შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 10
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ეზოში დილის 10 საათიდან დასაქმების სტუდენტური ფორუმი იმართება. ეზო სავსეა სტუდენტებით, სხვადასხვა კომპანიის თუ ორგანიზაციას წარმომადგენლებს გამოფენილი აქვთ თავიანთი ბანერები და აქტიურად ესაუბრებიან სტუდენტებს. მაია სამქანაშვილი, IBSU-ს კარიერული დაგეგმვის სამსახურის უფროსი: “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად იმართება სტუდენტებისთვის, რომელშიც მონაწილეობენ როგორ კერძო ისე საჯარო სტრუქტურის მიმართულების კომპანიები და ორგანიზაციები. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დასწრება. არ აქვს მნიშვნელობა პირველკურსელი იქნება თუ მეოთხე, რადგან აქ არის შემოთავაზებები, როგორც სპეციალობის, ასევე არასპეციალობის ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე. დასაქმების ფორუმზე არსებული კომპანიები სტუდენტებს აცნობენ არსებულ ბაზარზე დასაქმების/სტაჟირების პერსპექტივებს. ასე, რომ ეს შეხვედრა მორგებულია როგორც სტუდენტებზე, ასევე კურსდამთავრებულებზეც. ყველას წარმატებას ვუსურვებ”. ანა ასათიანი: „მე ვარ ანა ასათიანი, Lemons Group-ის მარკეტინგის მენეჯერი. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა უძრავი ქონების მრჩეველის პოზიციის და სატელეფონო გაყიდვების აგენტის ვაკანსიები. ჩვენ ვართ მზარდი კომპანია და მუდმივად გვაქვს ვაკანსიბი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველთვის ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, დავასაქმოთ სტუდენტები და ახალგაზრდები. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რადგან ჩვენ გვაქვს როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკევთი. დღეს, ძალიან აქტიურად იყვნენ სტუდენტებიც ჩართულები , 30-ზე მეტი CV მაქვს შეგროვებული, გადავხედავ და შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე დავიბარებ.“ დამსაქმებლებთან ერთად სტუდენტების განწყობით ვინტერესდები, როგორ მოერგო მათ მოთხოვნილებებს შეთავაზებები. ალექსი კინწურაშვილი: “მე ვარ ალექსი კინწურაშვილი, საერთაშორისო ურეთიერთობების ქართული სექტორის პირველკურსელი. Lemons Group -ის სოციალური ქსელი დავათვალიერე და მიხვდი, რომ ამ კომპანიას შეეძლო ჩემთვის ისეთი პირობები შეეთავაზებინა რომლებიც კარიერულ განვითარებაში დამეხმარებოდა. ჩემთვის საინტერესოა ისეთი პირობები, როცა სწავლის და სამსახურის შეთავაზება შეიძლება”. 12 საათისთვის, IBSU-ს ეზოში სტუდენტების რაოდენობა მატულობს. ხმაურია „გორგიას“ სტენდთანაც. სტუდენტები რიგში დგანან გასაუბრების მოლოდინში. შესაძლოა, კარგ შემთხვევაში სამსახურიც დაიწყონ. “გორგიას” წარმომადგენელს ვესაუბრებით. სოფო კობაიძე: „მე ვარ სოფო კობაიძე. დღეს, სტუდენტების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე აქტიური გვაქვს სტაჟირება შესყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტში, შესაბამისად ამ პოზიციებზე განვიხილავთ სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს მათზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გრაფიკი და იმედი გვაქვს სტუდენტებს შევარჩევთ აღნიშნული პოზიციისთვის”. IBSU-ს ეზოში ვხედავთ ICI PARIS წარმომადგენლებს და ვესაუბრები მათ დახლთან მისულ სტუდენტს. “მე ვარ მარიტა ჩიტაშვილი, ინგლისური ფილოლოგიის პირველკურსელი. ამ კომპანიამ მიმიზიდა, რადგან ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და კმაყოფილია როგორც გარემოთი, ასევე სხვა პირობებით. მე, როგორც სტუდენტს, ჯიბის ფული მჭირდება. ინგლისურის ფილოლოგიის განხრით რთულია ჯერ-ჯერობით სამსახურის შოვნა. ამიტომ, ვფიქრობ, აქ მუშაობა დამეხმარება და გამოცდილებაც დამიგროვდება. გრაფიკიც საკმაოდ მოქნილი შემომთავაზეს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ლექციები სხვაფასხვა დროს მემთხვევა.“ დღის სამი საათისთვის დასაქმების სტუდენტური ფორუმი დასასრულს უახლოვდება. ეზოში ძალიან ბევრი კმაყოფილი სტუდენტია, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წარმატებით გაიარეს გასაუბრება. IBSU-ში დასაქმების ფორუმი შემდეგ წელს გაიმართება. მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მოგონებები: შესავალი – მარტო უცხო ქვეყანაში მე ვარ მარიამი, 21 წლის და ეს ჩემი პოდკასტია, რომელიც შეეხება ჩემს ევროპულ გამოცდილებას. 2022 წლის ივნისში გავიგე, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო: ესტონეთი, ტარტუს უნივერსიტეტი და ინგლსური ენისა და ლიტერატურის მიმართულება მელოდებოდა. ჩემში დიდი უცნაურობა, კომფორტის დახშობა და შიში გამოიწვია პროგრამის აპლიკაციის შევსებამ, შემდეგ უკვე ტესტმა და საბოლოო ჯამში – გასაუბრებამ. ვერც კი ვხვდებოდი, როგორ მეყო იმის ძალა, რომ ყველა ეტაპი გადამელახა. საბოლოოდ კი, ცოტა არ იყოს დაბნეული, 2022 წლის 22 აგვისტოს თვითმფრინავში ავედი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. გავემგზავრე და არც კი ვიცოდი, სად მივდიოდი, რა მოლოდინები მქონდა, რისი მიღება მსურდა… ეს პოდკასტი შეეხება ზუსტად ამას – დაბნეულობას, შიშსა და გაურკვევლობას; შესაძლებლობებს, რომლებიც ჩემს წინ უეცრად გადაიშალა, როგორც კი ევროკავშირის მიწაზე დავდგი ფეხი. ეს პოდკასტი შეეხება პატარა გოგონას და მის ოცნებებს მოგზაურობაზე, რომელებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებამ და გადაადგილების შეზღუდვამ არარეალურად უქცია. და რაც ყველაზე მთავარია, ეს პოდკასტი შეეხება ოცნებებს, რომლებიც სრულდება. მარიამ ქობალია: “როდესაც პირველად ჩავედი, ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, სად ჩამოვედი, რისთვის… ელემენტარულის გაკეთებაც კი ვერ შევძელი… უცხო ხალხს ისიც კი ვერ ვკითხე, კონკრეტულ ლოკავციამდე როგორ უნდა მივსულიყავი, ვინაიდან თავიდან ესტონური ნომრები არ გვქონდა და შესაბამისად, რუკასაც ვერ ვიყენებდი გარეთ ყოფნის პერიოდში. ეს ყველაფერი სიახლეების შიშმა გამოიწვია… მეორე და მესამე დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად გავიაზრე. მარიამ ქობალია: “ახალი ადამიანების გვერდში ყოფნის მიუხედავად, საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა და კონტროლი შემძლებოდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში ნებისმიერი საკითხი მაინც ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა…” ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ ვიღებდი გადაწყვეტილებებს, როგორ ვსწავლობდი ტარტუს უნივერსიტეტში, ვმოგზაურობდი ევროპაში, რას ვუსმენდი, რა მიხაროდა და თუ რა გადამხდა ისეთი, რაც არასოდეს განმეორდება. მასალის ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
გაზაფხული დგება, ზამთრის თრთვილს ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ცვლის მორცხვი, ჯერ კიდევ სითეთრეში ჩაფლული ია, შემდეგ კი მწვანე ბალახიც წამოიშლება. ეს უამრავი ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ხო, რა მოხდა, გაზაფხული მოვიდა. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მაგრამ რატომ? განა რა არის იმაზე უკეთესი, თუ ყოველ გაზაფხულს სიცოცხლის საწყისად, ბნელი, ცივი დღეების გამახალისებლად მივიჩნევთ. ეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობა, ახალი დღის და ახალი სიცოხლის დასაწყისი, რომელიც აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი დღის შესწავლა განვიზრახეთ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა. ჩვენი მიზანი პრაქტიკუმის საგნის ფარგლებში იუნესკოს არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და შემდგომ საზოგადოებისთვის გაზიარებაა, ნოვრუზ ბაირამი კი ერთ-ერთი პირველია , რომლითაც დავიწყეთ. უფრო ახლოდან რომ გვენახა თუ როგორ აღინიშნება ეს დღესასწაული, 21 მარტს, ნოვრუზის დასრულების დღეს, გვიმასპინძლა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტმა მედინა ოზლამი მამედოვამ და საშუალება მოგვცა შეგვესწავლა ეს დღე, ტრადიციები რაც მას ახლავს და რაც მთავარია პრაქტიკაში გამოგვეყენებინა ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ : ვიდეოს გადაღების ტექნიკა, დეტალებზე აქცენტირება, რესპოდენტთან მუშაობა, კომუნიკაცია, ფოტოს გადაღება, კონცენტრირება… პროცესში კიდევ უფრო გავაცნობიერე რა სირთულეებთან გვქონდა საქმე. სურათი ასეთია: ქალბატონი ეკა მითითებებს გვაძლევს. ერთ კადრს სხვადასხვა მხრიდან ვიღებთ. სახლი საკმაოდ საინტერესოა. რესპოდენტის თქმით, ძალიან ძველია და არც შეიძლება მისი რეკონსტრუქცია. კედლებს ვათვალიერებ და ყურანის ენას ვცნობ, ნაცნობი ასოები იკვეთება და გონებაში ვფიქრობ, რომ ალბათ ყურანიდან რომელიმე ამონარიდი წერია. მე ფოტოებს ვიღებ და ვცდილობ კარგი მომენტები დავიჭირო. ეთა მედინას მეგობრის როლს ასრულებს, ვცდილობთ აღვბეჭდოთ მომენტი, როგორ აღნიშნავს მედინა ამ დღესასწაულს თავის მეგობრებთან ერთად. ნოვრუზ ბაირამში, ვხედავ, რომ გაერთიანებულია ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციები. როგორებიცაა: კვერცხების შეღებვა, ერთმანეთზე მირტყმა – ეს ხომ ჩვენთვის აღდგომაა, ასევე როგორიცაა კარებზე დაკაკუნება და ტკბილეულის ჩაყრა ქუდში – ეს კი ბერიკაობაა. პარალელს ვავლებ გონებაში და ვხვდები, რომ არც ისეთი უცხო არაა ეს ტრადიცია ჩვენთვის. კითხვაც კი მიჩნდება რატომ მხოლოდ მუსულმანები?. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტრადიციას რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ რა გვიდგას წინ, რომ ვიზეიმით? – ალბათ არც არაფერი. პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ლუკა კამერასთან მუშაობს, გადაღების სირთულეებს ეჭიდება, ქალბატონი ეკას რჩევებს ითვალისწინებს, გიორგი ლუკას ეხმარება, ყველანი ჩართულები ვართ. მედინა გვაჩვენებს ხახვის ფოთლებით როგორ ღებავენ კვერცხებს. მკითხაობის მსგავსი ღონისძიებებიც აქვთ. ჭიქაში ძაფზე ჩამოკიდებულ ბეჭედს დებენ და ითვლიან სანამ არ გაჩერდება. როცა გაჩერდება გავიგებთ რამდენი წლისას გათხოვდება. ჩვენც მოვსინჯეთ, ანკამ და მარიამმა ბედი სცადეს და ძალიან სახალისო იყო. ბოლოს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა და დაგვეგემოვნებინა ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული კერძიც. საკმაოდ სინტერესო, შემეცნებითი და მრავლის მომცველი დღე გამოვიდა. ამ ერთ დღეში გამოვიმუშავე ის უნარჩვევები, რომლებიც ყველა ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ამავე თემაზე: ნოვრუზ ბაირამი – IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე
,,თითო ადამიანი თითო წიგნია’’… გიორგი სოსიაშვილი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი, რამდენიმე პროზაული კრებულისა და არაერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორია, რომელმაც გასულ წელს, კრებულისათვის ,,ოთხი მოთხრობა“ პრემია ,,საბა“ მიიღო, ნომინაციაში – 2021 წლის საუკეთესო პროზაული კრებული. გარდა ამისა, 2019 წლიდან იგი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია. ამ ინტერვიუში წარმოდგენილია მისი, როგორც მწერლის პორტერეტი და ასევე საუბარია რექტორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით. ბატონო გიორგი, თქვენ გორის უნივერსიტეტში ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას, ხართ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, კითხულობთ ლექციების ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი ხართ და პარალელურად წერთ წიგნებს, ამიტომ ჩნდება ასეთი კითხვა, თუ როგორი არის თქვენი წერის პროცესი, დღის რა მონაკვეთს უთმობთ შემოქმედებით საქმიანობას? -პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, , რომ მე შემარჩიეთ ინტერვიუსთვის. წინასწარ ვერასოდეს განვსაზღვრავ, რა დროს ვწერ. სამეცნიერო ნაშრომები იქმნება გეგმიურად. თავდაპირველად უნდა წარმოიდგინო ეს სტატია, მონოგრაფია თუ ნაშრომი როგორი სტრუქტურის იქნება და შემდეგ ვიწყებ წერას. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ეს ცოტა რთული პროცესია, ვერ განვსაზღვრავ, როდის უნდა დავწერო, ვინაიდან ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. წერის პროცესი ასევე დამოკიდებულია განწყობაზე, ხან გადის თვეები, როდესაც საერთოდ ვერ ვწერ და ხან ყოფილა შემთხვევა, როდესაც ორიოდე კვირაში მთელი წიგნი დამიწერია.ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა გონებაში მთლიანი წიგნი მქონია დაწრილი და მისი მხოლოდ ფურცელზე გადმოტანაღა იყო საჭირო. განსაკუთრებული წელი და მოვლენა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენი, როგორც მწერლის ბიოგრაფიაში, რომელია? ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა ჩემი პირველი წიგნის გამოქვეყნებამ. მაშინ ძალიან ახალგზარდა ვიყავი, ცხრამეტი ან ოცი წლის. აგრეთვე ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი მაშინ, როდესაც მოულოდნელად გადმომეცა პრემია ,,საბა’’. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს წიგნს იწონებენ და აფასებენ. თავდაპირველად მითხრეს, გადაცემიდან არიან ჩამოსული გორში და შენგან ინტერვიუს აღება უნდათო, მივედი იმ განწყობით, რომ მათ დასმულ კითხვებზე პასუხი გამეცა. თუმცა იქ მისულს რატი ამაღლობელი დამხვდა და გადმომცა ჯილდო. მაშინ სიხარულის სტრესიც კი მივიღე. როგორც თავადვე ახსენეთ, ტვ–მონიტორინგისთვის მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში, თითქმის ყველა მწერლის ცხოვრებაში დგება ,,შემოქმედებითი კრიზისი’’, როცა თითქოს ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული და შენ ყოველი დაწერილი წინადადება სიყალბედ გეჩვენება, მაინტერესებს, თქვენ როგორ უმკლავდებით ასეთ მომენტებს? -ძალიან ბევრი მწერლის ცხოვრებაში დგება შემოქმედებითი კრიზისი, როდესაც იდეები გაქვს , მაგრამ ისინი ფურცელზე ვერ გადმოგაგქვს. ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი დამიწერია, ძალიან ბევრი მიმუშავია და მერე ჩემი ნაწერები ჩემივე ხელით გამინადგურებია. ძალიან უმოწყალო ვარ ხოლმე ამ ნაწერების განადგურებაში, არ მიყვარს მათი შენახვა. ის ნაწარმოები, რომელიც ჩემი არ არის, მე არ მეკუთვნის და ძალით დაწერილია თითქოს, არასოდეს უჯრაში არ შემინახავს. თუ გინანიათ რომელიმე ნაწარმოების განადგურება? -ამ პროცესს ძალიან კარგი ნაწერები, მათ შორის მეტაფორები გაუნადგურებია, თუმცა არასოდეს მინანია მათი განადგურება, არადა სრულიად შესაძლებელია , ის კარგი ნაწერები ამოკრიფო და სხვა ნაწარმოებში გამოიყენო, მაგრამ მე ასეთი ჩვევა მაქვს. ჩემი ნაწარმოებები იქმნება მხოლოდ ფურცელზე, ტუშიანი კალმით ან სულაც ფანქრით. ახლა კი მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ–ერთ უმძიმეს თემას, 2008 წლის აგვისტოს ომი, თემა , რომელიც თქვენს შემოქმედებაში ბევრგან ფიგურირებს . მაინტერესებს, რამდენად რთულია ომის კადრების გახსენება და იმ ემოციათა და განცდათა ფურცელზე გადმოტანა, რასაც წერის დროს განიცდით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სოფელ დიციდან ხართ და თქვენთვის ეს თემა ორმაგად ახლობელი გამოდის? თავდაპირველად საერთოდ არ ყოფილა ეს თემატიკა ჩემს შემოქმედებაში. 2008 წლამდე გამოცემული მქონდა არაერთი კრებული, მათ შორის ,,ძმათა მახვილი,, , ,,ახლოა მონასტრამდე’’, საქმე იმაშია, რომ 2008 წლის ომმა ითამაშა გარდამტეხი როლი. ძალიან დიდი ტკივილები შემოვიდა ჩემში და ამან მოიცვა მთლიანად ჩემი აზროვნება, მთელი ფსიქიკა , მთელი ცნობიერი და ქვეცნობიერი პირდაპირ აივსო ამ განცდებით. პირველი მოთხრობა ომის დროს დაიწერა , როცა პირდაპირ ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქში, ეს იყო ,,წერილი კაცობრიობას’’. ომის გარდა სხვა რაღაცებზე ვერ ვფიქრობდი, ბოლოს შევკარი მოთხრობები და ერთ კრებულად გამოვეცი, რომელსაც ჰქვია ,,2008 წლის შვებულება’’. ეს შვებულება ყველასთვის იყო თავზარდამცემი და ტრაგიკული. ამას მოჰყვა სხვა წიგნები, გამოვიდა ,,ჩვიდმეტნი’’, ,,გამორთული მთვარე’’, ,,მავთულხლართი’’, ამ კრებულში შევიდა მოთხრობა, რომელმაც რევაზ ინანიშვილის პრემია მიიღო. შემდეგ დაიწერა ,,გოდების კედელი’’, ძალიან დიდი ხანი მომიწია ამ რომანზე ფიქრი. პირველი გვერდები ფანქრით დავწერე და ახლაც მეშინია იმ დღეების გახსენება , თუ რას ვეჭიდებოდი, თუმცა ფაქტია, კარგ რამეს შევჭიდებულვარ. რა რჩევას მისცემდით დამწყებ მწერლებს? -პირველი და უმთავრესი, რასაც მათ ვეტყოდი ეს არის საკუთარი სამწერლობო ენის შექმნა, დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა. მე ქართლური მეტყველების გავლენას განვიცდი, ვინაიდან იქ ვცხოვრობ. რა ენაც მესმის დედაჩემისგან სახლში, იმ ენით ვწერ მეც. ეს არის ჩემი სტილი და მიდგომა. აგრეთვე ვიტყოდი იმასაც, რომ თავგადასავლები და მოგზაურობა არის მწერლისთვის ყველაზე მთავარი ამბავი. ყველაზე კარგად გამოგდის ის , რასაც განიცდი, მისი გადმოტანა ქაღალდზე. მწერალი აგრეთვე უდიდესი მსახიობია, გარდასახვას ახდენს ათასნაირ გმირში,მათ გრძნობებს განიცდის. მოგზაურობა მწერლის შთაგონების წყაროს მკვებავია, ამ დროს ბევრ ადამიანს წააწყდები, ბევრთან ისაუბრებ. ჩემი აზრით, თითო ადამიანი თითო წიგნია. აგრეთვე დამწყებმა მწერლებმა ბევრი უნდა იკითხონ, ძალიან ბევრი. ინსპირაციის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ თავგადასავალი, არამედ კითხვა. მე დამიწყია კითხვა და პროცესში გამჩენია იდეა ამ ამბავზე დამეწერა მოთხრობა. როგორც სპორტსმენს სჭირდება მუდმივი ვარჯიში და ფორმაში ყოფნა, იგივე არის მწერალი და შემოქმედი. სულ უნდა საკუთარ თავზე იმუშავო , მწერლობას მიუძღვნა საკუთარი თავი. გიორგი სოსიაშვილი: “დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა”. როგორც ვიცი, თქვენ მიერ დაფუძნდა ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ და ხართ ამ კონკურსიის კოორდინატორი, მოკლედ რომ მოგვიყვეთ ამ შესანიშნავი პროექტის შესახებ, გაგვიზიაროთ მომავლის გეგმები და მიზნები. – ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ დავაფუძნე სამი წლის წინ და ის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს. წელს უკვე მესამედ ტარდება და უკვე ხუთი ნომინაცია გვაქვს წლის საუკეთესო ლექსების კრებული, წლის საუკეთესო პროზაული მოთხრობა, წლის საუკეთესო თარგმანი, საუკეთესო ესეისტიკა – დოკუმენტური პროზა და წლის საუკეთესო -პიესა. ასე რომ , საკმაოდ ბრენდულ კონკურსად გადავაქციეთ ,,მაჩაბელი’’, რომლის დაჯილოდებაც წელს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდება . ბატონო გიორგი, დღევანდელი თაობისთვის, ჩემი თაობისთვის ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი გახდა ევროპული განათლების მიღება, ჩემ გარშემო უამრავ მოწადინებულ და მოტივირებულ ახალგაზრდას ვხედავ, რომლებსაც უცხოური განათლების მიღება სურთ. რა სთავაზობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს ამ მხრივ? -პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა სამ საფეხურიანი, ავტორიზაცია წარმატებით გავიარეთ და მესამე საფეხური დაგვემატა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე გაგზავნის. ჩვენს უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მზარდი მაჩვენებელი აქვს, ასზე მეტი სასწავლებელი გვყავს დამეგობრებული . ჩვენი ბავშვები სწავლობენ იტალიაში, ესპანეთში , პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. თუ სტუდენტს სურს უცხოეთში სწვლა , მთავარია, მან შეიტანოს განაცხადი და ჩვენ მის ხელშესაწყობად ყველაფერს გავაკეთებთ.
„რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები“- მურო გაგოშიძე სწორედ სუხიშვილების მესამე თაობის, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, „რევოლუციური თაობის“ სოლისტი და ქორეოგრაფია. ბავშობიდან ამ დიდი ოჯახის წევრია. მუროს იცნობენ, როგორც მოცკევავეს, მაგრამ საინტერესოა ვინ არის მურო გაგოშიძე ცეკვის მიღმა. მოგესალმები, მოდი დავიწყოთ თავიდან და მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ: წარმოშობით რაჭველი ვარ, აფხაზეთში ვიზრდებოდი სადღაც 4 წლამდე, არეულობის დროს, იმერეთში დედული მაქვს, ქუთაისში ვცხოვრობდით 2 წელიწადი, სკოლაში უკვე თბილისში შევედი. როგორ გახსენდებათ აფხაზეთი? არაფერი არ მახსოვს, მაგრამ, იცი როგორ არის? ხო რაღაცას გრძნობ ადამიანი, მეც ხო ამ პროფესიაში ვარ, აფხაზური ცეკვა, მეგრული მუსიკა ისე რაღაცნაირად მოქმედებს ჩემში, რასაც ვერ ავხსნი ენით ვერასდროს, ოღონდ ეს „ნაღდი“ ამბავია და არა მოტანილი საიდანღაც, ეგრე მოქმედებს, უფრო სხვანაირად ვგრძნობ. ისე, რომ, მახსოვდეს იქაურობა კარგად, არა, მაგრამ ეს ისეთ რაღაცას ასახავს ჩემში, რომ გეგონება იქ დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ და ვბერდები. ალბათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს… თავისთავად, აბა რა, კი, სიმართლე გითხრა, ოჯახის წევრებს დიდად ისტორიები არ მოუყოლია ჩემთვის, ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ გრძნობენ და ხედავენ როგორ აისახება ჩემში იქაურობა იმიტომ, რომ მიყვარს ძალიან მეგრული მუსიკა, როგორც ინსტრუმენტალურად, ასევე ცეკვით, საუბრით. თქვენო აზრით, რომელიმე კონკრეტულ მხარეს მიეკუთვნებით? ვერ ვიტყვი მაგას სიმართლე გითხრა, აი ამ სამ კუთხეს გამოვყოფდი განსაკუთერეებით: იმერეთი, რაჭა და აფხაზეთი, გურიაც ძალიან მიყვარს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ერთი რომელიმეს შვილი ვარ. მამათქვენიც მოცეკვავე იყო, განაპირობა თუ არა ამან თქვენი პროფესია? კი, მოცეკვავე იყო, ქორეოგრაფი, გალში კულტურის სახლის დირექტორი, ჰყავდა ანსამბლი, ცეკვავდა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლშიც. მახსოვს, ერთადერთხელ ჩამიტარა რეპეტიცია მამაჩემმმა, მაგრამ სულ დავყავდი თავის რეპეტიციებზე, სულ მქონდა შეხება, მერე როცა ოფიციალურად შემიყვანეს ცეკვაზე, როგორც მეუბნებიან, მაშინვე გამოჩნდა, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა. ჩემებმა იმის გამო, რომ ცეკვა გამეგრძელებინა სახლი გაყიდეს, მე კიდევ ლამის წყალში ჩავუყარე, როდესაც ძმას გავყევი ფეხბურთზე და 2 გოლი გავიტანე. თქვენი ოჯახი, ფაქტობრივად, ხელოვნებას ემსახურება, დედა – მომღერალი, ბებო – პოეტი, თქვენს ცხოვრებაში რა ადგილს იკავებს ხელოვნება? ეგრე რომ მეუბნებია, სიმართლე გითხრა, მრცხვენია-ხოლმე, რადგან ხელოვნება, ჩემი აზრით, უსასრულობის წარმომადგენელია, ამიტომ ვერ ვუწოდებ ჩემს ოჯახს ხელოვანს. მე ყველაფერს, რაც ხელოვნებას ეხება, ქედს ვუხრი და პატივს ვცემ. რომ გადავიდეთ სუხიშვილებზე, მოკლედ რთული იქნება საუბარი, იქნებ, მოგვიყევეთ თქვენი თავგადასავალი სუხიშვილებში ამით ვცხოვრობ, ამით ვცოცხლობ. როცა ტრავმის გამო ვერ ვცეკვავ ხოლმე ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩემში. ხშირად მსნემია ყოფილი მოცეკვავეებისგან,რომ ყოველ ღამე ესიზმრებათ აქაურობა, ღმერთმა მაშოროს ეგეთი რაღაც, თორე ღამეში რამდენჯერმე ვნახავდი იგივე სიზმარს. რაც შეეხება სუხიშვილებს, პატარაობიდანვე განსკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ანსაბლისა და ოჯახის მიმართ, ბუნებრივად, აუხსნელად შემოვიდა ჩემში, ამაზე ვოცნებობდი და მადლობა ღმერთს ამიხდა. კონკრეტულად, რა განასხვავებს სუხიშვილებს სხვა ანსამბლისგან? არის განსხვავება, არ მიცეკვია სხვადასხვა ანსამბლში, მაგრამ მათი ნაცეკვიდან გამომდინარე, მაინც ვხედავ განსხვავებას. აქ არის სხვანაირი თავისუფლება, რაც ხელოვნებას უყვარს, ამ ანსამბლში უსასრულობის განცდა არის. პირველ რიგში არ უნდა დაიკარგოს ქართული სული და ეს უნდა იყოს ღირებული, შენი მოძრაობა რაღაცას უნდა ასახავდეს, ემოციურად, პირველ რიგში. ამაში კი დიდი როლი ითამაშა დიდი ნინოსა და ილიკოს სიყვარულმა. მათი უსაზღვრო სიყვარული აისახება ამ ამბამლში და მიგრძვნია კიდეც. უმცროსი ილიკოსგანაც და ნინოსგანაც ისე დაძმური, მამაშვილური დამოკიებულება მიგრძვნია, რომ მე რამდენი მადლობაც არ უნდა ვუხადო მათ საკმარისი არ იქნება, ერთადერთ,რაც შემიძლია ისაა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვუერთგულო. გავრცელებული აზრით, სუხიშვილების მოსწავლე რომ გახდე, შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე, ეს რამდენად გამართლებულია? ნინო რამიშვილს ასეთი რამ უთქვამს, შენო ადამიანობა მანახეო და ცეკვას მე გასწავლიო. ესაა პირველი დამაკმაყოფილებელი, რაც შეეხება ფიზიკურობას, რა თქმა უნდა, ამხელა დონის ანსამბლში რომ მოდიხარ, რაღაცებს უნდა აკმაყოფილებდე, თავისთავად, როგორც სიმაღლეს, ასევე ფორმას, ტექნიკურობას და ა.შ. მაგრამ თუ ამ ოჯახს ვერ მოერგე, მაშინ იქ ვერ „გაქაჩავ“. სუხიშვილების მესამე თობა განსაკუთრებით გამოირჩევა რევოლუციური თვალსაზრისით, რას ფიქრობთ ამაზე? რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები. ყველა თაობას ახასიათებს, პირველ თაობაში ქალბატონმა ნინომ და ილიკომ რომ პროგრამა შეადგინეს და კრიტიკა მოჰყვა, დღევანდელი კრიტიკა მასთან შედარებით ზღვაში წვეთია. განვმეორდები, რომ ამ უსარულო ხელოვნებში თუ ათასი სისულელე არ გააკეთე ,კარგს ვერ შექმნი და ვერ ისწავლი. აქაც ესეა, ერთ ადგილას არ ვდგავართ და ვეძებთ, ვაკეთებთ. რთულია ერთი და იგივეს უყურო სულ, მოგბეზრდება. ხალხის აზრი რამნდენად მნიშვნელოვანია? ძალიან, ცხადია, აზრიც უნდა გაითვალისწინო ყველაიანირი, რაღაცას ისწავლი და გამოიტან, ცუდიდანაც და კარგიდანაც. მურო გაგოშიძე, როგორც მამა… ოღონდ მაგას ნუ მკითხავ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად მიფიქრია მაგაზე. რაც არ უნდა აკეთოს მშობელმა შვილისთვის, მაინც მიაჩნია ზღვაში წვეთი, იმხელა სიყვარულს მოიცავს ეს ურთიერთობა. მე მაგალთს თუ მივცემ მათ ჩემი ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე, თორემ რაღაცებს ვერ დააძალებ, რომ გითხრა გადასარევი მამა ვარ-თქო, ვერ გეტყვით. რამდენად გინდათ იგივე პროფესიას გაყვნენ თქვენი შვილებიც? იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა შვილმა სხვა რამე რომ აკეთოს გამიხარდება-თქო, მაშინ მატყუარა უნდა ვიყო, მე როგორც მიყვარს ცეკვა და მსიაოვნებს როგორ არ უნდა მინდოდეს ჩემმა შვილმა იცეკვოს, თანაც ფართო არეალი აქვს გახსნილი, მადლობა ღმერთს, სადღაც-სადღაც მიმიწვდება ხელი, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილი ღირსეულად იშრომებს. ორჯერ ორი რომ ოთხი, ასეთი ნათელია, რომ გენეტიკურად მოჰყვებათ ეს ყველაფერი, ამიტომ ვცდილობ, რომ გაყვნენ ამ გზას. რა პრობლემებს აწყდება დრესდღეისობით მოცეკვავე საქართველოში? დღევანდელი ჩვენი ყოფიდან გამომდინარე არა მარტო მოცეკვავეებს, არამედ ზოგადად უჭირს ხალხს. მაგრამ ერთს ვიტყოდი, რომ ამ დარგს იმდენად გააქვს ჩვენი კულტურა მსოფლიოში, რომ მგონია, უფრო უნდა დაფასდეს, რომ მოდის ახალგაზრდა რაიონიდან, არ აქვს სახსრები, წარმოიდგინე, რომ ემართება რაღაც ტრავმა, ელემენტარული სამკურნალოდ ხომ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა. ამასაც ცოტა ყურადღება უნდა მიექცეს. რამდენად დიდია ნიაზ დიასამიძის როლი თქვენს პროფესიაში, თქვენი საერთო პროექტის, „რქაწითელის“გათვალისწინებით მაგ ადამინაზდ გავიზარდე, ისე მომიყვანა თანამედროვეობამდე თავისი ქართულით, რომ არც ქართული სული დამიკარგავს და არც მისი სმენა. აქედან გამომდინარე, თუ ცეკვა გიყვარს, ნიაზ დიასამიძე ისეთ მუსიკას ქმნის, სულ რომ არ იცეკვო, სირცხვილია. პანდემიის პერიოდში სულ ვფიქორობდი, რომ კომპოზიციებზე რაღაც გამეკეთებინა, ამ ბოლო დროს მომეცა საშუალება და მადლობას ვუხდი ბატონ ნიაზს, რომ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი და მან მომცა თავისუფლება, მიდი და აკეთეო. მასაც, ასე თუ ისე, მოსწონს ჩემი შემოქმედება. თქვენი სტუდიის გახსნაზე არ გიფიქრიათ? როგორ არა, მიფიქრია, მაგრამ გეგმები არ დამიწყვია, რადგან ჯერჯერობით მოქმედი მოცეკვავე ვარ, თანაც ისეთ ანსამბლში და ოჯახში ვარ. მიყვარს და მთელი ჩემი ფიზიკური შრომა აქ ჩავდე, ამიტომ ცოტა რთულია მოწყდე. მე მირჩვენია, ღმერთის წყალობით თუ ყველაფერი კარგად წავიდა, აქ დავრჩე. 7 წლის წინ გახსნეს სუხიშვილების აკადემია, სადაც არამარტო ხალხურ ცეკვას, არამედ ტანვარჯიშს, თანამედროვე ცეკვას ასწავლიან და მეც შემომთავაზეს. მინდოდა რაღაც ახლის გაკეთება, გავხსენი ჯგუფი, სადაც სრული თავისუფლება მაქვს. ამაში დიდი როლი ითამაშა ნიაზმა,პატარა ილიკომ, რომლის ფანტაზია საზღვრებს სცდება, გენიოსია, რომ შემომხედავს, უთქმელად ვუგებთ ერთმანეთს, სხვათაშორის ემთხვევა ხოლმე ჩვენი აზრები ერთმანეთს. გაგიაგიათ თუ არა, რომ მეორე ილიკოს გიწოდებენ? გამიგია კი, ილიკომაც მითხრა. ზოგი ისე საუბროს,
მარიამ კიპაროიძე: “მე და ევროპა: ევროპული ღირებულებები – ის, რაც გვჭირდება.” “- რა არის მნიშვნელოვანი ევროპულ ფასეულობებში? – ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს – პატივი სცეს სხვების ინტერესს, საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ან კერძო პირის ქონებას, გაუფრთხილდეს ადამიანების სიცოცხლეს, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. თანაგრძნობა და საზოგადოების ინტერესების მსახურება კი ნებისმიერი სოციალური სახის ურთიერთობისთვის კეთილდღეობის მომტანია. ევროპული ცხოვრების წესი ზოგჯერ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაოცებას იწვევს . მაგალითად, მათთვის უჩვეულოა – ფულადი დახმარების აღების შესაძლებლობა, დაფინანსებული მკურნალობა, მაღალი ანაზღაურება, ქველმოქმედება, რიგში დგომაც კი, სადაც არავინ არ არღვევს რიგის ნომერს, მოწესრიგებული სადარბაზოები,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ა.შ. დღედღეობით, საქართველო განიცდის პირადი პასუხისმგელობის ნაკლებობას, რაც არღვევს ერთობის განცდას ინდივიდსა და კოლექტივს შორის. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს რამდენად პრობლემურია საზოგადო საჭიროებების უგულებელყოფა და ფიქრი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე. სხვაზე აღმატებულობის შეგრძნება, რაც ჩვენ ერს სენივით დაემართა, მტრულ დამოკიდებულობას ბადებს ადამიანებს შორის. შედეგად, არავის სურს შექმნას უკეთესი პირობები გარშემომყოფებისთვის. ევროპული ფასეულობათა სისტემიდან მნიშვნელოვანია ასევე, დაეჭვების და ახლებური ხედვის უნარი. ევროპელები მუდმივად მზად არიან ნაცადი ხერხის განსჯისა და ცვლილებებისთვის, რაც მათ მუდმივად ამყოფებს დინამიკური განვითარების მუხტში. ქართველებს გვიყვარს არსებულით ტკბობა, ტრადიციებისა და გენების ქება. ეს ცუდი სულაც არ იქნებოდა, რომ არა თვითკმარად ყოფნის განცდა, რაც განსხვავებულად ფიქრის შესაძლებლობას არ ტოვებს და აქვს მიუღებლობა რაიმე უცხო/განსხვავებულისადმი. ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებული განხილული ფასეულობები სამართლიან შინაარსს ატარებს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ევროპა არის დემოკრატიულ, ჰუმანურ პრინციპებზე ნაშენები მყარი სისტემა.” ბლოგის ავტორი: მარიამ კიპაროიძე მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.
ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე. არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა. აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში ხვდები. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. დახლებს უკან დგანან მომღიმარი სახეებით და თუ მათ დახლს ამოირჩევ, უსაჩუქროდ არ დაგტოვებენ. უხარიათ და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად. ყველა ქვეყანას თავიანთი ტრადიციული კერძები თუ სასმელები აქვს წარმოდგენილი. გჩუქნიან ბროშურებს, დროშებს, სტიკერებს… კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადონ თავიანთი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა თამაშებს გვთავაზობენ, ქვიზებს გვავსებინებენ, რათა ცნობიერება აგვიმაღლონ ევროკავშირთან დაკავშირებით. აღნიშული აქტივობების შემდგომ კი ჭიქით, მაისურით ან ჩანთით გვასაჩუქრებენ. გერმანიის დახლთან რომ მივედით, გვითხრეს, რომ გერმანული სიტყვა მოგვეძებნა და ჩანთით დაგვასაჩუქრებდნენ. მეც გერმანულ ენაში გაწაფული, დარწმუნებული მივედი, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიპოვნიდი სიტყვას. ეს სიტყვა იყო – das Brot – პურითა და ჩანთით ხელდამშვენებული წამოვედი”. ბლოგის ავტორი: ანა მაზიაშვილი მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი ერაძემ “ევროპის დღე” MDF-ს ტრენინგზე გაატარა, რადგან მისთვის ევროპა დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. გიორგი ერაძე: “მე, როდესაც ვეცნობი რაიმე ინფორმაციას და მისი სიმართლე ეჭვს იწვევს, ვცდილობ მის გადამოწმებას სხვადასხვა გზებით.ვამოწმებ მის წყაროებს, ფოტოებს, ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდზე და ვცდილობ დავადგინო სიმართლე. ასევე, ინფორმაციის გადამოწმების დროს ვცდილობ დავეკონტაქტო სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ჩემს დახმარებას”. გიორგი ერაძე: “ვფიქრობ, რომ იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ ფაქტების გადამოწმების ხერხები, რათა დეზინფორმაციით არ დავინფიცირდეთ”. ბლოგის ავტორი: გიორგი ერაძე მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.
საქართველო ყოველთვის გამოირჩევა თავისი ისტორიით, კულტურითა თუ ტრადიციებით. მოსახლეობაც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ფეხი აუწყოს ტრადიციებს და არ დაკარგოს ის, რაც საუკუნეების წინ დაარსდა. დღეს, 14 მაისია, აღდგომის მეხუთე კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეჯოს რაიონის სამი სოფელი, მანავი, თოხლიაური და გიორგიწმინდა ხალხურ დღესასწაულს, კალობნობას აღნიშნავს. არსებობს ვარაუდი, რომ ამ დღესასწაულს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელშიც აღნიშნავენ, თუმცა დღეს საგარეჯოს რაიონში ვიმყოფებით და ერთად დავათვალიეროთ, თუ რა ტრადიციებია და რა ღონისძიებებია გამართული „კალობნობასთან“ დაკავშირებით და სხვ. „კალობნობა“ და როგორც უფროსი თაობა უწოდებს, კალოუბნობა, აღდგომის მეხუთე კვირას აღინიშნება საგარეჯოს რაიონ სოფელ თოხლიაურისა და მანავის გასაყარზე მდებარე წმ. გიორგის და ღვთისმშობლის ეკლესიების ტერიტორიაზე. როგორც თოხლიაურის ერთ-ერთი მცხოვრები გივი ჭიკაძე გვიყვება: „ ეს დღე ჩემი მამა- პაპადან მოდის, იქეთ მაგიდას რომ ხედავთ ჩემი ოჯახი სულ მანდ ქეიფობდა, ცხვარი იკვლებოდა და აღვნიშნავდით. ისე, როგორც მე ვიცი მუსლიმების შემოსევების დროს, მე- 11 საუკუნეში, როცა შაჰ-აბასი საქართველოში შემოვიდა, კახელებმა თავიანთი ცოლ-შვილი მთაში გახიზნეს, მაგრამ ალბათ, როგორც ახლა გვყავს მოღალატეები, მაშინაც ასე იყო და თათრებმა მოაგნეს. ამ ვაკე ადგილას კალო ილეწებოდა, მათაც დააყენეს ბავშვები მწკრივად და მშობლების თვალწინ, როგორც კალო ილეწებოდა, ისე გალეწეს ბავშვებიც. მერე აქაურებმა დაღუპულების საპატივსაცემოდ ორი ეკლესია ააგეს. ერთი ღვთისმშობლის, რომელიც თოხლიაურის ტერიტორიას ეკუთვნის, ხოლო მეორე, წმ.გიორგის, – მანავს. ამიტომ ძირითადად ეს ორი სოფელი აღვნიშნავთ, მაგრამ აი გიორგიწმინდელები კი ამ დღესასწაულს თავიანთი მორთული ცხენებით ალამაზებდნენ. რა ვიცი, ეს არის სულ, მერე აქედან გამომდინარე დაარქვეს ამ დღეს კალობნობა.“ საინტერესოა ამ დღის ისტორია, თუმცა, ვფიქრობ უფრო მეტად საინტერესოა აღნიშვნის პროცესი. კალობნობას მოსულ ადამიანებს, რაც არუნდა გასაკვირი იყოს მუდამ დახვდებათ წვიმა და ტალახიანი ასავლელი მთაზე, გადმოცემის მიხედვით კალობნობა წვიმის გარეშე არ ჩაივლის. გარდა ამისა, აქ შეხვდებით სხვადასხვანაირად მორთულ-მოკაზმული ცხენების დოღს, რომლებიც სოფელ გიორგიწმინდაში იკრიბებიან და ჯგუფად, ჭენებ-ჭენებით მიდიან დღესასწაულის აღსანიშნად. მანქანებით გადატვირთული პატარა მოედანი მთის ძირას, აღმართზე მდგარი ბებოები სანთლებით ხელში, უამრავი სათამაშოებით გაძეძგილი დახლი, რომლებიც ბავშვების მოლოდინშია და, რა თქმა უნდა, ბამბის ნაყინი – ესაა სურათი, რომელიც აქ მოსულებს გადაეშლებათ თვალწინ. ანზორ დიღმელაშვილი ერთ-ერთი სტუმარი ამ დღისა და ამავდროულად, მკლავჭიდელი, გვიყვება: „ შარშან და წინა წლებშიც უფრო მრავალფეროვანი იყო დღევანდელი დღე, ბავშვები ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მახსოვს მკლავჭიდის შეჯიბრიც გაიმართა,სადაც მეც მივიღე მონაწილეობა, პირველი ადგილი ავიღე, როგორც მახსოვს რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, სანამ ფინალამდე არ მივედით, თანაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში. წელს, არ ვიცი რატომ, არც ჭიდაობაა,არც მკლავჭიდი ალბათ, უამინდობის გამო. მე დოღსაც ვერ მოვუსწარი და ცოტა გულდაწყვეტილი ვარ“ ხალხის მატებასთან ერთად შეინიშნება ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალიც, ძირითადად, ცხვრის. წესის თანახმად შემწირველმა ტაძარს სამჯერ უნდა შემოატაროს ცხვარი და მხოლოდ ამის შემდეგ შესწიროს. რუმინელი სტუმარი გოგონა, რომ3ლიც წელს პირველად იყო „კალობნობის“ დღესასწაულზე ამბობს: „მე მომწონს დღევანდელი დღე, ძალიან ლამაზია აქაურობა. გული მწყდება, რომ ბევრი არაფერი ვიცი ამ დღესთან დაკავშირებით. რაც ვიცი ისაა, რომ ცხენები ეჯიბრებიან ერთმანეთს და ახლა შევნიშნე, რომ კლავენ ცხვრებს, რაც ძალიან არ მომწონს.“ „კალობნობის“ დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში ელის აქ მოსულ სტუმრებს და სტუმრებიც დიდი აღფრთოვანებით ელიან ამ დღეს. სოფელ დიდი ჩაილურის ერთ-ერთი მცხოვრებიც გვეუბნება, რომ მას თითქმის არცერთი წელი აქვს ჩაგდებული და ახარებს ის ფაქტი, რომ ყოველ წელს მატულობს ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ წელს უამინდობის გამო, არც ჭიდაობა იყო და არც მკლავჭიდი, ფიქრობს, რომ ის მუხტი მაინც არ დაკარგულა. დღის დასასრულთან ერთად, სტუმრების რაოდენობამაც იკლო, რადგან საღამო ხანს მაცხოვრებლები სახლებში ინაცვლებენ და სუფრასთან იწყებენ დღის აღნიშვნას. იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო მეტი აქტივობებით დატვირთული დაგვხვდება „კალობნობა“. მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი რეპორტაჟი მომზადდა სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.
– დოდონა, მომიყევი შენს შესახებ – ვინ არის დოდონა ნამორაძე? – დოდონა არის 22 წლის. ვსწავლობ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მარკეტინგის ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსზე. დავამთავრე ინგლისური სკოლა „ნინო“, დამამთავრებელი კლასები ვისწავლე საქართველოში, ხოლო მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ფილიპინებზე ვსწავლობდი. – ფილიპინებიდან საქართველოში ჩამოსულს გაგიჭირდა თუ არა ადაპტაცია? როგორ ცხოვრობდი ფილიპინებზე? – თერთმეტი წლის გავხდი თვითმფრინავში და ეს ყველაზე საშინელი დაბადების დღე იყო, რაც კი მქონია. თავიდან გამიჭირდა, რა თქმა უნდა. შემდგომ შემიყვანეს სკოლაში. ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და მომიწია ხელახლა მესწავლა. ფილიპინებზე ყოფნისას, ათი წელი ვთამაშობდი ბადმინტონს, შევისწავლე პროფესიონალურად და დღეს ვარ პროფესიონალი. საქართველოს უნივერსიადაში მეორე ადგილი ავიღე. ასევე, ფილიპინებზე ფრენბურთის გუნდის კაპიტანიც ვიყავი. – პირველად რა სიმღერა იმღერე და როდის? – როგორც მეუბნებიან ვიყავი 10 თვის და პირველად წავიღიღინე „მიყვარს ცეკვა თამაში“. – როგორც ვიცი, მუსიკოსთა ოჯახიდან ხარ. გაიხსენე, როდის და როგორ გაგიჩნდა ინტერესი მუსიკის მიმართ? – პირველ რიგში, ჩემს ოჯახში მამის მხრიდან, ყველა არის კლასიკოსი. მამაჩემი კლარნეტისტია, ბაბუაჩემი საქართველოს ოპერის ორკესტრში უკრავდა ვიოლაზე და ბებია ათეული წლებია ფორტეპიანოს მასწავლებელია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს არ მიზიდავდა მუსიკა, ვინაიდან არ მიყვარდა ფორტეპიანოს მეცადინეობა და მაინც დაახლოებით 8-9 წელი მაძალებდნენ. ამავდროულად, ნიჭი მქონდა გენეტიკური და ამ დაძალებაში ნელ-ნელა შემიყვარდა. დავამთავრე მეათე მუსიკალურ სკოლა, სადაც ქალბატონი რუსუდან მირზაშვილი-ტაბაღუა იყო ჩემი პედაგოგი. ამ პერიოდში არჩევანის წინაშე ვიყავი – უნდა ამერჩია კონსერვატორია ან უნდა ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში და ბიზნესის მხრივ მესწავლა. ჩემთვის არცერთი იყო ერთმანეთზე ნაკლები. უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამოვწურე თავი და მეტი აღარ მინდოდა ფორტეპიანოს გაგრძელება. ამიტომ, გადავწყვიტე ბიზნეს-ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩამებარებინა IBSU-ში. – საქართველოში მონაწილეობა მიიღე კონკურსებში “ნიჭიერი” და “X ფაქტორი“. განვითარების რა პერსპექტივა მოგცა კონკურსებმა? – როდესაც გავიგე პროექტ „X ფაქტორის “-ის შესახებ, გადავწყვიტე მივსულიყავი კასტინგზე. გადავლახე შესარჩევი ტური და გადამიყვანეს კონკურსის შემდგომ ეტაპზე. მაგრამ ფაქტია, რომ გული დამწყდა, როდესაც არაფერი გამოვიდა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებიდან. მე, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, აღარ მინდოდა სიმღერა “X ფაქტორის” გამო და გადავწყვიტე სიმღერის შეწყვეტა. როგორც კი დამთავრდა პროექტი, წავედი ისრაელში, ფესტივალზე, სადაც იყო 200-ზე მეტი კონკურსანტი 12 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა, ძალიან სერიოზული ჟიური იყო და იქ გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. რაც შეეხება “ნიჭიერს”, 2021 წელს დამიკავშირდნენ ამ პროექტზე მომუშავე ადამიანები. მაშინ გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა, როდესაც საერთოდ არ მინერვიულია და ზუსტად ამ დღიდან, სცენაზე საერთოდ აღარ ვნერვიულობ. “ზუსტად იგივე შესაძლებლობებით, რაც საქართველოში მქონდა წავედი ისრაელში. იქ, გავიმარჯვე და აქ, კონკურსის მეორე ტურსაც ვერ გავცდი.” – რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი ქუჩის მუსიკოსი? – მე, დავივიწყე კონკუსები და ვთქვი, რომ აღარ გამოვალ საქართველოში. სიმღერა მინდოდა, მაგრამ აღარ მინდოდა მემღერა კონკურსებში. ქუჩაში სიმღერა, ვინც მომღერალი არის, ყველამ უნდა გამოსცადოს. ეს არის საოცარი გრძნობა. “ქუჩაში უფრო დიდი თავისუფლება გაქვს და კონკურსზე, უცებ უნდა ჩახედო ჟიურის თვალებში, რომელიც შენ გაფასებს, მაშინ როცა ქუჩაში არავინ არ გაფასებს… უბრალოდ მღერი, რაც გინდა იმას.” – საბერძნეთის “ვოისში” დიდ წარმატებას მიაღწიე, სადაც მეორე ადგილზე გახვედი. რატომ მაინცდამაინც საბერძნეთის “ვოისი” და როგორ მოხვდი შესარჩევ კასტინგზე? – ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ჩემს ცხვოვრებაში ერთმანეთს.დღე და ღამე საბერძნეთი ჩამესმოდა, ყველა პოსტი საბერძნეთზე მხვდებოდა. ბებიაჩემი, რომელიც 13 წელი მუშაობდა საბერძნეთში და ადრე იშვიათად საუბრობდა საბერძნეთის შესახებ, იმ დროს ხშირად მელაპარაკებოდა-ხოლმე. ძალიან დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. მახსოვს, მიწურულს შევავსე აპლიკაცია და გავაგზავნე, შემდეგ კი რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ. – რა იყო ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში? – პირველ რიგში, თავი ვიგრძენი დაფასებულად, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა ხელოვანისთვის. მომენტებში არც ფული გაინტერესებს, საერთოდ არაფერი არ გაინტერესებს, მთავარია დაგაფასონ, გისმინონ და არ შეწყვიტონ შენი მოსმენა. “სულ სხვაა, როცა უმღერი ემიგრანტებს, რომლებიც მონატრებულნი არიან ქვეყანას. ვერავინ ვერ მოგანიჭებს იმ გრძნობას, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც გიმღერის ქართულად შენი ქვეყნის გარეთ.” – რა შესაძლებლობები მოგცა ათენმა? – გავიაზრე, რომ თავი უნდა დავიფასო განსხვავებულად. ობიექტურად რომ ვუყურებ ჩემს თავს, არის რაღაც ჩემს ხმაში, რაც ძალიან იშვიათია. მე თუ არ დავაფასე ჩემი თავი, შემდგომ არავინ არ დამაფასებს. – რას ელოდები შენი თავისგან, როგორც არტისტისგან? – ველოდები იმას, რომ დავტოვო რაღაც, რაც იქნება სულ, ამაზე ნაკლებს ჩემი თავისგან ვერ და არ ავიტან. – და ეს „რაღაც“ რა არის? – ეს არის ჩემი შემოქმედება, ჩემივე სიმღერები. დგება დღე მომღერლის ცხოვრებაში, როდესაც გინდა რომ შექმნა შენი სიმღერა, ეს დღეებიც ნელ-ნელა მოდის და აუცილებლად მალე დადგება. – რას ურჩევდი დამწყებ მუსიკოსებს, რომლებსაც სურთ თავიანთი თავის რეალიზება ფართო აუდიტორის წინაშე? – პირველ რიგში, ვურჩევდი არა მხოლოდ მომღერალს, არამედ ნებისმიერ ხელოვანს, რომ ჰყავდეს ისეთი წრე, მეორე ოჯახი, იგივე მეგობრები, რადგან სწორედ ისინი უნდა იყვნენ მისი ძალა. როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენზე მეტად უხარია როცა სცენაზე გხედავს, ეს არის ძალიან კარგი გრძნობა. თუ გყავს ისეთი ადამიანი, ვინც არ გგულშემატკივრობს, დამიჯერეთ, ეს უკან დაგხევთ და საკუთარ თავში ეჭვებსაც შეგატანინებთ. მასალის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი