შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ “პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილთან

10/02/2025

“ვაშუქებთ იმას, რაც საჭიროებს გაშუქებას, ყოველგვარი სუბიექტური აზრის დაფიქსირების გარეშე”

 

დაკო  მაღლაკელიძე

 

 

2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ამბობს, სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და პერიოდული დაპირისპირებებით აღინიშნა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაშლა დაიწყო. დაპირისპირების დროს დაშავდნენ როგორც დემონსტრანტები, ისე ჟურნალისტებიც. „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა და დაკავებისას სცემა, ამბობს, რომ მას გაუსწორდნენ როგორც ჟურნალისტს.

 

-თქვენი შემთხვევა ერთ-ერთი პირველი იყო ამ აქციებზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის კუთხით. ამის შემდეგ შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ უფრო იმატა, ხალხს პროტესტის შეგრძნება უფრო გაუღვივდა. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები, თქვენი აზრით, ქვეყანაში ცვლილებებს დააჩქარებს?

ადამიანებისთვის მხოლოდ ამბის მოსმენა და სტატისტიკის ნახვა საკმარისი არ არის. ვიზუალური მასალა – სურათები და ვიდეოები – მათთვის დიდ როლს ასრულებს და მოტივაციას აძლევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ რისკისათვის.

-შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რა ხდებოდა თქვენს გონებაში თავდასხმის დროს?

იმ მომენტში მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი. გამოძრომას არ ვცდილობდი – მთავარია, როგორღაც გამეძლო, რადგან ვიცოდი, რომ ეს დასრულდებოდა. არ უნდა დამეკარგა კონცენტრაცია, არ უნდა გადამედგა ნაბიჯი, რომელიც ჩემს პროფესიას ეწინააღმდეგებოდა; და არ უნდა ჩავრთულიყავი ჩხუბში. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, რათა თავი დამეცვა.

-კამერით რომ არ ყოფილიყავით, როგორ ფიქრობთ, მაინც დაგაკავებდნენ?

ბოლოს აქციაზე, როგორც მოქალაქე, 17-18 წლის ასაკში ვიყავი. ვფიქრობ, ჟურნალისტი კამერების გარეშე რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, არ დავეკავებინე. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ორი კამერა მეკეთა და პოლიციელებს ფოტოებს ვუღებდი. დამაფიქსირეს, ეს არ მოეწონათ და თვითონაც დაიწყეს ვიდეოს გადაღება. ჩემ გვერდით ჩემი თანამშრომელი ტელეფონით იღებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მე „გამიტაცეს“. ხანდახან ჟურნალისტის სტატუსი უფრო დაცულობას ნიშნავს, რადგან პრესის წარმომადგენელი ხარ; თუმცა, ამ შემთხვევაში, პრესა თავად გახდა სამიზნე.

-აქციების გაშუქების დროს რა გამოწვევებთან უწევთ ჟურნალისტებს გამკლავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძაბულობა მატულობს?

არასდროს იცი, როგორი სიტუაცია დაგხვდება – არ იცი, რა უნდა გეცვას, ან გეკეთოს. საჭიროა სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაცია, როგორც ამინდთან, ასევე, იმ ფაქტორთან, თუ რას გამოიყენებს პოლიცია შენ წინააღმდეგ. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან, რაც არ უნდა მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი ჩანდეს აქცია, შესაძლოა, შენ გვერდით მყოფი ადამიანი აგრესორი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, თუ ისეთ აქციაზე მოხვდი, სადაც ჟურნალისტები არ უყვართ, ვეღარავის ენდობი – ვერც ხალხს და ვერც პოლიციას. ასეთ გარემოში მიდიხარ სრული გაურკვევლობით და ფიქრობ, რომ ძალიან ღრმად არ შეხვიდე. უნდა დაათვალიერო ტერიტორია, შეამჩნიო გასაქცევი გზები და წინასწარ განსაზღვრო, ვის დაურეკავ დახმარებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელია სიტუაციის წინასწარი შეფასება, რადგან მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი.

-როგორ ახერხებთ სიმართლის თქმისა და იმ რისკის ბალანსს, რომელიც შემდგომ შეიძლება ამბის გაშუქებას მოჰყვეს?

რაც არ უნდა პრივილეგირებულ მედიას წარმოადგენდე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი გაშუქებული ამბავი არ მოეწონება. როდესაც მემარცხენეთა საკითხები გავაშუქეთ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ ვაკეთებდით ამას. პრაიდის აქციის გაშუქების შემდეგ კი დიდი კრიტიკა მივიღეთ – „ლგბტ“-ების დამცველები გვიწოდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაშუქებთ იმას, რაც საჭიროებს გაშუქებას, ყოველგვარი სუბიექტური აზრის დაფიქსირების გარეშე.

-თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, რომ თქვენივე უსაფრთხოებისთვის გადაღება უნდა შეგეწყვიტათ?

დიახ, ყოფილა ასეთი მომენტი. 2021 წლის 5 ივლისს მოვხვდი აგრესიული ბრბოს შუაში. იმ დღეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მე უკვე ისედაც ბეიჯის გარეშე, მხოლოდ ტელეფონით ვიღებდი. მაგრამ ერთ მომენტში მარტო აღმოვჩნდი მათ შორის და როცა აგრესიულად დაიწყეს ჩემი გამოკითხვა, რატომ ვიღებდი, შევწყვიტე. მით უმეტეს, იმ მომენტში გადამწყვეტი არაფერი ხდებოდა და ვერც ჩართული კამერა და ვერც ჟურნალისტის სტატუსი ვერ დამეხმარებოდა.

-თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს მოქალაქეებისა და ხელისფლების ურთიერთობას ამ პროტესტების განმავლობაში?

ხელისუფლება სულ უფრო რადიკალური ხდება და აღარ ცდილობს კომუნიკაციას ხალხთან. მანამდეც მიმუშავია ამ პარტიის მმართველობის პერიოდში, თუმცა, მაშინ დიალოგში შედიოდნენ და გარკვეულ დათმობებზეც მიდიოდნენ. ახალი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოება ორად გაყვეს – ერთნი მათი ერთგული მხარდამჭერები არიან, ხოლო სხვები რევოლუციონერებად და რადიკალებად მოიხსენიებიან. ეს კი კრიზისის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს.

“- ჩემთვის საკმაოდ მარტივია, ვიყო ჟურნალისტი, ვიყო მოვლენების ეპიცენტრში და ვაშუქო ამბები. თუმცა, როდესაც გკარნახობენ, რა უნდა გააშუქო და რა – არა, ან რა კონტექსტში უნდა წარადგინო ინფორმაცია, ეს სერიოზული შეზღუდვაა. ჟურნალისტის პროფესია ამის გამო არ აგვირჩევია. ჟურნალისტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლად იმუშაოს და მოვლენები საკუთარ მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით გააშუქოს. “

 

 

 

 

 

 

 

-თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი საქართველოს მომავალზე – როგორც პოლიტიკური, ასევე, სოციალური კუთხით?

როგორც ჟურნალისტი, შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ნებისმიერი დიდი კრიზისი ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი მასშტაბური ცვლილება ხორციელდება, რასაც, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ეს სერიოზულად საყურადღებო სიგნალია. კრიზისს ქვეყნისთვის შეიძლება მოჰყვეს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ზარალი. შესაძლოა, დავკარგოთ პარტნიორი ქვეყნები და უცხოელი ინვესტორები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს. ჩემი პროფესიული გამოცდილება მანიშნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული პოზიტიური სიახლე არცერთი ქვეყნის შესახებ არ გამიშუქებია და ვფიქრობ, არც ჩვენი ქვეყანა იქნება გამონაკლისი.

-რას ნიშნავს თქვენთვის პრესის თავისუფლება, განსაკუთრებით, თქვენი ინციდენტის შემდეგ?

ჩემთვის საკმაოდ მარტივია, ვიყო ჟურნალისტი, ვიყო მოვლენების ეპიცენტრში და ვაშუქო ამბები. თუმცა, როდესაც გკარნახობენ, რა უნდა გააშუქო და რა – არა, ან რა კონტექსტში უნდა წარადგინო ინფორმაცია, ეს სერიოზული შეზღუდვაა. ჟურნალისტის პროფესია ამის გამო არ აგვირჩევია. ჟურნალისტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლად იმუშაოს და მოვლენები საკუთარ მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით გააშუქოს .თავისუფლება – ის, რომ არ გკარნახობენ, როგორ იმოქმედო – უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ჩვენთვის თავისუფლებაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია – უსაფრთხოდ მუშაობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტელევიზიებს ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად ეზღუდებათ და, ფაქტობრივად, საარსებო ზღვარზე იმყოფებიან. მედიის გარეშე კი, თუ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია ვერ მიიღო, სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდებით – ერთგვარ სიმულაციაში.

-მსგავსი ინციდენტები როგორ მოქმედებს ჟურნალისტების სურვილზე, ისევ გააშუქონ კრიზისული ვითარებები?

კრიზისული ვითარებები ჩემთვის უფრო დიდ მოტივაციას ქმნის სამუშაოდ, რადგან ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახოს, რა ხდება ქვეყანაში. ეს მმატებს შემართებას, ვიყო იქ და ვიმუშაო. როდესაც გიყვარს შენი პროფესია და სამშობლო, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, ჩაერთო ამ პროცესში. თუმცა, ყველას ფსიქიკა განსხვავებულია და კრიზისული ვითარებები ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. შესაძლოა, კრიზისმა დატოვოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური კვალი, რასაც შიში და შფოთვა მოჰყვება. მეც, როცა ბევრ პოლიციელს ვხედავ, უკვე წინასწარ ვფიქრობ, რომ რაღაც უარყოფითი შეიძლება მოხდეს. პოლიციის, როგორც სისტემის, იმედი აღარ არსებობს. მაგრამ საფრთხე მხოლოდ პოლიციას არ უკავშირდება – შეიძლება სრულიად უცნობი, გვერდით მდგომი მოქალაქე უმიზეზოდ დაგესხას თავს, რის შემდეგაც ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში ჩნდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემ გარშემო ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამჟამად მედიის როლი, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ქმნის.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting