შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 14

გულიკო ქალდანი კოდორის ხეობიდან დევნილი, 75 წლის ქალბატონია. ინტერვიუთი გავიგებთ, თუ როგორი ტრადიციები არსებობდა მის ოჯახში, როდესაც ოჯახი სვანეთში ცხოვრობდა და როგორ გრძელდება ეს ტრადიციები დევნილობის პერიოდში. გულიკო ქალდანი არის უშიშარი ქალი, რომელმაც იძულებით მიატოვა თავისი სახლი, მეუღლესთან ერთად და ჩამოვიდა თბილისში, რათა ცხოვრება ახლიდან  დაეწყო.   – კოდორის ხეობას როგორ აღგვიწერდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს მხარე არ გვინახავს? – კოდორის ხეობა იყო ულამაზესი, ირგვლივ უზარმაზარი ხეებით შემორტყმული ადგილი. ყინულივით ცივი მდინარე კოდორი მოედინებოდა, ყველას ეზოში ყვავილები ყვაოდა. ჩემი ეზოც გამოირჩეოდა მოკლედ გაკრეჭილი ბალახით, ყველა კუთხეში  ყვავილებით, გარშემო უზარმაზარი ბაღებით, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. ყველას ჰყავდა საქონელი და ფრინველი, არავის არ უჭირდა. ყიდვა არც გვჭირდებოდა, ყველას ყველაფერი გვქონდა. მე 6 შვილი მყავს და როცა თბილისში წავიდნენ, ექვსივეს ვუგზავნიდი ნობათს – ყველს , ხორცს და ა.შ. ხალხიც საუკეთესო ცხოვრობდა, დიდებული და ერთმანეთის მოსიყვარულე. შრომა და ჯაფა არავის არ ეზარებოდა. რაც მთავარია, მოთმინება ჰქონდათ, რათა ჰქონოდათ ყველაფერი რაც  ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ. ყველას ჩვენი ნაშრომი გვქონდა ოჯახებში. – როგორც ახსენეთ, 6 შვილი გყავთ. როგორ ანაწილებდით დროს შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს შორის? – ბავშვები ისე გავზარდე, რომ არც ერთ წამს არ ვაცდენდი უშრომელად. დღისით  მეც და ჩემი მეუღლეც  მიწასთან ვმუშაობდით, სახლის საქმეებს ვაკეთებდი, საქონელს ვუვლიდი, ყველს და სხვა  რძის პროდუქტს ვამზადებდი და ღამე გვიან ვიწყებდი ბავშვების ტანისამოსის მოწესრიგებას. შეიძლებოდა, დამთენებოდა, თუმცა, შვილებს მოუწესრიგებლად არასდროს არ გავუშვებდი სკოლაში. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, გვერდში დამიდგნენ და მეხმარებოდნენ, ყველას თავისი საქმე ჰქონდა განაწილებული. დროს ფუჭად არ ვკარგავდი და ამიტომ არც არასდროს გვიჭირდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საკვები და ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდებოდა.. – იძულებით გადაადგილების შემდეგ როგორ მოახერხეთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია? – კოდორის ხეობის დატოვება ძალიან გაგვიძნელდა. რაც ნამუშევარი გვქონდა, ყველაფერი ასე უბრალოდ დავტოვეთ. სახლი, შინაური ცხოველები, ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, ამდენი წლის ნაგროვები, დავტოვეთ და ორი ჩანთა ტანსაცმლით წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. მე კიდევ ძლიერად ვიყავი, ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა.  მახსოვს, არაფერი არ იყო ხელმოსაჭიდი, ყველა უკან ვიხედებოდით და ცრემლები გვახრჩობდა. რა უნდა გვექნა, მეტი გზა არ იყო. აქ ჩამოსულს ის მამხნევებდა და გულს ის მიკეთებდა, რომ შვილები ახლოს მყავდნენ, სითბოს არ მაკლებდნენ. ნელ-ნელა მივეჩვიე გარემოს. მხნედ ვარ და ვცდილობ, ისეთი გზები გამოვნახო, რაც ცოტათი მაინც დამაახლოებს სვანეთთან. არ ვივიწყებ ტრადიციებს, რასაც სვანეთში ვასრულებდი. ჩემი მეუღლე ჩამოსვლიდან მალევე დაიღუპა, ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, ის სვანური წეს-ჩვეულება, რაც  გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სრულდება, მუდმივი იყოს და ჩემი მეუღლის სულისთვის საცხონებელი. გულიკო ქალდანი: მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ. – სვანური კულტურა და ტრადიციები მრავალფეროვანია. მინდა, გკითხოთ, რომელი ტრადიცია მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ – – ტრადიციები მრავალფეროვანი გვაქვს. ყველაზე მეტად გვიყვარს  „ლიფაანალი“  – ასე ჰქვია სვანურად. ვითომ, სულები შემოდიან სახლში, სამარხო სუფრას ვუწყობთ 18 იანვარს, რადგან მარხვაა. რაც კი ოჯახში პროდუქტი გვაქვს, ყველაფრით ვაკეთებთ საკურთხის სუფრას. მეორე დღეს ხსნილდება და არასამარხვო საჭმელსაც ვამატებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს ზოგჯერ 1 კვირა, ზოგჯერ 3-4 დღე. 18 რიცხვის მომდევნო ორშაბათს კი სულებს სახლიდან ვაცილებთ და ამ დღესაც ვამზადებთ საკურთხს. რაც რამე გვაქვს, ყველაფერს ვუმზადებთ და ვუშვებთ სახლიდან. ვიცით განსხვავებული ლოცვები სვანურ ენაზე, ვიცით საკლავის შეწირვა, „სეფისკვერის დაცხობა“და ა.შ – როგორც ვიცი სვანეთში, დიდ ყურადღებას ანიჭებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ლოცვას და განსხვავებული წეს-ჩვეულებები გაქვთ. როგორ ხდება ეს თქვენს ოჯახში? – როცა ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, დაკრძალვის მერე, მე-9 დღეს „პირის გახსნას“ ვეძახით და საკლავს ვკლავთ, მთელ სოფელს ვეპატიჟებით. იმის შემდეგ, ყოველ შაბათს, 40 დღის განმავლობაში სუფრას ვამზადებთ და სასაფლაოზე მიგვაქვს. ვაკურთხებინებთ და ვლოცულობთ სულის საცხონებლად. 40 დღის შემდეგ კი ყოველთვის საკურთხს ვუკეთებთ და ეს ერთგვარად ჩემს ოჯახში ყოველთვის ხდება, როცა შვილები და შვილიშვილები იკრიბებიან. ყველა, ვისაც შეუძლია, ჩემთან მოდის და ერთად ვაკეთებთ საკურთხს. ვფიქრობ, ერთმანეთის ნახვით ჩვენი გარდაცვლილიც ხარობს და ჭირის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების მაგალითიც არის ეს წესი. – რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც დღეს იძულებით გადაადგილებული პირია? მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ.   ინტერვიუს ავტორი: ანანო სამხარაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი      

მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მის გამოჩენას როგორც თეატრის, ასევე, მუსიკალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კახა აბუაშვილი საზოგადოებაში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს. კაბუმ მსმენელს და მაყურებელს თავი საინტერესო როლებით და სოციალურ თემატიკაზე სიმღერით დაამახსოვრა. ის დღემდე აქტუალურია, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ცხოვრების უცნობი ფაქტები ბევრმა არ იცის. – კაბუ, რომ არა მსახიობი და რეპერი, ვინ იქნებოდი დღეს? – აზრზზე არ ვარ, ალბათ, ქუჩის ბიჭი ვიქნებოდი. – ბევრმა არ იცის – ბავშვობაში ჭიდაობაზე დადიოდი. რამ შეგიშალა ხელი, სპორტს გაჰყოლოდი? – ჩემს წონაში ვერავინ ნახეს ჩემხელა. 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ვჭიდაობდი მესამე კლასელი ბავშვი და მჩაგრავდნენ. თან, არც მოსწონდათ უფროს სპორტსმენებს, როცა ხედავდნენ, რომ პატარა მძიმე ბავშვს ეჭიდავებოდნენ. ბოლოს, ვიღაც ბავშვმა ჭიდაობის დროს შემაგინა, ჰოდა, მე და ჩემმა კლასელმა მთელი დარბაზი ვცემეთ.  მეორე დღეს მამაჩემი დაიბარეს. მწვრთნელმა უთხრა, ნახეთ, რას დაამსგავსა ბავშვები, ამას გავაგდებთო. რას გამაგდებთ, ამათთან როგორ ვიჭიდავებ-მეთქი – ეს იყო ჩემი რეაქცია, რის გამოც მამა ჩამეხუტა და მაკოცა. შემდეგ ცხენოსნობაზე ვიარე. – მაშინ, როდესაც  ტელევიზიაში გამოჩენა ბევრის ოცნება იყო, შენ პოპულარობის ზენიტში იყავი. შეინარჩუნე, რასაც მაშინ მიაღწიე? – მაშინ მივაღწიე იმას, რომ ადამიანებმა გამიცნეს. შემდეგ ხალხს შევუყვარდი და ამან ძალიან გამახარა. ბოლოს მაგას უფრო მივაწექი, ვიდრე იმას, რომ მე კაბუ ვარ. ადამიანს რომ უყვახარ, ყველაზე დიდი ჰონორარი ეგ არის. ჰონორარი არ გაწყენს, მაგრამ მთავარი ხალხის სიყვარულია. ხანდახან, როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და ჩემს მეორე მე-ს ვეკითხები, რა გაგიკეთებია-მეთქი, მეორე მე მეუბნება, რა არ გაგიკეთებია, ნახე, რამდენ ხალხს უყვარხარო (იცინის). მახარებს ეს ამბავი, ესაა ჩემი მთავარი მიღწევა და ის, რაც შევინარჩუნე. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, ხალხის ტაში კარგია, მაგრამ პატარა ბიჭი არ ვარო… შენს შემთხვევაში, სად დამთავრდა ენთუზიაზმი? – როცა მივხვდი რომ ტაში აღარ მიმიყვანდა სახლში, მანდ მქონდა დიდი პროტესტი იმის გამო, რომ მსახიობს ფული არ აქვს. – კაბუ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდი, სადაც დედის დაბადების დღეს გაიპარე. რამ გადაგაწყვეტინა? – უბნელებმა ვთქვით, წავიდეთო და ასე წავედით ომში. მხედრიონს მივყვებოდით, დაგვაგვიანდა. იმ რეისს უნდა გავყოლოდით, რომელი თვითმფრინავიც ააფეთქეს, უბრალოდ დაგვაგვიანდა.  გავიგე, რომ იპოდრომზე იყო დისლოკაციის ადგილი. არ უყომანიათ ბევრი, იარაღი მომცეს, რომლის გამოყენება წესიერად არც კი ვიცოდი და მეორეკურსელი წავედი ომში. მეცვა ჯინსები, „ინსპექტორები“, ბენდენა და „ქამელეონი“ მეკეთა. მაგრად მახსოვს, შავი მაიკა და თხელი კურტკა მეცვა. ეზოში ვმოძრაობდი, ვიღაც ტიპი მოვიდა, სად იღებენ იარაღსო. ვკითხე სად ხარ ნაომარი-მეთქი და სანამ  ჩამოთვალა, მე გავიპარე (იცინის). ეს მებრძოლი აღმოჩნდა ჯონი, რომელმაც მთელი ბატალიონი გადაარჩინა. მაგარი ბიჭი იყო. როცა ჩაიცვა, დამბურძგლა. ბიჭებთან დავახლოვდი გზაში, ჯონიმ ვიღაცებზე მითხრა, მაგათ ნუ ენდობიო. კინდღში როცა შევედით და პირველი ყუმბარა გვესროლეს, მანდ მივხვდი, მართალი იყო ჯონი. ნახევარი გაიპარა. – მეუღლესთან – ანუკასთან დღემდე ცივილური ურთიერთობა გაქვს. რა არის ამის საიდუმლო? – ბავშვების თემაა, ალბათ. მე ძალიან მიყვარს ადამიანები. ანუკა რაც წავიდა, იმის მერე კონფლიქტი არ გვქონია. თვითონაც კარგი გოგოა. იცის, რა შეიძლება და რა არა. ბავშვობაში რაც ვერ გამოვიჩინეთ, ახლა გამოვიჩინეთ და დავალაგეთ ურთიერთობა. – პოპულარობის დროს გაგიტაცეს. როგორ მოხდა ეს ამბავი? – გოგოებმა რომ გამიტაცეს, მაგას გულისხმობ? მაშინ 20 წლის ვიყავი, პირველი ალბომიც არ მქონდა გამოშვებული. მეგობარი გოგონა მყავდა და მასთან ერთად ვიყავი კლუბში. როცა სიმღერას მოვრჩი, გოგოები შემოვიდნენ. ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი დეიდაშვილის ქორწილში მომეწონა და მითხრა, გარეთ წითელი ტაქსი გელოდებაო. გამოვედი და გოგოებმა მომიტაცეს.   ვუთხარი, რას აკეთებთ, გოგოსთან ერთად ვარ და ისიც წამოვა-მეთქი. წრე დავარტყით და ლალიჩკაც ჩაგვიხტა. წავედით და ისეთი გარყვნილობები ვნახე… ძაან გამთანგეს და ბოლოს გვერდზე ვიჯექი. არ მავიწყდება ის დღე. მაგრად გამისწორა. – საფრანგეთს შევეხოთ. ციხეში გატარებულმა დრომ თუ მოახდინა შენს ცხოვრებაში გარდატეხა? – რომ გითხრა, რაღაც შესამჩნევად შეცვალა-მეთქი, არა. ერთადერთი ის შეცვალა, რომ ენა ვისწავლე. ვვარჯიშობდი, კუნთები გამიჩნდა და იქაური სისტემა გავიცანი. ერთი მხრივ, რომ შევადაროთ რუსული და ფრანგული სისტემა, ეს ადვილია, თითქოს, მაგრამ ვიღაცებს ნანახი ჰქონდათ რუსული სისტემა და მაინც უჭირდათ. რადგან თუ ხარ ბოსი და პირამიდის თავში გაქვს ადგილი, უფრო პრივილეგირებული ხარ. იქ არიან ქართველები, რომლებიც 10 წელი სხედან სამარტოო საკანში. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ შვილებს ღირსეულ მამობას ვერ უწევ. ახლა, როცა აქ ხარ და უფრო მეტი დრო გაქვს, იმავე აზრზზე ხარ? – მაშინ მდგომარეობა მქონდა ისეთი, ფიზიკურად არ მინდოდა, დავენახე. ახლა კი არის მამა დალაგებული სახით, მაგრამ თვითონ არიან სხვა ასაკში. როცა ვეუბნები, მამიკო, აბა, რამე მომიყევი-მეთქი, მეუბნებიან, რა მოგიყვეო. მაინც ვერ მოვახერხე ის, რომ დამეძმაკაცებინა, მაინც აქვთ რაღაც ბარიერი და ვერ მივხვდი, საიდან მივიდე მათთან. ვხედავ, ბავშვიც კედელს ეხეთქება, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაგრამ ვერ მივუდექი. მოვა მაგის დროც. უბრალოდ, მეშინია, ძალიან გვიანი არ იყოს. – ლევან წულაძესთან თავს დამნაშავედ თვლი? – თვითონ არ თვლის, ალბათ, რომ დამნაშავე ვარ. ერთადერთი, მხოლოდ იმაში მთვლის დამნაშავედ, რომ ჩემს თავს დავუშავე. წყინდა, რომ არასწორად ვექცეოდი ჩემს თავს. ლევანი არის ჩემი მასწავლებელიც და ყველაფერი. ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის. მე რომ დავიხვეწე, როგორც მსახიობი, ჭოლას და „სარდაფის“ დამსახურებაა. დიდი დრო გავატარე თეატრში. უფრო მსახიობად ვთვლი თავს, ვიდრე რეპერად. არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე გავხდი რეპერი. პოპკულტურა არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ყვები, რა ხდება რეპში. ახლა მგონი ცოტაა პოეტი რეპერი, უფრო სხვანაირად განვითარდა რეპი. აბსოლუტურად განსხვავებულია. მაშინ სხვა პრობლემები გვქონდა. ახლა ფულზე, მანქანებზე და ქალებზე რეპავენ. – როგორი უნდა იყოს  ჭეშმარიტი მსახიობი? – უზრუნველყოფილი. მსახიობი როცა ამბობს: „ფული არ მაინტერესებს“, არის ჭეშმარიტი მონა. მსახიობი სახლში რომ მიდის და ჩაი არ აქვს, იმას ტაში არ აინტერესებს. თავისი საქმე უნდა უყვარდეს. ჭოლამ მაგარი რაღაც იცოდა, ვინც სამსახურში დადიხართ, ნუ დადიხართო, გვეუბნებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა და შემდეგ მივხვდი. მსახიობი საკუთარ საქმეს ისე არ უნდა უყურებდეს, რომ, თითქოს, სამსახურში მიდის. უფრო მეტსაც გეტყვი, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. როცა ყველა ქუჩის ბიჭი და მსახიობია, საქართველო არ გაბრწყინდება. – საფრანგეთში შეხვედრისას მითხარი, რომ შემოქმედებითი ჩავარდნა გქონდა. ახლა როგორ ხარ? – მგონია, რომ ღმერთთან ნაკლები კონტაქტი მაქვს და ეგ არის ყველაფრის საწყისი. ჩემი სათქმელი არ ამომიწურავს. კი მაგრამ, უნდა ამ ხალხს შენი პრობლემები? რაზე ვიმღერო? გადავწყვიტე, სიბნელეზე ვიმღერო. რაღაც უნდა ვთქვა და ვიტყვი. ერთი დაწყება მინდა და დავანახებ, რომ ვყარვართ, ცუდ დღეში ვართ და პროსტა ვიკიდებთ. გეგონება, ჩვენ არ ვართ აქ; გვგგონია, მხოლოდ რუსია ჩვენი მტერი. ვამბობთ, აფხაზეთი დავიბრუნოთო და პლეხანოვი გვაქვს დასაბრუნებელი. გოგოები გვყავს დასაბრუნებელი, მაგრამ ეგ როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. შაჰ-აბასმა ხმლით რაც ვერ გაგვიკეთა, მაგის ნათესავმა გაგვიკეთა ფულით და ფალოსით. – ლექს-სენი თუ ბერა? – ბერა. ბერას ნაფიქრი აქვს, ხარისხი აქვს და – ადე ზეზე, გამო მზეზე დამახიე აგერ – ეს საერთოდ ვინ არის, ვერ გავიგე. – სამომავლო გეგმებზე რას ფიქრობ? – ალბომი

ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, ყოველ დღე სანამ სკოლაში წავიდოდი, მთელ ვაჟა-ფშაველას გაივლიდა, რომ ჩემთვის ცხელი კრემიანი “პონჩიკები” მოეტანა, რადგან იცოდა, რომ დილით ჩაისთან ერთად ასეთი საუზმის მირთმევა მიყვარდა. არაფერს იზარებდა, რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მომიტანდა, თუმცა ახლა, როცა ერთი ფეხი დაკარგა, იძულებული გახდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. მუდმივად გამოთქვამს გულისტკივილს იმის გამო, რომ ოჯახს ვერ ემსახურება, თავის ძველ მეგობრებთან თავად ვერ მიდის სტუმრად. ვცდილობ ვანუგეშო ხოლმე, როლები გავცვალეთ – ახლა მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც  ყოველ დილით ცხელი საუზმე შეაქვს მასთან. ვცდილობ ისე გავანებივრო, როგორც თავად მანებივრებდა წლების წინ. ეს ბაბუაჩემის ფოტოებია, ყველა ფოტოში ჩანს სევდა, რომელიც მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, ყველაფერი აქვს, რაც ამ ასაკის ადამიანებს სჭირდება, მაგრამ არავინ ვიცით მის გულში რა ხდება. სულ ფანჯარაში იყურება, ენატრება გარე სამყარო, საკუთარი ფეხით გარეთ დამოუკიდებლად სიარული, ქუჩაშუ ყურებით კი ცდილობს ეს სურვილი ცოტათი მაინც დაიკმაყოფილოს. საწოლის გვერდზე პატარა ბლოკნოტები უდევს, სადაც დღე და ღამე რაღაცებს წერს. რამდენჯერაც ვკითხე, სულ იმას მეუბნება, რომ როცა დრო მოვა, მერე გავიგებ ბლოკნოტებში რა წერია. მრავალი ბლოკნოტი შეავსო, უკვე აღარც ვითვლით, ძალიან მაინტერესებს შიგნით რა წერია, მაგრამ  წაკითხვის უფლება არვის გვაქვს. ვფიქრობ, წერისას გადმოაქვს მთელი ის მწუხარება და გულის ტკივილი, რასაც ხმამაღლა არ ლაპარაკობს. თუკი მკითხავთ, ყველაზე მეტად რა გამახარებს, გეტყოდით, რომ ბაბუაჩემის კარგად ყოფნა, ნეტავ, შესაძლებელი იყოს მისთვის ძველი ცხოვრების დაბრუნება. ბაბუაჩემი ზოგჯერ საკუთარ მშობლებზე უკეთ მიგებდა და მიგებს. ეს ის კაცია, რომელიც მთელი ბავშვობა პარკებსა და სკვერებში მასეირნებდა, სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა, ცდილობდა ჩემს სახეზე ღიმილი ყოველთვის ყოფილიყო. ჩემს გამხიარულებას ახლაც ცდილობს, მაგრამ რაღაც მთავარი მაინც შეიცვალა, ადრე მის თვალებში სევდას ვერ ან არ ვხედავდი, ახლა კი როცა ვუყურებ, მისი ნაღვლიანი თვალები ყოველთვის გულს მტკენს და მეც მასევდიანებს. ეს ბაბუაჩემია, სიცოცხლით სავსე, კეთილი, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც სევდიანი.   ფოტორეპორტაჟის ავტორი: ანა ლეჟავა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

– თათია, გთხოვთ წარგვიდგინოთ საკუთარი თავი. – მოგესალმებით, მე ვარ თათია ჯანიაშვილი, 31 წლის. ამჟამად ვარ დასაქმებული შპს „ნესტლე საქართველოში“ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. დამთავარებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტის ადმინისტრირების განხრით, ხოლო მოგვიანებით ცოდნა გავიღრმავე უფრო ვიწრო სპეციალობით, კერძოდ, განათლება მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ოპერაციათა მენეჯმენტის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული მაგისტრატურის გავლის შემდეგ შევიცვალე სამუშაო ადგილი და 2016 წლის 1 ივნისიდან დასაქმებული ვარ შპს „ნესტლე საქართველოში“. ბოლო 2 წელია, ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. – რას მოიცავს აღნიშნული მიმართულება თქვენს კომპანიაში და რამდენად რთულია ამ მიმართულებით მუშაობა? – თქვენს კითხვაზე პასუხს დავიწყებ კითხვის მეორე ნაწილით. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობა არის საკმაოდ სტრესული, დამღლელი და მოითხოვს 24/7-ზე ჩართულობას. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველდღიური რუტინაც კი არ ჰგავს სტანდარტულ რუტინას. ყოველდღიურ საქმიანობაში გვხდება არაერთი არასტანდარტული სიტუაცია და ფორსმაჟორი. ყოველი დღე გამოწვევაა, დღის ბოლოს კი ხვდებით, რომ კიდევ ერთ გამოწვევას გაუძელით და საკუთარი თავისთვისაც საინტერესო აღმოჩენები გააკეთეთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნულ პროფესიაში სირთულეები გეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში, პრობლემების მოგვარებისას შეძენილი ინფორმაცია კი თქვენთვის ცხოვრებისეულად გამოსადეგი იქნება. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქართულ ბაზარზე, ლოჯისტიკის დეპარტამენტი ზრუნავს შერჩეული პროდუქციის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე – სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს შესაბამის ლოკაციებამდე. უფრო დეტალურად კი – პროცესი იწყება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროდუქტის დეტალური შემოწმებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტი ვალდებულია, იცნობდეს ქართულ კანონმდებლობას, რომ შემოტანილი პროდუქცია არსებულ რეგულაციებს შეესატყვისებოდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვამოწმებთ საიმპორტოდ შერჩეული პროდუქციის რეცეპტურას, შემდგომ – მათ შეფუთვებს და თუ ყველა მახასიათებელი აკმაყოფილებს ქართულ კანონმდებლობას, იწყება საიმპორტო დოკუმენტაციის დამუშავება. ამ უკანსაკნელი პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანიას აღარაფერი აბრკოლებს, რომ პროდუქციის იმპორტი დაიწყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გადაზიდვის საშუალებები, საიმედო გადამზიდი კომპანიები და სატრანზიტო რისკები. სწორედ სატრანზიტო პროცესი არის სიურპრიზებით სავსე და ხშირად რთულია გაითვალისწინო ყველა ის რისკი, რომელიც, შესაძლოა, უდროო დროს გამოჩნდეს დაბრკოლებად. – რა გავლენა იქონია პანდემიამ და უკანასკნელმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოჯისტიკის მიმართულებაზე თქვენს კომპანიაში? – რეზიუმირებულად რომ გითხრათ, პანდემიამ და, მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ „ნესტლეზე“, არამედ სხვა მსგავს იმპორტიორ კომპანიებზეც. ორმხრივ ზეგავლენაში ვგულისხმობ როგორც პოზიტიურ, ასევე უარყოფით მხარეებს. ერთი მხრივ, პანდემიამ იქონია უარყოფითი გავლენა ბაზარზე – მოხდა ტოტალური კოლაფსი, შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების გართულებით; ხოლო მოგვიანებით გაჩაღებულმა ომმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპორტზეც. მეორეს მხრივ კი – რთული სიტუაციიდან გამოსვლისთანავე, დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა ათწლეულში იყო და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება გამოწვევებს – იყო არაერთი, საკმაოდ მრავალმხრივი და დროში სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემა. საიმპორტო კომპანიებისათვის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდგომ, რაც დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, საერთაშორისო ბრენდებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს. არც „ნესტლე“ იყო გამონაკლისი და რუსეთში წარმოებული ქვებრენდების 90% ლიკვიდირდა. მარტივად რომ ვთქვათ – წარმოება შეჩერდა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული 85-90% პორტფელისა უნდა ჩანაცვლებულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფო წესით გახდა საჭირო, ალტერნატიული ქარხნები რუსეთის გარეთ მოგვეძებნა. ჩვენს კომპანიას გაუმართლა, რადგან საერთაშორისო კომპანია ვართ და გაგვიმარტივდა ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ქარხნის მოძიება, რომლებიც ალტერნატიულ პროდუქტებს მოგვაწვდიდნენ. პროდუქტების შერჩევის შემდგომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულმა მათგანმა გაიარა რეცეპტურის ტესტირება და ძალიან ინტენსიური, სწრაფი და დაუღალავი მუშაობის შედეგად, 3-4 თვის ჭრილში შევძელით პორტფელის 100% იმპორტის განახლება ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სიტუაცია რომ შევაჯამოთ, უარყოფითი მხარეები, გარდა საოპერაციო საქმიანობისა, მოიცავს ბაზარზე პროდუქციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და, მოგვიანებით, ფასების ზრდას. დადებითი მხარე კი ნათელია: დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოებული, ბევრად უფრო ჯანსაღი შემადგენლობისა და  გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების პროდუქტით. –  რა მომავალი ელის ჩვენს ქვეყანას ლოჯისტიკის და ეკონომიკის მხრივ? – არ განვმეორდები იმის მოთხრობით, თუ რაოდენ რთულ სიტუაციაში იყო ლოჯისტიკა არსებული ბოლო ვითარებების გამო. თუმცა, ამჟამად ლოჯისტიკა საქართველოში ბევრად უფრო განვითარდა, ვიდრე წინა წლებში. როგორც იმპორტიორებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, არა მხოლოდ ამ სირთულეების გადალახვით, არამედ, ახალი პრიორიტეტების გაჩენის გამოც. დღეს ლოჯისტიკის სფეროში მომსახურეობის სტანდარტები ძალიან დაიხვეწა. უახლოეს პერიოდში, არაერთი ცვლილება იგეგმება. თათია ჯანიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, ყველას სმენია საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევის ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, სატესტო გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს და არაერთმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო საქართველოს ტრანზიტად გამოყენება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ცვლილება სულ მინიმუმ მოიცავს ბიუჯეტში შესულ თანხებს, თუნდაც, მხოლოდ ტრანზიტის გადასახადს. შესაბამისად, სამომავლო პერპსექტივები ამჟამინდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პოზიტიურ მხარეს ავლენს”. – თუ საიდუმლო არ არის, დღეს არჩევანის საშუალება ხელახლა რომ მოგეცეთ, ლოჯისტიკას აირჩევდით თუ არა თქვენი საქმიანობის სფეროდ? – ლაკონურად რომ გიპასუხოთ, დიახ, დაუფიქრებლად ავირჩევდი. აღნიშნული სფერო არის ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო, იდეალურია რუტინის არმოყვარული ადამიანებისათვის და, რაც მთავარია, მუდმივად გაწვდით ინფორმაციას მსოფლიო საბაზრო მოვლენებზე. ამიტომ, სიახლეებს არასდროს ჩამორჩებით (რესპონდენტი იღიმის). ინტერვიუს ავტორი: გიორგი ჭოხონელიძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი

მიხეილ მეტრეველი კარდიოქირურგი და კლინიკა „ჯერარსი“-ს კარდიოლოგია – არითმოლოგიის, კარდიოქირურგიის, რეანიმაციის და  ინეტრვენციული კარდიოლოგიის გუნდის ხელმძღვანელი. იგი საუბრობს მის განვლილ, სირთულეებით აღსავსე გზაზე, რომელმაც ის ახალგაზრდა ასაკში დიდ წარმატებამდე მიიყვანა. ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მეუღლეა, რომელიც მუდმივად ამხნევებს და სირთულეების გადალახვაში ეხმარება.   – როდის და რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა? – ექიმობა მე-6 – მე-7 კლასში გადავწყვიტე. მოულოდნელად, მამა შეუძლოდ გახდა და ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა, დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინეს. მაშინ ვიფიქრე, რომ ექიმები ღმერთები იყვნენ და გადავწყვიტე, რომ მეც ეს გზა უნდა ამერჩია. – მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ – როგორ მოხვედით აქამდე? – მიუხედავად ჩემი ასაკისა, ძალიან დიდი და დამღლელი გზა გავიარე. დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, დავამთავრე ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც დავამთავრე, საზღვარგარეთ მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა,   უცხოეთში წასვლა არ იყო ისე მარტივად ხელმისაწვდომი, როგორც დღეს არის.  ერთადერთი ალტერნატული გზა იყო რუსეთი. მოსკოვში ჩავაბარე. ანესთეზიოლოგობა მინდოდა, განცხადებაც მქონდა დაწერილი, კადრების განყოფილებაში ჩასაბარებლად. მაგრამ ერთმა ფრაზამ მომენტალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, როდესაც უნივერსიტეტის თანამშრომელმა თქვა:     მიხეილ მეტრეველი:  „აი, ჩამოვიდა კიდევ ერთი კაცი, ვინც ლეო ბოკერია უნდა გახდეს. “        მაშინვე დავხიე ჩემი განცხადება და დავთანხმდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე ბავშვთა თანდაყოლილი მანკების განყოფილებაში, შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადავედი (ბატონმა ლეომ თავის განყოფილებაში გადამიყვანა). ამის შემდეგ იყო კარდიომიოპათიის დეპარტამენტი. ნელ-ნელა გავიზარდე და ექიმად ჩამოვყალიბდი. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, მერე სადოქტორო თემაზე დავიწყე მუშაობა. როდესაც დავასრულე, დავბრუნდი საქართველოში, ბათუმში, გავაკეთე პირველი ოპერაცია ხელოვნური სისხლის მიმოქცევით გულის თანდაყოლილ მანკზე. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ, ჩემი კარიერა ისევ საზღვარგარეთს უკავშირდება, ამჯერად, პოლონეთის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ზაბჟის, სადაც ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კარდიოქირურგად. საბოლოოდ, დავბრუნდი საქართველოში. მრავალი შემოთავაზება იყო სხვადასხვა კლინიკიდან, თუმცა, არჩევანი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრზე შევაჩერე. 2012 წლიდან დავიწყე ამ კლინიკაში მუშაობა. თავიდან პატარა განყოფილება იყო, თუმცა, ნელ-ნელა გაფართოვდა და გუნდი 118 თანამშრომლისგან შედგებოდა. დეპარტამენტი იღებდა უამრავ პაციენტს როგორც ქირურგიული, ისე ინტერვენციული, რეანიმაციული  და კარდიოლოგიური მიმართულებით. 2019 წლიდან დღემდე ჩემი კარიერა გრძელდება ახალ გახსნილ კლინიკა „ჯერარსში“, სადაც ასევე 5 განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, სამუშაო პროცესი დილის 9 საათიდან იწყება და გრძელდება, ხანდახან, დღის დასრულებამდეც კი. ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვდა როგორც ფინანსური, ისე სხვა მრავალი კუთხით. მიხეილ მეტრეველი: „მწვერვალებზე სანამ ახვალ, დიდი და სალი კლდეა გასავლელი.“ – თქვენ თქვით, რომ კარდიოქირურგიის მრავალი განხრით მიიღეთ გამოცდილება. რატომ მაინცდამაინც მოზრდილთა კარდიოქირურგია? – თავიდან, 8 წლის განმავლობაში, ბავშვთა კარდიოქირურგი ვიყავი. თუმცა, შვილი რომ შემეძინა, ძალიან სტრესული გახდა ჩემთვის, ბავშებს რომ ვუკეთებდით ოპერაციას. საათების და ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ გამოვდიოდი რეანიმაციული განყოფილებიდან. შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადამიყვანეს. ბავშვთა განყოფილებას რომ ჩამოვშორდი, სტრესიც მომეხსნა და ჩემთვის ბევრად კომფორტული გახდა სამუშაო პროცესი. საქართველოში რომ ჩამოვედი, აქაც ამ მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა. – თუ შეგიძლიათ, თქვენი პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გაიხსენოთ – როგორ გაუმკლავდით სტრესს და ემოციას? – გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს ოპერაცია. 2005 წელს ბავშვს გავუკეთე წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, ღმერთის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ეს დამეხმარა სტრესის დაძლევაში. მიუხედავად იმისა, რომ 5000-ზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული, დღემდე თითოეულ პაციენტზე ვნერვიულობ, რადგან, ინდივიდუალური მიდგომის მიუხედავად, ყველა რისკის გათვლა შეუძლებელია. მიხეილ მეტრეველი: „ყველა  პაციენტის უკან დგას გულშემატკივრების დიდი არმია, რომლებიც ნდობას გიცხადებენ. –  რისკი ახსენეთ, მაინტერესებს, ლეტალობის მაღალი რისკის გამო თუ გითქვამთ პაციენტისთვის უარი ოპერაციაზე?  – ზოგჯერ ეს რისკები სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ყველა ექიმი ვალდებულია, უარი თქვას ოპერაციაზე. სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სიცოცხლის  შენარჩუნების ერთადერთი შანსი, ისიც მინიმალური, ოპერაციული ჩარევაა და გიწევს ამ რისკზე წასვლა. მიხეილ მეტრეველი: „ყოფილა შემთხვევები, როდესაც  უიმედო პაციენტები გადამირჩენია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც დავმარცხებულვარ.“ – რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ ექიმს? – პირველ რიგში, წარმატებული ექიმი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია. სიყვარული აერთიანებს სიკეთეს, დახმარებას, თანადგომას. თუ ამ ყველაფრით არის  ექიმი გამსჭვალული, იგი სიტყვითაც და საქმითაც უკვე  მკურნალია. ექიმის წარმატება მარტო ის არაა, რომ კარგად ისწავლო, აიღო წითელი დიპლომი და სერტიფიკატები, ჩამოიკიდო ჩინ-მედლები და ამით შემოიფარგლო. პირველ რიგში, დიდი ადამიანი უნდა იყო. – კარგი ექიმის ეტალონად დიდი ადამიანი მოგყავთ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს საკმარისია?  – დიდ ადამიანს შეუძლია პაციენტის გადარჩენა, რადგან უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს თავისი სიტყვით, თანადგომით, კეთილგანწყობით, ეხმარება და ბრძოლის უნარს  უმაღლებს  მას. ბევრი სუპერპროფესიონალი ექიმი მინახავს, რომელსაც სიტყვით „მოუკლავს“ პაციენტი. როცა ამ პროფესიით ცხოვრობ, მთელი გულით ხარ ჩართული ამ საქმეში და ზემოდან არ უყურებ პაციენტს, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად გამოგდის. – ვინ და რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ცხოვრებაში? – ვფიქრობ, ყველა ადამიანს ჰყავს მოტივატორი. ჩემს შემთხვევაში ეს ოჯახია, მეუღლე და 5 შვილი. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს – მათი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის. ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მედგა, არასდროს  დავუტოვებივარ მარტო, წაქცეულს მამხნევებდა და ფეხზე დადგომაში მეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში იყო დიდი ღალატი მეგობრებისგან, რაც რთულად გადავიტანე. ამის გადალახვაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა. – ძალიან მძიმე და საინტერესო თემას შეეხეთ, მეგობრებისგან ღალატს. საბოლოო ჯამში, შეძელით პატიება? – ზოგადად, მიმტევებელი უნდა იყოს ქრისტიანი,   მართლმადიდებელი ადამიანი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვაპატიე, რადგან არ ვმტრობ მათ, თუმცა, მეგობრობის გაგრძელება რთულია. მე არაფერი დამკლებია მათი უღირსი საქციელით, მათ კი, ჩემი სახით, ერთგული მეგობარი დაკარგეს. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას გახდის ფასეულს. ფული ქაღალდია შეიძლება გქონდეს, ან არ გქონდეს, მაგრამ კაცობა და ნამუსი არასდროს უნდა დაკარგო და ასე გაატარო წუთისოფელი. – ერთდროულად ბევრ რამეს ეჭიდებით, პირველ რიგში ხართ მეუღლე და 5 შვილის მამა, ასევე წარმატებული კარდიოქირურგი, რომელსაც უამრავი გადარჩენილი და გადასარჩენი სიცოცხლე აქვს. ამასთან ერთად, ხართ კლინიკა „ჯერარსის“ კარდიოლოგია-არითმოლოგიის, რეანიმაციის, კარდიოქირურგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის წარმატებული გუნდის ხელმძღვანელი. როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან? – ძირითად დროს სამსახურში ვატარებ. სამწუხაროდ, ჩემს თავს შვილებს ხშირად ჩემი მეუღლე უვსებს. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემს შვილებს საჭირო დროს ვერ ვუთმობ. – ურჩევთ თუ არა შვილებს ექიმობას? –  მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს, რომ ექიმობა აერჩიათ. ისინიც მოიკლებენ შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობას. მიხეილ მეტრეველი: „ეს არის პროფესია, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, მსხვერპლი ხარ თავად და, ასევე, შენი ოჯახი.“ – თუ აქტიურად ადევნებთ თვალს ჯანდაცვის სისტემაში განვითარებულ ცვლილებებს და სიახლეებს, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის სიტემა? – ჯანდაცვის სისტემაში ბევრი ხარვეზია. ზოგიერთი ოპერაციის ღირებულება იმ ძვირად ღირებული მასალის ხარჯსაც ვერ ფარავს, რომელიც პაციენტს სჭირდება. მეორე დიდი პრობლემა არის ექიმის ლიცენზირების საკითხი. მხოლოდ ტესტირება არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს, გახდება თუ არა ექიმი. მრავალი ნიუანსია, რომელიც უნდა შეფასდეს. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი და შეეძლოს დახმარების გაწევა ნებისმიერი რიგითი მედიცინის მუშაკისთვის, რომელსაც ეს სჭირდება. – სხვადასხვა ქვეყნის ექიმებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. რით

ნატალი აბესაძე, 25 წლის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2022 წელს წარმატებით ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდა, სპეციალური მომზადების გარეშე. ამჟამად არის  ორგანიზაციის „მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში“ პედაგოგი. ასევე, ამეცადინებს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის. არის არაერთი საინტერესო ბლოგის, სტატიის და ლექსის ავტორი. უახლოეს მომავალში გეგმავს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას. – 25 წლის ხართ და უკვე გაქვთ არაერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.  რატომ გადაწყვიტეთ, ეს პროფესია აგერჩიათ? – დიახ, ჩემთვის მეოთხე სკოლაა “მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში”. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, განმარტოებით ვიჯექი და წიგნების სამყაროში ვცხოვრობდი. თანატოლებთან თამაშიც მიყვარდა, მაგრამ წიგნებში  სხვა სამყარო მქონდა ნაპოვნი. სულ მინდოდა, რომ ეს სამყარო ჩემი თანატოლი ბავშვებისთვის გამეზიარებინა. ეს თვისება დღემდე მომყვება. სულ მინდოდა, რომ ის ავტორები და წიგნები, რომლებიც მართლა საოცარია და, ამ დროს, ბავშვებს დასაწყისიდანვე ბეზრდებათ, მათთვის უფრო საინტერესო და ახლობელი გამეხადა. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შევძელი, რადგან, მაგალითად, ბევრ ჩემს აბიტურიენტს შევაყვარე “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ახლა მათი სამაგიდო წიგნია. თითქოს, მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც არსებობს, დაფარული საუნჯესავით არ უნდა იდოს, მე კი შუამავალი ვარ მაგ სამყარომდე. ასე ვხედავ ჩემს თავს მასწავლებლის პროფესიაში. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე. – არასდროს გინანიათ, ან გიფიქრიათ, რომ სხვა სფეროში, შეიძლება, უფრო რეალიზებული ყოფილიყავით? – საინტერესო კითხვაა. მინანია იმ მხრივ, რომ მასწავლებლის შრომა ჩვენს საუკუნეში ურთულესია. წარმოიდგინეთ ოცამდე ბავშვი, რომლებიც ბევრად უფრო საინტერესო სხვადასხვა რამეზე ფიქრობენ, ვიდრე ეს გაკვეთილია. შენ კი უნდა შეძლო, რომ გაკვეთილი გახდეს მათთვის, თუნდაც, კომპიუტერულ თამაშებზე საინტერესო. ბავშვობაში სულ ვმღეროდი და კაბებს ვკერავდი, ეს ორი რამ ოცნებად დღემდე მაქვს. – შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რა სირთულეებს აწყდებით პროფესიული საქმიანობის დროს? – როცა მასწავლებელი ხარ, ყველას უნდა მოსწონდე. ძალიან რაფინირებული უნდა იყო. აღარ გაქვს ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის თავისუფლება. ნატალი აბესაძე: ჩვენს საზოგადოებაში ბევრს ისიც არ მოსწონს, როცა ადამიანს რაღაც საკითხებზე საკუთარი, ინდივიდუალური აზრი აქვს.  – თუ განსხვავებული ადამიანი ხარ, ცხოვრება გაცილებით რთულია. ბევრად ადვილია, შენი არც ხმა ისმოდეს და არც მოსაზრება. გარკვეულწილად, საზოგადოება „გშტამპავს“ და მანამდე გააგრძელებს ამას, სანამ შენ მისცემ უფლებას. იყო პერიოდი, როცა საზოგადოებისთვის საკუთარი ლექსების და მოთხრობების გაზიარებაც მიჭირდა. – ზუსტად რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, თუ ადამიანს ინდივიდუალური აზრი აქვს? – “ჩვენ გვძულს ერთმანეთი, იმიტომ, რომ გვეშინია ერთმანეთის, იმიტომ რომ, არ ვიცნობთ ერთმანეთს” – მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებია, რაც არსებულ სიტუაციას ესადაგება. საზოგადოებისთვის საშიშია ყველაფერი, რაც უცხოა და რასაც არ იცნობს; ამიტომ, ამ უცნობის მიმართ აგრესია უჩნდება. დაცულობის შეგრძნებას საზოგადოებას ერთფეროვნება უფრო უქმნის, ვიდრე განსხვავებულობა და ეს ბუნებრივია. თუმცა, ძალიან მოსაწყენია ერთფეროვნება. ჩვენ, საზოგადოების მოსაწონები რომ ვიყოთ, ხშირად უარს ვამბობთ ჩვენს განსხვავებულობაზე, რამაც განვითარებულ გარემოში შეიძლება წარმატება მოგვიტანოს. ადამიანები ემსგავსებიან ყველას და ხშირად მალავენ საკუთარ ინდივიდუალიზმს. არადა, ინდივიდუალიზმი, შეიძლება, სწორედ ის არის, რაც პროგრესს სჭირდება. ლიტერატურაც, ფაქტობრივად, ასეთ პერსონაჟებზეა აგებული, რომლებიც განსხვავებული იყვნენ. მათ არ იღებდა საზოგადოება, რადგან, თითქოს, მომავლიდან იყვნენ და მაინც, მათი იდეები მომავალში ხორციელდებოდა. განსხვავებულობა ემპათიის, ჰუმანურობის, ლოიალობის მხრივაც ხშირად მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან მას თავისი და ხშირად სასტიკი წესები აქვს. – მადლობა ასეთი საინტერესო პასუხისთვის. მოდით, ისევ სკოლას დავუბრუნდეთ. ორი წელი პანდემიის გამო ყველა ვსწავლობდით და ვმუშაობდით ონლაინ. როგორ აისახა მსგავსი ტიპის სწავლების პროცესი მოსწავლეებზე? – ძალიან რთული ორი წელი იყო. ამ ორი წლიდან ერთი წელი მთლიანად კომპიუტერთან გავატარე. პირველი კლასის დამრიგებელი ვიყავი და ანბანი, წერა და კითხვა ვისწავლეთ ამ რეჟიმში. ონლაინ რეჟიმში სწავლა ფსიქოლოგიურადაც რთულია ბავშვისთვის და მოზარდისთვის. მყავდა პატარა გერმანელი მოსწავლე, რომელსაც კომპიუტერთან გაკვეთილები ინგლისურად უტარდებოდა. ბავშვი ძალიან ღიზიანდებოდა და საბოლოოდ, მშობლებმა უარი თქვეს ონლაინ გაკვეთილებზე. – ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ აბიტურიენტებსაც ამზადებთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად რა მიმართულებით სჭირდებათ მათ მუშაობის გაძლიერება? – თითქმის ყველა კუთხით. როგორც ლიტერატურის ცოდნის, ისე მართლწერის კუთხით. ბევრ აბიტურიენტთან სიახლე იყო ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ სკოლაში უნდა ესწავლათ. თითქმის არაფერი იცოდნენ რუსთაველის, ილიას, ვაჟას, ბარათაშვილის შესახებ, რაც ნამდვილად სამწუხაროა. უფრო მეტია საჭირო, რადგან, უბრალოდ, დასანანია, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების დრო რომ უშედეგოდ იკარგება. არ ვამბობ, რომ ლიტერატურა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია, ნატალი აბესაძე:ავის და კარგის გარჩევას ლიტერატურითაც ვსწავლობთ, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერთი საერთო კანონი აქვს:ლიტერატურა არასოდეს არის ბოროტების მხარეს.  – თქვენი დაკვირვებით, რა ხარვეზებია განათლების სისტემაში? – მთლიანად, განათლების სისტემა ფეხს ვერ უწყობს აწმყოს და მომავლის გამოწვევებს. მსოფლიო გამუდმებით ახლდება, ჩვენ კი შეიძლება ისეთ რამეებს ვსწავლობდეთ წლები, რაც არასოდეს გამოგვადგება. ყველა ადამიანში არის მიდრეკილება, ინტერესი და ნიჭი, მაგრამ ბავშვებს ყველაფრის სწავლას ვაძალებთ და ბოლოს გამოდის, რომ, არაფერი რჩება მახსოვრობაში. კარგია ზოგადი განათლება, რა თქმა უნდა, ის ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესო იყოს მასთან საუბარი. მაგრამ, არსებითია ისიც, რომ მოსწავლეები იმ კუთხით განვითარდნენ, რაც მათი შინაგანი მოწოდებაა. ამ დროს შეიძლება მათ ვაიძულებდეთ, 12 წელი გაატარონ მერხთან და წლები ისწავლონ არასასურველი საგნები. ბევრი ადამიანი ოცნებობს, შეეძლოს იმის კეთება, რაც გულით უნდა და რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ადამიანს რომ უფრო თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს გარკვეული ასაკიდან, ალბათ, უტოპიურად კარგ სამყაროში ვიცხოვრებდით. – პროფესიის გარდა, მინდა, სხვა თემებსაც შევეხო. წავიკითხე თქვენი ბლოგები, გადავხედე თქვენი სოციალური ქსელის გვერდს და ხშირად პირდაპირ ან ირიბად წერთ პატრიარქალურ საზოგადოებაზე. რა გახდა თქვენთვის ამ თემაზე წერის მთავარი მიზეზი? – შეიძლება, ქალად დაიბადო ჩვენს ქვეყანაში და ეს თემა არ გაწუხებდეს? – უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?  – ჩვენს ქვეყანაში ქალს თავისი ქცევის კოდექსი აქვს, როცა კაცს, შეიძლება, არც ჰქონდეს ეს კოდექსი. ალბათ, ქალად უნდა დაიბადო, რომ მიხვდე, რა რთულია გაწერილი კოდექსით ცხოვრება. ადამიანის ზოგადი უფლებები, როგორიც არის პატივის, ღირსების ხელშეუვალობა, პიროვნების განვითარება, – ქალთან მიმართებით ხშირად ირღვევა. ქალს ბუნებრივადაც უფრო მეტი ბარიერი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს და თუ ამას გადაჭარბებული პატრიარქატის კანონები დაემატა, ფაქტობრივად, მისი გზა ჩახერგილია. ეს, რა თქმა უნდა, არის უსამართლობა, ადამიანის სახლში გამოკეტვა და მისი სამუშაოდ არგაშვება, ცემა, ძალადობა, შანტაჟი. ამ ჩამონათვალის არც ისე ცოტა შემთხვევა ვნახეთ დღემდე. საზოგადოების განვითარება თვითონ მოიტანს დისკრიმინაციის აღგვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს განვითარება მიდის ტაატით. ემპათიის უნარის გამომუშავება, ზოგადად, ქალის მიმართ, თვითონ სხვა ქალებსაც უჭირთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ემპათია ოდნავ მაშინ იღვიძებს, თუ კაცს წარმოვიდგენთ ქალის დღეში. ამ ყველაფრის ფონზე გარშემო მომრავლდნენ ქალები, რომლებიც უარს ამბობენ ქორწინებაზე. მშობლებისგან ბევრ ქალს თითქმის არანაირი ქონება არ რჩება და ეს ხდება ეკონომიკურად ისედაც რთულ რეალობაში, სადაც ოჯახის დაგეგმვა გართულებულია. – თქვენთვის რას ნიშნავს გენდერული ბალანსი? – პირველ რიგში, გენდერული ბალანსი არის იქ, სადაც არის სამართლიანობა. ალოგიკურია, საზოგადოება მიიჩნევდეს თავის თავს განვითარებულად და უსამართლოდ ექცეოდეს ქალს, ბავშვს, მოხუცს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელს… გლობალიზაციას აქვს უარყოფითი მხარე – ინდივიდუალური კულტურების საბოლოოდ მოშლას და ასიმილაციას იწვევს. მაგრამ დადებითი მხარე ნამდვილად ის აქვს, რომ ჩაკეტილი საზოგადოებები, თუნდაც, ინტერნეტის მეშვეობით იგებენ, თუ როგორი მიუღებელია

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ  ფოტოობიექტივით დანახული ადამიანები თბილისში, კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში. ფოტოები გადაღებულია საგან “ფოტოჟურნალისტიკის”  დავალებების ფარგლებში. ლექტორი: ოლიკო ცისკარიშვლი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ავტორი: ლუკა ამბალია          

გურამ აბაშიძე, წლებია თბილისში ცხოვრობს, დიდ დიღომში. იგი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, საგანი – „ციფრული მედია და კომუნიკაცია“. გურამმა, საგნის „ციფრული თხრობის“ ფარგლებში ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა და მოამზადა მასალა სასმელი წყლის შესახებ, რომლის გმირი თავადვე გახდა.  გურამ აბაშიძე: “მე, მაინტერესებდა როგორ სასმელ წყალს ვსვამთ. ამიტომ, თავდაპირველად სამზარეულოს ონკანიდან წყალი პლასტმასის ბოთლში ავავსე და შესაბამისი კვლევისთვის თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წავიღე.  იქ, ეს წყალი არ ჩაიბარეს და მომცეს ინსტრუქცია, თუ როგორ შემეგროვებინა წყალი ონკანიდან, რომელსაც მთელი პროცედურები სჭირდებოდა და რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით”. ნაბიჯი 1 ონკანიდან წყლის სინჯის აღებამდე, მილი უნდა გაასუფთავოთ და ცეცხლის ალი მოავლოთ. ნაბიჯი 2  როგორც აღმოჩნდა, თუ წყალი სასმელად ვარგისი გინდათ იყოს, სულ მცირე 15 წუთი მაინც უნდა ადინოთ. თან, ონკანი ბოლომდე მოუშვათ. გურამ აბაშიძე: “ამ ექსპერიმენტის დროს დამაინტერესა, რამდენი ლიტრი წყალი შეგროვდებოდა იმ 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე ონკანი მოშვებული მქონდა და ამიტომ დავთვალე. ამ დროში, 477 ლიტრი წყალი შევაგროვე. სწორედ მაშინ, ასეთი კითხვა გამიჩნდა – თუ სუფთა წყალი მინდა დავლიო, თუნდაც ერთი ჭიქა, ამისათვის 15 წუთის განმავლობაში წყალი უნდა ვადინო? და თუ რამდენჯერმე მომინდება ონკანიდან წყალის დალევა, რა დრო და ფული დასჭირდება ამას?” როგორც ცნობილია, GWP-ს ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას არის 0.500 ლარი 1მ3-ზე. ნაბიჯი 3 ვიდრე წყალი ონკანიდან უწყვეტად მოედინება, ჭურჭელი უნდა მოამზადოთ. ეს, აუცილებლად შუშის ქილა უნდა იყოს რკინის თავსახურით და არა პლასტმასის. ნაბიჯი 4 წყალი კარგად უნდა ადუღდეს, ვიდრე მასში ჭურჭელია მოთავსებული. ნაბიჯი 5 გამოხარშულ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ სულ მცირე ნახევარი ლიტრი წყალი ონკანიდან, თავსახური კარგად მოუჭიროთ და ლაბორატორიაში მიიტანოთ, წყლის აღებიდან მაქსიმუმ ერთი საათის შუალედში. ნაბიჯი 6 სსიპ სოფლის მეურნეობის სახელწიფო ლაბორატორიაში, 2 ტიპის კვლევა ტარდება: წყლის სასმელად ვარგისიანობაზე და ქიმიური. გურამმა 96 ლარი გადაიხადა პირველ კვლევაში, მეორე გაცილებით ძვირი ღირს. პასუხი 5 სამუშაო დღეშია. ნაბიჯი 7 დიდი დიღმიდან აღებული წყალი, ლაბორატორიამ შეაფასა როგორც სასმელად ვარგისი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სასმელი წყალი უნდა იყოს ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით უსაფრთხო, ხოლო ქიმიური შემადგენლობით უვნებელი იმისათვის რომ სანიტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. უვარგისი სასმელი წყალი ხშირად ხდება ინფექციური დაავადებების მიზეზი, რომლის დროს ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, ჭიებით და სხვა. წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით, რომელთა შორის ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რასაც ძირითადად დიარეა ახასიათებს. სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მომხმარებლებზე განაწილება. თბილისს წყლით „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“ GWP ამარაგებს. წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია. თუმცა, ვიდრე წყალი სასმელად ვარგისი გახდება რთულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. GWP-ს ინფორმაციით, დედაქალაქში წყალი წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელის საშუალებით ნაწილდება, საიდანაც  მომხმარებელების ონკანებამდე სასმელი წყლის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.თბილისისთვის წყალს მოიპოვებენ მდინარე არაგვიდან, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის ზღვიდან, ღრმაღელესა და სამგორის სათავე ნაგებობების საშუალებით. წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება. თბილისში წყალმომარაგება 24 საათიანია.     მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე, IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი მასალის რედაქტორი: ეკა ფირცხალავა, IBSU-ს “მედია ცენტრის” ხელმძღვანელი  

22 წლის ლაურა პაპასქუა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა. მისი ოჯახი დღემდე გალში ცხოვრობს, რაც მუდმივ მონატრებასთან და არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ლაურა გალში გატარებულ ბავშვობაზე, აფხაზებთან ურთიერთობასა და იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს ხვდებათ.   – მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ მოხვედი აქამდე? – სკოლა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დავამთავრე. ჩვენთან 11 კლასია, რადგან  იქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისტემაა, ამიტომ 16 წლის ასაკში უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავასრულე და მაგისტრატურას პიარის მიმართულებით ვაგრძელებ. ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვმუშაობ საქველმოქმედო პროექტებზე, ხშირად დავდივარ ახალგაზრდულ ბანაკებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ვმონაწილეობ. პირველივე კურსიდან ვმუშაობდი ჩემს უნივერსიტეტში, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, სადაც 5 წლიანი გამოცდილება დავაგროვე. ამჟამად კი, ევროპის უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ, პარალელურად, სპორტული სააგენტო SBM-ის სოციალურ მედიას ვმართავ. – როგორი იყო გალში გატარებული ბავშვობა? – როდესაც იქ ვცხოვრობდი, მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და ჩემს გარემოს განსხვავებულად ვერ აღვიქვამდი – ვთამაშობდით და ვერთობოდით, როგორც ყველა. თუმცა, სკოლის დამთავრებისა და თბილისში გადმოსვლის შემდეგ,  მკაფიო კონტრასტი დავინახე. აქაურ ბავშვებს, სულ მცირე, კომპიუტერებთან მაინც ჰქონდათ შეხება, აკეთებდნენ პრეზენტაციებს, კონფერენციებში მონაწილეობდნენ, რითაც საჯარო გამოსვლებს ეჩვეოდნენ. ჩვენ კი ამ ყველაფერს მოკლებულები ვიყავით. არ გვქონდა ისეთი ტექნიკური აღჭურვილობაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ქიმიის ლაბორატორია, შესაბამისად, არასდროს ჩაგვიტარებია ქიმიური ექსპერიმენტი. აქაური ბავშვები, ჩვენგან განსხვავებით, უფრო გახსნილები, თავისუფლები და ნაკლებად კომპლექსიანები იყვნენ. – რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რასაც აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტები აწყდებიან? – ყველაზე დიდი პრობლემა ენის ბარიერია. მართალია, მე სკოლა ქართულად დავამთავრე  და მშობლიურ ენაზე ვსწავლობდი, თუმცა ბევრი ბავშვი რუსულად გადის პროგრამას და თბილისში ჩაბარების შემდეგ, ქართულად კომუნიკაცია უჭირს, დიდად ვერ ახერხებს სოციალიზაციას და თავის სოციუმში იკეტება. – აფხაზ ბავშვებთან რამდენად გქონდა კონტაქტი? – გალის რაიონში, ძირითადად, მეგრელები ვცხოვრობთ და ქართველობა მაინც შენარჩუნებული გვაქვს. აფხაზეთში არის არასამთავრობო ორგანიზაციები (Unicef, World Vision), რომლებიც აფხაზური და მეგრული სოფლებისთვის საერთო აქტივობებს გეგმავენ, რათა ერთმანეთთან ინტეგრაციას ხელი შეუწყონ. მაგალითად, ერთხელ, სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში სამდღიანი ვორქშოპი დაიგეგმა, სადაც ბავშვები აფხაზეთის შვიდივე რაიონის სკოლიდან წაგვიყვანეს. საერთო პრეზენტაციებს, დადგმებს, ფლეშმობებს გვაკეთებინებდნენ, ცდილობდნენ, რომ საერთაშორისო დღეები ერთად აღგვენიშნა, იყო „ხელოვნების დღე“, „სუფთა ხელების დღე“… ცდილობდნენ, რომ აფხაზ და მეგრელ ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონოდა. – როგორ მუშაობდა ეს პროექტები, მეგობრობდით, თუ მაინც არსებობდა თქვენ შორის დისტანცია? – ძირითადად, მაინც დისტანციაზე ვიყავით, თან ენის ბარიერიც გვქონდა. ისინი რუსულად საუბრობდნენ, ჩვენ კი ყველამ გამართული რუსული არ ვიცოდით. თუმცა სოხუმში ყოფნის დროს, უკვე შედარებით დიდებიც ვიყავით და იქ ღამღამობით ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით ხოლმე. – როგორი იყო მათი დამოკიდებულება პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ? – გააჩნია რაიონს. მაგალითად, ოჩამჩირედან მაინც ნეიტრალურები იყვნენ, რადგან ეს რაიონი გალთან ახლოს არის და, ალბათ, ამას მაინც აქვს გარკვეული გავლენა. სოხუმელებს მთლიანად დამოუკიდებლობა უნდოდათ. ზოგადად, ყველანი ვცდილობდით, რომ ეს პროცესები ნეიტრალურად განგვეხილა და იქ დავა არ დაგვეწყო, თუმცა პოზიციები მაინც იყოფოდა – ზოგი ფიქრობდა, რომ აფხაზეთი მთლიანად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ზოგს არც რუსეთი უნდოდა და არც საქართველო, ზოგს კი მოსწონდა რუსეთის ჯარი, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მათ იცავდნენ. – ახლა როგორი მდგომარეობაა, უკრაინის ომმა აფხაზებში განწყობა შეცვალა? – არა, პირიქით. აფხაზურ სკოლებში მეგრელი დირექტორები მოხსნეს, ყველგან აფხაზები დანიშნეს და თუ ვინმესთან, სოციალურ ქსელში, უკრაინის მხარდასაჭერ პოსტებს ნახავენ, ორსაათიან ლექციებს უკითხავენ – როგორ შეიძლება, რუსეთი ჩვენი მოძმე ერია, ვერ ხედავთ, რომ ყველაფერში გვეხმარებაო? – ომის დროს შენი ოჯახი იქ იყო? – პირველად, როცა სიტუაცია დაიძაბა, მთელი ოჯახი წამოვიდა – ხან სად იყვნენ დევნილებად, ხან სად. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ და მეორედ რომ დაიწყო არეულობა, ბებიაჩემი სოფელში დარჩა, რასაც შეეწირა კიდეც – აფხაზებმა მოკლეს. ამ ამბის მერე, ჩემები იქიდან აღარ წამოსულან. ძალიან რთული პერიოდი გაიარეს, როდის დაადგებოდნენ თავზე და როდის დააყაჩაღებდნენ, ან მოკლავდნენ, არავინ იცოდა. – რა მარშრუტს გადიხარ გალში წასასვლელად? – ზუგდიდიდან სამარშრუტო ტაქსით მივდივართ სოფელ რუხამდე, საიდანაც ე.წ. საზღვრამდე მანძილი, დაახლოებით, 10 კმ-ია, რასაც ან ფეხით, ან სამარშრუტო ტაქსით გავდივართ. შემდეგ, გამშვებ პუნქტში გავდივართ კონტროლს და იქიდან ტრანსპორტი უკვე ჩემს სოფლამდეც დადის. – აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სოხუმში უფრო მიდიხართ, თუ ზუგდიდში? – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფლიდან სოხუმი და ზუგდიდი, თითქმის, თანაბარი მანძილით არის დაშორებული, სოხუმში საერთოდ არ დავდივართ. რაიმე პროდუქტი ან ტანსაცმელი თუ გვჭირდება, ზუგდიდში ვყიდულობთ, რადგან ბევრად იაფია და ჩვენთვისაც უფრო ხელსაყრელია. – 22 წლის ასაკში რომ ასეთი წარმატებული ხარ, არის განპირობებული იმით, რომ აფხაზეთიდან ხარ? რამდენადაა ეს შენთვის მოტივაცია? – პირიქით, ვფიქრობ, ეს მოცემულობა რომ არ იყოს, უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. მე რაღაცების სწავლა დაგვიანებით დავიწყე, მაგალითად, კომუნიკაციისა და მუშაობის უნარები გვიან გამოვიმუშავე. სხვა ბავშვებს კლუბები რომ ჰქონდათ სკოლებში და პროექტების ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას, ეგ ყველაფერი მეც რომ მქონოდა, ალბათ, ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუმცა, გარკვეული მოტივაცია იყო უნივერსიტეტში ჩაბარების დროს. აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს სწავლას 100%-ით გვიფინანსებენ და ხშირად ეს „წამოყვედრების“ მიზეზი ხდება. მინდოდა, ეს ყველაფერი თავიდან ამერიდებინა და გამოცდებში მაინც კარგი ქულები ამეღო. სწორედ მაგ მოტივაციით, რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, 50%-იანი გრანტი მოვიპოვე. – როგორ წარმოგიდგენია ცხოვრება გაერთიანებულ ქვეყანაში, რა შეიცვლება? – გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ქართველის ოცნებაა. ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს საზღვარი რომ არ არსებობდეს და მგონია, სასწავლებლად სოხუმში წავიდოდი, იქაურობა ბევრად განვითარებული იქნებოდა და შევძლებდი, ჩემი თავის რეალიზება ჩემს მხარეში მომეხდინა. მიმოსვლის პრობლემა აღარ იარსებებდა, იქაური ხალხი მოძრაობას, მუშაობას ან, თუნდაც, ვაჭრობას მეტად თავისუფლად შეძლებდა.   ინტერვიუს ავტორი: სოფო კედელაშვილი IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი    

– ოთო, სტაბილურად კარგი უძრავი ქონების სააგენტო თუ გეგულებათ – სადაც დარეკავ და მოგემსახურება ზუსტად ისე, როგორც ელოდები? – ძალიან კარგი შეკითხვაა. ადამიანისთვის, როდესაც ქონების შეძენა ან გაყიდვა სურს, ყველაზე ხელსაყრელი გზა უძრავი ქონების სააგენტოს დახმარებაა. რა თქმა უნდა, განცხადების განთავსება ინტერნეტშიც შეიძლება. ჩვენს სააგენტოს თუ მომართავთ, საქმეში პროფესიონალი აგენტები ჩაერთვებიან და მათი წყალობით დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავთ.  საქართველოში არის სერვისის პრობლემები, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია, ,,TBILISI BROKER”, რომელიც არსებობს თბილისში და არის წამყვანი, ზრუნავს საკუთარი სერვისის გაუმჯობესებაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია. – ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ: ერთი მხრივ, სააგენტოები და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. დღეს რომელს სჭირდება მეტი განვითარება? – არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. ამ სფეროს სპეციფიკის გამო, შეუძლებელია, რომ საქმე სახლიდან წარმართო. ამ საქმეს ოფისის გარემო სჭირდება. ყველა თანამშრომელი ისეთ გარემოშია, რომელიც მასზეა მორგებული და უზრუნველყოფილია მუშაობის ხარისხი. ოფისს მეტი იურიდიული უფლება აქვს, სახლიდან მომუშავე ადამიანები ნაკლებად პროფესიონალები არიან და მეტი განვითარება სჭირდებათ. – სამი სეგმენტი რომ ავიღოთ  – სააგენტოს დირექტორი, მენეჯერი და აგენტი  – რამდენად სწორად არის მათი ფუნქციები გამიჯნული თქვენს ოფისში? ხომ არ არის დღეს უძრავი ქონების სააგენტოების მთავარი პრობლემა ამ სამი სეგმენტის ურთიერთობა? – რაც შეეხება უფლება-მოვალეობებს ამ კომპანიაში, სამივე სეგმენტს თავისი როლი და საქმე აქვს. ყველას – დირექტორს, მენეჯერს, აგენტს, განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია სწორედ იმიტომ, რომ კომპანია იყოს წარმატებული. ყველამ უნდა იცოდეს თავისი საქმე. აგენტი დადის შეხვედრებზე; მე, როგორც მენეჯერი, მათ მოლაპარაკებებში ვეხმარები; დირექტორი ტექნიკურ მხარეს აგვარებს და ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. – რამდენად დროულად სრულდება თქვენი სააგენტოს მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ? მაქსიმალურად ვეძებთ ისეთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან, როდესაც ახალი კადრი მოგვყავს, გადის ერთთვიან მოსამზადებელ პერიოდს, ვაკვირდებით, თუ როგორ ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, იცავს თუ – არა დრესკოდს, კერძოდ, აცვია თუ – არა კლასიკურად, ემსახურება თუ – არა კლიენტს დროულად. ამის მიხედვით ვწყვეტთ,  გააგრძელებს თუ – არა ჩვენთან მუშაობას. ამჟამად არსებული გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენს მოთხოვნებს დროულად ასრულებენ. ოთო ქსოვრელი: “მაქსიმალურად ვეძებთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან”. – ვთქვათ, მონდომებული ახალგაზრდა მოვიდა. რას აძლევს მას თქვენი სააგენტო? – ჩვენი სააგენტო აგენტებს ყველანაირ კომფორტს უქმნის იმისთვის, რომ გამართულად იმუშაონ. როდესაც ამ საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდით, თუ რა პრობლემების წინაშეა არსებული სააგენტოები, რა უშლიდათ მათ მუშაობის დროს ხელს და ვეცადეთ, რომ უკეთესები ვყოფილიყავით. წარმატებული თანამშრომელი უზრუნველყოფილია  ფინანსური თვალსაზრისით, საიტებზე დროულად ბალანსის შევსებით. ასევე, ხელს ვუწყობთ სტუდენტებს სწავლაში, ყოველთვის შეგვიძლია გავუშვათ ლექციაზე, რადგან ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან მომუშავე თანამშრომელების 40% სტუდენტია. – როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ჯდება იმ პირობების მომზადება, იმ გარემოს  შექმნა, რომ სააგენტოში აგენტებმა შეუფერხებლად იმუშაონ. დაახლოებით რამდენ წელში შეგიძლიათ თქვათ აგენტზე, რომ ის ამ საქმის პროფესიონალია? – ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ამ სფეროს სჭირდება კადრი, რომელსაც არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, იცის უცხო ენები. კადრი თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ითვისებს საქმეს, თუნდაც, თავის შეცდომებზე სწავლობს, ერთი წელი არის ის დრო, რომ ჩვენ მას პროფესიონალი ვუწოდოთ. ერთი წლის შემდეგ, ურთულესი თუ მარტივი ოპერაციების წარმართვა აგენტს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია. – რა პლუსები აქვს თქვენს სააგენტოს, სხვებთან შედარებით? – გვაქვს კარგი სამუშაო გარემო, ვართ მეგობრულები. პრიორიტეტი ჩვენთვის არის თანამშრომლების სურვილები, თუმცა, ამასთანავე, ისინი არ ივიწყებენ საკუთარ მოვალეობებს. ბევრ სააგენტოს არ გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად: ტრანსპორტით უზრუნველყოფა, იურიდიული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებებში ჩვენი მხრიდან დახმარება, ბაზების შექმნა, ბალანსის დროულად შევსება, რომ აგენტმა ატვირთოს ბინები. ჩვენი სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი დეტალია ისიც, რომ საკომისიოს მხოლოდ გამყიდველისგან ვიღებთ. გამიგია, რომ სხვა სააგენტოები ფასს უმატებენ უძრავ ქონებას და მყიდველი არც თუ ისე რეალურ ფასს იხდის. ჩვენთან ეს გამორიცხულია.     – დიდი კონკურენციაა ამ სფეროში. გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება? – რა თქმა უნდა, დაწყება არ იყო მარტივი, ურთულესი გზა გამოვიარეთ. ამ საქმის სულისჩამდგმელი, წამომწყები იყო ჩვენი კომპანიის დირექტორი, თორნიკე ქოჩლაძე. დავიწყეთ მინიმალური ინვესტიციებით. სხვა სააგენტოებმა თუ მარტივად გაიარეს ეს პროცესი, ჩვენთვის რთული იყო, აქამდე რომ მოვსულიყავით. – თქვენ მუშაობთ როგორც ბინების, ისე მიწის ნაკვეთებისა და კომერციული ფართების გაყიდვაზე. ამ სამიდან რომელზე მუშაობაა შედარებით რთული? – გამოვარჩევდი მიწის ნაკვეთების გაყიდვას. უფრო მეტად უნდა ერკვეოდე როგორც სამოქალაქო კოდექსში, ისე – მიწის სამართალში, რაც ერთ-ორ დღეში არ ისწავლება. მიწის ყიდვა-გაყიდვა რთულია, აგენტს შეიძლება წლები დასჭირდეს მიწის გასაყიდად. საჭიროა მუხლების ცოდნა, დამატებითი რესურსები, ეს არ არის ადვილად ათვისებადი. როგორც წესი, დამკვეთს მიწა კერძო სახლის, კორპუსის ან კომერციული ფართის ასაშენებლად სჭირდება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მიწას დეველოპერები ყიდულობენ და ამ დროს ქალაქის მერიის რეგულაციებს ვითვალისწინებთ. უნდა გავარკვიოთ, რამდენად მისაღებია იქ მრავალსართულიანი შენობის აგება, სეისმურად საიმედო არის თუ – არა ეს ადგილი, გეოლოგიურად თუ არის შესწავლილი. – საქართველოში ძალიან ბევრი სააგენტოა. უძრავი ქონების საიტებთან სტაბილურად დაახლოებით რამდენი სააგენტო მუშაობს? – დაახლოებით მუშაობს 200-მდე მოქმედი სააგენტო. მათი სამუშაო სფეროთი არ ვინტერესდები, რადგან მთავარი ჩვენი კომპანიაა. მათ არ ვუწევთ კონკურენციას. ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი დავიმკვიდროთ ხარისხით, სერვისით, სიახლეებით, რადგან ჩვენ ვართ შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს. – ოთო, როგორც აღნიშნეთ, აგენტები დღის განმავლობაში ბევრ განცხადებას ტვირთავენ. როგორ ფიქრობთ, განცხადებების რაოდენობა სააგენტოს რეიტინგულობასა და პრესტიჟზე მეტყველებს? – ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი. ასევე, საჭიროა ექსკლუზივებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე მუშაობს მხოლოდ ჩვენი სააგენტო და სხვებს არ აქვთ მასზე წვდომა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კლიენტი ჩვენს აგენტებთან თანამშრომლობდეს. მთავარია ხარისხი ბაზარზე. როდესაც დიდი კონკურენციაა, აგენტი უნდა აცნობიერებდეს, თუ რა სურს კლიენტს, რომ შეძლოს ქონების რეალიზაცია. – ფინანსური ოპერაცია რომ წარმატებით დასრულდეს, აგენტს უამრავი დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება უწევს. როგორც წესი, დამკვეთს თავის მოთხოვნები აქვს. ფიქრობთ, რომ თქვენი სააგენტო ამ მხრივ გამორჩეულია? – ვფიქრობ, რომ გამორჩეულია, რადგან ვართ სერვისზე ორიენტირებულნი. აგენტი ინტერესდება, რა სურს მომხმარებელს და მარტივია, თუ რა შესთავაზოს მას. თუ ჩვენ გვყავს ახალი თანამშრომლები, მე და კომპანიის დირექტორები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩავერიოთ და დავეხმაროთ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ჩვენ გვაქვს დიდი მონაცემთა ბაზა, ძალიან ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ და დამკვეთის ინტერესების მიხედვით ვეძებთ იდეალურ ვარიანტს. ამის შემდეგ ვადგენთ ორმხრივ ხელშეკრულებას, ვუწევთ კონსულტაციას და თუ მყიდველი თანახმაა, ისეთი ფართი გადაეცემა, როგორიც აინტერესებს. თითოეულ ჩვენს კლიენტს ვუხსნით, სასურველ უბანში რა ღირს 1კვ.მ., ვეუბნებით – როგორ ნაგებობაშია გასაყიდი ფართობი, ინტერიერი როგორი აქვს, რამდენი სველი წერტილია ბინაში, ან როგორი მასალით არის გარემონტებული და ამის მიხედვით ვაფასებთ გასაყიდ ობიექტს. პროცესში აუცილებლად გათვალისწინებულია მესაკუთრის ინტერესები.   ინტერვიუს ავტორი: ავთანდილ ზარნაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting