შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მარიამი – პირველად IBSU-ს რადიოში
07/11/2022
მარიამ გარაყანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. მარიამის გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ მას უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა შეუძლია.
მარიამ გარაყანიძე: “არ არის მარტივი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სტუდენტი, იცხოვრო დამოუკიდებლად, იმუშავო და გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ეს არის ჩემი მთავარი მოტივაციაც და გამოწვევაც, რომ ეს სხვებს დავანახო”
მარიამი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობს და სულ 4 წუთი სჭირდება უნივერსიტეტში მისასვლელად. მას აინტერესებს როგორც თავისი პროფესია, რომელსაც IBSU-ში ეუფლება, ასევე IT მიმართულება და ახლა პროგრამულ ენა “პითონს” სწავლობს.
მარიამმა, მისი მეგობარი ანა ქარელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიცნო. ანა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. გოგონები, ერთად დიდ დროს ატარებენ, IBSU-ში თუ მის ფარგლებს გარეთ.
მარიამი და ანა, პირველად ესტუმრნენ IBSU-ს მედია ცენტრს. პირველი სიტყვები, რაც მათ რადიოს სტუდიაში შესვლისას წამოიძახეს იყო WOW. მარიამმა ეს ასე ახსნა: “რა მაგარია, გამოცდილების მიღების ამხელა შესაძლებლობა რომ აქვთ ჩვენს სტუდენტებს. ყველაზე მეტად მომეწონა IBSU-ს სურვილი და მზაობა სტუდენტებს მისცეს ამხელა შესაძლებლობები”.
მარიამმა ჩვენთან საუბრისას ეს ისტორიაც გაიხსენა: “უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე B კორპუსს სხვანაირი პანდუსი ჰქონდა და მასზე დამოუკიდებლად ასვლა მიჭირდა. ეს რომ IBSU-ს ადმინისტრაციამ შეამჩნია, დაახლოებით ერთ კვირში ახალი პანდუსი დამახვედრეს და ახლა უფრო იოლად გადავაადგილდები”.
მარიამმა და ანამ IBSU-ს მედია ცენტრიდან შეთავაზება მიიღეს, მოამზადონ რადიო გადაცემა საინტერესო თემაზე. შესაძლოა, ეს იყოს საერთაშორისო ურთიერთობები, შესაძლოა – გამოწვევები ახალგაზრდებისთვის თუ სხვა თემა. სტუდენტები ფიქრობენ და თან დარწმუნებულნი არიან, რომ რაც გინდა მოამზადონ, ეს იქნება მაგალითი და მოტივაცია სხვებისთვის.
ფოტორეპორტაჟის ავტორი: ლუკა ამბალია
IBSU ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი