შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 13

ეპიზოდი 1 – პირველად ევროპაში  2023 წლის 10 თებერვალს, თვითმფრინავის პირველი მანევრის შესრულებისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ იცვლებოდა. 53 დღის წინ მარტო აღმოვჩნდი, უცხოეთში, ლიეტუვის ქალაქ შიაულიაში, 12 თვით ჩემთვის ნაჩუქარ ბინაში. სწორედ ეს ბინა გავავსე სიმყუდროვით და ვავსებ ახალი ისტორიებით. მოვრთავ სააღდგომოდ, საშობაოდ და საახალწლოდ. ამჯერად, აქ გავაკეთებ ყველაფერს, რასაც ჩემს ქვეყანაში და ჩემს სახლში ვაკეთებდი. მე აქ დავტოვებ ჩემს ამბავს და მომავალი სტუმრისთვის საჩუქრად ქცეულმა სახლმა, იქნებ ცოტა ხნით მაინც შემოინახოს ჩემ მიერ კედელზე დაკიდებული სურათები ან/და მაგიდაზე დატოვებული პატარა სუვენირები. ესეც ჩემი ახალი ბინა. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 800 მეტრში; 2-3 წუთის ფეხით სავალზე ავტობუსის გაჩერებამდე; 5-6 წუთის სავალზე ქალაქის მთავარ ბულვარამდე, სადაც თავმოყრილია სუპერმარკეტთა რამდენიმე ქსელი, აფთიაქი, ტანსაცმლის მაღაზიები, სარეკრეაციო სივრცე, კაფეებისა და რესტორნების მრავალფეროვანი არჩევანი. 4 დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში ამოვიკითხე, რომ ლიეტუვაში მცხოვრები სტუდენტების უმეტესობა საშუალოდ 300 ევროდან 700 ევრომდე ხარჯავს თვეში. უამრავი არჩევანია იპოვოთ საერთო საცხოვრებლის ოთახი 100 ევროზე დაბალ ფასად, ხოლო თუ განიხილავთ სტუდენტური საცხოვრებლის ტიპის სახლს, ანუ ისეთს, როგორშიც მე ვცხოვრობ, ფასები იწყება 250 ევროდან. ესე იგი, მინიმუმ 250 ევრო მიფინანსდება მხოლოდ საცხოვრებლისთვის (თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრად მეტია ეს თანხა). ამას ემატება კომუნალურის ხარჯები. ჩემი მოვალეობა მხოლოდ მრიცხველთათვის ფოტოების გადაღება და კოორდინატორისთვის გაგზავნაა. სახლი აღჭურვილი დამხვდა ყველა საჭიროებით (წყალი, გათბობა, დენი, ავეჯი, ტექნიკა, Wi-Fi. ევროპულ და ქართულ სახლებს შორის მკაფიო განსხვავებები პირველივე დღეს შევნიშნე. აქ ყველაფერი პატარა და მაქსიმალურად მყუდროა. არც ეს სახლია გამონაკლისი. ევროპის ქალაქებში სივრცე აშკარად სხვაგვარად არის განაწილებული. მაგალითისთვის, ვიდრე ჩემი ბინის კართან აღმოვჩნდები, ჯერ უნდა შევიდე პატარა კვადრატული ფორმის სადარბაზოში (თუ ფოიე?), რომელიც ქართული კორპუსების სადარბაზოების სივრცის მესამედიც არ არის. ერთ სართულზე კი მხოლოდ ორი მეზობლის კარი უყურებს ერთმანეთს. ლიფტი არ გვაქვს. არც საჭიროა. კორპუსი მხოლოდ 3-სართულიანია. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ ზოგადადაც იშვიათად აქვთ ბინებს ლიფტები. არ ავიწყდებათ, რომ ადამიანებს მოძრაობა შეუძლიათ. ევროპული სტილის ინტერიერის მქონე სახლებისთვის დამახასიათებელ ფერებს, ნაცრისფერს, თეთრს, შავს, რუხსა და ლურჯ ჩრდილებს, ჩემს სახლშიც ნახავთ. მისაღები ოთახი საშუალო ზომისაა, კარადით და სათავსოებით. სამზარეულოში ყველა აუცილებელი ტექნიკაა (მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზქურა, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა). საძინებელი საწოლით, სამუშაო მაგიდითა და კარადების კომბინაციით შემოიფარგლება. სააბაზანოს სივრცეც ასევე მცირეა, თუმცა “ყველაფრისდამტევი”. ასეა, ხალხი ცხოვრობს პატარა სახლებში, პატარა ოთახებით, პატარა მანქანებით. ევროპელები მეტ ფულს აკეთებენ, რათა იცხოვრონ ღარიბი ხალხივით? იციან, რომ ადამიანური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური ფასეულობები. ჰო, კონდიციონერი არ მაქვს. მას მხოლოდ საჯარო დაწესებულებებში თუ ვნახავ. სახლებში იშვიათად თუ ვინმეს ჰქონია, რაც ქართველებისთვის წარმოუდგენელი მოვლენაა. ასე რომ, მგონი არ მელოდება ცხელი ზაფხული. ამ პერიოდში საცხოვრებელი ზედმეტად თბილია. ცივი ზამთრის გამო, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, გათბობა დღედაღამ არის ჩართული. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ტემპერატურა დღესაც -7 გრადუსია. დამავიწყდა მეთქვა, რომ პირველი უხერხულობა მთავარი შესასვლელი კარის კოდმა გამომაცდევინა. პირველივე დღეს დამავიწყდა. აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ, მხოლოდ გონების იმედად არ დარჩეთ, რათა სუსხიან ზამთარში, გარეთ არ მოგიწიოთ ლოდინმა. “მხიარული ფანჯრები”. კიდევ ერთი აღმოჩენა. ასე დავარქვი ფანჯრებს, რადგან იხსნება სხვადასხვა მიმართულებით, 360 გრადუსით. სრულიად შემთხვევით მივაკვლიე, რომ შეიძლება ფანჯრის მხოლოდ ნაწილი იყოს ჩაკეტილი, დანარჩენი კი – მოძრავი. მათი გამუდმებით გამოყენება აუცილებელიც კია, რადგან გათბობის გამო ოთახი ხშირად საჭიროებს განიავებას. თბილისში თუ ბინას ვეძებთ აივნით (თუ ტერასა?), აქ ან პატარა აივნით, ან საერთოდ მის გარეშე თუ ნახავთ. მე მის გარეშე მაქვს. ქართული არქიტექტურული სტილი ძალზე ცვალებადია, მაგრამ სიმეტრია და პროპორცია მისი ესთეტიკის ორი ფუნდამენტური პრინციპია. ამ ქალაქში კი სახლები მორთულია გოთიკური, რენესანსული, ბაროკოს ან/და ნეოკლასიკური თვისებებით. განსაკუთრებული აქცენტები ექსტერიერზეა გაკეთებული. მე-20 საუკუნემდე დათარიღებული ბევრი შენობა, ხისგან არის აგებული. სოფლებში ნახავთ ხის სახლებსა და ეკლესიებს. მათი ნახვისას, პირველი, რაც გამახსენდა იყო ქართული ოდები; საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ხის ან ქვის საყრდენებზე დადგმული ხის პატარა სახლები. წინ კიდევ 277 დღე და ბევრად მეტი საინტერესო აღმოჩენაა ევროპაში.   მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი        

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა შაბათ-კვირას შეაგროვეს ინფორმაცია, თუ სად და როგორ შეიძლება გაატაროთ დრო “უიქენდზე”. მათი გმირები თავად ყვებიან, თუ რით არიან დაკავებული შედარებით თავისუფალ დროს. ანა გლოველმა და ლუკა ამბალიამ IBSU-ში აბიტურიენტებისთვის უფასო ტრენინგზე მისული ანი ადამია ჩაწერეს, რომელიც ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ანი ადამია: “მოგეხსენებათ, აბიტურიენტებისთვის ბოლო წელი ყველაზე საპასუხისმგებლოა. რთულია დროის სწორად განსაზღვრა და სხვადასხვა საქმის შეთავსება. უიქენდი ძირითადად კვლავ რეპეტიტორთან სიარულით იწყება. დილით ადრე ვიღვიძებ, ვემზადები და მასწავლებელთან მივდივარ. სახლში დაბრუნებული კი ვცდილობ მეორე მასწავლებელთან წასასვლელი დროის შუალედში დავისვენო. ამ დროს განსაკუთრებით ძილი მიყვარს, რადგან ახალი ენერგიით შევუდგე საქმეს, თუმცა ზოგჯერ მოცემული დავალებების მომზადება მჭირდება. კვირა დღე უფრო მეტად თავისუფალი მაქვს და ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო. მიყვარს მათთან ერთად ზღვის სანაპიროზე სეირნობა და ერთმანეთში ახალი ამბების გაცვლა. თუ კვირას სახლში მომიწია ყოფნა, ისევ დავალებებს ვამზადებ და ფილმებს ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მეტად გადატვირთულია და ხშირად ქაოსურ რეჟიმში მიწევს მოძრაობა, ვთვლი, რომ გართობას და სწავლას კარგად ვუთავსებ ერთმანეთს და დროის ვანაწილებ. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და გამძლეობას!” თიკა ჭუმბურიძე ახალგაზრდა დედას – თამარ ცისკარიშვილს ესაუბრა, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომწლია. თამარ ცისკარიშვილი: “ჩემთვის, შაბათ-კვირა ყველაზე სასიამოვნოა. ჩემი სამუშაო დღეები ჩვეულებრივ ერთფეროვანი და რთულია, ამიტომ ყოველთვის მოუთმენლად ველოდები უიქენდს და რაკი შაბათ-კვირა ასე ხანმოკლეა, მაქსიმალურად ვცდილობ დრო გავატარო ჩემს შვილთან ერთად პარკში, ზოოპარკში თუ გასართობ ცენტრში”. ნინო კესარელმა, გასული ვიქენდი თბილისიდან მოშორებით, ქალაქგარეთ ერთ-ერთ ცნობილ რეზორტში გაატარა და ორი საინტერესო ქალბატონი გაიცნო – შილა და მაჰი. შილასთვის ხინკალი მსოფლიოს მერვე საოცრებაა. შილა: “თურქეთიდან ჩამოვედი საქართველოს გასაცნობად. აეროპორტში ტაქსი გავაჩერე. ახალგაზრდა ბიჭი იყო მძღოლი. მას ვკითხე – პირველად სად წავიდე და რა მოვინახულო-მეთქი. მან მიპასუხა, ჯერ ხინჯალი გასინჯე და შემდეგ საქართველო დაათვალიერეო. დავბინავდი თუ არა, გუგლში მოვძებნე საუკეთესო ხინკალი თბილისში და რესტორანში წავედი. პირველი ხინკალი რომ გავსინჯე ისე წამოვიყვირე ყველამ მე შემომხედა. ძალიან შემრცხვა… გავიფიქრე, აი, ეს არის მსოფლიოს მერვე საოცრება-მეთქი! ჩამოსვლის  დღიდან ყოველდღე ხინკალს ვჭამ. უკვე 16 დღეა აქ ვარ და დღესაც ხინკლის საჭმელად მივდივარ რესტორანში. კიდევ 8 დღე უნდა ვიყო საქართველოში. ახლა იმაზე ვდარდობ, თურქეთში რომ ჩავალ ვინ გამიკეთებს კარგ ხინკალს”. მაჰიმ, საქართველოში ცხოვრება თავისუფლების, ხალხის და კარგი ღვინის გამო გადავწყვიტა. მაჰი: “ირანი ჩემი სამშობლოა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ქალებს უფლებებს უკარგავს. რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში მოგზაურობა გადავწყვიტეთ. მეგობარმა მითხრა ქართველებს კარგი ღვინო და დიდი ვენახები აქვთო. ამ ნათქვამზე, მაშინ, ყურადღება არ მიმიქცევია და როცა მოგზაურობა გადავწყვიტეთ და ქვეყანას ვარჩევდით,უცებ სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა და “ღვინის მოყვარულ” საქართველოში წამოვედით. ირანში კანონი გვიკრძალავს სახლის გარეთ რესტორან-კლუბებში ალკოჰოლის მიღებას. აქ ჩამოვედით და აღფრთოვანებული დავრჩით აქაური ხალხით, თავისუფლებით… არაერთი სოფელი ვინახულეთ, ოჯახებშიც ვიყავით.  ძალიან თბილად, სიყვარულით გვხვდებოდნენ ყველგან, სახლის ღვინოს გვთავაზობდნენ. ძალიან პატარა პერიოდში, რაღაცნაირად შემაყვარა თავი ქართველმა ხალხმა”. მაჰი:”ირანში დავბრუნდით თუ არა, ქმარს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა შევთავაზე. ბევრი არ გვიფიქრია. მოვკიდეთ ჩვენ ჩვილ შვილს ხელი და ჩამოვედით. ახლა, ჩემი გოგონა 7 წლის ხდება. აქ გაიზარდა. ირანი ნანახი არც აქვს. აქ, თანდათან საყვარელი ადგილებიც გავიჩინე. საქართველოში, მცხეთა და მარანი მიყვარს,კარგი ღვინო და კერძები აქვთ. ვცდილობ, უიქენდი კარგ, დახვეწილ ადგილებში გავატარო და განვიტვირთო, რადგან მასწავლებელი ვარ და საკუთარ შრომას ასე ვუფასებ შრომას”. ანი მაზიაშვილი და გიორგი ერაძე, თბილისში, 9 მარტის სკვერში იმყოფებოდნენ. მათ ნუგზარ ბათიაშვილი გაიცნეს, რომელიც 9-10 წლიდან ხატავს. აკადემიამდე სულ ორი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი და უცბად ბიოლოგიურზე ჩააბარა. ბუნებასთან ყოველთვის ჰარმონიაში იყო. ძალიან უყვარს. აქვს თავისი ვენახიც. ბოტანიკურ ბაღში 8 წელი იმუშავა. იღბლიან ადამიანად თვლის თავს, რადგან სამხატვრო კურსებზეც და ბიოლოგიურზეც საკმაოდ წარმატებული იყო. ბოლო 2 წელია, 9 მარტის ბაღში ნახატებს ყიდის. შაბათ-კვირა მისთვის განსაკუთრებულია. მოდის მისი მეუღლე, შვილი. სეირნობენ. ხალხი ამ დღეებში კიდევ უფრო მეტად არის. უყვარს ეს ადგილი. მას სასიამოვნო ,,უიქენდი“ აქვს. აქ მისთვის მხოლოდ კომერციული საქმიანობა არ არის. ყოველ წამს ხატვაზე ფიქრობს. მყიდველი ყოველთვის ჰყავს. მარინისტად მიაჩნია თავი. უდიპლომობა არ მოსწონს, არ უნდა რომ გაამხილოს, თუმცა თვითონვე ამბობს, რომ ამაზე გაიცინებენ, რადგან დღეს აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, თვით ნიკო ფიროსმანსაც არაფერი არ ჰქონდა. ,,ნიკალა პირველი წყაროა“ – იშველიებს ლადო გუდიაშვილის სიტყვებს. გული სწყდება, რომ ხშირად 300 ლარიან ნახატს 50 ლარად ჰყიდის. ნუგზარ ბათიაშვილი: “მე ვარ შუაში. დიპლომიან, აკადემია დამთავრებულ ადამიანებსა და უდიპლომოებს შორის”. ვაკის პარკში ანკა ლეჟავა, სოფო ლოლაძე და ლუკა ცარციძე იყვნენ, სადაც ყველა თაობის ადამიანები სეირნობენ, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. ბავშვთან ერთად განტვირთვა, გართობა და მზისგან D ვიტამინით მიღებული სიცოცხლის ძალა – ეს არის ერთ-ერთი მშობლის არჩევანი, რომელიც დასვენების დღეებს შვილთან ერთად სეირნობას უთმობს და მომღიმარი ბავშვებისა და სკვერში მოჭიკჭიკე ჩიტების იდილიით დადებითი ენერგიებით იმუხტება. ეს სტუდენტი გოგონები უიქენდის დილას სწავლით იწყებენ, შემდეგ კი თავისუფალ დროს სეირნობაში, გართობაში, ფაზლების აწყობასა და სერიალების ყურებაში ატარებენ. ქალბატონი, რომელმაც ახალგაზრდობის წლები თბილისში დაჰყო, აწ უკვე შვილიშვილთან ერთად ვაკის პარკში სეირნობს, რასთანაც ბევრი მოგონება და მელანქოლიური ისტორია აკავშირებს. იგი, შაბათ-კვირის პირველ ნახევარს ეკლესიაში ატარებს, შემდეგ კი თავის გამოცდილებას, ნამოღვაწარს და შეძენილ ცოდნას საკუთარ შვილიშვილს ინტელექტუალური განვითარებისთვის უზიარებს. ეთა სულუხიამ, მარიამ მხეიძემ და ანა ეგაძემ, უიქენდი მედინა მამედოვასთან ერთად, დიდ სავაჭრო ცენტრში გაატარეს. მედინა მამედოვა: “ყველაზე მეტად გაზაფხულზე უიქენდები მიხარია. კვირაში ექვსი დღე ვმუშაობ და დღეს ის დღეა, როცა დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს – ვნახულობ მეგობრებს, მათთან ერთად დავდივარ კაფეში და “საშოპინგოდ”, ვივსები ენერგიით და პოზიტივით”.    

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაინტერესდნენ საპროტესტო აქციაზე “არა, რუსულ კანონს!” მომხდარი ერთი ფაქტით, რომლის ამსახველი რამდენიმეწამიანი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. რადიო “თავისუფლების” მასალაში ჩანს ასეთი მომენტი – ახალგაზრდა ქალი მიდის ერთ რიგად ჩამწკრივებულ სპეცრაზმელებთან, ეხება ერთ-ერთ “ფარს” და მომენტალურად სპეცრაზმის რიგიდან მას ასხამენ სპრეის. მასალაში აღწერილია რა მოიკვლიეს სტუდენტებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით.  7 მარტი, საღამო. ერთ მხარეს აღჭურვილი სპეცრაზმი, მეორე მხარეს – თამამი, ამბიციური და თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობის წარმომადგენელი. საქართველოს პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც ძირითადად სტუდენტები და ე.წ. Gen-Z თაობა წარმოადგენს. სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო იძაბება, რაც პარლამენტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით იღებს. პარლამენტთან ჩნდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც. აქციაზე შეკრებილების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებენ. ვრცელდება ასობით ფოტო თუ ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირება. რადიო “თავისუფლების” ვიდეო მასალა აქციიდან “არა რუსულ კანონს!” როდესაც რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებული ვიდეო გავხსენი, პირველივე შთაბეჭდილება ნეგატიური იყო. ვხედავ, როგორ ასხამს წიწაკის სპრეის  სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომელი გოგონას, რომელიც მასთან ახლოს მიდის და შეხებას ან რაღაც მოქმედებით თავისი პროტესტის გამოხატვას ცდილობს. საკმაოდ აგრესიული სურათია. სულ რაღაც 3 წამი გრძელდება, თუმცა ჩემს გონებაში საკმაოდ ღრმად იბეჭდება. ამ ვიდეოთი კიდევ უფრო მას შემდეგ დავინტერესდი, რაც საგნის “მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის ფარგლებში” ლექტორმა დაგვავალა მისი სიღრმისეულად განხილვა – რამდენად კანონიერი იყო როგორც გოგონას, ისე სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომლის საქციელი. მართლაც დავიწყე  თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება. აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად ტელეკომპანია “ფორმულას” ინსტაგრამის გვერდზე ვნახე. დავინტერესდი ხალხის მოსაზრებითაც. რა თქმა უნდა უმრავლესობა სპეცრაზმელს აკრიტიკებდა და ემოციურ დონეზე აფასებდა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე საპირისპირო კომენტარიც. ვიდეო საკმაოდ უხარისხო იყო და ეს კიდევ უფრო ართულებდა რეალობის დანახვას. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ რადიო თავისუფლებას ჩასმული ჰქონდა საპროტესტო აქციების ვიდეო კოლაჟში სწორედ ეს ვიდეო, სადაც გამოსახულება ბევრად უკეთესი ხარისხის იყო. აქ უკვე გავარჩიე, როგორ მიდის ახალგაზრდა ქალი სიგარეტით ხელში სპეცრაზმელისკენ, მანამდე კვამლს უშვებს პირიდან და შემდეგ სიგარეტს აწვავს სპეცრაზმელს ფარზე, ისე რომ ნაპერწკლებსაც კი ვხედავთ. თუმცა, აქციის მონაწილე ბოლომდე ვერ ასრულებს თავის მიზანს, რადგან სახეში წიწაკის სპრეი ესხმება. აღნიშნული ვიდეოს რამდენჯერმე ნახვის შემდეგ, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად ჯდებოდა აქციის მონაწილის ქმედებები კანონის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით საჭირო იყო ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების მოსმენა. მე, ვესაუბრე იურისტ თაკო გობეჯიშვილს, რომელმაც კანონის ენით ამიხსნა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. იურისთვის თქმით ,,სამართალდამცავების პარლამენტის შენობასთან მობილიზების მთავარი მიზანი და იდეა, როგორც პირთა უსაფრთხოების დაცვა, ისე საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ემსახურებოდა თუ არა სამართალდამცავების ქმედება აღნიშულ მიზანს და იყო თუ არა მათ მიერ პროპორციული ძალა გამოყენებული?! ამ შემთხვევაში გამოყენებული ძალის პროპორციუობის საკითხი ეჭვქვეშ დგას. ცალსახაა, რომ წიწაკის სპრეის გმოყენება მშვიდობიანი აქტივისტის მიმართ, რომელიც თუნდაც ფარზე ცდილობდეს სიგარეტის ჩაქრობას, არის არაპროპორციული და შეუსაბამო ძალის გამოყენება”. თაკო გობეჯიშვილი, იურისტი: “წიწაკის სპრეის გმოყენება თავისი იდეით საჭიროა მაშინ, როდესაც აშკარა და შეუჩერებელ შეტევაზე გადადის საზოგადოების ნაწილი, ხოლო მაშინ როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების წინ შეუიარაღებელი გოგონაა, რომელიც ისეთი საფრთხის მატარებელი არ არის, რომ მის მიმართ წიწაკის სპრეი იყოს გამოყენებული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და სხვა არაფერი.“ ჩემს გარდა იმავე მასალაზე იურისტს ესაუბრა თანაკურსელი სოფო ლოლაძე, ვისთან საუბრისასაც ელენე ქიმშარიამ აღნიშნა შემდეგი: “იმ საღამოს შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ თუ აქციაზე შეკრებილები არ დაემორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევდნენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს. ამ განცხადების მიუხედავად, იმ კონკეტულ სიტუაციაში მშვიდობიანი აქტივისტის მიმართ მსგავსი ზეწოლა დაუშვებელი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპეცრაზმელის ხელით შეხება და მასთან ახლოს მისვლა ასევე დაუშვებელია გარკვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება ახალგაზრდას,რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა და მათთან ახლოს მივიდა, ვფიქრობ, რომ ეს პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო. ერთი შეხედვით, ამ კონკრეტულ სიტუაციაში რთულია გაიგო,რომელი მხარე იყო დამნაშავე,მაგრამ თუ დავუკვირდებით – სპეცრაზმელმა, რომელმაც წიწაკის სპრეი გამოიყენა და რომელსაც ამის არანაირი ბრძანება არ ჰქონია ზემდგომისგან, პროტესტის ამ ფორმით გამომხატველი ახალგაზრდის მიმართ მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა”. იმავე მასალაზე მუშაობისას, ჩემი თანაკურსელი,  ლუკა ამბალიაც ესუბრა იურისტს, რომელმაც განმარტა: “მოგეხსენებათ, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით სპეციალური საშუალების სახე და ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწიებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება N 26, მუხლი 5, სპეციალური საშუალებების გამოყენება -ის მიხედვით, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი. შედეგად, იმწუთიერი საფრთხიდან გამომდინარე, რასაც ვერ ვხედავთ ვიდეოში, მაგალითად თავდასხმას, ძალადობას, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სპეცრაზმელის დამოკიდებულება აქციის მონაწილისადმი არაპროპორციულად დ არაადეკვატურად ჩანს.“ ასევე, ჩემი თანაკურსელი ეთა სულუხია ესაუბრა სხვა ადვოკატს, რომელმაც კანონის ენით კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა რეალური სურათი: “აზრის გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითად უფლებად მოიაზრება და მინიჭებულია თვით კონსტიტუციის მიერ. კერძოდ, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გოგონას ქმედება მისი პროტესტის გამომხატველი ჟესტი იყო. მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა სპეცრაზმელისთვის ხელის შეხებით. შესაბამისად, შეიზღუდა მისი აზრის გამოხატვის და პროტესტის გზის არჩევის თავისუფლება.“ ჩემი კიდევ ერთი თანაკურსელი გიორგი ერაძეც ესაუბრა კიდევ ერთ იურისტს, რომელმაც განაცხადა: ,,როდესაც ასეთ საკითხს აფასებ, სხვა დეტალებთან ერთად უნდა განვიხილოთ, ამ გოგონას ქმედება როგორი იყო აღქმის თვალსაზრისით სპეცრაზმელისთვის. ასეთ დროს რთულია შეაფასო სწორი და არასწორი მხარე განსკუთრებით მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი გადასულია მზადყოფნაზე და მასთან მოქალაქე მიდის.“ ამ კონკრეტული ფაქტის გაანალიზებისას, სტუდენტებმა აღმოვაჩინეთ, რომ იურისტების თუ ადვოკატების უმეტესობა, რომლებიც გვთანხმდებობდნენ კვალიფიციური კომენტარის გაკეთებაზე, საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირებას ერიდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კონკრეტული კანონების მითითებით აფასებდნენ ჩვენს მიერ დასახელებულ ფაქტს. თავად მომხდარ ფაქტს რომ დავუბრუნდეთ, სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც აღჭურვილია და სრულიად მზადყოფნაშია ნებისმიერი ვითარებისთვის, სიტუაციის გამძაფრებისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის დამოუკიდებლადაც წყვეტს რა ვითარებაში როგორ იმოქმედოს, ასეთ დროს მისი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ არაპროპორციული იყო. კონკრეტულ სპეცრაზმელს, კანონის მიხედვით, შეეძლო სხვა გამაფრთხილებელი ან მსუბუქი ,,დამსჯელობითი“ ფორმისთვის მიემართა, თუმცა სასტიკი, პირდაპირ სახეში დიდი რაოდენობით სპრეის მისხმა აირჩია. ეს პირველ რიგში არაჰუმანური და მეორე მხრივ მის მთავარ დანიშნულებას, იდეასა თუ მიზანს აცდენილი გადაწყვეტილებაა, რაც  მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას გულისხმობს. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი  თანაავტორები: ლუკა ამბალია, ეთერ სულუხია, სოფო ლოლაძე, გიორეგი ერაძე  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “არ დარეკო უმიზეზოდ”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა შვიდი სტუდენტი: ლიკა გოცაძე, სოფო კედელაშვილი, ანანო რუხაძე, ნინო ჯიჭარაძე, ანა მოსაშვილი, გურამ აბაშიძე და კოკა კობალაძე. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი  2021 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, 112-ში შესული 5 მილიონამდე ზარიდან 34% არამიზნობრივია. ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი და ჩვენი, ყველას ვალია გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე სხვების სიცოცხლეს. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც უშუალოდ ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული.  ამიტომ, იმისათვის რომ მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რამდენს შეიძლება ნიშნავდეს მათი არამიზნობრივი ზარი სხვისთვის, დავიწყეთ სოციალური კამპანია #არდარეკოუმიზეზოდ. არა ერთი კვლევა, ექსპერიმენტი ან მაგალითი გვიჩვენებს, რომ 112-ში ხშირად ისეთ საკითხებზე რეკავენ, რაც საერთოდ არ შედის მათ კომპეტენციაში, ამ დროს შეიძლება სხვას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდეს და საბედისწერო აღმოჩნდეს თითოეული არამიზნობრივად დაკავებული წამი. აღნიშნული კამპანიის პირველი ეტაპი შეიძლება ატარებდეს საინფორმაციო ხასიათს, იმის შესახებ, რომ 112-ზე უნდა დარეკონ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს, მაშინ როცა ესაჭიროებათ პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. არამიზნობრივი ზარის განხორციელებით, 112-თან დაკავშირების საშუალებას არ ვაძლევთ მათ, ვისაც რეალურად ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება და თითოეული წამი გადამწყვეტი შეიძლება იყოს მისი სიცოცხლისთვის. თუმცა, ერთჯერადად მიწოდებული თეორიული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საჭიროა კამპანიის ფარგლებში სისტემატიური აქტიურობა რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი და ერთგვარად ავამაღლოთ თვითშეგნება იმაზე, რომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ სხვის სიცოცხლეს. ყველას კარგად გვახსოვს 112-თან დაკავშირებული წინამორბედი კამპანია, #გაატარესასწრაფო, რომელმაც შთამბეჭდავი ემოცია გამოიწვია საზოგადოებაში და შედეგებმაც გაამართლა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კამპანიის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში სრულიად რეალურია პოზიტიური შედეგების მოლოდინი. ჩვენი ძირითადი მიზანია მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლება, რომ არ უნდა დარეკონ არამიზნობრივად 112-ში და იფიქრონ სხვის სიცოცხლეზე. ამისთვის, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა კამპანიის ორ ნაწილად გაყოფა: საორგანიზაციო ფაზა, სადაც ჩვენი გუნდი შეიმუშავებს საჭირო და მარტივად აღსაქმელ გზავნილებს; ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბარათების, პოსტერების, ე.წ. სტიკერების, ასევე, ემოციურად დატვირთული ვიდეოკლიპების გადაღება და გავრცელება. რაც მთავარია, კამპანიის გაწერილ ვადებში სისტემატიურად უნდა ხდებოდეს საზოგადოებისთვის საჭირო გზავნილების მიწოდება. ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ კამპანიის იდეა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამიტომ სწორად გაწერილი გზავნილებით შევძლებთ მის პოპულარიზებას და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. სამიზნე აუდიტორია მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არის ფართო და მისი ინტერესის ქვეშ შეიძლება იყოს ყველა ასაკის ადამიანი, ჩვენი პირველადი სამიზნე აუდიტორია  განსაზღვრულია  40-55  წლის ასაკის ხალხისთვის, რადგან როგორც კვლევები გვიჩვენებს, ამ ასაკის ადამიანები ყველაზე ხშირად ახორციელებენ არამიზნობრივ ზარებს. როგორც ცნობილია, 35-40 წლიდან იწყება ე.წ. შუა ხნის კრიზისი, რაც იწვევს შფოთვებს, ნერვული სისტემის არასტაბილურობას, ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურას და ა.შ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის ხშირი ამ ასაკის ადამიანების მხრიდან არამიზნობრივი ზარების განხორციელება. ამიტომ, კამპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია არის სწორედ 40-55 წლის ასაკის ადამიანები და ჩვენი მიზანია პირველ რიგში აღნიშნული სეგმენტის აუდიტორიისთვის კამპანიის ძირითადი გზავნილების მაქსიმალურად მიწოდება, ყველა გზით. თუმცა, კამპანია, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სხვა ასაკობრივი ჯგუფების ინფორმირებას და მეორე კატეგორიის სამიზნე აუდიტორიაში მოვიაზრებთ 14-18 წლის ასაკის მოზარდებს, რომლებსაც აქტიურად, შეუზღუდავად აქვთ წვდომა სმარტფონებთან, არიან გარდატეხის ასაკში და ხშირად გართობის მიზნით, არასერიოზული მიზეზებით რეკავენ 112-ში. კამპანიის მიზანია პოზიტიური, მათთვის მიმზიდველი ე.წ. „ტრენდული ჰეშთეგებით“  მათი დაინტერესება კამპანიის იდეით და გარკვეული პოზიტიური გავლენის მოხდენა მათზე. ამ კატეგორიის მოზარდები ძირითადად სკოლაში სწავლობენ, ახალი კანონიდან გამომდინარე შეიძლება დასაქმებულები იყვნენ და წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა, ისეთი ასაკის არიან, როდესაც გართობის მიზნით შეიძლება ბევრი არასასურველი ქმედება განახორციელონ, მათ შორის ყოფილა გასართობად ზარების განხორციელება 112-ში. მესამე კატეგორიის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი – 65-75 წლის ასაკის მოხუცები, რომლებიც, საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფია, მარტივად უშინდებიან ორგანიზმში ასაკის მატებასთან თანმხლებ ნებისმიერ მარტივ ცვლილებას და შესაძლოა, უმნიშვნელო მიზეზიც კი ჩათვალონ საგანგაშოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება მათთვის გასაგები და მარტივი ენით. გარდა ამისა, აღნიშნული ასაკის აუდიტორია ნაკლებად არის დასაქმებული, სხედან სახლში და მათთვის ყოველგვარი ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს პანიკის დაწყების საფუძველი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ასაკობრივი  ჯგუფის ინფორმირებაც. კამპანიის იდეა ყველასთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა მისი ქვეყნის მასშტაბით გაშლა, თუმცა ვფიქრობთ, ძირითადი ყურადღება დაეთმობა დედაქალაქს და დიდ ქალაქებს, რადგან ბოლოს ჩატარებული 2020 წლის კვლევებით აღმოჩნდა, რომ უმეტესწილად თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან შემოსული ზარები იყო არამიზნობრივი. კვლევის ანალიზი ჩვენი გამოკითხვის მიზანია, შეისწავლოს საზოგადოების დამოკიდებულება 112-ში არამიზნობრივად განხორციელებული ზარებისადმი. კვლევის შედეგები ასეთია: გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 73 ადამიანმა. აქედან, უმეტესობა, 37% არის 36-45 წლის ასაკის ადამიანები, 23.3% კი – 46-55 წლის, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კამპანიის სამიზნე აუდიტორია წარმოადგენს 40-55 წლის ასაკის ხალხს. კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ 112-ის მომსახურებით, 42.5% პასუხია – ხშირად, ეს პასუხი საფუძვლიანი მიზეზია ვიფიქროთ, რომ კამპანია იქნება აქტუალური, რადგან გამოკითხულთა უმრავლესობას ხშირად უწევს 112-ის მომსახურებით სარგებლობა და საჭიროა მათი ინფორმირება ამ საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემების შესახებ. მესამე კითხვაზე, დაურეკავთ თუ არა 112-ში განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, 56.2% გვპასუხობს, რომ დიახ, დაურეკავთ. ეს არის მყარი არგუმენტი და მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც კამპანიის ჩატარების აუცილებლობაზე მიგვითითებს. საზოგადოებას სჭირდება საფუძვლიანი ინფორმაციის მიწოდება 112-ის არამიზნობრივი სარგებლობის შესახებ. კვლევის შემდეგი ორი კითხვა, თვლიან თუ არა საჭიროდ 112-ში დარეკვას 37° ტემპერატურის დროს და დარეკავდით თუ არა 112-ში ინფორმაციის მისაღებად, იმ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ რაიმე კონკრეტული მისამართი ან გსურთ, გაარკვიოთ რომელიმე ორგანიზაციის საკონტაქტო ნომერი,  გამოკითხულთა უმრავლესობა, 45.2% და 42.5% გვპასუხობს, რომ არ იცის. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იკვეთება აუცილებლობა, საზოგადოებას გავაცნოთ ერთგვარი მიზეზების ჩამონათვალი, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი 112-ში დარეკვა. კვლევის შემდეგი კითხვა ეხება ზარის საფასურს, (იმ შემთხვევაში, თუ 112-ში ზარი ფასიანი იქნება, იგივე ინტენსივობით დარეკავდით?) გამოკითხულთა უმრავლესობამ, 52.1%-მა არ იცის დარეკავდა თუ არა იგივე ინტენსივობით 112-ში თუ ზარი ფასიანი იქნებოდა. ეს შედეგი შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ ბერკეტად, რომ ზარი თუ გახდება ფასიანი, შეიძლება ადამიანი უფრო მეტად დაფიქრდეს, ნამდვილად აუცილებელია, თუ არა 112-ში დარეკვა ამა თუ იმ საკითხზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია ერთგვარი ბერკეტი, არამიზნობრივი ზარების შესამცირებლად, რაც გულისხმობს ფულად ჯარიმას და ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა როგორც ჩვენი კვლევიდან ვიგებთ, ამის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 60%-ს არ აქვს. ვფიქრობთ, კამპანიის ფარგლებში საჭიროა ამ მიმართულებითაც მუშაობა და საზოგადოების ინფორმირება. დასკვნა: კვლევის შედეგები ნათლად გვიჩვენებს, რომ საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია 112-ის მომსახურების მიზნობრიობის შესახებ. ამიტომ, ვთვლით, ჩვენი კამპანია იქნება სწორედ ის ბერკეტი, რაც საშუალებას მოგვცემს ადამიანების ინფორმირებით პოზიტიური გზავნილებით ავამაღლოთ ცნობიერება ამ საკითხის ირგვლივ და შევამციროთ არამიზნობრივი ზარები, რაც აუცილებლად გადაარცენს ბევრ სიცოცხლეს. საკომუნიკაციო გეგმა ჩვენი კამპანიის მთავარი მესიჯი, მისი შინაარსიდან გამომდინარე იქნება: #არდარეკოუმიზეზოდ. სლოგანები: „გადაარჩინე სხვისი სიცოცხლე“ „ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლეზე“ კამპანიის ჩასატარებლად გვაქვს რამდენიმე საკომუნიკაციო არხი, რომელიც გათვლილია შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის სამიზნე აუდიტორიაზე: 40 – 55 წლის ასაკობრივი კატეგორია,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევების მიხედვით (საქსტატი) საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ აღნიშნული

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციებში “არა, რუსულ კანონს!”. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა კი მათი თანატოლების მონაწილეობა გააშუქეს.  https://www.youtube.com/watch?v=8sECZUvOS7Q საქართველოში, 7 მარტს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს, მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. 9 მარტს, საქართველოს პარლამენრთან კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა “ქართული ოცნების” დაპირების მიუხედავად, მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი კი გაათავისუფლეს.

8-9 მარტს, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები მოთხოვნით “არა, რუსულ კანონს”. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა ჩალაშვილმა შეაგროვა ფოტოემოციები, პორტრეები და ერთ ამბად აქცია. ანა ჩალაშვილი: “ეს ის დროა, როდესაც პროტესტს გამოხატავს ყველა და განსაკუთრებით – სტუდენტები! ეს რამდენიმე დღე ჩვენი აქტიურობით გამოირჩეოდა. შარშანაც აქ ვიდექი, თბილისში, პარლამენტთან და მხარს ვუჭერდი უკრაინას ამ უსამართლო ომში. წელსაც აქ ვიყავი და გავაპროტესტე რუსული კანონი –  ამჯერად, განსხვავებული ემოციებით, მოთხოვნებით, ფრაზებითა და პლაკატებით. წელს, პროტესტს ახალგაზრდების, როგორც ამბობენ Gen-Z-ს ხელი დაეტყო. ხალხში დავდიოდი, ვაკვირდებოდი და განსხვავებულ, ორიგინალურ, ფერად წარწერებს ვეძებდი. ვიპოვნე კიდეც. ეს ჩემი მეორე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო და მეორე ფოტორეპორტაჟი ასეთი სიტუაციიდან. უკვე მეორე წელია გაზაფხულს სიმბოლურად ცვლილებებით ვიწყებ”.

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “ისაუბრე ქართულად”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა ოთხი სტუდენტი: ავთანდილ ზარნაძე, ანანო სამხარაძე, გიორგი ჭოხონელიძე და ქეთი კვანტალიანი. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი    კამპანიის კონცეფცია #ისაუბრექართულად – ჩვენი ჯგუფის პროექტია, რომელიც  პროექტი  ისახავს ახალგაზრდებში ბარბარიზმების, უცხოური ლექსიკისა და უბრალოდ არამართებული სიტყვების ჩანაცვლებას ქართული შესატყვისით. ყველაფერი ქართულად, გამართულად საუბრის საჭიროებიდან და სურვილიდან დაიწყო. ბევრი ტერმინია, რომლებიც ძალიან გვჭირდება ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებაში და მათ ქართულ შესატყვისებს არ/ვერ ვიყენებთ, ისინი ხშირად მოძიებულიც კი არაა. #ისაუბრეექართულად – კამპანია სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გადაგვეხედა ჩვენი საუბრისა და მიმოწერისთვის და დაგვეწყო  ქართულად ლაპარაკი. ეს ეხება როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას – წერილებს, შეტყობინებებს, ისე ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხოსიტყვების ქართულით ჩანაცვლებას. იდეა ყველამ ერთად აიტაცა. ყველამ გავაქართულეთ ხელმოწერები, გადმოვიწერეთ ქართული შრიფტები ტელეფონებში… დავიწყეთ ჩვენი სარეკლამო მასალების გადახედვა და ისეთი ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომლებიც ამ წამოწყების განხორციელებაში დაგვეხმარება. უკვე ვხედავთ, რომ ეს საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ვფიქრობთ, წარმატება წინაა. ვმუშაობთ იმაზე, რომ ამგვარ ლექსიკონებს დაემატოს ქართული სიტყვები, ითარგმნოს ტერმინები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სულ რაღაც 3 კვირაა, რაც პროექტი კურსელებსა და ლექტორებს გავაცანით და ნათლად ვხედავთ, როგორი მონდომებით ცდილობენ ჩვენი კოლეგები ქართული შესატყვისების გამოყენებას: დილას ვიწყებთ განახლებით (Update), შემდგომ უკუკავშირის დროა (Feedback) აი, სიტყვა Brainstorming-ს ჯერ შესატყვისი ვერ მოვუძებნეთ და ზუსტად აქ მივხვდით, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის დახმარება გვჭირდებოდა, რათა ერთობლივი ძალებით მოგვეძია უცხოური სიტყვების ჩამნაცვლებელი ქართული შესატყვისები. მისი პირველი ეტაპი საზოგადოებისთვის ქართული ენის ისტორიის თანამედროვე ფორმებით მოყოლას მოიცავს, თუმცა მხოლოდ საინტერესო თხრობა ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი. გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგი მოგვცა #წერექართულად კამპანიამ, ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ #ისაუბრექართულად მსგავს შედეგს მოგვცემს და შეცვლის არსებულ მდგომარეობას. ჩვენს საზოგადოებაში ბარბარიზმების, უცხო ლექსიკისა და დამახინჯებული სიტყვების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს და მივიჩნევთ, რომ ეს პრობლემაა. ხშირად ვხვდებით ტრადიციულ და ახალ მედიაში ისეთ ინტერვიუსა და პოსტებს, რომლებიც გაჟღენთილია ბევრი არამართებული სიტყვით. ეს არ არის იმ კონკრეტული ადამიანის დანაშაული. ეს ზოგადი პრობლემაა და წლების წინ დანერგილი ლექსიკის შემადგენელი ნაწილია. დაგვეწყო სრულად ქართულად საუბარი. ეს ეხება როგორც წერილების, შეტყობინებების გაგზავნას, ისე – ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხო სიტყვების ქართულით ჩანაცვლებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ქართული ასოებით არამართებული სიტყვის ჩაწერას და მისი მართებული შესატყვისით ჩანაცვლებას. ამ პლატფორმას ექნება ე.წ. თარგმნის ფუნქცია. მაგალითად, ერთ ველში შეგვყავს სიტყვა „დიგიტალიზაცია“ და მეორე ველი გიჩვენებს ამ სიტყვის მართებულ ვერსიას. სამიზნე აუდიტორია ჩვენი კამპანიის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 15-25 წლამდე ახალგაზრდებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტად მიესადაგება ამ ასაკობრივ ჯგუფს. ეს მოიცავს სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს. ამ ასაკის წარმომადგენლებს უფრო მეტად ესაჭიროებათ ჩვენი აპლიკაციის გამოყენება, რადგან დატვირთულია მათი სასწავლო პროცესი და მეტად არიან მიმართულნი სწავლისა და სიახლის შემეცნებისკენ. ამ კატეგორიას იმიტომ ვირჩევთ, რომ ყველაზე მეტი საშიშროებაა, რომ არ დაებინძუროთ ლექსიკა ამდენი ჟარგონით, ბარბარიზმით, გამოიყენებენ სმარტფონებს, სოციალურ ქსელებს და ბევრ არამართებული სიტყვის წარმოთქმას ეჩვევიან. მეორეხარისხოვანი ასაკი ჩვენს შემთხვევაში არიან 45-55 წლამდე ადამიანები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ შორის მასწავლებლებს, ლექტორებს, პოლიტიკოსებს და ა.შ. სქესს არ ენიჭება მნიშვნელობა, რადგანაც ორივე სქესის წარმომადგენლისთვის არის საჭირო და ჩვენი კამპანია არ არის გენდერულ საკითხთან კავშირში. ის სრულად საგანმანათლებლოა და როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს ესაჭიროებათ მისი გამოყენება. საცხოვრებელი ადგილი, უპირველეს ყოვლისა, მარტივი იქნება თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მათთან შეხვედრა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რაიონის ახალგაზრდების დიდი რაოდენობა სახელმწიფო გრანტებს იღებს, შევიძლია ვთქვათ, რომ რეგიონებში ინტერესი სწავლის მიმართ უფრო მაღალია და, შესაბამისად, ჩვენი აპლიკაცია მათთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. საცხოვრებელ ადგილზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით მოვიცვათ თითქმის ყველა ადგილი, რათა ყველას მივაწვდინოთ ხმა და ეს აპლიკაცია გავხადოთ აქტიურად გამოსაყენებელი. ჩავატარეთ დაკვირვება, კერძოდ, ყველა თაობის სხვადასხვა წარმომადგენელს ვაკვირდებოდით, როგორ საუბრობდნენ ქართულად, რომელიც დაგვეხმარა მართებული სამიზნე აუდიტორიის არჩევაში, თუ სად დავინახეთ საფრთხეები. საფრთხე 15-25 წლამდე ახალგაზრდებში: დამსინა ვაბშე დამაფოლოვა დამსტალკა დავიქრაშე მესიჯბოქსები: #ისაუბრექართულად,  #ქართულიენა,  #ბარბარიზმი,  #აირჩიექართული. სლოგანები – ნუ დაკარგავ ქართულ ენას, დაიცავი ქართული ენა… მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი საკომუნიკაციო არხები, რომლებსაც გამოვიყენებთ სამიზნე აუდიტორიამდე ჩვენი სათქმელის მიტანისთვის. ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის  9 საათიანი  გამოშვება – ,,NEWS’’. გამომდინარე იქიდან, რომ იწყება საღამოს, ხალხი სამსახურიდან ბრუნდება და უმეტესად ოჯახში არიან, შეუძლიათ უყურონ ეთერს. ამიტომ, საინფორმაციო გამოშვებაში შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს მიზნებზე, საიტის კონცეფციაზე, რა გეგმები გვაქვს, რას ველით, საერთოდ რატომ წამოვიწყეთ, რა შედეგი გვინდა მივიღოთ. გავაშუქებთ საიტის მოდელს, შემდგომში  ჩვენი სპონსორების ვინაობას, დავაანონსებთ აქტივობებს და მოვუწოდებთ საზოგადოებას ჩაერთოს ჩვენს კამპანიაში და დაგვეხმარონ იდეის განხორციელებაში. ტელევიზიაში გაშუქებული სიუჟეტი დაგვეხმარება სოციალურ მედიაში კარგი მასალით ვპოზიციონირდეთ. სიუჟეტში აღწერილი იქნება ჩვენი საიტის პრეზენტაცია.თავიდან მოცემული იქნება, კადრები სადაც ჩვენი სლოგანები, მესიჯბოქსები, საიტის ვიზუალი, და რა თქმა უნდა, ლოგო. ინტერვიუ იქნება ორგანიზატორთან, მოწვეულ სტუმრებთან (რომლებსაც მოვიწვევთ პრეზენტაციის დროს, ესენი იქნებიან პროფესორები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, სპონსორები) მათი პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების დადებითი გამოხმაურებისთვის. დავაანონსებთ, კამოანიის ფარგლებშ განსახორციელებელ აქტივობებს. ფეისბუქი ფეისბუქგვერდი ყველაზე აქტიური პლატფორმა იქნება, საქართველოში ძირითადად ფეისბუქით ვრცელდება ინფორმაცია. ჩვენი გვერდი დატვირთული იქნება ჩვენივე ლოგოთი, სურათებით, გაწერილი იქნება, თუ რა არის იდეა, მიზანი. ჩვენი მესიჯბოქსები, ვიდეო თუ ფოტომასალები. სახალისო გამოკითხვები ჩვენი იდეის გარშემო, რეკომენდაციები. ასევე, გვსურს, რომ გავავრცელოთ პოზიტიური ახალი ამბები. მაგალითად, რომელიმე პოლიტიკოსმა კონკრეტული სიტყვა გამოიყენა მართებულად, რაც აჩვენებს, რომ შეგვიძლია დავინახოთ შედეგი და მხოლოდ არამართებულ სიტყვებს არ ვამჩნევთ. რა თქმა უნდა, ტელევიზიაში გასული სიუჟეტები გადმოზიარდება და გარეკლამდება სხვა მასალებთან ერთად. ფეისბუქზე რეკლამირება განხორციელდება, იმ მნიშნელოვანი პოსტების და ვიდეოების, რაც გვინდა რომ საზოგადოებამ ნახოს. ღონისძებებს შევქმნით, სადაც ჩვენი აქტივობები დაიგეგმება. გავაკეთებთ გამოკითხვებს „იცით თუ არა რომ“? ტესტებს შევქმნით საგანმანათლებლო ხასიათის, რომელსაც რამდენიმე სავარაუდო პასუხი ექნება არასწორია და სწორია-ს პოსტერები დაიდება ყოველდღიურად და საზოგდოებას დავუსვამთ ამ კითხვებს, კომენტარში აქტივობისთვის. ინსტაგრამი ძირითადად ფოტოების და რილსიებისთვის განკუთვლინი პლატფორმა იქნება, რომელიც პირდაპირ გაზიარდება ფეისბუქზე. „სთორების“ მეშვეობით კი შევძლებთ საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას, გამოკითხვების მეშვეობით და მარტივად შევასწორებთ იმ ხარვეზებს, რომლებიც აუცილებლად კამპანიის წარმართვის დროს გამოიკვეთება. ინსტაგრამის ამბებით (სთორი) გავაკეთებს კითხვა-პასუხის გამოკითხვებს, მივიღებთ რეკომენდაციებს, რას ისურვებდა საზოგადოება ჩვენგან, რა ხარვეზები გვაქვს გამოსასწორებელი, როგორი ღონისძიების დაგეგმა სურთ მათ, ამ პროცესში აუცილებლად იბადება ახალი იდეა, ჩვენს იდეასთან ასოცირებული, რომელიც კიდევ უფრო მეტად ჩართავს საზოგადოებას ჩვენი იდეის განხორციელების პროცესში. ტიკ-ტოკი დღესდღეობით ძალიან პოპულარული პლატფორმაა, სადაც უამრავი ახალგაზრდაა. აქ მუდმივად სახალისოო და შემეცნებით კონტენტს შევქმნით, არა მხოლოდ ჩვენი ჩართულობით, არამედ საზოგადოებას შეეძლება თვითონ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში, რაც უფრო საინტერესოს და მხიარულს გახდის ამ პროცესს. ტიკ-ტოკში გაკეთდება ვიდეოები, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები გააკეთებენ მოწოდებებს, რომ ვიმტყველოთ ქართულად, შეიქმნება სახალისო ვიდეოები იმასთან, დაკავშირებით, თუ როგორ არის დამკვიდრებული ჩვენში უცხო სიტყვები და პოპულარიზაციის მხრივ მოუწოდებენ ახალგაზრდები

მარტის დასაწყისში, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები “არა, რუსულ კანონს!”. საპროტესტო ტალღაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ და მათ შორის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები. IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა 8-9 მარტს მომხდარი მოვლენები გააშუქეს და ვიდეო რეპორთაჟი მოამზადეს. https://www.youtube.com/watch?v=8sECZUvOS7Q

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის” ფარგლებში მოამზადეს ფოტორეპორტაჟი “გაზაფხული”. ლუკა ამბალია “წვიმიანი გაზაფხული” ლუკა ამბალია: “გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დგება “3 მარტი”. ამ დღეს, ქუჩებში ხშირად შენიშნავთ ადამიანებს, მოხუცებს, რომლებიც ყიდიან ყვავილებს. ზაირა ბებოც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ წვიმიან დღეს ეზოში დაკრეფილ და თავის აწყობილ ყვავილებს ყიდის”. ანა გლოველი: “გაზაფხული მოვიდა, ზოგთან დააგვიანა…”  ეთა სულუხია “გაზაფხული”  ეთა სულუხია: “სუსხიანი, ცივი ამინდების შემდეგ ისევ გამოანათა მზემ. ნაირფერი ყვავილები ქუჩაში მომნუსხველად უცქერენ გამვლელებს. ბებო თავის ჩვეულ პოზიციაზეა, გვირგვინებს წნავს და თავისებურად გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს”. მარიამ კიპაროიძე “გაზაფხული თბილისში”  მარიამ კიპაროიძე: “დღეს, მარტის სადღესასწაულო დღეა, დედის დღე. მზიანი თვალები და გაზაფხულის ჭრელი ყვავილებით დატვირთული ხელები, დღის სიმშვენიერეზე მიგანიშნებთ. მხიარული ნაბიჯებით მოსეირნე გოგო-ბიჭები, თბილისის ავდრიან ამინდს ცვლიან”. ანა მაზიაშვილი “შემოპარული გაზაფხული”  ანა მაზიაშვილი: “მარტის დასაწყისია და ჯერ კიდევ სიცივეა. რთულია შემორჩენილ ზამთრის სუსხს გაექცე. თითქოს კიდევ მედიდურობს. თითქოს ამდენი ხანი რომ გვყინავდა, რომ გვინაცრისფერებდა დღეებს, არ იყო საკმარისი. ზამთრის საბურველი ახურავს თბილისს. თუმცა გაზაფხულიც ნელ-ნელა შემოდის, შემოიპარება. წვიმით უნდა, რომ ყურადღება მიიქციოს. ჰაერში უკვე იგრძნობა მისი სასიამოვნო სურნელი. თითქოს ყველა ამის შეგრძნებაშია. არ გარბიან სახლებში. ქოლგებით ნელა მიყვებიან ქუჩებს. ფიქრობენ, იცინიან, ხმამაღლა საუბრობენ. წვიმს და აწვიმს ჩვენს ლამაზ თბილისს, რომელიც უცხოსთვის კიდევ უფრო დაფასებული და მშვენიერია. სწორედ ისინი არიან გამოფენილები. ტკბებიან ძველი თბილისის ქუჩებით, სახლებით. საქართველო ყველასთვისაა ვფიქრობ და მეღიმება. ჭრელი ქოლგები, ბედნიერი სახეები და სუნი, რომელიც გვატყობინებს როგორ ნელ-ნელა შემოიპარება გაზაფხული ჩვენთან…” ანა ლეჟავა “გაზაფხული”  მარი მხეიძე “გაზაფხული”  ანი ეგაძე “გაზაფხული ეზოში”  გიორგი ერაძე “გაზაფხული ოთახში”  გიორგი ერაძე: “გაზაფხულის წვიმიან დღეს, ახლად გამოღვიძებული ყვავილისათვის შეხევდაც კი საკმარისია დღის გასალამაზებლად”.  

თბილისში ყოველდღიურად 500 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალური ტექნიკა, დისტრიბუციის და სხვა მანქანები ემატება. გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში ავტომობილს ყოველი მესამე მოქალაქე ანუ მოსახლეობის დაახლოებით 30% ფლობს. როგორც ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, მოტორიზაციის კოეფიციენტი (მანქანის მოხმარება კვირაში ხუთ დღეზე მეტჯერ) ევროპაში 8%-ია, საქართველოში კი თითქმის 35%, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ავტომობილს გაცილებით ხშირად და ახლო მანძილზე მოიხმარენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს თბილისში ყოველდღიურად მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილზე სწრაფი და კომფორტული ჯერ არ გამხდარა. ავტობუსების და მიკროავტობუსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავტობუსების გადაადგილების ერთიანი სქემის – საავტობუსო ზოლების მოწყობა თბილისში ჯერ არ დასრულებულა და დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ამას ემატება ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის – ქეთევან წამებულის და მელიქიშვილის გამზირების სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოქმნილი საცობების გამო ავტობუსების გადაადგილება არათუ დაჩქარებული, არამედ შენელებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში დგომის გამო, დაგეგმილი ბრუნების 30%-ს ვერ ახორციელებს. შესაბამისად, დღიურად 100 000-ით ნაკლები მგზავრი გადაჰყავს. სულ ავტობუსით დღეში დაახლოებით 500 000-ზე მეტი ადამიანი მგზავრობს. საცობის მიზეზი თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საცობებს იწვევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები –  ქეთევან წამებულის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის გამოც ბოდიშს უხდის მოსახლეობას. პარალელურად, იგი ამბობს, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო 20 მარშრუტზე/კვანძზე ავტობუსების სიხშირე დაგეგმილზე 30%-ით ნაკლებად სრულდება, რაც იწვევს ლოდინის დროის ზრდასა და ტრანსპორტის გადავსებას. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო, საავტობუსე ზოლების მოწყობა. კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისი ახლა სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ ეტაპზეა და მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, თუმცა რეფორმის დასრულების შემდეგ დედაქალაქში მოძრაობა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ახლა თუ წინა წლებში. (წყარო: ნეტგაზეთი) საცობი მეტროში “მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. პრობლემაა მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით, იქაც მხოლოდ შესასვლელში. მეტროს შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო ბაქანზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მგზავრს ემსახურება. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში, ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება“ – აცხადებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი. (წყარო: bpn.ge) ავტობუსების საკითხი თბილისის მერის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაში თანმიმდევრულია: „დაპირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლებისა და ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების“ შესახებ შესრულდა: „პირველი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ და ეს მეამაყება… არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება, ასევე, მოცდის დროის შემცირება, რომ არ უწევდეთ ადამიანებს დიდი ხნით ლოდინი“. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ამ მიზანს, საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემური მოწესრიგებით მიაღწევს. რატომ არ შემოდის 18 მეტრიანი ავტობუსები თბილისში? ამ ეტაპზე თბილისში მხოლოდ 8 და 12-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდებიან. 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსიდან დედაქალაქში არცერთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი 2021 წლის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქს ახლა ჰყავს 860 ახალი ავტობუსი, რომელთაგან  672 ერთეული დადის ხაზზე და ემსახურება მოსახლოებას, მაშინ როცა წინა წლებში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა 430 იყო, ხოლო რეზერვში დაახლოებით 140 ერთეული იმყოფებოდა. ვტობუსების რაოდენობის მხრივ დედაქალაქს პრობლემა ნაკლებად აქვს. პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტურქტურა, რის გამოც ვერ  ვერ ხერხდება ავტომობილების და ავტობუსების გარკვეული რაოდენობის გატარება. დერეფნები და მიკროავტობუსები „მთავარი პრობლემა სწორედ აქ არის: სწრაფი საავტობუსე ხაზების 10 დერეფანი, რომელიც უნდა ყოფილიყო ახალი სქემის ხერხემალი, მთავარი გამწევი ძალა, ფაქტობრივად, ტრამვაის ფუნქციის შემსრულებელი, დასრულებული არ არის“, – ამბობს ელენე ხუნდაძე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების ყოფილი უფროსი. 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი (იგივე TBT ხაზი) საქალაქო და საუბნო ხაზებთან ერთად, EBRD-ის თანადაფინანსებით კომპანია „სისტრას“ ჩატარებულმა ვრცელმა კვლევამ განსაზღვრა. გეგმის თანახმად, ამ დერეფნებზე უნდა დაეხაზათ „ბასლეინები“, სადაც ყოველ 12-15 წუთში დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიდნენ და ექნებოდათ შესაძლებლობა, მაქსიმუმ 150 ადამიანი გადაეყვანათ. დასკვნა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა საგზაო სივრცის ყველა სუბიექტისთვის თანაბარ გადანაწილებას ითვალისწინებს, რომლის საბოლოო მიზანი კომფორტული და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ავტომობილების შემცირება უნდა განაპირობოს. იმისათვის, რომ მოსახლეობამ დათმოს საკუთარი ავტომობილი და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს, არჩევანი უნდა გაკეთდეს მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობის სისტემის განვითარებაზე. ამამად კი საცობებს ბოლო არ უჩანს, მეტ მანქანას მეტი ავტოსადგომი სჭირდება. თბილისის მერია აცხადებენ, რომ საცობების მიზეზი დედაქალაქში ავტომობილების სიჭარბე და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებია და რეფორმის დასრულებამდე გარკვეული დისკომფორტის ატანა მოგვიწევს. თუმცა, ამ ეტაპზე არავინ ამბობს კონკრეტულად როდის დასრულდება ეს ინსფრაქსტრუქტურული პროექტები, მთ უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მერია ახალი პროექტების დაწყებასაც გეგმავს. თბილისის მერიის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება სწრაფი და კომპორტული. ამჟამად კი მოცემულობა სრულიად საპირისპიროა – იმ ქუჩებზეც კი, სადაც ე.წ. „ბასლაინების“ დახაზვა და ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც საცობში იჭედება, აღარაფერს ვამბობთ კერძო ავტომობილებზე. არავინ დავობს, რომ თბილისს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ჰქონდეს, თუმცა დედაქალაქში არსებული მუდმივი საცობები და გადაადგილების პრობლემა, მოსახლეობაში რეფორმისადმი არსებულ სკეპტიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის.   მასალის ავტორი: ავთანდილ ზარნაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting