შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხები გამარტივდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. 2025 წელს კი შეცვლილი კანონმდებლობის საფუძველზე არაერთი პირი გაანთავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან. სამსახურების გარშე დარჩენილი საჯარო მოხელეები თვლიან, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს, რადგან თითქმის ყველა მათგანი პროევროპული აქციების მონაწილეა და საქართველოს ევროპული ორიენტაციის მხარდამჭერ პეტიციებზეც აქვთ ხელი მოწერილი.
კანონპროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები – ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მთლიანობაში ცვლილებების მთავარი მიზანი რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა ისე, რომ ამ მოტივით გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემობრუნება ვეღარ შეძლოს
ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ასევე ეხება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნას, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასა და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს
იურისტების თქმით, ახალი მოწესრიგება ამცირებს მოხელის შეფასების პერიოდულობას, რაც 1 წლის ნაცვლად 6 თვე იქნება. ახალი მოწესრიგება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
ამასთან, კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მოწესრიგება ქმნის საფრთხეს, რომ მოხელის შეფასება დაუსაბუთებლად და ბოროტად იქნეს გამოყენებული, როგორც მოხელეთა დასჯის მექანიზმი.
საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ ვარაუდი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გაჩნდა, როცა თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა და 30 ნოემბერს ღია წერილიც გამოაქვეყნა.
რა შეიცვალა?
იურისტმა თამარ სურმავამ მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი ცვლილებები, რაც კანონმა ბოლოს მიღებული შესწორებებით განიცადა.
ცვლილება 1
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან.
ცვლილება 2
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორიცაა, მაგალითად, მინისტრი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს პირს ამ საჯარო დაწესებულებიდან ან უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულს. ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების სწორად შერჩევაზე პასუხისმგებელნი ხდებიან დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო მათი გათავისუფლება არის ძალიან მარტივი – საჭიროა მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილება.
ცვლილება 3
ახალი რედაქციით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე 6 თვეში ერთხელ შემოწმდება, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შემოწმებისა.
ეს ნიშნავს, რომ მოხელეს წელიწადში 2-ჯერ შეაფასებენ და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, იგი სამსახურიდან გათავისუფლდება.
„აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები [მაგალითად დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა.] აღარ ექვემდებარებიან შეფასებას“,
ცვლილება 4
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს – მაგალითად, მინისტრს – მოხელის შეფასების უფლება მიეცა, მისი შეფასების მომენტიდან 1 თვის განმავლობაში.
„ეს ნიშნავს, რომ შეფასების შესაცვლელად საჩივარი აღარ არის საჭირო. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. მაგრამ ურჩად ყოფნა გაჭირდება, რამდენადაც შუა რგოლის მენეჯმენტის გათავისუფლება უკვე მარტივია. შეფასებამ კი მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა“.
ცვლილება 5
ახალი რედაქციით, თუ მოხელე არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
ეს ნიშნავს, რომ თუ მოხელემ მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება ან დაწესებულების ხელმძღვანელმა შეცვალა და შეაფასა არადამაკმაყოფილებლად, მას უნდა დაუკავდეს თანამდებობრივი სარგოს 20%.
ცვლილება 6
ახალი რედაქციით, მობილობის წესი რეორგანიზაციის შემთხვევებზე აღარ ვრცელდება.
ეს ნიშნავს, რომ თუ დასაქმებული რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდება, იგი საჯარო უწყებიდან საერთოდ თავისუფლდება. ცვლილებამდე საჯარო სამსახურს უფლება ჰქონდა, მისთვის იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან მისი კომპეტენციის შესაფერისი ან ნაკლები კომპეტენციის ვაკანსია შეეთავაზებინა.
ცვლილება 7
ახალი რედაქციით, მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.
ეს ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დროს აღარ მოიაზრებენ უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანას [მობილობა აღარ ვრცელდება რეორგანიზაციაზე] და შესაბამისად, საკლასო დანამატის შენარჩუნებას.
„თუმცა, დიდი ალბათობით კანონმდებელს არ გაახსენდა კანონის 103-ე მუხლის მეორე წინადადების დანაწესი, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება”, – ამბობს თამარ სურმავა და ამატებს:
„ხოლო თუ გადაადგილება მოხდა უფრო დაბალი რანგის პოზიციაზე, საკლასო დანამატის შენარჩუნება აღარ არის გათვალისწინებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არის ის, რომ რეორგანიზაციის დროს მოხელე მხოლოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან“.
ცვლილება 8
ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, მას არ მიეცემა არანაირი სახის კომპენსაცია. რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ.
ცვლილება 9
ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ აქტის მოქმედებას არ აჩერებს. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხელეს სამსახურში არ აღადგენენ. მას მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.
„ეს ნიშნავს, რომ რეგულაცია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ძველი ნორმა, რომელიც აწესებდა იძულებით განაცდურზე 3-თვიან ლიმიტს“, – ამბობს იურისტი.
ცვლილება 10
ახალი რედაქციით, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათ მოადგილეები – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები – მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. მათ შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.
„ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს ეს პირები არიან უვადოდ დასაქმებული საჯარო მოხელეები, კანონის ამოქმედების შემდგომ აბსოლუტურად დაუცველები იქნებიან”
მასალაზე მუშაობისას მოვიძიეთ მოკლე ინფორმაცია ავტორიტარულ და დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო სამსახურების მართვის პოლიტიკის შესახებ.
გერმანია
გერმანიაში საჯარო სექტორის რეგულირება და საჯარო მოხელეების სტატუსი სპეციფიკურია და ემყარება ფედერალურ კანონებს, რომლებიც სხვადასხვა რეგულაციებს ადგენს სხვადასხვა სფეროებში. საჯარო მოხელეებს (“Beamte”) უფლება აქვთ მიიღონ განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი, რომელიც სხვა დასაქმებულებთან შედარებით ბევრად განსხვავებულია. გერმანიაში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აქვთ ფიქსირებული ხელფასი და სოციალურ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პირობები. ეს სისტემები მიმართულია იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ სოციალური სანდოობა.
ამერიკა
აშშ-ში საჯარო სექტორის კანონმდებლობა დამოკიდებულია როგორც ფედერალურ, ისე შტატების დონეზე. ზოგადად, საჯარო სექტორში დასაქმებულები, მათ შორის საჯარო მოხელეები, მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, როგორიცაა ფედერალური, შტატური და ადგილობრივი (მუნიციპალური) თანამდებობის პირები. ამერიკაში, განსაკუთრებით ფედერალურ დონეზე, საჯარო სამსახური ძირითადად ემყარება კვალიფიკაციებს. საჯარო მოხელეები და თანამშრომლები ირჩევიან ან დაინიშნებიან ძირითადად მათი კვალიფიკაციის მიხედვით, კონკურსებისა და გამოცდების საფუძველზე. ამ სისტემის მიზანია, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობაზე დანიშვნა და უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმი.
ჩინეთი
ჩინეთში საჯარო სექტორის კანონი და საჯარო მოხელეების რეგულირება ძირითადად სახელმწიფოს და კომუნისტური პარტიის ინსტიტუტებს ექვემდებარება. ძირითადი რეგულაციები და პრინციპები რამდენიმე ძირითად კანონთან და პოლიტიკურ მექანიზმთან არიან დაკავშირებული. ჩინეთის საჯარო სამსახურის მიზანი არა მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაა, არამედ ეროვნული მიზნების და კომუნისტური პარტიის პოლიტიკის ხელშეწყობა. ეს აღსანიშნავია, რადგან მთავრობის და პარტიის სტაბილურობა მიჩნეულია ქვეყნის წარმატების მთავარ ფაქტორად.
ბელარუსი
ბელარუსიაში საჯარო სექტორის რეგულირება და საჯარო მოხელეების უფლებები ასევე განისაზღვრება ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც მოიცავს როგორც შრომის სამართალს, ასევე პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ რეგულაციებს. ბელარუსიაში საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული უფლებები, რომლებიც შეიძლება შეზღუდული იყოს პოლიტიკური გარემოსა და ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბელარუსიაში პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საჯარო სამსახურის რეფორმებზე და ზოგჯერ მასზე გავლენას ახდენენ ქვეყნის შიდა და საერთაშორისო მოვლენები.
გამოხატვის თავისუფლება - სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი
ბოლო პერიოდში საქართველოს საჯარო სექტორებში მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საჯარო მოხელეებს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო უკანონოდ დაატოვებინეს სამსახური. ეს ფაქტი უკავშირდება ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილებას, რომელსაც საჯარო სამსახურის ძალიან ბევრი წარმომადგენელი სასტიკად ეწინააღმდეგება. მათი გათავისუფლება ეჭვქვეშ აყენებს როგორც გამოხატვის თავისუფლების, შრომითი და ადამიანის უფლებათა დაცვას, რაც ფართო დისკუსიას იწვევს ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების და დემოკრატიული პროცესების კუთხით.
მსგავსი ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური უთანხმოებების გამო ადამიანები სამსახურს იძულებით ტოვებენ, რაც პოლიტიკური აქტიურობისა და საზოგადოების თავისუფალი აზრის შეზღუდვისკენ მიგვითითებს.
ჩვენ ჩავწერეთ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ საჯარო სამსახურებიდან განთავისუფლებული საჯარო მოხელეები. ყველა მათგანი სამსახურის დაკარგვას მათ მიერ გამოხატული პროევროპული სამოქალაქო პოზიციის გამო დასჯად აფასებს.
გიგა სოფრომაძე
თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი ყოფილი მდივანი და ახალშექმნილი საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მისი და მისი თანამშრომლების ბოლოდროინდელ აქტიურობას და ამავდროულად დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის დაფუძნებას
აღსანიშნავია, რომ გიგა სოფრომაძე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, იგი ბოლო წლებში ღიად აფიქსირებდა საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით. თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გაემიჯნა “ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას და მათ 30 ნოემბერს ღია წერილიც გამოაქვეყნეს. გიგა სოფრომაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან მუშაობს. იგი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას, როგორც წარმატებულ თანამშრომელს, არაერთი მადლობა აქვს მიღებული პირადად დედაქალაქის მერისგან.
გიგა სოფრომაძის მოსაზრება ვრცლად იხილეთ ვიდეოში.
„მე ვიყავი ამ პროგრამის ხელმძღვანელი და ამ პროგრამის ერთადერთი კადრი, სხვა კადრი არც გვყოლია. ანუ ახლა მე რომ მიშვებენ, გამოდის, რომ ამ პროგრამას აღარავინ ჰყავს, სხვა ადამიანიც კი არ არსებობს, ვინც მის მართვას გადაიბარებს”. – ამბობს ნინო კიკნაძე, რომელიც 2023 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა მედიახელოვნების პროგრამაში გაერთიანებულ ორ პროექტს, რომელთა ფარგლებშიც თბილისმა „იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, ამის შემდეგ კი მედიახელოვნების მიმართულებით „იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა.
ნინო კიკნაძეს 27 დეკემბერს აცნობეს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან მერია მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტდა. აღნიშნულს იგი უკავშირებს მისი მხრიდან “რუსული კანონის” გაპროტესტებას და ბოლო პერიოდში მის სახალხო პროტესტებში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.
“ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო მერია ხელშეკრულებას წყვეტს“.
ამბობს ნინო კიკნაძე
სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლებული, გიორგი აბულაძე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მედიატორი იყო. იგი დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულება საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუწყვიტეს. „ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას“. გიორგისთან ერთად ხელშეკრულება კიდევ ორი მედიატორს შეუჩერეს, რაც მათ პიროვნულ პოზიციასთან პირდაპირ კავშირშია. გიორგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი არ არსებობდა, რადგან მედიატორის როლი დანაშაულის პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე ვიყავი ერთადერთი მამაკაცი მედიატორი და არსებობს საქმეები სადაც მხოლოდ კაცმა მედიატორმა შეიძლება იმუშაოს თავის სპეციფიკის გათვალისწინებით“.
აღნიშნავს გიორგი აბულაძე
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალურ მუშაკს, მარიამ ბურჯანაძეს 25 დეკემბერს ტელეფონით შეატყობინეს, რომ მისი სამუშაო კონტრაქტი 1 იანვრიდან აღარ გაგრძელდებოდა. „რადგანაც ჩვენ გრძელვადინ თანამშრომლობით საფუძველით დავსაქმდით, შესაბამისად არ არსებობდა ამ ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტის საფუძველი“.
„დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ჩვენი პროფკავშირის მიერ გავრცელებიული პეტიციით, რომელზეც ვიყავი ხელმომწერი საჯაროდ“..
ამბობს მარიამ ბურჯანაძე
საჯარო მოხელეები უსამართლო კანონის წინააღმდეგ

თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ყოფილი თანამშრომელი
თაია მახარაშვილი
თბილისის მერიის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი
– ეს პროცესი იყო ბოლო დღემდე გაურკვევლობით და ბუნდოვანებით სავსე. გათავისუფლების დღემდე არაფერი უთქვამთ ამ გადაწყვეტილებაზე. უწყებას დადგენილი ვადები არ დაუცავს და არათუ ერთი თვით, ერთი დღით ადრეც კი არ უცნობებია, რომ სამსახურიდან მათავისუფლებდნენ, თანაც სრულებით გაუგებარი მიზეზით: თითქოს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ნაწილობრივ ვასრულებდი საკუთარ საქმიანობას. არადა, პირად საქმეს თუ ჩავხედავთ, სწორედ წელს მიფიქსირდება გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მეტი ზეგანაკვეთური საათიც კი.
-საჯარო სამსახურის სტაბილურობას, მისი განვითარების განგრძობადობას მოშლის. საჯარო მოსამსახურეებს არ ექნებათ დაწინაურების მოტივაცია, რადგან იციან, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა ნიშნავს ნებისმიერ დროს დათხოვნის კანონიერ შესაძლებლობას ან ამისგან თავის ასარიდებლად არსებული პოლიტიკური ძალისა და მის მიერ შექმნილი მანკიერი სისტემის მუდმივ მაამებლობას. ეს პროცესი შეიწირავს ბევრ ისეთ საჯარო მოსამსახურეს და მის კარიერას, ვისზეც იდგა კონკრეტული უწყება, სამსახური ან დეპარტამენტი და აქვს ინსტიტუციური მეხსიერება. საჯარო სამსახური დროთა განმავლობაში დაკარგავს რეპუტაციას, რომელიც ნაწილობრივ უკვე შელახული აქვს და იქცევა მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასაქმების ადგილას.
– ცხადია ვაპირებ გასაჩივრებას. ძალიან ბევრი მტკიცებულება და არგუმენტი მაქვს საიმისოდ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო. პირველ რიგში, ის, რომ ვიყავი კეთილსინდისიერი თანამშრომელი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით ასრულებდა.
“გათავისუფლების გადაწყვეტილება იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო პოლიტიკური ანგარიშსწორება ჩემსა და სხვა ჩემი კოლეგების მიმართ”.
მარიამ სირაძე
სოციალური მუშაკი, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ათავისუფლებენ.
“ვფიქრობ ჩემი გათავისუფლება დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩემს მიერ ღიად გამოხატულ პოზიციასთან”

მარიამ სირაძე – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
2024 წლის 25 დეკემბერს, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, მე და ჩემს კოლეგებს მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ჩვენსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყდა და აღარ გაგრძელდებოდა 2025 წლის 01 იანვრიდან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ არ უძღოდა არანაირი წინაპირობა, მაგ: დისციპლინური დარღვევა ან სამსახურეობრივი გადაცდენა, საყვედური ან გაფრთხილება.
-პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუდმივად დგას კადრების კრიტიკული დეფიციტი, განსაკუთრებით სოციალური მუშაკების, ჩვენი მყისიერი დანიშვნის საფუძველიც სწორედ ეს გახლდათ, რომ ზაფხულის თვეში, სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა ოფიციალურად მიმართეს სააგენტოს დირექტორს კადრების დამატების შესახებ, რის შემდგომაც მე და ჩემი კოლეგები დავინიშნეთ ხელშეკრულების საფუძველზე. 4 თვის შემდგომ გვაქვს სულ სხვა სურათი, კვალიფიციური, შესაბამისი აკადემიური განათლების მქონე და რამდენიმე წლიანი გამოცდილების მქონე კადრებთან წყვეტენ შრომით ხელშეკრულებას. იმის გამო, რომ მე ღიად გამოვხატავდი ჩემს მოსაზრებებს სოციალურ ქსელებში და პირად საუბრებში, სამსახურიდან მათავისუფლებენ. გარდა ამისა, ვარ პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებული პეტიციის ხელმომწერი, რომლითაც მე და ჩემი კოლეგები ვემიჯნებოდით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.
ვინაიდან სოციალური მუშაკები ვართ იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ორიენტირებულები ვართ ადამიანთა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაზე, მათი ფუნქციონირების აღდგენაზე, კეთილდღეობის შექმნაზე, დახმარებაზე, ბუნებრივია აღნიშნული გადაწყვეტილებით სწორედაც მომსახურების მიმღებ პირებს (ბენეფიციარებს) მიადგებათ უდიდესი ზიანი. აღნიშნულ უწყებაში, სოციალური მუშაკების უმთავრესი მიზანი დანაშაულის შემცირებაა. ჩვენი მთელი რესურსი მიმართული იყო იქით, რომ მომხდარიყო ამ ადამიანების (სამიზნე ჯგუფები:პირობით მსჯავრდებულების, განრიდების პროგრამაში ჩართული პირების, უვადო და ყოფილი პატიმრების) საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, რასაც მინიმუმ 6 თვე სჭირდება. აღნიშნულ პროცედურებს კი წინ უძღვის რაპორტის დამყარების და შეფასების ეტაპები, რომელიც ცალკე გონივრულ ვადაში უნდა შესრულდეს.
–ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი. ჩვენს უფლებებს იცავს სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაწყებულია კოლექტიური დავის პროცედურები. სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, შრომის კოდექსის შესაბამისად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა მედიაციის დაწყების მოთხოვნით. თუკი მედიაცია შეთანხმებით ვერ დასრულდება, შესაძლოა გაფიცვის გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.
იურისტის შეფასება
საფრთხე თუ გამოსავალი?
უფლებების დარღვევა და სისტემური პრობლემები
„2016 წლიდან დღემდე ვაწარმოებ შრომით დავას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, 2020 წლიდან კი ვიმყოფები მტრულ სამუშაო გარემოში” – ამბობს მარიამ თაყაიშვილი, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ კომუნიკაციების და პროტოკოლის სამსახურის კომუნიკაციების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი
არაკანონიერი და უსამართლო რეჟიმის მხილებისთვის მარიამ თაყაიშვილი 2016 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს. “მე და ჩემს თანამშრომლებს გაგვიჩნდა უსამართლობის განცდა, რის შედეგადაც ვამხილეთ მაშინ მიმდინარე ნეპოტიზმი, კორუფცია, კონკურსების გაყალბება და ის, რომ რესურსები არასწორად იყო მიმართული თავდაცვის სექტორში. სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც სამსახურიდან გაგვათავისუფლეს”. „თეთრი ყვავები“ ასე ახასიათებს მარიამ თაყაიშვილი ადამიანებს და მოხელეებს, რომლებიც სასამართლო წესით არიან აღდგენილნი თანამდებობებზე. “ეს ადამიანები განიცდიან განსხვავებულ დამოკიდებულებას, ხდება მათი განცალკევება სხვა თანამშრომლებისგან, რადგან არ არიან ჩართულნი ორგანიზაციის საქმიანობაში”.
მარიამის აზრით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, აბსოლუტურად შლის საჯარო მოსამსახურის და მოხელის ინსტიტუტს. გარდა ამისა, საჯარო სექტორებიდან საჭირო კადრების გათავისუფლება და შემცირება ძალიან დიდ საფრთხეს მოუტანს სახელმწიფო სტრუქტურას. „ძალიან ბევრს არ ააქვს გამბედაობა, რომ ბოლომდე თავისუფლების დასაცავად იბრძოლოს”.
იურისტი და საქართველოს პროფესიული გაერთიანების დირექტორის მოადგილე, თამარ სურმავა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სტადარტებს.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიზანზე, კანონში შეტანილ ცვლილებებზე, საჯარო მოხელის უფლებებზე და არსებულ რისკებზე, რომლებიც ადამიანების გამორჩევის საფრთხეს წარმოადგენს.
ვრცლად იხილეთ ვიდეოში:
“ჩემი პირადი ინტერესია გავიგო, თუ სადამდე მივა სახელმწიფო მანქანა და როგორ შეძლებს ამ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესუსტებას” – ამბობს მარიამ თაყაიშვილი.
დასკვნა
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციებისა და საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებების პარალელურად, საჯარო მოსამსახურეებმა დამოუკიდებელ პროფესიული კავშირები დააფუძნეს. პროფკავშირი, დამფუძნებელთა თანახმად, ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, რომლებმაც „საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
პროფკავშირი გეგმავს, რომ დღის წესრიგში დააყენოს „იმ რეპრესიული აქტის საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში “პოლიტიკური წმენდის დაკანონებას“.
28 ნოემბრიდან, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, არაერთმა საჯარო მოსამსახურემ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.
ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, რითაც აკრიტიკებენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა თავდაცვის სამინისტროს, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა თუ სხვა არაერთი უწყების თანამშრომლების ნაწილმა.
მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა, საზოგადოების სხვა ჯგუფების მსგავსად, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „საჯარო მოსამსახურეების მარში“ კი დეკემბერს ჩატარდა.
ავტორები: მარიამ ეგაძე , ლუკა ამბალია