შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფი 17-წლიანი გამოცდილებით. გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ომში ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ლელის თქმით, ომში ფოტორეპორტიორობა მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მზაობას. ამასთან მნიშვნელოვანია იყოთ კარგად ინფორმირებული, ზოგადი სიტუაციის შესახებ. „არ უნდა დაზიანდეთ. უნდა გეცვათ შესაბამისად, გამოიყენეთ ბრონის ჟილეტი. წაიღეთ ნაკლები ეკიპირება. უნდა იცოდეთ წესები, თუ არ იცით ჰკითხეთ უფრო გამოცდილს. არ შეიძლება საზღვრების გადაკვეთა“.  აქვე, გვაფრთხილებს, რომ ფოტორეპორტიორებს ხშირად უწევთ სირბილი და სწრაფი გადაადგილება.  2008 წლის ომის გადაღება მისთვისაც პირველი გამოცდილება იყო, რომელმაც შემდგომში ფსიქოლოგიური და ემოციური გართულებები გამოიწვია. „ჩემთვის, პირადად, რთული იყო. ჩემს თავზე ზრუნვასაც არ ვგრძნობდი. იმდენად შოკისმომგვრელი გარემოა, რომ მაგის დრო არ გაქვს. ფიზიკურადაც და ემოციურადაც ცუდად ვიყავი. თბილისში დაბრუნებისას დამჭირდა ფსიქოლოგიური დახმარებაც. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი სამი დღე, მქონდა შიში, კანკალი. იმის გააზრება თუ სად ვიყავი უფრო საშიში იყო, ვიდრე იქ, იმ მომენტში ყოფნა.“ ფოტორეპორტიორები საგანგებო სიტუაციებში მუშაობის დროს ხშირად აწყდებიან ეთიკურ დილემებს და საზოგადოებისგან განკიცხვის ობიექტებიც ხდებიან. ამის ცნობილი მაგალითია 1993 წელს სუდანში გადაღებული ფოტო „გოგონა და სვავი“. ფოტორეპორტიორმა, კევინ კარტერტმა გადაიღო კადრი, რომელშიც გამოსახული იყო შიმშილისგან მომაკვდინებელი გოგონა და მის გვერდზე მჯდარი სვავი. კარტერმა ამ კადრისთვის უმაღლესი ჯილდო, პულიტცერის პრემია მიიღო, თუმცა საზოგადოებამ იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა გულგრილობის გამო. ლელი ბლაგონრავოვას თქმით, სამხედრო კონფლიქტის გადაღებისას ფოტორეპორტიორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ნებისმიერი ზიანის მქონე ადამიანების დახმარების დროს, რადგან შესაბამისი განათლება არ აქვთ. „ჩვენ არ ვართ ექიმები და ჩვენი საქმეა გადავიღოთ. როდესაც ხედავ დაჭრილს, მასთან მისვლა ნიშნავს ამ ადამიანის დაიმედებას, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია. ვერ შევაფასებთ რა დაზიანება აქვს ადამიანს, რომ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და შეიძლება უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად გავლილი უნდა გვქონდეს პირველადი დახმარების ტრენინგი.“  ფოტოგრაფსა და ფოტორეპორტიორს შორის სხვაობაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ ფოტორეპორტიორი იგივე ჟურნალისტია. გადაღებისას უნდა ფლობდეს ინფორმაციას, როგორიცაა ადგილმდებარეობა, სახელი, გვარი, როდისაა გადაღებული, რა მოხდა და ა.შ. და თუ ფოტოგრაფს შეუძლია მეტი დრო დაუთმოს კადრის კომპოზიციას, რეპორტიორებს ამის ფუფუნება არ აქვთ. „მოხდა, დაინახე, გადაიღე, გააგზავნე. პლუს, ეს ინფორმაციებიც უნდა დაურთო.“ რაც შეეხება ომის ფოტოგრაფიასა და მის განვითარებას, ლელი აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიის ეს მიმართულება ნაკლებად პოპულარულია და ძალიან ცოტამ იცის როგორ უნდა გადაიღოს და იმოქმედოს ომში, რა ენაზე ილაპარაკოს, ვისთან ჰქონდეს კონტაქტი. „ეს მიმართულება პოპულარულია ომის პერიოდში. ჩემი გორის თემაც მაშინ ხდება პოპულარული, როცა კონფლიქტია რეგიონში. განსაკუთრებით, როდესაც მეგობარ ქვეყანას ბომბავს იგივე მტერი, რომელმაც შენ დაგბომბა. ამიტომ, დღეს უფრო ხშირად მიკავშირდებიან გორის ომთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა დღეებში.“  ფოტოგრაფი გვესაუბრება ტექნიკის განვითარების როლზეც ომის ფოტოგრაფიაში. 2008 წელს პირველი იყო, ვინც ქართულ მედიას ომის კადრები გააცნო. მისი თქმით, ფოტორეპორტიორი უნდა იყოს ოპერატიული, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია ინტერნეტის საშუალება ჰქონდეს ან იცოდეს ვის გაატანოს მასალა. „დღეს ფოტოაპარატიდან და ტელეფონიდანაც შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოტოები, თუმცა სხვა საკითხია არის თუ არა ინტერნეტი ან იცოდე ვის გაატანო ეს მასალა. შეიძლება დღეების განმავლობაში იღო ფოტოები, მაგრამ ვერ გააგზავნო და მერე აქტუალურიც აღარ იყოს.“ „თუ შენი ფოტოები არ არის კარგი, ე.ი. საკმარისად ახლოს არ ყოფილხარ“ ეს სიტყვები ომის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერტ კაპას ეკუთვნის.  ლელიმ საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა. „არის კიდევ ასეთი გამონათქვამი „მკვდარი ფოტოგრაფი არავის სჭირდებაო“. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ახლოს მისვლა კარგია, მაგრამ გააჩნია სად. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მაინცდამაინც არ უნდა შეუვარდე მტერს კამერით. არ გეგონოთ, რომ კამერა დაგიცავთ ტყვიისგან. თქვენ ტყვიისგან გიცავთ სიფრთხილე. ომში გადაღებული ფოტოები არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე. ომი ჩანს ადამიანების სახეებზე, ოჯახებზე, იძულებით გადასახლებულებზე, დაბომბილ სახლებსა და საავადმყოფოებზე.“ ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

როგორ მოიქცეოდით, თუ გაიგებდით, რომ საქართველოში არსებული პრობლემები, როგორებიცაა: სიღარიბე და უმუშევრობა, გაცილებით მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას, თუკი ჩვენი ქვეყნის რესურსების სწორად გამოყენებას ვისწავლით?! ამის შემდეგ, საქართველო, შეიძლება მართლაც გახდეს „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“. წიგნად წარმოდგენილი კვლევა საქართველოში არსებულ აქტივებზე, რომელზეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც იმუშავეს, აერთიანებს იმ რესურსების ჩამონათვალს, რომლის სრულად ათვისებისა და პრივატიზების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. „გახდი მესაკუთრე“ – ეს არის იდეა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრმა წამოიწყო. ამ იდეის ფარგლებში, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით, გამოიცა კვლევა, სახელმწიფოში არსებული აქტივების შესახებ. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმაც. მათი თანაავტორობით გამოცემული წიგნი ინფორმაციას აერთიანებს საქართველოში არსებული ყველა რესურსის შესახებ, რომლებიც აქამდე, ამ სახით არ არსებობდა და მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა. სიტუაცია შემდეგია – საქართველოში სხვადასხვა რესურსის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, სასარგებლო წიაღისეულის, ხე-ტყის, მტკნარი და გამდინარე წყლებისა და სხვ. დაახლოებით 70% არის სახელმწიფო საკუთრებაში, ე.ი აუთვისებელია. „ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების სურათს რომ შევხედოთ, კაპიტალიზაციის მხრივ, კერძო საკუთრება ყოველთვის სჭარბობს სახელმწიფო საკუთრებას. თავად ამ წიგნის დაწერის სურვილი და იდეა იყო ის, რომ შეგვესწავლა სახელმწიფოს აქტივები და რესურსი ხალხში ინტერესის გამოსაწვევად. გვინდა იცოდნენ, თუ რამდენად მდიდარი ქვეყანა ვართ, თუმცა ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი მიძინებულია და არ ვიყენებთ.“– ამბობს ეკონომისტი, ანალიტიკოსი და ერთ-ერთი მკვლევარი, რატი ლელუაშვილი. კონკრეტული კვლევის და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მიწების პრივატიზების მიზანი კი არის შემდეგი: რომ ეს დიდძალი რესურსი გადაეცეს ხალხს.  „იმდენად, რამდენადაც ეს რესურსები გადავა ხალხის ხელში, ადამიანებს ექნებათ შანსი, რომ გამდიდრდნენ. მაგალითად, ვინმე უბრალოდ გაყიდის ამ ქონებას ან ვიღაც ინვესტიციას მოიზიდავს, ვიღაც დაფინანსებას მოიძიებს და საქმეს დაიწყებს.  ყველა ინდივიდი სარგებელს ნახავს ამ პოლიტიკით,“ – გვეუბნება ეკონომისტი, ანალიტიკოსი და წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ნოდარ სირბილაძე წიგნში ვკითხულობთ – „სახელმწიფო არაეფექტიანად იყენებს რესურსებს და ამ ქონებას მიწაში ჩამარხული ოქროს შედეგი აქვს. ამასთან, მთავრობის ცენტრალურ და თვითმმართველობების დონეზე არსებობს მრავალი სახელმწიფო კომპანია, რომლებიც პირიქით, მოგების ნაცვლად, ყოველწლიურად, ზარალზე გადიან, არაჯანსაღ კონკურენციაში შედიან ბიზნესთან და ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო ამცირებენ. ამ ფონზე კი ეს კვლევა პასუხია კითხვაზე, რეალურად თუ რა ეკონომიკური რესურსების მფლობელია სახელმწიფო.“ საქართველოში პრივატიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა მიმდინარეობს საკმაოდ ნელა, რადგან ხალხს არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ფულითა და რესურსებით შეიძინოს კონკრეტული მიწა ან აქტივი. პრივატიზაციამ, რომელიც ფულზე ხორციელდება, ამ პროცესიდან გამოთიშა მოსახლეობის 80-90%. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს პროცესი იყოს უფასო. ავტორებისა და მკვლევრების იდეაა უფასო საპრივატიზაციო ფული – „ინვესტი“, რომელიც დაურიგდება ხალხს და ისინი ამით შეძლებენ  სახლემწიფოსგან წარმოდგენილი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი  აქციებად და ლოტებად გამოიტანენ (მაგალითად, საქართველის რკინიგზის აქტივები), შეიძინონ, კერძო საკუთრებაში გადაიტანონ და მოგებაზე იმუშაონ. ეს ყველაფერი კი თავისთავად შექმნის ახალ ბიზნესებს, მეტ სამუშაო ადგილს, გაიზრდება ექსპორტი და ქვეყანა ეკონიმიკურად იმაზე ბევრად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა. დაინტერესების შემთხვევაში წიგნის ნახვა შეგიძლიათ აქ   ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

  18 მარტს გადამუშავების გლობალური დღე აღინიშნება. ამ მიმართულებით საქართველოში რამდენიმე სიახლეა. მოდით, ვნახოთ თუ რა გზით შეიძლება გავხადოთ სამყარო ოდნავ უკეთესი.  ,, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე! თუ ვერ დასწერე, რა უშავს, ნურც რას იდარდებ, მეტადრე, ხის დარგვა ხომ შეგიძლია, შენც ადექი და ხე დარგე“ – მორის ფოცხიშვილი     მეც ავდექი და ხე დავრგე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, სადაც CENN-ის  მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი. CENN რეგიონული განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვაზე სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის გზით.  Green, Green and Green (მწვანე, მწვანე და მწვანე) ომახიანი ხმით გვეუბნება თავის დევიზს ჯონ ნიკრემი, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა დანიიდან და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი, სამეგრელო–ზემო სვანეთში, მაია კოდუა გვეუბნება იგეგმება ბრეკეტების ქარხნის დაარსება.  ,,მნიშვნელოვანია გათბობის ალტერნატიული საშუალებები და ერთ–ერთი ალტერნატივა შეშის, რა თქმა უნდა, არის ნარჩენი ბიომასისგან ბრეკეტების დამზადება და ამ ბრეკეტების წარმოება, მოხმარება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“. ,,ჩემს სიცოცხლეში ჩემი სახელობის პარკია“– ამბობს ჯოჰანის დამხმარე მაია, რომელმაც შ.პ.ს  მარანში თავის ხელით გააშენა ალვის ხეების ექსპერიმენტალური ტყე. ამ საქმის კეთებით მეტ სიმწვანეს და ჟანგბადს  უწინასწარმეტყველებს გარემოს. საშუალოდ 40 ადამიანია დასაქმებული, აქედან 7  ქალია. ჯესპერ იონგანსონი ჯონ ნიკრემის კოლეგა და მეგობარია. სამ მიზეზს გვისახელებს, თუ რატომ მაინცდამაინც საქართველო: ერთი– ეს არის კარგი გეოლოგიური მდებარეობა, მეორე– წყლის რესურსების სიმდიდრე, ხოლო მესამე–ნაყოფიერი ნიადაგი და საზღვარი შავ ზღვასთან. კითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მიზანი ასე პასუხობს ,,main goal is to make a better world (მთავარი მიზანი უკეთესი სამყაროს შექმნაა). შეიძლება ითქვას, რომ CENN-ის ორგანიზაცია ნამდვილად ანებივრებს აჭარის რეგიონს. ამის საუკეთესო მაგალითია პროექტები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა  ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ეს არის ენერგოეფექტური მასალების და მზის ენერგიის გამოყენება, როგორც ცხელი წყლის, ისე ელექტროენერგიის მისაღებად. ,,ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში არის 29 საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს 66 კორპუსი სხვადასხვა ტერიტორიაზე და ყველა შენობაში სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროექტი განხორციელდა.“– ამბობს აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა რამდენიმე სკოლა აჭარის რეგიონში და გავსაუბრებოდით როგორც პედაგოგებს, ისე აღსაზრდელებს. 14 წლის სალომე გორაძეს სურს აღმოიფხვრას ეკოლოგიური პრობლემები და დაიმსხვრეს მითი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათი მოჭრილი ხე გარემოს ზიანს ვერ მიაყენებს. როგორც სალომე გვეუბნება, ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, თუ კიდევ რამდენი ადამიანი ფიქრობს მათ მსგავსად. სალომეს ეთანხმებიან მისი თანაკლასელები, რომელთა უმრავლესობა ეკო–კლუბის წევრია. აჭარის განვითარების სამინისტროს პიარი თეა ვადაჭკორია მათ მომავალ ,,დესპანებს“ უწოდებს, რომლებიც გაუზიარებენ ოჯახის წევრებს და ახლობლებს რამდენად სასარგებლოა ალტერნატიული ენერგიის გამოყენება. ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და გამომცემლობა ,,ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელი ოლიკო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მისი თაობისთვის  მზის ენერგიები, მზის ბატარეები იყო ფანტასტიკის სფერო. ახალგაზრდა თაობამ კი წვლილი უნდა შეიტანოს ცნობიერების ამაღლებაში. მედიატურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,CENN“-ის წარმომადგენელმა და გარემოსდამცველმა ირაკლი მიქელაძემ ,,მედიატური ხორციელდება ,,CENN“-ის მიერ პროექტი ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის თანამშრომლობის განვითარება.“  მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც დღემდე განვლეს. პროექტის ფარგლებში 66 სკოლა აღიჭურვა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით, 17 სკოლაში დამონტაჟდა 41 კოლექტორი, 109 ცალი ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ სკოლებს, ამან შეამცირა შეშის მოხმარება. ასევე ბატონი ირაკლის ინფორმაციით, ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად იგეგმება  ,,ნიკო კეცხოველის“  სასკოლო კონკურსები. CENN-ის გარემოს დაცვითი პროექტების ოფიცერი ლევან გაგოშვილი ამბობს ,,მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ის რესურსები და ის ენერგიის წყაროები რომელსაც ვიღებთ დროთა განმავლობაში ამოწურვადია და მსოფლიო დგას ამჟამად ისეთი გამოწვევის წინაშე, რომ ნელ–ნელა უნდა მოხდეს გადაწყობა ამ განახლებად ენერგიის მიმართულებით, ამაში კი გვეხმარება ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოში.“ ფაქტი ერთია, ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ შევქმნით უკეთეს სამყაროს. ადამიანების ცნობიერების ამაღლება კი ამის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება. და ბოლოს, ,,GREEN, GREEN AND GREEN.”   ავტორი: ლანა ლობჯანიძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

Newsfeed – ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების სასწავლო გაზეთი. სასწავლო კურსი: “გაზეთის წარმოება” ლექტორი: მალხაზ გაგუა იკითხეთ გაზეთი აქ

პანდემიამ სწავლის კურსი რადიკალურად შეცვალა.  სწავლების ორი რეჟიმი გამოიკვეთა. პირველი ეს არის ჰიბრიდული, რომელიც მოიცავს, როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სწავლებას ერთდროულად. ხოლო მეორე  სრულ ონლაინ სწავლებას, რომელიც მხოლოდ კომპიუტერულ რეჟიმშია. ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს. ეს საკითხი სტუდენტთა შორის აზრთასხვაობას იწვევს. თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება და რამდენადაა დაცული რეგულაციები უნივერსიტეტებში, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელთა აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება. ___________ „კავკასიის უნივერსიტეტში, ჩვენი სწავლების რეჟიმი ჰიბრიდულია, ამჟამად ჩვენ ლექციები ონლაინ გვაქვს, მაგრამ გამოცდები აუდიტორიაში გვიტარდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია და ვცდილობ ყველანაირად ავირიდო ჩემს კურსელებთან კონტაქტი გამოცდების დროს. ვფიქრობ, სწავლება უნდა იყოს სრული ონლაინ რეჟიმით, ამით ჩვენ საფრთხეს შევამცირებთ და წლის ბოლოს ბევრად ნაკლები დაინფიცირებული იქნება თბილისში“, განაცხადა ლიზი ოდიშარიამ, კავკასიის უნივერსიტეტიდან. „არ მაქვს პრობლემა იმისა, რომ ვიარო უნივერსიტეტში ამ პერიოდშიც კი, რადგან სწავლა ბევრად ეფექტურია, როდესაც ეს ხდება პირისპირ. ონლაინ სწავლების დროს ზოგს შეიძლება ჩაეძინოს, უბრალოდ გავიდეს ლექციიდან და ა.შ. რაც პირდაპირი დასწრების შემთხვევაში არ მოხდება. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას აუდიტორიაში, ამის თავიდან არიდება შესაძლებელია ძალიან მარტივად, მთავარია ვატაროთ პირბადე ყველგან და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმის დროს მოვიხსნათ, დავიბანოთ ხელები ხშირად და თუ ვამჩნევთ, რომ რაიმე სიმპტომი მაინც გვაქვს გავაფრთხილოთ ლექტორი”, აღნიშნა შიო ბერიძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა. „ყველა რეგულაცია დაცულია, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურის გაზომვის გარეშე არ გიშვებენ. თუ 37 გრადუსს გადაცდა, ფაქტობრივად, ვერ შემოხვალ. კაფეტერიაში ერთ მაგიდასთან ორზე მეტი ადამიანის დაჯდომა აკრძალულია. ლექციების დროს ლექტორსაც და სტუდენტებსაც პირბადე უკეთიათ. თამამად, შემიძლია ვთქვა რომ სწავლის ხარისხი ჩემს უნივერსიტეტში მაღალია. ძალიან კმაყოფილი ვარ, აუდიტორული დასწრება ბევრად პროდუქტიულია“, ჰიბრიდული სწავლების სასარგებლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ქეთევან პირტახია გვიზიარებს მოსაზრებას. „სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დავდივართ მხოლოდ პრაქტიკულ საგნებზე, რადგან მოგეხსენებათ, ეს სფერო შეუძლებელია სტუდენტმა ონლაინ შეისწავლოს. ჩვენ მოგვცეს უფლება, აცრის მიუხედავად, აგვერჩია ონლაინ გაგვეგრძელებინა სწავლა თუ ჰიბრიდულ რეჟიმში. უნივერსიტეტში მაქსიმალურად დაცულია რეგულაციები, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და მშვიდად განვაგრძოთ აუდიტორიებში სწავლა. რა თქმა უნდა, მე ძალიან მომწონს და მივესალმები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია/სემინარები ბევრად პროდუქტიული და შედეგის მომტანია. ვისურვებდი, ყველა სტუდენტს ჰქონოდეს საშუალება იაროს უნივერსიტეტში, რათა ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება შეიგრძნონ“, ამბობს ანი ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი და აქვე, იმასაც აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ინფიცირების შემთხვევა დადასტურებულა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთლიანი ჯგუფი დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხომერიკი ფიქრობს, რომ ჰიბრიდული სწავლება ბევრად ოპერატიულია და მომავალშიც უნდა დაინერგოს სასწავლო დაწესებულებებში. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სწავლების მეთოდი სტუდენტებისგან მოითხოვს ინტერნეტთან წვდომასა და ტექნოლოგიების რესურსს, რაც დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან. „თავიდან მეც მეგონა, რომ მსგავსი მიდგომა ვერ გაუსწორდებოდა “კლასიკურს”, თუმცა დღეს ვფიქრობ, ჰიბრიდული სწავლება უნდა დაინერგოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში. მახსოვს პირველი კურსის განმავლობაში მიწევდა სეუ-ს ბიბლიოთეკაში დიდი დროის გატარება, თუმცა, ახლა სტუდენტთა პლათფორმაზე, ადგილმდებარეობის მიუხედავად, მარტივად შეგვიძლია სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალის მოძიება. იმის თქმა მსურს, რომ ჰიბრიდული სწავლების მეთოდები ჯერ კიდევ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და მომავალში უფრო სრულყოფილი იქნება“, ამბობს მარიამი. მარიამ ცარციძეც, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული სწავლება ყველაზე კარგი ალტერნატივაა დღეს, რადგან ორივე მხარეს თავისი არჩევანისამებრ შეეძლოს განათლების მიღება. „ონლაინ სწავლებისას ტექნიკური პრობლემები იქმნება. ინტერნეტის შეფერხება, კარგი მონაცემების კომპიუტერის არქონა. ამიტომ, ყველა სტუდენტი სრულფასოვნად ვერ ახერხებს ლექციებზე დასწრებას. მეორე მხრივ, უნივერსიტეტის ძალიან კარგი მზაობის მიუხედავად, რთულია ამდენი სტუდენტის გაკონტროლება და დაინფიცირების შანსი დიდია“.   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორისაც აზრთა სხვაობა იკვეთება. ამუკა ქორიძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტია, მისი თქმით, ცალსახად ონლაინსწავლებას უჭერს მხარს, რადგან ამან ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. როგორიცაა, სამსახურთან სწავლის შეთავსება, მეგობრების ნახვა, წესიერი მეცადინეობა და დასვენება. „ჩემთვის ჩემი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში სიარული დიდ ენერგიას მართმევდა. პირადი აქტივობებისთვის დრო აღარც მრჩებოდა, სამსახურზე საუბარი ზედმეტი იყო“. ის არგუმენტი, რომ დისტანციურ რეჟიმზე ყოფნით სწავლების ხარისხი დაბალია, მისთვის არალეგიტიმურია. „როგორც გადაცვეთილად არ უნდა ისმოდეს, ვისაც სწავლა უნდა, ისწავლის. მოწადინებული სტუდენტები, პრაქტიკულ საგნებსაც წარმატებით ვასრულებთ“, აღნიშნავს ამუკა, ჩვენთან საუბრისას. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია დეა კოლოტაური, იგი არ ეთანხმება ონლაინ სწავლებას და ჰიბრიდული სწავლების მეთოდს ამჯობინებს. „პირდაპირი შეხება იმ ყველაფერთან, რასაც ვსწავლობთ გაცილებით მრავლისმომცემი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენს უნივერსიტეტში სწავლება მთლიანად ონლაინ მიმდინარეობს. მესამე კურსზე, როდესაც ნელ-ნელა ჩვენი პროფესიისათვის ყველაზე აუცილებელ უნარ-ჩვევებს ვეუფლებით, საკმაოდ რთულია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში ამ ყველაფრისათვის ფეხის აწყობა და შესწავლა. ამიტომ, მე სწავლის ჰიბრიდულ მეთოდს ვემხრობი“. ჰიბრიდული სწავლება დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიებში სწავლების მსურველ სტუდენტთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ონლაინ სწავლების მომხრეები, უნივერსიტეტმა აუდიტორიები ამ მცირე ნაწილისთვის მაინც გახსნა. „უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებს სტუდენტების მოსაზრებებს და ამიტომ მცირე ნაწილისთვის მაინც გავხსენით აუდიტორიები. სწავლება მიმდინარეობს რეგულაციების სრული დაცვით, ორჯერადად აცრილებისთვის, მათთვის ვინც ბოლო 6 თვეში გადაიტანა კოვიდი ან 72 საათში ერთხელ წარმოადგენს პისიარ ტესტის პასუხს. ჩატარდა დეზინფექცია. დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები შეძლებენ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი. დათო მათიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. მისი აზრით, ჰიბრიდული სწავლების მეთოდი მეტად პრიორიტეტულია. „მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება კომფორტის ზონაში გვამყოფებს, ეს ცუდად აისახება განათლების ხარისხზე. პირისპირ კომუნიკაცია უფრო საფუძვლიან შედეგს იძლევა“. ონლაინ სწავლების სასარგებლოდ გველაპარაკა, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო შაორშაძე. ნინოს თქმით, როდესაც შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ განათლება, უნდა ავიღოთ სხვების დაცვის პასუხისმგებლობა. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სჯობს სწავლა ისევ ონლაინ ფორმატში დარჩეს. ჩემი აზრით, ჰიბრიდულ სწავლებას გარკვეული რისკები მაინც ახლავს თან. როცა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, უმჯობესია  საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ არავის ჯანმრთელობა“. ___________ საქართველოში და მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეთა ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში, რაც უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით. ონლაინ სწავლების ერთ-ერთი სუსტი მხარე ისაა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს საშუალება ონლაინ ლექციებს დაესწროს. მოსწავლეებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და არც საჭირო ტექნიკური მოწყობილობები გააჩნიათ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას სტუდენტმა თუ სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს? ამ კითხვაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის ლექტორი, ზურაბ ტიკარაძე გვპასუხობს. „ეს მარტივი პრობლემა არ არის, მაგრამ მოგვარება შესაძლებელია. ახლო მომავალში უნდა დაიგეგმოს იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთაც არ აქვთ ლექციებზე დასწრების საშუალება. ეს არ იქნება მცირე ხარჯი, მაგრამ ეს ყველაზე სწორ გზად მესახება. სხვა შემთხვევაში, სტუდენტი სრულფასოვნად ვერ მიიღებს განათლებას, რაც უსამართლობაა“.   ავტორები: ბაჩო მჭედლიშვილი და ლუკა ქოქოსაძე, ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები

სადიპლომო ჟურნალები ჟურნალი “ბგერწერა”  ჟურნალი “ზღვარი”  ხელმძღვანელი: მაგდა მემანიშვილი   ჟურნალი “ვარიეტე” ჟურნალი “ვიტრაჟი” ხელმძღვანელი: დალი ოსეფაშვილი მენტორი: მარიამ ძაგოევი

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების შრიფტების შექმნის იდეა თავდაპირველად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაჩნდა და მან სამი ეტაპი მოიცვა. პირველ ეტაპისთვის გადაწყდა შექმნილიყო ათი საზოგადო მოღვაწის ხელნაწერი შრიფტი. იდეის ავტორები გახლდნენ ნიაზ დიასამიძე, დავით მაისურაძე და ზვიად კორდაძე, რომლის საადვოკატო ფირმამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შრიფტების შექმნის იდეის რეალობაში მოყვანას. პირველ ეტაპზე შეიქმნა ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების შრიფტები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ამბროსი ხელაია და ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მეორე ეტაპი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებულობის ასი წლის იუბილეს, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა იმ ხუთი მოღვაწის შრიფტი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობაში და შემდეგ ემიგრაციაში, საქართველოს ინტერესების დაცვაში. მეორე ეტაპზე შეიქმნა ვიქტორ ნოზაძის, მიხაკო წერეთელის, ივანე ნანუაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და გიორგი კვინიტაძის ხელნაწერი შრიფტები. ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მესამე ეტაპი კი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შრიფტების შექმნის  პროცესში ჩაერთო ჯეპრა. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ოთხი ხელნაწერი შრიფტი: ნიკო ნოკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასი. ,,ხელნაწერი შრიფტების შექმნას ორი მთავარი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ქართველი საზოგადო მოღვაწეები სხვა კუთხით დავანახოთ საზოგადოებას, რადგან ხელნაწერები ბევრს ამბობენ მათ ხასიათზე, განწყობაზე და შეხედულებებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს ქართული დამწერლობის და ქართული შრიფტების მეტად პოპულარიზაციაა”- აღნიშნა ჯეპრას წარმომადგენელმა რუსკა უსტიაშვილმა. ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. სირთულეს წარმოადგენს უშუალოდ ხელნაწერებისა და წერილების მოპოვება, რადგან ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის არქივთან წვდომა ძნელია და ამ პროცესში მრავალ ორგანიზაციას უწევს ჩართვა. როგორც დავით მაისურაძე ამბობს, რომელიც უშუალოდ შრიფტის შექმნაზე მუშაობს, შრიფტის შექმნამდე იწყება ხელნაწერების კარგად და საფუძვლიანად შესწავლა, შემდეგ, სწორედ ხელნაწერიდან გამომდინარე, უნდა შეისწავლო თვითონ ხელნაწერის ავტორი, მისი ბუნება, რამდენად ცვალებადია მისი კალიგრაფია სხვადასხვა დროს, ასაკში, სხვადასხვა ნაწარმოების ან თუნდაც პირადი წერილების წერისას. ,,ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესში სირთულე არის, ასევე გრაფიკული ნახაზების აგება, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეს არცერთი ასოს ვარიაცია, ამით იმას ვგულისხომ, რომ განსხვავებით სტანდარტული შრიფტებისა, ხელნაწერ შრიფტებში ჩვენ ასოთა მეტი სიმრავლე გვაქვს. ერთ ასოს შესაძლოა ოთხი ან მეტი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. შესაძლებელია ისიც, რომ სიტყვაში ერთი და იგივე ასო საწყის, შუალედურ და საბოლოო პოზიციაში განსხვავებულად დაიწეროს, რაც ქმნის განწყობას თითქოს კითხულობ ნამდვილად ხელით დაწერილს და არა კომპიუტერის მიერ შედგენილს”.     ავტორი: მარიამ მერლანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

„ჩემი თავი უფრო მოთხრობების ავტორად მიმაჩნია, თუმცა  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიჩნდება იდეა, რომელიც მოთხრობის ფარგლებს სცდება და საჭიროებს, რომ განივრცოს, „აკუმის“  შემთხვევაშიც ასე მოხდა.“ ნანა აბულაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მისმა სადებიუტო რომანმა „აკუმი“ დიდი აღიარება მოიპოვა და ავტორის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ნანა, ამბობს იგი 13 წლიდან წერს, პირველი მკაფიოდ დასამახსოვრებელი  ჩანაწერი სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა და მისი შთაგონების წყარო  იყო კომიკური ამბავი, რომელიც მის ნათესავებს შეემთხვათ. თავიდან წერა ნანასთვის უბრალოდ ჰობი იყო, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს იმპულსი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და ამიტომ გადაწყვიტა მისთვის გზა გაეთავისუფლებინა. ნანა აბულაძე 15 წლის იყო, როცა ხელოვნების აკადემიამ გამოაცხადა ლიტერატურული კონკურსი 16 წლამდე ახალგაზრდებისათვის. ეს იყო სასწავლო ორგანიზაცია, რომლის დირექტორიც გახლდათ ვალერიან შიოკაშვილი. მას ეს ამბავი ნათესავმა შეატყობინა და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში გამარჯვების არ სჯეროდა, მაინც გადაწყვიტა ეცადა და ორი მოთხრობა წარედგინა. მწერალი იხსენებს, რომ მოგება შეუძლებლად მიაჩნდა, ვინაიდან გამარჯვებული ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მიჰყავდათ, თუმცა სწორედ ნანა აღმოჩნდა ის, ვისაც ეს არაჩვეულებრივი შანსი მიეცა. ამ შესაძლებლობის შედეგად, მან ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა და მათგან რჩევების მიღებაც მოახერხა, რომ წერა მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი უნდა გამხდარიყო და ეს საქმე აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა. რაც შეეხება ნანა აბულაძის სადებიუტო რომანს, ავტორი გვიყვება, რომ მისი შექმნის პროცესი 2018 წელს დაიწყო, შემოდგომაზე. სამსახურიდან წამოვიდა, როგორც ამბობს ათი თვე სახლში გამოიკეტა და მთელი ეს დრო თავისი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელებას დაუთმო. „აქამდე რაც დამიწერია, ასეთი ძლიერი სურვილი გამოქვეყნების არასდროს მქონია. ამობეჭდილ ფურცლებს ვუყურებდი და ვგრძნობდი, დაუმთავრებელი იყო, რადგან არ იყო გამოქვეყნებული, ამიტომ როცა წერა დავასრულე, პირველად გვანცა ჯობავას დავუკავშირდი,  რომელიც გამომცემლობა „ინტელექტში“ მუშაობს. მან კი მითხრა, რომ რომანს მთავარ რედაქტორს ზვიად კვარაცხელიას წარუდგენდა და ერთ თვეში დამირეკეს კიდეც, რომანის ბეჭდვას ვიწყებთო.“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნანა ამბობს, რომ უფრო საკუთარი საქმით დაკავებაზე ფიქრობს, ვიდრე სამსახურის დაწყებაზე. პროფესიულადაც ლიტერატურულ სამყაროში გადაინაცვლა, რითაც ძალიან ბედნიერია და სურს ამ აკადემიურ სფეროში დარჩეს. ახალი წიგნის იდეაც უკვე აქვს და აპირებს ზაფხულზე მასზე მუშაობასაც შეუდგეს.   ავტორი: ანო ტვილდიანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

ესე მომზადებულია კონკურსისთვის, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსი ანონიმური იყო. მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ ესეები თემაზე ,,დამოუკიდებლობის მნიშვნელობა 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე”. პირველი ადგილი ჩვენი გუნდის წევრმა, ნინი შაორშაძემ მოიპოვა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად “დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც” … კიდევ ცოტაც და გათენდება… დასრულდება ეს უწესრიგო (რუსული) მასკარადი! უთუოდ უნდა გავთავისუფლდეთ!.. … და, მზე ამოვიდა… ჰო, ამოვიდა… ზუსტად 103 წლის წინ, 4 საათსა და 50 წუთზე სხდომა გაიხსნა და 5 საათსა და 10 წუთზე ჩვენ გავიმარჯვეთ!.. დღეს კი როგორ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც ქართველი ერის არსებობა და რაობა დაადასტურა; ჩვენი თითქმისდა სხვენში მოსვენებული თვითმყოფადობა მეცხრე ცაზე აიყვანა და იქიდან გადმოახედა; აჩვენა, რომ „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო თავად საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო“. ამ წელმა, დღემ, საათმა, წუთმა თუ წამმა, (…) თვალწინ ააფარა ქართველთა ინდივიდუალიზმი რეჟიმს, რომელმაც სწორედ ამ ხალხის დამონება განიზრახა და რამდენადმე განახორციელა კიდეც. ახლა რა შეგვიძლია? მხოლოდ დამოუკიდებლობის მნიშვნელობის გააზრება 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე?! თუ მარტო წარსულის ამ მომენტის სიამაყის გრძნობით გახსენება და მისი სამუდამო აღბეჭდვა ჩვენს ცნობიერებაში?! როგორ გითხრათ, თუ საკითხს ამ კუთხით მივუდგებით, ზომაზე მეტად შევცდებით… მე თუ მკითხავთ, დამოუკიდებლობა რომ შეუცვლელი ღირებულებაა, ეს 1918 წლამდეც ასე იყო, 1918 წლიდან დღემდე ასეა, და მომავალშიც ასე იქნება. დიახ, სათქმელად მარტივია, აღსაქმელად კი – ძალზედ რთული, ვინაიდან, ჩვენ ადრიდანვე გვახასიათებდა დიდი ენთუზიაზმით სავსე ადამიანთა მოღვაწეობის იმედად ყოფნა და შორიდან ვგულშემატკივრობდით მათ მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ან საერთოდაც, ვერ გაგვეაზრებინა რისთვის იღვწოდა ეს ხალხი და რა განთავისუფლებაზე საუბრობდა. იყო მესამე კატეგორიაც, რომელიც დამონებულ სამყაროში თავს ისევე კომფორტულად გრძნობდა, როგორც ეს თავისუფლების მოლეკულებით სავსე ჰაერის ჩასუნთქვისას ხდებოდა. ჩემი აზრით, ბენჟამინ ფრანკლინმა ყველაზე მართებული განაჩენი გამოიტანა ამგვარი ყოფის ამტანთა მიმართ, როდესაც ხმამაღლა თქვა, რომ „ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების“. დამოუკიდებლობა რომ უზადო ჭეშმარიტებაა, დიდი ხანია შეთანხმდნენ მოწინავე საზოგადოების წევრები. ის არ გაიძულებს იმოქმედო საკუთარი სინდისის წინააღმდეგ, თუ ამ გზას თავად არ აირჩევ. ბოლოს და ბოლოს, ძაღლი რომ ჰყეფს, ის ხომ საკუთრივ მისი სურვილის მიხედვით მოქმედებს და არ ერიდება აგრესიას გარშემო მყოფთა მხრიდან. ცაზე რომ ვარსკვლავები ინათებენ ხოლმე, ისინიც კი არ კარგავენ თავიანთ უფლებას და რომ ვუბრძანოთ, დღე გვინდა გიხილოთ და უეჭველად ჩვენს ნებას უნდა დაჰყვეთო, აბა ნახეთ, გვერდს როგორ აგვივლიან. მაგრამ… სამწუხაროდ, ადამიანზე ზემოქმედებასა და მის მარწუხებში მოქცევას რომ მაინც და მაინც დიდი საქმე არ უნდა, ამას ჩვენ, ქართველები, ხშირად ვამტკიცებდით და რეალურად, დღემდე ასე ვიქცევით. მოგეხსენებათ, წარსულში ჩვენნაირი სულგატეხილი და დაბეჩავებული ხალხი ძნელად თუ სადმე მოიძებნებოდა. დღეს უფრო სხვაგვარად, შედარებით პროგრესულად, თუმცა, ისე, როგორც საჭიროა, მაინც ვერ ვარსებობთ, რადგან მუდმივი მოქმედების გარეშე სრულყოფილი ცვლილებების განხორციელება – შეუძლებელია. მუდმივი წინსვლა მხოლოდ „ლომთა ხვედრია“; ლომები კი შედარებით ცოტანი არიან. რას ფიქრობთ, ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული თუნდაც, ათი ადამიანიდან, რამდენ მათგანს ექნება ღრმა ცოდნაზე დამყარებული შეხედულება ზემოთ აღნიშნული ისტორიული პროცესის მიმართ? ამ ექსპერიმენტის ჩატარებამდე გიპასუხებდით, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ უფლებას, რომელსაც ვინმეზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება ჰქვია და რომელიც, ჯერ თითოეული ჩვენგანის, შემდეგ კი, მთელი ერის იდენტობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა. კი ბატონო, ვერც იმ ინდივიდს უკუვაგდებთ, რომელიც თავს არ აძლევს უფლებას, რომ იგრძნოს დამოუკიდებლად ყოფის უტყუარი სინამდვილე. იმიტომ, რომ ყოველთვის მეტად რთულია, როგორც საკუთარი თავის, ისე საკუთარი სხეულისა და სულის მართვა თავისუფლების პირობებში, ხოლო ყოველთვის უფრო მარტივი – სხვისი დატუსაღება და იძულება – გაისარჯოს შენს სასარგებლოდ. თავისუფალი ვერასდროს გახდება ადამიანი, ვინც ის შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის. პიროვნების სურვილის მიხედვით მოქმედების შესაძლებლობის შეუზღუდაობა უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რომლის საკუთარ თავზე აღება, უამრავ გამოწვევასთან შეჭიდებას მოასწავებს. გამოწვევები – ხან მარცხს ნიშნავს, ხან – გამარჯვებას, ხან – დარდის მომტანია, ხანაც – სიხარულის. ზოგჯერ – უბედურად გვაქცევს, ზოგჯერ კი – ბედნიერებით აგვავსებს. აი, რისი გვეშინია სინამდვილეში. ვინმეს არ უნდა თავისუფლება, რადგან ის სთავაზობს პასუხისმგებლობას, რომლის შიშიც ადამიანების უმრავლესობას აქვს. მაგრამ, ბედნიერების მტევნიდან დაწურული წვენის სიტკბო გადაწონის უბედურების ჭიქიდან ჩამოსხმულ შხამს. ვინაიდან, ბედნიერებაა, აბა რაა, ცოდნა იმისა, რომ საკუთარი ნების გარეშე ზიანს ვერავინ მომაყენებს. ერთი რამ ყველაზე ცხადია: დამოუკიდებელი საქართველოსა და თავისუფალი ქართველის ფერი ნათელი და კაშკაშაა, მიუხედავად დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ მიუღწეველი სტანდარტებისა. მით უმეტეს, რომ უკან იხედება ჩვენი შავბნელი, ერთგვაროვანი და გასაცოდავებული წარსული… სწორედ ამიტომ, მხოლოდ წინ ვიაროთ და ამ სვლამ, არა მხოლოდ მეფის, არამედ პაიკების უდიდესი ძალისხმევის საუკეთესო შედეგი უნდა გვიჩვენოს. მოდით, როგორც უწინ, ერთხმად, დაუფარავად და შეუპოვრად ვიყვიროთ ქართველნო! ვიყვიროთ ისე, რომ დედამიწას სული ავუფორიაქოთ: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!..” (…) და არა მხოლოდ საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ კაცს; იმ ქართველს, რომელიც ბედნიერებას თავისუფლებაში ხედავს და ყოველმხრივ ცდილობს დამოუკიდებლობის საუცხოო ბუნების შეცნობას… ავტორი: ნინი შაორშაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

ჩემი რესპონდენტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი ვაჟა ფურცელაძეა. იგი სკოლის ასაკიდან მეორადი ნივთებისგან სკულპტურების შექმნითაა გატაცებული. წარმოშობით გურჯაანელი სტუდენტის ნამუშევრებმა საზოგადოებისგან სიმპათია დაიმსახურა და მასზე რამდენიმე სატელევიზიო რეპორტაჟი და საგაზეთო სტატიაც დაიბეჭდა. პრიველად როდის მოგივიდათ სკულპტურების შექმნის იდეა და რა იყო ინსპირაციის წყარო? ასე, რადიკალურად გამოხატული იდეა არ ყოფილა. სპონტანურად დავიწყე. თავდაპირველად ვაგროვებდი მონეტების კოლექციებს, ერთ დღესაც კი გადავწყვიტე, დამატებით მორჩენილი მონეტებით, რაიმე ახალი გამეკეთრბინა. შემდეგ დაწებებითა და წსორი კონფიგურაციებით, ცხოველის ფიგურა ავაწყე, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. რა არის თვენი შემოქმედების მთავარი სათქმელი? მუშაობისას ჩემი მთავარი მოტივაცია ის არის, რომ ნებისმიერი რამ, რისი აწყობაც მომინდება, შევძლო ყველა ხელმისაწვდომი დეტალისგან. რომელია თქვენი საყვარელი ფიგურა? ცოტა რთული შეკითხვაა. ყველა ფიგურა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაქვს შექმნილი, შესაბამისად, ყველას თავისი შინაარსი აქვს და განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყველაში ძალიან დიდი შრომა ჩავდე. დასაწყისში გამოცდილება არ მქონია, მაგრამ დროთა განმავლობაში დავხვეწე, რთულ სკულპტურებზე გადავედი. თუმცა, ყველაში თითქმის ერთი და იგივე მონდომებასა და შრომას ვდებდი, ამიტომ ასე გამოხატულად, გამორჩეული ფიგურა არ გამაჩნია. რა იყო ინსპირაციის წყარო, სოციალურ ქსელში ნახეთ მსგავსი ნამუშევრები? მიუხედავად იმისა, რომ YouTube – ზე შესაძლოა მოიძებნოს მსგავსი ტიპის ვიდეოები, ამით მე არასდროს მისარგებლია. როდესაც სკულპტურების შექმნას ვიწყებ მთავარია, რომ იდეა ვიცოდე. დანარჩენი წვრილმანები როგორიცაა, რა ფორმა უნდა ჰქონდეს ფიგურას, როგორ უნდა მივიდე დასახულ მიზნამდე – წინასწარი გათვლების გარეშე მუშაობის პროცესში სპონტანურად და ეტაპობრივად გამოვლინდება. წარმოსახვაში ზოგად სილუეტს ვქმნი, შემდეგ ვიწყებ აწყობას. ამ მეთოდის ყველაზე სასიამოვნო ასპექტი ის არის, რომ საბოლოო ვიზუალი ყოველთვის იმაზე ბევრად სრულყოფილია, ვიდრე თავდაპირველად წარმოგედგინა. დასაწყისში რას ფიქრობდნენ თქვენი გარშემომყოფები, მოსწონდათ თუ უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი? ჩემი პირველი მოტივი, რა თქმა უნდა, გართობა იყო. შესაბამისად, გარშემომყოფებიც ნაკლებ სერიოზულად აღიქვამდნენ და პირველ რამდენიმე ნიმუშზე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ, ვინაიდან გამოყენებული მასალისგან სკულპტურის შექმნა ერთი შეხედვით მიუღწეველი ჩანდა. თუმცა, შედეგის მიღებისთანავე მოეწონათ და მათი მხარდაჭერაც დავიმსახურე. ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი? ოჯახის წევრებისგან თანაბრად დადებით დამოკიდებულებას ვიღებ, თუმცა ყველაზე გათვითცნობიერებული დედაჩემი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდ გულშემატკივრად საკუთარ თავს ვთვლი. ჩემთვის ყველაზე მთავარი თვითრწმენაა. ხშირად გამოსაყენებელი მასალით საბოლოო მიზნის მიღწევა შეუძლებლად გამოიყურება და მუშაობის პროცესში წარმატება ბუნდოვანია, სწორედ, ამ დროს არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავისა და საქმის რწმენა, რათა მიაღწიო დასახულ მიზანს. ალბათ, სკულპტურების შექმნა დიდ დროს მოითხოვს, როგორ ახერხებ გართობაზე, სწავლაზე და საყვარელ საქმიანობაზე დროის გადანაწილებას? სიმართლე რომ გითხრათ, ეს საქმიანობა სტუდენტობასთან არც ისე შეთავსებადია. მანამდე უფრო აქტიურად ვქმნიდი ნამუშევრებს. ახლა, უნივერსიტეტში ჩაბარებისა და თბილისში წამოსვლის გამო, იძულებული გავხდი ერთ-ერთ დიდ პროექტზე შემეწყვიტა მუშაობა. რამდენად გავრცელებულია მსგავსი საქმიანობა საქართველოში? მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ მსგავსი გატაცების მქონე ადამიანები გამეცნო, საქართველოში არ მსმენია კონკრეტული პიროვნებების შესახებ, ვინც იდენტურ საქმიანობას ეწევა. უფრო მეტად გრაფიკულ და სახვით ხელოვნებაში მოღვაწე არტისტებთან მაქვს კომუნიკაცია. თუ მიგიღიათ გამოფენაში ან შეჯიბრში მონაწილეობა? ინდივიდუალური გამოფენები არ მქონია, მითუმეტეს არც შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა. იყო რამდენიმე ფესტივალი, სადაც გავიტანე ჩემი ნამუშევრები, თუმცა, ცნობადობის ამაღლების მხრივ, დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა. რას აპირებთ სამომავლოდ, თქვენი პროფესია მეტნაკლებად დაკავშირებულია თქვენს ჰობისთან, ეცდებით ამ ორი საქმის სინთეზს? მიუხედავად იმისა რომ,  მომავალი შეიძლება არ იყოს სრულყოფილად ისეთი, როგორიც წარმომიდგენია, მაქსიმალურად ვეცდები ჩემი გატაცება პროფესიას დავუკავშირო. ნელ-ნელა, ჩემი სკულპტურები მიმყავს იმ დონემდე, რომ სტატიკური ქანდაკებებიდან მოძრავ ფიგურებად გადაიქცნენ. სწორედ, ამგვარ პროექტზე ვმუშაობ ამჟამად. ეს მიზანი  ინჟინერიასაც მოიცავს და დიზაინსაც. ინჟინერიის შესწავლის შემდეგ კი ვეცდები, რომ მივიღო შესაბამისი განათლება, რათა ამ ორი სფეროს თანაკვეთა გამოვიყენო ჩემს მომავალ საქმიანობაში.   ავტორი: ანანო ბლიაძე- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting