შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 2
ადამიანის პაპილომა ვირუსმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, სოციალური ქსელების გამოყენებით საზოგადოებას აცნობს საკითხებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, რეპროდუქციულ ორგანოებსა და პირის ღრუზე. ვირუსის ასობით სახეობა არსებობს. არის სახეობები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა, გამოიწვიოს კიბო, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. https://www.youtube.com/watch?v=7n9u-Brkfvk საშვილოსნოს ყელის კიბოს 99%-ს სწორედ პაპილომა ვირუსი იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალების რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 264 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება. მიუხედავად მისი საშიშროებისა და გავრცელების ფართო არეალისა, ის განეკუთვნება ისეთ ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ექიმებისთვის ცნობილია. მიუხედავად დიდი რისკებისა, სქესობრივი კავშირი არ არის ერთადერთი გზა, რითაც პაპილომა ვირუსით ინფიცირებაა შესაძლებელი. 24 წლის თათა გაჩეჩილაძემ 2 თვის წინ აღმოაჩინა, რომ პაპილომა ვირუსი აქვს. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით გადადიოდა და როდესაც გაიგო ამის შესახებ, გაკვირვებული დარჩა.“ორი თვის წინ კონდილომის მოსაყინად მივედი დერმატოლოგთან, რომელმაც გამიკეთა გენოტიპირება შარდით. თურმე პაპილომა ვირუსი მაქვს, რომელიც დედაჩემისგან, გენეტიკურად გამომყვა. მაღალი ონკოგენური შტამი არ მაქვს და არც ამის მკურნალობის მეთოდი არსებობს, თუმცა იმუნიტეტის მოსაძლიერებლად ბადებს ვიყენებ. სამჯერაც ავიცერი საწინააღმდეგო ვაქცინით”- ამბობს თათა. პაპილომა ვირუსის გადასვლა შესაძლებელია კანიდან კანზე მჭიდრო კონტაქტითაც.“პაპილომა ვირუსის სახეობები აღინიშნება ციფრებით და რიცხვებით, ხოლო 6 და 11 არის ის სახეობები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადავიდეს. ეს არ არის კიბოს გამომწვევი სახეობები, მაგრამ იწვევს კონდილომებს (მეჭეჭებს), რომლებიც არ წარმოადგენენ კიბოს და შესაძლოა, უბრალოდ მოყინვით ან სხვა გზებით მოვიშოროთ”- აღნიშნავს ეკა კვირკველია. 2023 წლის სექტემბრიდან პაპილომა ვირუსის ვაქცინა უფასოა 10-დან 45 წლის ჩათვლით ქალებისა და 10-დან 26 წლამდე მამაკაცებისთვის. 22 წლის ანანო ბლიაძემ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც იგი უფასო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახდა. “ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ხანია ვიცი, დაახლოებით თინეიჯერობის პერიოდიდან, იმიტომ რომ დავდიოდი სხვადასხვა ტრენინგებზე. სკოლაშიც მოდიოდნენ და ატარებდნენ ქალთა გაძლიერების ტრენინგებს და ხშირად ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. სულ მინდოდა აცრა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ იყო და შესაბამისად, ვერ ვიკეთებდი. როდესაც უკვე შემოვიდა და ხელმისაწვდომი გახდა, თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ 12-14 წლამდე თინეიჯერებისთვის და მერე უკვე 40 წელს ზევით, ჩემი ასაკობრივი კატეგორია არ შედიოდა. წინასწარ ვაქცინაზე ბევრი არაფერი მომიკვლევია, ვინაიდან დიდი ხნის მანძილზე ვიცოდი ვაქცინაზე, უკვე გაცნობიერებული მქონდა მისი საჭიროება” – ამბობს ანანო ბლიაძე. რაც შეეეხება ვაქცინის დოზირებას, როგორც ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია აღნიშნავს, 9-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ორი დოზით იცრებიან, ხოლო 15 წელს ზემოთ 3 დოზით, რადგან კვლევების მიხედვით ბავშვებს ისედაც ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და 15 წლამდე 2 დოზით აცრის შედეგად, კიბოს რისკის შემცირების ისეთივე შედეგს ვიღებთ, რა შედეგსაც 3 დოზით უფრო დიდებში აცრით. ეკა კვირკველია: “2010 წლამდე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს. ბოლო პერიოდში კი მეტი ადამიანი იცრება, რაც გარკვეულწილად განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მე და სხვა ექიმები დაავადებაზე ხშირად ვსაუბრობთ. ვერავის დავავალდებულებთ, რომ სამედიცინო პროცედურა ჩაიტარონ – ეს არის ადამიანის არჩევანი. მაგრამ არის ამაში სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მე თუ ვარ გადაცემის და დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ, შესაბამისად, სხვა ადამიანებსაც ნაკლებად ვაინფიცირებ”. ეკა კვირკველიას რეკომენდაციით, გოგონები და ქალები რეპროდუქტოლოგთან აუცილებლეად უნდა მივიდნენ ყოველწლიურ ვიზიტზე და ვაქცინაციის გარდა, პრევენციის მიზნით, პაპ-ტესტი ჩაიტარონ. “პაპ-ტესტის გაკეთება რეკომენდირებულია 21 წლიდან, ხოლო 25 წლიდან, ჩვენი სკრინინგის პროგრამით, უფასოა. ტესტი აღმოაჩენს პაპილომა ვირუსის მიერ გამოწვეულ უჯრედულ დაზიანებებს, რომელიც, შესაძლოა, იყოს კიბომდელი და კიბოდ გადაგვარდეს. ამიტომ პაპ-ტესტის მიერ აღმოჩენილი კიბო, მარტივად იკურნება”. გარდა პაპ-ტესტისა, ტარდება კოლპოსკოპია და ბიოფსია. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები – დამოკიდებულია დაზინების სიმძიმესა და მასშტაბურობაზე. “თუ დაზიანება დაბალია, 25 წლამდე ხდება მოცდითი კონტროლი, რადგან, შესაძლოა, თავისით დაუბრუნდეს ჯანსაღ მდგომარეობას. ამას 25 წლის ზემოთაც აკეთებენ, თუმცა უფრო მძიმე დაზიანებებზე შესაბამისი მკურნალობა ტარდება. არსებობს ამოკვეთის, მოყინვის, ლაზერული მოკვეთის საშუალებები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სარგებლები და რისკები, ამიტომ ინდივიდუალურად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება”. მსოფლიოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო 3 ვაქცინა არსებობს, აქედან 2 ყველაზე ხშირად გამოყენებადია – “GARDASIL 9” და “GARDASIL 4”, ციფრი კი ვალენტობაზე მიუთითებს. რეპროდუქტოლოგის თქმით, ვაქცინაცია გვიცავს მომავალში პაპილომა ვირუსთან შეხებისგან, თუმცა არ კურნავს ორგანიზმში უკვე არსებულ დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ 9 ვალენტიანი ვაქცინა საქართველოში ფასიანია და 900 ლარი ღირს, 4 ვალენტიანი კი უფასოა, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია გვირჩევს, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა მეტი უსაფრთხოებისთვის გაიკეთოთ. “4 ვალენტიანი ვაქცინა დაახლოებით 98% კიბოს გამომწვევი პაპილომა ვირუსის სახეობებისგან გვიცავს, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რახან 4 ვალენტიანია – ცუდია. რა თქმა უნდა, 9 ვალენტიანი უფრო ოპტიმალურია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია. ამიტომ სანამ გვაქვს უფასოდ და სანამ ვაკეთებთ ამას ჩვენი ჯანდაცვით, სასურველია, რომ ვისარგებლოთ მისი გამოყენებით” – აღნიშნავს ექიმი-რეპროდუტოლოგი. მასალის ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურალისტიკის სანაკალავრო პროგრამის სტუდენტი. მასალა მომზადდა საგან “ახალი მედიის” ფარგლებში.
საქართველოში, მალე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყება. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა, ცვლილებები მიზნად ისახავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას, რომელიც ორ საკითხს გულისხმობს – სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას და ალტერნატიული შრომით სამსახურს. სამხედროი სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. ასევე, ცვლილებები ეხებათ მათაც, ვინც განათლების მისაღებად უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ არ მიემგზავრება და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. ახალი კოდექსის თანახმად სტუდენტებს შეეძლებათ მხოლოდ მათი სურვილის თანახმად, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე გაიარონ სამხედრო სამსახური და ჩაეთვლებათ მოხდილად თუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზაფხულში 1 თვით იმსახურებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ განათლების მიღებაში ხელი არ შეეშლებათ. მათ სწავლის დასრულების შემთხვევაში მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ან ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. რაც შეეხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, ცვლილებების თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 15 კალენდალური დღის ვადაში გაასაჩივროს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გასაჩივრება არ წყვეტს მის მოქმედებას. 2023 წლის მონაცემებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე მყოფმა 37 030-მა პირმა აარიდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადავადდა, რომელთა შორის 221 მართლმადიდებელი იყო, 155 მუსლიმი, 330 იეჰოვას მოწმე, 36 324 – „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლებიდან”. კოდექსში ცვლილებების თანახმად, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ. სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ 12 თვიანი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცვლილება არ შეეხებათ მართმადიდებელ ეკლესიაში მსახურ სასულიერო პირებს. პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” 2017 წლის გაზაფხულზე რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. პარტია “ გირჩი” წლებია, სავალდებულო სამხედრო სამსახურს აკრიტიკებს, პარტიის ლიდერები ყოველთვის ამბობენ , რომ ზოგადად სამსახურის და მათ შორის სამხედრო საქმის დავალდებულება ადამიანებისთვის არ შეიძლება. ვახტანგ მეგრელიშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე “ბიბლიური თავისუფლების” ერთ-ერთი მღვდელთმსახური ამბობს, რომ ის უკვე წლებია ე.წ. მამაოს მოწმობით თავს არიდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მან უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო მღვდელთმსახური და ის დრო რაც ჯარში უნდა გაეტარებინა საკუთარ პროფესიას დაუთმო. “ჯარში ბევრი ფუნდამეტური პროლემაა და არაინფორმირებულ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ თუ რა პრობლემები დგას სამხედრო სამსახურში. ამჟამად, კონსესუსი არ გვაქვს იმის შესახებ თუ როგორ შეიარაღებულ ჯარს ვაშენებთ და რა ფუნქია-ვალდებულებები აქვთ. თავდაცვა ისეთი სფეროა როცა რამეს განსაზღვრავ, წლების შემდეგ უნდა გამოიღოს შედეგი, თუმცა ამდენი კანონისა და მინისტრის ცვლილებით საბოლოო ნორმალურ შედეგს ვერ ვდებთ რადგან თავდაყირა დგება კოდექსები” – ამბობს სამოქალაქო-სამხედრო-ურთიერთობების ცენტრის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძე. მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
რატი კერესელიძე, რომელიც მენეჯმენტის და პროგრამირების ფაკულტეტზე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლობდა, განათლების მიღება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში Westsჰchsische Hochschule Zwickau/ University of Applied Sciences Zwickau-ის უნივერსიტეტში გააგრძელა. – რატომ გადაწყვიტე სწავლის გაცვლითი პროგრით გაგრძელება? – ეს მაგისტრატურის პროგრამა შეიცავს ორ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემ პროფესიასთან დაკავშირებულ სფეროს, მენეჯმენტს და პროგრამირებას. ასევე, მთავაზობს (თუ არ ვცდები საქართველოში პირველად) ორმაგ დიპლომს, ერთი IBSU-ს, მეორე კი WHZ-ს გერმანული უნივერსიტეტის მხრიდან. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარება ჩემი განათლების და კარიერისთვის სავალდებულო ნაბიჯი იყო. – უნივერსიტეტმა რომელი ქვეყნები შემოგთავაზა და რატომ აირჩიე გერმანია? – რადგან მე დაინტერესებული ვიყავი სპეციპიკურად ამ პროგრამით, მეტი ქვეყანა არ შემოთავაზებულა რადგან ამ სპეციპიკური პროგრამისთვის და შემოთავაზებებისთვის მხოლოდ IBSU-ს და WHZ-ს ჰქონდათ შეთანხმება. – რა განსხვავებაა გერმანულ და ქართულ სწავლების მოდელში? – გერმანული სწავლების მოდელი რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან. გერმანიაში არ სჯერათ “თეორიული მასალის” და უკლებლივ ყველა თეორიულ საგანს თავისი პრაქტიკული მოთხოვნებიც აქვს, ასევე უფრო დიდ ხაზს უსვამენ ინდივიდუალურ სამუშაოს, სადაც შენ თავისუფალ დროს გევალება ცალკე აკეთო დავალება. ლექციები არ ტარდება ყოველკვირულად, ზოგ ლექციას აქვს ბლოკ-სემინარები სადაც ერთ დღეს 6 საათი ვსწავლობთ, მაგრამ მთელი სემესტრის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ გვიტარდება. ზოგი ლექტორი კი იმდენად ამახვილებს ყურადღებას ინდივიდუალურ მუშაობაზე რომ 3 ლექციის შემდეგ ლექციები აღარც ტარდება და ინიშნება მხოლოდ ონლაინ შეხვედრები ლექტორთან სადაც განვიხილავთ გაჩენილ კითხვებს ლექტორთან, დანარჩენი კი ჩვენს ნამუშევარზეა დამოკიდებული. რატი კერესელიძის რჩევა სტუდენტს, რომელსაც გაცვლითი პროგრამით სწავლა სურს: “ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ იმავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა”. – კმაყოფილი ხარ თუ არა მიღებული გადაწყვეტილებით და რატომ? – საკმაოდ კმაყოფილი ვარ. როგორც ვახსენე, ეს გადაწყვეტილება ჩემი მომავლისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ამასთან ერთად შევიძინე ახალი გამოცდილება და ვნახე როგორია საზღვარგარეთ ცხოვრება, რაც ჩემი აზრით ყოველთვის სასარგებლოა. – რას ურჩევდი და რა გამოცდილებას გაუზიარებდი იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გაცვლითი პროგრამით აპირებენ? – ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ ამავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა. ხოლო თუ კი ფიქრობ, რომ უცხოეთში ცხოვრება რთულია და არ შეგიძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა, დამერწმუნე მალევე მიხვდები, რომ იმაზე მარტივია ვიდრე გგონია და ყველაზე ნაკლებად ამ ფაქტორის უნდა გეშინოდეს. მასალის ავტორი: ლუკა ცარციძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში
გულჟან ბოტანოვა, სტუდენტი ყაზახეთიდან, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლის დროს გაცვლითი პროგრამით ქალაქ ჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. გულჟანი სამ თვეზე მეტია პოლონეთში იმყოფება და სულ ცოტა ხანში IBSU-ში დაბრუნდება, რადგან გაცვლითი პროგრამა ექვსთვიანია. – რომელი გაცვლითი პროგრამით წახვედით და რა ეტაპები გაიარეთ წასვლამდე? – საზღვარგარეთ, Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამით წავედი სასწავლებლად. მეორე კურსიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება მეოთხე კურსზე ავისრულე და წამოვედი სასწავლებლად ერთი სემესტრით პოლონეთში. Erasmus + ის პროგრამამ ყველა ხარჯი დამიფინანსა, რაც აქ სწავლის პერიოდში მქონდა და მაქვს. – როგორი იყო თქვენი პირველი ემოციები ახალ ქვეყანასა და უნივერსიტეტში? – ჩემი პირველი ემოციები ძალიან დიდი იყო. პირველად ვიყავი ევროპაში სასწავლებად , ვგრძნობდი, რომ ატმოსფერო განსხვავებული იყო. მე, შევხვდი ახალ ადამიანებს, მათ ვინც ჩემსავით გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. ქალაქი, სადაც მე ვარ პატარა და მომხიბვლელია. უნივერსიტეტს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია, აქვს უამრავი კამპუსი A-დან W-მდე და 10-ზე მეტი ნომრით. ჩემი ლექციები ძირითადად P არქიტექტურულ ბლოკში ტარდება. – გქონდათ თუ არა კულტურული შოკი? – დიახ, აქ მოსვლის პირველივე დღიდან მქონდა კულტურული შოკი. თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. გარდა ამისა, მე ავირჩიე მეცხოვრა ბინაში და არა საერთო საცხოვრებელში, როგორც ამას ერასმუსის სტუდენტების უმეტესობა აკეთებს. ჩემი ოთახის მეზობლები ყაზახი გოგოები არიან, ისინი ჟეშოვში ჩამოსვლამდე გავიცანი. მე, მოვედი სექტემბრის ბოლოს და სხვა გოგოები ხუთი დღის შემდეგ ჩამოვიდნენ. ბინაში მისვლის პირველი დღე შაბათ საღამოს დაემთხვა. მაღაზიები და საკვების ბაზრებიც კი დაკეტილი იყო. კვირას, ძლივს ვიპოვე პატარა ბაზარი. პოლონელები ცივად მხვდებობდნენ და უნდოდათ მეც პოლონურად მესაუბრა. ასე რომ, პირველი თვე არც ისე ადვილი აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა. გარდა ამისა, პოლონელების უმეტესობას არ შეუძლია ან ერიდება ინგლისურად ლაპარაკის. ვფიქრობ, რომ აქ დიდხანს დარჩენას გეგმავთ, უმჯობესი იქნება პოლონური ენა ისწავლო. – რით განსხვავდება “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” იმ უნივერსიტეტისგან, რომელშიც ახლა იმყოფებით? -ჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან განსხვავებულია. იგი დიდია და მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია. აქ ლექტორებიც მომთხოვნი არიან. მე, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შუალედური და ფინალური გამოცდები უფრო მომწონს და სტუდენტებიც უფრო მეგობრულნი არიან. – არის თუ არა სხვადასხვა საუნივერსიტეტო აქტივობები და კლუბები რომლებშიც პოლონეთში მონაწილეობთ? – თავიდან, გაცვლითი პროგრამით ჩასული სტუდენტებისთვის რამდენიმე ღონისძიება გაიმართა და ყველა მათგანს დავესწარი. ტარდება კონკურსები და კლუბები არქიტექტორებისთვის, თუმცა ეს უფრო ადგილობრივი სტუდენტებისთვისაა. Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის იგეგმება სამოგზაურო ტური პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში და ყოველ კვირა კულტურული ღონისძიებები იმართება. – თქვენი სამომავლო გეგმებზეც, რომ გვიამბოთ… – ამჟამად მთავარი მიზანი კარგი GPA-ით ბაკალავრიატის დასრულებაა და შემდეგ ევროპაში მსურს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. მინდა წარმატებული არქიტექტორი გავხდე. – რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება? – ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ მიზნის მისაღწევად. როგორც ზემოთ ავხსენი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტები დაკავებულნი არიან სასწავლო მოგზაურობით, უნივერსიტეტის ღონისძიებებით, ახლა კი გამოცდებით. ბევრჯერ მინახავს ერასმუსის სტუდენტები ბიბლიოთეკაში, რადგან ისინი ძალიან შრომისმოყვარეები არიან. მასალის ავტორი: ეთა სულუხია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტი ლიკა ასაშვილი, ბილეტარული გაცვლითი პროგრამით პარიზში იმყოფებოდა. ვსაწვლოს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, მენეჯმენტის განხრით. “ბავშვობიდან ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. კერძოდ კი ამერიკაში მინდოდა. ისე გამოვიდა, რომ არჩევანი სამ ქვეყანას შორის უნდა გამეკეთებინა: საფრანგეთი, პოლონეთი ან გერმანია. რაკი განათლების მაღალი დონე მინდოდა, მოვხვდი პარიზში International business school-ში. საფრანგეთში სწავლა დაფინანსდა უნივერსიტეტმა დამიფინანსა, დანარჩენი ჩემი ხარჯი იყო” – ამბობს 21 წლის ლიკა. – რა გამოცდილებები მიიღე უცხო ქვეყანაში სწავლის პერიოდში და რა სირთულეებს გადააწყდი ? – გამოცდილებას რაც შეეხება, ჩემს ფაკულტეტზე ყველა სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო რაკი საერთაშორისო ფაკულტეტზე ვიყავი. როდესაც უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ჩადიხარ გიწევს დაივიწყო შენი ენა, ეროვნება და მთლიანად აეწყო იმ ქვეყნის ცხოვრებას რაც იქ გვხვდება. მეც, ჩავედი თუ არა, რომ ჩავედი მთლიანად ფრანგულ ცხოვრებაზე ავეწყვე. ვფიქრობ, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, უნდა იცოდე მისი კულტურა, იქ რა არის მისაღები და რა არა და ა.შ. რაც შეეხება სირთულეებს ვაღიარებ, რომ ძალიან რთული იყო. პირველი ერთი კვირა აღფრთოვანება და ინტერესი იყო და შემდეგი ორი თვე ძირითადად ისეთი, უკან წამოსასვლელი ბილეთი რომ არ იყიდო. ლიკა ასაშვილი: “ის კომფორტის ზონა რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს, შენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, უცხო ქვეყანაში არ გაქვს. უცბად, ხვდები რომ იზრდები და ყველაფერს თვითონ აკეთებ. სწორედ ეს სირთულეები გაძლევს გამოცდილებას”. – გაგიჭირდა ადაპტაცია? – ადაპტაცია არ გამიჭირდა პირიქით ძალიან მომეწონა პარიზი და იქაური ცხოვრების რიტმი. უბრალოდ, ენის ბარიერი მქონდა, რომელიც მაბრკოლებდა კიდევ უფრო მეტად გამეთავისებინა ფრანგობა. – გქონდა თუ არა შესაძლებლობა წარმოგეჩინა ქართული კულტურა უცხოელი სტუდენტებისთვის? – რაც ჩავედი, სულ საქართველოზე ვლაპარაკობდი. ერთი საგანი მქონდა Managing cultural differences, სადაც განვიხილავდით და ერთმანეთს ვადარებდით სხვადასხვა ერებს. ამ საგნის მეშვეობით მთელ კლასს გავაცანი ჩვენი ქვეყანაც და წეს-ჩვეულებები. ხალხს ჩამოსვლაც კი მოვანდომე. – რამდენამ კმაყოფილი ხარ ამ გადაწყვეტილებით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით და შენი აზრით რას მოგცემს ის სამომავლოდ? – ჩემი აზრით ეს ნაბიჯი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველ რიგში, ეს ჩემი სამომავლო გეგმების დასაწყისი იყო. მაშინ როცა 20 წლის ასაკში სრულიად მარტომ ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, წარმოვაჩინე, გამოვავლინე და დავიმკვიდრე თავი უცხო ქვეყანაში, სრულიად უცხო საზოგადოებაში, ამან მომცა მოტივაცია კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგა და დიდი ამბიციები დავისახო. – თუ ურჩევდი ბაკალავრის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და რატომ? – ყველას ვურჩევ ნებისმიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას, რადგან მათ ექნებათ შანსი პირველ რიგში სულიერად გაიზარდონ და ნახონ უამრავი რამ. აქამდე ვერც წარმომედგინა რომ ასეთი ლამაზი რაღაცები არსებობდა. ასევე, ეს არის შანსი შეიძინო უამრავი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, გასინჯო ტრადიციული საჭმელები, რომელიც ამ მოგზაურობის საუკეთესო ნაწილია და რაც მთავარია უკეთესად დაინახო თუ რა შეგიძლია სინამდვილეში და იმავდროულად, უკეთესად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები. – როგორ გაიგეთ გაცვლითი პროგრამის შესახებ და რა საფეხურები გაიარეთ? – მე, ყოველთვის ვამოწმებდი ყველანაირ გაცვლით პროგრამას, მაგრამ რადგანაც კოვიდის პერიოდი დამემთხვა შეუძლებელი იყო რაიმეში მონაწილეობის მიღება. ასევე, IBSU-ს ერასმუს პროგრამები დიდად არ ჰქონდა დათუ ჰქონდა, არა ყველა პროგრამაზე. ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო რომ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში ხშირად შევდიოდი და ყოველთვის ვკითხულობდი გაცვლითი პროგრამების შესახებ. ხომ არ ჰქონდათ. ასევე ვამოწმებდი მათ საიტს და როცა დავინახე ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტების დედლაინები და გამოცხადებული პროგრამები, უბრალოდ შევავსე განაცხადი, დავწერე CV და სამოტივაციო, მოვიპოვე ორი სარეკომენდაციო წერილი და რა თქმა უნდა ნიშნების ფურცელი. ამის შემდეგ დამინიშნეს გასაუბრება ბატონ მელიქთან და რამდენიმე თვეში მეილით მივიღე ჩარიცხვის წერილი. – რამდენად განსხვავდება განათლების დონე ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტში? – განათლების დონე სრულიად განსხვავებულია. ძირითადად სულ ქეის სთადები მქონდა და ყოველ ლექციაზე პრეზენტაციები. ასევე, ჩემი ლექტორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და ყველას სხვადასხვანაირი მიდგომა ჰქონდა, მაგრამ გამოცდები ძალიან მკაცრი იყო, რომელიც მინიმუმ ორი ქეის სთადისგან შედგებოდა და პასუხები აუცილებლად ვრცელი და კონკრეტული უნდა ყოფილიყო. მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.
მარიამ მეხრიშვილი, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ამერიკისმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამჟამად იგი Erasmus-ის გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრით პოლონეთში იმყოფება და მაზოვიის უნივერსიტეტში სწავლობს. – როგორ გაიგე უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლა (უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)? – საკმაოდ პატარა ასაკიდან დავისახე მიზნად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება და სხვა ქვეყანაში სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდმა ამ გეგმის განხორციელებაში ძალიან შემიშალა ხელი, საბოლოოდ მაინც მომეცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში. ამაში რა თქმა უნდა IBSU-ს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან სწორედ უნივერსიტეტიდან გავიგე პროგრამის შესახებ რის შემდეგაც, დაუფიქრებლად გადავწყვიტე საბუთების გაგზავნა. – რა პროცესები გაიარე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის? – ჩემთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა, ვინაიდან მთლიანი ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი და სტრესული იყო, თუმცა წარმატების მომტანი ისევ და ისევ ჩემი აკადემიური მოსწრება და აქტიურობა აღმოჩნდა, შესაბამისად დადებითად შეაფასეს ჩემი დოკუმენტები და ინტერვიუც წარმატებით გავიარე, რის შემდეგაც შემატყობინეს რომ შემეძლო ამ პროგრამის მონაწილე გავმხდარიყავი. – რაიმე რთული ბარიერი ხომ არ ყოფილა, ამ დროს შენთვის? – ყველა წარმატებას აქვს თავისი რთული ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს პროცესიც საკმაოდ სტრესული იყო. ამ დროს გამოვიარე ნერვიულობა, გაურკვევლობა, დაბნეულობა და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა და ჩემი გაწეული ეს შრომაც დაფასდა. მარიამ მეხრიშვილი: თუ სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამა ოცნებაა, ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის. – როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა? რა თქმა უნდა IBSU ამ დროს ძალიან დამეხმარა. როგორც გამოუცდელი სტუდენტი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამ პროცესების შესახებ, უნივერსიტეტი სრულიად მხარში დამიდგა და ეს პროცესი საკმაოდ გამიმარტივა. – რამდენად მარტივი ან რთულია IBSU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა? – ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი მარტივია, თუმცა მიზანი და ამ მიზნისთვის თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის სარგებლიანია. – რისი მომტანია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, სტუდენტისთვის? – პირველ რიგში გასწავლის სირთულეებთან ბრძოლას, საკუთარი თავის განვითარებას და პრიორიტეტების გადახარისხებას. ამ ყველაფრის კეთება კი დამოუკიდებლად გიწევს, რაც ცხოვრებისეულად გზრდის და გაძლიერებს. ამ ყველაფერთან ერთად, დარწმუნებული ვარ ჩემს კარიერულ წინსვლაში ეს პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. – რამდენად განვითარდა შენი ცოდნა და კარიერული წინსვლები? გაგვიზიარე შენი გამოცდილება. – ამ პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა როგორც კარიერულად ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, აქ ყოფნამ საკმაოდ განმავითარა და დამარწმუნა იმაში რომ ახალ გამოწვევებს უარი არასდროს უნდა უთხრა. – რა აღმოაჩინე ყველაზე საინტერესო საზღვარგარეთ, იმ უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად სწავლობ? – ჩემთვის ბევრი რამ აღმოჩნდა საინტერესო სხვა ქვეყანაში სწავლისას. ალბათ გამიჭირდება ერთი კონკრეტულის გამორჩევა, ძალიან საინტერესოა ლექციების განრიგები, რითაც სტუდენტები სარგებლობენ. გამოცდების წყობა, და ზოგადად მათი სტუდენტური ცხოვრება. – არის თუ არა განსხვავებები, ზოგადად სწავლის სისტემისადმი? სწავლის სისტემაში რა თქმა უნდა იყო განსხვავებები, თუმცა არა ისეთი სერიოზული, რომ ამას რაიმე სირთულე მოეტანა ჩემთვის. არის პატარა განსხვავებები როგორებიცაა: ლექციების სტრუქტურა, მათი დილით ადრიანად დაწყება, გამოცდების თარიღები და ასე შემდეგ. – არის ისეთი რამ, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურს ჩვენთან, IBSU-ში? – ვფიქრობ IBSU ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტში ამჟამად რაიმე ახლის დანერგვის საჭიროება არსებობს – საინტერესოა სტუდენტური ცხოვრებაც, რა აქტივობები ხორციელდება ამ მხრივ უნივერსიტეტში და როგორი არის შენი ჩართულობა? სტუდენტური ცხოვრება ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა ამ პროგრამის ფარგლებში. საერთო საცხოვრებელი კი ამაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან უამრავ სხვა უცხოელ თუ პოლონელ სტუდენტთან ერთად ვცხოვრობ. შესაბამისად სტუდენტური აქტივობები არც უნივერსიტეტში და არც მის გარეთ არ გვაკლია. ყოველდღიურად ვერთვებით სხვადასხვა აქტივობებში რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი კიდევ უკეთესად გავიცნოთ და დავახლოვდეთ. – რას ურჩევ სტუდენტებს, რომლებსაც სამომავლოდ სურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა? – პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად, რადგან სხვა ქვეყანაში მარტო ცხოვრება არც ისეთი მარტივია როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება დაინახო. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ეს მათი ოცნებაა ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის. ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.
ნინი შაორშაძე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ნინი, თითქმის ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, IBSU-ს” მედია ცენტრი” აქვეყნებდა ნინის ბლოგებს “მე და ევროპა” და მკითხველს უზიარებდა მის შთაბეჭდილებებს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. განათლების მიღების პარალელურად, მან იმოგზაურა ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში და დღევანდელ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორია იყო ევროპის ნაწილი. – როგორ დაიწყო შენი წარმატების გზა ლიეტუვაში? – “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლის პარალელურად ყოველთვის ვეძებდი ინფორმაციას გაცვლით პროგრამებზე. იმ ეტაპზე მთავარი იყო არ გამეწყვიტა კავშირი ჩემს პროფესიასთან და დავიწყე ისეთი პროექტების ძებნა, რომლებიც არ დამაშორებდა ჟურნალისტიკას. ჩემთვის არც ის იყო მნიშვნელოვანი, რომ აკადემიური წლის აღება მომიწევდა და მაინცდამაინც 4 წელიწადში ვერ დავამთავრებდი უნივერსიტეტს. გასულ წელს რამდენიმე სხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ამ პროგრამაზე არჩევანი სწორედ იმიტომ შევაჩერე, რომ რადიოში მუშაობის შესაძლებლობას მაძლევდა. როდესაც მასპინძელ ორგანიზაციას CV და სამოტივაციო წერილი გავუგზავნე, რამდენიმე დღეში მომწერეს, რომ შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდი და გასაუბრება მექნებოდა. გასაუბრებიდან მეორე დღესვე მივიღე დასტური, რომ საქართველოდან მე ამირჩიეს და ერთი წლით ლიეტუვაში უნდა მეცხოვრა. ეს დღეები კარგად მახსოვს და ალბათ სწორედ ამ დროიდან იწყება ჩემი წარმატების გზაც ლიეტუვაში. – რა შესაძლებლობებს აძლევს ერასმუსი სტუდენტებს და გამართლდა თუ არა შენი მოლოდინები? – მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც ერასმუს+ პროგრამის ნაწილია, გვთავაზობს შთამაგონებელ და გამაძლიერებელ გამოცდილებას, ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას და ცვლილებების მოტანის შანსს. აუცილებლად უნდა ვახსენო “European Solidarity Corp” – ევროპული სოლიდარობის კორპუსის პროგრამა, რომლის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორაგნიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას. ნინი შაორშაძე: “ევროპაში ერთფეროვნების ადგილი არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვს სათქმელი რამე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს” ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის დაფინანსების პროგრამა ახალგაზრდებისთვის. დაფინანსება გათვალისწინებულია გრანტების სახით ორგანიზაციებისთვის, რომელსაც მართავს ევროკომისია. სწორედ ამიტომ, ჩემი ლიეტუვაში ცხოვრების განმავლობაში, ყველა ხარჯი (საცხოვრებელი, კომუნალურები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვა ხარჯები.) იფარება ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტით. ახალგაზრდული საშვი (სერთიფიკატი), რომელსაც ჩემი გრძელვადიანი პროექტის დასრულების შემდეგ შევავსებ, მოიცავს შვიდ კომპეტენციას, რომლებიც განვივითარე: მრავალენოვანი კომპეტენცია; პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია; მოქალაქეობის კომპეტენცია; მეწარმეობის კომპეტენცია; კულტურული ცნობიერებისა და გამოხატვის კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; მათემატიკური კომპეტენცია და კომპეტენცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში; წიგნიერების კომპეტენცია. რაც შეეხება მოლოდინებს, ზოგადად არ მახასიათებს წინასწარი განწყობების შექმნა. არ ვარ არც არაჯანსაღად ოპტიმისტი, არც უკიდურესად პესიმისტი, ყოველთვის მირჩევნია ვიდგე რეალისტურ პოზიციაში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შანსი არ უნდა დამეკარგა და კარგია, რომ ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მოხდა. – როგორია იყო ევროპის ნაწილი, შეისწავლო ევროპული კულტურა, ხალხი და გქონდეს ურთიერთობა სხვა ეროვნების ხალხთან? – არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. მართალია სამუშაო გარემო ერთია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომ ერთფეროვნების ადგილი აქ არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვთ სათქმელი რაიმე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს. კომუნიკაციისთვის ყველა მზად არის, რადგან თავადაც აქვთ ინტერესი სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. ერთი სიტყვით, ინტერესი ორმხრივია. იყო ევროპის ნაწილი გულისხმობს იმის გაგებასა და პატივისცემას, თუ როგორ ხდება იდეებისა და მნიშვნელობის შემოქმედებითად გამოხატვა და კომუნიკაცია სხვადასხვა კულტურაში. სხვა კულტურებთან შეხვედრა და მათი გამოხატვის ხერხების გაცნობა კი ამ პროგრამების გულშია. მონაწილეებმა უნდა ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ განსხვავებულ კულტურებს, ენებს, ტრადიციებს, ღიად და მონდომებით. ეს ხშირად იწვევს საკუთარ კულტურაზე დაფიქრებასა და ახალი შეხედულებების ჩამოყალიბებას. ბევრ პროექტში გამოიყენება შემოქმედებითი და მხატვრული ტექნიკის და მიდგომის სხვადასხვა ფორმა საკუთარი თავის გამოხატვისთვის. მე პირადად, აქტიურად ვარ ჩართული კულტურული და/ან მხატვრული ღონისძიებების ორგანიზებაში (როგორებიცაა: ფესტივალები, გამოფენები და ა.შ.) – შენს სხვადასხვა ბლოგინად ვიგებთ, რომ ლიეტუვა ძალიან მოწესრიგებული და ეკონომიური ქვეყანაა. რითი გამოარჩევდი ამ ქვეყანას საქართველოსგან? – წესრიგი და საქმისადმი დამოკიდებულება უდრის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ჩვენც უამრავი სახასიათო და საამაყო რამ გვაქვს, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობის, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებისა და დისციპლინის ხარისხი აქ უფრო იგრძნობა. ქვეყანა ასევე ცნობილია განათლებისა და სწავლების მაღალი ხარისხით. ლიეტუვა მუდმივად მაღალია ცხოვრების ხარისხშიც, რადგან ამაყობს დაბალი დაბინძურებით, შესანიშნავი ჯანდაცვის სისტემით და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით დაბალ ფასად, ვიდრე დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში. – როგორია შენი ერთი დღე სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად? – საინტერესო. ხშირად ვწერთ რადიო გადაცემებს, ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის განსხვავებებზე, ვიზიარებთ ერთმანეთის პიროვნულ თუ პროფესიულ წარმატებებსა და გამოცდილებებს. მახსენდება ჩემი პირველი დღეები ლიეტუვაში, როცა ძალიან უცხოდ ვგრძნობდი თავს. ერთი სტუდენტი მოვიდა და შემომთავაზა, რომ ქალაქს დამათვალიერებინებდა. არც კი ვიცნობდი, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მაშინ, როცა ეს მეც ძალიან მჭირდებოდა. ყველა დადებითად არის განწყობილი; კონფლიქტური სიტუაცია არასდროს შექმნილა. გარდა ლიეტუველი სტუდენტებისა, გავიცანი სტუდენტები მინიმუმ 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთან კომუნიკაციის პერიოდიც სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემს ცნობიერებაში. – რა უნდა გაითვალისწინონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ერასმუს პროგრამით საზღვარგარეთ წავიდნენ? – შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება. ალბათ, უნდა დაფიქრდნენ თავიანთ პრიორიტეტებზე. თუ მათთვისაც მნიშვნელოვანია გამოწვევები, რომლებსაც მართლაც კარდინალური ცვლილებები მოსდევს, უნდა მიიღონ. თუ უნივერსიტეტის დასრულება განსაზღვრულ დროში უნდათ და ეს შანსი დროის კარგვად მიაჩნიათ, მგონი – ცდებიან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მადლოერებას ამ პროექტისა და ყველა ორგანიზაცია/ორგანიზატორის მიმართ, ჩემი პიროვნულად გაზრდის ხელშეწყობისა და იმ უნარების აღმოჩენისთვის, რომლებზეც არასდროს მიფიქრია. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც ავთენტურად მისია. ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, ჩვენ ვიცით, რაც გვჭირდება, უბრალოდ ხანდახან გვეშინია, რომ სიახლე მივიღოთ. არავინ მოვა და შენს ოცნებებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. როცა მე შევწყვიტე შესანიშნავი დროის, შესანიშნავი გეგმისა და მომენტების ლოდინი და მიიღონ რისკი, შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც. გავხდი ჩემი ამბის მთავარი გმირი. ვალიდაცია არ არის საჭირო წარმატებისთვის, ბედნიერებისთვის და კონტროლისთვის. – ფიქრობ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი დაგეხმარა იმაში, რომ შენი ცოდნა ევროპაში უფრო გაგეღრმავებინა – ვფიქრობ, რომ საკმარისად კარგი თეორიული ცოდნით წამოვედი. პრაქტიკული მეცადინეობები სულ ახალი დაწყებული გვქონდა უნივერსიტეტში, თუმცა რაც მთავარი და ძირითადი იყო, ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპის მადლობელი ვარ, მათ შორის უნივერსიტეტში გატარებული წლების, ყველა დრომ რაღაც ხელჩასაჭიდი მომცა. – აპირებ თუ არა სამომავლოდ ევროპაში დაბრუნებას და პროფესიის შეცვლას? – ევროპაში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პროფესიის შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავ. ვინ იცის, იქნებ ჩვენც ვიცხოვროთ ერთ დღეს ევროპულ საქართველოში. ავტორი: მარიამ ეგაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.
გიორგი (გივი) ტატულაშვილის მშობლიური სახლი, გორში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მოჭიქული კერამიკის ოსტატი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ცოდნას მომავალ თაობებს უსასყიდლოდ უზიარებს. გარდა იმისა რომ თიხისგან დამზადებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, როგორც ოსტატი ამბობს, შექმნის პროცესიც არანაკლებად ჯანსაღი და სასარგებლოა. „კარგი იქნება, თუ თიხასთან მუშაობის, როგორც არტ-თერაპიის პოპულარიზაცია მოხდება“ – ამბობს გივი ტატულაშვილი. ასწლოვანი ისტორიის მქონე სახელოსნო, ტატულაშვილების სახლის ნულ სართულზე, 2019 წლის მიწურულს, გორის მერიის ხელშეწყობითა და ევროკავშირის კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით მუზეუმად იქცა და დღეს, უკვე ტურისტული ობიექტების ნუსხაშია შეტანილი. 2021 წლის ივლისში კი სახელოსნო-მუზეუმი ტურიზმის განყოფილების გაციფრულების ექსპედიციამ ,,გუგლის“ რუკაზე განათავსა. გივი ტატულაშვილის სახლში, მე-19 საუკუნის თიხის გამოსაწვავ უნიკალურ ღუმელს ნახავთ, რომლის ანალოგი საქართველოში არაა. კერამიკოსის ნამუშევრები მრავალფეროვანია, ის ამზადებს ფიალებს, დოქებს, სამქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს, თეფშებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელთა ღირებულება 15-დან 300 ლარამდე მერყეობს. მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო მარანზე, ღვინის ორსართულიან სასმისზე, მუშაობის პროცესია, როგორც ქართულ კულტურასთან და ღვინის ტრადიციასთან გაიგივებულ სუვენირზე. მარანის ყველა ჭურჭელს, რომლისგანაც ის შედგება, ერთი საერთო ხვრელთა სისტემა გააჩნია და სმის დროს ერთიანად იცლება. ამჟამად, გივი ტატულაშვილი თიხას თანამედროვე დანადგარის გამოყენებით ამუშავებს. წარსულში კი მამასთან და ძმასთან ერთად თიხას ფეხით ზელდა. ტატულაშვილების ოჯახში თიხაზე მუშაობის ტრადიცია გივის პაპისგან – ნესტორისგან მოდის და მამიდან შვილზე გადადიოდა. გივის მამა და ძმა პროფესიით კერამიკოსები იყვნენ. მართალია, ბავშვობიდან მასაც იზიდავდა საოჯახო ხელობა, თუმცა პროფესიით მშენებელი ინჟინერი, იქამდე არ დაკავდა მეთუნეობით, ვიდრე სამსახური არ დაკარგა და მამისა და ძმის დასახმარებლად თავისუფალი დრო არ გამოუჩნდა. თეთრ ჭიქურზე მწვანე საღებავით შესრულებული ორნამენტები – ქართლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მოხატვის ტექნიკა, მისი ოჯახის ხელწერად იქცა. როგორც გივი ამბობს, ამავე ტექნიკის გამოყენება არც კახეთისთვისაა უცხო, თუმცა იმერეთში ნივთებს თიხისგან მოჭიქვის გარეშე აკეთებენ. ალავერდის ფრესკის ანალოგი – „ქართული ჭიდაობა“ ყვითელ ჭიქურზე მომწვანო ფერის ორნამენტებით გაფორმებული ზოომორფული სასმისები. გივის მამის, ისააკ ტატულაშვილის ნამუშევრების კუთხე სამუზეუმო ექსპონატებს შორის არამხოლოდ ოჯახის სამი თაობის ნამუშევრებს, არამედ გივი ტატულაშვილის შეგირდების ნამუშევრებსაც იხილავთ. მათ შორის, როგორც ადგილობრივი ბავშვებისა და მოზარდების, რომლებიც თიხასთან მუშაობის ხელოვნებას ყოველ შაბათ-კვირას, დღეში საათ-ნახევარს უთმობენ, ასევე „Georgia Today”ს ჟურნალისტის, საქართველოზე შეყვარებული, ქეით დეივისის ქართული კულტურული თემატიკით მოხატული თიხის ჭურჭელსაც. ქეითმა თიხის ჭურჭელი თვითნასწავლი მხატვრისთვის საკმაოდ რთულად შესასრულებელი ქართული ტრადიციული კომპოზიციებითა და ფრესკებით მოხატა, თუმცა როგორც მისი მასწავლებელი – გივი ამბობს, თავი შესანიშნავად გაართვა. ტატულაშვილების კერამიკა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს, სახელოსნო არც ახლა ღალატობს ამ ტრადიციას, იმ განსხვავებით, რომ გლობალიზაციის პროცესში მისი სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნიდან ჩამოდიან, ეს სივრცე ასევე ეთმობა კულტურულ ღონისძიებებსა და ხელოვანთა შეხვედრებს. მასალის ავტორი: გვანცა გოგიშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში
შობა-ახალი წელი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღეს და 2024 წლის დასაწყისი ფოტოებში ასახეს. ავტორები: მარიამ ეგაძე, სოფო ლოლაძე, ლუკა შველიძე, ეთა სულუხია, მარიამ მხეიძე, ანა მაზიაშვილი, გვანცა ლაცაბიძე ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ხონი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, სენაკი
დაკა ბერძენიშვილი: “დიდი სურვილი მქონდა ჩემს ეზოში ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც საშუალებას მომცემდა ქალაქი საბოლოოდ დამეტოვებინა და სოფელში დავრჩენილიყავი. ამიტომ,პროგრამა “აწარმოე საქართველოში” განაცხადი შევიტანე და მოვიგე კიდეც. ასე დაიწყო ჩირებისა და ჩემი თანამშრომლობა”. – დაკა, როგორ დაიწყო თქვენი გურული თავგადასავალი? – თავიდან, არც მქონდა გააზრებული რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა იყო ბიზნესი და როგორ კეთდებოდა ის. „ქალი მეწარმე“ – ამ ფრაზის წარმოთქმაც კი მეხამუშებოდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, ერთგვარი სპორტული ინტერესი გამიჩნდა რას და რამდენს შევძლებდი და ამ პროცესში ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. მანამდე, თბილისშიც და ჩოხატაურშიც, ოფისში ვმუშაობდი და ვიყავი კარგი თანამშრომელი. მაგრამ ახალი წამოწყების პროცესში, აღმოვაჩინე რამდენად მეტი შემეძლო, ბევრი ახალი თვისება დავინახე საკუთარ თავში და დავიწყე ზრუნვა განვითარებაზე. დავდიოდი ტრენინგებზე, ვეცნობოდი ქალების მხარდამჭერ პროგრამებს და პარალელურად პრაქტიკული ცოდნის ზრდას ახალი გამოცდილებებიც მოსდევდა და ახლა უკვე, თამამად ვამბობ ხოლმე – მე ვარ მეწარმე ქალი! – აწყდებოდით თუ არა, სკეპტიკურ დამოკიდებულებას? – რა თქმა უნდა, აქაურები გურულად მეუბნებოდნენ, რამ გაგააბდლა ამხელა ქალი, რა ჩირი და საწარმოო, მაგრამ მერე ყველამ დაინახა შრომაც და შრომის შედეგიც, გვერდში დამიდგნენ და ბევრ რამეს საერთო ძალისხმევით ვაკეთებთ. დაკა ბერძენიშვილი: “რაც უფრო მეტი ძლიერი ოჯახი იქნება, მით უფრო ძლიერი ქვეყანა გვექნება”. – რატომ მაინცდამაინც ჩირი, საიდან წამოვიდა ეს იდეა? – წინაპრების დანატოვარი ეს სახლი, იყო ძველი და დიდი რესურსი სჭირდებოდა მის აღდგენას. სინამდვილეში, სახლი იყო ერთგვარი ტვირთი, რომელიც მინდოდა აქტივად მექცია. მე, მიყვარს ხელსაქმე, მიყვარს მიწა… აქ, ხეებს ასხია ხილი, რომელიც ბიოპროდუქტია, უწამლია. ჩამოვწერე პლუს-მინუები და მივხვდი, რომ ჩირითაც შევძლებდი არა მხოლოდ გემოვნური, არამედ ესთეტიკური სილამაზის შექმნას. – დაკა, ამ იდეამ ისე გაამართლა როგორც ფიქრობდით და გეგმავდით? – უფრო მეტადაც. აქ უკვე კოტეჯებიც შეემატა, თითოეულს თავისი სახელიცჰქვია: კენკრა, ციტრუსი და კურკა (იღიმის). ამ ყველაფრის დაგეგმვა, მის განვითარებაზე ფიქრიც კი სიამოვნებას მანიჭებს. ის რუტინა,რაც ჩირის დამზადებას სჭირდება – კარალიოკის გათლა იქნება, ვაშლის დაჭრა და ა.შ. უკვე სხვების კომპეტენციაა. ახლა ვფიქრობ, როგორ გავაფორმო ახალი შეკვეთები, რა სიახლეები შევიტანო გურულ სამზარეულოში… პურსა თუ კექსშიც ჩირს ვიყენებ და ტრადიციული, შემწვარი წიწილის შეზავებისასაც. თავდაპირველი იდეაც ხომ ეს იყო: გურულ ოდაში სიმინდის ფუჩეჩში შეხვეული კანფეტი. მე, მართლაც არაფერი ვიცოდი ბიზნესის, არ მქონდა აქტივი და ამ დროს დავწერე პროექტი USAID – თვის. მომაგებინა სწორედ იდეამ, რომ 200 წლის გურულ ოდაში ყოფილიყო ჰასპის სტანდარტის ჩირის საწარმო – სოფლად გაკეთებულიყო საქმე, რომელსაც ექნებოდა ევროპული სტანდარტი. – ახლა, როცა ქალაქის აჩქარებულ ტემპსა და რუტინაში აღარ ხართ, ბევრი რამ გადააფასეთ? – არაერთი. 1989 წელს რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, მას მერე ვიდექი რუსთაველზე გამართულ აქციებზე და ვიძახდი “საქართველოს”. 50 წლის ასაკში მივხვდი, რომ ყველაზე დიდ საქმე ვაკეთებ აი, აქ და ახლა. იმიტომ რომ თუ წერტილს დავსვამ და შევქმნი პრეცენდენტს, რომ არაფრისგან შეიძლება ნახევარმილიონიანი აქტივის შექმნა, შემდეგ ამ მაგალითს სხვებიც გამოიყენებენ. ჩვენ მალე, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნება. ჩვეულებრივი ადამიანი როცა შეძლებს თავისი მიწა-წყალი, მისი ეზო აქციოს აქტივად, მერე კაციშვლი ვერ მოვა ჩემთან და ვერ მეტყვის – 5 ლარს მოგცემ და ხმა მომეციო. – ახლა უკვე უცხოელ ტურისტებსაც მასპინძლობთ, მათ შორის რუს ტურისტებს. როგორია მათი დამოკიდებულება? – მთავარია ღირსებით დახვდე, ქართული სტუმარ-მასპინძლობით, მაგრამ ღირსებით. ამის გაკეთება შესაძლებელია. ძველ სახლში რო შეხვიდეთ, ნახავთ აჭრელებულ კედელს. თავის დროზე, შპალერის ფული რომ არ გვქონდა, ტურისტებს ვთხოვდით შთაბეჭდილებები მიეწერათ და ახლა, ყველაზე ნამდვილი და ყველაზე ლამაზი შპალერი სწორედ მათი წარწერებია. ამერიკის დროშა რომ მიფრიალებს აქ, შეიძლება არც სიამოვნებთ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეტყვის. და თუ შენით ჩამოხსნი დროშას ვინმეს საამებლად, მაშინ თავად მისცემ უფლებას აქ ჩამოგიდგეს და საკუთარი წესები გიკარნახოს, შენივე სახლში. დაგეგმილად აქ, მხოლოდ უცხოელი სტუმრები მოდიან,რუსები ყოველთვის დაუგეგმავად მოყავთ და არ ვკადრულობ იმას, რომ ვინმე უკან გავაბრუნო და ის გიდი ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში. ჩემი კაცთმოყვარე ბუნება არ მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ვაღიარებ, ისეთივე მოქცევა არ გამომდის მათთან, როგორც ვთქვათ იაპონელებთან თუ გერმანელებთან. მთავარია, დახვდე ღირსეულად და არა ტაშ-ფანდურით. მე მათ ვუყვები ჩემს ქვეყანასა და ღირსებაზე, მაგრამ არ ვყიდი ცეკვა-თამაშს, შაბაშზე ვერ ვუმღერებ რა. – და ბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს ან სურს საკუთარი საქმის დაწყება? – მთავარია, საკუთარ თავს არ აუკრძალო გამბედაობა, არ თქვა, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია. თუკი შეგიძლია სცადო და გააკეთო მეტი და არ დასჯერდე ნაკლებს, წარმატებაც აუცილებლად მოვა. როცა ყველაფერში შინაარსი დევს, ყველაფერში შენი სული და გულია და ამას აკეთებ შენი ოჯახისთვის, შენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ვერავინ დაგიდგება წინ, ვერცერთი ხელისუფალი, რაც არ უნდა განსხვავებულად ფიქრობდე. როცა ადამიანი გიყვარს, შენი საქმე გიყვარს, შენი ქვეყანა გიყვარს და ამას გამოხატავ არა ფუჭი ლაპარაკით, არამედ საქმით, მაშინ ყველაფერი გამოდის! ავტორი: ნათია შენგელია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში.