შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 16

ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე ქულებში ასახული შედეგი. ანასგან გავიგებთ თუ როგორ უნდა მოვექცეთ ზრდასრულები მოზარდებს, რომ მოტივაცია არ დაკარგონ, თვითშეფასების ნაკლებობა არ განუვითარდეთ, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლონ და უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ. ფსიქოლოგის თქმით, მოტივაცია მოძრაობას ნიშნავს. ეს არის ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ის არ გვავალდებულებს, მაგრამ ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის წინსვლისთვის, ცვლილებებისთვის. ანა აღნიშნავს, რომ ზრდასრულები უნდა დაფიქრდნენ, შედის თუ არა ბავშვის ინტერესებში ის, რის გაკეთებასაც მას სთხოვენ და რაც ყველაზე მთავარია, შესაბამისობაშია თუ არა მოზარდის უნარებთან და შესაძლებლობებთან მათი ეს სურვილი. „მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვს არ აქვს მოტივაცია, თუმცა აღმოჩნდება, რომ ინდივიდს მოტივაცია აქვს, მაგრამ სხვა ინტერესებთან მიმართებით და არა იმ კონკრეტულის მიმართ, რასაც მასწავლებლები ან მშობლები ავალდებულებენ.“ ბავშვის მიმართ კმაყოფილების სიტყვიერი გამოხატვის მნიშვნელობაზე საუბრისას, ანა მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ შექება აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური და დამსახურებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ვაწესებთ მაღალ მოლოდინებს და მოზარდს შეცდომის დაშვების უფლებას არ ვუტოვებთ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვის ყველა წარმატება და უნარი. მისი ყველა მცდელობა უნდა იყოს დაფასებული და შემჩნეული. „ასე ხდება, როდესაც გვაქებენ, ვხვდებით, რომ რაღაც კარგად გამოგვდის და თვითშეფასებაც ადეკვატური გვაქვს. როცა ვიცით, რომ გამოგვივა, თამამად ვბედავთ“. ანა აღწერს ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ბავშვის გარშემომყოფების მიერ, რათა ის უფრო მიზანდასახული გახდეს. „თუ ინდივიდს აქვს გამოცდილება, რომ რაღაც კარგად გამოუვიდა, მით უფრო მაღალია მისი თვითშეფასება. აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ რა მიზნებსაც ჩვენ, ზრდასრული პიროვნებები ვუსახავთ მას, იყოს მისი შესაძლებლობების ადეკვატური.  მას უნდა ჰქონდეს პროცესებთან გამკლავების უნარი. ბავშვს, რომლის მიმართაც მაღალი მოლოდინები აქვთ, საკუთარი თავის მიმართაც მაღალი მოთხოვნები უვითარდება. ამ დროს კი, უჭირს ისეთი მიზნის დასახვა, რომელიც მართლა მიღწევადია.“ ანას თქმით, დაბალ თვითშეფასებასთან ერთად, ზომაზე მაღალი თვითშეფასებაც უარყოფით გავლენას ახდენს მოტივაციის ხარისხზე. „ზოგჯერ, ბავშვი ფიქრობს, რომ მას უკვე საკმარისზე მეტი მიღწევა აქვს და შესაძლოა, სიახლის ძიება აღარც კი მოუნდეს. ამიტომ, საფრთხე ამ შემთხვევაშიც არსებობს. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდების დემოტივაციასთან, ბავშვებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ, შეისწავლონ, საკუთარი ძალების ირწმუნონ. ჩვენ კი ისეთი რაღაცები უნდა შევთავაზოთ, რაც მათთვის სასიამოვნოა.“ შეკითხვაზე, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი თავის სიყვარული, ანა გვპასუხობს: „ბავშვი, საკუთარი თავის სიყვარულს, სწავლობს გარშემომყოფებისგან. ფიქრობს – თუ მშობლებს უპირობოდ ვუყვარვარ, მეც მიყვარს საკუთარი თავი, ხოლო თუ სიყვარულის სანაცვლოდ, პირობები მიწესდება, არ ვარ იდეალური. პირობითად, რამდენიმე საფეხური არსებობს: პირველი – როგორი დამოკიდებულება აქვთ და როგორ ავლენენ სიყვარულს მშობლები ბავშვის მიმართ; მეორე – როგორ უყვარს მშობელს საკუთარი თავი და როგორ ავლენს ამ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ; მესამე – როგორ უყვართ მშობლებს ერთმანეთი და როგორ ავლენენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მეოთხე – როგორ ექცევიან ისინი გარშემომყოფებს.“ მშობლების არასწორი ქცევითი გამოხატულებების უარყოფით შედეგებზე საუბრისას, ანა გვეუბნება, რომ ჰიპერმზრუნველი მშობლების შვილებს, ხშირად აქვთ მოტივაციის ნაკლებობა. ისინი მიჩვეულები არიან, რომ მათ ნაცვლად, დედა, მამა ან ნებისმიერი სხვა გააკეთებს ამა თუ იმ საქმეს. არ უჩნდებათ სურვილი გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თავად სცადონ, თუნდაც, შეცდომა დაუშვან. „ეს ბავშვების ბრალი არ არის. არ გვაქვს უფლება და ვერ დავადანაშაულებთ თუ ზრდასრულ ასაკშიც ვერ გამოვლენ ამ როლიდან და ყოველთვის დაელოდებიან, რომ მათ ნაცვლად საქმეს სხვა გააკეთებს. ჩვენ იმაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ თუ რა ახშობს ინდივიდის ბუნებრივ მოტივაციას და რა უშლის ხელს საკუთარი რესურსების გამოვლენაში და არა  გამუდმებით ვეძებდეთ პასუხს შეკითხვაზე თუ როგორ ავუმაღლოთ ბავშვებს მოტივაცია.“   ავტორი: ნინი შაორშაძე ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი დაძლია. ძალოსანი გვესაუბრება მის ამჟამინდელ ემოციებზე, განცდებსა და სამომავლო გეგმებზე, გვიხსნის თუ რაში გამოიხატება ვარჯიშის განსაკუთრებული სირთულე, როგორი ურთიერთნდობა/ურთიერთდამოკიდებულება აქვს მწვრთნელთან და რისი დათმობა უწევს, წარმატებისთვის ბრძოლის სანაცვლოდ. გეგი, იშვიათ მდგომარეობაში ხარ, თუ გიხდება შენი თავისთვის თქმა, რომ „აი, ახლა თავში არ ამივარდეს!“ ? არა, ეს აზრი ჯერ არ გამჩენია. ისევ ისეთი ვარ, ჩვეულებრივი, როგორიც აქამდე. არ მგონია, ოდესმე რაიმემ იმდენად შემცვალოს, რომ „თავში ამივარდეს“. გეგი ამბობს, რომ ძალოსნობა ბავშვობიდან იტაცებდა. 10 წლის იყო, როდესაც საკუთარი ინიციატივით დაიწყო ვარჯიში. მშობლებიც მის სურვილს დაჰყვნენ და პირველივე დღიდან – დღემდე, მოტივაციას აძლევენ. „ჩემი არჩევანი იყო, თავად გადავწყვიტე, ინსპირირებული არავისგან ვყოფილვარ, მაგრამ თავიდან მომწონდა ეს სპორტი, ახლა კი – მიყვარს. მხარდაჭერა ყველასთვის და ყველა დროს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოჯახის მხრიდან და მე ამას ყოველთვის ვგრძნობ.“ მისივე თქმით, ძალოსნობა რკინასთან ჭიდილია და ძელის მიმართ, სხვადასხვა მომენტში, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ხან – მტრული, ხანაც – მეგობრული. „ძელი ჩემი მეტოქეა მაშინ, როდესაც ფიცარნაგზე ვარ, როცა ძალით უნდა ვაჯობო, რა თქმა უნდა, ჩემი კონკურენტია, თუმცა გამარჯვებას იმდენი დადებითი ემოცია მოსდევს, რომ მაშინვე ერთმანეთის მოკავშირეები ვხდებით“. როგორც გეგი ამბობს, სიმძიმის აწევა გაცილებით რთულია, ვიდრე უკვე აწეულის ჰაერში დაფიქსირება. შეკითხვაზე თუ რას გრძნობდა იმ 2-3 წამის განმავლობაში, როცა თავს ზემოთ 177-კილოგრამიანი ძელი ეჭირა, გვპასუხობს: „ერთადერთი განცდა სიხარულის მქონდა, სხვა არაფერი მახსენდება. გონება ერთადერთ რამეზეა კონცენტრირებული, რომ უნდა ასწიო და გაიმარჯვო. როდესაც ჯერ სწევ, შემდეგ კი აცნობიერებ, რომ იმარჯვებ კიდეც, რა უნდა განიცადო, გარდა სიხარულისა“. იგი პირადი მწვრთნელის, გიორგი გაბრიჭიძის მიმართ დამოკიდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი უკვე 7 წელია ეხმარება განვითარებაში, დახვეწასა და წინ სვლაში. „უამრავ სასარგებლო რჩევას მაძლევს, ძელის აწევის ტექნიკას კი შესანიშნავად მასწავლის“. გეგის აზრით, თუ სპორტსმენს სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი. „მქონია შემთხვევა, როდესაც ვერ წავსულვარ გასართობად, მეგობრებთან ერთად. უარი მითქვამს ექსკურსიაზეც. ჩემთვის ღირებულია მეგობრების გარემოცვაში ყოფნაც, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე, სპორტდარბაზის ეს სივრცე უფრო მნიშვნელოვანია“. ცნობილია, რომ ძალოსნობა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ოლიმპიადის პროგრამა კიდევ გადაიხედება. „ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვერ დავიჯერებ. დიდი იმედი მაქვს არ ამოიღებენ. არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან ძალოსნობა ერთ-ერთი წამყვანი და უძველესი სპორტია“ –  ამბობს გეგი. ბოლოს, გეგი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გვესაუბრა და დამწყებ ძალოსნებს, რამდენიმე რჩევაც მისცა: „მონდომება, შრომა და საკუთარი თავის რწმენა, ეს სამი არის უმთავრესი, როცა წარმატებაზე ვიწყებთ საუბარს და შემდგომ უკვე – სვლას. დამწყებ ძალოსნებს ვეტყოდი, რომ ჯერ თავიანთი თავები აღმოაჩინონ ამ სპორტში და არა მხოლოდ მოსწონდეთ ის, არამედ – უყვარდეთ. შემდეგ კი, მოინდომონ, ივარჯიშონ, რაღაც-რაღაცებიც დათმონ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ღირებულის მიღწევა სურთ“.   ავტორი ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

“მომწონს ის, რომ ეს სფერო ითხოვს მუდმივ განვითარებას. თუ გაჩერდი, დაიკარგები” – ასე ახასიათებს სოციალურ მედია მენეჯმენტს ანნა ტარუაშვილი, რომელიც ამ მიმართულებას 2019 წლიდან შეისწავლის და როგორც სოციალური მედია მენეჯერი, დღემდე ამ სფეროშია დასაქმებული. სოციალური მედია მენეჯმენტი სოციალური ქსელების სრულყოფილ ცოდნასა და მათ მართვას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე მენეჯერის მოვალეობა ძირითადად იმით განისაზღვრება თუ რამდენად დიდ და რა სახის კომპანიაშია დასაქმებული. მაგალითად, მცირე კომპანიაში შესაძლოა მას სოციალური ქსელების მართვის გარდა, ევალებოდეს კონტენტის, რეკლამების და ქოფის შექმნა. როგორც ანნა ტარუაშვილი აღნიშნავს, დასაქმების კუთხით სოციალური მედია მენჯმენტის ცოდნა საკმაოდ მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ თუ ციფრული მარკეტინგის სხვა მიმართულებებსაც შევისწავლით და ვფლობთ. “სოციალური მედია მენეჯმენტი საკმაოდ შემოსავლიანი და მზარდი შეიძლება იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ცოდნასა და გამოცდილებაზე. თვითონ სფერო იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ქართული ბაზარი არ გვაკმაყოფილებს, სხვადასხვა დასაქმების პლატფორმებით, შეგიძლია საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. ციფრული მარკეტინგის სხვა მიმართულებების შესწავლით კი, შემოსავლის გაზრდაც შეგვიძლია”.- აღნიშნავს ის. გარდა შემოსავლისა და დასაქმების მრავალი შესაძლებლობისა, სოციალური მედია მენჯმენტის შესწავლასა და შემდგომ ამ სფეროში დასაქმებას, ბევრი დადებითი მხარე ახლავს, მაგალითად კომფორტი – შესაძლებლობა იმუშაო ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან. როგორც ანნა აღნიშნავს, დაბრკოლება, სირთულე, რომელიც ამ სფეროში შეიძლება შეგხვდეს, ეს არის შენი არასწორი დამოკიდებულება სოციალური მედია მენეჯმენტისადმი, რომელსაც ხშირად ისე აღიქვამენ, როგორც დამატებით სამუშაოს. “სოციალური მედია მენეჯმენტი სფეროა, სადაც თუ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაყიდვა არ შეგიძლია, საკმაოდ გაგიჭირდება. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც სხვებზე დაკვირვების შედეგად მივხვდი რომ არსებობს, არის ის, რომ ზოგი ამ სფეროს აღიქვამს არა როგორც სრულყოფილ პროფესიას, არამედ დამატებითი შემოსავლის წყაროს. სინამდვილეში, ეს არის პროფესია, რომელიც ორ დღეში არ ისწავლება, მას  სჭირდება მუდმივი სწავლა, განვითარება და დაკვირვება”. თავად ანნა სოციალური მედია მენეჯერის პროფესიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც 2019 წელს საქველმოქმედო ჯგუფი შექმნა, რომელიც შემდგომში ჯგუფად და ორგანიზაციად იქცა. ამჟამად ანნა მუშაობს, როგორც ფრილანსერ ჟურნალისტი და ძირითადად მართავს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს, რადგან ქართულ ბაზარზე ეს სოციალური ქსელები ყველაზე მოთხოვნადია, იშვიათ შემთხვევაში ლინკდინიც. “საწყის ეტაპზე ვმუშაობდი სრულ განაკვეთზე, ამჟამად ვარ ფრილანსერი და ამასთანავე, მაქვს საავტორო კურსი, რომლის სილაბუსიც დროთა განმავლობაში დავხვეწე და სრულ კურსაც ვაქციე. ჩემი კურსი მოიცავს ცხრა შეხვედრას და ვასწავლი სრულიად ნულიდან, ამჟამად რიგით მეათე ნაკადს ვიღებ კურსზე”- ამბობს ანნა, სოციალური მედია მენეჯერი. სოციალური მედია მენეჯერების გარდა, ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ქოფირაითერებზე და ასევე, საკმაოდ ბევრი მსურველი გამოჩნდა შეესწავლათ ქოფირაითინგის მიმართულება. ქოფირაითინგის კლასიკური განმარტება მოიცავს წერას, რომელიც ასრულებს რეკლამირებისა და მარკეტინგის ფუნქციას. თავად ქოფირაითერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ტექსტს (ქოფის), რომელიც მიზანმიმართულია ბრენდის ცნობადობის გაზრდისკენ, პროდუქტის ან სერვისის გაყიდვისკენ. “დასქმების კუთხით, ქოფირაითინგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესია. პროფესიის გარდა, ეს არის უნარი, რომელიც  ციფრულ მარკეტინგში მომუშავე ბევრ ადამიანს გამოადგება. ქოფირაითინგი მოთხოვნადია გლობალურ ბაზარზე, მაგალითად Upwork-სა და სხვა მსგავს პლატფორმებზე ხშირად წააწყდებით კომპანიებს, რომელიც ეძებენ დამწყებ თუ გამოცდილ ქოფირაითერებს. “ დღეისათვის, კომპანიები აცნობიერებენ, რომ ქოფირაითინგი სჭირდებათ მარკეტინგის დეპარტამენტში და ნელ-ნელა იწყებენ ცალკეული კადრების აყვანას და პროფესიონალების ძიებას.” – აღნიშნავს მარიტა ფილაური, რომელიც უკვე ცხრა წელია ქოფირაითერად მუშაობს და უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის Digital bus, Academy, Founder, CENN, და Kastman&Friends. მარიტა ფილაური 18 წლის იყო, როდესაც მეგობარმა ურჩია Upwork-ის პლატფორმაზე ქოფირაითინგის მიმართულებით პატარა დაკვეთები მიეღო და ასეც მოიქცა. როგორც თავად ამბობს, ამან შესაძლებლობა მისცა ბევრი საინტერესო კლიენტი გაეცნო და ამასთანავე, გაანალიზა ისიც, რომ წერის უნარი, როგორც შემოსავლის წყარო ისე გამოეყენებინა. მარიტა ასევე აღნიშნავს, რომ გარდა შემოსავლისა, ქოფირაითინგის ერთ-ერთი დადებითი მხარე მოქნილი გრაფიკია. “9 წელია ქოფირაითინგზე ვმუშაობ და ამ პროფესიაში დღემდე ვინარჩუნებ დროისა და ადგილის მხრივ მოქნილობას. ადამიანები განვსხვავდებით და შესაბამისად, სხვადასხვა სამუშაო გარემო გვანიჭებს სიამოვნებას. ზოგს ოფისში მუშაობა უყვარს ან კაფეში, ზოგს კი სოფელში ან სულაც სანაპიროსთან, ტალღების წინ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროფესიაში მუშაობას მუდმივი განვითარება და სიახლეების მიღება სდევს თან”. როგორც მარიტა ფიქრობს, ქოფირაითინგი არამარტო მომავლის პროფესია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ უკვე აწმყოს პროფესიაც არის. “ციფრული მარკეტინგის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და მას მიჰყვება ყველა ცალკეული ელემენტი, მათ შორის ქოფირაითინგიც, რომელიც ყოველთვის ადაპტირდება თანამედროვე აუდიტორიის მოთხოვნილებებთან. “ რეკლამას ტექსტი ყოველთვის სჭირდებოდა, იქნებოდა ეს რადიოში, ტელევიზიასა თუ Facebook feed-ზე. ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას და რამდენად ახდენს გავლენას აუდიტორიაზე მორგებული, მიმზიდველი ქოფი. ეს არის პროფესია, რომლის ათვისებაც ახლა უნდა დავიწყოთ აქტიურად, რათა დანარჩენ ბაზრებს ავუწყოთ ფეხი” – ამბობს მარიტა ფილაური. საქართველოში, ჯერჯერობით, ხშირად ხდება ისე, რომ სოციალურ მედია მენეჯერს უწევს ქოფირაითინგის შეთავსებაც, ან პირიქით. თუმცა, კომპანიები ნელ-ნელა აანალიზებენ, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული პროფესიაა.   ავტორი: მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მასალა მომზადდა სასწავლო კურსის ფარგლებში “სოციალური საკითხების გაშუქება” ლექტორი: ოლიკო ცისკარიშვილი

უკრაინაში ომის 106-ე დღეა. ამ სტატიაში გაგაცნობთ 3 ქართულ ონლაინ-მედიასაშუალებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაშუქებულ ახალ ამბებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნეტგაზეთი UK-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ M270 სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კილომეტრამდე სამიზნეებზე დარტყმა, რაც „მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ძალებს“. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე, უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რასაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების მიწასთან გასასწორებლად“, — განაცხადა ბენ უოლესმა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელმა მერკელმა დუმილი დაარღვია და უკრაინაში რუსეთის ომს “ბარბაროსული“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მერკელმა პირველ ივნისს ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. Reuters-ის წყარო, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, ამბობს, რომ მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებისკენ გადასადგამ მომდევნო ნაბიჯებს. როგორც Tagesschau წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბერბოკს ღიად არ განუცხადებია კიევისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერა, ამ მხრივ მკაფიო სიგნალი გაგზავნა. “საკმარისი არაა ვთქვათ, თქვენი ადგილი ევროპაშია, თქვენი ადგილი ევროკავშირშია”, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა უკრაინასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტი იმუქრება, რომ რუსეთი ახალ სამიზნეებს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეზღუდული და ლოკალიზებული, მაგრამ წარმატებული კონტრშეტევების განხორციელებას რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ მთელ უკრაინაში, მათ შორის, დაიბრუნეს დიდი ტერიტორია სევეროდონეცკში — ლუგანსკის ოლქის ქალაქში, რომლის აღებაზეც კონცენტრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი. ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ გამოიყენონ სევეროდონეცკზე რუსეთის ფოკუსირება, რათა განახორციელონ კონტრშეტევები სხვა მიმართულებებზე, ხარკოვის ჩათვლით. უკრაინა “ჯალათების წიგნის” გამოცემას გეგმავს, რომელშიც თავმოყრილი იქნება მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და დამნაშავეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გუშინ, 7 ივნისს განაცხადა. რადიო თავისუფლება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება. პრეზიდენტს კონკრეტული სარაკეტო სისტემა არ დაუსახელებია, თუმცა, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს. აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების ნებისმიერი მიწოდება, მიუხედავად ვაშინგტონის არგუმენტებისა, ზრდის რუსეთის და აშშ-ის პირდაპირი შეტაკების რისკებს – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. 3 ივნისს მეასე დღე გახდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროის მონაცემებით, რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ. ამის შესახებ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამჟამად რუსეთის არმიის ინტენსიური იერიშების სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მის დიდ ნაწილს უკვე რუსეთი აკონტროლებს, უკრაინა წინააღმდეგობას განაგრძობს. პუტინის თქმით, ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულით უკრაინული გემების გავლის გარანტიას იძლევა, თუ კიევი ნაღმებისგან გაასუფთავებს ფარვატერს. პუტინი პირობას დებს, რომ ამ ვითარებას მოსკოვი სამხედრო შეტევისთვის არ გამოიყენებს. პოლიტიკოსი უარყოფს, რომ სურსათის ბაზარზე სიტუაცია რუსეთის გამო გაუარესდა და აცხადებს, რომ ნეგატიური დინამიკა საერთაშორისო ბაზარზე ომამდე დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ინტენსიურ შეტევას დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს შეახსენებს ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანმხლებ მოვლენას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას რუსეთის მიერ. ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა გემსაწინააღმდეგო შეიარაღებას ვერ მიიღებს, შემოდგომისთვის 75 მილიონი ტონა მარცვლეული ვეღარ გავა ექსპორტზე უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან. ფორმულა ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა, რათა დაეხმაროს უკრაინას “გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს”. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ცნობით, უკრაინაში ომი ინფლაციას გაზრდის და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას მინიმუმ შედეგი წლის ბოლომდე შეანელებს. უკრაინაში ომის 105-ე დღეა. საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ბომბავენ ქვეყნის აღმოსავლეთ ოლქებს. ტყვედაყვანილ უკრაინელ მებრძოლებს კი სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლებით ემუქრებიან. 100 ჯარისკაცი მარიუპოლიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. უკრაინა კი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. 438 მომხრე, 65 წინააღმდეგი – ევროპარლამენტი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. “ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი”, – ამბობს ზელენსკი. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ახლა რუსები აკონტროლებენ. ეროვნული გვარდიის მეთაურის, პეტრო კუზიკის თქმით, უკრაინულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის კონტროლისთვის იბრძვიან, კატასტროფულად აკლიათ საარტილერიო იარაღი. სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტრიუკის თქმით, უკრაინული ძალები ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ. ოკუპირებული ხერსონის ე.წ ლიდერმა, ვლადიმერ სალდომ Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთში ინტეგრაცია მიმდინარეობს. ავტორი: მარიამ ეგაძე, ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი

არაფორმალური განათლების გზით მიღწეულ წარმატებებსა და შესაძლო დაბრკოლებებზე 20 წლის იეკუბ ჩეპუი გვესაუბრება. იგი პოლონეთში, ქალაქ ზაბჟეში ცხოვრობს. იეკუბი დისტანციურად პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ განვითარებად კომპანიაში ფრონტენდ დეველოპერის (კომპიუტერული კოდირების სპეციალისტი) პოზიციაზე მუშაობს, თუმცა, კლასიკური განათლება არასოდეს მიუღია. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ინფორმაცია განსხვავებული, არაკლასიკური წყაროებიდან მიეღო და სწავლა ასე უფრო უმარტივდებოდა. „პროგრამირების შესწავლის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ეს იყო რაც, მართლაც, კარგად გამომდიოდა და რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მსურდა,“ – გვიყვება ახალგაზრდა დეველოპერი და გვიმხელს, რომ პროგრამირების შესწავლისთვის დრო სწორედ სასკოლო პროგრამის მარტივად დაძლევისა და უამრავი დროის გამოთავისუფლების ხარჯზე შეძლო. როგორც პოლონელი პროგრამისტი გვიამბობს, მისი მიზანი სულაც არ ყოფილა ბევრი ფულის გამომუშავება და ყველაფერი გასართობად დაიწყო. თუმცა, ეს ახალი საქმიანობა ფინანსურადაც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა და ახლა ის წლიურად საკუთარ მშობლებზე ორჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონური განათლების სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ სასკოლო ასაკში ახალგაზრდები დაეუფლონ პროგრამირების საბაზისო საფუძლვლებს, ამგვარი გამოცდილება ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პროგრამისტისთვის საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდა და ლამის სულ დააკარგვინა სფეროსადმი ინტერესი: „სკოლაშიც მქონდა შესაძლებლობა გამევლო პროგრამირება, როგორც არჩევითი საგანი, მაგრამ ეს სასარგებლო გამოცდილება სულაც არ იყო. პირიქით, მაშინ გაკვეთილებს ვერაფერი გავუგე და რაღაც პერიოდში ინტერესიც კი დავკარგე, დამეზარა.“ რესპონდენტის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ოჯახის წევრების დიდი ნაწილი მის არაკლასიკური განათლების გეგმას, სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა, ამას საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვაში ხელი არ შეუშლია. არც მისი „უდიპლომობა“ აღმოჩენილა არასდროს პრობლემა დამქირავებლებისთვის. იეკუბი იმასაც აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, მიუხედავად კომპანიების ახალ სტანდარტზე გადასვლის მცდელობისა, ბაზარზე კვლავ რჩებიან ინსტიტუციები, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია ტრადიციული, კლასიკური განათლება. მათთვის დიპლომიც და გამოცდილებაც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა პროგრამისტი კი ფიქრობს, რომ არაფორმალურ განათლებას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდერე ფორმალურს. „უნივერსიტეტები და სხვა ფორმალური სასწავლებლები ცდილობენ შექმნან ადამიანები რომლებიც იფიქრებენ ერთი და იმავე მეთოდით, ერთსა და იმავე გზას გაივლიან გადაწყვეტილების მისაღებად. ისინი ასწავლიან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემა ყველამ ერთნაირად, ამით კი კრეატიული აზრის გამოთქმის საშუალება იკლებს, სიახლის შექმნის ალბათობა მცირდება. ყველა ჩარჩოებში ფიქრობს და ვიცი ეს სულაც არაა განზრახ გამიზნული, ურალოდ როცა გყავს მენტორი და გაძლევს მითითებებს, შენ აღარ ცდილობ გამოიგონო ბორბალი თავიდან, რადგან ამას მზად მორთმეულს იღებ, თუმცა ასეთ დროს ბორბლის ახალი ვარიაციების შექმნის ალბათობას კლავ. სწორედ, დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ გახდე ყველაზე მიმზიდველი ბაზარზე, შენ გჭირდება უფრო მეტი დროის ინვესტირება საკუთარ თავში იმისთვის, რომ მიაღწიო მეტს.“ ახალგაზრდებს  კი რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებას, და შესაძლოა გრძნობენ ზეწოლას სოციუმის, ოჯახისა თუ გამოცდების სტრესის გამო, იეკუბი ურჩევს მიჰყვნენ საკუთარ ინსტინქტს „იპოვე ის რისი კეთებაც გსურს, მაშინაც კი თუ ძებნა დიდ დროს წაიღებს.“   ავტორი: ანანო ბლიაძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი მასალა მომზადდა სასწავლო კურსის ფარგლებში “საუნივერსიტეტო მედიაპლათფორმის პრაქტიკუმი I” ლექტორი – მარიამ ძაგოევი

გადაშლილ წიგნზე გაშლილი ფერადი სახლების ქალაქი, რომელსაც პატარა, თავგადასავლების მაძიებელი, მწვანეკაბიანი გოგონა, უზარმაზარი გასაღებით ხელში, აღტაცებით შესცქერის. 15 წლის გოგონას სწორედ ეს ნახატი გახდა ამ სტატიის ინსპირაცია.  „წიგნი და ჯადოსნური სამყარო“ ასე ჰქვია ნახატს, რომელმაც ნუცა ფურცელაძეს ფერად, ჯადოსნურ სამყაროში მომახვედრა და თქვენთვის გაცნობის სურვილი გამიჩინა. ნუცა თავისი ნახატებიდან შემოსული თანხის უმეტეს ნაწილს ბერი ანდრიას ფონდში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად რიცხავს. დარჩენილ თანხას კი საღებავებისა და ტილოების შესაძენად იყენებს. ოჯახი, რომელშიც ნუცა გაიზარდა ხელოვნებასთან ყოველთვის ახლოს იყო, ბებია – ელისო მარგველაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, ყოფილი მსახიობი, ყოველთვის აქტიურად იყო გორის კულტურულ ცხოვრებაში ჩართული, ნუცას დედა – სოფო ნარიაშვილი წლების განმავლობაში მრავალი კულტურული ღონისძიების, თეატრალური დადგმის ავტორი და ორგანიზატორი  გახლდათ. „ხელოვნება, თეატრი ყოველთვის ახლოს იყო ჩვენს ოჯახთან“ – ამბობს სოფო, როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ისიც, რომ ნუცას სამომავლო პროფესიად მსახიობობა აქვს შერჩეული. მისი დებიუტი სცენაზე 10 წლის ასაკში შედგა, როცა სოფოს ერთ-ერთ დადგმაში მთავარი როლის შემსრულებელმა გოგონამ, ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, თამაშზე უარი თქვა, ნუცა კი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ყველა რეპეტიციას ესწრებოდა და მიუხედავად იმისა, რომ თავად სოფოს არ უნდოდა მისსავე დადგმაში საკუთარი შვილისთვის მიეცა მთავარი როლი, მოცემულობამ სხვა გზა არ დაუტოვა, ასე ახდა ნუცას ოცნება. სცენაზე გასვლის მომენტს თვალებანთებული იხსენებს ნუცა – „სცენაზე გასვლისთანავე დამავიწყდა, რომ მე ნუცა ვარ, მაშინვე როლში შევედი და რეალურ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი, როცა წარმოდგენა დასრულდა და ტაშს მიკრავდნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ კარგი გოგო ვარ, ფოტოს გადაღება უნდოდათ, ძალიან კარგი გრძნობა იყო.“  წარმატებული დებიუტის შემდეგ იყო სხვადასხვა როლი, მათ შორის, ტყის ფერია „ზაფხულის ღამის სიზმარში“, შვიდფერა ყვავილი, და დიდი სიყვარული მაყურებლისგან. ნუცა ფიქრობს, რომ მსახიობობა, მისი ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი რამის სწავლასა და აღმოჩენაში დაეხმარება, მისი საოცნებო როლი კი დღეისათვის, ანა ფრანკია. „მე და ნუცა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ნუციკოსთვის რეალობა არასდროს გამიმარტივებია, მინდოდა ყოველთვის რეალურად შეეხედა სამყაროსთვის. ალბათ აქედან გამომდინარეა, რომ ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძებნა რთულ სიტუაციებში. ერთ-ერთ სპექტაკლზე, ბავშვს ტექსტი დაავიწყდა, ნუცა ამას მიხვდა, მე სცენაზე ვერ გავიდოდი, ბუნებრივია. წესით, იმ მომენტში ნუცას გამოსვლა არ იყო, მაგრამ როცა მიხვდა, რაც ხდებოდა, ერთი კულისიდან მეორეში, სცენის გავლით, ჩემამდე ცეკვა-ცეკვით მოვიდა, მითხრა ტექსტი მიკარნახე, დაავიწყდა, ჩავჩურჩულებ, შევახსენებო, ისევ ცეკვით გაბრუნდა და უხერხულობას გადაგვარჩინა.“ – იხსენებს სოფო.   ნუცას განსაკუთრებით სახლების ხატვა უყვარს, „ჩვენი კეთილი ქოხი“ თავად ელისო ბებოც ასე უწოდებს მათ სახლს. როგორც სოფო ამბობს, როცა ნუცა სახლს ხატავს ორ მნიშვნელოვან დეტალს ითვალისწინებს, საკვამურიდან აუცილებლად უნდა ამოდიოდეს კვამლი და ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდეს. „ფერადი სახლების ქვეყანა“ ასე ერქმევა ნუცას გამოფენას, როცა ამის დრო მოვა…“ ნუცას ფერადი სახლების ქვეყანაში ყველა ბედნიერია, ყველას აქვს თბილი კერა და ყველას სახლის ფანჯრიდან გამოდის სინათლე, ამიტომაა რომ მას თავის ნიჭისა და შრომის შედეგად მიღებული სარგებელი უანგაროდ ემეტება ყველასთვის, განსაკუთრებით,  მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. არ ავიწყდება და მადლიერია ადამიანების, რომლებიც მის კეთილ წამოწყებაში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის, მისი პირველი სტიმული – აფხაზეთიდან დევნილი, ნონა ვიკანი და მისთვის შესრულებული ნახატი – აფხაზური მიმოზები და დედის მეგობარი – თამთა გოგიძე, რომელიც ხის პალიტრებით ამარაგებს. მისი ოცნება ეიფელის კოშკის დახატვაა პარიზის რომელიმე შენობის ფანჯრიდან, საკურებზე შეყვარებულს, იაპონიის მონახულება ძალიან უნდა, განსაკუთრებით ყვავილობის დროს. ხატვის გარდა სხვადასხვა ნივთის მოხატვა, ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. „ნუცას რაღაც სხვანაირი ქარიზმა აქვს“ – ამბობს ელისო ბებო. ამ ქარიზმის დამსახურებაა, რომ ის ერთდროულად ახერხებს იყოს წარჩინებული მოსწავლე, მოხატოს სკოლის კედლები, დახატოს შესანიშნავი ნახატები, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროექტში, აქტიურად იყოს ჩართული ქალაქის ახალგაზრდულ ცხოვრებაში, ამ ყველაფრისთვის დრო სწორად გაანაწილოს, ენერგია არ დაიშუროს და წარმატებასაც მიაღწიოს, ასეთია ნუცა. როგორც ელისო ბებო ამბობს  „თუ შენს ნიჭს შრომასა და გარჯას არ მოაკლებ, წარმატება აუცილებლად მოვა.“   ავტორი: გვანცა გოგიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

თბილისის ერთ-ერთი ფერდის უდიდესი მონაკვეთი, რომლის 500 000 კუბური მეტრის მოწყვეტის საშიშროება დამდგარია და შესაძლებელია, ზარალითა და ფატალური შედეგით დასრულდეს. მიწის მოწყვეტის საფრთხე კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული. ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე ქანებს შორის დაწყებული ცვლილება დაახლოებით 19 მეტრის სიგრძისაა და სიგანე კი 5 მეტრს  აჭარბებს. ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური პირობები ხელისშემწყობია მეწყრული პროცესებისთვის. ამ ტერიტორიაზე რომ არ არსებობდეს არც ქალაქი და არც ადამიანი, მეწყრული პროცესები მაინც იქნება, მაგრამ გეოლოგები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რიგმა პროცესებმა საკმაოდ დააჩქარა კრიტიკული სიტუაცია. ფერდობიდან ნაპრალით გამოყოფილი ბლოკის სხვადასხვა უბანი განსხვავებული სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება. კერძოდ, გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მონაცემებით, გადაადგილების სიჩქარე მერყეობს 2.6-დან 5.5 სმ-მდე. მიღებული შედეგების დასაზუსტებლად ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მეწყერის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა. ასეთ შემთხვევაში, მეწყერი აზიანებს მაგისტრალური წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს. რის გამოც, მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყერის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც გაამარტივებს მეწყრის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) და, სავარაუდოდ, ღვარცოფული ნაკადი ჩამოყალიბდება. მეწყერულ-ღვარცოფული აქტივობა, სავარაუდოდ, მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანის და მაჭავარიანის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე, ზედა მეწყერის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყერის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩაზე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს. მეწყერის მოცულობიდან გამომდინარე, მოწყვეტილი მასა, თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასი იქნება. აუცილებელია, შევაფასოთ სრული სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს. შესაძლებელია, ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი კორპუსის ზემოთ არსებობს ქედი, რომელიც სამომავლოდ გარკვეული რისკების მატარებელი შეიძლება გახდეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის. საინტერესოა, დღეს როგორია ამ ადამიანების ცხოვრება. დღევანდელი მასალის უკეთ გაცნობაში დამეხმარა რესპონდენტი, რომელიც ცხოვრობს დაახლოებით 2 კილომეტრში ნუცუბიძე – ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზიდან, რაც დღეს მეწყერსაშიშ ტერიტორიად ითვლება. ვესაუბრებით ილონა ჩალიგავას.   მოგესალმებით ილონა. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამთანხმდი ინტერვიუს ჩაწერაზე. მოგეხსენება, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მედია ძირითადად ორიენტირებულია პოლიტიკასა და მის შიდა სამზარეულოზე. ის პრობლემა, რომელიც ასე მძაფრად მოქმედებს საზოგადოებაზე და, მით უმეტეს, იმ ადამიანებზე, ვინც ვაშლიჯვრის დასახლებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, დღეისათვის ძალიან მძიმეა. მაინტერესებს, როგორია შენი და შენი ოჯახის წევრების ყოველდღიურობა? მარიამ, გამარჯობა. გმადლობ, რომ გაინტერესებს ეს საკითხი და ცდილობ, საზოგადოებას დაანახო მისი აქტუალურობა. მგონია რომ უმეტესობა ამ თემის მიმართ გულმავიწყია. მე ვცხოვრობ დღევანდელი დღით, რადგან ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღის მოლოდინი აბსოლუტურად დამთრგუნავს. ღამე მეღვიძება და წარმოვიდგენ, ეს უშველებელი მასა როგორ მოდის ჩემი მიმართულებით და როგორ სრულდება ჩემი ცხოვრება წამის მეასედებში. ძალიან რთულია, მაგრამ დამეთანხმები, ადამიანი თანდათანობით ყველაფერს ეგუება. თავდაპირველად, ეს ყველაფერი მეტად სტრესული და გაუსაძლისი იყო, დღეს ვიცინი და რაღაც მაბედნიერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ქვეცნობიერი თანდათან ეგუება მომხდარს. თქვენი დამოკიდებულება ლოგიკურია და აბსოლუტურად რელევანტური. ილონა, მაინტერესებს, ეს ტერიტორია როგორ არის დასახლებული? კორპუსი, სადაც მე ვცხოვრობ, ხუთსართულიანია, დევნილების დასახლებაა. ჩემი კორპუსის ზემოთ დგას 16 სართულიანი შენობა, რომელიც, აგრეთვე, დევნილებით არის დასახლებული. შემოგარენში არის 10-15 კერძო სახლი. ამ ტერიტორიაზე ასევე სასტუმროებია, რომლებიც, მეწყერის შესახებ ამბის გაჟღერების შემდეგ, მე როგორც ვიცი, უფუნქციოა. 2021 წლის 23 მარტს აქცია გაიმართა, სადაც მოვითხოვეთ, რომ ევაკუაცია დაგეგმილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას გადავკეტავდით. აქციის სახელწოდება იყო „ხალხისთვის“. ანა დოლიძემ, რომელიც შემოგვიერთდა, საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ თითოეული აქ მცხოვრები ადამიანის მიზანი იყო ის, რომ მოგვესმინა სწორი პასუხები, თუ რა გველოდა ჩვენ და რა ელოდა მთას. ხელისუფლებისგან ვითხოვდით ინფორმაციას, მაგრამ მათი მხრიდან არ არსებობდა პასუხი, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ერთ ოჯახში? სიმართლე გითხრა, ოჯახში კონკრეტულ სულადობას ვერ დაგისახელებ, მაგრამ გეტყვი, რომ რადგან დევნილების დასახლებაა და ამ ხალხს საქართველოში საცხოვრებელი არ აქვს, თითო ოჯახში,, შესაძლებელია, 9 – 10 ადამიანი ცხოვრობდეს. მეტიც, ჩემს მეზობლად ერთ ოთახში მინიმუმ სამი ოჯახი მაინც ცხოვრობს, რაც წარმოუდგენლად მძიმეა. რა პრობლემები გექმნებათ იმის შემდეგ, რად ეს ნაპრალი აღმოაჩინეს? როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, დღესაც შეიძლება ღამე შფოთვით გამომეღვიძოს. მაგრამ თავიდან ეს სიტუაცია მეტად რთული იყო, საერთოდ ვერ ვიძინებდი. როგორც გითხარი, ღამე მესიზმრებოდა, როგორ მექცეოდა თავზე სამყარო, როგორ გავრბოდი სადღაც უმისამართოდ. დღეს თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არ მგონია, ბოლომდე არაადამიანები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ვფიქრობ, თუ რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, სადმე გადაგვიყვანენ. გზა, უმეტეს წილად, გადაკეტილია, ჩაბეტონებულია და სახლამდე ასვლას ვერ ვახერხებ. ზოგჯერ ფიქრებში წამომიტივტივდება ხოლმე, რომ ჩამოიშალოს, ნეტავ, მოვასწრებ თუ არა გაქცევას, სანამ მტკვარში დაგვრეცხავს და წაგვლეკავს მეწყერი?!. როგორ ფიქრობ, რამდენად საშიშია მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობა? მშენებლობის გარეშეც ჩნდება ნაპრალები. ლოგიკურია, რომ მიზანშეწონილი არ არის ამ ტერიტორიის დატვირთვა და „გათხრა-გამოთხრა“, როგორც ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბრძანებს“. მშენებლობები დღესაც გრძელდება? დაახლოებით 2-3 თვის წინ შეჩერებული იყო, დღეს რა სიტუაციაა, არ მაქვს ინფორმაცია. ხელისუფლების წარმომადგენელმა, ან თბილისის მერიამ თუ მოგაკითხათ თქვენი მდგომარეობის გასაცნობად? პირველ დღეებში იყვნენ, კი. მესამე პირები, მოადგილეები და ასე შემდეგ. მოვითხოვეთ, კალაძე მოსულიყო, მაგრამ არ დაგვდო პატივი. თავისი მოადგილე გამოუშვა, თვითონ კი ავადმყოფობა მოიმიზეზა. ასე გვითხრეს, თუ გამძაფრდებოდა სიტუაცია, ჩვენს ევაკუაციას მოახდენდნენ. მაგრამ ეს ნაპრალი თუ დაიძრა და მეწყერი მოწყდა, ეჭვი მეპარება, ამდენი ხალხის ევაკუაცია მოასწრონ. ბინების ფასი როგორია დღეს? როგორც მახსოვს, ბინის გაყიდვა გსურდა. დიახ, სწორი ინფორმაციაა. 78 კვ. ბინაა, მინდოდა, გამეყიდა. და იმ ფასად, რა ფასადაც ამ პერიოდში გაიყიდებოდა, 1 წლის ქირასაც ვერ გადავიხდიდი, მაგრამ ამაზეც თანახმა ვიყავი. სიკვდილს თვალებში ვუყურებდი და ბინის დარდი ნამდვილად არ მქონდა. მაგრამ არ არის ასე მარტივი ეს პროცედურა. ვერ გავყიდე ბინა. როცა აქ დავსახლდი, არ ვიცოდი, რომ რაიმე საფრთხე დამემუქრებოდა. არც ერთმა ადამიანმა, ვისთანაც შეხება მაქვს, არ იცოდა საფრთხის შესახებ. 5-6 წელში. ფასები ცალსახად დაეცა, რადგან აქ ნაღმია, რომელიც, არ ვიცით, როდის აფეთქდება. მერია რამეს თუ აკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად და პრობლემის გადასაჭრელად? იმისთვის, რომ თქვენ ყოველდღე საფრთხის მოლოდინში არ იყოთ? როგორც უკვე ვთქვი, ერთადერთი, რასაც გვპირდებიან, არის ის, რომ საშიშროების შემთხვევაში, აქედან გაგვიყვანენ. დღეს აქ არავინ გვაკითხავს, არავინ გვეხმაურება, არავინ გვირეკავს. ჩვენი განცხადებები, რომლებიც თვეების წინ შევიტანეთ მერიაში, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ერთი სიტყვით, ყოველდღე რაღაც ცუდს ველოდებით – ან გადავრჩებით, ან დავიხოცებით. მე და ჩემი ოჯახი რასაც ვხედავთ, არჩევანი მხოლოდ ორია.   ამ ინტერვიუთი, შევეცადე გადმომეცა ის მდგომარეობა, რაც დღეს არის თბილისის ამ ზოლში. ნუცუბიძის ფერდისა და ვაშლიჯვრის ტერიტორიის დამაკავშირებელ ზოლზე არის ბლოკური მეწყერი, რომლის შეჩერებაც წარმოუდგენელი ჩანს. მთელ ამ ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვადასხვა პროცესი, რომლებიც ჯერ ვიზუალურად არ დაიკვირვება. იგულისხმება მეზობელი ფერდობების დესტაბილიზაცია, რაც გამომდინარეობს გეოლოგიური მოცემულობიდან. ტექტონიკურად და გეოლოგიურად უმძიმესი სტრუქტურაა და ამ სტრუქტურაზე არასწორმა ჩარევებმა, შესაძლებელია, ბლოკური მეწყერი გამოიწვიოს. სწორედ ეს არის ის საფრთხე რაც მოსახლეობას ემუქრება. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის ის ორი კორპუსი, რომელზეც ინფორმაცია მოგვაწოდა ჩემმა რესპონდენტმა. საფრთხე ემუქრება, აგრეთვე, მიმდებარე

მარინა უშვერიძე სამოქალაქო განათლების კონსულტანტი და ორგანიზაციის „PH International – საქართველო“ წარმომადგენელია. ის უკვე მრავალი წელია საქართველოში სამოქალაქო განათლების ხარისხიანი სწავლებისა და სახელმძღვანელოებში არსებული საკითხების პრაქტიკულად განხორციელებისათვის მუშაობს. საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლება 15 წელია, რაც ისწავლება, თუმცა, მარინა უშვერიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ამ საგნის სწავლების ხარისხია და არა უბრალოდ სასწავლო პროგრამაში არსებობა. მათმა ორგანიზაციამ ბოლო ათწლეულის მანძილზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 1500-მდე სკოლასთან სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით იმუშავა და ახლა ამდენწლიანი გამოცდილების შედეგს გვიზიარებს – რა მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას? – თუ ჩვენ გვინდა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ამისთვის აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების მოქალაქეების კრიტიკული მასა. სამოქალაქო თვითშეგნებას ზრდასრულ ასაკში ვერ ჩამოიყალიბებს ადამიანი, ასეთი აზროვნება საბავშვო ბაღის ასაკიდან ყალიბდება და ერის კულტურის ნაწილი ხდება. თუ ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ ვიწრო პირადი ინტერესებით ცხოვრობს და საერთო საზოგადოებრივი საკითხები არ ადარდებს, ისინი დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ააშენებენ. სამოქალაქო განათლება სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ვისწავლოთ საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის კეთილდღეობაში, მოვთხოვოთ მთავრობას ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, გავაცნობიეროთ და შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობები და დავიცვათ ადამიანის უფლებები. როდესაც ხმას ვიმაღლებთ ადამიანის უფლებების დარღვევის, ან არადემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, ამით საერთო საქმეს ვაკეთებთ… იმ საერთო საქმეს, რომელშიც, საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანის ინტერესია. სწორედ იმის გაცნობიერება, რომ საერთო საქმე  თითოეული ჩვენგანის საქმეა, არის გადამწყვეტი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. – შეგიძლიათ, გაიხსენოთ წარმატებული პროექტების მაგალითები, როდესაც ბავშვებმა ამ საგნის ფარგლებში დაგეგმეს აქტივობები და რეალური შედეგი ნახეს? -სამოქალაქო განათლების სწავლებას პრაქტიკული საქმიანობის გარეშე არანაირი აზრი არ აქვს. სწორედ ამიტომ, პროექტები ამ საგნის ყველაზე სახალისო, საინტერესო და შედეგიანი ნაწილია. მოსწავლეები თავად ირჩევენ პრობლემას და პროექტის მეშვეობით მის მოგვარებას ისახავენ მიზნად. ისინი, ჩვეულებრივ, დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ამ საქმეს და ხშირად დგება სასურველი შედეგი. რამდენიმე მაგალითს ჩამოვთვლი: რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამოკითხეს მოსახლეობა და აღმოაჩინეს, რომ ბევრ ადამიანს მათი სკოლის მახლობლად მოძრაობა ფეხით მოსიარულეთათვის სახიფათოდ მიაჩნდა. მოსწავლეებმა წერილით მიმართეს რუსთავის მერიას და „ზებრა“ გადასასვლელის მოწყობა სთხოვეს. მათი აქტიურობის შედეგად, ქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა. სოფელ ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლასა და სოფელში არსებული გარემოს გაუმჯობესება დაისახეს მიზნად. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები გააცნეს. ამავე შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო სოფელში გარემოს გასაუმჯობესებლად. მოსწავლეთა ძალისხმევის შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში ნაგვის ურნები დადგა, ხოლო სკოლას 90 მარადმწვანე ნერგი გადასცა, რომელიც სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. ბუნებრივია, სკოლის გარემოს მოწესრიგების პროცესში სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. სამცხე-ჯავახეთში სოფელ მლაშეს სკოლის მოსწავლეებმა ჯერ საჭიროებების გამოიკვლიეს სოფელში, ხოლო შემდეგ პეტიციები მოამზადეს, ხელმოწერები შეაგროვეს და ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს. ამ მიმართვის შედეგად, სოფელში სპორტული ინვენტარით აღჭურვილი გარე სივრცე მოეწყო. სივრცის არსებობა მოსახლეობაში სპორტულ აქტივობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს. – რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში მასწავლებლების ჩართულობა? – სამოქალაქო განათლების ხარისხიანად სწავლების საქმეში მასწავლებლის როლი არის გადამწყვეტი. ეს არის ღირებულებითი სწავლება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ვინც სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ის თავად იყოს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე. მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება დღევანდელ საქართველოში ნიშნავს გამბედაობას, სიმართლისა და თანასწორობისთვის ბრძოლას, ძალაუფლების მქონე პირთათვის წინააღმდეგობის გაწევას იქ, სადაც შეიძლება ბევრმა ვერ გაბედოს ხმის ამოღება. აღზრდისას მაგალითის ძალა ძალიან დიდი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, პედაგოგებს უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრებათ. მართალია, პროექტებისთვის თემებს თავად მოსწავლეები ირჩევენ, მაგრამ პედაგოგის ხელშეწყობის გარეშე, პროექტის განხორციელება ძალიან რთულია. პროექტული სწავლება მასწავლებლის მხრიდან დიდ დროსა და ენთუზიაზმს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად. –  წლებთან ერთად, მასწავლებლების კომპეტენცია გაიზარდა? – სამოქალაქო განათლებას დღეს ბევრი მონდომებული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი ასწავლის. მრავალი მათგანი მუდმივად იმაღლებს კომპეტენციას, დანერგილია „პროფესიული გაზიარების კულტურა“. იმ პედაგოგების დიდი ნაწილი, რომლებთანაც ჩვენ წლების მანძილზე ვიმუშავეთ, ერთმანეთს კრიტიკოსად კი არა, გამოცდილების გამზიარებლად და კარგ მრჩევლად აღიქვამს. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი – პროფესიული ასოციაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე. ამ ორგანიზაციის კარი ყველა დაინტერესებული და მონდომებული პედაგოგისთვის ღიაა. რომ შევაჯამოთ, დიახ, ამდენი ძალისხმევის შედეგად, ნამდვილად გაიზარდა პედაგოგთა კომპეტენცია, თუმცა, ეს უწყვეტი და მუდამ განახლებადი პროცესია. – რამდენად პასუხობს სახელმძღვანელოები თანამედროვე გამოწვევებს? – ვფიქრობ, რომ ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო ვერასდროს უპასუხებს ყველა გამოწვევას. ნებისმიერი საგნის და, მით უფრო, სამოქალაქო განათლების სწავლებისას უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ბევრი სხვადასხვა წყაროდან მოიძიონ საჭირო ინფორმაცია. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საკლასო ოთახში განხილვას. თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე იმ მოვლენას არ ვეხმაურებით, რაც საზოგადოებას აწუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საგანს მხოლოდ ფორმალურად ვასწავლით. – სამოქალაქო განათლების ფარგლებში სქესობრივი განათლების კომპონენტიცაა განსაზღვრული. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხების მოსწავლეებისთვის მიწოდება?   -სქესობრივი განათლება ასე პირდაპირ სამოქალაქო განათლების თემა არ არის, თუმცა, ხარისხიან სამოქალაქო განათლებას ბავშვებისა და მოზარდების ინტერესების დაცვა ამ მხრივაც შეუძლია. მაგალითად, სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი თემაა ნაადრევი ქორწინება, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა. ეს თემა უპირისპირდება იმ მახინჯ პრაქტიკას, რომელიც დღემდე არის საქართველოში შემორჩენილი. სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ხშირად საზოგადოებაში ფართოდ გამეფებული სტერეოტიპების წინააღმდეგ წასვლა უწევს. იყო შემთხვევები, როდესაც პედაგოგმა არასწრულწლოვანი გოგონას იძულებითი ქორწინება გააპროტესტა, რასაც სოფლის მხრიდან ამ პედაგოგის მიმართ დიდი რისხვა მოჰყვა. ის მამაცი ადამიანი, რომელიც ამას ბედავს, მოსწავლეებისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვის მაგალითი და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტის შემქმნელია. – რის გაუმჯობესებას ისურვებდით სკოლებში სქესობრივი განათლების მიმართულებით? – რაც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, ვისურვებდი, რომ სკოლებში ბიოლოგიის გაკვეთილზე ან, უბრალოდ, მოსწავლეებთან ექსპერტების შეხვედრის ფორმატში, უფრო ღიად ხდებოდეს ამ საკითხებზე საუბარი. სწორი ინფორმაციის დეფიციტი უამრავ არასასურველ მოვლენას იწვევს ბავშვისა და მოზარდის ცხოვრებაში.მაგალითად, ბავშვმა ხშირად არც კი იცის, რა არის სექსუალური ძალადობა, უცხო პირის მხრიდან როგორი ქცევაა მიუღებელი და როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ასეთ ქცევაზე. სწორედ ამ ინფორმაციული დეფიციტის გამო, დღემდე არაერთი ბავშვი და მოზარდი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. – ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ, შეაფასეთ, რა იყო ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო განათლების ხარისხიანად სწავლების მთავარი მიღწევა? – მთავარი მიღწევა არის ის, რომ სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლების როლი და მოსწავლეთა ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროექტულ სწავლებაზე აქცენტი გაძლიერებულია ბოლო ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა. უკვე ბევრმა სკოლამ დანერგა პროექტული სწავლება. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს განხორციელებული პროექტების ხარისხს. რიგ სკოლებში პროექტული სწავლების ხარისხი ჯერ კიდევ დასახვეწია. ხშირად საგნის მიმართ სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. იქ, სადაც სკოლის დირექტორს ესმის სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, სამოქალაქო განათლება უკეთ ისწავლება, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც სამოქალაქო განათლებას ჯერ კიდევ „საათების შემავსებლის“ ფუნქცია აქვს. საბედნიეროდ, ასეთი სკოლების რიცხვი დღითიდღე მცირდება.   ავტორი:  თამარ იაკობაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ციფრული მედია და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ინტერვიუ მომზადდა სასწავლო კურსის “ინტერვიუ ციფრულ

,,წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და ყველა ხავსი, ზანდურის სახლისკენ მიმავალ გზაზე მყარი შემხვდა“ მანონი ახვლედიანი ზანდურის სახლის დამფუძნებელი   მოგვიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ?  მე ვარ მანონი ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშიდან. ვარ პედაგოგი. სხვადასხვა საქმიანობას ვეწევი, მაგრამ ყველაზე პირველი საამაყო საქმე ბავშვებთან და სკოლასთან ურთიერთობაა. ვარ ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ღვირიშისა და ნაკურალეშის თემიდან. კიდევ ვარ ,,ზანდურის სახლი“-ს დიასახლისი, დამფუძნებელი და შემქნელი.  ,,ზანდურის სახლი“ ჩემი მესამე შვილია. რა არის ზანუდრი და რატომ ,,ზანდურის სახლი“?  ზანდურის სახლი ტურისტული სივრცეა, რომელიც მოიაზრებს ეთნოგრაფიულ საოჯახო მუზეუმს ხორბლისას და ღვინისას. აქ არის საოჯახო მეურნეობა, სადაც სტუმრებს ვაცნობთ ლეჩხუმურ ტრადიციებს, ლეჩხუმურ ყოფა-ცხოვრების წესს. ,,ზანდურის სახლში“ ვეწევი უძველესი ხორბლის ენდემური სახეობების აღდგენა-პოპულარიზაციას. მსოფლიოს 20 სახობის ხორბილიდან 5 ქართულია და ხუთივეს საცდელი-სადემონსტრაციო ნაკვეთები მაქვს. როდესაც სტუმრები მოდიან, ხორბლის შესახებ ინფორმაციას ვუზიარებ. ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ 5 ქართული სახეობიდან 4 ლეჩხუმის ენდემური სახეობაა. რას ნიშანავს ეს, იცით?  როდესაც დაიყწეს მისი შესწავლა და კლასიფიკაცია, მხოლოდ ლეჩხუმში აღმოაჩინეს, თორემ, ცხადია, რომ ეს სახეობა ასე ვიწრო არეალში ვერ ჩამოყალიბდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ზანდური ხორბლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და მის აღდგენა-პოპულარიზაციას ვეწევი, ჩემმა მეგობარმა და გულშემატკივარმა მითხრა, მეურნეობას ზანდურის სახლი დაარქვი, ყველაზე ლამაზი ეს იქნებაო.   ,,ღვირიშს რომ მოხვიდოდი და იტყოდი  ფარის ცოლიკოური, უნდა დაგალევინოო-ეს ნიშნავდა, რომ ღვინო იქნებოდა საუკეთესო“     როგორია „ზანდურის სახლში“ ცოხვრების ერთი დღე, სტუმართან ერთად და სტუმრის გარეშე?  როცა სტუმრები არ გვყავს, ეს არის შრომით, ფიზიკური აქტივობებით დატვირთული დღე. ამ დღეს ვუვლი ბაღს, ვენახს, ბოსტანს. ვალაგებთ, სამზარეულოსა და მარნის მოწესრიგებას ვუთმობთ დროს. ვცდილობთ, გავიხსენოთ ლეჩხუმური სამზარეულოს ნიუანსები, რაც ძველია და ტრადიცულია და ახლებურად მივაწოდოთ სტუმარს. მარნის მოწყობა კიდევ ცალკე საკითხია. შარშან და შარშაწინ რამდენიმე სახეობის ცოლიკოური დავაყენე ფარის, ლატაფის და ჩემი ეზოს ყურძნით. მოვიწონებ თავს და მინდა გითხრათ, რომ დავწურე ორბელური ოჯალეშიც. მაქვს ალუბლის ღვინო, რომელმაც განაასკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში ერთი ადამიანი წერდა, რომ მისი სტუმარი ალუბლის ღვინომ დააბრუნა საქართველოში და ეძებს მას. მეც ვუპასუხე და ვუთხარი, რომ თუ მოვიდოდა, ვაჩუქბდი. მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა, გავუგზავნე, სანაცვლოდ კი პასუხი მოვიდა, რომ 6 ბოთლი ღვინის შესყიდვას გეგმავს. როცა სტუმრები მოდიან, უკვე სხვა კუთხით ვარ დატვირთული. ამ დღეს მთელი ემოციით და განცდით ვცდილობ, რომ სტუმარს ,,ზანდურის სახლი“ მოვაწონო. უკვე გიდობაც შევისწავლე. ჩემი საუბრის ფონზე ვატარებ სტუმრებს ეზოში, მარანში, ბეღელში და ვუყვები ისტორიას, როგორ შევქმენი ,,ზანდურის სახლი“, ისტორიას, რომელიც ცხადად გადამხდა თავს და ეს მათ ძალიან მოსწონთ. ერთმა სტუმარმა მითხრა, მე შენ გამო დავბრუნდი აქო. პირველად ცოტა მეწყინა, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, მთლად არც საწყენი იყო. მინდოდა, ,,ზანდურის სახლის“ სანახავად დაბრუნებულიყო, თუმცა, მითხრა, რომ შენ ხარ ზანდურის სახლიო და მომეშვა.   ხშირად უსვამთ ხაზს ლეჩხუმისთვის დამახასიათებელ ენდემურ ნიშან-თვისებებს, გაქვთ თუ არა რაიმე ხელშესახები ნივთი უძველესი დროიდან ,,ზანდურის სახლში“? დავიწყოთ იმით, რომ ,,ზანდურის სახლი“ – ხორბლის მუზეუმი, ბეღელი და ღვინის ეთნოგრაფიაა. რადგან ზანდურის სახლია და ძირითადი მიმართულება ხორბალია, შემიძლია გესაუბროთ ზანდურის მოყვანა-წარმოებაზე. ზანდურის ყანას  ამუშავებდენენ კავით.  ის არ იყო დიდ ტერიტორიაზე დათესილი, რადგან რთული მოსაყვანია, კილიდან რთული გამოსაღებია. თუმცა, ზანდურის პური ითვლებოდა სამეფო პურად.  ერთმა მეზობელმა მითხრა, ლეჩხუმში რაც ზანდურის პური მოჰყავდათ, მოსკოვში, კრემლში სტალინთან მიდიოდაო. მე ვფიქრობ, რომ ეს მითი არ არის და სინამდვილეა. ზანდურის პურს ისეთივე შემცველობა აქვს, როგორც ფუტკრის რძეს. ამ კუთხით, ჩემი ბეღელი ძალიან საინტერესოა. მაქვს ,,საცეხველი“, რომლითაც პურს ცეხავდნენ. ეს არის უძველესი ქვა, რომელიც თასისებრი ფორმისაა და განსაკუთრებულად დამუშავებულია. აქვე  მაქვს ,,შნაკვი“, ზანდურის ასაღები არქაული ხელსაწყო, რომელიც ჩვენ და ბასკებს გვქონდა, თურმე, ესპანეთში მცხოვრებ ხალხს. ხორბლის ასაღები მარტივი და გენიალური  ხელსაწყოა. ორი ჯოხისგან შედგება, რომლებიც ძაფით არის გადაბმული და დღესაც კი ამ შნაკვით ვიღებ ზანდურს. მაქვს ხორბლის გასაცხრილი საშუალებები, ,,ძღავი“ და ,,კაკაბა“. ამ ნივთების სახელწოდება დღეს ქართულ ენაში დაკარგულია, თუმცა, მე უკვე 5 ცალი მაქვს, მართალია დაზიანებული, მაგრამ სანიმუშოა. მაქვს განსაკუთრებული ნივთი ,,წისქვილის უძველესი წინაპარი“, ფორმით ლავაშს ჰგავს. როდესაც პირველი ინგლისელი სტუმარი მყავდა, რომ ნახა ჩვენი ლეჩხუმური ფორმის ქვა, თქვა, რომ ეს იყო წისქვილის ქვის უძველესი წინაპარი, რომლის ანალოგი მექსიკისა და თბილისის მუზეუმში ჰქონდა ნანახი. ბეღელში ასევე ვინახავ ქოთნებს, ხის გობებს, ბათმანს, ყურიანას. განსაკუთრებით მიყვარს ,,წიფღა“ რომელიც მხოლოდ ჩვენთვის, ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი საწყაო ჭურჭელია.   სოციალურ ქსელში თქვენთან დაკავშირებით გაჩნდა ასეთი ფრაზა: ,,საუბრიდანვე ჩანს, რომ ეს ლეჩხუმელი ქალი გმირია.“ თავად როგორ შეაფასებთ ლეჩხუმში თქვენს საქმიანობას,  არის თუ არა ,,ზანდურის სახლი“, სკოლაში მუშაობა, სათემო საქმეებში ჩართულობა და ტურიზმის პოპულარიზაცია გმირობის ტოლფასი?  …რა ვიცი, გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრჯერ მოვისმინე ჩემი მისამართით ეს სიტყვები და… ასე ვფიქრობ ხანდახან, ძალიან გაზვიადებული ხომ არ არის, ან ზდმეტი ქება ხომ არ გამოდის-მეთქი. მაგრამ თუ გადავხედათ, რა ტიტანური შრომა გავწიე, ალბათ, შეიძლება ამას გმირობა ეწოდოს. 3 წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, ამდენი რამ გექნებაო (რაც დღეს მაქვს), ვერაფრით ვერ დავიჯერებდი. თუ ფული გაქვს და უკეთესი საყრდენი გყავს, საოცრებებსაც გააკეთებ. მაგრამ იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც მე მაქვს, მათ შორის, ვგულისხმობ ჩემს განათლებას ტურიზმის სექტორში, რაზეც არანაირი წარმოდგენა არ მქონდა; ასევე, არ მქონდა წარმოდგენა მშენებლობაზე, ეზოს დიზაინზე, არ ვიცოდი, ხორბალი როგორი იყო. პირველად ხრობალი ვნახე, ჩემს ეზოში რომ ამოვიდა. თუნდაც, ვაშლის ბაღი რომ გავაშენე, – ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა. მე, როგორც არაპროფესიონალი, ყველა ნაბიჯზე ვაწყდებოდი დაბრკოლებებს, რომლებიც უნდა გადამელახა. თორემ, რა ხარჯსაც გავწევდი, იქ თუ წარუმატებლობას მივიღებდი, ჩემთვის, დაქცევის ან გაკოტრების ტოლფასი იყო. ჩემი ყველაზე დიდი გმირობა, იცით, რა იყო? მეფუტკრეობა რომ დავიწყე. ისე მეშინოდა ფუტკრის, რომ მამა თუ მეტყოდა, მომეხმარეო, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვერ ვეხმარებოდი. გათხოვების შემედგ, მამამ მაჩუქა ფუტკარი, რომელსაც ჩემი მეუღლე უვლიდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მეუღლე გარდაიცვლა, 4 ოჯახი ფუტკარი დამრჩა. მეხმარებდნენ მეგობრები და ბოლოს გადავწყვიტე, რომ დიდი მეფუტკრე გავმხდარიყავი. დავძლიე ყველა შიში. ფუტკრის შიში ვისაც არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, ეს რა არის. ინტერნეტის დახმარებით მოვიპოვე ცოდნა და ერთ წელში ,,დედების გამოყვანა“ დავიწყე, შედეგად, 65 ოჯახი მივიღე. დამოუკიდებლად ტონა-ნახევარი თაფლი მოვიწიე.  ,,პიროვნულად მომეხსნა გარკვეული კომპლექსი, რამაც სულიერი თავისუფლება მომანიჭა“  როგორი იყავით „ზანდურის სახლის“ დიასახლისობამდე და როგორი ხართ ახლა? რა ცვლილებას ხედავთ საკუთარ თავში, როგორც ქალში, დედაში, დიასახლისში?  დიდი პიროვნული ცვლილებები მოხდა ჩემში. ადამიანი არის ხასიათი და ემოცია. მანამდე ვიყავი ძალიან მორიდებული და თავმდაბალი. თავმდაბალი ახლაც ვარ, ვფიქრობ, თავმდაბლობა ჩემი ყველაზე ლამაზი თვისებაა. აქამდე კომპლექსებით ვიყავი დახუნძლული, მორიდებული, მოხათრებული. საუბრისაც კი მეხათრებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩუმად ყოფნას ვამჯობინებდი. მიზანსწრაფული სულ ვიყავი და ვარ, რომ არ ვყოფილიყავი ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. როდესაც სტუმრების მიღება დავიწყე, მივხვდი, რომ უნდა გადამელახა ეს სიმორცხვე. როდესაც გადავწყიტე, რომ გიდობა გამეწია სტუმრებისთვის, ჩემთვის ძალიან ძნელი და ემოციურად მძიმე იყო. პირველ ეტაპზე, სტუმრების გამასპინძლების შემდეგ, მკვდარ-ცოცხალი ვიყავი ემოციური დაძაბულობისგან. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ

თაზო ზარიძე ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, მედიისა და კომუნიკაციის განხრით. მან 2021 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი აიღო და გადაწყვიტა, რომ  მაგისტრატურაზე სწავლა ბუდაპეშტში გაეგრძელებინა. თაზო, რამდენადაც ვიცი, ბაკალავრის ხარისხის მიღების  და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტე, რომ სწავლა უცხოეთში გაგეგრძელებინა. რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე? შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად – რომელმაც, ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა – ვმუშაობდი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში. უფრო ახლოდან ვაკვირდებოდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჟურნალისტების მუშაობის პრინციპს, თუმცა, გარდა ქართული მედიისა, დასავლურ ჟურნალისტიკასაც  ვადევნებდი თვალს და ყოველთვის მსურდა, ახლოდან გამეცნო ის ჟურნალისტური პრინციპები, რომლებზეც დგას დასავლური მედია.  ამიტომ,  მქონდა სურვილი, რომ გაცილებით მეტი გამეკეთებინა და ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ საერთაშორისო ჟურნალისტიკასთან ახლოს მივსულიყავი, იყო სწორედ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. ძალიან ბევრ აბიტურიენტს თუ კურსდამთავრებულს სურს სწავლის სხვა ქვეყანაში გაგრძელება და ბევრს აინტერესებს, რა არის საჭირო ამისთვის. შენ რა გზა გაიარე, სანამ საბოლოოდ სწავლას ბუდაპეშტში გააგრძელებდი? რეალურად, მგონია, რომ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სტუდენტებს შუძლიათ სწავლა სხვადასხვა პროექტით დაიფინანსონ და სტიპენდები ნებისმიერ აკადემიურ ხარისხზე მიიღონ. შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც სურს, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდეს, პირველ რიგში სჭირდება მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან ეს პროცესი, დროსთან ერთად, ბევრ წვალებას მოითხოვს. ზოგადად, დამღლელია აპლიკაციის პროცესი – იქნება ეს ენის სერტიფიკატის აღება, უნივერსიტეტის მისაღები ინტერვიუ თუ ა.შ.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან, ვისაც სწავლის გაგრძელება სხვა ქვეყანაში სურს,  კონსულტაცია გაიაროს ძალიან კომპეტენტურ ადამიანთან, რომელსაც ექნება თეორიული ცოდნა, სად ისწავლება მისთვის სასურველი პროფესია ყველაზე კარგად, რომელი უნივერსიტეტი იქნება უკეთესი, ვინ დააფინანსებს მის სწავლას, რადგან დაფინანსების გარეშე სწავლა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შემდეგ უკვე მარტივი იქნება იმის გადაწყვეტა, თუ რომელ უნივერსიტეტში გიღირთ სწავლა ბიუჯეტის მიხედვით. საქართველოში ჩაბარებული გამოცდების გარდა, კიდევ რა არის აუცილებელი, რომ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა? ყველა უნივერსიტეტს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. ჩემს შემთხვევაში საჭირო იყო სამოტივაციო წერილის დაწერა, რომელსაც ჩემმა უნივერსიტეტმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია. სამოტივაციო წერილს სიტყვების შეზღუდული რაოდენობა აქვს, თუმცა, აბიტურიენტმა ან კურსდამთავრებულმა ამ შეზღუდულ რაოდენობაში კარგად უნდა  წარმოაჩინოს თავისი თავი. ამის გარდა, გავიარე მისაღები ინტერვიუ, სადაც კითხვები დამისვეს ჩემს სამოტივაციო წერილთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მკითხეს იმ თემის შესახებაც, რომელზეც  საბაკალავრო ხარისხი დავიცავი.  ამასთან, მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი და უარყოფითი მხარეები. შერჩევის პროცესში. ასევე, გაითვალისწინებენ იმ გამოცდილებას, რაც აქამდე დაგროვილი გაქვთ თქვენს სფეროში.   ინტერვიუს გავლის დროს, რას უფრო აქცევენ ყურადღებას – დაგროვილ  გამოცდილებას თუ შენს შეხედულებებს ? ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერს ექცევა ყურადღება. სასურველია, გქონდეს „IELTS“-ში  კარგი ქულა და თქვენს სფეროში დაგროვილი გამოცდილება. მე პირადად, „IELTS“-ის  ჩაბარება ბუდაპეშტში მომიხდა. უნივერსიტეტმა, ამ მხრივ, დრო მომცა და ხელი შემიწყო. გააჩნია უნივერსიტეტს, თუ სად ჩააბარებ. თუმცა, ყველა კრიტერიუმი, რომელიც უნივერსიტეტის მხრიდან იქნება წარმოდგენილი, სასურველია, მაქსიმალურად დააკმაყოფილოთ. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება გქონდეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მაგისტრატურაზე აბარებთ, რადგან თემებს, რომლებსაც დაამუშავებთ, აუცილებლად დასჭირდება საბაზისოზე მეტი ცოდნა. შენი გადმოსახედიდან, რამდენად რთული ან მარტივია უცხო ქვეყნის  უნივერსიტეტში ჩაბარება? რთული და დაუძლეველი არაფერი არ არის. ალბათ, უფრო მეტად სტრესულია იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში რასაც აკეთებ და შრომობ, არ იცი, რა შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტების ძიების პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბიუჯეტსაც. მე გამიმართლა, რადგან დაფინანსება ჩაბარების პერიოდში მოვიპოვე. თუმცა, უნივერსიტეტის მოძებნის პროცესში ძალიან ცოტა წვლილი მიმიძღვის. ახლობელმა მირჩია, რომ აქ ჩამებარებინა.  აქედან გამომდინარე, ყველა პროცესი ერთად რომ აიღო, უფრო მეტად სტრესული და შრომატევადია, ვიდრე რთული.  მე ზედმეტად  მოვინდომე იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა წასვლა  და, რა თქმა უნდა, შრომატევადი და სტრესული პროცესი გავიარე. იმის შემდეგ, რაც სწავლის გასაგრძელებლად ბუდაპეშტში გადახვედი საცხოვრებლად, რა სირთულეებთან მოგიხდა გამკლავება? ზოგადად, მგონია, რომ როცა ადამიანები, თუნდაც, სამოგზაუროდ მიდიან ერთი კვირით, მაშინაც კი კულტურულ შოკში არიან. სანამ მე სწავლა დამეწყებოდა, ბუდაპეშტში 15 დღით ადრე ჩავედი. შესაბამისად, დავათვალიერე ქალაქი, გავიცანი ბევრი ადამიანი და პირველი გრძნობა, რაც მქონდა, იყო ის, რომ ძალიან მიხაროდა. ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. პირველი ერთი თვე აღფრთოვანებული დავდიოდი და ძალიან ამაყი ვიყავი საკუთარი თავით, რომ ეს შევძელი. ერთი თვის მერე, როდესაც ჩემი კულტურული შოკი დამთავრდა, დამეწყო სტრესი, განსაკუთრებით სწავლის პარალელურად,  რადგან  ჩემს უნივერსიტეტში რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდათ და, ზოგადად, სწავლაც განსხვავდებოდა საქართველოსგან. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, გგონია, რომ იცი შენი პროფესია და რაღაცას მაინც თავს გაართმევ. თუმცა, ძალიან ბევრ ახალს სწავლობ. შესაბამისად, როდესაც ერთიანად გაწვება ეს სიმძიმე თავზე – ახალი ქალაქი, ახალი  მეგობრები, ახალი უნივერსიტეტი და თან როდესაც ხარ მარტო უცხო ქვეყანაში – ძალიან სტრესულია. მე რადიკალურად შევიცვალე და დავისტრესე იმიტომ, რომ სულ ვმეცადინეობდი. გრაფიკმა ძალიან გადამღალა. საქართველოში ყოფნის დროს, სწავლასთან ერთად, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ არასდროს მქონია შეგრძნება, რომ  დასვენება მინდოდა და აქ სწავლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე უკვე ორგანიზმი მთხოვდა ყველანაირ დასვენებას, ფიზიკურსაც, ფსიქოლოგიურსაც და ა.შ. ეს იყო ჩემს შემთხვევაში, თუმცა, არიან სტუდენტები, რომლებსაც სტრესი საერთოდ არ აქვთ და ბედნიერად ცხოვრობენ. როდესაც უცხო ქვეყანაში გადადიხარ საცხოვრებლად, შესაბამისად, სხვა ენაზე გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია და, ასევე, სწავლაც. რამდენად რთულია ასე მოკლე ხანში უცხო ენაზე ადაპტირება? კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დაძლევადი და შედარებით მარტივი ეტაპი. თვითონ სტუდენტებიც ძალიან კომუნიკაბელურები არიან. როდესაც მარტო ჩადიხარ,  ხვდები, რომ მეგობარი არავინ გყავს  და ვინმე უნდა გაიცნო. შენს თავსაც აიძულებ, რომ საკუთარი კომპლექსები (თუნდაც, ის, რომ ვერ ლაპარაკობ, ან შენი აქცენტი არ მოგწონს), დაძლიო. როდესაც ამას შეძლებ, მერე უკვე თავისუფლად საუბრობ ინგლისურად. სწორედ ამიტომ, ეს ყველაზე მარტივად გადასალახი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად,, შეიძლება მაქსიმუმ, სამი თვე დაგჭირდეს. რაც შეეხება ინგლისურად სწავლას, სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან შეგუების შიში მქონდა ნამდვილად. თუმცა, პირველი ლექციიდან რომ გამოვედი, ჩემს მეგობარს ვუყვებოდი,, რა ხდებოდა ლექციაზე  და შემდეგ რომ დავფიქრდი საერთოდ არ მქონდა განცდა, რომ ლექცია სხვა ენაზე ჩატარდა. რა თქმა უნდა,  ნერვიულობის ეტაპი არის, სანამ სწავლა დაგეწყება, თუმცა, როგორც კი პირველ ლექციაზე  შეხვალ მიხვდები, რომ ერთადერთი არ ხარ, ვისაც შეიძლება რაიმე კომპლექსი ჰქონდეს. რითი განსხვავდება ბუდაპეშტის სტუდენტური ცხოვრება საქართველოს სტუდენტური ცხოვრებისგან? ბუდაპეშტის სტუდენტური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ჩემს შემთხვევაში იმდენად საინტერესოდ არის პროგრამა აგებული, რომ გაინტერესებს, მიჰყვები და სწავლობ. ბუდაპეშტის სტუდენტური ცხოვრება არის ძალიან ლაღი, თავისუფალი და, ამასთან, ძალიან აკადემიური. ეს სწავლის პროცესში მეხმარება, რადგან დისციპლინა გამოვიმუშავე. მგონია, რომ ქართველი სტუდენტები რაღაცნაირად ჩარჩოებში არიან მოქცეულები, თუმცა, განათლების ის სისტემა, რომელსაც საქართველო ქართველ სტუდენტებს სთავაზობს, ამ ჩარჩოებსაც გულისხმობს. ბუდაპეშტში ძალიან თავისუფლები ვართ ყველაფერში., თუნდაც ლექტორის და სტუდენტის დამოკიდებულებაც სხვანაირია. აკადემიური სივრცეც ბევრად განსხვავებულია. გასული საუკუნის მკაცრი მიდგომები, რომლებიც ახასიათებთ ხოლმე ლექტორებს საქართველოში, აქ ნამდვილად არ არის. რა მოლოდინები გაქვს  უცხო ქვეყანაში სწავლასთან დაკავშირებით? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდოდა გამეკეთებინა საზღვარგარეთ სწავლის დროს, იყო მუშაობა და ვმუშაობ საერთაშორისო


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting