შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

Page: 2

ქეთი ფანქველაშვილი IBSU-ს ეკონომიკის (ინგლისურენოვანი) პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. იგი ფიქრობს, რომ 2023 წელი, უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო და იმ ღონისძიებებზე საუბრობს რაც დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. მასთან ინტერვიუ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ეთა სულუხიამ ჩაწერა.  – მეც ისეთივე სტუდენტი ვარ როგორც ყველა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი მოვალეობები მაკისრია ვიდრე ჩვეულებრივ სტუდენტს. ჩემი ერთი დღე იწყება IBSU-ში მოსვლით, სტუდენტებთან უშუალო კონტაქტით, მათ პრობლემებზე საუბრით და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებით. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობაც მაგას ნიშნავს, რომ ყველანაირად სტუდენტზე მიმართულები ვარ და ჩემი სამუშაო დღის ძირითადი გეგმაც სწორედ ეს არის. – ყველაზე ხშირად, რა სახის პრობლემების გამო მოგმართავენ სტუდენტები? – ყველაზე ხშირად პრობლემები უკავშირდება გრაფიკს, ლექტორებს… ამ ბოლო დროის კი ყველაზე აქტუალური პრობლემა ინგლისური ენის წიგნებს უკავშირდება. წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს სტუდენტებისთვის და ყიდვის შემდეგ ვლინდება ტექნიკური ხარვეზებიც. – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიდი ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის მეორე ნახევარში, შეიცვალა უნივერსიტეტის მენეჯმენტი და რექტორი. როდის და რა გარემოში გაიცანით ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა? – IBSU-ში მომხდარმა ცვლილებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სტუდენტებში. პირველად, ახალი რექტორი, ბატონი კახა შენგელია, სტუდენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე გავიცანი, შემდეგ კი მასთან უშუალო კონტაქტიც მქონდა. – რამდენად ჩართულია ახალი მენეჯმენტი სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში? – ჯერ მაინც ახალი პერიოდია, დიდი ხანი არც გასულა რაც IBSU-ს მენეჯმენტი შეიცვალა. ჯერ-ჯერობით ადაპტაციის პერიოდი გვაქვს. – სემესტრის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი ამ პერიოდში? – ჩანიშნულია შეხვედრა, რომელსაც განათლების დეპარტამენტი ჩაატარებს. შემდეგ კვირაში კი გაიმართება “რა? სად? როდის?” – გართობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით. შემდეგ ღონისძიებებზე კი ინფორმაციას ეტაპობრივად გავავრცელებთ. – გარდა აღნიშნული აქტივობებისა, რაც უნივერსიტეტის კამპუსში ტარდება, გარე აქტივობებიც გაქვთ?  – დიახ, ბოლოს ვიყავით 2 დღიან ექსკურსიაზე ვარძიაში, 50 სტუდენტი. – მსგავს აქტივობებს ადრე IBSU აფინანსებდა და რას გვეტყვით ახალ მენეჯმენტზე? – ჯერ-ჯერობით დაფინანსების თემა ანალოგიურია წინა მენეჯმენტისა. ნაწილს აფინანსებს უნივერსიტეტი, ნაწილს კი სტუდენტები იხდიან, რადგან ეს არის ექსკურსია და არა უნივერსიტეტთან დაკავშირებული აქტივობა. – საახალწლოდ რას გეგმავთ? – 23 დეკემბრისთვის იგეგმება სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან საახალწლო ღონისძიება არაოფიციალურ გარემოში. – მინდა შევეხო IBSU-ს აკრედიტაციას 2024 წლისთვის. რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე?  –  ამ საკითხზე ინფორმაცია კარგა ხანია მაქვს და ადმინისტრაციის დიდი სურვილი ჰქონდა ამ პროცესში სტუდენტური თვითმმართველობა ჩართულიყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების ხმა ადმინისტრაციაში და სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისას ჩვენ აქტიურად დავეხმარეთ ადმინისტრაციას იმ კითხვებზე პასუხების მოპოვებაში რას სტრატეგიულ გეგმას უკავშირდებოდა. – როგორ შეაფასებ 2023 წელს და რას გეგმავთ 2024 წლისთვის? – 2023 წელი ნაყოფიერი, იღბლიანი და ბევრი წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დატვირთული ბევრი ღონისძიებითა და ივენთით. დამეთანხმებით, რომ სტუდენტებისთვის აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მომავალ 2024 წელსაც, ასე გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და IBSU ყოველთვის იქნება გამორჩეული ყველაზე აქტიური სტუდენტური თვითმმართველობით.   მასალის ავტორი: ეთა სულუხია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

რეენა ფიჯიდანაა, ჰამდენი მალდივის რესპუბლიკიდან, ხოლო ონოლია მალავიიდან. სამივე მათგანი IBSU-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თეკლა გვარამია, დაინტერესდა თუ რა მოსწონთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოში.  რეენა, ფიჯიდანაა და IBSU-ში, უკვე ერთი წელია, მენეჯმენტს სწავლობს. მას ენატრება სამშობლო, ტროპიკული საკვები, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები. მისი ქვეყანა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და განლაგებულია 330-ზე მეტ კუნძულზე, რომელთაგან დასახლებული მხოლოდ მესამედია. 1970 წლიდან ფიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაეროს წევრია. რეენას, საქართველოში, სავაჭრო ცენტრებში სიარული უყვარს. მოუსმინეთ რას ამბობს რეენა საქართველოზე.   ჰამდანი, რეენას მსგავსად IBSU-ში მენეჯმენტზე სწავლობს და ოჯახი ენატრება. მისი სამშობლო მალდივის რესპუბლიკაა, სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე, ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მალდივის არქიპელაგი 1190 მცირე კუნძულს მოიცავს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. მალდივიაში ცხელი და ნესტიანი კლიმატია, უხვი მცენარეული საფარი კი ქოქოსის პალმებს, პურის ხეებს და ტროპიკულ ბუჩქებს მოიცავს, ხოლო ოკეანეში ბევრი თევზი და კუ ბინადრობს. ჰამდანს საქართველოში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებული ე.წ. “საცხობები” მოსწონს. მოუსმინეთ რას ამბობს ჰამდანი საქართველოზე.    ონოლია მალავის რესპუბლიკიდანაა და IBSU-ში კომპიუტერულ მეცნიერებებს ეუფლება. იგი აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნიდანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.მალავიში აღმოჩენილი ქვის იარაღები ასაკით ერთ მილიონ წლამდეა და თანამედროვე ტიპის პირველი ადამიანები დაახლოებით 50-60 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ონოლიას IBSU-ში ყოფნისას ოჯახი და დედა ენატრება-ხოლმე, საქართველოში კი ხალხი მოსწონს.   მოუსმინეთ რას ამბობს ონოლია საქართველოზე.    მასალის ავტორი: თეკლა გვარამია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი    მსგავსი თემები:  კარიშმა კრიშნა – მე და საქართველო (აუდიო)  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა თეკლა გვარამიამ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” უცხოელი სტუდენტები ჩაწერა და მათი აზრი მოისმინა იმისა შესახებ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ცხოვრებასა და სწავლაზე.        კარიშმა კრიშნა ფიჯის კუნძულებიდანაა და IBSU-ში ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. თეკლა გვარამიასთან მან ისაუბრა თუ რა მოსწონს საქართველოში ყველაზე მეტად.   კარიშმა კრიშნა: მე და საქართველო (აუდიო)  

ვინც გია ჯაჯანიძეს მხოლოდ ტელევიზორით იცნობთ, დიდი სიურპრიზი გელოდებათ. მრავალი წელია მაყურებელი ტელეეთერით ადევნებს თვალს და მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა მისი გარეგნობითა თუ ქცევებით. მან ჩვენთან ბევრი საინტერესო დეტალი გააჟღერა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა. ვნახოთ, როგორია გია ჯაჯანიძის ეკრანული და ეკრანს გარეთ ცხოვრება, რა კომპლექსები აქვს ტელეწამყვანს, როგორ მიაღწია ასეთ ცნობადობას და  გავეცნოთ მის პოლიტიკურ შეხედულებებს. ბატონო გია, საკმაოდ ცნობილი ტელეწამყვანი ხართ, თუმცა შესაძლოა გაქვთ ისეთი პროფესიებიც, რომლებზეც ინფორმაცია შეიძლება არ გვქონდეს. შესაბამისად, პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი თავდაპირველი პროფესია რა იყო? მე პროფესიით ვარ კინორეჟისორი და ჟურნალისტი. ასევე დაახლოებით 40 წლის ასაკში ჩავაბარე ფილოსოფიურზე, ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორიც. ამჟამად კი 42 წელია ვმუშაობ ტელევიზიაში. თქვენზე ამბობდნენ ფსიქოლოგიაო, მეგონა ამასაც იტყოდით. არა, როგორც ასეთი, ფსიქოლოგია დამთავრებული არ მაქვს. ეს უბრალოდ „მომაწებეს“ იმიტომ, რომ მეგობრებს კარგ რჩევებს ვაძლევდი. და მაინც, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ტელევიზიაში? ჯერ ვმუშაობდი კინოსტუდიაში გამნათებლად და მუშად, პარალელურად კი თეატრალურშიც ვაბარებდი. ტელევიზიაში თითქმის ყველაფერზე ვიმუშავე. თავდაპირველად რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, მერე უშუალოდ ჟურნალისტად ვმუშაობდი, ოპერატორად, მონტაჟისტად. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი ტელევიზიაში. ძალიან დიდი ხანია ,,სხვა რაკურსის“ წამყვანი ხართ და ეს პროექტი დღემდე დიდი რეიტინგით სარგებლობს. როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ამ გადაცემამ მართლაც რომ დროს გაუძლო? ნამდვილად, 10 წელია უკვე არ დავარდნილა მისი რეიტინგი. ამ პროექტის წარმატების გასაღები ის არის, რომ ეს გადაცემა ნამდვილია. არცერთ შოუში არ ხდება, რასაც ახლა გეტყვით. მე ჩემს რესპოდენტებს წინასწარ არ ვხვდები და არ ვეუბნები კითხვებს. უბრალოდ ვიცი რაღაც ამბავი და დამთავრდა, დანარჩენი გადაცემაში ხდება ბუნებრივად. ჩემს შოუს ძირი აქვს ნამდვილი, არ არის დადგმული და ხალხსაც ეს მოსწონს. ასევე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი გადაცემის თემატიკის მრავალფეროვნებაა. და გაამართლა ამ გადაცემამ თქვენი მოლოდინები? გამაართლა და გადააჭარბა კიდეც. ამის შემდეგ ხალხისგან იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, არ ვიცი. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, გარდაუვალია ოდესმე რაღაც გადაცემის დახურვა და ახლის წამოწყება. ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ,,სხვა რაკურსის“ დახურვის შემთხვევაში იცით რასაც გააკეთებთ, თუმცა მაშინ არ გაასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია. იქნებ გაგვანდოთ, რა გაქვთ იდეაში? გარანტია არ მაქვს რომ ეს პროექტი განხორციელდება, თუმცა ძალიან მომწონს და გეტყვით. მინდა გავაკეთო ბორბლებზე შემდგარი დიდი ტელევიზორი და შემოვიარო მთელი საქართველო. გავჩერდები ქალაქებში, ამოვიყვან ხალხს, გავესაუბრები. ხალხმა დამარწმუნდა საკუთარ თავში და იმედიც მაქვს, რომ ეს გამომივა. თან ხალისის მომტანიც ვარ, ეს ნამდვილად ვიცი. განსხვავდება თუ არა გია ჯაჯანიძე ტელევიზიასა და რეალურ ცხოვრებაში? კი, განსხვავდება. ეკრანზე თითქმის სულ ვერთობი, რეალურად კი საერთოდ არ მიყვარს წვეულებები, გართობა და ხალხმრავლობა. მარტოობა უფრო მიყვარს, ამ დროს სულიერად ვისვენებ, რადგან რეალურად დასვენება საერთოდ არ მაქვს გრაფიკის გამო. ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, საინტერესოა, რომელ მოგზაურობას გამოარჩევთ? არცერთს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოგზაურობა არ მიყვარს. არის ერთი ანდაზა: ,,რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდეს.“ დიახ, მაგრამ ეკრანებზე რასაც ვხედავთ, საერთოდ არ გეტყობათ, რომ თქვენ მოგზაურობა გეზარებათ იმიტომ, რომ საინტერესოა. ბევრ რამეს ნახულობ,მიხარია, მიყვარს რომ ჩავდივარ, თუმცა არაფრით არ ვარ აღფრთოვანებული. ამერიკაში 25-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ მერე რა, საქართველო მირჩევნია. საქართველოს გარეშე ვერასდროს ვერ გავძლებ. ძალიან ბევრი სტატიაა დაწერილი თქვენზე, იქიდან გამომდინარე, რომ აქტუალურობას არ კარგავთ. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა თქვენზე დაწერილ სტატიას გაუღიზიანებიხართ? ცოტა ვრცელი ისტორიით დავიწყებ. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი ინტერვიუ მივეცი გაზეთს ,,ეკრანის ამბები“. ბოლო სამი დღე ნერვიულობით ვკვდებოდი, არ ვაჭარბებ მართლა. რომ ვნახე ინტერვიუ შოკში ჩავვარდი, უბედნიერესი ვიყავი და ერთი სული მქონდა ყველას ენახა. ჟურნალისტს ინტერვიუს რომ ვაძლევ, შედეგებისთვისაც მზად ვარ. თუ სწორად ილაპარაკებ, ვერაფერს ვერ დაამახინჯებს და თუ მაინც ასე მოიქცა, ესე იგი უნდოდა და გააკეთა, არ დავეძებ, შესაბამისად არც ჩემზე დაწერილ სტატიებს დავეძებ დიდად. ეს კი არა, რომ მლანძღავენ იმაზეც არ ვღიზიანდები. ყველა ისე გხედავს, როგორც უნდა, მთავარია მე ვარ ბედნიერი. გეტყობათ, რომ ძალიან თავისუფალი ადამიანი ხართ, მაგრამ თითქმის არასდროს საუბრობთ თქვენს კომპლექსებზე. რა გაკომპლექსებთ, რასაც ვერ ვხედავთ? გამოკვეთილად მართლა არ მაქვს რამე კომპლექსი. მაგრამ ხანდახან ჩაცმულობის გამო სადმე წასვლის კომპლექსი მაქვს, ვგულისხმობ ოფიციალურ გარემოს. მაგალითად, უცებ თუ გავიგე ვინმე გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა მივიდე, ვერ წავალ თუ შესაბამისად არ მაცვია იმ მომენტში. კარგად მოგეხსენებათ როგორ მიყვარს განსხვავებულად ჩაცმა. თუმცაღა, ალბათ ყველაზე დიდი კომპლექსი მაქვს მაშინ როცა ადამიანები მირეკავენ და მთხოვენ გადაცემაში მოწვევას. ხშირადაა მსგავსი მომენტები? ძალიან. სპეციალურადაც დავაპირე ყველა ასეთი ადამიანის მოწვევა, ოღონდ რუბრიკას ერქმეოდა ,,გამომაჩინე ტელევიზორში“ და არავინ აღარ მოინდომა მოსვლა (იცინის). რა გაჟღერებულა ხალხისგან თქვენ მიმართ, რამაც დიდი უსამართლობის შეგრძნება დაგიტოვათ? ის, რომ ყალბი ვარ. ნახონ როგორ ვზივარ ლილოში და ვსვამ ყავას, როგორ დავდივარ ბაზარში და ვზივარ ჩვეულებრივ გამყიდველებთან. მე უბრალოება მიყვარს და საერთოდ არაა ის ჩახუტება და სიყვარული ყალბი, რასაც ტელევიზორში ხედავთ. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ძალიან გინდოდათ ბიძინა ივანიშვილისგან აგეღოთ ინტერვიუ და სხვა რაკურსით დაგენახებინათ ხალხისთვის. დღესაც გაქვთ ამის სურვილი? ეს ისეთი სურვილი იყო, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანთან მენდომებოდა ინტერვიუ. როგორი კუთხითაც იცნობს მას მომხრე, მოწინააღმდეგე თუ ვიღაც სხვა, ვიცი, რომ არის რაღაც ახალი რაკურსი, რომელიც მინდა მაყურებელს ვაჩვენო. უფრო რომ დააკონკრეტოთ? წარმოვაჩინო მისი უბრალო მხარე, თუნდაც ის ფეხშიშველი რომ დადის და ისიც უბრალოდ ადამიანია. ისეთი მხარე, რომელიც ვერც სხვას და ვერც მე რომ ვერ წარმომიდგენია. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის ნახატი მაქვს დახატული, რომელიც ახლა სახლში მიდევს. სახლში რატომ? არ მომეცა შესაძლებლობა შეხვედრის. ეს უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს? ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი ვარ საქართველოში. ყველა პრეზიდენტს უღალატა გარემოცვამ და მე ყველა მტკივა, განურჩევლად. ვფიქრობ, ამ კუთხით ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული ადამიანი ვარ. ანუ თვლით, რომ აპოლიტიკურობა და დემოკრატია ერთმანეთის პროპორციულია? დიახ, მე ვთვლი ასე. ადამიანს პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღვიქვამ, არ შემიძლია. დაბოლოს, რას გვირჩევთ სტუდენტებს? ერთადერთ რამეს გეტყვით, იცხოვრეთ საინტერესოდ. მერწმუნეთ, რომ უფრო წარმატებულები იქნებით. და კიდევ, არცერთი ლექტორი არ დაივიწყოთ, კარგიც და ცუდიც, ორივე განგავითარებთ.   მასალის ავტორი: ელენე სავანელი ინტერვიუ მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.  

IBSU რადიოში მარი ლეთოდიანი სტუდენტური კლუბების შესახებ რუბრიკას ამზადებს. მისი დღევანდელი სტუმარია “აზიის კლუბის” ხელმძღვანელი თეკლა მამფორია. – მოგესალმები თეკლა, მადლობა, რომ ხართ ჩვენთან. დავიწყოთ თავიდან, როგორ გაჩნდა შენი ინტერესი აზიური კულტურის მიმართ? – ინტერესი აზიური კულტურისადმი ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მქონოდა შეხება სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან, შედეგად ბავშვობიდან ვეცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებას, სამზარეულოსა და ლიტერატურას. მათ შორის იყო აზიური ქვეყნების კულტურა და ტრადიციები. დავიწყე აზიური ლიტერატურის შესწავლით, როგორიცაა ჰარუკი მურაკამის და იუკიო მიშიმას ნამუშევრები მქონდა შესაძლებლობა რომ დავსწრებოდი კულტურულ ფესტივალებს და აზიელი მხატვრებისადმი მიძღვნილი ხელოვნების გამოფენებს. ამ გამოცდილებამ კი არა მხოლოდ გააღრმავა ჩემი გაგება, არამედ განავითარა ჩემი გატაცება აზიური კულტურების მიმართ. – რა გამოარჩევს აზიის კულტურას სხვა  ქვეყნის კულტურისგან? –  აზიური კულტურის ერთ-ერთი მომხიბლავი ასპექტია მისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნება. იგი მოიცავს უამრავ ქვეყანას, ენას, რელიგიას, ტრადიციებსა და ისტორიებს. შეუძლებელი იქნებოდა აზიური კულტურის რამდენიმე წინადადებით შეჯამება, მაგრამ ვეცდები გაგიზიაროთ ზოგიერთი გამორჩეული ელემენტი, რომლებიც ხშირად ასოცირდება ზოგიერთ აზიურ კულტურასთან. – აქვს თუ არა ქართულ და აზიურ კულტურას რაიმე საერთო? –  გასაოცარია მაგრამ ქართულ წეს-ჩვეულებებს საკმაოდ ბევრი საერთო აქვს სხვადასხვა აზიური ქვეყნების კულტურებთან. თუ ზოგადად მივუდგებით შეიძლება ვახსენოთ სტუმართმოყვარეობა: როგორც ქართული, ასევე აზიური კულტურები ცნობილია სტუმართმოყვარეობითა და სტუმრების მიმართ პატივისცემით. აქცენტი ოჯახზე: ორივე კულტურა ხაზს უსვამს ოჯახურ ღირებულებებს, უფროსების პატივისცემას, მჭიდრო ოჯახურ ურთიერთობებსა და ოჯახის ერთიანობის მნიშვნელობას. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ არის ტრადიციები რომლებიც შეიძლება ითქვას რომ იდენტურიც კია. მაგალითად კორეული კულტურის მოყვარულებს ალბათ ეცოდინებათ “პანაშვიდის ტრადიცია”, რომელიც ქართულ პანაშვიდს საკმაოდ ჰგავს დაწყებული გარდაცვლილის ოჯახისთვის ფინანსური თანადგომით, გვირგვინითა და გარდაცვლილის ფოტოთი ხელში გასვენების ცერემონიალის გაძღომით, დამთავრებული ქელეხითა და გარდაცვლილის საფლავზე ალკოჰოლის მოსხმით. მსგავსი მსგავსებები არაერთ აზიურ ტრადიციებთან გვაქვს. – იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში გვაქვს კიდევ კორეისა და იაპონიის კლუბი, კოლაბორაციები თუ ეწყობა ხოლმე? – აღსანიშნავია ის ფაქტი რომ უნივერსიტეტში იგეგმება მუსიკის ფესტივალი  რომლის დაგეგმვაშიც 6 კლუბი ერთობლივად ვიღებთ მონაწილეობას, ასევე ჩართულია კორეული კულტურის კლუბიც. როგორც ცალკეული კოლაბორაცია სამწუხაროდ კლუბებს შორის ჯერ არ შემდგარა,  მაგრამ დიდი იმედი გვაქვს რომ ახლო მომავალში შევძლებთ მათთან ერთად უფრო მულტიკულტურული ივენთები შემოგთავაზოთ. –  კონკრეტულად თქვენი კლუბი რას სთავაზობს სტუდენტებს? – კლუბის მთავარი მიზანია საინტერესო ივენთების, საგანმანათლებლო პროექტებისა და სახალისო თამაშების მეშვეობით სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა რომ გაეცნონ აზიურ ტრადიციებს, ისტორიას, ხელოვნებასა და სამზარეულოს. – რას გეგმავს აზიის კლუბი ახლო მომავალში?     15 ივნისს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ფარნების ფესტივალი. ფესტივალი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: quizz on asia : მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის სტუდენტები და ლექტორები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ინტელექტუალურად მასტიმულირებელ ვიქტორინაში, რომელიც ამოწმებს მათ ცოდნას აზიური კულტურების შესახებ. ორიგამის მასტერკლასი: ორიგამის ოსტატები გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას და შეასწავლიან მონაწილეებს ქაღალდის დაკეცვის ხელოვნებას გოს მასტერკლასი: მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გოს გამოცდილი მოთამაშეებისგან შეისწავლონ და აღმოაჩინონ ამ უძველესი სტრატეგიული თამაშის სირთულეები. ინდური ჰენით (ხნით) მოხატვის მასტერკლასი: გამოცდილი ინდოელი არტისტები სტუდენტებს გაანდობენ ამ უძველესი ხელოვნების საიდუმლოებებს და ასწავლიან მონაწილეებს როგორ გამოიყენონ ჰენის პასტა დელიკატური დიზაინის შესაქმნელად. ტრადიციული იაპონური/ჩინური ჩაის დეგუსტაცია: მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ჩაი იაპონიიდან და ჩინეთიდან თამაშები:მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი საინტერესო თამაშები, როგორიცაა ჯენგა, კარტი და ჭადრაკი, რათა ისიამოვნონ მეგობრული შეჯიბრებებით. მინი კონცერტი ცაში ფარნების გაშვება: ცაში ფარნების გაშვება ღონისძიების მთავარი ნაწილია, მონაწილეები ღამის ცაში გაუშვებენ ლამაზად მორთულ ფარნებს, რაც იმედის, სურვილებისა და ახალი წამოწყებების სიმბოლოა. – სტუდენტი როგორ იღებს ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ? -უახლოეს მომავალში დაიდება პოსტები და ასევე მათ პირად სტუდენტურ მეილებზე მიუვათ დეტალური ინფორმაცია და სხვადასხვა მასტერკლასებზე წინასწარ ჩაწერისთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ლინკი: დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კლუბის ფეისბუკ გვერდზე ან მეილზე ( ibsuasiancultureclub@gmail.com ) ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მე “ფეისბუკზე”    მასალის ავტორი: მარი ლეთოდიანი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

,,თითო ადამიანი თითო წიგნია’’… გიორგი სოსიაშვილი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი, რამდენიმე პროზაული კრებულისა და არაერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორია, რომელმაც გასულ წელს, კრებულისათვის ,,ოთხი მოთხრობა“ პრემია ,,საბა“ მიიღო, ნომინაციაში – 2021 წლის საუკეთესო პროზაული კრებული. გარდა ამისა, 2019 წლიდან იგი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია. ამ ინტერვიუში წარმოდგენილია მისი, როგორც მწერლის პორტერეტი და ასევე საუბარია რექტორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.   მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით. ბატონო გიორგი, თქვენ გორის უნივერსიტეტში ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას, ხართ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, კითხულობთ ლექციების ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი ხართ და პარალელურად წერთ წიგნებს, ამიტომ ჩნდება ასეთი კითხვა, თუ როგორი არის თქვენი წერის პროცესი, დღის რა მონაკვეთს უთმობთ შემოქმედებით საქმიანობას? -პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, , რომ მე შემარჩიეთ ინტერვიუსთვის. წინასწარ ვერასოდეს განვსაზღვრავ, რა დროს ვწერ. სამეცნიერო ნაშრომები იქმნება გეგმიურად. თავდაპირველად უნდა წარმოიდგინო ეს სტატია, მონოგრაფია თუ ნაშრომი როგორი სტრუქტურის იქნება და შემდეგ ვიწყებ წერას. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ეს ცოტა რთული პროცესია, ვერ განვსაზღვრავ, როდის უნდა დავწერო, ვინაიდან ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. წერის პროცესი ასევე დამოკიდებულია განწყობაზე, ხან გადის თვეები, როდესაც საერთოდ ვერ ვწერ და ხან ყოფილა შემთხვევა, როდესაც  ორიოდე კვირაში მთელი წიგნი დამიწერია.ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა გონებაში მთლიანი წიგნი მქონია დაწრილი და მისი მხოლოდ ფურცელზე გადმოტანაღა იყო საჭირო. განსაკუთრებული წელი და მოვლენა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენი, როგორც მწერლის ბიოგრაფიაში, რომელია? ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა ჩემი პირველი წიგნის გამოქვეყნებამ. მაშინ ძალიან ახალგზარდა ვიყავი, ცხრამეტი ან ოცი წლის. აგრეთვე ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი მაშინ, როდესაც მოულოდნელად გადმომეცა პრემია ,,საბა’’. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს წიგნს იწონებენ და აფასებენ. თავდაპირველად მითხრეს, გადაცემიდან არიან ჩამოსული გორში და შენგან ინტერვიუს აღება უნდათო, მივედი იმ განწყობით,  რომ მათ დასმულ კითხვებზე პასუხი გამეცა. თუმცა იქ მისულს რატი ამაღლობელი დამხვდა და გადმომცა ჯილდო. მაშინ სიხარულის სტრესიც კი მივიღე. როგორც თავადვე ახსენეთ, ტვ–მონიტორინგისთვის მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში, თითქმის ყველა მწერლის ცხოვრებაში დგება ,,შემოქმედებითი კრიზისი’’, როცა თითქოს ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული და შენ ყოველი დაწერილი წინადადება სიყალბედ გეჩვენება, მაინტერესებს, თქვენ როგორ უმკლავდებით ასეთ მომენტებს? -ძალიან ბევრი მწერლის ცხოვრებაში დგება შემოქმედებითი კრიზისი, როდესაც იდეები გაქვს , მაგრამ ისინი ფურცელზე ვერ გადმოგაგქვს. ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი დამიწერია, ძალიან ბევრი მიმუშავია და მერე ჩემი ნაწერები ჩემივე ხელით გამინადგურებია. ძალიან უმოწყალო ვარ ხოლმე ამ ნაწერების განადგურებაში, არ მიყვარს მათი შენახვა. ის ნაწარმოები, რომელიც ჩემი არ არის, მე არ მეკუთვნის და ძალით დაწერილია თითქოს, არასოდეს უჯრაში არ შემინახავს. თუ გინანიათ რომელიმე ნაწარმოების განადგურება? -ამ პროცესს ძალიან კარგი ნაწერები, მათ შორის მეტაფორები გაუნადგურებია, თუმცა არასოდეს მინანია მათი განადგურება, არადა სრულიად შესაძლებელია , ის კარგი ნაწერები ამოკრიფო და სხვა ნაწარმოებში გამოიყენო, მაგრამ მე ასეთი ჩვევა მაქვს. ჩემი ნაწარმოებები იქმნება მხოლოდ ფურცელზე, ტუშიანი კალმით ან სულაც ფანქრით. ახლა კი მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ–ერთ უმძიმეს თემას, 2008 წლის აგვისტოს ომი, თემა , რომელიც თქვენს შემოქმედებაში ბევრგან ფიგურირებს . მაინტერესებს, რამდენად რთულია ომის კადრების გახსენება და იმ ემოციათა და განცდათა ფურცელზე გადმოტანა, რასაც წერის დროს განიცდით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სოფელ დიციდან ხართ და თქვენთვის ეს თემა ორმაგად ახლობელი გამოდის? თავდაპირველად საერთოდ არ ყოფილა ეს თემატიკა ჩემს შემოქმედებაში. 2008 წლამდე გამოცემული მქონდა არაერთი კრებული, მათ შორის ,,ძმათა მახვილი,, , ,,ახლოა მონასტრამდე’’, საქმე იმაშია, რომ 2008 წლის ომმა ითამაშა გარდამტეხი როლი. ძალიან დიდი ტკივილები შემოვიდა ჩემში და ამან მოიცვა მთლიანად ჩემი აზროვნება, მთელი ფსიქიკა , მთელი ცნობიერი და ქვეცნობიერი პირდაპირ აივსო ამ განცდებით. პირველი მოთხრობა ომის დროს დაიწერა , როცა პირდაპირ ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქში, ეს იყო ,,წერილი კაცობრიობას’’. ომის გარდა სხვა რაღაცებზე ვერ ვფიქრობდი, ბოლოს შევკარი მოთხრობები და ერთ კრებულად გამოვეცი, რომელსაც ჰქვია ,,2008 წლის შვებულება’’. ეს შვებულება ყველასთვის იყო თავზარდამცემი და ტრაგიკული. ამას მოჰყვა სხვა წიგნები, გამოვიდა ,,ჩვიდმეტნი’’, ,,გამორთული მთვარე’’,  ,,მავთულხლართი’’, ამ კრებულში შევიდა მოთხრობა, რომელმაც რევაზ ინანიშვილის პრემია მიიღო. შემდეგ დაიწერა ,,გოდების კედელი’’, ძალიან დიდი ხანი მომიწია ამ რომანზე ფიქრი. პირველი გვერდები ფანქრით დავწერე და ახლაც მეშინია იმ დღეების გახსენება , თუ რას ვეჭიდებოდი, თუმცა ფაქტია, კარგ რამეს შევჭიდებულვარ. რა რჩევას მისცემდით დამწყებ მწერლებს? -პირველი და უმთავრესი, რასაც მათ ვეტყოდი ეს არის საკუთარი სამწერლობო ენის შექმნა, დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა. მე ქართლური მეტყველების გავლენას განვიცდი, ვინაიდან იქ ვცხოვრობ. რა ენაც მესმის დედაჩემისგან სახლში, იმ ენით ვწერ მეც. ეს არის ჩემი სტილი და მიდგომა. აგრეთვე ვიტყოდი იმასაც, რომ თავგადასავლები და მოგზაურობა არის მწერლისთვის ყველაზე მთავარი ამბავი. ყველაზე კარგად გამოგდის ის , რასაც განიცდი, მისი გადმოტანა ქაღალდზე. მწერალი აგრეთვე უდიდესი მსახიობია, გარდასახვას ახდენს ათასნაირ გმირში,მათ გრძნობებს განიცდის. მოგზაურობა მწერლის შთაგონების წყაროს მკვებავია, ამ დროს ბევრ ადამიანს წააწყდები, ბევრთან ისაუბრებ. ჩემი აზრით, თითო ადამიანი თითო წიგნია. აგრეთვე დამწყებმა მწერლებმა ბევრი უნდა იკითხონ, ძალიან ბევრი. ინსპირაციის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ თავგადასავალი, არამედ კითხვა. მე დამიწყია კითხვა და პროცესში გამჩენია იდეა ამ ამბავზე დამეწერა მოთხრობა. როგორც სპორტსმენს სჭირდება მუდმივი ვარჯიში და ფორმაში ყოფნა, იგივე არის მწერალი და შემოქმედი. სულ უნდა საკუთარ თავზე იმუშავო , მწერლობას მიუძღვნა საკუთარი თავი. გიორგი სოსიაშვილი: “დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა”.   როგორც ვიცი, თქვენ მიერ დაფუძნდა ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ და  ხართ ამ კონკურსიის კოორდინატორი, მოკლედ რომ მოგვიყვეთ ამ შესანიშნავი პროექტის შესახებ, გაგვიზიაროთ მომავლის გეგმები და მიზნები. – ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ დავაფუძნე სამი წლის წინ და ის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს. წელს უკვე მესამედ  ტარდება და უკვე ხუთი ნომინაცია გვაქვს წლის საუკეთესო ლექსების კრებული, წლის საუკეთესო პროზაული  მოთხრობა, წლის საუკეთესო  თარგმანი, საუკეთესო ესეისტიკა – დოკუმენტური პროზა და წლის საუკეთესო  -პიესა. ასე რომ , საკმაოდ ბრენდულ კონკურსად გადავაქციეთ ,,მაჩაბელი’’, რომლის დაჯილოდებაც წელს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდება . ბატონო გიორგი, დღევანდელი თაობისთვის, ჩემი თაობისთვის ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი გახდა ევროპული განათლების მიღება, ჩემ გარშემო უამრავ მოწადინებულ და მოტივირებულ ახალგაზრდას ვხედავ, რომლებსაც უცხოური განათლების მიღება სურთ. რა სთავაზობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს ამ მხრივ? -პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა სამ საფეხურიანი, ავტორიზაცია წარმატებით გავიარეთ და მესამე საფეხური დაგვემატა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე გაგზავნის. ჩვენს უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მზარდი მაჩვენებელი აქვს, ასზე მეტი სასწავლებელი გვყავს დამეგობრებული . ჩვენი ბავშვები სწავლობენ იტალიაში, ესპანეთში , პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. თუ სტუდენტს სურს უცხოეთში სწვლა , მთავარია, მან შეიტანოს განაცხადი და ჩვენ მის ხელშესაწყობად ყველაფერს გავაკეთებთ.

„რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები“- მურო გაგოშიძე სწორედ სუხიშვილების მესამე თაობის, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, „რევოლუციური თაობის“ სოლისტი და ქორეოგრაფია. ბავშობიდან ამ დიდი ოჯახის წევრია. მუროს იცნობენ, როგორც მოცკევავეს, მაგრამ საინტერესოა ვინ არის მურო გაგოშიძე ცეკვის მიღმა.           მოგესალმები, მოდი დავიწყოთ თავიდან და მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ: წარმოშობით რაჭველი ვარ, აფხაზეთში ვიზრდებოდი სადღაც 4 წლამდე, არეულობის დროს, იმერეთში დედული მაქვს,  ქუთაისში ვცხოვრობდით 2 წელიწადი, სკოლაში უკვე თბილისში შევედი. როგორ გახსენდებათ აფხაზეთი? არაფერი არ მახსოვს, მაგრამ, იცი როგორ არის? ხო რაღაცას  გრძნობ ადამიანი, მეც ხო ამ პროფესიაში ვარ, აფხაზური ცეკვა, მეგრული მუსიკა ისე რაღაცნაირად მოქმედებს ჩემში, რასაც ვერ ავხსნი ენით ვერასდროს, ოღონდ ეს „ნაღდი“ ამბავია და არა მოტანილი საიდანღაც, ეგრე მოქმედებს, უფრო სხვანაირად ვგრძნობ. ისე, რომ, მახსოვდეს იქაურობა კარგად, არა, მაგრამ ეს ისეთ რაღაცას ასახავს ჩემში, რომ გეგონება იქ დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ და ვბერდები. ალბათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს… თავისთავად, აბა რა, კი, სიმართლე გითხრა, ოჯახის წევრებს დიდად ისტორიები არ მოუყოლია ჩემთვის, ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ გრძნობენ და ხედავენ როგორ აისახება ჩემში იქაურობა იმიტომ, რომ მიყვარს ძალიან მეგრული მუსიკა, როგორც ინსტრუმენტალურად, ასევე ცეკვით, საუბრით. თქვენო აზრით, რომელიმე კონკრეტულ მხარეს მიეკუთვნებით?  ვერ ვიტყვი მაგას სიმართლე გითხრა, აი ამ სამ კუთხეს გამოვყოფდი განსაკუთერეებით: იმერეთი, რაჭა და აფხაზეთი, გურიაც ძალიან მიყვარს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ერთი რომელიმეს შვილი ვარ. მამათქვენიც მოცეკვავე იყო, განაპირობა თუ არა ამან თქვენი პროფესია? კი, მოცეკვავე იყო, ქორეოგრაფი, გალში კულტურის სახლის დირექტორი, ჰყავდა ანსამბლი, ცეკვავდა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლშიც. მახსოვს, ერთადერთხელ ჩამიტარა რეპეტიცია მამაჩემმმა, მაგრამ სულ დავყავდი თავის რეპეტიციებზე, სულ მქონდა შეხება, მერე როცა ოფიციალურად შემიყვანეს ცეკვაზე, როგორც მეუბნებიან, მაშინვე გამოჩნდა, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა. ჩემებმა იმის გამო, რომ ცეკვა გამეგრძელებინა სახლი გაყიდეს, მე კიდევ ლამის წყალში ჩავუყარე, როდესაც ძმას გავყევი ფეხბურთზე და 2 გოლი გავიტანე. თქვენი ოჯახი, ფაქტობრივად, ხელოვნებას ემსახურება, დედა – მომღერალი, ბებო – პოეტი, თქვენს ცხოვრებაში რა ადგილს იკავებს  ხელოვნება? ეგრე რომ მეუბნებია, სიმართლე გითხრა, მრცხვენია-ხოლმე, რადგან ხელოვნება, ჩემი აზრით, უსასრულობის წარმომადგენელია, ამიტომ ვერ ვუწოდებ ჩემს ოჯახს ხელოვანს. მე ყველაფერს, რაც ხელოვნებას ეხება, ქედს ვუხრი და პატივს ვცემ. რომ გადავიდეთ სუხიშვილებზე, მოკლედ რთული იქნება საუბარი, იქნებ, მოგვიყევეთ თქვენი თავგადასავალი სუხიშვილებში ამით ვცხოვრობ, ამით ვცოცხლობ. როცა ტრავმის გამო ვერ ვცეკვავ ხოლმე ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩემში. ხშირად მსნემია ყოფილი მოცეკვავეებისგან,რომ ყოველ ღამე ესიზმრებათ აქაურობა, ღმერთმა მაშოროს ეგეთი რაღაც, თორე ღამეში რამდენჯერმე ვნახავდი იგივე სიზმარს. რაც შეეხება სუხიშვილებს, პატარაობიდანვე განსკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ანსაბლისა და ოჯახის მიმართ, ბუნებრივად, აუხსნელად შემოვიდა ჩემში, ამაზე ვოცნებობდი და მადლობა ღმერთს ამიხდა. კონკრეტულად, რა განასხვავებს სუხიშვილებს სხვა ანსამბლისგან? არის განსხვავება, არ მიცეკვია სხვადასხვა ანსამბლში, მაგრამ მათი ნაცეკვიდან გამომდინარე, მაინც ვხედავ განსხვავებას. აქ არის სხვანაირი თავისუფლება, რაც ხელოვნებას უყვარს, ამ ანსამბლში უსასრულობის განცდა არის. პირველ რიგში არ უნდა დაიკარგოს ქართული სული და ეს უნდა იყოს ღირებული, შენი მოძრაობა რაღაცას უნდა ასახავდეს, ემოციურად, პირველ რიგში. ამაში კი დიდი როლი ითამაშა დიდი ნინოსა და ილიკოს სიყვარულმა. მათი უსაზღვრო სიყვარული აისახება ამ ამბამლში და მიგრძვნია კიდეც. უმცროსი ილიკოსგანაც და ნინოსგანაც ისე დაძმური, მამაშვილური დამოკიებულება მიგრძვნია, რომ მე რამდენი მადლობაც არ უნდა ვუხადო მათ საკმარისი არ იქნება, ერთადერთ,რაც შემიძლია ისაა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვუერთგულო. გავრცელებული აზრით, სუხიშვილების მოსწავლე რომ გახდე, შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე, ეს რამდენად გამართლებულია? ნინო რამიშვილს ასეთი რამ უთქვამს, შენო ადამიანობა მანახეო და ცეკვას მე გასწავლიო. ესაა პირველი დამაკმაყოფილებელი, რაც შეეხება ფიზიკურობას, რა თქმა უნდა, ამხელა დონის ანსამბლში რომ მოდიხარ, რაღაცებს უნდა აკმაყოფილებდე, თავისთავად, როგორც სიმაღლეს, ასევე ფორმას, ტექნიკურობას და ა.შ. მაგრამ თუ ამ ოჯახს ვერ მოერგე, მაშინ იქ ვერ „გაქაჩავ“. სუხიშვილების მესამე თობა განსაკუთრებით გამოირჩევა რევოლუციური თვალსაზრისით, რას ფიქრობთ ამაზე? რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები. ყველა თაობას ახასიათებს, პირველ თაობაში ქალბატონმა ნინომ  და ილიკომ რომ პროგრამა შეადგინეს და კრიტიკა მოჰყვა, დღევანდელი კრიტიკა მასთან შედარებით ზღვაში წვეთია. განვმეორდები, რომ ამ უსარულო ხელოვნებში თუ ათასი სისულელე არ გააკეთე ,კარგს ვერ შექმნი და ვერ ისწავლი. აქაც ესეა, ერთ ადგილას არ ვდგავართ და ვეძებთ, ვაკეთებთ. რთულია ერთი და იგივეს უყურო სულ, მოგბეზრდება. ხალხის აზრი რამნდენად მნიშვნელოვანია? ძალიან, ცხადია, აზრიც უნდა გაითვალისწინო ყველაიანირი, რაღაცას ისწავლი და გამოიტან, ცუდიდანაც და კარგიდანაც. მურო გაგოშიძე, როგორც მამა… ოღონდ მაგას ნუ მკითხავ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად მიფიქრია მაგაზე. რაც არ უნდა აკეთოს მშობელმა შვილისთვის, მაინც მიაჩნია ზღვაში წვეთი, იმხელა სიყვარულს მოიცავს ეს ურთიერთობა. მე მაგალთს თუ მივცემ მათ ჩემი ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე, თორემ რაღაცებს ვერ დააძალებ, რომ გითხრა გადასარევი მამა ვარ-თქო, ვერ გეტყვით. რამდენად გინდათ იგივე პროფესიას გაყვნენ თქვენი შვილებიც? იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა შვილმა სხვა რამე რომ აკეთოს გამიხარდება-თქო, მაშინ მატყუარა უნდა ვიყო, მე როგორც მიყვარს ცეკვა და მსიაოვნებს როგორ არ უნდა მინდოდეს ჩემმა შვილმა იცეკვოს, თანაც ფართო არეალი აქვს გახსნილი, მადლობა ღმერთს, სადღაც-სადღაც მიმიწვდება ხელი, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილი ღირსეულად იშრომებს. ორჯერ ორი რომ ოთხი, ასეთი ნათელია, რომ გენეტიკურად მოჰყვებათ ეს ყველაფერი, ამიტომ ვცდილობ, რომ გაყვნენ ამ გზას. რა პრობლემებს აწყდება დრესდღეისობით მოცეკვავე საქართველოში? დღევანდელი ჩვენი ყოფიდან გამომდინარე არა მარტო მოცეკვავეებს, არამედ ზოგადად უჭირს ხალხს. მაგრამ ერთს ვიტყოდი, რომ ამ დარგს იმდენად გააქვს ჩვენი კულტურა მსოფლიოში, რომ მგონია, უფრო უნდა დაფასდეს, რომ მოდის ახალგაზრდა რაიონიდან, არ აქვს სახსრები, წარმოიდგინე, რომ ემართება რაღაც ტრავმა, ელემენტარული სამკურნალოდ ხომ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა. ამასაც ცოტა ყურადღება უნდა მიექცეს. რამდენად დიდია ნიაზ დიასამიძის როლი თქვენს პროფესიაში, თქვენი საერთო პროექტის, „რქაწითელის“გათვალისწინებით მაგ ადამინაზდ გავიზარდე, ისე მომიყვანა თანამედროვეობამდე თავისი ქართულით, რომ არც ქართული სული დამიკარგავს და არც მისი სმენა. აქედან გამომდინარე, თუ ცეკვა გიყვარს, ნიაზ დიასამიძე ისეთ მუსიკას ქმნის, სულ რომ არ იცეკვო, სირცხვილია. პანდემიის პერიოდში სულ ვფიქორობდი, რომ კომპოზიციებზე რაღაც გამეკეთებინა, ამ ბოლო დროს მომეცა საშუალება და მადლობას ვუხდი ბატონ ნიაზს, რომ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი და მან მომცა თავისუფლება, მიდი და აკეთეო. მასაც, ასე თუ ისე, მოსწონს ჩემი შემოქმედება. თქვენი სტუდიის გახსნაზე არ გიფიქრიათ? როგორ არა, მიფიქრია, მაგრამ გეგმები არ დამიწყვია, რადგან ჯერჯერობით მოქმედი მოცეკვავე ვარ, თანაც ისეთ ანსამბლში და ოჯახში ვარ. მიყვარს და მთელი ჩემი ფიზიკური შრომა აქ ჩავდე, ამიტომ ცოტა რთულია მოწყდე. მე მირჩვენია, ღმერთის წყალობით თუ ყველაფერი კარგად წავიდა, აქ დავრჩე. 7 წლის წინ გახსნეს სუხიშვილების აკადემია, სადაც არამარტო ხალხურ ცეკვას, არამედ ტანვარჯიშს, თანამედროვე ცეკვას ასწავლიან და მეც შემომთავაზეს. მინდოდა რაღაც ახლის გაკეთება, გავხსენი ჯგუფი, სადაც სრული თავისუფლება მაქვს. ამაში დიდი როლი ითამაშა ნიაზმა,პატარა ილიკომ, რომლის ფანტაზია საზღვრებს სცდება, გენიოსია, რომ შემომხედავს, უთქმელად ვუგებთ ერთმანეთს, სხვათაშორის ემთხვევა ხოლმე ჩვენი აზრები ერთმანეთს. გაგიაგიათ თუ არა,  რომ მეორე ილიკოს  გიწოდებენ? გამიგია კი, ილიკომაც მითხრა. ზოგი ისე საუბროს,

– დოდონა, მომიყევი შენს შესახებ – ვინ არის დოდონა ნამორაძე? – დოდონა არის 22 წლის. ვსწავლობ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მარკეტინგის ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსზე. დავამთავრე ინგლისური სკოლა „ნინო“, დამამთავრებელი კლასები ვისწავლე საქართველოში, ხოლო მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ფილიპინებზე ვსწავლობდი.  – ფილიპინებიდან საქართველოში ჩამოსულს გაგიჭირდა თუ არა ადაპტაცია? როგორ ცხოვრობდი ფილიპინებზე?  – თერთმეტი წლის გავხდი თვითმფრინავში და ეს ყველაზე საშინელი დაბადების დღე იყო, რაც კი მქონია. თავიდან გამიჭირდა, რა თქმა უნდა. შემდგომ შემიყვანეს სკოლაში. ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და მომიწია ხელახლა მესწავლა. ფილიპინებზე ყოფნისას, ათი წელი ვთამაშობდი ბადმინტონს, შევისწავლე პროფესიონალურად და დღეს ვარ პროფესიონალი. საქართველოს უნივერსიადაში მეორე ადგილი ავიღე. ასევე, ფილიპინებზე ფრენბურთის გუნდის კაპიტანიც ვიყავი. – პირველად რა სიმღერა იმღერე და როდის? – როგორც მეუბნებიან ვიყავი 10 თვის და პირველად წავიღიღინე „მიყვარს ცეკვა თამაში“.  – როგორც ვიცი, მუსიკოსთა ოჯახიდან ხარ. გაიხსენე, როდის და როგორ გაგიჩნდა ინტერესი მუსიკის მიმართ?  – პირველ რიგში, ჩემს ოჯახში მამის მხრიდან, ყველა არის კლასიკოსი. მამაჩემი კლარნეტისტია, ბაბუაჩემი საქართველოს ოპერის ორკესტრში უკრავდა ვიოლაზე და ბებია ათეული წლებია ფორტეპიანოს მასწავლებელია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს არ მიზიდავდა მუსიკა, ვინაიდან არ მიყვარდა ფორტეპიანოს მეცადინეობა და მაინც დაახლოებით 8-9 წელი მაძალებდნენ. ამავდროულად, ნიჭი მქონდა გენეტიკური და ამ დაძალებაში  ნელ-ნელა შემიყვარდა. დავამთავრე მეათე მუსიკალურ სკოლა, სადაც ქალბატონი რუსუდან მირზაშვილი-ტაბაღუა იყო ჩემი პედაგოგი.  ამ პერიოდში არჩევანის წინაშე ვიყავი – უნდა ამერჩია კონსერვატორია ან უნდა ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში და ბიზნესის მხრივ მესწავლა. ჩემთვის არცერთი იყო ერთმანეთზე ნაკლები. უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამოვწურე თავი და მეტი აღარ მინდოდა ფორტეპიანოს გაგრძელება. ამიტომ, გადავწყვიტე ბიზნეს-ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩამებარებინა IBSU-ში.  – საქართველოში მონაწილეობა მიიღე კონკურსებში “ნიჭიერი” და “X ფაქტორი“. განვითარების რა პერსპექტივა მოგცა კონკურსებმა? – როდესაც გავიგე პროექტ „X ფაქტორის “-ის შესახებ, გადავწყვიტე  მივსულიყავი კასტინგზე. გადავლახე შესარჩევი ტური და გადამიყვანეს კონკურსის შემდგომ ეტაპზე. მაგრამ ფაქტია, რომ გული დამწყდა, როდესაც არაფერი გამოვიდა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებიდან. მე, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, აღარ მინდოდა სიმღერა “X ფაქტორის” გამო და გადავწყვიტე სიმღერის შეწყვეტა. როგორც კი დამთავრდა პროექტი, წავედი ისრაელში, ფესტივალზე, სადაც იყო 200-ზე მეტი კონკურსანტი 12 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა, ძალიან სერიოზული ჟიური იყო და იქ გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. რაც შეეხება “ნიჭიერს”, 2021 წელს დამიკავშირდნენ ამ პროექტზე მომუშავე ადამიანები. მაშინ გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა, როდესაც საერთოდ არ მინერვიულია და ზუსტად ამ დღიდან, სცენაზე საერთოდ აღარ ვნერვიულობ. “ზუსტად იგივე შესაძლებლობებით, რაც საქართველოში მქონდა წავედი ისრაელში. იქ, გავიმარჯვე და აქ, კონკურსის მეორე ტურსაც ვერ გავცდი.”   – რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი ქუჩის მუსიკოსი? – მე, დავივიწყე კონკუსები და ვთქვი, რომ აღარ გამოვალ საქართველოში. სიმღერა მინდოდა, მაგრამ აღარ მინდოდა მემღერა კონკურსებში. ქუჩაში სიმღერა, ვინც მომღერალი არის, ყველამ უნდა გამოსცადოს. ეს არის საოცარი გრძნობა. “ქუჩაში უფრო დიდი თავისუფლება გაქვს და კონკურსზე, უცებ უნდა ჩახედო ჟიურის თვალებში, რომელიც შენ გაფასებს, მაშინ როცა ქუჩაში არავინ არ გაფასებს… უბრალოდ მღერი, რაც გინდა იმას.”     – საბერძნეთის “ვოისში” დიდ წარმატებას მიაღწიე, სადაც მეორე ადგილზე გახვედი. რატომ მაინცდამაინც საბერძნეთის “ვოისი” და როგორ მოხვდი შესარჩევ კასტინგზე? – ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ჩემს ცხვოვრებაში ერთმანეთს.დღე და ღამე საბერძნეთი ჩამესმოდა, ყველა პოსტი საბერძნეთზე მხვდებოდა. ბებიაჩემი, რომელიც 13 წელი მუშაობდა საბერძნეთში და ადრე იშვიათად საუბრობდა საბერძნეთის შესახებ, იმ დროს ხშირად მელაპარაკებოდა-ხოლმე. ძალიან დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. მახსოვს, მიწურულს შევავსე აპლიკაცია და გავაგზავნე, შემდეგ კი რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ.  – რა იყო ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში? – პირველ რიგში, თავი ვიგრძენი დაფასებულად, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა ხელოვანისთვის. მომენტებში არც ფული გაინტერესებს, საერთოდ არაფერი არ გაინტერესებს, მთავარია დაგაფასონ, გისმინონ და არ შეწყვიტონ შენი მოსმენა.   “სულ სხვაა, როცა უმღერი ემიგრანტებს, რომლებიც მონატრებულნი არიან ქვეყანას. ვერავინ ვერ მოგანიჭებს იმ გრძნობას, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც გიმღერის ქართულად შენი ქვეყნის გარეთ.”    – რა შესაძლებლობები მოგცა ათენმა?  – გავიაზრე, რომ თავი უნდა დავიფასო განსხვავებულად. ობიექტურად რომ ვუყურებ ჩემს თავს, არის რაღაც ჩემს ხმაში, რაც ძალიან იშვიათია. მე თუ არ დავაფასე ჩემი თავი, შემდგომ არავინ არ დამაფასებს.  – რას ელოდები შენი თავისგან, როგორც არტისტისგან?  – ველოდები იმას, რომ დავტოვო რაღაც, რაც იქნება სულ, ამაზე ნაკლებს ჩემი თავისგან ვერ და არ ავიტან.  – და ეს „რაღაც“ რა არის? – ეს არის ჩემი შემოქმედება, ჩემივე სიმღერები. დგება დღე მომღერლის ცხოვრებაში, როდესაც გინდა რომ შექმნა შენი სიმღერა, ეს დღეებიც  ნელ-ნელა მოდის და აუცილებლად მალე დადგება.  – რას ურჩევდი დამწყებ მუსიკოსებს, რომლებსაც სურთ თავიანთი თავის რეალიზება ფართო აუდიტორის წინაშე? – პირველ რიგში, ვურჩევდი არა მხოლოდ მომღერალს, არამედ ნებისმიერ ხელოვანს, რომ ჰყავდეს ისეთი წრე, მეორე ოჯახი, იგივე მეგობრები, რადგან სწორედ ისინი უნდა იყვნენ მისი ძალა. როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენზე მეტად უხარია როცა სცენაზე გხედავს, ეს არის ძალიან კარგი გრძნობა. თუ გყავს ისეთი ადამიანი, ვინც არ გგულშემატკივრობს, დამიჯერეთ, ეს უკან დაგხევთ და საკუთარ თავში ეჭვებსაც შეგატანინებთ.   მასალის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

ნიკო ნერგაძე – განათლებით სოციოლოგი, ხოლო პროფესიით ჟურნალისტი, ბლოგერი და პოდკასტერია. რადიოში მუშაობის დაწყებამდე ქართული Playboy-ის რედაქტორი, „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა კი, რადიო “თავისუფლებაში” „ნიკოს პოდკასტის“ წამყვანია. ასევე, ლექციებს კითხულობს ჯიპასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. – მოგესალმებით, მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მაინტერესებს, თქვენთვის  რომელ ფერებთან ასოცირდება ბავშვობა? – ჩემი ბავშვობა ძირითადად 90-იან წლებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ არა მჭახე,  არამედ უფრო მუქ ფერებთან ასოცირდება. დენი არ იყო.. ანუ ჩემი ბავშვობა სახელმწიფოში არსებულ ვითარებასთან იყო კავშირში. – ამ ვითარების მიუხედავად როგორი ბავშვი იყავით? – ძალიან საყვარელი, სათვალიანი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი,  სკოლაში კარგად ვსწავლობდი. – რომელი საგნები უფრო გიყვარდათ? – უფრო ქართული ლიტერატურა, მათემატიკას დაბალ კლასებში კარგად ვსწავლობდი.. მერე უკვე აღარ. – ყველაზე მეტად რა გენატრებათ ბავშვობიდან? –  რავი, რა ენატრებათ ხოლმე?! საჭმელი ახლა უფრო გემრიელია.. არა, მენატრება ის, რომ ბავშვობაში უსაქმურობა უფრო მეტი გაქვს ადამიანს. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები დრო გაქვს, იყო უსაქმური. ადრე ცოტა მეტი დრო გვქონდა მოსაწყენადაც, მაგრამ მაშინ კარგიც იყო. – განათლებით სოციოლოგი ხართ, რატომ აირჩიეთ ჟურნალისტიკა თქვენს პროფესიად? – კარგად ვწერდი თავიდანვე და სკოლაში ვიყავი ჯერ კიდევ, როცა შემთხვევით შევხვდი ბიძინა მაყაშვილს, ჟურნალისტს, რომელიც მუშაობდა გაზეთ „7 დღეში“. მან  შემომთავაზა რაღაცები მეწერა მუსიკაზე. დავიწყე წერა და მას მერე ვმუშაობ ამ პროფესიით. – მუსიკის ჟანრში კარგად ერკვევით, გაქვთ თუ არა ისეთი მუსიკა, რომელიც შერეულ გრძნობებს ბადებს თქვენში? – კი, ყველაზე კარგი მუსიკა ეგეთია, რომელიც თან გასევდიანებს და თან გამხიარულებს.. ბევრია ეგეთი, ახლა ლანა დელ რეი მახსენდება, საზაფხულოდ სევდიანი მუსიკა აქვს, თან რომ გახალისებს და ნოსტალგიურია. – თქვენი ცხოვრების „Soundtrack”-ად რომელ მუსიკას დაასახელებდით? – რთულია, ასე აირჩიო, მუსიკა, რომელიც შენს ყოველდღიურ მოქმედებას უხდებოდეს. ალბათ, რამე ნეიტრალურს და მსუბუქს, ვოკალის გარეშე.. მუშაობაში და სიარულში რომ არ მიშლიდეს ხელს. ჯეი დილლას ალბუმს დავასახელებ. – პოდკასტების ჩაწერა უფრო გიყვართ თუ ბლოგების წერა? – ბოლო დროს პოდკასტებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე ბლოგებს. ალბათ, აქ უფრო კომფორტულად ვარ. – ჩაწერამდე რაიმე ჩვევა ან რიტუალის მსგავსი თუ გაქვთ? – არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე საღამოობით ჩავწერო ხოლმე, ხალხი რომ არ იყოს, ჩემს გემოზე… –  რა სირთულეს წარმოადგენს იყო ჟურნალისტი საქართველოში? – ასე საქართველოში რომ რამე განსაკუთრებული სირთულე იყოს არა, მაგრამ სამუშაო ადგილების სიმცირეა, ხოლო  კონკურენცია დიდი. მედია პოლარიზებულია და ძალიან ცუდია, აირჩიო ერთ-ერთი მხარე. საბედნიეროდ, მე არ მაწუხებს ეგ საკითხი. – თქვენი ცხოვრების რომელ ეტაპს გამოჰყოფდით? – მე ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს, არის ერთ-ერთი ჩემი პირველი სამსახური, როცა „დიჯეი“ ვიყავი რადიო „მწვანე ტალღაში“. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და რადიოსაც უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა. თვითონ საინტერესო იყო საერთო ინტერესების მქონე კოლეგებთან ერთად მუშაობაც. მეგობრები ვიყავით, თან ვერთობოდით.. კარგი დრო იყო მოკლედ. არასდროს დამზარებია სამსახურში მოსვლა. ახლა, რასაც ვაკეთებ ეგეც მომწონს. – რა უპირატესობა აქვს რადიოს? – რადიოში ისაა კარგი, რომ შეგიძლია გახსნილად ილაპარაკო, თან არ ჩანხარ, რაღაც უფრო ინტიმურია. კამერა რომ გიყურებს, მაინც უფრო იძაბები. – ჟურნალისტობასთან ერთად ლექტორის ამპლუაც მოირგეთ, ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლექტორობაში? – ნუ, ლექტორობა ჰობის გამო ნაკლებად ამირჩევია, 15 წელია ვასწავლი და ძირითადად, ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამო. –  რა მოგწონთ და არ მოგწონთ ახალგაზრდებში? – ზოგადად, რაც მომწონს არის ის, რომ უამრავი გონებაგახსნილი ახალგაზრდა მოდის, რომელთაც აზრის გამოხატვა, ჩამოყალიბება არ უჭირთ. არ მომწონს ის, რომ  დავალებების ჩაბარების დრო როცა მოდის, უმეტესობა ცუდად წერს. განა ეს მათი ბრალია? უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდათ სისტემის მიერ, სკოლაში ცოტა მეტი ემუშავათ. – საყვარელი რესპონდენტი თუ გყავთ? – ჩემი მეგობრები, რომლებიც  ბევრჯერ მომიწვევია პოდკასტში. მაგალითად, დათო გორგილაძე და მარი ნიკურაძე. – რა არის ქართველების ყველაზე დიდი მიგნება? – ქართველებისთვის, ვფიქრობ, რომ მაინც კულტურაა ყველაზე მთავარი, ის რაც გვაერთიანებს და ქმნის ერს. მე მგონ,ი „ვეფხისტყაოსანი“ გვკრავს ქართველებს ყველაზე მეტად. – რამდენად თვითკრიტიკული ხართ? – მგონია, რომ ვარ თვითკრიტიკული. ყველას ჰგონია, რომ თავის თავს რეალისტურად აფასებს.. ასე ჩაკირკიტება არ მახასიათებს ყველაფერზე, რაც გავაკეთე ან დაეჭვება, ცუდია თუ კარგი. – რამდენად ითვალისწინებთ სხვის აზრს? – თუ მე თვითონ მომწონს, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმემ რაღაცა მითხრა, წავეკამათები, ვეტყვი: არა, ასე ვხედავ და ასე მირჩევნია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში რედაქტორმა თუ რაღაცა მითხრა,  ვუჯერებ, რადგან გარე თვალი რომ გიყურებს და გირჩევს, კარგია. – სად იმოგზაურებდით და რატომ? – ევროპაში ნაკლებად,  თან ნამყოფი ვარ. ალბათ, სამხრეთ ამერიკაში  ან აფრიკაში. არც ძალიან ტურისტულ ადგილას ჩავიდოდი და არც ისეთ ადგილას, სადაც წყლის ან სხვა ეკოლოგიური პრობლემა, საშიში იქნება. – ადამიანში ყველაზე მეტად რომელ თვისებას გამოარჩევთ? – იუმორის გრძნობას. არ არის აუცილებელი ადამიანი კარგად ხუმრობდეს, მთავარია, უბრალოდ ესმოდეს.. თან იუმორის გრძნობა რა არის?!.. არავინ იცის. – ვინ არის  თქვენთვის სამაგალითო ადამიანი? – ერთი, ვინც ბავშვობაში მყავდა და ახლაც არის – ჩემი ნათლია ბიძინა მაყაშვილი – ვისთან ერთადაც დავიწყე მუშაობა, უბრალოდ კარგი ჟურნალისტი და მაგარი ადამიანი. – საბოლოოდ კი, რას ურჩევდით დამწყებ ჟურნალიტებს? – პირველ რიგში, გადახედონ, ნამდვილად უნდათ თუ არა ჟურნალისტობა. სერიოზულად დაფიქრდნენ.. ჩემმა შვილმა რომ მკითხოს, ჩავაბარო თუ არა ჟურნალისტიკაზე?..  პირდაპირ ვეტყვი, რომ მე მგონი, არა… ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა ტელევიზიაში გადაცემის წაყვანაა. თან ფული არ არის მაინც და მაინც ჟურნალისტიკაში, ამიტომ ბევრი PR-ში მიდის. რთული პროფესიაა და ბევრ პრობლემასთან შეჭიდება გიწევს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე, გიღირს თუ არა.   მასალის ავტორი: თეკლა გვარამია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

IBSU-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომლის პრეზიდენტი ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა. ახლადარჩეულ პრეზიდენტთან პირველი ინტერვიუ უნივერსიტეტის მედია ცენტრის რადიოში, IBSU NEWS-ის წამყვანმა ლიზა პაპასქუამ ჩაწერა.  გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან.      – გამარჯობა ქეთი, მოკლედ რომ გვიამბო რატომ წარადგინე შენი კანდიდატურა თვითმმართველობის არჩევვნებზე? – მოგესალმებით! მე ვარ ქეთი ფანქველაშვილი, ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და უკვე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედი თვითმმართველობის პრეზიდენტი. ერთი წლის წინ, ბევრი სტუდენტის მსგავსად, მეც სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი თვითში (თვითმმართველობაში). თუმცა, თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდი და სწორი არჩევანი გავაკეთე მას შემდეგ რაც თვითმმართველოში ბევრი დეპარტამენტი გამოვიარე, როგორც ჰედის, ვიცე-ჰედის ან რიგითი წევრის ამპულაში. სიმართლე გითხრათ ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიქნებოდი. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ჩემი გუნდის და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ახლა თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ. მე, მივხვდი რომ ჩემი გუნდი მენდო და პოტენციალი დაინახეს ჩემში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე – რატომაც არა და ვცადე. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავდგი ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი. – მე მაინტერესებს, რა არის შენთვის ცნობილი იმ პრობლემების შესახებ რაც IBSU-ს სტუდენტებს აქვთ. – თამამად ვიტყვი, რომ IBSU-ს  შიდა სამზარეულო ჩემზე კარგად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. პრობლემას ვერ დავარქმევ, თუმცა პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია IBSU-ს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ურთიერთობაზე და მათ კავშირზე. სწორედ ამიტომ, მინდა უფრო ადვილი გახდეს ამ ორი სფეროს ერთმანეთთან ურთიერთობა. პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა სტუდენტების ორი ნაწილი: ერთი ნაწილი, რომელიც სრულიად ჩაიკეტა საკუთარ თავში და მეორე ნაწილი, რომლებიც სრულიად მოწყურებულები არიან სტუდენტურ ცხოვრებას და უფრო მეტი და მეტი უნდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რექტორის ბატონი საფეთის ძალიან დიდი მოთხოვნაა რომ უფრო კარგად გაიცნოს სტუდენტები, უშუალოდ გაიცნოს. აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ემსახურებოდეს ამას, რომ მათი ურთიერთობა უფრო უშუალო გახდეს და ადმინისტრაცია არ იყოს რაღაც ორგანო  რომლებთანაც სტუდენტებს შეხება აქ ექნებათ. – ალბათ, ყველა სტუდენტს აინტერესებს თუ რის შეცვლას და გაკეთებას აპირებ, თუნდაც ისეთის რაც თვითმმართველობის წინა პრეზიდენტს არ გაუკეთებია. ალბათ, ყველა პრეზიდენტის მიზანი ეს არის რომ სტუდენტების ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი და სწორედ ამას ვპირდები მეც ჩემს გუნდთან ერთად IBSU-ს სტუდენტებს, რომ ადმინისტრაციისა და სტუდენტების მინდა გახდეს კიდევ  უფრო ღრმა. – ვინ არიან შენი გუნდის წევრები და რა გახდა მათი შერჩევის მიზეზი?  პირველ რიგში მოგიყვებით მათ შესახებ. ალბათ, არასწორი იქნება საუბარი არ დავიწყო ჩემი მარჯვენა-მარცხენა ხელით და საერთოდ ყველაფრით, ჩემი ვიცე-პრეზიდენტით ანა იმედაშვილით. ჩემი გუნდის წევრები არიან კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დელეგატი ლუკა რაქვიაშვილი; ბიზნესის სკოლის დელეგატი ზურაბ ჯებაშვილი; განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დელეგატი ლაშა არაქელოვი და ბოლოს – სამართლისა და  სახელმწიფო მმართველობის სკოლის დელეგატი ვერიკო სირია. თვითმმართველობის არჩევნებამდე, როცა დელეგატების არჩევაზე მიდგა საქმე, დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია  სწორედ ეს იყო. ვეცადე, მეპოვა ადამიანები, რომლებშიც გაერთიანებული იყო მაღალი GPA და ადამიანური და მეგობრული თვისებები. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც პირველი მომივიდა გონებაში და საბედნიეროდ, ახლა ჩემი გუნდის წევრები არიან. – ქეთი, მადლობა ინტერვიუსთვის  ფოტო: IBSU NEWS-0ს წამყვანები თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი და ლიზა პაპასქუა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ქეთი ფაქველაშვილთან ერთად.   მასალის ავტორი: ლიზა პაპასქუა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი   ამავე თემაზე: IBSU-ს სტუდენტური თვითმმათველობის არჩევნები 2023 (ვიდეო)  IBSU-ში თვითმმართველობის არჩევნები 2023 ჩატარდა 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting