შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი ჯულიარდის სკოლის (ნიუ-იორკი) კურსდამთავრებულია. მას კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ: „ახალგაზრდა ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის“. იგი გვიყვება თავისი პროფესიის შესახებ და გვიზიარებს საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს. მის მიერ 2013 წელს ჩაწერილმა სადებიუტო ალბომმა “Opus 13” დიდი წარმატება ჰპოვა. ამ ალბომთან ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. 13 რიცხვი პიანისტის საყვარელი ციფრი ყოფილა. სწორედ, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. თვითონ 13 აპრილს, პარასკევს დაბადებულა. ალბომიც პარასკევს 13 რიცხვში გამოვიდა. პიესები, რომლებიც შევიდა ალბომში, არის შუმანისა და სკრაბინის მეცამეტე თხზულებები. ასევე, ამ ალბომისთვის დავითის ცამეტმა მეგობარმა შექმნა პატარა მინიატურები. ალბომის ციფრული ვერსია და მისი ონლიან გამოწერა დღესაც შესაძლებელია. თუმცა, საქართველოში იგი გაყიდვაში არ ყოფილა. პიანისტი იმედს გვაძლევს, რომ შესაძლოა ალბომი ქართული ანოტაციით ხელახლა გამოვიდეს. ყველა ჩატარებული კონცერტი განსაკუთრებულად კარგად ახსოვს, თუმცა მათგან გამოყოფდა კონცერტების ტურნეს, რომელიც სამი წლის წინ მეგობრებთან და მაგთისთან ერთად, სწორედ, საქართველოში მოაწყო. პროექტს ერქვა “პიანინო” და სულ ორი კვირა მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში 43 კონცერტი ჩაატარეს საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. მანქანაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელი საქართველო შემოიარეს და კურიოზებით და თავგადასვლებით სავსე იყო თითოეული გაჩერება. „ამ ტურნეში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ვუკრავდით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პირველად მოისმინეს კლასიკური მუსიკა. როდესაც ახალგაზრდები პირველად ისმენენ ფორტეპიანოს ხმას და  ბედნიერება იმისა, რომ მათ კლასიკური მუსიკა გააცნო, გერგო შენ წილად – ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რადგან ერთია დაუკრა საკონცერტო დარბაზში კრიტიკოსების თვალწინ, ხოლო მეორეა ადამიანი აზიარო იმ სამყაროს, რომელსაც შენ ემსახურები“ – ამბობს დავითი და  ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის მიმართ ინტერესის ნაკლებობაზეც. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა. ახალგაზრდები აღარ არიან დარბაზებში. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კლასიკური მუსიკა ყოველთვის იქნება საინტერესო და აქტუალური, რადგან ის აბსტრაქტული სამყარო, რაც ასე გვხიბლავს მხოლოდ მას და ჯაზს აქვს. მათ არ სჭირდებათ სიტყვები არც ენის ცოდნა. უნდა მიენდო, მოუსმინო და მიხვდები, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია. იმის ფონზე, რომ დღეს, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა, ინდივიდუალური გახდა პროდუქციის მოხმარება და თავად ირჩევს მსმენელი რისი მოსმენა სურს, დავითი აღნიშნავს თანამედროვე ტექნოლოგიების სასიკეთოდ გამოყენების მნიშვნელობას მუსიკის სფეროში. „უკვე ჩემი შემდეგი თაობის წარმომადგენლები ძალიან სწორად და პროდუქტიულად იყენებენ ტექნოლოგიებს. სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი – ეს „სამი მუშკეტერი“ პიანისტი ყოველთვის აქტიურად ცდილობს ახალ თაობას გაუღვივონ კლასიკური მუსიკის სიყვარული. მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამაც ხელი შეუწყო ტექნოლოგიების უფრო ხშირ გამოყენებას. საკონცერტო დარბაზის აუდიტორიამ გადაინაცვლა ონლაინ. ზოგს ეს ფორმატი მოსწონს, ზოგს ნაკლებად. ჩვენი რესპონდენტი მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება ციფრული მედიის გამოყენებას პროგრესისთვის, იგი გვამახვილებინებს ყურადღებას იმაზეც, რაც, მისი აზრით, არასდროს შეიცვლება. ეს არის ცოცხალი მუსიკის მოსმენა. „როდესაც როიალიდან ბგერა გაჟღერდება, ის ემოცია და აურა, რომელიც იქიდან მოდის – უნიკალურია. როდესაც კონცერტზე მიდიხარ და მთელი დღე ელოდები დარბაზში შესვლას ან როდესაც შემსრულებელი ხარ, მთელი დღე ემზადები სცენაზე გასავლელად. ეს ქიმია ყოველთვის დარჩება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რაღაცები შეიცვლება და უფრო საინტერესო გახდება“ – ამბობს დავით ალადაშვილი. საკონცერტო დარბაზში ამჯობინებს, რომ ტელეფონები საერთოდ არ იყოს. აუდიტორიას ხშირად მოუწოდებს არ გადაიღონ კონცერტი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ცოტა ხალხი ესწრება და ინტიმური გარემო იქმნება. იგი გვეუბნება, რომ კონცერტი კარგი საშუალებაა გვერდზე გადადო ყველა ცხოვრებისეული პრობლემა და სხვა სამყაროში გადაეშვა. ადამიანი, რომელიც მოგენდო და დაგითმო დრო, სახლში უნდა გაუშვა სულიერად უკეთესი, დადებითი ემოციებით დამუხტული. „ყველაზე დიდი კომპლიმენტია, როდესაც ადამიანი მოდის და გეუბნება, შენს კონცერტზე ვიყავი და დღემდე მომყვება ის ემოციაო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მას მიეცი ის რაც იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა“. დავითი ამბობს, რომ მუსიკა ისეთი სფეროა, სადაც სულ შეყვარებული ხარ. შეყვარებული ხარ კომპოზიტორზე, შემსრულებელზე, პედაგოგზე და სწორედ ეს გაძლევს სტიმულს, რომ დაუკრა. როდესაც პირველად შეეხო ფორტეპიანოს, მის ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც შთააგონა და შეაყვარა ეს პროცესი. „ასეთი ადამიანი არის დედაჩემი. მან მასწვლა ნოტების კითხვა და დღემდე დედაჩემი რჩება ჩემს ყველაზე დიდ კრიტიკოსად, შემფასებლად. ასევე, შთამაგონებდნენ ის მუსიკოსები და პედაგოგები, რომლებთანაც გამიმართლა და მოვხვდი მოსწავლისა თუ მსმენელის ამპლუაში“. გარდა ამისა, ინსპირაციის წყაროს მისთვის  ტელევიზიაც წარმოადგენს. დავითის მეორე პროფესიაა – ჟურნალისტიკა. ამბობს, რომ ტელევიზია სცენაზე გასვლას უტოლდება. სხვადასხვა პიროვნებისა და თემის გაცნობა, მისთვის ერთ-ერთი განტვირთვის ფორმაა. მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება უფრო მრავალფეროვანს ხდის სამეცადინო პროცესს. „პიესაში, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა რას  გულისხმობდა კომპოზიტორი კონკრეტულად ამ მომენტში ან რა ემოცია იყო ჩადებული მასში. როდესაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, ადვილია პასუხის გაცემა. ეს ორი ერთმანეთს ავსებს.“ პანდემიის პერიოდში მიხვდა, რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობა შეეძლო. სწორედ, პანდემიამ და პედაგოგის, დოდო ცინცაძეს რჩევამ გადააწყვეტინა სწავლა კონსერვატორიაში დოქტურანტურის საფეხურზე გაეგრძელებინა, სადაც როგორც, თვითონ ამბობს, ახალი შთაგონების წყარო იპოვა, ეს მისი პედაგოგი მანანა დოიჯაშვილია. თუ პანდემიამდე მეცადინეობისთვის დრო არ რჩებოდა, ახლა ამბობს, რომ უფრო მშვიდად და სწორად შეუძლია მოამზადოს ნაწარმოებები კონცერტებისთვის. „ვფიქრობ, ეს დრო სწორად უნდა გამოვიყენოთ და საკუთარი თავები უკეთესი გავხადოთ.“ იგი ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ურჩევს აკეთონ ის რაც თვითონ სურთ და იარონ საკუთარი მიზნებისკენ. „ის, რაც შენს გულში იხარშება, ის აუცილებლად უნდა სცადო, წინააღდმეგ შემთხვევაში გული დაგწყდება, რომ არ გააკეთე როცა შეგეძლო. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, ვინმეს შეწუხებას, რაიმეს მოთხოვნას. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაუღალავი შრომის ფონზე, რადგან აუცილებელია შენს თავზე მუშაობა. უნდა მოახდინოთ თქვენი რეალური სურვილების იდენტიფიცირება  და ბოლომდე მისდიოთ მათ.    ავტორი:  ანა ჟორჟოლიანი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

ჩემი რესპონდენტი მხატვარი, ფერმწერი, არტ-ვილა გარიყულას ხელმძღვანელი ყარამან ქუთათელაძეა. უკვე 20 წელზე მეტია, რაც მხატვარი მის მიერვე დაარსებულ „თანამედროვე ხელოვნების ცენტრს“ ხელმძღვანელობს. ყოველ წელს იმართება ფესტივალები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რომლებშიც ახალგაზრდები და უცხოელი სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას. ამ სივრცის ისტორიასა და მიზნებზე, თუ სხვა საინტერესო თემებზე ბატონი ყარამანი თავად გვესაუბრა. – ბატონო ყარამან მოკლედ მოგვიყევით არტ-ვილას შესახებ. როგორ შეიქმნა ეს სივრცე, რომელიც უბრალოდ სივრცეზე მეტია? – ცოტა რთული და გრძელი თემაა. ჩვენ ქვეყანას სჭირდება კულტურული კონტექსტი, რადგან  განვითარება ხდება არამარტო პოლიტიკურ დონეზე.  რითი ვიგებთ ჩვენ ამა თუ იმ სახელმწიფოს და ცივილიზაციის შესახებ, რომელიც წაშლილია, კულტურით ხომ? არქეოლოგიით, არტეფაქტებით, რასაც პოულობენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ყველა ფიქრობდა გადარჩენაზე და ჩვენ ვფიქრობდით კულტურის გადარჩენაზე. იმ პერიოდისთვის ძალიან რთული იყო თბილისში რამის მიღწევა. ხელოვნება აღმოჩნდა ქუჩაში, მიწის ქვეშ. ისტორიულად ახალქალაქი კი იყო კულტურის ფუნქციის მატარებელი მე-19 საუკუნიდან. ეს იყო საფუძველი იმის, რომ დაგვეარსებინა ხელოვნების ცენტრი, სადაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნებოდა შესაძლებელი. -ჩემთვის რამდენადაც ცნობილია თებერვალში 21 წლიანი პაუზის შემდეგ თქვენი პერსონალური გამოფენა – „უხილავი უტოპიები“ გაიმართა. 21 წელი ცოტა არ არის. რატომ ამდენი ხანი? -ჩემი პერსონალური გამოფენა ადრეც ყოფილა სხვა სივრცეებში, მაგრამ კონკრეტულად გარიყულაში მონაწილეობა თითქმის არასდროს მიმიღია. ერთი-ორჯერ,  ისიც ჩემი მეგობრების თხოვნით მხოლოდ იმ ფესტივალებსა და ღონისძიებებში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. მე ვთვლი, რომ ხელმძღვანელმა არ უნდა ვისარგებლო ამ ყველაფრით, არც ფინანსებით, არც მდგომარეობით და ა.შ. ამიტომ ყოველთვის მე ჩემს პერსონალურ „ამბებს“ ვერიდები, მაგრამ წელს ისეთი სიტუაციაა, რომ ეს უფრო გამამხნევებელი იყო საზოგადოებისთვის. ჩვენ დავინახეთ როგორი დეპრესია მოიტანა პანდემიამ. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი აქცია, მანიფესტი, რომ ადამიანებმა არ დავკარგოთ სიმხნევე და ენერგია. მინდოდა მეჩვენებინა მათთვის, რომ სიცოცხლე გრძელდება და ჩვენ ადამიანებად უნდა დავრჩეთ. -რა არის თქვენთვის ეს „უხილავი უტოპიები“? –ჩვენ საერთოდ უტოპიაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობდით „საბჭოთა უტოპიაში“. ჩემი თაობა დეკლარირებული იყო კომუნისტური წყობით. მე-19 ს. ბოლოს და მე-20 ს. დასაწყისში იყო უამრავი უტოპია, რომელიც ხელოვნებამ აიტაცა. არამარტო პოლიტიკური უტოპიები, არამედ ხელოვნების სფეროში არსებულიც. ჩვენ 30 წელია უტოპიაში ვცხოვრობთ, რეალურ უტოპიაში. დეკლარირება ჩვენი ქვეყნისა და არა მარტო, არის ერთი და რეალობა არის მეორე. ყველას უნდა სამოთხეში ცხოვრება, მაგრამ გამოდის სხვანაირად. ჩემი, როგორც მხატვრის, გადმოსახედიდან მაქვს ბევრი სახალისო ფანტაზია, რასაც ჰქვია უტოპია. ეს იქნება ლექსები თუ ხელოვნების წიგნები. ამ სიტუაციაში ეს იყო ფერწერული ნამუშევრების სერია და გამოფენა. -თქვენს ბოლო ნამუშევრებში იისფერი ჭარბობს. რატომ ეს ფერი? -იისფერი არის სულიერების ფერი. ცოტა საფრთხილოა. შეიძლება იყოს ტექნიკური და სულაც არ იყოს სასიამოვნო. ამ შემთხვევაში მე ვეცადე, რომ იისფერი აურა გამეკეთებინა მაყურებლისთვის. შესულიყვნენ ამ სულიერებაში და ეს განწყობა ყოფილიყო მათში. -როგორ ფიქრობთ, ბატონო ყარამან, რისთვის ღირს ცხოვრება? -იმიტომ, რომ შენ ტყუილად არ ხარ მოვლენილი ამ ქვეყანაზე. ეს მთავარი შეკითხვაა – საიდან მოვედით? რა ფუნქცია გვაქვს? რას წარმოვადგენთ ადამიანები?. ეს შეკითხვები სულ გვაქვს და თუნდაც ოდნავ მიუახლოვდე მათ, ამად ღირს ცხოვრება. ეს დიდი საჩუქარია, რომელიც მოგცეს და უნდა გამოიყენო იმაში, რომ გაერკვე საკუთარ თავში. მე ვამბობ, რომ მოაზროვნე ადამიანები მუდმივად ფიქრობენ იმაზე, თუ რა არის ჩვენი და ამ სამყაროს შორის კონტაქტი. -რთულ მომენტებს როგორ უმკლავდებით ხოლმე? -რთული დრო სულ არის. კარგი პერიოდი არის, თუ ბედმა გაგიღიმა, ბავშვობა, როდესაც ხარ თავისუფალი. მერე უკვე იწყება შეკითხვები. მთელი ცხოვრება რთულია. ლაღად არავინ ცხოვრობს. შეიძლება მომენტი იყოს, როცა ადამიანები რაღაცით თავს ირთობენ, მაგრამ ეს დროებითია. -თქვენ მხატვრობა და თქვენი საქმიანობა გეხმარებათ, რომ ლაღად გაატაროთ ეს ცხოვრება? -ეს უბრალოდ არის ჩემი ენა. მე ამით ვცდილობ, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ. ჩემი ემოციები და ჩემი აზრები გამოვხატო. მე არ ვარ მწერალი, რომ დავწერო. მე შემიძლია ამ გამოსახულებებით და ფერებით თქვენთან დიალოგში შემოვიდე ან ვერ შემოვიდე. ეს უკვე თქვენზე და ჩემზეა დამოკიდებული. -როგორია თქვენთვის თავისუფალი ადამიანი? -თავისუფლება არის პირველ რიგში პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმ შეკითხვაზე, რომელიც წეღან დამისვით, თუ რისთვის ღირს ცხოვრება. გააზრება საკუთარი ცხოვრების. შენი შინაგანი ღერძის, მორალის და სწავლების გააზრება. -როგორ ფიქრობთ, ყველას შეუძლია იყოს შემოქმედი? -ჩვენ შემოქმედებიდან მოვედით. შემოქმედმა შექმნა ეს. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით იმაზე, თუ როგორ მოვევლინეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედების შვილები. ყველა ადამიანი, განურჩევლად პროფესიისა, არის შემოქმედი. დანარჩენი, რასაც ადამიანი ემსახურება დეტალებია, თუ როგორ მიუდგება თავის საქმეს და პროფესიას. შემოქმედებითად, რომ მივუდგეთ ჩვენს საქმეს, ეგეც იქნება ის თავისუფლება, რაზეც თქვენ წეღან მკითხეთ. -მითხარით ერთი რამ, რაც ძალიან გიყვართ ამ სამყაროში -ამ სამყაროში გამორჩეულად ვერ ვიტყვი რა შეიძლება მიყვარდეს. „მაროჟნი“ მიყვარს მაგალითად.  გააჩნია როგორ მდგომარეობაში ხარ. მაგალითად, როდესაც ადამიანი რაღაც ადგილზე ხვდება და ეგზისტენციალური გრძნობები აქვს, ამ დროს შეიძლება თავი იგრძნოს სრულიად ბედნიერად. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციების კარგად ხედვა. რა გიყვარს, რას მოაქვს შენთვის ბედნიერება. ეს შეიძლება იყოს ჩიტი ხეზე ან სხვა რამ. ყველასთან ინდივიდუალურია. -რომ არა არტ-ვილა და ეს სივრცე  სად იქნებოდით? -მე ბევრი შესაძლებლობა მქონდა, რომ სხვაგან მეცხოვრა, მაგრამ ასე მოხდა. ასე გაანაწილა ბედმა, რომ მე ვცხოვრობ აქ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა საქართველო არის სამოთხე. ჩვენ უნდა დავინახოთ ეს. რა თქმა უნდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და კარიერის აწყობა საინტერესოა. ასევე საინტერესო ხალხთან კონტაქტიც, მაგრამ ეს ცოტა სხვა გზაა. მე მირჩევნია ვცხოვრობდე საქართველოში, რასაც ჰქვია სამოთხე. უბრალოდ ამას სჭირდება დანახვა და დაფიქრება. აქედან გამომდინარე, ეს რომ არ ყოფილიყო ეგეთივე იქნებოდა, ოღონდ სადმე სხვაგან. აი „ეს“, არის ყველგან. გაიარეთ ცოტა და ესეთივე ადგილს ნახავთ. უფრო ლამაზსაც და მაგარსაც. უბრალოდ ამას სჭირდება დანახვა, რომ აი აქ, ამაში ცხოვრობთ. -თქვენ რა დაინახეთ ამ ადგილში ისეთი, რომ აქ დარჩით და არ წახვედით იმ რამდენიმე კილომეტრის იქით? -აქ ბავშვობა მაკავშირებს. მამაჩემმა, აპოლონ ქუთათელაძემ, აქ გააკეთა სამხატვრო აკადემიის ბაზა. მერე ჩემი ძმა იყო გურამ ქუთათელაძე პედაგოგი, რომელიც მასწავლიდა და აქ ჩამომიყვანა. პატარა რომ ვიყავი, ოქროყანაში ვისვენებდი ხოლმე და ეს ჰგავს. ასეთივე სახლი იყო კოშკურით და რაღაც ემოციური კავშირები მაქვს. ხალხიც მიყვარს, აქაური ხალხი. ძალიან გულითადად მიყვარს ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობს. მე მათში ვხედავ ძალიან დიდ ფილოსოფიას და ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვავიწყდება, როდესაც ვცხოვრობთ ურბანულ, თანამედროვე ქალაქებში. ასევე აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. სამწუხაროდ ბევრიც გარდაიცვალა, მაგრამ ახალიც ალბათ მოდის. -ბატონო ყარამან, ფიქრობთ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? -სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილის შემდეგ ახალი კარი იღება, მთავარი კარი. -რომელი კარი? -სიცოცხლის. ჩვენი ტვინის აგებულება ძალიან რთულია. ჩვენ არ ვიცით რა ხდება ჩვენს თავში. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძნელი აღსაქმელია, რომ სიკვდილი, როგორც ეგეთი, არ არსებობს. მეცნიერებიც მიდიან ამ დასკვნამდე, ბევრი წიგნიც ლაპარაკობს ამაზე. -მაგალითად რომელი წიგნები? -მაგალითად: სახარება, ბიბლია. ბევრი მინიშნება გვაქვს, ფილოსოფიური ტრაქტატებიც და ჩვენი თავიც. აი ისევ დავუბრუნდეთ იმ შეკითხვას რისთვის ვცხოვრობთ, რა ფუნქცია გვაქვს. უბრალოდ ხოარ მოვედით. რადგან მოვედით,  ესეიგი რაღაცისთვის  მოვედით და სადაც წავალთ იქ გრძელდება. ის, რაც

თეკლე მამაცაშვილი  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სასკოლო ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელი გახდა და IBSU-ს 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. იგი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. ორი წლის წინ, თეკლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ერთ-ერთი გამარჯვებულიც იყო და ერთი წლის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, ამერიკაში სწავლობდა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და წარმატებით აგრძელებს საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვას. რა გამოცდილება შეგძინა IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადამ? ასე ვთქვათ, თითოეული საგანი გავიმეორე და შევაჯამე ჩემი ცოდნა. კარგად მახსოვს, მხოლოდ ერთ შეკითხვაში დავუშვი შეცდომა და არ მგონია, რომ იმ შეკითხვის პასუხი ოდესმე დამავიწყდეს. ამ კუთხით, მართლა საინტერესო და კარგი გამოცდილება იყო. ამასთან, შესანიშნავი შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ამ უნივერსიტეტში სწავლა სურთ და ფინანსური პრობლემები აქვთ. ფინანსური პრობლემები რომც არ ჰქონდეთ, წახალისების საკმაოდ კარგი საშუალებაც არის; გასწავლის იმას, რომ შენი ცოდნა აუცილებლად დაფასდება. როდის და რატომ შეაჩერე არჩევანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე?  IBSU-ში ჩაბარება წელს გადავწყვიტე. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სურდა აქ სწავლა და მეც დავინტერესდი. გავიგე, რომ FLEX – ის მონაწილეებისთვის გარკვეული შეღავათები აქვთ, რამაც ასევე იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ინფორმაციის ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ ესადაგებოდა ჩემს ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ინგლისურენოვან პროგრამებს გვთავაზობს. თავის მხრივ, გარემოც მიზიდავს.  რაც შეეხება შენს სამომავლო გეგმებს, რამდენი ხანია ჩამოყალიბდი, რომ გინდა, პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლო?  დაახლოებით, მე-10 კლასში ვიცოდი, თუ რა მინდოდა რეალურად. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, რადგან ყოველთვის მიზიდავდა ხალხთან კომუნიკაციის პროცესი. ახლა კი, როდესაც ჩამოვყალიბდი და ღრმა ცოდნაზე დავამყარე ჩემი შეხედულება სამომავლო პროფესიის შესახებ, მივხვდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებია ის,  რაც ნამდვილად მინდა. თანაც, არ მსურდა უშუალოდ ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანი ვყოფილიყავი, ვთქვათ, ექიმი ან იურისტი. უბრალოდ, მინდოდა უფრო ფართო გასაქანი მქონოდა, რომ ჩემი სურვილისამებრ წარმემართა ჩემი მომავალი. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შენი მომავალი გზა სასურველ პროფესიამდე? მრავალფეროვანი. ჯერ იქნება სწავლის უზარმაზარი პროცესი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაქსიმალურად ვეცდები, რომ სხვადასხვა პროექტში მივიღო მონაწილეობა. არასდროს მაკმაყოფილებდა მხოლოდ სკოლა და იქ მიღებული ცოდნა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება უნივერსიტეტის შემთხვევაშიც. რა შესაძლებლობებიც მომეცემა, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები თუ სხვა რამ, ვეცდები, რომ მრავალმხრივ ვცადო საკუთარი თავი. არა მხოლოდ თეორიულად შევითავსო ჩემი პროფესია, არამედ პრაქტიკულადაც. როგორი წვლილი შეიტანა ამერიკაში გატარებულმა ერთმა წელმა შენი ამჟამინდელი პიროვნების ჩამოყალიბებაში? იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ველოდი. ჩემი ცხოვრების კურსი და საერთოდაც, თვალთახედავა სამყაროზე, რადიკალურად შეიცვალა. უფრო თავდაჯერებული გავხდი და საკუთარი თავის რწმენა მომემატა. როდესაც ახალ საქმეს ვიწყებ, ვფიქრობ, რომ დიდი წარმატებით მივიყვან ბოლომდე. მით უმეტეს, იმაზე უფრო მიუწვდომლად თუ არ ჟღერს, ვიდრე ამერიკაში წასვლა, იქ ერთი წლით დარჩენა და შეგუება ახალ გარემოსთან. როდესაც საკუთარ თავს ვუსვამ ხოლმე შეკითხვას: „შემიძლია თუ არა ამის გაკეთება?“ – ვგრძნობ, რომ საიდანღაც ძალა უკვე მაქვს. ამერიკელების მენტალიტეტს ხომ გავეცანი, ჩვენსას შევადარე, რაღაცები იქიდან ავიღე, რაღაცები არ ავიღე, რაღაცები ჩვენი დავტოვე და შევაჯამე ის ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ ჩემს პიროვნებაში გაერთიანებულიყო. სიახლეებისადმი ღიაც გავხდი. აქამდეც ასე იყო, თუმცა, ახლა ეს უფრო ბუნებრივად მოდის. გამახსენდა ამერიკელი ჟურნალისტის – ნაპოლეონ ჰილის სიტყვები: „ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს“. შენ რამდენად იზიარებ მის მოსაზრებას? ნამდვილად ასეა. ნებისმიერი რამ, რასაც გინდა რომ მიაღწიო და ამით არ ზღუდავ ვინმეს უფლებებს ან თავისუფლებას, თუ ეს შენი წრფელი მიზანი და მისწრაფებაა, აუცილებლად მიაღწევ. შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს და ვინმემ ისიც თქვას, რომ ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ მე ასე ვიტყოდი: რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულები ვართ და თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება სასურველ მიზნამდე მისაღწევად. შესაძლოა, ზოგმა ძალიან მარტივად განახორციელოს და მოიყვანოს სისრულეში საკუთარი აზრი და იდეები, ზოგმა კი – ძალიან რთულად. ამას გვერდს ვერ ავუვლით, ასე იქნება, მაგრამ საკუთარი თავის უნდა ირწმუნო, უნდა განსაზღვრო შენი შესაძლებლობები და გაწერო გეგმა, რომელიც რეალურ წარმატებამდე მიგიყვანს.   ავტორი: ნინი შაორშაძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელი და  მედია ცენტრის ჟურნალისტი

სადიპლომო ნაშრომები ბეჭდური მედიის სახით: ჟურნალი “ბარიერი” – https://bit.ly/2ZKx84B ხელმძღვანელი ლიკა ზაკაშვილი.   ჟურნალი”კომენდანტის საათი” – https://bit.ly/3iFYi44 ხელმძღვანელი ზურაბ ვარდიაშვილი   ჟურნალი “პანორამა” – https://bit.ly/3hyA8ak ხელმძღვანელი მალხაზ გაგუა

საინფორმაციო გადაცემა მომზადებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 2019/2020 სასწავლო წლის დასასრულს. ხელმძღვანელი: თიკა ბაშარული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

მომზადებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 2019/2020 სასწავლო წლის დასასრულს. ხელმძღვანელი ეკა ფირცხალავა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. კოლექტიური ბლოგი – https://newmediaibsu.blogspot.com/ ანა გოგიტიძეს ბლოგი – https://anagmediablog.blogspot.com/2020/06/blog-post.html ანი ჭედიას ბლოგი – https://anachedia.blogspot.com/2020/06/18_22.html სოფი კეკელიას ბლოგი – https://19891122.blogspot.com/2020/06/blog-post.html ცოტნე კვირტიას ბლოგი – https://19891122.blogspot.com/2020/06/blog-post.html ეთო ბიქოშვილის ბლოგი – შენიშვნა: საბაკალავრო პროექტის წარდგენის შემდეგ ეთო ბიქოშვილის ბლოგი გაუქმდა. მთავარმა რესპონდენტმა, რომელმაც გაგვიზიარა ისტორია, ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტების პროექტი “ვიტრაჟი”. ეს კონკრეტული მასალა ეძღვნება ქართულ რეტრო მუსიკას. (იხილეთ ბმული: https://bit.ly/2zg9vqi ) ხელოვანთა მიერ გასული წლების წინ შექმნილი ფილმები,მუსიკალური ნაწარმოებები თუ ნახატები თითქოს ცდილობენ, წარსულის ისტორია მოგვითხრონ და  იგი ჩვენს თვალწინ გააცოცხლონ.თუ ქართული რეტრო სიმღერების მოსმენისას ასეთი განცდა ერთხელ მაინც გაგჩენიათ,გასული ეპოქის 5 ლეგენდარულ შემსრულებელსა და მათ დაუვიწყარ სიმღერებს გთავაზობთ.                ​  ლილი გეგელიას კარიერა რადიოდან დაიწყო,შემდეგ კი მთელმა საქართველომ შეამჩნია.იგი   ცნობილ ქართულ ფილმში ,,ყვავილი თოვლზე’’ სიმღერების მთავარი შემსრულებელია.მისი სიმღერები ,,ბიბისიმაც’’ კი ჩაწერა.ის იყო პირველი ადამიანი,რომელმაც რევაზ ლაღიძის ,,თბილისო’’ საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანა. ნანული აბესაძე საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის ,,რეროს’’ სოლისტი იყო.იგი სკოლაში ნანი ბრეგვაძესთან ერთად სწავლობდა.მას გია ყანჩელმა სიმღერაც კი დაუწერა.ის სულიკო კოროშინაძესთან ერთად დუეტში მღეროდა,მაგრამ სოლო კარიერაშიც დაუვიწყარი რეპერტუარი შექმნა. სულიკო კოროშინაძეს განსაკუთრებით ხალხური სიმღერები იზიდავდა.იგი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის სოლისტი იყო.აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ,ის წლების განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და თავის ცოდნას დამწყებ მომღერლებს უზიარებდა. მედეა ძიძიგურს სიმღერებს ყველაზე ხშირად ჯანსუღ ჩარკვიანი უწერდა.იგი საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო.ასევე იგი საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის მუსიკალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.მის შემოქმედებაზე  დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს. გიული ჩოხელი ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი ჯაზის მომღერალი იყო.ის პრაღის  საერთაშორისო ჯაზური ფესტივალის I პრემიისა და სხვა მრავალი კონკურსის ჯილდოს მფლობელია.

ჩვენთვის კარგად ცნობილი ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი ისევე როგორც ყველა, ცდილობს მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებას.  ინტერვიუში თქვენ წაიკითხავთ როგორ უმკლავდება იგი მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, რას საქმიანობს თვითონ და რისკენ მოგვიწოდებს ჩვენც.   -პირველ რიგში ,მადლობას გიხდით, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ, ბევრი რამ შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ამ ახალ გამოწვევას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რაზე დააფიქრა განსაკუთრებით ამ სიტუაციამ ადამიანები და რაზე დაგაფიქრათ პირადად თქვენ?  მადლობა შეკითხვებისთვის და შევეცდები ვუპასუხო ამომწურავად,რადგან როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი ასი წლის მანძილზე, ასეთი საერთო პრობლემა კაცობრიობას არც ჰქონია. უფრო სწორად კი, ყოველთვის არსებობდა პრობლემა, რომელიც ემოციურად გვეხებოდა, მაგრამ არა რეალურად და ამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, იაპონური ცუნამი ალბათ კატასტროფა იყო ყველასთვის,  მაგრამ ის მაინც იყო შორს და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ნაწილობრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვებზე. ახლა კი გაჩნდა პრობლემა, რომელიც ყველას ეხება ფიზიკურადაც კი, და რომელმაც არ იცის საზღვარი, დრო და მანძილი, და ვერც ექიმები გვეუბნებიან როდის და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ილონ მასკის მიერ მარსზე გაგზავნილი ავტომობილიც (შარშან თუ შარშანწინ), მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა იმისა, რომ კაცობრიობამ განვითარების უმაღლეს საფეხურს უკვე მიაღწია. არადა წელს გაირკვა, რომ პანდემიასთან დაპირისპირებისა და ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა ხელების დაბანისა, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ამიტომაც პირველი, რაზეც ყველაზე მეტად დამაფიქრა ამ პანდემიის გავრცელებამ, არის სწორედ სამყაროს ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც სულაც არ ყოფილა საკმარისი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. -როგორ ფიქრობთ, რაიმე დადებითი მხარე მოჰყვა მსოფლიო იზოლაციას? სხვათაშორის, ქართველები, თითქმის ყველა ეპიდემიურ პრობლემას, ჭირს უწოდებდნენ და იმასაც ამბობდნენ რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო და მგონი ახლა მივხვდი რასაც გულისხმობდნენ. ერთადერთი თუ არა, მთავარი დადებითი მოვლენა, რაც ამ ვირუსმა მოგვიტანა, არის დრო, რომელიც ყოველთვის გვაკლდა წიგნების წასაკითხად და მგონია რომ ამაზე უკეთესი შანსი ამ მხრივ, შეიძლება აღარც გვქონდეს. -რომელ წიგნს ურჩევდით ქართველ მკითხველს, რომელმაც შესაძლოა ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს მათ გლობალური პანდემიის დროს და რომელი წიგნი გიწევთ მეგზურობას კარანტინის ჟამს თქვენ? ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში, წიგნის კითხვაზე უკეთესი არაფერია და კარგ წიგნს მართლა შეუძლია ყველაფერი დაგავიწყოს, დროებით მაინც და კარგი წიგნის კითხვისას შეგიძლია სულ სხვა დროში და ეპოქაში აღმოჩნდე შინიდან გაუსვლელად. კარგი წიგნი კი ის არის, რომლის წაკითხვაც სიამოვნებს ადამიანს. მთავარია სულ ვიკითხოთ, არ გავჩერდეთ და ადრე თუ გვიან აუცილებლად მივადგებით, ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებსაც. მე ავდექი და პირდაპირ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს კიდევ ერთხელ მივადექი. და აი, უკვე მერამდენედ ვკითხულობ “ვეფხისტყაოსანს”…   -და ბოლოს, პანდემიის ფონზე, ადამიანებს მეტი დრო მიეცათ საკუთარი თავისთვის, ფიქრებისთვის, განსაკუთრებით კი ’’შემოქმედებითი წვისთვის“. თქვენგან, როგორც მწერლისგან, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი მკითხველი რაიმე სიახლეს? კარანტინში ყოფნისას ,რა თქმა უნდა, დავიწყე ფიქრი ახალი წიგნის დაწერაზე, რომელსაც შეიძლება პირდაპირ ასე ერქვას კიდეც – “კარანტინი“.   სტატიის ავტორი: მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი.

     შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბევრი განსხვავებული, სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტი ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტია მარიამი, რომელიც თავისი უნიკალურობით ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და სჯერა, რომ შრომისმოყვარეობის და მიზანდასახულობის ფასად ყველა ოცნების რეალობად ქცევაა შესაძლებელი.      გამარჯობათ, მარიამ. დიდი მადლობა, რომ ინტერვიუს ჩაწერაზე დამთანხმდით. გთხოვ, მოკლედ მოყვე საკუთარ თავზე. მე ვარ მარიამ გარაყანიძე გურიიდან. ვსწავლობდი შემოქმედის საჯარო სკოლაში და წარმატებით დავამთავრე. ამჟამად ვსწავლობ იბსუს ინგლისურენოვან საერთაშორისო ურთიერთობებზე. ყოველთვის მქონდა გადაწყვეტილი, რომ გავხდებოდი სტუდენტი და წამიერადაც კი არ მიფიქრია იმაზე, რომ რამე ამ მხრივ დამაბრკოლებდა. ჩემს მშობლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მე დღეს აქ ვარ და ვსწავლობ, მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ყოველთვის, აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარებიან და გვერდში მიდგანან.   რა კრიტერიუმებით აირჩიეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ? რომელმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა თქვენი არჩევანი ? თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩავაბარებდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ არ ვიცოდი რომელი უნივერსიტეტი ამერჩია, რადგან უმრავლესობა არ არის ადაპტირებული ეტლით მოსიარულეთათვის. მერე უკვე რამდენიმე ვარიანტიდან იბსუ შევარჩიე, ფეისბუქ გვერდზე ფოტოები დავათვალიერე და გარემო ძალიან მომეწონა. ცხელ ხაზზეც დავრეკე და რექტორის მოადგილე ქალბატონი მარინა ყიფიანი ძალიან თბილად მესაუბრა. სწორედ ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ სწორედ ესაა ჩემი უნივერსიტეტი და აქ უნდა მესწავლა.             არსებობს თუ არა რამე სირთულეები უნივერსიტეტში გადაადგილების დროს ? მოამზადეს თუ არა რამე საშუალებები ხელშესაწყობად? სირთულეებს რაც შეეხება, აქამდე იყო რამოდენიმე, მაგრამ თითქმის მომენტალურად აღმოფხვრეს. მაგალითად, პირველ კვირას ადმინისტრაციას არ ჰქონდა ალბათ გათვალისწინებული, კაფეტერიის კიბეებზე ვერ ავდიოდი. როდესაც ეს ნახეს, მეორე კვირას პანდუსი გაკეთებული დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა და გამიმარტივა ყველაფერი. მთელი ადმინისტრაცია ცდილობს როგორმე ყველანაირად ხელი შემიწყონ, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი მათ.          გაგიმართლათ თუ არა უნივერსიტეტმა იმედები ? იბსუმ აბსოლუტურად ყველა ჩემი იმედი გაამართლა. ეს უნივერსიტეტი არის ზუსტად მორგებული ეტლით მოსიარულეთათვის. რა თქმა უნდა სხვა უნივერსიტეტებშიც არის პანდუსები და ლიფტები, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, თვალის მოსატყუებლადაა. ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება ამას ვერ მიხვდეს, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ უნივერსიტეტი ადაპტირებულია და ამ დროს ფოიეშიც ვერ შედიხარ, ასე ნამდვილად არ შეიძლება. იბსუში სწავლის მაღალი დონე რომ იყო ვიცოდი, თუმცა, რეალობა უკეთესი აღმოჩნდა. მომწონს იბსუს სისტემის გამართულობა და ლექტორების თავდაუზოგავი შრომა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სტუდენტებს მისცენ მაღალი განათლების დონე.            როგორ მოგწონთ უნივერსიტეტის ატმოსფერო ? საკმაოდ მეგობრული გარემოა. ვიცი ისეთი უნივერსიტეტებიც, სადაც კურსელები ერთმანეთს არც კი იცნობენ, აქ კი ყველა ძალიან მეგობრული, თბილი და მზრუნველია. არა მარტო ჩემი კურსელები, არამედ ყველა, ვისაც ვიცნობ, მზად არიან, რომ რაღაცით დამეხმარონ, რაც ძალიან დასაფასებელია ჩემი აზრით.            არის რამე ისეთი, რისი შეცვლაც გინდათ უნივერსიტეტში ? ალბათ იმის, რომ ადმინისტრაციულ კორპუსში არ არის ლიფტი. ჯერ არ დამჭირვებია, თუმცა სამომავლოდ ალბათ მოუწევთ ფიქრი იმაზე, რომ ეს შეცვალონ. ერთადერთი ამ პრობლემას ვხედავ.          რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, როგორც სწავლის, ასევე  კარიერული თვალსაზრისით ? პირველ რიგში, მინდა წარმატებულად დავამთავრო უნივერსიტეტი, მაღალ ქულებზე. მერე მაგისტრატურა აუცილებლად, ოღონდ აქ თუ საზღვარგარეთ ამას მომავალი გვიჩვენებს . სწავლის დასრულების შემდეგ ძალიან მინდა ვიმუშავო საერთაშორისო ორგანიზაციებში. ზოგადად ძალიან აქტიური ადამინი ვარ, ბევრ პროექტსა თუ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და თითქმის მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი.         ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. წარმატებებს გისურვებთ ! პირიქით, მადლობა თქვენ !        სტატიის ავტორი – მარიამ ქობალია, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი

ევროკავშირში მიმოფანტული მიგრანტები გვანცა გახოკიძე „ვიზა ლიბერალიზაციამდე, წლების წინ, ბელგიაში სამუშაოდ წავიდა. ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გამო, რომელსაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთვოდა თან, იძულებული გახდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასულიყო. სამუშაო ვიზა ექვსი თვის შემდეგ ამოეწურა და გადაწვიტა არალეგალად ცხოვრება და მუშაობა. რაც საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოჯახის გამო, ამ რისკებზე უარი ვერ თქვა, ახლა ოჯახი ფინანსურად მოძლიერდა და სამშობლოში დაბრუნებასაც აპირებს,“ – გვიყვება ერთ-ერთი 51 წლის მიგრანტის ოჯახის წევრი. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ბევრი მიგრანტია საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგს არც უმართლებს და ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლიც კი ხდება. რთულია ერთი ძირითადი ფაქტორის გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოდან ემიგრაციას ან იმიგრაციას საქართველოში. ეს ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ემიგრაცია, ძირითადად, გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით (შიდა შეიარაღებული კონფლიქტები). თუმცა მოგვიანებით ემიგრაციული პროცესების გააქტიურებაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები. უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ხელი შეუწყო იმიგრაციული ნაკადების ზრდასაც. თუმცა ემიგრაციის მასშტაბები ამით მაინც არ შემცირებულა, რადგან ქართველი მიგრანტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა შედარებით შეზღუდული და საქმების შესაძლებლობებს, შრომის ანაზღაურებას, სოციალურ დახმარებასა თუ ცხოვრების ხარისხსს თავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, (migration.commission.ge) საქართველოს ისტორიაში მიგრაციას განსაკუთრებული როლი აქვს. მნიშვნელოვანი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, მომხდარი ომების შედეგად, მოსახლეობა, ნებით თუ უნებლიეთ, მუდმივად მიგრირებდა ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს უახლესი ისტორია ემიგრაციის რამდენიმე ტალღას გამოყოფს: 1. 1950-იან წლებამდე, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იძულებითი (საბჭოთ აკავშირის შიგნით) გადასახლებებით ხასიათდება; 2. 1950-1990 წლებში, რა დროსაც საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია ასევე უპირატესად საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარეობდა და 3. 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა. ეს უკანასკნელი მიგრაციული ტალღა, ძირითადად, რუსეთისკენ მიემართა. თუმცა 2000 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებამ ემიგრაციული ნაკადი რუსეთიდან სხვა ქვეყნებისკენ (განსაკუთრებით უკრაინა, აშშ და ევროპის ქვეყნები) მიმართა. საქსტატის მონაცემებითაც იზრდება ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან.  2014 წელს მათი რაოდენობა 88,704 შეადგენდა, რომელთა შორის 69,855 საქართველოს მოქალაქე იყო. 2015 წელს კი, უკვე 95,965 ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, რომელთა უმრავლესობა (67,452) საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 2016 წელს ემიგრანტთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და 98,288-ს მიაღწია, თუმცა მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა (64,705). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ემიგრაციის მზარდ ტენდენციას, თუმცა ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად. მიგრაციის სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და მიგრაციული პოლიტიკის მართვა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, მიგრაციის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მიგრაციული პროცესების მართვა და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აქტიურაად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა განვითარდეს მიგრაციის სფეროში ისეთი საკითხები, როგორიცაა მიგრანტთა რეინტეგრაცია, შეიქმნას უცხოეთში ლეგალური დასაქმების სქემები, მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უკანონო მიგრაციის საკითხებზე და ტრეფიკინგზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართველების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებს, ვინაიდან თავშესაფრის მაძებელთა გაზრდილმა რაოდენობამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მთელ რიგ ქვეყნებთან.  უკანონო მიგრაციის საპასუხოდ არსებობს დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის პირობებშიც მიგრანტებს აქვთ მეტი დაცულობა შრომითი უფლებების კუთხით და ასევე პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა. IOM-მა განახორციელა პროგრამა პოლონეთთან, რომლის ფარგლებშიც უკვე საკმაო რაოდენობის საქართველოს მოქალაქე ლეგალურად დასაქმდა პოლონეთში სხვადასხვა სფეროში. „ჩემს მეგობარს ოჯახი იმის გამო დაენგრა, რომ სამსახურს ვერ შოულობდა. საქართველოში დატოვა მცირეწლოვანი, 2 წლის შვილი და მეგობრებთან ერთად პოლონეთში წავიდა მშენებლობაზე სამუშაოდ. გამომუშავებული თანხით, თავის ოჯახს ბინის ყიდვაში დაეხმარა. ის ამჟამად საქართველოშია, თუმცა იგივე გზით ისევ აპირებს პოლონეთში დაბრუნებას,“ – გვიყვება 28 წლის გიორგის მეგობარი. თუმცა გიორგისავით, ბევრ არ უმართლებს და ხშირად, ე.წ. „ორგანიზაციები“, თაღლითურად ატყუებენ სამუშაოს მაძიებელ ადამიანებს და ისინი უცხო ქვეყანაში, ღია ცის ქვეშ რჩებიან. ამიტომ საზღვარგარეთ წასვლის მსურველებმა კარგად უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არ აღმოჩნდნენ. „ჩემი კლასელს, ერთი ქალი შეპირდა პოლონეთში სამუშაოს დაწყებას, გარკვეული თანხის შემთხვევაში, ის პირდებოდა, ბინით და სამსახურით უზრუნველყოფას. იქ ჩასულს არავინ არ დახვდა, სამსახურისა და ბინის გარეშე დარჩა. სამშობლოში დასაბრუნებული ფულიც სხვამ მისცა და ძლივს ჩამოაღწია სამშობლოში. იქ გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვების გამო, საქართველოში, აფექტის მდგომარეობაში დანაშაული ჩაიდინა და ამჟამად სასჯელს იხდის,“ – გვიყვება კიდევ ერთი 21 წლის ემიგრანტის ისტორიას, მისი კლასელი. „ყოველთვის ვცდილობთ დაბრუნებულ ემიგრანტებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმნათ.  ჩვენს ორგანიზაციას ყველა ქვეყანაში აქვს ოფისი. გაჭირვებაში მყოფ ნებისმიერ მიგრანტს შეუძლია, რომ მოგვმართოს. ჩვენ ასევე ვცდილობთ დავეხმაროთ მცირე ბიზნესის წამოწყებაში და ხელი შევუწყოთ მიზნების განხორციელებაში. მაგალითისთვის, 25 წლის გოგონა საბერძნეთიდან თელავში დაბრუნდა, რომელსაც ძროხის ყიდვა უნდოდა, ამას ვერ შეძლებდა და ჩვენი კონსულტაციით, ამჟამად, სალონს ამუშავებს. დაბრუნებული მიგრანტი, უკან რომ არ გაიქცეს, ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგს ვაწარმოებთ,“  – გვაუბნება ანა კაკუშაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. რა შეიცვალა უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ? ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ უვიზოდ, ყოველი 180 დღის განმავლობაში, არაუმეტეს 90 დღის ვადით გაემგზავრონ შენგენის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. უვიზოდ მიმოსვლა მოქალაქეს არ აძლევს  ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას. ასევე, ვიზალიბერალიზაცია არ იწვევს ტერიტორიაზე უნებართვოთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შეცვლას. კვლავ ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოს მცხოვრებ პირთა იდენტიფიცირებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ნებართვა (ვიზა/ბინადრობის ნებართვა და სხვ.) აუცილებელია, რადგან მიგრანტმა მოახერხოს ბინის ქირაობა, მოიპოვოს მუშაობის ნებართვა, ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა და იყოს დაცული, ისინი მაინც ახერხებენ არაკანონიერი გზებით ცხოვრებას. თუმცა,  ამ შემთხვევაში, იზრდება შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლად  ქცევის საფრთხეც.  სტატუსიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. უსაბუთო მიგრანტების არასასურველ პირობებზე დათანხმება, დაშინება, დაშანტაჟება, იძულება ან თავისუფლების შეზღუდვა უფრო მარტივია. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს  ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა მოწესრიგებულია თუ არა დოკუმენტები. საკონსულო უზრუნველყოფს შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტის გაცემას საქართველოში დასაბრუნებლად. ნებართვის გარეშე მყოფ მიგრანტს, როგორც წესი, ეძლევა გარკვეული დრო ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად. თუ დაბრუნება არ მოხდა აღნიშნულ ვადაში, გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების ღონისძიებები. საქართველოში გამომგზავრებამდე, შესაძლოა, მოათავსონ მიგრანტთა დროებითი დაკავების ცენტრში. მიგრანტი შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს ნებაყოფლიბით, რეადმისიის ან დეპორტაციის გზით. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქებს ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ხნის ვადით, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting