შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 24

რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არაადამიანური მოპყრობის ისტორიები მრავლად გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რამდენიმე კვირის წინ სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე მოხდა. 21 თებერვალს გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ოტობაიას მცხოვრები 53 წლის გოჩა ტუფურია მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი მეუღლე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიიდანაა. მეუღლის ოჯახის წევრები და გარდაცვლილის ნათესავები სწორედ ორსანტიაში ცხოვრობენ. ამ ორ სოფელს ენგურზე გადებული ხიდი ყოფს, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2017 წლის 5 მარტს დახურა და ტერიტორია მავთულხლართებით შემოსაზღვრა. მას შემდეგ ორსანტიასა და ოტობაიას შორის კომუნიკაცია შეწყდა. თუ აქამდე მოქალაქეები მეზობელ სოფელში ყავის დასალევად დღეში რამდენჯერმე გადადიოდნენ, ახლა მესაზღვრეები მათ მიცვალებულის დასატირებლადაც აღარ უშვებენ. 21 თებერვლას, ხიდზე გადასვლა 200 ლარის სანაცვლოდ მხოლოდ გარდაცვლილის დამ მოახერხა. დანარჩენი ნათესავებისთვის კი გოჩას ოჯახის წევრებმა მიცვალებული აფხაზეთის მხრიდან ენგურის ხიდთან მიასვენეს, რათა ორსანტიაში მცხოვრებ ახლობლებს მისი დატირება შესძლებოდათ. გარდაცვლილის ახლობელი ფერიდე ქვარაია, რადიო “ათინათთან” საუბარში ყვება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის: „ძალიან დიდი პრობლემაა, იქ ვერ ვტირით ვერავის. გვეკუთვნის, რომ ახლა იქ ვიყოთ, ნათესავია ჩემი, იმის გარდა დეიდაშვილიც მომიკვდა, ვერ დავიტირე. იქ ვარ გაზრდილი, ნაპირს მიღმა სკოლა მაქვს დამთავრებული. მოვიყარეთ აქ თავი ახლობელმა ნათესავებმა, რომ შორიდან მაინც გავუწიოთ თანაგრძნობა ჭირისუფალს. ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა. აქ მოტანილი “ვენოკები” მერე ხალხმა წყალში გადაყარა“. მავთულხლართების აქეთ მყოფმა მგლოვიარე კაცებმა სუფრა გაშალეს და რამდენიმე ჭიქაც ასწიეს, ქალები კი ერთმანეთის გამხნევებას ხმამაღლა ცდილობდნენ, რათა ჩატეხილი ხიდის იქით ხმა მიეწვდინათ. გარდაცვლილის სიდედრი ნანა კორკელია იხსენებს: „ ჩემს შვილს აქედან ვამხნევებდი, რადგან საბუთისა და სამკარისი თანხის არქონის გამო მესაზღვრეებმა გადასვლის უფლება არ მომცეს. მძიმე ტრაგედია ყოფილა, კაცს რომ ვერ დაიტირებ, ძალიან მძიმე…‘’ ანა მშვილდაძე თეკლა ტაბატაძე

    ხუდონჰესის მიმართულებით კონფლიქტი არ წყდება ადგილობრივ მოსახლეობას, მშენებლ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. ზურაბ ნიჟარაძემ, ხაიშის თემის წარმომადგენელმა, 17 მარტს გაავრცელა ვიდეო მიმართვა ხაიშის თემის სახელით, სადაც სვანეთში მომხდარ ბოლო მოვლენებზე საუბრობს. „დაახლოებით ათი დღის წინ შემოვიდა მუშა ჯგუფი. დაგვარწმუნეს, თითქოს ეს კეთდებოდა ალტერნატიული ვარიანტების მოძიების გამო, ასევე უნდა დაკონსერვებულიყო ხუდონჰესზე უკვე შესრულებული სამუშაოები. მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს აღმოჩნდა მორიგი ფარსი და ტყუილი,  რადგან ამ ჯგუფმა განახორციელა არა ალტერნატიული გზების შესწავლა და ძიება,  არამედ ბეტონის კაშხლის მდგრადობა შეამოწმეს“. ვიდეომიმართვაში ყურადღება ასევე გამახვილებულია სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც  მტკიცდება, რომ ხუდონჰესი ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს მთლიანად ზემო სვანეთში, საფრთხის შემცველია როგორც სტრატეგიული, ასევე სეისმური მიმართულებით. კაშხლის დარღვევის შემთხვევაში პირდაპირი დარტყმის ქვეშ ხვდება ამ ტერიტორიების 70%. „ნუთუ თითოეული ანთებული ნათურა ღირს იმად, რომ სვანეთი გაქრეს როგორც ისტორიულად თვითმყოფადი კუთხე… სვანეთში ჩვენ ვცხოვრობთ, თქვენი ძმები, მაგრამ ის თქვენც გეკუთვნით. დაფიქრდით და გაითავისეთ ჩვენი პრობლემები”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ზურაბ ნიჟარაძე. მან ასევე საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საპატრიარქოს, დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს ხაიშის თემის მოთხოვნები გააცნო: – ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი და ეს მოხდეს კანონის ძალით – კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნას როგორც სვანეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი მეგა, საშუალო და მცირე ჰესების ავკარგიანობა და თითოეულ მათგანზე გაკეთდეს დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი – დაუბრუნდეს ხაიშის თემს სახელმწიფოს მეირ  2011 წელს კანონის გვერდის ავლით გაცემული კერძო და სათემო მიწები, რომელიც გადასცა „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” – მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა პერმამენტულ აქციებს გეგმავს. ჰესების მშენებლობა თავდაპირველად მესტიაჭალაში 2017 წელს დაიწყო.  პროექტის მიხედვით  2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსახლეობასა და მშენებელ კომპანია Trans Electrica LTD-ის შორის კონფლიქტმა თანდათან იმატა. მშენებლობა სულ მცირე სამჯერ შეჩერდა. ორჯერ სამშენებლო მოედანი წყალდიდობამ დააზიანა, წყალმა მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო და მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაანგრია, დეკემბერში კი მშენებლებს გზა უკვე ადგილობრივებმა გადაუკეტეს იმ მოტივით, რომ ზემო სვანეთის უნიკალურ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. თემასთან დაკავშირებით ასევე შეკრებილი იყო საერთო სასვანეთო კრება ლალხოხი, სადაც გადაწყდა, რომ ადგილობრივები აღარ დაუშვებენ სვანეთში ჰესები აშენდეს. მათ შორისა ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტ ჰესი. თავის მხრივ Trans Electrica-ს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ მათი მთავარი მიზანია ეკოლოგიის დაცვა და კლიმატის შენარჩუნება. „ჩვენ დიდად ვაფასებთ მდინარე ენგურის ჰიდროპოტენციალს, როგორც ფასდაუდებელ ბუნებრივ რესურსს. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთვრესი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ და გავაძლიეროთ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდებარე გარემო და შევუნარჩუნოთ ადგილობრივი კლიმატი. ხუდონჰესის პროექტი ყველაზე პრესტიჟული პროექტია კავკასიის რეგიონში, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციებს საჭიროებს და დღემდე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უდიდეს დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს, ჯამური ინვესტიციის ოდენობით 1,2 მილიარდ აშშ დოლარი,“ – ნათქვამია განცხადებაში. თავისი მმართველობის ბოლო წლებში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მდინაარებზე ასამდე ჰესის აშენების შესახებ, მათ შორის იყო ხუდონჰესიც. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ წესით პროექტი უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხუდონი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. „ხუდონი არის საკითხი, რომელმაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მისაღწევად. ვფიქრობ რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ადგილობრივებთან. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ იმ ადამინებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული განცდა იმისა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის.  ხუდონი არის ჩვენი მომავლისთვის. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, მთავრობამ, ექსპერტებმა, სპეციალისტებმა ვისაც შესწავლილი აქვს ეს საკითხი. შეიძლება მართლაც მოუტანოს ამან  ზიანი ბუნებას, მაგრამ ყველაფერი ხომ საპირწონე და შედარებითია. რაღაცის გაფუჭებით ძალიან ბევრი კარგი რამ შეიქმნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა პირადი ინტერესებიდან“. დავა ამ საკითხთან დაკავშირებით არ წყდება და თავის პოზიციებს არც ერთი მხარე არ თმობს. ამ დროისთვის ხუდონჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია, თუმცა არავინ იცის როდემდე გასტანს ეს. თინათინ სიხარულიძე

    ქავთარაძის მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდამცველები რეკრეაციულ ზონაში დევლოპერული კომპანია მ2-ის მშენებლობას აპროტესტებენ. რეკრეაციული ზონის დაცვის გარდა, პროტესტის  კიდევ ერთი მიზეზი იქ არსებული გერმანელი ტყვეების საფლავებია.   საქმე ეხება ოთხ 12-სართულიან შენობას, რომელთა აშენებასაც კომპანია მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე გეგმავს. 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიამ 2008 წელს შეიძინა, დღეს სარეკრეაციო ზონის სტატუსს ატარებს.   შავიშვილისა და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლები აქციებს მართავენ და მშენებლობას ეწინააღმდეგებიან: “ქალაქი, რომელშიც ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვარს სცდება, რომელშიც ამდენი მანქანის გამონაბოლქვია, არ უნდა ზარალდებოდეს. ეს ზონა არის ადგილი, საიდანაც ქალაქს ჰაერი მიეწოდება. ჩვენ ვითხოვთ რეკრეაციული ზონის ხელშეუხებლობას!“ – ამბობს აქციის მონაწილე ნინო ედიშერაშვილი.   მოსახლეობას უერთდება და მის აზრს იზიარებს ათამდე სამოქალაქო გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია. სწორედ მათი ხელშეწყობით შედგა აქცია სარეკრეაციო ზონაში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ – „გორა ჩვენია! არა m2-ს!“   კიდევ ერთი მიზეზი მოსახლეობის პროტესტისა არის ის, რომ ფერდობზე,  სადაც კორპუსების მშენებლობა იგეგმება, გერმანელი ტყვეების საფლავია. გარდაცვლილ ტყვეებს ერთ ადგილას კრძალავდნენ, ხის ჯვრებს უდგამდნენ და გერმანულად აწერდნენ მათ სახელსა და გვარს. დროთა განმავლობაში ხეები დალპა და იქაურობაც სულაც არ ჰგავს სასაფლაოს, თუმცა, მცხოვრებლების თქმით, ხშირად პოულობდნენ ამ მიდამოებში ადამიანის ძვლებს. მათივე თქმით, რუკაც არსებობს, რომელზეც ეს ზონა სასაფლაოდ არის აღნიშნული.     მკვლევარების აზრით, ზუსტად არავინ იცის, რა ეროვნების იყვნენ სასაფლაოზე დაკრძალული ადამიანები. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხარეს იბრძოდნენ და თბილისშიც ასე მოხვდნენ. მათი აზრით, მშენებლობა  სამუდამოდ მიივიწყებს და დაფარავს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტყვეების საფლავებს.   თუმცა, დეველოპერულ კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვთ.   როგორც m2-ის წარმომადგენლები „რადიო თავისუფლებასთან“საუბარში აცხადებენ კომპანიამ მიწის ეს ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა, ანუ მაშინ, როდესაც მას მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის სტატუსი ჰქონდა.ხოლო 2009 წელს დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა და ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილის თქმით, 2015 წელს დედაქალაქის საკრებულომ შეცვალა 2008 წელს მიღებული განაშენიანების რეგულარული გეგმა და ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ცვლილება თბილისის გენერალური გეგმის ინტერაქციულ რუკაზე არ ასახულა: „სწორედ ამ ტექნიკური ხარვეზის გამოა, რომ კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვლავ სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი.   მისივე თქმით, პროექტი მაქსიმალურად იქნება მორგებული მაცხოვრებლების ინტერესებს. მისი განხორციელების შემთხვევაში განაშენიანება შეეხება ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს, 50% კი გამწვანებულ ზონად დარჩება, სადაც მოეწყობა სკვერები და რომლის ნაწილიც გადაეცემა მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, სკვერები განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ კომპლექსის ბინადრებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.   ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიისათვის ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. „თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალაქის სასიკეთოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრეც“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.   აქედან ჩანს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდება, რადგან მხარეები კონსენსუსდე ჯერ ვერ მივიდნენ.   თავდაპირველად დავა  ქავთარაძის მოსახლეობასა და m2-ს შორის  2017 წელს წამოიჭრა. სხვაობა იმაშია, რომ მაშინ m2 ოთხი 20-სართულიანი ბინის აშენებას აპირებდა, აქციის მონაწილეებმა რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე წითელ წიგნში შეტანილი სხვადასხვა სახეობის ხეები დარგეს, მათ შორის თუთის და კაკლის ნეგრები, რომელთა მოჭრაც კანონით ისჯება.     ალექსანდრა ვიგნანსკაია სოფი კეკელია    


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting