შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 5
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გახსნილი გზაა, რომ “შინ ევროპაში” გაწევრიანებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ. ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ცალკეულ ქვეყნებს არ შესწევთ ძალა ბაზრებზე ან უსაფრთხოების თვალსაზრისით კონკურენცია გაუწიონ ბლოკებს. მარტო ყოფნა არ არის უსაფრთხო და ხელსაყრელი, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ნინი შაორშაძე: ევროკავშირში უნდა ვეძებოთ დემოკრატია, ხალხთა უფლებები, დაფინანსების წყაროები განვითარებისთვის; დაფინანსება, რომლის გაცემაც ღირებულებებზეა გადაჯაჭვული და მოსახლეობის კეთილდღეობა. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს – პატარა ქვეყანა ვართ და დიდ ბაზარზე გასვლა გვჭირდება, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოება დავიწყოთ. გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა და ჩვენი ადგილის დამკვიდრება. რაც მთავარია, ეს საქართველოს მხოლოდ ელიტებმა და მთავრობამ კი არა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. ევროკავშირს საერთოდაც არ უნდა, რომ მორიგი ღარიბი ქვეყანა მიიღოს, რომელიც მხოლოდ სარჩენი იქნება. პირიქით, ამ პატარა ქვეყნებმა საკუთარი ნიშა უნდა იპოვონ და კონკურენციას სათანადოდ უპასუხონ. სწორედ იმავეს ამბობს 1993 წელს ევროპული საბჭოს მიერ კოპენჰაგენის (დანია) სამიტზე აღიარებული სამი კრიტერიუმი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროპის კავშირში შეერთება სურთ: პოლიტიკური – აქვს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე აგებენ პასუხს; ეკონომიკური – აქვს მოქმედი ეკონომიკური ბაზარი და ძალუძს, თავი გაართვას კონკურენტულ წნეხსა და საბაზრო ფასებს ევროკავშირის შიგნით. სამართლებრივი – იღებს ევროკავშირში დაწესებულ კანონებსა და პრაქტიკას, კონკრეტულად კი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ძირითად მიზნებს. კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ, ევროკავშირი გვთავაზობს პროგრამებს, ტრანზიტულ პერიოდში გამოყოფს თანხებს. მას ის დაბრკოლებები ესმის, რომლებიც რეფორმების გზაზე წარმოიშობა და ცდილობს, რომ ქვეყნები, რომლებიც გარდამავალ პერიოდში არიან, თავისი ბაზრისთვის და წევრობისთვის მოამზადოს. ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით ხდება და იგი მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებს, გარანტიებსა და ასე შემდეგ. დღესვე რომ ევროკავშირში მიგვიღონ, ამისთვის ჩვენი ეკონომიკა მზად არ არის. ქართული ეკონომიკა და პროდუქცია ისეთ ხარისხზე უნდა გავიდეს, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანება) კიდევ ერთი მიზეზის გამოა განსაკუთრებული. ყველა ის ევროპული ქვეყანა, რომელიც 2004 წელს გაწევრიანდა, გამოვიდა კომუნისტური და ტოტალიტარული მმართველობიდან და გაიარა ტრანსფორმაციების რთული გზა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს გასცემს გრანტების სახით. ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა „ერაზმუს+“, “ჰორიზონტი 2020“ და „შემოქმედებითი ევროპა“. ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაშიც ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი სტანდარტებითა და ეფექტურობით, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხდება. ნინი შაორშაძე 10 თვეზე მეტია ლიეტუვაში ცხოვრობს და აგრძელებს განათლების მიღებას. ბლოგის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
8 ნოემბერს ვცდილობდი ახალი ამბებისგან მაქსიმალურად შორს ვყოფილიყავი. არ ვამოწმებდი სოციალურ ქსელებს, ტელევიზორს ხომ რასაკვირველია, არაფრის დიდებით ჩავრთავდი. საკუთარ თავს მიმდინარე მოვლენებისგან დამცავი ველი შევუქმენი, რომ დაზღვეული ვყოფილიყავი უარყოფითი პასუხის სწრაფად გაგებისგან. ასე იშვიათად თუ მაშინებს რამე. მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან დიდი და გარდამტეხია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის. ეს კი სწორედ ასეთი იშვიათი მომენტი იყო – ამდენი ბრძოლის, პროტესტის, წყლის ჭავლთან ცეკვის შემდეგ, პასუხი რომ ისეთი არ იყოს, როგორიც გსურს, გული დაგწყდება. მეტიც – გაბრაზდები. გაბრაზდები იმაზე, რომ შენი და შენთვის ძვირფასი ადამიანების ღირებულებები არ იქნა გათვალისწინებული და ისევ ჩაებმები ქაოტურ ყოველდღიურობაში, საიდანაც ამოსვლისთვის უკვე ხავსს თუ მოეჭიდები. დიდი იმედი ხომ გაცამტვერებულია. აზრები თავისით, დაუკითხავად დაქროდნენ გონებაში, როდესაც მწარე ფიქრის პროცესი ტელეფონის ზარმა გაწყვიტა. ახლობელმა დამირეკა, ეს რა ხდება, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და ვერაფრით ვიჯერებ, ტყუილი მგონიაო. არც კი მახსოვს, მგონი, ვერც ვუპასუხე, ვუთხარი ერთი წამით მეთქი, გავუთიშე და მაშინვე გავარღვიე ის დამცავი ველი, რომლითაც თავი შემოვისაზღვრე დანარჩენი სამყაროსგან. ვკითხულობდი ახალ ამბებს და თავი სიზმარში მეგონა, ეს რეალურად ხდებოდა – ყველამ აღიარა, აღიარეს საქართველოს ევროპული მომავალი. ნათესავს დავურეკე და ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდით ვუთხარი, ეს კანდიდატის სტატუსი კი არა, კანდიდატის კანდიდატის სტატუსია მეთქი. წარმოვიდგინე, “კანდიდატის კანდიდატის სტატუსმა” რომ ასე გაგვახარა, ნამდვილ კანდიდატის სტატუსზე რა რეაქციები იქნება, უკვე გაწევრიანებაზე აღარაფერს ვამბობ. ყველას რომ განსაკუთრებულად გვიხაროდა, ამაში მთელი დღის მანძილზე დავრწმუნდი – ჯერ Facebook პოსტებზე ყველაზე მეტი რეაქცია, შემდეგ კი ევროკავშირის დროშით გაფერადებული ქუჩები და ეკრანები. ვზეიმობთ დიდ გზას – საბჭოთა კავშირიდან აქამდე, ვადარებთ და ვხვდებით, მაშინ, როდესაც უკეთესი რამის არსებობაზე არ ვიცოდით, რამდენი დაგვიკარგავს. მარიამ ქობალია: საერთოდ, ასე ხდება ხოლმე – როდესაც რაღაც უკეთესს იგემებ, უკან დაბრუნება აღარ გსურს. ეს არის რეალობა, რომელმაც დაგვანახა, სად და როგორ შეგვიძლია უკეთ, უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრება. ბოლოს უკვე ამის დათმობა გაგვიჭირდა, შეძლებისდაგვარად ყველას ვაჩვენეთ, მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შანსს ხელიდან აღარ ვუშვებდით. მაშინ, როდესაც ვერ წარმომედგინა სხვა სამყაროს არსებობა, ვსწავლობდი რუსული სახელმძღვანელოებით და ეს აბსოლუტურად ნორმალური მეგონა, თურმე ამ ბადის მიღმა რამდენი რამ ხდებოდა. არც კი ვფიქრობდი განსხვავებულის, უკეთესის არსებობაზე, სანამ გავიზრდებოდი, სანამ დავინახე – ჯერ შორიდან, შემდეგ უკვე ევროპის შუაგულიდან. გააზრებასთან ერთად მოვიდა ბრაზი, რომ ამდენი წლის მანძილზე რუსეთი არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ კონტროლირებად ნაწილსაც უზღუდავდა არსებობის საშუალებას. არსებობის, თან ელემენტარულ დონეზე. ვფიქრობდი, როგორ ვსწავლობდი რუსულ ყაიდაზე დაწერილ ისტორიას, როგორ გვაყრიდნენ თვალებში ნაცარს და ცოტას თუ გვერგო იმის ბედნიერება, ტყუილი მართალისგან გაგვერჩია. მე და კიდევ ბევრმა ახალგაზრდამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასე ცხოვრება ვისწავლეთ. ნებით თუ უნებლიედ, საღი აზრის კორიანტელმა თავზარი დაგვცა, მაგრამ რეალობა დაგვანახა. გავაცნობიერეთ სად ვიყავით, რისი გაკეთება შეგვეძლო და როგორ. ამდენი წლის მანძილზე, ბევრჯერ სვამენ კითხვას – რას ცვლის ეს ყველაფერი? იმდენ რამეს, რომლის გააზრებაც ამდენ წლიანი ბრძოლის შემდეგაც კი ჭირს. პირველ რიგში, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავისუფლებას. გადაადგილების თავისუფლებას. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას – აქ და სხვა ქვეყნებში. საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებები მიზნებად იქცევა. ახლა რომ ისიც სადარდებელია თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში თანხა როგორ გადავიხადოთ ეკონომიკური კრიზისის დროს, მერე ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის სტიპენდიებზე ვიფიქრებთ და ნამდვილად გვეცოდინება, რომ თუ საკმარისად მონდომებულები ვიქნებით, ვიბრძოლეთ ისე, როგორც აქამდე ვიბრძოდით და არ დავნებდებით, ჩვენი შრომა დაფასდება. სწორედ ეს არის ევროპა ჩემთვის – თავდადება, ბრძოლა, შრომა, თანასწორობა ყველგან და ყოველთვის. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ბლოგია ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
სახლი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – სოლოლაკში მდებარეობს, “გალერეა 27”-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხელოვანებს და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას. გალერეა, 2013 წელს მხატვარმა ნინო ყვავილაშვილმა დააფუძნა და სავსეა როგორც მის მიერ, ასევე სხვა ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით. სივრცის მენეჯერი, ნუცა ერისთავი, გვიყვება, რომ გალერეის დამფუძნებელი ბევრს მოგზაურობს და ძალიან უყვარს სხვადასხვა ქვეყნების სუვენირების მაღაზიები. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც გაიყიდებოდა ქართული წარმომავლობის ქართული ნივთები. “აქ ძალიან ცოტა იყო ასეთი მაღაზია. ახლაც არის სუვენირების მაღაზიები, სადაც არ არის ქართული წარმოების ნივთები – არის ჩინეთში დამზადებული და დაბეჭდილი; არსებობს ბარბის ტანზე მორგებული ქართული სამოსი, არის უცნაური ფორმის ხინკლები,რომლებსაც აქაურობსთან კავშირი არ აქვთ” – ამბობს ნუცა ერისთავი. “ნინო ტექსტილზე მუშაობს მრავალი წელია, ასევე ყოველთვის მჭიდრო და ახლო კომუნიკაცია ჰქონდა სხვა ავტორებთან. გაუჩნდა იდეა ისეთი ადგილის სადაც, თავდაპირველად, თავისი ნამუშევრებს და შემდეგ უკვე სხვა ავტორების ნამუშევრებს გამოფენდა. მერე უკვე შემოიკრიბა ბევრი სხვა ქართველი ავტორი, თავდაპირველად იყვნენ 20-მდე, მერე გაიზარდნენ, ახლა კი ლამის თითო ნივთი, არის სხვადასხვა ავტორის და სხვადასხვა სახელოსნოსი”. ამჟამად “გალერეა 27” 200-ზე მეტი ქართველი ხელოსნისა თუ ხელოვანის ნამუშევრებს უყრის თავს. სივრცის სახელის ისტორია დაარსების წლიდან მოდის, როდესაც ის თავდაპირველად 27 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. გალერეა გაფართოვდა, გამრავალფეროვნდა, მაგრამ სახელი სიმბოლურად დარჩა. გალერეის მომხმარებლების 90% ჩამოსული სტუმრები ან აქ მცხოვრები უცხოელები არიან, რომლებიც ქართული ეთნო ხასიათის ნივთებს ეძებენ.ძირითადი მასალები, რომლებითაც პროდუქციას ამზადებენ არის ნაჭრები, ტყავი, ხე, კერამიკა და მინანქარი. ბეჭდური სახით წარმოდგენილია ღია ბარათები, პოსტერები, ბარათები ქართული ანბანით და მაგნიტები. “მაგნიტები არის ყველაზე იაფი, იწყება 4 ლარიდან. გვაქვს 3 ლარიანი ბარათები და ქაღალდის სანიშნეები. ფასები იწყება 3 ლარიდან და ადის დაახლოებით 3000 ლარამდეც, გააჩნია პროდუქციას”. გალერეის მენეჯერი აღნიშნავს, რომ თითოეულ ნამუშევარი დიდი შრომის ფასად მზადდება, შესაბამისად, პროდუქციის ფასები აბსოლუტურად გამართლებულია ხარისხთან მიმართებაში: “ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო ხარისხის ქართულ ხელნაკეთ ნამუშევრებს, რომლებსაც არანაირი წუნი არ აქვს, არის ძალიან მაღალი ხარისხით დამზადებულ. ჩვენთან, გარდა ბეჭდური ღია ბარათებისა და რამდენიმე სახის სუფრისა, არაფერი მეორდება. კერამიკის ნამუშევრები, სამკაულები, რადგან ხელნაკეთია, არის უნიკალური. რაც არ უნდა მოინდომოს ავტორმა, მსგავსს ვერ გაიმეორებს. როდესაც ვინმე იტყვის, რომელიმე ნივთი ძვირიაო, აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის უნიკალური და ავტორის ფანტაზიის, ენერგიის და უდიდესი შრომის შედეგი”. ერთნო ხასიათის სუვენირებიდან მაღაზიის ყველაზე გაყიდვადი ნივთი არის ლურჯი სუფრა, რომელიც არამატერიალურ მემკვიდრეობად მიიჩნევა და ასოცირებულია ინდიგოსთან. გალერეაში ნატურალურ მასალაზე დამზადებული ლურჯი სუფრები 60, ხოლო პოლიესტერზე დამზადებული 30 ლარიდან ზევით იყიდება. გალერეის ვიზუალური ასპექტებიდან მნიშვნელოვანია გამოიყოს ლურჯი ფერის დომინაცია. მენეჯერის თქმით, ეს იდეა მათ იმიტომ დაებადათ, რომ ლურჯი ბევრი ავტორისთვის კომფორტული ფერია თავისი მანებით და ქართული სიმბოლიკით. “ადრე სადაც ვიყავით, ვიტრაჟებიან სახლში, რადგან პატარა სივრცე იყო, არ იყო ამხელა საშუალება, რომ ასე თემატურად დაგველაგებინა ნივთები. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ერთი დიდი ლურჯი მაგიდა მოგვეწყო, სადაც მხოლოდ ლურჯი ნივთები გვექნებოდა. ტექსტილის განათებები და ლამპები რაც არის, ასევე ნინოს შექმნილი, საკმაოდ ბუნებრივად გამოვიდა ამ ფერებში”. გალერეის მენეჯერი ამბობს, რომ ყველა ქართველ ხელოვანს აქვს თვითრეალიზების საშუალება, თუმცა არსებობს გარკვეული სტანდარტები: “პირველ სტანდარტი არის ის, რომ ნივთი უნდა იყოს მაღალი ხარისხით შესრულებული და უნდა მოგვეწონოს ჩვენ, იყოს გამძლე, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ნივთია. თითოეულ ნივთს ვარჩევთ, რომ არ იყოს დაზიანებული, ვინაიდან ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ სტუმრებთან, რომლებიც აქ ცოტა ხნით არიან, ყიდულობენ რაღაცას და მიდიან”. “ჩვენ გვინდა ხოლმე, რომ უცხოელებმა საქართველოს პატარა ნაწილი წაიღონ, რაც ასოცირდება ქვეყანასთან” – ამბობს ნუცა ერისთავი. მასალის ავტორები: ანა მაზიაშვილი, მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
IBSU-ს მედია ცენტრში, სტუდენტებს შეხვდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ყუფარაძე, რომელიც მეშვიდე წელია აუდიტორიას სპორტულ ამბებს აცნობს. საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მერაბ ყუფარაძემ მონაწილეობა მიიღო IBSU რადიოს გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”. სადაც მომავალ კოლეგებს მარიამ ქობალიასა და ელენე სავანელს, კარიერული წინსვლის შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა. მერაბ ყუფარაძემ სტუდენტებს ურჩია ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებისას ბევრი იშრომონ და არ დანებდნენ, მიუხედავად წინააღმდეგობისა.
როგორ დაგეგმონ დრო და არ დააგვიანონ ლექციებზე – ამ საკითხზე მსჯელობდნენ სტუდენტები, დღეს, IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ანა მაზიაშვილის სტუმრები იყვნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მეორეკურსელები მარიამ შეყრილაძე და ნინო ბოლქვაძე. რადიო გადაცემა დროის დაგეგმვაზე გადაცემის წამყვანი: ანა მაზიაშვილი გადაცემის სტუმარი:მარიამ შეყრილაძე გადაცემის სტუმარი: ნინო ბოლქვაძე
IBSU რადიომ, “მედია ცენტრის” მხარდაჭერით, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეს, სტუდიაში მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელები: ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, მარიამ ქობალია და ანა ჩალაშვილი. გადაცემაში თავიანთ სამომავლო პროექტზე ისაუბრეს ამავე პროგრამის მეორეკურსელებმა გვანცა რომანაძემ და ანა სეფერთელაძემ. გვანცა გოგიაშვილი ანა მაზიაშვილი ნათია შენგელია ანა ჩალაშვილი
IBSU-ს “მედია ცენტრში” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სატელევიზიო წარმოების პრაქტიკულ უნარებს სწავლობენ. დღეს, პირველკურსელებმა წამყვანის ამპლუა მოირგეს. მეორე, მესამე და მეოთხეკურსელები კი ოპერატორებისა და პროდიუსერების როლში იყვნენ. ერთობლივი მუშაობა ყველასთვის საინტერესო და სახალისო გამოდგა. სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელები ყოველდღიურობაზე კონცენტრირდნენ და “ქუჩის ფოტოგრაფიის” წესების დაცვით იმუშავეს. ამ მიდგომით, სტუდენტები სხვადასხვა უნარებს ანვითარებენ, იქნება ეს ფოკუსი, კადრის კომპოზიცია, დისტანცია, ბალანსი, დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა თუ კომუნიკაცია. ფოტოს ავტორი: სოფო ლოლაძე ფოტოს ავტორი: ანკა ლეჟავა ფოტოს ავტორი: ანა მაზიაშვილი ფოტოს ავტორი: ლუკა შველიძე ფოტოს ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ფოტოს ავტორი: მარიამ ეგაძე ფოტოს ავტორი: ლუკა ამბალია ფოტოს ავტორი: გიორგი ერაძე ფოტოს ავტორი: მარიამ კიპაროიძე
კავკასიძეების ციხე და ეკლესია რომ წყალმა დაფარა, კიდევ ერთხელ ამიწრიალდა ფიქრი, რომ მოსასწრებია… ყველაფერი მოსასწრებია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. აქამდე, გონებაში უამრავჯერ გავლილი გზა, ახლა რეალობად იქცა და ტაო-კლარჯეთისკენ გადაიკლაკნა. თურქი მესაზღვრეები, 90-მდე ქართველი ახალგაზრდის დანახვისას, ზუსტად ხვდებიან სად მივდივართ და რატომ… ლოდინის დრო უსასრულოდ გაიწელა თითქოს, მერე ისევ გზა და დაღლილობა… გიდის ხმა გვაფხიზლებს: “პირველი გაჩერება – ხანძთა”. ტყეში პატარა ბილიკი ადის, ანჯარა წყარო კი ჩვენს დასარწყულებლად მოედინება თითქოს… ავედით და პირველი, რასაც ვხედავ – ცაა, რომლის ქვეშეთშიც დანგრეული ტაძარიც კი მშვენიერია… გარშემო ფერდობებზე ამაყად ფრიალებენ თურქული დროშები, უხმო მოწმეები იმისა, ახლა ვისად ქცეულა, ბაგრატოვანთა ისტორიისა და საქართველოს სულიერების კერა… მაგრამ, ვიღაცას ჩვენამდე და ჩვენზე ურჩად ჯიუტს, ჩვენივ სამშობლოსავით პატარა და მაინც ლამაზი- ქართული დროშა დაუტოვებია ტაძრის სარკმელზე. მეორე დღე არტანუჯის დალაშქვრით იწყება… ამ მწვერვალებს ცამდე კიბე მიუდგამს და ციხის ნანგრევებამდე მისვლა გადაულახავ დაბრკოლებად მეჩვენება. თუმცა ერთმანეთის დახმარებით და ხელის ჩაკიდებით, ყველანი მაღლიდან გადმოვცქერით სილამაზეს, სადაც ასფალტდაგებული გზაც კი ბუნებრივად ერწყმის გარემოს. დოლისყანამ არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ბროწეულითა და კარალიოკითაც გვიმასპინძლა სიცოცხლის გასაგრძელებლად გზა რომ იპოვა და ტკბილი ნაყოფი აქვს გამოწვდილი ფრესკებწაშლილი კედლებიდან… შემდეგ, ხავსიან კედლიდან ოშკის ანგელოზი გვეგებება… აქაურობა ყველაზე მეტ სევდას იტევს… შემურული კედლები, ბალახმოდებული შიდა სივრცე, გულამოცლილ ადამიანს მაგონებს თითქოს… ხახული ყველაზე მოვლილი დაგვხვდა, მეჩეთად ფუნქციონირების გამო… ადგილობრივი მოლა კეთილ ნებას ავლენს, ტაძარს გვიღებს და დათვალიერების საშუალებას გვაძლევს. ჩვენც, მათ ადათს ვემორჩილებით, ფეხზე ვიხდით და ისე შევდივართ… აქ, პირველად მომდის ცრემლები… ოთხთავის ნახვისას, ერთხელ სითამამენაპოვნ ცრემლებს აღარ ერიდებათ – არც ჩემი თავშეკავებულობის და არც გარშემომყოფების… ისეთი ფერებია, ვანდალურმა წარწერებმა თუ წლების ნადენმა წვიმამაც რომ ვერ გააქრო ბოლომდე… იშხანი რესტავრაციის გამო დაკეტილი, თუმც ყველაზე იმედიანად დაგვხვდა…. არანაირი ნანგრევები… დგას და თვალს გჭრის ვერდაძველებული სილამაზით… ბოლო გაჩერება ბანაა… გიდმა, შოკისმომგვრელ ბოლო ლუკმად რომ მოიტოვა უდავოდ. ფერად ბორცვებში გადაშლილი უდაბნო და მის გულში ამოწვერილი ბანა… უცნაური განცდა იმისა, რომ ეს ყველაფერი შენი ნაწილია და იქ ჩატოვებული ფესვი, საუკუნეებს აქეთ, გულში გაქვს ამოწვერილი… მოვდივარ და ვფიქრობ, როდის დავბრუნდე ისევ… ბლოგის ავტორი: ნათია შენგელია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია, პირველი საერთაშორისო კონკურსი და პირველი საერთაშორისო გამარჯვება მიგრანტი ქალების თემაზე შექმნილ მასალას უკავშირდება. ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, მათი ტკივილები და პრობლემები, საქართველოში მწვავედ დგას. საზღვარგარეთ 3-4 წლით წასული ქალები იქ საბოლოოდ 10-15 წელი რჩებიან და ბევრი მიზეზის გამო, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ანო ტვლიდიანი: “ჩვენი ქვეყანა გენდერულად ძალიან მგრძნობიარეა, განსაკუთრებით რეგიონებში, საიდანაც თითქმის ყოველთვიურად ვრცელდება ინფორმაცია ფემიციდის, ნაადრევი ქორწინების, უთანასწორობის თუ ჩაგვრის შესახებ. ეს თემები ძირითადად მაშინ ხდება საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როცა ყველაფერი ტრაგედიით სრულდება. ამის შეცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კი ცნობიერების ამაღლებაა. საჭიროა საუბარი, მსჯელობა, ანალიზი და მოქმედება. ქალებმა საკუთარი თავის და სხვა ქალების გაძლიერება უნდა ვისწავლოთ”. არის ხოლმე რაღაცები, რაც შენს ცხოვრებაში სწორ დროს და სწორ ადგილას ჩნდება. საერთაშორისო სემინარზე წასვლის შანსი IBSU-ს ლექტორის და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ოლიკო ცისკარიშვილისგან მივიღე. სწორედ მან შემომთავაზა კონფერენციაში მონაწილეობა. სექტემბრის დასაწყისში, ბათუმში, ქალ რეპორტიორთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, „გენდერული სამართლიანობის ჟურნალისტიკა კონფლიქტის დროს“, სამი არაჩვეულებრივი დღე გავატარე. პირველ რიგში, შეგვიქმნეს მეგობრული, სანდო და კომფორტული გარემო, რაც უმნიშვნელოვანელია მსგავსი შეხვედრებისთვის. ქართველ და უცხოელ ორგანიზატორებთან ერთად, კონფერენციაში 60 ჟურნალისტი მონაწილეობდა. დავესწარით სემინარებს, შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები და მონაწილეობა მივიღეთ აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების ხელშეწყობა, ყალბი ამბები, მანიპულირება და პროპაგანდა. გაყინული კონფლიქტები, ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და სხვა. ასევე ძალიან საინტერესო იყო პრაქტიკული დავალებები, როდესაც რამდენიმე გუნდად დავიყავით და მოვამზადეთ პრეზენტაციები ქალთა უფლებებზე, მათ როლზე და გაძლიერების გზებზე. ეს დასკვნითი კონფერენცია იყო. იქამდე მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ამ ინიციატივის მხარდამჭერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალთა უფლებების გაძლიერებით. პუბლიკაციების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა 9 ოქტომბერს, 9 გამარჯვებული, 3 საპრიზო კატეგორიაში. კონკურსში სულ 130 კანდიდატი მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის თითო წარმომადგენელი ესწრებოდა. მომავალში, თითოეული მათგანი საკუთარ სათქმელს იტყვის, აღმოაჩენს გმირებს, გააცნობს მათ ფართო აუსიტორიას და იბრძოლებს იმისთვის, რომ სემინარებზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა საკუთარი ხალხის დასახმარებლად გამოიყენოს. მათ შორის ვიქნები მეც, ვინც ამ შეხვედრების შემდეგ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებისთვის საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა მიიღო, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ფოტოგრაფიის მოყვარულისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ანო ტვილდიანის მიერ კონკურსისთვის მომზადებული მასალა: უდედოდ დარჩენილი საქართველო ანუ ემიგრანტი ქალების ამბავი ბლოგის ავტორი: ანო ტვლიდიანი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული