შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 26

„გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო ძალადობა ჩემმა მეუღლემ.  ის ბავშვების თანდასწრებით  მაყენებდა  ფიზიკურ  შეურაცხყოფას და ამას  პრობლემად ვერ აღიქვამდა,“  – გვიყვება ა.გ., რომელიც 17 წლის ასაკში სიყვარულით გათხოვდა. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. მისი თქმით, ქმარი, რომ მასზე ძალადობდა, ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და მეზობლებმაც, თუმცა „ოჯახის საქმეში“ არ ერეოდნენ.   ა.გ  კი იმდენად შეშინებული იყო  რომ ეგონა  ამ სიტუაციას თავს ვერასდროს დააღწევდა.  თუმცა  პოლიციას მორიგი ძალადობის შემდეგ შეატყობინა. ეს ნაბიჯი, მხოლოდ შეშინებული ბავშვების გამო გადადგა, – „როდესაც  ვხედავდი რა ემართებოდათ დასისხლიანებული დედის დანახვისას, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და  სამართალდამცავებს  შევატყობინე “, – ის ამ ნაბიჯს არც ნანობს, რადგან თვლის, რომ მოძალადე მამასთან ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ, – „ვნანობ იმ მოთმინებას  და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ბევრად უფრო მალე მოვაგვარებდი ამ პრობლემას,“ – ამბობს ის, და ყველა ძალადობის მსხვერპლს მოუწოდებს გამბედაობისკენ.   ოჯახში ძალადობა  ერთ-ერთი ყველაზე რთული, გავრცელებული და სპეციფიკური  პრობლემაა.  ის გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების  დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.   ოჯახში ძალადობის თემა დიდი ხნის განმავლობაში, მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ითვლებოდა ტაბუდადებულ საკითხად, რომლის სააშკარაოზე გატანა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად განიხილებოდა.   ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალურ სურათს,  რადგან ჩვენს გარშემო ძალადობის უამრავი შემთხვევა ხდება, რომლის შესახებაც  არავინ ლაპარაკობს. ამის მიზეზი სხვადასხვაა: საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, უნდობლობა სამართალდამცველების მიმართ, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სხვ.   ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე.   ამ მიზნით, 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის,  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.  შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი  საუწყებათაშორისო  საბჭოს  მუშაობაში,  რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას  უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ, 2018 წლის მარტში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული 432 შემთხვევა მოხდა. შსს აცხადებს, რომ მათგან 220 საქმე გახსნილია. აღნიშნული სტატისტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლს მოიცავს, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევები რაოდენობრივად 336-ით და პროცენტულად 50.93%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის მარტში შსს-მ ოჯახში ძალადობის 96 შემთხვევის შესახებ დაიწყო გამოძიება და მათგან 62 საქმე გახსნა.   შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.   2010 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) – გაეროს სააგენტო დააფუძნა, რომლის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაარსება გაეროს რეფორმების პროგრამის ნაწილი იყო, რითიც რესურსები და მანდატები უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად გაერთიანდა.  გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:   სამთავრობათაშორისო უწყებებისთვის, მათ შორის ქალთა მდგომარეობის კომიტეტისთვის, პოლიტიკის, გლობალური სტანდარტებისა და ნორმების ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა; წევრი სახელმწიფოების დახმარება აღნიშნული სტანდარტების განხორციელებაში, ასევე შესაფერისი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქმედითი პარტნიორობების ხელშეწყობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას ითხოვენ; გაეროს სისტემის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის სფეროში საკუთარ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მთელი სისტემის მასშტაბით მიღწეული წინსვლის რეგულარული მონიტორინგი. ორი დღის წინ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა. მსოფლიოს ბევრი ქალაქის მსგავსად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას თბილისიც შეუერთდება.   ოჯახური ძალადობა დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. სპეციალისტების თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში,  სამართალდამცავების მიმართ  ნდობა,  საკუთარი უფლებების კარგად ცოდნა და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება“  112 “– ში .   „112“– ერთიანი  საგანგებო ნომერი  24/7  საათის  განმავლობაში  სპეციალურად  დატრენინგებული  ოპერატორების  დახმარებით  პოლიცია  მოახდენს  დროულ  და ოპერატიულ  რეაგირებას  შესულ  ინფორმაციაზე. შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში არსებობს ხუთი თავშესაფარი, სადაც მათ შეუძლიათ ცხოვრების თავიდან დაწყება ძალადობის გარეშე.       ანა მშვილდაძე    

job fair 2017 ჟურნალისტი-თაზო ზარიძე Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2017

  სიძველისგან ფერდაკარგული, დაობებული  მუყაოს კედლები, ტალახიანი „ბილიკები“ მწერები და ნესტის სუნი  ეს “ოცნების ქალაქია“, რომელიც გიგისთვის მართლაც  საოცნებო ადგილია.   “სამი დედმამიშვილი მყავს, ჩვენ საკუთარი ჭერიც კი არ გვქონდა, როცა გავიგეთ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახები სახლდებოდნენ, დავიძარით საოცნებო ადგილისთვის, 20 კვ მეტრი ფართი ავიღეთ და ვცხოვრობთ, მართლია ეს არ არის ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ჭერი გვაქვს, საკუთარი ჭერი,” – ამბობს გიგა „ოცნების ქალაქის“ ერთ-ერთი მკვიდრი.   ყოფილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გიგისნარი ათასობით ადამიანი ცხოვრობს – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკარები და  სოციალურად დაუცველები. ისინი ბრძოლობენ სიცოცხლისთვის, აქ ბრძოლაა გადარჩენისთვის, რომელსაც ბევრი უძლებს ბევრიც კი ვერა,  9 წლის ლუკა გაუსაძლისი პირობების მსხვერპლი გახდა:   „ცხოვრებისთვის არასათანადო პირობებმა, სიბინძურემ, სიცივემ, გაჭირვებამ,  შეიწირა ჩემი შვილის სიცოცხლე,” – თვალცრემლიანი და ფერდაკარგული გვიყვება ინგა სანიკიძე (ლუკას დედა), თუმცა ის დარჩენილ 3 შვილთან ერთად არსებობისთვის  ბრძოლას აგრძელებს,   „ოცნების ქალაქი“ ბათუმის გარეუბანში სამ ლოკაციაზეა გაშენებული – ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე. უკანონოდ შეჭრილებს მთლიანობაში 25 ჰექტარი აქვთ დაკავებული, აქედან 20,4 ჰექტარი აჭარის ავტონომიის ქონებაა, 4,6 ჰექტარი კი ერთ-ერთ კერძო კომპანიის საკუთრება. 2012 წლის გვიანი შემოდგომა იდგა, როდესაც აქ მოსახლეების პირველი დიდი ნაკადი გამოჩდა – ქოხებში წვიმდა, ხოლო ირგვლივ იყო ტალახი, უწყლობა, სიბნელე და სიცივე. თუმცა, ამის მიუხედავად, დასახლებაში ყოველდღიურად იზრდებოდა ოჯახების რაოდენობა, რადგან მათ სჯეროდათ,  უკეთესი ცხოვრების.   გიგის ოცნებაა შეშა. ლუკას – წყალი, ნიკას – საჭმელი, გურანდას – სუფთა გარემო, მარიკას – მინდა ჩემს სახლში აღარ წვიმდეს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვების  ოცნებები განსხავებულია თანამედროვე ბავშვების ოცნებებისგან, ისინი არ ითხოვენ აიოფონს, ველოსიპედს და ფუფუნების საგნებს, მათი სურვილები, საარსებო მინიმუმია. ლოყებწითელა ათიოდე წლის ნიკოლოზის ნახატებმა ყველა „ოცნების ქალაქის“ მკვიდრის ოცნება ერთად შეაჯამა – ლამაზი სახლები, ყვავილებით მორთული, ირგვლივ მომღიმარი და ბედნიერი ადამიანები.   48 წლის ჯიმშერიც „ოცნების ქალაქის“ მკვიდრის, ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და შეზღუდული შესაძლებლობის პირია და პენსიით, სოციალური დახმარებით და  გარევაჭრობით ირჩენს თავს. ზაფხულში საზამთროს ყიდის, რომ ზამთრის გასათბობად თანხა შეაგროვოს. თუმცა სხვები თავის გატანას თურქეთში მუშაობით ახერხებენ, სადაც ზაფხულობით ჩაის და თხილს კრეფენ, ხოლო ზამთრობით კერძო პირების სახლებს ალაგებენ ან ბავშებს და მოხუცებს უვლიან.   ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში მუყაოს ყუთებისგან, ძველი პოლიეთილენის პარკებისგან, ფიცრებისა თუ ჯოხებისგან პატარა ქოხი არ შეუკოწიწებია და სახლობანა არ უთამაშია. თუ ეს ზოგიერთი ჩვენგანისთვის ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს ქოხმახებში რეალურად ცხოვრობენ და იმედგაცრუებულები შეჰყურებენ მომავალს, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია… – ესაა „ოცნების ქალაქის“ რეალობა. ლილიანა საითაძე  

ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მონდომებული – ასე ახასიათებს საზოგადოება სტუდენტს. ადამიანს, რომელიც ცდილობს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იმუშავოს და საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს, თუმცა მათი დასაქმება, დღეს, პრობლემური თემაა, რადგან ხშირად სამსახურის და სასწავლებლის გრაფიკს ვერ უთავსებენ.   ამის მიუხედავად, არსებობენ დამსაქმებლები, რომლისთვისაც სტუდენტის დასაქმება პრიორიტეტულია.   ზურა ნანობაშვილი „ლოპოსიას“ მფლობელია, რომელიც თბილისი მოლში მდებარეობს. მისთვის უმჯობესია საკუთარი მაღაზიის დახლთან სტუდენტი იდგეს, რადგან ფიქრობს, რომ ისინი  გამორჩეულნი არიან.   „ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის სტუდენტთან თანამშრომლობა ძალიან მომგებიანია, რადგან ისინი უფრო ენერგიულები არიან, მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან სამსახურს და მოტივაცია მაღალი აქვთ. მათ სჭირდებათ როგორც პრაქტიკული გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე ფინანსური სიძლიერე. ამ ეტაპისთვის ვთანამშრომლობ სტუდენტთან, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მუშაობის პროცესში იქონიოს კონსპეექტები და ისწავლოს ან იკითხოს წიგნები. ვცდილობ ყველანაირად შევუწყო ხელი და ისეთი გრაფიკი ჰქონდეს, რომ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა არ მოუწიოს,“ – ამბობს ზურა ნანობაშვილი.   განსხვავებული აზრი აქვს მარკეტის მფლობელს ნინო მორჩილაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ სტუდენტები პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან საქმეს და სჭირდებათ მხოლოდ ერთი ან ორთვიანი სამსახური, რაც დისკომფორტის შემქმნელია მისთვის.   “მქონია გამოცდილება სტუდენტებთან მუშაობის და საკმაოდ რთულია მათი ხელშეწყობა, ბევრჯერ მიცდენდნენ სამსახურს უნივერსიტეტის მომიზეზებით და ამით საქმე მიფუჭდებოდა,“ – განაცხადა ნინომ.   ანა ვაშაკიძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. ისიც, ისევე როგორც სხვა სტუდენტები ფიქრობს, რომ იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს, აუცილებელია ფინანსური საკითხი მოგვარებული ჰქონდეს, ამიტომ მიიღო მონაწილეობა „ვენდის“ პროექტში, რაც სტუდენტების დასაქმებას გულისხმობს და დღეს იგი მათი თანამშრომელია.   “უნივერსიტეტის მერე ყოველთვის მრჩებოდა თავისუფალი დრო, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა და ე.წ „ჯიბის ფული“ გამომემუშავებინა. ჩემს ფაკულტეტზე თეორიული მასალა არ არის სასწავლი, ამიტომ მარტივად ვათანხმებ უნივერსიტეტში სიარულსა და მუშაობას. ზოგჯერ მიწევს ლექციის გაცდენა სამსახურის გამო, თუმცა ეს არ ხდება სისტემატურად და ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენს,“ – აღნიშნა ანამ.   დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას ანი თხელიძისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ეძებს სამსახურს, სადაც ხელს შეუწყობენ და სწავლაში ხელი არ შეეშლება. მისი თქმით, დამსაქმებლები ან დიდ გამოცდილებას ითხოვენ, ან არ აწყობთ დისკომფორტის შექმნა სტუდენტით, რომელსაც გრაფიკი უნდა შეუწყონ.   “მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი უფრო მეტად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ ყველაფერში დამოუკიდებელი გავმხდარიყავი. მათ შორის ფინანსურადაც. ჩვენს ასაკში ყველას აქვს მოთხოვნები და ქვეყნაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არც ისე ადვილია მათი დაკმაყოფილება. სტუნენტობის პირველივე წელს გადავწყვიტე მუშაობის დაწყება. უამრავი განცხადება ვნახე, სადაც სამწუხაროდ პირველ რიგში ითხოვენ მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას, მიღება კი 18წლიდან იწყება. ვერ ვხვდები როგორ უნდა მქონდეს ამ ასაკში გამოცდილება თუ სამსახურში არავინ ამიყვანს. ერთ-ერთი მთავარი პრობელმაა ასევე სამუშაო გრაფიკი,  დამსაქმებლებს ძირითადად არ აქვთ მორგებული დრო სტუდენტებზე. გამოდის ან უნდა ვისწავლოთ ან უნდა ვიმუშაოთ. თუ არ ვისწავლით სამომავლო  წარმატების შანსები რადიკალურად შემცირდება. სწორედ, ამიტომ დროის სიმწირის გამო,  მირჩევნია ვისწავლო და მომავალი პროფესიით ვიმუშაო, ვიდრე  დაბალ ანაზღაურებადი და არაფრისმომცემი სამსახურით მომავალი გავიფუჭო.“   არსებობს სამსახურები, სადაც სტუდენტებს გრაფიკით ხელს უწყობენ, თუმცა ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ზოგჯერ ტრანსპორტის ფულსაც ვერ ფარავენ, ამიტომ დროის ფუჭად ხარჯვას, ახალგაზრდებს ურჩევნიათ ის დრო სწავლას მოახმარონ. ვიდრე იმუშავონ და დემოტივაცია განიცადონ იმის გამო, რომ ნაშრომი სათანადოდ არ უფასდებათ.   მკითხველს შევახსენებთ, რომ დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა შეუძლიათ ბედი სცადონ დასაქმების საიტ worknet.gov.ge-ზე.   ამ საიტის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საქართველოში არ არსებობდა სამუშაოს მაძიებლებისათვის რეგიტრაციის ერთიანი სისტემა; არ არსებოდა დამსაქმებლების რეგისტრაციის ერთიანი სისტემა; არ არსებობდა თავისუფალი სამუშაო ადგილების რეგისტრაციის ერთიანი სისტემა; არსებობდა მონაცემების ცენტრალიზებულად შეგროვების, შენახვის დამუშავებისა და ანალიზის ერთიანი სისტემა; დამსაქმებლისა და ვაკანსიის რეგისტრაცია დაიწყო 2016 წლის მარტიდან. worknet.gov.ge ბევრი შესაძლებლობა აქვს, სამუშაოს მაძიებლებს ეძლევათ შესაძლებლობა განათავსოს  საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია; ვაკანსიის პირობებში მოიძიოს დამსაქმებელმა; თვითონ მოიძიოს ვაკანსია და გაუგზავნოს მონაცემები დამსაქმებელს; თავად მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის რა ნაწილი გახდეს საჯარო გარდა პერსონალური ინფორმაციისა; შექმნას და მართოს საკუთარი გვერდი; მოიძიონ სასურველი ადამიანურ რესურსი ქვეყნის მასშტაბით; ვაკანსიის პირობებში ავტომატურად დააკავშიროს სამუშაოს მაძიებელს; თავად მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის რა ნაწილი გახდეს საჯარო; მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ვაკანსიებისა და დასაქმების ხელშემწყობი პრორამების შესახებ ასევე, მოიპოვონ სტატისტიკური მონაცემები  ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ძალი მარიამ წივილაძე

  არ დაბადებული გოგონების ხსოვნას „ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემი მეუღლე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ჩვენი გოგონა რომ წამოიზარდა ისე ექცეოდა, ისე ზრდიდა როგორც ბიჭს, ბარბების მაგივრად მანქანებს ყიდულობდა, სახლში სულ ან ჭიდაობას ასწავლიდა ან ბურთით ათამაშებდა. მისი ოცნება იყო ბიჭი ჰყოლოდა და ამას უკვე ვეღარც მალავდა, თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ საკუთარი შვილების „მკვლელობაზე“ იყო წამსვლელი,“  – ამბობს 22 წლის ელენე, რომელიც ორი შვილის დედაა და მეუღლესთან ერთად კახეთში, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ოჯახი სამი წლის წინ შექმნეს და პირველი გოგონაც მალევე შეეძინათ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ელენე მალევე დაორსულდა, თუმცა როცა მისმა მეუღლემ სქესი გაიგო და გაარკვიეს რომ ისევ გოგონა უნდა ჰყოლოდათ ელენეს აბორტის გაკეთება მოსთხოვა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, – „არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, არ ვიცი რატომ დავთანხმდი, სამჯერ, სამჯერ მოვკალი საკუთარი შვილი.     მხოლოდ იმიტომ რომ გოგონა იყო და ჩემს მეუღლეს არ უნდოდა კიდევ ერთი გოგო ჰყოლოდა. ძალიან შეიცვალა, სულ ვჩხუბობდით, ყველაფერს მე მაბრალებდა, მეუბნებოდა რომ არ შემეძლო მისთვის ბიჭი გამეჩინა. დღემდე არვიცი რამ დამასუსტა ასე, ან პირიქით, რამ მომცა იმის ძალა რომ ჩემი პატარა გოგონებისთვის სიცოცხლე მომესწრაფებინა“. დღეს, ელენე 5 თვის ორსულია. ამჯერად, ოჯახი ბიჭს ელოდება – „როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი თქმისაც კი მეშინოდა. მეგონა, კიდევ ერთხელ, მომიწევდა იმავეს გაკეთება, ამას ვეღარ გადავიტანდი. ჩემს შვილთან ერთად მოვკვდებოდი. ბიჭი აღმოჩნდა და ჩემს მეუღლეს ძალიან გაუხარდა. არ ვიცი რას ვგრძნობ, ვეღარაფერს ვგრძნობ დანაშაულის გრძნობისა და სინანულის გარდა. არ ვიცი, საერთოდ, როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას. ჩემს თავს მიზეზს ვეკითხები და პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, არ შემეძლო იმ ზეწოლისთვის გამეძლო, რომელიც ჩემი მეუღლის მხრიდან მოდიოდა.“ – ელენემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი იღებს. სელექციური აბორტი წლების განმავლობაში იყო და დღემდე რჩება უდიდეს პრობლემად ქართულ საზოგადოებაში.   „როცა ბავშვს სქესის საპირისპიროდ ექცევიან ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს მის ფსიქიკაზე და მომავალ განვითარებაზე. შესაძლოა ამან მის თვითშეფასებაზეც იმოქმედოს და თავი არასასურველად მიიჩნიოს.“ – ამბობს აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თეკლა კვინიკაძე  – „საზოგადოება და ჩვენი კულტურა ქმნის თითოეული სქესისთვის განსაზღვეულ ნიშნებს ნორმებსა და წესებს. ბავშვი ამ ნორმებს ითვისებს და შემდეგ, როცა მას სქესის საპირისპიროდ ექცევიან უამრავი კითხვა უჩნდება, მან არ იცის როგორ მოიქცეს, დიდი შანსია საკუთარ თავში ჩაიკეტოს.“  ფსიქოლოგი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასაც უსვამს ხაზს და ამბობს რომ საქართველოში მრავალი წელია მსგავსი სატატისტიკაა –  „ჩვენს ქვეყანაში ძველი დროიდან მოყოლებული ოჯახების გენდერული შემადგენლობა რეპროდუქციული სტრატეეგიის განმსაზღვრელია. მინიმუმ ერთი ვაჟის ყოლა ყველა ოჯახისთვის აუცილებელი იყო, ამიტომ ისინი იქამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ვაჟი არ ეყოლებოდათ. თანამედროვე ტექნელოგიების განვითარებამ საშუალება მისცა საზოგადოებას  არასასურველი სქესის ბავშვი მოიშორონ აბორტის საშუალებით. ვთვლი რომ სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გაზარდა სელექციური აბორტების ზრდა.“   სამეცნიერო პორტალი „დოქტრინას“ კვლევების მიხედვით, ბოლო 25 წელში 31 446 გოგონას სიცოცხლე შეეწირა სელექციურ აბორტს. დაბადებამდე სქესის განსაზღვრა და სქესის მიხედვით ოჯახის დაგეგმვა კულტურული ფენომენია და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში გენდერული დისბალანსია. „ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პაციენტები სქესის გაგების შემდეგ, ბავშვის გაჩენაზე ყოყმანობენ, მათ კი პაციენტის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლიათ.“ – ნათქვამია სამეცნიერო პორტალ „დოქტრინას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.   ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ 2014 წლის ოქტომბერში აბორტის მიმართ რეგულაციები გამკაცრდა. 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურების, ან სამედიცინო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან სტატისტიკა არ იკლებს. გაეროს მოსახლეობის ფონდმა და მსოფილიო ბანკმა საქართველოში ჩაატარა გამოკვლევა. მათი ინფორმაციით, საქართველოში  სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლებში, დაახლოებით, 25,000 გოგონა „გაქრა.“ მათივე ინფორმაციით, თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის – 40,000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 80,000-მდე გაიზრდება. თინათინ სიხარულიძე

ადა 30 წლისაა, ეთნიკურად ბოშა და თბილისში ნივთებს ყიდის: სუნამოებს, ელექტრო სავარცხლებსა და თმის მოვლის საშუალებებს. თავიდან, როდესაც ვკითხრე დისკრიმინაციის შესახებ, მითხრა, რომ მას დისკრიმინაცია არ ეხება. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ადგილიდან აძევებენ. ,,მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ და ,,ციგნებს“ გვეძახიან. ჩვენ ასე ვშოულობთ ფულს და ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ადა და გვიყვება ზოგჯერ მძღოლები როგორ ეჩხუბებიან და მაწანწალას ეძახიან.  ეს, კი მისთვის შეურაცხმყოფელია.   ხშირად ეჩხუბებიან და დასცინიან მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტროში) სამოწყალოდ გამოსულ არასრულწლოვან ბოშებსაც. ბავშვები, რომლებიც წესით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უნდა დადიოდნენ მოწყალებას ითხოვენ მეტროს მგზავრებისგან.   „ხშრად მიწევს მეტროთი მგზავრობა, ვარკეთილის მეტროდან დიდუბემდე თითქმის ყველა გაჩერებაზე მოწყალების სათხოვნელად ხელგაწვდილი პატარები დადიან… ხშირად, ეს პატარები აგრესიულებიც კი არიან, თუკი მათ დააიგნორებ. გუშინ შევესწარი ფაქტს, რომ მეტრშოში, ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს მოწყალებას სთხოვდა, ის კი ყურადღებას არ აქცევდა, პატარა ბოშამ ფეხების რტყმევა დაუწყო…  საოცარი მოთმინების უნარი გამოიჩინა მგზავრმა, რომ პასუხი არ დაებრუნებინა აგრესიული პატარ ბოშასთვის,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ყიველდღიურად სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით.   საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. თუმცა, არაოფიციალურად, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით, დისკრიმინაციის ფაქტები, ბოშათა შემთხვევაში, არ შემცირებულა.   ,,დისკრიმინაციისა და ჩაგვრის თვალსაჩინო მაგალითები, როგორც ესეთი, ეთნიკური ნიშნით, ჩვენდა სასიხარულოდ, აღარ გვაქვს, თუმცა ბოშების თემი არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა მშობლები სკოლასა და ბაღში აპროტესტებდნენ, რომ არ უნდოდათ მათ შვილებს ბოშების გვერდით ესწავლათ. შემდეგ, ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი და ეს რამდენიმე შემთხვევა აღიკვეთა. თუმცა, ბოშა საზოგადოებას რომ ვკითხოთ, სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო, საზოგადოების დისკრიმინაციის გამო, ხშირად ექმნებათ პრობლემები, ადამიანური თვალსაზრისით, რადგან, მათი არაპირდაპირი დისკრიმინაცია ხდება,“ – ამბობს საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიცერი, ადამიანის უფლებების საკითხებში, დენოლა ჩხარტიშვილი.   სახალხო დამცველის, 2017 წლის, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ,,2017 წლის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიუხედავად, არსებული სირთულეების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები არ იყო სათანადოდ ეფექტური და გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია.“ აღნიშნულ ანგარიშში, ყურადღება გამახვილებულია, განათლების ხელმისაწვდომობასა და სახელმწიფო სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ძალიან დაბალ მაჩვენებელზე. ბოშათა შემთხვევაში, უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათ  საზოგადოებაში ინტეგრაციას.   PHR-ის ანგარიშის მიხედვით, ,საქართველოში ბევრ ბოშა მოქალაქეს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო ბოშა ბავშვების სკოლაში დასწრების მაჩვენებელი დაბალია. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ბოშა ბავშვებს ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა უწევთ. სახელმწიფოს არ გააჩნია სტრატეგიული ხედვა მათი მძიმე პირობების შესამსუბუქებლად. კომიტეტი ასევე მიუთითებს ბოშათა თემში, ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე.   ,,ბოშები სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც საქართველოს სხვა მოქალაქეები. სხვა დამატებითი სოციალური პაკეტები არ გვაქვს.“ გამომდინარე იქედან, რომ ბოშათა უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ვერ სარგებლობენ შეღავათიანი პაკეტებით. – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.   ,,დისკრიმინაციის მსხვერპლნი  მთელი რიგი ფსიქოლოგიური თავისებურებებით გამოირჩევიან. პირველ რიგში, თვალშისაცემია, დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს დამცირება და შეურაცხყოფა. ეს კი ნეგატიურ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, თავს იჩენს დეპრესია და სხვადასხვა ტიპის ნევროზულ-შფოთვითი აშლილობები,“ ამბობს ფსიქოლოგი ლელა სტურუა.   არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები ბოშები სტერეოტიპული დამოკიდებულებების, განათლების ხელმიუწვდომობისა და სოციალური არამდგრადობის გამო, მაინც ვერ ახერხებენ საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას და ხშირად დაცინვისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.   ფოტოზე ბოშათა დასახლება ქობულეთში თამარ იაკობაშვილი

ძირში ტანსაცმელს ვალაგებ, მერე კარავს, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები სულ ზემოთ უნდა იყოს, ქვესაგებს, საძილე ტომარას და გამოსაცვლელ ფეხსაცმელს ჩანთაზე ვამაგრებ. ივლისის მიწურულია, მოგზაურობა იწყება. მანქანაში უხერხული სიჩუმეა, თანამგზავრებიდან თეოს და ვანოს ვიცნობ, წელს თამთა შემოგვემატა, ასევე ადელკა და ევა, ჩეხეთიდან. პირველი გაჩერება ტბათანაა, სადამდეც მანქანით მივდივართ. მომდევნო დღეებში არც სამანქანე გზა იქნება და არც ტელეფონებს ექნება მიღება. გაგვიმართლა – არ წვიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ დასაბანაკებელ ადგილამდე ამოსვლას ვერ შევძლებდით. წვიმიან ამინდში გზა ფაქტობრივად იკეტება და ტბათანამდე მისვლა შეუძლებელია, კარგი ამინდის შემთხვევაშიც რთულია ამ გზის გავლა, რომელიც ციცაბო აღმართებისგან და დიდი ნაპრალებისგან შედგება. ტბათანა ადრე დასახლებული ადგილი იყო, აქაურობა ხის ქოხების ნარჩენებით არის მოფენილი, მხოლოდ ერთი ქოხი დგას დაუზიანებლად, რომელსაც რამდენიმე წელში ერთხელ თუ აკითხავენ მფლობელები რამდენიმე კვირით. ვრცელი საძოვრები, სოფელი და გარემო მიტოვებულია, ირგვლივ მწვანე მთები და საოცარი ჰაერია, სიჩუმეს არაფერი არღვევს. ღამეს ერთ-ერთი მიტოვებული ქოხის ნანგრევებში ვათენებთ და დილის 5 საათზე გზას ვაგრძელებთ. ჩემს ბარგს საღებავებით სავსე ჩანთასაც ვუმატებთ, ჩვენი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბილიკების მონიშვნაა, რათა ლაშქრობის მოყვარულებმა გზის გაგნება შეძლონ, ჩვენ რამდენიმე მოხალისე ვართ, რომელიც ამ საქმეს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ეს ენთუზიაზმი და დროის გამონახვა დიდხანს შეიძლება არ გაგრძელდეს და ამ შემთხვევაში, არ იარსებებს ადამიანი, ვინც იზრუნებს იმაზე, რომ ამ მთებში მიმავალი გზა არ დაიკარგოს. პირველი სირთულე საქისტოს მთის ავლაა, ციცაბო აღმართზე გაჭრილი ბილიკი, კლდეებით არის შემოსაზღვრული, 2000 მეტრზე მაღლა ვართ და მზე გვწვავს. პერიოდულად ვჩერდებით და ნიშნებს ვაკეთებთ, მზისგან დამცავ კრემს ბლომად ვისვამთ, მაგრამ ყურები, ცხვირი, მკლავები დღის ბოლოს ყველას დამწვარი გვაქვს. პირველ ღამეს რკინის მთასთან ვათევთ, საიდანაც მთის შემოვლა და ქვემოთ დაშვება უნდა დავიწყოთ. მომდევნო დილას გზა გრძელდება, ნახევარი დღის განმავლობაში ქედებზე მივდივართ, ორივე მხარეს უფსკრულია და ცაში გამოკიდებული ცდილობ დაიცვა წონასწორობა ვიწრო ბილიკზე, ყველა მხრიდან უბერავს ქარი და სიცივე ძვლებში ატანს, შენი ძალების მობილიზებას ცდილობ და სხვა ფიქრისთვის დრო აღარ გრჩება, შენი ძალისხმევა ბილიკსა და უფსკრულს შორის არის გამოკიდებული. წიფლოვნის ჭალამდე, რომელიც შემდეგი დასაბანაკებელი ადგილია, საღამოს მივდივართ, თავში ხალხური დატირების ფრაზა მიტრიალებს „შვილებ გავწირენივ წიფლოვნის ჭალასა“ ვღიღინებ და მდინარესთან დაბანაკებული, ნათლად ვგრძნობ, რომ ეს ადგილი ცხადად ინახავს მოგონებებს, რომლებიც დატირების საფუძველი გახდა. წარმოიდგენ დედას, რომელიც შვილებს მისტირის, ამ მდინარემ რომ გაიტაცა. ცეცხლს ვანთებთ, კონიაკს ვსვამთ და ვსაუბრობთ, თეო ჩეხურად თარგმნის ჩემს საუბარს ბოჰუმილ ჰრაბალზე და ვცდილობ ევას საუბრიდან ნაცნობი ფრაზები დავიჭირო, ბოლოს „ჰიტრი ჩელოვეკს“ მიწოდებს და აღტაცებული ვიმეორებ რომ გავიგე. დილას საყორნის მთის ავლა იწყება, წელამდე დიყში ვცდილობთ გზა გავიკვლიოთ და შუაწელამდე მივაღწიოთ, სადაც უნდა დავისვენოთ. შუაწელი გულ-ღვიძლის სასაფლაოა, ამ მთებში დაღუპული ადამიანების შიგნეულობის სამარხები, მიცვალებულს კვეთდნენ ასუფთავებდნენ ორგანოებისგან და ამ ადგილას მარხავდნენ, რათა რამდენიმე დღიანი ტრანსპორტირებისას გვამი მარტივად შენახულიყო. საყორნის მთაზე მალე ავდივართ და იმ წერტილისკენ მივდივართ, საიდანაც ალაზნისთავში უნდა დავიწყოთ ჩასვლა, მოცვით მოფენილ მთას ჩავივლით და ბანაკს ვშლით. მეექვსე დღე იწყება, ძალაგამოცლილებმა ბორბალოს მთა უნდა ავიაროთ, ნელ-ნელა მზე ამოდის და იქაურობა გველებით დანაღმულ ადგილს ემსგავსება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე კავკასიური გველგესლა გვხვდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველია საქართველოში. რომელიმე ჩვენგანს რომ უკბინოს, ვერც ტელეფონით დარეკვას შევძლებთ და უახლოეს ადგილამდე მისვლას, სადაც სამედიცინო პუნქტი იქნება 4-5 საათზე ბევრად მეტს მოვანდომებთ, ამ დროში კი ნაკბენით ადამიანი იღუპება, მაქსიმალურად ვფრთხილობთ და როგორც იქნა ბორბალოს წვერს ვაღწევთ. ამ წერტილიდან რამდენიმე ხეობა იშლება თვალწინ, ხევსურეთის პირქუში და მისტიური მთები, ალაზნისთავის მხარეს მთების მოხაზულობა რბილია, ფშავის მხარეს ჯერ მაღალი კლდეების კედელია, რომელიც ყვავილებით დაფარული მთების კალთებით გრძელდება. სუნთქვაშეკრული დგახარ საოცარი სილამაზის შემყურე, ბოლომდე ხაპავ გაიშვიათებულ ჟანგბადს და ფიქრობ, რომ გაწეული რისკი ამად ღირდა. ჩეხი თანამგზავრების წამოღებულ „სლივოვიცას“ ვსვამთ და ფშავის ხეობაში გადასასვლელად ვემზადებით, ღამეს ფშავის ხეობაში გავათევთ და მეშვიდე დღეს მდინარის კალაპოტის გავლით, სოფლებამდე მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, რუკაზე ასეთი ინფორმაციაა დატანილი. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მომდევნო დილას მდინარის კალაპოტით სიარულს ვიწყებთ, ადგილ-ადგილ ბილიკის კვალს ვარჩევთ, თუმცა უმეტესად კლდეებზე გადაცოცება და მდინარის გადაკვეთა გვიწევს, საბოლოოდ მივდივართ წერტილამდე, სადაც დიდი კლდიანი ნაშალია და ფაქტობრივად, შეუძლებელია გზის გაგრძელება, ნახევარი დღე უკვე დაკარგულია. წინა ღამის საბანაკე ადგილამდე დაბრუნების გარდა გამოსავალი არ გვრჩება და საღამოს ვბრუნდებით. მეორე დღისთვის რამდენიმე მიმართულებას ვამოწმებთ, მე, ადელკა და ევა მდინარის პარალელურად, ბორცვისკენ მივდივართ და ვცდილობთ, შემოვლითი გზა ვიპოვოთ, რათა ჩამოშლილი ადგილის გვერდის ავლით ჩავიდეთ უკანა ფშავისკენ. რამდეინმე ვარიანტს უშედეგოდ ვცდით, ჩიხს ვაწყდებით, უკან ვბრუნდებით და ისევ ვცდილობთ, ერთ-ერთი მცდელობისას კოცონის კვალს ვპოულობთ და ვფიქრობთ რომ სწორი მიმართულება ვიპოვეთ, ბრმად მივაბიჯებთ მუხლამდე ბალახში და ხრამის კიდეს ვადგებით, სადაც ნივთებია უწესრიგოდ მიმოყრილი საძილე ტომარა, კარავი, პირველადი დახმარების ნივთები, კონსერვის ქილები, ნაგავი, ტურისტის მთელი აღჭურვილობა. ნივთებს ვჩხრეკთ, პროდუქტები პოლონურია, უცნაური ის არის, რომ არავინ დატოვებს ლაშქრობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთებს შუა გზაში და ბანაკისკენ მივდივართ, გზაზე არაერთ ვერსიას ვალაგებთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო: დათვმა დაგლიჯა, მიხვდა რომ რთული გზა იყო და ბარგის გარეშე გადაწყვიტა წასვლა, ხრამში გადავარდა. ამასობაში ვანომ, თეომ და თამთამ ბილიკი იპოვეს, რომელიც მთისკენ მიდის, თუმცა ბოლომდე მომდევნო დღეს გავიგებთ ეს ბილიკია თუ არა უკანაფშავისკენ მიმავალი. დილას, 5 საათზე მგზავრობის უკანასკნელ დღეს ვიწყებთ, მთაზე ავდივართ და ქვემოთ ხეობაში ვეშვებით, ბილიკით, რომელიც რუკაზე დატანილი არ არის, შუადღეს სამანქანე გზამდე მივდივართ, საიდანაც ფშავის სოფლები იწყება, ხალხი ბევრი არ არის, თუმცა სიცოცხლის ნიშნები უკვე იგრძნობა, ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, რომ საოჯახო სასტუმროს აკეთებს, უკეთესი სიტუაციაა შუაფხოში, ჭალა სოფელში, ელექტროენერგია, ზამთარ-ზაფხულს უწყვეტი გზა, სატელეფონო კავშირის არსებობა, ამ ხეობას სასიცოცხლო ძალას მატებს. ადგილობრივებისგან მანქანის მძღოლს ვპოულობ, რომელიც ერთ საათში მოგვაკითხავს და ჟინვალში წაგვიყვანს. გზის ნაპირას ვზივართ, შემორჩენილ საკვებს ვჭამთ და ხმას არ ვიღებთ, მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს – პოლონელი ტურისტი, მოგზაურობა დასრულდა. გიორგი ბასხაჯაური

„პირველად წამალი 16 წლის ასაკში გავსინჯე, მეგობრებთან ერთად, თავიდან უბრალო გასართობი გვეგონა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ არ ჩაგვითრევდა, თუმცა ხშირი მოხმარება, ჩვევაში გადავიდა.მოგვიანებით უფრო ძლიერი ნარკოტიებით დავინტერესდი და 18 წლის ასაკში ვენაში გავიკეთე. მომეწონა, მაგრამ ცოტა შევშინდი და ჩემს თავს პირობა მივეცი აღარ გავიკეთებდი. ცოტა ხნით მართლაც დავანებე თავი, თუმცა ოჯახური გაჭირვებისგან გასაქცევად ისევ დავუბრუნდი. მავიწყებდა პრობლემებს და ვერც კი ვხვდებოდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო,“ – ამბობს 40 წლის ანდრია, – „მოგვიანებით ციხეშიც აღმოვჩნდი, თუმცა არც ამან მიშველა. წამლის ფულის გამო ყველაფერი გამიკეთებია, სახლიდან მიმქონდა ნივთები გასაყიდად, ვიპარავდი, ოჯახის წევრების ნერვიულობას არაფრად ვაგდებდი, მეგონა როცა მომინდებოდა მაშინ დავანებებდი თავს. არც ერთი ნარკოდამოკიდებული არ ფიქრობს, რომ ვინმეს დახმარება ჭირდება, თავადაც ვერ ხედავენ პრობლემას. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია, შვილი იყო, როდესაც ის დაიბადა მიხვდი – ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მინდოდა მისთვის მისაბაძი ადამიანი ვყოფილიყავი და გადავწყვიტე წამალს საბოლოოდ მოვშორებოდი. ბევრი ვეცადე და მეტადონის პროგრამაში მოვხვდი, თავის ბოლომდე დასანებებლად რამდენიმე თვე დამჭირდა. დიდი მადლობა მათ, რომ დამეხმარნენ გამოჯანმრთელებაში. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად. დღეს, ყველაზე დიდი პრობელმა, საზოგადოებაშია. ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩემი ახლობლები, უნდობლად მიყურებდნენ, ბევრს პირშიც კი უთქვამს, რომ გამოსწორებული ნარკომანი არ არსებობს,“- ამბობს ის და ამატებს, რომ წარსულის გამო, სამსახურის პოვნაც ძალიან გაუჭირდა. და ფიქრობს, რომ ნარკოდამოკიდებულებს გვერდში დგომა სჭირდებათ და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა იჭერდნენ. მისი აზრით, ციხე არ არის გამოსავალი. ხშირად, ნარკომომხმარებელს აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებთან აკავშირებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარება არაა აივ/შიდსის გამომწვევი. 2018 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, გამოვლენილია 618 ახალი შემთხვევა, ამ შემთხვევებიდან, ნარკოტიკების ინექციური მოხმარებელია 16.3 %; ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირდა 62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) – 19,4%; აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა 1.4 %. საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დიდი პრობლემაა წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის, რაც მათ ხშირად ხელს უშლის მიმართოს სხვადასხვა სერვისებს დახმარებისთვის. ხშირად მათ არც კი იციან სხვადსხვა ცენტრების არსებობის შესახებ. „ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით. კერძოდ, გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და იზოლაციას, დაუსაქმებლობას – რაც, ფაქტობრივად, ქმნის მანკიერ წრეს დ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. თვითსტიგმა, ისევე, როგორც საზოგადოებაში არსებული სტიგმა, წამალდამოკიდებული პირებისათვის დროული და ეფექტური მკურნალობის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. ამ მხრივ, კი როდესაც საქმე ქალ წამალდამოკიდებულებს ეხება, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაცილებით უფრო დაუნდობელია.“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, გრემში პირველი და ჯერ-ჯერობით, ერთადერთი გრემის – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უფასო სადღეღამისო ცენტრი მდებარეობს. პროექტის „აღმოვფხვრათ ხარვეზები – მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“ კომუნიკაციების მენეჯერის ირმა კახურაშვილის თქმით, იქ მოხვედრა საკმაოდ იოლია: „ადამიანი, რომელსაც აქვს დამოკიდებულება, მაგრამ არის რემისიის, ანუ სიფხიზლის პერიოდში, თუნდაც დროებითის, და თუ აქვს სურვილი, რომ ეს რემისია დიდი ხნით შეინარჩუნოს, აკითხავს ორგანიზაცია „თანადგომას“, სადაც მას გაესაუბრებიან სპეციალისტები, შეისწავლიან მის ისტორიას და ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე, გაესაუბრებიან მისი ოჯახის რომელიმე წევრს და შემდეგ უზრუნველყოფენ მის ტრანპორტირებას გრემის ცენტრში, ამჟამად აქ 4 მამაკაცი ბენეფიციარია,“ – გვეუბნება ირმა კახურაშვილი, მისივე თქმით, გრემში რეაბილიტაციის გავლა არა მარტო ნარკომომხმარებელს, არამედ ნებისმიერი დამოკიდებულების მქონე პირს შეუძლია. ნარკომომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა ორგანიზაცია „ბემონისა“ და “კურაციოს” შარშანდელი კვლევის მიხედვით, 50 ათასიდან 55 ათასამდეა. ესენი არიან ოპიოიდების მომხმარებლები, ანუ ინტრავენური ნარკომანები. ირმა კახურაშვილის თქმით, არავინ იცის რამდენია საქართველოში სააფთიაქო ნარკომომხმარებლები, ბიოს და მარიხუანის მომხმარებლები. მათი სტატისტიკა არც სავარაუდო და არც ზუსტი ქვეყანას არ გააჩნია. გრემის ცენტრი კი მზადაა დახმარებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დამოკიდებულებას ძლიოს.   თეკლა ტაბატაძე


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting