შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ინტერვიუ ფიტნეს-ინსტრუქტორ ნინო ჩერქეზიშვილთან
10/02/2025
“მარტომ არ უნდა გააკეთო საქმე, თუ დიდი გეგმები და ამბიციები გაქვს”
მარიამ ღურწკაია
ნინო ჩერქეზიშვილი – ბრიტანეთში კვალიფიცირებული ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი, ნუტრიციონისტი, „ჩერის ფიტნესის“ დამფუძნებელი, საავტორო სავარჯიშო პროგრამის „ჩერის მარათონის“ შემქმნელი და საქმიანი დღიურის „ჩერისთან ერთად“ ავტორი. სოციალურ ქსელებში ცნობილია, როგორც „ჩერი“. მის ინსტაგრამ გვერდს 100k-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
– როგორია თქვენი ისტორია: რა იყო მთავარი მოტივაცია კარიერული ცვლილების დროს, როცა ბანკიდან ფიტნესის სამყაროში გადახვედით?
ჩემი ფიტნესკარიერა ბანკიდან წასვლისთანავე არ დაწყებულა. ინგლისში გადავედი სამუშაოდ. თუმცა, მოხდა Brexit და ჩემი კომპანია ვეღარ მასპონსორებდა; ვიზით ან არალეგალად უნდა დავრჩენილიყავი, ან გავთხოვილიყავი. მოგზაურობის შეზღუდვა კი არ მაწყობდა, რადგან ჩემი უფროსი შვილი საქართველოში იყო და ხშირად მიწევდა წასვლა-წამოსვლა. ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი საქართველოში დასაბრუნებლად. დაბრუნებისას მქონდა 3 თვიანი უმუშევრობის პერიოდი და დავიწყე ისევ ჩემს სფეროში სამსახურის ძებნა – ბანკში ან ოფისში. თუმცა, აქაც, რაღაცები დამემთხვა, მაგალითად, მთავრობისა და შრომის კოდექსის ცვლილება. პირველი მოტივაცია უფრო გადარჩენის ინსტინქტი იყო. თან დავიწყე ჩემი შვილის ვარჯიში, რომელიც ბებიებმა ჭარბწონიანი დამახვედრეს. ამ დროისთვის ინგლისში მოხშირებული მქონდა ვარჯიში, კვირაში 3-ჯერ დავდიოდი. კობიკოს ვარჯიშისას დარბაზში სხვებიც გვიერთებოდნენ. 2016 წელი იყო და ვხედავდი, ტრენერები როგორ ოპერირებდნენ. ამის ფონზე, გადავწყვიტე, აკადემიურად შემესწავლა ტრენერობა; წარსული ცოდნა, გამოცდილება გამომეყენებინა და მომავალ პროფესიად მექცია. მინი სტუდენტური ვიზა ავიღე, ლონდონში დავბრუნდი და PERSONAL TRAINING ACADEMY-ში ჩავაბარე. ასე დაიწყო ჩემი ფიტნესკარიერა.
-“ჩერის მარათონს” პანდემიისას ჩაეყარა საფუძველი და დღეს უკვე 30,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. როგორ მოახერხეთ პანდემიური წარმატების გრძელვადიან ბიზნესად გარდაქმნა?
სხვა რომ სერიალებს უყურებდა, მე ვმუშაობდი. პანდემიის პერიოდი ყველამ დასვენებად აღიქვა. რა თქმა უნდა, ბევრ ბიზნესს ჩაეყარა საფუძველი პანდემიისას და, განსაკუთრებით, ონლაინ წამოწყებებს. მაგრამ ჩემ გარშემოც და ამ სფეროშიც ეს პერიოდი ბევრმა დასასვენებლად გამოიყენა. მე კი ისეთ პანიკაში ვიყავი… უამრავი პასუხისგებლობა მქონდა, სტაბილური შემოსავლის გარეშე. ამის გამო, რამდენიმე პროექტი დავიწყე ერთდროულად. მათ შორის „ჩერის მარათონმა“გაამართლა. მეც ჩავეჭიდე და მის მუდმივ განვითარებაზე ვიმუშავე. პანდემიის გახსნა-დაკეტვების დროსაც კი არ ვტოვებდი უყურადღებოდ, რადგან თავიდანვე მაჩვენა, რომ ძალიან კარგი ფინანსური წყარო იყო და, ამავე დროს, უამრავი მადლიერი ადამიანი მყავდა.
-“ჩერის მარათონის” შექმნისას რა იყო ყველაზე დიდი სირთულე და როგორ გადაჭერით ის?
ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ „ჩერის მარათონის“ სიცოცხლისა და გაძლიერებისთვის საჭირო იყო ჩემი ბლოგის გაძლიერება. პარალელურად დავიწყე live ვარჯიშები, რასაც ვაკეთებდი ყოველდღე 6 საათზე. ორი ტელეფონი მქონდა ჩართული, FB და Insta სტრიმები მიდიოდა და იდებოდა თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო ბულინგი, რომლისთვისაც საერთოდ არ ვიყავი მზად. ვერც დავუშვებდი, საწინააღმდეგო რა შეიძლებოდა ჰქონოდათ, როცა ადამიანი უფასოდ ავარჯიშებდათ. მაგრამ ყველაფერზე საწინააღმდეგო აზრი ჩნდებოდა. ასევე, რთული იყო პერიოდი, თანამშრომლების აყვანამდე. დაახლოებით, პირველი 4 თვე ვიყავი თანამშრომლების გარეშე. ეს იყო წარმოუდგენელი შრომა, 24/7-ზე ტელეფონში ვიყავი, რადგან პასუხები უნდა გამეცა 300-500 ქალის ზუსტად ერთი და იმავე შეკითხვისთვის. თანაც, 5 წუთის ინტერვალებით მწერდნენ – ზემოთ ასქროლვა არავის უნდოდა. სანამ ეს დავალაგე და პირველი თანამშრომელი ავიყვანე, მანამდე კინაღამ გავგიჟდი. ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე – ბულინგი და სამუშაოს მოცულობა.
– იყო თუ არა შემთხვევა, როცა ონლაინ ბულინგმა სერიოზულად შეგაშინათ, ან შეაფერხა თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?
შეშინება იმდენად არა, რამდენადაც სარიოზულად მაზარალა მენტალურად. ძალიან გამიჭირდა. წარმოიდგინეთ, ჩემი ყველა ლაივი ტირილით მთავრდებოდა. ოღონდ, მათთან არ მინდოდა მეტირა, მათ, უბრალოდ, ვაგინებდი. როგორც კი ლაივის დასრულების ღილაკს ვაჭერდი, მაშინვე ისე ასხამდა ცრემლები, როგორც მულტფილმებშია. ძალიან დამაზარალა, რადგან ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული და დიდი მენტალური მორყევა. ემოციური და ფეთქებადი ადამიანი ვარ და, ასეთ დროს, ძალიან მიჭირს ემოციების კონტროლი; რაღაცნაირად ვიხარშებოდი და ვითქვიფებოდი ამ ყველაფერში. ხომ შეიძლება რომ „დაიკიდო და გაეშვა“?! მე კიდევ, პირიქით, მინდოდა, რომ ყველასთვის მეპასუხა და ამესხნა. თან რაღაცნაირად მომწონს, როცა ვიღაცას ვუხსნი და ვაგებინებ. ამათ რომ ვერ ვაგებინებდი, ეს უარესად მოქმედებდა ჩემზე. ამ დროს, ძალიან დამეხმარა ჩემს სენსეისთან მივდიოდი, ის იყო ჩემი ფსიქოლოგი, იმ პერიოდში.
-როგორია თქვენი ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი ხედვა – ადგილობრივად, ან, თუნდაც, გლობალურად?
ადგილობრივად აღარ მინდა, რადგან საქართველოს ბაზარი ძალიან არასტაბილური და უსამართლოა. აქ არ აფასებენ პროფესიონალიზმს. რაღაცნაირად მიამიტური ერი ვართ და ეს მიამიტობა ბიზნესის თვალსაზრისით წარმოუდგენელია. სერვისი მიამიტობით და ემოციურად კი არ უნდა აირჩიო, არამედ, იმით, თუ რას გარგებს, რა ბენეფიტები აქვს. გადაწყვეტილება რაციონალურად უნდა მიიღო და არა ემოციურად. საქართველოში კი ბევრ რამეს ემოციები განსაზღვრავს. ჩვენს ბიზნესს ყველაფერი გამოცდილი აქვს – როგორც ერის ბედნიერება, მაგალითად, ფეხბურთების დროს, ისე აქციების პერიოდის უბედურება. ორივემ ერთნაირად გვაზარალა. ხომ ყველაზე ბედნიერები ვიყავით მთელი ერი ფეხბურთის წარმატების დროს, მაგრამ სწორედ მაგ დროს ყველაზე ცოტა ფული გააკეთა ბიზნესმა. სტაბილურობა გვჭირდება. ამიტომაც, გლობალური ასპარეზი მინდა აუცილებლად, მაგრამ რას როგორ მოვახერხებ, ჯერ არ ვიცი.
– რა არის ბიზნესის მართვისას მიღებული მთავარი გაკვეთილი, რომელსაც სხვებს გაუზიარებდით?
ყველაზე დიდი გაკვეთილი ისაა, რომ მარტომ არ უნდა გააკეთო საქმე, თუ დიდი გეგმები და ამბიციები გაქვს. მარტო კეთება და შეჭიდება სისულელეა. პირველი ის არის, რომ ვერ დებ ხარისხს; მეორე – ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც მნიშვნელოვანი გაგეპარება და მესამე არის სუბიექტურობა: დიდი დოზით დაგჭირდება რამდენიმე ტვინი, ვინმე შემკამათებელი ან საქმის გადამანაწილებელი, დამხმარე, რომ ტექნიკურ საკითხებზე არ მოცდე და სტრატეგიაზე იფიქრო.

“თუ კარიერის ცვლილება უნდათ, მაგრამ ეშინიათ, – უნდა დაგეგმონ. ერთი ხელის მოსმით წარმატებული ცვლილება არ მოხდება. გადადებული უნდა გქონდეს საკმარისი თანხა, რომ დაახლოებით 3-6 თვე მაინც შეძლო უმუშევრად ყოფნა. ახალი იდეები არასდროს მოგივა, თუ გონება მიმდინარე საქმითა და პასუხისმგებლობებით გაქვს დაკავებული. აუცილებელია, ეს დაასრულო, წერტილი დაუსვა და გონებას მისცე საშუალება, სხვა რამ გამოსცადოს.”
– თქვენ ბრიტანეთში მიიღეთ ფიტნესის პერსონალური მწვრთნელის კვალიფიკაცია. ინგლისსა და საქართველოს ფიტნესის კულტურებს შორის რა მსგავსებები და განსხვავებები შეამჩნიეთ?
პირველი განსხვავება არის საქართველოში ტრენერებზე არსებული დიდი ვიზუალური წნეხი. ჩვენთან ითვლება, რომ ტრენერი უნდა იყოს ფიტნეს მოდელის ტანზე. ფიტნესმოდელსა და ტრენერს შორის კი ძალიან დიდი სხვაობაა. ფიტნესმოდელის პასუხისმგებლობა არის მისი ვიზუალური მხარე, რომელზეც 24/7-ზე მუშაობს. ტრენერს თუ უნდა, რომ საქართველოს რეალობაში გადარჩეს, დღის მანძილზე 8 საათი მოსწავლეების ვარჯიშით უნდა დაკავდეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღის მანძილზე 8 საათი მუშაობს ან ზის, ფიტნესმოდელის ტანზე ვერ იქნება. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება, რადგან ტრენერი არის ადამიანის აღმზრდელი და ფიტნესის გზის გამზიარებელი, როგორც სპორტის მწვრთნელი. ფეხბურთის მწვრთნელს ხომ არ ევალება, 100%-ით იყოს ფეხბურთელის ფორმაში?! მან უნდა იცოდეს სტრატეგია, რომელი ფეხბურთელი სად დააყენოს და ა.შ. იგივეა ფიტნესის მწვრთნელის შემთხვევაშიც. ასევე, მომხმარებლის მომზადებაშიც ძალიან დიდი სხვაობაა. იქ გარემოც გეხმარება, რომ მეტად მომზადებული იყო. 2017 წელს მაღაზიაში ბუნებრივ პროდუქტებს შეფუთვაზევე ეწერა დღის რაციონისთვის საჭირო 5 ელემენტი. შესაბამისად, ბრიტანეთში როცა მოდიოდა ჩემთან მოსწავლე, ცილის წყაროების ახსნა არ მჭირდებოდა. აქ კი ანა-ბანათი უნდა დაგეწყო. ახლა შედარებით მეტად მომზადებულები არიან, მაგრამ მაინც არის სხვაობა. აგრეთვე, იქ ვარჯიშობენ ჯანმრთელობისთვის, აქ კი ჯერ კიდევ -ვიზუალისთვის. თუმცა, ეს ტენდენცია იცვლება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ბლოგსაც მიუძღვის ამაში წვლილი.
-თქვენს დღევანდელ ბიზნესში რა როლს თამაშობს თქვენი წარსული გამოცდილება ბანკსა და უძრავი ქონების სფეროში?
ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა, რაც მომცა ბანკმა და ფინანსურმა სფერომ. სტრატეგია და გეგმა თუ გაქვს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ასევე, მაქვს დათვლის ჩვევა. მაგალითად, რამდენი მჭირდება გადასარჩენად, რამდენი მჭირდება, რომ ამაზე მეტი დამრჩეს. ეს ყველაფერი ბანკმა მომცა. კლიენტთა მომსახურების სტრუქტურიდანაც ბევრი რამ მაქვს წამოღებული – იქნება მომხმარებლის ამოცნობა, მასზე მორგება თუ სხვა… ემოციურობის მიუხედავად, ბიზნესში რაციონალური ვარ. განსაკუთრებით, ლონდონში 20 წამზე დადიოდა კონკურენცია, მოხმარებლის ქონებასთან დაკავშირებულ მეილს 20 წამში უკვე სხვა სააგენტოდან აქვს პასუხი. ფინანსურ სექტორში გადასარჩენად რაციონალურობა და ურყეობა არის გასაღები, რაც აქ ძალიან მადგება.
-რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ფიქრობს კარიერულ ცვლილებაზე, მაგრამ რისკის ეშინია?
შიში აუცილებლად იქნება, ეგ რომ უთხრა, არ შეგეშინდეს და მიდი, გააკეთეო, – სისულელეა. პირიქით, უნდა შეგეშინდეს, კარგიც არის. შიში რაღაცების კეთებას გაიძულებს. კარიერის ცვლილებას ვინც ფიქრობს, ვეტყოდი, რომ დაგეგმოს. იდეაში, მე გაუცნობიერებლად გამომივიდა. იმიტომ დავგეგმე, რომ ვიცოდი, საქართველოში ჩამოვდიოდი და ეს იყო ჩემი ნიშანი. მაშინვე დავიწყე ჩამოსასვლელად თანხის გადადება. 3 თვე მქონდა სამსახურის დაწყების ლიმიტად და, მართლაც, 3 თვეში წავედი უკან ახალი კარიერისთვის მოსამზადებლად. ზუსტად ასევე, თუ კარიერის ცვლილება უნდათ, მაგრამ ეშინიათ, – უნდა დაგეგმონ. ერთი ხელის მოსმით წარმატებული ცვლილება არ მოხდება. გადადებული უნდა გქონდეს საკმარისი თანხა, რომ დაახლოებით 3-6 თვე მაინც შეძლო უმუშევრად ყოფნა. ახალი იდეები არასდროს მოგივა, თუ გონება მიმდინარე საქმითა და პასუხისმგებლობებით გაქვს დაკავებული. აუცილებელია, ეს დაასრულო, წერტილი დაუსვა და გონებას მისცე საშუალება, სხვა რამ გამოსცადოს.
-ინსტაგრამი როგორ ახდენს გავლენას აუდიტორიასთან თქვენს ურთიერთობაზე?
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ინსტაგრამი და ფეისბუქი ჩემი პირველადი გაყიდვის წყაროა. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩემზეა მობმული და, როგორც გითხარით, ერში ემოციურად მიღებული გადაწყვეტილებების დომინაცია გვაქვს. როდესაც, ერი გააცნობიერებს, რომ ბიზნესში პირველი პროფესიონალიზმია და შემდეგ ემოციური საკითხები, მაშინ აღარ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ. როცა კომპანიის გვერდი იქნება წამყვანი და გამყიდველი, მაშინ სწორად წარიმართება ბიზნესი. სანამ მე ვარ მთავარი – სამწუხაროა. სოცმედიას დიდი ძალა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიზნესი ონლაინ ფორმატშია, ეს ბუნებრივიცაა. სწორედ სოცმედია პლატფორმებია ჩვენი მაცოცხლებელი წყარო.
არის თუ არა ისეთი სირთულე, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაძლიერათ, როგორც პიროვნება?
ზოგადად, ყველანაირი სირთულე გაძლიერებს. მაგრამ არავინ თქვას, რომ კვალს არ გიტოვებს. პატარა ფსიხოზები გრჩება. ამ დროს შენი ნერვული სისტემა უფრო მეტად ცვდება და, თან, ასეთ სიტუაციებთან გამკლავებას სწავლობ. ნერვული ცვეთა გემატება: რაც 10 წლის განმავლობაში უნდა დაგმართოდა, შეიძლება, 2 კვირაში მოხდეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აღდგენა, რომელიც არასდროს მაქვს და დამრჩა ასე გაცვეთილი ჩემი ნერვული სისტემა. უმნიშვნელოვანესია ფსიქიკის სიძლიერეც. შეიძლება, მსგავსმა დარტყმებმა ბევრი დაანგრიოს, ბევრმა კი, პირიქით, პრობლემები გასაძლიერებლად გამოიყენოს. გააჩნია, ვინ როგორ აკონვერტირებს ამ ცხოვრებაში შექმნილ სიტუაციებს.
-კუბელი პარტნიორის და თქვენი კულტურული განსხვავებები, ენობრივი ბარიერი როგორ აისახება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე?
ისე აისახება, რომ ბოლოს ვუთხარი, ჩვენს გადასარჩენად ესპანეთია ბოლო შანსი-მეთქი. მე უნდა ვისწავლო ესპანური, რადგან ის არ სწავლობს ქართულს და ვერ ისწავლა ვერასდროს. ეს ძალიან აისახება ჩვენს ურთიერთობაზე იმიტომ, რომ ბევრი წელია, ღრმა დიალოგი პარტნიორთან არ მქონია. და როცა პარტნიორთან დიალოგი არ გაქვს, მაშინ გაქვს სხვასთან. მე კი დიალოგის გარეშე არ შემიძლია, ამიტომ, სხვასთან მაქვს. კი ვამბობთ, რომ ბლოგი რთულია და ბლოგერობა თუ გინდა, სული უნდა გაყიდო, მაგრამ კომპენსირება მაინც ხდება. ჩემს შემთხვევაში, ოჯახში არსებულ კომუნიკაციის მუდმივ ნაკლებობას ეს ბლოგი მიკომპენსირებს, თორემ, კიდევ უფრო გრძელ პასუხებს გაგცემდი. მაქვს ხოლმე მომენტები, როდესაც მამაკაცური ტვინი მჭირდება, რადგან ქალი ემოციას სადღაც მაინც გაურევს ხოლმე. ამიტომ, ინსტაგრამზეც და ისედაც ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, ვისაც ველაპარაკები, თორემ სახლში Google Translate გვაქვს.
-თქვენი უმცროსი შვილის, მატეოს, აღზრდისას რა გამოწვევებს აწყდებით, როცა ცდილობთ, დააბალანსოთ ქართული და კუბური კულტურების გავლენა მისი აღზრდის პროცესში?
ვაიმე, შაქარი. შაქრის დაბალანსებას ვცდილობ. მე ჩემს პირველ შვილზე გამოვცადე, რა საშინელებაა, ბავშვს აუნაზღაურო ის ყველაფერი, რაც შენ დაგაკლდა ბავშვობაში. ჩემს დროს არ იყო ამდენი სათამაშო, ომობანას ვთამაშობდით და ძალიან ცუდი ხარისხის თოჯინები გვქონდა. კობიკოს დროს კი ისეთი არჩევანი იყო, თანაც, საშუალებაც მქონდა და სულ ვყიდულობდი. საბოლოოდ კი ყოველ კვირა ტომრებით ვაბარებდით სათამაშოებს. ამის გამო, ბავშვს კონცენტრაცია უჭირდა. მერე უკვე გაჯეტებზე გახდა დამოკიდებული და ასე… ავის შემთხვევაში, ჩემს როლში მატეო აღმოჩნდა – ბავშვზე ინაზღაურებს იმას, რაც თავად არ ჰქონია ბავშვობაში. შაქარი უყვარს უსაზღვროდ. წარმოუდგენლად ბევრ ტკბილს ჭამენ კუბაში, ზოგადად, და ცდილობს, მატეოსაც ბევრი შაქარი მიაღებინოს. ამიტომ ყველაზე მეტად მატეოს კვების რაციონის დაბალანსება მიჭირს.
-რას ნიშნავს თქვენთვის “ნამდვილი წარმატება” და როგორ განსაზღვრავთ ამ ცნებას პირადი და პროფესიული თვალსაზრისით?
ჩემთვის წარმატება კომპლექსურია, მხოლოდ ერთ რაიმეს არ ნიშნავს. ზოგადად, მთელი ცხოვრება პატარ-პატარა რგოლებისგან შემდგარი ჯაჭვია და წარმატებული ხარ, როცა რომელიმე რგოლი არ არის დაშლილი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის წარმატებაა, როცა კომ
ფორტი გაქვს პირად ცხოვრებაში და წარმატებული ხარ კარიერაში. მე უფრო კარიერისტი ტიპი ვარ და კარიერაში წარმატება ნიშნავს, რომ ბაზარზე იციან შენ შესახებ, შენზე ლაპარაკობენ, შენი კომპანია ერთ-ერთი წამყვანია და ეს საქმე ემოციურად გავსებს. უამრავი მოწერილი ფიდბექი მახარებს, როცა ვხედავ, როგორ ვეხმარები და კარგისკენ ვუბიძგებ ადამიანს. ეს შემავსებელი შინაარსი და იმის დანახვა, რომ კომპანია წინ არის სტანდარტული კრიტერიუმებით, ჩემთვის ნიშნავს წარმატებას. პირად ცხოვრებაში კი კომფორტი მინდა.