შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 24

    ხუდონჰესის მიმართულებით კონფლიქტი არ წყდება ადგილობრივ მოსახლეობას, მშენებლ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. ზურაბ ნიჟარაძემ, ხაიშის თემის წარმომადგენელმა, 17 მარტს გაავრცელა ვიდეო მიმართვა ხაიშის თემის სახელით, სადაც სვანეთში მომხდარ ბოლო მოვლენებზე საუბრობს. „დაახლოებით ათი დღის წინ შემოვიდა მუშა ჯგუფი. დაგვარწმუნეს, თითქოს ეს კეთდებოდა ალტერნატიული ვარიანტების მოძიების გამო, ასევე უნდა დაკონსერვებულიყო ხუდონჰესზე უკვე შესრულებული სამუშაოები. მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს აღმოჩნდა მორიგი ფარსი და ტყუილი,  რადგან ამ ჯგუფმა განახორციელა არა ალტერნატიული გზების შესწავლა და ძიება,  არამედ ბეტონის კაშხლის მდგრადობა შეამოწმეს“. ვიდეომიმართვაში ყურადღება ასევე გამახვილებულია სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც  მტკიცდება, რომ ხუდონჰესი ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს მთლიანად ზემო სვანეთში, საფრთხის შემცველია როგორც სტრატეგიული, ასევე სეისმური მიმართულებით. კაშხლის დარღვევის შემთხვევაში პირდაპირი დარტყმის ქვეშ ხვდება ამ ტერიტორიების 70%. „ნუთუ თითოეული ანთებული ნათურა ღირს იმად, რომ სვანეთი გაქრეს როგორც ისტორიულად თვითმყოფადი კუთხე… სვანეთში ჩვენ ვცხოვრობთ, თქვენი ძმები, მაგრამ ის თქვენც გეკუთვნით. დაფიქრდით და გაითავისეთ ჩვენი პრობლემები”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ზურაბ ნიჟარაძე. მან ასევე საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საპატრიარქოს, დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს ხაიშის თემის მოთხოვნები გააცნო: – ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი და ეს მოხდეს კანონის ძალით – კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნას როგორც სვანეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი მეგა, საშუალო და მცირე ჰესების ავკარგიანობა და თითოეულ მათგანზე გაკეთდეს დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი – დაუბრუნდეს ხაიშის თემს სახელმწიფოს მეირ  2011 წელს კანონის გვერდის ავლით გაცემული კერძო და სათემო მიწები, რომელიც გადასცა „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” – მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა პერმამენტულ აქციებს გეგმავს. ჰესების მშენებლობა თავდაპირველად მესტიაჭალაში 2017 წელს დაიწყო.  პროექტის მიხედვით  2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსახლეობასა და მშენებელ კომპანია Trans Electrica LTD-ის შორის კონფლიქტმა თანდათან იმატა. მშენებლობა სულ მცირე სამჯერ შეჩერდა. ორჯერ სამშენებლო მოედანი წყალდიდობამ დააზიანა, წყალმა მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო და მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაანგრია, დეკემბერში კი მშენებლებს გზა უკვე ადგილობრივებმა გადაუკეტეს იმ მოტივით, რომ ზემო სვანეთის უნიკალურ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. თემასთან დაკავშირებით ასევე შეკრებილი იყო საერთო სასვანეთო კრება ლალხოხი, სადაც გადაწყდა, რომ ადგილობრივები აღარ დაუშვებენ სვანეთში ჰესები აშენდეს. მათ შორისა ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტ ჰესი. თავის მხრივ Trans Electrica-ს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ მათი მთავარი მიზანია ეკოლოგიის დაცვა და კლიმატის შენარჩუნება. „ჩვენ დიდად ვაფასებთ მდინარე ენგურის ჰიდროპოტენციალს, როგორც ფასდაუდებელ ბუნებრივ რესურსს. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთვრესი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ და გავაძლიეროთ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდებარე გარემო და შევუნარჩუნოთ ადგილობრივი კლიმატი. ხუდონჰესის პროექტი ყველაზე პრესტიჟული პროექტია კავკასიის რეგიონში, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციებს საჭიროებს და დღემდე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უდიდეს დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს, ჯამური ინვესტიციის ოდენობით 1,2 მილიარდ აშშ დოლარი,“ – ნათქვამია განცხადებაში. თავისი მმართველობის ბოლო წლებში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მდინაარებზე ასამდე ჰესის აშენების შესახებ, მათ შორის იყო ხუდონჰესიც. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ წესით პროექტი უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხუდონი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. „ხუდონი არის საკითხი, რომელმაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მისაღწევად. ვფიქრობ რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ადგილობრივებთან. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ იმ ადამინებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული განცდა იმისა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის.  ხუდონი არის ჩვენი მომავლისთვის. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, მთავრობამ, ექსპერტებმა, სპეციალისტებმა ვისაც შესწავლილი აქვს ეს საკითხი. შეიძლება მართლაც მოუტანოს ამან  ზიანი ბუნებას, მაგრამ ყველაფერი ხომ საპირწონე და შედარებითია. რაღაცის გაფუჭებით ძალიან ბევრი კარგი რამ შეიქმნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა პირადი ინტერესებიდან“. დავა ამ საკითხთან დაკავშირებით არ წყდება და თავის პოზიციებს არც ერთი მხარე არ თმობს. ამ დროისთვის ხუდონჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია, თუმცა არავინ იცის როდემდე გასტანს ეს. თინათინ სიხარულიძე

    ქავთარაძის მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდამცველები რეკრეაციულ ზონაში დევლოპერული კომპანია მ2-ის მშენებლობას აპროტესტებენ. რეკრეაციული ზონის დაცვის გარდა, პროტესტის  კიდევ ერთი მიზეზი იქ არსებული გერმანელი ტყვეების საფლავებია.   საქმე ეხება ოთხ 12-სართულიან შენობას, რომელთა აშენებასაც კომპანია მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე გეგმავს. 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიამ 2008 წელს შეიძინა, დღეს სარეკრეაციო ზონის სტატუსს ატარებს.   შავიშვილისა და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლები აქციებს მართავენ და მშენებლობას ეწინააღმდეგებიან: “ქალაქი, რომელშიც ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვარს სცდება, რომელშიც ამდენი მანქანის გამონაბოლქვია, არ უნდა ზარალდებოდეს. ეს ზონა არის ადგილი, საიდანაც ქალაქს ჰაერი მიეწოდება. ჩვენ ვითხოვთ რეკრეაციული ზონის ხელშეუხებლობას!“ – ამბობს აქციის მონაწილე ნინო ედიშერაშვილი.   მოსახლეობას უერთდება და მის აზრს იზიარებს ათამდე სამოქალაქო გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია. სწორედ მათი ხელშეწყობით შედგა აქცია სარეკრეაციო ზონაში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ – „გორა ჩვენია! არა m2-ს!“   კიდევ ერთი მიზეზი მოსახლეობის პროტესტისა არის ის, რომ ფერდობზე,  სადაც კორპუსების მშენებლობა იგეგმება, გერმანელი ტყვეების საფლავია. გარდაცვლილ ტყვეებს ერთ ადგილას კრძალავდნენ, ხის ჯვრებს უდგამდნენ და გერმანულად აწერდნენ მათ სახელსა და გვარს. დროთა განმავლობაში ხეები დალპა და იქაურობაც სულაც არ ჰგავს სასაფლაოს, თუმცა, მცხოვრებლების თქმით, ხშირად პოულობდნენ ამ მიდამოებში ადამიანის ძვლებს. მათივე თქმით, რუკაც არსებობს, რომელზეც ეს ზონა სასაფლაოდ არის აღნიშნული.     მკვლევარების აზრით, ზუსტად არავინ იცის, რა ეროვნების იყვნენ სასაფლაოზე დაკრძალული ადამიანები. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხარეს იბრძოდნენ და თბილისშიც ასე მოხვდნენ. მათი აზრით, მშენებლობა  სამუდამოდ მიივიწყებს და დაფარავს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტყვეების საფლავებს.   თუმცა, დეველოპერულ კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვთ.   როგორც m2-ის წარმომადგენლები „რადიო თავისუფლებასთან“საუბარში აცხადებენ კომპანიამ მიწის ეს ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა, ანუ მაშინ, როდესაც მას მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის სტატუსი ჰქონდა.ხოლო 2009 წელს დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა და ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილის თქმით, 2015 წელს დედაქალაქის საკრებულომ შეცვალა 2008 წელს მიღებული განაშენიანების რეგულარული გეგმა და ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ცვლილება თბილისის გენერალური გეგმის ინტერაქციულ რუკაზე არ ასახულა: „სწორედ ამ ტექნიკური ხარვეზის გამოა, რომ კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვლავ სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი.   მისივე თქმით, პროექტი მაქსიმალურად იქნება მორგებული მაცხოვრებლების ინტერესებს. მისი განხორციელების შემთხვევაში განაშენიანება შეეხება ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს, 50% კი გამწვანებულ ზონად დარჩება, სადაც მოეწყობა სკვერები და რომლის ნაწილიც გადაეცემა მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, სკვერები განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ კომპლექსის ბინადრებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.   ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიისათვის ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. „თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალაქის სასიკეთოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრეც“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.   აქედან ჩანს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდება, რადგან მხარეები კონსენსუსდე ჯერ ვერ მივიდნენ.   თავდაპირველად დავა  ქავთარაძის მოსახლეობასა და m2-ს შორის  2017 წელს წამოიჭრა. სხვაობა იმაშია, რომ მაშინ m2 ოთხი 20-სართულიანი ბინის აშენებას აპირებდა, აქციის მონაწილეებმა რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე წითელ წიგნში შეტანილი სხვადასხვა სახეობის ხეები დარგეს, მათ შორის თუთის და კაკლის ნეგრები, რომელთა მოჭრაც კანონით ისჯება.     ალექსანდრა ვიგნანსკაია სოფი კეკელია    

დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. დარიალის ხეობა სწორედ ის ადგილია, სადაც საზღვარი ივლება საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ სასაზღვრო გამშვებ პუნტზე მუშაობა ძალიან რთული კლიმატური პირობების გამო, ზამთარში ძნელია. ამ განსაკუთრებულ ბუნების გავლით, გადის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც  კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის ჯვრის უღელტეხილით და ქალაქ თბილისს  აკავშირებს ქალაქ ვლადიკავკაზთან. დარიალში გადატარებული ერთი დღით მიხვდებით, რომ პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რაც ქართული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს აკისრიათ, საკმაოდ დიდია. მათი მოვალეობაა აკონტროლონ სასაზღვრო პუნქტი, რათა ის ვინმემ უკანონოდ არ გადმოკვეთოს. მათი თქმით, რთულია იყო მუდამ მზად შენი ქვეყნის სადარაჯოზე მსგავს პირობებში, სადაც ზამთარში ტემპერატურა -20 გრადუსიდან -25 გრადუსსაც კი აღწევს. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ ბევრჯერ მოუწიათ რთულ სიტუაციაში მუშაობა, მაგალითად, 2014 წლის 17 მაისს, სწორედ  დარიალის ხეობის მესაზღვრეებმა მოახდინეს დროული რეაგირება დევდორაკიდან მყინვარული ღვარცოფის მოვარდნისას, როდესაც მთელი ტერიტორია ჩამოშლილმა მიწამ დაფარა. „ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ღვარცოფის შესახებ რაციით გადასცა ინფორმაცია,“ -იხსენებს ერთ-ერთი მესაზღვრე, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, – ,,სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ჩვენ მოვახდინეთ ტურისტებისა და სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ხალხის ევაკუირება. ყველა მათგანი გადავიყვანეთ სპეციალურად განკუთვნილ, ამაღლებულ საგუშაგოზე, სადაც დაცულები იყვნენ, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გადავიყვანეთ დაბა ყაზბეგში.’’ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მძიმე პერიოდში სატვირთოები, რომლებიც ვლადიკავკაზიდან მოდიოდნენ, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, გაჩერებული იყო. სტიქიამ დააზიანა დენის სადენებიც, რამაც ელექტროენერგიის მიწოდება  გარკვეული დროით შეზღუდა. განსაკუთრებით რთული იყო ასეთ ვითარებაში პატრულირება საბაჟო გამშვებ პუნქტზე „როცა მივხვდით, რომ ჩვენს სიცოცხლესაც ემუქრებოდა საფრთხე წამიერად ვიფიქრეთ კიდეც, რომ ადგილი დაგვეტოვებინა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობა თითქოს უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე ჩვენი თავი. ალბათ, ეს არის ჩვენი სამსახური, შეძლებისდაგვარად ბოლომდე ვიყოთ ადგილზე.’’ განსაკუთრებით რთულია გამშვები პუნქტის მესაზღვრეების როლი საომარი სიტუაციების დროს, რადგან ხშირად მსგავს სიტუაციებში სამხედრო ძალას უჭირს ადგილზე მისვლა ადგილდმებარეობიდან გამომდინარე, ხანდახან კი უდიდეს პრობლემას ქმის ამინდი. ამ დროის განმავლობაში, კი მესაზღვრეებს  საკუთარი ხელებით და მთელი მონდომებით უწევთ მოწინააღდგეებთან გამკლავება. თითქოს დაძაბულ არეალში, სადაც მუდმივად ქაოტური მოძრაობაა, იქვე სასაზღვრო პუნქტთან ახლოს, შეუძლებელია არ შენიშნო  წმინდა მთავარანგელოზის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თავისი მყუდროებით, სტატიკურად გადმოჰყურებს კლდიდან ხეობას და მდინარე თერგს. განსხვავებულია თავისი სიდიადით, უნიკალური, ოსტატურობი აგებულებით. მისი მშენებლობა, ჯერ კიდევ, 2005 წელს დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები ახლაც გრძელდება. კომპლექსი 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ აკურთხა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ უწმინდესმა მონასტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დიდია  სასაზღვრო ზოლში ეკლესიის როლი, რადგან სტუმარი, რომელიც საზღვარს გადმოლახავს, მაშინვე მიხვდება, თუ რამხელა მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანაა საქართველო, თავისი უნიკალური ძეგლებითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით – ქრისტიანობით. “ეს ტაძარი იქნება ციხესიმაგრე, როგორც – თამარ მეფის დროს. გვიჩვენებს სასწაულს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან”. ადგილობრივი მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ  ტაძარი  “კლდესა ზედა”  ისეთია, რომ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი” ვერ მოერევიან მას. თითქოს, მათ ამ ტაძრის მფარველობის იმედი აქვთ. კიდევ ერთი ისტორიული ღირშესანიშნაობა, რასაც დარიალში შევხვდებით, არის უძველესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარიალის ციხე.  იგი 1000 მეტრზე მებარეობს და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე უკანასკნელი პუნქტია. საინტერესოა მისი ისტორიული მნიშვნელობაც, ადგილობრივების თქმით, დარიალისხეობის საიმედოდ დაცვისათვის საჭირო იყო მკვიდრი სიმაგრე, სადაც ჩადგებოდა მუდმივი გარნიზონი. ამ მიზნით ციხის ასაგებად აარჩიეს მცირედ გაშლილი ადგილი, რომელსაც თავზე მთა დაჰყურებდა, სწორედ ამ მთაზე აღმართეს ციხე. მთა, დღესაც მიუდგომელი სალი კლდეა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, საიდანაც ყველაზე მეტი საფრთხე იყო მოსალოდნელი, დასავლეთით კი ქვით ნაშენი კედლები აუგიათ მეტი სიფრთხილისთვის. მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ნანგრევებში სხვა და სხვა დროის, მათ შორის ძვ.წ. II  და ახ.წ. XVIII -ის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. გამომდინარე აქედან, მშენებლობა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ყოველ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ემატებოდა სამშენებლო მასალების კვალი. თითქოს ამ პატარა არეალში, სადაც მიუვალი ადგილებია და მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავაა, კლდეებს შორის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამყაროებია, სადაც თავს იყრიან სამშობლოს ერთგული მამაცი გუშაგები, რომლებიც მოთმინებით ასრულებენ თავიანთ სამუშაოს,  დიადი ტაძარი თავისი კომპლექსით, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია  ტერიტორიით, და უძველესი დროის ციხის ნანგრევები, თავისი  ისტორიული მნიშვნელობითა და ღირებულებით. სწორედ, ეს არის დარიალის ხეობა. სალომე ლომთაძე სალომე მოისწრაფიშვილი

ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ  განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელთაც ყველა ეპოქაში საზოგადოება სხვადასხვაგვარად ეპყრობოდა. მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, ამ ადამიანებს იარლიყს აკრავდნენ და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ დილეგებში აცხოვრებდნენ სიცოცხლის ბოლომდე. საბოლოოდ, საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა, ისინი მიხვდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროება სჭირდებათ, ისინიც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და  იმავე უფლებებით  უნდა ისარგებლონ, რითიც თითოეული ჩვენთაგანი სარგებლობს. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენცია, ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი და უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ამ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.  ის შეზღუდული შესაძლებლობების გააზრებას ცვლის და მთლიანად დაფუძნებულია ადამიანის ღირსებასა და ნების ავტონომიურობაზე. დღევანდელ რეალობაში  სიტყვები „განსაკუთრებული საჭიროების მქონე“, „შეზღუდული შესაძლებლობები“, „ინკლუზია“ და ა. შ.  სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის და ვაცნობიერებთ, რომ ამ  ადამიანებს საზოგადოებისგან მეტი ყურადღება  და ჩვენთან  ინტეგრაცია სჭირდებათ. „მიგვიღონ ისეთები როგორებიც ვართ, ტელევიზორში სულ იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცამ ვიღაცას გადასცა დახმარება, მედია ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორი ცოდონი არიან შშმ პირები და არა იმაზე, რომ ისინიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, ჩვენ არ გვჭირდება ხალხის შეცოდება, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ ზუსთად ისეთი, როგორებიც თქვენ ხართ და ჩვენც ვაკეთოთ ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ,“ – აცხადებს მაია ასაკაშვილი, „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაციის“ თავმჯდომარე, რომელიც თავადაა შშმ პირის მშობელი. მაია ასაკაშვილი ერთ-ერთი იყო, რომელმაც საკონსტუტიციო სასამართლოში დავა მოიგო პარლამენტთან, „მეურვის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით. „2015 წლამდე,  პირს რომელსაც გარკვეული სახის მენტალური პრობლემები გააჩნდა, არ ჰქონდა უფლება მეურვის გარეშე რაიმე ქმედება განეხორციელებინა, 2015 წლამდე ეს ადამიანები განიხილებოდნენ სუფთა სამედიცინო, ბიოლოგიურ ჭრილში, მათ არ გააჩნდათ თავისუფალი ნება, არ შეეძლოთ ქორწინება, 80 თეთრიანი პურის ყიდვის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ჩემი შვილი, ირაკლი, გონებრივი შეზღუდვების  მქონე პირია და არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ სწორედ, ირაკლიმ გამოთქვა პირველმა პროტესტი არასწორი კანონის შესახებ. 2015 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეს ადამიანები გახდნენ ქმედუნარიანები, მათ ცხოვრებას მიეცა აზრი, და რაც მთავარია საქართველოს კანონმდებლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი – კანონში შევიდა შესწორება.“ „ჩემი დიშვილი დაბადებიდან ეტლში ზის, ძალიან კარგად მახსოვს 12 წლის განმავლობაში რამდენი ტკივილი ნახა ჩვენმა ოჯახმა იმის გამო, რომ საზოგადოება არასწორად და არასათანადოდ აღიქვამდა ჩვენს პრობლემებს. ვერ წარმოიდგენთ რამდენჯერ მომდომებია მანქანა ჩამემსხვრია იმის გამო, რომ სადარბაზოსთან ძალიან ცუდად იყო დაყენებული და ამის გამო, ჩემი დიშვილი სკოლაში ვერ წასულა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრომ  სკოლაში ძალიან კარგი მეგობრები შეიძინა, რაც სკოლა დაამთავრა არანაირი სურვილი აღარ გააჩნია გარეთ გამოსვლის, იმის მიუხედავად, რომ სანდროს არანაირი პრობლემა არ გააჩნია აზროვნებასთან დაკავშირებით.  ნებისმიერ სამსახურში, სადაც კი მივიდა ყველგან უარი განუცხადეს, რადგან ეტლში მჯდომი თანამშრომლის სახით „ზედმეტი  დარდი“ არ უნდოდათ. ახლა სანდრო სახლში ზის და არ აქვს არანაირი მიზანი და  ოცნება,“ –  ამბობს მ.კ. სანდროს ბიძა. გიგა ოჩხიკიძე 28 წლის ქართველი რეჟისორია, რომელმაც თავისი თავის წარმოჩენა კერძო სექტორში მოახერხა და საკმაოდ კარგად გამოსდის სარეჟისორო საქმიანობაც. გიგა დღეს ეტლში ზის და მიაჩნია, რომ საქართველოში, შშმ პირების უფლებები სათანადოდ არაა დაცული. „მიუხედავად იმისა, რომ  პირადად არ გავმხდარვარ რაიმე ჩაგვრის სამიზნე, ხშირად ვაწყდები-ხოლმე იმ პირების უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომელთაც დღეს შშმპ-ებს ვუწოდებთ. ხშირად კაფესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ, რადგან ის პანდუსი რაც მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, „დეკორატიული დანიშნულების“ აღმოჩენილა. ჩემი აზრით, შშმ პირების უფლებების დარღვევისას ყველაზე მეტად საგულისხმო, საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულებაა, თუ აკეთებ კაფეს, ადგამ პანდუსს, გულდასმით გააკეთე და შედი იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომელთაც ეს პანდუსი მართლა სჭირდებათ.“ საქართველოს მოსახლეობა (მათ შორის შშმ პირები)  იხდის გადასახადს, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი ის უფლებები, როგორიცაა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჯანსაღ  გარემოში ცხოვრების უფლება და ა.შ. შშმ პირებს სახელმწიფო ხაზინაში,  ყოველთვიურად,  კომუნალური თუ სხვა გადასახადების სახით შეაქვთ თანხა, იმისათვის რომ მთავრობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება, ალბათ ძალიან ცოტა უსინათლო, სმენადაქვეითებული და შეზღუდული მეტყველების მქონე ადამიანი, ეტლით მოსარგებლე, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ადამიანი თუ გადაადგილდება დღეს ქუჩაში დამოუკიდებლად, რარდან ქვეყანაში არ არის უსინათლოთა ბილიკი, სპეციალური ხმოვანი შუქნიშანი, პანდუსი და მრავალი სხვა აუცილებელი რამ რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. უფრო მეტიც, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გვყავს ქვეყანაში, ესეც კი არ ვიცით. თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება, ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა და საზოგადოება ლოიალურად იღებს მათ. ამოქმედდა პროგრამები და სოციალური საწარმოებიც, სადაც შშმ პირებს შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზება, თუნდაც საწარმო „სხივი“, რამოდენიმე კერძო სოციალური კაფე და სახელოსნო, სადაც მხოლოდ შშმ პირები არიან დასაქმებულნი და სადაც მათ შეძლებისდაგვარად ყველანაირ პირობას უქმნიან იმისათვის, რომ თავი კომფორტულად და რეალიზებულად იგრძნონ.  მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. IDFI-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 28 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია დასაქმებული საჯარო სექტორში, აქედან არცერთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. ფოტო: ო.ცისკარიშვილის, სოციალურ საწარმოთა გამოფენა “მზიურში” სალომე ლომთაძე

ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული დარიალის ხეობა და მრისხანე თერგის ხმამაღალი დინება ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ამ ხეობაში, 2011 წელს კომპანია „დარიალი ენერჯიმ“ სახელმწიფოსგან მოპოვებული ნებართვით, მდინარე თერგზე მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით და პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა დამანგრეველი აღმოჩნდა ხეობისთვის. პროექტის განსახორციელებლად მდინარე თერგის მნიშვნელოვან ნაწილზე, კალაპოტში წყლის მხოლოდ და მხოლოდ 10% დატოვეს, დანარჩენი ნაწილი კი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით ჰესისკენ კილომეტრობით მანძილზე გადაისროლეს. ხეობამ რადიკალურად შეიცვალა ლანდშაფტი და დაკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა. ერთია ჰესები, რომლებიც მოითხოვენ დიდი ტერიტორიების დატბორვას და მეორეა მცირე ჰესები, რომლებსაც აშენებენ თითქმის ყველა მდინარეზე ერთი და იმავე პრინციპით. ეს პრინციპი სწორედ დერივაციაა – მდინარის 90%-ის კალაპოტიდან გადაგდება და მისი მაქსიმალური გამოყენება. მცირე ჰესების მშენებლობის შესახებ გვესაუბრა რეზო გეთიაშვილი, “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების ორგანიზატორი, რომელიც თვლის, რომ მათი არსებობა არ არის მართებული, თუკი გავითვალისიწინებთ იმ რისკებს, რაც მოსალოდნელია ამ ჰესების მშენებლობის შემდეგ. “ჩვენს შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა არის ძალიან სუსტი და პასუხი კითხვაზე ერთი დიდი ჰესი თუ ათი მცირე ჰესი არის შემდეგი – შეიძლება ერთმა მცირე ჰესმა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს გარემოს, თუკი არ იქნება გათვალისწინებული ყველა შესაბამისი რისკი და არ იქნება გამოყენებული ის ინსტრუმენტი, რაც ყველგან გამოიყენება. მით უმეტეს, როცა ასეთი მოშლილი სისტემაა, რა თქმა უნდა, ასი ჰესი გაცილებით საშიშია, ვიდრე ერთი დიდი ჰესი,” – ამბობს რეზო გეთიაშვილი. „დარიალი ენერჯის“ გეგმის მიხედვით, სულ 11კმ. სიგრძის თერგის 8კმ. მონაკვეთი, ფაქტობრივად, წყლის გარეშე დარჩა და შეიცვალა მდინარის ბუნებრივი კალაპოტი. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დარიალის ჰესის პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ისე, რომ შეუსწავლელი იყო მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იბრძოდა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო „მწვანე ალტერნატივა“, რომელმაც თავის დროზე კანონდარღვევის აღკვეთისა და საკითხების გამოძიების მოთხოვნით მიმართა, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც. თუმცა, „მწვანე ალტერნატივის“ თქმით, უწყებებს კანონდარღვევებზე რეაგირება არ მოუხდენია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი იყო ბუნების ხელუხებლად დატოვება და ამიტომ ჰესის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. თუმცა, მათი მოთხოვნა უყურადღებოდ დარჩა და ბრძოლის გაგრძელება აზრს კარგავდა. შედეგიც დადგა. 2014 წლის 17 მაისი მძიმე აღმოჩნდა დარიალის ხეობისთვის. ამ დღეს, გლაციალური ღვარცოფის შედეგად მყინვარი დევდორაკი ჩამოიშალა. ბუნებაზე გაბატონების მცდელობა ძალიან ცუდად გვიბრუნდება ადამიანებს. როდესაც ჩვენი გარემო თავისივე შვილებისგან საშიშროებას გრძნობს, ის დაუნდობელი ხდება მათ მიმართ და იძულებულს გვხდის პასუხი ვაგოთ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად. სამწუხაროდ, 17 მაისს მსხვერპლიც მოჰყვა და ეს მსხვერპლი, სწორედ, დარიალ ჰესზე მომუშავე ათობით ადამიანი იყო. მიუხედავად ამ კატასტროფისა, მშენებლობითი სამუშაოები კვლავ გაგრძელდა და 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ახალი ჰიდროელექტროსადგური. 2017 წლის 18 მაისს კი გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში. სწორედ EBRD-მ გამოყო კრედიტი დარიალ ჰესის მშენებლობის დასაწყებად. ზემოთ ხსენებული ანგარიშის თანახმად, EBRD-მ საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები დაარღვია, როცა დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და პროექტთან დაკავშირებული გოედინამიკური რისკები სათანადოდ არ შეაფასა. ალბათ არავისთვისაა სიახლე, რომ საქართველოს რთული რელიეფის გამო, ხშირად უნდა მოველოდეთ სხვადასხვა სტიქიურ მოვლენას. ამის ფონზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე დაგეგმილი ასი ჰესის მშენებლობა ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს. მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ტყის მასივებისა და ლანდშაფტების განადგურება – ეს ჩვენი მომავალია, თუკი დავიწყებთ ბუნებასთან ჭიდილს და მისი რესურსის არაკეთილსინდისიერად გამოყენებას. P.S. საქართველოში უკანასკნელი მოვლენები: გუშინ, გაუქმდა ოთხი სამინისტრო, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრო და მისი ნაწილი შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტროს. რამდენად განახორციელებს ენერგეტიკის სამინისტრო იმ მოვალეობებს, რომელიც ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ქვეყანას, და რამდენად დაიცავს ის, საქართევლოს და მის მომავალ თაობების ინტერესს, ამას დრო გვაჩვენებს. სალომე მელაია

გერგეტი, სტეფანწმინდის მუნციპალიტეტი, უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლებაა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სოფლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. ვიდრე, გერგეტის სამების გზას დაადგები, სწორედ გერგეტის უბანი შეგხვდებათ. იგი შემაღლებულ ადგილზეა, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლები მიყოლებით არის განლაგებული და ქვისგან აშენებული კედლებით შემოფარგლული. როცა ამ ადგილს ესტუმრები თავი სამოთხეში გგონია, ყველაფერი უჩვეულოდ ლამაზია. ბუმბერაზ მთებში ჩაკარგული დაბის მაცხოვრებლები მუდამ ახლოს არიან ღრუბლებთან. „უსაზღვრო კმაყოფილებით ივსები და მიუხედავად იმისა , რომ მშრალი და ძლიერი სიცივეა სურვილი გაქვს კიდევ დიდხანს დარჩე,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ქართველი ტურისტი. თუმცა, რთული სათქმელია როგორ ცხოვრობენ მუდმივი მაცხოვრებლები “სამოთხეში”. დაექცევათ თუ არა ეს სამოთხე ჯოჯოხეთად ზამთარში, როცა ტემპერატურა ძალიან დაბალია? როგორია დაბის სოციალური მდგომარეობა? რა საარსებო პირობები აქვთ? გერგეტის უბნის დახრილი, მოხვეული შესახვევიდან შავებში ჩაცმული ქალბატონი გამოდის, ერთ ხელში პარკი უჭირავს, მეორეთი კი თავზე მოკრულ შავ თავსაფარს ისწორებს. მომღიმარი სახით შეგვხვდა, თუმცა, მაშინვე შეეცვალა სახე, როცა სოციალურ გარემოზე ვკითხეთ,  დაიძაბა. საუბრისას გვითხრა, რომ ახლახანს დაუბრუნდა დიდი ხნით მიტოვებულ სახლს. უკვე 62 წლისაა, მეუღლე 19 წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ, რაც მარტო დარჩენილმა ორი შვილი გაზარდა და ცხოვრების გზაზე დააყენა, კვლავ ძველ კერას დაუბრუნდა. “ახალგაზრდა რომ ვიყავი აქ ყოფნა მიჭირდა. ადრე უფრო მძიმე ცხოვრება იყო, ხალხი ძირითადად მესაქონლეობას მისდევდა. ამჟამად, კლინიკაში ექთნად ვმუშაობ. რომ არ ვმუშაობდე მექნებოდა მოსავალი, ქათამი და ძროხა მეყოლებოდა. მოსავლის მოყვანაც ჭირს ზამთარში ძლიერი ყინვების გამო,“ – გვყვება ხანშიშესული ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ჩვენთან საუბრისას. მისივე თქმით, სტეფანწმინდასა და გერგეტში მოსახლეობა ძირითადად ტურიზმითაა დაკავებული. მაგრამ უფრო მაღალმთიან სოფლებში ხალხს ძალიან უჭირს, დროებით სკოლაც არ ფუნქციონირებს საძირკველში სოკოს გაჩენის გამო. „დილით უჭირთ ბავშვებს სიცივეში, თოვლში სიარული, ტრანსპორტი არ არის. რადგან გერგეტის უბანს არ აქვს სოფლის სტატუსი. ასევე, პრობლემები სასმელ წყალზეც გვექმნება. მილი გამსკდარია, წყალი აკლდება და საკმარისი წნევით აღარ მოდის, ხელოსანსაც ვერ გამოიძახებ ისე, როგორცთბილისში. ზაფხულიდან პირდაპირ ზამთრის სეზონზე გადავერთეთ, ზამთარში წყალი იყინება ამიტომ ონკანები სულ მოშვებულია. მოსახლეობა თვითონ ხლაფორთობს და აკეთებს რაღაცეებს,“ – გვიყვება იგი. გერგეტის უბანში ავლის შემდეგ შევნიშნეთ, რომ რომ თითქმის ყველა ოჯახში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები. აქა-იქ პატარ-პატარა მშენემბლობებიც აქვთ წამოწყებული და სამეზობლოს მამაკაცები ერთანეთს ეხმარებიან… “პრობლემები არის მაგრამ არა ისეთი, რომ აქ ცხოვრება გაუსაძლისი იყოს. შრომისმოყვარე ხალხია, შრომობენ და ნორმალურად ცხოვრობენ. შემოსავალი წყარო კარტოფილი და ერთი-ორი ძროხა არის. მე პენსიონერი ვარ. შინ ვზივარ. შვილები და რძლები მიწყობენ ხელს,“ – გვიყვება 72 წლკის ლეილა ხუციშვილი, დაბის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, – „ზამთრისგან მავლობაში, 15 მაისამდე, ბუნებრივი აირი უფასოა. მაღალმთიანობის სტატუსის გამო ბევრს პენსია 36 ლარით გაეზარდა და ელექტროენერგიის საფაურიც გაუნახევრდათ, რის გამოც მაცხოვრებლები დაბრუნდნენ და ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა. სოფლიდან წასულები უკან დაბრუნდნენ. რამდენიმე წელია  ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ამიტომ ბევრი ახალგაზრდა საცხოვრებლად ჩამოვიდა სოფელში ცოლ-შვილთან ერთად,“ – აღნიშნა ლეილა ხუციშვილმა. ამჟამად, გერგეტის დასახლებაში, გერგეტის სამებამდე მისასვლელი ახალი, კაპიტალური გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც თავისთავად ტურისტებისთვის ადვილად მისასვლელს გახდის გერგეთამდე გზას. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ტურისტების რაოდენობა მომავალი წლიდან, გზის დამთავრებისთანავე გაიზრდება და ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მეგი ინწკირველი

დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის  სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში. კვირა დღე, 10:00  საათი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ცოტა შეფერხების შემდეგ, გზაში ვართ. ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო ექსპედიცია დაიწყო – სტეფანწმინდაში მივდივართ. დრო გადის და ნელ-ნელა  იგრძნობა ამინდის ცვლილება. ხან ცივა. ხან თოვს. ხან ისევ მზეა. ჩვენ თვალწინ უზარმაზარი მთები იშლება, ამაყად მომზირალი დგას გაუნძრევლად გამვლელის მოლოდინში. სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, სადაც 47  დასახლებული პუნქტია. თუმცა მოხევეები უცხოელ ტურისტებს, მხოლოდ დაბა სტეფანწმინდასა და იშვიათად დარიალის ხეობაში მასპინძლობენ, თითქმის ყველა სეზონზე. ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებობობის მნიშვნელოვანი წყარო, სწორედ ტურიზმია. „ქართველებზე ამბობენ სტუმართმოყვარეები არიანო, როცა ჩამოვდიოდი მქონდა ამაზე წარმოდგენა, მაგრამ არსებულმა მოლოდის გადააჭარბა, საოცარი მასპინძლები არიან, არც შენიშვნები გვაქვს და არც სხვა დიდი მოთხოვნები, მადლობა ქართველებს,“ – გვეუბნება პოლონელი ტურისტი, რომელიც სოფელ გერგეტთან შეგვხვდა. ის, გერგეტის სამებიდან, აღფრთოვანებული ფეხით ბრუნდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურიზმი არ არის უბრალო ბიზნესი, ისინი ამით სიამოვნებასაც იღებენ. „ყოველ დილით ადრიანად ვდგები, გამოვდივარ ეზოში და გავყურებ გზას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხი მოძრაობს, არც სასტუმრო მაქვს და არც მაღაზია, ხალხით ვტკბები, ჩემი ხელით პატარა ნივთებს ვაკეთებ და გერგეტის სამებასთან ვყიდი-ხოლმე. ეს არ არის ჩემთვის შემოსავლის მთავარი წყარო, მაგრამ მიხარია როცა მოსწონთ და სიამოვნებით ყიდულობენ ქართულ სუვენირებს. მე კი როცა ამას ვყიდი, მგონია ქართული კულტურა გააქვთ შორს და ყველას უყვებიან ჩვენ შესახებ,“ – გვიყვება 28 წლის  გიორგი, რომელიც პროფესიით მშენებელია და ძალიან უყვარს რაიმე ახლის შექმნა. ტურისტების ნაკადი არ წყდება, ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მაინც არსებობს მთელი რიგი პრობლემები. წლების განმავლობაში, სირთულეს წარმოადგენდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა. თუმცა უკვე დაწყებულია გზის მშენებლობა, რომლითაც ტურისტებს შეეძლებათ რამდენიმე წუთში სტეფანწმინდიდად გერგეთის სამებამდე ასვლა და რამდენიმე საათი არ დაკარგონ ფეხით სიარულში. გზის გაყვანის სამუშაოების დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება. ტურსტებს შეუძლიათ სტეფანწმინდაშივე გაათენონ ღამე. იქ, საკმაოდ ბევრი „გესთჰაუსი“, თუმცა არ არის სასტუმრო, რომელიც უფრო მაღალ სტანდარტზე იქნება გათვლილი. არის საკმაოდ ძვირიანი რუმს ჰოტელი. ზემოთ ხსენებულ „გესთ ჰაუსებში“ კი ტურისტები კომფორტის ნაკლებობას უჩივიან. ერთ-ერთი უცხოელი ტურისტი გვიყვება, რომ როდესაც სასტუმროს „ონლაინ“ ჯავშნიან და ტურისტული სააგნეტოსგან დამოუკიდებლად ჩამოდიან, სასტუმრობეს არ აქვთ რუკები, არც ჰყავთ გიდები. არ არსებობს მარკირებული ტურისტული ბილიკები. ამ ყველაფრის გამო, ტურისტებს უჭირთ მარტო გადაადგილება. ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ, ისინი ირწმუნებიან, რომ თავადაც შეძლებენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სირთულეებს. „სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვედით, ახლა დავიწყეთ დათვალიერება, თუმცა დაბნეულები ვართ, ახლომდებარე „გეთჰაუსში“ დავბინავდით. არ არსებობს გზამკვლები, რითაც დაბაში გადაადგილებას შევძლებთ, არ გვჭირდება გიდი, ჩვენით გვინდა მოვიაროთ ტერიტორია, მე და ჩემი მეუღლე  ევროპის უამრავ ქალაქში ვყოფილვართ და ყველგან არის ასეთი გზამკვლევები, ამიტომ ყველა რუკით დადის ხოლმე, აქ რომ იგივე იყოს უფრო გამარტივდებოდა გადაადგილება,“ –  გვეუბნება ტურისტები იაპონიიდან, რომელიც მოხიბლული იყო მყინვარწვერის სიდიდადით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტურისტები ფასებით კმაყოფილნი არიან. ოჯახურ სასტუმროში დარჩენა ერთი ღამით სხვადასხვა ფასია, თუმცა 10 ლარიდან იწყება. კარგადაა გათვლილი ტურისტების მოთხოვნებზე და ფასიც ხშირ შემთხევაში მისაღებია. „გერგეტში უკვე მთელი მსოფლიოდან მოდიან, რაიონი ძლიერდება, ეკონომიური მდგომარეობაც გაუმჯობესდა,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები. ქართული სამზარეულო, როგორც წესი მოსწონთ-ხოლმე და მასზე უცხოელი ტურისტები აღტაცებით საუბრობენ. მიუხედავად ამისა, როდესაც ღამით „გესთ ჰაუსიდან“ რესტორანში სურთ გადანაცვლება  ამას ვერ ახერხებენ, რადგან გვიანობამდე რესტორნები არ მუშაობენ. „ძალიან მომწონს ხაჭაპური და ხინკალი, უგემრიელესი კერძები გაქვთ, უბრალოდ გვიანობამდე სამზარეულო არ მუშაობს, კარგი იქნება ეს თუ გამოსწორდება,“ – გვეუბნება კიდევ ერთი ტურისტი პოლონეთიდან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ძალიან ბევრმა გარისკა, ბანკებიდან სესხი გამოიტანა, ააშენა, იყიდა და ტურისტებისთვის  სახლებიი ბევრად უფრო მიმზიდველი გახადა. თუმცა ასეთების რიცხვი მწირია. გერგეთში არიან ადამიანები, რომლებიც ტურიზმის ბიზნეს საქმიანობაში აქტიურად ვერ ჩაერთნენ და საქონლის მოვლა-პატრონობით არიან დაკავებულები. ზოგიერთი მათგანი ახალი გზის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას. „ყველას არ შეუძლია გარისკვა და სესხის აღება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ტურისტების ნაკადი არ წყდება, შეიძლება ყველას არა, მაგრამ რაღაც ნაწილს მაინც დაეტყო. ეკონომიურად მოძლიერდნენ. ესეც ბევრს ნიშნავს, პურის ფულიც კი არ ქონდა ხალხს, ახლა ამას მაინც ახერხებენ, მაგრამ მხოლოდ ისინი ვინც თავს უშველა და რამე გააკეთა, ზოგი  პენსიაზეა დამოკიდებული და სხვას ვერაფერს ახერხებს,“ – განგვიმარტა ადგილობრივმა მცხოვრებმა. მიუხედავად პრობლემებისა, მოსახლეობა ახერხებს ფეხი აუწყოს ტურიზმის გამოწვევებს და ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მოთხოვნილებები. ტურიზმის განვითარებით, ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური გახდება და მთაც არ დაიცლება.  თამარ გეგენავა

ავტორი: თაკო მახმუდოვი

ავტორი: გვანცა გახოკიძე


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting