შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 3

ინფლუენსერების როლი სოციალური მარკეტინგის მზარდი ტენდენციაში   მარიამ ლეთოდიანი სალომე კევლიშვილი თეკლა გვარამია   სოციალურ ქსელებს დღეს ათასობით ინფლუენსერი ჰყავს. მათ შორის, მაგალითად, ცნობილი მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები. მაგრამ იმისთვის, რომ გახდე ინფლუენსერი, სულაც არ არის საჭირო იყო ცნობილი. კერძოდ, ვინ არიან ისინი? სოციალური მედიის ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, გავლენა მოახდინონ პოტენციურ მყიდველებზე და სოციალური ქსელების დახმარებით შესთავაზონ და რეკომენდაცია გაუწიონ სხვადასხვა პროდუქტს. ბრენდებს უყვართ სოციალური მედიის ინფლუენსერები, რადგან მათ შეუძლიათ შექმნან ტენდენციები და წაახალისონ თავიანთი მიმდევრები, რომ შეიძინონ პროდუქტები, რომლებსაც ხელს თავად უწყობენ. ინფლუენსერებს აქვთ კომუნიკაციისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის საუკეთესო უნარები. ისინი აცდუნებენ თავიანთ მიმდევრებს და აღიარებულნი არიან თავიანთი დარგის ექსპერტებად.   “ზოგადად, ვფიქრობ, რომ ინფლუენსერებს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა აქვთ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. იმასთან ერთად თუ რამდენად დიდი აუდიტორია ჰყავს ინფლუენსერს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად დიდი დობით სარგებლობს ეს ადამიანი ხალხში, საზოგადოებაში, მის აუდიტორიაში.”- ახალგაზრდა ინფლუენსერი თაკო ლოჩოშვილი. თაკოს იმედი და მოლოდინი აქვს, რომ სამომავლოდ კომპანიები უფრო დააფასებენ ინფლუენსერების შრომას.   რა არის ინფლუენსერ-მარკეტინგი? ინფლუენსერ მარკეტინგი ცნობილი ადამიანების დიდი გავლენის შედეგად შეიქმნა. იგი არის ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგია, მრავალი წლის განმავლობაში ბიზნესნა დაადგინა, რომ მათი გაყიდვები ჩვეულებრივ იზრდება, როდესაც ცნობილი ადამიანი ხელს უწყობს მათი პროდუქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ჯერ კიდევ ბევრია შემთხვევა, როდესაც კომპანიები, განსაკუთრებით მაღალი დონის ბრენდები, იყენებენ ცნობილ სახეებს, როგორც ინფლუენსერს. მაგალითად,  პირველმა ქართულმა საჭმლის სტარტაპმა „TASTEIT”-მა ინფლუენსერის ლაშა FOX-ის დახმარებით უფრო გაითქვა სახელი. წუთნახევრიანი ვიდეოს  განთავსების შემდეგ 1000 მიმდევარი შემოემატა მათ აპლიკაციას .       მარიკა კარტოზიას აუდიო კომენტარი  🎧  (დააწკაპეთ)   ცნობილი ადამიანების ინფლუენსერად გამოყენებას ერთი პრობლემა აქვს – მათ შეიძლება არ ჰქონდეთ სანდოობა პროდუქტის სამიზნე აუდიტორიაში. ერთ-ერთმა პირველმა “Beauty” ინფლუენსერი თაკო საზინამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს, თუ ის რეკომენდაციას გაუწევს სახის საცხს, მაგრამ მცირე შანსი ექნება გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომლებსაც სააგარაკე ფართის ყიდვა სჭირდებათ. ფაქტობრივად, ინფლუენსერებმა ჩაანაცვლეს ტრადიციული მედია, ეს გამოიწვია იმანაც, რომ ხალხი ტელევიზიას აღარ უყურებს. მათ ურჩევნიათ, ინფლუენსერისგან მიიღონ ინფორმაცია, ვიდრე ჟურნალისტის მომზადებულ მედიაპროდუქტს გაეცნონ. ამ ცვლილებებმა ტელევიზიაში რეკლამების რაოდენობაც შეამცირა. ამერიკული მარკეტინგული კვლევების კომპანია EMARKETER-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოში 2021 წლიდან მედია რეკლამები 28%-ით შემცირდა.     საინტერესოა, თუ რა გავლენა აქვს ინფლუენსერს მომხმარებლის ქცევაზე?! OBERLO- წარმოადეგნს   ამერიკულ ონლაინ პლატფორმას, რომელიც ობიექტებს საშუალებას აძლევს შეიტანონ პროდუქტები ნებისმიერ მაღაზიაში. მათ მიერ ჩატარებული  კვლევის თანახმად,  საზოგადოების 74% გადაწყვეტილებას ინფლუენსერზე დაყრდნობით იღებს, 49% დამოკიდებულია პროდუქტის რეკომენდაციაზე, ხოლო მოსახლეობის 42% რეკლამის ნახვის შემდეგ ყიდულობს პროდუქტს (იხ. დენიელ სრელფოლის ანალიტიკური მასალა THE COMPLETE GUIDE TO GETTING STARTED WITH INFLUENCER MARKETING). პანდემიის შემდეგ კი რეკლამისათვის ინფლუენსერებს უფრო მეტ ფულს უხდიან, ვიდრე – მედიას (იხ.  სარა ლიბოუს ნალიტიკური მასალა Influencer spend is growing faster than social ad spend).   2022 წლის ანალიტიკური მოანცემების თანახმად საქონლის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას მომხმარებლის უდიდესი ნაწილი (74%) ინფლუენსერებზე დაყრდნობით იღებს. პანდემიის შემდეგ კი რეკლამისათვის ინფლუენსერებს უფრო მეტ ფულს უხდიან, ვიდრე – მედიას.   დღეს ინფლუენსერ მარკეტინგის უდიდესი ნაწილი სოციალურ მედიაში გვხვდება, ძირითადად მიკრო-ინფლუენსერებითა და ბლოგერებით. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ინფლუენსერს სოციალურ სივრცეში თავისი ნიშა აქვს დაჭერილი. ყოველ მათგანს ინდივიდუალური კონტენტი და აუდიტორია ჰყავს, რაც ბაზრის მოთხოვნებს ამრავალფეროვნებს.  როგორც ქართველმა ინფლუენსერმა ნიკა ბაქრაძემ ონლაინ მედია  “Entrepreneur Georgia” – სთან თქვა, თავისუფალი ფორმატით, ბიუჯეტის გამოყოფისა და სააგენტოების დაქირავების გარეშეც ბრენდებმა შესაძლოა დიდი წარმატება მოიპოვონ. “დღევანდელ სამყაროში კონტენტი არამხოლოდ მარკეტინგის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, არამედ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თვითგამოხატვის საშუალებაა.” – ნიკა ბაქრაძე სოციალურ მედიაში ბლოგერებსა და ინფლუენსერებს (ძირითადად მიკრო ბლოგერებს) ყველაზე აუთენტური და აქტიური ურთიერთობა აქვთ თავიანთ გულშემატკივრებთან.  მრავალმხრივ საუკეთესო ინფლუენსერებმა თავიანთი რეპუტაცია ააშენეს ინტერნეტით, რადგან იყვნენ ექსპერტები გარკვეულ ნიშებში. ისინი ჰგვანან ძირითადი აზრების ლიდერებს, მაგრამ, როგორც წესი, თავიანთი რეპუტაცია უფრო არაფორმალურად მოიპოვეს ონლაინ აქტივობით. მათ შექმნეს ეს რეპუტაცია  სოციალური შეტყობინებების, ბლოგის, დაწერილი პოსტების, მათ მიერ ნასაუბრევი პოდკასტებისა და ვიდეოების საშუალებით, რომლებსაც ისინი ქმნიან და ავრცელებენ თავიანთ იუთუბ ან სხვა სოციალურ არხებზე. თემის შესახებ მომზადებული მოკლე ვიდეო 🎥 –  (დააწკაპეთ) 2022 წელს მარკეტოლოგებმა თორნიკე ხოშტარიამ, ნუგზარ თოდუამ და არიან მატინმა ჩაატარეს კვლევა (სოციალური მედიის ინფლუენსერების გავლენა ბრენდის ცნობადობაზე: ემპირიული კვლევა სოციალური მედიის ქართველი მომხმარებლებისგან), რომელიც შეეხებოდა  ინფლუენსერების გავლენას   სოციალურ მედიაში. ამ კვლევაში, დაახლოებით,  330 რესპონდენტი მონაწილეობდა, შეგროვდა შესაბამისი მონაცემები და  შედეგად 3 ჰიპოთეზა გამოიკვეთა: ინფლუენსერის შიდა მახასიათებლები დადებით გავლენას ახდენს ბრენდის ცნობადობაზე.გარე მახასიათებლები ნდობას იწვევს დასპონსორებული კონტენტის მიმართ და ასევე გარე მახასიათებელი პოზიტიურ გავლენას ახდენს ბრენდის იმიჯზე. ამრიგად, უნდა ითქვას, რომ   თანამედროვე სამყაროს განვითარებამ სოციალური ქსელების დანიშნულება ერთმნიშვნელოვნად გაზარდა. სოციალურ მედიაში ახალი ცნება „ინფლუენსერი“ გაჩნდა. ინფლუენსერები უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მათ ინფორმირებასა და შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.  

სოფელ გლდანში მდებარე დიდი თეთრი ტბის მდგომარეობა ბოლო დროს სულ უფრო გაუარესდა. არხების ჩაკეტვამ და მოუვლელობამ ტბას წყალმომარაგება შეუწყვიტა რამაც მისი სწრაფად დაშრობა, დაბინძურება და დაჭაობება გამოიწვია. რა მდგომარეობაშია ტბა? დაბინძურებული ტბიდან აღებულ წყლის სინჯების კვლევა გარემოს დაცვის  სააგენტომ ზაფხულში ჩაატარა. ტბაში დასაშვებზე მეტია სხვადასხვა ნივთიერებები მაგალითად: ფოსფორი, გოგირდი, ქლორიდები. ზღვარს ბევრად აღემატება ტოტალური კოლიფორმებიც. ზღვარი 5000-ია ხოლო გლდანის ტბაში ეს რიცხვი 23-30 ათასს შორის მერყეობს. მათივე დასკვნით „კლიმატური პირობების ცვლილებამ და მკვებავი არხების ფუნქციონირების მოშლამ გამოიწვია ტბის დონის კლება.“  დაახლოებით ბოლო ათი წლის განმავლობაში ტბის ფართობი 8 ჰექტრით შემცირდა და წყლის დონემაც საშუალოდ 2 მეტრით დაიწია.   გადარჩება თუ არა გლდანის დიდი თეთრი ტბა რა ხდება დღეს? მოსახლეობისა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით სახელმწიფომ 2023 წლის 31 ოქტომბერს გლდანის ტბის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მისი წყლით შევსების შესაძლებლობის შესახებ კვლევის მომსახურების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც 25 000 ლარიანი შეთავაზებით  შპს „გამა კონსალტინგმა“ გაიმარჯვა. მოპოვებული ტექნიკური დავალების მიხედვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ტბის დაშრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება გლდანის დიდი (თეთრი) ტბის დეტალური კვლევა. კვლევა უნდა მოიცავდეს კამერალურ, საველე და ლაბორატორიულ კვლევებს. კვლევების შედეგების მიხედვით, უნდა შეფასდეს ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, განისაზღვროს მისი შევსებისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები. ხელშეკრულების პროექტის მიხედვით საბოლოო შედეგი კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. ხოლო პირველი ეტაპის კვლევების ანგარიში ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. ნანა ალავიძე – მაცხოვრებელი – „აქ, სახლი 6 წლის წინ ტბის ხათრით ვიყიდე. ჰაერიც გაცილებით უკეთესი იყო, სივრცეც, წყალიც“. ტბის დაშრობა-დაბინძურებამ მის მიმდებარედ სუნის პრობლემაც შექმნა, რომელიც ზაფხულში გლდანის მე-7 და მე-8 მიკროებამდეც კი აღწევს.“ისეთ გაუსაძლისი სუნი იყო ღამე ფანჯრებს ვეღარ ვაღებდით. ბავშვები აივანზეც ვერ გამყავდა”.  საშინელი სუნის გამო მოსახლეობის ნაწილი ადგილის დატოვებასა და სხვაგან გადასვლაზეც ფიქრობს. „მე მაგალითად შემდეგ ზაფხულს თუ იგივე მოხდება აქ არ გავჩერდები მეორე სახლიც მაქვს და წავალ იქ. თუ არ მიხედეს გავყიდი კიდევაც”. რითი იკვებება ტბა? ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა, თუმცა ნაჟური და მიწისქვეშა წყლების გარდა ადგილობრივების თქმით ხელოვნურადაც იკვებებოდა. ტბაში წყალი ოთხი დიდი არხიდან ჩადიოდა, რომელთაგან სამიც 2010 წელს დაწყებული თბილისის რკინიგზის პროექტის მშენებლობისას ჩაიჭრა, კალაპოტი შეეცვალა და ტბის მაგივრად ახლომდებარე ფერდობზე მიედინება, სადაც საცხოვრებელი სახლები დგას. დარჩენილი ერთი არხი კი დაბინძურებულია და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მედეა გოგსაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი – „როდესაც წვიმა მოდის იქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მთელი მდინარე მიედინება და შედის გვირაბში.“ ბუნებრივი ტბა თუ უბრალოდ ტბორე? საქართველოს წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით. – „წყლის ობიექტის მიწა შეიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში (გარდა ბუნებრივი ტბის ფსკერისა, მდინარის კალაპოტისა, ასევე წყალმომარაგების წყლის ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლისა)“ . თბილისში ერთ-ერთი დიდი ბუნებრივი ტბა და წყლის რესურსი უბრალო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად 1997 წელს მცხეთის რაიონის გამგეობის №201 გადაწყვეტილებით გადაკეთდა და იჯარით გაიცა. ამის შემდეგ უკვე 2006 წელს სოფელი გლდანის საკრებულომ მოიჯარის განმარტებაზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ დაახლოებით 70 წლის წინ ბუნებრივად შექმნილი ტბა  „ხელოვნურად შექმნილი ტბორია და გაშენებულია სახნავ მიწაზე“ და აღნიშნულით მცხეთის რაიონის გამგეობამ მიმართა მცხეთის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურს. საინიციატივო ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ამის შემდეგ 2004 წელს ტბის მიწა იჯარით მოქალაქე გია აბუაშვილმა აიღო, გამოისყიდა და 2008 წელს ნატალია კვანტალიანს მიჰყიდა. ახლა ვისია გლდანის ტბა? ამჟამად ტბის საკუთრების საკითხი ცოტა ბუნდოვანია, რადგან ერთი კონკრეტული მფლობელი არ ჰყავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით ამჟამად ტბა ოთხ ნაწილადაა გაყოფილი. აქედან ორი ნაწილი ეკუთვნის ნათია ჩიჩუას(ნატალია კვანტალიანის შვილს) ერთი შპს“ჯანოს“, რომლის 100% მესაკუთრეც ირაკლი ჯანიაშვილია, ხოლო მეოთხე მცირე ნაპირის ნაწილი ჯერაც სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდება. საინტერესოა ისიც, რომ რეესტრში კერძო საკუთრებაში არსებული სამივე ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთადაა მითითებული და არცერთ მოპოვებულ სხვა დოკუმენტში ამჟამად, ტბა ტბის სტატუსით არ ფიგურირებს. ნატალია კვანტალიანი, მესაკუთრე, ბიზნესმენი – „გინდა ადგილმონაცვლეობა? კი ბატონო. შევცვალოთ დავუბრუნოთ ტბის ფსკერი ხალხს. სამართლებრივ ჭრილში გადაეცეს სახელმწიფოს. ჩვიდმეტი სხვადასხვა კერძო მოსახლისგან შევიძინე ტბის ფსკერი და მისი მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 35-37 ჰექტარი კეთილსინდისიერად საჯარო რეესტრის, ნოტარიული და იურიდიული კუთხით. ბუნებრივი რესურსები არ იყიდება და მე წყალი არ მიყიდია. იყვნენ ადამიანები, ვისაც საბუთი არ ჰქონდათ და ვერ ვიყიდე. იძახდნენ, თითქოს მეპატრონე ტბას აშრობდა იმის გამო, რომ კორპუსები აშენებულიყო. მივესალმები იმ გამოკვლევებს, რომელმაც მოსახლეობას და საზოგადოებას დაანახა თუ რა იწვევდა ტბის დაშრობას.“ მედეა გოგსაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი – „სამწუხაროდ ტენდერში მითითებული არ არის შრობის მიზეზების დადგენა. მაგრამ ეს ძალიან აუცილებელია“. საინიციატივო ჯგუფმა და ტბის მაცხოვრებლებმა 2023 წლის სექტემბერში სს „საქართველოს რკინიგზას“ განცხადებით მიმართეს, დაზიანებული არხებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღეს, რადგან „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მონიტორინგის დეპარტამენტის ჰიდროლოგიურ კვლევაში არაფერია ნახსენები სს „საქართვეკლოს რკინიგზის“ შესაძლო ბრალეულობის შესახებ. გლდანელი მოსახლეობა ასევე ითხოვს შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც განიხილავს ბუნებრივი ტბის, სასოფლო-სამეურნეო მიწად გადაკეთების საკითხს და მცხეთის რაიონის გამგეობის და გლდანის საკრებულოს უკანონო ქმედებას. უნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ნოემბერში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტბა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს. კახა კალაძე, ქ.თბილისის მერი – „დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება“. გლდანი თავისი შემოგარენით თბილისის ყველაზე დიდი და მჭიდრო დასახლებაა. ქალაქში ბევრი ბუნებრივი ტბა და ტბორეა, რომელიც სპეციალურად სარეკრეაციოდ შეიქმნა მაგალითად: ლისის ტბა, კუსტბა, თბილისის ზღვა. გლდანში მცხოვრებ ხალხს კი ასეთი ადგილის მოსააძებნად ქალაქის მეორე ბოლოში წასვლა უწევს. ნანა ალავიძე – მაცხოვრებელი – “აქვე თუ ხარ 5 წუთში მოხვალ და შუა მიკროებიდან 15 წუთიც არ დასჭირდება აქ ამოსვლას. ფეხით აქედან მეტრომდე ჩასასვლელად მაქსიმუმ 30 წუთი მჭირდება. გაჭირვების წლები, რომ იყო აქ დაჭერილი თევზით ხალხმა წლები გადაიტანაო ამბობდნენ. ვინც აქ ვცხოვრობთ ძაან გვინდა, რომ ეს ტბა იყოს“.    მასალის ავტორი: ანა ჩალაშვილი  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგან “ახალი მედიის” ფარგლებში.   

ინტერვიუს სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ გაგნიძე. თამარმა ძალიან მცირე ასაკიდან გადაწყვიტა, ცხოვრება ამ სფეროსთვის დაეკავშირებინა – ჯერ კიდევ მაშინ, როცა თოჯინებით თამაშის დროს მისი საყვარელი საქმე მათი მოვლა და მკურნალობა იყო. თამარი მომავალი კარდიოქირურგია და გადაწყვეტილი აქვს, ამ საქმეს თავისი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოს. თამარს უნივერსიტეტში ვეწვიეთ. თამამად გვესაუბრა სამსახურში არსებულ სამუშაო პირობებზე. უკვე ნახევარი წელია, თამარი ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მედდის დამხმარედ მუშაობს.  – თამარ, გაგვეცანი.. მოკლედ მოგვიყევი შენ შესახებ. – მე ვარ თამარ გაგნიძე. 24 წლის. V კურსის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად ვმუშაობ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ინტენსიურ განყოფილებაში, მედდის დამხმარედ. საკმაოდ დატვირთული ვარ, მაგრამ ეს მდგომარეობა არ მამძიმებს, პირიქით, ენერგიით და მოტივაციით მავსებს. – იყო კონკრეტული ადამიანი, ვინც შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა, როცა პროფესია აირჩიე? – არა, არ ყოფილა. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მედიცინა ბავშვობიდან მაინტერესებდა. მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ ექიმი უნდა ვყოფილიყავი, არც რაიმე სხვა პროფესია ურჩევიათ. ჩემს პროფესიულ არჩევანში თავისუფალი ვიყავი და არავინ ჩარეულა. პირიქით, მირჩევდნენ, რაიმე მარტივი მესწავლა, მაგრამ ჩემმა მტკიცე გადაწყვეტილებამ ყველაფერი გადაწონა. – მედიცინის რომელი მიმართულება გაინტერესებს ყველაზე მეტად? – ზოგადად, მედიცინის ყველა დარგი არის ძალიან საინტერესო. რაც უფრო ვიზრდები და მაღალ კურსზე გადავდივარ, ამას მით მეტად ვიაზრებ. ყოველი ახალი საგნის სწავლისას ვხვდები, რომ ყველა სფერო ძალიან მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მედიცინის ნებისმიერ სფეროში, მაგრამ განსაკუთრებულად მაინტერესებს კარდიოქირურგია. მეხსიერებაში ბავშვობიდან მაქვს მოგონება, როგორ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი გულის ექიმი. ამიტომ მედიცინა ჩემთვის პირველ რიგში ასოცირდება კარდიოქირურგიასთან და კარდიოლოგიასთან. ჩემს ბავშვობაში ტელევიზიით სამედიცინო თემატიკის გადაცემა გადიოდა. იქიდან ერთი კადრი მახსოვს ყველაზე ცხადად. ღია გულზე მიმდინარეობდა ოპერაცია. ამ ერთმა კადრმა იმდენად დიდი და გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ მოგონებას ვუკავშირებ ჩემს მომავალ გადაწყვეტილებას, საქმიანობის სფეროდ მედიცინა ამერჩია.  მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ჯერ სკოლაში არც დავდიოდი. – მედიცინა ფართო სფეროა, რატომ მაინცდამაინც კარდიოქირურგია? რაიმე კონკრეტულს უკავშირდება შენი ეს გადაწყვეტილება – კარდიოქირურგია ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მრავლისმომცველი და რთული ორგანოა გული. ამასთანავე, საქართველოში არ გვყავს კარდიოქირურგი ქალი. რაღაც მხრივ, პროტესტიც მაქვს ამის მიმართ. ბევრი ლექტორისგან მინახავს გაოცება, რომ, თითქოს, ქალი ვარ და ქირურგია რატომ მაინტერესებს. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს, ვინმეს რამეს ვუმტკიცებ, ეს სრულებით არ მაინტერესებს, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ არავისზე ნაკლები ქალები არ ვართ. ჩემი დაკვირვებით, გოგონები უფრო ყოჩაღები არიან სწავლის მხრივ, ვიდრე ბიჭები. არ ვიცი, ეს ჩემს შემთხვევაში დაემთხვა, თუ, ზოგადად, გოგონები უფრო მონდომებულები ვართ. ესეც რომ არა, გული, როგორც ორგანო, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ყველაფერი მაინტერესებს, რაც გულს უკავშირდება. ჩემი ოცნებაა, ოდესმე გულის ტრანსპლანტაცია გავაკეთო. – გქონია რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევა, რამაც მიგიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ექიმი გამხდარიყავი? – ცხოვრებაში არ მქონია ასეთი შემთხვევა. რაც სწავლა და, სწავლის პარალელურად, მუშაობა დავიწყე, ვხედავ, რომ ბევრმა ჩემ ირგვლივ მყოფმა, საქმის სიმძიმის თუ სირთულის გამო დაანება სწავლას თავი. უმეტესობამ უბრალოდ ვერ გაუძლო ამ დატვირთვას. ჩემს შემთხვევაში, პირიქით მოხდა. დრო ჩემში არაფერს ცვლის, იმის გარდა, რომ უფრო და უფრო დარწმუნებული ვხდები ჩემი არჩევანის სისწორეში. მეტად მტკიცე ხდება ჩემი გადაწყვეტილება, ამ საქმიანობას დავუთმო ცხოვრება. ეს სფერო რომ რთულია, ბევრ ადგილას სამუშაო პირობები რომ საკმაოდ მძიმეა, გრაფიკიც ქაოსური და არახელსაყრელია, – არ აღმოჩნდა ჩემთვის დაბრკოლება. პირიქით. ვფიქრობ რომ, როცა რაიმე მიზანი გაქვს და მას ვერაფრით აღწევ, უნდა შეცვალო საშუალება და არა მიზანი. – რა არის შენი პიროვნული სიძლიერე და სისუსტე? – სიძლიერედ მიმაჩნია უნარი, ყველაფერი გავაკეთო მიზნის მისაღწევად და არ ვნებდები, სანამ არ ვაღწევ იმას, რაც მინდა. უფროსი დაც ექიმი მყავს, ისიც 18 წლიდან მუშაობს. თავიდანვე ვიცოდი ამ სფეროს სირთულე, მაგრამ არ მეშინია არც წვალების, არც ბრძოლის. არასდროს დამიხევია უკან შიშის გამო. ჩემი სისუსტე სიზარმაცეა. შემიძლია, ბევრად უკეთესი ვიყო, ვიდრე ახლა ვარ, თუმცა, სიზარმაცე მძლევს ხოლმე და ეს საკუთარ თავში საშინლად მაბრაზებს. ვებრძვი ამ თვისებას ჩემში და ვმუშაობ მის გამოსასწორებლად. – პაციენტების, განსაკუთრებით, მძიმე პაციენტების მიმართ თუ გაქვს ემპათიის განცდა? – ინტენსიურ განყოფილებაში, იქ, სადაც მე ვმუშაობ, ბევრნაირი პაციენტია – რეანიმაციული, კარდიოლოგიური განყოფილების პაციენტებიც, პოსტ-ოპერაციული, პალიატიური. გაერთიანებული, საერთო სივრცეა. ბევრნაირ პაციენტთან მაქვს შეხება. პირველ დღეს სამსახურში მყავდა პაციენტი, მოხუცი ქალბატონი, პოლიტრავმით იყო მოთავსებული ჩვენს განყოფილებაში, ძალიან ემოციური და შეშინებული. ხელზე ხელს ხშირად მკიდებდა და მეუბნებოდა, რომ სიკვდილის ეშინია. მთხოვდა, არ დამეტოვებინა. მიწევდა მისი დამშვიდება, გვერდით ყოფნა, გამხნევება, დაპირება, რომ არაფრის დიდებით არ მივატოვებდი. თამარ გაგნიძე: “იმის მიუხედავად, ემოციური ხარ თუ არა, არასდროს გტოვებს განცდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გაქვს შეხება და ეს ემოციები ავტომატურად შენზეც გადმოდის. როცა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს უვლი, შეუძლებელია, მათ მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს”.  ექთანს ისეთი გრაფიკი აქვს, სულ სირბილი გვიწევს, მთელი დღის მანძილზე დაჯდომის დრო არ გვაქვს. ბევრი პაციენტი გვყავს ჩაბარებული. იმის მიუხედავად, რომ ჯერ დამხმარე ვარ და დიდი პასუხისმგებლობები არ მაკისრია, მაინც ვთვლი, რომ საჭირო ვარ სამსახურში. ამ ქალბატონმა ეს მაგრძნობინა. ჩემი გვერდით ყოფნა ხშირად სჭირდებოდა. მისი მდგომარეობის მაჩვენებლებს ხშირად ვაცნობდი, რომ დამემშვიდებინა და გამემხნევებინა. იმის მიუხედავად, ემოციური ხარ თუ არა, არასდროს გტოვებს განცდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გაქვს შეხება და ეს ემოციები ავტომატურად შენზეც გადმოდის. როცა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს უვლი, შეუძლებელია, მათ მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს. – შენი ფსიქიკისთვის რამდენად რთულია მუდმივად ტკივილში მყოფი ადამიანების გვერდით ყოფნა? – ძალიან მძიმეა რეანიმაციის სიტუაცია. იქ მომუშავე ხალხი ხშირად ამბობს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში უპირატესობას სიკვდილს მიანიჭებდნენ, ვიდრე იქ მოხვედრას. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს რომ ვაკვირდები, როგორ ტკივილს და ტანჯვას გადიან, ჩემშიც ძლევს სურვილი, აღარ ვიყო, ვიდრე იქ ვიყო. თავიდან, სანამ მუშაობას დავიწყებდი, სულ მქონდა შიში, რომ ვერ შევძლებდი, ემოციურად ვერ გავუძლებდი ამხელა სტრესს; მეგონა, ჩემი მენტალური მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა. მაგრამ ვისწავლე, რომ სანამ უშუალოდ არ ცდი, წინასწარ დასკვნა არ გააკეთო. შორიდან ყველაფერი გაცილებით მძიმე ჩანს, იქ ყოფნის პროცესში კი ამას ვერ იაზრებ. დრო არ გაქვს, უბრალოდ. ყველა პაციენტის შემთხვევაში გათავისებული მაქვს, რომ ტანჯვის მიუხედავად, ისინი აქ არიან იმისთვის, რომ ჩვენ მათ დავეხმაროთ. მათი საუკეთესო ინტერესებისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ისიც ვიცი, რომ ყველა პაციენტს ვერ დავეხმარები. უმწეობის განცდა მაქვს, მაგრამ ეს რეალობაა და უნდა შევეგუო. ემოციურად საკუთარი თავი უნდა შეამზადო იმისთვის, რომ გადარჩე. – გრძნობ პასუხისმგებლობას პაციენტების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან? – დიახ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს მაშინვე განვიცადე, როცა პირველი პაციენტი ჩამაბარეს. მისთვის წამალი უნდა გამეკეთებინა. მარტივი კანქვეშა ინიექცია უნდა გამეკეთებინა, ინსულინის ნემსით. ვნერვიულობდი. მინდოდა, არაფერი სტკენოდა და მაქსიმალურად ვფრთხილობდი. ეს ყველაფერი საპასუხისმგებლო და საინტერესოა ჩემთვის. ამასაც ეჩვევი. მეტი პატივისცემა გიჩნდება საკუთარი თავის მიმართ, როცა დიდ პასუხისმგებლობებს ეჭიდები. და ეს პასუხისმგებლობა რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტია კმაყოფილებაც საკუთარი თავის მიმართ. პასუხისმგებლობები თვითდაჯერებულს მხდის. მაგრძნობინებს, რომ რაღაცისთვის საკმარისი ვარ, თუნდაც, ღირსი ვარ იმ სამსახურში ყოფნის.

თბილისში, აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა აქტიურ ფაზაში შედის. პროექტის მიხედვით, თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში, ორი, 52- და 40 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. თბილისური ცათამბჯენები ექსპერტების თქმით, საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს, ხოლო ბუნებრივი რესურსების განადგურების მხრივ, დააზიანებს ეკოლოგიას. რეპორტაჟში ნახავთ, რა ეწირება აღნიშნული ცათამბჯენების აშენებას და რა საფრთხეები შეიქმნება ბუნებრივი რესურსების განადგურების მხრივ.   მასალის ავტორები: ლუკა ამბალია, მარიამ ეგაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

თეატრისა და კინოს მსახიობი მაკა ძაგანია საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. სერიალში მოხვედრამდე მაკამ დიდი გზა გაიარა, მარტოხელა დედობის სირთულე გამოცადა. პარალელურად სწავლობდა, მხოლოდ თეატრალური გამოცდილება ჰქონდა და დედის პროფესიული სტატუსის მიუხედავად, თავად გაიკვალა გზა სამსახიობო სფეროში.  – პირველი შვილი, ნუცა, მარტომ გაზარდეთ, როგორი იყო მარტოხელა დედის გზა? – მარტოხელა დედობა ძალიან ძნელია, გულწრფელად. მაშინ თან პატარა ვიყავი და რეალურად, დედაჩემი რომ არ დამდგომოდა გვერდში, ძალიან გამიჭირდებოდა. მეორე შვილი როცა გავაჩინე და ქმარი მედგა გვერდში, მაშინ მივხვდი, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მქონდა პირველი შვილის აღზრდისას მე, პატარას, საკუთარ თავზე აღებული. როდესაც ორი მშობელი ინაწილებს პასუხისმგებლობას, სულ სხვაა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მეხმარებოდა, ძალიან, ძალიან რთული გზა გავიარე. – როგორ მოახერხეთ ამ პერიოდში თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა? – მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც გავთხოვდი, მესამე კურსზე ნუცა გავაჩინე.. პარალელურ რეჟიმში ხდებოდა ყველაფერი და ესეც რთული პროცესია. როდესაც პატარა გყავს და თან დედაჩემსაც, რომელიც მეხმარებოდა, გადაღებების გამო, დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, რთული იყო. მაინც მოვახერხე სწავლა და უნივერსიტეტის დამთავრება, რაშიც ბებიამ და ბაბუამ დიდი როლი ითამაშეს – პარალელურად, კიდევ მყავდა ბავშვის დამტოვებელი, მათი სახით. მერე  ძიძაც ავიყვანე, რომ ბავშვი სასეირნოდ გაეყვანა ხოლმე, როცა ვერ ვიცლიდი. – შემდეგ მოხვდით საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ როლმა? – ჩემი ცხოვრების დიდი პერიოდი გამომატოვებინე (იცინის). დიდი გზა გავიარე, რომ ამ ეტაპამდე მოვსულიყავი. მე მაქვს თეატრისა და კინოს მსახიობის დიპლომი და ყველაზე ცუდი ისაა, რომ კინოსთან შეხება საერთოდ არ მქონია, კამერა ჩვენ წინ არავის დაუყენებია და არავის უსწავლებია კამერასთან მუშაობა. აქედან გამომდინარე, „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ მოვხვდი, სრულიად გამოუცდელი ვიყავი ამ სფეროში, რადგან თეატრი და კინო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, ორივე საინტერესო და სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, ორი განსხვავებული პროფესიაა. სერიალში მოხვედრის შემდეგ, ნელ-ნელა ავუღე ალღო ყველაფერს და კამერასთან მუშაობის სიამოვნება ვიგრძენი. სერიალმა მომიტანა ის, რომ ქუჩაში გასვლისას ამდენი ბედნიერი, გაღიმებული სახე მიყურებს… ამდენი დადებითი ემოცია რომ მოდის, მარტო ეს ღირს ყველაფრად (იღიმის). – ახსენეთ, რომ კინოსა და თეატრის მსახიობობა ორი განსხვავებული პროფესიაა, რა სხვაობაა მათ შორის? – თეატრს სჭირდება ყველაფერი უფრო მასშტაბური, შეფასებაც, ხმაც, მიმოხედვაც, ყველაფერს აკეთებ უფრო დიდს. კინოს სჭირდება მცირედი, შეიძლება, არაფერი გააკეთო და თვალის ოდნავ გახელით გამოხატო იგივე ემოცია, რასაც თეატრში სჭირდება გრანდიოზულობა –  ფიზიკური მოძრაობითაც, ხმითაც… – დედა რეჟისორია და თქვენს სამსახიობო კარიერაში თუ მიუძღვის რაიმე წვლილი? – კი, ძირითადად მბლოკავდა… მართლა გეუბნები (იცინის). იყო ასეთი სერიალი „მტვრის გემო“, რომელზეც დედაჩემი მუშაობდა. მეც ამ დროს უკვე მსახიობი ვიყავი. სხვა რეჟისორმა დედაჩემს სთხოვა, რომ პატარა ეპიზოდში სხვა მსახიობის მოძებნის ნაცვლად,  ბარემ ჩემთვის ეთქვა, რომ მეთამაშა. დედაჩემმა უთხრა – არა, კაცო, სად სცალია მაკასო (იცინის). რეჟისორი ეხვეწებოდა და მაინც უარით გაისტუმრა, არადა, მაშინ ასეთი მოუცლელიც არ ვიყავი. უბრალოდ, მარინას არასდროს არავისთან სიტყვა არ უთქვამს, რომ ჩემი შვილია და გადავიღოთო. რეალურად, ამ სფეროში მე თვითონ გავიკვალე გზა, დანარჩენში ყველაფერში კი ჩემი ზურგია დედაჩემი. – „ჩემი ცოლის დაქალებში“ თქვენი პერსონაჟი, თინა, საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულად მოაზროვნეა, რამდენად ჰგვანან მაკა და თინა ერთმანეთს ხასიათითა და მსოფლმხედველობით? – რაღაცებით ჰგვანან, მაგრამ რაღაცებით რადიკალურად განვსხვავდებით. ყველა ადამიანი იძერწება, როცა მსოფლმხედველობა გიყალიბდება და ხდები ისეთი, როგორიც ხარ. თუმცა, ყველა ადამიანში არის ის „სხვაც“, მაგრამ შენ „ამას“ ირჩევ, რადგან „ეს“ გგონია სწორი და მიდიხარ ამ კუთხით. თინას ხასიათში არის ის, რა თქმა უნდა, რაც ჩემშიცაა, მაგრამ დიდი ნაწილი არა. ყოფილა შემთხვევა, როცა ზოგიერთ სცენასთან დაკავშირებით პროტესტი მქონია, ვამბობდი, ცოტა მოვალბოთ, ცოტა სხვანაირი გავაკეთოთ, არ შეიძლება ასე ძალიან-მეთქი (იცინის), მაგრამ ასე უნდათ და მივყვებით მერე ამ ხაზს. იშვიათია, რომ ადამიანმა გმირი ითამაშო და შენში მისი რაღაც ნაწილი არ იყოს; მაგრამ პარალელურად ეს არის გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც თავისი ხასიათი, შეხედულებები და უნარ-ჩვევები აქვს. – საკმაოდ დიდი ხანია თინას პერსონაჟი არსებობს. თქვენზე გავლენა თუ მოუხდენია, ან რაიმე თუ შეუცვლია თქვენში? – კონკრეტულად, რაიმე არ შეუცვლია. ჩათვალე, რომ თინა  ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის ბევრ აზრსაც ვითვალისწინებ. თუმცა, ასევე ბევრ რამეზე პროტესტის გრძნობა მიჩნდება. – ამასთან ერთად, ილიაუნის თეატრის მსახიობი ხართ. თქვენი გამოცდილებით, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, თეატრის განვითარების კუთხით? – პანდემიის პერიოდამდე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო; თითქოს, არავის უნდოდა თეატრი, მილევად მდგომარეობაში არსებობდა. იდგმებოდა ძალიან კარგი სპექტაკლები, მაგრამ ინერციით ისე ვერ მიდიოდა, როგორც ჩვენ გვჭირდებოდა. 21-ე საუკუნეში, ციფრულ სამყაროში, ყველა ფილმზე, კინოზე გადაერთო, თითქოს, აღარ სჭირდებოდათ ცოცხალი ორგანიზმი, თეატრი, რომელიც მართლა ჯადოსნურია, სხვანაირი სამყაროა. პანდემიის შემდეგ უფრო დაიწყეს თეატრში სიარული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა. ეს ძალიან მიხარია. – თეატრში მაყურებლის „დეფიციტის“ გამო, თუ დაგიყენებიათ თქვენი თეატრალური კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ? – ყოფილა შემთხვევა, როდესაც სცენაზე ბევრად მეტი ადამიანი ვმდგარვართ, ვიდრე პარტერში მჯდარა და გვითქვამს, რომ – კარგი, ხალხო, რა, ჩვენზე მეტი მაინც ხომ უნდა იყოს მაყურებელიო?! მაგრამ ის, რომ მოდი, ხვალ სპექტაკლი აღარ დანიშნოთ, არასდროს არავის გვიფიქრია. თეატრი გწამლავს, დამოკიდებულებას იწვევს, შენი ცხოვრების წესი ხდება, უამისოდ რომ აღარ შეგიძლია. ძალიან დიდი ადრენალინია… ამბობენ, მსახიობი სანამ სცენაზე გავა პრემიერის წინ, კარდიოგრამა რომ გადაუღო, ისეთი შინაგანი მდგომარეობა აქვს, ინფარქტის წინა პერიოდს ჰგავსო. ეს სიყვარული არის ის, რაც მსახიობს „იჭერს“, თორემ, დღესაც თეატრიდან, რეალურად, არ არის ის შემოსავალი, რომლითაც შეიძლება, ადამიანმა იცხოვროს. ამიტომ არ გიჩნდება ის შეგრძნება, რომ რადგან მაყურებელი არ არის… ვინც არის, მათგან იღებ ისეთ ემოციებს და მათი ტაშიც იმდენს ნიშნავს, მაინც მიგაჩნია, რომ ღირდა, ორლარ-ნახევარიც რომ აიღო. ყოფილა, სხვათა შორის, ასეთი შემთხვევები, როდესაც გაყიდული ბილეთებიდან ვიღებდით ანაზღაურებას „სარდაფის“ პერიოდში და ორლარ-ნახევარი, სამლარ-ნახევარიც შეგვხვედრია თითო მსახიობს. თუმცა, მაინც ღირდა. – დათმობდით ოდესმე მსახიობობას მაღალანაზღაურებადი, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის სანაცვლოდ? – ასე არ დავთმობდი, რა თქმა უნდა. ახლა ჩემთვის წარმოუდგენელია, თუნდაც, მაღალანაზღაურებად სამსახურში წასვლა იმიტომ, რომ ჩემი საქმე არის ეს… არ ვიცი, სად უნდა შემომთავაზონ, რომ დავთანხმდე. არქიტექტურა-დიზაინზე ვერავინ წამიყვანს (იცინის).  – თუნდაც, ისეთ რამეზე, რაც გამოგდით, ან რომ ისწავლით და აუცილებლად გამოგივათ. – (ფიქრობს) არა, ვერა. თუ დასათმობი იყო, აქამდე უნდა დამეთმო (იცინის), მაგრამ ვერა, ძალიან ჩემია, აქ ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად. – თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაიმე სერიალის ან ფილმის ქასთინგზე გახვედით და როლზე არ დაგამტკიცეს? – ვერ ვიხსენებ კონკრეტულად, მაგრამ იქნებოდა ასეთი შემთხვევა. რაღაც ქასთინგებზე დავდიოდი ხოლმე. ყველგან არ მითამაშია, მაგრამ ვერ ვიხსენებ… – თეატრში თუ მომხდარა ისე, რომ რაღაც კონკრეტული როლის თამაში გინდოდათ და სხვა ათამაშეს? – თეატრში პიესას რომ დგამდნენ ხოლმე, მოლოდინი, რომ რომელიღაც კონკრეტულ როლს მე ვითამაშებდი, არასდროს მქონია. ოთარ ეგაძის სტუდენტი ვიყავი, მისი გაზრდილი ვარ და ზუსტად იცოდა, სად რა უნდა მოეცა ჩემთვის. ჩემი ყველა გმირი მიყვარს, რომელიც თეატრში მითამაშია… ოთარი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი თავი სხვადასხვა როლზე მეცადა. –

ადამიანის პაპილომა ვირუსმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, სოციალური ქსელების გამოყენებით საზოგადოებას აცნობს საკითხებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.   ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, რეპროდუქციულ ორგანოებსა და პირის ღრუზე. ვირუსის ასობით სახეობა არსებობს. არის სახეობები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა, გამოიწვიოს კიბო, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. https://www.youtube.com/watch?v=7n9u-Brkfvk საშვილოსნოს ყელის კიბოს 99%-ს სწორედ პაპილომა ვირუსი იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალების რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 264 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება. მიუხედავად მისი საშიშროებისა და გავრცელების ფართო არეალისა, ის განეკუთვნება ისეთ ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ექიმებისთვის ცნობილია. მიუხედავად დიდი რისკებისა, სქესობრივი კავშირი არ არის ერთადერთი გზა, რითაც პაპილომა ვირუსით ინფიცირებაა შესაძლებელი. 24 წლის თათა გაჩეჩილაძემ 2 თვის წინ აღმოაჩინა, რომ პაპილომა ვირუსი აქვს. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით გადადიოდა და როდესაც გაიგო ამის შესახებ, გაკვირვებული დარჩა.“ორი თვის წინ კონდილომის მოსაყინად მივედი დერმატოლოგთან, რომელმაც გამიკეთა გენოტიპირება შარდით. თურმე პაპილომა ვირუსი მაქვს, რომელიც დედაჩემისგან, გენეტიკურად გამომყვა. მაღალი ონკოგენური შტამი არ მაქვს და არც ამის მკურნალობის მეთოდი არსებობს, თუმცა იმუნიტეტის მოსაძლიერებლად ბადებს ვიყენებ. სამჯერაც ავიცერი საწინააღმდეგო ვაქცინით”- ამბობს თათა. პაპილომა ვირუსის გადასვლა შესაძლებელია კანიდან კანზე მჭიდრო კონტაქტითაც.“პაპილომა ვირუსის სახეობები აღინიშნება ციფრებით და რიცხვებით, ხოლო 6 და 11 არის ის სახეობები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადავიდეს. ეს არ არის კიბოს გამომწვევი სახეობები, მაგრამ იწვევს კონდილომებს (მეჭეჭებს), რომლებიც არ წარმოადგენენ კიბოს და შესაძლოა, უბრალოდ მოყინვით ან სხვა გზებით მოვიშოროთ”- აღნიშნავს ეკა კვირკველია. 2023 წლის სექტემბრიდან პაპილომა ვირუსის ვაქცინა უფასოა 10-დან 45 წლის ჩათვლით ქალებისა და 10-დან 26 წლამდე მამაკაცებისთვის.  22 წლის ანანო ბლიაძემ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც იგი უფასო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახდა. “ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ხანია ვიცი, დაახლოებით თინეიჯერობის პერიოდიდან, იმიტომ რომ დავდიოდი სხვადასხვა ტრენინგებზე. სკოლაშიც მოდიოდნენ და ატარებდნენ ქალთა გაძლიერების ტრენინგებს და ხშირად ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. სულ მინდოდა აცრა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ იყო და შესაბამისად, ვერ ვიკეთებდი. როდესაც უკვე შემოვიდა და ხელმისაწვდომი გახდა, თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ 12-14 წლამდე თინეიჯერებისთვის და მერე უკვე 40 წელს ზევით, ჩემი ასაკობრივი კატეგორია არ შედიოდა. წინასწარ ვაქცინაზე ბევრი არაფერი მომიკვლევია, ვინაიდან დიდი ხნის მანძილზე ვიცოდი ვაქცინაზე, უკვე გაცნობიერებული მქონდა მისი საჭიროება” – ამბობს ანანო ბლიაძე. რაც შეეეხება ვაქცინის დოზირებას, როგორც ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია აღნიშნავს, 9-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ორი დოზით იცრებიან, ხოლო 15 წელს ზემოთ 3 დოზით, რადგან კვლევების მიხედვით ბავშვებს ისედაც ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და 15 წლამდე 2 დოზით აცრის შედეგად, კიბოს რისკის შემცირების ისეთივე შედეგს ვიღებთ, რა შედეგსაც 3 დოზით უფრო დიდებში აცრით. ეკა კვირკველია: “2010 წლამდე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს. ბოლო პერიოდში კი მეტი ადამიანი იცრება, რაც გარკვეულწილად განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მე და სხვა ექიმები დაავადებაზე ხშირად ვსაუბრობთ. ვერავის დავავალდებულებთ, რომ სამედიცინო პროცედურა ჩაიტარონ – ეს არის ადამიანის არჩევანი. მაგრამ არის ამაში სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მე თუ ვარ გადაცემის და დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ, შესაბამისად, სხვა ადამიანებსაც ნაკლებად ვაინფიცირებ”. ეკა კვირკველიას რეკომენდაციით, გოგონები და ქალები რეპროდუქტოლოგთან აუცილებლეად უნდა მივიდნენ ყოველწლიურ ვიზიტზე და ვაქცინაციის გარდა, პრევენციის მიზნით, პაპ-ტესტი ჩაიტარონ. “პაპ-ტესტის გაკეთება რეკომენდირებულია 21 წლიდან, ხოლო 25 წლიდან, ჩვენი სკრინინგის პროგრამით, უფასოა. ტესტი აღმოაჩენს პაპილომა ვირუსის მიერ გამოწვეულ უჯრედულ დაზიანებებს, რომელიც, შესაძლოა, იყოს კიბომდელი და კიბოდ გადაგვარდეს. ამიტომ პაპ-ტესტის მიერ აღმოჩენილი კიბო, მარტივად იკურნება”. გარდა პაპ-ტესტისა, ტარდება კოლპოსკოპია და ბიოფსია. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები – დამოკიდებულია დაზინების სიმძიმესა და მასშტაბურობაზე. “თუ დაზიანება დაბალია, 25 წლამდე ხდება მოცდითი კონტროლი, რადგან, შესაძლოა, თავისით დაუბრუნდეს ჯანსაღ მდგომარეობას. ამას 25 წლის ზემოთაც აკეთებენ, თუმცა უფრო მძიმე დაზიანებებზე შესაბამისი მკურნალობა ტარდება. არსებობს ამოკვეთის, მოყინვის, ლაზერული მოკვეთის საშუალებები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სარგებლები და რისკები, ამიტომ ინდივიდუალურად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება”. მსოფლიოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო 3 ვაქცინა არსებობს, აქედან 2 ყველაზე ხშირად გამოყენებადია –  “GARDASIL 9” და “GARDASIL 4”, ციფრი კი ვალენტობაზე მიუთითებს. რეპროდუქტოლოგის თქმით, ვაქცინაცია გვიცავს მომავალში პაპილომა ვირუსთან შეხებისგან, თუმცა არ კურნავს ორგანიზმში უკვე არსებულ დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ 9 ვალენტიანი ვაქცინა საქართველოში ფასიანია და 900 ლარი ღირს,  4 ვალენტიანი კი უფასოა, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია გვირჩევს, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა მეტი უსაფრთხოებისთვის გაიკეთოთ. “4 ვალენტიანი ვაქცინა დაახლოებით 98% კიბოს გამომწვევი პაპილომა ვირუსის სახეობებისგან გვიცავს, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რახან 4 ვალენტიანია – ცუდია. რა თქმა უნდა, 9 ვალენტიანი უფრო ოპტიმალურია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია. ამიტომ სანამ გვაქვს უფასოდ და სანამ ვაკეთებთ ამას ჩვენი ჯანდაცვით, სასურველია, რომ ვისარგებლოთ მისი გამოყენებით” – აღნიშნავს ექიმი-რეპროდუტოლოგი. მასალის ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურალისტიკის სანაკალავრო პროგრამის სტუდენტი. მასალა მომზადდა საგან “ახალი მედიის” ფარგლებში.  

საქართველოში, მალე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყება. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ.   2023 წლის ნოემბრის ბოლოს, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა, ცვლილებები მიზნად ისახავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას, რომელიც ორ საკითხს გულისხმობს – სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას და ალტერნატიული შრომით სამსახურს.   სამხედროი სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. ასევე, ცვლილებები ეხებათ მათაც, ვინც განათლების მისაღებად უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ არ მიემგზავრება და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს.  ახალი კოდექსის თანახმად სტუდენტებს შეეძლებათ მხოლოდ მათი სურვილის თანახმად, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე გაიარონ სამხედრო სამსახური და ჩაეთვლებათ მოხდილად თუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზაფხულში 1 თვით იმსახურებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ განათლების მიღებაში ხელი არ შეეშლებათ. მათ სწავლის დასრულების შემთხვევაში მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ან ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.   რაც შეეხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, ცვლილებების თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 15 კალენდალური დღის ვადაში გაასაჩივროს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გასაჩივრება არ წყვეტს მის მოქმედებას. 2023 წლის მონაცემებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე მყოფმა 37 030-მა პირმა აარიდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადავადდა, რომელთა შორის 221  მართლმადიდებელი იყო, 155 მუსლიმი, 330 იეჰოვას მოწმე, 36 324 – „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლებიდან”. კოდექსში ცვლილებების თანახმად, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ.  სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ 12 თვიანი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცვლილება არ შეეხებათ მართმადიდებელ ეკლესიაში მსახურ სასულიერო პირებს.  პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” 2017 წლის გაზაფხულზე რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. პარტია “ გირჩი” წლებია, სავალდებულო სამხედრო სამსახურს აკრიტიკებს, პარტიის ლიდერები ყოველთვის ამბობენ , რომ ზოგადად სამსახურის და მათ შორის სამხედრო საქმის დავალდებულება ადამიანებისთვის არ შეიძლება.   ვახტანგ მეგრელიშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე “ბიბლიური თავისუფლების” ერთ-ერთი მღვდელთმსახური ამბობს, რომ ის უკვე წლებია ე.წ. მამაოს მოწმობით თავს არიდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მან უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო მღვდელთმსახური და ის დრო რაც ჯარში უნდა გაეტარებინა საკუთარ პროფესიას დაუთმო.   “ჯარში ბევრი ფუნდამეტური პროლემაა და არაინფორმირებულ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ თუ რა პრობლემები დგას სამხედრო სამსახურში. ამჟამად, კონსესუსი არ გვაქვს იმის შესახებ თუ როგორ შეიარაღებულ ჯარს ვაშენებთ და რა ფუნქია-ვალდებულებები აქვთ. თავდაცვა ისეთი სფეროა როცა რამეს განსაზღვრავ, წლების შემდეგ უნდა გამოიღოს შედეგი, თუმცა ამდენი კანონისა და მინისტრის ცვლილებით საბოლოო ნორმალურ შედეგს ვერ ვდებთ რადგან თავდაყირა დგება კოდექსები” – ამბობს სამოქალაქო-სამხედრო-ურთიერთობების ცენტრის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძე.  მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

რატი კერესელიძე, რომელიც მენეჯმენტის და პროგრამირების ფაკულტეტზე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლობდა, განათლების მიღება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში Westsჰchsische Hochschule Zwickau/ University of Applied Sciences Zwickau-ის უნივერსიტეტში გააგრძელა.  – რატომ გადაწყვიტე სწავლის გაცვლითი პროგრით გაგრძელება? – ეს მაგისტრატურის პროგრამა შეიცავს ორ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემ პროფესიასთან დაკავშირებულ სფეროს, მენეჯმენტს და პროგრამირებას. ასევე, მთავაზობს (თუ არ ვცდები საქართველოში პირველად) ორმაგ დიპლომს, ერთი IBSU-ს, მეორე კი WHZ-ს გერმანული უნივერსიტეტის მხრიდან. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარება ჩემი განათლების და  კარიერისთვის სავალდებულო ნაბიჯი იყო. – უნივერსიტეტმა რომელი ქვეყნები შემოგთავაზა და რატომ აირჩიე გერმანია? – რადგან მე დაინტერესებული ვიყავი სპეციპიკურად ამ პროგრამით, მეტი ქვეყანა არ შემოთავაზებულა რადგან ამ სპეციპიკური პროგრამისთვის და შემოთავაზებებისთვის მხოლოდ IBSU-ს და WHZ-ს ჰქონდათ შეთანხმება. – რა განსხვავებაა გერმანულ და ქართულ სწავლების მოდელში? – გერმანული სწავლების მოდელი რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან. გერმანიაში არ სჯერათ “თეორიული მასალის” და უკლებლივ ყველა თეორიულ საგანს თავისი პრაქტიკული მოთხოვნებიც აქვს, ასევე უფრო დიდ ხაზს უსვამენ ინდივიდუალურ სამუშაოს, სადაც შენ თავისუფალ დროს გევალება ცალკე აკეთო დავალება. ლექციები არ ტარდება ყოველკვირულად, ზოგ ლექციას აქვს ბლოკ-სემინარები სადაც ერთ დღეს 6 საათი ვსწავლობთ, მაგრამ მთელი სემესტრის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ გვიტარდება. ზოგი ლექტორი კი იმდენად ამახვილებს ყურადღებას ინდივიდუალურ მუშაობაზე რომ 3 ლექციის შემდეგ ლექციები აღარც ტარდება და ინიშნება მხოლოდ ონლაინ შეხვედრები ლექტორთან სადაც განვიხილავთ გაჩენილ კითხვებს ლექტორთან, დანარჩენი კი ჩვენს ნამუშევარზეა დამოკიდებული. რატი კერესელიძის რჩევა სტუდენტს, რომელსაც გაცვლითი პროგრამით სწავლა სურს: “ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ იმავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა”.  – კმაყოფილი ხარ თუ არა მიღებული გადაწყვეტილებით და რატომ? – საკმაოდ კმაყოფილი ვარ. როგორც ვახსენე, ეს გადაწყვეტილება ჩემი მომავლისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ამასთან ერთად შევიძინე ახალი გამოცდილება და ვნახე როგორია საზღვარგარეთ ცხოვრება, რაც ჩემი აზრით ყოველთვის სასარგებლოა. – რას ურჩევდი და რა გამოცდილებას გაუზიარებდი იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გაცვლითი პროგრამით აპირებენ? – ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ ამავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა. ხოლო თუ კი ფიქრობ, რომ უცხოეთში ცხოვრება რთულია და არ შეგიძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა, დამერწმუნე მალევე მიხვდები, რომ იმაზე მარტივია ვიდრე გგონია და ყველაზე ნაკლებად ამ ფაქტორის უნდა გეშინოდეს.   მასალის ავტორი: ლუკა ცარციძე  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში

გულჟან ბოტანოვა, სტუდენტი ყაზახეთიდან, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში”  სწავლის დროს გაცვლითი პროგრამით ქალაქ  ჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. გულჟანი სამ თვეზე მეტია პოლონეთში იმყოფება და სულ ცოტა ხანში IBSU-ში დაბრუნდება, რადგან გაცვლითი პროგრამა ექვსთვიანია.  – რომელი გაცვლითი პროგრამით წახვედით და რა ეტაპები გაიარეთ წასვლამდე? – საზღვარგარეთ, Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამით წავედი სასწავლებლად. მეორე კურსიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება მეოთხე კურსზე ავისრულე და წამოვედი სასწავლებლად ერთი სემესტრით პოლონეთში. Erasmus + ის პროგრამამ ყველა ხარჯი დამიფინანსა, რაც აქ სწავლის პერიოდში მქონდა და მაქვს. – როგორი იყო თქვენი პირველი ემოციები ახალ ქვეყანასა და უნივერსიტეტში? – ჩემი პირველი ემოციები ძალიან დიდი იყო. პირველად ვიყავი ევროპაში სასწავლებად , ვგრძნობდი, რომ ატმოსფერო განსხვავებული იყო. მე, შევხვდი ახალ ადამიანებს, მათ ვინც ჩემსავით გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. ქალაქი, სადაც მე ვარ პატარა და მომხიბვლელია. უნივერსიტეტს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია, აქვს უამრავი კამპუსი A-დან W-მდე და 10-ზე მეტი ნომრით. ჩემი ლექციები ძირითადად P არქიტექტურულ ბლოკში ტარდება. – გქონდათ თუ არა კულტურული შოკი? – დიახ, აქ მოსვლის პირველივე დღიდან მქონდა კულტურული შოკი. თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. გარდა ამისა, მე ავირჩიე მეცხოვრა ბინაში და არა საერთო საცხოვრებელში, როგორც ამას ერასმუსის სტუდენტების უმეტესობა აკეთებს. ჩემი ოთახის მეზობლები ყაზახი გოგოები არიან,  ისინი ჟეშოვში ჩამოსვლამდე გავიცანი. მე, მოვედი სექტემბრის ბოლოს და სხვა გოგოები ხუთი დღის შემდეგ ჩამოვიდნენ. ბინაში მისვლის პირველი დღე შაბათ საღამოს დაემთხვა. მაღაზიები და საკვების ბაზრებიც კი დაკეტილი იყო. კვირას, ძლივს ვიპოვე პატარა ბაზარი. პოლონელები ცივად მხვდებობდნენ და უნდოდათ მეც პოლონურად მესაუბრა. ასე რომ, პირველი თვე არც ისე ადვილი აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა.  გარდა ამისა, პოლონელების უმეტესობას არ შეუძლია ან ერიდება ინგლისურად ლაპარაკის.  ვფიქრობ, რომ აქ დიდხანს დარჩენას გეგმავთ, უმჯობესი იქნება პოლონური ენა ისწავლო. – რით განსხვავდება “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” იმ უნივერსიტეტისგან, რომელშიც ახლა იმყოფებით? -ჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან განსხვავებულია. იგი  დიდია და მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია. აქ ლექტორებიც მომთხოვნი არიან. მე, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შუალედური და ფინალური გამოცდები უფრო მომწონს და სტუდენტებიც უფრო მეგობრულნი არიან. – არის თუ არა სხვადასხვა საუნივერსიტეტო აქტივობები და კლუბები რომლებშიც პოლონეთში მონაწილეობთ? – თავიდან, გაცვლითი პროგრამით ჩასული სტუდენტებისთვის რამდენიმე ღონისძიება გაიმართა და ყველა მათგანს დავესწარი. ტარდება კონკურსები და კლუბები არქიტექტორებისთვის, თუმცა ეს უფრო ადგილობრივი სტუდენტებისთვისაა. Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის იგეგმება სამოგზაურო ტური პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში და  ყოველ კვირა კულტურული ღონისძიებები იმართება. – თქვენი სამომავლო გეგმებზეც, რომ გვიამბოთ… – ამჟამად მთავარი მიზანი  კარგი GPA-ით ბაკალავრიატის დასრულებაა და შემდეგ ევროპაში მსურს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. მინდა წარმატებული არქიტექტორი გავხდე. – რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება? – ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ მიზნის მისაღწევად. როგორც ზემოთ ავხსენი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტები დაკავებულნი არიან სასწავლო მოგზაურობით, უნივერსიტეტის ღონისძიებებით, ახლა კი გამოცდებით. ბევრჯერ მინახავს ერასმუსის სტუდენტები ბიბლიოთეკაში, რადგან ისინი ძალიან შრომისმოყვარეები არიან.   მასალის ავტორი: ეთა სულუხია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.            

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტი ლიკა ასაშვილი, ბილეტარული გაცვლითი პროგრამით პარიზში იმყოფებოდა. ვსაწვლოს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, მენეჯმენტის განხრით.  “ბავშვობიდან ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. კერძოდ კი ამერიკაში მინდოდა. ისე გამოვიდა, რომ არჩევანი სამ ქვეყანას შორის უნდა გამეკეთებინა: საფრანგეთი, პოლონეთი ან გერმანია. რაკი განათლების მაღალი დონე მინდოდა, მოვხვდი პარიზში International business school-ში. საფრანგეთში სწავლა დაფინანსდა უნივერსიტეტმა დამიფინანსა, დანარჩენი ჩემი ხარჯი იყო” –  ამბობს 21 წლის ლიკა.  – რა გამოცდილებები მიიღე უცხო ქვეყანაში სწავლის პერიოდში და რა სირთულეებს გადააწყდი ? – გამოცდილებას რაც შეეხება, ჩემს ფაკულტეტზე ყველა სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო რაკი საერთაშორისო ფაკულტეტზე ვიყავი. როდესაც უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ჩადიხარ გიწევს დაივიწყო შენი ენა, ეროვნება და მთლიანად აეწყო იმ ქვეყნის ცხოვრებას რაც იქ გვხვდება. მეც, ჩავედი თუ არა, რომ ჩავედი მთლიანად ფრანგულ ცხოვრებაზე ავეწყვე. ვფიქრობ, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, უნდა იცოდე მისი კულტურა, იქ რა არის მისაღები და რა არა და ა.შ. რაც შეეხება სირთულეებს ვაღიარებ, რომ ძალიან რთული იყო. პირველი ერთი  კვირა აღფრთოვანება და ინტერესი იყო და შემდეგი ორი თვე ძირითადად ისეთი, უკან წამოსასვლელი ბილეთი რომ არ იყიდო. ლიკა ასაშვილი: “ის კომფორტის ზონა რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს, შენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, უცხო ქვეყანაში არ გაქვს. უცბად, ხვდები რომ იზრდები და ყველაფერს თვითონ აკეთებ. სწორედ ეს სირთულეები გაძლევს გამოცდილებას”.  – გაგიჭირდა ადაპტაცია? – ადაპტაცია არ გამიჭირდა პირიქით ძალიან მომეწონა პარიზი და იქაური ცხოვრების რიტმი. უბრალოდ, ენის ბარიერი მქონდა, რომელიც მაბრკოლებდა კიდევ უფრო მეტად გამეთავისებინა ფრანგობა. – გქონდა თუ არა შესაძლებლობა წარმოგეჩინა ქართული კულტურა უცხოელი სტუდენტებისთვის? – რაც ჩავედი, სულ საქართველოზე ვლაპარაკობდი. ერთი საგანი მქონდა Managing cultural differences, სადაც განვიხილავდით და ერთმანეთს ვადარებდით სხვადასხვა ერებს. ამ საგნის მეშვეობით მთელ კლასს გავაცანი ჩვენი ქვეყანაც და წეს-ჩვეულებები. ხალხს ჩამოსვლაც კი მოვანდომე. – რამდენამ კმაყოფილი ხარ ამ გადაწყვეტილებით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით და შენი აზრით რას მოგცემს ის სამომავლოდ? – ჩემი აზრით ეს ნაბიჯი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველ რიგში, ეს ჩემი სამომავლო გეგმების დასაწყისი იყო. მაშინ როცა 20 წლის ასაკში სრულიად მარტომ ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, წარმოვაჩინე, გამოვავლინე და დავიმკვიდრე თავი უცხო ქვეყანაში, სრულიად უცხო საზოგადოებაში, ამან მომცა მოტივაცია კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგა და დიდი ამბიციები დავისახო. – თუ ურჩევდი ბაკალავრის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და რატომ? – ყველას ვურჩევ ნებისმიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას, რადგან მათ ექნებათ შანსი პირველ რიგში სულიერად გაიზარდონ და ნახონ უამრავი რამ. აქამდე ვერც წარმომედგინა რომ ასეთი ლამაზი რაღაცები არსებობდა. ასევე, ეს არის შანსი შეიძინო უამრავი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, გასინჯო ტრადიციული საჭმელები, რომელიც ამ მოგზაურობის საუკეთესო ნაწილია და რაც მთავარია უკეთესად დაინახო თუ რა შეგიძლია სინამდვილეში და იმავდროულად, უკეთესად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები. – როგორ გაიგეთ გაცვლითი პროგრამის შესახებ და რა საფეხურები გაიარეთ? – მე, ყოველთვის ვამოწმებდი ყველანაირ გაცვლით პროგრამას, მაგრამ რადგანაც კოვიდის პერიოდი დამემთხვა შეუძლებელი იყო რაიმეში მონაწილეობის მიღება. ასევე, IBSU-ს ერასმუს პროგრამები დიდად არ ჰქონდა დათუ ჰქონდა, არა ყველა პროგრამაზე. ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო რომ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში ხშირად შევდიოდი და ყოველთვის ვკითხულობდი გაცვლითი პროგრამების შესახებ. ხომ არ ჰქონდათ. ასევე ვამოწმებდი მათ საიტს და როცა დავინახე ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტების დედლაინები და გამოცხადებული პროგრამები, უბრალოდ შევავსე განაცხადი, დავწერე CV და სამოტივაციო, მოვიპოვე ორი სარეკომენდაციო წერილი და რა თქმა უნდა ნიშნების ფურცელი. ამის შემდეგ დამინიშნეს გასაუბრება ბატონ მელიქთან და რამდენიმე თვეში მეილით მივიღე ჩარიცხვის წერილი. – რამდენად განსხვავდება განათლების დონე ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტში? – განათლების დონე სრულიად განსხვავებულია. ძირითადად სულ ქეის სთადები მქონდა და ყოველ ლექციაზე პრეზენტაციები. ასევე, ჩემი ლექტორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და ყველას სხვადასხვანაირი მიდგომა ჰქონდა, მაგრამ გამოცდები ძალიან მკაცრი იყო, რომელიც მინიმუმ ორი ქეის სთადისგან შედგებოდა და პასუხები აუცილებლად ვრცელი და კონკრეტული უნდა ყოფილიყო.   მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting