შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

დეზინფორმაციის როლი კოვიდ 19-ის პანდემიის დროს

28/11/2024

დეზინფორმაციის საფრთხეებთან გამკლავება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. თანამედროვე პროგრესული მსოფლიო თანხმდება, რომ არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ დეზინფორმაციული კამპანიაც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე. აღნიშნულის ნათელი მაგალითი იყო კოვიდ 19-ის პანდემია, სადაც სხვადასხვა მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მანიპულაციურმა დეზინფორმაციამ დიდი მასშტაბი მიიღო. ეს კი, ლოგიკურად ანტი-ვაქსერულ განწყობებს კიდევ უფრო ზრდიდა.

მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილიყვნენ. აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. სწორედ, აღნიშნული პერიოდიდან გაჩნდა უამრავი ცრუ ინფორმაცია და ბრალდება საზოგადოებაში.

საქართველოში, დეზინფორმაცია სხვადასხვა მედია არხებით ვრცელდებოდა. თუმცა, დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სოციალური ქსელი – ფეისბუკია. სწორედ, ამ პლათფორმის საშუალებით ავრცელებდნენ ყალბ ამბებს პროპაგანდისტული გვერდები. 

ყალბი ანგარიშები, რომლებიც პირდაპირ შექმნილი იყო ვაქცინაციის შესახებ არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აღვივებდნენ. მათი მთავარი მიზანი  საზოგადოებაში უნდობლობის ეფექტის დათესვა იყო.

აღსანიშნავია, ის მოცემულობაც, რომ სოციალურმა ქსელებმა ფეისბუქმა, ტვიტერმა  (აწ უკვე იქსმა) და იუთუბმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყეს ინფორმაციის გადამოწმებას, შედეგად კოვიდ 19-ის ვაქცინების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისას ოპერატიულად მოქმედებდნენ, თუმცა სოციალური ქსელების ალგორითმები ისეა მოწყობილი, რომ მცდარი, სენსაციური, ყურადღების მიმპყრობი პოსტები უფრო მალე ვრცელდება. შესაბამისად, ყველა ინფორმაციის სწრაფად გადამოწმება ვერ ხერხდება.

საქართველოში, COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო 2021 წლის 13 მარტს, COVAX პლატფორმის საშუალებით, საქართველომ ვაქცინა პირველად მიიღო. ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინით, რომელიც პრიორიტეტული ჯგუფებისათვის იყო განსაზღვრული  .

აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. მათ შორის: ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს სააგენტოების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ა.შ. მათი დახმარებით განხორციელდა ვაქცინაციის დონაცია, საინფორმაციო კამპანიის დაორგანიზება, ტრენინგები, ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის მოწოდებას და სხვა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მობილურმა ბრიგადებმა. მობილური ბრიგადები სხვადასხვა რეგიონში, დასახლებულ პუნქტებში გაიგზავნა აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, ბინაზე აცრის საჭიროებაზე ინფორმაციის შეგროვება ხდებოდა ცენტრალიზებულად ცხელი ხაზის 1522 მიერ, ასევე წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ, რომელიც ინფორმაციას გადასცემდა ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს. 

საქართველოს წითელი ჯვრის ჯანდაცვის დეპარტამენტის პროექტების კოორდინატორი ანა ლომთათიძე ამბობს, რომ კოვიდ 19-ის კუთხით „ საქართველოს წითელ ჯვარს“ განსაკუთრებით დიდი და ხანგრძლივი რეაგირება ჰქონდა. მისი თქმით, სხვადასხვა კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში რიგების მოწესრიგებისა და თერმოკონტროლის. ვაქცინაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო „ საქართველოს წითელი ჯვრის“ ჩართულობა. იხილეთ ვრცლად ვიდეოში

საქართველოში ხელმისაწვდომი იყო და არის შემდეგი ტიპის ვაქცინები: Oxford/AstraZeneca (ოქსფორდასტრაზენეკა); Sinovac. CoronaVac  Vero Cell, Inactivated (სინოვაკი); “Pfizer BioNTech (პფაიზერი); Sinopharm, SARSCoV2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი). დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში, რომელიც ასახავს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოში Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ 2023-2024 წწ პერიოდში Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში არ ჩატრებულა, ხოლო სტატისტიკური მონაცემებით 15.03.2021-01.01.2023 წწ პერიოდში აცრილთა საერთო რაოდენობა ჯამურად შეადგენს 1,383,877 ადამიანს. სულ ჩატარებული აცრები კი – მთლიანობაში 2,941,092 შეადგენს.

საზოგადოებაზე მკვეთრად იმოქმედა ახალციხეში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, როცა 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მოსახლეობამ ნდობა დაკარგა ვაქცინაციის მიმართ. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდა შიში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, საზოგადოებას დეტალურად არ აუხსნეს მომხდარის მთავარი გამომწვევი მიზეზი. ცხადია, ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი მთელ ქვეყანაში.

მედიაში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში, პერიოდულად ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება ათასნაირი დეზინფორმაცია თუ კონსპირაციული ჰიპოთეზა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, რომელსაც საზოგადოება ძალიან ხშირად ენდობა.

გთავაზობთ 6 ყველაზე გავრცელებულ მითს კოვიდ 19-ის ვაქცინაზე.

კოვიდ 19-ის ვაქცინის შესახებ გავრცელებულ მითებს ვრცლად მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი – ეკა სანიკიძე პასუხობს.

საზოგადოების აზრით, მითები კოვიდ 19 ის შესახებ ყველაზე მეტად მიკროჩიპებისა და უშვილობის შესახებ სმენიათ. გამოკითხულთა უმრავლესობა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ კოვიდ 19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსი იყო და ვაქცინას შეეძლო ადამიანის დნმ-ის შეცვლა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის სოციალური მედიის მონიტორინგის  „ამოიცანი დეზინფორმაცია“ ანგარიშში მოხვდა ის ქართული ონლაინ გამოცემები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ გადაუმოწმებელ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ესენია: თვალსაზრისი, ჰოთ ნიუსი, ალია, რეზონანსი, ჰოთ ნიუსი, exclusivenews.ge, reportiori.ge, infopostalioni, News-Front Georgia, qartuliazri და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა ასევე შემდეგ ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში: საქართველო უპირველეს ყოვლისა, საერთო გაზეთი,  ევრაზია საინფორმაციო სააგენტო, დედაქალაქი, სტალინი, საქართველოსთვის, კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ, საინფორმაციო ჯგუფი, ეროვნული ყრილობა ძალაუფლება ხალხს და საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის და ა.შ.

უილიამ ჰენრი „ბილ“ გეიტსი — ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი.

Covid-19-ის დეზინფორმაციული კამპანიისას სამიზნე პიროვნება გახლდათ ბილ გეიტსი. ხშირი იყო მოსაზრებები, რომ თითქოს „ბილ გეითსმა ვაქცინა ადამიანის გენის შეცვლის მიზნით შექმნა“, „ბილ გეითს სურდა 7 მილიარდი ადამიანის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, რომ თავისი ბიზნეს გეგმა შეესრულებინა  და ა.შ. თუმცა, რეალურად კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებს არ შეუძლიათ ადამიანის დნმ-ის შეცვლა.

რაც შეეხება ბილ გეითსის მიერ 7 მილიარდი ადამიანის „იძულებით აცრას“, აშკარა შეთქმულების თეორიის ნაწილია.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გეითსი მის მიერვე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ურთიერთშეთანხმების გზით ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე 7 მილიარდი ადამიანისთვის.

გარდა ამისა, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი ამბები ვრცელდებოდა პირბადეებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი „ვითომ“ ექსპერტი პირბადეების გამოყენებას განიხილავდა,  როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოდ და ამტკიცებდნენ, რომ უსიმპტომო პირებისთვის მისი ტარება ფსიქოლოგიური ზიანის მომტანი იყო, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, პირბადის გამოყენებას სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დიდი ისტორია აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად სწორედ პირბადეს მიიჩნევდა და ახლაც ასეა.

დეზინფორმაციის გავრცელების პროცსეში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას. 2024 წლის აგვისტოში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეჩერებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სხვადასხვა პროპაგანდისტული გვერდი, ვრცელდებოდა ნარატივები, რომლის მიხედვით, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდა, ამდენად მისი დახურვა, პირიქით, ზოგიერთისთვის მისაღები იყო.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდა, რუსული დეზინფორმაციაა და მსგავს ყალბ ამბებს მხოლოდ რუსული გამოცემები ავრცელებდნენ.

კოვიდ 19-ის შესახებ გავრცელებული ამბების იდენტიფიცირების კუთხით აქტიურად მუშაობდა და ახლაც მუშაობს მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალი „მითების დეტექტორი“, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული შინაარსის სიზუსტეს სწავლობს და აფასებს. აღნიშნული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მითების დეტექტორის მთავარი რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ზე გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მასშტაბი 2024 წელს გაცილებით მცირეა, „მითების დეტექტორი“ კვლავ აგრძელებს საეჭვო აქტორებზე დაკვირვებას და დეზინფორმაციის გაქარწყლებას“.

მითების დეტექტორის მთავარი რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი

“მითების დეტექტორი“ ღია წყაროებზე დაყრდნობით, ასევე ოფიციალურ ჯანდაცვის უწყებებში გავრცელებული ინფორმაციით და სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირებით ახდენდა ყალბი ინფორმაციის გადამოწმებას. დეზინფორმაციაზე რეაგირება ხდებოდა სტატიების მომზადებით, რომელიც ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ამბებზე იწერებოდა და მითების დეტექტორის ვებ-საიტზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდებოდა. გარდა ამისა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტურობას ზრდიდა „მითების დეტექტორის“ თანამშრომლობა Meta-სთან, რაც ორგანიზაციამ 2020 წლის სექტემბერში გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში „მითების დეტექტორის“ სტატიებით ინიშნებოდა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფეისბუქ პოსტები, რის შემდეგაც ფეისბუქ მომხმარებლები იღებდნენ შეტყობინებას, რომ კონკრეტული პოსტი შეიცავდა უზუსტობებს, რაც მასზე მიბმულ სტატიაში იყო ახსნილი. ასევე, ყალბი ინფორმაციის ვერდიქტით მონიშნულ პოსტებს ფეისბუქი სიახლეების ველში უფრო ქვემოთ უშვებდა და მის გავრცელებას ამცირებდა.

კოვიდ19-ის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება პანდემიის დასრულების შემდეგ შემცირდა, თუმცა სოციალურ ქსელებში პერიოდულად დღემდე ვხვდებით მცდარ ამბებს ვაქცინებთან დაკავშირებით, რაც, უმეტესად ანტივაქსერების მხრიდან ვრცელდება.  

ძირითადი თემა კოვიდ 19-ის გარშემო იყო ვაქცინაციის საკითხი, თუმცა მცდარი ინფორმაცია ასევე ეხებოდა 5G-სა და კორონავირუსის კავშირს, PCR ტესტებსა და ცრუ მკურნალობის მეთოდებს. ვაქცინების შემთხვევაში აქცენტი კეთდებოდა მის გვერდით ეფექტებზე, რაც უმეტესად გაზვიადებულად იყო წარმოჩენილი ან ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა იწვევს კიბოს და სხვა სერიოზულ დაავადებებს ან პირდაპირ სიკვდილს. PCR ტესტებზე ხშირად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ტესტები არაზუსტი იყო და კოვიდზე ცრუ დადებით პასუხებს იძლეოდა, რაზე დაყრდნობითაც ხდებოდა კოვიდის შემთხვევებიც რიცხვით მანიპულირება. ყველა მსგავსი ინფორმაცია მითების დეტექტორმა იკვლია და ფაქტებზე დაფუძნებული სტატიები მოამზადა, რათა მოსახლეობის ინფორმირება მოეხდინა,“ – ამბობს მითების დეტექტორის მთავარი რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი.

შეიძლება ითქვას, რომ ხშირად, ვაქცინებთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია აგებულია „სიმართლის ნაპერწკლზე“, რაც ამბავს უფრო დამაჯერებელს ხდის. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაციის გადამოწმებაც რთულდება.  თავის მხრივ, ჩვენც შეგვიძლია შევიქმნათ და შემდგომ გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი, რაც დაგვეხმარება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

  • შეამოწმეთ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა. სოციალურ ქსელში მედიის სანდოობის დასადგენად ერთ-ერთი ხრიკია მედია საშუალების შესახებ დეტალური ინფორმაციას გამოკვლევა, რაც გულისხმობს, იმას რომ სოციალური ქსელის გრაფებში „ჩვენს შესახებ“ და „დაგვიკავშირდით“ აუცილებლად უნდა იყოს მითიოთებული. თუ აღნიშნული მედია ნამდვილად სანდო წყაროს წარმოადგენს, ვებგვერდზე ვიპოვით ორგანიზაციის შესახებ და მისი დაფინანსების წყაროების შესახებ“ინფორმაციასაც.
  • შეამოწმე რა წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია. – დეზინფორმაციული ამბების გამავრცელებლები ხშირად ანონიმურ წყაროებს ეყრდნობიან, რომლებიც ხშირად არც კი არსებობენ. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ანონიმური წყაროები ზოგად განცხადებებს აკეთებენ, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია.
  • გადაამოწმეთ თარიღი. დეზინფორმაციის გამავრცელებელმა შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილების შესაქმნელად ძველი, თუმცა რეალური ამბავი გაავრცელონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავრცელებული ამბის თარიღისა და კონტექსტის შემოწმება.
  • გადაამოწმე ავრცელებენ თუ არა ინფორმააციას სხვა წყაროები. თუ გავრცელებული ინფორმაცია არ იძებნება სხვა სანდო წყაროებში, მაშინ ეჭქვეშ დგება ინფორმაციის სანდოობა.  
  • ვინ არის სტატიის ავტორი? როგორც წესი, სტატიის ავტორის სახელი დასაწყისში ან ბოლოს არის მითითებული. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ავტორი რამდენად კვალიფიციურია. თუ სტატიაში ავტორი არ არის მითითებული, ფრთხილად იყავით. შესაძლოა ინფორმაცია ყალბი იყოს.

COVID 19 – ით გამოწვეული პანდემია საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებულად დიდი მასშტაბები შეიძინა. ვაქცინაცია იყო და დღემდე რჩება ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ უმთავრეს იარაღად.

უმნიშვნელოვანესია საზოგადოებამ კარგად გაიაზროს დეზინფორმაციის როლი თანამედროვე სამყაროში. ცხადია, ამ მხრივ მედიასაც უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომ ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მცდარ ფაქტებს არ გაავრცელოს საზოგადოებისთვის, რადგან საზიანო არ აღმოჩნდეს.  ადამიანები სწორედ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხშირად სიცოცხლისთვის სარისკო გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.

ავტორი: IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტი

ლუკა ამბალია


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting