შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 14

22 წლის ლაურა პაპასქუა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა. მისი ოჯახი დღემდე გალში ცხოვრობს, რაც მუდმივ მონატრებასთან და არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ლაურა გალში გატარებულ ბავშვობაზე, აფხაზებთან ურთიერთობასა და იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს ხვდებათ.   – მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ მოხვედი აქამდე? – სკოლა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დავამთავრე. ჩვენთან 11 კლასია, რადგან  იქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისტემაა, ამიტომ 16 წლის ასაკში უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავასრულე და მაგისტრატურას პიარის მიმართულებით ვაგრძელებ. ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვმუშაობ საქველმოქმედო პროექტებზე, ხშირად დავდივარ ახალგაზრდულ ბანაკებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ვმონაწილეობ. პირველივე კურსიდან ვმუშაობდი ჩემს უნივერსიტეტში, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, სადაც 5 წლიანი გამოცდილება დავაგროვე. ამჟამად კი, ევროპის უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ, პარალელურად, სპორტული სააგენტო SBM-ის სოციალურ მედიას ვმართავ. – როგორი იყო გალში გატარებული ბავშვობა? – როდესაც იქ ვცხოვრობდი, მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და ჩემს გარემოს განსხვავებულად ვერ აღვიქვამდი – ვთამაშობდით და ვერთობოდით, როგორც ყველა. თუმცა, სკოლის დამთავრებისა და თბილისში გადმოსვლის შემდეგ,  მკაფიო კონტრასტი დავინახე. აქაურ ბავშვებს, სულ მცირე, კომპიუტერებთან მაინც ჰქონდათ შეხება, აკეთებდნენ პრეზენტაციებს, კონფერენციებში მონაწილეობდნენ, რითაც საჯარო გამოსვლებს ეჩვეოდნენ. ჩვენ კი ამ ყველაფერს მოკლებულები ვიყავით. არ გვქონდა ისეთი ტექნიკური აღჭურვილობაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ქიმიის ლაბორატორია, შესაბამისად, არასდროს ჩაგვიტარებია ქიმიური ექსპერიმენტი. აქაური ბავშვები, ჩვენგან განსხვავებით, უფრო გახსნილები, თავისუფლები და ნაკლებად კომპლექსიანები იყვნენ. – რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რასაც აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტები აწყდებიან? – ყველაზე დიდი პრობლემა ენის ბარიერია. მართალია, მე სკოლა ქართულად დავამთავრე  და მშობლიურ ენაზე ვსწავლობდი, თუმცა ბევრი ბავშვი რუსულად გადის პროგრამას და თბილისში ჩაბარების შემდეგ, ქართულად კომუნიკაცია უჭირს, დიდად ვერ ახერხებს სოციალიზაციას და თავის სოციუმში იკეტება. – აფხაზ ბავშვებთან რამდენად გქონდა კონტაქტი? – გალის რაიონში, ძირითადად, მეგრელები ვცხოვრობთ და ქართველობა მაინც შენარჩუნებული გვაქვს. აფხაზეთში არის არასამთავრობო ორგანიზაციები (Unicef, World Vision), რომლებიც აფხაზური და მეგრული სოფლებისთვის საერთო აქტივობებს გეგმავენ, რათა ერთმანეთთან ინტეგრაციას ხელი შეუწყონ. მაგალითად, ერთხელ, სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში სამდღიანი ვორქშოპი დაიგეგმა, სადაც ბავშვები აფხაზეთის შვიდივე რაიონის სკოლიდან წაგვიყვანეს. საერთო პრეზენტაციებს, დადგმებს, ფლეშმობებს გვაკეთებინებდნენ, ცდილობდნენ, რომ საერთაშორისო დღეები ერთად აღგვენიშნა, იყო „ხელოვნების დღე“, „სუფთა ხელების დღე“… ცდილობდნენ, რომ აფხაზ და მეგრელ ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონოდა. – როგორ მუშაობდა ეს პროექტები, მეგობრობდით, თუ მაინც არსებობდა თქვენ შორის დისტანცია? – ძირითადად, მაინც დისტანციაზე ვიყავით, თან ენის ბარიერიც გვქონდა. ისინი რუსულად საუბრობდნენ, ჩვენ კი ყველამ გამართული რუსული არ ვიცოდით. თუმცა სოხუმში ყოფნის დროს, უკვე შედარებით დიდებიც ვიყავით და იქ ღამღამობით ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით ხოლმე. – როგორი იყო მათი დამოკიდებულება პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ? – გააჩნია რაიონს. მაგალითად, ოჩამჩირედან მაინც ნეიტრალურები იყვნენ, რადგან ეს რაიონი გალთან ახლოს არის და, ალბათ, ამას მაინც აქვს გარკვეული გავლენა. სოხუმელებს მთლიანად დამოუკიდებლობა უნდოდათ. ზოგადად, ყველანი ვცდილობდით, რომ ეს პროცესები ნეიტრალურად განგვეხილა და იქ დავა არ დაგვეწყო, თუმცა პოზიციები მაინც იყოფოდა – ზოგი ფიქრობდა, რომ აფხაზეთი მთლიანად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ზოგს არც რუსეთი უნდოდა და არც საქართველო, ზოგს კი მოსწონდა რუსეთის ჯარი, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მათ იცავდნენ. – ახლა როგორი მდგომარეობაა, უკრაინის ომმა აფხაზებში განწყობა შეცვალა? – არა, პირიქით. აფხაზურ სკოლებში მეგრელი დირექტორები მოხსნეს, ყველგან აფხაზები დანიშნეს და თუ ვინმესთან, სოციალურ ქსელში, უკრაინის მხარდასაჭერ პოსტებს ნახავენ, ორსაათიან ლექციებს უკითხავენ – როგორ შეიძლება, რუსეთი ჩვენი მოძმე ერია, ვერ ხედავთ, რომ ყველაფერში გვეხმარებაო? – ომის დროს შენი ოჯახი იქ იყო? – პირველად, როცა სიტუაცია დაიძაბა, მთელი ოჯახი წამოვიდა – ხან სად იყვნენ დევნილებად, ხან სად. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ და მეორედ რომ დაიწყო არეულობა, ბებიაჩემი სოფელში დარჩა, რასაც შეეწირა კიდეც – აფხაზებმა მოკლეს. ამ ამბის მერე, ჩემები იქიდან აღარ წამოსულან. ძალიან რთული პერიოდი გაიარეს, როდის დაადგებოდნენ თავზე და როდის დააყაჩაღებდნენ, ან მოკლავდნენ, არავინ იცოდა. – რა მარშრუტს გადიხარ გალში წასასვლელად? – ზუგდიდიდან სამარშრუტო ტაქსით მივდივართ სოფელ რუხამდე, საიდანაც ე.წ. საზღვრამდე მანძილი, დაახლოებით, 10 კმ-ია, რასაც ან ფეხით, ან სამარშრუტო ტაქსით გავდივართ. შემდეგ, გამშვებ პუნქტში გავდივართ კონტროლს და იქიდან ტრანსპორტი უკვე ჩემს სოფლამდეც დადის. – აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სოხუმში უფრო მიდიხართ, თუ ზუგდიდში? – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფლიდან სოხუმი და ზუგდიდი, თითქმის, თანაბარი მანძილით არის დაშორებული, სოხუმში საერთოდ არ დავდივართ. რაიმე პროდუქტი ან ტანსაცმელი თუ გვჭირდება, ზუგდიდში ვყიდულობთ, რადგან ბევრად იაფია და ჩვენთვისაც უფრო ხელსაყრელია. – 22 წლის ასაკში რომ ასეთი წარმატებული ხარ, არის განპირობებული იმით, რომ აფხაზეთიდან ხარ? რამდენადაა ეს შენთვის მოტივაცია? – პირიქით, ვფიქრობ, ეს მოცემულობა რომ არ იყოს, უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. მე რაღაცების სწავლა დაგვიანებით დავიწყე, მაგალითად, კომუნიკაციისა და მუშაობის უნარები გვიან გამოვიმუშავე. სხვა ბავშვებს კლუბები რომ ჰქონდათ სკოლებში და პროექტების ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას, ეგ ყველაფერი მეც რომ მქონოდა, ალბათ, ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუმცა, გარკვეული მოტივაცია იყო უნივერსიტეტში ჩაბარების დროს. აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს სწავლას 100%-ით გვიფინანსებენ და ხშირად ეს „წამოყვედრების“ მიზეზი ხდება. მინდოდა, ეს ყველაფერი თავიდან ამერიდებინა და გამოცდებში მაინც კარგი ქულები ამეღო. სწორედ მაგ მოტივაციით, რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, 50%-იანი გრანტი მოვიპოვე. – როგორ წარმოგიდგენია ცხოვრება გაერთიანებულ ქვეყანაში, რა შეიცვლება? – გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ქართველის ოცნებაა. ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს საზღვარი რომ არ არსებობდეს და მგონია, სასწავლებლად სოხუმში წავიდოდი, იქაურობა ბევრად განვითარებული იქნებოდა და შევძლებდი, ჩემი თავის რეალიზება ჩემს მხარეში მომეხდინა. მიმოსვლის პრობლემა აღარ იარსებებდა, იქაური ხალხი მოძრაობას, მუშაობას ან, თუნდაც, ვაჭრობას მეტად თავისუფლად შეძლებდა.   ინტერვიუს ავტორი: სოფო კედელაშვილი IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი    

– ოთო, სტაბილურად კარგი უძრავი ქონების სააგენტო თუ გეგულებათ – სადაც დარეკავ და მოგემსახურება ზუსტად ისე, როგორც ელოდები? – ძალიან კარგი შეკითხვაა. ადამიანისთვის, როდესაც ქონების შეძენა ან გაყიდვა სურს, ყველაზე ხელსაყრელი გზა უძრავი ქონების სააგენტოს დახმარებაა. რა თქმა უნდა, განცხადების განთავსება ინტერნეტშიც შეიძლება. ჩვენს სააგენტოს თუ მომართავთ, საქმეში პროფესიონალი აგენტები ჩაერთვებიან და მათი წყალობით დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავთ.  საქართველოში არის სერვისის პრობლემები, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია, ,,TBILISI BROKER”, რომელიც არსებობს თბილისში და არის წამყვანი, ზრუნავს საკუთარი სერვისის გაუმჯობესებაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია. – ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ: ერთი მხრივ, სააგენტოები და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. დღეს რომელს სჭირდება მეტი განვითარება? – არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. ამ სფეროს სპეციფიკის გამო, შეუძლებელია, რომ საქმე სახლიდან წარმართო. ამ საქმეს ოფისის გარემო სჭირდება. ყველა თანამშრომელი ისეთ გარემოშია, რომელიც მასზეა მორგებული და უზრუნველყოფილია მუშაობის ხარისხი. ოფისს მეტი იურიდიული უფლება აქვს, სახლიდან მომუშავე ადამიანები ნაკლებად პროფესიონალები არიან და მეტი განვითარება სჭირდებათ. – სამი სეგმენტი რომ ავიღოთ  – სააგენტოს დირექტორი, მენეჯერი და აგენტი  – რამდენად სწორად არის მათი ფუნქციები გამიჯნული თქვენს ოფისში? ხომ არ არის დღეს უძრავი ქონების სააგენტოების მთავარი პრობლემა ამ სამი სეგმენტის ურთიერთობა? – რაც შეეხება უფლება-მოვალეობებს ამ კომპანიაში, სამივე სეგმენტს თავისი როლი და საქმე აქვს. ყველას – დირექტორს, მენეჯერს, აგენტს, განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია სწორედ იმიტომ, რომ კომპანია იყოს წარმატებული. ყველამ უნდა იცოდეს თავისი საქმე. აგენტი დადის შეხვედრებზე; მე, როგორც მენეჯერი, მათ მოლაპარაკებებში ვეხმარები; დირექტორი ტექნიკურ მხარეს აგვარებს და ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. – რამდენად დროულად სრულდება თქვენი სააგენტოს მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ? მაქსიმალურად ვეძებთ ისეთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან, როდესაც ახალი კადრი მოგვყავს, გადის ერთთვიან მოსამზადებელ პერიოდს, ვაკვირდებით, თუ როგორ ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, იცავს თუ – არა დრესკოდს, კერძოდ, აცვია თუ – არა კლასიკურად, ემსახურება თუ – არა კლიენტს დროულად. ამის მიხედვით ვწყვეტთ,  გააგრძელებს თუ – არა ჩვენთან მუშაობას. ამჟამად არსებული გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენს მოთხოვნებს დროულად ასრულებენ. ოთო ქსოვრელი: “მაქსიმალურად ვეძებთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან”. – ვთქვათ, მონდომებული ახალგაზრდა მოვიდა. რას აძლევს მას თქვენი სააგენტო? – ჩვენი სააგენტო აგენტებს ყველანაირ კომფორტს უქმნის იმისთვის, რომ გამართულად იმუშაონ. როდესაც ამ საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდით, თუ რა პრობლემების წინაშეა არსებული სააგენტოები, რა უშლიდათ მათ მუშაობის დროს ხელს და ვეცადეთ, რომ უკეთესები ვყოფილიყავით. წარმატებული თანამშრომელი უზრუნველყოფილია  ფინანსური თვალსაზრისით, საიტებზე დროულად ბალანსის შევსებით. ასევე, ხელს ვუწყობთ სტუდენტებს სწავლაში, ყოველთვის შეგვიძლია გავუშვათ ლექციაზე, რადგან ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან მომუშავე თანამშრომელების 40% სტუდენტია. – როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ჯდება იმ პირობების მომზადება, იმ გარემოს  შექმნა, რომ სააგენტოში აგენტებმა შეუფერხებლად იმუშაონ. დაახლოებით რამდენ წელში შეგიძლიათ თქვათ აგენტზე, რომ ის ამ საქმის პროფესიონალია? – ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ამ სფეროს სჭირდება კადრი, რომელსაც არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, იცის უცხო ენები. კადრი თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ითვისებს საქმეს, თუნდაც, თავის შეცდომებზე სწავლობს, ერთი წელი არის ის დრო, რომ ჩვენ მას პროფესიონალი ვუწოდოთ. ერთი წლის შემდეგ, ურთულესი თუ მარტივი ოპერაციების წარმართვა აგენტს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია. – რა პლუსები აქვს თქვენს სააგენტოს, სხვებთან შედარებით? – გვაქვს კარგი სამუშაო გარემო, ვართ მეგობრულები. პრიორიტეტი ჩვენთვის არის თანამშრომლების სურვილები, თუმცა, ამასთანავე, ისინი არ ივიწყებენ საკუთარ მოვალეობებს. ბევრ სააგენტოს არ გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად: ტრანსპორტით უზრუნველყოფა, იურიდიული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებებში ჩვენი მხრიდან დახმარება, ბაზების შექმნა, ბალანსის დროულად შევსება, რომ აგენტმა ატვირთოს ბინები. ჩვენი სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი დეტალია ისიც, რომ საკომისიოს მხოლოდ გამყიდველისგან ვიღებთ. გამიგია, რომ სხვა სააგენტოები ფასს უმატებენ უძრავ ქონებას და მყიდველი არც თუ ისე რეალურ ფასს იხდის. ჩვენთან ეს გამორიცხულია.     – დიდი კონკურენციაა ამ სფეროში. გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება? – რა თქმა უნდა, დაწყება არ იყო მარტივი, ურთულესი გზა გამოვიარეთ. ამ საქმის სულისჩამდგმელი, წამომწყები იყო ჩვენი კომპანიის დირექტორი, თორნიკე ქოჩლაძე. დავიწყეთ მინიმალური ინვესტიციებით. სხვა სააგენტოებმა თუ მარტივად გაიარეს ეს პროცესი, ჩვენთვის რთული იყო, აქამდე რომ მოვსულიყავით. – თქვენ მუშაობთ როგორც ბინების, ისე მიწის ნაკვეთებისა და კომერციული ფართების გაყიდვაზე. ამ სამიდან რომელზე მუშაობაა შედარებით რთული? – გამოვარჩევდი მიწის ნაკვეთების გაყიდვას. უფრო მეტად უნდა ერკვეოდე როგორც სამოქალაქო კოდექსში, ისე – მიწის სამართალში, რაც ერთ-ორ დღეში არ ისწავლება. მიწის ყიდვა-გაყიდვა რთულია, აგენტს შეიძლება წლები დასჭირდეს მიწის გასაყიდად. საჭიროა მუხლების ცოდნა, დამატებითი რესურსები, ეს არ არის ადვილად ათვისებადი. როგორც წესი, დამკვეთს მიწა კერძო სახლის, კორპუსის ან კომერციული ფართის ასაშენებლად სჭირდება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მიწას დეველოპერები ყიდულობენ და ამ დროს ქალაქის მერიის რეგულაციებს ვითვალისწინებთ. უნდა გავარკვიოთ, რამდენად მისაღებია იქ მრავალსართულიანი შენობის აგება, სეისმურად საიმედო არის თუ – არა ეს ადგილი, გეოლოგიურად თუ არის შესწავლილი. – საქართველოში ძალიან ბევრი სააგენტოა. უძრავი ქონების საიტებთან სტაბილურად დაახლოებით რამდენი სააგენტო მუშაობს? – დაახლოებით მუშაობს 200-მდე მოქმედი სააგენტო. მათი სამუშაო სფეროთი არ ვინტერესდები, რადგან მთავარი ჩვენი კომპანიაა. მათ არ ვუწევთ კონკურენციას. ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი დავიმკვიდროთ ხარისხით, სერვისით, სიახლეებით, რადგან ჩვენ ვართ შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს. – ოთო, როგორც აღნიშნეთ, აგენტები დღის განმავლობაში ბევრ განცხადებას ტვირთავენ. როგორ ფიქრობთ, განცხადებების რაოდენობა სააგენტოს რეიტინგულობასა და პრესტიჟზე მეტყველებს? – ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი. ასევე, საჭიროა ექსკლუზივებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე მუშაობს მხოლოდ ჩვენი სააგენტო და სხვებს არ აქვთ მასზე წვდომა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კლიენტი ჩვენს აგენტებთან თანამშრომლობდეს. მთავარია ხარისხი ბაზარზე. როდესაც დიდი კონკურენციაა, აგენტი უნდა აცნობიერებდეს, თუ რა სურს კლიენტს, რომ შეძლოს ქონების რეალიზაცია. – ფინანსური ოპერაცია რომ წარმატებით დასრულდეს, აგენტს უამრავი დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება უწევს. როგორც წესი, დამკვეთს თავის მოთხოვნები აქვს. ფიქრობთ, რომ თქვენი სააგენტო ამ მხრივ გამორჩეულია? – ვფიქრობ, რომ გამორჩეულია, რადგან ვართ სერვისზე ორიენტირებულნი. აგენტი ინტერესდება, რა სურს მომხმარებელს და მარტივია, თუ რა შესთავაზოს მას. თუ ჩვენ გვყავს ახალი თანამშრომლები, მე და კომპანიის დირექტორები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩავერიოთ და დავეხმაროთ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ჩვენ გვაქვს დიდი მონაცემთა ბაზა, ძალიან ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ და დამკვეთის ინტერესების მიხედვით ვეძებთ იდეალურ ვარიანტს. ამის შემდეგ ვადგენთ ორმხრივ ხელშეკრულებას, ვუწევთ კონსულტაციას და თუ მყიდველი თანახმაა, ისეთი ფართი გადაეცემა, როგორიც აინტერესებს. თითოეულ ჩვენს კლიენტს ვუხსნით, სასურველ უბანში რა ღირს 1კვ.მ., ვეუბნებით – როგორ ნაგებობაშია გასაყიდი ფართობი, ინტერიერი როგორი აქვს, რამდენი სველი წერტილია ბინაში, ან როგორი მასალით არის გარემონტებული და ამის მიხედვით ვაფასებთ გასაყიდ ობიექტს. პროცესში აუცილებლად გათვალისწინებულია მესაკუთრის ინტერესები.   ინტერვიუს ავტორი: ავთანდილ ზარნაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი

გთავაზობთ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ მომზადებულ გაზეთს, რომელიც მომზადდა საგან “გაზეთის წარმოების” ფარგლებში. პედაგოგი – მალხაზ გაგუა,   IBSU-ს ასოცირებული პროფესორი.  მთავარი გაზეთი  

„თუ სტუდენტს ქართული ენის შესასწავლად ერთი დამატებითი წელი სჭირდება, მაშინ პროგრამა თავადვე ცხადყოფს სისტემურ პრობლემას. გამოდის 12 წელი სკოლაში არასრულყოფილ განათლებას ვიღებთ“, – გოჰარ აღჯოიანი. თავად 24 წლისაა, ეთნიკურად სომეხია, წარმოშობით ნინოწმინდის სოფელ დიდი არაქალიდან, თუმცა რამდენიმე წელია დედაქალაქში ცხოვრობს. 2017 წელს, „1+4“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 2022 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოში არაქართულეონოვან სკოლას ამთავრებს, განათლების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ძირითადად ორი არჩევანი აქვს – ჩააბაროს ეროვნული გამოცდები მიღებული ფორმატით ან ჩააბაროს მხოლოდ უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე. პროგრამაზე მოსახვედრად საჭიროა აბიტურიენტი იყოს საქართველოს მოქალაქე, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ამოწმებს მსურველის ეთნიკურ წარმომავლობას. უნარების გამოცდის ჩაბარების შემდეგ სტუდენტი ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, სადაც გადის ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას ქართულ ენაში და კურსის დახურვის შემდეგ, ირჩევს სასურველ პროფესიას, რომელზეც სწავლობს დარჩენილი ოთხი, ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია პროგრამის ხანგრძლივობაზე. „აღნიშნული პროგრამა მოქმედებს, როგორც აზერბაიჯანულ და სომხურ, ისე ოსურ და აფხაზურენოვანი სტუდენტებისთვის. სწორედ ამაში გამოიხატება საშეღავათო პოლიტიკა ერთნიკური უმცირებობისთვის“, – ამბობს ნინო წერეთელი, საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. როგორც ნინო აღნიშნავს, კიდევ ერთი შეღავათი არის ის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კონკურენციაში არ შედიან ეთნიკურად ქართველებთან. უფრო ზუსტად კი, ეთნიკურად აზერბაიჯანელები საგრანტო კონკურსზე მხოლოდ ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, ისევე, როგორც სხვა უმცირესობების წარმომადგენლები. „საშუალება გვაქვს უნარები მშობლიურ ენაზე ჩავაბაროთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგი გამოცდილებაა. ადრე ძალიან ბევრი სტუდენტი ტოვებდა საქართველოს და სომხეთში ან აზერბაიჯანში აბარებდა. ხოლო ახლა უამრავი ადგილობრივი ირიცხება ქართულ უნივერსიტეტებში“, – ამბობს გოჰარი. გოჰარ აღჯოიანი: “ხშირად გვესმის, როცა ჩვენზე ამბობენ, რომ არ გსურს ქართული ენის სწავლა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის! მე, ვმონაწილეობ ამ ქვეყნის ყველა სოციალურ და საზოგადოებრივ, მნიშვნელოვან მოვლენაში და ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მეც ვარ ამ ქვეყნის და ამ კულტურის პატარა ნაწილი და მეც მაქვს ვალდებულებები ამ ქვეყნის წინაშე”. როგორც გოჰარ აღჯოიანი გვიყვება, დადებითთან ერთად “1+4” პროგრამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. გოჰარ აღჯოიანი იმის გამო, რომ სოფლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობაა, მოსწავლეებს უწევთ ქალაქში იარონ მოსამზადებლად, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის საშუალება კი რეგიონში მცხოვრებ ყველა ადგილობრივს არ აქვს. აგრეთვე, უნარებში მიღებულ ქულაზეა დამოკიდებული, როგორც მოსამზადებელი, ისე საბაკალავრო პროგრამის დაფინანსება. თუ აბიტურიენტმა გრანტი ვერ მიიღო ყოველწლიურად, მოსამზადებელი პროგრამის ჩათვლით, უნდა გადაიხადოს 2250 ლარი. კანონში „სახელმწიფო ენის შესახებ“ წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება სახელმწიფოს მოსთხოვოს, სახელმწიფო ენის შესწავლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. აღნიშნული ვალდებულების სათანადოდ შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში. „ამის გათვალისწინებით ეთნიკური უმცირესობების მიმართ პირველ წელს ქართული ენის სწავლაში დადგენილი გადასახადი არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღნიშნულ ვალდებულებებს და აფერხებს მათ შესრულებას“, – მარი კაპანაძე, GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამის დირექტორი, იურისტი და ადამიანის უფლებათა სასამართლოს სპეციალისტი. „ჩვენთვისაც, რომ იყოს უფასო ფაკულტეტები ხელმისაწვდომი, უფრო მეტი სტუდენტი ჩააბარებდა ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის პროგრამებზე. რეგიონში ამ საგნების პედაგოგები, ფაქტობრივად, არ გვყავს“, – აღნიშნავს გოჰარი. 2013 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისის ბრძანებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების უფასო პროგრამების დაფინანსება აიკრძალა. როგორც მარი კაპანაძე აღნიშნავს, უფასო ფაკულტეტებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის გადახდის ვალდებულების არსებობა, შეიძლება მივიჩნიოთ დისკრიმინაციულ პოლიტიკად, რომელსაც არ აქვს რაციონალური გამართლება. „თუ ქართულენოვან სტუდენტებს უფასო ფაკულტეტებზე სწავლისათვის არ უწევთ, გადაიხადონ გადასახადი, იგივე მიდგომა უნდა იყოს „1+4“ პროგრამის მონაწილეებისთვისაც“, – მარი კაპანაძე. გოჰარი გვიყვება, რომ მიუხედავად ფასიანი მოსამზადებელი კურსისა, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნული პროგრამა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და შიდა სასწავლო გამოცდები ვერ ადგენს მიღებული ცოდნის დონეს. ინტერესის ნაკლებობის გამო, სტუდენტები ხშირად აცდენენ ლექციებს. სერიოზული პრობლემებია ჯავახეთის რეგიონებშიც. ადგილობრივებს არ აქვთ ურთიერთობა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან. „როცა პატარა ვიყავი ქართულს, როგორც მხოლოდ უცხო ენას, ისე ვსწავლობდი. მაგრამ ქართველებთან უშუალო შეხების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ენა, ქვეყანა, კულტურა ჩემთვის უცხო არ არის. მეც მისი ნაწილი ვარ და მინდა საქართველოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – გოჰარ აღჯოიანი. სამცხე-ჯავახეთის სოფლებში ქართული ენის და მოსამზადებელი კურსის მიმართ ინტერესი დიდია. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მონაცამებებით 2022 წელს ქართული ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა 1392 სტუდენტი, საქართველოში არსებულ 15 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ჩარიცხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც აზერბაიჯანულენოვანი 339, სომხურენოვანი 265, ხოლო ოსურენოვანი 3 სტუდენტი ჩაირიცხა. (წყარო:  edu.aris.ge) „ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური მასწავლებლები, ხარისხიანი განათლება, როგორც სკოლებში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. უნდა შეგვეძლოს საკუთარ ქვეყანაში განვითარება და სხვაგან წასვლაზე ფიქრი არ უნდა გვიწევდეს“, – ამბობს გოჰარი. ჯავახეთში არსებულ სკოლებში მომუშავე მასწავლებლების უმრავლესობას განათლება სომხეთში ან აზერბაიჯანში აქვს მიღებული. საქართველოში ჩამოსვლისას კი ქართული ენის ერთწლიანი გადამზადების კურსს გადის. როგორც გოჰარი ამბობს, ერთ წელში ვერ შეისწავლი ქართულ ენას ისე, რომ სხვებს ასწავლო. მწირია ენის ასათვისებლად საჭირო სხვა საშუალებებიც, ბიბლიოთეკა მხოლოდ ნინოწმინდაშია. „მასწავლებელი ყოველთვის გვავალებდა სომხური წიგნების წაკითხვას არდადეგებზე, მაგრამ ქართული ენის პედაგოგის მხრიდან იგივე მოთხოვნა არ ყოფილა. არ ვიცი ნინოწმინდის საჯარო ბიბლიოთეკაში არის თუ არა ქართული წიგნები, მაგრამ დიდი ალბათობით მხოლოდ სომხური ან აზერბაიჯანული ლიტერატურაა. რეგიონში საინფორმაციო გადაცემებიც კი არ გვაქვს ქართულ ენაზე“, – გოჰარ აღჯოიანი. გოჰარი ამჟამად სამცხეთ-ჯავახეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ წევრია. თანამშრომლობს ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციასთან „საფარი“, რომლის დაფინანსებით სოციალურ ქსელში შეიქმნა პლატფორმა „განძი“, სადაც ამზადებენ მასალებს ქალთა უფლებებზე, თემში არსებულ სტერეოტიპებსა და ეთნიკური უმცირესობების გარშემო არსებულ გამოწვევებზე. ამ ყველაფერში ძალიან დაეხმარა ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა. ენის ცოდნამ სოციალური ინტეგრირებისა და კარიერული წინსვლის საკითხებში დიდი როლი ითამაშა.   ავტორები: მარიამ მერლანი, ანო ტვილდიანი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები ანი ჭედია და მარიამ წივილაძე, რადიო გადაცემის “საუბრები ჟურნალისტიკაზე სტუმრები იყვნენ. რა სჭირდება დამწყებ ჟურნალისტს მოტივაციისთვის, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და სხვა მომიჯნავე პროფესიებს შორის, როგორია პროდიუსერის თუ ჟურნალისტის საქმიანობა კადრს მიღმა – ამ და სხვა თემებზე კითხვები თამარ ჩხიკვაძემ მოამზადა, რომელიც IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელია. მარიამ წივილაძე: „ვთლი, რომ სტუდენტობის დროს უფრო მეტად უნდა ჩავრთულიყავი ჟურნალისტიკის პროცესში, უფრო მეტი სტაჟირება უნდა გამევლო, ჯობია რაღაც ცოდნა დააგროვო იმაში რაც გიყვარს, ვიდრე რაღაც მხრივ  ფინანსურად იყო გამართული.“ ანი ჭედია: „ვამბობთ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს  ხალხის მაჯის ცემაზე გვიდევს თითი და სწორედ ეს მაკლდა იმ პერიოდში როდესაც სოციალურ მედიაში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებს ვგეგმავდით, ჩემთვის მაინც უფრო საჭირო იყო გამეკეთებინა რისერჩები, მქონოდა უშუალო კონტაქტები რეპსონდენტებთან რომლებისგან პასუხს ზოგჯერ იღებ, ზოგჯერ ვერა და ამ ყველაფრის გაკეთება ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა“.

დილით ჩვეულ დროს დარეკა მაღვიძარამ. საათი 7:30-ს აჩვენებს, ვცდილობ გამოვფხიზლდე და გრძელი, დამღლელი დღისთვის მოვემზადო. ჩვევად მაქვს გაღვიძებისას ჯერ მაღვიძარას ვუთიშავ ხმას, შემდეგ კი ფანჯარაში ვიხედები, რომ გავარკვიო როგორი ამინდია. გარეთ ვიყურები და ვხედავ ირგვლივ ყველაფერი თეთრი საბნით შემოსილა. თბილისში თოვს…თან რა ლამაზად თოვს… როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, ჩავიცვი და სამსახურში წავედი. ცივა, თოვლის ფიფქები გზააბნეული დაფარფატებენ ცაში. მე ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ სამსახურისკენ, მაგრამ უეცრად ვჩერდები და გაყინული ხელით ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ. ვცდილობ გადავიღო თეთრად შემოსილი ნაძვები, გზა, რომელზეც ჯერ არავის გაუვლია მანქანების გარდა. და აი ისიც , გადავიღე…ულამაზესია, ენით აღუწერელ სილამაზეს ვუცქერ და მინდება უფრო მეტი გადავიღო, გადავუღო თოვლიან თბილისს, მის ყოველ კუთხეს და ყველას გავუზიარო, თუ რაოდენ ლამაზია ჩვენი დედაქალაქი თოვლში გახვეული. ვუღებ ძველი თბილისის ქუჩებს, ვუღე ყველაბ ყველას დაფერს… იქვე ხეზე ყინულის ლოლოები ხელოვნების ნიმუშებს ჰქმნის, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად,  ხელოვნურად შექმნაო. მიუხედავად სიცივისა და თოვლის მოსვლისა, ხალხი მაინც განაგრძობს ჩვეულ საქმეებს, ძველი თბილისის ქუჩებში კი ისევ გამოფენილია თბილისელთა ნახატები. მივდივარ,  ამდროს კი რაღაც იდუმალი, უხილავი ხმა ჩამჩურჩულებს კოლაუ ნადირაძის ლექსიდან „ 25თებერვალი“ სიტყვებს: „თოვდა… და თბილისს ებურა თალხი“. დღეს 12 იანვარია, თბილისს თეთრი ქურქი ჩაუცვამს, თავს იწონებს ისე, როგორც სჩვევია… ფოტორეპორტაჟის ავტორი: ეთა სულუხია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, “ცოდნის კაფეზე” მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, ამ სივრცეში განთავსდება: მულტიმედია ქართული და ინგლისურენოვანი ბიბილიოთეკები, წიგნის მაღაზია, არაფორმალური განათლებისა და შეკრების სივრცე, ტექნოლოგიების ოთახი, მცირე კაფე და საერთო-სამუშაო ადგილი. ამ პროექტის დონაციის მსურველებს “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის შესახებ ფილმში თავად საუბრობს. აქვე შეიტყობთ, თუ როგორ გახდა მაჩხაანის თეატრი ნანა ბაგალიშვილისთვის შთაგონების წყარო, წნორი – მულტიფუნქციური განვითარების ადგილი და განათლება – ერთადერთი არჩევანი. IBSU-ს მინი ფილმი “ცოდნის კაფეზე” ფილმი მოამზადეს: IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ლუკა ამბალიამ და ანა ჩალაშვილმა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მოამზადეს “სატელევზიო ჟურნალი” და შეაჯამეს 2022 წელი. გადაცემაში ნახავთ: ინტერვიუს IBSU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ქეთევან ნანობაშვილთან, უნივერსიტეტის წლის მოვლენებს, რეპორტაჟს კახეთიდან “ცოდნის კაფეს” შესახებ, მოსახლეობის გამოკითხვას მიმდინარე წელს ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, IBSU-ს სტუდენტები საუბრობენ საახალწლო ტრადიციების შესახებ და გადაცემას დაასრულებს კურიოზები, რომლებიც ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა სატელევიზიო და რადიო პროგრამების ჩაწერის დროს შეაგროვეს. IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი N2 ვიდეო გადაცემაზე მუშაობდნენ: დავით მათიაშვილი, ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, ნინი შაორშაძე, ლიკუნა ჟორდანიძე, ანუკი გოგოძე, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ნანუ მენთეშაშვილი, თამარ ჩხიკვაძე, ნოდარ ბროლაშვილი, ლუკა ამბალია. ამავე თემაზე: IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი N1

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები აჭარიდან საახალწლო ტრადიციების შესახებ ჰყვებიან. აქვთ თუ არა აჭარაში მეკვლის ტრადიცია, რატომ ხარშავენ სიმინდს საახალწლოდ და ვინ არ აღნიშნავს ახალ წელს – ამ და სხვა წეს-ჩვეულებების შესახებ თავად სტუდენტები საუბრობენ. IBSU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა თანაუნივერსიტეტელები 2022 წლის ბოლოს ჩაწერეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს. იხილეთ ვიდეო მასალა საახალწლო ტრადიციების შესახებ  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა მაზიაშვილი მონაწილეობდა “მედიის განვითარების ფონდის პროექტში” და ისწავლა როგორ აღმოაჩინოს ყალბი ამბები სოციალურ ქსელებში. მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური მოკვლევა შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ძროხებს უკეთებენ mRNA ვაქცინას, რაც შემდგომ რძის პროდუქტებში ხვდება და ადამიანზე ვირუსის სახით გადადის. ცნობისათვის, mRNA ვაქცინა COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელსაც 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იყენებენ. კოვიდ პანდემიის დროს, ვაქცინაციის პროცესს ჰყავდა როგორც ბევრი მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე და შესაბამისად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ზღვა ინფორმაცია მათი სასიკეთო თუ საზიანო ზეგავლენის შესახებ. ანა მაზიაშვილის ჟურნალისტური ქეისი შეეხება 2022 წლის 11 ოქტომბერს Facebook-ის ერთი მომხმარებლის გვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მასალას, რომელიც ყალბი ინფორმაციის შემცველი იყო. პოსტის მიხედვით, ავტორი ამტკიცებდა, რომ “ისინი აძლევენ ძროხებს mRNA ვაქცინას, რომელიც გადასცემს ვაქცინას რძეში, ყველში და ასე შემდეგ” და თან დართული ჰქონდა ფოტო, სადაც უცნობი ექიმი ძროხებს სინჯავდა. როგორც ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, ეს ფოტო აღებული იყო ერთ-ერთი ფოტო-რესურსების ვებგვერდიდან shutterstock, რომლის ნამდვილი ავტორიც იყო მითითებული. ფოტო, თავისი შინაარსით არანაირ კავშირში იყო კოვიდ-ვაქცინაციის პროცესთან და რეალურად ვეტერინარი რანჩოზე ცხოველებს სინჯავს. როგორ აღმოაჩინა ანა მაზიაშვილმა ეს ინფორმაციის სიყალბე ნაჩვენებია მის ვიდეო მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა მედია ცენტრის YouTube არხზე.   მედია ცენტრის YouTube- ზე ანა მაზიაშვილის მასალის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექორის” ვებგვერდზე.  


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting