შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 13
სწავლა თუ მუშაობა? – საქართველოში ამ დილემის წინაშე უამრავი სტუდენტი დგას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სტუდენტებზე მორგებული სამსახურები, ადეკვატური ანაზღაურებით, სადაც ისინი მუშაობის პარალელურად, სრულფასოვანი განათლების მიღებასაც შეძლებენ. გაძვირებული ბინებისა და პროდუქტებზე მკვეთრად მომატებული ფასების ფონზე, სტუდენტების უმრავლესობას, სწავლის პარალელურად, მუშაობა უწევს. საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოში სტუდენტებზე მორგებული სამსახურები და როგორ უთავსებენ სასწავლო გრაფიკს. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, საქართველოში სწავლისა და სამსახურის შეთავსება თითქმის შეუძლებელია, რასაც, საბოლოოდ, ლექცია-სემინარების გაცდენამდე და არასახარბიელო აკადემიურ მოსწრებამდე მივყავართ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, 20-24 წლის (სტუდენტური ასაკის) ადამიანთა უმუშევრობის დონე 41%-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (38.3%) მაღალია. სტუდენტებისთვის ნაკლებად მოიძებნება ანაზღაურებადი სამსახური, სადაც ისინი პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებენ. დიდი კომპანიები, მაღალი ანაზღაურებით, არ იღებენ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალს. ის ერთეული კომპანიები კი, რომლებიც თანხმდებიან ამგვარ ხელშეკრულებას, კარგი ხელფასებით არ გამოირჩევიან. ამიტომ, მათ უმეტესობას დასაქმება მომსახურების სფეროში უწევს, რაც, ძირითადად, კაფე-ბარებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ობიექტებს, სავაჭრო ქსელებსა და ონლაინკაზინოებს მოიცავს. ეს კი იმდენად დიდ ძალისხმევას საჭიროებს, რომ ხშირად სტუდენტებს სწავლისთვის ენერგია აღარ რჩებათ. სწორედ ამ მიზეზით, მაგისტრატურის სტუდენტმა ქეთევან მოსიავამ სწავლის პერიოდში მუშაობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ქეთევან მოსიავა: „როცა სტუდენტი ხარ და ეძებ სამსახურს, ცდილობ ისეთი სამსახური იპოვო, რომელთანაც მარტივად შეათავსებ სწავლასა და ლექციებზე სიარულს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სამსახურის მერე, დავალებების შესასრულებლად ენერგია დაგრჩეს. ძირითადად, ბაზარზე სამუშაოები, რომლებიც სტუდენტების მხრიდან მოთხოვნადია, მომსახურების სფეროშია. რაც დაბალანაზღაურებადია და იქ გაწეული შრომის სანაცვლოდ, ვერ იღებ შესაბამის ანაზღაურებას. ბოლოს იღებ გადაწყვეტილებას, რომ სწავლის პერიოდში უარი თქვა სამსახურზე და ცოტა ხანს გაიჭირვო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა”. ბოლო კვლევა, რომელიც სტუდენტების დასაქმების საკითხს ეხება, 2019 წელს ჩატარდა, კოვიდ-პანდემიამდე. მას შემდეგ ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლით არავინ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები მუშახელის ნაკლებობაზე აქტიურად საუბრობენ. პროფესიული კავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ამ სფეროს შესწავლისთვის, 2019 წელს, სუპერმარკეტების ქსელში კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნულ სექტორში, დასაქმებულთა უმრავლესობა (93%) ახალგაზრდა იყო (18-30 წელი) და მათი დიდი ნაწილი – სტუდენტი. ქსელებში დასაქმებულებს ყოველკვირეულად 50-60 საათი უწევდათ მუშაობა. ამ სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა კი, დაახლოებით, 360 ლარი იყო. ნუცა გორდაძე მეორე კურსიდან ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში კონსულტანტად მუშაობდა, თუმცა სამსახურის სწავლასთან შეთავსება ვერ მოახერხა და ამის გამო, აკადემიური სემესტრის აღება გადაწყვიტა. ნუცა გორდაძე: „კვირაში, დაახლოებით, 48 საათს ვმუშაობდი, რის გამოც, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებდი ლექციებზე დასწრებას. პრობლემა იყო ყოველდღიურად თანამშრომლის რამდენიმე საათით გათავისუფლება და უნივერსიტეტში მხოლოდ გამოცდების დროს მივდიოდი. ეს სამსახური იმ დროს ჩემთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს წარმოადგენდა და მასზე უარს ვერ ვიტყოდი, ამის გამო, სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჩემთვის გარდაუვალი იყო“. მაგდა ჯიქია იმ სტუდენტთა რიცხს განეკუთვნება, რომელთათვისაც ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ერთ-ერთ კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობს, რის გამოც ლექცია-სემინარებზე დასწრებას თითქმის ვერ ახერხებს. მაგდა ჯიქია: „სწავლისა და მუშაობის შეთავსება ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. საკმაოდ რთულია, იყო წარმატებული სტუდენტი, როდესაც კვირაში 5 დღის განმავლობაში 8 და ხანდახან 12 საათს მუშაობ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ნახევარგანაკვეთური სამსახური, რომელიც გაძლევს იმ პირობებსა და ანაზღაურებას, რაც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის გვჭირდება, ამიტომ, მე არჩევანის გაკეთება წარჩინებულ სტუდენტობასა და ფინანსურ კეთილდღეობას შორის მომიწია. ყველა საგნის ჩაბარება საკმაოდ დაბალ ქულაზე მიწევს, რადგან ხშირად ლექცია-სემინარებს ვერ ვესწრები. კარგად თუ ცუდად მაინც ვახერხებ კუთვნილი კრედიტების მიღებას, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ლექტორისთვის გაუგებარი იყო ჩემი მდგომარეობა და ძალიან ცუდი გარემო შეუქმნია ჩემთვის, იმიტომ რომ მის ლექცია-სემინარებს ვაცდენდი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებებს მაინც ვასრულებდი.“ შედარებით მაღალი ანაზღაურება და მოქნილი გრაფიკია „ევოლუშენ გეიმინგში“ (ონლაინკაზინო), რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია საქართველოში. იქ დაახლოებით 6000-მდე ადამიანი მუშაობს და მათი ძირითადი ნაწილი, სტუდენტები არიან. თუმცა თამაშის წამყვანად მუშაობა დიდ სტრესსთან არის დაკავშირებული, რასაც ყველა ვერ უმკლავდება. ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია მაგისტრატურის სტუდენტი ქეთი პავლიაშვილი, რომელიც კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მისი თქმით, ძალიან უნდა თავისი პროფესიით დასაქმება და გამოცდილების დაგროვება, თუმცა რაკი ასეთი სამსახური ვერ იპოვა, ფინანსური დამოუკიდებლობისთვის „ევოლუშენში“ დაიწყო მუშაობა. IPM-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების ძირითად მიზეზად შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება (73.8%) სახელდება, 43.5%-ს კი მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის მიზნით უწევს. საინტერესოა, როგორ ეხმარება უნივერსიტეტი სტუდენტებს შრომის ბაზარზე პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და დასაქმებაში. ამის გასარკვევად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი გრიგოლაშვილს დავუკავშირდი: გიორგი გრიგოლაშვილი: ”როდესაც პროგრამა გადის აკრედიტაციას, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია და ინფორმაციის შეჯერება არამხოლოდ დამსაქმებლებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან. ისინი იღებენ კვლევაში მონაწილეობას, რისი შედეგების მიხედვითაც დგება თითოეული პროგრამის სილაბუსი. ჩვენი მხრიდან, სტუდენტებს ყოველთვის ეგზავნებათ შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავისი პროფესიით იყვნენ დასაქმებულები და არა ისეთით, რომელიც აკადემიურ კვალიფიკაციას არ ითხოვს“. სტუდენტები, უმეტესწილად, კვირაში 48 სააათზე მეტ დროს უთმობენ სამუშაოს, რაც პირდაპირ აისახება მათი განათლების ხარისხზე და შემდგომში უკვე ქვეყანაში კვალიფიციური კადრების არარსებობაზე. მიუხედავად ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომებისა, რეალობა ერთია, სტუდენტების უმრავლესობა დილემის წინაშე დგას – კარგად ისწავლოს და არ ჰქონდეს სამსახური, სადაც შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას საკუთარი პროფესიით შეძლებს, თუ იმუშაოს მომსახურების სფეროში და სწავლას სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმოს. რადგან დღევანდელი მონაცემებით, ორივეს ერთად შეთავსება, თითქმის, წარმოუდგენელია. მასალის ავტორი: სოფო კედელაშვილი IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
მუხრან ფუტკარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმში. მან, 2010 წელს დაასრულა საშუალო სკოლა, 2014 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და 2016 წელს სდასუში დაამთავრა მაგისტრატურა იმავე განხრით. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. არ იმყოფება ქორწინებაში. – რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ სამართალდამცავის პოზიციაზე? – 2017 წლიდან ვმუშაობ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მაქვს 5 წლის გამოცდილება. – როგორ გრძნობაა, როდესაც საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავ? – ეს პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე სიამაყეა როდესაც მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ეს სისტემატიურად ხდება, ანუ ერთჯერადი ხასიათი არა აქვს. – როგორია გამომძიებლის ერთი დღე მოკლედ რომ აგვიხსნათ? – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ პოლიციის თანამშრომლის ყოველი დღე არის განსხვავებული, რადგანაც ყოველდღიურად სხვადასხვა პიროვნებებთან გვიწევს ურთიერთობა, ეს იქნება დამნაშავე თუ დაზარალებული, ყველასთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითხოვს ძალიან დიდ პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. – მოგვიყევით საინტერესო ამბავი რაც სამუშაოს პროცესში გადაგხდენიათ? – მოკლედ, შეტყობინება შემოვიდა , რომ მოქალაქე ველოსიპედით მდინარეში ჩავარდა, თანამშრომელთან ერთად გავედით შემთხვევის ადგილზე, ისეთი ვითარება დაგვხდა, რომ მოქალაქე იხრჩობოდა, გამოძახებული იყო სამაშველო დეპარტამენტი, მაგრამ აშკარად ჩანდა თუ სამაშველოს დაველოდებოდით, მოქალაქე დაიხრჩობოდა, ჩემმა თანამშრომელმა ზ,რ თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად ჩავიდა მდინარეში და მოქალაქე გადაარჩინა დახრჩობას. – გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებაში იცვლება ან ყალიბდება თუ არა გარკვეული სტრატეგიები? – დროის გასვლასთან და გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად იხვეწება კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები, შესაბამისად ყალიბდება გარკვეული სტრატეგიები სხვადასხვა დანაშაულებთან მიმართებაში რაც ძალიან ეფექტურია. – საქსტატის მონაცემებით სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობას თუ დავაკვირდებით 2016 წლიდან 2021 წლამდე საგრძნობლად მომატებულია კრიმინალი, თქვენი აზრით რის შედეგი შეიძლება იყოს ეს? – ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გასცეს ანალიტიკურმა სამსახურმა რომელიც ამ ყველაფერს ანალიზს უკეთებს, შესაბამისად კვალიფიციურ პასუხს ეს სამსახური გაგცემთ. ჩვენს მუშაობის რეჟიმს რაც შეეხება დიდი ცვლილება მე არ მიგრძვნია. – ასევე საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტი დანაშაული 2019 წელს არის დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? – ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია და შესაბამისად პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. – თქვენ როგორც სამართალდამცავი პირი თქვენი გადმოსახედიდან წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ არა კრიმინალთან ბრძოლა? – დროის გასვლასთან ერთად იზრდება დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება შესაბამისად კიდევ უფრო ეფექტური ხდება პოლიციის მიერ გატარებული ღონისიებები კრიმინალთან ბრძოლაში. – კანონის ცვლილების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რას შეცვლიდით კანონმდებლობაში, კრიმინალის შემცირების მიზნით? – კრიმინალთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობა, სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რიგ შემთხვევებში თუ გავამკაცრებთ, მოქალაქეს ეს უფრო დაეხმარება მისი ქმედების სათანადო შეფასებაში და შემდგომში მივიღებთ უფრო კანონმორჩილ მოქალაქეებს. მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევების აღმოსაფხვრელად თუ ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ სამართალდამრღვევის დაჯარიმებით და საერთოდ ავუკრალავთ ავტომობილის მართვას, ამას ექნება პრევენციული ხასიათი და საბოლოო ჯამში კარგი შედეგიც მოყვება. საუბარია ალკოჰოლური და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მიმართ. – თქვენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები? – ბევრი დადებითის თქმა შეიძლება აქედან შეგვიძლია გამოვყოთ ის, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ხარ და იცავ შენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ხელ გეწიფება თანამოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა რაც საამაყოა უარყოფითი ის არის რომ როცა ასრულებ სამსახუროებრივ მოვალეობას, ოჯახის წევრები აცნობიერებენ საფრთხეს, შეგვიძლია გავიხსენოთ საგარეჯოს შემთხვევა ,სადაც ერთერთი პოლიციის თანამშრომელი გმირულად შეეწირა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, მსგავსი მაგალითები რა თქმა უნდა ბევრია. – თქვენ რომ ყოფილიყავით სამინისტროს ხელმძღვანელი თუ შეცვლიდით რამეს? – ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისად არსებული დინამიკა მოწონებას იმსახურებს და არაფერს არ შევცვლიდი. – საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისას დიდ რისკზე მიდიხართ ხოლმე, ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხართ ამისთვის – ყველა პოლიციელი გადის სათანადო მომზადების კურსს, სადაც ცხადია მოისაზრება ფსიქოლოგიური მომზადება, შესაბამისად ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, შეიძლება ვთქვათ რომ სამართალდამცავი პირები და მეც ფსიქოლოგიურად მზად ვართ ყოველგვარ სიტუაციაში უზრუნველვყოთ, როგორც ჩვენი ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება. – რა სახის გადამზადებები გაქვთ ხოლმე თქვენს თანამშრომლებს და რა პერიოდულობით იმისათვის რომ ყოველთვის მზად იყოთ მოვალეობების შესასრულებლად? – პოლიციის აკადემიაში, სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ხდება პოლიციის თანამშრომლების გადამზადება თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გასაუმჯობესებლად, რაც გვაძლევს იმის რესურსს და გვეხმარება იმაში რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი. მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი
გულიკო ქალდანი კოდორის ხეობიდან დევნილი, 75 წლის ქალბატონია. ინტერვიუთი გავიგებთ, თუ როგორი ტრადიციები არსებობდა მის ოჯახში, როდესაც ოჯახი სვანეთში ცხოვრობდა და როგორ გრძელდება ეს ტრადიციები დევნილობის პერიოდში. გულიკო ქალდანი არის უშიშარი ქალი, რომელმაც იძულებით მიატოვა თავისი სახლი, მეუღლესთან ერთად და ჩამოვიდა თბილისში, რათა ცხოვრება ახლიდან დაეწყო. – კოდორის ხეობას როგორ აღგვიწერდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს მხარე არ გვინახავს? – კოდორის ხეობა იყო ულამაზესი, ირგვლივ უზარმაზარი ხეებით შემორტყმული ადგილი. ყინულივით ცივი მდინარე კოდორი მოედინებოდა, ყველას ეზოში ყვავილები ყვაოდა. ჩემი ეზოც გამოირჩეოდა მოკლედ გაკრეჭილი ბალახით, ყველა კუთხეში ყვავილებით, გარშემო უზარმაზარი ბაღებით, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. ყველას ჰყავდა საქონელი და ფრინველი, არავის არ უჭირდა. ყიდვა არც გვჭირდებოდა, ყველას ყველაფერი გვქონდა. მე 6 შვილი მყავს და როცა თბილისში წავიდნენ, ექვსივეს ვუგზავნიდი ნობათს – ყველს , ხორცს და ა.შ. ხალხიც საუკეთესო ცხოვრობდა, დიდებული და ერთმანეთის მოსიყვარულე. შრომა და ჯაფა არავის არ ეზარებოდა. რაც მთავარია, მოთმინება ჰქონდათ, რათა ჰქონოდათ ყველაფერი რაც ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ. ყველას ჩვენი ნაშრომი გვქონდა ოჯახებში. – როგორც ახსენეთ, 6 შვილი გყავთ. როგორ ანაწილებდით დროს შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს შორის? – ბავშვები ისე გავზარდე, რომ არც ერთ წამს არ ვაცდენდი უშრომელად. დღისით მეც და ჩემი მეუღლეც მიწასთან ვმუშაობდით, სახლის საქმეებს ვაკეთებდი, საქონელს ვუვლიდი, ყველს და სხვა რძის პროდუქტს ვამზადებდი და ღამე გვიან ვიწყებდი ბავშვების ტანისამოსის მოწესრიგებას. შეიძლებოდა, დამთენებოდა, თუმცა, შვილებს მოუწესრიგებლად არასდროს არ გავუშვებდი სკოლაში. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, გვერდში დამიდგნენ და მეხმარებოდნენ, ყველას თავისი საქმე ჰქონდა განაწილებული. დროს ფუჭად არ ვკარგავდი და ამიტომ არც არასდროს გვიჭირდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საკვები და ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდებოდა.. – იძულებით გადაადგილების შემდეგ როგორ მოახერხეთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია? – კოდორის ხეობის დატოვება ძალიან გაგვიძნელდა. რაც ნამუშევარი გვქონდა, ყველაფერი ასე უბრალოდ დავტოვეთ. სახლი, შინაური ცხოველები, ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, ამდენი წლის ნაგროვები, დავტოვეთ და ორი ჩანთა ტანსაცმლით წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. მე კიდევ ძლიერად ვიყავი, ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა. მახსოვს, არაფერი არ იყო ხელმოსაჭიდი, ყველა უკან ვიხედებოდით და ცრემლები გვახრჩობდა. რა უნდა გვექნა, მეტი გზა არ იყო. აქ ჩამოსულს ის მამხნევებდა და გულს ის მიკეთებდა, რომ შვილები ახლოს მყავდნენ, სითბოს არ მაკლებდნენ. ნელ-ნელა მივეჩვიე გარემოს. მხნედ ვარ და ვცდილობ, ისეთი გზები გამოვნახო, რაც ცოტათი მაინც დამაახლოებს სვანეთთან. არ ვივიწყებ ტრადიციებს, რასაც სვანეთში ვასრულებდი. ჩემი მეუღლე ჩამოსვლიდან მალევე დაიღუპა, ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, ის სვანური წეს-ჩვეულება, რაც გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სრულდება, მუდმივი იყოს და ჩემი მეუღლის სულისთვის საცხონებელი. გულიკო ქალდანი: მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ. – სვანური კულტურა და ტრადიციები მრავალფეროვანია. მინდა, გკითხოთ, რომელი ტრადიცია მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ – – ტრადიციები მრავალფეროვანი გვაქვს. ყველაზე მეტად გვიყვარს „ლიფაანალი“ – ასე ჰქვია სვანურად. ვითომ, სულები შემოდიან სახლში, სამარხო სუფრას ვუწყობთ 18 იანვარს, რადგან მარხვაა. რაც კი ოჯახში პროდუქტი გვაქვს, ყველაფრით ვაკეთებთ საკურთხის სუფრას. მეორე დღეს ხსნილდება და არასამარხვო საჭმელსაც ვამატებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს ზოგჯერ 1 კვირა, ზოგჯერ 3-4 დღე. 18 რიცხვის მომდევნო ორშაბათს კი სულებს სახლიდან ვაცილებთ და ამ დღესაც ვამზადებთ საკურთხს. რაც რამე გვაქვს, ყველაფერს ვუმზადებთ და ვუშვებთ სახლიდან. ვიცით განსხვავებული ლოცვები სვანურ ენაზე, ვიცით საკლავის შეწირვა, „სეფისკვერის დაცხობა“და ა.შ – როგორც ვიცი სვანეთში, დიდ ყურადღებას ანიჭებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ლოცვას და განსხვავებული წეს-ჩვეულებები გაქვთ. როგორ ხდება ეს თქვენს ოჯახში? – როცა ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, დაკრძალვის მერე, მე-9 დღეს „პირის გახსნას“ ვეძახით და საკლავს ვკლავთ, მთელ სოფელს ვეპატიჟებით. იმის შემდეგ, ყოველ შაბათს, 40 დღის განმავლობაში სუფრას ვამზადებთ და სასაფლაოზე მიგვაქვს. ვაკურთხებინებთ და ვლოცულობთ სულის საცხონებლად. 40 დღის შემდეგ კი ყოველთვის საკურთხს ვუკეთებთ და ეს ერთგვარად ჩემს ოჯახში ყოველთვის ხდება, როცა შვილები და შვილიშვილები იკრიბებიან. ყველა, ვისაც შეუძლია, ჩემთან მოდის და ერთად ვაკეთებთ საკურთხს. ვფიქრობ, ერთმანეთის ნახვით ჩვენი გარდაცვლილიც ხარობს და ჭირის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების მაგალითიც არის ეს წესი. – რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც დღეს იძულებით გადაადგილებული პირია? მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ. ინტერვიუს ავტორი: ანანო სამხარაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მის გამოჩენას როგორც თეატრის, ასევე, მუსიკალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კახა აბუაშვილი საზოგადოებაში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს. კაბუმ მსმენელს და მაყურებელს თავი საინტერესო როლებით და სოციალურ თემატიკაზე სიმღერით დაამახსოვრა. ის დღემდე აქტუალურია, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ცხოვრების უცნობი ფაქტები ბევრმა არ იცის. – კაბუ, რომ არა მსახიობი და რეპერი, ვინ იქნებოდი დღეს? – აზრზზე არ ვარ, ალბათ, ქუჩის ბიჭი ვიქნებოდი. – ბევრმა არ იცის – ბავშვობაში ჭიდაობაზე დადიოდი. რამ შეგიშალა ხელი, სპორტს გაჰყოლოდი? – ჩემს წონაში ვერავინ ნახეს ჩემხელა. 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვჭიდაობდი მესამე კლასელი ბავშვი და მჩაგრავდნენ. თან, არც მოსწონდათ უფროს სპორტსმენებს, როცა ხედავდნენ, რომ პატარა მძიმე ბავშვს ეჭიდავებოდნენ. ბოლოს, ვიღაც ბავშვმა ჭიდაობის დროს შემაგინა, ჰოდა, მე და ჩემმა კლასელმა მთელი დარბაზი ვცემეთ. მეორე დღეს მამაჩემი დაიბარეს. მწვრთნელმა უთხრა, ნახეთ, რას დაამსგავსა ბავშვები, ამას გავაგდებთო. რას გამაგდებთ, ამათთან როგორ ვიჭიდავებ-მეთქი – ეს იყო ჩემი რეაქცია, რის გამოც მამა ჩამეხუტა და მაკოცა. შემდეგ ცხენოსნობაზე ვიარე. – მაშინ, როდესაც ტელევიზიაში გამოჩენა ბევრის ოცნება იყო, შენ პოპულარობის ზენიტში იყავი. შეინარჩუნე, რასაც მაშინ მიაღწიე? – მაშინ მივაღწიე იმას, რომ ადამიანებმა გამიცნეს. შემდეგ ხალხს შევუყვარდი და ამან ძალიან გამახარა. ბოლოს მაგას უფრო მივაწექი, ვიდრე იმას, რომ მე კაბუ ვარ. ადამიანს რომ უყვახარ, ყველაზე დიდი ჰონორარი ეგ არის. ჰონორარი არ გაწყენს, მაგრამ მთავარი ხალხის სიყვარულია. ხანდახან, როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და ჩემს მეორე მე-ს ვეკითხები, რა გაგიკეთებია-მეთქი, მეორე მე მეუბნება, რა არ გაგიკეთებია, ნახე, რამდენ ხალხს უყვარხარო (იცინის). მახარებს ეს ამბავი, ესაა ჩემი მთავარი მიღწევა და ის, რაც შევინარჩუნე. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, ხალხის ტაში კარგია, მაგრამ პატარა ბიჭი არ ვარო… შენს შემთხვევაში, სად დამთავრდა ენთუზიაზმი? – როცა მივხვდი რომ ტაში აღარ მიმიყვანდა სახლში, მანდ მქონდა დიდი პროტესტი იმის გამო, რომ მსახიობს ფული არ აქვს. – კაბუ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდი, სადაც დედის დაბადების დღეს გაიპარე. რამ გადაგაწყვეტინა? – უბნელებმა ვთქვით, წავიდეთო და ასე წავედით ომში. მხედრიონს მივყვებოდით, დაგვაგვიანდა. იმ რეისს უნდა გავყოლოდით, რომელი თვითმფრინავიც ააფეთქეს, უბრალოდ დაგვაგვიანდა. გავიგე, რომ იპოდრომზე იყო დისლოკაციის ადგილი. არ უყომანიათ ბევრი, იარაღი მომცეს, რომლის გამოყენება წესიერად არც კი ვიცოდი და მეორეკურსელი წავედი ომში. მეცვა ჯინსები, „ინსპექტორები“, ბენდენა და „ქამელეონი“ მეკეთა. მაგრად მახსოვს, შავი მაიკა და თხელი კურტკა მეცვა. ეზოში ვმოძრაობდი, ვიღაც ტიპი მოვიდა, სად იღებენ იარაღსო. ვკითხე სად ხარ ნაომარი-მეთქი და სანამ ჩამოთვალა, მე გავიპარე (იცინის). ეს მებრძოლი აღმოჩნდა ჯონი, რომელმაც მთელი ბატალიონი გადაარჩინა. მაგარი ბიჭი იყო. როცა ჩაიცვა, დამბურძგლა. ბიჭებთან დავახლოვდი გზაში, ჯონიმ ვიღაცებზე მითხრა, მაგათ ნუ ენდობიო. კინდღში როცა შევედით და პირველი ყუმბარა გვესროლეს, მანდ მივხვდი, მართალი იყო ჯონი. ნახევარი გაიპარა. – მეუღლესთან – ანუკასთან დღემდე ცივილური ურთიერთობა გაქვს. რა არის ამის საიდუმლო? – ბავშვების თემაა, ალბათ. მე ძალიან მიყვარს ადამიანები. ანუკა რაც წავიდა, იმის მერე კონფლიქტი არ გვქონია. თვითონაც კარგი გოგოა. იცის, რა შეიძლება და რა არა. ბავშვობაში რაც ვერ გამოვიჩინეთ, ახლა გამოვიჩინეთ და დავალაგეთ ურთიერთობა. – პოპულარობის დროს გაგიტაცეს. როგორ მოხდა ეს ამბავი? – გოგოებმა რომ გამიტაცეს, მაგას გულისხმობ? მაშინ 20 წლის ვიყავი, პირველი ალბომიც არ მქონდა გამოშვებული. მეგობარი გოგონა მყავდა და მასთან ერთად ვიყავი კლუბში. როცა სიმღერას მოვრჩი, გოგოები შემოვიდნენ. ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი დეიდაშვილის ქორწილში მომეწონა და მითხრა, გარეთ წითელი ტაქსი გელოდებაო. გამოვედი და გოგოებმა მომიტაცეს. ვუთხარი, რას აკეთებთ, გოგოსთან ერთად ვარ და ისიც წამოვა-მეთქი. წრე დავარტყით და ლალიჩკაც ჩაგვიხტა. წავედით და ისეთი გარყვნილობები ვნახე… ძაან გამთანგეს და ბოლოს გვერდზე ვიჯექი. არ მავიწყდება ის დღე. მაგრად გამისწორა. – საფრანგეთს შევეხოთ. ციხეში გატარებულმა დრომ თუ მოახდინა შენს ცხოვრებაში გარდატეხა? – რომ გითხრა, რაღაც შესამჩნევად შეცვალა-მეთქი, არა. ერთადერთი ის შეცვალა, რომ ენა ვისწავლე. ვვარჯიშობდი, კუნთები გამიჩნდა და იქაური სისტემა გავიცანი. ერთი მხრივ, რომ შევადაროთ რუსული და ფრანგული სისტემა, ეს ადვილია, თითქოს, მაგრამ ვიღაცებს ნანახი ჰქონდათ რუსული სისტემა და მაინც უჭირდათ. რადგან თუ ხარ ბოსი და პირამიდის თავში გაქვს ადგილი, უფრო პრივილეგირებული ხარ. იქ არიან ქართველები, რომლებიც 10 წელი სხედან სამარტოო საკანში. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ შვილებს ღირსეულ მამობას ვერ უწევ. ახლა, როცა აქ ხარ და უფრო მეტი დრო გაქვს, იმავე აზრზზე ხარ? – მაშინ მდგომარეობა მქონდა ისეთი, ფიზიკურად არ მინდოდა, დავენახე. ახლა კი არის მამა დალაგებული სახით, მაგრამ თვითონ არიან სხვა ასაკში. როცა ვეუბნები, მამიკო, აბა, რამე მომიყევი-მეთქი, მეუბნებიან, რა მოგიყვეო. მაინც ვერ მოვახერხე ის, რომ დამეძმაკაცებინა, მაინც აქვთ რაღაც ბარიერი და ვერ მივხვდი, საიდან მივიდე მათთან. ვხედავ, ბავშვიც კედელს ეხეთქება, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაგრამ ვერ მივუდექი. მოვა მაგის დროც. უბრალოდ, მეშინია, ძალიან გვიანი არ იყოს. – ლევან წულაძესთან თავს დამნაშავედ თვლი? – თვითონ არ თვლის, ალბათ, რომ დამნაშავე ვარ. ერთადერთი, მხოლოდ იმაში მთვლის დამნაშავედ, რომ ჩემს თავს დავუშავე. წყინდა, რომ არასწორად ვექცეოდი ჩემს თავს. ლევანი არის ჩემი მასწავლებელიც და ყველაფერი. ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის. მე რომ დავიხვეწე, როგორც მსახიობი, ჭოლას და „სარდაფის“ დამსახურებაა. დიდი დრო გავატარე თეატრში. უფრო მსახიობად ვთვლი თავს, ვიდრე რეპერად. არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე გავხდი რეპერი. პოპკულტურა არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ყვები, რა ხდება რეპში. ახლა მგონი ცოტაა პოეტი რეპერი, უფრო სხვანაირად განვითარდა რეპი. აბსოლუტურად განსხვავებულია. მაშინ სხვა პრობლემები გვქონდა. ახლა ფულზე, მანქანებზე და ქალებზე რეპავენ. – როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მსახიობი? – უზრუნველყოფილი. მსახიობი როცა ამბობს: „ფული არ მაინტერესებს“, არის ჭეშმარიტი მონა. მსახიობი სახლში რომ მიდის და ჩაი არ აქვს, იმას ტაში არ აინტერესებს. თავისი საქმე უნდა უყვარდეს. ჭოლამ მაგარი რაღაც იცოდა, ვინც სამსახურში დადიხართ, ნუ დადიხართო, გვეუბნებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა და შემდეგ მივხვდი. მსახიობი საკუთარ საქმეს ისე არ უნდა უყურებდეს, რომ, თითქოს, სამსახურში მიდის. უფრო მეტსაც გეტყვი, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. როცა ყველა ქუჩის ბიჭი და მსახიობია, საქართველო არ გაბრწყინდება. – საფრანგეთში შეხვედრისას მითხარი, რომ შემოქმედებითი ჩავარდნა გქონდა. ახლა როგორ ხარ? – მგონია, რომ ღმერთთან ნაკლები კონტაქტი მაქვს და ეგ არის ყველაფრის საწყისი. ჩემი სათქმელი არ ამომიწურავს. კი მაგრამ, უნდა ამ ხალხს შენი პრობლემები? რაზე ვიმღერო? გადავწყვიტე, სიბნელეზე ვიმღერო. რაღაც უნდა ვთქვა და ვიტყვი. ერთი დაწყება მინდა და დავანახებ, რომ ვყარვართ, ცუდ დღეში ვართ და პროსტა ვიკიდებთ. გეგონება, ჩვენ არ ვართ აქ; გვგგონია, მხოლოდ რუსია ჩვენი მტერი. ვამბობთ, აფხაზეთი დავიბრუნოთო და პლეხანოვი გვაქვს დასაბრუნებელი. გოგოები გვყავს დასაბრუნებელი, მაგრამ ეგ როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. შაჰ-აბასმა ხმლით რაც ვერ გაგვიკეთა, მაგის ნათესავმა გაგვიკეთა ფულით და ფალოსით. – ლექს-სენი თუ ბერა? – ბერა. ბერას ნაფიქრი აქვს, ხარისხი აქვს და – ადე ზეზე, გამო მზეზე დამახიე აგერ – ეს საერთოდ ვინ არის, ვერ გავიგე. – სამომავლო გეგმებზე რას ფიქრობ? – ალბომი
ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, ყოველ დღე სანამ სკოლაში წავიდოდი, მთელ ვაჟა-ფშაველას გაივლიდა, რომ ჩემთვის ცხელი კრემიანი “პონჩიკები” მოეტანა, რადგან იცოდა, რომ დილით ჩაისთან ერთად ასეთი საუზმის მირთმევა მიყვარდა. არაფერს იზარებდა, რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მომიტანდა, თუმცა ახლა, როცა ერთი ფეხი დაკარგა, იძულებული გახდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. მუდმივად გამოთქვამს გულისტკივილს იმის გამო, რომ ოჯახს ვერ ემსახურება, თავის ძველ მეგობრებთან თავად ვერ მიდის სტუმრად. ვცდილობ ვანუგეშო ხოლმე, როლები გავცვალეთ – ახლა მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ყოველ დილით ცხელი საუზმე შეაქვს მასთან. ვცდილობ ისე გავანებივრო, როგორც თავად მანებივრებდა წლების წინ. ეს ბაბუაჩემის ფოტოებია, ყველა ფოტოში ჩანს სევდა, რომელიც მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, ყველაფერი აქვს, რაც ამ ასაკის ადამიანებს სჭირდება, მაგრამ არავინ ვიცით მის გულში რა ხდება. სულ ფანჯარაში იყურება, ენატრება გარე სამყარო, საკუთარი ფეხით გარეთ დამოუკიდებლად სიარული, ქუჩაშუ ყურებით კი ცდილობს ეს სურვილი ცოტათი მაინც დაიკმაყოფილოს. საწოლის გვერდზე პატარა ბლოკნოტები უდევს, სადაც დღე და ღამე რაღაცებს წერს. რამდენჯერაც ვკითხე, სულ იმას მეუბნება, რომ როცა დრო მოვა, მერე გავიგებ ბლოკნოტებში რა წერია. მრავალი ბლოკნოტი შეავსო, უკვე აღარც ვითვლით, ძალიან მაინტერესებს შიგნით რა წერია, მაგრამ წაკითხვის უფლება არვის გვაქვს. ვფიქრობ, წერისას გადმოაქვს მთელი ის მწუხარება და გულის ტკივილი, რასაც ხმამაღლა არ ლაპარაკობს. თუკი მკითხავთ, ყველაზე მეტად რა გამახარებს, გეტყოდით, რომ ბაბუაჩემის კარგად ყოფნა, ნეტავ, შესაძლებელი იყოს მისთვის ძველი ცხოვრების დაბრუნება. ბაბუაჩემი ზოგჯერ საკუთარ მშობლებზე უკეთ მიგებდა და მიგებს. ეს ის კაცია, რომელიც მთელი ბავშვობა პარკებსა და სკვერებში მასეირნებდა, სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა, ცდილობდა ჩემს სახეზე ღიმილი ყოველთვის ყოფილიყო. ჩემს გამხიარულებას ახლაც ცდილობს, მაგრამ რაღაც მთავარი მაინც შეიცვალა, ადრე მის თვალებში სევდას ვერ ან არ ვხედავდი, ახლა კი როცა ვუყურებ, მისი ნაღვლიანი თვალები ყოველთვის გულს მტკენს და მეც მასევდიანებს. ეს ბაბუაჩემია, სიცოცხლით სავსე, კეთილი, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც სევდიანი. ფოტორეპორტაჟის ავტორი: ანა ლეჟავა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
– თათია, გთხოვთ წარგვიდგინოთ საკუთარი თავი. – მოგესალმებით, მე ვარ თათია ჯანიაშვილი, 31 წლის. ამჟამად ვარ დასაქმებული შპს „ნესტლე საქართველოში“ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. დამთავარებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტის ადმინისტრირების განხრით, ხოლო მოგვიანებით ცოდნა გავიღრმავე უფრო ვიწრო სპეციალობით, კერძოდ, განათლება მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ოპერაციათა მენეჯმენტის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული მაგისტრატურის გავლის შემდეგ შევიცვალე სამუშაო ადგილი და 2016 წლის 1 ივნისიდან დასაქმებული ვარ შპს „ნესტლე საქართველოში“. ბოლო 2 წელია, ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. – რას მოიცავს აღნიშნული მიმართულება თქვენს კომპანიაში და რამდენად რთულია ამ მიმართულებით მუშაობა? – თქვენს კითხვაზე პასუხს დავიწყებ კითხვის მეორე ნაწილით. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობა არის საკმაოდ სტრესული, დამღლელი და მოითხოვს 24/7-ზე ჩართულობას. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველდღიური რუტინაც კი არ ჰგავს სტანდარტულ რუტინას. ყოველდღიურ საქმიანობაში გვხდება არაერთი არასტანდარტული სიტუაცია და ფორსმაჟორი. ყოველი დღე გამოწვევაა, დღის ბოლოს კი ხვდებით, რომ კიდევ ერთ გამოწვევას გაუძელით და საკუთარი თავისთვისაც საინტერესო აღმოჩენები გააკეთეთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნულ პროფესიაში სირთულეები გეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში, პრობლემების მოგვარებისას შეძენილი ინფორმაცია კი თქვენთვის ცხოვრებისეულად გამოსადეგი იქნება. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქართულ ბაზარზე, ლოჯისტიკის დეპარტამენტი ზრუნავს შერჩეული პროდუქციის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე – სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს შესაბამის ლოკაციებამდე. უფრო დეტალურად კი – პროცესი იწყება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროდუქტის დეტალური შემოწმებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტი ვალდებულია, იცნობდეს ქართულ კანონმდებლობას, რომ შემოტანილი პროდუქცია არსებულ რეგულაციებს შეესატყვისებოდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვამოწმებთ საიმპორტოდ შერჩეული პროდუქციის რეცეპტურას, შემდგომ – მათ შეფუთვებს და თუ ყველა მახასიათებელი აკმაყოფილებს ქართულ კანონმდებლობას, იწყება საიმპორტო დოკუმენტაციის დამუშავება. ამ უკანსაკნელი პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანიას აღარაფერი აბრკოლებს, რომ პროდუქციის იმპორტი დაიწყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გადაზიდვის საშუალებები, საიმედო გადამზიდი კომპანიები და სატრანზიტო რისკები. სწორედ სატრანზიტო პროცესი არის სიურპრიზებით სავსე და ხშირად რთულია გაითვალისწინო ყველა ის რისკი, რომელიც, შესაძლოა, უდროო დროს გამოჩნდეს დაბრკოლებად. – რა გავლენა იქონია პანდემიამ და უკანასკნელმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოჯისტიკის მიმართულებაზე თქვენს კომპანიაში? – რეზიუმირებულად რომ გითხრათ, პანდემიამ და, მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ „ნესტლეზე“, არამედ სხვა მსგავს იმპორტიორ კომპანიებზეც. ორმხრივ ზეგავლენაში ვგულისხმობ როგორც პოზიტიურ, ასევე უარყოფით მხარეებს. ერთი მხრივ, პანდემიამ იქონია უარყოფითი გავლენა ბაზარზე – მოხდა ტოტალური კოლაფსი, შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების გართულებით; ხოლო მოგვიანებით გაჩაღებულმა ომმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპორტზეც. მეორეს მხრივ კი – რთული სიტუაციიდან გამოსვლისთანავე, დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა ათწლეულში იყო და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება გამოწვევებს – იყო არაერთი, საკმაოდ მრავალმხრივი და დროში სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემა. საიმპორტო კომპანიებისათვის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდგომ, რაც დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, საერთაშორისო ბრენდებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს. არც „ნესტლე“ იყო გამონაკლისი და რუსეთში წარმოებული ქვებრენდების 90% ლიკვიდირდა. მარტივად რომ ვთქვათ – წარმოება შეჩერდა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული 85-90% პორტფელისა უნდა ჩანაცვლებულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფო წესით გახდა საჭირო, ალტერნატიული ქარხნები რუსეთის გარეთ მოგვეძებნა. ჩვენს კომპანიას გაუმართლა, რადგან საერთაშორისო კომპანია ვართ და გაგვიმარტივდა ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ქარხნის მოძიება, რომლებიც ალტერნატიულ პროდუქტებს მოგვაწვდიდნენ. პროდუქტების შერჩევის შემდგომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულმა მათგანმა გაიარა რეცეპტურის ტესტირება და ძალიან ინტენსიური, სწრაფი და დაუღალავი მუშაობის შედეგად, 3-4 თვის ჭრილში შევძელით პორტფელის 100% იმპორტის განახლება ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სიტუაცია რომ შევაჯამოთ, უარყოფითი მხარეები, გარდა საოპერაციო საქმიანობისა, მოიცავს ბაზარზე პროდუქციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და, მოგვიანებით, ფასების ზრდას. დადებითი მხარე კი ნათელია: დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოებული, ბევრად უფრო ჯანსაღი შემადგენლობისა და გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების პროდუქტით. – რა მომავალი ელის ჩვენს ქვეყანას ლოჯისტიკის და ეკონომიკის მხრივ? – არ განვმეორდები იმის მოთხრობით, თუ რაოდენ რთულ სიტუაციაში იყო ლოჯისტიკა არსებული ბოლო ვითარებების გამო. თუმცა, ამჟამად ლოჯისტიკა საქართველოში ბევრად უფრო განვითარდა, ვიდრე წინა წლებში. როგორც იმპორტიორებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, არა მხოლოდ ამ სირთულეების გადალახვით, არამედ, ახალი პრიორიტეტების გაჩენის გამოც. დღეს ლოჯისტიკის სფეროში მომსახურეობის სტანდარტები ძალიან დაიხვეწა. უახლოეს პერიოდში, არაერთი ცვლილება იგეგმება. თათია ჯანიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, ყველას სმენია საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევის ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, სატესტო გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს და არაერთმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო საქართველოს ტრანზიტად გამოყენება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ცვლილება სულ მინიმუმ მოიცავს ბიუჯეტში შესულ თანხებს, თუნდაც, მხოლოდ ტრანზიტის გადასახადს. შესაბამისად, სამომავლო პერპსექტივები ამჟამინდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პოზიტიურ მხარეს ავლენს”. – თუ საიდუმლო არ არის, დღეს არჩევანის საშუალება ხელახლა რომ მოგეცეთ, ლოჯისტიკას აირჩევდით თუ არა თქვენი საქმიანობის სფეროდ? – ლაკონურად რომ გიპასუხოთ, დიახ, დაუფიქრებლად ავირჩევდი. აღნიშნული სფერო არის ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო, იდეალურია რუტინის არმოყვარული ადამიანებისათვის და, რაც მთავარია, მუდმივად გაწვდით ინფორმაციას მსოფლიო საბაზრო მოვლენებზე. ამიტომ, სიახლეებს არასდროს ჩამორჩებით (რესპონდენტი იღიმის). ინტერვიუს ავტორი: გიორგი ჭოხონელიძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
მიხეილ მეტრეველი კარდიოქირურგი და კლინიკა „ჯერარსი“-ს კარდიოლოგია – არითმოლოგიის, კარდიოქირურგიის, რეანიმაციის და ინეტრვენციული კარდიოლოგიის გუნდის ხელმძღვანელი. იგი საუბრობს მის განვლილ, სირთულეებით აღსავსე გზაზე, რომელმაც ის ახალგაზრდა ასაკში დიდ წარმატებამდე მიიყვანა. ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მეუღლეა, რომელიც მუდმივად ამხნევებს და სირთულეების გადალახვაში ეხმარება. – როდის და რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა? – ექიმობა მე-6 – მე-7 კლასში გადავწყვიტე. მოულოდნელად, მამა შეუძლოდ გახდა და ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა, დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინეს. მაშინ ვიფიქრე, რომ ექიმები ღმერთები იყვნენ და გადავწყვიტე, რომ მეც ეს გზა უნდა ამერჩია. – მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ – როგორ მოხვედით აქამდე? – მიუხედავად ჩემი ასაკისა, ძალიან დიდი და დამღლელი გზა გავიარე. დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, დავამთავრე ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც დავამთავრე, საზღვარგარეთ მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა, უცხოეთში წასვლა არ იყო ისე მარტივად ხელმისაწვდომი, როგორც დღეს არის. ერთადერთი ალტერნატული გზა იყო რუსეთი. მოსკოვში ჩავაბარე. ანესთეზიოლოგობა მინდოდა, განცხადებაც მქონდა დაწერილი, კადრების განყოფილებაში ჩასაბარებლად. მაგრამ ერთმა ფრაზამ მომენტალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, როდესაც უნივერსიტეტის თანამშრომელმა თქვა: მიხეილ მეტრეველი: „აი, ჩამოვიდა კიდევ ერთი კაცი, ვინც ლეო ბოკერია უნდა გახდეს. “ მაშინვე დავხიე ჩემი განცხადება და დავთანხმდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე ბავშვთა თანდაყოლილი მანკების განყოფილებაში, შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადავედი (ბატონმა ლეომ თავის განყოფილებაში გადამიყვანა). ამის შემდეგ იყო კარდიომიოპათიის დეპარტამენტი. ნელ-ნელა გავიზარდე და ექიმად ჩამოვყალიბდი. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, მერე სადოქტორო თემაზე დავიწყე მუშაობა. როდესაც დავასრულე, დავბრუნდი საქართველოში, ბათუმში, გავაკეთე პირველი ოპერაცია ხელოვნური სისხლის მიმოქცევით გულის თანდაყოლილ მანკზე. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ, ჩემი კარიერა ისევ საზღვარგარეთს უკავშირდება, ამჯერად, პოლონეთის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ზაბჟის, სადაც ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კარდიოქირურგად. საბოლოოდ, დავბრუნდი საქართველოში. მრავალი შემოთავაზება იყო სხვადასხვა კლინიკიდან, თუმცა, არჩევანი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრზე შევაჩერე. 2012 წლიდან დავიწყე ამ კლინიკაში მუშაობა. თავიდან პატარა განყოფილება იყო, თუმცა, ნელ-ნელა გაფართოვდა და გუნდი 118 თანამშრომლისგან შედგებოდა. დეპარტამენტი იღებდა უამრავ პაციენტს როგორც ქირურგიული, ისე ინტერვენციული, რეანიმაციული და კარდიოლოგიური მიმართულებით. 2019 წლიდან დღემდე ჩემი კარიერა გრძელდება ახალ გახსნილ კლინიკა „ჯერარსში“, სადაც ასევე 5 განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, სამუშაო პროცესი დილის 9 საათიდან იწყება და გრძელდება, ხანდახან, დღის დასრულებამდეც კი. ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვდა როგორც ფინანსური, ისე სხვა მრავალი კუთხით. მიხეილ მეტრეველი: „მწვერვალებზე სანამ ახვალ, დიდი და სალი კლდეა გასავლელი.“ – თქვენ თქვით, რომ კარდიოქირურგიის მრავალი განხრით მიიღეთ გამოცდილება. რატომ მაინცდამაინც მოზრდილთა კარდიოქირურგია? – თავიდან, 8 წლის განმავლობაში, ბავშვთა კარდიოქირურგი ვიყავი. თუმცა, შვილი რომ შემეძინა, ძალიან სტრესული გახდა ჩემთვის, ბავშებს რომ ვუკეთებდით ოპერაციას. საათების და ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ გამოვდიოდი რეანიმაციული განყოფილებიდან. შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადამიყვანეს. ბავშვთა განყოფილებას რომ ჩამოვშორდი, სტრესიც მომეხსნა და ჩემთვის ბევრად კომფორტული გახდა სამუშაო პროცესი. საქართველოში რომ ჩამოვედი, აქაც ამ მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა. – თუ შეგიძლიათ, თქვენი პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გაიხსენოთ – როგორ გაუმკლავდით სტრესს და ემოციას? – გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს ოპერაცია. 2005 წელს ბავშვს გავუკეთე წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, ღმერთის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ეს დამეხმარა სტრესის დაძლევაში. მიუხედავად იმისა, რომ 5000-ზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული, დღემდე თითოეულ პაციენტზე ვნერვიულობ, რადგან, ინდივიდუალური მიდგომის მიუხედავად, ყველა რისკის გათვლა შეუძლებელია. მიხეილ მეტრეველი: „ყველა პაციენტის უკან დგას გულშემატკივრების დიდი არმია, რომლებიც ნდობას გიცხადებენ. – რისკი ახსენეთ, მაინტერესებს, ლეტალობის მაღალი რისკის გამო თუ გითქვამთ პაციენტისთვის უარი ოპერაციაზე? – ზოგჯერ ეს რისკები სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ყველა ექიმი ვალდებულია, უარი თქვას ოპერაციაზე. სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი შანსი, ისიც მინიმალური, ოპერაციული ჩარევაა და გიწევს ამ რისკზე წასვლა. მიხეილ მეტრეველი: „ყოფილა შემთხვევები, როდესაც უიმედო პაციენტები გადამირჩენია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც დავმარცხებულვარ.“ – რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ ექიმს? – პირველ რიგში, წარმატებული ექიმი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია. სიყვარული აერთიანებს სიკეთეს, დახმარებას, თანადგომას. თუ ამ ყველაფრით არის ექიმი გამსჭვალული, იგი სიტყვითაც და საქმითაც უკვე მკურნალია. ექიმის წარმატება მარტო ის არაა, რომ კარგად ისწავლო, აიღო წითელი დიპლომი და სერტიფიკატები, ჩამოიკიდო ჩინ-მედლები და ამით შემოიფარგლო. პირველ რიგში, დიდი ადამიანი უნდა იყო. – კარგი ექიმის ეტალონად დიდი ადამიანი მოგყავთ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს საკმარისია? – დიდ ადამიანს შეუძლია პაციენტის გადარჩენა, რადგან უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს თავისი სიტყვით, თანადგომით, კეთილგანწყობით, ეხმარება და ბრძოლის უნარს უმაღლებს მას. ბევრი სუპერპროფესიონალი ექიმი მინახავს, რომელსაც სიტყვით „მოუკლავს“ პაციენტი. როცა ამ პროფესიით ცხოვრობ, მთელი გულით ხარ ჩართული ამ საქმეში და ზემოდან არ უყურებ პაციენტს, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად გამოგდის. – ვინ და რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ცხოვრებაში? – ვფიქრობ, ყველა ადამიანს ჰყავს მოტივატორი. ჩემს შემთხვევაში ეს ოჯახია, მეუღლე და 5 შვილი. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს – მათი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის. ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მედგა, არასდროს დავუტოვებივარ მარტო, წაქცეულს მამხნევებდა და ფეხზე დადგომაში მეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში იყო დიდი ღალატი მეგობრებისგან, რაც რთულად გადავიტანე. ამის გადალახვაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა. – ძალიან მძიმე და საინტერესო თემას შეეხეთ, მეგობრებისგან ღალატს. საბოლოო ჯამში, შეძელით პატიება? – ზოგადად, მიმტევებელი უნდა იყოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი ადამიანი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვაპატიე, რადგან არ ვმტრობ მათ, თუმცა, მეგობრობის გაგრძელება რთულია. მე არაფერი დამკლებია მათი უღირსი საქციელით, მათ კი, ჩემი სახით, ერთგული მეგობარი დაკარგეს. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას გახდის ფასეულს. ფული ქაღალდია შეიძლება გქონდეს, ან არ გქონდეს, მაგრამ კაცობა და ნამუსი არასდროს უნდა დაკარგო და ასე გაატარო წუთისოფელი. – ერთდროულად ბევრ რამეს ეჭიდებით, პირველ რიგში ხართ მეუღლე და 5 შვილის მამა, ასევე წარმატებული კარდიოქირურგი, რომელსაც უამრავი გადარჩენილი და გადასარჩენი სიცოცხლე აქვს. ამასთან ერთად, ხართ კლინიკა „ჯერარსის“ კარდიოლოგია-არითმოლოგიის, რეანიმაციის, კარდიოქირურგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის წარმატებული გუნდის ხელმძღვანელი. როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან? – ძირითად დროს სამსახურში ვატარებ. სამწუხაროდ, ჩემს თავს შვილებს ხშირად ჩემი მეუღლე უვსებს. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემს შვილებს საჭირო დროს ვერ ვუთმობ. – ურჩევთ თუ არა შვილებს ექიმობას? – მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს, რომ ექიმობა აერჩიათ. ისინიც მოიკლებენ შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობას. მიხეილ მეტრეველი: „ეს არის პროფესია, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, მსხვერპლი ხარ თავად და, ასევე, შენი ოჯახი.“ – თუ აქტიურად ადევნებთ თვალს ჯანდაცვის სისტემაში განვითარებულ ცვლილებებს და სიახლეებს, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის სიტემა? – ჯანდაცვის სისტემაში ბევრი ხარვეზია. ზოგიერთი ოპერაციის ღირებულება იმ ძვირად ღირებული მასალის ხარჯსაც ვერ ფარავს, რომელიც პაციენტს სჭირდება. მეორე დიდი პრობლემა არის ექიმის ლიცენზირების საკითხი. მხოლოდ ტესტირება არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს, გახდება თუ არა ექიმი. მრავალი ნიუანსია, რომელიც უნდა შეფასდეს. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი და შეეძლოს დახმარების გაწევა ნებისმიერი რიგითი მედიცინის მუშაკისთვის, რომელსაც ეს სჭირდება. – სხვადასხვა ქვეყნის ექიმებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. რით
ნატალი აბესაძე, 25 წლის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2022 წელს წარმატებით ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდა, სპეციალური მომზადების გარეშე. ამჟამად არის ორგანიზაციის „მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში“ პედაგოგი. ასევე, ამეცადინებს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის. არის არაერთი საინტერესო ბლოგის, სტატიის და ლექსის ავტორი. უახლოეს მომავალში გეგმავს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას. – 25 წლის ხართ და უკვე გაქვთ არაერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. რატომ გადაწყვიტეთ, ეს პროფესია აგერჩიათ? – დიახ, ჩემთვის მეოთხე სკოლაა “მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში”. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, განმარტოებით ვიჯექი და წიგნების სამყაროში ვცხოვრობდი. თანატოლებთან თამაშიც მიყვარდა, მაგრამ წიგნებში სხვა სამყარო მქონდა ნაპოვნი. სულ მინდოდა, რომ ეს სამყარო ჩემი თანატოლი ბავშვებისთვის გამეზიარებინა. ეს თვისება დღემდე მომყვება. სულ მინდოდა, რომ ის ავტორები და წიგნები, რომლებიც მართლა საოცარია და, ამ დროს, ბავშვებს დასაწყისიდანვე ბეზრდებათ, მათთვის უფრო საინტერესო და ახლობელი გამეხადა. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შევძელი, რადგან, მაგალითად, ბევრ ჩემს აბიტურიენტს შევაყვარე “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ახლა მათი სამაგიდო წიგნია. თითქოს, მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც არსებობს, დაფარული საუნჯესავით არ უნდა იდოს, მე კი შუამავალი ვარ მაგ სამყარომდე. ასე ვხედავ ჩემს თავს მასწავლებლის პროფესიაში. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე. – არასდროს გინანიათ, ან გიფიქრიათ, რომ სხვა სფეროში, შეიძლება, უფრო რეალიზებული ყოფილიყავით? – საინტერესო კითხვაა. მინანია იმ მხრივ, რომ მასწავლებლის შრომა ჩვენს საუკუნეში ურთულესია. წარმოიდგინეთ ოცამდე ბავშვი, რომლებიც ბევრად უფრო საინტერესო სხვადასხვა რამეზე ფიქრობენ, ვიდრე ეს გაკვეთილია. შენ კი უნდა შეძლო, რომ გაკვეთილი გახდეს მათთვის, თუნდაც, კომპიუტერულ თამაშებზე საინტერესო. ბავშვობაში სულ ვმღეროდი და კაბებს ვკერავდი, ეს ორი რამ ოცნებად დღემდე მაქვს. – შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რა სირთულეებს აწყდებით პროფესიული საქმიანობის დროს? – როცა მასწავლებელი ხარ, ყველას უნდა მოსწონდე. ძალიან რაფინირებული უნდა იყო. აღარ გაქვს ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის თავისუფლება. ნატალი აბესაძე: ჩვენს საზოგადოებაში ბევრს ისიც არ მოსწონს, როცა ადამიანს რაღაც საკითხებზე საკუთარი, ინდივიდუალური აზრი აქვს. – თუ განსხვავებული ადამიანი ხარ, ცხოვრება გაცილებით რთულია. ბევრად ადვილია, შენი არც ხმა ისმოდეს და არც მოსაზრება. გარკვეულწილად, საზოგადოება „გშტამპავს“ და მანამდე გააგრძელებს ამას, სანამ შენ მისცემ უფლებას. იყო პერიოდი, როცა საზოგადოებისთვის საკუთარი ლექსების და მოთხრობების გაზიარებაც მიჭირდა. – ზუსტად რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, თუ ადამიანს ინდივიდუალური აზრი აქვს? – “ჩვენ გვძულს ერთმანეთი, იმიტომ, რომ გვეშინია ერთმანეთის, იმიტომ რომ, არ ვიცნობთ ერთმანეთს” – მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებია, რაც არსებულ სიტუაციას ესადაგება. საზოგადოებისთვის საშიშია ყველაფერი, რაც უცხოა და რასაც არ იცნობს; ამიტომ, ამ უცნობის მიმართ აგრესია უჩნდება. დაცულობის შეგრძნებას საზოგადოებას ერთფეროვნება უფრო უქმნის, ვიდრე განსხვავებულობა და ეს ბუნებრივია. თუმცა, ძალიან მოსაწყენია ერთფეროვნება. ჩვენ, საზოგადოების მოსაწონები რომ ვიყოთ, ხშირად უარს ვამბობთ ჩვენს განსხვავებულობაზე, რამაც განვითარებულ გარემოში შეიძლება წარმატება მოგვიტანოს. ადამიანები ემსგავსებიან ყველას და ხშირად მალავენ საკუთარ ინდივიდუალიზმს. არადა, ინდივიდუალიზმი, შეიძლება, სწორედ ის არის, რაც პროგრესს სჭირდება. ლიტერატურაც, ფაქტობრივად, ასეთ პერსონაჟებზეა აგებული, რომლებიც განსხვავებული იყვნენ. მათ არ იღებდა საზოგადოება, რადგან, თითქოს, მომავლიდან იყვნენ და მაინც, მათი იდეები მომავალში ხორციელდებოდა. განსხვავებულობა ემპათიის, ჰუმანურობის, ლოიალობის მხრივაც ხშირად მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან მას თავისი და ხშირად სასტიკი წესები აქვს. – მადლობა ასეთი საინტერესო პასუხისთვის. მოდით, ისევ სკოლას დავუბრუნდეთ. ორი წელი პანდემიის გამო ყველა ვსწავლობდით და ვმუშაობდით ონლაინ. როგორ აისახა მსგავსი ტიპის სწავლების პროცესი მოსწავლეებზე? – ძალიან რთული ორი წელი იყო. ამ ორი წლიდან ერთი წელი მთლიანად კომპიუტერთან გავატარე. პირველი კლასის დამრიგებელი ვიყავი და ანბანი, წერა და კითხვა ვისწავლეთ ამ რეჟიმში. ონლაინ რეჟიმში სწავლა ფსიქოლოგიურადაც რთულია ბავშვისთვის და მოზარდისთვის. მყავდა პატარა გერმანელი მოსწავლე, რომელსაც კომპიუტერთან გაკვეთილები ინგლისურად უტარდებოდა. ბავშვი ძალიან ღიზიანდებოდა და საბოლოოდ, მშობლებმა უარი თქვეს ონლაინ გაკვეთილებზე. – ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ აბიტურიენტებსაც ამზადებთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად რა მიმართულებით სჭირდებათ მათ მუშაობის გაძლიერება? – თითქმის ყველა კუთხით. როგორც ლიტერატურის ცოდნის, ისე მართლწერის კუთხით. ბევრ აბიტურიენტთან სიახლე იყო ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ სკოლაში უნდა ესწავლათ. თითქმის არაფერი იცოდნენ რუსთაველის, ილიას, ვაჟას, ბარათაშვილის შესახებ, რაც ნამდვილად სამწუხაროა. უფრო მეტია საჭირო, რადგან, უბრალოდ, დასანანია, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების დრო რომ უშედეგოდ იკარგება. არ ვამბობ, რომ ლიტერატურა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია, ნატალი აბესაძე:ავის და კარგის გარჩევას ლიტერატურითაც ვსწავლობთ, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერთი საერთო კანონი აქვს:ლიტერატურა არასოდეს არის ბოროტების მხარეს. – თქვენი დაკვირვებით, რა ხარვეზებია განათლების სისტემაში? – მთლიანად, განათლების სისტემა ფეხს ვერ უწყობს აწმყოს და მომავლის გამოწვევებს. მსოფლიო გამუდმებით ახლდება, ჩვენ კი შეიძლება ისეთ რამეებს ვსწავლობდეთ წლები, რაც არასოდეს გამოგვადგება. ყველა ადამიანში არის მიდრეკილება, ინტერესი და ნიჭი, მაგრამ ბავშვებს ყველაფრის სწავლას ვაძალებთ და ბოლოს გამოდის, რომ, არაფერი რჩება მახსოვრობაში. კარგია ზოგადი განათლება, რა თქმა უნდა, ის ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესო იყოს მასთან საუბარი. მაგრამ, არსებითია ისიც, რომ მოსწავლეები იმ კუთხით განვითარდნენ, რაც მათი შინაგანი მოწოდებაა. ამ დროს შეიძლება მათ ვაიძულებდეთ, 12 წელი გაატარონ მერხთან და წლები ისწავლონ არასასურველი საგნები. ბევრი ადამიანი ოცნებობს, შეეძლოს იმის კეთება, რაც გულით უნდა და რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ადამიანს რომ უფრო თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს გარკვეული ასაკიდან, ალბათ, უტოპიურად კარგ სამყაროში ვიცხოვრებდით. – პროფესიის გარდა, მინდა, სხვა თემებსაც შევეხო. წავიკითხე თქვენი ბლოგები, გადავხედე თქვენი სოციალური ქსელის გვერდს და ხშირად პირდაპირ ან ირიბად წერთ პატრიარქალურ საზოგადოებაზე. რა გახდა თქვენთვის ამ თემაზე წერის მთავარი მიზეზი? – შეიძლება, ქალად დაიბადო ჩვენს ქვეყანაში და ეს თემა არ გაწუხებდეს? – უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ? – ჩვენს ქვეყანაში ქალს თავისი ქცევის კოდექსი აქვს, როცა კაცს, შეიძლება, არც ჰქონდეს ეს კოდექსი. ალბათ, ქალად უნდა დაიბადო, რომ მიხვდე, რა რთულია გაწერილი კოდექსით ცხოვრება. ადამიანის ზოგადი უფლებები, როგორიც არის პატივის, ღირსების ხელშეუვალობა, პიროვნების განვითარება, – ქალთან მიმართებით ხშირად ირღვევა. ქალს ბუნებრივადაც უფრო მეტი ბარიერი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს და თუ ამას გადაჭარბებული პატრიარქატის კანონები დაემატა, ფაქტობრივად, მისი გზა ჩახერგილია. ეს, რა თქმა უნდა, არის უსამართლობა, ადამიანის სახლში გამოკეტვა და მისი სამუშაოდ არგაშვება, ცემა, ძალადობა, შანტაჟი. ამ ჩამონათვალის არც ისე ცოტა შემთხვევა ვნახეთ დღემდე. საზოგადოების განვითარება თვითონ მოიტანს დისკრიმინაციის აღგვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს განვითარება მიდის ტაატით. ემპათიის უნარის გამომუშავება, ზოგადად, ქალის მიმართ, თვითონ სხვა ქალებსაც უჭირთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ემპათია ოდნავ მაშინ იღვიძებს, თუ კაცს წარმოვიდგენთ ქალის დღეში. ამ ყველაფრის ფონზე გარშემო მომრავლდნენ ქალები, რომლებიც უარს ამბობენ ქორწინებაზე. მშობლებისგან ბევრ ქალს თითქმის არანაირი ქონება არ რჩება და ეს ხდება ეკონომიკურად ისედაც რთულ რეალობაში, სადაც ოჯახის დაგეგმვა გართულებულია. – თქვენთვის რას ნიშნავს გენდერული ბალანსი? – პირველ რიგში, გენდერული ბალანსი არის იქ, სადაც არის სამართლიანობა. ალოგიკურია, საზოგადოება მიიჩნევდეს თავის თავს განვითარებულად და უსამართლოდ ექცეოდეს ქალს, ბავშვს, მოხუცს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელს… გლობალიზაციას აქვს უარყოფითი მხარე – ინდივიდუალური კულტურების საბოლოოდ მოშლას და ასიმილაციას იწვევს. მაგრამ დადებითი მხარე ნამდვილად ის აქვს, რომ ჩაკეტილი საზოგადოებები, თუნდაც, ინტერნეტის მეშვეობით იგებენ, თუ როგორი მიუღებელია
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ ფოტოობიექტივით დანახული ადამიანები თბილისში, კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში. ფოტოები გადაღებულია საგან “ფოტოჟურნალისტიკის” დავალებების ფარგლებში. ლექტორი: ოლიკო ცისკარიშვლი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ავტორი: ლუკა ამბალია
გურამ აბაშიძე, წლებია თბილისში ცხოვრობს, დიდ დიღომში. იგი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, საგანი – „ციფრული მედია და კომუნიკაცია“. გურამმა, საგნის „ციფრული თხრობის“ ფარგლებში ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა და მოამზადა მასალა სასმელი წყლის შესახებ, რომლის გმირი თავადვე გახდა. გურამ აბაშიძე: “მე, მაინტერესებდა როგორ სასმელ წყალს ვსვამთ. ამიტომ, თავდაპირველად სამზარეულოს ონკანიდან წყალი პლასტმასის ბოთლში ავავსე და შესაბამისი კვლევისთვის თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წავიღე. იქ, ეს წყალი არ ჩაიბარეს და მომცეს ინსტრუქცია, თუ როგორ შემეგროვებინა წყალი ონკანიდან, რომელსაც მთელი პროცედურები სჭირდებოდა და რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით”. ნაბიჯი 1 ონკანიდან წყლის სინჯის აღებამდე, მილი უნდა გაასუფთავოთ და ცეცხლის ალი მოავლოთ. ნაბიჯი 2 როგორც აღმოჩნდა, თუ წყალი სასმელად ვარგისი გინდათ იყოს, სულ მცირე 15 წუთი მაინც უნდა ადინოთ. თან, ონკანი ბოლომდე მოუშვათ. გურამ აბაშიძე: “ამ ექსპერიმენტის დროს დამაინტერესა, რამდენი ლიტრი წყალი შეგროვდებოდა იმ 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე ონკანი მოშვებული მქონდა და ამიტომ დავთვალე. ამ დროში, 477 ლიტრი წყალი შევაგროვე. სწორედ მაშინ, ასეთი კითხვა გამიჩნდა – თუ სუფთა წყალი მინდა დავლიო, თუნდაც ერთი ჭიქა, ამისათვის 15 წუთის განმავლობაში წყალი უნდა ვადინო? და თუ რამდენჯერმე მომინდება ონკანიდან წყალის დალევა, რა დრო და ფული დასჭირდება ამას?” როგორც ცნობილია, GWP-ს ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას არის 0.500 ლარი 1მ3-ზე. ნაბიჯი 3 ვიდრე წყალი ონკანიდან უწყვეტად მოედინება, ჭურჭელი უნდა მოამზადოთ. ეს, აუცილებლად შუშის ქილა უნდა იყოს რკინის თავსახურით და არა პლასტმასის. ნაბიჯი 4 წყალი კარგად უნდა ადუღდეს, ვიდრე მასში ჭურჭელია მოთავსებული. ნაბიჯი 5 გამოხარშულ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ სულ მცირე ნახევარი ლიტრი წყალი ონკანიდან, თავსახური კარგად მოუჭიროთ და ლაბორატორიაში მიიტანოთ, წყლის აღებიდან მაქსიმუმ ერთი საათის შუალედში. ნაბიჯი 6 სსიპ სოფლის მეურნეობის სახელწიფო ლაბორატორიაში, 2 ტიპის კვლევა ტარდება: წყლის სასმელად ვარგისიანობაზე და ქიმიური. გურამმა 96 ლარი გადაიხადა პირველ კვლევაში, მეორე გაცილებით ძვირი ღირს. პასუხი 5 სამუშაო დღეშია. ნაბიჯი 7 დიდი დიღმიდან აღებული წყალი, ლაბორატორიამ შეაფასა როგორც სასმელად ვარგისი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სასმელი წყალი უნდა იყოს ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით უსაფრთხო, ხოლო ქიმიური შემადგენლობით უვნებელი იმისათვის რომ სანიტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. უვარგისი სასმელი წყალი ხშირად ხდება ინფექციური დაავადებების მიზეზი, რომლის დროს ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, ჭიებით და სხვა. წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით, რომელთა შორის ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რასაც ძირითადად დიარეა ახასიათებს. სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მომხმარებლებზე განაწილება. თბილისს წყლით „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“ GWP ამარაგებს. წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია. თუმცა, ვიდრე წყალი სასმელად ვარგისი გახდება რთულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. GWP-ს ინფორმაციით, დედაქალაქში წყალი წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელის საშუალებით ნაწილდება, საიდანაც მომხმარებელების ონკანებამდე სასმელი წყლის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.თბილისისთვის წყალს მოიპოვებენ მდინარე არაგვიდან, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის ზღვიდან, ღრმაღელესა და სამგორის სათავე ნაგებობების საშუალებით. წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება. თბილისში წყალმომარაგება 24 საათიანია. მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე, IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი მასალის რედაქტორი: ეკა ფირცხალავა, IBSU-ს “მედია ცენტრის” ხელმძღვანელი