შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ნინი შაორშაძის ბლოგის “მე და ევროპას” მესამე ეპიზოდი – ევროპაში გვინდა! ევროპაზე საუბრისას, ასოციაციურად, პირველი, თუმცა არა – ერთადერთი, რაც მახსენდება, არის ერთიანობისა და ცივილიზაციის განცდა, განათლების ცენტრი, რადგან სწორედ მაღალმა ინტელექტმა და ბევრმა ნათელმა გონებამ ჩაუყარა საფუძველი მის განვითარებასა და ისეთად ჩამოყალიბებას, როგორადაც დაახლოებით 3 თვეა ვხედავ. რატომ გახდა ევროპა ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ საუბრობს ყველა ევროპულ ღირებულებებზე და ნაკლებად აზიურზე, ან აფრიკულზე? იმიტომ არა, რომ აზიასა და აფრიკაში ღირებულებები არ გააჩნიათ, ან ცივილიზაცია არ ჰყვავის. იმიტომ, რომ მხოლოდ ევროპამ გადაწყვიტა იყოს ღია, ხელმისაწვდომი და სასარგებლო საზოგადოებრივი განვითარებისთვის. ევროპული განათლება – საუკეთესო ინვესტიცია მომავლისთვის პრაქტიკული ცოდნა, აქამდე მიძინებული და ახლად აღმოჩენილი უნარები, თვითდისციპლინა, ანალიზი, არა უმცროს-უფროსული, არამედ – პარტნიორული ურთიერთობები და ბევრი სხვა… ევროპული განათლება თავიდან ბოლომდე არის უნართა კრებული, რომელიც გეხმარება ეძებო, იკვლიო და სცადო. კომფორტის შეგრძნება გარემოში, თანაც ისეთში, რომელიც ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო იყო, განათლების სისტემის გაცნობის, მისი ხარისხისა და დონის ნახვის პირველი წამებიდან გამიჩნდა.  კერძო ევროპულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დიდწილად IB-ის (International Baccalaureate) საერთაშორისო პროგრამით იგება (მათ შორის, ჩემს სასწავლებელშიც). სტუდენტები შესვენების დროსაც კი ინგლისურად საუბრობენ ერთმანეთთან; ცდილობენ ტექსტური მესიჯები ინგლისურად გაუგზავნონ ერთმანეთს, რათა ესმით, რომ 2-3 საათიანი ლექცია არ შეიძლება იყოს საკმარისი და მეტი პრაქტიკაა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ ლიეტუველობასა და საკუთარ იდენტობას.  სტუდენტებმა თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმონ ყველა საგანს, არჩევითსაც და სავალდებულოსაც, რათა წარმატებით ჩააბარონ გამოცდები. მათი მოსწრება მათივე მოტივირებულობასა და გაცნობიერებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ევროპული სოლიდარობა კი ბატონო, ევროპა არც სამოთხეა – უტოპია, რომელშიც ყველაფერი იდეალურადაა, მგელი და კრავი ერთად ბალახობს და ყველა ბედნიერია. თუმცა მას აქვს ხიბლი და თვისებად ჩამოყალიბებული ქცევა, რომელიც პირველ რიგში ადამიანის მიმართ რწმენასა და სოლიდარობაში გამოიხატება. ასე მაგალითად, როდესაც პირველად ნარჩენების გადაყრის აუცილებლობის წინაშე დავდექი, სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. ერთი შეხედვით მარტივი ამბავია, მაგრამ ნახეთ: ეზოში რამდენიმე ნაგვის ურნა დგას, პლასტმასის ნივთებისთვის, ქაღალდისთვის, შუშისთვის და სხვა სახის ნარჩენებისთვის. ყველას თავისი წარწერა აქვს, მაგრამ ერთი ფერი, რის გამოც, მათი გარჩევა პირველ დღეებში ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ლიეტუვური ნამდვილად არ მესმოდა. ერთმა ინგლისურენოვანმა და ალბათ ჩემივე კორპუსში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, სრულიად უცხომ, როდესაც ალბათ შემხედა, როგორ ვცდილობდი გამერჩია ურნები ერთმანეთისგან, დაძრული და წასასვლელად გამზადებული ავტომანქანა დროებით დატოვა და “დახმარების ხელი გამომიწოდა”. ჰო, მათაც ესმით, რომ შენი პრობლემა შენი პრობლემაა, მაგრამ თუ დახმარება შემიძლია, გავაკეთებ ამას.  ევროპული ღირსება, პასუხისმგებლობა, თავისუფლება და ჩვენ ევროპულ ქვეყნებს (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბალტიისპირეთის ქვეყნები) აქვთ შესანიშნავი გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ. საბჭოთა კავშირის გავლენით ჩვენმა ქვეყანამაც ბევრი და მწარედ იზარალა და ამ ზიანის გამოსწორებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აქ აშკარად დავინახე, რომ ევროპელმა  ხალხმა შეძლო! პასუხისმგებლობის გრძნობით, საქმისადმი დამოკიდებულებით, თავისუფლებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით თუ სხვა ზნეობრივი იდეალებით, გახდა მაგალითი და სხვა ქვეყნებისთვის განვითარებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის მიმცემი.  მიუხედავად ამისა, ჩვენში, ევროპის მიმართ, ჯერ კიდევ ორი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა არსებობს. ერთი სკეპტიკურია და ამტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებები ყოველივე ეროვნულზე უარის თქმას ნიშნავს. მეორე ერთობ იდეალიზებული. ჯერ ერთი, ევროპა არ არის ის მონსტრი, რომელიც ჩვენთვის ქართველობის წართმევასა და სხვენში საგულდაგულოდ გადამალვას ცდილობს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თუ მან ჩვენს ქართველობაში რაიმე ისეთი აღმოაჩინა, რაც კაცობრიობისთვის სასიკეთო ან თუნდაც საინტერესო შეიძლება იყოს, აუცილებლად გააცნობს მთელს მსოფლიოს, როგორც ჩინური კომპასი გააცნო ერთ დროს. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. ჩემი რადიო გადაცემა, რომელსაც აქ ვაკეთებ. ეთერში კვირაში ორჯერ გადის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის შესახებ ამბებს მოიცავს. ხომ შეეძლოთ თავად შემოეთავაზებინათ თემა და საკითხი, ან უბრალოდ, ეთქვათ – ისაუბრე ევროპაზე, რატომ საქართველოზე? მაგრამ არა – რადგან აინტერესებთ, რადგან ეს ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი არჩევანია.   მესმის, რომ საქართველო არც დედაა ევროპის და არც შვილი, რომ მისგან რამე გადმოსაღები ჰქონდეს. საქართველო ყოველთვის იყო საქართველო და იმიტომ იყო უნიკალური, რომ ახერხებდა ევროპული და აზიური კულტურის საუკეთესო გავლენები საკუთარ ჭრილში ინდივიდუალურ შედეგად დაედო. ევროპელობა ევროპის ღირსეულ წევრობას ნიშნავს, ინდივიდუალური, მაგრამ ღირსი ღირებულებებით. რუსული ორიენტაციის საქართველო კი ევროპას არაფერში სჭირდება. პოსტსაბჭოური ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგა ხანია ევროპულ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. სწორედ იმ მიზეზით, რომ მათში დასავლური ხედვა საბჭოთა ეპოქამაც ვერ შეცვალა, განსხვავებით ჩვენგან, ბევრს რომ თვალი მუდმივად ჭაობში ჩამხრჩვალი რუსეთისკენ უჭირავს.  ახალგაზრდებს აღარ გვინდა 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა!  განათლება გვინდა, ახალი უნარები, მშვიდობა, თავისუფლება და საკუთარი თავის პოვნა გვინდა და რაც მთავარია – ევროპაში გვინდა!.. აქ რაღაც არჩევანი კი არ არის ევროპა, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა.   ნინი შაორშაძე მესამე თვეა ევროპაში ცხოვრობს, ლიეტუვაში. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გთავაზობთ ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან “მე და ევროპა”.  ამავე თემაზე: ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი I  ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი II    

ნიკო ნერგაძე – განათლებით სოციოლოგი, ხოლო პროფესიით ჟურნალისტი, ბლოგერი და პოდკასტერია. რადიოში მუშაობის დაწყებამდე ქართული Playboy-ის რედაქტორი, „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა კი, რადიო “თავისუფლებაში” „ნიკოს პოდკასტის“ წამყვანია. ასევე, ლექციებს კითხულობს ჯიპასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. – მოგესალმებით, მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მაინტერესებს, თქვენთვის  რომელ ფერებთან ასოცირდება ბავშვობა? – ჩემი ბავშვობა ძირითადად 90-იან წლებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ არა მჭახე,  არამედ უფრო მუქ ფერებთან ასოცირდება. დენი არ იყო.. ანუ ჩემი ბავშვობა სახელმწიფოში არსებულ ვითარებასთან იყო კავშირში. – ამ ვითარების მიუხედავად როგორი ბავშვი იყავით? – ძალიან საყვარელი, სათვალიანი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი,  სკოლაში კარგად ვსწავლობდი. – რომელი საგნები უფრო გიყვარდათ? – უფრო ქართული ლიტერატურა, მათემატიკას დაბალ კლასებში კარგად ვსწავლობდი.. მერე უკვე აღარ. – ყველაზე მეტად რა გენატრებათ ბავშვობიდან? –  რავი, რა ენატრებათ ხოლმე?! საჭმელი ახლა უფრო გემრიელია.. არა, მენატრება ის, რომ ბავშვობაში უსაქმურობა უფრო მეტი გაქვს ადამიანს. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები დრო გაქვს, იყო უსაქმური. ადრე ცოტა მეტი დრო გვქონდა მოსაწყენადაც, მაგრამ მაშინ კარგიც იყო. – განათლებით სოციოლოგი ხართ, რატომ აირჩიეთ ჟურნალისტიკა თქვენს პროფესიად? – კარგად ვწერდი თავიდანვე და სკოლაში ვიყავი ჯერ კიდევ, როცა შემთხვევით შევხვდი ბიძინა მაყაშვილს, ჟურნალისტს, რომელიც მუშაობდა გაზეთ „7 დღეში“. მან  შემომთავაზა რაღაცები მეწერა მუსიკაზე. დავიწყე წერა და მას მერე ვმუშაობ ამ პროფესიით. – მუსიკის ჟანრში კარგად ერკვევით, გაქვთ თუ არა ისეთი მუსიკა, რომელიც შერეულ გრძნობებს ბადებს თქვენში? – კი, ყველაზე კარგი მუსიკა ეგეთია, რომელიც თან გასევდიანებს და თან გამხიარულებს.. ბევრია ეგეთი, ახლა ლანა დელ რეი მახსენდება, საზაფხულოდ სევდიანი მუსიკა აქვს, თან რომ გახალისებს და ნოსტალგიურია. – თქვენი ცხოვრების „Soundtrack”-ად რომელ მუსიკას დაასახელებდით? – რთულია, ასე აირჩიო, მუსიკა, რომელიც შენს ყოველდღიურ მოქმედებას უხდებოდეს. ალბათ, რამე ნეიტრალურს და მსუბუქს, ვოკალის გარეშე.. მუშაობაში და სიარულში რომ არ მიშლიდეს ხელს. ჯეი დილლას ალბუმს დავასახელებ. – პოდკასტების ჩაწერა უფრო გიყვართ თუ ბლოგების წერა? – ბოლო დროს პოდკასტებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე ბლოგებს. ალბათ, აქ უფრო კომფორტულად ვარ. – ჩაწერამდე რაიმე ჩვევა ან რიტუალის მსგავსი თუ გაქვთ? – არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე საღამოობით ჩავწერო ხოლმე, ხალხი რომ არ იყოს, ჩემს გემოზე… –  რა სირთულეს წარმოადგენს იყო ჟურნალისტი საქართველოში? – ასე საქართველოში რომ რამე განსაკუთრებული სირთულე იყოს არა, მაგრამ სამუშაო ადგილების სიმცირეა, ხოლო  კონკურენცია დიდი. მედია პოლარიზებულია და ძალიან ცუდია, აირჩიო ერთ-ერთი მხარე. საბედნიეროდ, მე არ მაწუხებს ეგ საკითხი. – თქვენი ცხოვრების რომელ ეტაპს გამოჰყოფდით? – მე ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს, არის ერთ-ერთი ჩემი პირველი სამსახური, როცა „დიჯეი“ ვიყავი რადიო „მწვანე ტალღაში“. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და რადიოსაც უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა. თვითონ საინტერესო იყო საერთო ინტერესების მქონე კოლეგებთან ერთად მუშაობაც. მეგობრები ვიყავით, თან ვერთობოდით.. კარგი დრო იყო მოკლედ. არასდროს დამზარებია სამსახურში მოსვლა. ახლა, რასაც ვაკეთებ ეგეც მომწონს. – რა უპირატესობა აქვს რადიოს? – რადიოში ისაა კარგი, რომ შეგიძლია გახსნილად ილაპარაკო, თან არ ჩანხარ, რაღაც უფრო ინტიმურია. კამერა რომ გიყურებს, მაინც უფრო იძაბები. – ჟურნალისტობასთან ერთად ლექტორის ამპლუაც მოირგეთ, ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლექტორობაში? – ნუ, ლექტორობა ჰობის გამო ნაკლებად ამირჩევია, 15 წელია ვასწავლი და ძირითადად, ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამო. –  რა მოგწონთ და არ მოგწონთ ახალგაზრდებში? – ზოგადად, რაც მომწონს არის ის, რომ უამრავი გონებაგახსნილი ახალგაზრდა მოდის, რომელთაც აზრის გამოხატვა, ჩამოყალიბება არ უჭირთ. არ მომწონს ის, რომ  დავალებების ჩაბარების დრო როცა მოდის, უმეტესობა ცუდად წერს. განა ეს მათი ბრალია? უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდათ სისტემის მიერ, სკოლაში ცოტა მეტი ემუშავათ. – საყვარელი რესპონდენტი თუ გყავთ? – ჩემი მეგობრები, რომლებიც  ბევრჯერ მომიწვევია პოდკასტში. მაგალითად, დათო გორგილაძე და მარი ნიკურაძე. – რა არის ქართველების ყველაზე დიდი მიგნება? – ქართველებისთვის, ვფიქრობ, რომ მაინც კულტურაა ყველაზე მთავარი, ის რაც გვაერთიანებს და ქმნის ერს. მე მგონ,ი „ვეფხისტყაოსანი“ გვკრავს ქართველებს ყველაზე მეტად. – რამდენად თვითკრიტიკული ხართ? – მგონია, რომ ვარ თვითკრიტიკული. ყველას ჰგონია, რომ თავის თავს რეალისტურად აფასებს.. ასე ჩაკირკიტება არ მახასიათებს ყველაფერზე, რაც გავაკეთე ან დაეჭვება, ცუდია თუ კარგი. – რამდენად ითვალისწინებთ სხვის აზრს? – თუ მე თვითონ მომწონს, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმემ რაღაცა მითხრა, წავეკამათები, ვეტყვი: არა, ასე ვხედავ და ასე მირჩევნია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში რედაქტორმა თუ რაღაცა მითხრა,  ვუჯერებ, რადგან გარე თვალი რომ გიყურებს და გირჩევს, კარგია. – სად იმოგზაურებდით და რატომ? – ევროპაში ნაკლებად,  თან ნამყოფი ვარ. ალბათ, სამხრეთ ამერიკაში  ან აფრიკაში. არც ძალიან ტურისტულ ადგილას ჩავიდოდი და არც ისეთ ადგილას, სადაც წყლის ან სხვა ეკოლოგიური პრობლემა, საშიში იქნება. – ადამიანში ყველაზე მეტად რომელ თვისებას გამოარჩევთ? – იუმორის გრძნობას. არ არის აუცილებელი ადამიანი კარგად ხუმრობდეს, მთავარია, უბრალოდ ესმოდეს.. თან იუმორის გრძნობა რა არის?!.. არავინ იცის. – ვინ არის  თქვენთვის სამაგალითო ადამიანი? – ერთი, ვინც ბავშვობაში მყავდა და ახლაც არის – ჩემი ნათლია ბიძინა მაყაშვილი – ვისთან ერთადაც დავიწყე მუშაობა, უბრალოდ კარგი ჟურნალისტი და მაგარი ადამიანი. – საბოლოოდ კი, რას ურჩევდით დამწყებ ჟურნალიტებს? – პირველ რიგში, გადახედონ, ნამდვილად უნდათ თუ არა ჟურნალისტობა. სერიოზულად დაფიქრდნენ.. ჩემმა შვილმა რომ მკითხოს, ჩავაბარო თუ არა ჟურნალისტიკაზე?..  პირდაპირ ვეტყვი, რომ მე მგონი, არა… ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა ტელევიზიაში გადაცემის წაყვანაა. თან ფული არ არის მაინც და მაინც ჟურნალისტიკაში, ამიტომ ბევრი PR-ში მიდის. რთული პროფესიაა და ბევრ პრობლემასთან შეჭიდება გიწევს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე, გიღირს თუ არა.   მასალის ავტორი: თეკლა გვარამია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

IBSU-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომლის პრეზიდენტი ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა. ახლადარჩეულ პრეზიდენტთან პირველი ინტერვიუ უნივერსიტეტის მედია ცენტრის რადიოში, IBSU NEWS-ის წამყვანმა ლიზა პაპასქუამ ჩაწერა.  გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან.      – გამარჯობა ქეთი, მოკლედ რომ გვიამბო რატომ წარადგინე შენი კანდიდატურა თვითმმართველობის არჩევვნებზე? – მოგესალმებით! მე ვარ ქეთი ფანქველაშვილი, ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და უკვე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედი თვითმმართველობის პრეზიდენტი. ერთი წლის წინ, ბევრი სტუდენტის მსგავსად, მეც სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი თვითში (თვითმმართველობაში). თუმცა, თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდი და სწორი არჩევანი გავაკეთე მას შემდეგ რაც თვითმმართველოში ბევრი დეპარტამენტი გამოვიარე, როგორც ჰედის, ვიცე-ჰედის ან რიგითი წევრის ამპულაში. სიმართლე გითხრათ ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიქნებოდი. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ჩემი გუნდის და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ახლა თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ. მე, მივხვდი რომ ჩემი გუნდი მენდო და პოტენციალი დაინახეს ჩემში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე – რატომაც არა და ვცადე. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავდგი ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი. – მე მაინტერესებს, რა არის შენთვის ცნობილი იმ პრობლემების შესახებ რაც IBSU-ს სტუდენტებს აქვთ. – თამამად ვიტყვი, რომ IBSU-ს  შიდა სამზარეულო ჩემზე კარგად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. პრობლემას ვერ დავარქმევ, თუმცა პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია IBSU-ს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ურთიერთობაზე და მათ კავშირზე. სწორედ ამიტომ, მინდა უფრო ადვილი გახდეს ამ ორი სფეროს ერთმანეთთან ურთიერთობა. პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა სტუდენტების ორი ნაწილი: ერთი ნაწილი, რომელიც სრულიად ჩაიკეტა საკუთარ თავში და მეორე ნაწილი, რომლებიც სრულიად მოწყურებულები არიან სტუდენტურ ცხოვრებას და უფრო მეტი და მეტი უნდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რექტორის ბატონი საფეთის ძალიან დიდი მოთხოვნაა რომ უფრო კარგად გაიცნოს სტუდენტები, უშუალოდ გაიცნოს. აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ემსახურებოდეს ამას, რომ მათი ურთიერთობა უფრო უშუალო გახდეს და ადმინისტრაცია არ იყოს რაღაც ორგანო  რომლებთანაც სტუდენტებს შეხება აქ ექნებათ. – ალბათ, ყველა სტუდენტს აინტერესებს თუ რის შეცვლას და გაკეთებას აპირებ, თუნდაც ისეთის რაც თვითმმართველობის წინა პრეზიდენტს არ გაუკეთებია. ალბათ, ყველა პრეზიდენტის მიზანი ეს არის რომ სტუდენტების ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი და სწორედ ამას ვპირდები მეც ჩემს გუნდთან ერთად IBSU-ს სტუდენტებს, რომ ადმინისტრაციისა და სტუდენტების მინდა გახდეს კიდევ  უფრო ღრმა. – ვინ არიან შენი გუნდის წევრები და რა გახდა მათი შერჩევის მიზეზი?  პირველ რიგში მოგიყვებით მათ შესახებ. ალბათ, არასწორი იქნება საუბარი არ დავიწყო ჩემი მარჯვენა-მარცხენა ხელით და საერთოდ ყველაფრით, ჩემი ვიცე-პრეზიდენტით ანა იმედაშვილით. ჩემი გუნდის წევრები არიან კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დელეგატი ლუკა რაქვიაშვილი; ბიზნესის სკოლის დელეგატი ზურაბ ჯებაშვილი; განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დელეგატი ლაშა არაქელოვი და ბოლოს – სამართლისა და  სახელმწიფო მმართველობის სკოლის დელეგატი ვერიკო სირია. თვითმმართველობის არჩევნებამდე, როცა დელეგატების არჩევაზე მიდგა საქმე, დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია  სწორედ ეს იყო. ვეცადე, მეპოვა ადამიანები, რომლებშიც გაერთიანებული იყო მაღალი GPA და ადამიანური და მეგობრული თვისებები. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც პირველი მომივიდა გონებაში და საბედნიეროდ, ახლა ჩემი გუნდის წევრები არიან. – ქეთი, მადლობა ინტერვიუსთვის  ფოტო: IBSU NEWS-0ს წამყვანები თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი და ლიზა პაპასქუა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ქეთი ფაქველაშვილთან ერთად.   მასალის ავტორი: ლიზა პაპასქუა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი   ამავე თემაზე: IBSU-ს სტუდენტური თვითმმათველობის არჩევნები 2023 (ვიდეო)  IBSU-ში თვითმმართველობის არჩევნები 2023 ჩატარდა 

  ნინი დოლიძე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა.

სალომე კაიშაური “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა. 

  თიკა სიბოშვილი  “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა.  ჰაერის როგორი ხარისხია გლდანში?  გაცვლითი პროგრამები, როგორც დიდი ცვლილებების დასაწყისი. 

მარიამ მერლანი  “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა. 

ანო ტვილდიანი  “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა. 

ეპიზოდი 2 – როგორ აღნიშნავენ VELIKOS ანუ აღდგომას ლიეტუვაში აღდგომის აღნიშვნას ლიეტუვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სამზადისი აღდგომამდე ერთი კვირით ადრე იწყება. აღდგომის წინა კვირას, წმინდა კვირას უწოდებენ. სწორედ ამ დროს, ლიეტუვის ქალაქები გვთავაზობენ უამრავ გამოფენას, ატრაქციონსა და სუვენირს. ყველა კუთხეში ნახავთ მორთულ, ფერად კვერცხებს, ეროვნულ ხელნაკეთ ნივთებსა თუ სააღდგომო პალმებს. დიდი ხუთშაბათი სახლის საფუძვლიან დასუფთავებას ეთმობა. ტრადიციულად, სჯერათ, რომ სახლის ყველა კუთხის დალაგებით განდევნიან ბოროტ სულებსა და მოემზადებიან გაზაფხულის სითბოსთვის. ეკლესიებში ხუთშაბათის წირვა დღეში ორჯერ ტარდება. დილის 10 საათზე და საღამოს 6 საათისთვის. დიდი პარასკევი დასვენების, მშვიდობისა და ცოდვათა გამოსყიდვის დღედ მიაჩნიათ. პარასკევს განსაკუთრებით ცდილობენ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნონ და ვინმესთან კამათს თავი აარიდონ. დიდი შაბათი, აღდგომის წინა დღე და 40 დღიანი მარხვის ბოლო დღეა. ოჯახის ყველა წევრს ევალება მონაწილეობის მიღება სააღდგომო კერძების მზადებაში, რომლებიც ხორცის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. სუფრაზე უხვად არის შემწვარი ღორის ხორცი, გამომცხვარი ლორი, ცხვრისა და ხბოს ხორცები, ძეხვეული, შემწვარი იხვი და ქათამი. გარდა ამისა, პელმენები, სალათები და სააღდგომო ღვეზელებიც არ ავიწყდებათ. რაც შეეხება სააღდგომო დღესასწაულის მთავარ ატრიბუტს, რა თქმა უნდა, ფერადი კვერცხია. ლიტუვურად სააღდგომო წითელი კვერცხი ასე გამოითქმის – Velykų raudonas kiaušinis. როგორც ლიეტუველები ამბობენ, მათთვის ფერადი კვერცხები სიცოცხლისა და აღორძინების სიმბოლოა. დიდი შაბათის დღის მთავარი მიმზიდველობა სწორედ მათი გაფორმებაა. კვერცხების მორთვის ბევრი უცხო და მრავალფეროვანი ტექნიკა აქვთ. ყველაზე გავრცელებული მეთოდია მოხატვა ცხელი ცვილით, გაფორმება ხახვის ფურცლებით, სტიკერებით, ყვავილებითა და მწვანილითაც კი. როგორც გავიგე, აქ ნაპოვნი უძველესი ფერადი კვერცხი, “მარგუტის” XIII საუკუნით თარიღდება. XVI საუკუნის ბოლოსთვის კი ეს ტრადიცია მთელ  ქვეყანაში იფანტება. დეკორაციის ყველაზე რთული, თუმცა ულამაზესი მეთოდი – კვერცხის ცხელი ცვილით დამშვენებაა. დიდი დრო და ენერგია, გარდა ამისა, მხატვრული ნიჭიც საჭიროა, რომ ამ მეთოდით მოხატული კვერცხის დიზაინი შესანიშნავი გამოვიდეს. ჩვეულებრივ, ნემსის წვერს ცხელ ცვილში ასველებენ და ცდილობენ კვერცხებზე დაიტანონ ბუნების სიმბოლოები: მზე (მომავალი მზიანი დღეებისთვის), წვიმის წვეთები (ნაყოფიერი მოსავლისთვის), ფოთლები და გველებიც კი (ბუნების გაღვიძების ნიშნად). ტრადიციული ბუნებრივი ფერები მიიღება არყის ფოთლებისგან, ხახვის ფურცლებისგან და იისფერი ყვავილებისგან. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტრადიცია წითელ ღვინოში კვერცხების შეღებვის ტექნიკა აღმოჩნდა. როგორც წესი, ყიდულობენ ყველაზე იაფ ღვინოს, მასში შეღებილ კვერცხს კი საოცრად უცხო ფერი და  ბზინვარება აქვს. სააღდგომო სიმბოლო – კურდღელია. მაღაზიებში კურდღლის ფორმის ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდება. კვერცხებით სავსე კალათის გვერდით დასმულ კურდღელს სუფრასთან აუცილებლად შენიშნავთ. კვირა დღის ზეიმი დილიდან იწყება. დილის საეკლესიო მსახურების შემდეგ, ოჯახის ყველა წევრი, სადღესასწაულო საუზმისთვის, სახლში იკრიბება. ვიდრე კერძების დაგემოვნებას დაიწყებენ, კვერცხების დაჭიდების ტრადიცია აქვთ. ვისი კვერცხიც სუსტი აღმოჩნდება და გატყდება, ვალდებულია 2 დამატებითი კვერცხი კიდევ შეჭამოს (საკმაოდ რთული ამოცანაა). ჩემთვის საინტერესო აღმოჩენაა, რომ აღდგომის მეორე დღეს, ბავშვები, კვერცხების სათხოვნელად, სხვის სახლებში, ხშირ შემთხვევაში – მეზობლებთან მიდიან. ეს ტრადიცია სიმბოლოა მეგობრობის, მეზობლობისა და იმედის. და ესეც VERBOS – სააღდგომო ხე! ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ლიეტუვაში ტრადიციული სააღდგომო პალმა აქვთ. მზადდება ხელოვნურად შეკრული ნაძვის ყლორტებისგან. ხეზე თავსდება ბუდეები, ბუდეებში 9 ან 12 კვერცხი. ეს რიცხვები ჯადოსნურად ითვლება. როგორც თავად ამბობენ, წარმატება და ბედნიერება მოაქვს. წელს, აღდგომის დღესასწაულს, ლიეტუველები ყველა ამ ტრადიციის დაცვით შეხვდნენ. ამინდმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი მათი განწყობის დამშვენებას. კვირა საღამოდან უკვე ქუჩებში სეირნობდნენ, კაფეებსაც სტუმრობდნენ და ქუჩის გამოფენებსაც ათვალიერებდნენ.   მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი    

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.  2023 წლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა.  არჩევნები დღეს, 6 აპრილს, დილის 10 საათიდან 18 საათამდე უწყვეტ რეჟიმში, ონლაინ მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. იმისათვის რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვლილიყო კანდიდატს 866 ხმაზე მეტი უნდა მიეღო. ბოლო მონაცემებით, ქეთი ფანქველაშვილის სასარგებლოდ 882 ხმა დაფიქსირდა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ანა იმედაშვილი იქნება, ლაშა არაქელოვი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლას უხელმძღვანელებს, ლუკა რაქვიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მართვას ჩაიბარებს, ხოლო ვერიკო სირია სამართლისა და სახელმწიფო მმართველობას გაუძღვება. იხილეთ თუ რას აცხადებდნენ კანდიდატები, დღეს, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. https://www.youtube.com/watch?v=Y9eIOHb4ykg მასალის ავტორები: დავით მათიაშვილი და გვანცა გოგიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting