შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ინტერვიუ
Page: 3

ნიკო ნერგაძე – განათლებით სოციოლოგი, ხოლო პროფესიით ჟურნალისტი, ბლოგერი და პოდკასტერია. რადიოში მუშაობის დაწყებამდე ქართული Playboy-ის რედაქტორი, „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა კი, რადიო “თავისუფლებაში” „ნიკოს პოდკასტის“ წამყვანია. ასევე, ლექციებს კითხულობს ჯიპასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. – მოგესალმებით, მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მაინტერესებს, თქვენთვის რომელ ფერებთან ასოცირდება ბავშვობა? – ჩემი ბავშვობა ძირითადად 90-იან წლებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ არა მჭახე, არამედ უფრო მუქ ფერებთან ასოცირდება. დენი არ იყო.. ანუ ჩემი ბავშვობა სახელმწიფოში არსებულ ვითარებასთან იყო კავშირში. – ამ ვითარების მიუხედავად როგორი ბავშვი იყავით? – ძალიან საყვარელი, სათვალიანი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. – რომელი საგნები უფრო გიყვარდათ? – უფრო ქართული ლიტერატურა, მათემატიკას დაბალ კლასებში კარგად ვსწავლობდი.. მერე უკვე აღარ. – ყველაზე მეტად რა გენატრებათ ბავშვობიდან? – რავი, რა ენატრებათ ხოლმე?! საჭმელი ახლა უფრო გემრიელია.. არა, მენატრება ის, რომ ბავშვობაში უსაქმურობა უფრო მეტი გაქვს ადამიანს. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები დრო გაქვს, იყო უსაქმური. ადრე ცოტა მეტი დრო გვქონდა მოსაწყენადაც, მაგრამ მაშინ კარგიც იყო. – განათლებით სოციოლოგი ხართ, რატომ აირჩიეთ ჟურნალისტიკა თქვენს პროფესიად? – კარგად ვწერდი თავიდანვე და სკოლაში ვიყავი ჯერ კიდევ, როცა შემთხვევით შევხვდი ბიძინა მაყაშვილს, ჟურნალისტს, რომელიც მუშაობდა გაზეთ „7 დღეში“. მან შემომთავაზა რაღაცები მეწერა მუსიკაზე. დავიწყე წერა და მას მერე ვმუშაობ ამ პროფესიით. – მუსიკის ჟანრში კარგად ერკვევით, გაქვთ თუ არა ისეთი მუსიკა, რომელიც შერეულ გრძნობებს ბადებს თქვენში? – კი, ყველაზე კარგი მუსიკა ეგეთია, რომელიც თან გასევდიანებს და თან გამხიარულებს.. ბევრია ეგეთი, ახლა ლანა დელ რეი მახსენდება, საზაფხულოდ სევდიანი მუსიკა აქვს, თან რომ გახალისებს და ნოსტალგიურია. – თქვენი ცხოვრების „Soundtrack”-ად რომელ მუსიკას დაასახელებდით? – რთულია, ასე აირჩიო, მუსიკა, რომელიც შენს ყოველდღიურ მოქმედებას უხდებოდეს. ალბათ, რამე ნეიტრალურს და მსუბუქს, ვოკალის გარეშე.. მუშაობაში და სიარულში რომ არ მიშლიდეს ხელს. ჯეი დილლას ალბუმს დავასახელებ. – პოდკასტების ჩაწერა უფრო გიყვართ თუ ბლოგების წერა? – ბოლო დროს პოდკასტებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე ბლოგებს. ალბათ, აქ უფრო კომფორტულად ვარ. – ჩაწერამდე რაიმე ჩვევა ან რიტუალის მსგავსი თუ გაქვთ? – არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე საღამოობით ჩავწერო ხოლმე, ხალხი რომ არ იყოს, ჩემს გემოზე… – რა სირთულეს წარმოადგენს იყო ჟურნალისტი საქართველოში? – ასე საქართველოში რომ რამე განსაკუთრებული სირთულე იყოს არა, მაგრამ სამუშაო ადგილების სიმცირეა, ხოლო კონკურენცია დიდი. მედია პოლარიზებულია და ძალიან ცუდია, აირჩიო ერთ-ერთი მხარე. საბედნიეროდ, მე არ მაწუხებს ეგ საკითხი. – თქვენი ცხოვრების რომელ ეტაპს გამოჰყოფდით? – მე ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს, არის ერთ-ერთი ჩემი პირველი სამსახური, როცა „დიჯეი“ ვიყავი რადიო „მწვანე ტალღაში“. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და რადიოსაც უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა. თვითონ საინტერესო იყო საერთო ინტერესების მქონე კოლეგებთან ერთად მუშაობაც. მეგობრები ვიყავით, თან ვერთობოდით.. კარგი დრო იყო მოკლედ. არასდროს დამზარებია სამსახურში მოსვლა. ახლა, რასაც ვაკეთებ ეგეც მომწონს. – რა უპირატესობა აქვს რადიოს? – რადიოში ისაა კარგი, რომ შეგიძლია გახსნილად ილაპარაკო, თან არ ჩანხარ, რაღაც უფრო ინტიმურია. კამერა რომ გიყურებს, მაინც უფრო იძაბები. – ჟურნალისტობასთან ერთად ლექტორის ამპლუაც მოირგეთ, ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლექტორობაში? – ნუ, ლექტორობა ჰობის გამო ნაკლებად ამირჩევია, 15 წელია ვასწავლი და ძირითადად, ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამო. – რა მოგწონთ და არ მოგწონთ ახალგაზრდებში? – ზოგადად, რაც მომწონს არის ის, რომ უამრავი გონებაგახსნილი ახალგაზრდა მოდის, რომელთაც აზრის გამოხატვა, ჩამოყალიბება არ უჭირთ. არ მომწონს ის, რომ დავალებების ჩაბარების დრო როცა მოდის, უმეტესობა ცუდად წერს. განა ეს მათი ბრალია? უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდათ სისტემის მიერ, სკოლაში ცოტა მეტი ემუშავათ. – საყვარელი რესპონდენტი თუ გყავთ? – ჩემი მეგობრები, რომლებიც ბევრჯერ მომიწვევია პოდკასტში. მაგალითად, დათო გორგილაძე და მარი ნიკურაძე. – რა არის ქართველების ყველაზე დიდი მიგნება? – ქართველებისთვის, ვფიქრობ, რომ მაინც კულტურაა ყველაზე მთავარი, ის რაც გვაერთიანებს და ქმნის ერს. მე მგონ,ი „ვეფხისტყაოსანი“ გვკრავს ქართველებს ყველაზე მეტად. – რამდენად თვითკრიტიკული ხართ? – მგონია, რომ ვარ თვითკრიტიკული. ყველას ჰგონია, რომ თავის თავს რეალისტურად აფასებს.. ასე ჩაკირკიტება არ მახასიათებს ყველაფერზე, რაც გავაკეთე ან დაეჭვება, ცუდია თუ კარგი. – რამდენად ითვალისწინებთ სხვის აზრს? – თუ მე თვითონ მომწონს, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმემ რაღაცა მითხრა, წავეკამათები, ვეტყვი: არა, ასე ვხედავ და ასე მირჩევნია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში რედაქტორმა თუ რაღაცა მითხრა, ვუჯერებ, რადგან გარე თვალი რომ გიყურებს და გირჩევს, კარგია. – სად იმოგზაურებდით და რატომ? – ევროპაში ნაკლებად, თან ნამყოფი ვარ. ალბათ, სამხრეთ ამერიკაში ან აფრიკაში. არც ძალიან ტურისტულ ადგილას ჩავიდოდი და არც ისეთ ადგილას, სადაც წყლის ან სხვა ეკოლოგიური პრობლემა, საშიში იქნება. – ადამიანში ყველაზე მეტად რომელ თვისებას გამოარჩევთ? – იუმორის გრძნობას. არ არის აუცილებელი ადამიანი კარგად ხუმრობდეს, მთავარია, უბრალოდ ესმოდეს.. თან იუმორის გრძნობა რა არის?!.. არავინ იცის. – ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ადამიანი? – ერთი, ვინც ბავშვობაში მყავდა და ახლაც არის – ჩემი ნათლია ბიძინა მაყაშვილი – ვისთან ერთადაც დავიწყე მუშაობა, უბრალოდ კარგი ჟურნალისტი და მაგარი ადამიანი. – საბოლოოდ კი, რას ურჩევდით დამწყებ ჟურნალიტებს? – პირველ რიგში, გადახედონ, ნამდვილად უნდათ თუ არა ჟურნალისტობა. სერიოზულად დაფიქრდნენ.. ჩემმა შვილმა რომ მკითხოს, ჩავაბარო თუ არა ჟურნალისტიკაზე?.. პირდაპირ ვეტყვი, რომ მე მგონი, არა… ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა ტელევიზიაში გადაცემის წაყვანაა. თან ფული არ არის მაინც და მაინც ჟურნალისტიკაში, ამიტომ ბევრი PR-ში მიდის. რთული პროფესიაა და ბევრ პრობლემასთან შეჭიდება გიწევს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე, გიღირს თუ არა. მასალის ავტორი: თეკლა გვარამია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
IBSU-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომლის პრეზიდენტი ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა. ახლადარჩეულ პრეზიდენტთან პირველი ინტერვიუ უნივერსიტეტის მედია ცენტრის რადიოში, IBSU NEWS-ის წამყვანმა ლიზა პაპასქუამ ჩაწერა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან. – გამარჯობა ქეთი, მოკლედ რომ გვიამბო რატომ წარადგინე შენი კანდიდატურა თვითმმართველობის არჩევვნებზე? – მოგესალმებით! მე ვარ ქეთი ფანქველაშვილი, ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და უკვე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედი თვითმმართველობის პრეზიდენტი. ერთი წლის წინ, ბევრი სტუდენტის მსგავსად, მეც სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი თვითში (თვითმმართველობაში). თუმცა, თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდი და სწორი არჩევანი გავაკეთე მას შემდეგ რაც თვითმმართველოში ბევრი დეპარტამენტი გამოვიარე, როგორც ჰედის, ვიცე-ჰედის ან რიგითი წევრის ამპულაში. სიმართლე გითხრათ ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიქნებოდი. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ჩემი გუნდის და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ახლა თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ. მე, მივხვდი რომ ჩემი გუნდი მენდო და პოტენციალი დაინახეს ჩემში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე – რატომაც არა და ვცადე. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავდგი ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი. – მე მაინტერესებს, რა არის შენთვის ცნობილი იმ პრობლემების შესახებ რაც IBSU-ს სტუდენტებს აქვთ. – თამამად ვიტყვი, რომ IBSU-ს შიდა სამზარეულო ჩემზე კარგად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. პრობლემას ვერ დავარქმევ, თუმცა პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია IBSU-ს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ურთიერთობაზე და მათ კავშირზე. სწორედ ამიტომ, მინდა უფრო ადვილი გახდეს ამ ორი სფეროს ერთმანეთთან ურთიერთობა. პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა სტუდენტების ორი ნაწილი: ერთი ნაწილი, რომელიც სრულიად ჩაიკეტა საკუთარ თავში და მეორე ნაწილი, რომლებიც სრულიად მოწყურებულები არიან სტუდენტურ ცხოვრებას და უფრო მეტი და მეტი უნდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რექტორის ბატონი საფეთის ძალიან დიდი მოთხოვნაა რომ უფრო კარგად გაიცნოს სტუდენტები, უშუალოდ გაიცნოს. აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ემსახურებოდეს ამას, რომ მათი ურთიერთობა უფრო უშუალო გახდეს და ადმინისტრაცია არ იყოს რაღაც ორგანო რომლებთანაც სტუდენტებს შეხება აქ ექნებათ. – ალბათ, ყველა სტუდენტს აინტერესებს თუ რის შეცვლას და გაკეთებას აპირებ, თუნდაც ისეთის რაც თვითმმართველობის წინა პრეზიდენტს არ გაუკეთებია. ალბათ, ყველა პრეზიდენტის მიზანი ეს არის რომ სტუდენტების ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი და სწორედ ამას ვპირდები მეც ჩემს გუნდთან ერთად IBSU-ს სტუდენტებს, რომ ადმინისტრაციისა და სტუდენტების მინდა გახდეს კიდევ უფრო ღრმა. – ვინ არიან შენი გუნდის წევრები და რა გახდა მათი შერჩევის მიზეზი? პირველ რიგში მოგიყვებით მათ შესახებ. ალბათ, არასწორი იქნება საუბარი არ დავიწყო ჩემი მარჯვენა-მარცხენა ხელით და საერთოდ ყველაფრით, ჩემი ვიცე-პრეზიდენტით ანა იმედაშვილით. ჩემი გუნდის წევრები არიან კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დელეგატი ლუკა რაქვიაშვილი; ბიზნესის სკოლის დელეგატი ზურაბ ჯებაშვილი; განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დელეგატი ლაშა არაქელოვი და ბოლოს – სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დელეგატი ვერიკო სირია. თვითმმართველობის არჩევნებამდე, როცა დელეგატების არჩევაზე მიდგა საქმე, დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ეს იყო. ვეცადე, მეპოვა ადამიანები, რომლებშიც გაერთიანებული იყო მაღალი GPA და ადამიანური და მეგობრული თვისებები. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც პირველი მომივიდა გონებაში და საბედნიეროდ, ახლა ჩემი გუნდის წევრები არიან. – ქეთი, მადლობა ინტერვიუსთვის ფოტო: IBSU NEWS-0ს წამყვანები თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი და ლიზა პაპასქუა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ქეთი ფაქველაშვილთან ერთად. მასალის ავტორი: ლიზა პაპასქუა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ამავე თემაზე: IBSU-ს სტუდენტური თვითმმათველობის არჩევნები 2023 (ვიდეო) IBSU-ში თვითმმართველობის არჩევნები 2023 ჩატარდა
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 2023 წლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა. არჩევნები დღეს, 6 აპრილს, დილის 10 საათიდან 18 საათამდე უწყვეტ რეჟიმში, ონლაინ მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. იმისათვის რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვლილიყო კანდიდატს 866 ხმაზე მეტი უნდა მიეღო. ბოლო მონაცემებით, ქეთი ფანქველაშვილის სასარგებლოდ 882 ხმა დაფიქსირდა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ანა იმედაშვილი იქნება, ლაშა არაქელოვი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლას უხელმძღვანელებს, ლუკა რაქვიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მართვას ჩაიბარებს, ხოლო ვერიკო სირია სამართლისა და სახელმწიფო მმართველობას გაუძღვება. იხილეთ თუ რას აცხადებდნენ კანდიდატები, დღეს, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. https://www.youtube.com/watch?v=Y9eIOHb4ykg მასალის ავტორები: დავით მათიაშვილი და გვანცა გოგიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
თეიმურაზ ხუციშილი ასოცირებული პროფესორია მათემატიკის დარგში, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკის მიმართულებით. თეიმურაზ ხუციშილს გამოცემული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო და მონოგრაფია ტურისტიკისა და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სფეროში. მისი თანაავტორობით დაიბეჭდა 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ბატონი თემური 2013-2016 წლებში იყო სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტისა (N 57/04) „თურქეთში მდებარე საქართველოს ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული ძეგლების კატალოგი“. ინტერვიუ ეხება ბატონი თემურ ხუციშვილის თაოსნობით ჩატარებულ კვლევებს საქართველოს ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში. – ბატონო თემურ, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, რომ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. – მე ვარ თეიმურაზ ხუციშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მათემატიკის დარგში და პარალელურად ვმუშაობ ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების კვლევების მიმართულებით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ გამოვცეთ 1000-ზე მეტი კულტურული ძეგლის ჩამონათვალი, სადაც დეტალურად იქნება თითოეული აღწერილი. – ბატონო თემურ, თავდაპირველად რატომ და როდის გადაწყვიტეთ ტაო- კლარჯეთში წასვლა და იყო თუ არა სიცოცხლისთვის სახიფათო იმ პერიოდში თქვენი იქ ვიზიტი? – მინდა გითხრათ, რომ 2003 წელს სახიფათო აღარ იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო და თურქეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანად ითვლებოდა. სახიფათო გახლდათ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული. თუმცა, ძველი ინერციული დამოკიდებულება მაინც შემორჩენილი იყო და რამდენჯერმე მოგვიწია თურქეთის საპატრულო პოლიციის მხრიდან შეყოვნება ჩვენს მარშრუტზე. გვიმოწმებდნენ საბუთებს, გვეკითხებოდნენ, თუ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით შავი ოქროს მაძიებლები და ე.წ. შავი არქეოლოგები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად თხრიან მიწას და ეხებიან კულტურულ ძეგლებს, ოქროს ძიების ინტერესით. თუმცა, რომ იგებდნენ რეალურ მიზეზს, პირიქით, კარგად გვეპყრობოდნენ და ჩაიზეც გვეპატიჟებოდნენ. – რა შედეგები მოჰყვა თქვენს ვიზიტს ტაო-კლარჯეთში? – საკმაოდ კარგი შედეგები მოჰყვა. შოთა რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა დაგვიფინანსა რამდენიმე პროექტი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. პირველი ექსპედიციის შემდეგ, კვლავ განვახორციელეთ 25-ზე მეტი საკვლევი ექსპედიცია, უკვე ახალგაზრდების ჩართულობით. საუკუნე-ნახევრის კვლევის ისტორია აქვს ტაო-კლარჯეთს და ძირითადი ძეგლები ჯერ კიდევ ჩვენამდე იყო გამოკვლეული. პირველ რიგში, დავასახელებ ექვთიმე თაყაიშვილს, ნიკო მარს, უვაროვას, რომელთა დროსაც ეს ყველაფერი ხდებოდა. მთავარი შედეგი კი ის იყო, რომ აღმოჩნდა, კიდევ საკმაოდ ბევრი ძეგლი ყოფილა აღმოსაჩენი. ჩვენი ექსპედიციების შედეგად, დაახლოებით, 1000-მდე კულტურული მნიშვნელობის ძეგლი აღმოვაჩინეთ და შევისწავლეთ. – თქვენი პირველი ექსპედიციის შემდეგ, დაინტერესდნენ თუ არა სხვა მკვლევრები ტაო-კლარჯეთში ვიზიტით და დაიგეგმა თუ არა სხვა ექსპედიციები ამ მიმართულები? – დიახ , რა თქმა უნდა. ჩვენ პარალელურადაც და ჩვენ შემდეგაც იყო რამდენიმე მკვლევარი, მათ შორის, გამოვყოფდი პროფესორ ბუბა კუდავას, ბატონ ჯაბა სამუშიას, დოქტორ გიორგი ბაგრატიონს , რომელთა ხელმძღვანელებითაც მიმდინარეობდა კვლევები. იყო ძალიან ბევრი ექსპედიცია, ბევრი კვლევა, ბევრი აღმოჩენა. მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გარეშე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გამოვირჩეოდით სპეციალური მეთოდიკით. ეს გულისხმობდა ნებისმიერი სოფლის, ხეობის თუ ადგილის ძალიან დეტალურად ჩხრეკას, კვლევას, ინფორმაციის მოგროვებას და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ შედეგამდე. – როგორ ფიქრობთ, მიგიძღვით თუ არა წვლილი ისტორიული საქართველოს ამ მხარის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში? – დიახ, თუ იმას ჩავთვლით, რომ ჩავატარეთ რამდენიმე პრეზენტაცია, ჩვენი ათზე მეტი ნამუშევრის; ასევე, თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ რამდენიმე ათეული პუბლიკაცია გამოქვეყნდა ამ თემაზე. ყველაზე საყურადღებო იყო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონფერენცია, სადაც გაიმართა ჩვენი მოხსენებითი საღამო. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქულ, ქართულ, თუ სხვა ქვეყნების საძიებო სისტემებში რომ მოვძებნოთ ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ ინფორმაცია, პრაქტიკულად, ყველგან ჩვენს კვლევებს და ანგარიშებს გვიჩვენებს. ყველაზე სასიხარულოა, რომ ყველა ჩვენი ძეგლი მოხვედრილია თურქულ საინფორმაციო საიტებზე. – ბატონო თემურ, დაგეხმარათ თუ არა გიორგი მერჩულეს ნაწარმოები- „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ შატბერდის სამონასტრო კომპლექსის აღმოჩენაში? – პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ შატბერდი მე პირადად არ აღმომიჩენია, ის თავდაპირველად აღმოაჩინა მინე ქადიროღლუმ. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა, რადგან ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ძალიან მცირე ტირაჟით, გერმანულენოვან გამოცემა „გეორგიკაში“, რის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ქართველ მკვლევრებსაც კი არ ჰქონდათ. ამის შესახებ გავიგე ავსტრიელი მკვლევრისგან – პაულ კარტნერისგან, რომელმაც მითხრა, რომ მინე ქადიროღლუს უკვე ჰქონდა ეს ობიექტი მიკვლეული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მერჩულის ნაწარმოების მიხედვით მიაკვლია სწორედ მინე ქადიროღლუმ ამ სამონასტრო კომპლექსს. თუმცა, ჩვენი დამსახურება ის არის, რომ საქართველოში შატბერდზე მანამდე მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სრულიად სხვა სამონასტრო კომპლექსს, ენი რაბათს უწოდებდნენ შატბერდს. – როგორც ჩემთვის ცნობილია, ისეთი საზოგადო პირები, როგორებიც არიან ნიკო მარი, გიორგი ყაზბეგი, დავით ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები, არაერთხელ ყოფილან იმავე საძიებო მარშუტზე. თქვენი აზრით, რატომ ვერ აღმოაჩინეს მათ ეს ათეულობით ძეგლი? – დიახ ეს პიროვნებები იყვნენ ჩვენი პირველი გზამკვლევები და იყო პირველი, ყოველთვის რთულია. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებდნენ არქიტექტურულად და ხელოვნებით გამორჩეულ ძეგლებზე. თუ ძეგლი მთლიანად დანგრეული იყო, ან თითო ოროლა კედელი იყო შემორჩენილი, იმას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. ასევე არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი. მაგალითად, ჩვენ 25-ზე მეტი ექსპედიცია ჩავატარეთ. სხვა ჯგუფებმაც ათობით ექსპედიცია განახორციელეს. უხეშად რომ ვთქვათ, ჩატარდა დაახლოებით 50 ექსპედიცია, რომლებიც დაფინანსებული და კარგად ორგანიზებული იყო – ავტომობილებით და სპეციალური აღჭურვილობით. ეს ყოველივე გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე პირველი მკვლევრების მიერ ცხენებით, ნაომარ სიტუაციაში ჩატარებული კვლევები. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ყოველთვის პირველები იქნებიან ამ მარშუტზე. ამერიგო ვესპუჩიმ პირველმა აღმოაჩინა ამერიკა და ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდეთ ამერიკაში, ვერასოდეს აღმოვაჩენთ მას თავიდან. – როგორც ზემოთ აღნიშნეთ, პირველმა ექსპედიციამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. რომ არა თქვენ, იქნებოდა თუ არა ეს ექსპედიცია იმავე შედეგის მომტანი? – დიახ, ჩემი მონაწილეობით ჩატარებული ექსპედიცია, რომელიც 2003 წელს ბატონ კახა შენგელიასთან, ვალერი სილაგავასთან და შალვა მაჭავარიანთან ერთად ჩავატარეთ, იყო საინტერესეო და ინიციატივა ჩემი იყო. ასევე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ბატონი კახა მაშინ სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა და მან ამ სიახლეების გაცნობისა და აღმოჩენების შემდგომ, განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩნა ტაო-კლარჯეთის მიმართ და სწორედ ამ თემატიკით შეცვალა სადისერტაციო თემა. – ტაო კლარჯეთი, როგორც ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, როგორ გამოიყურება დღეს? ცხოვრობენ თუ არა ქართველები და არის თუ არა შენახული „საქართველო“ ამ კუთხეში? – ორი ხეობა არის, სადაც პრაქტიკულად ქართულენოვანი სოფლებია, ეს არის იმერხევი, შავშეთსა და კლარჯეთს შორის და ასევე სამხრეთი ტაო. მოსახლეობის საურთიერთო ენას წარმოადგენს ქართული, თუმცა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა და, ასევე, პირველმა მსოფლიო ომმა დიდი გავლენა იქონია. ომის დროს იქ მყოფი, მაღალმთიან ტერიტორიაზე დასახლებული, მწირი ქართველი მოსახლეობა ცენტრალურ თურქეთში გადასახლდა. – არიან თუ არა იქ ახალგაზრდები შემორჩენილი და საუბრობენ თუ არა ქართულად? დიახ, არიან შემორჩენილი მთიან რეგიონებში და საუბრობენ კიდეც ქართულად, თუმცა, მაინც დიდ ქალაქებში მიდიან, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე. – ბატონო თემურ, ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას როგორ უვლიან და აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას? რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე? – დიახ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ძალიან მნიშნელოვანი კულტურული ძეგლი, მაგალითად, იშხანი და ოშკი, თურქებმა თავიანთი ძალებით აღადგინეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გრანტები მოიპოვეს ამისთვის. შეისწავლეს ფრესკებიც, წარწერებიც
ინტერვიუ თბილისის N30-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელთან მანანა შველიძესთან. – რთულია იყო მასწავლებელი? – ძალიან რთულია იყო მასწავლებელი, რადგან თითოეულ მოსწავლესთან უნდა შეძლო კონტაქტის დამყარება და ყველაზე მთავარი არის ის რომ წლების გასვლის შემდეგ შენი მოსწავლის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეს, როდესაც ქუჩაში შეხვდები გზის მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს, არამედ უნდა მოვიდეს და ჩაგეხუტოს განახოს ის სიყვარული და სითბო რაც შენ მასში ჩადე 12 წლის განმავლობაში. – რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა? – ბავშვობიდან მინდოდა გამოვსულიყაბი ჯერ მსახიობი, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ყოველი შესვლა გაკვეთილზე ჩემთვის იყო პატარა სპექტაკლი. ჩემი გაკვეთილი ყოველთვის იყო განსხვავებული, რადგან ვცილობდი ყოველთვის რაღაც ახალი შემეტანა ან გამეკეთებინა, ვდგავდი პატარა სპექტაკლებს, ვლაპარაკობდი ემოციურად და ეს ყველაფერი ბავშვებს მოსწონდათ და მე ეს ყველაფერი მაბედნიერებდა და რაც მთავარია ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ მათთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. – იყენებთ თუ არა სხვადასხვა გზებს მოსწავლის წამახალისებლად და თუ იყენებთ რა გზებით ცდილობთ ამის გაკეთებას – მოსწავლეების წამახალისებლად ვიყენებდი სხვადასხვა გზებს. ვუკეთებდი მათ სხვადასხვა საჩუქრებს საუკეთესო ყოფაქცევისთვის, საუკეთესო საუბრისთვის, საუკეთესო გაკვეთილისთვის და ა.შ ამით ვცდილობდი გამეხალისებინა ისინი ხოლო შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ბავშვის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში ამიტომ მათ ვეობნებოდი სამოტივაციო სიტყვებს „შენ შეგიძლია“ „მე მჯერა შენი“ „შენ ყველაფერს შეძლებ“ და არაჩვეულებრივ შედეგს ვიღებდი. მანანა შველიძე: სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვი, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი როგორც მასწავლებლის აზრით რას ფიქრობთ, როდესაც მშობელთა კრებაზე ერთი ბავშვის შეფასება ხდება სხვა მშობლების თანდასწრებით მიგაჩნიათ თუ არა ეს ყველაფერი დაუშვებლად? – ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია. შეიძლება ილაპარაკო უშუალოდ კლასზე და საერთო თემებზე, თუმცა ერთი კონკრეტული ბავშვის შეფასება სხვების თანდასწარებით არ მიმაჩნია სწორად. მე შევესწარი ერთხელ სიტუაციას, როდესაც მშობლის გაღიმებული სახე უცებ ჩამქრალა, როდესაც სხვების თანდასწრებით საკუთარ შვილზე ცუდს ეუბნებოდნენ. შვილი მშობლისთვის უდიდესი საჩუქარია და უდიდესი ტკივილია ამიტომ ჩემი აზრით არასდროს არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ქმედებები მშობელთა კრებაზე. საჭიროა მიდგომა მშობელთან თუ როგორ უთხრა მისი შვილის უარყოფითი თვისებები რა თქმა უნდა ცალკე მშობელთა კრების გარეშე. – თქვენი აზრით ღირს თუ არა მასწავლებლად ყოფნა? – მასწავლებლად ყოფნა ღირს, რადგან ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომა მე არ მეგულება ისეთი პროფესია, რომელსაც ასეთი შრომა სჭირდება, როგორც მასწავლებელს. დასაფასებელია, როდესაც შენ მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ მიაქვს შენგან მიღებული ცოდნა, სიყვარული, როდესაც შენ ხედავ რომ მასში ბევრი რაღაც ჩადე აი ამის გამო ღირს ცხოვრება, როდესაც დაინახავ შენ ხელწერას ამ ბავშვში. შესაბამისად ვფიქრობ რომ მასწავლებლობა ღირს. – რა სასწავლო სტრატეგიას იყენებთ ბავშვებისთვის სწავლის მისაღებად? – 33 წელია სკოლაში ვმუშაობა მასწავლებლად და ყველა სასწავლო სტრატეგია გამომიყენებია რაც შემოუთავეზებია სკოლას და ხანდახან ჩემი ინიციატივითაც ვაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ყველა სასწავლო სტრატეგია გარკვეული დოზით კარგია, თუმცა საჭიროა ამის სწრაფი ცვლა, რადგან მოსწავლეებს სულ ერთი სტრატეგიით სწავლა ბეზრდებათ. მე ყოველთვის ვაკეთებდი გადარბენას ანუ გონებრივ იერიშს ბავშვებში რაც ძალიან მოსწონდათ, რადგან მთელი კლასი ჩართული იყო ამაში, თუმცა რაღაც პერიოდის მერე ვცვლიდი და სხვა სტრატეგიას ვიყენებდი რაც ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის. სასწავლო სტრატეგიები კარგია თუ ცვლი სისტემატიურად და ჩართული ახალი ყველა ახალი სტრატეგიის გამოყენებასა და განხილვაში. – თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი რომ მოსწავლე ხშირად არ ამჟღავნებს ინტერესს კონკრეტული საგნის მიმართ და რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში მასწავლებელმა? – ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი ერთ-ერთი მიზეზი არის ოჯახი, რომელიც ბავშვს უწყვიტავს მომავალს და ეობნება ექიმი უნდა გამოხვიდეო ამ შემთხვევაში ბავშვი არ ისწავლის სხვა საგნებს ისეთი ინტერესით როგორც ბიოლოგიას ან ქიმიას. ამის მიზეზი მასწავლებელიც შეიძლება იყოს, რადგან ვერ ატარებდეს გაკვეთილს ისე, რომ ამით ბავშვი დააინტერესოს ან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვი ჩამორჩა რაღაც საფეხურზე და ვეღარ ახერხებს გაგრძელებას რადგან შეიძლება გაუჭირდეს გამოტოვებული მასალის გარეშე.მე ვნანობ ყოველთვის იმას რომ ბავშვი დაბალი ქულით შემიფასებია, რადგან მე არ ვიცოდი რა პრობლემა შეიძლება ქონოდა მას და რის გამო ვერ შეძლო გარკვეული მასალის მომზადება. – თქვენი აზრით რას აძლევს სკოლა ბავშვს გარდა განათლებისა? – სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვის, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი აზრით ონლაინ სწავლების პერიოდში მიიღო თუ არა ბავშვმა ის განათლება რასაც მიიღებდა საკლასო ოთახში სწავლის პერიოდში? – ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჩემთვის იყო კატასტროფა რადგან ვერ ვხედავდი ბავშვებს და მიჭირდა გაკვეთილის ჩატარება, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად დადებითიც იყო მაგალითად მე შემეძლოს უფრო ფართოდ მიმეწოდებინა მასალა ბავშვებისთვის ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით. უფრო კარგად ვმუშაობდით რუკებზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ბავშვზეა დამოკიდებული ყველაფერი, რადგან თუ მას სწავლა სურს ის ონლაინაც ისწავლის. მოტივაციას აქვს დიდი მნიშვნელობა გინდა ისწავლი და თუ არ გინდა ვერ ისწავლი. მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ „დიარჯი სისტემა“ პირველი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე მენეჯერი თათული სიჭინავა გვესაუბრება. – მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის დიარჯი სისტემა? – დიარჯი (DRG) არის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდი. მისი შემუშავების საფუძველი დასაფინანსებელი ხარჯების შემცირება იყო. 1980-იან წლებამდე დაფინანსება ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით, რამაც ჯანდაცვა თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა. ამიტომ, რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო დიარჯის სისტემა, რითაც დააჯგუფა დიაგნოზები და, წინასწარი კვლევების საფუძველზე, ფასები ამ ჯგუფების მიხედვით დააწესა. – როგორია დიარჯი სისტემა საქართველოში? – რომ გითხრათ მოქნილია-მეთქი, არ იქნება მართალი. აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. – თუ შეგიძლიათ, გვითხრათ ეს დადებითი და უარყოფითი მხარეები – საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში აქამდე გარკვეული სახის მომსახურებებს სხვადასხვა კლინიკა სხვადასხვა ფასში აწვდიდა მომხმარებელს. შეიძლებოდა, ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა ქალაქში ან, თუნდაც, სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ყოფილიყო. პაციენტი ზედმეტი თანხის გადახდისგან თავს ვერ იცავდა. ამას ემატება რიგი მომსახურებები, მაგალითად, ექიმის ჰონორარი, ან VIP პალატა – რომლის ფასსაც კლინიკა თვითონ ადგენდა და, შეიძლებოდა, პაციენტის ნების გარეშეც დაემატებინა მისთვის ეს ხარჯი. დიარჯის შემოსვლის შემდეგ, კლინიკები ვალდებულები არიან, პაციენტს მხოლოდ და მხოლოდ ის თანხა გადაახდევინონ, რასაც პროგრამა მიუთითებს. ზედმეტის გადახდა გამოირიცხა. ეს ამ სისტემის დადებითი მხარეა. თან, მთელ საქართველოში, ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასია. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, დიარჯის სისტემის შემოსვლამდე იყო რიგი დაავადებები და დიაგნოზები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებდა, თავისი დაწესებული ტარიფის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ასე აღარ არის. ყველა პაციენტს – რა დიაგნოზითაც არ უნდა მოხვდეს კლინიკაში – გარკვეული პროცენტული თანაგადახდა მაინც უწევს. გამოდის, რომ თუ პაციენტი სოციალურად დაუცველი ან ვეტერანი არაა, ყველა შემთხვევაში იხდის ფულს, 10, 20 ან 30 პროცენტს, ზოგ დიაგნოზზე კი თანაგადახდები 1000 ლარს სცდება. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომელთა ჰოსპიტალიზაციის რისკი მაღალია და უფრო ხშირადაც ხვდებიან კლინიკაში, ძალიან უჭირთ ამხელა თანხის გადახდა. მით უმეტეს, იციან, რომ აქამდე არ იხდიდნენ. ცუდი, ასევე, არის ის, რომ კლინიკებმა წინასწარ არ იციან, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს პაციენტს, სანამ მისი გაწერის დღე არ დადგება და შემთხვევა პორტალზე არ დაიხურება. შემდეგ ეს პორტალი წერს გადასახდელ თანხას, რაც პაციენტებში დიდ აგრესიას იწვევს. – თქვენი აზრით, მზად იყო თუ არა ქვეყანა ამ გამოწვევისთვის? – ჩემი აზრით, ქვეყანა კი იყო მზად – მოსახლეობაც და კლინიკებიც სიახლეებს მარტივად მივიღებდით – მაგრამ თვითონ სისტემა არ იყო კარგად მომზადებული. ჩემი აზრით, წინასწარ კვლევები უნდა ჩაეტარებინათ; პროგრამის ჩაშვებამდე ბევრ რამეს უნდა დაკვირვებოდნენ; კონსულტაციები გაევლოთ კლინიკებთანაც, ექიმებთან და მოსახლეობასთანაც. ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ახლა ყველა ერთად ვსწავლობთ და, სავარაუდოდ, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ ორივე მხარე, რის შედეგებსაც დრო გვაჩვენებს. – დიარჯი სისტემისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისია მსოფლიო გაიდლაინით გათვალისწინებული მკურნალობისთვის? – რიგ შემთხვევაში – კი და რიგ შემთხვევაში – არა. გარკვეული კუთხით, ეს კლინიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, რომელიმე კლინიკამ იმდენად მოინდომოს ტარიფში ჩატევა, რომ ხარისხი საგრძნობლად შეამციროს – რაც აუცილებლად აზარალებს პაციენტს. მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ყველაფერი გაუკეთო პაციენტს და სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა არაფერში გეყოს. არის დიაგნოზები, რომლებშიც არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც სამკურნალოდ არის საჭირო; მაგრამ ბევრი მძიმე დიაგნოზია, რომლებსაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ. როცა პაციენტის მდგომარეობა რთულდება და ტარიფი საკმარისი აღარ არის. – რას ურჩევდით მოსახლეობას ამ სისტემასთან დაკავშირებით? – ვურჩევდი, რომ უფრო მეტად გაერკვიონ დაფინანსებებში, კლინიკაში შესვლისთანავე. პაციენტები, რომლებიც უკვე საპენსიო ასაკში ან შშმ პირები არიან (რომელთაც, ასე თუ ისე, დიდი თანხების გადახდა უწევთ), კარგი იქნება, კერძო დაზღვევითაც თუ ისარგებლებენ. ამ შემთხვევაში, კერძო დაზღვევა თავის თავზე აიღებს იმ დაფინანსებას, რაც პაციენტს თავისი ჯიბიდან უნდა გადაეხადა. მასალის ავტორი: ნინო ჯინჭარაძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი
მუხრან ფუტკარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმში. მან, 2010 წელს დაასრულა საშუალო სკოლა, 2014 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და 2016 წელს სდასუში დაამთავრა მაგისტრატურა იმავე განხრით. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. არ იმყოფება ქორწინებაში. – რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ სამართალდამცავის პოზიციაზე? – 2017 წლიდან ვმუშაობ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მაქვს 5 წლის გამოცდილება. – როგორ გრძნობაა, როდესაც საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავ? – ეს პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე სიამაყეა როდესაც მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ეს სისტემატიურად ხდება, ანუ ერთჯერადი ხასიათი არა აქვს. – როგორია გამომძიებლის ერთი დღე მოკლედ რომ აგვიხსნათ? – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ პოლიციის თანამშრომლის ყოველი დღე არის განსხვავებული, რადგანაც ყოველდღიურად სხვადასხვა პიროვნებებთან გვიწევს ურთიერთობა, ეს იქნება დამნაშავე თუ დაზარალებული, ყველასთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითხოვს ძალიან დიდ პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. – მოგვიყევით საინტერესო ამბავი რაც სამუშაოს პროცესში გადაგხდენიათ? – მოკლედ, შეტყობინება შემოვიდა , რომ მოქალაქე ველოსიპედით მდინარეში ჩავარდა, თანამშრომელთან ერთად გავედით შემთხვევის ადგილზე, ისეთი ვითარება დაგვხდა, რომ მოქალაქე იხრჩობოდა, გამოძახებული იყო სამაშველო დეპარტამენტი, მაგრამ აშკარად ჩანდა თუ სამაშველოს დაველოდებოდით, მოქალაქე დაიხრჩობოდა, ჩემმა თანამშრომელმა ზ,რ თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად ჩავიდა მდინარეში და მოქალაქე გადაარჩინა დახრჩობას. – გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებაში იცვლება ან ყალიბდება თუ არა გარკვეული სტრატეგიები? – დროის გასვლასთან და გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად იხვეწება კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები, შესაბამისად ყალიბდება გარკვეული სტრატეგიები სხვადასხვა დანაშაულებთან მიმართებაში რაც ძალიან ეფექტურია. – საქსტატის მონაცემებით სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობას თუ დავაკვირდებით 2016 წლიდან 2021 წლამდე საგრძნობლად მომატებულია კრიმინალი, თქვენი აზრით რის შედეგი შეიძლება იყოს ეს? – ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გასცეს ანალიტიკურმა სამსახურმა რომელიც ამ ყველაფერს ანალიზს უკეთებს, შესაბამისად კვალიფიციურ პასუხს ეს სამსახური გაგცემთ. ჩვენს მუშაობის რეჟიმს რაც შეეხება დიდი ცვლილება მე არ მიგრძვნია. – ასევე საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტი დანაშაული 2019 წელს არის დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? – ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია და შესაბამისად პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. – თქვენ როგორც სამართალდამცავი პირი თქვენი გადმოსახედიდან წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ არა კრიმინალთან ბრძოლა? – დროის გასვლასთან ერთად იზრდება დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება შესაბამისად კიდევ უფრო ეფექტური ხდება პოლიციის მიერ გატარებული ღონისიებები კრიმინალთან ბრძოლაში. – კანონის ცვლილების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რას შეცვლიდით კანონმდებლობაში, კრიმინალის შემცირების მიზნით? – კრიმინალთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობა, სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რიგ შემთხვევებში თუ გავამკაცრებთ, მოქალაქეს ეს უფრო დაეხმარება მისი ქმედების სათანადო შეფასებაში და შემდგომში მივიღებთ უფრო კანონმორჩილ მოქალაქეებს. მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევების აღმოსაფხვრელად თუ ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ სამართალდამრღვევის დაჯარიმებით და საერთოდ ავუკრალავთ ავტომობილის მართვას, ამას ექნება პრევენციული ხასიათი და საბოლოო ჯამში კარგი შედეგიც მოყვება. საუბარია ალკოჰოლური და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მიმართ. – თქვენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები? – ბევრი დადებითის თქმა შეიძლება აქედან შეგვიძლია გამოვყოთ ის, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ხარ და იცავ შენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ხელ გეწიფება თანამოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა რაც საამაყოა უარყოფითი ის არის რომ როცა ასრულებ სამსახუროებრივ მოვალეობას, ოჯახის წევრები აცნობიერებენ საფრთხეს, შეგვიძლია გავიხსენოთ საგარეჯოს შემთხვევა ,სადაც ერთერთი პოლიციის თანამშრომელი გმირულად შეეწირა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, მსგავსი მაგალითები რა თქმა უნდა ბევრია. – თქვენ რომ ყოფილიყავით სამინისტროს ხელმძღვანელი თუ შეცვლიდით რამეს? – ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისად არსებული დინამიკა მოწონებას იმსახურებს და არაფერს არ შევცვლიდი. – საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისას დიდ რისკზე მიდიხართ ხოლმე, ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხართ ამისთვის – ყველა პოლიციელი გადის სათანადო მომზადების კურსს, სადაც ცხადია მოისაზრება ფსიქოლოგიური მომზადება, შესაბამისად ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, შეიძლება ვთქვათ რომ სამართალდამცავი პირები და მეც ფსიქოლოგიურად მზად ვართ ყოველგვარ სიტუაციაში უზრუნველვყოთ, როგორც ჩვენი ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება. – რა სახის გადამზადებები გაქვთ ხოლმე თქვენს თანამშრომლებს და რა პერიოდულობით იმისათვის რომ ყოველთვის მზად იყოთ მოვალეობების შესასრულებლად? – პოლიციის აკადემიაში, სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ხდება პოლიციის თანამშრომლების გადამზადება თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გასაუმჯობესებლად, რაც გვაძლევს იმის რესურსს და გვეხმარება იმაში რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი. მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი
გულიკო ქალდანი კოდორის ხეობიდან დევნილი, 75 წლის ქალბატონია. ინტერვიუთი გავიგებთ, თუ როგორი ტრადიციები არსებობდა მის ოჯახში, როდესაც ოჯახი სვანეთში ცხოვრობდა და როგორ გრძელდება ეს ტრადიციები დევნილობის პერიოდში. გულიკო ქალდანი არის უშიშარი ქალი, რომელმაც იძულებით მიატოვა თავისი სახლი, მეუღლესთან ერთად და ჩამოვიდა თბილისში, რათა ცხოვრება ახლიდან დაეწყო. – კოდორის ხეობას როგორ აღგვიწერდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს მხარე არ გვინახავს? – კოდორის ხეობა იყო ულამაზესი, ირგვლივ უზარმაზარი ხეებით შემორტყმული ადგილი. ყინულივით ცივი მდინარე კოდორი მოედინებოდა, ყველას ეზოში ყვავილები ყვაოდა. ჩემი ეზოც გამოირჩეოდა მოკლედ გაკრეჭილი ბალახით, ყველა კუთხეში ყვავილებით, გარშემო უზარმაზარი ბაღებით, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. ყველას ჰყავდა საქონელი და ფრინველი, არავის არ უჭირდა. ყიდვა არც გვჭირდებოდა, ყველას ყველაფერი გვქონდა. მე 6 შვილი მყავს და როცა თბილისში წავიდნენ, ექვსივეს ვუგზავნიდი ნობათს – ყველს , ხორცს და ა.შ. ხალხიც საუკეთესო ცხოვრობდა, დიდებული და ერთმანეთის მოსიყვარულე. შრომა და ჯაფა არავის არ ეზარებოდა. რაც მთავარია, მოთმინება ჰქონდათ, რათა ჰქონოდათ ყველაფერი რაც ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ. ყველას ჩვენი ნაშრომი გვქონდა ოჯახებში. – როგორც ახსენეთ, 6 შვილი გყავთ. როგორ ანაწილებდით დროს შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს შორის? – ბავშვები ისე გავზარდე, რომ არც ერთ წამს არ ვაცდენდი უშრომელად. დღისით მეც და ჩემი მეუღლეც მიწასთან ვმუშაობდით, სახლის საქმეებს ვაკეთებდი, საქონელს ვუვლიდი, ყველს და სხვა რძის პროდუქტს ვამზადებდი და ღამე გვიან ვიწყებდი ბავშვების ტანისამოსის მოწესრიგებას. შეიძლებოდა, დამთენებოდა, თუმცა, შვილებს მოუწესრიგებლად არასდროს არ გავუშვებდი სკოლაში. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, გვერდში დამიდგნენ და მეხმარებოდნენ, ყველას თავისი საქმე ჰქონდა განაწილებული. დროს ფუჭად არ ვკარგავდი და ამიტომ არც არასდროს გვიჭირდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საკვები და ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდებოდა.. – იძულებით გადაადგილების შემდეგ როგორ მოახერხეთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია? – კოდორის ხეობის დატოვება ძალიან გაგვიძნელდა. რაც ნამუშევარი გვქონდა, ყველაფერი ასე უბრალოდ დავტოვეთ. სახლი, შინაური ცხოველები, ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, ამდენი წლის ნაგროვები, დავტოვეთ და ორი ჩანთა ტანსაცმლით წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. მე კიდევ ძლიერად ვიყავი, ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა. მახსოვს, არაფერი არ იყო ხელმოსაჭიდი, ყველა უკან ვიხედებოდით და ცრემლები გვახრჩობდა. რა უნდა გვექნა, მეტი გზა არ იყო. აქ ჩამოსულს ის მამხნევებდა და გულს ის მიკეთებდა, რომ შვილები ახლოს მყავდნენ, სითბოს არ მაკლებდნენ. ნელ-ნელა მივეჩვიე გარემოს. მხნედ ვარ და ვცდილობ, ისეთი გზები გამოვნახო, რაც ცოტათი მაინც დამაახლოებს სვანეთთან. არ ვივიწყებ ტრადიციებს, რასაც სვანეთში ვასრულებდი. ჩემი მეუღლე ჩამოსვლიდან მალევე დაიღუპა, ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, ის სვანური წეს-ჩვეულება, რაც გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სრულდება, მუდმივი იყოს და ჩემი მეუღლის სულისთვის საცხონებელი. გულიკო ქალდანი: მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ. – სვანური კულტურა და ტრადიციები მრავალფეროვანია. მინდა, გკითხოთ, რომელი ტრადიცია მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ – – ტრადიციები მრავალფეროვანი გვაქვს. ყველაზე მეტად გვიყვარს „ლიფაანალი“ – ასე ჰქვია სვანურად. ვითომ, სულები შემოდიან სახლში, სამარხო სუფრას ვუწყობთ 18 იანვარს, რადგან მარხვაა. რაც კი ოჯახში პროდუქტი გვაქვს, ყველაფრით ვაკეთებთ საკურთხის სუფრას. მეორე დღეს ხსნილდება და არასამარხვო საჭმელსაც ვამატებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს ზოგჯერ 1 კვირა, ზოგჯერ 3-4 დღე. 18 რიცხვის მომდევნო ორშაბათს კი სულებს სახლიდან ვაცილებთ და ამ დღესაც ვამზადებთ საკურთხს. რაც რამე გვაქვს, ყველაფერს ვუმზადებთ და ვუშვებთ სახლიდან. ვიცით განსხვავებული ლოცვები სვანურ ენაზე, ვიცით საკლავის შეწირვა, „სეფისკვერის დაცხობა“და ა.შ – როგორც ვიცი სვანეთში, დიდ ყურადღებას ანიჭებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ლოცვას და განსხვავებული წეს-ჩვეულებები გაქვთ. როგორ ხდება ეს თქვენს ოჯახში? – როცა ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, დაკრძალვის მერე, მე-9 დღეს „პირის გახსნას“ ვეძახით და საკლავს ვკლავთ, მთელ სოფელს ვეპატიჟებით. იმის შემდეგ, ყოველ შაბათს, 40 დღის განმავლობაში სუფრას ვამზადებთ და სასაფლაოზე მიგვაქვს. ვაკურთხებინებთ და ვლოცულობთ სულის საცხონებლად. 40 დღის შემდეგ კი ყოველთვის საკურთხს ვუკეთებთ და ეს ერთგვარად ჩემს ოჯახში ყოველთვის ხდება, როცა შვილები და შვილიშვილები იკრიბებიან. ყველა, ვისაც შეუძლია, ჩემთან მოდის და ერთად ვაკეთებთ საკურთხს. ვფიქრობ, ერთმანეთის ნახვით ჩვენი გარდაცვლილიც ხარობს და ჭირის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების მაგალითიც არის ეს წესი. – რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც დღეს იძულებით გადაადგილებული პირია? მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ. ინტერვიუს ავტორი: ანანო სამხარაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მის გამოჩენას როგორც თეატრის, ასევე, მუსიკალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კახა აბუაშვილი საზოგადოებაში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს. კაბუმ მსმენელს და მაყურებელს თავი საინტერესო როლებით და სოციალურ თემატიკაზე სიმღერით დაამახსოვრა. ის დღემდე აქტუალურია, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ცხოვრების უცნობი ფაქტები ბევრმა არ იცის. – კაბუ, რომ არა მსახიობი და რეპერი, ვინ იქნებოდი დღეს? – აზრზზე არ ვარ, ალბათ, ქუჩის ბიჭი ვიქნებოდი. – ბევრმა არ იცის – ბავშვობაში ჭიდაობაზე დადიოდი. რამ შეგიშალა ხელი, სპორტს გაჰყოლოდი? – ჩემს წონაში ვერავინ ნახეს ჩემხელა. 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვჭიდაობდი მესამე კლასელი ბავშვი და მჩაგრავდნენ. თან, არც მოსწონდათ უფროს სპორტსმენებს, როცა ხედავდნენ, რომ პატარა მძიმე ბავშვს ეჭიდავებოდნენ. ბოლოს, ვიღაც ბავშვმა ჭიდაობის დროს შემაგინა, ჰოდა, მე და ჩემმა კლასელმა მთელი დარბაზი ვცემეთ. მეორე დღეს მამაჩემი დაიბარეს. მწვრთნელმა უთხრა, ნახეთ, რას დაამსგავსა ბავშვები, ამას გავაგდებთო. რას გამაგდებთ, ამათთან როგორ ვიჭიდავებ-მეთქი – ეს იყო ჩემი რეაქცია, რის გამოც მამა ჩამეხუტა და მაკოცა. შემდეგ ცხენოსნობაზე ვიარე. – მაშინ, როდესაც ტელევიზიაში გამოჩენა ბევრის ოცნება იყო, შენ პოპულარობის ზენიტში იყავი. შეინარჩუნე, რასაც მაშინ მიაღწიე? – მაშინ მივაღწიე იმას, რომ ადამიანებმა გამიცნეს. შემდეგ ხალხს შევუყვარდი და ამან ძალიან გამახარა. ბოლოს მაგას უფრო მივაწექი, ვიდრე იმას, რომ მე კაბუ ვარ. ადამიანს რომ უყვახარ, ყველაზე დიდი ჰონორარი ეგ არის. ჰონორარი არ გაწყენს, მაგრამ მთავარი ხალხის სიყვარულია. ხანდახან, როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და ჩემს მეორე მე-ს ვეკითხები, რა გაგიკეთებია-მეთქი, მეორე მე მეუბნება, რა არ გაგიკეთებია, ნახე, რამდენ ხალხს უყვარხარო (იცინის). მახარებს ეს ამბავი, ესაა ჩემი მთავარი მიღწევა და ის, რაც შევინარჩუნე. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, ხალხის ტაში კარგია, მაგრამ პატარა ბიჭი არ ვარო… შენს შემთხვევაში, სად დამთავრდა ენთუზიაზმი? – როცა მივხვდი რომ ტაში აღარ მიმიყვანდა სახლში, მანდ მქონდა დიდი პროტესტი იმის გამო, რომ მსახიობს ფული არ აქვს. – კაბუ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდი, სადაც დედის დაბადების დღეს გაიპარე. რამ გადაგაწყვეტინა? – უბნელებმა ვთქვით, წავიდეთო და ასე წავედით ომში. მხედრიონს მივყვებოდით, დაგვაგვიანდა. იმ რეისს უნდა გავყოლოდით, რომელი თვითმფრინავიც ააფეთქეს, უბრალოდ დაგვაგვიანდა. გავიგე, რომ იპოდრომზე იყო დისლოკაციის ადგილი. არ უყომანიათ ბევრი, იარაღი მომცეს, რომლის გამოყენება წესიერად არც კი ვიცოდი და მეორეკურსელი წავედი ომში. მეცვა ჯინსები, „ინსპექტორები“, ბენდენა და „ქამელეონი“ მეკეთა. მაგრად მახსოვს, შავი მაიკა და თხელი კურტკა მეცვა. ეზოში ვმოძრაობდი, ვიღაც ტიპი მოვიდა, სად იღებენ იარაღსო. ვკითხე სად ხარ ნაომარი-მეთქი და სანამ ჩამოთვალა, მე გავიპარე (იცინის). ეს მებრძოლი აღმოჩნდა ჯონი, რომელმაც მთელი ბატალიონი გადაარჩინა. მაგარი ბიჭი იყო. როცა ჩაიცვა, დამბურძგლა. ბიჭებთან დავახლოვდი გზაში, ჯონიმ ვიღაცებზე მითხრა, მაგათ ნუ ენდობიო. კინდღში როცა შევედით და პირველი ყუმბარა გვესროლეს, მანდ მივხვდი, მართალი იყო ჯონი. ნახევარი გაიპარა. – მეუღლესთან – ანუკასთან დღემდე ცივილური ურთიერთობა გაქვს. რა არის ამის საიდუმლო? – ბავშვების თემაა, ალბათ. მე ძალიან მიყვარს ადამიანები. ანუკა რაც წავიდა, იმის მერე კონფლიქტი არ გვქონია. თვითონაც კარგი გოგოა. იცის, რა შეიძლება და რა არა. ბავშვობაში რაც ვერ გამოვიჩინეთ, ახლა გამოვიჩინეთ და დავალაგეთ ურთიერთობა. – პოპულარობის დროს გაგიტაცეს. როგორ მოხდა ეს ამბავი? – გოგოებმა რომ გამიტაცეს, მაგას გულისხმობ? მაშინ 20 წლის ვიყავი, პირველი ალბომიც არ მქონდა გამოშვებული. მეგობარი გოგონა მყავდა და მასთან ერთად ვიყავი კლუბში. როცა სიმღერას მოვრჩი, გოგოები შემოვიდნენ. ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი დეიდაშვილის ქორწილში მომეწონა და მითხრა, გარეთ წითელი ტაქსი გელოდებაო. გამოვედი და გოგოებმა მომიტაცეს. ვუთხარი, რას აკეთებთ, გოგოსთან ერთად ვარ და ისიც წამოვა-მეთქი. წრე დავარტყით და ლალიჩკაც ჩაგვიხტა. წავედით და ისეთი გარყვნილობები ვნახე… ძაან გამთანგეს და ბოლოს გვერდზე ვიჯექი. არ მავიწყდება ის დღე. მაგრად გამისწორა. – საფრანგეთს შევეხოთ. ციხეში გატარებულმა დრომ თუ მოახდინა შენს ცხოვრებაში გარდატეხა? – რომ გითხრა, რაღაც შესამჩნევად შეცვალა-მეთქი, არა. ერთადერთი ის შეცვალა, რომ ენა ვისწავლე. ვვარჯიშობდი, კუნთები გამიჩნდა და იქაური სისტემა გავიცანი. ერთი მხრივ, რომ შევადაროთ რუსული და ფრანგული სისტემა, ეს ადვილია, თითქოს, მაგრამ ვიღაცებს ნანახი ჰქონდათ რუსული სისტემა და მაინც უჭირდათ. რადგან თუ ხარ ბოსი და პირამიდის თავში გაქვს ადგილი, უფრო პრივილეგირებული ხარ. იქ არიან ქართველები, რომლებიც 10 წელი სხედან სამარტოო საკანში. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ შვილებს ღირსეულ მამობას ვერ უწევ. ახლა, როცა აქ ხარ და უფრო მეტი დრო გაქვს, იმავე აზრზზე ხარ? – მაშინ მდგომარეობა მქონდა ისეთი, ფიზიკურად არ მინდოდა, დავენახე. ახლა კი არის მამა დალაგებული სახით, მაგრამ თვითონ არიან სხვა ასაკში. როცა ვეუბნები, მამიკო, აბა, რამე მომიყევი-მეთქი, მეუბნებიან, რა მოგიყვეო. მაინც ვერ მოვახერხე ის, რომ დამეძმაკაცებინა, მაინც აქვთ რაღაც ბარიერი და ვერ მივხვდი, საიდან მივიდე მათთან. ვხედავ, ბავშვიც კედელს ეხეთქება, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაგრამ ვერ მივუდექი. მოვა მაგის დროც. უბრალოდ, მეშინია, ძალიან გვიანი არ იყოს. – ლევან წულაძესთან თავს დამნაშავედ თვლი? – თვითონ არ თვლის, ალბათ, რომ დამნაშავე ვარ. ერთადერთი, მხოლოდ იმაში მთვლის დამნაშავედ, რომ ჩემს თავს დავუშავე. წყინდა, რომ არასწორად ვექცეოდი ჩემს თავს. ლევანი არის ჩემი მასწავლებელიც და ყველაფერი. ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის. მე რომ დავიხვეწე, როგორც მსახიობი, ჭოლას და „სარდაფის“ დამსახურებაა. დიდი დრო გავატარე თეატრში. უფრო მსახიობად ვთვლი თავს, ვიდრე რეპერად. არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე გავხდი რეპერი. პოპკულტურა არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ყვები, რა ხდება რეპში. ახლა მგონი ცოტაა პოეტი რეპერი, უფრო სხვანაირად განვითარდა რეპი. აბსოლუტურად განსხვავებულია. მაშინ სხვა პრობლემები გვქონდა. ახლა ფულზე, მანქანებზე და ქალებზე რეპავენ. – როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მსახიობი? – უზრუნველყოფილი. მსახიობი როცა ამბობს: „ფული არ მაინტერესებს“, არის ჭეშმარიტი მონა. მსახიობი სახლში რომ მიდის და ჩაი არ აქვს, იმას ტაში არ აინტერესებს. თავისი საქმე უნდა უყვარდეს. ჭოლამ მაგარი რაღაც იცოდა, ვინც სამსახურში დადიხართ, ნუ დადიხართო, გვეუბნებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა და შემდეგ მივხვდი. მსახიობი საკუთარ საქმეს ისე არ უნდა უყურებდეს, რომ, თითქოს, სამსახურში მიდის. უფრო მეტსაც გეტყვი, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. როცა ყველა ქუჩის ბიჭი და მსახიობია, საქართველო არ გაბრწყინდება. – საფრანგეთში შეხვედრისას მითხარი, რომ შემოქმედებითი ჩავარდნა გქონდა. ახლა როგორ ხარ? – მგონია, რომ ღმერთთან ნაკლები კონტაქტი მაქვს და ეგ არის ყველაფრის საწყისი. ჩემი სათქმელი არ ამომიწურავს. კი მაგრამ, უნდა ამ ხალხს შენი პრობლემები? რაზე ვიმღერო? გადავწყვიტე, სიბნელეზე ვიმღერო. რაღაც უნდა ვთქვა და ვიტყვი. ერთი დაწყება მინდა და დავანახებ, რომ ვყარვართ, ცუდ დღეში ვართ და პროსტა ვიკიდებთ. გეგონება, ჩვენ არ ვართ აქ; გვგგონია, მხოლოდ რუსია ჩვენი მტერი. ვამბობთ, აფხაზეთი დავიბრუნოთო და პლეხანოვი გვაქვს დასაბრუნებელი. გოგოები გვყავს დასაბრუნებელი, მაგრამ ეგ როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. შაჰ-აბასმა ხმლით რაც ვერ გაგვიკეთა, მაგის ნათესავმა გაგვიკეთა ფულით და ფალოსით. – ლექს-სენი თუ ბერა? – ბერა. ბერას ნაფიქრი აქვს, ხარისხი აქვს და – ადე ზეზე, გამო მზეზე დამახიე აგერ – ეს საერთოდ ვინ არის, ვერ გავიგე. – სამომავლო გეგმებზე რას ფიქრობ? – ალბომი
– თათია, გთხოვთ წარგვიდგინოთ საკუთარი თავი. – მოგესალმებით, მე ვარ თათია ჯანიაშვილი, 31 წლის. ამჟამად ვარ დასაქმებული შპს „ნესტლე საქართველოში“ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. დამთავარებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტის ადმინისტრირების განხრით, ხოლო მოგვიანებით ცოდნა გავიღრმავე უფრო ვიწრო სპეციალობით, კერძოდ, განათლება მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ოპერაციათა მენეჯმენტის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული მაგისტრატურის გავლის შემდეგ შევიცვალე სამუშაო ადგილი და 2016 წლის 1 ივნისიდან დასაქმებული ვარ შპს „ნესტლე საქართველოში“. ბოლო 2 წელია, ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. – რას მოიცავს აღნიშნული მიმართულება თქვენს კომპანიაში და რამდენად რთულია ამ მიმართულებით მუშაობა? – თქვენს კითხვაზე პასუხს დავიწყებ კითხვის მეორე ნაწილით. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობა არის საკმაოდ სტრესული, დამღლელი და მოითხოვს 24/7-ზე ჩართულობას. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველდღიური რუტინაც კი არ ჰგავს სტანდარტულ რუტინას. ყოველდღიურ საქმიანობაში გვხდება არაერთი არასტანდარტული სიტუაცია და ფორსმაჟორი. ყოველი დღე გამოწვევაა, დღის ბოლოს კი ხვდებით, რომ კიდევ ერთ გამოწვევას გაუძელით და საკუთარი თავისთვისაც საინტერესო აღმოჩენები გააკეთეთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნულ პროფესიაში სირთულეები გეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში, პრობლემების მოგვარებისას შეძენილი ინფორმაცია კი თქვენთვის ცხოვრებისეულად გამოსადეგი იქნება. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქართულ ბაზარზე, ლოჯისტიკის დეპარტამენტი ზრუნავს შერჩეული პროდუქციის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე – სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს შესაბამის ლოკაციებამდე. უფრო დეტალურად კი – პროცესი იწყება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროდუქტის დეტალური შემოწმებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტი ვალდებულია, იცნობდეს ქართულ კანონმდებლობას, რომ შემოტანილი პროდუქცია არსებულ რეგულაციებს შეესატყვისებოდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვამოწმებთ საიმპორტოდ შერჩეული პროდუქციის რეცეპტურას, შემდგომ – მათ შეფუთვებს და თუ ყველა მახასიათებელი აკმაყოფილებს ქართულ კანონმდებლობას, იწყება საიმპორტო დოკუმენტაციის დამუშავება. ამ უკანსაკნელი პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანიას აღარაფერი აბრკოლებს, რომ პროდუქციის იმპორტი დაიწყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გადაზიდვის საშუალებები, საიმედო გადამზიდი კომპანიები და სატრანზიტო რისკები. სწორედ სატრანზიტო პროცესი არის სიურპრიზებით სავსე და ხშირად რთულია გაითვალისწინო ყველა ის რისკი, რომელიც, შესაძლოა, უდროო დროს გამოჩნდეს დაბრკოლებად. – რა გავლენა იქონია პანდემიამ და უკანასკნელმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოჯისტიკის მიმართულებაზე თქვენს კომპანიაში? – რეზიუმირებულად რომ გითხრათ, პანდემიამ და, მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ „ნესტლეზე“, არამედ სხვა მსგავს იმპორტიორ კომპანიებზეც. ორმხრივ ზეგავლენაში ვგულისხმობ როგორც პოზიტიურ, ასევე უარყოფით მხარეებს. ერთი მხრივ, პანდემიამ იქონია უარყოფითი გავლენა ბაზარზე – მოხდა ტოტალური კოლაფსი, შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების გართულებით; ხოლო მოგვიანებით გაჩაღებულმა ომმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპორტზეც. მეორეს მხრივ კი – რთული სიტუაციიდან გამოსვლისთანავე, დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა ათწლეულში იყო და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება გამოწვევებს – იყო არაერთი, საკმაოდ მრავალმხრივი და დროში სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემა. საიმპორტო კომპანიებისათვის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდგომ, რაც დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, საერთაშორისო ბრენდებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს. არც „ნესტლე“ იყო გამონაკლისი და რუსეთში წარმოებული ქვებრენდების 90% ლიკვიდირდა. მარტივად რომ ვთქვათ – წარმოება შეჩერდა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული 85-90% პორტფელისა უნდა ჩანაცვლებულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფო წესით გახდა საჭირო, ალტერნატიული ქარხნები რუსეთის გარეთ მოგვეძებნა. ჩვენს კომპანიას გაუმართლა, რადგან საერთაშორისო კომპანია ვართ და გაგვიმარტივდა ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ქარხნის მოძიება, რომლებიც ალტერნატიულ პროდუქტებს მოგვაწვდიდნენ. პროდუქტების შერჩევის შემდგომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულმა მათგანმა გაიარა რეცეპტურის ტესტირება და ძალიან ინტენსიური, სწრაფი და დაუღალავი მუშაობის შედეგად, 3-4 თვის ჭრილში შევძელით პორტფელის 100% იმპორტის განახლება ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სიტუაცია რომ შევაჯამოთ, უარყოფითი მხარეები, გარდა საოპერაციო საქმიანობისა, მოიცავს ბაზარზე პროდუქციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და, მოგვიანებით, ფასების ზრდას. დადებითი მხარე კი ნათელია: დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოებული, ბევრად უფრო ჯანსაღი შემადგენლობისა და გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების პროდუქტით. – რა მომავალი ელის ჩვენს ქვეყანას ლოჯისტიკის და ეკონომიკის მხრივ? – არ განვმეორდები იმის მოთხრობით, თუ რაოდენ რთულ სიტუაციაში იყო ლოჯისტიკა არსებული ბოლო ვითარებების გამო. თუმცა, ამჟამად ლოჯისტიკა საქართველოში ბევრად უფრო განვითარდა, ვიდრე წინა წლებში. როგორც იმპორტიორებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, არა მხოლოდ ამ სირთულეების გადალახვით, არამედ, ახალი პრიორიტეტების გაჩენის გამოც. დღეს ლოჯისტიკის სფეროში მომსახურეობის სტანდარტები ძალიან დაიხვეწა. უახლოეს პერიოდში, არაერთი ცვლილება იგეგმება. თათია ჯანიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, ყველას სმენია საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევის ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, სატესტო გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს და არაერთმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო საქართველოს ტრანზიტად გამოყენება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ცვლილება სულ მინიმუმ მოიცავს ბიუჯეტში შესულ თანხებს, თუნდაც, მხოლოდ ტრანზიტის გადასახადს. შესაბამისად, სამომავლო პერპსექტივები ამჟამინდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პოზიტიურ მხარეს ავლენს”. – თუ საიდუმლო არ არის, დღეს არჩევანის საშუალება ხელახლა რომ მოგეცეთ, ლოჯისტიკას აირჩევდით თუ არა თქვენი საქმიანობის სფეროდ? – ლაკონურად რომ გიპასუხოთ, დიახ, დაუფიქრებლად ავირჩევდი. აღნიშნული სფერო არის ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო, იდეალურია რუტინის არმოყვარული ადამიანებისათვის და, რაც მთავარია, მუდმივად გაწვდით ინფორმაციას მსოფლიო საბაზრო მოვლენებზე. ამიტომ, სიახლეებს არასდროს ჩამორჩებით (რესპონდენტი იღიმის). ინტერვიუს ავტორი: გიორგი ჭოხონელიძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი