შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 19

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ზაპოროჟიედან და მარიუპოლიდან ომის დაწყებამდე ჩამოსული უკრაინელები. ისინი, ცნობილი მიზეზების გამო, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. თუმცა, მათ იპოვეს ძალა, რომ ქართველი ხალხისთვის წარმოდგენა შეეთავაზებინათ და თავიანთი განცდები გაეზიარებინათ. “არაერთი შემოქმედებითი აქცია გამართულა, მაგრამ დღეს, რასაც ვესწრები, განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს სხვაგვარი მხარდაჭერაა. მინდოდა, აქ მოსვლით, ჩემი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამომეხატა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჩვენთვისაც იბრძვიან”, – აღნიშნა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მემანიშვილმა. დამსწრეებმა მოისმინეს მუსიკალური ნომრები ეროვნულ სამოსში გამოწყობილი უკრაინელი ბავშვების შესრულებით, გაიყიდა სუვენირები, სამახსოვრო ნივთები უკრაინის დროშის ფერებში. ორგანიზატორების თქმით, ნივთები საქველმოქმედო საღამოს შემდეგ კვლავაც გაიყიდება და შეგროვებული თანხა გაიგზავნება უკრაინაში, მედიკამენტების შეძენის მიზნით.                                            ავტორი: ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

ბოლო წლების განმავლობაში სოციალური მედიის გამოყენების სიხშირე იზრდება. აშკარაა, რომ ადამიანების გემოვნებაში ცვლილებებია, ფაქტობრივად, ისინი აღარ უყურებენ ტელევიზორს და მთელ დღეს სოციალური ქსელის გამოყენებას უთმობენ. დამეთანხმებით, რომ ძალზე კომფორტულია, თითოეული ჩვენგანის სიახლოვესაა, ადვილად შეგვიძლია წვდომა, თუმცა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას  სერიოზულად აზიანებს.  მარიამ წიქარაძე აბიტურიენტია, 18 წლისაა და  ინსტაგრამის ხშირი მომხმარებელია, ღამეებსაც ათენებს ტიკტოკების გადაღებაში და იმ დოზის გამოსხივება მიიღო, რომ დღეს ის სათვალეს ატარებს: ,,თვალებში მხედველობა დამაკლდა, რა წამალს არ ვყიდულობ, საკმაოდ დიდი ხარჯია და არ მიფინანსდება მედიკამენტები, ექიმი მაიმედებს და მეუბნება, რომ რამდენიმე წელში მოვიხსნი სათვალეს, ყველას ვურჩევ, რომ თავი დაანებოს სოციალური ქსელების ხშირ გამოყენებას, მხოლოდ საქმისთვის’’, – ამბობს მარიამი. მანუჩარ ლაფერაშვილი მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელიც საკმაოდ გაზაარმაცა სოციალური ქსელების გამოყენებამ და სკოლაში მედლის მოპოვების შესაძლებლობა დაკარგა: ,,ძალიან დიდ დროს ვატარებ ფბ-ზე, ინსტაგრამზე და სწავლაზე ხელი ჩავიქნიე, გული მწყდება, დამოკიდებული რომ გავხდი, მედალიც დავკარგე, ვეღარ ვარ ჩართული სასწავლო პროცესში და ჩემზე ქულებზე აისახა ეს ყველაფერი’’, – ამბობს მანუჩარი, რომელიც თავს ებრძვის, რომ წარმატების მიღწევაში ხელი აღარ შეუშალოს სოციალურმა ქსელებმა. ნათია მჭედლიშვილი 3 შვილის დედაა და დროს სოციალურ ქსელებს მაინც უთმობს: ,,ხანდახან ყოფილა შემთხვევა, ისე გავუტაცებივარ ფბ-ს, ბავშვს რომ გაუღვიძებია, ვერ გამიგია, სასაცილოა, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა, ახლა მეტ ყურადღებას ვუთმობ საკუთარ შვილებს“, – ამბობს ნათია, რომელმაც გადალახა ეს პრობლემა. სოციალური მედიით აქტიურად სარგებლობს ადამიანი, რომელიც ხშირად პოსტავს ვიდეორგოლებს, სურათებს, აახლებს სტატუსს, ეხმაურება სხვებს კომენტარებით ან განათავსებს პოსტებს. მას თან ახლავს შთაბეჭდილების მოხდენაზე დამთრგუნველი ზრუნვა, რომელსაც საფუძვლად სხვებისგან აღიარების და აღფრთოვანების ძიება უდევს. ფსიქოლოგიაში ამას „გარემოზე დამოკიდებული აღიარების“ ძიებას უწოდებენ. ურბანული სლენგი კი ამას „ლაიქების დევნას“ უწოდებს. უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ სხეულისა და ფსიქიკის ჯანმრთელობა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება უარყოფითად აისახება სხეულის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ერთ – ერთმა კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ სოციალური მედიის გამოყენება (განსაკურებით, ძილის წინ) უარყოფითად აისახება ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. ეს კი შემაშფოთებელია, რადგან კარგი ძილი სხეულსა და ტვინს დასვენებისა და განახლების საშუალებას აძლევს. მართლაც, ძილის მოუწესრიგებლობა გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ – ერთი წინაპირობაა. ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ თვალებისთვის დამაზიანებელია მუდმივი გამოსხივება და ეკრანის ყურება. ადამიანებთან პირისპირ მიმდინარე ურთიერთობა გვიცავს დეპრესიის, შფოთვისა და სხვა ფსიქიკური მდგომარეობებისაგან. ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა გაცილებით უკეთესია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე – ონლაინ სოციალური აქტივობა. სოციალური მედიით სარგებლობის ჩვევამ შესაძლოა აღკვეთოს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: სეირნობა, პირისპირ კომუნიკაცია და ა. შ. მაგალითად, ერთ – ერთი კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იშვიათად თუ იყენებენ სოციალურ მედიას, სამჯერ უფრო ნაკლებად გრძნობენ თავს დათრგუნულად, ვიდრე ადამიანები, – რომლებიც სოციალურ მედიას მეტისმეტად ხშირად იყენებენ. სხვა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალური მედიით ორ საათზე მეტხანს სარგებლობდნენ, გაცილებით ხშირად აფასებდნენ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც „არადამაკმაყოფილებელს,“ ვიდრე – ადამიანები, რომლებიც ორ საათზე ნაკლებს ატარებდნენ სოციალური მედიის სივრცეში. მნიშვნელოვანია ერთ – ერთი ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები,  რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ნახევარ-საათს ატარებდნენ სოციალურ მედიაში, დეპრესიისა და შფოთვისათვის დამახასიათებელი გაცილებით ნაკლები სიმპტომი უვლინდებოდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში შემავალ ადამიანებს.      გასულ წელს მსოფლიოში უმსხვილსემა ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურმა გამოცემამ ,,The American Journal of Psychiatry” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ფსიქიატრიამ აუცილებლად ცნო ინტერნეტმიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი. დღეს მსოფლიოში ინტერნეტ–მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებეთა 2–10%, თითქოს ეს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ ამ ადამიანებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან დიდია სიკვდილიანობის რისკი. ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია  ათასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკის ჯგუფს მასში შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%. ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან საათობით სხედან კომპიუტერთან, ყოველდღიურად უფრო მეტ და მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან, თუ შევეკითხებით ნებისმიერ ადამიანს თუ რატომ სარგებლობს ინტერნეტით, იგი ბევრ სხვადასხვგვარ პასუხს გაგვცემს: უყურებს ფილმებს, ურთიერთობს მეგობრებთან, პოულობს საჭირო ინფორმაციას და ა.შ. ანუ იკმაყოფილებს მის რომელიმე მოთხოვნილებას, დავიწყებას მიეცეს, მოსწყდეს რეალობას. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. იმეორებს მუდმივად, შემდეგ კი ეჩვევა, ეჩვევა ისე რომ საჭმლის მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც. დროთა განმავლობაში კი ეს ყოველივე ანგრევს მის ცხოვრებას.     ფსიქოლოგი, მარიამ შოვნაძე, მიიჩნევს, რომ „არსებობს სოციალურ ქსელზე, ონლაინრეჟიმზე დამოკიდებულების, პირადი ინფორმაციის გავრცელების, კიბერბულინგის რისკები და მრავალი სხვა. უფრო ვრცლად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები: ემოციური მიჯაჭვულობა, რეალური სამყაროდან მოწყვეტა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, პირადი ინფორმაციის უცხოპირებისთვის ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა მოზარდები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას უპირობოდ იღებენ, ემოციების გამოხატვისთვის არჩევენ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლოებს, თვითშეფასება პირდაპირ უკავშირდება ე.წ. ფრენდების „ლაიქებზე“, – ამბობოს ფსიქოლოგი მარიამი, რომელიც 5 წელია მუშაობს სოციალური ქსელების გავლენებეზე. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სრულად თავშეკავება გაცვეთილი და არაფრისმომცემი რჩევა იქნებოდა, რადგან ბევრი ადამიანი ციფრულ მოწყობილობებს ბიზნესის მართვის, საგანმანათლებლო და საოჯახო მიზნებისთვის იყენებს. ამის ნაცვლად, ქვემოთ მოცემულია სამი ნაბიჯი, რომლებიც სოციალური მედიის თქვენ სასარგებლოდ გამოყენებაში დაგეხმარებათ. პირველი ნაბიჯი დროს უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანი არჩევს, სოციალური მედიისა და ციფრული მოწყობილობების გამოყენებისგან დღის განსაზღვრულ ნაწილში ან კვირის კონკრეტული დღის განმავლობაში შეიკავოს თავი. ეს, მაგალითად, შეიძლება გულისხმობდეს ღამის 9 საათის შემდეგ ან კვირა დღეს სოციალური მედიის გამოყენებაზე უარის თქმას. ასეთი სტრატეგია დასვენებასა და ძილის გაუმჯობესებაში გვეხმარება და შეგვიძლია, ჩვენს ინდივიდუალურ თავისებურებებს შევუსაბამოთ. მეორე ნაბიჯი სივრცეს უკავშირდება. ზოგიერთი ბრიტანული ლუდის ბარი „სივრცე ტელეფონების, ლეპტოპების და პლანშეტების გარეშე“ მიდგომას ნერგავს იმისათვის, რომ ადამიანებს შორის პირისპირ ურთიერთობას შეუწყოს ხელი. ზოგიერთი ადამიანი აწესებს სოციალური მედიისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებისაგან თავისუფალ სივრცეებს. მაგალითად, ისინი თავს არიდებენ საძინებელ და სასადილო ოთახებში სოციალური მედიის სივრცით სარგებლობას. ამ მიდგომის შეცვლა ინდივიდუალური თავისებურებებისამებრ შესაძლებელია. მესამე საფეხური ალტერნატივებს ეხება. ბევრი ადამიანი სოციალურ მედიასა და ციფრულ მოწყობილობებს სოციალური ვაკუუმის შევსებისთვის იყენებს. ციფრული სამყაროსგან გათავისუფლება სხვა აქტივობებისთვის დროის გამოყოფის საშუალებასაც მოგცემთ, რომლებიც უკეთ შეავსებს ვაკუუმს. თქვენ შეგიძლიათ, იმ აქტივობების ჩამონათვალიც შეადგინოთ, რომლითაც შეავსებთ გათავისუფლებულ დროს. ასეთი აქტივობები შეიძლება იყოს ძველი ინტერესები, გატაცებები ან მოხალისეობა. (აზროვნების აკადემია) და ბოლოს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ – სასურველი ინტერნეტი მხოლოდ აუცილებელი  საქმისთვის გამოვიყენოთ, გასართობად შევიდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საქმეები მოგვარებულია,მკაცრად ვაკონტროლოთ ინტერნეტში ,,სეირნობის“ დრო, ერთი საათი ან საათ-ნახევარი საკმარისია საღამოს.  სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობა ბევრად სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის. ფოტოს წყარო    ავტორი: ავთანდილ ზარნაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა 26-27 მარტს ჩანიშნული სპექტაკლები უკრაინას მიუძღვნა. მათ შორის იყო „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“, რომლის პრემიერა, ლუკას ჰნათის პიესის მიხედვითა და თომა ათანელიშვილის რეჟისურით,  გასული წლის ზაფხულში, 17-18 ივნისს გაიმართა და დღესაც მაყურებლის დიდი ინტერესით სარგებლობს. მთავარი როლის შემსრულებელი, ლიკა კევლიშვილი უკრაინაში, ნიკოლაევის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ყოფნის პერიოდს იხსენებს, საიდანაც გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი სამ ნომინაციაში გამარჯვებული დაბრუნდა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – ქეთი ლუარსაბიშვილი საუკეთესო მსახიობი ქალი – ლიკა კევლიშვილი საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი – რეჟისორი, დავით ჩხარტიშვილი, სპექტაკლით „შეცვალე“ „დღევანდელი სპექტაკლი, „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ მიეძღვნა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. შარშან, შემოდგომით ვიყავით უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში, თეატრალურ ფესტივალზე, საკმაოდ სერიოზული ფესტივალი იყო, სამი პრიზი ჩამოვიტანეთ. უკრაინელები სასწაული ადამიანები არიან, თბილები, მოსიყვარულეები და ყურადღებიანები, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ძალიან მტკივა გული დღევანდელი ვითარების გამო. ჩვენ ვწერთ ხოლმე ერთმანეთს სოციალურ ქსელში, მიხარია, რომ ინტერნეტი მაინც აქვთ და ვიგებთ მათ ამბებს. ისინი თითქმის სულ თეატრში არიან, კერავენ დროშებს, აკეთებენ ბარიკადებისთვის საჭირო საშუალებებს. ძალიან მინდა ეს ომი მალე დასრულდეს და რა თქმა უნდა, დასრულდეს ჩვენი მეგობარი უკრაინის გამარჯვებით, დიდება უკრაინას!“ – ამბობს მსახიობი. “თოჯონების სახლი 15 წლის შემდეგ” ჰენრიკ იბსენის “თოჯინების სახლის” თანამედროვე ავტორისეული გაგრძელებაა. სპექტაკლში სიუჟეტი მას შემდეგ ვითარდება, რაც მთავარი გმირი – ნორა ჰელმერი (ლიკა კევლიშვილი) 15 წლის შემდეგ სახლში ბრუნდება, რათა ყოფილ ქმარს ოფიციალურ გაშორებაზე განაცხადი შეატანინოს სასამართლოში. ნორა წარმატებული მწერალი, დამოუკიდებელი ქალია, რომელიც ქალებსა და იმ სირთულეებზე წერს, რომლებსაც ქორწინებაში მყოფი ქალები აწყდებიან. სპექტაკლი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ხვდებიან ნორას დაბრუნებასა და მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას, ქმარი ტორვალდი, (კახა ბერიძე) მათი ქალიშვილი ემი (ნანუკი მაკრახიძე) და მოსამსახურე ანა-მარია, (მარი არღუთაშვილი) რომელმაც ნორას წასვლის შემდეგ მისი სამი შვილი გაზარდა. ავტორი: გვანცა გოგიაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი    

თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. კანდიდატურა ორმა გუნდმა წამოაყენა. მოქმედი თვითმართველობის გუნდიდან კენჭს იყრის ლიკა ლოლომაძე, ოპონენტ გუნდს კი წარმოადგენს საბა ჩიტორელიძე. საორიენტაციო შეხვედრაზე ორივე გუნდი, თავიანთი დელეგატებით, გაეცნო სტუდენტებს. „ჯგუფებს შორის შეხვედრაზე იგრძნობოდა დაძაბულობა. ახალ ჯგუფს აკლდა გამოცდილება, მაგრამ ვფიქრობ შანსს იმსახურებენ. აუდიტორიას საინტერესო კითხვები ჰქონდა, მათმა კითხვებმა მართლაც ძალიან დამაფიქრა,“ ამბობს პირველკურსელი თეა კალანდარიშვილი. გუნდებმა წარმოადგინეს საარჩევნო კამპანია, მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. ისინი მიზნად ისახავენ უნივერსიტეტის განვითარებასა და სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი ივენთით სტუდენტური ცხოვრების გალამაზებას. „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით, რადგან ვთვლი რომ ზუსტად შევძელით ჩვენი სათქმელის აუდიტორიისთვის მიწოდება,“ აღნიშნავს თვითმართველობის მოქმედი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი ლიკა ლოლომაძე. „თითოეულმა კანდიდატმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას!“ ოპონენტი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი საბა ჩიტორელიძე. თვითმართველობის არჩევნები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 4 აპრილს ჩატარდება.   ავტორი: თამარ ჩხიკვაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.

ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფი 17-წლიანი გამოცდილებით. გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ომში ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ლელის თქმით, ომში ფოტორეპორტიორობა მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მზაობას. ამასთან მნიშვნელოვანია იყოთ კარგად ინფორმირებული, ზოგადი სიტუაციის შესახებ. „არ უნდა დაზიანდეთ. უნდა გეცვათ შესაბამისად, გამოიყენეთ ბრონის ჟილეტი. წაიღეთ ნაკლები ეკიპირება. უნდა იცოდეთ წესები, თუ არ იცით ჰკითხეთ უფრო გამოცდილს. არ შეიძლება საზღვრების გადაკვეთა“.  აქვე, გვაფრთხილებს, რომ ფოტორეპორტიორებს ხშირად უწევთ სირბილი და სწრაფი გადაადგილება.  2008 წლის ომის გადაღება მისთვისაც პირველი გამოცდილება იყო, რომელმაც შემდგომში ფსიქოლოგიური და ემოციური გართულებები გამოიწვია. „ჩემთვის, პირადად, რთული იყო. ჩემს თავზე ზრუნვასაც არ ვგრძნობდი. იმდენად შოკისმომგვრელი გარემოა, რომ მაგის დრო არ გაქვს. ფიზიკურადაც და ემოციურადაც ცუდად ვიყავი. თბილისში დაბრუნებისას დამჭირდა ფსიქოლოგიური დახმარებაც. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი სამი დღე, მქონდა შიში, კანკალი. იმის გააზრება თუ სად ვიყავი უფრო საშიში იყო, ვიდრე იქ, იმ მომენტში ყოფნა.“ ფოტორეპორტიორები საგანგებო სიტუაციებში მუშაობის დროს ხშირად აწყდებიან ეთიკურ დილემებს და საზოგადოებისგან განკიცხვის ობიექტებიც ხდებიან. ამის ცნობილი მაგალითია 1993 წელს სუდანში გადაღებული ფოტო „გოგონა და სვავი“. ფოტორეპორტიორმა, კევინ კარტერტმა გადაიღო კადრი, რომელშიც გამოსახული იყო შიმშილისგან მომაკვდინებელი გოგონა და მის გვერდზე მჯდარი სვავი. კარტერმა ამ კადრისთვის უმაღლესი ჯილდო, პულიტცერის პრემია მიიღო, თუმცა საზოგადოებამ იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა გულგრილობის გამო. ლელი ბლაგონრავოვას თქმით, სამხედრო კონფლიქტის გადაღებისას ფოტორეპორტიორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ნებისმიერი ზიანის მქონე ადამიანების დახმარების დროს, რადგან შესაბამისი განათლება არ აქვთ. „ჩვენ არ ვართ ექიმები და ჩვენი საქმეა გადავიღოთ. როდესაც ხედავ დაჭრილს, მასთან მისვლა ნიშნავს ამ ადამიანის დაიმედებას, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია. ვერ შევაფასებთ რა დაზიანება აქვს ადამიანს, რომ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და შეიძლება უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად გავლილი უნდა გვქონდეს პირველადი დახმარების ტრენინგი.“  ფოტოგრაფსა და ფოტორეპორტიორს შორის სხვაობაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ ფოტორეპორტიორი იგივე ჟურნალისტია. გადაღებისას უნდა ფლობდეს ინფორმაციას, როგორიცაა ადგილმდებარეობა, სახელი, გვარი, როდისაა გადაღებული, რა მოხდა და ა.შ. და თუ ფოტოგრაფს შეუძლია მეტი დრო დაუთმოს კადრის კომპოზიციას, რეპორტიორებს ამის ფუფუნება არ აქვთ. „მოხდა, დაინახე, გადაიღე, გააგზავნე. პლუს, ეს ინფორმაციებიც უნდა დაურთო.“ რაც შეეხება ომის ფოტოგრაფიასა და მის განვითარებას, ლელი აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიის ეს მიმართულება ნაკლებად პოპულარულია და ძალიან ცოტამ იცის როგორ უნდა გადაიღოს და იმოქმედოს ომში, რა ენაზე ილაპარაკოს, ვისთან ჰქონდეს კონტაქტი. „ეს მიმართულება პოპულარულია ომის პერიოდში. ჩემი გორის თემაც მაშინ ხდება პოპულარული, როცა კონფლიქტია რეგიონში. განსაკუთრებით, როდესაც მეგობარ ქვეყანას ბომბავს იგივე მტერი, რომელმაც შენ დაგბომბა. ამიტომ, დღეს უფრო ხშირად მიკავშირდებიან გორის ომთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა დღეებში.“  ფოტოგრაფი გვესაუბრება ტექნიკის განვითარების როლზეც ომის ფოტოგრაფიაში. 2008 წელს პირველი იყო, ვინც ქართულ მედიას ომის კადრები გააცნო. მისი თქმით, ფოტორეპორტიორი უნდა იყოს ოპერატიული, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია ინტერნეტის საშუალება ჰქონდეს ან იცოდეს ვის გაატანოს მასალა. „დღეს ფოტოაპარატიდან და ტელეფონიდანაც შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოტოები, თუმცა სხვა საკითხია არის თუ არა ინტერნეტი ან იცოდე ვის გაატანო ეს მასალა. შეიძლება დღეების განმავლობაში იღო ფოტოები, მაგრამ ვერ გააგზავნო და მერე აქტუალურიც აღარ იყოს.“ „თუ შენი ფოტოები არ არის კარგი, ე.ი. საკმარისად ახლოს არ ყოფილხარ“ ეს სიტყვები ომის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერტ კაპას ეკუთვნის.  ლელიმ საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა. „არის კიდევ ასეთი გამონათქვამი „მკვდარი ფოტოგრაფი არავის სჭირდებაო“. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ახლოს მისვლა კარგია, მაგრამ გააჩნია სად. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მაინცდამაინც არ უნდა შეუვარდე მტერს კამერით. არ გეგონოთ, რომ კამერა დაგიცავთ ტყვიისგან. თქვენ ტყვიისგან გიცავთ სიფრთხილე. ომში გადაღებული ფოტოები არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე. ომი ჩანს ადამიანების სახეებზე, ოჯახებზე, იძულებით გადასახლებულებზე, დაბომბილ სახლებსა და საავადმყოფოებზე.“ ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

როგორ მოიქცეოდით, თუ გაიგებდით, რომ საქართველოში არსებული პრობლემები, როგორებიცაა: სიღარიბე და უმუშევრობა, გაცილებით მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას, თუკი ჩვენი ქვეყნის რესურსების სწორად გამოყენებას ვისწავლით?! ამის შემდეგ, საქართველო, შეიძლება მართლაც გახდეს „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“. წიგნად წარმოდგენილი კვლევა საქართველოში არსებულ აქტივებზე, რომელზეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც იმუშავეს, აერთიანებს იმ რესურსების ჩამონათვალს, რომლის სრულად ათვისებისა და პრივატიზების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. „გახდი მესაკუთრე“ – ეს არის იდეა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრმა წამოიწყო. ამ იდეის ფარგლებში, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით, გამოიცა კვლევა, სახელმწიფოში არსებული აქტივების შესახებ. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმაც. მათი თანაავტორობით გამოცემული წიგნი ინფორმაციას აერთიანებს საქართველოში არსებული ყველა რესურსის შესახებ, რომლებიც აქამდე, ამ სახით არ არსებობდა და მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა. სიტუაცია შემდეგია – საქართველოში სხვადასხვა რესურსის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, სასარგებლო წიაღისეულის, ხე-ტყის, მტკნარი და გამდინარე წყლებისა და სხვ. დაახლოებით 70% არის სახელმწიფო საკუთრებაში, ე.ი აუთვისებელია. „ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების სურათს რომ შევხედოთ, კაპიტალიზაციის მხრივ, კერძო საკუთრება ყოველთვის სჭარბობს სახელმწიფო საკუთრებას. თავად ამ წიგნის დაწერის სურვილი და იდეა იყო ის, რომ შეგვესწავლა სახელმწიფოს აქტივები და რესურსი ხალხში ინტერესის გამოსაწვევად. გვინდა იცოდნენ, თუ რამდენად მდიდარი ქვეყანა ვართ, თუმცა ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი მიძინებულია და არ ვიყენებთ.“– ამბობს ეკონომისტი, ანალიტიკოსი და ერთ-ერთი მკვლევარი, რატი ლელუაშვილი. კონკრეტული კვლევის და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მიწების პრივატიზების მიზანი კი არის შემდეგი: რომ ეს დიდძალი რესურსი გადაეცეს ხალხს.  „იმდენად, რამდენადაც ეს რესურსები გადავა ხალხის ხელში, ადამიანებს ექნებათ შანსი, რომ გამდიდრდნენ. მაგალითად, ვინმე უბრალოდ გაყიდის ამ ქონებას ან ვიღაც ინვესტიციას მოიზიდავს, ვიღაც დაფინანსებას მოიძიებს და საქმეს დაიწყებს.  ყველა ინდივიდი სარგებელს ნახავს ამ პოლიტიკით,“ – გვეუბნება ეკონომისტი, ანალიტიკოსი და წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ნოდარ სირბილაძე წიგნში ვკითხულობთ – „სახელმწიფო არაეფექტიანად იყენებს რესურსებს და ამ ქონებას მიწაში ჩამარხული ოქროს შედეგი აქვს. ამასთან, მთავრობის ცენტრალურ და თვითმმართველობების დონეზე არსებობს მრავალი სახელმწიფო კომპანია, რომლებიც პირიქით, მოგების ნაცვლად, ყოველწლიურად, ზარალზე გადიან, არაჯანსაღ კონკურენციაში შედიან ბიზნესთან და ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო ამცირებენ. ამ ფონზე კი ეს კვლევა პასუხია კითხვაზე, რეალურად თუ რა ეკონომიკური რესურსების მფლობელია სახელმწიფო.“ საქართველოში პრივატიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა მიმდინარეობს საკმაოდ ნელა, რადგან ხალხს არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ფულითა და რესურსებით შეიძინოს კონკრეტული მიწა ან აქტივი. პრივატიზაციამ, რომელიც ფულზე ხორციელდება, ამ პროცესიდან გამოთიშა მოსახლეობის 80-90%. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს პროცესი იყოს უფასო. ავტორებისა და მკვლევრების იდეაა უფასო საპრივატიზაციო ფული – „ინვესტი“, რომელიც დაურიგდება ხალხს და ისინი ამით შეძლებენ  სახლემწიფოსგან წარმოდგენილი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი  აქციებად და ლოტებად გამოიტანენ (მაგალითად, საქართველის რკინიგზის აქტივები), შეიძინონ, კერძო საკუთრებაში გადაიტანონ და მოგებაზე იმუშაონ. ეს ყველაფერი კი თავისთავად შექმნის ახალ ბიზნესებს, მეტ სამუშაო ადგილს, გაიზრდება ექსპორტი და ქვეყანა ეკონიმიკურად იმაზე ბევრად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა. დაინტერესების შემთხვევაში წიგნის ნახვა შეგიძლიათ აქ   ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

  18 მარტს გადამუშავების გლობალური დღე აღინიშნება. ამ მიმართულებით საქართველოში რამდენიმე სიახლეა. მოდით, ვნახოთ თუ რა გზით შეიძლება გავხადოთ სამყარო ოდნავ უკეთესი.  ,, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე! თუ ვერ დასწერე, რა უშავს, ნურც რას იდარდებ, მეტადრე, ხის დარგვა ხომ შეგიძლია, შენც ადექი და ხე დარგე“ – მორის ფოცხიშვილი     მეც ავდექი და ხე დავრგე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, სადაც CENN-ის  მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი. CENN რეგიონული განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვაზე სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის გზით.  Green, Green and Green (მწვანე, მწვანე და მწვანე) ომახიანი ხმით გვეუბნება თავის დევიზს ჯონ ნიკრემი, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა დანიიდან და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი, სამეგრელო–ზემო სვანეთში, მაია კოდუა გვეუბნება იგეგმება ბრეკეტების ქარხნის დაარსება.  ,,მნიშვნელოვანია გათბობის ალტერნატიული საშუალებები და ერთ–ერთი ალტერნატივა შეშის, რა თქმა უნდა, არის ნარჩენი ბიომასისგან ბრეკეტების დამზადება და ამ ბრეკეტების წარმოება, მოხმარება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“. ,,ჩემს სიცოცხლეში ჩემი სახელობის პარკია“– ამბობს ჯოჰანის დამხმარე მაია, რომელმაც შ.პ.ს  მარანში თავის ხელით გააშენა ალვის ხეების ექსპერიმენტალური ტყე. ამ საქმის კეთებით მეტ სიმწვანეს და ჟანგბადს  უწინასწარმეტყველებს გარემოს. საშუალოდ 40 ადამიანია დასაქმებული, აქედან 7  ქალია. ჯესპერ იონგანსონი ჯონ ნიკრემის კოლეგა და მეგობარია. სამ მიზეზს გვისახელებს, თუ რატომ მაინცდამაინც საქართველო: ერთი– ეს არის კარგი გეოლოგიური მდებარეობა, მეორე– წყლის რესურსების სიმდიდრე, ხოლო მესამე–ნაყოფიერი ნიადაგი და საზღვარი შავ ზღვასთან. კითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მიზანი ასე პასუხობს ,,main goal is to make a better world (მთავარი მიზანი უკეთესი სამყაროს შექმნაა). შეიძლება ითქვას, რომ CENN-ის ორგანიზაცია ნამდვილად ანებივრებს აჭარის რეგიონს. ამის საუკეთესო მაგალითია პროექტები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა  ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ეს არის ენერგოეფექტური მასალების და მზის ენერგიის გამოყენება, როგორც ცხელი წყლის, ისე ელექტროენერგიის მისაღებად. ,,ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში არის 29 საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს 66 კორპუსი სხვადასხვა ტერიტორიაზე და ყველა შენობაში სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროექტი განხორციელდა.“– ამბობს აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა რამდენიმე სკოლა აჭარის რეგიონში და გავსაუბრებოდით როგორც პედაგოგებს, ისე აღსაზრდელებს. 14 წლის სალომე გორაძეს სურს აღმოიფხვრას ეკოლოგიური პრობლემები და დაიმსხვრეს მითი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათი მოჭრილი ხე გარემოს ზიანს ვერ მიაყენებს. როგორც სალომე გვეუბნება, ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, თუ კიდევ რამდენი ადამიანი ფიქრობს მათ მსგავსად. სალომეს ეთანხმებიან მისი თანაკლასელები, რომელთა უმრავლესობა ეკო–კლუბის წევრია. აჭარის განვითარების სამინისტროს პიარი თეა ვადაჭკორია მათ მომავალ ,,დესპანებს“ უწოდებს, რომლებიც გაუზიარებენ ოჯახის წევრებს და ახლობლებს რამდენად სასარგებლოა ალტერნატიული ენერგიის გამოყენება. ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და გამომცემლობა ,,ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელი ოლიკო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მისი თაობისთვის  მზის ენერგიები, მზის ბატარეები იყო ფანტასტიკის სფერო. ახალგაზრდა თაობამ კი წვლილი უნდა შეიტანოს ცნობიერების ამაღლებაში. მედიატურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,CENN“-ის წარმომადგენელმა და გარემოსდამცველმა ირაკლი მიქელაძემ ,,მედიატური ხორციელდება ,,CENN“-ის მიერ პროექტი ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის თანამშრომლობის განვითარება.“  მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც დღემდე განვლეს. პროექტის ფარგლებში 66 სკოლა აღიჭურვა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით, 17 სკოლაში დამონტაჟდა 41 კოლექტორი, 109 ცალი ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ სკოლებს, ამან შეამცირა შეშის მოხმარება. ასევე ბატონი ირაკლის ინფორმაციით, ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად იგეგმება  ,,ნიკო კეცხოველის“  სასკოლო კონკურსები. CENN-ის გარემოს დაცვითი პროექტების ოფიცერი ლევან გაგოშვილი ამბობს ,,მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ის რესურსები და ის ენერგიის წყაროები რომელსაც ვიღებთ დროთა განმავლობაში ამოწურვადია და მსოფლიო დგას ამჟამად ისეთი გამოწვევის წინაშე, რომ ნელ–ნელა უნდა მოხდეს გადაწყობა ამ განახლებად ენერგიის მიმართულებით, ამაში კი გვეხმარება ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოში.“ ფაქტი ერთია, ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ შევქმნით უკეთეს სამყაროს. ადამიანების ცნობიერების ამაღლება კი ამის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება. და ბოლოს, ,,GREEN, GREEN AND GREEN.”   ავტორი: ლანა ლობჯანიძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

Newsfeed – ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების სასწავლო გაზეთი. სასწავლო კურსი: “გაზეთის წარმოება” ლექტორი: მალხაზ გაგუა იკითხეთ გაზეთი აქ

პანდემიამ სწავლის კურსი რადიკალურად შეცვალა.  სწავლების ორი რეჟიმი გამოიკვეთა. პირველი ეს არის ჰიბრიდული, რომელიც მოიცავს, როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სწავლებას ერთდროულად. ხოლო მეორე  სრულ ონლაინ სწავლებას, რომელიც მხოლოდ კომპიუტერულ რეჟიმშია. ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს. ეს საკითხი სტუდენტთა შორის აზრთასხვაობას იწვევს. თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება და რამდენადაა დაცული რეგულაციები უნივერსიტეტებში, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელთა აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება. ___________ „კავკასიის უნივერსიტეტში, ჩვენი სწავლების რეჟიმი ჰიბრიდულია, ამჟამად ჩვენ ლექციები ონლაინ გვაქვს, მაგრამ გამოცდები აუდიტორიაში გვიტარდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია და ვცდილობ ყველანაირად ავირიდო ჩემს კურსელებთან კონტაქტი გამოცდების დროს. ვფიქრობ, სწავლება უნდა იყოს სრული ონლაინ რეჟიმით, ამით ჩვენ საფრთხეს შევამცირებთ და წლის ბოლოს ბევრად ნაკლები დაინფიცირებული იქნება თბილისში“, განაცხადა ლიზი ოდიშარიამ, კავკასიის უნივერსიტეტიდან. „არ მაქვს პრობლემა იმისა, რომ ვიარო უნივერსიტეტში ამ პერიოდშიც კი, რადგან სწავლა ბევრად ეფექტურია, როდესაც ეს ხდება პირისპირ. ონლაინ სწავლების დროს ზოგს შეიძლება ჩაეძინოს, უბრალოდ გავიდეს ლექციიდან და ა.შ. რაც პირდაპირი დასწრების შემთხვევაში არ მოხდება. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას აუდიტორიაში, ამის თავიდან არიდება შესაძლებელია ძალიან მარტივად, მთავარია ვატაროთ პირბადე ყველგან და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმის დროს მოვიხსნათ, დავიბანოთ ხელები ხშირად და თუ ვამჩნევთ, რომ რაიმე სიმპტომი მაინც გვაქვს გავაფრთხილოთ ლექტორი”, აღნიშნა შიო ბერიძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა. „ყველა რეგულაცია დაცულია, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურის გაზომვის გარეშე არ გიშვებენ. თუ 37 გრადუსს გადაცდა, ფაქტობრივად, ვერ შემოხვალ. კაფეტერიაში ერთ მაგიდასთან ორზე მეტი ადამიანის დაჯდომა აკრძალულია. ლექციების დროს ლექტორსაც და სტუდენტებსაც პირბადე უკეთიათ. თამამად, შემიძლია ვთქვა რომ სწავლის ხარისხი ჩემს უნივერსიტეტში მაღალია. ძალიან კმაყოფილი ვარ, აუდიტორული დასწრება ბევრად პროდუქტიულია“, ჰიბრიდული სწავლების სასარგებლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ქეთევან პირტახია გვიზიარებს მოსაზრებას. „სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დავდივართ მხოლოდ პრაქტიკულ საგნებზე, რადგან მოგეხსენებათ, ეს სფერო შეუძლებელია სტუდენტმა ონლაინ შეისწავლოს. ჩვენ მოგვცეს უფლება, აცრის მიუხედავად, აგვერჩია ონლაინ გაგვეგრძელებინა სწავლა თუ ჰიბრიდულ რეჟიმში. უნივერსიტეტში მაქსიმალურად დაცულია რეგულაციები, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და მშვიდად განვაგრძოთ აუდიტორიებში სწავლა. რა თქმა უნდა, მე ძალიან მომწონს და მივესალმები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია/სემინარები ბევრად პროდუქტიული და შედეგის მომტანია. ვისურვებდი, ყველა სტუდენტს ჰქონოდეს საშუალება იაროს უნივერსიტეტში, რათა ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება შეიგრძნონ“, ამბობს ანი ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი და აქვე, იმასაც აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ინფიცირების შემთხვევა დადასტურებულა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთლიანი ჯგუფი დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხომერიკი ფიქრობს, რომ ჰიბრიდული სწავლება ბევრად ოპერატიულია და მომავალშიც უნდა დაინერგოს სასწავლო დაწესებულებებში. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სწავლების მეთოდი სტუდენტებისგან მოითხოვს ინტერნეტთან წვდომასა და ტექნოლოგიების რესურსს, რაც დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან. „თავიდან მეც მეგონა, რომ მსგავსი მიდგომა ვერ გაუსწორდებოდა “კლასიკურს”, თუმცა დღეს ვფიქრობ, ჰიბრიდული სწავლება უნდა დაინერგოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში. მახსოვს პირველი კურსის განმავლობაში მიწევდა სეუ-ს ბიბლიოთეკაში დიდი დროის გატარება, თუმცა, ახლა სტუდენტთა პლათფორმაზე, ადგილმდებარეობის მიუხედავად, მარტივად შეგვიძლია სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალის მოძიება. იმის თქმა მსურს, რომ ჰიბრიდული სწავლების მეთოდები ჯერ კიდევ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და მომავალში უფრო სრულყოფილი იქნება“, ამბობს მარიამი. მარიამ ცარციძეც, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული სწავლება ყველაზე კარგი ალტერნატივაა დღეს, რადგან ორივე მხარეს თავისი არჩევანისამებრ შეეძლოს განათლების მიღება. „ონლაინ სწავლებისას ტექნიკური პრობლემები იქმნება. ინტერნეტის შეფერხება, კარგი მონაცემების კომპიუტერის არქონა. ამიტომ, ყველა სტუდენტი სრულფასოვნად ვერ ახერხებს ლექციებზე დასწრებას. მეორე მხრივ, უნივერსიტეტის ძალიან კარგი მზაობის მიუხედავად, რთულია ამდენი სტუდენტის გაკონტროლება და დაინფიცირების შანსი დიდია“.   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორისაც აზრთა სხვაობა იკვეთება. ამუკა ქორიძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტია, მისი თქმით, ცალსახად ონლაინსწავლებას უჭერს მხარს, რადგან ამან ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. როგორიცაა, სამსახურთან სწავლის შეთავსება, მეგობრების ნახვა, წესიერი მეცადინეობა და დასვენება. „ჩემთვის ჩემი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში სიარული დიდ ენერგიას მართმევდა. პირადი აქტივობებისთვის დრო აღარც მრჩებოდა, სამსახურზე საუბარი ზედმეტი იყო“. ის არგუმენტი, რომ დისტანციურ რეჟიმზე ყოფნით სწავლების ხარისხი დაბალია, მისთვის არალეგიტიმურია. „როგორც გადაცვეთილად არ უნდა ისმოდეს, ვისაც სწავლა უნდა, ისწავლის. მოწადინებული სტუდენტები, პრაქტიკულ საგნებსაც წარმატებით ვასრულებთ“, აღნიშნავს ამუკა, ჩვენთან საუბრისას. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია დეა კოლოტაური, იგი არ ეთანხმება ონლაინ სწავლებას და ჰიბრიდული სწავლების მეთოდს ამჯობინებს. „პირდაპირი შეხება იმ ყველაფერთან, რასაც ვსწავლობთ გაცილებით მრავლისმომცემი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენს უნივერსიტეტში სწავლება მთლიანად ონლაინ მიმდინარეობს. მესამე კურსზე, როდესაც ნელ-ნელა ჩვენი პროფესიისათვის ყველაზე აუცილებელ უნარ-ჩვევებს ვეუფლებით, საკმაოდ რთულია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში ამ ყველაფრისათვის ფეხის აწყობა და შესწავლა. ამიტომ, მე სწავლის ჰიბრიდულ მეთოდს ვემხრობი“. ჰიბრიდული სწავლება დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიებში სწავლების მსურველ სტუდენტთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ონლაინ სწავლების მომხრეები, უნივერსიტეტმა აუდიტორიები ამ მცირე ნაწილისთვის მაინც გახსნა. „უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებს სტუდენტების მოსაზრებებს და ამიტომ მცირე ნაწილისთვის მაინც გავხსენით აუდიტორიები. სწავლება მიმდინარეობს რეგულაციების სრული დაცვით, ორჯერადად აცრილებისთვის, მათთვის ვინც ბოლო 6 თვეში გადაიტანა კოვიდი ან 72 საათში ერთხელ წარმოადგენს პისიარ ტესტის პასუხს. ჩატარდა დეზინფექცია. დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები შეძლებენ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი. დათო მათიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. მისი აზრით, ჰიბრიდული სწავლების მეთოდი მეტად პრიორიტეტულია. „მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება კომფორტის ზონაში გვამყოფებს, ეს ცუდად აისახება განათლების ხარისხზე. პირისპირ კომუნიკაცია უფრო საფუძვლიან შედეგს იძლევა“. ონლაინ სწავლების სასარგებლოდ გველაპარაკა, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო შაორშაძე. ნინოს თქმით, როდესაც შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ განათლება, უნდა ავიღოთ სხვების დაცვის პასუხისმგებლობა. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სჯობს სწავლა ისევ ონლაინ ფორმატში დარჩეს. ჩემი აზრით, ჰიბრიდულ სწავლებას გარკვეული რისკები მაინც ახლავს თან. როცა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, უმჯობესია  საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ არავის ჯანმრთელობა“. ___________ საქართველოში და მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეთა ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში, რაც უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით. ონლაინ სწავლების ერთ-ერთი სუსტი მხარე ისაა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს საშუალება ონლაინ ლექციებს დაესწროს. მოსწავლეებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და არც საჭირო ტექნიკური მოწყობილობები გააჩნიათ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას სტუდენტმა თუ სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს? ამ კითხვაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის ლექტორი, ზურაბ ტიკარაძე გვპასუხობს. „ეს მარტივი პრობლემა არ არის, მაგრამ მოგვარება შესაძლებელია. ახლო მომავალში უნდა დაიგეგმოს იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთაც არ აქვთ ლექციებზე დასწრების საშუალება. ეს არ იქნება მცირე ხარჯი, მაგრამ ეს ყველაზე სწორ გზად მესახება. სხვა შემთხვევაში, სტუდენტი სრულფასოვნად ვერ მიიღებს განათლებას, რაც უსამართლობაა“.   ავტორები: ბაჩო მჭედლიშვილი და ლუკა ქოქოსაძე, ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები

სადიპლომო ჟურნალები ჟურნალი “ბგერწერა”  ჟურნალი “ზღვარი”  ხელმძღვანელი: მაგდა მემანიშვილი   ჟურნალი “ვარიეტე” ჟურნალი “ვიტრაჟი” ხელმძღვანელი: დალი ოსეფაშვილი მენტორი: მარიამ ძაგოევი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting