შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 15
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები “ფოტოჟურნალისტიკის” ლექციების ფარგლებში გრემში, სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გრემში, სტუდენტები სარეაბილიტაციო ცენტრ “თანადგომის” ხელმძღვანელს შეხვდნენ, რომელმაც სტუმრებს განუცხადა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებთან მუშაობა სტაციონალურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება. “თანადგომის” სარეაბილიტაციო პროგრამა კომბინირებულ მიდგომებს ითვალისწინებს, მათ შორის არტ-თერაპიას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ერაძემ გადაიღო “თანადგომის” ბენეფიციარების მიერ შექმნილი კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც როგორც სუვენირები იყიდება კიდეც. არტ-თერაპიის გარდა “თანადგომაში” იყენებენ შრომით თერაპიას, ოჯახურ თერაპიას, საგანმანათლებლო შეხვედრებს და ა.შ. გიორგი ერაძემ ერთ-ერთი თერაპიის დროს დახატული ხელებიც გადაიღო, სადაც ჩანს რომ ბენეფიციარს თავის შესახებ ინფორმაცია ფურცელზე გადააქვს იმ სახით, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი. ცენტრში სარეაბილიტაციო მიდგომები მოიცავს როგროც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კონსულტაციებს. გრემში, “ფოტოჟურნალისტიკის” გასვლითი ლექციები სტუდენტებს IBSU-ს ლექტორმა ოლიკო ცისკარაშვილმა ჩაუტარა, რომელიც მისი სტუდენტის ლუკა ამბალიას ობიექტივში მოექცა. “თანადგომის” სარეაბოლიტაციო ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – გრემის კომპლექსი”, რომელიც ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტმა ლუკა ამბალიამ მაშინვე გადაიღო როგორც კი თვალთახედვის ჰორიზონტზე გამოჩნდა. გრემის გუმბათი რვაწახნაგაა, რომლის ფრაგმენტი ასევე ლუკა ამბალიამ გადაიღო. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელმა ეთერ სულუხიამ გრემი ღრუბლების ფონზე გადაიღო. მე-16 საუკუნეში აგებული სწორკუთხა ძეგლი ნაწილობრივ აგურით და აქა-იქ რიყის ქვითაა ნაშენი. ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტის ანი მაზიაშვილის მიერ გადაღებულ გრემის ფოტოზე ჩანს როგორც ხუროთმოძღვრების ძეგლის ორნამენტები, ასევე ხარაჩოები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ნინი შაორშაძემ “მედიის განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ისწავლა – როგორ ამოიცნოს ფოტომანიპულაცია. ამის საილუსტრაციოდ, მან მოამზადა ინფოგრაფიკა რომელიც ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ფოტომანიპულაციას, თითქოს ზალუჟნი ნაცისტურ სამაჯურს ატარებდა. კრემლის მხარდამჭერი მედიები, ზემოთაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდნენ ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის სამაჯური რამდენიმე რგოლისგან შედგებოდა რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტთან ერთად გამოსახული იყო ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა. იგივე ფოტო, ქართულმა და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაცია ფოტომანიპულაციაა. სინამდვილეში, სამაჯურზე არა სვასტიკა არამედ სკანდინავიური სიმბოლოა გამოსახული. ფოტო ავთენტურია, თუმცა სამაჯურის გამოსახულების დაბალმა რეზოლუციამ ინტერნეტ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარი ფოტო, სადაც მას სწორედ ზემოთაღნიშნული სამაჯური ეკეთა, მართლაც გამოაქვეყნა Twıtter-ზე. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა (შტირლიცი) იმის საჩვენებლად, თუ როგორ სამაჯურს ატარებდა ზალუჟნი, Twitter-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამაჯურის ფოტო ისეთი რეზოლუციით გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ეს სიმბოლო არა სვასტიკა, არამედ სკანდინავიური (კელტური კვანძის მსგავსი) ნიშანი იყო. მსგავსი სამაჯურის ნახვა მაღაზია Pakabone-ის საიტზეა ხელმისაწვდომი, სადაც სლავური, სკანდინავიური და ტომობრივი ატრიბუტების ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ზალუჟნის სამაჯურის ის სიმბოლო, რომელიც მანიპულაციურად გაავრცელეს და სვასტიკას დაუკავშირეს. ნინი შაორშაძის კვლევის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ “მითების დეტექტორის” ვებგვერდზე.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და სასწავლო სემესტრის დაფინანსება სკოლის ასაკიდან მარიამ თვარაძის ოცნება იყო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში განათლების მიღება სურდა. მარიამმა ბავშვობის ოცნება აისრულა, როცა Erasmus+ დაფინანსებული პროგრამით უნგრეთში, კერძოდ, სეგედის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. მარიამ თვარაძე: “თავდაპირველად ორი ალტერნატივა იყო – ამსტერდამის ან უნგრეთის უნივერსიტეტები. არჩევანი უნგრეთზე გავაკეთე, რადგან ეს უნივერსიტეტი 400 წელს ითვლიდა და პატარა სტუდენტურ ქალაქ სეგედში მდებარეობდა, რომლის ინფრასტრუქტურა, გარემო და სიტუაცია ჩემს ოცნებებთან ზუსტ თანხვედრაში მოდიოდა”. გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, მარიამი სრული დაფინანსებით ცხოვრობდა, რომელიც მოიცავდა საცხოვრებლის, ყოველდღიური საჭიროებებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. სეგედში სწავლების ფორმატიც განსხვავებული იყო. ლექციების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 90 წუთს შეადგენდა, საგნები დაყოფილი იყო პრაქტიკულ და თეორიულ კურსებად, შეფასების სისტემა 5 ბალიანი, რომელიც საერთოდ არ მოიცავდა შუალედურ გამოცდებს და ქვიზებს, ფინალურები კი თითქმის ყველა ზეპირი გამოცდის სახით ჰქონდა. მარიამ თვარაძე: “გვქობდა 2 დღიანი კურსები-ტრენინგები, რომლებიც როგორც საგნები გვეთვლებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ გამოცდადად ბარდებოდა, რაც მოიცავდა თეორიულ და უხვად პრაქტიკულ სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში”. მარიამმა სეგედში დიდი გამოცდილება უცხო ენის დახვეწის მხრივ მიიღო, რადგან იგი თბილისში ქართულ სექტორზე სწავლობდა. ეს გაცვლითი პროგრამა კი მას ენობრივი რესურსების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარა. მარიამ თვარაძე: “ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემი ამ ნაბიჯის შემდეგ. პირველ რიგში გავხდი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. ის განცდა, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების, არჩევანის და მიმართულებების ბატონ-პატრონი, მეტად გამიძლიერდა და გამიუმჯობესდა საკომუნიკაციო უნარები. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ძალიან მარტივად საერთო ენის გამონახვა, დავინახე მეტი შესაძლებლობები და პერსპექტივები”. მარიამმა უნგრეთში ყოფნისას უამრავი მეგობარი შეიძინა, როგორც თანაკურსელები ასევე პროფესორები. მარიამ თავაძე: “ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჩარჩო დაიმსხვრა ჩემს ცხოვრებაში და შემიძლია ვთქვა რომ სიხალეებისადმი კიდევ უფრო მეტად ღია და მიმღები გავხდი, გამიფართოვდა თვალსაწიერი როგორც ჩემს კონკრეტულ პროფესიაში, ასევე ზოგადად ადამიანური თვალსაზრისითაც. ენასთან დაკავშირებით ბევრი კომპლექსი მომეხსნა და ახლა ზუსტად ვიცი, როგორ ვიმუშავო საკუთარ თავზე უკეთესი შედეგების მისაღებად. გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ მაქვს განცდა, რომ ვიპოვე ჰარმონია, რადგან ზუსტად ვიცი რა მინდა,როგორ მინდა, სად და როდის”. IBSU-ს სტუდენტებს მარიამი ურჩევს აქტიურად ჩაერთონ Iro IBSU-ს ფეისბუკის და ვებსაიტის კონტროლში, თვალი ადევნონ ერასმუსის ინსტაგრამ გვერდს და სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც უამრავი პროექტი ყოველდღიურად ქვეყნება. მარიამის მსგავსად, IBSU-ს მეორეკურსელ ანი ქერაშვილს სკოლის ასაკიდან მიზნად ჰქონდა დასახული რომელიმე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის გაგძელება, რომლის შესაძლებლობა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” ჩაბარების შემდეგ მიეცა. ანი ქერაშვილი: “ვარშავაში, კოზმინსკის უნივერსიტეტში სუდენტური ცხოვრება მართლაც გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდიანრეობდა, უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კოორდინატორების მიერ სწორად დაგეგმილი აქტივობებით გავიცანი ლექტორები, კურსელები, ასევე ვისარგებლე უნივერსიტეტის საუცხოო ბიბლიოთეკით. სასწავლო პროცესი უმეტესად პრაქტიკული იყო, რაც უფრო სახალიხოხ და ეფექტურს ხდიდა მეცადინეობას. ლექტორები აქტიურად იყენებდნენ საბონუსე სისტემას, რომელიც საკმარისი ქულების დაგროვების საშუალებას იძლეოდა ფინალური გამოცდების ჩაბარების გარეშე, რაც კიდევ უფრო ნაკლებ სტრესულს ხდიდა სწავლის პროცესს”. Erasmus+- ის პროექტის ფარგლებში ანის დაუფინანსდა ერთი სემესტრით კოზმინსკის უნივერსიტეტში სწავლა და საცხოვრებელი. ასევე, ჰქონდა სტიპენდია, რომელიც საკმარისი იყო უცხო ქვეყანაში სასიამოვნოდ დროის გასატარებლადაც. ანი ქერაშვილი: “კოვიდ ეპიდემიის დროს ჩავედი პოლონეთში და მიუხედავად პანდემიისა, გავიცანი უამრავი ადამიანი და შევიძინე უცხოელი მეგობრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ცოდნით, აზროვნებით და წარმოუდგენლად თავისუფლები და შრომისმოყვარეები იყვნენ. მათთან ერთად ბევრი ვიმოგზაურე და ულამაზესი ადგილები მოვინახულე. მართლაც, არაფერია იმაზე საინტერესო, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ეცნობი და ერთმანეთს უზიარებთ ინფორმაციას საკუთარი კულტურის თუ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხების შესახებ”. ახლა ანი IBSU-ში მეოთხეკურსელია და თამამად ამბობს, რომ ვარშავადან დაბრუნების შემდეგ საქართველოში “გაზრდილი ანი” დაბრუნდა. ანი ქერაშვილი: “ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. კოზმინსკის უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ სხვა, ახალი და გრძელვადიანი მიზნები დამისახა, დამეხმარა კარიერულ წინსვლაში, ბევრ საერთაშორისო კომპანიაში გამიღო კარი და გამაცნო ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი. თუმცა მეტად საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მე, როგორც პიროვნება, საკმაოდ შემცვალა ამ ნაბიჯმა. მეტად ჩამოყალიბებული, გამბედავი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და მიმღები გავხვდი. ამ შინაგანმა ცვლილებებმა კი მომცა რწმენა იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არ მისცეთ ცხოვრებას იმის უფლება უბრალოდ ჩაიაროს, JUST DO IT!” მასალის ავტორი: თიკა სიბოშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის მეოთხე კურსის სტუდენტს, ლენტო ბალიაშვილს საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება დაეხმარა სრულიად განსხვავებულად დაენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, მისი ხედვა და ინტერესები კი მეტად გაზრდილლიყო. მან IBSU-გან სრული დაფინანსება მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრისთვის ყოველთვიური სტიპენდიაც მიიღო. ლენტო ბალიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში, Mykolas Romeris სახელობის უნივერსიტეტში Erasmus + გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. აღნიშნული უნივერსიტეტი მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც თავს იყრიან სტუდენტები თითქმის ყველა კონტინენტიდან. აქედან გამომდინარე სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ლენტო აღნიშნავს, მისთვის ენობრივი ბარიერი პრობლემა არც ყოფილა, რადგან საქართველოშიც ინგლისურენოვან სექტორზე სწავლობდა. ლექციების ხანგრძლივობა კი ვილნიუსში ორ საათს შეადგენდა. ლენტო ბალიაშვილი: „იმუშავეთ საკუთარ თავზე, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს და მათ მიღწევებს, ორიენტირდით თქვენს მიზნებზე და დაიჯერეთ, რომ იმსახურებთ საუკეთესოს“ სწავლის პარალელურად ლენტო არასამთავრობო ორგანიზაციაში, Vilniaus arkivyskupijos Caritas-ში სტაჟირებას გადიოდა და სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და ლტოლვილებთან მუშაობდა. ლენტო ბალიაშვილი: „ამ ადამიანებთან კომუნიკაციამ მეტად დამანახა მათი საჭიროებები და მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვის აუცილებლობა. გამოცდილებამ, რომელიც მივიღე კიდევ უფრო გაამყარა ჩემი მიზნები მომავალში უცხოეთში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მეტად შემაყვარა დასავლური კულტურა“. როგორც ლენტო ამბობს, სწავლასა და მუშაობასთან ერთად, გართობისა და მოგზაურობისთვისაც უამრავი დრო რჩებოდა. ესტუმრა ნორვეგიას, საფრანგეთს და გერმანიას. გაეცნო ვილნიუსის ღამის ცხოვრებას. იგი ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე სტუდენტურ ბარ-რესტორნებში, მოლებსა და სკვერებში ატარებდა გარკვეულ დროს. ლენტო ბალიაშვილი: „ვილნიუსში ყოფნის პერიოდი დაემთხვა შემოდგომა-ზამთრის სეზონს. ამ დროს ლიეტუვაში ძალიან ცივა, ქალაქები საშობაოდაა მორთული და ყველგან საახალწლო განწყობა იგრძნობა. ქუჩებში დარიჩინის საოცარი სურნელი ტრიალებს და საახალწლო სოფლებია მოწყობილი, რაც დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება“. ლენტოს ლიეტუვაში ყოფნის დროს მკვეთრ კულტურულ თავისებურებებთან გამკლავება არ დასჭირვებია, თუმცა აღნიშნავს, რომ ლიეტუველები მეტად ორგანიზებული და პუნქტუალური ხალხია, ზომიერიებას იცავენ თითქმის ყველაფერში და საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან. მისი თქმით, კოვიდპანდემიის გამო დიდი არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა ყველა შემთხვევაში ლიეტუვას აირჩევდა, იქ არსებული სტაბილური სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული მდგომარეობის გამო. გარდა ამისა, ლენტოსთვის ეს ის ადგილია, სადაც ძველი ეპოქის არქიტექტურა თანამედროვე სტილს ერყწმის და საოცარ გარემოს ქმნის. თუ სტუდენტს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სურს, მან თვალი უნდა ადევნოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვებგვერდს, სადაც ქვეყნდება სიახლეები. შეავსოს სასურველი აპლიკაცია. შემდეგ მას დაუკავშირდება ადმინისტრაცია და საშუალებას მისცემს თავი წარმოაჩინოს გასაუბრებაზე. ლენტო ბალიაშვილი: „შერჩევითი ეტაპის შემდეგ, მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ამყარებ კონტაქტს, რაშიც პირადად, მე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამეხმარა. შემდეგ უშუალოდ ქვეყანაში ჩასვლამდე თავად აგროვებ, იმ საჭირო დოკუმენტებს, რასაც ითხოვს მიმღები უნივერსიტეტი და ქვეყანა. მაგალითად, პასპორტი, ვიზა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ. აუცილებელია მონდომება, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მისთვის იყოს შესაძელებლი კონკურენტუნარიან გარემოში თავის წარმოჩენა”. ლენტოსთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და წარმატებული გამოდგა. რაც მთავარია, მან გააცნობიერა, რომ გაწეული შრომა ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია. მასალის ავტორი: ანო ტვილდიანი IBSU ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ამავე თემაზე: მარიამ ქობალიას პირველი გაცვლითი პროგრამა ესტონეთში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა IBSU-ს მედია ცენტრის სტუდიაში სატელევიზიო ჟურნალი ჩაწერეს, თემაზე “დაბრუნება”. ისინი გადაცემაში საუბრობენ იმ სიახლეებზე, რაც უნივერსიტეტში იგეგმება და გამოწვევებზე, რომლებსაც სტუდენტები პირისპირ სწავლების გაგრძელების დროს გადააწყდნენ. https://www.youtube.com/watch?v=O7I8t2Y281k&t=20s IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი: “სასტუდენტებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ხელი ძალიან შეგვიწყო და გამოწვევები მარტივად გადაგველახა. ორწლიანი შეფერხებების შემდეგ, გვინდა გაცვლითი პროგრამები განვაახლოთ”. IBSU-ს კანცლერი ექემ დინდეროლი: “IBSU-ს მედიაცენტრში სტუდენტებს აქვთ ყველა საჭირო საშუალება, იმისათვის, რომ სანამ დაამთავრებენ სწავლას და დასაქმდებიან რომელიმე მედიასაშუალებაში მათთვის მიკროფონთან და კამერასთან მუშაობა უცხო არ იყო”. IBSU-ს სტუდენტი ანი ეგაძე: “ჩემთვის უფრო ხარისხიანი და პროდუქტიული აღმოჩნდა აუდიტორიული სწავლება, ვინაიდან ონლაინ სწავლების დროს არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩავრთულიყავით პრაქტიკულ სამუშაოებში და გამოგვაყენებინა ის რესურსები, რასაც უნივერსიტეტი გვაძლევს”
მარიამ გარაყანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. მარიამის გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ მას უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა შეუძლია. მარიამ გარაყანიძე: “არ არის მარტივი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სტუდენტი, იცხოვრო დამოუკიდებლად, იმუშავო და გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ეს არის ჩემი მთავარი მოტივაციაც და გამოწვევაც, რომ ეს სხვებს დავანახო” მარიამი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობს და სულ 4 წუთი სჭირდება უნივერსიტეტში მისასვლელად. მას აინტერესებს როგორც თავისი პროფესია, რომელსაც IBSU-ში ეუფლება, ასევე IT მიმართულება და ახლა პროგრამულ ენა “პითონს” სწავლობს. მარიამმა, მისი მეგობარი ანა ქარელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიცნო. ანა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. გოგონები, ერთად დიდ დროს ატარებენ, IBSU-ში თუ მის ფარგლებს გარეთ. მარიამი და ანა, პირველად ესტუმრნენ IBSU-ს მედია ცენტრს. პირველი სიტყვები, რაც მათ რადიოს სტუდიაში შესვლისას წამოიძახეს იყო WOW. მარიამმა ეს ასე ახსნა: “რა მაგარია, გამოცდილების მიღების ამხელა შესაძლებლობა რომ აქვთ ჩვენს სტუდენტებს. ყველაზე მეტად მომეწონა IBSU-ს სურვილი და მზაობა სტუდენტებს მისცეს ამხელა შესაძლებლობები”. მარიამმა ჩვენთან საუბრისას ეს ისტორიაც გაიხსენა: “უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე B კორპუსს სხვანაირი პანდუსი ჰქონდა და მასზე დამოუკიდებლად ასვლა მიჭირდა. ეს რომ IBSU-ს ადმინისტრაციამ შეამჩნია, დაახლოებით ერთ კვირში ახალი პანდუსი დამახვედრეს და ახლა უფრო იოლად გადავაადგილდები”. მარიამმა და ანამ IBSU-ს მედია ცენტრიდან შეთავაზება მიიღეს, მოამზადონ რადიო გადაცემა საინტერესო თემაზე. შესაძლოა, ეს იყოს საერთაშორისო ურთიერთობები, შესაძლოა – გამოწვევები ახალგაზრდებისთვის თუ სხვა თემა. სტუდენტები ფიქრობენ და თან დარწმუნებულნი არიან, რომ რაც გინდა მოამზადონ, ეს იქნება მაგალითი და მოტივაცია სხვებისთვის. ფოტორეპორტაჟის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში წელს, პირველად იმყოფებოდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე მესამე თვეა ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის ფილიალში, ინგლისური ენის მიმართულებით სწავლობს. მარიამი ესტონეთში სპეციალური პროგრამით იმყოფება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტებისთვის შეიქმნა. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მანამდე გალის რაიონის სკოლებში სწავლობდნენ. კონკურსში მონაწილეობისთვის მარიამმა ონლაინ აპლიკაცია შეავსო, ინგლისურ ენაში ტესტირება და ბოლოს გასაუბრება გაიარა. იგი, სამივე ეტაპის შემდეგ ესტონეთში გაემგზავრა ორ თანატოლთან ერთად, რომლებიც ასევე სტუდენტები არიან გალის რაიონიდან. პროგრამა სრულად დააფინანსა „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“. ახლა, მარიამი სასტუმროში ცხოვრობს, არ იხდის სწავლის გადასახადს, დანარჩენისთვის კი სტიპენდია ჰყოფნის. ტალინში პირველად ჩასული მარიამი გაოცდა როცა აღმოაჩინა, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ ყველაფერი იკეტებოდა, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების ჩათვლით. მხოლოდ ღამის კლუბები და ბარები დახვდა ღია. არასოდეს დამავიწყდება ესტონეთში ჩასვლის პირველი დღე. ვიყავი დაბნეული და აღელვებული, რადგან არ ვიცოდი წინ რა მელოდა და როგორ გავუმკლავდებოდი სირთულეებს მათი წარმოქმნის შემთხვევაში. ეს ჩემი პირველი გაცვლითი პროგრამაა უცხოეთში და ახალი გამოწვევების გამო, შიშებიც მქონდა. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ესტონეთმა ძალიან თბილად მიმიღო. შევეჩვიე მარტო ცხოვრებას და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაც ვისწავლე. მარიამ ქობალია: „მე, სტანდარტული თვალსაზრისით გართობით დიდად არ გამოვირჩევი. აქ, ბევრს ვსეირნობ, თავიდან ძალიან ბევრ ადგილას დავიკარგე, მაგრამ შემდეგ მარტივად შევეგუე გარემოს. მიყვარს ფილმების ყურება და ხშირად დავდივარ კინოში. მაინტერესებს ერთი მუზეუმი – Vabamu Museum of Occupations და საქართველოში გამომგზავრებამდე აუცილებლად მოვინახულებ ჩვენი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროს. 3 თვეა რაც აქ ვიმყოფები და სტიპენდიიდან თანხის ნაწილით უკვე ვიმოგზაურე სტოკჰოლმში, სადაც ფრენა ორივე მიმართულებით 60 ევრო დამიჯდა, ხოლო მილანში – 80 ევრო. ჩემი რუმმეითი მალე პარიზში გაფრინდება და სამგზავრო ბილეთებში სულ 50 ევრო გადაიხადა. მე კი ნოემბრის ბოლოს ჰელსინკში გამგზავრებას ვგეგმავ, ასევე ძალიან იაფად. ადრე, მოგზაურობის ასეთი შესაძლებლობა არასდროს მქონია და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი“. მარიამმა უცხოეთში ყოფნის დროს აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ნაცნობების ნაწილი თბილისსა და ბათუმში იყვნენ ნამყოფი, საქართველოზე ბევრი რამ იცოდნენ და აინტერესებდათ. მარიამ ქობალია: „ მე, რაკი გალის რაიონში ვცხოვრობდი, მათ აინტერესებდათ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, რიგითი ადამიანების ცხოვრების წესი და პოლიტიკური ვითარება. სხვათაშორის, ერთმა ესტონელმა ახსენა, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობა ძალიან მოუწესრიგებელიაო. სხვა მხრივ კი მოეწონათ ძველი თბილისი, ბათუმის სანაპირო, აღფრთოვანებული იყვნენ ქართული სამზარეულოთი და აინტერესებდათ ისტორია“. ხმაურიან თბილისში ცხოვრებას მიჩვეული მარიამისთვის, ყველაზე უჩვეულო ესტონეთის სიმშვიდე აღმოჩნდა. მარიამ ქობალია: „ალბათ, ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, ზედმეტი სიმშვიდე და რუტინაა. ყოველდღიურობა ესტონეთში საკმაოდ მშვიდია. ადამიანები ერთი შეხედვით ცივები, მაგრამ მეგობრულები არიან. ქუჩაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსაფრთხოა. სწავლის პირველივე დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა სესია ჩაგვიტარეს, სადაც ამ ყველაფერზე გვესაუბრნენ. პოლიციელები ზრუნავენ ქალაქის სიმშვიდეზე და მზად არიან ნებისიერ დროს დაგვეხმარონ. აქაურობა საკმაოდ უსაფრთხოა. საგზაო მოძრაობაც დალაგებულია. მეტწილად მშვიდი მძღოლები არიან. თავდაპირველად შოკი მქონდა, როდესაც გადასასვლელებზე გზას უპრობლემოდ და ნებისმიერ სიტუაციაში გვითმობდნენ, საქალაქთაშორისო ავტობუსშიც კი ღვედის შეკვრა გვიწევს, მიუხედავად იმისა წინ ზიხარ თუ უკან. ფოტო: ესტონეთი, ქალაქი სილამიაე, რომლის სანაპიროზე მარიამს განმარტოება, კითხვა და წერა მოსწონს. მარიამ ქობალია: „ესტონეთში სასაუბროდ ორივე ენას – ინგლისურსა და რუსულს თითქმის თანაბრად იყენებენ. ზოგ რეგიონში, საშუალო ასაკის ადამიანები ინგლისურს ნაკლებად ფლობენ, ამიტომ მათთან კომუნიკაცია რუსულად მიწევს“. მარიამს ესტონეთში სწავლა არ უჭირს. ინგლისური ენის ცოდნა საგრძნობლად გაიუმჯობესა და აპირებს გამოიყენოს ჟურნალისტიკაში. პროფესიის ცვლილებაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა აინტერესებს კინემატოგრაფია და დოკუმენტალისტიკა. მარიამ ქობალია: „სწავლა არ მიჭირს, რადგან დროები კარგადაა გადანაწილებული და მეც ვინდომებ, რომ კონკრეტული საგნების დედლაინებში სწორად ჩავეტიო. დამოუკიდებელი სამუშაო ბევრად მეტია, ვიდრე აუდიტორიაში. ბევრი ტესტი და სემინარია. რაც ესტონეთში ვარ, პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ამდენი რამის გაკეთება მარტოს შემძლებია. წლების წინ ამას ვერანაირად გავბედავდი, დიდ შიშთან იყო ამხელა ნაბიჯი ასოცირებული და რადგან გადავლახე ეს შიში, გამოდის, რომ გაბედულებაც აღმომაჩნდა, თავდაჯერებულობაც მომემატა და ბევრ საკითხსაც სხვანაირად ვუყურებ“. მშვიდ ესტონეთში ყოფნისას, მარიამს, ცოტა მოენატრა საქართველოს ქაოტურ გარემოში ყოფნა, მისი ოჯახი და მეგობრები, რომელთა გარეშე ყველაზე მეტად გაუჭირდა უცხო ქვეყანაში გამგზავრება. მარიამი, დეკემბერში ასრულებს გაცვლითი პროგრამით სწავლას და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი გეგმების განხორციელებას უკვე სხვა შემართებით, უფრო გაბედული და თავდაჯერებული აპირებს. ავტორი: თამთა მჭედლიშვილი შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის, საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი კახა გალდავა, 15 წელია პედაგოგია. იგი, ამჟამად, ისტორიას ასწავლის სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში, როგორც სამშვიდობო განათლების ტრენერი აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ნდობის აღდგენაზე მუშაობს და არაერთი კვლევის ავტორია. კახა გალდავამ, ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ თავის მოსწავლეებთან ერთად დააარსა. ერთ დღეს სკოლიდან ვბრუნდებოდი და ქუჩაში ბავშვი შემხვდა, ნახევრად შიშველი და ხელგაწვდილი. იმდენად ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ეს გახშირებული ყოველდღიურობა იყო, რომ ჩემ მოსწავლეებთან ვთქვი და იქვე ისიც ვიკითხე, ასეთ ბავშვებს როგორ შეიძლება დავეხმაროთ-თქო?! რაღაცნაირად ერთდროულად გაჩნდა იდეა, 1 ლარის „ჩელენჯის“ გაკეთების… იქნებ ასე დავეხმაროთ ადამიანებს-თქო. მერე იმ დღესვე ფონდის იდეა გაჩნდა და დავიწყეთ ფიქრი წესდების შედგენაზე. სახელზეც ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს შევთანხმდით, რომ მოსწავლეებისთვის ეს რევოლუციური მუხტი იქნებოდა, რომელსაც მათ გულში ანთებული სიკეთე იწვევდა. ამიტომ დავიწყეთ “სიკეთის რევოლუცია” – როდის დაიწყო თქვენი პედაგოგიური კარიერა და იყო თუ არა თქვენი მიზანი მასწავლებელი ყოფილიყავით? – მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას 15 წლის წინ შევუდექი. თითქოს ეს არც მისწავლია, თავიდანვე იყო ჩემში. სესილია თაყაიშვილი ამბობდა, მასწავლებლად უნდა დაიბადოო, ჰოდა ალბათ ჩემში თავიდანვე იყო რაღაც მარცვალი, რომლის აღმოცენებას და მოვლას 15 წლის მანძილზე ყოველდღიური ზრუნვის ხარჯზე ვახდენ. როდესაც სკოლას ვამთავრებდი უკვე ვიცოდი, რომ რამდენიმე წელში სკოლაში დავბრუნდებოდი და ზუსტად 5 წელში იქ სადაც სკოლა დავასრულე დავბრუნდი მასწავლებლად. – 15 წლიანი გამოცდილების, სწავლის და განვითარების ფონზე, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა თქვენში, როგორ განვითარდით პროფესიულად? – სკოლაში მუშაობის 15 წელი შეიძლება არც ბევრია და მაგრამ არც ცოტაა. ყოველ წელს ვხვდები, რომ ცვლილებები აუცილებელია. შეიძლება წელს რასაც აკეთებ იმ მეთოდებიდან არცერთი არ იყოს შემდეგი წლისთვის სასარგებლო და მისაღები. მოსწავლეთა განვითარების დონე და ინდივიდუალური საჭიროებები მუდმივად იცვლება. რაც არ უნდა მრავალფეროვანი გეჩვენებოდეს მასწავლებელს განხორციელებული აქტივობები, შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს თუ მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებებს არ იცნობ და არ ითვალისწინებ. დღეს, მასწავლებლობა გაცილებით რთულია ვიდრე ჩემი ბავშვობის პერიოდში, ოთხმოცდაათიანებში იყო. დღეს მწვავედ დგას ემიგრაციაში მყოფი მშობლების შვილების საკითხი. მასწავლებელს დღეს უწევს შეითავსოს მასწავლებლის, ფსიქოლოგის, მშობლის, მეგობრის და ამავე დროს ჯანსაღი კრიტიკოსის ფუნქცია. ვფიქრობ, რომ ოცდამეერთე საუკუნის მასწავლებლის მთავარი გამოწვევა მარტო საგნის კარგად ცოდნა კი არა, არამედ სოციალური უნარების განვითარებისთვის ზრუნვაა. ამიტომ ყოველი წლის ბოლოს ვაჯამებ ჩემ ჩატარებულ სამუშაოებს და განვლილი წლის შეფასების საფუძველზე ვგეგმავ ახალ სასწავლო წელს – რა მეთოდებს იყენებთ საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოგარჩევთ სხვა პედაგოგებისგან? – საგაკვეთილო პროცესი მთლიანად აგებული მაქვს ჰუმანურ პედაგოგიკაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღეს ვიღას უკვირს მასწავლებელი რომ არ ყვირის, არ ჩხუბობს, შეურაცხყოფას არ აყენებს ბავშვებს და დისკრიმინაციას არ უწევს სხვადასხვა სახითო, მაგრამ დამიჯერეთ დღეს ამის არაერთი მაგალითი და გამოვლინებაა ჩვენ ქვეყანაში. ჩემი გაკვეთილი არასოდეს არის ერთნაირი. ვცდილობ სხვადასხვა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი აქტივობებით, ფილმებით, დისკუსიით, მოვლენათა ანალიზით, არგუმენტირებული მსჯელობით, კონსტრუქტივისტული მიდგომებით და სწავლა – სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების დაუფლებით გავიდეთ ფონს. თქვენ წარმოიდგინეთ მოსწავლეს მადლობას ვუხდი, როცა შეცდომას უშვებს გაკვეთილზე, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება მისცე მოსწავლეს ეფექტური უკუკავშირი და იქვე ვეუბნები, რომ მან საშუალება მისცა საკუთარ თავსაც და დანარჩენ მოსწავლეებსაც, რომ აქ, საკუთარ მოედანზე მოახდინონ, ის ცვლილებები, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი მოქალაქეები. – თქვენს მიერ მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციებში მიღებულ მონაწილეობასა და გამოცდილებაზე რომ გვიამბოთ. – მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე ორჯერ მივიღე მონაწილეობა მომხსენებლის ამპლუაში. ასევე, სამჯერ ქვეყნის გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებზე, ერთხელ ერევანში 2019 წელს და ორჯერ სტამბულში 2020 და 2021 წლებში. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის, რადგან ისე არაფერი ზრდის მასწავლებელს პროფესიულად, როგორც თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. – თქვენ მიერ შედგენილ სასკოლო კურიკულუმზეც რომ გვიამბოთ. – ორი წელია ვმუშაობ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო დანერგვის ექსპერტად, ისტორიის მიმართულებით. შესაბამისად აქტიურად ვარ ჩართული ქოუჩინგის პროცესში. ვითანამშრომლე 32 სკოლის 52 ისტორიის მასწავლებელთან და შევადგინეთ ინდივიდუალურად სასკოლო კურიკულუმები. რა თქმა უნდა აქტიურად მივიღე მონაწილეობა მათი დანერგვის ეტაპზე და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით ერთად ვაფასებდით მიღწეულ შედეგს. ასევე მონაწილეობა მივიღე სასკოლო კურიკულუმის შედგენაშიც. მე და ჩემმა კოლეგა ბექა კვაჭაძემ შევადგინეთ თემატური მატრიცა “გვიანი შუა საუკუნეები და ადრეული ახალი დრო” რომელიც საქართველოს ყველა სკოლაში სასკოლო კურიკულუმის ნაწილი გახდა. გარდა ჩართული სკოლებისა, არაჩართული სკოლებისთვის განვახორციელე პროექტი “იყავი ჩემი მასწავლებელი ერთი დღით” სხვადასხვა სკოლებში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავდიოდი და ვატარებდი გაკვეთილს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით და ასე ვეხმარებოდი მასწავლებლებს დაეგეგმათ და დაენერგათ სასკოლო კურიკულუმი თავიანთ სკოლებში. – როგორ მოხდა თქვენი წარდგენა “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე”? – მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე პირველმა გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ წარმადგინა. თავიდან არ მინდოდა აპლიკაციის შევსება, მაგრამ ჩემმა დირექტორმა ქალბატონმა ხათუნა ფაილაძემ და დირექტორის მოადგილე ქალბატონმა ციური ხურცილავამ არ მომცეს გასაქანი და ალპიკაციაც შევავსე. ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, რომელიც უნდა გამოჩნდეს. – მიზეზი რა იყო რის გამოც არ გინდოდათ აპლიკაციის შევსება? – ვფიქრობ, რომ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ღვაწლმოსილი მასწავლებლები უნდა წარადგინონ. მასწავლებლები, რომლებმაც მთელი სიცოცხლე მოსწავლეთა პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას შეალიეს. მასწავლებლები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას ემსახურებიან და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა ერის და თაობების წინაშე. რა თქმა უნდა მივესალმები ახალგაზრდების წახალისებას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მასწავლებელს მაღალი სტანდარტები სჭირდება. მიუხედავად იმისა 15 წელია სკოლაში ვარ და ჩემ საქმეს კარგად ვემსახურები, მაინც მქონდა გულწრფელი თავმდაბლობის მომენტი და არა მოჩვენებითი თავის დაფასების. – რას უკავშირებთ თქვენს წარმატებას? – ამაზე მოკლედ და მარტივად გიპასუხებთ – მოსწავლეების სიყვარულს, საქმისადმი თავდადებას და მიღწეულ შედეგებს, რომელსაც ყოველ წელს ჩემი მოსწავლეები აჩვენებენ. ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი
“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს. მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა? სულ მინდოდა რომ მხატვარი ვყოფილიყავი.ძირითადად პორტრეტების ხატვა მიზიდავს, ეს ის არის რაშიც საკუთარ თავს ვპოულობ. თუმცა, ვცდილობ მხოლოდ პორტრეტების ხატვით არ შემოვიფარგლო და ექსპერიმენტებს ვატარებ. რა გიყვარს ყველაზე მეტად შენს საქმიანობაში? თვითონ ხატვის პროცესი არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩემს ემოციებს და ფიქრებს ხატვით გამოვხატავ. როდის გადაწყვიტე რომ მხატვრობა შენი პროფესია უნდა გამხდარიყო? პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ეს ის იყო რაც მჭირდებოდა. ვხატავდი ყველგან სადაც შემეძლო ფურცელზე, კედელზე, მერხზე, დაფაზე. ახლა სამხატვრო აკადემიაში ვეუფლები მომავალ პროფესიას. როგორც უკვე ახსენე კედელზე ხატვაც გეხერხება,მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ. მეთერთმეტე კლასში ვიყავი როდესაც გადავწყვიტე რომ ჩემი სოფლის ნაცრისფერი კედლები გამელამაზებინა. ჩემი სოფელი პატარა დასახლებაა და მეც ამოვირჩიე რამდენიმე ასეთი უსახური კედელი და დავიწყე მოხატვა. ადვილი ნამდვილად არ იყო რადგან ამ ყველაფერს დრო სჭირდება ,მაგრამ დრო არაფერია როცა იმას აკეთებ რაც გიყვარს. ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი? ჩემი საყვარელი მხატვარია ფრიდა კალო, ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე. სიცოცხლე ხომ ღმერთისგან ნაბოძები უდიდესი საჩუქარია რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ. პანდემიამ როგორი გავლენა მოახდინა შენზე? საკმაოდ კარგი, რადგან დრო მქონდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ფიქრის. ვფიქრობდი ყველაფერზე მომავალზე, წარსულზე, ახლანდელზე. ასევე, ვქმნიდი სხვადასხვა ნახატებს და ვცდილობდი მომავალ პროფესიას უკეთესად დავუფლებოდი. რას ურჩევ ახალგაზრდებს? ეს ის წლებია რომელიც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ახალგაზრდებს ვურჩევ რომ არასდროს შეეშინდეთ და ყოველთვის წინ იარონ. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდება და ისე იქნება როგორც ჩვენ გვსურს. ავტორი: ქეთი მიქელაძე ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდულ რეჟიმში სრულდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ლექციები და გამოცდები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორიაში. სექტემბრიდან კი უნივერსიტეტი მზად არის სწავლა სრულად აუდიტორიებში განაახლოს. ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს, სტუდენტები და ლექტორები აფიქსირებენ. ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტის, გიორგი ახალკაცის აზრით, უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, რადგან საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების აზრი იყოფა. „რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტთა ნახევარზე მეტი რაიონიდან ერთვებოდა ლექციებს. უნივერსიტეტის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება სტუდენტების უნეტესობას დისკომფორტს შეუქმნიდა, რადგან თბილისში ბინის ქირაობა მარტივი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, მე პირადად არასამართლიანად მინაჩნია სწავლის აუდიტორიაში გაგრძელება მეორე სემესტრის თითქმის ნახევრიდან, რადგან ვფიქრობ, რომ როგორც დავიწყეთ სწავლა ისე უნდა დამთავრდეს,“– ამბობს გიორგი. გიორგის მსგავსად, მომავალ სასწავლო წლამდე ჰიბრიდულ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას სხვა სტუდენტებიც ემხრობიან. ეკონომიკის პროგრამის სტუდენტი, მარიამ გოლობიანი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს. „არიან ისეთი სტუდენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ კამპუსში სიარული დაიწყონ შუა სემესტრიდან. პირადად მე აუდიტორიაში სწავლას ვამჯობინებ, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას ვუჭერ მხარს.“ ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, აღნიშნავს აუდიტორებში გამოსვლასთან დაკავშრებულ პრობლემებს, როგორიცაა ოჯახების ფინანსური მზაობა და რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსვლა. „მე პირადად მოხარული ვიქნები თუ მომავალი სასწავლო წლიდან მთლიანად აღდგება სააუდიტორიო სწავლება, რადგან ეს უკეთესად აისახება ჩვენს სტუდენტურ ცხოვრებასა და აკადემიურ მოსწრებაზეც. თუმცა, ამჟამად ჰიბრიდული რეჟიმი და სტუდენტებისთვის თავისუფალი არჩევანის დატოვება, სწავლის უპრობლემოდ წარმართვის მიზნით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ყველას არ აქვს მოუმზადებლად დედაქალაქში გადმოსვლის საშუალება.“ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ჟურნალისტიკის მიმართულების მეორეკურსელი დავით მათიაშვილი ფიქრობს, რომ სწავლა აუდიტორიებში უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ასე უფრო სრულფასოვან ცოდნას მიიღებდა. „პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის თავდაყირა დაყენება და ონლაინ ფორმატში არასრულფასოვანი განათლების მიღება ჩვენი განათლების დეგრადირების საწინდარი გახდა, ამიტომ სწავლის ოფლაინ ფორმატში გადატანას და აუდიტორიებში დასწრებას მივესალმები, რადგან თუ გვინდა ჩვენს პროფისიას სიღრმისეულად დავეუფლოთ და მივიღოთ საკმარისი ცოდნა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული, კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ და აუდიტორიებს დავუბრუნდეთ“-ამბობს დავითი. ჰიბრიდული რეჟიმის სწავლის პერიოდი რამდენიმე სტუდენტმა საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობად გამოიყენა, პარალელურად ლექციებსაც ესწრებიან. ანანო ბლიაძე ჟურნალისტიკის მიმართულების მეორეკურსელია, ამავდროულად იგი პოლონეთში ცხოვრობს, სადაც გაცვლითი მოხალისეობრივი პროგრამის მონაწილეა. მისი აზრით, ჰიბრიდული სწავლება მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია, პანდემიამ დაგვანახა, რომ სამყარო ახალ ონლაინ რეჟიმზე გადაწყობის წინაშე დგას, სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, უნივერსიტეტმა, სულ მცირე არჩევანის საშუალება დაუტოვოს სტუდენტს თუ რა ფორმატში სურს სწავლება. „საბედნიეროდ მოვახერხე და პოლონეთში ცხოვრებასთან და მოხალისედ მუშაობასთან ერთად შევძელი სალექციო მეცადინეობებსაც დავსწრებოდი, მიმეღო საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება და არ გამეცდინა აკადემიური წელი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ონლაინ სწავლება საუკეთესო შესაძლებლობა იყო მეცხოვრა უცხოეთში და მიმეღო უმაღლესი განათლება საქართველოში, ეს სავსებით შესაძლებელი და მოსახერხებელია.“ ლექტორების აზრით, უნივერსიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „როგორც ითქვა, გამოცდებიც ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება, სტუდენტის სურვილის გათვალისწინებით, რაც, ვფიქრობ, სტუდენტისთვის ძალზე ხელსაყრელია. მთავარია მათი ინტერესები, მათ როგორც აწყობთ, ისე უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი. დამეთანხმებით ალბათ, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების ნება აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა და ასეც მოიქცა,“ – ამბობს ქეთევან გოდერძიშვილი. „ეს გადაწვეტილება სწორედ სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარეობდა, რადგან ძალიან ბევრი მოუმზადებელი იყო სწავლების ცოცხალ რეჟიმში ჩართვისთვის. ეს ნაწილობრივ ფინანსურ მოუმზადებლობას გულისხმობს, ნაწილობრივ კი ფსიქოლოგიურს,“ – აღნიშნავს ოლიკო ცისკარიშვილი. უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თეა კბილცეცხლაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა, მმართველმა საბჭომ ყველა შესაძლო დაბრკოლება და პრობლემა გაითვალისწინა და სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში დატოვება გადაწყვიტა. მისივე თქმით, უნივერსიტეტში არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ სექტემბრიდან სწავლა სრულად განახლდეს აუდიტორიებში და სტუდენტები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო რეჟიმს. „აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან და ასევე სტუდენტებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, მოხდა სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (გაზრდილი ბინის ქირის საფასური, მკვეთრად მომატებული ფასები პროდუქტზე, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები, ა.შ.) მმართველმა საბჭომ გაითვალისწინა არსებული პრობლემები, სტუდენტების თხოვნა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც სტუდენტებს მიეცათ არჩევანის საშუალება – სწავლა და ასევე, დასკვნითი გამოცდები განაგრძონ დისტანციურად ან აუდიტორიებში მათივე სურვილის შესაბამისად,“ – ამბობს ვიცე-რექტორი. ავტორი: მარიამ ეგაძე ვიდეოზე იმუშავეს: ნინი შაორშაძე, გვანცა გოგიაშვილი ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები