შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
არ დაბადებული გოგონების ხსოვნას „ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემი მეუღლე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ჩვენი გოგონა რომ წამოიზარდა ისე ექცეოდა, ისე ზრდიდა როგორც ბიჭს, ბარბების მაგივრად მანქანებს ყიდულობდა, სახლში სულ ან ჭიდაობას ასწავლიდა ან ბურთით ათამაშებდა. მისი ოცნება იყო ბიჭი ჰყოლოდა და ამას უკვე ვეღარც მალავდა, თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ საკუთარი შვილების „მკვლელობაზე“ იყო წამსვლელი,“ – ამბობს 22 წლის ელენე, რომელიც ორი შვილის დედაა და მეუღლესთან ერთად კახეთში, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ოჯახი სამი წლის წინ შექმნეს და პირველი გოგონაც მალევე შეეძინათ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ელენე მალევე დაორსულდა, თუმცა როცა მისმა მეუღლემ სქესი გაიგო და გაარკვიეს რომ ისევ გოგონა უნდა ჰყოლოდათ ელენეს აბორტის გაკეთება მოსთხოვა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, – „არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, არ ვიცი რატომ დავთანხმდი, სამჯერ, სამჯერ მოვკალი საკუთარი შვილი. მხოლოდ იმიტომ რომ გოგონა იყო და ჩემს მეუღლეს არ უნდოდა კიდევ ერთი გოგო ჰყოლოდა. ძალიან შეიცვალა, სულ ვჩხუბობდით, ყველაფერს მე მაბრალებდა, მეუბნებოდა რომ არ შემეძლო მისთვის ბიჭი გამეჩინა. დღემდე არვიცი რამ დამასუსტა ასე, ან პირიქით, რამ მომცა იმის ძალა რომ ჩემი პატარა გოგონებისთვის სიცოცხლე მომესწრაფებინა“. დღეს, ელენე 5 თვის ორსულია. ამჯერად, ოჯახი ბიჭს ელოდება – „როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი თქმისაც კი მეშინოდა. მეგონა, კიდევ ერთხელ, მომიწევდა იმავეს გაკეთება, ამას ვეღარ გადავიტანდი. ჩემს შვილთან ერთად მოვკვდებოდი. ბიჭი აღმოჩნდა და ჩემს მეუღლეს ძალიან გაუხარდა. არ ვიცი რას ვგრძნობ, ვეღარაფერს ვგრძნობ დანაშაულის გრძნობისა და სინანულის გარდა. არ ვიცი, საერთოდ, როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას. ჩემს თავს მიზეზს ვეკითხები და პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, არ შემეძლო იმ ზეწოლისთვის გამეძლო, რომელიც ჩემი მეუღლის მხრიდან მოდიოდა.“ – ელენემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი იღებს. სელექციური აბორტი წლების განმავლობაში იყო და დღემდე რჩება უდიდეს პრობლემად ქართულ საზოგადოებაში. „როცა ბავშვს სქესის საპირისპიროდ ექცევიან ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს მის ფსიქიკაზე და მომავალ განვითარებაზე. შესაძლოა ამან მის თვითშეფასებაზეც იმოქმედოს და თავი არასასურველად მიიჩნიოს.“ – ამბობს აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თეკლა კვინიკაძე – „საზოგადოება და ჩვენი კულტურა ქმნის თითოეული სქესისთვის განსაზღვეულ ნიშნებს ნორმებსა და წესებს. ბავშვი ამ ნორმებს ითვისებს და შემდეგ, როცა მას სქესის საპირისპიროდ ექცევიან უამრავი კითხვა უჩნდება, მან არ იცის როგორ მოიქცეს, დიდი შანსია საკუთარ თავში ჩაიკეტოს.“ ფსიქოლოგი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასაც უსვამს ხაზს და ამბობს რომ საქართველოში მრავალი წელია მსგავსი სატატისტიკაა – „ჩვენს ქვეყანაში ძველი დროიდან მოყოლებული ოჯახების გენდერული შემადგენლობა რეპროდუქციული სტრატეეგიის განმსაზღვრელია. მინიმუმ ერთი ვაჟის ყოლა ყველა ოჯახისთვის აუცილებელი იყო, ამიტომ ისინი იქამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ვაჟი არ ეყოლებოდათ. თანამედროვე ტექნელოგიების განვითარებამ საშუალება მისცა საზოგადოებას არასასურველი სქესის ბავშვი მოიშორონ აბორტის საშუალებით. ვთვლი რომ სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გაზარდა სელექციური აბორტების ზრდა.“ სამეცნიერო პორტალი „დოქტრინას“ კვლევების მიხედვით, ბოლო 25 წელში 31 446 გოგონას სიცოცხლე შეეწირა სელექციურ აბორტს. დაბადებამდე სქესის განსაზღვრა და სქესის მიხედვით ოჯახის დაგეგმვა კულტურული ფენომენია და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში გენდერული დისბალანსია. „ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პაციენტები სქესის გაგების შემდეგ, ბავშვის გაჩენაზე ყოყმანობენ, მათ კი პაციენტის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლიათ.“ – ნათქვამია სამეცნიერო პორტალ „დოქტრინას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ 2014 წლის ოქტომბერში აბორტის მიმართ რეგულაციები გამკაცრდა. 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურების, ან სამედიცინო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან სტატისტიკა არ იკლებს. გაეროს მოსახლეობის ფონდმა და მსოფილიო ბანკმა საქართველოში ჩაატარა გამოკვლევა. მათი ინფორმაციით, საქართველოში სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლებში, დაახლოებით, 25,000 გოგონა „გაქრა.“ მათივე ინფორმაციით, თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის – 40,000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 80,000-მდე გაიზრდება. თინათინ სიხარულიძე
ადა 30 წლისაა, ეთნიკურად ბოშა და თბილისში ნივთებს ყიდის: სუნამოებს, ელექტრო სავარცხლებსა და თმის მოვლის საშუალებებს. თავიდან, როდესაც ვკითხრე დისკრიმინაციის შესახებ, მითხრა, რომ მას დისკრიმინაცია არ ეხება. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ადგილიდან აძევებენ. ,,მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ და ,,ციგნებს“ გვეძახიან. ჩვენ ასე ვშოულობთ ფულს და ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ადა და გვიყვება ზოგჯერ მძღოლები როგორ ეჩხუბებიან და მაწანწალას ეძახიან. ეს, კი მისთვის შეურაცხმყოფელია. ხშირად ეჩხუბებიან და დასცინიან მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტროში) სამოწყალოდ გამოსულ არასრულწლოვან ბოშებსაც. ბავშვები, რომლებიც წესით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უნდა დადიოდნენ მოწყალებას ითხოვენ მეტროს მგზავრებისგან. „ხშრად მიწევს მეტროთი მგზავრობა, ვარკეთილის მეტროდან დიდუბემდე თითქმის ყველა გაჩერებაზე მოწყალების სათხოვნელად ხელგაწვდილი პატარები დადიან… ხშირად, ეს პატარები აგრესიულებიც კი არიან, თუკი მათ დააიგნორებ. გუშინ შევესწარი ფაქტს, რომ მეტრშოში, ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს მოწყალებას სთხოვდა, ის კი ყურადღებას არ აქცევდა, პატარა ბოშამ ფეხების რტყმევა დაუწყო… საოცარი მოთმინების უნარი გამოიჩინა მგზავრმა, რომ პასუხი არ დაებრუნებინა აგრესიული პატარ ბოშასთვის,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ყიველდღიურად სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. თუმცა, არაოფიციალურად, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით, დისკრიმინაციის ფაქტები, ბოშათა შემთხვევაში, არ შემცირებულა. ,,დისკრიმინაციისა და ჩაგვრის თვალსაჩინო მაგალითები, როგორც ესეთი, ეთნიკური ნიშნით, ჩვენდა სასიხარულოდ, აღარ გვაქვს, თუმცა ბოშების თემი არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა მშობლები სკოლასა და ბაღში აპროტესტებდნენ, რომ არ უნდოდათ მათ შვილებს ბოშების გვერდით ესწავლათ. შემდეგ, ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი და ეს რამდენიმე შემთხვევა აღიკვეთა. თუმცა, ბოშა საზოგადოებას რომ ვკითხოთ, სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო, საზოგადოების დისკრიმინაციის გამო, ხშირად ექმნებათ პრობლემები, ადამიანური თვალსაზრისით, რადგან, მათი არაპირდაპირი დისკრიმინაცია ხდება,“ – ამბობს საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიცერი, ადამიანის უფლებების საკითხებში, დენოლა ჩხარტიშვილი. სახალხო დამცველის, 2017 წლის, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ,,2017 წლის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიუხედავად, არსებული სირთულეების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები არ იყო სათანადოდ ეფექტური და გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია.“ აღნიშნულ ანგარიშში, ყურადღება გამახვილებულია, განათლების ხელმისაწვდომობასა და სახელმწიფო სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ძალიან დაბალ მაჩვენებელზე. ბოშათა შემთხვევაში, უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. PHR-ის ანგარიშის მიხედვით, ,საქართველოში ბევრ ბოშა მოქალაქეს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო ბოშა ბავშვების სკოლაში დასწრების მაჩვენებელი დაბალია. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ბოშა ბავშვებს ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა უწევთ. სახელმწიფოს არ გააჩნია სტრატეგიული ხედვა მათი მძიმე პირობების შესამსუბუქებლად. კომიტეტი ასევე მიუთითებს ბოშათა თემში, ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე. ,,ბოშები სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც საქართველოს სხვა მოქალაქეები. სხვა დამატებითი სოციალური პაკეტები არ გვაქვს.“ გამომდინარე იქედან, რომ ბოშათა უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ვერ სარგებლობენ შეღავათიანი პაკეტებით. – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ,,დისკრიმინაციის მსხვერპლნი მთელი რიგი ფსიქოლოგიური თავისებურებებით გამოირჩევიან. პირველ რიგში, თვალშისაცემია, დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს დამცირება და შეურაცხყოფა. ეს კი ნეგატიურ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, თავს იჩენს დეპრესია და სხვადასხვა ტიპის ნევროზულ-შფოთვითი აშლილობები,“ ამბობს ფსიქოლოგი ლელა სტურუა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები ბოშები სტერეოტიპული დამოკიდებულებების, განათლების ხელმიუწვდომობისა და სოციალური არამდგრადობის გამო, მაინც ვერ ახერხებენ საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას და ხშირად დაცინვისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. ფოტოზე ბოშათა დასახლება ქობულეთში თამარ იაკობაშვილი
ძირში ტანსაცმელს ვალაგებ, მერე კარავს, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები სულ ზემოთ უნდა იყოს, ქვესაგებს, საძილე ტომარას და გამოსაცვლელ ფეხსაცმელს ჩანთაზე ვამაგრებ. ივლისის მიწურულია, მოგზაურობა იწყება. მანქანაში უხერხული სიჩუმეა, თანამგზავრებიდან თეოს და ვანოს ვიცნობ, წელს თამთა შემოგვემატა, ასევე ადელკა და ევა, ჩეხეთიდან. პირველი გაჩერება ტბათანაა, სადამდეც მანქანით მივდივართ. მომდევნო დღეებში არც სამანქანე გზა იქნება და არც ტელეფონებს ექნება მიღება. გაგვიმართლა – არ წვიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ დასაბანაკებელ ადგილამდე ამოსვლას ვერ შევძლებდით. წვიმიან ამინდში გზა ფაქტობრივად იკეტება და ტბათანამდე მისვლა შეუძლებელია, კარგი ამინდის შემთხვევაშიც რთულია ამ გზის გავლა, რომელიც ციცაბო აღმართებისგან და დიდი ნაპრალებისგან შედგება. ტბათანა ადრე დასახლებული ადგილი იყო, აქაურობა ხის ქოხების ნარჩენებით არის მოფენილი, მხოლოდ ერთი ქოხი დგას დაუზიანებლად, რომელსაც რამდენიმე წელში ერთხელ თუ აკითხავენ მფლობელები რამდენიმე კვირით. ვრცელი საძოვრები, სოფელი და გარემო მიტოვებულია, ირგვლივ მწვანე მთები და საოცარი ჰაერია, სიჩუმეს არაფერი არღვევს. ღამეს ერთ-ერთი მიტოვებული ქოხის ნანგრევებში ვათენებთ და დილის 5 საათზე გზას ვაგრძელებთ. ჩემს ბარგს საღებავებით სავსე ჩანთასაც ვუმატებთ, ჩვენი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბილიკების მონიშვნაა, რათა ლაშქრობის მოყვარულებმა გზის გაგნება შეძლონ, ჩვენ რამდენიმე მოხალისე ვართ, რომელიც ამ საქმეს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ეს ენთუზიაზმი და დროის გამონახვა დიდხანს შეიძლება არ გაგრძელდეს და ამ შემთხვევაში, არ იარსებებს ადამიანი, ვინც იზრუნებს იმაზე, რომ ამ მთებში მიმავალი გზა არ დაიკარგოს. პირველი სირთულე საქისტოს მთის ავლაა, ციცაბო აღმართზე გაჭრილი ბილიკი, კლდეებით არის შემოსაზღვრული, 2000 მეტრზე მაღლა ვართ და მზე გვწვავს. პერიოდულად ვჩერდებით და ნიშნებს ვაკეთებთ, მზისგან დამცავ კრემს ბლომად ვისვამთ, მაგრამ ყურები, ცხვირი, მკლავები დღის ბოლოს ყველას დამწვარი გვაქვს. პირველ ღამეს რკინის მთასთან ვათევთ, საიდანაც მთის შემოვლა და ქვემოთ დაშვება უნდა დავიწყოთ. მომდევნო დილას გზა გრძელდება, ნახევარი დღის განმავლობაში ქედებზე მივდივართ, ორივე მხარეს უფსკრულია და ცაში გამოკიდებული ცდილობ დაიცვა წონასწორობა ვიწრო ბილიკზე, ყველა მხრიდან უბერავს ქარი და სიცივე ძვლებში ატანს, შენი ძალების მობილიზებას ცდილობ და სხვა ფიქრისთვის დრო აღარ გრჩება, შენი ძალისხმევა ბილიკსა და უფსკრულს შორის არის გამოკიდებული. წიფლოვნის ჭალამდე, რომელიც შემდეგი დასაბანაკებელი ადგილია, საღამოს მივდივართ, თავში ხალხური დატირების ფრაზა მიტრიალებს „შვილებ გავწირენივ წიფლოვნის ჭალასა“ ვღიღინებ და მდინარესთან დაბანაკებული, ნათლად ვგრძნობ, რომ ეს ადგილი ცხადად ინახავს მოგონებებს, რომლებიც დატირების საფუძველი გახდა. წარმოიდგენ დედას, რომელიც შვილებს მისტირის, ამ მდინარემ რომ გაიტაცა. ცეცხლს ვანთებთ, კონიაკს ვსვამთ და ვსაუბრობთ, თეო ჩეხურად თარგმნის ჩემს საუბარს ბოჰუმილ ჰრაბალზე და ვცდილობ ევას საუბრიდან ნაცნობი ფრაზები დავიჭირო, ბოლოს „ჰიტრი ჩელოვეკს“ მიწოდებს და აღტაცებული ვიმეორებ რომ გავიგე. დილას საყორნის მთის ავლა იწყება, წელამდე დიყში ვცდილობთ გზა გავიკვლიოთ და შუაწელამდე მივაღწიოთ, სადაც უნდა დავისვენოთ. შუაწელი გულ-ღვიძლის სასაფლაოა, ამ მთებში დაღუპული ადამიანების შიგნეულობის სამარხები, მიცვალებულს კვეთდნენ ასუფთავებდნენ ორგანოებისგან და ამ ადგილას მარხავდნენ, რათა რამდენიმე დღიანი ტრანსპორტირებისას გვამი მარტივად შენახულიყო. საყორნის მთაზე მალე ავდივართ და იმ წერტილისკენ მივდივართ, საიდანაც ალაზნისთავში უნდა დავიწყოთ ჩასვლა, მოცვით მოფენილ მთას ჩავივლით და ბანაკს ვშლით. მეექვსე დღე იწყება, ძალაგამოცლილებმა ბორბალოს მთა უნდა ავიაროთ, ნელ-ნელა მზე ამოდის და იქაურობა გველებით დანაღმულ ადგილს ემსგავსება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე კავკასიური გველგესლა გვხვდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველია საქართველოში. რომელიმე ჩვენგანს რომ უკბინოს, ვერც ტელეფონით დარეკვას შევძლებთ და უახლოეს ადგილამდე მისვლას, სადაც სამედიცინო პუნქტი იქნება 4-5 საათზე ბევრად მეტს მოვანდომებთ, ამ დროში კი ნაკბენით ადამიანი იღუპება, მაქსიმალურად ვფრთხილობთ და როგორც იქნა ბორბალოს წვერს ვაღწევთ. ამ წერტილიდან რამდენიმე ხეობა იშლება თვალწინ, ხევსურეთის პირქუში და მისტიური მთები, ალაზნისთავის მხარეს მთების მოხაზულობა რბილია, ფშავის მხარეს ჯერ მაღალი კლდეების კედელია, რომელიც ყვავილებით დაფარული მთების კალთებით გრძელდება. სუნთქვაშეკრული დგახარ საოცარი სილამაზის შემყურე, ბოლომდე ხაპავ გაიშვიათებულ ჟანგბადს და ფიქრობ, რომ გაწეული რისკი ამად ღირდა. ჩეხი თანამგზავრების წამოღებულ „სლივოვიცას“ ვსვამთ და ფშავის ხეობაში გადასასვლელად ვემზადებით, ღამეს ფშავის ხეობაში გავათევთ და მეშვიდე დღეს მდინარის კალაპოტის გავლით, სოფლებამდე მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, რუკაზე ასეთი ინფორმაციაა დატანილი. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მომდევნო დილას მდინარის კალაპოტით სიარულს ვიწყებთ, ადგილ-ადგილ ბილიკის კვალს ვარჩევთ, თუმცა უმეტესად კლდეებზე გადაცოცება და მდინარის გადაკვეთა გვიწევს, საბოლოოდ მივდივართ წერტილამდე, სადაც დიდი კლდიანი ნაშალია და ფაქტობრივად, შეუძლებელია გზის გაგრძელება, ნახევარი დღე უკვე დაკარგულია. წინა ღამის საბანაკე ადგილამდე დაბრუნების გარდა გამოსავალი არ გვრჩება და საღამოს ვბრუნდებით. მეორე დღისთვის რამდენიმე მიმართულებას ვამოწმებთ, მე, ადელკა და ევა მდინარის პარალელურად, ბორცვისკენ მივდივართ და ვცდილობთ, შემოვლითი გზა ვიპოვოთ, რათა ჩამოშლილი ადგილის გვერდის ავლით ჩავიდეთ უკანა ფშავისკენ. რამდეინმე ვარიანტს უშედეგოდ ვცდით, ჩიხს ვაწყდებით, უკან ვბრუნდებით და ისევ ვცდილობთ, ერთ-ერთი მცდელობისას კოცონის კვალს ვპოულობთ და ვფიქრობთ რომ სწორი მიმართულება ვიპოვეთ, ბრმად მივაბიჯებთ მუხლამდე ბალახში და ხრამის კიდეს ვადგებით, სადაც ნივთებია უწესრიგოდ მიმოყრილი საძილე ტომარა, კარავი, პირველადი დახმარების ნივთები, კონსერვის ქილები, ნაგავი, ტურისტის მთელი აღჭურვილობა. ნივთებს ვჩხრეკთ, პროდუქტები პოლონურია, უცნაური ის არის, რომ არავინ დატოვებს ლაშქრობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთებს შუა გზაში და ბანაკისკენ მივდივართ, გზაზე არაერთ ვერსიას ვალაგებთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო: დათვმა დაგლიჯა, მიხვდა რომ რთული გზა იყო და ბარგის გარეშე გადაწყვიტა წასვლა, ხრამში გადავარდა. ამასობაში ვანომ, თეომ და თამთამ ბილიკი იპოვეს, რომელიც მთისკენ მიდის, თუმცა ბოლომდე მომდევნო დღეს გავიგებთ ეს ბილიკია თუ არა უკანაფშავისკენ მიმავალი. დილას, 5 საათზე მგზავრობის უკანასკნელ დღეს ვიწყებთ, მთაზე ავდივართ და ქვემოთ ხეობაში ვეშვებით, ბილიკით, რომელიც რუკაზე დატანილი არ არის, შუადღეს სამანქანე გზამდე მივდივართ, საიდანაც ფშავის სოფლები იწყება, ხალხი ბევრი არ არის, თუმცა სიცოცხლის ნიშნები უკვე იგრძნობა, ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, რომ საოჯახო სასტუმროს აკეთებს, უკეთესი სიტუაციაა შუაფხოში, ჭალა სოფელში, ელექტროენერგია, ზამთარ-ზაფხულს უწყვეტი გზა, სატელეფონო კავშირის არსებობა, ამ ხეობას სასიცოცხლო ძალას მატებს. ადგილობრივებისგან მანქანის მძღოლს ვპოულობ, რომელიც ერთ საათში მოგვაკითხავს და ჟინვალში წაგვიყვანს. გზის ნაპირას ვზივართ, შემორჩენილ საკვებს ვჭამთ და ხმას არ ვიღებთ, მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს – პოლონელი ტურისტი, მოგზაურობა დასრულდა. გიორგი ბასხაჯაური
„პირველად წამალი 16 წლის ასაკში გავსინჯე, მეგობრებთან ერთად, თავიდან უბრალო გასართობი გვეგონა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ არ ჩაგვითრევდა, თუმცა ხშირი მოხმარება, ჩვევაში გადავიდა.მოგვიანებით უფრო ძლიერი ნარკოტიებით დავინტერესდი და 18 წლის ასაკში ვენაში გავიკეთე. მომეწონა, მაგრამ ცოტა შევშინდი და ჩემს თავს პირობა მივეცი აღარ გავიკეთებდი. ცოტა ხნით მართლაც დავანებე თავი, თუმცა ოჯახური გაჭირვებისგან გასაქცევად ისევ დავუბრუნდი. მავიწყებდა პრობლემებს და ვერც კი ვხვდებოდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო,“ – ამბობს 40 წლის ანდრია, – „მოგვიანებით ციხეშიც აღმოვჩნდი, თუმცა არც ამან მიშველა. წამლის ფულის გამო ყველაფერი გამიკეთებია, სახლიდან მიმქონდა ნივთები გასაყიდად, ვიპარავდი, ოჯახის წევრების ნერვიულობას არაფრად ვაგდებდი, მეგონა როცა მომინდებოდა მაშინ დავანებებდი თავს. არც ერთი ნარკოდამოკიდებული არ ფიქრობს, რომ ვინმეს დახმარება ჭირდება, თავადაც ვერ ხედავენ პრობლემას. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია, შვილი იყო, როდესაც ის დაიბადა მიხვდი – ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მინდოდა მისთვის მისაბაძი ადამიანი ვყოფილიყავი და გადავწყვიტე წამალს საბოლოოდ მოვშორებოდი. ბევრი ვეცადე და მეტადონის პროგრამაში მოვხვდი, თავის ბოლომდე დასანებებლად რამდენიმე თვე დამჭირდა. დიდი მადლობა მათ, რომ დამეხმარნენ გამოჯანმრთელებაში. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად. დღეს, ყველაზე დიდი პრობელმა, საზოგადოებაშია. ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩემი ახლობლები, უნდობლად მიყურებდნენ, ბევრს პირშიც კი უთქვამს, რომ გამოსწორებული ნარკომანი არ არსებობს,“- ამბობს ის და ამატებს, რომ წარსულის გამო, სამსახურის პოვნაც ძალიან გაუჭირდა. და ფიქრობს, რომ ნარკოდამოკიდებულებს გვერდში დგომა სჭირდებათ და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა იჭერდნენ. მისი აზრით, ციხე არ არის გამოსავალი. ხშირად, ნარკომომხმარებელს აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებთან აკავშირებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარება არაა აივ/შიდსის გამომწვევი. 2018 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, გამოვლენილია 618 ახალი შემთხვევა, ამ შემთხვევებიდან, ნარკოტიკების ინექციური მოხმარებელია 16.3 %; ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირდა 62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) – 19,4%; აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა 1.4 %. საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დიდი პრობლემაა წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის, რაც მათ ხშირად ხელს უშლის მიმართოს სხვადასხვა სერვისებს დახმარებისთვის. ხშირად მათ არც კი იციან სხვადსხვა ცენტრების არსებობის შესახებ. „ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით. კერძოდ, გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და იზოლაციას, დაუსაქმებლობას – რაც, ფაქტობრივად, ქმნის მანკიერ წრეს დ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. თვითსტიგმა, ისევე, როგორც საზოგადოებაში არსებული სტიგმა, წამალდამოკიდებული პირებისათვის დროული და ეფექტური მკურნალობის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. ამ მხრივ, კი როდესაც საქმე ქალ წამალდამოკიდებულებს ეხება, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაცილებით უფრო დაუნდობელია.“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, გრემში პირველი და ჯერ-ჯერობით, ერთადერთი გრემის – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უფასო სადღეღამისო ცენტრი მდებარეობს. პროექტის „აღმოვფხვრათ ხარვეზები – მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“ კომუნიკაციების მენეჯერის ირმა კახურაშვილის თქმით, იქ მოხვედრა საკმაოდ იოლია: „ადამიანი, რომელსაც აქვს დამოკიდებულება, მაგრამ არის რემისიის, ანუ სიფხიზლის პერიოდში, თუნდაც დროებითის, და თუ აქვს სურვილი, რომ ეს რემისია დიდი ხნით შეინარჩუნოს, აკითხავს ორგანიზაცია „თანადგომას“, სადაც მას გაესაუბრებიან სპეციალისტები, შეისწავლიან მის ისტორიას და ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე, გაესაუბრებიან მისი ოჯახის რომელიმე წევრს და შემდეგ უზრუნველყოფენ მის ტრანპორტირებას გრემის ცენტრში, ამჟამად აქ 4 მამაკაცი ბენეფიციარია,“ – გვეუბნება ირმა კახურაშვილი, მისივე თქმით, გრემში რეაბილიტაციის გავლა არა მარტო ნარკომომხმარებელს, არამედ ნებისმიერი დამოკიდებულების მქონე პირს შეუძლია. ნარკომომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა ორგანიზაცია „ბემონისა“ და “კურაციოს” შარშანდელი კვლევის მიხედვით, 50 ათასიდან 55 ათასამდეა. ესენი არიან ოპიოიდების მომხმარებლები, ანუ ინტრავენური ნარკომანები. ირმა კახურაშვილის თქმით, არავინ იცის რამდენია საქართველოში სააფთიაქო ნარკომომხმარებლები, ბიოს და მარიხუანის მომხმარებლები. მათი სტატისტიკა არც სავარაუდო და არც ზუსტი ქვეყანას არ გააჩნია. გრემის ცენტრი კი მზადაა დახმარებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დამოკიდებულებას ძლიოს. თეკლა ტაბატაძე