შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

   ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე. არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა. აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში ხვდები. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. დახლებს უკან დგანან მომღიმარი სახეებით და თუ მათ დახლს ამოირჩევ, უსაჩუქროდ არ დაგტოვებენ. უხარიათ და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად. ყველა ქვეყანას თავიანთი ტრადიციული კერძები თუ სასმელები აქვს წარმოდგენილი. გჩუქნიან ბროშურებს, დროშებს, სტიკერებს… კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადონ თავიანთი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა თამაშებს გვთავაზობენ, ქვიზებს გვავსებინებენ, რათა ცნობიერება აგვიმაღლონ ევროკავშირთან დაკავშირებით. აღნიშული აქტივობების შემდგომ კი ჭიქით, მაისურით ან ჩანთით გვასაჩუქრებენ. გერმანიის დახლთან რომ მივედით, გვითხრეს, რომ გერმანული სიტყვა მოგვეძებნა და ჩანთით დაგვასაჩუქრებდნენ. მეც გერმანულ ენაში გაწაფული, დარწმუნებული მივედი, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიპოვნიდი სიტყვას. ეს სიტყვა იყო – das Brot – პურითა და ჩანთით ხელდამშვენებული წამოვედი”. ბლოგის ავტორი: ანა მაზიაშვილი  მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში. 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი ერაძემ “ევროპის დღე” MDF-ს ტრენინგზე გაატარა, რადგან მისთვის ევროპა დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.  გიორგი ერაძე: “მე, როდესაც ვეცნობი რაიმე ინფორმაციას და მისი სიმართლე ეჭვს იწვევს, ვცდილობ მის გადამოწმებას სხვადასხვა გზებით.ვამოწმებ მის წყაროებს, ფოტოებს, ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდზე და ვცდილობ დავადგინო სიმართლე. ასევე, ინფორმაციის გადამოწმების დროს ვცდილობ დავეკონტაქტო სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ჩემს დახმარებას”. გიორგი ერაძე: “ვფიქრობ, რომ იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ ფაქტების გადამოწმების ხერხები, რათა დეზინფორმაციით არ დავინფიცირდეთ”. ბლოგის ავტორი: გიორგი ერაძე მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში. 

საქართველო ყოველთვის გამოირჩევა თავისი ისტორიით, კულტურითა თუ ტრადიციებით. მოსახლეობაც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ფეხი აუწყოს ტრადიციებს და არ დაკარგოს ის, რაც საუკუნეების წინ დაარსდა. დღეს, 14 მაისია, აღდგომის მეხუთე კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეჯოს რაიონის სამი სოფელი, მანავი, თოხლიაური და გიორგიწმინდა ხალხურ დღესასწაულს, კალობნობას აღნიშნავს. არსებობს ვარაუდი, რომ ამ დღესასწაულს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელშიც აღნიშნავენ, თუმცა დღეს საგარეჯოს რაიონში ვიმყოფებით და ერთად დავათვალიეროთ, თუ რა ტრადიციებია და რა ღონისძიებებია გამართული „კალობნობასთან“ დაკავშირებით და სხვ. „კალობნობა“ და როგორც უფროსი თაობა უწოდებს, კალოუბნობა, აღდგომის მეხუთე კვირას აღინიშნება საგარეჯოს რაიონ სოფელ თოხლიაურისა და მანავის გასაყარზე მდებარე წმ. გიორგის და ღვთისმშობლის ეკლესიების ტერიტორიაზე. როგორც თოხლიაურის ერთ-ერთი მცხოვრები გივი ჭიკაძე გვიყვება: „ ეს დღე ჩემი მამა- პაპადან მოდის, იქეთ მაგიდას რომ ხედავთ ჩემი ოჯახი სულ მანდ ქეიფობდა, ცხვარი იკვლებოდა და აღვნიშნავდით. ისე, როგორც მე ვიცი მუსლიმების შემოსევების დროს, მე- 11 საუკუნეში, როცა შაჰ-აბასი საქართველოში შემოვიდა, კახელებმა თავიანთი ცოლ-შვილი მთაში გახიზნეს, მაგრამ ალბათ, როგორც ახლა გვყავს მოღალატეები, მაშინაც ასე იყო და თათრებმა მოაგნეს. ამ ვაკე ადგილას კალო ილეწებოდა, მათაც დააყენეს ბავშვები მწკრივად და მშობლების თვალწინ, როგორც კალო ილეწებოდა, ისე გალეწეს ბავშვებიც. მერე აქაურებმა დაღუპულების საპატივსაცემოდ ორი ეკლესია ააგეს. ერთი ღვთისმშობლის, რომელიც თოხლიაურის ტერიტორიას ეკუთვნის, ხოლო მეორე, წმ.გიორგის, – მანავს. ამიტომ ძირითადად ეს ორი სოფელი აღვნიშნავთ, მაგრამ აი გიორგიწმინდელები კი ამ დღესასწაულს თავიანთი მორთული ცხენებით ალამაზებდნენ. რა ვიცი, ეს არის სულ, მერე აქედან გამომდინარე დაარქვეს ამ დღეს კალობნობა.“ საინტერესოა ამ დღის ისტორია, თუმცა, ვფიქრობ უფრო მეტად საინტერესოა აღნიშვნის პროცესი. კალობნობას მოსულ ადამიანებს, რაც არუნდა გასაკვირი იყოს მუდამ დახვდებათ წვიმა და ტალახიანი ასავლელი მთაზე, გადმოცემის მიხედვით კალობნობა წვიმის გარეშე არ ჩაივლის. გარდა ამისა, აქ შეხვდებით სხვადასხვანაირად მორთულ-მოკაზმული ცხენების დოღს, რომლებიც სოფელ გიორგიწმინდაში იკრიბებიან და ჯგუფად, ჭენებ-ჭენებით მიდიან დღესასწაულის აღსანიშნად. მანქანებით გადატვირთული პატარა მოედანი მთის ძირას, აღმართზე მდგარი ბებოები სანთლებით ხელში, უამრავი სათამაშოებით გაძეძგილი დახლი, რომლებიც ბავშვების მოლოდინშია და, რა თქმა უნდა, ბამბის ნაყინი – ესაა სურათი, რომელიც აქ მოსულებს გადაეშლებათ თვალწინ. ანზორ დიღმელაშვილი ერთ-ერთი სტუმარი ამ დღისა და ამავდროულად, მკლავჭიდელი, გვიყვება: „ შარშან და წინა წლებშიც უფრო მრავალფეროვანი იყო დღევანდელი დღე, ბავშვები ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მახსოვს მკლავჭიდის შეჯიბრიც გაიმართა,სადაც მეც მივიღე მონაწილეობა, პირველი ადგილი ავიღე, როგორც მახსოვს რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, სანამ ფინალამდე არ მივედით, თანაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში. წელს, არ ვიცი რატომ, არც ჭიდაობაა,არც მკლავჭიდი ალბათ, უამინდობის გამო. მე დოღსაც ვერ მოვუსწარი და ცოტა გულდაწყვეტილი ვარ“ ხალხის მატებასთან ერთად შეინიშნება ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალიც, ძირითადად, ცხვრის. წესის თანახმად შემწირველმა ტაძარს სამჯერ უნდა შემოატაროს ცხვარი და მხოლოდ ამის შემდეგ შესწიროს. რუმინელი სტუმარი გოგონა, რომ3ლიც წელს პირველად იყო „კალობნობის“ დღესასწაულზე ამბობს: „მე მომწონს დღევანდელი დღე, ძალიან ლამაზია აქაურობა. გული მწყდება, რომ ბევრი არაფერი ვიცი ამ დღესთან დაკავშირებით. რაც ვიცი ისაა, რომ ცხენები ეჯიბრებიან ერთმანეთს და ახლა შევნიშნე, რომ კლავენ ცხვრებს, რაც ძალიან არ მომწონს.“ „კალობნობის“ დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში ელის აქ მოსულ სტუმრებს და სტუმრებიც დიდი აღფრთოვანებით ელიან ამ დღეს. სოფელ დიდი ჩაილურის ერთ-ერთი მცხოვრებიც გვეუბნება, რომ მას თითქმის არცერთი წელი აქვს ჩაგდებული და ახარებს ის ფაქტი, რომ ყოველ წელს მატულობს ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ წელს უამინდობის გამო, არც ჭიდაობა იყო და არც მკლავჭიდი, ფიქრობს, რომ ის მუხტი მაინც არ დაკარგულა. დღის დასასრულთან ერთად, სტუმრების რაოდენობამაც იკლო, რადგან საღამო ხანს მაცხოვრებლები სახლებში ინაცვლებენ და სუფრასთან იწყებენ დღის აღნიშვნას. იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო მეტი აქტივობებით დატვირთული დაგვხვდება „კალობნობა“.   მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი  რეპორტაჟი მომზადდა სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.

– დოდონა, მომიყევი შენს შესახებ – ვინ არის დოდონა ნამორაძე? – დოდონა არის 22 წლის. ვსწავლობ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მარკეტინგის ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსზე. დავამთავრე ინგლისური სკოლა „ნინო“, დამამთავრებელი კლასები ვისწავლე საქართველოში, ხოლო მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ფილიპინებზე ვსწავლობდი.  – ფილიპინებიდან საქართველოში ჩამოსულს გაგიჭირდა თუ არა ადაპტაცია? როგორ ცხოვრობდი ფილიპინებზე?  – თერთმეტი წლის გავხდი თვითმფრინავში და ეს ყველაზე საშინელი დაბადების დღე იყო, რაც კი მქონია. თავიდან გამიჭირდა, რა თქმა უნდა. შემდგომ შემიყვანეს სკოლაში. ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და მომიწია ხელახლა მესწავლა. ფილიპინებზე ყოფნისას, ათი წელი ვთამაშობდი ბადმინტონს, შევისწავლე პროფესიონალურად და დღეს ვარ პროფესიონალი. საქართველოს უნივერსიადაში მეორე ადგილი ავიღე. ასევე, ფილიპინებზე ფრენბურთის გუნდის კაპიტანიც ვიყავი. – პირველად რა სიმღერა იმღერე და როდის? – როგორც მეუბნებიან ვიყავი 10 თვის და პირველად წავიღიღინე „მიყვარს ცეკვა თამაში“.  – როგორც ვიცი, მუსიკოსთა ოჯახიდან ხარ. გაიხსენე, როდის და როგორ გაგიჩნდა ინტერესი მუსიკის მიმართ?  – პირველ რიგში, ჩემს ოჯახში მამის მხრიდან, ყველა არის კლასიკოსი. მამაჩემი კლარნეტისტია, ბაბუაჩემი საქართველოს ოპერის ორკესტრში უკრავდა ვიოლაზე და ბებია ათეული წლებია ფორტეპიანოს მასწავლებელია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს არ მიზიდავდა მუსიკა, ვინაიდან არ მიყვარდა ფორტეპიანოს მეცადინეობა და მაინც დაახლოებით 8-9 წელი მაძალებდნენ. ამავდროულად, ნიჭი მქონდა გენეტიკური და ამ დაძალებაში  ნელ-ნელა შემიყვარდა. დავამთავრე მეათე მუსიკალურ სკოლა, სადაც ქალბატონი რუსუდან მირზაშვილი-ტაბაღუა იყო ჩემი პედაგოგი.  ამ პერიოდში არჩევანის წინაშე ვიყავი – უნდა ამერჩია კონსერვატორია ან უნდა ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში და ბიზნესის მხრივ მესწავლა. ჩემთვის არცერთი იყო ერთმანეთზე ნაკლები. უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამოვწურე თავი და მეტი აღარ მინდოდა ფორტეპიანოს გაგრძელება. ამიტომ, გადავწყვიტე ბიზნეს-ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩამებარებინა IBSU-ში.  – საქართველოში მონაწილეობა მიიღე კონკურსებში “ნიჭიერი” და “X ფაქტორი“. განვითარების რა პერსპექტივა მოგცა კონკურსებმა? – როდესაც გავიგე პროექტ „X ფაქტორის “-ის შესახებ, გადავწყვიტე  მივსულიყავი კასტინგზე. გადავლახე შესარჩევი ტური და გადამიყვანეს კონკურსის შემდგომ ეტაპზე. მაგრამ ფაქტია, რომ გული დამწყდა, როდესაც არაფერი გამოვიდა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებიდან. მე, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, აღარ მინდოდა სიმღერა “X ფაქტორის” გამო და გადავწყვიტე სიმღერის შეწყვეტა. როგორც კი დამთავრდა პროექტი, წავედი ისრაელში, ფესტივალზე, სადაც იყო 200-ზე მეტი კონკურსანტი 12 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა, ძალიან სერიოზული ჟიური იყო და იქ გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. რაც შეეხება “ნიჭიერს”, 2021 წელს დამიკავშირდნენ ამ პროექტზე მომუშავე ადამიანები. მაშინ გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა, როდესაც საერთოდ არ მინერვიულია და ზუსტად ამ დღიდან, სცენაზე საერთოდ აღარ ვნერვიულობ. “ზუსტად იგივე შესაძლებლობებით, რაც საქართველოში მქონდა წავედი ისრაელში. იქ, გავიმარჯვე და აქ, კონკურსის მეორე ტურსაც ვერ გავცდი.”   – რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი ქუჩის მუსიკოსი? – მე, დავივიწყე კონკუსები და ვთქვი, რომ აღარ გამოვალ საქართველოში. სიმღერა მინდოდა, მაგრამ აღარ მინდოდა მემღერა კონკურსებში. ქუჩაში სიმღერა, ვინც მომღერალი არის, ყველამ უნდა გამოსცადოს. ეს არის საოცარი გრძნობა. “ქუჩაში უფრო დიდი თავისუფლება გაქვს და კონკურსზე, უცებ უნდა ჩახედო ჟიურის თვალებში, რომელიც შენ გაფასებს, მაშინ როცა ქუჩაში არავინ არ გაფასებს… უბრალოდ მღერი, რაც გინდა იმას.”     – საბერძნეთის “ვოისში” დიდ წარმატებას მიაღწიე, სადაც მეორე ადგილზე გახვედი. რატომ მაინცდამაინც საბერძნეთის “ვოისი” და როგორ მოხვდი შესარჩევ კასტინგზე? – ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ჩემს ცხვოვრებაში ერთმანეთს.დღე და ღამე საბერძნეთი ჩამესმოდა, ყველა პოსტი საბერძნეთზე მხვდებოდა. ბებიაჩემი, რომელიც 13 წელი მუშაობდა საბერძნეთში და ადრე იშვიათად საუბრობდა საბერძნეთის შესახებ, იმ დროს ხშირად მელაპარაკებოდა-ხოლმე. ძალიან დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. მახსოვს, მიწურულს შევავსე აპლიკაცია და გავაგზავნე, შემდეგ კი რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ.  – რა იყო ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში? – პირველ რიგში, თავი ვიგრძენი დაფასებულად, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა ხელოვანისთვის. მომენტებში არც ფული გაინტერესებს, საერთოდ არაფერი არ გაინტერესებს, მთავარია დაგაფასონ, გისმინონ და არ შეწყვიტონ შენი მოსმენა.   “სულ სხვაა, როცა უმღერი ემიგრანტებს, რომლებიც მონატრებულნი არიან ქვეყანას. ვერავინ ვერ მოგანიჭებს იმ გრძნობას, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც გიმღერის ქართულად შენი ქვეყნის გარეთ.”    – რა შესაძლებლობები მოგცა ათენმა?  – გავიაზრე, რომ თავი უნდა დავიფასო განსხვავებულად. ობიექტურად რომ ვუყურებ ჩემს თავს, არის რაღაც ჩემს ხმაში, რაც ძალიან იშვიათია. მე თუ არ დავაფასე ჩემი თავი, შემდგომ არავინ არ დამაფასებს.  – რას ელოდები შენი თავისგან, როგორც არტისტისგან?  – ველოდები იმას, რომ დავტოვო რაღაც, რაც იქნება სულ, ამაზე ნაკლებს ჩემი თავისგან ვერ და არ ავიტან.  – და ეს „რაღაც“ რა არის? – ეს არის ჩემი შემოქმედება, ჩემივე სიმღერები. დგება დღე მომღერლის ცხოვრებაში, როდესაც გინდა რომ შექმნა შენი სიმღერა, ეს დღეებიც  ნელ-ნელა მოდის და აუცილებლად მალე დადგება.  – რას ურჩევდი დამწყებ მუსიკოსებს, რომლებსაც სურთ თავიანთი თავის რეალიზება ფართო აუდიტორის წინაშე? – პირველ რიგში, ვურჩევდი არა მხოლოდ მომღერალს, არამედ ნებისმიერ ხელოვანს, რომ ჰყავდეს ისეთი წრე, მეორე ოჯახი, იგივე მეგობრები, რადგან სწორედ ისინი უნდა იყვნენ მისი ძალა. როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენზე მეტად უხარია როცა სცენაზე გხედავს, ეს არის ძალიან კარგი გრძნობა. თუ გყავს ისეთი ადამიანი, ვინც არ გგულშემატკივრობს, დამიჯერეთ, ეს უკან დაგხევთ და საკუთარ თავში ეჭვებსაც შეგატანინებთ.   მასალის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

ნინი შაორშაძის ბლოგის “მე და ევროპას” მესამე ეპიზოდი – ევროპაში გვინდა! ევროპაზე საუბრისას, ასოციაციურად, პირველი, თუმცა არა – ერთადერთი, რაც მახსენდება, არის ერთიანობისა და ცივილიზაციის განცდა, განათლების ცენტრი, რადგან სწორედ მაღალმა ინტელექტმა და ბევრმა ნათელმა გონებამ ჩაუყარა საფუძველი მის განვითარებასა და ისეთად ჩამოყალიბებას, როგორადაც დაახლოებით 3 თვეა ვხედავ. რატომ გახდა ევროპა ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ საუბრობს ყველა ევროპულ ღირებულებებზე და ნაკლებად აზიურზე, ან აფრიკულზე? იმიტომ არა, რომ აზიასა და აფრიკაში ღირებულებები არ გააჩნიათ, ან ცივილიზაცია არ ჰყვავის. იმიტომ, რომ მხოლოდ ევროპამ გადაწყვიტა იყოს ღია, ხელმისაწვდომი და სასარგებლო საზოგადოებრივი განვითარებისთვის. ევროპული განათლება – საუკეთესო ინვესტიცია მომავლისთვის პრაქტიკული ცოდნა, აქამდე მიძინებული და ახლად აღმოჩენილი უნარები, თვითდისციპლინა, ანალიზი, არა უმცროს-უფროსული, არამედ – პარტნიორული ურთიერთობები და ბევრი სხვა… ევროპული განათლება თავიდან ბოლომდე არის უნართა კრებული, რომელიც გეხმარება ეძებო, იკვლიო და სცადო. კომფორტის შეგრძნება გარემოში, თანაც ისეთში, რომელიც ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო იყო, განათლების სისტემის გაცნობის, მისი ხარისხისა და დონის ნახვის პირველი წამებიდან გამიჩნდა.  კერძო ევროპულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დიდწილად IB-ის (International Baccalaureate) საერთაშორისო პროგრამით იგება (მათ შორის, ჩემს სასწავლებელშიც). სტუდენტები შესვენების დროსაც კი ინგლისურად საუბრობენ ერთმანეთთან; ცდილობენ ტექსტური მესიჯები ინგლისურად გაუგზავნონ ერთმანეთს, რათა ესმით, რომ 2-3 საათიანი ლექცია არ შეიძლება იყოს საკმარისი და მეტი პრაქტიკაა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ ლიეტუველობასა და საკუთარ იდენტობას.  სტუდენტებმა თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმონ ყველა საგანს, არჩევითსაც და სავალდებულოსაც, რათა წარმატებით ჩააბარონ გამოცდები. მათი მოსწრება მათივე მოტივირებულობასა და გაცნობიერებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ევროპული სოლიდარობა კი ბატონო, ევროპა არც სამოთხეა – უტოპია, რომელშიც ყველაფერი იდეალურადაა, მგელი და კრავი ერთად ბალახობს და ყველა ბედნიერია. თუმცა მას აქვს ხიბლი და თვისებად ჩამოყალიბებული ქცევა, რომელიც პირველ რიგში ადამიანის მიმართ რწმენასა და სოლიდარობაში გამოიხატება. ასე მაგალითად, როდესაც პირველად ნარჩენების გადაყრის აუცილებლობის წინაშე დავდექი, სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. ერთი შეხედვით მარტივი ამბავია, მაგრამ ნახეთ: ეზოში რამდენიმე ნაგვის ურნა დგას, პლასტმასის ნივთებისთვის, ქაღალდისთვის, შუშისთვის და სხვა სახის ნარჩენებისთვის. ყველას თავისი წარწერა აქვს, მაგრამ ერთი ფერი, რის გამოც, მათი გარჩევა პირველ დღეებში ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ლიეტუვური ნამდვილად არ მესმოდა. ერთმა ინგლისურენოვანმა და ალბათ ჩემივე კორპუსში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, სრულიად უცხომ, როდესაც ალბათ შემხედა, როგორ ვცდილობდი გამერჩია ურნები ერთმანეთისგან, დაძრული და წასასვლელად გამზადებული ავტომანქანა დროებით დატოვა და “დახმარების ხელი გამომიწოდა”. ჰო, მათაც ესმით, რომ შენი პრობლემა შენი პრობლემაა, მაგრამ თუ დახმარება შემიძლია, გავაკეთებ ამას.  ევროპული ღირსება, პასუხისმგებლობა, თავისუფლება და ჩვენ ევროპულ ქვეყნებს (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბალტიისპირეთის ქვეყნები) აქვთ შესანიშნავი გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ. საბჭოთა კავშირის გავლენით ჩვენმა ქვეყანამაც ბევრი და მწარედ იზარალა და ამ ზიანის გამოსწორებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აქ აშკარად დავინახე, რომ ევროპელმა  ხალხმა შეძლო! პასუხისმგებლობის გრძნობით, საქმისადმი დამოკიდებულებით, თავისუფლებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით თუ სხვა ზნეობრივი იდეალებით, გახდა მაგალითი და სხვა ქვეყნებისთვის განვითარებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის მიმცემი.  მიუხედავად ამისა, ჩვენში, ევროპის მიმართ, ჯერ კიდევ ორი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა არსებობს. ერთი სკეპტიკურია და ამტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებები ყოველივე ეროვნულზე უარის თქმას ნიშნავს. მეორე ერთობ იდეალიზებული. ჯერ ერთი, ევროპა არ არის ის მონსტრი, რომელიც ჩვენთვის ქართველობის წართმევასა და სხვენში საგულდაგულოდ გადამალვას ცდილობს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თუ მან ჩვენს ქართველობაში რაიმე ისეთი აღმოაჩინა, რაც კაცობრიობისთვის სასიკეთო ან თუნდაც საინტერესო შეიძლება იყოს, აუცილებლად გააცნობს მთელს მსოფლიოს, როგორც ჩინური კომპასი გააცნო ერთ დროს. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. ჩემი რადიო გადაცემა, რომელსაც აქ ვაკეთებ. ეთერში კვირაში ორჯერ გადის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის შესახებ ამბებს მოიცავს. ხომ შეეძლოთ თავად შემოეთავაზებინათ თემა და საკითხი, ან უბრალოდ, ეთქვათ – ისაუბრე ევროპაზე, რატომ საქართველოზე? მაგრამ არა – რადგან აინტერესებთ, რადგან ეს ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი არჩევანია.   მესმის, რომ საქართველო არც დედაა ევროპის და არც შვილი, რომ მისგან რამე გადმოსაღები ჰქონდეს. საქართველო ყოველთვის იყო საქართველო და იმიტომ იყო უნიკალური, რომ ახერხებდა ევროპული და აზიური კულტურის საუკეთესო გავლენები საკუთარ ჭრილში ინდივიდუალურ შედეგად დაედო. ევროპელობა ევროპის ღირსეულ წევრობას ნიშნავს, ინდივიდუალური, მაგრამ ღირსი ღირებულებებით. რუსული ორიენტაციის საქართველო კი ევროპას არაფერში სჭირდება. პოსტსაბჭოური ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგა ხანია ევროპულ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. სწორედ იმ მიზეზით, რომ მათში დასავლური ხედვა საბჭოთა ეპოქამაც ვერ შეცვალა, განსხვავებით ჩვენგან, ბევრს რომ თვალი მუდმივად ჭაობში ჩამხრჩვალი რუსეთისკენ უჭირავს.  ახალგაზრდებს აღარ გვინდა 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა!  განათლება გვინდა, ახალი უნარები, მშვიდობა, თავისუფლება და საკუთარი თავის პოვნა გვინდა და რაც მთავარია – ევროპაში გვინდა!.. აქ რაღაც არჩევანი კი არ არის ევროპა, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა.   ნინი შაორშაძე მესამე თვეა ევროპაში ცხოვრობს, ლიეტუვაში. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გთავაზობთ ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან “მე და ევროპა”.  ამავე თემაზე: ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი I  ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი II    

ნიკო ნერგაძე – განათლებით სოციოლოგი, ხოლო პროფესიით ჟურნალისტი, ბლოგერი და პოდკასტერია. რადიოში მუშაობის დაწყებამდე ქართული Playboy-ის რედაქტორი, „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა კი, რადიო “თავისუფლებაში” „ნიკოს პოდკასტის“ წამყვანია. ასევე, ლექციებს კითხულობს ჯიპასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. – მოგესალმებით, მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მაინტერესებს, თქვენთვის  რომელ ფერებთან ასოცირდება ბავშვობა? – ჩემი ბავშვობა ძირითადად 90-იან წლებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ არა მჭახე,  არამედ უფრო მუქ ფერებთან ასოცირდება. დენი არ იყო.. ანუ ჩემი ბავშვობა სახელმწიფოში არსებულ ვითარებასთან იყო კავშირში. – ამ ვითარების მიუხედავად როგორი ბავშვი იყავით? – ძალიან საყვარელი, სათვალიანი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი,  სკოლაში კარგად ვსწავლობდი. – რომელი საგნები უფრო გიყვარდათ? – უფრო ქართული ლიტერატურა, მათემატიკას დაბალ კლასებში კარგად ვსწავლობდი.. მერე უკვე აღარ. – ყველაზე მეტად რა გენატრებათ ბავშვობიდან? –  რავი, რა ენატრებათ ხოლმე?! საჭმელი ახლა უფრო გემრიელია.. არა, მენატრება ის, რომ ბავშვობაში უსაქმურობა უფრო მეტი გაქვს ადამიანს. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები დრო გაქვს, იყო უსაქმური. ადრე ცოტა მეტი დრო გვქონდა მოსაწყენადაც, მაგრამ მაშინ კარგიც იყო. – განათლებით სოციოლოგი ხართ, რატომ აირჩიეთ ჟურნალისტიკა თქვენს პროფესიად? – კარგად ვწერდი თავიდანვე და სკოლაში ვიყავი ჯერ კიდევ, როცა შემთხვევით შევხვდი ბიძინა მაყაშვილს, ჟურნალისტს, რომელიც მუშაობდა გაზეთ „7 დღეში“. მან  შემომთავაზა რაღაცები მეწერა მუსიკაზე. დავიწყე წერა და მას მერე ვმუშაობ ამ პროფესიით. – მუსიკის ჟანრში კარგად ერკვევით, გაქვთ თუ არა ისეთი მუსიკა, რომელიც შერეულ გრძნობებს ბადებს თქვენში? – კი, ყველაზე კარგი მუსიკა ეგეთია, რომელიც თან გასევდიანებს და თან გამხიარულებს.. ბევრია ეგეთი, ახლა ლანა დელ რეი მახსენდება, საზაფხულოდ სევდიანი მუსიკა აქვს, თან რომ გახალისებს და ნოსტალგიურია. – თქვენი ცხოვრების „Soundtrack”-ად რომელ მუსიკას დაასახელებდით? – რთულია, ასე აირჩიო, მუსიკა, რომელიც შენს ყოველდღიურ მოქმედებას უხდებოდეს. ალბათ, რამე ნეიტრალურს და მსუბუქს, ვოკალის გარეშე.. მუშაობაში და სიარულში რომ არ მიშლიდეს ხელს. ჯეი დილლას ალბუმს დავასახელებ. – პოდკასტების ჩაწერა უფრო გიყვართ თუ ბლოგების წერა? – ბოლო დროს პოდკასტებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე ბლოგებს. ალბათ, აქ უფრო კომფორტულად ვარ. – ჩაწერამდე რაიმე ჩვევა ან რიტუალის მსგავსი თუ გაქვთ? – არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე საღამოობით ჩავწერო ხოლმე, ხალხი რომ არ იყოს, ჩემს გემოზე… –  რა სირთულეს წარმოადგენს იყო ჟურნალისტი საქართველოში? – ასე საქართველოში რომ რამე განსაკუთრებული სირთულე იყოს არა, მაგრამ სამუშაო ადგილების სიმცირეა, ხოლო  კონკურენცია დიდი. მედია პოლარიზებულია და ძალიან ცუდია, აირჩიო ერთ-ერთი მხარე. საბედნიეროდ, მე არ მაწუხებს ეგ საკითხი. – თქვენი ცხოვრების რომელ ეტაპს გამოჰყოფდით? – მე ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს, არის ერთ-ერთი ჩემი პირველი სამსახური, როცა „დიჯეი“ ვიყავი რადიო „მწვანე ტალღაში“. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და რადიოსაც უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა. თვითონ საინტერესო იყო საერთო ინტერესების მქონე კოლეგებთან ერთად მუშაობაც. მეგობრები ვიყავით, თან ვერთობოდით.. კარგი დრო იყო მოკლედ. არასდროს დამზარებია სამსახურში მოსვლა. ახლა, რასაც ვაკეთებ ეგეც მომწონს. – რა უპირატესობა აქვს რადიოს? – რადიოში ისაა კარგი, რომ შეგიძლია გახსნილად ილაპარაკო, თან არ ჩანხარ, რაღაც უფრო ინტიმურია. კამერა რომ გიყურებს, მაინც უფრო იძაბები. – ჟურნალისტობასთან ერთად ლექტორის ამპლუაც მოირგეთ, ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლექტორობაში? – ნუ, ლექტორობა ჰობის გამო ნაკლებად ამირჩევია, 15 წელია ვასწავლი და ძირითადად, ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამო. –  რა მოგწონთ და არ მოგწონთ ახალგაზრდებში? – ზოგადად, რაც მომწონს არის ის, რომ უამრავი გონებაგახსნილი ახალგაზრდა მოდის, რომელთაც აზრის გამოხატვა, ჩამოყალიბება არ უჭირთ. არ მომწონს ის, რომ  დავალებების ჩაბარების დრო როცა მოდის, უმეტესობა ცუდად წერს. განა ეს მათი ბრალია? უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდათ სისტემის მიერ, სკოლაში ცოტა მეტი ემუშავათ. – საყვარელი რესპონდენტი თუ გყავთ? – ჩემი მეგობრები, რომლებიც  ბევრჯერ მომიწვევია პოდკასტში. მაგალითად, დათო გორგილაძე და მარი ნიკურაძე. – რა არის ქართველების ყველაზე დიდი მიგნება? – ქართველებისთვის, ვფიქრობ, რომ მაინც კულტურაა ყველაზე მთავარი, ის რაც გვაერთიანებს და ქმნის ერს. მე მგონ,ი „ვეფხისტყაოსანი“ გვკრავს ქართველებს ყველაზე მეტად. – რამდენად თვითკრიტიკული ხართ? – მგონია, რომ ვარ თვითკრიტიკული. ყველას ჰგონია, რომ თავის თავს რეალისტურად აფასებს.. ასე ჩაკირკიტება არ მახასიათებს ყველაფერზე, რაც გავაკეთე ან დაეჭვება, ცუდია თუ კარგი. – რამდენად ითვალისწინებთ სხვის აზრს? – თუ მე თვითონ მომწონს, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმემ რაღაცა მითხრა, წავეკამათები, ვეტყვი: არა, ასე ვხედავ და ასე მირჩევნია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში რედაქტორმა თუ რაღაცა მითხრა,  ვუჯერებ, რადგან გარე თვალი რომ გიყურებს და გირჩევს, კარგია. – სად იმოგზაურებდით და რატომ? – ევროპაში ნაკლებად,  თან ნამყოფი ვარ. ალბათ, სამხრეთ ამერიკაში  ან აფრიკაში. არც ძალიან ტურისტულ ადგილას ჩავიდოდი და არც ისეთ ადგილას, სადაც წყლის ან სხვა ეკოლოგიური პრობლემა, საშიში იქნება. – ადამიანში ყველაზე მეტად რომელ თვისებას გამოარჩევთ? – იუმორის გრძნობას. არ არის აუცილებელი ადამიანი კარგად ხუმრობდეს, მთავარია, უბრალოდ ესმოდეს.. თან იუმორის გრძნობა რა არის?!.. არავინ იცის. – ვინ არის  თქვენთვის სამაგალითო ადამიანი? – ერთი, ვინც ბავშვობაში მყავდა და ახლაც არის – ჩემი ნათლია ბიძინა მაყაშვილი – ვისთან ერთადაც დავიწყე მუშაობა, უბრალოდ კარგი ჟურნალისტი და მაგარი ადამიანი. – საბოლოოდ კი, რას ურჩევდით დამწყებ ჟურნალიტებს? – პირველ რიგში, გადახედონ, ნამდვილად უნდათ თუ არა ჟურნალისტობა. სერიოზულად დაფიქრდნენ.. ჩემმა შვილმა რომ მკითხოს, ჩავაბარო თუ არა ჟურნალისტიკაზე?..  პირდაპირ ვეტყვი, რომ მე მგონი, არა… ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა ტელევიზიაში გადაცემის წაყვანაა. თან ფული არ არის მაინც და მაინც ჟურნალისტიკაში, ამიტომ ბევრი PR-ში მიდის. რთული პროფესიაა და ბევრ პრობლემასთან შეჭიდება გიწევს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე, გიღირს თუ არა.   მასალის ავტორი: თეკლა გვარამია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

IBSU-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომლის პრეზიდენტი ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა. ახლადარჩეულ პრეზიდენტთან პირველი ინტერვიუ უნივერსიტეტის მედია ცენტრის რადიოში, IBSU NEWS-ის წამყვანმა ლიზა პაპასქუამ ჩაწერა.  გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან.      – გამარჯობა ქეთი, მოკლედ რომ გვიამბო რატომ წარადგინე შენი კანდიდატურა თვითმმართველობის არჩევვნებზე? – მოგესალმებით! მე ვარ ქეთი ფანქველაშვილი, ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და უკვე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედი თვითმმართველობის პრეზიდენტი. ერთი წლის წინ, ბევრი სტუდენტის მსგავსად, მეც სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი თვითში (თვითმმართველობაში). თუმცა, თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდი და სწორი არჩევანი გავაკეთე მას შემდეგ რაც თვითმმართველოში ბევრი დეპარტამენტი გამოვიარე, როგორც ჰედის, ვიცე-ჰედის ან რიგითი წევრის ამპულაში. სიმართლე გითხრათ ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიქნებოდი. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ჩემი გუნდის და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ახლა თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ. მე, მივხვდი რომ ჩემი გუნდი მენდო და პოტენციალი დაინახეს ჩემში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე – რატომაც არა და ვცადე. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავდგი ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი. – მე მაინტერესებს, რა არის შენთვის ცნობილი იმ პრობლემების შესახებ რაც IBSU-ს სტუდენტებს აქვთ. – თამამად ვიტყვი, რომ IBSU-ს  შიდა სამზარეულო ჩემზე კარგად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. პრობლემას ვერ დავარქმევ, თუმცა პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია IBSU-ს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ურთიერთობაზე და მათ კავშირზე. სწორედ ამიტომ, მინდა უფრო ადვილი გახდეს ამ ორი სფეროს ერთმანეთთან ურთიერთობა. პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა სტუდენტების ორი ნაწილი: ერთი ნაწილი, რომელიც სრულიად ჩაიკეტა საკუთარ თავში და მეორე ნაწილი, რომლებიც სრულიად მოწყურებულები არიან სტუდენტურ ცხოვრებას და უფრო მეტი და მეტი უნდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რექტორის ბატონი საფეთის ძალიან დიდი მოთხოვნაა რომ უფრო კარგად გაიცნოს სტუდენტები, უშუალოდ გაიცნოს. აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ემსახურებოდეს ამას, რომ მათი ურთიერთობა უფრო უშუალო გახდეს და ადმინისტრაცია არ იყოს რაღაც ორგანო  რომლებთანაც სტუდენტებს შეხება აქ ექნებათ. – ალბათ, ყველა სტუდენტს აინტერესებს თუ რის შეცვლას და გაკეთებას აპირებ, თუნდაც ისეთის რაც თვითმმართველობის წინა პრეზიდენტს არ გაუკეთებია. ალბათ, ყველა პრეზიდენტის მიზანი ეს არის რომ სტუდენტების ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი და სწორედ ამას ვპირდები მეც ჩემს გუნდთან ერთად IBSU-ს სტუდენტებს, რომ ადმინისტრაციისა და სტუდენტების მინდა გახდეს კიდევ  უფრო ღრმა. – ვინ არიან შენი გუნდის წევრები და რა გახდა მათი შერჩევის მიზეზი?  პირველ რიგში მოგიყვებით მათ შესახებ. ალბათ, არასწორი იქნება საუბარი არ დავიწყო ჩემი მარჯვენა-მარცხენა ხელით და საერთოდ ყველაფრით, ჩემი ვიცე-პრეზიდენტით ანა იმედაშვილით. ჩემი გუნდის წევრები არიან კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დელეგატი ლუკა რაქვიაშვილი; ბიზნესის სკოლის დელეგატი ზურაბ ჯებაშვილი; განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დელეგატი ლაშა არაქელოვი და ბოლოს – სამართლისა და  სახელმწიფო მმართველობის სკოლის დელეგატი ვერიკო სირია. თვითმმართველობის არჩევნებამდე, როცა დელეგატების არჩევაზე მიდგა საქმე, დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია  სწორედ ეს იყო. ვეცადე, მეპოვა ადამიანები, რომლებშიც გაერთიანებული იყო მაღალი GPA და ადამიანური და მეგობრული თვისებები. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც პირველი მომივიდა გონებაში და საბედნიეროდ, ახლა ჩემი გუნდის წევრები არიან. – ქეთი, მადლობა ინტერვიუსთვის  ფოტო: IBSU NEWS-0ს წამყვანები თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი და ლიზა პაპასქუა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ქეთი ფაქველაშვილთან ერთად.   მასალის ავტორი: ლიზა პაპასქუა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი   ამავე თემაზე: IBSU-ს სტუდენტური თვითმმათველობის არჩევნები 2023 (ვიდეო)  IBSU-ში თვითმმართველობის არჩევნები 2023 ჩატარდა 

  ნინი დოლიძე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა.

სალომე კაიშაური “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა. 

  თიკა სიბოშვილი  “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც IBSU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულა და ჟურნალისტური კონტენტი შექმნა.  ჰაერის როგორი ხარისხია გლდანში?  გაცვლითი პროგრამები, როგორც დიდი ცვლილებების დასაწყისი. 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting