შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიუჟეტი

Page: 3

წლებია გლდანის მოსახლეობა უსიამოვნო სუნს უჩივის და მისგან გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. ამ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, გლდანის ნაგავსაყრელზე სამშენებლო მასალები და ტოქსიკური ნარჩენები იწვის. მეორე ვერსიით არსებობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აგროვებს და წვავს საბურავებს, რომლის შედეგად მიღებულ ნარჩენს ჯართში აბარებს. საბურავების წვის პროცესში გამოყოფილი სუნი კი მთელს გლდანში ვრცელდება. გლდანის ნაგავსაყრელი კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზეა მთასავით ამობურცული, რომელიც ამჟამად შემოღობილია. ამ ნაგავსაყრელიდან გავრცელებული მძაფრი სუნი განსაკუთრებით შესამჩნევია სიცხის დროს, ზაფხულში. მიზეზი შესაძლოა სამშენებლო ან მეტალოპლასტმასის მასალები იყოს, რომლებსაც მაღალ ტემპერატურასა და უნალექობაში ცეცხლი მარტივად უჩნდება. დიდი ნაგვის გორების გამო რთულია, სახანძრო მანქანა ტერიტორიაზე შევიდეს. საბოლოოდ კი, თავისით უნდა ჩაქვრეს. სალომე ცეცხლაძე, მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად, დაახლოებით 4 წლის წინ გლდანში, მეხუთე მოკრორაიონში გადავიდა საცხოვრებლად. აქ დასახლებიდან მალევე ისინი ისე შეწუხდნენ უსიამოვნო სუნით, რომ ნაგავსაყრელი მოინახულეს, რომელიც მათი კორპუსიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს. სალომე და მისი მეუღლე, თაზო კუპრეიშვილი, რომელიც „ნეტგაზეთის“ რედაქტორია, საკითხით სიღრმისეულად დაინტერესდნენ. „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნდა მასალა აღნიშნულ პრობლემაზე, ახალგაზრდა წყვილმა დააორგანიზა აქცია და რამდენჯერმე მიმართეს გლდანის მაჟორიტარს – კონსტანტინე ზარნაძეს. სალომე ცეცხლაძე: „წინასაარჩევნო პერიოდში, კოტე დადიოდა და ამბობდა, რომ პრობლემა მოვაგვარეთ და ნაგავსაყრელი შემოვღობეთო. რა თქმა უნდა, მე არაფერს არ ვუკარგავ. გააკეთეს ძალიან ბევრი კარგი პარკი, სავაჭრო სივრცე, მაგრამ პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ეს არ იყო სისტემური მიდგომა. მაჟორიტარის თქმით უნდა შემოეღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებდა პრობლემას, თუმცა ეს კანონი ჯერ არ გვინახავს. ამ ეტაპზე არსებობს იდეა, რომ ვიჩივლოთ სასამართლოში. ადამიანის უფლებაა ცხოვრობდეს უსაფრთხო გარემოში და იქნებ სასამართლოს გზით მაინც მივიღოთ პასუხები, იმაზე თუ რას აპირებს სახელწმიფო. ახლა ვართ, მხოლოდ კვლევის ეტაპზე და ვაგროვებთ მასალას თუ ვის მივმართოთ სამომავლოდ“. მოსახლეობა პროტესტს, სოციალურ ქსელშიც აქტიურად გამოხატავს. საზოგადოებისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რამდენად მომწამლავია დაბინძურებული ჰაერი და რა არის რეალურად ამის გამომწვევი მიზეზი. სალომე ცეცხლაძე: „ჩვენი პრიორიტეტი საცხოვრებელი უბნის არჩევის დროს იყო მეტი საბავშვო სივრცე, სიმწვანე და სიმშვიდე. სამწუხაროდ, აღმოვჩნდით ადგილას სადაც ჰაერიც კი არ არის სუფთა. ამ ზაფხულს, აივნის კარი, ღამით ღია გვქონდა. გამთენიისას ძალიან მძაფრმა სუნმა გამაღვიძა, ვერც კი აღვწერ ისეთი საშინელი სუნი იყო. გვერდით 2 წლის შვილს ეძინა და მართლა არ ვიცოდი რა მექნა. რთულია, როცა 2 წლის ბავშვი გიწევს გვერდით და იცი, რომ ამას სუნთქავს. ამ დროს, რა უნდა ქნა?! ძალიან უსუსური ხარ. შეიძლება ბავშვს რაღაც აუკრძალო, აქ არ მიხვიდე, აქ არ ითამაშო, ეს არ გააკეთო და ა.შ მაგრამ არ ისუნთქოო, ხომ ვერ ეტყვი! მახსოვს, უცბად წამოვხტი, კარი დავკეტე და ვითომ თავის დაცვის მექანიზმი მქონდა, მაგრამ ეს ჰაერი ხომ უკვე შიგნით იყო დაგროვებული… რას უზამ ამ ჰაერს?! უბრალოდ, ვერ შეაჩერებ“. გლდანის ნაგავსაყრელის პრობლემის შესახებ იცის ყველამ – გარემოს დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ თუ რაიონულმა გამგეობამ. მდგომარეობის გამოსასწორებლად, უწყებებში რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. ცნობილია, რომ გლდანის ნაგავსაყრელზე გასულ წლებში გამოვლინდა საბურავების დაწვის 7 ფაქტი. რაიონულმა გამგეობამ, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ, მიაგნო კომპანიას, რომელიც წვავდა არა მხოლოდ საბურავებს, არამედ სამედიცინო ნარჩენებსაც. გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ინფორმაციით, შ.პ.ს. „ეკომედს“ კლინიკებთან და საავადმყოფოებთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რათა  არასაჭირო ანტიბიოტიკები თუ სხვა სამედიცინო ნარჩენები გაენადგურებინა, რომელთაც გარე წესით წვავდა. მისი თქმით, მუნიციპალურმა ინსპექცამ ეს კომპანია 25 000 ლარით დააჯარიმა და ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა. კონსტანტინე ზარნაძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ვიდეო ხაფანგები დამონტაჟდა, ხოლო კონკრეულ ადგილებში მიწა ისე ამოთხრესს, რომ უცხო მანქანებმა ნაგავსაყრელის გარკევულ ტერიტორიებამდე მისვლა ვერ შეძლონ.იგი  სამომავლოდ  გეგმავს, აიკრძალოს ე.წ „ვიაზანი“ მავთულის  ჩაბარება, რომელიც გამომწვარი საბურავის შედეგად მიიღება. კონსტანტინე ზარნაძე: „გლდანის შემოვლით გზაზე არსებობდა ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც 10 წელზე მეტია დაილუქა. ტერიტორიაზე, მიწისქვეშ 5-6 მეტრზე არის ძველი ნარჩენები, რომლებიც დიდი დროის განმავლობაში ალდებოდა. დღესაც კი გლდანის ნაგავსაყრელზე იმდენი ნაგავია ჩამარხული, რომ შიდა წვები დღემდე მიმდინარეობს. მეც რომ ვიყავი ლოკაციაზე მისული, ძალიან ცუდი სუნი იდგა. რესპირატორის გარეშე გაჩერება რთული იყო… დამეწყო ყელის და ცხვირის საშინელი წვა.  ჩემი დიდი სურვილია, რომ ნაგავსაყრელი გადავიდეს გლდანიდან, თუმცა რომც გადავიდეს არსებული ნაგავი დარჩება, რისი      მოვლა-პატრონობაც გახდება პრობლემა.  აუცილებლად უნდა დაკონსერვდეს, მაგრამ თავისი ექსპლუატაციიდან გამომდინარე სწორად ვერ დააკონსერვებ“.  სახელმწიფო უწყებები გლდანში არ ზომავენ ჰაერის დაბინძურების დონეს. თუ მოქალაქეს აქვს სურვილი, შესაძლებელია მიმართოს უწყებას, რომელიც შეამოწმებს ჰაერის ხარისხს. ირინე ქურასბედიანი: „წლებია, რაც ეს სუნია, გასულ ზაფხულს კი განსაკუთრებით შემაწუხა. აგვისტოში დილის 4-5 საათზე აუტანელი სუნი მაღვიძებდა-ხოლმე. იმდენად ბინძური იყო ჰაერი, სუნთქვაც კი მიჭირდა. ისედაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ჩემს მდგომარეობაში ასეთ გარემოში ცხოვრება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ვფიქრობდი, საცხოვრებლის შეცვლასაც კი. მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ ჰაერს.  ვიმედოვნებ, რომ პრობლემაზე რეაგირება ახლა მაინც ექნებათ“.  სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოსთვის, აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თავჯდომარე, მანანა ქოჩლაძე საუბრობს იმ საფრთხეებზე, რასაც გლდანში არებულ ნაგავსაყელზე მიმდინარე პროცესები იწვევს. მანანა ქოჩლაძე: „როგორც ვიცით გლდანის ნაგავსაყრელი არის დახურული, სადაც ხდება აალება და მეთანის გაზის გამოყოფა. ეს არის მძიმე პრობლემა, რადგან მეთანი არის მომწამლავი გაზი. შესაბამისად, როდესაც ზაფხულში თვითაალება ხდება, იქმნება არა მხოლოდ ცუდი სუნი და დისკომფორტი, არამედ ეს ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთეობაზე. რეალური რისკები ჯერ არავის არ შეუსწავლია, არადა მოსახლეობა მუდმივად ჩივის თავის ტკივილებსა და უჰაერობაზე. პრევენციისთვის საჭიროა, რომ დაიწყონ მეთანის გამოყოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. თბილისში, რამდენიმე ავტომატურად ჰაერის მზომი დგას. სამწუხაროდ, გლდანში არ არის მსგავსი არაფერი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა რადგან არ ვიცით გლდანში რა ჰაერის ხარისხია“.   მასალის ავტორები: ანი აბუსერიძე, თიკა სიბოშვილი  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები     

სწავლა თუ მუშაობა? – საქართველოში ამ დილემის წინაშე უამრავი სტუდენტი დგას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სტუდენტებზე მორგებული სამსახურები, ადეკვატური ანაზღაურებით, სადაც ისინი მუშაობის პარალელურად, სრულფასოვანი განათლების მიღებასაც შეძლებენ. გაძვირებული ბინებისა და პროდუქტებზე მკვეთრად მომატებული ფასების ფონზე, სტუდენტების უმრავლესობას, სწავლის პარალელურად, მუშაობა უწევს. საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოში სტუდენტებზე მორგებული სამსახურები და როგორ უთავსებენ სასწავლო გრაფიკს. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, საქართველოში სწავლისა და სამსახურის შეთავსება თითქმის შეუძლებელია, რასაც, საბოლოოდ, ლექცია-სემინარების გაცდენამდე და არასახარბიელო აკადემიურ მოსწრებამდე მივყავართ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, 20-24 წლის (სტუდენტური ასაკის) ადამიანთა უმუშევრობის დონე 41%-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (38.3%) მაღალია. სტუდენტებისთვის ნაკლებად მოიძებნება ანაზღაურებადი სამსახური, სადაც ისინი პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებენ. დიდი კომპანიები, მაღალი ანაზღაურებით, არ იღებენ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალს. ის ერთეული კომპანიები კი, რომლებიც თანხმდებიან ამგვარ ხელშეკრულებას, კარგი ხელფასებით არ გამოირჩევიან. ამიტომ, მათ უმეტესობას დასაქმება მომსახურების სფეროში უწევს, რაც, ძირითადად, კაფე-ბარებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ობიექტებს, სავაჭრო ქსელებსა და ონლაინკაზინოებს მოიცავს. ეს კი იმდენად დიდ ძალისხმევას საჭიროებს, რომ ხშირად სტუდენტებს სწავლისთვის ენერგია აღარ რჩებათ. სწორედ ამ მიზეზით, მაგისტრატურის სტუდენტმა ქეთევან მოსიავამ სწავლის პერიოდში მუშაობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ქეთევან მოსიავა: „როცა სტუდენტი ხარ და ეძებ სამსახურს, ცდილობ ისეთი სამსახური იპოვო, რომელთანაც მარტივად შეათავსებ სწავლასა და ლექციებზე სიარულს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სამსახურის მერე, დავალებების შესასრულებლად ენერგია დაგრჩეს. ძირითადად, ბაზარზე სამუშაოები, რომლებიც სტუდენტების მხრიდან მოთხოვნადია, მომსახურების სფეროშია. რაც დაბალანაზღაურებადია და იქ გაწეული შრომის სანაცვლოდ, ვერ იღებ შესაბამის ანაზღაურებას. ბოლოს იღებ გადაწყვეტილებას, რომ სწავლის პერიოდში უარი თქვა სამსახურზე და ცოტა ხანს გაიჭირვო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა”.  ბოლო კვლევა, რომელიც სტუდენტების დასაქმების საკითხს ეხება, 2019 წელს ჩატარდა, კოვიდ-პანდემიამდე. მას შემდეგ ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლით არავინ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები მუშახელის ნაკლებობაზე აქტიურად საუბრობენ. პროფესიული კავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ამ სფეროს შესწავლისთვის, 2019 წელს, სუპერმარკეტების ქსელში  კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნულ სექტორში, დასაქმებულთა უმრავლესობა (93%) ახალგაზრდა იყო (18-30 წელი) და მათი დიდი ნაწილი – სტუდენტი. ქსელებში დასაქმებულებს ყოველკვირეულად 50-60 საათი უწევდათ მუშაობა. ამ სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა კი, დაახლოებით, 360 ლარი იყო. ნუცა გორდაძე მეორე კურსიდან ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში კონსულტანტად მუშაობდა, თუმცა სამსახურის სწავლასთან შეთავსება ვერ მოახერხა და ამის გამო, აკადემიური სემესტრის აღება გადაწყვიტა. ნუცა გორდაძე: „კვირაში, დაახლოებით, 48 საათს ვმუშაობდი, რის გამოც, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებდი ლექციებზე დასწრებას. პრობლემა იყო ყოველდღიურად თანამშრომლის რამდენიმე საათით გათავისუფლება და უნივერსიტეტში მხოლოდ გამოცდების დროს მივდიოდი. ეს სამსახური იმ დროს ჩემთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს წარმოადგენდა და მასზე უარს ვერ ვიტყოდი, ამის გამო, სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჩემთვის გარდაუვალი იყო“. მაგდა ჯიქია იმ სტუდენტთა რიცხს განეკუთვნება, რომელთათვისაც ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ერთ-ერთ კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობს, რის გამოც ლექცია-სემინარებზე დასწრებას თითქმის ვერ ახერხებს. მაგდა ჯიქია: „სწავლისა და მუშაობის შეთავსება ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. საკმაოდ რთულია, იყო წარმატებული სტუდენტი, როდესაც კვირაში 5 დღის განმავლობაში 8 და ხანდახან 12 საათს მუშაობ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ნახევარგანაკვეთური სამსახური, რომელიც გაძლევს იმ პირობებსა და ანაზღაურებას, რაც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის გვჭირდება, ამიტომ, მე არჩევანის გაკეთება წარჩინებულ სტუდენტობასა და ფინანსურ კეთილდღეობას შორის მომიწია. ყველა საგნის ჩაბარება საკმაოდ დაბალ ქულაზე მიწევს, რადგან ხშირად ლექცია-სემინარებს ვერ ვესწრები. კარგად თუ ცუდად მაინც ვახერხებ კუთვნილი კრედიტების მიღებას, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ლექტორისთვის გაუგებარი იყო ჩემი მდგომარეობა და ძალიან ცუდი გარემო შეუქმნია ჩემთვის, იმიტომ რომ მის ლექცია-სემინარებს ვაცდენდი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებებს მაინც ვასრულებდი.“ შედარებით მაღალი ანაზღაურება და მოქნილი გრაფიკია „ევოლუშენ გეიმინგში“ (ონლაინკაზინო), რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია საქართველოში. იქ დაახლოებით 6000-მდე ადამიანი მუშაობს და მათი ძირითადი ნაწილი, სტუდენტები არიან. თუმცა თამაშის წამყვანად მუშაობა დიდ სტრესსთან არის დაკავშირებული, რასაც ყველა ვერ უმკლავდება. ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია მაგისტრატურის სტუდენტი ქეთი პავლიაშვილი, რომელიც კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მისი თქმით, ძალიან უნდა თავისი პროფესიით დასაქმება და გამოცდილების დაგროვება, თუმცა რაკი ასეთი სამსახური ვერ იპოვა, ფინანსური დამოუკიდებლობისთვის „ევოლუშენში“ დაიწყო მუშაობა. IPM-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების ძირითად მიზეზად შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება (73.8%) სახელდება, 43.5%-ს კი მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის მიზნით უწევს. საინტერესოა, როგორ ეხმარება უნივერსიტეტი სტუდენტებს შრომის ბაზარზე პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და დასაქმებაში. ამის გასარკვევად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი გრიგოლაშვილს დავუკავშირდი: გიორგი გრიგოლაშვილი: ”როდესაც პროგრამა გადის აკრედიტაციას, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია და ინფორმაციის შეჯერება არამხოლოდ დამსაქმებლებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან. ისინი იღებენ კვლევაში მონაწილეობას, რისი შედეგების მიხედვითაც დგება თითოეული პროგრამის სილაბუსი. ჩვენი მხრიდან, სტუდენტებს ყოველთვის ეგზავნებათ შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავისი პროფესიით იყვნენ დასაქმებულები და არა ისეთით, რომელიც აკადემიურ კვალიფიკაციას არ ითხოვს“. სტუდენტები, უმეტესწილად, კვირაში 48 სააათზე მეტ დროს უთმობენ  სამუშაოს, რაც პირდაპირ აისახება მათი განათლების ხარისხზე და შემდგომში უკვე ქვეყანაში კვალიფიციური კადრების არარსებობაზე. მიუხედავად ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომებისა, რეალობა ერთია, სტუდენტების უმრავლესობა დილემის წინაშე დგას – კარგად ისწავლოს და არ ჰქონდეს სამსახური, სადაც შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას საკუთარი პროფესიით შეძლებს, თუ იმუშაოს მომსახურების სფეროში და სწავლას სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმოს. რადგან დღევანდელი მონაცემებით, ორივეს ერთად შეთავსება, თითქმის, წარმოუდგენელია.   მასალის ავტორი: სოფო კედელაშვილი IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი  

გურამ აბაშიძე, წლებია თბილისში ცხოვრობს, დიდ დიღომში. იგი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, საგანი – „ციფრული მედია და კომუნიკაცია“. გურამმა, საგნის „ციფრული თხრობის“ ფარგლებში ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა და მოამზადა მასალა სასმელი წყლის შესახებ, რომლის გმირი თავადვე გახდა.  გურამ აბაშიძე: “მე, მაინტერესებდა როგორ სასმელ წყალს ვსვამთ. ამიტომ, თავდაპირველად სამზარეულოს ონკანიდან წყალი პლასტმასის ბოთლში ავავსე და შესაბამისი კვლევისთვის თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წავიღე.  იქ, ეს წყალი არ ჩაიბარეს და მომცეს ინსტრუქცია, თუ როგორ შემეგროვებინა წყალი ონკანიდან, რომელსაც მთელი პროცედურები სჭირდებოდა და რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით”. ნაბიჯი 1 ონკანიდან წყლის სინჯის აღებამდე, მილი უნდა გაასუფთავოთ და ცეცხლის ალი მოავლოთ. ნაბიჯი 2  როგორც აღმოჩნდა, თუ წყალი სასმელად ვარგისი გინდათ იყოს, სულ მცირე 15 წუთი მაინც უნდა ადინოთ. თან, ონკანი ბოლომდე მოუშვათ. გურამ აბაშიძე: “ამ ექსპერიმენტის დროს დამაინტერესა, რამდენი ლიტრი წყალი შეგროვდებოდა იმ 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე ონკანი მოშვებული მქონდა და ამიტომ დავთვალე. ამ დროში, 477 ლიტრი წყალი შევაგროვე. სწორედ მაშინ, ასეთი კითხვა გამიჩნდა – თუ სუფთა წყალი მინდა დავლიო, თუნდაც ერთი ჭიქა, ამისათვის 15 წუთის განმავლობაში წყალი უნდა ვადინო? და თუ რამდენჯერმე მომინდება ონკანიდან წყალის დალევა, რა დრო და ფული დასჭირდება ამას?” როგორც ცნობილია, GWP-ს ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას არის 0.500 ლარი 1მ3-ზე. ნაბიჯი 3 ვიდრე წყალი ონკანიდან უწყვეტად მოედინება, ჭურჭელი უნდა მოამზადოთ. ეს, აუცილებლად შუშის ქილა უნდა იყოს რკინის თავსახურით და არა პლასტმასის. ნაბიჯი 4 წყალი კარგად უნდა ადუღდეს, ვიდრე მასში ჭურჭელია მოთავსებული. ნაბიჯი 5 გამოხარშულ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ სულ მცირე ნახევარი ლიტრი წყალი ონკანიდან, თავსახური კარგად მოუჭიროთ და ლაბორატორიაში მიიტანოთ, წყლის აღებიდან მაქსიმუმ ერთი საათის შუალედში. ნაბიჯი 6 სსიპ სოფლის მეურნეობის სახელწიფო ლაბორატორიაში, 2 ტიპის კვლევა ტარდება: წყლის სასმელად ვარგისიანობაზე და ქიმიური. გურამმა 96 ლარი გადაიხადა პირველ კვლევაში, მეორე გაცილებით ძვირი ღირს. პასუხი 5 სამუშაო დღეშია. ნაბიჯი 7 დიდი დიღმიდან აღებული წყალი, ლაბორატორიამ შეაფასა როგორც სასმელად ვარგისი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სასმელი წყალი უნდა იყოს ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით უსაფრთხო, ხოლო ქიმიური შემადგენლობით უვნებელი იმისათვის რომ სანიტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. უვარგისი სასმელი წყალი ხშირად ხდება ინფექციური დაავადებების მიზეზი, რომლის დროს ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, ჭიებით და სხვა. წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით, რომელთა შორის ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რასაც ძირითადად დიარეა ახასიათებს. სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მომხმარებლებზე განაწილება. თბილისს წყლით „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“ GWP ამარაგებს. წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია. თუმცა, ვიდრე წყალი სასმელად ვარგისი გახდება რთულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. GWP-ს ინფორმაციით, დედაქალაქში წყალი წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელის საშუალებით ნაწილდება, საიდანაც  მომხმარებელების ონკანებამდე სასმელი წყლის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.თბილისისთვის წყალს მოიპოვებენ მდინარე არაგვიდან, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის ზღვიდან, ღრმაღელესა და სამგორის სათავე ნაგებობების საშუალებით. წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება. თბილისში წყალმომარაგება 24 საათიანია.     მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე, IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი მასალის რედაქტორი: ეკა ფირცხალავა, IBSU-ს “მედია ცენტრის” ხელმძღვანელი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, “ცოდნის კაფეზე” მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, ამ სივრცეში განთავსდება: მულტიმედია ქართული და ინგლისურენოვანი ბიბილიოთეკები, წიგნის მაღაზია, არაფორმალური განათლებისა და შეკრების სივრცე, ტექნოლოგიების ოთახი, მცირე კაფე და საერთო-სამუშაო ადგილი. ამ პროექტის დონაციის მსურველებს “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის შესახებ ფილმში თავად საუბრობს. აქვე შეიტყობთ, თუ როგორ გახდა მაჩხაანის თეატრი ნანა ბაგალიშვილისთვის შთაგონების წყარო, წნორი – მულტიფუნქციური განვითარების ადგილი და განათლება – ერთადერთი არჩევანი. IBSU-ს მინი ფილმი “ცოდნის კაფეზე” ფილმი მოამზადეს: IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ლუკა ამბალიამ და ანა ჩალაშვილმა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები აჭარიდან საახალწლო ტრადიციების შესახებ ჰყვებიან. აქვთ თუ არა აჭარაში მეკვლის ტრადიცია, რატომ ხარშავენ სიმინდს საახალწლოდ და ვინ არ აღნიშნავს ახალ წელს – ამ და სხვა წეს-ჩვეულებების შესახებ თავად სტუდენტები საუბრობენ. IBSU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა თანაუნივერსიტეტელები 2022 წლის ბოლოს ჩაწერეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს. იხილეთ ვიდეო მასალა საახალწლო ტრადიციების შესახებ  

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ნინი შაორშაძემ “მედიის განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ისწავლა – როგორ ამოიცნოს ფოტომანიპულაცია. ამის საილუსტრაციოდ, მან მოამზადა ინფოგრაფიკა რომელიც ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ფოტომანიპულაციას, თითქოს ზალუჟნი ნაცისტურ სამაჯურს ატარებდა.  კრემლის მხარდამჭერი მედიები, ზემოთაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდნენ ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის სამაჯური რამდენიმე რგოლისგან შედგებოდა რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტთან ერთად გამოსახული იყო ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა. იგივე ფოტო, ქართულმა და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაცია ფოტომანიპულაციაა. სინამდვილეში, სამაჯურზე არა სვასტიკა არამედ სკანდინავიური სიმბოლოა გამოსახული. ფოტო ავთენტურია, თუმცა სამაჯურის გამოსახულების დაბალმა რეზოლუციამ ინტერნეტ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარი ფოტო, სადაც მას სწორედ ზემოთაღნიშნული სამაჯური ეკეთა, მართლაც გამოაქვეყნა Twıtter-ზე. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების  ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა (შტირლიცი) იმის საჩვენებლად, თუ როგორ სამაჯურს ატარებდა ზალუჟნი, Twitter-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამაჯურის ფოტო  ისეთი რეზოლუციით გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ეს სიმბოლო არა სვასტიკა, არამედ სკანდინავიური (კელტური კვანძის მსგავსი) ნიშანი იყო. მსგავსი სამაჯურის ნახვა მაღაზია Pakabone-ის საიტზეა ხელმისაწვდომი, სადაც სლავური, სკანდინავიური და ტომობრივი ატრიბუტების ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ზალუჟნის სამაჯურის ის სიმბოლო, რომელიც მანიპულაციურად გაავრცელეს და სვასტიკას დაუკავშირეს.   ნინი შაორშაძის კვლევის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ “მითების დეტექტორის” ვებგვერდზე.

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების შრიფტების შექმნის იდეა თავდაპირველად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაჩნდა და მან სამი ეტაპი მოიცვა. პირველ ეტაპისთვის გადაწყდა შექმნილიყო ათი საზოგადო მოღვაწის ხელნაწერი შრიფტი. იდეის ავტორები გახლდნენ ნიაზ დიასამიძე, დავით მაისურაძე და ზვიად კორდაძე, რომლის საადვოკატო ფირმამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შრიფტების შექმნის იდეის რეალობაში მოყვანას. პირველ ეტაპზე შეიქმნა ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების შრიფტები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ამბროსი ხელაია და ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მეორე ეტაპი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებულობის ასი წლის იუბილეს, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა იმ ხუთი მოღვაწის შრიფტი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობაში და შემდეგ ემიგრაციაში, საქართველოს ინტერესების დაცვაში. მეორე ეტაპზე შეიქმნა ვიქტორ ნოზაძის, მიხაკო წერეთელის, ივანე ნანუაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და გიორგი კვინიტაძის ხელნაწერი შრიფტები. ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მესამე ეტაპი კი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შრიფტების შექმნის  პროცესში ჩაერთო ჯეპრა. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ოთხი ხელნაწერი შრიფტი: ნიკო ნოკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასი. ,,ხელნაწერი შრიფტების შექმნას ორი მთავარი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ქართველი საზოგადო მოღვაწეები სხვა კუთხით დავანახოთ საზოგადოებას, რადგან ხელნაწერები ბევრს ამბობენ მათ ხასიათზე, განწყობაზე და შეხედულებებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს ქართული დამწერლობის და ქართული შრიფტების მეტად პოპულარიზაციაა”- აღნიშნა ჯეპრას წარმომადგენელმა რუსკა უსტიაშვილმა. ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. სირთულეს წარმოადგენს უშუალოდ ხელნაწერებისა და წერილების მოპოვება, რადგან ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის არქივთან წვდომა ძნელია და ამ პროცესში მრავალ ორგანიზაციას უწევს ჩართვა. როგორც დავით მაისურაძე ამბობს, რომელიც უშუალოდ შრიფტის შექმნაზე მუშაობს, შრიფტის შექმნამდე იწყება ხელნაწერების კარგად და საფუძვლიანად შესწავლა, შემდეგ, სწორედ ხელნაწერიდან გამომდინარე, უნდა შეისწავლო თვითონ ხელნაწერის ავტორი, მისი ბუნება, რამდენად ცვალებადია მისი კალიგრაფია სხვადასხვა დროს, ასაკში, სხვადასხვა ნაწარმოების ან თუნდაც პირადი წერილების წერისას. ,,ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესში სირთულე არის, ასევე გრაფიკული ნახაზების აგება, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეს არცერთი ასოს ვარიაცია, ამით იმას ვგულისხომ, რომ განსხვავებით სტანდარტული შრიფტებისა, ხელნაწერ შრიფტებში ჩვენ ასოთა მეტი სიმრავლე გვაქვს. ერთ ასოს შესაძლოა ოთხი ან მეტი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. შესაძლებელია ისიც, რომ სიტყვაში ერთი და იგივე ასო საწყის, შუალედურ და საბოლოო პოზიციაში განსხვავებულად დაიწეროს, რაც ქმნის განწყობას თითქოს კითხულობ ნამდვილად ხელით დაწერილს და არა კომპიუტერის მიერ შედგენილს”.     ავტორი: მარიამ მერლანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

პირველკურსელი თამთა მჭედლიშვილის სიუჟეტი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019

პირველკურსელი მახო ზავრაშვილის სიუჟეტი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019

პირველკურსელი სალომე კაიშაურის სიუჟეტი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting