შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 10

ვინც გია ჯაჯანიძეს მხოლოდ ტელევიზორით იცნობთ, დიდი სიურპრიზი გელოდებათ. მრავალი წელია მაყურებელი ტელეეთერით ადევნებს თვალს და მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა მისი გარეგნობითა თუ ქცევებით. მან ჩვენთან ბევრი საინტერესო დეტალი გააჟღერა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა. ვნახოთ, როგორია გია ჯაჯანიძის ეკრანული და ეკრანს გარეთ ცხოვრება, რა კომპლექსები აქვს ტელეწამყვანს, როგორ მიაღწია ასეთ ცნობადობას და  გავეცნოთ მის პოლიტიკურ შეხედულებებს. ბატონო გია, საკმაოდ ცნობილი ტელეწამყვანი ხართ, თუმცა შესაძლოა გაქვთ ისეთი პროფესიებიც, რომლებზეც ინფორმაცია შეიძლება არ გვქონდეს. შესაბამისად, პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი თავდაპირველი პროფესია რა იყო? მე პროფესიით ვარ კინორეჟისორი და ჟურნალისტი. ასევე დაახლოებით 40 წლის ასაკში ჩავაბარე ფილოსოფიურზე, ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორიც. ამჟამად კი 42 წელია ვმუშაობ ტელევიზიაში. თქვენზე ამბობდნენ ფსიქოლოგიაო, მეგონა ამასაც იტყოდით. არა, როგორც ასეთი, ფსიქოლოგია დამთავრებული არ მაქვს. ეს უბრალოდ „მომაწებეს“ იმიტომ, რომ მეგობრებს კარგ რჩევებს ვაძლევდი. და მაინც, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ტელევიზიაში? ჯერ ვმუშაობდი კინოსტუდიაში გამნათებლად და მუშად, პარალელურად კი თეატრალურშიც ვაბარებდი. ტელევიზიაში თითქმის ყველაფერზე ვიმუშავე. თავდაპირველად რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, მერე უშუალოდ ჟურნალისტად ვმუშაობდი, ოპერატორად, მონტაჟისტად. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი ტელევიზიაში. ძალიან დიდი ხანია ,,სხვა რაკურსის“ წამყვანი ხართ და ეს პროექტი დღემდე დიდი რეიტინგით სარგებლობს. როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ამ გადაცემამ მართლაც რომ დროს გაუძლო? ნამდვილად, 10 წელია უკვე არ დავარდნილა მისი რეიტინგი. ამ პროექტის წარმატების გასაღები ის არის, რომ ეს გადაცემა ნამდვილია. არცერთ შოუში არ ხდება, რასაც ახლა გეტყვით. მე ჩემს რესპოდენტებს წინასწარ არ ვხვდები და არ ვეუბნები კითხვებს. უბრალოდ ვიცი რაღაც ამბავი და დამთავრდა, დანარჩენი გადაცემაში ხდება ბუნებრივად. ჩემს შოუს ძირი აქვს ნამდვილი, არ არის დადგმული და ხალხსაც ეს მოსწონს. ასევე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი გადაცემის თემატიკის მრავალფეროვნებაა. და გაამართლა ამ გადაცემამ თქვენი მოლოდინები? გამაართლა და გადააჭარბა კიდეც. ამის შემდეგ ხალხისგან იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, არ ვიცი. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, გარდაუვალია ოდესმე რაღაც გადაცემის დახურვა და ახლის წამოწყება. ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ,,სხვა რაკურსის“ დახურვის შემთხვევაში იცით რასაც გააკეთებთ, თუმცა მაშინ არ გაასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია. იქნებ გაგვანდოთ, რა გაქვთ იდეაში? გარანტია არ მაქვს რომ ეს პროექტი განხორციელდება, თუმცა ძალიან მომწონს და გეტყვით. მინდა გავაკეთო ბორბლებზე შემდგარი დიდი ტელევიზორი და შემოვიარო მთელი საქართველო. გავჩერდები ქალაქებში, ამოვიყვან ხალხს, გავესაუბრები. ხალხმა დამარწმუნდა საკუთარ თავში და იმედიც მაქვს, რომ ეს გამომივა. თან ხალისის მომტანიც ვარ, ეს ნამდვილად ვიცი. განსხვავდება თუ არა გია ჯაჯანიძე ტელევიზიასა და რეალურ ცხოვრებაში? კი, განსხვავდება. ეკრანზე თითქმის სულ ვერთობი, რეალურად კი საერთოდ არ მიყვარს წვეულებები, გართობა და ხალხმრავლობა. მარტოობა უფრო მიყვარს, ამ დროს სულიერად ვისვენებ, რადგან რეალურად დასვენება საერთოდ არ მაქვს გრაფიკის გამო. ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, საინტერესოა, რომელ მოგზაურობას გამოარჩევთ? არცერთს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოგზაურობა არ მიყვარს. არის ერთი ანდაზა: ,,რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდეს.“ დიახ, მაგრამ ეკრანებზე რასაც ვხედავთ, საერთოდ არ გეტყობათ, რომ თქვენ მოგზაურობა გეზარებათ იმიტომ, რომ საინტერესოა. ბევრ რამეს ნახულობ,მიხარია, მიყვარს რომ ჩავდივარ, თუმცა არაფრით არ ვარ აღფრთოვანებული. ამერიკაში 25-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ მერე რა, საქართველო მირჩევნია. საქართველოს გარეშე ვერასდროს ვერ გავძლებ. ძალიან ბევრი სტატიაა დაწერილი თქვენზე, იქიდან გამომდინარე, რომ აქტუალურობას არ კარგავთ. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა თქვენზე დაწერილ სტატიას გაუღიზიანებიხართ? ცოტა ვრცელი ისტორიით დავიწყებ. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი ინტერვიუ მივეცი გაზეთს ,,ეკრანის ამბები“. ბოლო სამი დღე ნერვიულობით ვკვდებოდი, არ ვაჭარბებ მართლა. რომ ვნახე ინტერვიუ შოკში ჩავვარდი, უბედნიერესი ვიყავი და ერთი სული მქონდა ყველას ენახა. ჟურნალისტს ინტერვიუს რომ ვაძლევ, შედეგებისთვისაც მზად ვარ. თუ სწორად ილაპარაკებ, ვერაფერს ვერ დაამახინჯებს და თუ მაინც ასე მოიქცა, ესე იგი უნდოდა და გააკეთა, არ დავეძებ, შესაბამისად არც ჩემზე დაწერილ სტატიებს დავეძებ დიდად. ეს კი არა, რომ მლანძღავენ იმაზეც არ ვღიზიანდები. ყველა ისე გხედავს, როგორც უნდა, მთავარია მე ვარ ბედნიერი. გეტყობათ, რომ ძალიან თავისუფალი ადამიანი ხართ, მაგრამ თითქმის არასდროს საუბრობთ თქვენს კომპლექსებზე. რა გაკომპლექსებთ, რასაც ვერ ვხედავთ? გამოკვეთილად მართლა არ მაქვს რამე კომპლექსი. მაგრამ ხანდახან ჩაცმულობის გამო სადმე წასვლის კომპლექსი მაქვს, ვგულისხმობ ოფიციალურ გარემოს. მაგალითად, უცებ თუ გავიგე ვინმე გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა მივიდე, ვერ წავალ თუ შესაბამისად არ მაცვია იმ მომენტში. კარგად მოგეხსენებათ როგორ მიყვარს განსხვავებულად ჩაცმა. თუმცაღა, ალბათ ყველაზე დიდი კომპლექსი მაქვს მაშინ როცა ადამიანები მირეკავენ და მთხოვენ გადაცემაში მოწვევას. ხშირადაა მსგავსი მომენტები? ძალიან. სპეციალურადაც დავაპირე ყველა ასეთი ადამიანის მოწვევა, ოღონდ რუბრიკას ერქმეოდა ,,გამომაჩინე ტელევიზორში“ და არავინ აღარ მოინდომა მოსვლა (იცინის). რა გაჟღერებულა ხალხისგან თქვენ მიმართ, რამაც დიდი უსამართლობის შეგრძნება დაგიტოვათ? ის, რომ ყალბი ვარ. ნახონ როგორ ვზივარ ლილოში და ვსვამ ყავას, როგორ დავდივარ ბაზარში და ვზივარ ჩვეულებრივ გამყიდველებთან. მე უბრალოება მიყვარს და საერთოდ არაა ის ჩახუტება და სიყვარული ყალბი, რასაც ტელევიზორში ხედავთ. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ძალიან გინდოდათ ბიძინა ივანიშვილისგან აგეღოთ ინტერვიუ და სხვა რაკურსით დაგენახებინათ ხალხისთვის. დღესაც გაქვთ ამის სურვილი? ეს ისეთი სურვილი იყო, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანთან მენდომებოდა ინტერვიუ. როგორი კუთხითაც იცნობს მას მომხრე, მოწინააღმდეგე თუ ვიღაც სხვა, ვიცი, რომ არის რაღაც ახალი რაკურსი, რომელიც მინდა მაყურებელს ვაჩვენო. უფრო რომ დააკონკრეტოთ? წარმოვაჩინო მისი უბრალო მხარე, თუნდაც ის ფეხშიშველი რომ დადის და ისიც უბრალოდ ადამიანია. ისეთი მხარე, რომელიც ვერც სხვას და ვერც მე რომ ვერ წარმომიდგენია. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის ნახატი მაქვს დახატული, რომელიც ახლა სახლში მიდევს. სახლში რატომ? არ მომეცა შესაძლებლობა შეხვედრის. ეს უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს? ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი ვარ საქართველოში. ყველა პრეზიდენტს უღალატა გარემოცვამ და მე ყველა მტკივა, განურჩევლად. ვფიქრობ, ამ კუთხით ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული ადამიანი ვარ. ანუ თვლით, რომ აპოლიტიკურობა და დემოკრატია ერთმანეთის პროპორციულია? დიახ, მე ვთვლი ასე. ადამიანს პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღვიქვამ, არ შემიძლია. დაბოლოს, რას გვირჩევთ სტუდენტებს? ერთადერთ რამეს გეტყვით, იცხოვრეთ საინტერესოდ. მერწმუნეთ, რომ უფრო წარმატებულები იქნებით. და კიდევ, არცერთი ლექტორი არ დაივიწყოთ, კარგიც და ცუდიც, ორივე განგავითარებთ.   მასალის ავტორი: ელენე სავანელი ინტერვიუ მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.  

IBSU რადიოში მარი ლეთოდიანი სტუდენტური კლუბების შესახებ რუბრიკას ამზადებს. მისი დღევანდელი სტუმარია “აზიის კლუბის” ხელმძღვანელი თეკლა მამფორია. – მოგესალმები თეკლა, მადლობა, რომ ხართ ჩვენთან. დავიწყოთ თავიდან, როგორ გაჩნდა შენი ინტერესი აზიური კულტურის მიმართ? – ინტერესი აზიური კულტურისადმი ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მქონოდა შეხება სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან, შედეგად ბავშვობიდან ვეცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებას, სამზარეულოსა და ლიტერატურას. მათ შორის იყო აზიური ქვეყნების კულტურა და ტრადიციები. დავიწყე აზიური ლიტერატურის შესწავლით, როგორიცაა ჰარუკი მურაკამის და იუკიო მიშიმას ნამუშევრები მქონდა შესაძლებლობა რომ დავსწრებოდი კულტურულ ფესტივალებს და აზიელი მხატვრებისადმი მიძღვნილი ხელოვნების გამოფენებს. ამ გამოცდილებამ კი არა მხოლოდ გააღრმავა ჩემი გაგება, არამედ განავითარა ჩემი გატაცება აზიური კულტურების მიმართ. – რა გამოარჩევს აზიის კულტურას სხვა  ქვეყნის კულტურისგან? –  აზიური კულტურის ერთ-ერთი მომხიბლავი ასპექტია მისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნება. იგი მოიცავს უამრავ ქვეყანას, ენას, რელიგიას, ტრადიციებსა და ისტორიებს. შეუძლებელი იქნებოდა აზიური კულტურის რამდენიმე წინადადებით შეჯამება, მაგრამ ვეცდები გაგიზიაროთ ზოგიერთი გამორჩეული ელემენტი, რომლებიც ხშირად ასოცირდება ზოგიერთ აზიურ კულტურასთან. – აქვს თუ არა ქართულ და აზიურ კულტურას რაიმე საერთო? –  გასაოცარია მაგრამ ქართულ წეს-ჩვეულებებს საკმაოდ ბევრი საერთო აქვს სხვადასხვა აზიური ქვეყნების კულტურებთან. თუ ზოგადად მივუდგებით შეიძლება ვახსენოთ სტუმართმოყვარეობა: როგორც ქართული, ასევე აზიური კულტურები ცნობილია სტუმართმოყვარეობითა და სტუმრების მიმართ პატივისცემით. აქცენტი ოჯახზე: ორივე კულტურა ხაზს უსვამს ოჯახურ ღირებულებებს, უფროსების პატივისცემას, მჭიდრო ოჯახურ ურთიერთობებსა და ოჯახის ერთიანობის მნიშვნელობას. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ არის ტრადიციები რომლებიც შეიძლება ითქვას რომ იდენტურიც კია. მაგალითად კორეული კულტურის მოყვარულებს ალბათ ეცოდინებათ “პანაშვიდის ტრადიცია”, რომელიც ქართულ პანაშვიდს საკმაოდ ჰგავს დაწყებული გარდაცვლილის ოჯახისთვის ფინანსური თანადგომით, გვირგვინითა და გარდაცვლილის ფოტოთი ხელში გასვენების ცერემონიალის გაძღომით, დამთავრებული ქელეხითა და გარდაცვლილის საფლავზე ალკოჰოლის მოსხმით. მსგავსი მსგავსებები არაერთ აზიურ ტრადიციებთან გვაქვს. – იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში გვაქვს კიდევ კორეისა და იაპონიის კლუბი, კოლაბორაციები თუ ეწყობა ხოლმე? – აღსანიშნავია ის ფაქტი რომ უნივერსიტეტში იგეგმება მუსიკის ფესტივალი  რომლის დაგეგმვაშიც 6 კლუბი ერთობლივად ვიღებთ მონაწილეობას, ასევე ჩართულია კორეული კულტურის კლუბიც. როგორც ცალკეული კოლაბორაცია სამწუხაროდ კლუბებს შორის ჯერ არ შემდგარა,  მაგრამ დიდი იმედი გვაქვს რომ ახლო მომავალში შევძლებთ მათთან ერთად უფრო მულტიკულტურული ივენთები შემოგთავაზოთ. –  კონკრეტულად თქვენი კლუბი რას სთავაზობს სტუდენტებს? – კლუბის მთავარი მიზანია საინტერესო ივენთების, საგანმანათლებლო პროექტებისა და სახალისო თამაშების მეშვეობით სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა რომ გაეცნონ აზიურ ტრადიციებს, ისტორიას, ხელოვნებასა და სამზარეულოს. – რას გეგმავს აზიის კლუბი ახლო მომავალში?     15 ივნისს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ფარნების ფესტივალი. ფესტივალი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: quizz on asia : მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის სტუდენტები და ლექტორები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ინტელექტუალურად მასტიმულირებელ ვიქტორინაში, რომელიც ამოწმებს მათ ცოდნას აზიური კულტურების შესახებ. ორიგამის მასტერკლასი: ორიგამის ოსტატები გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას და შეასწავლიან მონაწილეებს ქაღალდის დაკეცვის ხელოვნებას გოს მასტერკლასი: მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გოს გამოცდილი მოთამაშეებისგან შეისწავლონ და აღმოაჩინონ ამ უძველესი სტრატეგიული თამაშის სირთულეები. ინდური ჰენით (ხნით) მოხატვის მასტერკლასი: გამოცდილი ინდოელი არტისტები სტუდენტებს გაანდობენ ამ უძველესი ხელოვნების საიდუმლოებებს და ასწავლიან მონაწილეებს როგორ გამოიყენონ ჰენის პასტა დელიკატური დიზაინის შესაქმნელად. ტრადიციული იაპონური/ჩინური ჩაის დეგუსტაცია: მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ჩაი იაპონიიდან და ჩინეთიდან თამაშები:მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი საინტერესო თამაშები, როგორიცაა ჯენგა, კარტი და ჭადრაკი, რათა ისიამოვნონ მეგობრული შეჯიბრებებით. მინი კონცერტი ცაში ფარნების გაშვება: ცაში ფარნების გაშვება ღონისძიების მთავარი ნაწილია, მონაწილეები ღამის ცაში გაუშვებენ ლამაზად მორთულ ფარნებს, რაც იმედის, სურვილებისა და ახალი წამოწყებების სიმბოლოა. – სტუდენტი როგორ იღებს ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ? -უახლოეს მომავალში დაიდება პოსტები და ასევე მათ პირად სტუდენტურ მეილებზე მიუვათ დეტალური ინფორმაცია და სხვადასხვა მასტერკლასებზე წინასწარ ჩაწერისთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ლინკი: დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კლუბის ფეისბუკ გვერდზე ან მეილზე ( ibsuasiancultureclub@gmail.com ) ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მე “ფეისბუკზე”    მასალის ავტორი: მარი ლეთოდიანი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ეზოში დილის 10 საათიდან დასაქმების სტუდენტური ფორუმი იმართება. ეზო სავსეა სტუდენტებით, სხვადასხვა კომპანიის თუ ორგანიზაციას წარმომადგენლებს გამოფენილი აქვთ თავიანთი ბანერები და აქტიურად ესაუბრებიან სტუდენტებს. მაია სამქანაშვილი, IBSU-ს კარიერული დაგეგმვის სამსახურის უფროსი: “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად იმართება სტუდენტებისთვის, რომელშიც მონაწილეობენ როგორ კერძო ისე საჯარო სტრუქტურის მიმართულების კომპანიები და ორგანიზაციები. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დასწრება. არ აქვს მნიშვნელობა პირველკურსელი იქნება თუ მეოთხე, რადგან აქ არის შემოთავაზებები, როგორც სპეციალობის, ასევე არასპეციალობის ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე. დასაქმების ფორუმზე არსებული კომპანიები სტუდენტებს აცნობენ არსებულ ბაზარზე დასაქმების/სტაჟირების პერსპექტივებს. ასე, რომ ეს შეხვედრა მორგებულია როგორც სტუდენტებზე, ასევე კურსდამთავრებულებზეც. ყველას წარმატებას ვუსურვებ”. ანა ასათიანი: „მე ვარ ანა ასათიანი, Lemons Group-ის მარკეტინგის მენეჯერი. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა უძრავი ქონების მრჩეველის პოზიციის და სატელეფონო გაყიდვების აგენტის ვაკანსიები. ჩვენ ვართ მზარდი კომპანია და მუდმივად გვაქვს ვაკანსიბი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველთვის ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, დავასაქმოთ სტუდენტები და ახალგაზრდები. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რადგან ჩვენ გვაქვს როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკევთი. დღეს, ძალიან აქტიურად იყვნენ სტუდენტებიც ჩართულები , 30-ზე მეტი CV მაქვს შეგროვებული, გადავხედავ და შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე დავიბარებ.“ დამსაქმებლებთან ერთად სტუდენტების განწყობით ვინტერესდები, როგორ მოერგო მათ მოთხოვნილებებს  შეთავაზებები. ალექსი კინწურაშვილი: “მე ვარ ალექსი კინწურაშვილი, საერთაშორისო ურეთიერთობების ქართული სექტორის პირველკურსელი. Lemons Group -ის სოციალური ქსელი დავათვალიერე და მიხვდი, რომ ამ კომპანიას შეეძლო ჩემთვის ისეთი პირობები შეეთავაზებინა რომლებიც კარიერულ განვითარებაში დამეხმარებოდა. ჩემთვის საინტერესოა ისეთი პირობები, როცა სწავლის და სამსახურის შეთავაზება შეიძლება”. 12 საათისთვის, IBSU-ს ეზოში სტუდენტების რაოდენობა მატულობს. ხმაურია „გორგიას“ სტენდთანაც. სტუდენტები რიგში დგანან გასაუბრების მოლოდინში. შესაძლოა, კარგ შემთხვევაში სამსახურიც დაიწყონ. “გორგიას” წარმომადგენელს ვესაუბრებით. სოფო კობაიძე: „მე ვარ  სოფო კობაიძე. დღეს, სტუდენტების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე აქტიური გვაქვს სტაჟირება შესყიდვების და მარკეტინგის  დეპარტამენტში, შესაბამისად ამ პოზიციებზე განვიხილავთ სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს მათზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გრაფიკი და იმედი გვაქვს სტუდენტებს შევარჩევთ აღნიშნული პოზიციისთვის”. IBSU-ს ეზოში ვხედავთ ICI PARIS წარმომადგენლებს და ვესაუბრები მათ დახლთან მისულ სტუდენტს. “მე ვარ მარიტა ჩიტაშვილი, ინგლისური ფილოლოგიის პირველკურსელი. ამ კომპანიამ მიმიზიდა, რადგან ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და კმაყოფილია როგორც გარემოთი, ასევე სხვა პირობებით. მე, როგორც სტუდენტს, ჯიბის ფული მჭირდება. ინგლისურის ფილოლოგიის განხრით რთულია ჯერ-ჯერობით სამსახურის შოვნა. ამიტომ, ვფიქრობ, აქ მუშაობა დამეხმარება და გამოცდილებაც დამიგროვდება. გრაფიკიც საკმაოდ მოქნილი შემომთავაზეს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ლექციები  სხვაფასხვა დროს მემთხვევა.“ დღის სამი საათისთვის დასაქმების სტუდენტური ფორუმი დასასრულს უახლოვდება. ეზოში ძალიან ბევრი კმაყოფილი სტუდენტია, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წარმატებით გაიარეს გასაუბრება. IBSU-ში დასაქმების ფორუმი შემდეგ წელს გაიმართება.   მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი   

მოგონებები: შესავალი – მარტო უცხო ქვეყანაში მე ვარ მარიამი, 21 წლის და ეს ჩემი პოდკასტია, რომელიც შეეხება ჩემს ევროპულ გამოცდილებას. 2022 წლის ივნისში გავიგე, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო: ესტონეთი, ტარტუს უნივერსიტეტი და ინგლსური ენისა და ლიტერატურის მიმართულება მელოდებოდა. ჩემში დიდი უცნაურობა, კომფორტის დახშობა და შიში გამოიწვია პროგრამის აპლიკაციის შევსებამ, შემდეგ უკვე ტესტმა და საბოლოო ჯამში – გასაუბრებამ. ვერც კი ვხვდებოდი, როგორ მეყო იმის ძალა, რომ ყველა ეტაპი გადამელახა. საბოლოოდ კი, ცოტა არ იყოს დაბნეული, 2022 წლის 22 აგვისტოს თვითმფრინავში ავედი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. გავემგზავრე და არც კი ვიცოდი, სად მივდიოდი, რა მოლოდინები მქონდა, რისი მიღება მსურდა… ეს პოდკასტი შეეხება ზუსტად ამას – დაბნეულობას, შიშსა და გაურკვევლობას; შესაძლებლობებს, რომლებიც ჩემს წინ უეცრად გადაიშალა, როგორც კი ევროკავშირის მიწაზე დავდგი ფეხი. ეს პოდკასტი შეეხება პატარა გოგონას და მის ოცნებებს მოგზაურობაზე, რომელებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებამ და გადაადგილების შეზღუდვამ არარეალურად უქცია. და რაც ყველაზე მთავარია, ეს პოდკასტი შეეხება ოცნებებს, რომლებიც სრულდება. მარიამ ქობალია: “როდესაც პირველად ჩავედი, ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, სად ჩამოვედი, რისთვის… ელემენტარულის გაკეთებაც კი ვერ შევძელი… უცხო ხალხს ისიც კი ვერ ვკითხე, კონკრეტულ ლოკავციამდე როგორ უნდა მივსულიყავი, ვინაიდან თავიდან ესტონური ნომრები არ გვქონდა და შესაბამისად, რუკასაც ვერ ვიყენებდი გარეთ ყოფნის პერიოდში. ეს ყველაფერი სიახლეების შიშმა გამოიწვია… მეორე და მესამე დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად გავიაზრე. მარიამ ქობალია: “ახალი ადამიანების გვერდში ყოფნის მიუხედავად, საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა და კონტროლი შემძლებოდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში ნებისმიერი საკითხი მაინც ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა…”   ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ ვიღებდი გადაწყვეტილებებს, როგორ ვსწავლობდი ტარტუს უნივერსიტეტში, ვმოგზაურობდი ევროპაში, რას ვუსმენდი, რა მიხაროდა და თუ რა გადამხდა ისეთი, რაც არასოდეს განმეორდება.   მასალის ავტორი: მარიამ ქობალია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

გაზაფხული დგება, ზამთრის თრთვილს ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ცვლის მორცხვი, ჯერ კიდევ სითეთრეში ჩაფლული ია, შემდეგ კი მწვანე ბალახიც წამოიშლება. ეს უამრავი ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ხო, რა მოხდა, გაზაფხული მოვიდა. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მაგრამ რატომ? განა რა არის იმაზე უკეთესი, თუ ყოველ გაზაფხულს სიცოცხლის საწყისად, ბნელი, ცივი დღეების გამახალისებლად მივიჩნევთ. ეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობა, ახალი დღის და ახალი სიცოხლის დასაწყისი, რომელიც აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი დღის შესწავლა განვიზრახეთ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა. ჩვენი მიზანი პრაქტიკუმის საგნის ფარგლებში იუნესკოს არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და შემდგომ საზოგადოებისთვის გაზიარებაა, ნოვრუზ ბაირამი კი ერთ-ერთი პირველია , რომლითაც დავიწყეთ. უფრო ახლოდან რომ გვენახა თუ როგორ აღინიშნება ეს დღესასწაული, 21 მარტს, ნოვრუზის დასრულების დღეს, გვიმასპინძლა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტმა მედინა ოზლამი მამედოვამ და საშუალება მოგვცა შეგვესწავლა ეს დღე, ტრადიციები რაც მას ახლავს და რაც მთავარია პრაქტიკაში გამოგვეყენებინა ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ : ვიდეოს გადაღების ტექნიკა, დეტალებზე აქცენტირება, რესპოდენტთან მუშაობა, კომუნიკაცია, ფოტოს გადაღება, კონცენტრირება… პროცესში კიდევ უფრო გავაცნობიერე რა სირთულეებთან გვქონდა საქმე. სურათი ასეთია: ქალბატონი ეკა მითითებებს გვაძლევს.  ერთ კადრს სხვადასხვა მხრიდან ვიღებთ. სახლი საკმაოდ საინტერესოა. რესპოდენტის თქმით, ძალიან ძველია და არც შეიძლება მისი რეკონსტრუქცია. კედლებს ვათვალიერებ და ყურანის ენას ვცნობ, ნაცნობი ასოები იკვეთება და გონებაში ვფიქრობ, რომ ალბათ ყურანიდან რომელიმე ამონარიდი წერია. მე ფოტოებს ვიღებ და ვცდილობ კარგი მომენტები დავიჭირო. ეთა მედინას მეგობრის როლს ასრულებს, ვცდილობთ აღვბეჭდოთ მომენტი, როგორ აღნიშნავს მედინა ამ დღესასწაულს თავის მეგობრებთან ერთად. ნოვრუზ ბაირამში,  ვხედავ, რომ გაერთიანებულია ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციები. როგორებიცაა: კვერცხების შეღებვა, ერთმანეთზე მირტყმა – ეს ხომ ჩვენთვის აღდგომაა, ასევე როგორიცაა კარებზე დაკაკუნება და ტკბილეულის ჩაყრა ქუდში – ეს კი ბერიკაობაა. პარალელს ვავლებ გონებაში და ვხვდები, რომ არც ისეთი უცხო არაა ეს ტრადიცია ჩვენთვის. კითხვაც კი მიჩნდება რატომ მხოლოდ მუსულმანები?. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტრადიციას რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ რა გვიდგას წინ, რომ ვიზეიმით? – ალბათ არც არაფერი.  პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ლუკა კამერასთან მუშაობს, გადაღების სირთულეებს ეჭიდება, ქალბატონი ეკას რჩევებს ითვალისწინებს, გიორგი ლუკას ეხმარება, ყველანი ჩართულები ვართ. მედინა გვაჩვენებს ხახვის ფოთლებით როგორ ღებავენ კვერცხებს. მკითხაობის მსგავსი ღონისძიებებიც აქვთ. ჭიქაში ძაფზე ჩამოკიდებულ ბეჭედს დებენ და ითვლიან სანამ არ გაჩერდება. როცა გაჩერდება გავიგებთ რამდენი წლისას გათხოვდება. ჩვენც მოვსინჯეთ, ანკამ და მარიამმა ბედი სცადეს და ძალიან სახალისო იყო. ბოლოს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა და დაგვეგემოვნებინა ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული კერძიც. საკმაოდ სინტერესო, შემეცნებითი და მრავლის მომცველი დღე გამოვიდა. ამ ერთ დღეში გამოვიმუშავე ის უნარჩვევები, რომლებიც ყველა ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი   ამავე თემაზე: ნოვრუზ ბაირამი – IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე  

,,თითო ადამიანი თითო წიგნია’’… გიორგი სოსიაშვილი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი, რამდენიმე პროზაული კრებულისა და არაერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორია, რომელმაც გასულ წელს, კრებულისათვის ,,ოთხი მოთხრობა“ პრემია ,,საბა“ მიიღო, ნომინაციაში – 2021 წლის საუკეთესო პროზაული კრებული. გარდა ამისა, 2019 წლიდან იგი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია. ამ ინტერვიუში წარმოდგენილია მისი, როგორც მწერლის პორტერეტი და ასევე საუბარია რექტორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.   მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით. ბატონო გიორგი, თქვენ გორის უნივერსიტეტში ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას, ხართ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, კითხულობთ ლექციების ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი ხართ და პარალელურად წერთ წიგნებს, ამიტომ ჩნდება ასეთი კითხვა, თუ როგორი არის თქვენი წერის პროცესი, დღის რა მონაკვეთს უთმობთ შემოქმედებით საქმიანობას? -პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, , რომ მე შემარჩიეთ ინტერვიუსთვის. წინასწარ ვერასოდეს განვსაზღვრავ, რა დროს ვწერ. სამეცნიერო ნაშრომები იქმნება გეგმიურად. თავდაპირველად უნდა წარმოიდგინო ეს სტატია, მონოგრაფია თუ ნაშრომი როგორი სტრუქტურის იქნება და შემდეგ ვიწყებ წერას. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ეს ცოტა რთული პროცესია, ვერ განვსაზღვრავ, როდის უნდა დავწერო, ვინაიდან ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. წერის პროცესი ასევე დამოკიდებულია განწყობაზე, ხან გადის თვეები, როდესაც საერთოდ ვერ ვწერ და ხან ყოფილა შემთხვევა, როდესაც  ორიოდე კვირაში მთელი წიგნი დამიწერია.ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა გონებაში მთლიანი წიგნი მქონია დაწრილი და მისი მხოლოდ ფურცელზე გადმოტანაღა იყო საჭირო. განსაკუთრებული წელი და მოვლენა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენი, როგორც მწერლის ბიოგრაფიაში, რომელია? ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა ჩემი პირველი წიგნის გამოქვეყნებამ. მაშინ ძალიან ახალგზარდა ვიყავი, ცხრამეტი ან ოცი წლის. აგრეთვე ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი მაშინ, როდესაც მოულოდნელად გადმომეცა პრემია ,,საბა’’. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს წიგნს იწონებენ და აფასებენ. თავდაპირველად მითხრეს, გადაცემიდან არიან ჩამოსული გორში და შენგან ინტერვიუს აღება უნდათო, მივედი იმ განწყობით,  რომ მათ დასმულ კითხვებზე პასუხი გამეცა. თუმცა იქ მისულს რატი ამაღლობელი დამხვდა და გადმომცა ჯილდო. მაშინ სიხარულის სტრესიც კი მივიღე. როგორც თავადვე ახსენეთ, ტვ–მონიტორინგისთვის მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში, თითქმის ყველა მწერლის ცხოვრებაში დგება ,,შემოქმედებითი კრიზისი’’, როცა თითქოს ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული და შენ ყოველი დაწერილი წინადადება სიყალბედ გეჩვენება, მაინტერესებს, თქვენ როგორ უმკლავდებით ასეთ მომენტებს? -ძალიან ბევრი მწერლის ცხოვრებაში დგება შემოქმედებითი კრიზისი, როდესაც იდეები გაქვს , მაგრამ ისინი ფურცელზე ვერ გადმოგაგქვს. ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი დამიწერია, ძალიან ბევრი მიმუშავია და მერე ჩემი ნაწერები ჩემივე ხელით გამინადგურებია. ძალიან უმოწყალო ვარ ხოლმე ამ ნაწერების განადგურებაში, არ მიყვარს მათი შენახვა. ის ნაწარმოები, რომელიც ჩემი არ არის, მე არ მეკუთვნის და ძალით დაწერილია თითქოს, არასოდეს უჯრაში არ შემინახავს. თუ გინანიათ რომელიმე ნაწარმოების განადგურება? -ამ პროცესს ძალიან კარგი ნაწერები, მათ შორის მეტაფორები გაუნადგურებია, თუმცა არასოდეს მინანია მათი განადგურება, არადა სრულიად შესაძლებელია , ის კარგი ნაწერები ამოკრიფო და სხვა ნაწარმოებში გამოიყენო, მაგრამ მე ასეთი ჩვევა მაქვს. ჩემი ნაწარმოებები იქმნება მხოლოდ ფურცელზე, ტუშიანი კალმით ან სულაც ფანქრით. ახლა კი მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ–ერთ უმძიმეს თემას, 2008 წლის აგვისტოს ომი, თემა , რომელიც თქვენს შემოქმედებაში ბევრგან ფიგურირებს . მაინტერესებს, რამდენად რთულია ომის კადრების გახსენება და იმ ემოციათა და განცდათა ფურცელზე გადმოტანა, რასაც წერის დროს განიცდით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სოფელ დიციდან ხართ და თქვენთვის ეს თემა ორმაგად ახლობელი გამოდის? თავდაპირველად საერთოდ არ ყოფილა ეს თემატიკა ჩემს შემოქმედებაში. 2008 წლამდე გამოცემული მქონდა არაერთი კრებული, მათ შორის ,,ძმათა მახვილი,, , ,,ახლოა მონასტრამდე’’, საქმე იმაშია, რომ 2008 წლის ომმა ითამაშა გარდამტეხი როლი. ძალიან დიდი ტკივილები შემოვიდა ჩემში და ამან მოიცვა მთლიანად ჩემი აზროვნება, მთელი ფსიქიკა , მთელი ცნობიერი და ქვეცნობიერი პირდაპირ აივსო ამ განცდებით. პირველი მოთხრობა ომის დროს დაიწერა , როცა პირდაპირ ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქში, ეს იყო ,,წერილი კაცობრიობას’’. ომის გარდა სხვა რაღაცებზე ვერ ვფიქრობდი, ბოლოს შევკარი მოთხრობები და ერთ კრებულად გამოვეცი, რომელსაც ჰქვია ,,2008 წლის შვებულება’’. ეს შვებულება ყველასთვის იყო თავზარდამცემი და ტრაგიკული. ამას მოჰყვა სხვა წიგნები, გამოვიდა ,,ჩვიდმეტნი’’, ,,გამორთული მთვარე’’,  ,,მავთულხლართი’’, ამ კრებულში შევიდა მოთხრობა, რომელმაც რევაზ ინანიშვილის პრემია მიიღო. შემდეგ დაიწერა ,,გოდების კედელი’’, ძალიან დიდი ხანი მომიწია ამ რომანზე ფიქრი. პირველი გვერდები ფანქრით დავწერე და ახლაც მეშინია იმ დღეების გახსენება , თუ რას ვეჭიდებოდი, თუმცა ფაქტია, კარგ რამეს შევჭიდებულვარ. რა რჩევას მისცემდით დამწყებ მწერლებს? -პირველი და უმთავრესი, რასაც მათ ვეტყოდი ეს არის საკუთარი სამწერლობო ენის შექმნა, დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა. მე ქართლური მეტყველების გავლენას განვიცდი, ვინაიდან იქ ვცხოვრობ. რა ენაც მესმის დედაჩემისგან სახლში, იმ ენით ვწერ მეც. ეს არის ჩემი სტილი და მიდგომა. აგრეთვე ვიტყოდი იმასაც, რომ თავგადასავლები და მოგზაურობა არის მწერლისთვის ყველაზე მთავარი ამბავი. ყველაზე კარგად გამოგდის ის , რასაც განიცდი, მისი გადმოტანა ქაღალდზე. მწერალი აგრეთვე უდიდესი მსახიობია, გარდასახვას ახდენს ათასნაირ გმირში,მათ გრძნობებს განიცდის. მოგზაურობა მწერლის შთაგონების წყაროს მკვებავია, ამ დროს ბევრ ადამიანს წააწყდები, ბევრთან ისაუბრებ. ჩემი აზრით, თითო ადამიანი თითო წიგნია. აგრეთვე დამწყებმა მწერლებმა ბევრი უნდა იკითხონ, ძალიან ბევრი. ინსპირაციის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ თავგადასავალი, არამედ კითხვა. მე დამიწყია კითხვა და პროცესში გამჩენია იდეა ამ ამბავზე დამეწერა მოთხრობა. როგორც სპორტსმენს სჭირდება მუდმივი ვარჯიში და ფორმაში ყოფნა, იგივე არის მწერალი და შემოქმედი. სულ უნდა საკუთარ თავზე იმუშავო , მწერლობას მიუძღვნა საკუთარი თავი. გიორგი სოსიაშვილი: “დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა”.   როგორც ვიცი, თქვენ მიერ დაფუძნდა ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ და  ხართ ამ კონკურსიის კოორდინატორი, მოკლედ რომ მოგვიყვეთ ამ შესანიშნავი პროექტის შესახებ, გაგვიზიაროთ მომავლის გეგმები და მიზნები. – ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ დავაფუძნე სამი წლის წინ და ის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს. წელს უკვე მესამედ  ტარდება და უკვე ხუთი ნომინაცია გვაქვს წლის საუკეთესო ლექსების კრებული, წლის საუკეთესო პროზაული  მოთხრობა, წლის საუკეთესო  თარგმანი, საუკეთესო ესეისტიკა – დოკუმენტური პროზა და წლის საუკეთესო  -პიესა. ასე რომ , საკმაოდ ბრენდულ კონკურსად გადავაქციეთ ,,მაჩაბელი’’, რომლის დაჯილოდებაც წელს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდება . ბატონო გიორგი, დღევანდელი თაობისთვის, ჩემი თაობისთვის ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი გახდა ევროპული განათლების მიღება, ჩემ გარშემო უამრავ მოწადინებულ და მოტივირებულ ახალგაზრდას ვხედავ, რომლებსაც უცხოური განათლების მიღება სურთ. რა სთავაზობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს ამ მხრივ? -პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა სამ საფეხურიანი, ავტორიზაცია წარმატებით გავიარეთ და მესამე საფეხური დაგვემატა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე გაგზავნის. ჩვენს უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მზარდი მაჩვენებელი აქვს, ასზე მეტი სასწავლებელი გვყავს დამეგობრებული . ჩვენი ბავშვები სწავლობენ იტალიაში, ესპანეთში , პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. თუ სტუდენტს სურს უცხოეთში სწვლა , მთავარია, მან შეიტანოს განაცხადი და ჩვენ მის ხელშესაწყობად ყველაფერს გავაკეთებთ.

„რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები“- მურო გაგოშიძე სწორედ სუხიშვილების მესამე თაობის, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, „რევოლუციური თაობის“ სოლისტი და ქორეოგრაფია. ბავშობიდან ამ დიდი ოჯახის წევრია. მუროს იცნობენ, როგორც მოცკევავეს, მაგრამ საინტერესოა ვინ არის მურო გაგოშიძე ცეკვის მიღმა.           მოგესალმები, მოდი დავიწყოთ თავიდან და მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ: წარმოშობით რაჭველი ვარ, აფხაზეთში ვიზრდებოდი სადღაც 4 წლამდე, არეულობის დროს, იმერეთში დედული მაქვს,  ქუთაისში ვცხოვრობდით 2 წელიწადი, სკოლაში უკვე თბილისში შევედი. როგორ გახსენდებათ აფხაზეთი? არაფერი არ მახსოვს, მაგრამ, იცი როგორ არის? ხო რაღაცას  გრძნობ ადამიანი, მეც ხო ამ პროფესიაში ვარ, აფხაზური ცეკვა, მეგრული მუსიკა ისე რაღაცნაირად მოქმედებს ჩემში, რასაც ვერ ავხსნი ენით ვერასდროს, ოღონდ ეს „ნაღდი“ ამბავია და არა მოტანილი საიდანღაც, ეგრე მოქმედებს, უფრო სხვანაირად ვგრძნობ. ისე, რომ, მახსოვდეს იქაურობა კარგად, არა, მაგრამ ეს ისეთ რაღაცას ასახავს ჩემში, რომ გეგონება იქ დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ და ვბერდები. ალბათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს… თავისთავად, აბა რა, კი, სიმართლე გითხრა, ოჯახის წევრებს დიდად ისტორიები არ მოუყოლია ჩემთვის, ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ გრძნობენ და ხედავენ როგორ აისახება ჩემში იქაურობა იმიტომ, რომ მიყვარს ძალიან მეგრული მუსიკა, როგორც ინსტრუმენტალურად, ასევე ცეკვით, საუბრით. თქვენო აზრით, რომელიმე კონკრეტულ მხარეს მიეკუთვნებით?  ვერ ვიტყვი მაგას სიმართლე გითხრა, აი ამ სამ კუთხეს გამოვყოფდი განსაკუთერეებით: იმერეთი, რაჭა და აფხაზეთი, გურიაც ძალიან მიყვარს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ერთი რომელიმეს შვილი ვარ. მამათქვენიც მოცეკვავე იყო, განაპირობა თუ არა ამან თქვენი პროფესია? კი, მოცეკვავე იყო, ქორეოგრაფი, გალში კულტურის სახლის დირექტორი, ჰყავდა ანსამბლი, ცეკვავდა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლშიც. მახსოვს, ერთადერთხელ ჩამიტარა რეპეტიცია მამაჩემმმა, მაგრამ სულ დავყავდი თავის რეპეტიციებზე, სულ მქონდა შეხება, მერე როცა ოფიციალურად შემიყვანეს ცეკვაზე, როგორც მეუბნებიან, მაშინვე გამოჩნდა, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა. ჩემებმა იმის გამო, რომ ცეკვა გამეგრძელებინა სახლი გაყიდეს, მე კიდევ ლამის წყალში ჩავუყარე, როდესაც ძმას გავყევი ფეხბურთზე და 2 გოლი გავიტანე. თქვენი ოჯახი, ფაქტობრივად, ხელოვნებას ემსახურება, დედა – მომღერალი, ბებო – პოეტი, თქვენს ცხოვრებაში რა ადგილს იკავებს  ხელოვნება? ეგრე რომ მეუბნებია, სიმართლე გითხრა, მრცხვენია-ხოლმე, რადგან ხელოვნება, ჩემი აზრით, უსასრულობის წარმომადგენელია, ამიტომ ვერ ვუწოდებ ჩემს ოჯახს ხელოვანს. მე ყველაფერს, რაც ხელოვნებას ეხება, ქედს ვუხრი და პატივს ვცემ. რომ გადავიდეთ სუხიშვილებზე, მოკლედ რთული იქნება საუბარი, იქნებ, მოგვიყევეთ თქვენი თავგადასავალი სუხიშვილებში ამით ვცხოვრობ, ამით ვცოცხლობ. როცა ტრავმის გამო ვერ ვცეკვავ ხოლმე ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩემში. ხშირად მსნემია ყოფილი მოცეკვავეებისგან,რომ ყოველ ღამე ესიზმრებათ აქაურობა, ღმერთმა მაშოროს ეგეთი რაღაც, თორე ღამეში რამდენჯერმე ვნახავდი იგივე სიზმარს. რაც შეეხება სუხიშვილებს, პატარაობიდანვე განსკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ანსაბლისა და ოჯახის მიმართ, ბუნებრივად, აუხსნელად შემოვიდა ჩემში, ამაზე ვოცნებობდი და მადლობა ღმერთს ამიხდა. კონკრეტულად, რა განასხვავებს სუხიშვილებს სხვა ანსამბლისგან? არის განსხვავება, არ მიცეკვია სხვადასხვა ანსამბლში, მაგრამ მათი ნაცეკვიდან გამომდინარე, მაინც ვხედავ განსხვავებას. აქ არის სხვანაირი თავისუფლება, რაც ხელოვნებას უყვარს, ამ ანსამბლში უსასრულობის განცდა არის. პირველ რიგში არ უნდა დაიკარგოს ქართული სული და ეს უნდა იყოს ღირებული, შენი მოძრაობა რაღაცას უნდა ასახავდეს, ემოციურად, პირველ რიგში. ამაში კი დიდი როლი ითამაშა დიდი ნინოსა და ილიკოს სიყვარულმა. მათი უსაზღვრო სიყვარული აისახება ამ ამბამლში და მიგრძვნია კიდეც. უმცროსი ილიკოსგანაც და ნინოსგანაც ისე დაძმური, მამაშვილური დამოკიებულება მიგრძვნია, რომ მე რამდენი მადლობაც არ უნდა ვუხადო მათ საკმარისი არ იქნება, ერთადერთ,რაც შემიძლია ისაა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვუერთგულო. გავრცელებული აზრით, სუხიშვილების მოსწავლე რომ გახდე, შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე, ეს რამდენად გამართლებულია? ნინო რამიშვილს ასეთი რამ უთქვამს, შენო ადამიანობა მანახეო და ცეკვას მე გასწავლიო. ესაა პირველი დამაკმაყოფილებელი, რაც შეეხება ფიზიკურობას, რა თქმა უნდა, ამხელა დონის ანსამბლში რომ მოდიხარ, რაღაცებს უნდა აკმაყოფილებდე, თავისთავად, როგორც სიმაღლეს, ასევე ფორმას, ტექნიკურობას და ა.შ. მაგრამ თუ ამ ოჯახს ვერ მოერგე, მაშინ იქ ვერ „გაქაჩავ“. სუხიშვილების მესამე თობა განსაკუთრებით გამოირჩევა რევოლუციური თვალსაზრისით, რას ფიქრობთ ამაზე? რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები. ყველა თაობას ახასიათებს, პირველ თაობაში ქალბატონმა ნინომ  და ილიკომ რომ პროგრამა შეადგინეს და კრიტიკა მოჰყვა, დღევანდელი კრიტიკა მასთან შედარებით ზღვაში წვეთია. განვმეორდები, რომ ამ უსარულო ხელოვნებში თუ ათასი სისულელე არ გააკეთე ,კარგს ვერ შექმნი და ვერ ისწავლი. აქაც ესეა, ერთ ადგილას არ ვდგავართ და ვეძებთ, ვაკეთებთ. რთულია ერთი და იგივეს უყურო სულ, მოგბეზრდება. ხალხის აზრი რამნდენად მნიშვნელოვანია? ძალიან, ცხადია, აზრიც უნდა გაითვალისწინო ყველაიანირი, რაღაცას ისწავლი და გამოიტან, ცუდიდანაც და კარგიდანაც. მურო გაგოშიძე, როგორც მამა… ოღონდ მაგას ნუ მკითხავ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად მიფიქრია მაგაზე. რაც არ უნდა აკეთოს მშობელმა შვილისთვის, მაინც მიაჩნია ზღვაში წვეთი, იმხელა სიყვარულს მოიცავს ეს ურთიერთობა. მე მაგალთს თუ მივცემ მათ ჩემი ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე, თორემ რაღაცებს ვერ დააძალებ, რომ გითხრა გადასარევი მამა ვარ-თქო, ვერ გეტყვით. რამდენად გინდათ იგივე პროფესიას გაყვნენ თქვენი შვილებიც? იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა შვილმა სხვა რამე რომ აკეთოს გამიხარდება-თქო, მაშინ მატყუარა უნდა ვიყო, მე როგორც მიყვარს ცეკვა და მსიაოვნებს როგორ არ უნდა მინდოდეს ჩემმა შვილმა იცეკვოს, თანაც ფართო არეალი აქვს გახსნილი, მადლობა ღმერთს, სადღაც-სადღაც მიმიწვდება ხელი, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილი ღირსეულად იშრომებს. ორჯერ ორი რომ ოთხი, ასეთი ნათელია, რომ გენეტიკურად მოჰყვებათ ეს ყველაფერი, ამიტომ ვცდილობ, რომ გაყვნენ ამ გზას. რა პრობლემებს აწყდება დრესდღეისობით მოცეკვავე საქართველოში? დღევანდელი ჩვენი ყოფიდან გამომდინარე არა მარტო მოცეკვავეებს, არამედ ზოგადად უჭირს ხალხს. მაგრამ ერთს ვიტყოდი, რომ ამ დარგს იმდენად გააქვს ჩვენი კულტურა მსოფლიოში, რომ მგონია, უფრო უნდა დაფასდეს, რომ მოდის ახალგაზრდა რაიონიდან, არ აქვს სახსრები, წარმოიდგინე, რომ ემართება რაღაც ტრავმა, ელემენტარული სამკურნალოდ ხომ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა. ამასაც ცოტა ყურადღება უნდა მიექცეს. რამდენად დიდია ნიაზ დიასამიძის როლი თქვენს პროფესიაში, თქვენი საერთო პროექტის, „რქაწითელის“გათვალისწინებით მაგ ადამინაზდ გავიზარდე, ისე მომიყვანა თანამედროვეობამდე თავისი ქართულით, რომ არც ქართული სული დამიკარგავს და არც მისი სმენა. აქედან გამომდინარე, თუ ცეკვა გიყვარს, ნიაზ დიასამიძე ისეთ მუსიკას ქმნის, სულ რომ არ იცეკვო, სირცხვილია. პანდემიის პერიოდში სულ ვფიქორობდი, რომ კომპოზიციებზე რაღაც გამეკეთებინა, ამ ბოლო დროს მომეცა საშუალება და მადლობას ვუხდი ბატონ ნიაზს, რომ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი და მან მომცა თავისუფლება, მიდი და აკეთეო. მასაც, ასე თუ ისე, მოსწონს ჩემი შემოქმედება. თქვენი სტუდიის გახსნაზე არ გიფიქრიათ? როგორ არა, მიფიქრია, მაგრამ გეგმები არ დამიწყვია, რადგან ჯერჯერობით მოქმედი მოცეკვავე ვარ, თანაც ისეთ ანსამბლში და ოჯახში ვარ. მიყვარს და მთელი ჩემი ფიზიკური შრომა აქ ჩავდე, ამიტომ ცოტა რთულია მოწყდე. მე მირჩვენია, ღმერთის წყალობით თუ ყველაფერი კარგად წავიდა, აქ დავრჩე. 7 წლის წინ გახსნეს სუხიშვილების აკადემია, სადაც არამარტო ხალხურ ცეკვას, არამედ ტანვარჯიშს, თანამედროვე ცეკვას ასწავლიან და მეც შემომთავაზეს. მინდოდა რაღაც ახლის გაკეთება, გავხსენი ჯგუფი, სადაც სრული თავისუფლება მაქვს. ამაში დიდი როლი ითამაშა ნიაზმა,პატარა ილიკომ, რომლის ფანტაზია საზღვრებს სცდება, გენიოსია, რომ შემომხედავს, უთქმელად ვუგებთ ერთმანეთს, სხვათაშორის ემთხვევა ხოლმე ჩვენი აზრები ერთმანეთს. გაგიაგიათ თუ არა,  რომ მეორე ილიკოს  გიწოდებენ? გამიგია კი, ილიკომაც მითხრა. ზოგი ისე საუბროს,

მარიამ კიპაროიძე: “მე და ევროპა: ევროპული ღირებულებები – ის, რაც გვჭირდება.” “- რა არის მნიშვნელოვანი ევროპულ ფასეულობებში? – ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს – პატივი სცეს სხვების ინტერესს, საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ან კერძო პირის ქონებას, გაუფრთხილდეს ადამიანების სიცოცხლეს, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. თანაგრძნობა და საზოგადოების ინტერესების მსახურება კი ნებისმიერი სოციალური სახის ურთიერთობისთვის კეთილდღეობის მომტანია. ევროპული ცხოვრების წესი ზოგჯერ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაოცებას იწვევს . მაგალითად, მათთვის უჩვეულოა – ფულადი დახმარების აღების შესაძლებლობა, დაფინანსებული მკურნალობა, მაღალი ანაზღაურება, ქველმოქმედება, რიგში დგომაც კი, სადაც არავინ არ არღვევს რიგის ნომერს, მოწესრიგებული სადარბაზოები,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ა.შ. დღედღეობით, საქართველო განიცდის პირადი პასუხისმგელობის ნაკლებობას, რაც არღვევს ერთობის განცდას ინდივიდსა და კოლექტივს შორის. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს რამდენად პრობლემურია საზოგადო საჭიროებების უგულებელყოფა და ფიქრი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე. სხვაზე აღმატებულობის შეგრძნება, რაც ჩვენ ერს სენივით დაემართა, მტრულ დამოკიდებულობას ბადებს ადამიანებს შორის. შედეგად, არავის სურს შექმნას უკეთესი პირობები გარშემომყოფებისთვის. ევროპული ფასეულობათა სისტემიდან მნიშვნელოვანია ასევე, დაეჭვების და ახლებური ხედვის უნარი. ევროპელები მუდმივად მზად არიან ნაცადი ხერხის განსჯისა და ცვლილებებისთვის, რაც მათ მუდმივად ამყოფებს დინამიკური განვითარების მუხტში. ქართველებს გვიყვარს არსებულით ტკბობა, ტრადიციებისა და გენების ქება. ეს ცუდი სულაც არ იქნებოდა, რომ არა თვითკმარად ყოფნის განცდა, რაც განსხვავებულად ფიქრის შესაძლებლობას არ ტოვებს და აქვს მიუღებლობა რაიმე უცხო/განსხვავებულისადმი. ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებული განხილული ფასეულობები სამართლიან შინაარსს ატარებს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ევროპა არის დემოკრატიულ, ჰუმანურ პრინციპებზე ნაშენები მყარი სისტემა.” ბლოგის ავტორი: მარიამ კიპაროიძე მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში. 

   ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე. არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა. აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში ხვდები. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. დახლებს უკან დგანან მომღიმარი სახეებით და თუ მათ დახლს ამოირჩევ, უსაჩუქროდ არ დაგტოვებენ. უხარიათ და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად. ყველა ქვეყანას თავიანთი ტრადიციული კერძები თუ სასმელები აქვს წარმოდგენილი. გჩუქნიან ბროშურებს, დროშებს, სტიკერებს… კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადონ თავიანთი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა თამაშებს გვთავაზობენ, ქვიზებს გვავსებინებენ, რათა ცნობიერება აგვიმაღლონ ევროკავშირთან დაკავშირებით. აღნიშული აქტივობების შემდგომ კი ჭიქით, მაისურით ან ჩანთით გვასაჩუქრებენ. გერმანიის დახლთან რომ მივედით, გვითხრეს, რომ გერმანული სიტყვა მოგვეძებნა და ჩანთით დაგვასაჩუქრებდნენ. მეც გერმანულ ენაში გაწაფული, დარწმუნებული მივედი, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიპოვნიდი სიტყვას. ეს სიტყვა იყო – das Brot – პურითა და ჩანთით ხელდამშვენებული წამოვედი”. ბლოგის ავტორი: ანა მაზიაშვილი  მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში. 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი ერაძემ “ევროპის დღე” MDF-ს ტრენინგზე გაატარა, რადგან მისთვის ევროპა დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.  გიორგი ერაძე: “მე, როდესაც ვეცნობი რაიმე ინფორმაციას და მისი სიმართლე ეჭვს იწვევს, ვცდილობ მის გადამოწმებას სხვადასხვა გზებით.ვამოწმებ მის წყაროებს, ფოტოებს, ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდზე და ვცდილობ დავადგინო სიმართლე. ასევე, ინფორმაციის გადამოწმების დროს ვცდილობ დავეკონტაქტო სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ჩემს დახმარებას”. გიორგი ერაძე: “ვფიქრობ, რომ იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ ფაქტების გადამოწმების ხერხები, რათა დეზინფორმაციით არ დავინფიცირდეთ”. ბლოგის ავტორი: გიორგი ერაძე მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში. 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting