შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 17

პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების იდეად განათლების პროპაგანდას და დეოკუპაციას თვლის, პროფესიით ჟურნალისტია და მიაჩნია, რომ პოლიტიკაში მისი წარმატების ერთერთი ფორმულა სწორედ ჟურნალისტიკაა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეზე, თამარ ბელქანიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში განათლებისა და კულტურის საკითხებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სპორტსა და დეოკუპაციას კურირებს. პარალელურად კი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურის კვლევათა დოქტორია.   წლებია საზოგადოება გიცნობთ, როგორც ჟურნალისტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს. სიახლეები და ახალი გამოწვევები ყოველთვის თქვენი თანმდევია, გაიხსენეთ ის მომენტი, როცა საკუთარ თავს უთხარით, რომ პოლიტიკის დროა. დავიწყებ იმით, რომ ყოველთვის ვინტერესდები სტუდენტების პრობლემებით, ანუ რა უშლით მათ ხელს, რომ ეფექტურად ისწავლონ. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ერთი სტუდენტი ლექციებს აცდენდა,  გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან გამიკვირდა. მითხრა, რომ ის არის საოკუპაციო-გამყოფი ხაზიდან და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება შეუწყდა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე სწავლობენ. დავინტერესდი, რატომ შეწყდა დაფინანსება, რადგან ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია, მოცემულობა არ შეცვლილა. ჩავედი ფახულანში, ეს არის სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზზე, ურთულესი ადმინისტრაციული ერთეული, რადგან იქ 2008 წელს რუსის ჯარი იდგა და ადამიანები სერიოზული სტრესის ქვეშ ცხოვრობდნენ. როდესაც დავიწყე ამ ყველაფრის სიღრმისეულად კვლევა, გავიგე, რომ 2013 წელს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების სწავლის დაფინანსების შესახებ და 2019 წელს დაფინანსება შეწყდა. გავარკვიე, რომ ეს მექანიზმი კორუფციის წყაროდ იყო ქცეული. ეს იყო პირველი ბიძგი, რამაც მაფიქრებინა, რომ უფრო მეტი იყო გასაკეთებელი, ვიდრე მხოლოდ გადაცემის შექმნა და სამეცნიერო ცხოვრებაა. როდესაც შემოთავაზება მივიღე ,,ლელოდან“, მათ ვუთხარი, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა, თუ ეს პოლიტიკა არ მოიცავდა განათლების, დეოკუპაციის ფრაგმენტს და მათგან მივიღე სრული მხარდაჭერა, რომ სწორედ ის, რასაც ვაკეთებდი, მათთვის იქნებოდა საინტერესო. ასე აღმოვჩნდი პოლიტიკაში. მთელი ორწლიანი პოლიტიკური მუშაობის ფონზე, მთავარი ინიციატივები და პლატფორმა იყო განათლება, განათლების პროპაგანდა, განათლების მხარდაჭერა და დეოკუპაცია.   თვალს ვადევნებდი თქვენს საარჩევნო კამპანიას თვითმმართველობის არჩევნების დროს, თითქმის ყველა ადამიანს, ამომრჩეველს პირადად შეხვდით და არწმუნებდით, რომ ცვლილებების დროა და ამ პროცესში პოლიტიკოსების ხალხთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს როგორია მერის მოადგილისა და წალენჯიხელი ხალხის ურთიერთობა?   როდესაც ვიყავი კანდიდატი, 24-საათიან რეჟიმში ვხვდებოდი ადამიანებს, დილით 8 საათზე გავდიოდი და სადამდეც შემეძლო, კარდაკარ დავდიოდი. არ არის მარტივი, წახვიდე ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორმე მივსულიყავი ადამიანებამდე და მიმეტანა იდეა, რის გამოც არცთუ ისე პატარა ასაკში პოლიტიკაში ჩავერთე. ამ ადამიანებს ვეუბნებოდი, რომ მთავარი ჩემი მიზანი, რის გამოც დედაქალაქში მივატოვე ყველაფერი და წამოვედი წალენჯიხაში არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, მივიღოთ ისეთი განათლება, როგორიც ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას გამოადგება; გვაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღოთ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში; გვაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღოთ ბიუჯეტის დამტკიცებაში; გვაქვს უფლება, როგორც მოქალაქეებს, ყველაფერი ვიცოდეთ ჩვენ ირგვლივ, ჩვენ შესახებ, ის, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არაა სამშობიარო სახლი, ის, რომ მუნიციპალიტეტში 29 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 26 ათასი მუდმივად;  ქალებს აქვთ უფლება, არსებობდეს ისეთი ცენტრი, სადაც მივლენ და შეიმოწმებენ ჯანმრთელობას, არ არის რადიოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ქირურგი… ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ, იცხოვრონ, არ აქვთ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.  ამის გამო დავდიოდი კარდაკარ. სადღაც სამ თვეში 50-მდე ფეხსაცმელი გავცვითე და სამაგიეროდ შედეგიც მივიღე, დღეს ვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კოალიციურ მმართველობაში და ვარ მერის მოადგილე. წელიწადნახევრიანი პოლიტიკური აქტივობის ფონზე, მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ დიდი გამართლება და პასუხისმგებლობაა. როგორია თქვენი საქმიანობის ყოველდღიური რუტინა? დღის განმავლობაში კორესპონდენციას ვმართავ, შემოსულ წერილებზე რეაგირებას ვახდენ, ასევე, მოქალაქეებს ვხვდები, ვარ სოციალური კომისიის ხელმძღვანელი, სოციალური დაფინანსებები, სამედიცინო დახმარებები, სახელმწიფო პროგრამები განათლების, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის – ყველაფერი შედის მერის მეორე მოადგილის კომპეტენციაში. უფრო მეტი საქმეა, მეტი პასუხისმგებლობაა, რადგან ადამიანები მენდნენ და ხელისუფლებაში მომიყვანეს, ბუნებრივია, ეს ნდობა უნდა გავამართლო.   ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, ,,წალენჯიხა არის მოდელი – თუ როგორაა შესაძლებელი, რომ კოალიციური ხელისუფლება იდგეს ხალხის სამსახურში, რომ ხელისუფლება დავუბრუნოთ თავად ხალხს“. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში რამ გამოიწვია წალენჯიხის ასეთი განსაკუთრებულობა? არ იყო მარტივი, ხელისუფლება იყენებდა ყველა რესურსს და ამის ფონზე რაიმე შედეგის მიღწევა ფანტასტიკის სფეროდ ჩანდა. როდესაც წალენჯიხაში ჩავედი, ერთმანეთს შევხვდით ,,ნაციონალური მოძრაობის“, ,,ლელოს“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“, ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და შევთანხმდით, რომ ცალ-ცალკე გამარჯვება მთლიანობაში მარცხი იქნებოდა, ამიტომ თუ გავერთიანდებოდით, თუ ადამიანებს ვანახებდით პირველ პრეცედენტს, რომ რეალურად ვართ გაერთიანებული, ხალხს გაუჩნდებოდა იმედი, რომ ხელისუფლებაში ერთპარტიული დიქტატი დასრულდებოდა. მმართველობის კოალიციური სისტემა გამორიცხავს კორუფციულ სქემებს, ნეპოტიზმს, რადგან ყველა ერთმანეთის მაკონტროლებელია. გარდა ამისა, მივიღეთ წალენჯიხის თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს თვითმმართველობის გააქტიურებას, ორპალატიანი სისტემაა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ყველა პროცესში ერთვებიან. ამის გარდა, ბუნებრივია, დამეხმარა ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, რადგან ყველა აქტივობა, ყველა პრობლემა ონლაინრეჟიმში იყო ხალხისთვის ხელმისაწვდომი. წარმატების ერთერთ ფორმულად განვიხილავ სწორედ იმას, რომ ჩემი პროფესია ჟურნალისტიკაა.       ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 20 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ადგილობრივი დემოკრატიის კრიზისზეა საუბარი. საკრებულოების საქმიანობების ჩაშლა, ბიუჯეტით მანიპულირება, ოპონენტზებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები, რატომ არ სურს ხელისუფლებას თანამშრომლობა?   გაირკვა, რომ ხელისუფლებას მართვა მხოლოდ ერპარტიულ რეჟიმში შესძლებია. ზუგდიდის მაგალითი ავიღოთ, ზუგდიდის მერის ხელფასი არის 5600 ლარი და მან საახალწლოდ პრემია გამოიწერა, დაახლოებით, 11 ათას ლარამდე, იმ დროს, როდესაც ზუგდიდსაც საოკუპაციო ხაზი გააჩნია, განათლებაზე წვდომა დაბალია, სოციალური სიდუხჭირეა, ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. შეიძლება ასეთ რეალობაში შენი ხელფასი  რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის ბიუჯეტს აღემატებოდეს? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ბიუჯეტიც ჯიბეზე იყო მორგებული და მთავარი იდეა საკუთარი კომფორტის უზრუნველსაყოფად ერთპიროვნული მართველობის შენარჩუნება იყო. წალენჯიხის მერისთვის საწვავის ლიმიტად ერთი ტონა ფიქსირდებოდა, ჩართულიც რომ დატოვო ძრავი, თვეში ვერ დახარჯავ ამდენს, ანუ სად მიდიოდა? მათ ჯიბეში. თუმცა ხელისუფლებას თანამშრომლობა მაინც მოუწევს, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა.   „ოპოზიციური წალენჯიხა განათლების და კულტურის ცენტრად იქცევა“-განათლებაზე აქცენტი იყო თქვენი მთავარი მესიჯი საარჩევნო კამპანიისას, როგორ ხედავთ თქვენს კონკრეტულ როლს ამ პროცესში?   ძალიან სერიოზული პროექტები უკვე მოქმედებაშია. შეიქმნა წალენჯიხის მეგობართა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულები არიან ცნობილი და ფინანსურად წარმატებული ადამიანები, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე, თემურ ჭყონია, მამუკა ხაზარაძე. მათ ირწმუნეს, რომ წალენჯიხა შეიძლება, წარმატების მოდელი იყოს. ,,საქართველოს უნივერსიტეტმა“ წალენჯიხელ სტუდენტებს, რომელთაც სოციალური სიდუხჭირის გამო სტატუსი შეუწყდათ, ეს სტატუსი აღუდგინა. წალენჯიხაში იქნება ,,კემბრიჯის სკოლა“, ეს გულისხმობს ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე, მოზარდებისთვის.  სპორტის პედაგოგებისთვის, მწვრთნელებისთვის სასერტიფიკატო გადამზადება იგეგმება. ,,ფორმულა ჯგუფის“ მხარდაჭერით წალენჯიხის ცენტრში მდებარე ჭადრაკის სასახლის სრული რეაბილიტაცია და მედიაჰაბად გარდაქმნა მიმდინარეობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს კომპიუტერით, ულიმიტოდ გამოიყენოს ინტერნეტი და ისწავლოს. ,,ფორმულა ჯგუფის“ ინიციატივაა და 200 ათასი ლარია ჩადებული ქალაქ ჯვარის სტადიონის რეაბილიტაციაში. ასევე, მამუკა ხაზარაძის იდეაა, რომ სქურში სტუდენტური კემპინგი  ჩამოყალიბდეს. მისივე ინიციატივაა, რომ წალენჯიხაში აღდგეს დოღი და კავკასიის ჩემპიონატი ჩატარდეს სოლიდური პრიზით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საჯინიბოები, მათ შორის, აფხაზეთიდან. ეს იქნება გარკვეული ხიდი ჩვენსა და აფხაზებს შორის. თებრვლის ბოლოს იგეგმება წიგნის ოთხდღიანი ფესტივალი, აფხაზურენოვანი წიგნის პრეზენტაცია. იგეგმება მუსიკალური ცენტის, ჩრდილების თეატრის შექმნა. ოთარ ეგაძე აპირებს, რომ თეატრალური სარდაფი გააკეთოს. გამოიცემა უნიკალური  ალბომი ,,ტერენტი გრანელის უცნობი ჩანახატები“, რომელიც ჩვენი მერის, გიორგი

ქართული საზოგადოების  ფსიქოლოგიით დაინტერესება, შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ზურა მხეიძის დამსახურებაც არის.  როგორც მისი მსმენელები აღნიშნავენ, ის საუბრობს ყველასათვის გასაგებ, მარტივ ენაზე, რაც საშუალებას აძლევს მსმენელს, სიღრმისეულად ჩაწვდეს ყოველ სიტყვას და საჭიროებისამებრ ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოიყენოს ის თეორიული ცოდნა, რისი შეძენის საშუალებასაც ბატონი ზურა აძლევთ. მე თავადაც მისი აქტიური მსმენელი ვარ და არაერთი საკითხისთვის შემიხედავს ახლებურად მისი ლექციების მოსმენის შემდეგ. თუმცა, რამდენადაც საინტერესო იყო მისი ლექციები ჩემთვის, ყოველთვის ორმაგად უფრო საინტერესო იყო მისი პიროვნება, პირადი შეხედულებები. სწორედ ამიტომ, შევეცადე ამ ინტერვიუს საშუალებით მეც გამეცნო ბატონი ზურა და თქვენთვისაც გამეცნო ის არა როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი, არამედ როგორც პიროვნება.   – ბატონო ზურა, კარიერის დასაწყისში გიფიქრიათ, რომ მომავალში ასეთი წარმატებული იქნებოდით და ამდენ ადამიანს ექნებოდა თქვენი მოსმენის სურვილი? სიმართლე გითხრათ, არა. არც კარიერაზე მიფიქრია, საერთოდ, ასეთი მიზანი არც მქონია. ეს თავისთავად გამოვიდა. შემდეგ კი გავაანალიზე, რატომ და როგორ გამოვიდა, მაგრამ ამ ყველაფრისკენ სწრაფვა არ მქონია. ერთ-ერთ შეხვედრაზე კითხვა დასვეს, ასეთ წარმატებას როგორ მიაღწიეთო და სიმართლე გითხრათ, ვიფიქრე, რომ მე კი არა, ვიღაც სხვას ეკითხებოდნენ. თუმცა, როდესაც გავაანალიზე, რომ წინ მხოლოდ მე ვიჯექი და ეს კითხვა ჩემკენ იყო მომართული, აი, მაშინ დავფიქრდი ამ საკითხზე. – როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ლექციების მიმართ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი? პირველ რიგში, ვფიქრობ, იმან, რომ პროფესია, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში ავირჩიე, იმიტომ ავირჩიე, რომ ადამიანები მაინტერესებდა. ასე რომ, როდესაც ლექციას ვკითხულობ, მას არ ვაგებ მხოლოდ თეორიიდან გამომდინარე, ლექცია იგება პრობლემიდან გამომდინარე. ვგულისხმობ იმას, რომ რასაც ვსაუბრობ, ამ ყველაფერს ადამიანი ხედავს, ან განუცდია, ან გვერდით დაუნახავს, ან შეუმჩნევია და შემდეგ ისმენს, ასე ვთქვათ, რა ხდება ამ პროცესების მიმდინარეობისას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაცილებით ცოცხალია ლექციები, რადგან ისინი დაკავშირებულია ისეთ ფაქტებთან, რომლებიც ყველასათვის ნაცნობია, ძალიან ახლოა და ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, პროფესიული ტერმინების გამოყენება არაპროფესიონალებთან არაფერს იძლევა, გარდა იმისა, რომ შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს, რაღაც საფეხურით წინ ხარ მათზე. როდესაც რაღაც ტერმინს ამბობ, არ ნიშნავს, რომ მსმენელს ან ცოდნას აძლევ, ან რამეს უხსნი. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, რომ არ გამოვიყენო გაუგებარი ტექსტი, რომელიც ბუნდოვანებას ტოვებს მსმენელისთვის. ჩემი პრინციპი  ყოველთვის იყო, ყველა ლექციაზე გასაგებად მელაპარაკა და, როგორც ჩანს, საუბრის სტილიც ასეთი ჩამომიყალიბდა. ვფიქრობ, ეს იწვევს საზოგადოების ინტერესს ჩემი ლექციებისა და საუბრების მიმართ. – თქვენს წიგნზე  „სიყვარული, ტყუილი და თვითშეფასება ურთიერთობებში“  საუბრისას აღნიშნეთ, რომ წიგნის დაბადება აზროვნების აკადემიის დამსახურებაა. როგორ ფიქრობთ, რომ არა აზროვნების აკადემია, თქვენი ინიციატივით წიგნს გამოსცემდით? დიახ, ეს ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ასე მაქვს წარმოდგენილი – წიგნის დასაწერად რომ დაჯდე, უნდა გქონდეს დრო, კარგი ხედი, აი, დილით რომ ადგებით, ყავას დალევთ და დაიწყებთ წერას. მე ეს ხაზი იმდენად მაქვს წარმოდგენილი, რომ, აი, მაშინ უნდა დავიწყო წერა, – ეს მომენტი ვერასდროს დადგა ჩემს ცხოვრებაში. ამის დრო, უბრალოდ, არ მაქვს. ამიტომ აზროვნების აკადემიამ იზრუნა ამაზე, ლექციები გააერთიანა და გადაიტანა წერილობით ფორმატში. რაც შეეხება სათაურს, ეს ჩემი შვილის შემოქმედებაა, ეს არის სხვადასხვა ლექციის სათაურების გაერთიანება, რომელიც ისეა შეკრული, თითქოს, ერთიან საკითხს განიხილავს. ასე რომ, ჩემს შვილს ამ კუთხით საჭირო მონაცემები აღმოაჩნდა. – როგორც ვიცი, თქვენი შვილი თქვენს პროფესიულ კვალს მიჰყვება. ხშირად მშობლებს, საკუთარი პროფესიის სირთულიდან გამომდინარე, არ სურთ, შვილებმა იგივე მიმართულება აირჩიონ. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ? მე არცერთი შვილის მიმართ არანაირი თხოვნა თუ მოთხოვნა არ მქონია. სტუდენტებსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ ნუ ისწავლით ნიშნებისთვის. იმიტომ, რომ ეს სხვა ფსიქოლოგიას გიყალიბებს. როდესაც ქულაზე ხარ კონცენტრირებული, მთელი ცხოვრება ორიენტირებული იქნები შენი უფროსის შეფასებებზე. უფროსი კი, ღმერთმა იცის, ვინ აღმოჩნდება. ასე რომ, ჩემმა შვილებმა პროფესიები თავად აირჩიეს .ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ არ ვიცი პროფესია, რომელიც უინტერესოა. ერთადერთი რასაც ვეუბნები სტუდენტებსაც, არის ის, რომ რაღაცას როცა აკეთებ, ისე რა არ იყო, ისე რა სპეციალისტი, ისე რა მეგობარი და ა.შ. ზუსტად „ისე რა“-ები იცვლებიან. ამიტომ, თუ მოკიდე ხელი პროფესიას, ბოლომდე უნდა მიჰყვე და გახდე მაგარი. პროფესიაონალი არასდროს რჩება სამსახურის გარეშე, ასე რომ, პროფესია პირველ რიგში უნდა გაინტერესებდეთ. – თქვენი საქმიანობის რა ნაწილია თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო? ჩემთვის სასიამოვნოა კვლევის ჩატარების პროცესი, როდესაც სოციოლოგიურ კვლევას ვატარებ და მაქვს დაკვირვების საშუალება. რაც შეეხება კონსულტაციას და ადამიანებთან ურთიერთობას, ყველაზე ძვირფასი არის ის, რომ როდესაც ვიღაცას ეხმარები და გადის დიდი დრო, მაგალითად, ერთი წელი, იღებ წერილს, რომელშიც წერია, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში და დღეს კარგად არის. რატომ აქვს მნიშვნელობა, რომ წერილს ერთი წლის შემდეგ იღებ? იმიტომ, რომ  როდესაც ადამიანს ერთი წლის შემდეგ გაახსენდება ის, რაც  გაიარეთ და გწერთ ამ ეტაპის შემდეგ რა შეიცვალა კარგისკენ მის ცხოვრებაში, ეს ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. – ვინ ან რა არის თქვენთვის მოტივაციის წყარო? რაც ბავშვობიდან გვაქვს, ეს არის ცნობისმოყვარეობა და მასში ჩახედვა. ჩემთვის მოტივაციის წყაროც არის ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, განსაკუთრებით, ადამიანის ქცევის მიმართ. ფსიქოლოგიისადმი ინტერესიც აქედან გამიჩნდა. – ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნეთ, რომ ფსიქოლოგიით ჯერ კიდევ მერვე კლასიდან დაინტერესდით. როგორ ფიქრობთ, რომ არა ეს მიმართულება, რა პროფესიის შეიძლებოდა ყოფილიყო ზურა მხეიძე? სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ბავშვობიდან მაინტერესებდა დეტექტივები, რომელშიც არის დედუქციური და ინდუქციური მეთოდი. რაღაცას რომ მიხვდე, ადამიანის ქცევა უნდა გააანალიზო. ჩემზე უფროსმა ადამიანმა მირჩია, ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ბედი ფსიქოლოგიაში მეცადა და იმ დროიდან ამ პროფესიით ვარ დაინტერესებული. – როგორც ვიცი, თქვენი სპეციალობა არის სოციალური ფსიქოლოგია. რამდენად გეხმარებათ, ან ხელს გიშლით პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები პირად ურთიერთობებში? სოციალური ფსიქოლოგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის ურთიერთობების ფსიქოლოგია. ამის ცოდნა ხელს კი არ გვიშლის, არამედ, პირიქით, გვეხმარება ურთიერთობებში. იცით კანონზომიერებები, მეტად გესმით მეორე მხარის, სხვანაირი შეფასებები გაქვთ. სხვანაირი იმიტომ კი არა, რომ განსხვავებული ადამიანი ხართ, უბრალოდ, თქვენ იცით, მეორე მხარე რას ეყრდნობა, რას მსჯელობს, რა არის ამის საფუძველი და ემოციური ინტელექტიც უფრო მაღალია. ყველა ურთიერთობაში, როდესაც შენ იცი მეორე მხარის ლოგიკა, ღირებულებები, გაცილებით კომფორტულად გამოგდის ურთიერთობა. მე თუ მინდა, რომ თქვენთან ურთიერთობაში ვიყო, კეთილი უნდა ვინებო და ვიცოდე, რა გაწუხებთ, რა გტკივათ. ეს, რა თქმა უნდა, ორმხრივი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში გამოდის ურთიერთობა ჰარმონიული. – საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის ფარგლებში აღნიშნეთ, რომ კომუნიკაციის ფსიქოლოგია წარმოადგენს ძალიან დიდ ძალას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე. ადამიანის როგორი ქცევაა თქვენთვის არასასიამოვნო, მიუღებელი? ადამიანის მიმართ მიუღებლობა არ მქონია, სიმართლე გითხრათ. თუმცა, ჩემთვის არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანი მსჯელობის გარეშე მესაუბრება. ვგულისხმობ იმას, რომ საუბრისას საკუთარი აზრის გასამყარებლად, არგუმენტად მოაქვს ისეთი (უცხოურ ტერმინს გამოვიყენებ) „ტრენდული“ ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, „21-ე საუკუნეა“. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერ მოსაზრებას მივიღებ, რომელიც არის ჩემი მოსაზრებისგან განსხვავებული და სრულიად შევცვლი ჩემს მოსაზრებებს, თუ თქვენ მაჩვენებთ ლოგიკურ მსჯელობას და ლოგიკურ არგუმენტებს. – თქვენ გადაცემაში „რა დროს ძილია“ აღნიშნეთ, რომ სიყვარული სოციალური ფენომენია და მას სწავლა სჭირდება. თქვენთვის რამდენად რთული აღმოჩნდა ამ ფენომენის სწავლის პროცესი? ეს

თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მედეა იმერლიშვილის ნამუშევრების გამოფენას, სახელწოდებით, „ქალაქი – იდუმალი ნიშნების ადგილი”. მუზეუმში გამოფენილ ნამუშევრებს, მხატვარი და პოეტი, მედეა იმერლიშვილი, წიგნად წარმოდგენილ ქალაქს უწოდებს და მას ნახატებისა და ლექსების მთავარ პერსონაჟად მოიაზრებს. „ქალაქი – პერსონაჟი. ქალაქი – ამბავი. ქალაქი, როგორც ნაბიჯების ხმა” – ასე ახასიათებს საკუთარ იდეას და თვლის, რომ თითოეულ ნამუშევარში შეიძლება სიმბოლოების ამოკითხვა –  გახუნებულ კედლებში, ალაყაფის კარში, აივნებში, ფილაქანში, საკვამურში.   „თუ ამ სივრცეს, რომელშიც ამჟამად იმყოფებით, წარმოიდგენთ წიგნად, რომელიც თქვენ წინ იშლება, მიხვდებით, რომ მისი მთავარი პერსონაჟი – ქალაქია, ყველაფერი მის ირგვლივ იყრის თავს და ყველაფერი, რაც ხდება, მას მიემართება. ყველა ნახატი, რომელსაც აქ ხედავთ, შეიძლება ამ წიგნის ერთი თავი იყოს. სახლები ამ ნახატებზე, ასევე მოგვევლინებიან პერსონაჟებად. წიგნს არ აქვს კონკრეტული დასაწყისი და დასასრული. მისი კითხვა ნებისმიერი თავიდან შეიძლება დაიწყოთ და ის არასდროს დასრულდება, ისევე როგორც, შეუძლებელია მოგზაურობის დასრულება ქალაქში და ფიქრი, რომ ის ერთხელ და საბოლოოდ წაიკითხეთ“ – მედეა იმერლიშვილი. დამთვალიერებელს შემოქმედებითი ნიმუშების ნახვა 17 აპრილის ჩათვლით შეეძლება.                 ავტორი: ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

  23 წლის ბატუტზე მხტომელი თეონა ჯანჯღავა   ევროპის, საერთაშორისო და საქართველოს ჩემპიონატების აქტიური მონაწილეა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს სოფიაში 15-16-წლიანთა სინქრონულ ხტომებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლიცენზია მოიპოვა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის ნებართვა მიიღო. „ამ გამარჯვებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს არის ადგილი სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ. სპორტი ჩემს ცხოვრებაში ხუთი წლიდან არსებობს. თავიდან ეს ყვლაფერი თითქოს გართობა იყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემს პროფესიად უნდა მექცია“. ყოველდღე, დღეში 4 საათს ვარჯიშობს. როდესაც შეჯიბრისთვის ემზადება დილიდან საღამომდე დარბაზში ყოფნა უწევს. ყოფილა მომენტები, როდესაც ტრავმის გამო 2-3 თვე არ უვარჯიშია, რაც მისი თქმით, სპორტსმენისთვის ჩვეული მდგომარეობაა. „ტრავმები ყველა სპორტში აქტუალური პრობლემაა.  შეჯიბრებებზე ბატუტის ყველა კუთხეში ხალხი დგას, რომელიც გადავარდნის შემთხვევაში დაგიჭერს და საფრთხეს აგარიდებს, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ამართლებს“.  თეონა ჯანჯღავა ასევე აღნიშნავს, რომ „ბატუტზე ხტომა“ ერთ-ერთი ურთულესი, მაგრამ ამავდროულად ულამაზესი სპორტია, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება. პანდემიის გამო ტანვარჯიშის არენა რამდენჯერმე დაიკეტა. სპორტსმენების უმრავლესობა სახლში დამოუკიდებლად ვარჯიშობდა, რადგან მათი ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ეს იყო. „კორონავირუსმა ძალიან იმოქმედა ჩემს სპორტულ კარიერაზე. ჩვენი დარბაზი პანდემიის პერიოდში სამჯერ დაიკეტა. ძალიან ბევრი ჩავარდნა მქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვცდილობდი, რომ სახლში აქტიურად მევარჯიშა“. ახლა თეონა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მაისის თვეშია დაგეგმილი.  „ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემი ასპარეზობაც წარმატებით დასრულდება“.   ავტორი: მარიამ ეგაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი      

ანასტასია ლელაძე ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლეა, რომელიც წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების განხრით 95% დაფინანსებით ჩაირიცხა. იგი ამ მნიშვნელოვან მოვლენასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და განვლილ გზაზე საკუთარ ემოციებსაც გვიზიარებს. ანასტასიას თქმით, ამერიკული და ქართული განათლების სისტემები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, სწორედ ამიტომ მომზადების პერიოდი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. „მთელი გათვლა არის იმ უნარებზე, რომელიც ამერიკულ სკოლებში თორმეტი წლის განმავლობაში ყალიბდება. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკადემიურ მხარესთან ერთად ამაზეც მოგვიწია მუშაობა.“ აღსანიშნავია, რომ ჰარვარდში,  ბაკალავრიატის საფეხურზე მოხვედრა ძალიან რთულია, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია. „უმაღლესი განათლების ზედა საფეხურებზე, როგორიცაა მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ნაკლები კონკურენციაა და მეტი შანსია მოხვედრის. ბაკალავრიატზე კი შედარებით რთულია. თავიდანაც, რომ დავიწყეთ ეს საქმე ცოტა წარმოუდგენელი იყო. ჯერ ბაკალავრიატზე და მერე ჰარვარდში აპლიკაციის გაგზავნა. კომპეტენტური ადამიანებიც კი მეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაბალი იყო მოხვედრის შანსი. სანამ შედეგები ცნობილი გახდებოდა, ცოტა იმედიც გადამეწურა. ახლაც არ მჯერა, რომ ეს საქმე გამოვიდა.“ – ამბობს ანასტასია. ანასტასია ლელაძე აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა მსგავს საკითხებზე მუშაობის გამოცდილებისა და რესურსების ნაკლებობა იყო. სწორედ ამ თვალსაზრისით დაიკარგა ყველაზე მეტი დრო და ენერგია. სურს, მიღებული ცოდნა სხვა ბავშვებსაც გაუზიაროს და მიზნების ასრულებაში დაეხმაროს. „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უნდა ვთქვა, რომ ეს პრობლემა აღარ ექნებათ მომავალ თაობებს. ჩვენს სკოლაში გვინდა შევქმნათ კარიერული განვითარების კლუბი, სადაც დეტალურად მივყვებით სააპლიკაციო პროცესს და ყველა ბავშვს დავეხმარებით ინდივიდუალურად. ეს იქნება ძალიან კარგი რესურსი. მთავარია, მოსწავლემ გადაწყვიტოს, რომ უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა და დანარჩენში ჩვენ დავეხმარებით, რადგან ვიცით რამდენად რთულია ეს ყველაფერი.“ როგორც ანასტასია გვიამბობს, ამ წარმატებაში ყველაზე დიდი როლი მის სკოლასა და მასწავლებლებს მიუძღვით. არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც. „ფსიქოლოგიურად ეს პროცესი არ ყოფილა მარტივი. ხშირად მქონდა მომენტი, როცა უკვე აღარ მინდოდა გაგრძელება, როცა საკუთარ თავში ძალას ეძებ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სწორედ, ასეთ დროს მასწავლებლები მედგნენ გვერდით. ამ საქმეში ჩართული იყო მთელი ჩემი სკოლა და როდესაც ვიაზრებდი, რომ არ ვიყავი მარტო ეს იყო ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის, რომ ბოლომდე მიმეყვანა საქმე.“ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მათემატიკის მასწავლებელმა, მურათ ულუირმაქმა ურჩია და სწორედ ის დაეხმარა საგამოცდო სამზადისში. „მახსოვს, მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც მურათ მასწავლებელმა მათემატიკის გაკვეთილიდან გამიყვანა და ეს იდეა გამაცნო. როდესაც, გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა, სწორედ, ამ დროს დაიწყო პანდემიაც. ამიტომ დავიწყეთ ონლაინ მზადება გამოცდებისთვის.“ ანასტასია თანატოლებს მრავალმხრივ განვითარებას ურჩევს, რაც წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პოლიტიკური მეცნიერებების კარგად შესწავლის გარდა მას სკოლის პერიოდში კლასგარეშე აქტივობებით მიღებული ცოდნაც დაეხმარა. „სკოლაში აკადემიური სწავლების გარდა, წახალისებულია კლასგარეშე აქტივობებიც, რადგან სწორედ ეს აყალიბებს პიროვნებას. აღმოაჩინეთ რა გაინტერესებთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი ღირებულებები. განვითარდით ყველანაირად, რადგან აპლიკაციის შეფასების პროცესშიც დიდი ყურადღება ექცევა თავად პიროვნებას.“     ავტორები: ანა ჩალაშვილი და დავით მათიაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ზაპოროჟიედან და მარიუპოლიდან ომის დაწყებამდე ჩამოსული უკრაინელები. ისინი, ცნობილი მიზეზების გამო, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. თუმცა, მათ იპოვეს ძალა, რომ ქართველი ხალხისთვის წარმოდგენა შეეთავაზებინათ და თავიანთი განცდები გაეზიარებინათ. “არაერთი შემოქმედებითი აქცია გამართულა, მაგრამ დღეს, რასაც ვესწრები, განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს სხვაგვარი მხარდაჭერაა. მინდოდა, აქ მოსვლით, ჩემი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამომეხატა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჩვენთვისაც იბრძვიან”, – აღნიშნა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მემანიშვილმა. დამსწრეებმა მოისმინეს მუსიკალური ნომრები ეროვნულ სამოსში გამოწყობილი უკრაინელი ბავშვების შესრულებით, გაიყიდა სუვენირები, სამახსოვრო ნივთები უკრაინის დროშის ფერებში. ორგანიზატორების თქმით, ნივთები საქველმოქმედო საღამოს შემდეგ კვლავაც გაიყიდება და შეგროვებული თანხა გაიგზავნება უკრაინაში, მედიკამენტების შეძენის მიზნით.                                            ავტორი: ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

ბოლო წლების განმავლობაში სოციალური მედიის გამოყენების სიხშირე იზრდება. აშკარაა, რომ ადამიანების გემოვნებაში ცვლილებებია, ფაქტობრივად, ისინი აღარ უყურებენ ტელევიზორს და მთელ დღეს სოციალური ქსელის გამოყენებას უთმობენ. დამეთანხმებით, რომ ძალზე კომფორტულია, თითოეული ჩვენგანის სიახლოვესაა, ადვილად შეგვიძლია წვდომა, თუმცა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას  სერიოზულად აზიანებს.  მარიამ წიქარაძე აბიტურიენტია, 18 წლისაა და  ინსტაგრამის ხშირი მომხმარებელია, ღამეებსაც ათენებს ტიკტოკების გადაღებაში და იმ დოზის გამოსხივება მიიღო, რომ დღეს ის სათვალეს ატარებს: ,,თვალებში მხედველობა დამაკლდა, რა წამალს არ ვყიდულობ, საკმაოდ დიდი ხარჯია და არ მიფინანსდება მედიკამენტები, ექიმი მაიმედებს და მეუბნება, რომ რამდენიმე წელში მოვიხსნი სათვალეს, ყველას ვურჩევ, რომ თავი დაანებოს სოციალური ქსელების ხშირ გამოყენებას, მხოლოდ საქმისთვის’’, – ამბობს მარიამი. მანუჩარ ლაფერაშვილი მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელიც საკმაოდ გაზაარმაცა სოციალური ქსელების გამოყენებამ და სკოლაში მედლის მოპოვების შესაძლებლობა დაკარგა: ,,ძალიან დიდ დროს ვატარებ ფბ-ზე, ინსტაგრამზე და სწავლაზე ხელი ჩავიქნიე, გული მწყდება, დამოკიდებული რომ გავხდი, მედალიც დავკარგე, ვეღარ ვარ ჩართული სასწავლო პროცესში და ჩემზე ქულებზე აისახა ეს ყველაფერი’’, – ამბობს მანუჩარი, რომელიც თავს ებრძვის, რომ წარმატების მიღწევაში ხელი აღარ შეუშალოს სოციალურმა ქსელებმა. ნათია მჭედლიშვილი 3 შვილის დედაა და დროს სოციალურ ქსელებს მაინც უთმობს: ,,ხანდახან ყოფილა შემთხვევა, ისე გავუტაცებივარ ფბ-ს, ბავშვს რომ გაუღვიძებია, ვერ გამიგია, სასაცილოა, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა, ახლა მეტ ყურადღებას ვუთმობ საკუთარ შვილებს“, – ამბობს ნათია, რომელმაც გადალახა ეს პრობლემა. სოციალური მედიით აქტიურად სარგებლობს ადამიანი, რომელიც ხშირად პოსტავს ვიდეორგოლებს, სურათებს, აახლებს სტატუსს, ეხმაურება სხვებს კომენტარებით ან განათავსებს პოსტებს. მას თან ახლავს შთაბეჭდილების მოხდენაზე დამთრგუნველი ზრუნვა, რომელსაც საფუძვლად სხვებისგან აღიარების და აღფრთოვანების ძიება უდევს. ფსიქოლოგიაში ამას „გარემოზე დამოკიდებული აღიარების“ ძიებას უწოდებენ. ურბანული სლენგი კი ამას „ლაიქების დევნას“ უწოდებს. უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ სხეულისა და ფსიქიკის ჯანმრთელობა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება უარყოფითად აისახება სხეულის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ერთ – ერთმა კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ სოციალური მედიის გამოყენება (განსაკურებით, ძილის წინ) უარყოფითად აისახება ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. ეს კი შემაშფოთებელია, რადგან კარგი ძილი სხეულსა და ტვინს დასვენებისა და განახლების საშუალებას აძლევს. მართლაც, ძილის მოუწესრიგებლობა გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ – ერთი წინაპირობაა. ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ თვალებისთვის დამაზიანებელია მუდმივი გამოსხივება და ეკრანის ყურება. ადამიანებთან პირისპირ მიმდინარე ურთიერთობა გვიცავს დეპრესიის, შფოთვისა და სხვა ფსიქიკური მდგომარეობებისაგან. ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა გაცილებით უკეთესია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე – ონლაინ სოციალური აქტივობა. სოციალური მედიით სარგებლობის ჩვევამ შესაძლოა აღკვეთოს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: სეირნობა, პირისპირ კომუნიკაცია და ა. შ. მაგალითად, ერთ – ერთი კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იშვიათად თუ იყენებენ სოციალურ მედიას, სამჯერ უფრო ნაკლებად გრძნობენ თავს დათრგუნულად, ვიდრე ადამიანები, – რომლებიც სოციალურ მედიას მეტისმეტად ხშირად იყენებენ. სხვა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალური მედიით ორ საათზე მეტხანს სარგებლობდნენ, გაცილებით ხშირად აფასებდნენ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც „არადამაკმაყოფილებელს,“ ვიდრე – ადამიანები, რომლებიც ორ საათზე ნაკლებს ატარებდნენ სოციალური მედიის სივრცეში. მნიშვნელოვანია ერთ – ერთი ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები,  რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ნახევარ-საათს ატარებდნენ სოციალურ მედიაში, დეპრესიისა და შფოთვისათვის დამახასიათებელი გაცილებით ნაკლები სიმპტომი უვლინდებოდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში შემავალ ადამიანებს.      გასულ წელს მსოფლიოში უმსხვილსემა ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურმა გამოცემამ ,,The American Journal of Psychiatry” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ფსიქიატრიამ აუცილებლად ცნო ინტერნეტმიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი. დღეს მსოფლიოში ინტერნეტ–მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებეთა 2–10%, თითქოს ეს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ ამ ადამიანებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან დიდია სიკვდილიანობის რისკი. ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია  ათასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკის ჯგუფს მასში შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%. ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან საათობით სხედან კომპიუტერთან, ყოველდღიურად უფრო მეტ და მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან, თუ შევეკითხებით ნებისმიერ ადამიანს თუ რატომ სარგებლობს ინტერნეტით, იგი ბევრ სხვადასხვგვარ პასუხს გაგვცემს: უყურებს ფილმებს, ურთიერთობს მეგობრებთან, პოულობს საჭირო ინფორმაციას და ა.შ. ანუ იკმაყოფილებს მის რომელიმე მოთხოვნილებას, დავიწყებას მიეცეს, მოსწყდეს რეალობას. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. იმეორებს მუდმივად, შემდეგ კი ეჩვევა, ეჩვევა ისე რომ საჭმლის მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც. დროთა განმავლობაში კი ეს ყოველივე ანგრევს მის ცხოვრებას.     ფსიქოლოგი, მარიამ შოვნაძე, მიიჩნევს, რომ „არსებობს სოციალურ ქსელზე, ონლაინრეჟიმზე დამოკიდებულების, პირადი ინფორმაციის გავრცელების, კიბერბულინგის რისკები და მრავალი სხვა. უფრო ვრცლად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები: ემოციური მიჯაჭვულობა, რეალური სამყაროდან მოწყვეტა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, პირადი ინფორმაციის უცხოპირებისთვის ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა მოზარდები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას უპირობოდ იღებენ, ემოციების გამოხატვისთვის არჩევენ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლოებს, თვითშეფასება პირდაპირ უკავშირდება ე.წ. ფრენდების „ლაიქებზე“, – ამბობოს ფსიქოლოგი მარიამი, რომელიც 5 წელია მუშაობს სოციალური ქსელების გავლენებეზე. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სრულად თავშეკავება გაცვეთილი და არაფრისმომცემი რჩევა იქნებოდა, რადგან ბევრი ადამიანი ციფრულ მოწყობილობებს ბიზნესის მართვის, საგანმანათლებლო და საოჯახო მიზნებისთვის იყენებს. ამის ნაცვლად, ქვემოთ მოცემულია სამი ნაბიჯი, რომლებიც სოციალური მედიის თქვენ სასარგებლოდ გამოყენებაში დაგეხმარებათ. პირველი ნაბიჯი დროს უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანი არჩევს, სოციალური მედიისა და ციფრული მოწყობილობების გამოყენებისგან დღის განსაზღვრულ ნაწილში ან კვირის კონკრეტული დღის განმავლობაში შეიკავოს თავი. ეს, მაგალითად, შეიძლება გულისხმობდეს ღამის 9 საათის შემდეგ ან კვირა დღეს სოციალური მედიის გამოყენებაზე უარის თქმას. ასეთი სტრატეგია დასვენებასა და ძილის გაუმჯობესებაში გვეხმარება და შეგვიძლია, ჩვენს ინდივიდუალურ თავისებურებებს შევუსაბამოთ. მეორე ნაბიჯი სივრცეს უკავშირდება. ზოგიერთი ბრიტანული ლუდის ბარი „სივრცე ტელეფონების, ლეპტოპების და პლანშეტების გარეშე“ მიდგომას ნერგავს იმისათვის, რომ ადამიანებს შორის პირისპირ ურთიერთობას შეუწყოს ხელი. ზოგიერთი ადამიანი აწესებს სოციალური მედიისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებისაგან თავისუფალ სივრცეებს. მაგალითად, ისინი თავს არიდებენ საძინებელ და სასადილო ოთახებში სოციალური მედიის სივრცით სარგებლობას. ამ მიდგომის შეცვლა ინდივიდუალური თავისებურებებისამებრ შესაძლებელია. მესამე საფეხური ალტერნატივებს ეხება. ბევრი ადამიანი სოციალურ მედიასა და ციფრულ მოწყობილობებს სოციალური ვაკუუმის შევსებისთვის იყენებს. ციფრული სამყაროსგან გათავისუფლება სხვა აქტივობებისთვის დროის გამოყოფის საშუალებასაც მოგცემთ, რომლებიც უკეთ შეავსებს ვაკუუმს. თქვენ შეგიძლიათ, იმ აქტივობების ჩამონათვალიც შეადგინოთ, რომლითაც შეავსებთ გათავისუფლებულ დროს. ასეთი აქტივობები შეიძლება იყოს ძველი ინტერესები, გატაცებები ან მოხალისეობა. (აზროვნების აკადემია) და ბოლოს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ – სასურველი ინტერნეტი მხოლოდ აუცილებელი  საქმისთვის გამოვიყენოთ, გასართობად შევიდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საქმეები მოგვარებულია,მკაცრად ვაკონტროლოთ ინტერნეტში ,,სეირნობის“ დრო, ერთი საათი ან საათ-ნახევარი საკმარისია საღამოს.  სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობა ბევრად სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის. ფოტოს წყარო    ავტორი: ავთანდილ ზარნაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა 26-27 მარტს ჩანიშნული სპექტაკლები უკრაინას მიუძღვნა. მათ შორის იყო „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“, რომლის პრემიერა, ლუკას ჰნათის პიესის მიხედვითა და თომა ათანელიშვილის რეჟისურით,  გასული წლის ზაფხულში, 17-18 ივნისს გაიმართა და დღესაც მაყურებლის დიდი ინტერესით სარგებლობს. მთავარი როლის შემსრულებელი, ლიკა კევლიშვილი უკრაინაში, ნიკოლაევის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ყოფნის პერიოდს იხსენებს, საიდანაც გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი სამ ნომინაციაში გამარჯვებული დაბრუნდა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – ქეთი ლუარსაბიშვილი საუკეთესო მსახიობი ქალი – ლიკა კევლიშვილი საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი – რეჟისორი, დავით ჩხარტიშვილი, სპექტაკლით „შეცვალე“ „დღევანდელი სპექტაკლი, „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ მიეძღვნა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. შარშან, შემოდგომით ვიყავით უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში, თეატრალურ ფესტივალზე, საკმაოდ სერიოზული ფესტივალი იყო, სამი პრიზი ჩამოვიტანეთ. უკრაინელები სასწაული ადამიანები არიან, თბილები, მოსიყვარულეები და ყურადღებიანები, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ძალიან მტკივა გული დღევანდელი ვითარების გამო. ჩვენ ვწერთ ხოლმე ერთმანეთს სოციალურ ქსელში, მიხარია, რომ ინტერნეტი მაინც აქვთ და ვიგებთ მათ ამბებს. ისინი თითქმის სულ თეატრში არიან, კერავენ დროშებს, აკეთებენ ბარიკადებისთვის საჭირო საშუალებებს. ძალიან მინდა ეს ომი მალე დასრულდეს და რა თქმა უნდა, დასრულდეს ჩვენი მეგობარი უკრაინის გამარჯვებით, დიდება უკრაინას!“ – ამბობს მსახიობი. “თოჯონების სახლი 15 წლის შემდეგ” ჰენრიკ იბსენის “თოჯინების სახლის” თანამედროვე ავტორისეული გაგრძელებაა. სპექტაკლში სიუჟეტი მას შემდეგ ვითარდება, რაც მთავარი გმირი – ნორა ჰელმერი (ლიკა კევლიშვილი) 15 წლის შემდეგ სახლში ბრუნდება, რათა ყოფილ ქმარს ოფიციალურ გაშორებაზე განაცხადი შეატანინოს სასამართლოში. ნორა წარმატებული მწერალი, დამოუკიდებელი ქალია, რომელიც ქალებსა და იმ სირთულეებზე წერს, რომლებსაც ქორწინებაში მყოფი ქალები აწყდებიან. სპექტაკლი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ხვდებიან ნორას დაბრუნებასა და მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას, ქმარი ტორვალდი, (კახა ბერიძე) მათი ქალიშვილი ემი (ნანუკი მაკრახიძე) და მოსამსახურე ანა-მარია, (მარი არღუთაშვილი) რომელმაც ნორას წასვლის შემდეგ მისი სამი შვილი გაზარდა. ავტორი: გვანცა გოგიაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი    

თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. კანდიდატურა ორმა გუნდმა წამოაყენა. მოქმედი თვითმართველობის გუნდიდან კენჭს იყრის ლიკა ლოლომაძე, ოპონენტ გუნდს კი წარმოადგენს საბა ჩიტორელიძე. საორიენტაციო შეხვედრაზე ორივე გუნდი, თავიანთი დელეგატებით, გაეცნო სტუდენტებს. „ჯგუფებს შორის შეხვედრაზე იგრძნობოდა დაძაბულობა. ახალ ჯგუფს აკლდა გამოცდილება, მაგრამ ვფიქრობ შანსს იმსახურებენ. აუდიტორიას საინტერესო კითხვები ჰქონდა, მათმა კითხვებმა მართლაც ძალიან დამაფიქრა,“ ამბობს პირველკურსელი თეა კალანდარიშვილი. გუნდებმა წარმოადგინეს საარჩევნო კამპანია, მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. ისინი მიზნად ისახავენ უნივერსიტეტის განვითარებასა და სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი ივენთით სტუდენტური ცხოვრების გალამაზებას. „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით, რადგან ვთვლი რომ ზუსტად შევძელით ჩვენი სათქმელის აუდიტორიისთვის მიწოდება,“ აღნიშნავს თვითმართველობის მოქმედი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი ლიკა ლოლომაძე. „თითოეულმა კანდიდატმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას!“ ოპონენტი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი საბა ჩიტორელიძე. თვითმართველობის არჩევნები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 4 აპრილს ჩატარდება.   ავტორი: თამარ ჩხიკვაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.

ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფი 17-წლიანი გამოცდილებით. გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ომში ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ლელის თქმით, ომში ფოტორეპორტიორობა მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მზაობას. ამასთან მნიშვნელოვანია იყოთ კარგად ინფორმირებული, ზოგადი სიტუაციის შესახებ. „არ უნდა დაზიანდეთ. უნდა გეცვათ შესაბამისად, გამოიყენეთ ბრონის ჟილეტი. წაიღეთ ნაკლები ეკიპირება. უნდა იცოდეთ წესები, თუ არ იცით ჰკითხეთ უფრო გამოცდილს. არ შეიძლება საზღვრების გადაკვეთა“.  აქვე, გვაფრთხილებს, რომ ფოტორეპორტიორებს ხშირად უწევთ სირბილი და სწრაფი გადაადგილება.  2008 წლის ომის გადაღება მისთვისაც პირველი გამოცდილება იყო, რომელმაც შემდგომში ფსიქოლოგიური და ემოციური გართულებები გამოიწვია. „ჩემთვის, პირადად, რთული იყო. ჩემს თავზე ზრუნვასაც არ ვგრძნობდი. იმდენად შოკისმომგვრელი გარემოა, რომ მაგის დრო არ გაქვს. ფიზიკურადაც და ემოციურადაც ცუდად ვიყავი. თბილისში დაბრუნებისას დამჭირდა ფსიქოლოგიური დახმარებაც. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი სამი დღე, მქონდა შიში, კანკალი. იმის გააზრება თუ სად ვიყავი უფრო საშიში იყო, ვიდრე იქ, იმ მომენტში ყოფნა.“ ფოტორეპორტიორები საგანგებო სიტუაციებში მუშაობის დროს ხშირად აწყდებიან ეთიკურ დილემებს და საზოგადოებისგან განკიცხვის ობიექტებიც ხდებიან. ამის ცნობილი მაგალითია 1993 წელს სუდანში გადაღებული ფოტო „გოგონა და სვავი“. ფოტორეპორტიორმა, კევინ კარტერტმა გადაიღო კადრი, რომელშიც გამოსახული იყო შიმშილისგან მომაკვდინებელი გოგონა და მის გვერდზე მჯდარი სვავი. კარტერმა ამ კადრისთვის უმაღლესი ჯილდო, პულიტცერის პრემია მიიღო, თუმცა საზოგადოებამ იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა გულგრილობის გამო. ლელი ბლაგონრავოვას თქმით, სამხედრო კონფლიქტის გადაღებისას ფოტორეპორტიორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ნებისმიერი ზიანის მქონე ადამიანების დახმარების დროს, რადგან შესაბამისი განათლება არ აქვთ. „ჩვენ არ ვართ ექიმები და ჩვენი საქმეა გადავიღოთ. როდესაც ხედავ დაჭრილს, მასთან მისვლა ნიშნავს ამ ადამიანის დაიმედებას, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია. ვერ შევაფასებთ რა დაზიანება აქვს ადამიანს, რომ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და შეიძლება უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად გავლილი უნდა გვქონდეს პირველადი დახმარების ტრენინგი.“  ფოტოგრაფსა და ფოტორეპორტიორს შორის სხვაობაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ ფოტორეპორტიორი იგივე ჟურნალისტია. გადაღებისას უნდა ფლობდეს ინფორმაციას, როგორიცაა ადგილმდებარეობა, სახელი, გვარი, როდისაა გადაღებული, რა მოხდა და ა.შ. და თუ ფოტოგრაფს შეუძლია მეტი დრო დაუთმოს კადრის კომპოზიციას, რეპორტიორებს ამის ფუფუნება არ აქვთ. „მოხდა, დაინახე, გადაიღე, გააგზავნე. პლუს, ეს ინფორმაციებიც უნდა დაურთო.“ რაც შეეხება ომის ფოტოგრაფიასა და მის განვითარებას, ლელი აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიის ეს მიმართულება ნაკლებად პოპულარულია და ძალიან ცოტამ იცის როგორ უნდა გადაიღოს და იმოქმედოს ომში, რა ენაზე ილაპარაკოს, ვისთან ჰქონდეს კონტაქტი. „ეს მიმართულება პოპულარულია ომის პერიოდში. ჩემი გორის თემაც მაშინ ხდება პოპულარული, როცა კონფლიქტია რეგიონში. განსაკუთრებით, როდესაც მეგობარ ქვეყანას ბომბავს იგივე მტერი, რომელმაც შენ დაგბომბა. ამიტომ, დღეს უფრო ხშირად მიკავშირდებიან გორის ომთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა დღეებში.“  ფოტოგრაფი გვესაუბრება ტექნიკის განვითარების როლზეც ომის ფოტოგრაფიაში. 2008 წელს პირველი იყო, ვინც ქართულ მედიას ომის კადრები გააცნო. მისი თქმით, ფოტორეპორტიორი უნდა იყოს ოპერატიული, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია ინტერნეტის საშუალება ჰქონდეს ან იცოდეს ვის გაატანოს მასალა. „დღეს ფოტოაპარატიდან და ტელეფონიდანაც შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოტოები, თუმცა სხვა საკითხია არის თუ არა ინტერნეტი ან იცოდე ვის გაატანო ეს მასალა. შეიძლება დღეების განმავლობაში იღო ფოტოები, მაგრამ ვერ გააგზავნო და მერე აქტუალურიც აღარ იყოს.“ „თუ შენი ფოტოები არ არის კარგი, ე.ი. საკმარისად ახლოს არ ყოფილხარ“ ეს სიტყვები ომის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერტ კაპას ეკუთვნის.  ლელიმ საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა. „არის კიდევ ასეთი გამონათქვამი „მკვდარი ფოტოგრაფი არავის სჭირდებაო“. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ახლოს მისვლა კარგია, მაგრამ გააჩნია სად. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მაინცდამაინც არ უნდა შეუვარდე მტერს კამერით. არ გეგონოთ, რომ კამერა დაგიცავთ ტყვიისგან. თქვენ ტყვიისგან გიცავთ სიფრთხილე. ომში გადაღებული ფოტოები არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე. ომი ჩანს ადამიანების სახეებზე, ოჯახებზე, იძულებით გადასახლებულებზე, დაბომბილ სახლებსა და საავადმყოფოებზე.“ ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting