შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ბლოგი
Page: 2
“ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე. არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა. აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში ხვდები. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. დახლებს უკან დგანან მომღიმარი სახეებით და თუ მათ დახლს ამოირჩევ, უსაჩუქროდ არ დაგტოვებენ. უხარიათ და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად. ყველა ქვეყანას თავიანთი ტრადიციული კერძები თუ სასმელები აქვს წარმოდგენილი. გჩუქნიან ბროშურებს, დროშებს, სტიკერებს… კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადონ თავიანთი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა თამაშებს გვთავაზობენ, ქვიზებს გვავსებინებენ, რათა ცნობიერება აგვიმაღლონ ევროკავშირთან დაკავშირებით. აღნიშული აქტივობების შემდგომ კი ჭიქით, მაისურით ან ჩანთით გვასაჩუქრებენ. გერმანიის დახლთან რომ მივედით, გვითხრეს, რომ გერმანული სიტყვა მოგვეძებნა და ჩანთით დაგვასაჩუქრებდნენ. მეც გერმანულ ენაში გაწაფული, დარწმუნებული მივედი, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიპოვნიდი სიტყვას. ეს სიტყვა იყო – das Brot – პურითა და ჩანთით ხელდამშვენებული წამოვედი”. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი ერაძემ “ევროპის დღე” MDF-ს ტრენინგზე გაატარა, რადგან მისთვის ევროპა დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. “მე, როდესაც ვეცნობი რაიმე ინფორმაციას და მისი სიმართლე ეჭვს იწვევს, ვცდილობ მის გადამოწმებას სხვადასხვა გზებით. ვამოწმებ მის წყაროებს, ფოტოებს, ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდზე და ვცდილობ დავადგინო სიმართლე. ასევე, ინფორმაციის გადამოწმების დროს ვცდილობ დავეკონტაქტო სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ჩემს დახმარებას. ვფიქრობ, რომ იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ ფაქტების გადამოწმების ხერხები, რათა დეზინფორმაციით არ დავინფიცირდეთ” მასალის ავტორი: გიორგი ერაძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
მოგონებები: შესავალი – მარტო უცხო ქვეყანაში მე ვარ მარიამი, 21 წლის და ეს ჩემი პოდკასტია, რომელიც შეეხება ჩემს ევროპულ გამოცდილებას. 2022 წლის ივნისში გავიგე, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო: ესტონეთი, ტარტუს უნივერსიტეტი და ინგლსური ენისა და ლიტერატურის მიმართულება მელოდებოდა. ჩემში დიდი უცნაურობა, კომფორტის დახშობა და შიში გამოიწვია პროგრამის აპლიკაციის შევსებამ, შემდეგ უკვე ტესტმა და საბოლოო ჯამში – გასაუბრებამ. ვერც კი ვხვდებოდი, როგორ მეყო იმის ძალა, რომ ყველა ეტაპი გადამელახა. საბოლოოდ კი, ცოტა არ იყოს დაბნეული, 2022 წლის 22 აგვისტოს თვითმფრინავში ავედი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. გავემგზავრე და არც კი ვიცოდი, სად მივდიოდი, რა მოლოდინები მქონდა, რისი მიღება მსურდა… ეს პოდკასტი შეეხება ზუსტად ამას – დაბნეულობას, შიშსა და გაურკვევლობას; შესაძლებლობებს, რომლებიც ჩემს წინ უეცრად გადაიშალა, როგორც კი ევროკავშირის მიწაზე დავდგი ფეხი. ეს პოდკასტი შეეხება პატარა გოგონას და მის ოცნებებს მოგზაურობაზე, რომელებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებამ და გადაადგილების შეზღუდვამ არარეალურად უქცია. და რაც ყველაზე მთავარია, ეს პოდკასტი შეეხება ოცნებებს, რომლებიც სრულდება. მარიამ ქობალია: “როდესაც პირველად ჩავედი, ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, სად ჩამოვედი, რისთვის… ელემენტარულის გაკეთებაც კი ვერ შევძელი… უცხო ხალხს ისიც კი ვერ ვკითხე, კონკრეტულ ლოკავციამდე როგორ უნდა მივსულიყავი, ვინაიდან თავიდან ესტონური ნომრები არ გვქონდა და შესაბამისად, რუკასაც ვერ ვიყენებდი გარეთ ყოფნის პერიოდში. ეს ყველაფერი სიახლეების შიშმა გამოიწვია… მეორე და მესამე დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად გავიაზრე. მარიამ ქობალია: “ახალი ადამიანების გვერდში ყოფნის მიუხედავად, საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა და კონტროლი შემძლებოდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში ნებისმიერი საკითხი მაინც ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა…” ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ ვიღებდი გადაწყვეტილებებს, როგორ ვსწავლობდი ტარტუს უნივერსიტეტში, ვმოგზაურობდი ევროპაში, რას ვუსმენდი, რა მიხაროდა და თუ რა გადამხდა ისეთი, რაც არასოდეს განმეორდება. მასალის ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
გაზაფხული დგება, ზამთრის თრთვილს ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ცვლის მორცხვი, ჯერ კიდევ სითეთრეში ჩაფლული ია, შემდეგ კი მწვანე ბალახიც წამოიშლება. ეს უამრავი ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ხო, რა მოხდა, გაზაფხული მოვიდა. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მაგრამ რატომ? განა რა არის იმაზე უკეთესი, თუ ყოველ გაზაფხულს სიცოცხლის საწყისად, ბნელი, ცივი დღეების გამახალისებლად მივიჩნევთ. ეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობა, ახალი დღის და ახალი სიცოხლის დასაწყისი, რომელიც აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი დღის შესწავლა განვიზრახეთ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა. ჩვენი მიზანი პრაქტიკუმის საგნის ფარგლებში იუნესკოს არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და შემდგომ საზოგადოებისთვის გაზიარებაა, ნოვრუზ ბაირამი კი ერთ-ერთი პირველია , რომლითაც დავიწყეთ. უფრო ახლოდან რომ გვენახა თუ როგორ აღინიშნება ეს დღესასწაული, 21 მარტს, ნოვრუზის დასრულების დღეს, გვიმასპინძლა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტმა მედინა ოზლამი მამედოვამ და საშუალება მოგვცა შეგვესწავლა ეს დღე, ტრადიციები რაც მას ახლავს და რაც მთავარია პრაქტიკაში გამოგვეყენებინა ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ : ვიდეოს გადაღების ტექნიკა, დეტალებზე აქცენტირება, რესპოდენტთან მუშაობა, კომუნიკაცია, ფოტოს გადაღება, კონცენტრირება… პროცესში კიდევ უფრო გავაცნობიერე რა სირთულეებთან გვქონდა საქმე. სურათი ასეთია: ქალბატონი ეკა მითითებებს გვაძლევს. ერთ კადრს სხვადასხვა მხრიდან ვიღებთ. სახლი საკმაოდ საინტერესოა. რესპოდენტის თქმით, ძალიან ძველია და არც შეიძლება მისი რეკონსტრუქცია. კედლებს ვათვალიერებ და ყურანის ენას ვცნობ, ნაცნობი ასოები იკვეთება და გონებაში ვფიქრობ, რომ ალბათ ყურანიდან რომელიმე ამონარიდი წერია. მე ფოტოებს ვიღებ და ვცდილობ კარგი მომენტები დავიჭირო. ეთა მედინას მეგობრის როლს ასრულებს, ვცდილობთ აღვბეჭდოთ მომენტი, როგორ აღნიშნავს მედინა ამ დღესასწაულს თავის მეგობრებთან ერთად. ნოვრუზ ბაირამში, ვხედავ, რომ გაერთიანებულია ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციები. როგორებიცაა: კვერცხების შეღებვა, ერთმანეთზე მირტყმა – ეს ხომ ჩვენთვის აღდგომაა, ასევე როგორიცაა კარებზე დაკაკუნება და ტკბილეულის ჩაყრა ქუდში – ეს კი ბერიკაობაა. პარალელს ვავლებ გონებაში და ვხვდები, რომ არც ისეთი უცხო არაა ეს ტრადიცია ჩვენთვის. კითხვაც კი მიჩნდება რატომ მხოლოდ მუსულმანები?. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტრადიციას რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ რა გვიდგას წინ, რომ ვიზეიმით? – ალბათ არც არაფერი. პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ლუკა კამერასთან მუშაობს, გადაღების სირთულეებს ეჭიდება, ქალბატონი ეკას რჩევებს ითვალისწინებს, გიორგი ლუკას ეხმარება, ყველანი ჩართულები ვართ. მედინა გვაჩვენებს ხახვის ფოთლებით როგორ ღებავენ კვერცხებს. მკითხაობის მსგავსი ღონისძიებებიც აქვთ. ჭიქაში ძაფზე ჩამოკიდებულ ბეჭედს დებენ და ითვლიან სანამ არ გაჩერდება. როცა გაჩერდება გავიგებთ რამდენი წლისას გათხოვდება. ჩვენც მოვსინჯეთ, ანკამ და მარიამმა ბედი სცადეს და ძალიან სახალისო იყო. ბოლოს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა და დაგვეგემოვნებინა ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული კერძიც. საკმაოდ სინტერესო, შემეცნებითი და მრავლის მომცველი დღე გამოვიდა. ამ ერთ დღეში გამოვიმუშავე ის უნარჩვევები, რომლებიც ყველა ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ამავე თემაზე: ნოვრუზ ბაირამი – IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე
მარიამ კიპაროიძე: “მე და ევროპა: ევროპული ღირებულებები – ის, რაც გვჭირდება.” “- რა არის მნიშვნელოვანი ევროპულ ფასეულობებში? – ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს – პატივი სცეს სხვების ინტერესს, საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ან კერძო პირის ქონებას, გაუფრთხილდეს ადამიანების სიცოცხლეს, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. თანაგრძნობა და საზოგადოების ინტერესების მსახურება კი ნებისმიერი სოციალური სახის ურთიერთობისთვის კეთილდღეობის მომტანია. ევროპული ცხოვრების წესი ზოგჯერ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაოცებას იწვევს . მაგალითად, მათთვის უჩვეულოა – ფულადი დახმარების აღების შესაძლებლობა, დაფინანსებული მკურნალობა, მაღალი ანაზღაურება, ქველმოქმედება, რიგში დგომაც კი, სადაც არავინ არ არღვევს რიგის ნომერს, მოწესრიგებული სადარბაზოები,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ა.შ. დღედღეობით, საქართველო განიცდის პირადი პასუხისმგელობის ნაკლებობას, რაც არღვევს ერთობის განცდას ინდივიდსა და კოლექტივს შორის. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს რამდენად პრობლემურია საზოგადო საჭიროებების უგულებელყოფა და ფიქრი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე. სხვაზე აღმატებულობის შეგრძნება, რაც ჩვენ ერს სენივით დაემართა, მტრულ დამოკიდებულობას ბადებს ადამიანებს შორის. შედეგად, არავის სურს შექმნას უკეთესი პირობები გარშემომყოფებისთვის. ევროპული ფასეულობათა სისტემიდან მნიშვნელოვანია ასევე, დაეჭვების და ახლებური ხედვის უნარი. ევროპელები მუდმივად მზად არიან ნაცადი ხერხის განსჯისა და ცვლილებებისთვის, რაც მათ მუდმივად ამყოფებს დინამიკური განვითარების მუხტში. ქართველებს გვიყვარს არსებულით ტკბობა, ტრადიციებისა და გენების ქება. ეს ცუდი სულაც არ იქნებოდა, რომ არა თვითკმარად ყოფნის განცდა, რაც განსხვავებულად ფიქრის შესაძლებლობას არ ტოვებს და აქვს მიუღებლობა რაიმე უცხო/განსხვავებულისადმი. ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებული განხილული ფასეულობები სამართლიან შინაარსს ატარებს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ევროპა არის დემოკრატიულ, ჰუმანურ პრინციპებზე ნაშენები მყარი სისტემა.” ბლოგის ავტორი: მარიამ კიპაროიძე მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.
ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე. არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა. აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში ხვდები. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. დახლებს უკან დგანან მომღიმარი სახეებით და თუ მათ დახლს ამოირჩევ, უსაჩუქროდ არ დაგტოვებენ. უხარიათ და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად. ყველა ქვეყანას თავიანთი ტრადიციული კერძები თუ სასმელები აქვს წარმოდგენილი. გჩუქნიან ბროშურებს, დროშებს, სტიკერებს… კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადონ თავიანთი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა თამაშებს გვთავაზობენ, ქვიზებს გვავსებინებენ, რათა ცნობიერება აგვიმაღლონ ევროკავშირთან დაკავშირებით. აღნიშული აქტივობების შემდგომ კი ჭიქით, მაისურით ან ჩანთით გვასაჩუქრებენ. გერმანიის დახლთან რომ მივედით, გვითხრეს, რომ გერმანული სიტყვა მოგვეძებნა და ჩანთით დაგვასაჩუქრებდნენ. მეც გერმანულ ენაში გაწაფული, დარწმუნებული მივედი, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიპოვნიდი სიტყვას. ეს სიტყვა იყო – das Brot – პურითა და ჩანთით ხელდამშვენებული წამოვედი”. ბლოგის ავტორი: ანა მაზიაშვილი მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი ერაძემ “ევროპის დღე” MDF-ს ტრენინგზე გაატარა, რადგან მისთვის ევროპა დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. გიორგი ერაძე: “მე, როდესაც ვეცნობი რაიმე ინფორმაციას და მისი სიმართლე ეჭვს იწვევს, ვცდილობ მის გადამოწმებას სხვადასხვა გზებით.ვამოწმებ მის წყაროებს, ფოტოებს, ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდზე და ვცდილობ დავადგინო სიმართლე. ასევე, ინფორმაციის გადამოწმების დროს ვცდილობ დავეკონტაქტო სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ჩემს დახმარებას”. გიორგი ერაძე: “ვფიქრობ, რომ იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ ფაქტების გადამოწმების ხერხები, რათა დეზინფორმაციით არ დავინფიცირდეთ”. ბლოგის ავტორი: გიორგი ერაძე მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.
ნინი შაორშაძის ბლოგის “მე და ევროპას” მესამე ეპიზოდი – ევროპაში გვინდა! ევროპაზე საუბრისას, ასოციაციურად, პირველი, თუმცა არა – ერთადერთი, რაც მახსენდება, არის ერთიანობისა და ცივილიზაციის განცდა, განათლების ცენტრი, რადგან სწორედ მაღალმა ინტელექტმა და ბევრმა ნათელმა გონებამ ჩაუყარა საფუძველი მის განვითარებასა და ისეთად ჩამოყალიბებას, როგორადაც დაახლოებით 3 თვეა ვხედავ. რატომ გახდა ევროპა ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ საუბრობს ყველა ევროპულ ღირებულებებზე და ნაკლებად აზიურზე, ან აფრიკულზე? იმიტომ არა, რომ აზიასა და აფრიკაში ღირებულებები არ გააჩნიათ, ან ცივილიზაცია არ ჰყვავის. იმიტომ, რომ მხოლოდ ევროპამ გადაწყვიტა იყოს ღია, ხელმისაწვდომი და სასარგებლო საზოგადოებრივი განვითარებისთვის. ევროპული განათლება – საუკეთესო ინვესტიცია მომავლისთვის პრაქტიკული ცოდნა, აქამდე მიძინებული და ახლად აღმოჩენილი უნარები, თვითდისციპლინა, ანალიზი, არა უმცროს-უფროსული, არამედ – პარტნიორული ურთიერთობები და ბევრი სხვა… ევროპული განათლება თავიდან ბოლომდე არის უნართა კრებული, რომელიც გეხმარება ეძებო, იკვლიო და სცადო. კომფორტის შეგრძნება გარემოში, თანაც ისეთში, რომელიც ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო იყო, განათლების სისტემის გაცნობის, მისი ხარისხისა და დონის ნახვის პირველი წამებიდან გამიჩნდა. კერძო ევროპულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დიდწილად IB-ის (International Baccalaureate) საერთაშორისო პროგრამით იგება (მათ შორის, ჩემს სასწავლებელშიც). სტუდენტები შესვენების დროსაც კი ინგლისურად საუბრობენ ერთმანეთთან; ცდილობენ ტექსტური მესიჯები ინგლისურად გაუგზავნონ ერთმანეთს, რათა ესმით, რომ 2-3 საათიანი ლექცია არ შეიძლება იყოს საკმარისი და მეტი პრაქტიკაა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ ლიეტუველობასა და საკუთარ იდენტობას. სტუდენტებმა თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმონ ყველა საგანს, არჩევითსაც და სავალდებულოსაც, რათა წარმატებით ჩააბარონ გამოცდები. მათი მოსწრება მათივე მოტივირებულობასა და გაცნობიერებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ევროპული სოლიდარობა კი ბატონო, ევროპა არც სამოთხეა – უტოპია, რომელშიც ყველაფერი იდეალურადაა, მგელი და კრავი ერთად ბალახობს და ყველა ბედნიერია. თუმცა მას აქვს ხიბლი და თვისებად ჩამოყალიბებული ქცევა, რომელიც პირველ რიგში ადამიანის მიმართ რწმენასა და სოლიდარობაში გამოიხატება. ასე მაგალითად, როდესაც პირველად ნარჩენების გადაყრის აუცილებლობის წინაშე დავდექი, სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. ერთი შეხედვით მარტივი ამბავია, მაგრამ ნახეთ: ეზოში რამდენიმე ნაგვის ურნა დგას, პლასტმასის ნივთებისთვის, ქაღალდისთვის, შუშისთვის და სხვა სახის ნარჩენებისთვის. ყველას თავისი წარწერა აქვს, მაგრამ ერთი ფერი, რის გამოც, მათი გარჩევა პირველ დღეებში ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ლიეტუვური ნამდვილად არ მესმოდა. ერთმა ინგლისურენოვანმა და ალბათ ჩემივე კორპუსში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, სრულიად უცხომ, როდესაც ალბათ შემხედა, როგორ ვცდილობდი გამერჩია ურნები ერთმანეთისგან, დაძრული და წასასვლელად გამზადებული ავტომანქანა დროებით დატოვა და “დახმარების ხელი გამომიწოდა”. ჰო, მათაც ესმით, რომ შენი პრობლემა შენი პრობლემაა, მაგრამ თუ დახმარება შემიძლია, გავაკეთებ ამას. ევროპული ღირსება, პასუხისმგებლობა, თავისუფლება და ჩვენ ევროპულ ქვეყნებს (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბალტიისპირეთის ქვეყნები) აქვთ შესანიშნავი გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ. საბჭოთა კავშირის გავლენით ჩვენმა ქვეყანამაც ბევრი და მწარედ იზარალა და ამ ზიანის გამოსწორებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აქ აშკარად დავინახე, რომ ევროპელმა ხალხმა შეძლო! პასუხისმგებლობის გრძნობით, საქმისადმი დამოკიდებულებით, თავისუფლებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით თუ სხვა ზნეობრივი იდეალებით, გახდა მაგალითი და სხვა ქვეყნებისთვის განვითარებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის მიმცემი. მიუხედავად ამისა, ჩვენში, ევროპის მიმართ, ჯერ კიდევ ორი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა არსებობს. ერთი სკეპტიკურია და ამტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებები ყოველივე ეროვნულზე უარის თქმას ნიშნავს. მეორე ერთობ იდეალიზებული. ჯერ ერთი, ევროპა არ არის ის მონსტრი, რომელიც ჩვენთვის ქართველობის წართმევასა და სხვენში საგულდაგულოდ გადამალვას ცდილობს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თუ მან ჩვენს ქართველობაში რაიმე ისეთი აღმოაჩინა, რაც კაცობრიობისთვის სასიკეთო ან თუნდაც საინტერესო შეიძლება იყოს, აუცილებლად გააცნობს მთელს მსოფლიოს, როგორც ჩინური კომპასი გააცნო ერთ დროს. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. ჩემი რადიო გადაცემა, რომელსაც აქ ვაკეთებ. ეთერში კვირაში ორჯერ გადის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის შესახებ ამბებს მოიცავს. ხომ შეეძლოთ თავად შემოეთავაზებინათ თემა და საკითხი, ან უბრალოდ, ეთქვათ – ისაუბრე ევროპაზე, რატომ საქართველოზე? მაგრამ არა – რადგან აინტერესებთ, რადგან ეს ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი არჩევანია. მესმის, რომ საქართველო არც დედაა ევროპის და არც შვილი, რომ მისგან რამე გადმოსაღები ჰქონდეს. საქართველო ყოველთვის იყო საქართველო და იმიტომ იყო უნიკალური, რომ ახერხებდა ევროპული და აზიური კულტურის საუკეთესო გავლენები საკუთარ ჭრილში ინდივიდუალურ შედეგად დაედო. ევროპელობა ევროპის ღირსეულ წევრობას ნიშნავს, ინდივიდუალური, მაგრამ ღირსი ღირებულებებით. რუსული ორიენტაციის საქართველო კი ევროპას არაფერში სჭირდება. პოსტსაბჭოური ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგა ხანია ევროპულ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. სწორედ იმ მიზეზით, რომ მათში დასავლური ხედვა საბჭოთა ეპოქამაც ვერ შეცვალა, განსხვავებით ჩვენგან, ბევრს რომ თვალი მუდმივად ჭაობში ჩამხრჩვალი რუსეთისკენ უჭირავს. ახალგაზრდებს აღარ გვინდა 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა! განათლება გვინდა, ახალი უნარები, მშვიდობა, თავისუფლება და საკუთარი თავის პოვნა გვინდა და რაც მთავარია – ევროპაში გვინდა!.. აქ რაღაც არჩევანი კი არ არის ევროპა, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა. ნინი შაორშაძე მესამე თვეა ევროპაში ცხოვრობს, ლიეტუვაში. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გთავაზობთ ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან “მე და ევროპა”. ამავე თემაზე: ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი I ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – ეპიზოდი II
ეპიზოდი 2 – როგორ აღნიშნავენ VELIKOS ანუ აღდგომას ლიეტუვაში აღდგომის აღნიშვნას ლიეტუვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სამზადისი აღდგომამდე ერთი კვირით ადრე იწყება. აღდგომის წინა კვირას, წმინდა კვირას უწოდებენ. სწორედ ამ დროს, ლიეტუვის ქალაქები გვთავაზობენ უამრავ გამოფენას, ატრაქციონსა და სუვენირს. ყველა კუთხეში ნახავთ მორთულ, ფერად კვერცხებს, ეროვნულ ხელნაკეთ ნივთებსა თუ სააღდგომო პალმებს. დიდი ხუთშაბათი სახლის საფუძვლიან დასუფთავებას ეთმობა. ტრადიციულად, სჯერათ, რომ სახლის ყველა კუთხის დალაგებით განდევნიან ბოროტ სულებსა და მოემზადებიან გაზაფხულის სითბოსთვის. ეკლესიებში ხუთშაბათის წირვა დღეში ორჯერ ტარდება. დილის 10 საათზე და საღამოს 6 საათისთვის. დიდი პარასკევი დასვენების, მშვიდობისა და ცოდვათა გამოსყიდვის დღედ მიაჩნიათ. პარასკევს განსაკუთრებით ცდილობენ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნონ და ვინმესთან კამათს თავი აარიდონ. დიდი შაბათი, აღდგომის წინა დღე და 40 დღიანი მარხვის ბოლო დღეა. ოჯახის ყველა წევრს ევალება მონაწილეობის მიღება სააღდგომო კერძების მზადებაში, რომლებიც ხორცის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. სუფრაზე უხვად არის შემწვარი ღორის ხორცი, გამომცხვარი ლორი, ცხვრისა და ხბოს ხორცები, ძეხვეული, შემწვარი იხვი და ქათამი. გარდა ამისა, პელმენები, სალათები და სააღდგომო ღვეზელებიც არ ავიწყდებათ. რაც შეეხება სააღდგომო დღესასწაულის მთავარ ატრიბუტს, რა თქმა უნდა, ფერადი კვერცხია. ლიტუვურად სააღდგომო წითელი კვერცხი ასე გამოითქმის – Velykų raudonas kiaušinis. როგორც ლიეტუველები ამბობენ, მათთვის ფერადი კვერცხები სიცოცხლისა და აღორძინების სიმბოლოა. დიდი შაბათის დღის მთავარი მიმზიდველობა სწორედ მათი გაფორმებაა. კვერცხების მორთვის ბევრი უცხო და მრავალფეროვანი ტექნიკა აქვთ. ყველაზე გავრცელებული მეთოდია მოხატვა ცხელი ცვილით, გაფორმება ხახვის ფურცლებით, სტიკერებით, ყვავილებითა და მწვანილითაც კი. როგორც გავიგე, აქ ნაპოვნი უძველესი ფერადი კვერცხი, “მარგუტის” XIII საუკუნით თარიღდება. XVI საუკუნის ბოლოსთვის კი ეს ტრადიცია მთელ ქვეყანაში იფანტება. დეკორაციის ყველაზე რთული, თუმცა ულამაზესი მეთოდი – კვერცხის ცხელი ცვილით დამშვენებაა. დიდი დრო და ენერგია, გარდა ამისა, მხატვრული ნიჭიც საჭიროა, რომ ამ მეთოდით მოხატული კვერცხის დიზაინი შესანიშნავი გამოვიდეს. ჩვეულებრივ, ნემსის წვერს ცხელ ცვილში ასველებენ და ცდილობენ კვერცხებზე დაიტანონ ბუნების სიმბოლოები: მზე (მომავალი მზიანი დღეებისთვის), წვიმის წვეთები (ნაყოფიერი მოსავლისთვის), ფოთლები და გველებიც კი (ბუნების გაღვიძების ნიშნად). ტრადიციული ბუნებრივი ფერები მიიღება არყის ფოთლებისგან, ხახვის ფურცლებისგან და იისფერი ყვავილებისგან. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტრადიცია წითელ ღვინოში კვერცხების შეღებვის ტექნიკა აღმოჩნდა. როგორც წესი, ყიდულობენ ყველაზე იაფ ღვინოს, მასში შეღებილ კვერცხს კი საოცრად უცხო ფერი და ბზინვარება აქვს. სააღდგომო სიმბოლო – კურდღელია. მაღაზიებში კურდღლის ფორმის ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდება. კვერცხებით სავსე კალათის გვერდით დასმულ კურდღელს სუფრასთან აუცილებლად შენიშნავთ. კვირა დღის ზეიმი დილიდან იწყება. დილის საეკლესიო მსახურების შემდეგ, ოჯახის ყველა წევრი, სადღესასწაულო საუზმისთვის, სახლში იკრიბება. ვიდრე კერძების დაგემოვნებას დაიწყებენ, კვერცხების დაჭიდების ტრადიცია აქვთ. ვისი კვერცხიც სუსტი აღმოჩნდება და გატყდება, ვალდებულია 2 დამატებითი კვერცხი კიდევ შეჭამოს (საკმაოდ რთული ამოცანაა). ჩემთვის საინტერესო აღმოჩენაა, რომ აღდგომის მეორე დღეს, ბავშვები, კვერცხების სათხოვნელად, სხვის სახლებში, ხშირ შემთხვევაში – მეზობლებთან მიდიან. ეს ტრადიცია სიმბოლოა მეგობრობის, მეზობლობისა და იმედის. და ესეც VERBOS – სააღდგომო ხე! ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ლიეტუვაში ტრადიციული სააღდგომო პალმა აქვთ. მზადდება ხელოვნურად შეკრული ნაძვის ყლორტებისგან. ხეზე თავსდება ბუდეები, ბუდეებში 9 ან 12 კვერცხი. ეს რიცხვები ჯადოსნურად ითვლება. როგორც თავად ამბობენ, წარმატება და ბედნიერება მოაქვს. წელს, აღდგომის დღესასწაულს, ლიეტუველები ყველა ამ ტრადიციის დაცვით შეხვდნენ. ამინდმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი მათი განწყობის დამშვენებას. კვირა საღამოდან უკვე ქუჩებში სეირნობდნენ, კაფეებსაც სტუმრობდნენ და ქუჩის გამოფენებსაც ათვალიერებდნენ. მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ესე მომზადებულია კონკურსისთვის, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსი ანონიმური იყო. მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ ესეები თემაზე ,,დამოუკიდებლობის მნიშვნელობა 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე”. პირველი ადგილი ჩვენი გუნდის წევრმა, ნინი შაორშაძემ მოიპოვა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად “დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც” … კიდევ ცოტაც და გათენდება… დასრულდება ეს უწესრიგო (რუსული) მასკარადი! უთუოდ უნდა გავთავისუფლდეთ!.. … და, მზე ამოვიდა… ჰო, ამოვიდა… ზუსტად 103 წლის წინ, 4 საათსა და 50 წუთზე სხდომა გაიხსნა და 5 საათსა და 10 წუთზე ჩვენ გავიმარჯვეთ!.. დღეს კი როგორ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც ქართველი ერის არსებობა და რაობა დაადასტურა; ჩვენი თითქმისდა სხვენში მოსვენებული თვითმყოფადობა მეცხრე ცაზე აიყვანა და იქიდან გადმოახედა; აჩვენა, რომ „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო თავად საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო“. ამ წელმა, დღემ, საათმა, წუთმა თუ წამმა, (…) თვალწინ ააფარა ქართველთა ინდივიდუალიზმი რეჟიმს, რომელმაც სწორედ ამ ხალხის დამონება განიზრახა და რამდენადმე განახორციელა კიდეც. ახლა რა შეგვიძლია? მხოლოდ დამოუკიდებლობის მნიშვნელობის გააზრება 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე?! თუ მარტო წარსულის ამ მომენტის სიამაყის გრძნობით გახსენება და მისი სამუდამო აღბეჭდვა ჩვენს ცნობიერებაში?! როგორ გითხრათ, თუ საკითხს ამ კუთხით მივუდგებით, ზომაზე მეტად შევცდებით… მე თუ მკითხავთ, დამოუკიდებლობა რომ შეუცვლელი ღირებულებაა, ეს 1918 წლამდეც ასე იყო, 1918 წლიდან დღემდე ასეა, და მომავალშიც ასე იქნება. დიახ, სათქმელად მარტივია, აღსაქმელად კი – ძალზედ რთული, ვინაიდან, ჩვენ ადრიდანვე გვახასიათებდა დიდი ენთუზიაზმით სავსე ადამიანთა მოღვაწეობის იმედად ყოფნა და შორიდან ვგულშემატკივრობდით მათ მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ან საერთოდაც, ვერ გაგვეაზრებინა რისთვის იღვწოდა ეს ხალხი და რა განთავისუფლებაზე საუბრობდა. იყო მესამე კატეგორიაც, რომელიც დამონებულ სამყაროში თავს ისევე კომფორტულად გრძნობდა, როგორც ეს თავისუფლების მოლეკულებით სავსე ჰაერის ჩასუნთქვისას ხდებოდა. ჩემი აზრით, ბენჟამინ ფრანკლინმა ყველაზე მართებული განაჩენი გამოიტანა ამგვარი ყოფის ამტანთა მიმართ, როდესაც ხმამაღლა თქვა, რომ „ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების“. დამოუკიდებლობა რომ უზადო ჭეშმარიტებაა, დიდი ხანია შეთანხმდნენ მოწინავე საზოგადოების წევრები. ის არ გაიძულებს იმოქმედო საკუთარი სინდისის წინააღმდეგ, თუ ამ გზას თავად არ აირჩევ. ბოლოს და ბოლოს, ძაღლი რომ ჰყეფს, ის ხომ საკუთრივ მისი სურვილის მიხედვით მოქმედებს და არ ერიდება აგრესიას გარშემო მყოფთა მხრიდან. ცაზე რომ ვარსკვლავები ინათებენ ხოლმე, ისინიც კი არ კარგავენ თავიანთ უფლებას და რომ ვუბრძანოთ, დღე გვინდა გიხილოთ და უეჭველად ჩვენს ნებას უნდა დაჰყვეთო, აბა ნახეთ, გვერდს როგორ აგვივლიან. მაგრამ… სამწუხაროდ, ადამიანზე ზემოქმედებასა და მის მარწუხებში მოქცევას რომ მაინც და მაინც დიდი საქმე არ უნდა, ამას ჩვენ, ქართველები, ხშირად ვამტკიცებდით და რეალურად, დღემდე ასე ვიქცევით. მოგეხსენებათ, წარსულში ჩვენნაირი სულგატეხილი და დაბეჩავებული ხალხი ძნელად თუ სადმე მოიძებნებოდა. დღეს უფრო სხვაგვარად, შედარებით პროგრესულად, თუმცა, ისე, როგორც საჭიროა, მაინც ვერ ვარსებობთ, რადგან მუდმივი მოქმედების გარეშე სრულყოფილი ცვლილებების განხორციელება – შეუძლებელია. მუდმივი წინსვლა მხოლოდ „ლომთა ხვედრია“; ლომები კი შედარებით ცოტანი არიან. რას ფიქრობთ, ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული თუნდაც, ათი ადამიანიდან, რამდენ მათგანს ექნება ღრმა ცოდნაზე დამყარებული შეხედულება ზემოთ აღნიშნული ისტორიული პროცესის მიმართ? ამ ექსპერიმენტის ჩატარებამდე გიპასუხებდით, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ უფლებას, რომელსაც ვინმეზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება ჰქვია და რომელიც, ჯერ თითოეული ჩვენგანის, შემდეგ კი, მთელი ერის იდენტობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა. კი ბატონო, ვერც იმ ინდივიდს უკუვაგდებთ, რომელიც თავს არ აძლევს უფლებას, რომ იგრძნოს დამოუკიდებლად ყოფის უტყუარი სინამდვილე. იმიტომ, რომ ყოველთვის მეტად რთულია, როგორც საკუთარი თავის, ისე საკუთარი სხეულისა და სულის მართვა თავისუფლების პირობებში, ხოლო ყოველთვის უფრო მარტივი – სხვისი დატუსაღება და იძულება – გაისარჯოს შენს სასარგებლოდ. თავისუფალი ვერასდროს გახდება ადამიანი, ვინც ის შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის. პიროვნების სურვილის მიხედვით მოქმედების შესაძლებლობის შეუზღუდაობა უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რომლის საკუთარ თავზე აღება, უამრავ გამოწვევასთან შეჭიდებას მოასწავებს. გამოწვევები – ხან მარცხს ნიშნავს, ხან – გამარჯვებას, ხან – დარდის მომტანია, ხანაც – სიხარულის. ზოგჯერ – უბედურად გვაქცევს, ზოგჯერ კი – ბედნიერებით აგვავსებს. აი, რისი გვეშინია სინამდვილეში. ვინმეს არ უნდა თავისუფლება, რადგან ის სთავაზობს პასუხისმგებლობას, რომლის შიშიც ადამიანების უმრავლესობას აქვს. მაგრამ, ბედნიერების მტევნიდან დაწურული წვენის სიტკბო გადაწონის უბედურების ჭიქიდან ჩამოსხმულ შხამს. ვინაიდან, ბედნიერებაა, აბა რაა, ცოდნა იმისა, რომ საკუთარი ნების გარეშე ზიანს ვერავინ მომაყენებს. ერთი რამ ყველაზე ცხადია: დამოუკიდებელი საქართველოსა და თავისუფალი ქართველის ფერი ნათელი და კაშკაშაა, მიუხედავად დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ მიუღწეველი სტანდარტებისა. მით უმეტეს, რომ უკან იხედება ჩვენი შავბნელი, ერთგვაროვანი და გასაცოდავებული წარსული… სწორედ ამიტომ, მხოლოდ წინ ვიაროთ და ამ სვლამ, არა მხოლოდ მეფის, არამედ პაიკების უდიდესი ძალისხმევის საუკეთესო შედეგი უნდა გვიჩვენოს. მოდით, როგორც უწინ, ერთხმად, დაუფარავად და შეუპოვრად ვიყვიროთ ქართველნო! ვიყვიროთ ისე, რომ დედამიწას სული ავუფორიაქოთ: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!..” (…) და არა მხოლოდ საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ კაცს; იმ ქართველს, რომელიც ბედნიერებას თავისუფლებაში ხედავს და ყოველმხრივ ცდილობს დამოუკიდებლობის საუცხოო ბუნების შეცნობას… ავტორი: ნინი შაორშაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელი, მედია ცენტრის ჟურნალისტი