შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მარიამ ქობალიას პირველი გაცვლითი პროგრამა ესტონეთში

05/11/2022

მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში წელს, პირველად იმყოფებოდა. შავი ზღვის  საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე მესამე თვეა ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის ფილიალში, ინგლისური ენის მიმართულებით სწავლობს.
მარიამი ესტონეთში სპეციალური პროგრამით იმყოფება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტებისთვის შეიქმნა. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მანამდე გალის რაიონის სკოლებში სწავლობდნენ.
კონკურსში მონაწილეობისთვის მარიამმა ონლაინ აპლიკაცია შეავსო, ინგლისურ ენაში ტესტირება და ბოლოს გასაუბრება გაიარა. იგი, სამივე ეტაპის შემდეგ ესტონეთში გაემგზავრა ორ თანატოლთან ერთად, რომლებიც ასევე სტუდენტები არიან გალის რაიონიდან. პროგრამა სრულად დააფინანსა „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“. ახლა, მარიამი სასტუმროში ცხოვრობს, არ იხდის სწავლის გადასახადს, დანარჩენისთვის კი სტიპენდია ჰყოფნის.

ტალინში პირველად ჩასული მარიამი გაოცდა როცა აღმოაჩინა, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ ყველაფერი იკეტებოდა, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების ჩათვლით. მხოლოდ ღამის კლუბები და ბარები დახვდა ღია.

არასოდეს დამავიწყდება ესტონეთში ჩასვლის პირველი დღე. ვიყავი დაბნეული და აღელვებული, რადგან არ ვიცოდი წინ რა მელოდა და როგორ გავუმკლავდებოდი სირთულეებს მათი წარმოქმნის შემთხვევაში. ეს ჩემი პირველი გაცვლითი პროგრამაა უცხოეთში და ახალი გამოწვევების გამო, შიშებიც მქონდა. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ესტონეთმა ძალიან თბილად მიმიღო. შევეჩვიე მარტო ცხოვრებას და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაც ვისწავლე.

მარიამ ქობალია: „მე, სტანდარტული თვალსაზრისით გართობით დიდად არ გამოვირჩევი. აქ, ბევრს ვსეირნობ, თავიდან ძალიან ბევრ ადგილას დავიკარგე, მაგრამ შემდეგ მარტივად შევეგუე გარემოს. მიყვარს ფილმების ყურება და ხშირად დავდივარ კინოში. მაინტერესებს ერთი მუზეუმი – Vabamu Museum of Occupations და საქართველოში გამომგზავრებამდე აუცილებლად მოვინახულებ ჩვენი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროს. 3 თვეა რაც აქ ვიმყოფები და სტიპენდიიდან თანხის ნაწილით უკვე ვიმოგზაურე სტოკჰოლმში, სადაც ფრენა ორივე მიმართულებით 60 ევრო დამიჯდა, ხოლო მილანში – 80 ევრო. ჩემი რუმმეითი მალე პარიზში გაფრინდება და სამგზავრო ბილეთებში სულ 50 ევრო გადაიხადა. მე კი ნოემბრის ბოლოს ჰელსინკში გამგზავრებას ვგეგმავ, ასევე ძალიან იაფად. ადრე, მოგზაურობის ასეთი შესაძლებლობა არასდროს მქონია და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი“.

მარიამმა უცხოეთში ყოფნის დროს აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ნაცნობების ნაწილი თბილისსა და ბათუმში იყვნენ ნამყოფი, საქართველოზე ბევრი რამ იცოდნენ და აინტერესებდათ.

მარიამ ქობალია: „ მე, რაკი გალის რაიონში ვცხოვრობდი, მათ აინტერესებდათ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, რიგითი ადამიანების ცხოვრების წესი და პოლიტიკური ვითარება. სხვათაშორის, ერთმა ესტონელმა ახსენა, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობა ძალიან მოუწესრიგებელიაო. სხვა მხრივ კი მოეწონათ ძველი თბილისი, ბათუმის სანაპირო, აღფრთოვანებული იყვნენ ქართული სამზარეულოთი და აინტერესებდათ ისტორია“.

ხმაურიან თბილისში ცხოვრებას მიჩვეული მარიამისთვის, ყველაზე უჩვეულო ესტონეთის სიმშვიდე აღმოჩნდა.

მარიამ ქობალია: „ალბათ, ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, ზედმეტი სიმშვიდე და რუტინაა. ყოველდღიურობა ესტონეთში საკმაოდ მშვიდია. ადამიანები ერთი შეხედვით ცივები, მაგრამ მეგობრულები არიან. ქუჩაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსაფრთხოა. სწავლის პირველივე დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა სესია ჩაგვიტარეს, სადაც ამ ყველაფერზე გვესაუბრნენ.
პოლიციელები ზრუნავენ ქალაქის სიმშვიდეზე და მზად არიან ნებისიერ დროს დაგვეხმარონ. აქაურობა საკმაოდ უსაფრთხოა. საგზაო მოძრაობაც დალაგებულია.
მეტწილად მშვიდი მძღოლები არიან. თავდაპირველად შოკი მქონდა,
როდესაც გადასასვლელებზე გზას უპრობლემოდ და ნებისმიერ სიტუაციაში გვითმობდნენ, საქალაქთაშორისო ავტობუსშიც კი ღვედის შეკვრა გვიწევს, მიუხედავად იმისა წინ ზიხარ თუ უკან.
ფოტო: ესტონეთი,  ქალაქი სილამიაე, რომლის სანაპიროზე მარიამს განმარტოება, კითხვა და წერა მოსწონს.

მარიამ ქობალია: „ესტონეთში სასაუბროდ ორივე ენას – ინგლისურსა და რუსულს თითქმის თანაბრად იყენებენ. ზოგ რეგიონში, საშუალო ასაკის ადამიანები ინგლისურს ნაკლებად ფლობენ, ამიტომ მათთან კომუნიკაცია რუსულად მიწევს“.

მარიამს ესტონეთში სწავლა არ უჭირს. ინგლისური ენის ცოდნა საგრძნობლად გაიუმჯობესა და აპირებს გამოიყენოს ჟურნალისტიკაში. პროფესიის ცვლილებაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა აინტერესებს კინემატოგრაფია და დოკუმენტალისტიკა.

მარიამ ქობალია: „სწავლა არ მიჭირს, რადგან დროები კარგადაა გადანაწილებული და მეც ვინდომებ, რომ კონკრეტული საგნების დედლაინებში სწორად ჩავეტიო. დამოუკიდებელი სამუშაო ბევრად მეტია, ვიდრე აუდიტორიაში. ბევრი ტესტი და სემინარია. რაც ესტონეთში ვარ, პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ამდენი რამის გაკეთება მარტოს შემძლებია. წლების წინ ამას ვერანაირად გავბედავდი, დიდ შიშთან იყო ამხელა ნაბიჯი ასოცირებული და რადგან გადავლახე ეს შიში, გამოდის, რომ გაბედულებაც აღმომაჩნდა, თავდაჯერებულობაც მომემატა და ბევრ საკითხსაც სხვანაირად ვუყურებ“.

მშვიდ ესტონეთში ყოფნისას, მარიამს, ცოტა მოენატრა საქართველოს ქაოტურ გარემოში ყოფნა, მისი ოჯახი და მეგობრები, რომელთა გარეშე ყველაზე მეტად გაუჭირდა უცხო ქვეყანაში გამგზავრება.

მარიამი, დეკემბერში ასრულებს გაცვლითი პროგრამით სწავლას და  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი გეგმების განხორციელებას უკვე სხვა შემართებით, უფრო გაბედული და თავდაჯერებული აპირებს.

 

ავტორი: თამთა მჭედლიშვილი

შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის, საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting