შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

Page: 7

     შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბევრი განსხვავებული, სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტი ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტია მარიამი, რომელიც თავისი უნიკალურობით ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და სჯერა, რომ შრომისმოყვარეობის და მიზანდასახულობის ფასად ყველა ოცნების რეალობად ქცევაა შესაძლებელი.      გამარჯობათ, მარიამ. დიდი მადლობა, რომ ინტერვიუს ჩაწერაზე დამთანხმდით. გთხოვ, მოკლედ მოყვე საკუთარ თავზე. მე ვარ მარიამ გარაყანიძე გურიიდან. ვსწავლობდი შემოქმედის საჯარო სკოლაში და წარმატებით დავამთავრე. ამჟამად ვსწავლობ იბსუს ინგლისურენოვან საერთაშორისო ურთიერთობებზე. ყოველთვის მქონდა გადაწყვეტილი, რომ გავხდებოდი სტუდენტი და წამიერადაც კი არ მიფიქრია იმაზე, რომ რამე ამ მხრივ დამაბრკოლებდა. ჩემს მშობლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მე დღეს აქ ვარ და ვსწავლობ, მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ყოველთვის, აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარებიან და გვერდში მიდგანან.   რა კრიტერიუმებით აირჩიეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ? რომელმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა თქვენი არჩევანი ? თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩავაბარებდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ არ ვიცოდი რომელი უნივერსიტეტი ამერჩია, რადგან უმრავლესობა არ არის ადაპტირებული ეტლით მოსიარულეთათვის. მერე უკვე რამდენიმე ვარიანტიდან იბსუ შევარჩიე, ფეისბუქ გვერდზე ფოტოები დავათვალიერე და გარემო ძალიან მომეწონა. ცხელ ხაზზეც დავრეკე და რექტორის მოადგილე ქალბატონი მარინა ყიფიანი ძალიან თბილად მესაუბრა. სწორედ ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ სწორედ ესაა ჩემი უნივერსიტეტი და აქ უნდა მესწავლა.             არსებობს თუ არა რამე სირთულეები უნივერსიტეტში გადაადგილების დროს ? მოამზადეს თუ არა რამე საშუალებები ხელშესაწყობად? სირთულეებს რაც შეეხება, აქამდე იყო რამოდენიმე, მაგრამ თითქმის მომენტალურად აღმოფხვრეს. მაგალითად, პირველ კვირას ადმინისტრაციას არ ჰქონდა ალბათ გათვალისწინებული, კაფეტერიის კიბეებზე ვერ ავდიოდი. როდესაც ეს ნახეს, მეორე კვირას პანდუსი გაკეთებული დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა და გამიმარტივა ყველაფერი. მთელი ადმინისტრაცია ცდილობს როგორმე ყველანაირად ხელი შემიწყონ, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი მათ.          გაგიმართლათ თუ არა უნივერსიტეტმა იმედები ? იბსუმ აბსოლუტურად ყველა ჩემი იმედი გაამართლა. ეს უნივერსიტეტი არის ზუსტად მორგებული ეტლით მოსიარულეთათვის. რა თქმა უნდა სხვა უნივერსიტეტებშიც არის პანდუსები და ლიფტები, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, თვალის მოსატყუებლადაა. ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება ამას ვერ მიხვდეს, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ უნივერსიტეტი ადაპტირებულია და ამ დროს ფოიეშიც ვერ შედიხარ, ასე ნამდვილად არ შეიძლება. იბსუში სწავლის მაღალი დონე რომ იყო ვიცოდი, თუმცა, რეალობა უკეთესი აღმოჩნდა. მომწონს იბსუს სისტემის გამართულობა და ლექტორების თავდაუზოგავი შრომა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სტუდენტებს მისცენ მაღალი განათლების დონე.            როგორ მოგწონთ უნივერსიტეტის ატმოსფერო ? საკმაოდ მეგობრული გარემოა. ვიცი ისეთი უნივერსიტეტებიც, სადაც კურსელები ერთმანეთს არც კი იცნობენ, აქ კი ყველა ძალიან მეგობრული, თბილი და მზრუნველია. არა მარტო ჩემი კურსელები, არამედ ყველა, ვისაც ვიცნობ, მზად არიან, რომ რაღაცით დამეხმარონ, რაც ძალიან დასაფასებელია ჩემი აზრით.            არის რამე ისეთი, რისი შეცვლაც გინდათ უნივერსიტეტში ? ალბათ იმის, რომ ადმინისტრაციულ კორპუსში არ არის ლიფტი. ჯერ არ დამჭირვებია, თუმცა სამომავლოდ ალბათ მოუწევთ ფიქრი იმაზე, რომ ეს შეცვალონ. ერთადერთი ამ პრობლემას ვხედავ.          რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, როგორც სწავლის, ასევე  კარიერული თვალსაზრისით ? პირველ რიგში, მინდა წარმატებულად დავამთავრო უნივერსიტეტი, მაღალ ქულებზე. მერე მაგისტრატურა აუცილებლად, ოღონდ აქ თუ საზღვარგარეთ ამას მომავალი გვიჩვენებს . სწავლის დასრულების შემდეგ ძალიან მინდა ვიმუშავო საერთაშორისო ორგანიზაციებში. ზოგადად ძალიან აქტიური ადამინი ვარ, ბევრ პროექტსა თუ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და თითქმის მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი.         ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. წარმატებებს გისურვებთ ! პირიქით, მადლობა თქვენ !        სტატიის ავტორი – მარიამ ქობალია, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting