შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
29/11/2024
თამუნა კომლაძე 22 წლის სტუდენტია, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ყოველწლიურად იცრება. ვაქცინის შესახებ ინფორმაციის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ოჯახის ერთ-ერთი ხანშიშესული წევრი, წლების განმავლობაში, გრიპის ვირუსს მძიმე სიმპტომების თანხლებით ებრძოდა.
„გრიპის ვირუსის პრევენციისთვის, ოჯახის ექიმმა, ბებოს გრიპის ვაქცინით ყოველწლიური სეზონური აცრა ურჩია. ვაქცინაციის შემდეგ შევნიშნეთ, რომ მას ვირუსი ან იშვიათად ხვდებოდა; შეხვედრის შემთხვევაში კი მსუბუქი სიმპტომები უვითარდებოდა,“ – ამბობს თამუნა.
მას შემდეგ, რაც ის ვაქცინაციის, როგორც ვირუსის პრევენციის მექანიზმის მუშაობაში დარწმუნდა, გადაწყვიტა, რომ გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად მასაც ჩაეტარებინა, ვინაიდან ყოველ სეზონზე, ვირუსთან ბრძოლა თავადაც უწევდა.
„თავიდან არ მეგონა თუ ეს (ვაქცინა) წარმატებული იქნებოდა. იქამდე ხშირად მიწევდა სკოლის, შემდეგ უკვე უნივერსიტეტის გაცდენა, როცა გრიპის ვირუსი მხვდებოდა. პირველივე ვაქცინამ მიჩვენა აცრის დადებითი შედეგები. აცრიდან პირველივე ზამთარი გადავიტანე ყოველგვარი გრიპისა და გაციების გარეშე,“ – გვეუბნება თამუნა.
მან ისიც გვითხრა, რომ მხოლოდ წინა წელს ვერ მოახერხა გრიპის ვაქცინის გაკეთება და სეზონზე ვირუსის შედარებით მძიმე სიმპტომები განუვითარდა: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი.
„წინა წლის გამოცდილების გამეორება აღარ მინდა, ამიტომ, წელსაც ვაპირებ ავიცრა. მიხარია, რომ ვაქცინაცია არსებობს. გრიპის სეზონზე ყველა ადამიანმა სრულფასოვანი ცხოვრებით უნდა იცხოვროს“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ფიქსირდება სეზონური გრიპის დაახლოებით მილიარდი შემთხვევა, მათ შორის მძიმე ავადმყოფობის 3-5 მილიონი შემთხვევა. ეს ვირუსი ყოველწლიურად იწვევს 290 000-დან 650 000-მდე რესპირატორულ სიკვდილს. გრიპთან დაკავშირებული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის 99% განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება. სიმპტომები იწყება ინფიცირებიდან 1-4 დღის შემდეგ და ჩვეულებრივ, გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა.
ასეთ მოცემულობაში, ვაქცინაცია გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
ექიმი, ლამზირა აბრამიშვილი, გვეუბნება, რომ ბოლო წლებში საჩხერის რაიონის საავადმყოფოსა და ამბულატორიებში (სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში) გრიპის ვაქცინაციისთვის მომართვიანობამ იმატა, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხრიდან, თუმცა ზოგადი მოცვის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის სასურველ დონეზე.
„ჩემს უბანზე, სოფელ არგვეთში, ყოველწლიურად ვაკეთებ 130-150 ვაქცინას, 200 უფრო შეესაბამება რეალურ საჭიროებას. ეს ქრონიკულებში. ჯანმრთელები თითქმის არ იცრებიან. აუცრელობის მიზეზი, რა თქმა უნდა, ინფორმაციის ნაკლებობაა და უფრო მეტად, ინფორმაციის მიმართ სანდოობის დეფიციტი, ანტივაქსერული კამპანიები სოციალურ სივრცეში და სხვა,“ – ამბობს ექიმი.
მისი თქმით, გავრცელებული მითებიდან ყველაზე ხშირად სმენია, რომ ვაქცინაცია ასუსტებს იმუნურ სისტემას და მოქმედებს ფერტილურობის ხარისხზე.
„გრიპის ვაქცინას აქვს მაღალსპეციფიკური დაცვა ვაქცინირებულ პირებში; არ ხვდებათ გრიპის ვირუსი ან გადაიტანენ მინიმალური სიმპტომებით, რაც თავისთავად ამცირებს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას და მასთან დაკავშირებულ გართულებებსა და სიკვდილიანობას. რა თქმა უნდა, არ მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე ორსულობის დროს და ვაქცინირებულ ორსულებს იცავს კიდეც ნაყოფის ანომალიებისგან და გრიპთან ასოცირებული გართულებებისგან,“ – განმარტავს ექიმი, ლამზირა აბრამიშვილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გრიპის გლობალური პროგრამისა და გრიპის გლობალური ზედამხედველობისა და რეაგირების სისტემის (GISRS) მეშვეობით, სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუდმივად აკონტროლებს გრიპის ვირუსებს და გლობალურ საქმიანობას.
„გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად აფერხებს მილიონობით დაავადებას და გრიპთან დაკავშირებულ ექიმთან ვიზიტს. მაგალითად, აშშ-ში, 2019-2020 წლებში, გრიპის ბოლო სეზონის განმავლობაში, COVID-19 პანდემიის წინ, გრიპის ვაქცინაციამ თავიდან აიცილა დაახლოებით 7 მილიონი გრიპის დაავადება, 3 მილიონი გრიპთან ასოცირებული სამედიცინო ვიზიტი, 100,000 გრიპთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაცია და 7,000 გრიპთან ასოცირებული სიკვდილი,“ – ვკითხულობთ ჯანმოს განცხადებაში.
სეზონებზე, როდესაც გრიპის ვაქცინის ვირუსები მოცირკულირე გრიპის ვირუსების მსგავსია, ვაქცინა ამცირებს გრიპის დროს ექიმთან მისვლის რისკს 40%-დან 60%-მდე.
და მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია?
გრიპი (გრიპი) არის პოტენციურად სერიოზული დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგჯერ სიკვდილიც კი. გრიპის ყოველი სეზონი განსხვავებულია და ვირუსმა შეიძლება განსხვავებულად იმოქმედოს ადამიანებზე. ტიპური გრიპის სეზონზე მილიონობით ადამიანი ავადდება გრიპით, ასობით ათასი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია და ათიათასობით ადამიანი იღუპება.
ვინ უნდა ჩაიტაროს აცრა?
6 თვის და უფროსი ასაკის ყველა ინდივიდმა უნდა მიიღოს გრიპის ვაქცინა ყოველ სეზონზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გრიპის სერიოზული გართულებების მაღალი რისკი.
4 ნოემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
„გრიპი, ჩვეულებრივ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან აქტიურდება საქართველოში. ასე რომ, დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს“, – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.
ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაცაა მოსალოდნელი გრიპის სეზონზე.
გთავაზობთ 2024 წლის სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხას:
იხილეთ ბმული: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22
საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრებები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გთავაზობთ მითებსა და რეალურ ფაქტებს:
ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://preview.shorthand.com/CJGOWj1QVzkd4C0b
ავტორი: ნინი შაორშაძე