შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
როგორ შეცვალა ლენტო ბალიაშვილის ცხოვრება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ
29/11/2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის მეოთხე კურსის სტუდენტს, ლენტო ბალიაშვილს საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება დაეხმარა სრულიად განსხვავებულად დაენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, მისი ხედვა და ინტერესები კი მეტად გაზრდილლიყო. მან IBSU-გან სრული დაფინანსება მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრისთვის ყოველთვიური სტიპენდიაც მიიღო.
ლენტო ბალიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში, Mykolas Romeris სახელობის უნივერსიტეტში Erasmus + გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. აღნიშნული უნივერსიტეტი მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც თავს იყრიან სტუდენტები თითქმის ყველა კონტინენტიდან. აქედან გამომდინარე სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ლენტო აღნიშნავს, მისთვის ენობრივი ბარიერი პრობლემა არც ყოფილა, რადგან საქართველოშიც ინგლისურენოვან სექტორზე სწავლობდა. ლექციების ხანგრძლივობა კი ვილნიუსში ორ საათს შეადგენდა.
ლენტო ბალიაშვილი: „იმუშავეთ საკუთარ თავზე, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს და მათ მიღწევებს, ორიენტირდით თქვენს მიზნებზე და დაიჯერეთ, რომ იმსახურებთ საუკეთესოს“
სწავლის პარალელურად ლენტო არასამთავრობო ორგანიზაციაში, Vilniaus arkivyskupijos Caritas-ში სტაჟირებას გადიოდა და სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და ლტოლვილებთან მუშაობდა.
ლენტო ბალიაშვილი: „ამ ადამიანებთან კომუნიკაციამ მეტად დამანახა მათი საჭიროებები და მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვის აუცილებლობა. გამოცდილებამ, რომელიც მივიღე კიდევ უფრო გაამყარა ჩემი მიზნები მომავალში უცხოეთში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მეტად შემაყვარა დასავლური კულტურა“.
როგორც ლენტო ამბობს, სწავლასა და მუშაობასთან ერთად, გართობისა და მოგზაურობისთვისაც უამრავი დრო რჩებოდა. ესტუმრა ნორვეგიას, საფრანგეთს და გერმანიას. გაეცნო ვილნიუსის ღამის ცხოვრებას. იგი ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე სტუდენტურ ბარ-რესტორნებში, მოლებსა და სკვერებში ატარებდა გარკვეულ დროს.
ლენტო ბალიაშვილი: „ვილნიუსში ყოფნის პერიოდი დაემთხვა შემოდგომა-ზამთრის სეზონს. ამ დროს ლიეტუვაში ძალიან ცივა, ქალაქები საშობაოდაა მორთული და ყველგან საახალწლო განწყობა იგრძნობა. ქუჩებში დარიჩინის საოცარი სურნელი ტრიალებს და საახალწლო სოფლებია მოწყობილი, რაც დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება“.
ლენტოს ლიეტუვაში ყოფნის დროს მკვეთრ კულტურულ თავისებურებებთან გამკლავება არ დასჭირვებია, თუმცა აღნიშნავს, რომ ლიეტუველები მეტად ორგანიზებული და პუნქტუალური ხალხია, ზომიერიებას იცავენ თითქმის ყველაფერში და საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან. მისი თქმით, კოვიდპანდემიის გამო დიდი არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა ყველა შემთხვევაში ლიეტუვას აირჩევდა, იქ არსებული სტაბილური სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული მდგომარეობის გამო. გარდა ამისა, ლენტოსთვის ეს ის ადგილია, სადაც ძველი ეპოქის არქიტექტურა თანამედროვე სტილს ერყწმის და საოცარ გარემოს ქმნის.
თუ სტუდენტს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სურს, მან თვალი უნდა ადევნოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვებგვერდს, სადაც ქვეყნდება სიახლეები. შეავსოს სასურველი აპლიკაცია. შემდეგ მას დაუკავშირდება ადმინისტრაცია და საშუალებას მისცემს თავი წარმოაჩინოს გასაუბრებაზე.
ლენტო ბალიაშვილი: „შერჩევითი ეტაპის შემდეგ, მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ამყარებ კონტაქტს, რაშიც პირადად, მე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამეხმარა. შემდეგ უშუალოდ ქვეყანაში ჩასვლამდე თავად აგროვებ, იმ საჭირო დოკუმენტებს, რასაც ითხოვს მიმღები უნივერსიტეტი და ქვეყანა. მაგალითად, პასპორტი, ვიზა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ. აუცილებელია მონდომება, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მისთვის იყოს შესაძელებლი კონკურენტუნარიან გარემოში თავის წარმოჩენა”.
ლენტოსთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და წარმატებული გამოდგა. რაც მთავარია, მან გააცნობიერა, რომ გაწეული შრომა ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია.
მასალის ავტორი: ანო ტვილდიანი
IBSU ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი
ამავე თემაზე: მარიამ ქობალიას პირველი გაცვლითი პროგრამა ესტონეთში