შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 4

მარიამ მეხრიშვილი, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ამერიკისმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამჟამად იგი Erasmus-ის გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრით პოლონეთში იმყოფება და მაზოვიის უნივერსიტეტში სწავლობს. – როგორ გაიგე უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლა (უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)? – საკმაოდ პატარა ასაკიდან დავისახე მიზნად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება და სხვა ქვეყანაში სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდმა ამ გეგმის განხორციელებაში ძალიან შემიშალა ხელი, საბოლოოდ მაინც მომეცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში. ამაში რა თქმა უნდა IBSU-ს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან სწორედ უნივერსიტეტიდან გავიგე პროგრამის შესახებ რის შემდეგაც, დაუფიქრებლად გადავწყვიტე საბუთების გაგზავნა. – რა პროცესები გაიარე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის? – ჩემთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა, ვინაიდან მთლიანი ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი და სტრესული იყო, თუმცა წარმატების მომტანი ისევ და ისევ ჩემი აკადემიური მოსწრება და აქტიურობა აღმოჩნდა, შესაბამისად დადებითად შეაფასეს ჩემი დოკუმენტები და ინტერვიუც წარმატებით გავიარე, რის შემდეგაც შემატყობინეს რომ შემეძლო ამ პროგრამის მონაწილე გავმხდარიყავი. – რაიმე რთული ბარიერი ხომ არ ყოფილა, ამ დროს შენთვის? – ყველა წარმატებას აქვს თავისი რთული ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს პროცესიც საკმაოდ სტრესული იყო. ამ დროს გამოვიარე ნერვიულობა, გაურკვევლობა, დაბნეულობა და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა და ჩემი გაწეული ეს შრომაც დაფასდა. მარიამ მეხრიშვილი: თუ სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამა ოცნებაა, ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის. – როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა? რა თქმა უნდა IBSU ამ დროს ძალიან დამეხმარა. როგორც გამოუცდელი სტუდენტი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამ პროცესების შესახებ, უნივერსიტეტი სრულიად მხარში დამიდგა და ეს პროცესი საკმაოდ გამიმარტივა. – რამდენად მარტივი ან რთულია IBSU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა? – ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი მარტივია, თუმცა მიზანი და ამ მიზნისთვის თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის სარგებლიანია. – რისი მომტანია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, სტუდენტისთვის? – პირველ რიგში გასწავლის სირთულეებთან ბრძოლას, საკუთარი თავის განვითარებას და პრიორიტეტების გადახარისხებას. ამ ყველაფრის კეთება კი დამოუკიდებლად გიწევს, რაც ცხოვრებისეულად გზრდის და გაძლიერებს. ამ ყველაფერთან ერთად, დარწმუნებული ვარ ჩემს კარიერულ წინსვლაში ეს პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. – რამდენად განვითარდა შენი ცოდნა და კარიერული წინსვლები? გაგვიზიარე შენი გამოცდილება. – ამ პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა როგორც კარიერულად ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, აქ ყოფნამ საკმაოდ განმავითარა და დამარწმუნა იმაში რომ ახალ გამოწვევებს უარი არასდროს უნდა უთხრა. – რა აღმოაჩინე ყველაზე საინტერესო საზღვარგარეთ, იმ უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად სწავლობ? – ჩემთვის ბევრი რამ აღმოჩნდა საინტერესო სხვა ქვეყანაში სწავლისას. ალბათ გამიჭირდება ერთი კონკრეტულის გამორჩევა, ძალიან საინტერესოა ლექციების განრიგები, რითაც სტუდენტები სარგებლობენ. გამოცდების წყობა, და ზოგადად მათი სტუდენტური ცხოვრება. – არის თუ არა განსხვავებები, ზოგადად სწავლის სისტემისადმი? სწავლის სისტემაში რა თქმა უნდა იყო განსხვავებები, თუმცა არა ისეთი სერიოზული, რომ ამას რაიმე სირთულე მოეტანა ჩემთვის. არის პატარა განსხვავებები როგორებიცაა: ლექციების სტრუქტურა, მათი დილით ადრიანად დაწყება, გამოცდების თარიღები და ასე შემდეგ. – არის ისეთი რამ, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურს ჩვენთან, IBSU-ში? – ვფიქრობ IBSU ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტში ამჟამად რაიმე ახლის დანერგვის საჭიროება არსებობს – საინტერესოა სტუდენტური ცხოვრებაც, რა აქტივობები ხორციელდება ამ მხრივ უნივერსიტეტში და როგორი არის შენი ჩართულობა? სტუდენტური ცხოვრება ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა ამ პროგრამის ფარგლებში. საერთო საცხოვრებელი კი ამაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან უამრავ სხვა უცხოელ თუ პოლონელ სტუდენტთან ერთად ვცხოვრობ. შესაბამისად სტუდენტური აქტივობები არც უნივერსიტეტში და არც მის გარეთ არ გვაკლია. ყოველდღიურად ვერთვებით სხვადასხვა აქტივობებში რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი კიდევ უკეთესად გავიცნოთ და დავახლოვდეთ. – რას ურჩევ სტუდენტებს, რომლებსაც სამომავლოდ სურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა? – პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად, რადგან სხვა ქვეყანაში მარტო ცხოვრება არც ისეთი მარტივია როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება დაინახო. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ეს მათი ოცნებაა ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის. ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.
ნინი შაორშაძე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ნინი, თითქმის ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, IBSU-ს” მედია ცენტრი” აქვეყნებდა ნინის ბლოგებს “მე და ევროპა” და მკითხველს უზიარებდა მის შთაბეჭდილებებს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. განათლების მიღების პარალელურად, მან იმოგზაურა ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში და დღევანდელ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორია იყო ევროპის ნაწილი. – როგორ დაიწყო შენი წარმატების გზა ლიეტუვაში? – “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლის პარალელურად ყოველთვის ვეძებდი ინფორმაციას გაცვლით პროგრამებზე. იმ ეტაპზე მთავარი იყო არ გამეწყვიტა კავშირი ჩემს პროფესიასთან და დავიწყე ისეთი პროექტების ძებნა, რომლებიც არ დამაშორებდა ჟურნალისტიკას. ჩემთვის არც ის იყო მნიშვნელოვანი, რომ აკადემიური წლის აღება მომიწევდა და მაინცდამაინც 4 წელიწადში ვერ დავამთავრებდი უნივერსიტეტს. გასულ წელს რამდენიმე სხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ამ პროგრამაზე არჩევანი სწორედ იმიტომ შევაჩერე, რომ რადიოში მუშაობის შესაძლებლობას მაძლევდა. როდესაც მასპინძელ ორგანიზაციას CV და სამოტივაციო წერილი გავუგზავნე, რამდენიმე დღეში მომწერეს, რომ შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდი და გასაუბრება მექნებოდა. გასაუბრებიდან მეორე დღესვე მივიღე დასტური, რომ საქართველოდან მე ამირჩიეს და ერთი წლით ლიეტუვაში უნდა მეცხოვრა. ეს დღეები კარგად მახსოვს და ალბათ სწორედ ამ დროიდან იწყება ჩემი წარმატების გზაც ლიეტუვაში. – რა შესაძლებლობებს აძლევს ერასმუსი სტუდენტებს და გამართლდა თუ არა შენი მოლოდინები? – მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც ერასმუს+ პროგრამის ნაწილია, გვთავაზობს შთამაგონებელ და გამაძლიერებელ გამოცდილებას, ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას და ცვლილებების მოტანის შანსს. აუცილებლად უნდა ვახსენო “European Solidarity Corp” – ევროპული სოლიდარობის კორპუსის პროგრამა, რომლის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორაგნიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას. ნინი შაორშაძე: “ევროპაში ერთფეროვნების ადგილი არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვს სათქმელი რამე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს” ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის დაფინანსების პროგრამა ახალგაზრდებისთვის. დაფინანსება გათვალისწინებულია გრანტების სახით ორგანიზაციებისთვის, რომელსაც მართავს ევროკომისია. სწორედ ამიტომ, ჩემი ლიეტუვაში ცხოვრების განმავლობაში, ყველა ხარჯი (საცხოვრებელი, კომუნალურები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვა ხარჯები.) იფარება ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტით. ახალგაზრდული საშვი (სერთიფიკატი), რომელსაც ჩემი გრძელვადიანი პროექტის დასრულების შემდეგ შევავსებ, მოიცავს შვიდ კომპეტენციას, რომლებიც განვივითარე: მრავალენოვანი კომპეტენცია; პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია; მოქალაქეობის კომპეტენცია; მეწარმეობის კომპეტენცია; კულტურული ცნობიერებისა და გამოხატვის კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; მათემატიკური კომპეტენცია და კომპეტენცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში; წიგნიერების კომპეტენცია. რაც შეეხება მოლოდინებს, ზოგადად არ მახასიათებს წინასწარი განწყობების შექმნა. არ ვარ არც არაჯანსაღად ოპტიმისტი, არც უკიდურესად პესიმისტი, ყოველთვის მირჩევნია ვიდგე რეალისტურ პოზიციაში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შანსი არ უნდა დამეკარგა და კარგია, რომ ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მოხდა. – როგორია იყო ევროპის ნაწილი, შეისწავლო ევროპული კულტურა, ხალხი და გქონდეს ურთიერთობა სხვა ეროვნების ხალხთან? – არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. მართალია სამუშაო გარემო ერთია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომ ერთფეროვნების ადგილი აქ არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვთ სათქმელი რაიმე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს. კომუნიკაციისთვის ყველა მზად არის, რადგან თავადაც აქვთ ინტერესი სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. ერთი სიტყვით, ინტერესი ორმხრივია. იყო ევროპის ნაწილი გულისხმობს იმის გაგებასა და პატივისცემას, თუ როგორ ხდება იდეებისა და მნიშვნელობის შემოქმედებითად გამოხატვა და კომუნიკაცია სხვადასხვა კულტურაში. სხვა კულტურებთან შეხვედრა და მათი გამოხატვის ხერხების გაცნობა კი ამ პროგრამების გულშია. მონაწილეებმა უნდა ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ განსხვავებულ კულტურებს, ენებს, ტრადიციებს, ღიად და მონდომებით. ეს ხშირად იწვევს საკუთარ კულტურაზე დაფიქრებასა და ახალი შეხედულებების ჩამოყალიბებას. ბევრ პროექტში გამოიყენება შემოქმედებითი და მხატვრული ტექნიკის და მიდგომის სხვადასხვა ფორმა საკუთარი თავის გამოხატვისთვის. მე პირადად, აქტიურად ვარ ჩართული კულტურული და/ან მხატვრული ღონისძიებების ორგანიზებაში (როგორებიცაა: ფესტივალები, გამოფენები და ა.შ.) – შენს სხვადასხვა ბლოგინად ვიგებთ, რომ ლიეტუვა ძალიან მოწესრიგებული და ეკონომიური ქვეყანაა. რითი გამოარჩევდი ამ ქვეყანას საქართველოსგან? – წესრიგი და საქმისადმი დამოკიდებულება უდრის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ჩვენც უამრავი სახასიათო და საამაყო რამ გვაქვს, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობის, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებისა და დისციპლინის ხარისხი აქ უფრო იგრძნობა. ქვეყანა ასევე ცნობილია განათლებისა და სწავლების მაღალი ხარისხით. ლიეტუვა მუდმივად მაღალია ცხოვრების ხარისხშიც, რადგან ამაყობს დაბალი დაბინძურებით, შესანიშნავი ჯანდაცვის სისტემით და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით დაბალ ფასად, ვიდრე დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში. – როგორია შენი ერთი დღე სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად? – საინტერესო. ხშირად ვწერთ რადიო გადაცემებს, ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის განსხვავებებზე, ვიზიარებთ ერთმანეთის პიროვნულ თუ პროფესიულ წარმატებებსა და გამოცდილებებს. მახსენდება ჩემი პირველი დღეები ლიეტუვაში, როცა ძალიან უცხოდ ვგრძნობდი თავს. ერთი სტუდენტი მოვიდა და შემომთავაზა, რომ ქალაქს დამათვალიერებინებდა. არც კი ვიცნობდი, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მაშინ, როცა ეს მეც ძალიან მჭირდებოდა. ყველა დადებითად არის განწყობილი; კონფლიქტური სიტუაცია არასდროს შექმნილა. გარდა ლიეტუველი სტუდენტებისა, გავიცანი სტუდენტები მინიმუმ 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთან კომუნიკაციის პერიოდიც სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემს ცნობიერებაში. – რა უნდა გაითვალისწინონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ერასმუს პროგრამით საზღვარგარეთ წავიდნენ? – შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება. ალბათ, უნდა დაფიქრდნენ თავიანთ პრიორიტეტებზე. თუ მათთვისაც მნიშვნელოვანია გამოწვევები, რომლებსაც მართლაც კარდინალური ცვლილებები მოსდევს, უნდა მიიღონ. თუ უნივერსიტეტის დასრულება განსაზღვრულ დროში უნდათ და ეს შანსი დროის კარგვად მიაჩნიათ, მგონი – ცდებიან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მადლოერებას ამ პროექტისა და ყველა ორგანიზაცია/ორგანიზატორის მიმართ, ჩემი პიროვნულად გაზრდის ხელშეწყობისა და იმ უნარების აღმოჩენისთვის, რომლებზეც არასდროს მიფიქრია. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც ავთენტურად მისია. ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, ჩვენ ვიცით, რაც გვჭირდება, უბრალოდ ხანდახან გვეშინია, რომ სიახლე მივიღოთ. არავინ მოვა და შენს ოცნებებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. როცა მე შევწყვიტე შესანიშნავი დროის, შესანიშნავი გეგმისა და მომენტების ლოდინი და მიიღონ რისკი, შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც. გავხდი ჩემი ამბის მთავარი გმირი. ვალიდაცია არ არის საჭირო წარმატებისთვის, ბედნიერებისთვის და კონტროლისთვის. – ფიქრობ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი დაგეხმარა იმაში, რომ შენი ცოდნა ევროპაში უფრო გაგეღრმავებინა – ვფიქრობ, რომ საკმარისად კარგი თეორიული ცოდნით წამოვედი. პრაქტიკული მეცადინეობები სულ ახალი დაწყებული გვქონდა უნივერსიტეტში, თუმცა რაც მთავარი და ძირითადი იყო, ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპის მადლობელი ვარ, მათ შორის უნივერსიტეტში გატარებული წლების, ყველა დრომ რაღაც ხელჩასაჭიდი მომცა. – აპირებ თუ არა სამომავლოდ ევროპაში დაბრუნებას და პროფესიის შეცვლას? – ევროპაში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პროფესიის შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავ. ვინ იცის, იქნებ ჩვენც ვიცხოვროთ ერთ დღეს ევროპულ საქართველოში. ავტორი: მარიამ ეგაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.
გიორგი (გივი) ტატულაშვილის მშობლიური სახლი, გორში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მოჭიქული კერამიკის ოსტატი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ცოდნას მომავალ თაობებს უსასყიდლოდ უზიარებს. გარდა იმისა რომ თიხისგან დამზადებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, როგორც ოსტატი ამბობს, შექმნის პროცესიც არანაკლებად ჯანსაღი და სასარგებლოა. „კარგი იქნება, თუ თიხასთან მუშაობის, როგორც არტ-თერაპიის პოპულარიზაცია მოხდება“ – ამბობს გივი ტატულაშვილი. ასწლოვანი ისტორიის მქონე სახელოსნო, ტატულაშვილების სახლის ნულ სართულზე, 2019 წლის მიწურულს, გორის მერიის ხელშეწყობითა და ევროკავშირის კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით მუზეუმად იქცა და დღეს, უკვე ტურისტული ობიექტების ნუსხაშია შეტანილი. 2021 წლის ივლისში კი სახელოსნო-მუზეუმი ტურიზმის განყოფილების გაციფრულების ექსპედიციამ ,,გუგლის“ რუკაზე განათავსა. გივი ტატულაშვილის სახლში, მე-19 საუკუნის თიხის გამოსაწვავ უნიკალურ ღუმელს ნახავთ, რომლის ანალოგი საქართველოში არაა. კერამიკოსის ნამუშევრები მრავალფეროვანია, ის ამზადებს ფიალებს, დოქებს, სამქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს, თეფშებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელთა ღირებულება 15-დან 300 ლარამდე მერყეობს. მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო მარანზე, ღვინის ორსართულიან სასმისზე, მუშაობის პროცესია, როგორც ქართულ კულტურასთან და ღვინის ტრადიციასთან გაიგივებულ სუვენირზე. მარანის ყველა ჭურჭელს, რომლისგანაც ის შედგება, ერთი საერთო ხვრელთა სისტემა გააჩნია და სმის დროს ერთიანად იცლება. ამჟამად, გივი ტატულაშვილი თიხას თანამედროვე დანადგარის გამოყენებით ამუშავებს. წარსულში კი მამასთან და ძმასთან ერთად თიხას ფეხით ზელდა. ტატულაშვილების ოჯახში თიხაზე მუშაობის ტრადიცია გივის პაპისგან – ნესტორისგან მოდის და მამიდან შვილზე გადადიოდა. გივის მამა და ძმა პროფესიით კერამიკოსები იყვნენ. მართალია, ბავშვობიდან მასაც იზიდავდა საოჯახო ხელობა, თუმცა პროფესიით მშენებელი ინჟინერი, იქამდე არ დაკავდა მეთუნეობით, ვიდრე სამსახური არ დაკარგა და მამისა და ძმის დასახმარებლად თავისუფალი დრო არ გამოუჩნდა. თეთრ ჭიქურზე მწვანე საღებავით შესრულებული ორნამენტები – ქართლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მოხატვის ტექნიკა, მისი ოჯახის ხელწერად იქცა. როგორც გივი ამბობს, ამავე ტექნიკის გამოყენება არც კახეთისთვისაა უცხო, თუმცა იმერეთში ნივთებს თიხისგან მოჭიქვის გარეშე აკეთებენ. ალავერდის ფრესკის ანალოგი – „ქართული ჭიდაობა“ ყვითელ ჭიქურზე მომწვანო ფერის ორნამენტებით გაფორმებული ზოომორფული სასმისები. გივის მამის, ისააკ ტატულაშვილის ნამუშევრების კუთხე სამუზეუმო ექსპონატებს შორის არამხოლოდ ოჯახის სამი თაობის ნამუშევრებს, არამედ გივი ტატულაშვილის შეგირდების ნამუშევრებსაც იხილავთ. მათ შორის, როგორც ადგილობრივი ბავშვებისა და მოზარდების, რომლებიც თიხასთან მუშაობის ხელოვნებას ყოველ შაბათ-კვირას, დღეში საათ-ნახევარს უთმობენ, ასევე „Georgia Today”ს ჟურნალისტის, საქართველოზე შეყვარებული, ქეით დეივისის ქართული კულტურული თემატიკით მოხატული თიხის ჭურჭელსაც. ქეითმა თიხის ჭურჭელი თვითნასწავლი მხატვრისთვის საკმაოდ რთულად შესასრულებელი ქართული ტრადიციული კომპოზიციებითა და ფრესკებით მოხატა, თუმცა როგორც მისი მასწავლებელი – გივი ამბობს, თავი შესანიშნავად გაართვა. ტატულაშვილების კერამიკა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს, სახელოსნო არც ახლა ღალატობს ამ ტრადიციას, იმ განსხვავებით, რომ გლობალიზაციის პროცესში მისი სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნიდან ჩამოდიან, ეს სივრცე ასევე ეთმობა კულტურულ ღონისძიებებსა და ხელოვანთა შეხვედრებს. მასალის ავტორი: გვანცა გოგიშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში
შობა-ახალი წელი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღეს და 2024 წლის დასაწყისი ფოტოებში ასახეს. ავტორები: მარიამ ეგაძე, სოფო ლოლაძე, ლუკა შველიძე, ეთა სულუხია, მარიამ მხეიძე, ანა მაზიაშვილი, გვანცა ლაცაბიძე ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ხონი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, სენაკი
დაკა ბერძენიშვილი: “დიდი სურვილი მქონდა ჩემს ეზოში ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც საშუალებას მომცემდა ქალაქი საბოლოოდ დამეტოვებინა და სოფელში დავრჩენილიყავი. ამიტომ,პროგრამა “აწარმოე საქართველოში” განაცხადი შევიტანე და მოვიგე კიდეც. ასე დაიწყო ჩირებისა და ჩემი თანამშრომლობა”. – დაკა, როგორ დაიწყო თქვენი გურული თავგადასავალი? – თავიდან, არც მქონდა გააზრებული რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა იყო ბიზნესი და როგორ კეთდებოდა ის. „ქალი მეწარმე“ – ამ ფრაზის წარმოთქმაც კი მეხამუშებოდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, ერთგვარი სპორტული ინტერესი გამიჩნდა რას და რამდენს შევძლებდი და ამ პროცესში ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. მანამდე, თბილისშიც და ჩოხატაურშიც, ოფისში ვმუშაობდი და ვიყავი კარგი თანამშრომელი. მაგრამ ახალი წამოწყების პროცესში, აღმოვაჩინე რამდენად მეტი შემეძლო, ბევრი ახალი თვისება დავინახე საკუთარ თავში და დავიწყე ზრუნვა განვითარებაზე. დავდიოდი ტრენინგებზე, ვეცნობოდი ქალების მხარდამჭერ პროგრამებს და პარალელურად პრაქტიკული ცოდნის ზრდას ახალი გამოცდილებებიც მოსდევდა და ახლა უკვე, თამამად ვამბობ ხოლმე – მე ვარ მეწარმე ქალი! – აწყდებოდით თუ არა, სკეპტიკურ დამოკიდებულებას? – რა თქმა უნდა, აქაურები გურულად მეუბნებოდნენ, რამ გაგააბდლა ამხელა ქალი, რა ჩირი და საწარმოო, მაგრამ მერე ყველამ დაინახა შრომაც და შრომის შედეგიც, გვერდში დამიდგნენ და ბევრ რამეს საერთო ძალისხმევით ვაკეთებთ. დაკა ბერძენიშვილი: “რაც უფრო მეტი ძლიერი ოჯახი იქნება, მით უფრო ძლიერი ქვეყანა გვექნება”. – რატომ მაინცდამაინც ჩირი, საიდან წამოვიდა ეს იდეა? – წინაპრების დანატოვარი ეს სახლი, იყო ძველი და დიდი რესურსი სჭირდებოდა მის აღდგენას. სინამდვილეში, სახლი იყო ერთგვარი ტვირთი, რომელიც მინდოდა აქტივად მექცია. მე, მიყვარს ხელსაქმე, მიყვარს მიწა… აქ, ხეებს ასხია ხილი, რომელიც ბიოპროდუქტია, უწამლია. ჩამოვწერე პლუს-მინუები და მივხვდი, რომ ჩირითაც შევძლებდი არა მხოლოდ გემოვნური, არამედ ესთეტიკური სილამაზის შექმნას. – დაკა, ამ იდეამ ისე გაამართლა როგორც ფიქრობდით და გეგმავდით? – უფრო მეტადაც. აქ უკვე კოტეჯებიც შეემატა, თითოეულს თავისი სახელიცჰქვია: კენკრა, ციტრუსი და კურკა (იღიმის). ამ ყველაფრის დაგეგმვა, მის განვითარებაზე ფიქრიც კი სიამოვნებას მანიჭებს. ის რუტინა,რაც ჩირის დამზადებას სჭირდება – კარალიოკის გათლა იქნება, ვაშლის დაჭრა და ა.შ. უკვე სხვების კომპეტენციაა. ახლა ვფიქრობ, როგორ გავაფორმო ახალი შეკვეთები, რა სიახლეები შევიტანო გურულ სამზარეულოში… პურსა თუ კექსშიც ჩირს ვიყენებ და ტრადიციული, შემწვარი წიწილის შეზავებისასაც. თავდაპირველი იდეაც ხომ ეს იყო: გურულ ოდაში სიმინდის ფუჩეჩში შეხვეული კანფეტი. მე, მართლაც არაფერი ვიცოდი ბიზნესის, არ მქონდა აქტივი და ამ დროს დავწერე პროექტი USAID – თვის. მომაგებინა სწორედ იდეამ, რომ 200 წლის გურულ ოდაში ყოფილიყო ჰასპის სტანდარტის ჩირის საწარმო – სოფლად გაკეთებულიყო საქმე, რომელსაც ექნებოდა ევროპული სტანდარტი. – ახლა, როცა ქალაქის აჩქარებულ ტემპსა და რუტინაში აღარ ხართ, ბევრი რამ გადააფასეთ? – არაერთი. 1989 წელს რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, მას მერე ვიდექი რუსთაველზე გამართულ აქციებზე და ვიძახდი “საქართველოს”. 50 წლის ასაკში მივხვდი, რომ ყველაზე დიდ საქმე ვაკეთებ აი, აქ და ახლა. იმიტომ რომ თუ წერტილს დავსვამ და შევქმნი პრეცენდენტს, რომ არაფრისგან შეიძლება ნახევარმილიონიანი აქტივის შექმნა, შემდეგ ამ მაგალითს სხვებიც გამოიყენებენ. ჩვენ მალე, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნება. ჩვეულებრივი ადამიანი როცა შეძლებს თავისი მიწა-წყალი, მისი ეზო აქციოს აქტივად, მერე კაციშვლი ვერ მოვა ჩემთან და ვერ მეტყვის – 5 ლარს მოგცემ და ხმა მომეციო. – ახლა უკვე უცხოელ ტურისტებსაც მასპინძლობთ, მათ შორის რუს ტურისტებს. როგორია მათი დამოკიდებულება? – მთავარია ღირსებით დახვდე, ქართული სტუმარ-მასპინძლობით, მაგრამ ღირსებით. ამის გაკეთება შესაძლებელია. ძველ სახლში რო შეხვიდეთ, ნახავთ აჭრელებულ კედელს. თავის დროზე, შპალერის ფული რომ არ გვქონდა, ტურისტებს ვთხოვდით შთაბეჭდილებები მიეწერათ და ახლა, ყველაზე ნამდვილი და ყველაზე ლამაზი შპალერი სწორედ მათი წარწერებია. ამერიკის დროშა რომ მიფრიალებს აქ, შეიძლება არც სიამოვნებთ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეტყვის. და თუ შენით ჩამოხსნი დროშას ვინმეს საამებლად, მაშინ თავად მისცემ უფლებას აქ ჩამოგიდგეს და საკუთარი წესები გიკარნახოს, შენივე სახლში. დაგეგმილად აქ, მხოლოდ უცხოელი სტუმრები მოდიან,რუსები ყოველთვის დაუგეგმავად მოყავთ და არ ვკადრულობ იმას, რომ ვინმე უკან გავაბრუნო და ის გიდი ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში. ჩემი კაცთმოყვარე ბუნება არ მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ვაღიარებ, ისეთივე მოქცევა არ გამომდის მათთან, როგორც ვთქვათ იაპონელებთან თუ გერმანელებთან. მთავარია, დახვდე ღირსეულად და არა ტაშ-ფანდურით. მე მათ ვუყვები ჩემს ქვეყანასა და ღირსებაზე, მაგრამ არ ვყიდი ცეკვა-თამაშს, შაბაშზე ვერ ვუმღერებ რა. – და ბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს ან სურს საკუთარი საქმის დაწყება? – მთავარია, საკუთარ თავს არ აუკრძალო გამბედაობა, არ თქვა, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია. თუკი შეგიძლია სცადო და გააკეთო მეტი და არ დასჯერდე ნაკლებს, წარმატებაც აუცილებლად მოვა. როცა ყველაფერში შინაარსი დევს, ყველაფერში შენი სული და გულია და ამას აკეთებ შენი ოჯახისთვის, შენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ვერავინ დაგიდგება წინ, ვერცერთი ხელისუფალი, რაც არ უნდა განსხვავებულად ფიქრობდე. როცა ადამიანი გიყვარს, შენი საქმე გიყვარს, შენი ქვეყანა გიყვარს და ამას გამოხატავ არა ფუჭი ლაპარაკით, არამედ საქმით, მაშინ ყველაფერი გამოდის! ავტორი: ნათია შენგელია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტმა ლუკა ამბალიამ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო პროექტის IDEA-ს და IBSU-ს ორმაგი დიპლომის პროგრამის ხელმძღვანელთან მარინა რაზმაძესთან. – რას გვთავაზობს IBSU-ს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science)? – პროგრამა სასწავლო კურიკულუმის სახით გვთავაზობს სრულიად ახალ, საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან არის შეთანხმებული და დამტკიცებული. მენეჯმენტი და კომპიუტერული მენციერების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლების მეორე სემესტრიდან შეარჩიონ შემოთავაზებული 5 კვალიფიკაციიდან მათთვის ყველაზე მეტად სასურველი კვალიფიკაცია და გაიარონ შესაბამისი სავალდებულო და არჩევითი საგნები. – რა აქვს პროგრამას გამორჩეული და განსაკუთრებული? – ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს სრულიად ახალ პროდუქტს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან იგი აერთიანებს ორ უმსხვილეს წამყვან მიმართულებას თანამედროვე სამყაროში, ბაზარსა და მარკეტზე – მენეჯმენტს და კომპიუტერულ მეცნიერებას. აღნიშნული ორმაგი დიპლომის პროგრამა შემუშავდა საერთშორისო პროექტის IDEA-ს ფარგლებში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. 2022 წლის დეკემბერის თვეში, პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია ASIIN გერმანული საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს მიერ და მიენიჭა 7 წლიანი სრული აკრედიტაცია, ხოლო ამა წლის ივლისის თვეში, პროგრამამ მიიღო აღიარება საქართველოში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან. პროგრამა განსაკუთრებულია იმით, რომ მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილია კონსორციუმის სახით და პარტნირი ქვეყნები წარმოადგენენ უნივერსიტეტებს ევროპის, სამხრეთ კაკასიის და აზიის ქვეყნებიდან. აღნიშნული ალიანსი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (გერმანია) და 3 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საკმაოდ საინტერესო და მომხიბვლელია როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე ახალი იდეების გენერირების და განხორციელების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლის წარმატებით დამთავრების შემდგომ სტუდენტი ერთდროულად იღებს IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს, შესაბამისი კვალიფიკაციებით. – პროგრამის მიხედვით, სტუდენტი რამდენ სემესტრს ისწავლის საზღვარგარეთ? – პროგრამაზე ყველა ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის განმავლობაში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ისწავლის, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. მეოთხე სემესტრში მშობლიურ უნივერსიტეტში, სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად ბრუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, შესაძლებელია, ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. – არის თუ არა განსაზღვრული სტუდენტების კვოტა? – აღნიშნულ პროგრამაზე, პირველ წელს საქართველოში (2023 წლის აგვისტოში) გამოვაცხადეთ 10 ვაკანტური ადგილი.სამომავლოდ ვგეგმავთ ამ რიცხვის საგრძნობლად გაზრდას. – როგორც ვიცით, თქვენ IBSU-ს რექტორთან და სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდით გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე რა იყო ვიზიტის მიზანი? – ვიზიტის მიზანი იყო, ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დასწრება, ასევე დამსწრე სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა და როგორც ქართველი, ასევე უცხოური სტუდენტებისთვის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შესახებ პრეზენტაციის წარდგენა. გარდა ამისა, ვიზიტი მიზნად ისახავდა მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეობას და პარტნიორი ქვეყნების უნივერისიტეტების, პროექტის ხელმძღვანელების შეკრებას, მიმდინარე საკითხების განხილვას და სამომავლო გეგმების დასახვას. – რა მთავარი აქცენტები დაისვა გერმანიაში შეხვედრისას? – მრგავლი მაგიდის დისკუსიის ფორმატში აღინიშნა, რომ პროგრამა საკმაოდ მომხიბლველი და მოთხოვნადია. მხოლოდ წელს ყველა პარტნიორი ქვეყნების გათვალისწინებით პროგრამაზე ჩაირიცხა 99 სტუდენტი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა დაფინანსების წყაროების/ფონდების მოძიების საკითხები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. – მიმდინარე სემესტრში სულ რამდენმმა სტუდენმა ისარგებლმა აღნიშნული პროგრამით? – მიმდინარე წელს, IBSU-ში, აღნიშნულ პროგრამაზე ჩაირიცხა 6 ქართველი სტუდენტი, ხოლო ყველა პარტნიორი ქვეყნის მონაცემებით, პროგრამაზე ჯამში ჩაირიცხა 99 სტუდენტი. – რამდენად კმაყოფილნი არიან ის სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ პროგრამაზე? – ცვიკაუში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით ქართველ სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე სტუდენტი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ახალგაზრდები არიან. გასაუბრებისას, სტუდენტების მიერ აღინიშნა, რომ ეს სემესტრი მათთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერია, ვინაიდან მრავალკულტურულ გარემოში ახალი ცოდნის შეძენა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება საკმაოდ საინტერესო პროცესი და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. – იგეგმება თუ არა სხვა პარტნიორი ქვეყნების დამატება გაცვლითი პროგრამის მხრივ? – ერთ წელიწადში იგეგმება ჩინეთის, კერძოდ ტონჯის უნივერისტეტის შემოერთება არსებულ კონსორციუმში. ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2023 წელს „სამეცნიერო აქტივობებში წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. მისი ხელმძღვანელობით, მიმდინარე წელს, ზემოთაღნიშნული სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო, რომლის მიზანი მაგისტრანტებისთვის ხარისხიან ინტერნეტმედიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ხოლო პროფესორებისთვის – ტრენინგების შეთავაზება იქნება. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა მაზიაშვილმა ინტერვიუ ჩაწერა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან. – როგორია იყოთ წარმატებული ლექტორი? – უპირველესად გამოვეხმაურები იმას, რომ სასწავლო წლის დასაწყისში დამაჯილდოვეს ტიტულით ,,იბსუს ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ის მომენტი, როდესაც მშობლიური უნივერსიტეტისგან მერგო ეს ჯილდო. ამავდროულად მოულოდნელი და ამაღელვებელიც, რომ ხუთეულში მოვხვდი. ეს ჯილდო მერგო გასული წლის სამეცნიერო აქტივობების გამო. ვფიქრობ, ეს ცერემონიალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი იყო, რაც განმიცდია ცხოვრებაში… – თქვენს სამეცნიერო აქტივობებზე, კონკრეტულად კი, კვლევებსა და პროექტებზე რომ მოგვიყვეთ დაწვრილებით. -2010 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთი კვლევითი სტიპენდია თუ კვლევითი ჯილდო მაქვს მიღებული. ყველაფერს ცხადია, ვერ ჩამოვთვლი… რაც შეეხება გასული წლის აქტივობებს, მოკლედ რომ გავიხსენო ისინი, განვახორციელე რამდენიმე კვლევა: ერთი, რომელიც წარვადგინე ევროპის კომუნიკაციის და კვლევის ასოციაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მედიამკვლევარების სექციის კონფერენციაზე. ჩემი ეს კვლევა ეხებოდა – ახალგაზრდებში სოციალური მედიის გამოყენების რისკებსა და განვითარების შესაძლებლობებს. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამ კონფერენციისა, მონაწილეობა მივიღე კიდევ ერთ კონფერენციაში, რომელიც ბერლინში გაიმართა და ერქვა სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენცია. ამ კონფერენციაზე წარვადგინე მოხსენება, რომელიც ასევე სოციალურ მედიას ეხებოდა, ჩემი მოხსენების თემა იყო – ,,სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო ახალგაზრდებისთვის”. ეს კვლევაც გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამისა, 2023 წლის ზაფხულში კიდევ ერთ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. ოღონდ ონლაინ, რადგან ფიზიკურად ვერ შევძელი ჩასვლა. ,,ჟურნალების მომავალი” – ასე ერქვა ამ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც პირველად გაიმართა ლისაბონში. ამ საერთაშორისო კონფერენციაზე იწვევდენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს, რომლებიც საჟურნალო ჟურნალისტიკის თემაზე მუშაობენ. ჩემი კვლევის თემა იყო – ქართული ჟურნალების გამოწვევები ბეჭდურიდან ციფრულზე გადასვლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ წასვლას ვერ ვახერხებდი, ორგანიზატორებმა ონლაინ ჩართვა შემომთავაზეს. ამ კონფერენციის შემდეგ, სპეციალური სამეცნიერო ჟურნალი დაფუძნდა. იქ უნდა გამოვაქვეყნო ჩემი პუბლიკაცია და გარდა ამისა, ამ ჟურნალის რეცენზენტობა და სამეცნიერო საბჭოს წევრობაც შემომთავაზეს. მონაწილეობა მივიღე ასევე იბსუ-ში გამართულ ტრადიციად ქცეულ ამერიკათმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამერიკაში 3 საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ მივიღე მონაწილოება ბოლო 2 წლის მანძილზე და წარვადგინე ჩემი კვლევის შედეგები ჩიკაგოში, ტეხასისა და ოკლახომას უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს გამოვყოფდი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ჟურნალისტური განათლების ასოციაციის კონფერენცია იყო, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. იქ წარვადგინე კვლევა, რომელშიც საქართველოს ათი მედიასკოლის პროფესორების 18 ნახევრად-სტრუქტურული ინტერვიუ გავაანალიზე. ეს კვლევა პოლონეთში გამოვაქვეყნე 2022 წელს. ასევე პოლონეთში გამოვაქვეყნე ორი კვლევა 2023 წელს. ერთი ეხებოდა დეზინფორმაციის გავრცელებას როგორც კოვიდის, ისე პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს კვლევა უკვე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, 2 წლის წინ მივიღე ტიტუს ფილიპოვიჩის კვლევითი ჯილდო და მის ფარგლებში მოვამზადე კიდევ ერთი კვლევა, რომელიც პოლონეთში გამოვაქვეყნე და იბსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (SilkroadConference2023 ) წარვუდგინე ქართველ კოლეგებს – პოლონეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სოციალური მედიის ანალიზის მიხედვით. გარდა ამისა, კიდევ ერთი თემა მოვამზადე ფილიპოვიჩის სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის თემას პოლონურ მედიაში. – თქვენი აღნიშნული წარმატებები პროფესიისთვის და უშუალოდ სტუდენტებისთვის რა მნიშვნელობისაა და განთლების სისტემაზე როგორ მოქმედებს? – გავიხსენებ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, რაც ბოლო წლებში განვახორციელე სწორედ სტუდენტებისთვის. აშშ-ს საელჩოს ქართული მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში იბსუსთვის მოვამზადე „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედიის პროგრამის ანალოგიით, მისი დირექტორის პროფ. რიშელ როჯერსის ჩართულობითა და კონსულტაციებით. პროგრამის შექმნას ჩვენი, ქართველი პროფესორების ვიზიტი უძღვოდა ჩიკაგოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. სამაგისტრო პროგრამამ 2021 წელს მიიღო წარმატებული აკრედიტაცია და წელს უკვე მესამედ გამოვაცხადეთ მიღება. რაც შეეხება კვლევით საქმიანობას, კვლევები განყენებულად არ დგას და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ვგულისხმობ, რეკომენდაციების ნაწილს. მგონია, რომ ძალიან საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით ის კვლევის შედეგები, რაც წარმოვადგინე. მაგალითად, კოვიდის დროს, კვლევა ჩავატარე როგორც ლექტორებში, ისე სტუდენტებში იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები ხვდებოდათ სტუდენტებსა თუ პროფესორებს ონლაინ სწავლების დროს და როგორ წარმოედგინათ, კოვიდის შემდგომ პერიოდში ელექტრონული სწავლების დანერგვა, იქნებოდა თუ არა მათი აზრით დასაშვები. რეკომენდაციებით, რაც ამ კვლევების შედეგად დავდე, გამოიკვეთა, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი თეორიული კურსების ონლაინ გავლას ანიჭებდნენ უპირატესობას. იგივე გამოიკვეთა პროფესორების გამოკითხვის ნაწილშიც, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ პრაქტიკის გაგრძელება თეორიულ კურსებში, განსაკუთრებით, სამაგისტრო საფეხურზე. უბრალოდ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დაშვებული არ არის დისტანციური სწავლება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ დადებითად გადაწყდება. ჩემი კვლევის პრაქტიკული შედეგი ისიც იყო, თუ რომელი კურსის დამატებას ისურვებდნენ როგორც ლექტორები, ისე სტუდენტები, მაგალითად საუბარი იყო იმაზე, რომ უნივერსიტეტების კურიკულუმს დაემატოს მედიაწიგნიერება, რაც ჩვენს უნივერსიტეტს აქვს. ასევე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხების გაშუქების სწავლება. კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ქართველ ჟურნალისტებს აკლიათ ამ მხრივ ცოდნა, მაშინ როცა ბევრ დასავლურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი საინტერესო კურსია – ჩვენ ვამბობთ, რომ წარმატებული ხართ, რაც თითქოს მარტივად ჟღერს და მარტივადაც მოდის, თუმცა, რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი? – მთავარი გამოწვევები დაკავშირებულია კვლევების დაფინანსებასთან. წინა ადმინისტრაცია ზრუნავდა კვლევების ხელშეწყობაზე, კვლევების განვითარებაზე. მუშაობდა აკადემიური წახალისების პროგრამა, რისი მიხედვითაც აფილირებული პროფესორი, რომელიც უცხოეთში გამოაქვეყნებდა ნაშრომს, ჰონორარს იღებდა. რაც მატერიალური წახალისება იყო. რამდენ სტატიასა თუ კვლევას გამოაქვეყნებდა, იმდენ თანხას იღებდა. ასევე ხდებოდა საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსებაც, რაც სტიმული იყო აფილირებული პროფესორებისთვის. უნივერსიტეტს წელიწადში ერთხელ შეეძლო დაფინანსება, დანარჩენს კი, პროფესორი თავისი ხარჯით ფარავდა. იმედი მაქვს, აკადემიური მიზნით პროფესორების მატერიალური წახალისების პრაქტიკა, იგივე ან კიდევ უფრო გაუმჯობესებული ფორმით გაგრძელდება ჩვენი უნივერსიტეტის ახალი მენეჯმენტის პირობებშიც. – დასავლური უნივერსიტეტები ახსენეთ, ვიცით, რომ გიწევთ უშუალოდ ამ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, კონფერენციებში მათთან ერთად მონაწილეობის მიღება და საინტერესოა, როგორ შეადარებთ იქაურ სისტემას საქართველოს უნივერსიტეტებში არსებულ სისტემასთან? – როგორც ევროპის კომუნუკაციისა და მედიის კვლევების ასოციაციისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციების წევრს, მიწევს-ხოლმე დასავლელ კოლეგებთან ურთიერთობა, როცა ამ ასოციაციების ორგანიზებულ კონფერენციებში ვმონაწილეობ. როგორც მათან ვიცი, დასავლურ უნივერსიტეტებში ჩვენგან განსხვავებით, ცოტა სხვაგვარი სისტემაა კვლევების დაფინანსების, არაერთი საერთაშორისო ფონდი თუ პროგრამაა ამისთვის და გარდა ამისა, თავად უნივერსიტეტებიც სთავაზობენ თავის პროფესურას მცირე თუ მასშტაბურ საგრანტო პროექტებს – ახლა რა ეტაპზე ხართ? – ახლა ვმუშაობ 3 სტატიის დასრულებაზე და გარდა ამისა წარდგენილი მაქვს სამი დაგეგმილი საერთაშორისო პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან მინდა, რომ სამივეში გავიმარჯვო. თუმცა, კონკურენციაც დიდია სხვა ქვეყნების მონაწილეებს შორის. თავს იმედით ვიიმედებ, რომ მინიმუმ ერთი პროექტი ხომ მაინც გაიმარჯვებს? ვგეგმავ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასაც, როგორც იბსუ-ში, ასევე უცხოეთშიც, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოურ კონფერენციებში მონაწილეობა, კოლეგების გაცნობისა და კონტაქტების გაღრმავების თვალსაზრისითაც – რას ურჩევდით სხვა ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც ცდილობენ წარმატებულები გახდნენ? – კოლეგებს რა უნდა ვურჩიო, უხერხული იქნება ჩემგან, მაგრამ სტუდენტებს კი ვურჩევდი, ბევრი იშრომონ და ბეჯითად ისწავლონ, რათა მიზანს მიაღწიონ და წარმატებულნი იყვნენ პროფესიაში.
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ლუკა ამბალიას ინტერვიუს გმირია ნინო თათარაშვილი. ამ ვიდეოში თქვენ გაიცნობთ ხელოვანს, ვისთვისაც თავისუფლება შემოქმედებაში ყოფნაა, შექმნა მასისგან გამორჩეული პერსონაჟები – “ტიპჩიკები” და აქვს დიდი ოცნება. ნინო თათარაშვილის პორტრეტი

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მობილური ტელეფონებით ახალი ამბების გაშუქებას პრაქტიკული დავალებების შესრულებისას სწავლობენ. ამჯერად, ისინი, IBSU-ს ამერიკათმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო კვლევით კონფერენციას ესწრებიან, რომელიც აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გახსნა. კონფერენცია სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ გაიმართა.
ქეთი ფანქველაშვილი IBSU-ს ეკონომიკის (ინგლისურენოვანი) პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. იგი ფიქრობს, რომ 2023 წელი, უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო და იმ ღონისძიებებზე საუბრობს რაც დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. მასთან ინტერვიუ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ეთა სულუხიამ ჩაწერა. – მეც ისეთივე სტუდენტი ვარ როგორც ყველა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი მოვალეობები მაკისრია ვიდრე ჩვეულებრივ სტუდენტს. ჩემი ერთი დღე იწყება IBSU-ში მოსვლით, სტუდენტებთან უშუალო კონტაქტით, მათ პრობლემებზე საუბრით და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებით. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობაც მაგას ნიშნავს, რომ ყველანაირად სტუდენტზე მიმართულები ვარ და ჩემი სამუშაო დღის ძირითადი გეგმაც სწორედ ეს არის. – ყველაზე ხშირად, რა სახის პრობლემების გამო მოგმართავენ სტუდენტები? – ყველაზე ხშირად პრობლემები უკავშირდება გრაფიკს, ლექტორებს… ამ ბოლო დროის კი ყველაზე აქტუალური პრობლემა ინგლისური ენის წიგნებს უკავშირდება. წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს სტუდენტებისთვის და ყიდვის შემდეგ ვლინდება ტექნიკური ხარვეზებიც. – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიდი ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის მეორე ნახევარში, შეიცვალა უნივერსიტეტის მენეჯმენტი და რექტორი. როდის და რა გარემოში გაიცანით ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა? – IBSU-ში მომხდარმა ცვლილებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სტუდენტებში. პირველად, ახალი რექტორი, ბატონი კახა შენგელია, სტუდენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე გავიცანი, შემდეგ კი მასთან უშუალო კონტაქტიც მქონდა. – რამდენად ჩართულია ახალი მენეჯმენტი სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში? – ჯერ მაინც ახალი პერიოდია, დიდი ხანი არც გასულა რაც IBSU-ს მენეჯმენტი შეიცვალა. ჯერ-ჯერობით ადაპტაციის პერიოდი გვაქვს. – სემესტრის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი ამ პერიოდში? – ჩანიშნულია შეხვედრა, რომელსაც განათლების დეპარტამენტი ჩაატარებს. შემდეგ კვირაში კი გაიმართება “რა? სად? როდის?” – გართობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით. შემდეგ ღონისძიებებზე კი ინფორმაციას ეტაპობრივად გავავრცელებთ. – გარდა აღნიშნული აქტივობებისა, რაც უნივერსიტეტის კამპუსში ტარდება, გარე აქტივობებიც გაქვთ? – დიახ, ბოლოს ვიყავით 2 დღიან ექსკურსიაზე ვარძიაში, 50 სტუდენტი. – მსგავს აქტივობებს ადრე IBSU აფინანსებდა და რას გვეტყვით ახალ მენეჯმენტზე? – ჯერ-ჯერობით დაფინანსების თემა ანალოგიურია წინა მენეჯმენტისა. ნაწილს აფინანსებს უნივერსიტეტი, ნაწილს კი სტუდენტები იხდიან, რადგან ეს არის ექსკურსია და არა უნივერსიტეტთან დაკავშირებული აქტივობა. – საახალწლოდ რას გეგმავთ? – 23 დეკემბრისთვის იგეგმება სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან საახალწლო ღონისძიება არაოფიციალურ გარემოში. – მინდა შევეხო IBSU-ს აკრედიტაციას 2024 წლისთვის. რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე? – ამ საკითხზე ინფორმაცია კარგა ხანია მაქვს და ადმინისტრაციის დიდი სურვილი ჰქონდა ამ პროცესში სტუდენტური თვითმმართველობა ჩართულიყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების ხმა ადმინისტრაციაში და სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისას ჩვენ აქტიურად დავეხმარეთ ადმინისტრაციას იმ კითხვებზე პასუხების მოპოვებაში რას სტრატეგიულ გეგმას უკავშირდებოდა. – როგორ შეაფასებ 2023 წელს და რას გეგმავთ 2024 წლისთვის? – 2023 წელი ნაყოფიერი, იღბლიანი და ბევრი წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დატვირთული ბევრი ღონისძიებითა და ივენთით. დამეთანხმებით, რომ სტუდენტებისთვის აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მომავალ 2024 წელსაც, ასე გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და IBSU ყოველთვის იქნება გამორჩეული ყველაზე აქტიური სტუდენტური თვითმმართველობით. მასალის ავტორი: ეთა სულუხია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი