შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 16

დილით ჩვეულ დროს დარეკა მაღვიძარამ. საათი 7:30-ს აჩვენებს, ვცდილობ გამოვფხიზლდე და გრძელი, დამღლელი დღისთვის მოვემზადო. ჩვევად მაქვს გაღვიძებისას ჯერ მაღვიძარას ვუთიშავ ხმას, შემდეგ კი ფანჯარაში ვიხედები, რომ გავარკვიო როგორი ამინდია. გარეთ ვიყურები და ვხედავ ირგვლივ ყველაფერი თეთრი საბნით შემოსილა. თბილისში თოვს…თან რა ლამაზად თოვს… როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, ჩავიცვი და სამსახურში წავედი. ცივა, თოვლის ფიფქები გზააბნეული დაფარფატებენ ცაში. მე ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ სამსახურისკენ, მაგრამ უეცრად ვჩერდები და გაყინული ხელით ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ. ვცდილობ გადავიღო თეთრად შემოსილი ნაძვები, გზა, რომელზეც ჯერ არავის გაუვლია მანქანების გარდა. და აი ისიც , გადავიღე…ულამაზესია, ენით აღუწერელ სილამაზეს ვუცქერ და მინდება უფრო მეტი გადავიღო, გადავუღო თოვლიან თბილისს, მის ყოველ კუთხეს და ყველას გავუზიარო, თუ რაოდენ ლამაზია ჩვენი დედაქალაქი თოვლში გახვეული. ვუღებ ძველი თბილისის ქუჩებს, ვუღე ყველაბ ყველას დაფერს… იქვე ხეზე ყინულის ლოლოები ხელოვნების ნიმუშებს ჰქმნის, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად,  ხელოვნურად შექმნაო. მიუხედავად სიცივისა და თოვლის მოსვლისა, ხალხი მაინც განაგრძობს ჩვეულ საქმეებს, ძველი თბილისის ქუჩებში კი ისევ გამოფენილია თბილისელთა ნახატები. მივდივარ,  ამდროს კი რაღაც იდუმალი, უხილავი ხმა ჩამჩურჩულებს კოლაუ ნადირაძის ლექსიდან „ 25თებერვალი“ სიტყვებს: „თოვდა… და თბილისს ებურა თალხი“. დღეს 12 იანვარია, თბილისს თეთრი ქურქი ჩაუცვამს, თავს იწონებს ისე, როგორც სჩვევია… ფოტორეპორტაჟის ავტორი: ეთა სულუხია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, “ცოდნის კაფეზე” მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, ამ სივრცეში განთავსდება: მულტიმედია ქართული და ინგლისურენოვანი ბიბილიოთეკები, წიგნის მაღაზია, არაფორმალური განათლებისა და შეკრების სივრცე, ტექნოლოგიების ოთახი, მცირე კაფე და საერთო-სამუშაო ადგილი. ამ პროექტის დონაციის მსურველებს “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის შესახებ ფილმში თავად საუბრობს. აქვე შეიტყობთ, თუ როგორ გახდა მაჩხაანის თეატრი ნანა ბაგალიშვილისთვის შთაგონების წყარო, წნორი – მულტიფუნქციური განვითარების ადგილი და განათლება – ერთადერთი არჩევანი. IBSU-ს მინი ფილმი “ცოდნის კაფეზე” ფილმი მოამზადეს: IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ლუკა ამბალიამ და ანა ჩალაშვილმა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მოამზადეს “სატელევზიო ჟურნალი” და შეაჯამეს 2022 წელი. გადაცემაში ნახავთ: ინტერვიუს IBSU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ქეთევან ნანობაშვილთან, უნივერსიტეტის წლის მოვლენებს, რეპორტაჟს კახეთიდან “ცოდნის კაფეს” შესახებ, მოსახლეობის გამოკითხვას მიმდინარე წელს ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, IBSU-ს სტუდენტები საუბრობენ საახალწლო ტრადიციების შესახებ და გადაცემას დაასრულებს კურიოზები, რომლებიც ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა სატელევიზიო და რადიო პროგრამების ჩაწერის დროს შეაგროვეს. IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი N2 ვიდეო გადაცემაზე მუშაობდნენ: დავით მათიაშვილი, ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, ნინი შაორშაძე, ლიკუნა ჟორდანიძე, ანუკი გოგოძე, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ნანუ მენთეშაშვილი, თამარ ჩხიკვაძე, ნოდარ ბროლაშვილი, ლუკა ამბალია. ამავე თემაზე: IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი N1

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები აჭარიდან საახალწლო ტრადიციების შესახებ ჰყვებიან. აქვთ თუ არა აჭარაში მეკვლის ტრადიცია, რატომ ხარშავენ სიმინდს საახალწლოდ და ვინ არ აღნიშნავს ახალ წელს – ამ და სხვა წეს-ჩვეულებების შესახებ თავად სტუდენტები საუბრობენ. IBSU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა თანაუნივერსიტეტელები 2022 წლის ბოლოს ჩაწერეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს. იხილეთ ვიდეო მასალა საახალწლო ტრადიციების შესახებ  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა მაზიაშვილი მონაწილეობდა “მედიის განვითარების ფონდის პროექტში” და ისწავლა როგორ აღმოაჩინოს ყალბი ამბები სოციალურ ქსელებში. მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური მოკვლევა შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ძროხებს უკეთებენ mRNA ვაქცინას, რაც შემდგომ რძის პროდუქტებში ხვდება და ადამიანზე ვირუსის სახით გადადის. ცნობისათვის, mRNA ვაქცინა COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელსაც 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იყენებენ. კოვიდ პანდემიის დროს, ვაქცინაციის პროცესს ჰყავდა როგორც ბევრი მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე და შესაბამისად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ზღვა ინფორმაცია მათი სასიკეთო თუ საზიანო ზეგავლენის შესახებ. ანა მაზიაშვილის ჟურნალისტური ქეისი შეეხება 2022 წლის 11 ოქტომბერს Facebook-ის ერთი მომხმარებლის გვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მასალას, რომელიც ყალბი ინფორმაციის შემცველი იყო. პოსტის მიხედვით, ავტორი ამტკიცებდა, რომ “ისინი აძლევენ ძროხებს mRNA ვაქცინას, რომელიც გადასცემს ვაქცინას რძეში, ყველში და ასე შემდეგ” და თან დართული ჰქონდა ფოტო, სადაც უცნობი ექიმი ძროხებს სინჯავდა. როგორც ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, ეს ფოტო აღებული იყო ერთ-ერთი ფოტო-რესურსების ვებგვერდიდან shutterstock, რომლის ნამდვილი ავტორიც იყო მითითებული. ფოტო, თავისი შინაარსით არანაირ კავშირში იყო კოვიდ-ვაქცინაციის პროცესთან და რეალურად ვეტერინარი რანჩოზე ცხოველებს სინჯავს. როგორ აღმოაჩინა ანა მაზიაშვილმა ეს ინფორმაციის სიყალბე ნაჩვენებია მის ვიდეო მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა მედია ცენტრის YouTube არხზე.   მედია ცენტრის YouTube- ზე ანა მაზიაშვილის მასალის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექორის” ვებგვერდზე.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები “ფოტოჟურნალისტიკის” ლექციების ფარგლებში გრემში, სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.  გრემში, სტუდენტები სარეაბილიტაციო ცენტრ “თანადგომის” ხელმძღვანელს შეხვდნენ, რომელმაც სტუმრებს განუცხადა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებთან მუშაობა სტაციონალურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება. “თანადგომის” სარეაბილიტაციო პროგრამა კომბინირებულ მიდგომებს ითვალისწინებს, მათ შორის არტ-თერაპიას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ერაძემ გადაიღო “თანადგომის” ბენეფიციარების მიერ  შექმნილი კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც როგორც სუვენირები იყიდება კიდეც. არტ-თერაპიის გარდა “თანადგომაში” იყენებენ შრომით თერაპიას, ოჯახურ თერაპიას, საგანმანათლებლო შეხვედრებს და ა.შ. გიორგი ერაძემ ერთ-ერთი თერაპიის დროს დახატული ხელებიც გადაიღო, სადაც ჩანს რომ ბენეფიციარს თავის შესახებ ინფორმაცია ფურცელზე გადააქვს იმ სახით, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი. ცენტრში სარეაბილიტაციო მიდგომები მოიცავს როგროც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კონსულტაციებს. გრემში, “ფოტოჟურნალისტიკის” გასვლითი ლექციები სტუდენტებს IBSU-ს ლექტორმა ოლიკო ცისკარაშვილმა ჩაუტარა, რომელიც მისი სტუდენტის ლუკა ამბალიას ობიექტივში მოექცა. “თანადგომის” სარეაბოლიტაციო ცენტრიდან  რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – გრემის კომპლექსი”, რომელიც ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტმა ლუკა ამბალიამ მაშინვე გადაიღო როგორც კი თვალთახედვის ჰორიზონტზე გამოჩნდა. გრემის გუმბათი რვაწახნაგაა, რომლის ფრაგმენტი ასევე ლუკა ამბალიამ გადაიღო. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელმა ეთერ სულუხიამ გრემი ღრუბლების ფონზე გადაიღო. მე-16 საუკუნეში აგებული სწორკუთხა ძეგლი ნაწილობრივ აგურით და აქა-იქ რიყის ქვითაა ნაშენი. ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტის ანი მაზიაშვილის მიერ გადაღებულ გრემის ფოტოზე ჩანს როგორც ხუროთმოძღვრების ძეგლის ორნამენტები, ასევე ხარაჩოები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ნინი შაორშაძემ “მედიის განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ისწავლა – როგორ ამოიცნოს ფოტომანიპულაცია. ამის საილუსტრაციოდ, მან მოამზადა ინფოგრაფიკა რომელიც ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ფოტომანიპულაციას, თითქოს ზალუჟნი ნაცისტურ სამაჯურს ატარებდა.  კრემლის მხარდამჭერი მედიები, ზემოთაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდნენ ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის სამაჯური რამდენიმე რგოლისგან შედგებოდა რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტთან ერთად გამოსახული იყო ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა. იგივე ფოტო, ქართულმა და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაცია ფოტომანიპულაციაა. სინამდვილეში, სამაჯურზე არა სვასტიკა არამედ სკანდინავიური სიმბოლოა გამოსახული. ფოტო ავთენტურია, თუმცა სამაჯურის გამოსახულების დაბალმა რეზოლუციამ ინტერნეტ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარი ფოტო, სადაც მას სწორედ ზემოთაღნიშნული სამაჯური ეკეთა, მართლაც გამოაქვეყნა Twıtter-ზე. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების  ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა (შტირლიცი) იმის საჩვენებლად, თუ როგორ სამაჯურს ატარებდა ზალუჟნი, Twitter-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამაჯურის ფოტო  ისეთი რეზოლუციით გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ეს სიმბოლო არა სვასტიკა, არამედ სკანდინავიური (კელტური კვანძის მსგავსი) ნიშანი იყო. მსგავსი სამაჯურის ნახვა მაღაზია Pakabone-ის საიტზეა ხელმისაწვდომი, სადაც სლავური, სკანდინავიური და ტომობრივი ატრიბუტების ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ზალუჟნის სამაჯურის ის სიმბოლო, რომელიც მანიპულაციურად გაავრცელეს და სვასტიკას დაუკავშირეს.   ნინი შაორშაძის კვლევის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ “მითების დეტექტორის” ვებგვერდზე.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და სასწავლო სემესტრის დაფინანსება სკოლის ასაკიდან მარიამ თვარაძის ოცნება იყო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში განათლების მიღება სურდა. მარიამმა ბავშვობის ოცნება აისრულა, როცა Erasmus+ დაფინანსებული პროგრამით უნგრეთში, კერძოდ, სეგედის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. მარიამ თვარაძე: “თავდაპირველად ორი ალტერნატივა იყო – ამსტერდამის ან უნგრეთის უნივერსიტეტები. არჩევანი უნგრეთზე გავაკეთე, რადგან ეს უნივერსიტეტი 400 წელს ითვლიდა და პატარა სტუდენტურ ქალაქ სეგედში მდებარეობდა, რომლის ინფრასტრუქტურა, გარემო და სიტუაცია ჩემს ოცნებებთან ზუსტ თანხვედრაში მოდიოდა”.  გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, მარიამი სრული დაფინანსებით ცხოვრობდა, რომელიც მოიცავდა საცხოვრებლის, ყოველდღიური საჭიროებებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. სეგედში სწავლების ფორმატიც განსხვავებული იყო. ლექციების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 90 წუთს შეადგენდა, საგნები დაყოფილი იყო პრაქტიკულ და თეორიულ კურსებად, შეფასების სისტემა 5 ბალიანი, რომელიც საერთოდ არ მოიცავდა შუალედურ გამოცდებს და ქვიზებს, ფინალურები კი თითქმის ყველა ზეპირი გამოცდის სახით ჰქონდა. მარიამ თვარაძე: “გვქობდა 2 დღიანი კურსები-ტრენინგები, რომლებიც როგორც საგნები გვეთვლებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ გამოცდადად ბარდებოდა, რაც მოიცავდა თეორიულ და უხვად პრაქტიკულ სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში”. მარიამმა სეგედში დიდი გამოცდილება უცხო ენის დახვეწის მხრივ მიიღო, რადგან იგი თბილისში ქართულ სექტორზე სწავლობდა. ეს გაცვლითი პროგრამა კი მას ენობრივი რესურსების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარა. მარიამ თვარაძე: “ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემი ამ ნაბიჯის შემდეგ. პირველ რიგში გავხდი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. ის განცდა, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების, არჩევანის და მიმართულებების ბატონ-პატრონი, მეტად გამიძლიერდა და გამიუმჯობესდა საკომუნიკაციო უნარები. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ძალიან მარტივად საერთო ენის გამონახვა, დავინახე მეტი შესაძლებლობები და პერსპექტივები”. მარიამმა უნგრეთში ყოფნისას უამრავი მეგობარი შეიძინა, როგორც თანაკურსელები ასევე პროფესორები. მარიამ თავაძე: “ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჩარჩო დაიმსხვრა ჩემს ცხოვრებაში და შემიძლია ვთქვა რომ სიხალეებისადმი კიდევ უფრო მეტად ღია და მიმღები გავხდი, გამიფართოვდა თვალსაწიერი როგორც ჩემს კონკრეტულ პროფესიაში, ასევე ზოგადად ადამიანური თვალსაზრისითაც. ენასთან დაკავშირებით ბევრი კომპლექსი მომეხსნა და ახლა ზუსტად ვიცი, როგორ ვიმუშავო საკუთარ თავზე უკეთესი შედეგების მისაღებად. გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ მაქვს განცდა, რომ ვიპოვე ჰარმონია, რადგან ზუსტად ვიცი რა მინდა,როგორ მინდა, სად და როდის”. IBSU-ს სტუდენტებს მარიამი ურჩევს აქტიურად ჩაერთონ Iro IBSU-ს ფეისბუკის და ვებსაიტის კონტროლში, თვალი ადევნონ ერასმუსის ინსტაგრამ გვერდს და სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც უამრავი პროექტი ყოველდღიურად ქვეყნება. მარიამის მსგავსად, IBSU-ს მეორეკურსელ ანი ქერაშვილს სკოლის ასაკიდან მიზნად ჰქონდა დასახული რომელიმე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის გაგძელება, რომლის შესაძლებლობა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” ჩაბარების შემდეგ მიეცა. ანი ქერაშვილი: “ვარშავაში, კოზმინსკის უნივერსიტეტში სუდენტური ცხოვრება მართლაც გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდიანრეობდა, უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კოორდინატორების მიერ სწორად დაგეგმილი აქტივობებით გავიცანი ლექტორები, კურსელები, ასევე ვისარგებლე უნივერსიტეტის საუცხოო ბიბლიოთეკით. სასწავლო პროცესი უმეტესად პრაქტიკული იყო, რაც უფრო სახალიხოხ და ეფექტურს ხდიდა მეცადინეობას. ლექტორები აქტიურად იყენებდნენ საბონუსე სისტემას, რომელიც საკმარისი ქულების დაგროვების საშუალებას იძლეოდა ფინალური გამოცდების ჩაბარების გარეშე, რაც კიდევ უფრო ნაკლებ სტრესულს ხდიდა სწავლის პროცესს”. Erasmus+- ის პროექტის ფარგლებში ანის დაუფინანსდა ერთი სემესტრით კოზმინსკის უნივერსიტეტში სწავლა და საცხოვრებელი. ასევე, ჰქონდა სტიპენდია, რომელიც საკმარისი იყო უცხო ქვეყანაში სასიამოვნოდ დროის გასატარებლადაც. ანი ქერაშვილი: “კოვიდ ეპიდემიის დროს ჩავედი პოლონეთში და მიუხედავად პანდემიისა, გავიცანი უამრავი ადამიანი და შევიძინე უცხოელი მეგობრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ცოდნით, აზროვნებით და წარმოუდგენლად თავისუფლები და შრომისმოყვარეები იყვნენ. მათთან ერთად ბევრი ვიმოგზაურე და  ულამაზესი ადგილები მოვინახულე. მართლაც, არაფერია იმაზე საინტერესო, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ეცნობი და ერთმანეთს უზიარებთ ინფორმაციას საკუთარი კულტურის თუ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხების შესახებ”. ახლა ანი IBSU-ში მეოთხეკურსელია და თამამად ამბობს, რომ ვარშავადან დაბრუნების შემდეგ საქართველოში “გაზრდილი ანი” დაბრუნდა. ანი ქერაშვილი: “ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. კოზმინსკის უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ სხვა, ახალი და გრძელვადიანი მიზნები დამისახა, დამეხმარა კარიერულ წინსვლაში, ბევრ საერთაშორისო კომპანიაში გამიღო კარი და გამაცნო ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი. თუმცა მეტად საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მე, როგორც პიროვნება, საკმაოდ შემცვალა ამ ნაბიჯმა. მეტად ჩამოყალიბებული, გამბედავი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და მიმღები გავხვდი. ამ შინაგანმა ცვლილებებმა კი მომცა რწმენა იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არ მისცეთ ცხოვრებას იმის უფლება უბრალოდ ჩაიაროს, JUST DO IT!”   მასალის ავტორი: თიკა სიბოშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის მეოთხე კურსის სტუდენტს, ლენტო ბალიაშვილს საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება დაეხმარა სრულიად განსხვავებულად დაენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, მისი ხედვა და ინტერესები კი მეტად გაზრდილლიყო. მან IBSU-გან სრული დაფინანსება მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრისთვის ყოველთვიური სტიპენდიაც მიიღო. ლენტო ბალიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში, Mykolas Romeris სახელობის უნივერსიტეტში Erasmus + გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. აღნიშნული უნივერსიტეტი მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც თავს იყრიან სტუდენტები თითქმის ყველა კონტინენტიდან. აქედან გამომდინარე სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ლენტო აღნიშნავს, მისთვის ენობრივი ბარიერი პრობლემა არც ყოფილა, რადგან საქართველოშიც ინგლისურენოვან სექტორზე სწავლობდა. ლექციების ხანგრძლივობა კი ვილნიუსში ორ საათს შეადგენდა. ლენტო ბალიაშვილი: „იმუშავეთ საკუთარ თავზე, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს და მათ მიღწევებს, ორიენტირდით თქვენს მიზნებზე და დაიჯერეთ, რომ იმსახურებთ საუკეთესოს“ სწავლის პარალელურად ლენტო არასამთავრობო ორგანიზაციაში, Vilniaus arkivyskupijos Caritas-ში სტაჟირებას გადიოდა და  სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და ლტოლვილებთან მუშაობდა. ლენტო ბალიაშვილი: „ამ ადამიანებთან კომუნიკაციამ მეტად დამანახა მათი საჭიროებები და მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვის აუცილებლობა. გამოცდილებამ, რომელიც მივიღე კიდევ უფრო გაამყარა ჩემი მიზნები მომავალში უცხოეთში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მეტად შემაყვარა დასავლური კულტურა“. როგორც ლენტო ამბობს, სწავლასა და მუშაობასთან ერთად, გართობისა და მოგზაურობისთვისაც უამრავი დრო რჩებოდა. ესტუმრა ნორვეგიას, საფრანგეთს და გერმანიას. გაეცნო ვილნიუსის ღამის ცხოვრებას. იგი ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე სტუდენტურ ბარ-რესტორნებში, მოლებსა და სკვერებში ატარებდა გარკვეულ დროს. ლენტო ბალიაშვილი: „ვილნიუსში ყოფნის პერიოდი დაემთხვა შემოდგომა-ზამთრის სეზონს. ამ დროს ლიეტუვაში ძალიან ცივა, ქალაქები საშობაოდაა მორთული და ყველგან საახალწლო განწყობა იგრძნობა. ქუჩებში დარიჩინის საოცარი სურნელი ტრიალებს და საახალწლო სოფლებია მოწყობილი, რაც დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება“. ლენტოს ლიეტუვაში ყოფნის დროს მკვეთრ კულტურულ თავისებურებებთან გამკლავება არ დასჭირვებია, თუმცა აღნიშნავს, რომ ლიეტუველები მეტად ორგანიზებული და პუნქტუალური ხალხია, ზომიერიებას იცავენ თითქმის ყველაფერში და საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან. მისი თქმით, კოვიდპანდემიის გამო დიდი არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა ყველა შემთხვევაში ლიეტუვას აირჩევდა, იქ არსებული სტაბილური სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული მდგომარეობის გამო. გარდა ამისა, ლენტოსთვის ეს ის ადგილია, სადაც ძველი ეპოქის არქიტექტურა თანამედროვე სტილს ერყწმის და საოცარ გარემოს ქმნის. თუ სტუდენტს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სურს, მან თვალი უნდა ადევნოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვებგვერდს, სადაც ქვეყნდება სიახლეები. შეავსოს სასურველი აპლიკაცია. შემდეგ მას დაუკავშირდება ადმინისტრაცია და საშუალებას მისცემს თავი წარმოაჩინოს გასაუბრებაზე. ლენტო ბალიაშვილი: „შერჩევითი ეტაპის შემდეგ, მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ამყარებ კონტაქტს, რაშიც პირადად, მე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამეხმარა. შემდეგ უშუალოდ ქვეყანაში ჩასვლამდე თავად აგროვებ, იმ საჭირო დოკუმენტებს, რასაც ითხოვს მიმღები უნივერსიტეტი და ქვეყანა. მაგალითად, პასპორტი, ვიზა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ. აუცილებელია მონდომება, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მისთვის იყოს შესაძელებლი კონკურენტუნარიან გარემოში თავის წარმოჩენა”.  ლენტოსთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და წარმატებული გამოდგა. რაც მთავარია, მან გააცნობიერა, რომ გაწეული შრომა ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია. მასალის ავტორი: ანო ტვილდიანი IBSU ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი   ამავე თემაზე: მარიამ ქობალიას პირველი გაცვლითი პროგრამა ესტონეთში 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა IBSU-ს მედია ცენტრის სტუდიაში სატელევიზიო ჟურნალი ჩაწერეს, თემაზე “დაბრუნება”.  ისინი გადაცემაში საუბრობენ იმ სიახლეებზე, რაც უნივერსიტეტში იგეგმება და გამოწვევებზე, რომლებსაც სტუდენტები პირისპირ სწავლების გაგრძელების დროს გადააწყდნენ.  https://www.youtube.com/watch?v=O7I8t2Y281k&t=20s IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი: “სასტუდენტებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ხელი ძალიან შეგვიწყო და გამოწვევები მარტივად გადაგველახა. ორწლიანი შეფერხებების შემდეგ, გვინდა გაცვლითი პროგრამები განვაახლოთ”. IBSU-ს კანცლერი ექემ დინდეროლი: “IBSU-ს მედიაცენტრში სტუდენტებს აქვთ ყველა საჭირო საშუალება, იმისათვის, რომ სანამ დაამთავრებენ სწავლას და დასაქმდებიან რომელიმე მედიასაშუალებაში მათთვის მიკროფონთან და კამერასთან მუშაობა უცხო არ იყო”. IBSU-ს სტუდენტი ანი ეგაძე: “ჩემთვის უფრო ხარისხიანი და პროდუქტიული აღმოჩნდა აუდიტორიული სწავლება, ვინაიდან ონლაინ სწავლების დროს არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩავრთულიყავით პრაქტიკულ სამუშაოებში და გამოგვაყენებინა ის რესურსები, რასაც უნივერსიტეტი გვაძლევს”


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting