – პირველ რიგში, გენდერული ბალანსი არის იქ, სადაც არის სამართლიანობა. ალოგიკურია, საზოგადოება მიიჩნევდეს თავის თავს განვითარებულად და უსამართლოდ ექცეოდეს ქალს, ბავშვს, მოხუცს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელს… გლობალიზაციას აქვს უარყოფითი მხარე – ინდივიდუალური კულტურების საბოლოოდ მოშლას და ასიმილაციას იწვევს. მაგრამ დადებითი მხარე ნამდვილად ის აქვს, რომ ჩაკეტილი საზოგადოებები, თუნდაც, ინტერნეტის მეშვეობით იგებენ, თუ როგორი მიუღებელია
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ ფოტოობიექტივით დანახული ადამიანები თბილისში, კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში. ფოტოები გადაღებულია საგან “ფოტოჟურნალისტიკის” დავალებების ფარგლებში. ლექტორი: ოლიკო ცისკარიშვლი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ავტორი: ლუკა ამბალია
გურამ აბაშიძე, წლებია თბილისში ცხოვრობს, დიდ დიღომში. იგი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, საგანი – „ციფრული მედია და კომუნიკაცია“. გურამმა, საგნის „ციფრული თხრობის“ ფარგლებში ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა და მოამზადა მასალა სასმელი წყლის შესახებ, რომლის გმირი თავადვე გახდა. გურამ აბაშიძე: “მე, მაინტერესებდა როგორ სასმელ წყალს ვსვამთ. ამიტომ, თავდაპირველად სამზარეულოს ონკანიდან წყალი პლასტმასის ბოთლში ავავსე და შესაბამისი კვლევისთვის თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წავიღე. იქ, ეს წყალი არ ჩაიბარეს და მომცეს ინსტრუქცია, თუ როგორ შემეგროვებინა წყალი ონკანიდან, რომელსაც მთელი პროცედურები სჭირდებოდა და რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით”. ნაბიჯი 1 ონკანიდან წყლის სინჯის აღებამდე, მილი უნდა გაასუფთავოთ და ცეცხლის ალი მოავლოთ. ნაბიჯი 2 როგორც აღმოჩნდა, თუ წყალი სასმელად ვარგისი გინდათ იყოს, სულ მცირე 15 წუთი მაინც უნდა ადინოთ. თან, ონკანი ბოლომდე მოუშვათ. გურამ აბაშიძე: “ამ ექსპერიმენტის დროს დამაინტერესა, რამდენი ლიტრი წყალი შეგროვდებოდა იმ 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე ონკანი მოშვებული მქონდა და ამიტომ დავთვალე. ამ დროში, 477 ლიტრი წყალი შევაგროვე. სწორედ მაშინ, ასეთი კითხვა გამიჩნდა – თუ სუფთა წყალი მინდა დავლიო, თუნდაც ერთი ჭიქა, ამისათვის 15 წუთის განმავლობაში წყალი უნდა ვადინო? და თუ რამდენჯერმე მომინდება ონკანიდან წყალის დალევა, რა დრო და ფული დასჭირდება ამას?” როგორც ცნობილია, GWP-ს ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას არის 0.500 ლარი 1მ3-ზე. ნაბიჯი 3 ვიდრე წყალი ონკანიდან უწყვეტად მოედინება, ჭურჭელი უნდა მოამზადოთ. ეს, აუცილებლად შუშის ქილა უნდა იყოს რკინის თავსახურით და არა პლასტმასის. ნაბიჯი 4 წყალი კარგად უნდა ადუღდეს, ვიდრე მასში ჭურჭელია მოთავსებული. ნაბიჯი 5 გამოხარშულ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ სულ მცირე ნახევარი ლიტრი წყალი ონკანიდან, თავსახური კარგად მოუჭიროთ და ლაბორატორიაში მიიტანოთ, წყლის აღებიდან მაქსიმუმ ერთი საათის შუალედში. ნაბიჯი 6 სსიპ სოფლის მეურნეობის სახელწიფო ლაბორატორიაში, 2 ტიპის კვლევა ტარდება: წყლის სასმელად ვარგისიანობაზე და ქიმიური. გურამმა 96 ლარი გადაიხადა პირველ კვლევაში, მეორე გაცილებით ძვირი ღირს. პასუხი 5 სამუშაო დღეშია. ნაბიჯი 7 დიდი დიღმიდან აღებული წყალი, ლაბორატორიამ შეაფასა როგორც სასმელად ვარგისი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სასმელი წყალი უნდა იყოს ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით უსაფრთხო, ხოლო ქიმიური შემადგენლობით უვნებელი იმისათვის რომ სანიტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. უვარგისი სასმელი წყალი ხშირად ხდება ინფექციური დაავადებების მიზეზი, რომლის დროს ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, ჭიებით და სხვა. წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით, რომელთა შორის ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რასაც ძირითადად დიარეა ახასიათებს. სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მომხმარებლებზე განაწილება. თბილისს წყლით „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“ GWP ამარაგებს. წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია. თუმცა, ვიდრე წყალი სასმელად ვარგისი გახდება რთულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. GWP-ს ინფორმაციით, დედაქალაქში წყალი წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელის საშუალებით ნაწილდება, საიდანაც მომხმარებელების ონკანებამდე სასმელი წყლის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.თბილისისთვის წყალს მოიპოვებენ მდინარე არაგვიდან, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის ზღვიდან, ღრმაღელესა და სამგორის სათავე ნაგებობების საშუალებით. წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება. თბილისში წყალმომარაგება 24 საათიანია. მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე, IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი მასალის რედაქტორი: ეკა ფირცხალავა, IBSU-ს “მედია ცენტრის” ხელმძღვანელი
22 წლის ლაურა პაპასქუა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა. მისი ოჯახი დღემდე გალში ცხოვრობს, რაც მუდმივ მონატრებასთან და არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ლაურა გალში გატარებულ ბავშვობაზე, აფხაზებთან ურთიერთობასა და იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს ხვდებათ. – მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ მოხვედი აქამდე? – სკოლა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დავამთავრე. ჩვენთან 11 კლასია, რადგან იქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისტემაა, ამიტომ 16 წლის ასაკში უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავასრულე და მაგისტრატურას პიარის მიმართულებით ვაგრძელებ. ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვმუშაობ საქველმოქმედო პროექტებზე, ხშირად დავდივარ ახალგაზრდულ ბანაკებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ვმონაწილეობ. პირველივე კურსიდან ვმუშაობდი ჩემს უნივერსიტეტში, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, სადაც 5 წლიანი გამოცდილება დავაგროვე. ამჟამად კი, ევროპის უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ, პარალელურად, სპორტული სააგენტო SBM-ის სოციალურ მედიას ვმართავ. – როგორი იყო გალში გატარებული ბავშვობა? – როდესაც იქ ვცხოვრობდი, მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და ჩემს გარემოს განსხვავებულად ვერ აღვიქვამდი – ვთამაშობდით და ვერთობოდით, როგორც ყველა. თუმცა, სკოლის დამთავრებისა და თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მკაფიო კონტრასტი დავინახე. აქაურ ბავშვებს, სულ მცირე, კომპიუტერებთან მაინც ჰქონდათ შეხება, აკეთებდნენ პრეზენტაციებს, კონფერენციებში მონაწილეობდნენ, რითაც საჯარო გამოსვლებს ეჩვეოდნენ. ჩვენ კი ამ ყველაფერს მოკლებულები ვიყავით. არ გვქონდა ისეთი ტექნიკური აღჭურვილობაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ქიმიის ლაბორატორია, შესაბამისად, არასდროს ჩაგვიტარებია ქიმიური ექსპერიმენტი. აქაური ბავშვები, ჩვენგან განსხვავებით, უფრო გახსნილები, თავისუფლები და ნაკლებად კომპლექსიანები იყვნენ. – რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რასაც აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტები აწყდებიან? – ყველაზე დიდი პრობლემა ენის ბარიერია. მართალია, მე სკოლა ქართულად დავამთავრე და მშობლიურ ენაზე ვსწავლობდი, თუმცა ბევრი ბავშვი რუსულად გადის პროგრამას და თბილისში ჩაბარების შემდეგ, ქართულად კომუნიკაცია უჭირს, დიდად ვერ ახერხებს სოციალიზაციას და თავის სოციუმში იკეტება. – აფხაზ ბავშვებთან რამდენად გქონდა კონტაქტი? – გალის რაიონში, ძირითადად, მეგრელები ვცხოვრობთ და ქართველობა მაინც შენარჩუნებული გვაქვს. აფხაზეთში არის არასამთავრობო ორგანიზაციები (Unicef, World Vision), რომლებიც აფხაზური და მეგრული სოფლებისთვის საერთო აქტივობებს გეგმავენ, რათა ერთმანეთთან ინტეგრაციას ხელი შეუწყონ. მაგალითად, ერთხელ, სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში სამდღიანი ვორქშოპი დაიგეგმა, სადაც ბავშვები აფხაზეთის შვიდივე რაიონის სკოლიდან წაგვიყვანეს. საერთო პრეზენტაციებს, დადგმებს, ფლეშმობებს გვაკეთებინებდნენ, ცდილობდნენ, რომ საერთაშორისო დღეები ერთად აღგვენიშნა, იყო „ხელოვნების დღე“, „სუფთა ხელების დღე“… ცდილობდნენ, რომ აფხაზ და მეგრელ ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონოდა. – როგორ მუშაობდა ეს პროექტები, მეგობრობდით, თუ მაინც არსებობდა თქვენ შორის დისტანცია? – ძირითადად, მაინც დისტანციაზე ვიყავით, თან ენის ბარიერიც გვქონდა. ისინი რუსულად საუბრობდნენ, ჩვენ კი ყველამ გამართული რუსული არ ვიცოდით. თუმცა სოხუმში ყოფნის დროს, უკვე შედარებით დიდებიც ვიყავით და იქ ღამღამობით ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით ხოლმე. – როგორი იყო მათი დამოკიდებულება პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ? – გააჩნია რაიონს. მაგალითად, ოჩამჩირედან მაინც ნეიტრალურები იყვნენ, რადგან ეს რაიონი გალთან ახლოს არის და, ალბათ, ამას მაინც აქვს გარკვეული გავლენა. სოხუმელებს მთლიანად დამოუკიდებლობა უნდოდათ. ზოგადად, ყველანი ვცდილობდით, რომ ეს პროცესები ნეიტრალურად განგვეხილა და იქ დავა არ დაგვეწყო, თუმცა პოზიციები მაინც იყოფოდა – ზოგი ფიქრობდა, რომ აფხაზეთი მთლიანად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ზოგს არც რუსეთი უნდოდა და არც საქართველო, ზოგს კი მოსწონდა რუსეთის ჯარი, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მათ იცავდნენ. – ახლა როგორი მდგომარეობაა, უკრაინის ომმა აფხაზებში განწყობა შეცვალა? – არა, პირიქით. აფხაზურ სკოლებში მეგრელი დირექტორები მოხსნეს, ყველგან აფხაზები დანიშნეს და თუ ვინმესთან, სოციალურ ქსელში, უკრაინის მხარდასაჭერ პოსტებს ნახავენ, ორსაათიან ლექციებს უკითხავენ – როგორ შეიძლება, რუსეთი ჩვენი მოძმე ერია, ვერ ხედავთ, რომ ყველაფერში გვეხმარებაო? – ომის დროს შენი ოჯახი იქ იყო? – პირველად, როცა სიტუაცია დაიძაბა, მთელი ოჯახი წამოვიდა – ხან სად იყვნენ დევნილებად, ხან სად. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ და მეორედ რომ დაიწყო არეულობა, ბებიაჩემი სოფელში დარჩა, რასაც შეეწირა კიდეც – აფხაზებმა მოკლეს. ამ ამბის მერე, ჩემები იქიდან აღარ წამოსულან. ძალიან რთული პერიოდი გაიარეს, როდის დაადგებოდნენ თავზე და როდის დააყაჩაღებდნენ, ან მოკლავდნენ, არავინ იცოდა. – რა მარშრუტს გადიხარ გალში წასასვლელად? – ზუგდიდიდან სამარშრუტო ტაქსით მივდივართ სოფელ რუხამდე, საიდანაც ე.წ. საზღვრამდე მანძილი, დაახლოებით, 10 კმ-ია, რასაც ან ფეხით, ან სამარშრუტო ტაქსით გავდივართ. შემდეგ, გამშვებ პუნქტში გავდივართ კონტროლს და იქიდან ტრანსპორტი უკვე ჩემს სოფლამდეც დადის. – აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სოხუმში უფრო მიდიხართ, თუ ზუგდიდში? – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფლიდან სოხუმი და ზუგდიდი, თითქმის, თანაბარი მანძილით არის დაშორებული, სოხუმში საერთოდ არ დავდივართ. რაიმე პროდუქტი ან ტანსაცმელი თუ გვჭირდება, ზუგდიდში ვყიდულობთ, რადგან ბევრად იაფია და ჩვენთვისაც უფრო ხელსაყრელია. – 22 წლის ასაკში რომ ასეთი წარმატებული ხარ, არის განპირობებული იმით, რომ აფხაზეთიდან ხარ? რამდენადაა ეს შენთვის მოტივაცია? – პირიქით, ვფიქრობ, ეს მოცემულობა რომ არ იყოს, უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. მე რაღაცების სწავლა დაგვიანებით დავიწყე, მაგალითად, კომუნიკაციისა და მუშაობის უნარები გვიან გამოვიმუშავე. სხვა ბავშვებს კლუბები რომ ჰქონდათ სკოლებში და პროექტების ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას, ეგ ყველაფერი მეც რომ მქონოდა, ალბათ, ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუმცა, გარკვეული მოტივაცია იყო უნივერსიტეტში ჩაბარების დროს. აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს სწავლას 100%-ით გვიფინანსებენ და ხშირად ეს „წამოყვედრების“ მიზეზი ხდება. მინდოდა, ეს ყველაფერი თავიდან ამერიდებინა და გამოცდებში მაინც კარგი ქულები ამეღო. სწორედ მაგ მოტივაციით, რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, 50%-იანი გრანტი მოვიპოვე. – როგორ წარმოგიდგენია ცხოვრება გაერთიანებულ ქვეყანაში, რა შეიცვლება? – გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ქართველის ოცნებაა. ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს საზღვარი რომ არ არსებობდეს და მგონია, სასწავლებლად სოხუმში წავიდოდი, იქაურობა ბევრად განვითარებული იქნებოდა და შევძლებდი, ჩემი თავის რეალიზება ჩემს მხარეში მომეხდინა. მიმოსვლის პრობლემა აღარ იარსებებდა, იქაური ხალხი მოძრაობას, მუშაობას ან, თუნდაც, ვაჭრობას მეტად თავისუფლად შეძლებდა. ინტერვიუს ავტორი: სოფო კედელაშვილი IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
– ოთო, სტაბილურად კარგი უძრავი ქონების სააგენტო თუ გეგულებათ – სადაც დარეკავ და მოგემსახურება ზუსტად ისე, როგორც ელოდები? – ძალიან კარგი შეკითხვაა. ადამიანისთვის, როდესაც ქონების შეძენა ან გაყიდვა სურს, ყველაზე ხელსაყრელი გზა უძრავი ქონების სააგენტოს დახმარებაა. რა თქმა უნდა, განცხადების განთავსება ინტერნეტშიც შეიძლება. ჩვენს სააგენტოს თუ მომართავთ, საქმეში პროფესიონალი აგენტები ჩაერთვებიან და მათი წყალობით დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავთ. საქართველოში არის სერვისის პრობლემები, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია, ,,TBILISI BROKER”, რომელიც არსებობს თბილისში და არის წამყვანი, ზრუნავს საკუთარი სერვისის გაუმჯობესებაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია. – ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ: ერთი მხრივ, სააგენტოები და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. დღეს რომელს სჭირდება მეტი განვითარება? – არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. ამ სფეროს სპეციფიკის გამო, შეუძლებელია, რომ საქმე სახლიდან წარმართო. ამ საქმეს ოფისის გარემო სჭირდება. ყველა თანამშრომელი ისეთ გარემოშია, რომელიც მასზეა მორგებული და უზრუნველყოფილია მუშაობის ხარისხი. ოფისს მეტი იურიდიული უფლება აქვს, სახლიდან მომუშავე ადამიანები ნაკლებად პროფესიონალები არიან და მეტი განვითარება სჭირდებათ. – სამი სეგმენტი რომ ავიღოთ – სააგენტოს დირექტორი, მენეჯერი და აგენტი – რამდენად სწორად არის მათი ფუნქციები გამიჯნული თქვენს ოფისში? ხომ არ არის დღეს უძრავი ქონების სააგენტოების მთავარი პრობლემა ამ სამი სეგმენტის ურთიერთობა? – რაც შეეხება უფლება-მოვალეობებს ამ კომპანიაში, სამივე სეგმენტს თავისი როლი და საქმე აქვს. ყველას – დირექტორს, მენეჯერს, აგენტს, განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია სწორედ იმიტომ, რომ კომპანია იყოს წარმატებული. ყველამ უნდა იცოდეს თავისი საქმე. აგენტი დადის შეხვედრებზე; მე, როგორც მენეჯერი, მათ მოლაპარაკებებში ვეხმარები; დირექტორი ტექნიკურ მხარეს აგვარებს და ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. – რამდენად დროულად სრულდება თქვენი სააგენტოს მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ? მაქსიმალურად ვეძებთ ისეთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან, როდესაც ახალი კადრი მოგვყავს, გადის ერთთვიან მოსამზადებელ პერიოდს, ვაკვირდებით, თუ როგორ ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, იცავს თუ – არა დრესკოდს, კერძოდ, აცვია თუ – არა კლასიკურად, ემსახურება თუ – არა კლიენტს დროულად. ამის მიხედვით ვწყვეტთ, გააგრძელებს თუ – არა ჩვენთან მუშაობას. ამჟამად არსებული გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენს მოთხოვნებს დროულად ასრულებენ. ოთო ქსოვრელი: “მაქსიმალურად ვეძებთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან”. – ვთქვათ, მონდომებული ახალგაზრდა მოვიდა. რას აძლევს მას თქვენი სააგენტო? – ჩვენი სააგენტო აგენტებს ყველანაირ კომფორტს უქმნის იმისთვის, რომ გამართულად იმუშაონ. როდესაც ამ საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდით, თუ რა პრობლემების წინაშეა არსებული სააგენტოები, რა უშლიდათ მათ მუშაობის დროს ხელს და ვეცადეთ, რომ უკეთესები ვყოფილიყავით. წარმატებული თანამშრომელი უზრუნველყოფილია ფინანსური თვალსაზრისით, საიტებზე დროულად ბალანსის შევსებით. ასევე, ხელს ვუწყობთ სტუდენტებს სწავლაში, ყოველთვის შეგვიძლია გავუშვათ ლექციაზე, რადგან ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან მომუშავე თანამშრომელების 40% სტუდენტია. – როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ჯდება იმ პირობების მომზადება, იმ გარემოს შექმნა, რომ სააგენტოში აგენტებმა შეუფერხებლად იმუშაონ. დაახლოებით რამდენ წელში შეგიძლიათ თქვათ აგენტზე, რომ ის ამ საქმის პროფესიონალია? – ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ამ სფეროს სჭირდება კადრი, რომელსაც არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, იცის უცხო ენები. კადრი თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ითვისებს საქმეს, თუნდაც, თავის შეცდომებზე სწავლობს, ერთი წელი არის ის დრო, რომ ჩვენ მას პროფესიონალი ვუწოდოთ. ერთი წლის შემდეგ, ურთულესი თუ მარტივი ოპერაციების წარმართვა აგენტს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია. – რა პლუსები აქვს თქვენს სააგენტოს, სხვებთან შედარებით? – გვაქვს კარგი სამუშაო გარემო, ვართ მეგობრულები. პრიორიტეტი ჩვენთვის არის თანამშრომლების სურვილები, თუმცა, ამასთანავე, ისინი არ ივიწყებენ საკუთარ მოვალეობებს. ბევრ სააგენტოს არ გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად: ტრანსპორტით უზრუნველყოფა, იურიდიული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებებში ჩვენი მხრიდან დახმარება, ბაზების შექმნა, ბალანსის დროულად შევსება, რომ აგენტმა ატვირთოს ბინები. ჩვენი სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი დეტალია ისიც, რომ საკომისიოს მხოლოდ გამყიდველისგან ვიღებთ. გამიგია, რომ სხვა სააგენტოები ფასს უმატებენ უძრავ ქონებას და მყიდველი არც თუ ისე რეალურ ფასს იხდის. ჩვენთან ეს გამორიცხულია. – დიდი კონკურენციაა ამ სფეროში. გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება? – რა თქმა უნდა, დაწყება არ იყო მარტივი, ურთულესი გზა გამოვიარეთ. ამ საქმის სულისჩამდგმელი, წამომწყები იყო ჩვენი კომპანიის დირექტორი, თორნიკე ქოჩლაძე. დავიწყეთ მინიმალური ინვესტიციებით. სხვა სააგენტოებმა თუ მარტივად გაიარეს ეს პროცესი, ჩვენთვის რთული იყო, აქამდე რომ მოვსულიყავით. – თქვენ მუშაობთ როგორც ბინების, ისე მიწის ნაკვეთებისა და კომერციული ფართების გაყიდვაზე. ამ სამიდან რომელზე მუშაობაა შედარებით რთული? – გამოვარჩევდი მიწის ნაკვეთების გაყიდვას. უფრო მეტად უნდა ერკვეოდე როგორც სამოქალაქო კოდექსში, ისე – მიწის სამართალში, რაც ერთ-ორ დღეში არ ისწავლება. მიწის ყიდვა-გაყიდვა რთულია, აგენტს შეიძლება წლები დასჭირდეს მიწის გასაყიდად. საჭიროა მუხლების ცოდნა, დამატებითი რესურსები, ეს არ არის ადვილად ათვისებადი. როგორც წესი, დამკვეთს მიწა კერძო სახლის, კორპუსის ან კომერციული ფართის ასაშენებლად სჭირდება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მიწას დეველოპერები ყიდულობენ და ამ დროს ქალაქის მერიის რეგულაციებს ვითვალისწინებთ. უნდა გავარკვიოთ, რამდენად მისაღებია იქ მრავალსართულიანი შენობის აგება, სეისმურად საიმედო არის თუ – არა ეს ადგილი, გეოლოგიურად თუ არის შესწავლილი. – საქართველოში ძალიან ბევრი სააგენტოა. უძრავი ქონების საიტებთან სტაბილურად დაახლოებით რამდენი სააგენტო მუშაობს? – დაახლოებით მუშაობს 200-მდე მოქმედი სააგენტო. მათი სამუშაო სფეროთი არ ვინტერესდები, რადგან მთავარი ჩვენი კომპანიაა. მათ არ ვუწევთ კონკურენციას. ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი დავიმკვიდროთ ხარისხით, სერვისით, სიახლეებით, რადგან ჩვენ ვართ შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს. – ოთო, როგორც აღნიშნეთ, აგენტები დღის განმავლობაში ბევრ განცხადებას ტვირთავენ. როგორ ფიქრობთ, განცხადებების რაოდენობა სააგენტოს რეიტინგულობასა და პრესტიჟზე მეტყველებს? – ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი. ასევე, საჭიროა ექსკლუზივებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე მუშაობს მხოლოდ ჩვენი სააგენტო და სხვებს არ აქვთ მასზე წვდომა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კლიენტი ჩვენს აგენტებთან თანამშრომლობდეს. მთავარია ხარისხი ბაზარზე. როდესაც დიდი კონკურენციაა, აგენტი უნდა აცნობიერებდეს, თუ რა სურს კლიენტს, რომ შეძლოს ქონების რეალიზაცია. – ფინანსური ოპერაცია რომ წარმატებით დასრულდეს, აგენტს უამრავი დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება უწევს. როგორც წესი, დამკვეთს თავის მოთხოვნები აქვს. ფიქრობთ, რომ თქვენი სააგენტო ამ მხრივ გამორჩეულია? – ვფიქრობ, რომ გამორჩეულია, რადგან ვართ სერვისზე ორიენტირებულნი. აგენტი ინტერესდება, რა სურს მომხმარებელს და მარტივია, თუ რა შესთავაზოს მას. თუ ჩვენ გვყავს ახალი თანამშრომლები, მე და კომპანიის დირექტორები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩავერიოთ და დავეხმაროთ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ჩვენ გვაქვს დიდი მონაცემთა ბაზა, ძალიან ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ და დამკვეთის ინტერესების მიხედვით ვეძებთ იდეალურ ვარიანტს. ამის შემდეგ ვადგენთ ორმხრივ ხელშეკრულებას, ვუწევთ კონსულტაციას და თუ მყიდველი თანახმაა, ისეთი ფართი გადაეცემა, როგორიც აინტერესებს. თითოეულ ჩვენს კლიენტს ვუხსნით, სასურველ უბანში რა ღირს 1კვ.მ., ვეუბნებით – როგორ ნაგებობაშია გასაყიდი ფართობი, ინტერიერი როგორი აქვს, რამდენი სველი წერტილია ბინაში, ან როგორი მასალით არის გარემონტებული და ამის მიხედვით ვაფასებთ გასაყიდ ობიექტს. პროცესში აუცილებლად გათვალისწინებულია მესაკუთრის ინტერესები. ინტერვიუს ავტორი: ავთანდილ ზარნაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
გთავაზობთ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ მომზადებულ გაზეთს, რომელიც მომზადდა საგან “გაზეთის წარმოების” ფარგლებში. პედაგოგი – მალხაზ გაგუა, IBSU-ს ასოცირებული პროფესორი. მთავარი გაზეთი
„თუ სტუდენტს ქართული ენის შესასწავლად ერთი დამატებითი წელი სჭირდება, მაშინ პროგრამა თავადვე ცხადყოფს სისტემურ პრობლემას. გამოდის 12 წელი სკოლაში არასრულყოფილ განათლებას ვიღებთ“, – გოჰარ აღჯოიანი. თავად 24 წლისაა, ეთნიკურად სომეხია, წარმოშობით ნინოწმინდის სოფელ დიდი არაქალიდან, თუმცა რამდენიმე წელია დედაქალაქში ცხოვრობს. 2017 წელს, „1+4“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 2022 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოში არაქართულეონოვან სკოლას ამთავრებს, განათლების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ძირითადად ორი არჩევანი აქვს – ჩააბაროს ეროვნული გამოცდები მიღებული ფორმატით ან ჩააბაროს მხოლოდ უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე. პროგრამაზე მოსახვედრად საჭიროა აბიტურიენტი იყოს საქართველოს მოქალაქე, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ამოწმებს მსურველის ეთნიკურ წარმომავლობას. უნარების გამოცდის ჩაბარების შემდეგ სტუდენტი ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, სადაც გადის ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას ქართულ ენაში და კურსის დახურვის შემდეგ, ირჩევს სასურველ პროფესიას, რომელზეც სწავლობს დარჩენილი ოთხი, ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია პროგრამის ხანგრძლივობაზე. „აღნიშნული პროგრამა მოქმედებს, როგორც აზერბაიჯანულ და სომხურ, ისე ოსურ და აფხაზურენოვანი სტუდენტებისთვის. სწორედ ამაში გამოიხატება საშეღავათო პოლიტიკა ერთნიკური უმცირებობისთვის“, – ამბობს ნინო წერეთელი, საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. როგორც ნინო აღნიშნავს, კიდევ ერთი შეღავათი არის ის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კონკურენციაში არ შედიან ეთნიკურად ქართველებთან. უფრო ზუსტად კი, ეთნიკურად აზერბაიჯანელები საგრანტო კონკურსზე მხოლოდ ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, ისევე, როგორც სხვა უმცირესობების წარმომადგენლები. „საშუალება გვაქვს უნარები მშობლიურ ენაზე ჩავაბაროთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგი გამოცდილებაა. ადრე ძალიან ბევრი სტუდენტი ტოვებდა საქართველოს და სომხეთში ან აზერბაიჯანში აბარებდა. ხოლო ახლა უამრავი ადგილობრივი ირიცხება ქართულ უნივერსიტეტებში“, – ამბობს გოჰარი. გოჰარ აღჯოიანი: “ხშირად გვესმის, როცა ჩვენზე ამბობენ, რომ არ გსურს ქართული ენის სწავლა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის! მე, ვმონაწილეობ ამ ქვეყნის ყველა სოციალურ და საზოგადოებრივ, მნიშვნელოვან მოვლენაში და ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მეც ვარ ამ ქვეყნის და ამ კულტურის პატარა ნაწილი და მეც მაქვს ვალდებულებები ამ ქვეყნის წინაშე”. როგორც გოჰარ აღჯოიანი გვიყვება, დადებითთან ერთად “1+4” პროგრამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. გოჰარ აღჯოიანი იმის გამო, რომ სოფლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობაა, მოსწავლეებს უწევთ ქალაქში იარონ მოსამზადებლად, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის საშუალება კი რეგიონში მცხოვრებ ყველა ადგილობრივს არ აქვს. აგრეთვე, უნარებში მიღებულ ქულაზეა დამოკიდებული, როგორც მოსამზადებელი, ისე საბაკალავრო პროგრამის დაფინანსება. თუ აბიტურიენტმა გრანტი ვერ მიიღო ყოველწლიურად, მოსამზადებელი პროგრამის ჩათვლით, უნდა გადაიხადოს 2250 ლარი. კანონში „სახელმწიფო ენის შესახებ“ წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება სახელმწიფოს მოსთხოვოს, სახელმწიფო ენის შესწავლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. აღნიშნული ვალდებულების სათანადოდ შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში. „ამის გათვალისწინებით ეთნიკური უმცირესობების მიმართ პირველ წელს ქართული ენის სწავლაში დადგენილი გადასახადი არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღნიშნულ ვალდებულებებს და აფერხებს მათ შესრულებას“, – მარი კაპანაძე, GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამის დირექტორი, იურისტი და ადამიანის უფლებათა სასამართლოს სპეციალისტი. „ჩვენთვისაც, რომ იყოს უფასო ფაკულტეტები ხელმისაწვდომი, უფრო მეტი სტუდენტი ჩააბარებდა ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის პროგრამებზე. რეგიონში ამ საგნების პედაგოგები, ფაქტობრივად, არ გვყავს“, – აღნიშნავს გოჰარი. 2013 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისის ბრძანებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების უფასო პროგრამების დაფინანსება აიკრძალა. როგორც მარი კაპანაძე აღნიშნავს, უფასო ფაკულტეტებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის გადახდის ვალდებულების არსებობა, შეიძლება მივიჩნიოთ დისკრიმინაციულ პოლიტიკად, რომელსაც არ აქვს რაციონალური გამართლება. „თუ ქართულენოვან სტუდენტებს უფასო ფაკულტეტებზე სწავლისათვის არ უწევთ, გადაიხადონ გადასახადი, იგივე მიდგომა უნდა იყოს „1+4“ პროგრამის მონაწილეებისთვისაც“, – მარი კაპანაძე. გოჰარი გვიყვება, რომ მიუხედავად ფასიანი მოსამზადებელი კურსისა, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნული პროგრამა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და შიდა სასწავლო გამოცდები ვერ ადგენს მიღებული ცოდნის დონეს. ინტერესის ნაკლებობის გამო, სტუდენტები ხშირად აცდენენ ლექციებს. სერიოზული პრობლემებია ჯავახეთის რეგიონებშიც. ადგილობრივებს არ აქვთ ურთიერთობა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან. „როცა პატარა ვიყავი ქართულს, როგორც მხოლოდ უცხო ენას, ისე ვსწავლობდი. მაგრამ ქართველებთან უშუალო შეხების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ენა, ქვეყანა, კულტურა ჩემთვის უცხო არ არის. მეც მისი ნაწილი ვარ და მინდა საქართველოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – გოჰარ აღჯოიანი. სამცხე-ჯავახეთის სოფლებში ქართული ენის და მოსამზადებელი კურსის მიმართ ინტერესი დიდია. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მონაცამებებით 2022 წელს ქართული ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა 1392 სტუდენტი, საქართველოში არსებულ 15 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ჩარიცხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც აზერბაიჯანულენოვანი 339, სომხურენოვანი 265, ხოლო ოსურენოვანი 3 სტუდენტი ჩაირიცხა. (წყარო: edu.aris.ge) „ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური მასწავლებლები, ხარისხიანი განათლება, როგორც სკოლებში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. უნდა შეგვეძლოს საკუთარ ქვეყანაში განვითარება და სხვაგან წასვლაზე ფიქრი არ უნდა გვიწევდეს“, – ამბობს გოჰარი. ჯავახეთში არსებულ სკოლებში მომუშავე მასწავლებლების უმრავლესობას განათლება სომხეთში ან აზერბაიჯანში აქვს მიღებული. საქართველოში ჩამოსვლისას კი ქართული ენის ერთწლიანი გადამზადების კურსს გადის. როგორც გოჰარი ამბობს, ერთ წელში ვერ შეისწავლი ქართულ ენას ისე, რომ სხვებს ასწავლო. მწირია ენის ასათვისებლად საჭირო სხვა საშუალებებიც, ბიბლიოთეკა მხოლოდ ნინოწმინდაშია. „მასწავლებელი ყოველთვის გვავალებდა სომხური წიგნების წაკითხვას არდადეგებზე, მაგრამ ქართული ენის პედაგოგის მხრიდან იგივე მოთხოვნა არ ყოფილა. არ ვიცი ნინოწმინდის საჯარო ბიბლიოთეკაში არის თუ არა ქართული წიგნები, მაგრამ დიდი ალბათობით მხოლოდ სომხური ან აზერბაიჯანული ლიტერატურაა. რეგიონში საინფორმაციო გადაცემებიც კი არ გვაქვს ქართულ ენაზე“, – გოჰარ აღჯოიანი. გოჰარი ამჟამად სამცხეთ-ჯავახეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ წევრია. თანამშრომლობს ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციასთან „საფარი“, რომლის დაფინანსებით სოციალურ ქსელში შეიქმნა პლატფორმა „განძი“, სადაც ამზადებენ მასალებს ქალთა უფლებებზე, თემში არსებულ სტერეოტიპებსა და ეთნიკური უმცირესობების გარშემო არსებულ გამოწვევებზე. ამ ყველაფერში ძალიან დაეხმარა ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა. ენის ცოდნამ სოციალური ინტეგრირებისა და კარიერული წინსვლის საკითხებში დიდი როლი ითამაშა. ავტორები: მარიამ მერლანი, ანო ტვილდიანი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები ანი ჭედია და მარიამ წივილაძე, რადიო გადაცემის “საუბრები ჟურნალისტიკაზე სტუმრები იყვნენ. რა სჭირდება დამწყებ ჟურნალისტს მოტივაციისთვის, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და სხვა მომიჯნავე პროფესიებს შორის, როგორია პროდიუსერის თუ ჟურნალისტის საქმიანობა კადრს მიღმა – ამ და სხვა თემებზე კითხვები თამარ ჩხიკვაძემ მოამზადა, რომელიც IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელია. მარიამ წივილაძე: „ვთლი, რომ სტუდენტობის დროს უფრო მეტად უნდა ჩავრთულიყავი ჟურნალისტიკის პროცესში, უფრო მეტი სტაჟირება უნდა გამევლო, ჯობია რაღაც ცოდნა დააგროვო იმაში რაც გიყვარს, ვიდრე რაღაც მხრივ ფინანსურად იყო გამართული.“ ანი ჭედია: „ვამბობთ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს ხალხის მაჯის ცემაზე გვიდევს თითი და სწორედ ეს მაკლდა იმ პერიოდში როდესაც სოციალურ მედიაში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებს ვგეგმავდით, ჩემთვის მაინც უფრო საჭირო იყო გამეკეთებინა რისერჩები, მქონოდა უშუალო კონტაქტები რეპსონდენტებთან რომლებისგან პასუხს ზოგჯერ იღებ, ზოგჯერ ვერა და ამ ყველაფრის გაკეთება ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა“.