შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ფოტო რეპორტაჟი
Page: 4
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა შაბათ-კვირას შეაგროვეს ინფორმაცია, თუ სად და როგორ შეიძლება გაატაროთ დრო “უიქენდზე”. მათი გმირები თავად ყვებიან, თუ რით არიან დაკავებული შედარებით თავისუფალ დროს. ანა გლოველმა და ლუკა ამბალიამ IBSU-ში აბიტურიენტებისთვის უფასო ტრენინგზე მისული ანი ადამია ჩაწერეს, რომელიც ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ანი ადამია: “მოგეხსენებათ, აბიტურიენტებისთვის ბოლო წელი ყველაზე საპასუხისმგებლოა. რთულია დროის სწორად განსაზღვრა და სხვადასხვა საქმის შეთავსება. უიქენდი ძირითადად კვლავ რეპეტიტორთან სიარულით იწყება. დილით ადრე ვიღვიძებ, ვემზადები და მასწავლებელთან მივდივარ. სახლში დაბრუნებული კი ვცდილობ მეორე მასწავლებელთან წასასვლელი დროის შუალედში დავისვენო. ამ დროს განსაკუთრებით ძილი მიყვარს, რადგან ახალი ენერგიით შევუდგე საქმეს, თუმცა ზოგჯერ მოცემული დავალებების მომზადება მჭირდება. კვირა დღე უფრო მეტად თავისუფალი მაქვს და ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო. მიყვარს მათთან ერთად ზღვის სანაპიროზე სეირნობა და ერთმანეთში ახალი ამბების გაცვლა. თუ კვირას სახლში მომიწია ყოფნა, ისევ დავალებებს ვამზადებ და ფილმებს ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მეტად გადატვირთულია და ხშირად ქაოსურ რეჟიმში მიწევს მოძრაობა, ვთვლი, რომ გართობას და სწავლას კარგად ვუთავსებ ერთმანეთს და დროის ვანაწილებ. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და გამძლეობას!” თიკა ჭუმბურიძე ახალგაზრდა დედას – თამარ ცისკარიშვილს ესაუბრა, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომწლია. თამარ ცისკარიშვილი: “ჩემთვის, შაბათ-კვირა ყველაზე სასიამოვნოა. ჩემი სამუშაო დღეები ჩვეულებრივ ერთფეროვანი და რთულია, ამიტომ ყოველთვის მოუთმენლად ველოდები უიქენდს და რაკი შაბათ-კვირა ასე ხანმოკლეა, მაქსიმალურად ვცდილობ დრო გავატარო ჩემს შვილთან ერთად პარკში, ზოოპარკში თუ გასართობ ცენტრში”. ნინო კესარელმა, გასული ვიქენდი თბილისიდან მოშორებით, ქალაქგარეთ ერთ-ერთ ცნობილ რეზორტში გაატარა და ორი საინტერესო ქალბატონი გაიცნო – შილა და მაჰი. შილასთვის ხინკალი მსოფლიოს მერვე საოცრებაა. შილა: “თურქეთიდან ჩამოვედი საქართველოს გასაცნობად. აეროპორტში ტაქსი გავაჩერე. ახალგაზრდა ბიჭი იყო მძღოლი. მას ვკითხე – პირველად სად წავიდე და რა მოვინახულო-მეთქი. მან მიპასუხა, ჯერ ხინჯალი გასინჯე და შემდეგ საქართველო დაათვალიერეო. დავბინავდი თუ არა, გუგლში მოვძებნე საუკეთესო ხინკალი თბილისში და რესტორანში წავედი. პირველი ხინკალი რომ გავსინჯე ისე წამოვიყვირე ყველამ მე შემომხედა. ძალიან შემრცხვა… გავიფიქრე, აი, ეს არის მსოფლიოს მერვე საოცრება-მეთქი! ჩამოსვლის დღიდან ყოველდღე ხინკალს ვჭამ. უკვე 16 დღეა აქ ვარ და დღესაც ხინკლის საჭმელად მივდივარ რესტორანში. კიდევ 8 დღე უნდა ვიყო საქართველოში. ახლა იმაზე ვდარდობ, თურქეთში რომ ჩავალ ვინ გამიკეთებს კარგ ხინკალს”. მაჰიმ, საქართველოში ცხოვრება თავისუფლების, ხალხის და კარგი ღვინის გამო გადავწყვიტა. მაჰი: “ირანი ჩემი სამშობლოა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ქალებს უფლებებს უკარგავს. რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში მოგზაურობა გადავწყვიტეთ. მეგობარმა მითხრა ქართველებს კარგი ღვინო და დიდი ვენახები აქვთო. ამ ნათქვამზე, მაშინ, ყურადღება არ მიმიქცევია და როცა მოგზაურობა გადავწყვიტეთ და ქვეყანას ვარჩევდით,უცებ სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა და “ღვინის მოყვარულ” საქართველოში წამოვედით. ირანში კანონი გვიკრძალავს სახლის გარეთ რესტორან-კლუბებში ალკოჰოლის მიღებას. აქ ჩამოვედით და აღფრთოვანებული დავრჩით აქაური ხალხით, თავისუფლებით… არაერთი სოფელი ვინახულეთ, ოჯახებშიც ვიყავით. ძალიან თბილად, სიყვარულით გვხვდებოდნენ ყველგან, სახლის ღვინოს გვთავაზობდნენ. ძალიან პატარა პერიოდში, რაღაცნაირად შემაყვარა თავი ქართველმა ხალხმა”. მაჰი:”ირანში დავბრუნდით თუ არა, ქმარს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა შევთავაზე. ბევრი არ გვიფიქრია. მოვკიდეთ ჩვენ ჩვილ შვილს ხელი და ჩამოვედით. ახლა, ჩემი გოგონა 7 წლის ხდება. აქ გაიზარდა. ირანი ნანახი არც აქვს. აქ, თანდათან საყვარელი ადგილებიც გავიჩინე. საქართველოში, მცხეთა და მარანი მიყვარს,კარგი ღვინო და კერძები აქვთ. ვცდილობ, უიქენდი კარგ, დახვეწილ ადგილებში გავატარო და განვიტვირთო, რადგან მასწავლებელი ვარ და საკუთარ შრომას ასე ვუფასებ შრომას”. ანი მაზიაშვილი და გიორგი ერაძე, თბილისში, 9 მარტის სკვერში იმყოფებოდნენ. მათ ნუგზარ ბათიაშვილი გაიცნეს, რომელიც 9-10 წლიდან ხატავს. აკადემიამდე სულ ორი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი და უცბად ბიოლოგიურზე ჩააბარა. ბუნებასთან ყოველთვის ჰარმონიაში იყო. ძალიან უყვარს. აქვს თავისი ვენახიც. ბოტანიკურ ბაღში 8 წელი იმუშავა. იღბლიან ადამიანად თვლის თავს, რადგან სამხატვრო კურსებზეც და ბიოლოგიურზეც საკმაოდ წარმატებული იყო. ბოლო 2 წელია, 9 მარტის ბაღში ნახატებს ყიდის. შაბათ-კვირა მისთვის განსაკუთრებულია. მოდის მისი მეუღლე, შვილი. სეირნობენ. ხალხი ამ დღეებში კიდევ უფრო მეტად არის. უყვარს ეს ადგილი. მას სასიამოვნო ,,უიქენდი“ აქვს. აქ მისთვის მხოლოდ კომერციული საქმიანობა არ არის. ყოველ წამს ხატვაზე ფიქრობს. მყიდველი ყოველთვის ჰყავს. მარინისტად მიაჩნია თავი. უდიპლომობა არ მოსწონს, არ უნდა რომ გაამხილოს, თუმცა თვითონვე ამბობს, რომ ამაზე გაიცინებენ, რადგან დღეს აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, თვით ნიკო ფიროსმანსაც არაფერი არ ჰქონდა. ,,ნიკალა პირველი წყაროა“ – იშველიებს ლადო გუდიაშვილის სიტყვებს. გული სწყდება, რომ ხშირად 300 ლარიან ნახატს 50 ლარად ჰყიდის. ნუგზარ ბათიაშვილი: “მე ვარ შუაში. დიპლომიან, აკადემია დამთავრებულ ადამიანებსა და უდიპლომოებს შორის”. ვაკის პარკში ანკა ლეჟავა, სოფო ლოლაძე და ლუკა ცარციძე იყვნენ, სადაც ყველა თაობის ადამიანები სეირნობენ, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. ბავშვთან ერთად განტვირთვა, გართობა და მზისგან D ვიტამინით მიღებული სიცოცხლის ძალა – ეს არის ერთ-ერთი მშობლის არჩევანი, რომელიც დასვენების დღეებს შვილთან ერთად სეირნობას უთმობს და მომღიმარი ბავშვებისა და სკვერში მოჭიკჭიკე ჩიტების იდილიით დადებითი ენერგიებით იმუხტება. ეს სტუდენტი გოგონები უიქენდის დილას სწავლით იწყებენ, შემდეგ კი თავისუფალ დროს სეირნობაში, გართობაში, ფაზლების აწყობასა და სერიალების ყურებაში ატარებენ. ქალბატონი, რომელმაც ახალგაზრდობის წლები თბილისში დაჰყო, აწ უკვე შვილიშვილთან ერთად ვაკის პარკში სეირნობს, რასთანაც ბევრი მოგონება და მელანქოლიური ისტორია აკავშირებს. იგი, შაბათ-კვირის პირველ ნახევარს ეკლესიაში ატარებს, შემდეგ კი თავის გამოცდილებას, ნამოღვაწარს და შეძენილ ცოდნას საკუთარ შვილიშვილს ინტელექტუალური განვითარებისთვის უზიარებს. ეთა სულუხიამ, მარიამ მხეიძემ და ანა ეგაძემ, უიქენდი მედინა მამედოვასთან ერთად, დიდ სავაჭრო ცენტრში გაატარეს. მედინა მამედოვა: “ყველაზე მეტად გაზაფხულზე უიქენდები მიხარია. კვირაში ექვსი დღე ვმუშაობ და დღეს ის დღეა, როცა დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს – ვნახულობ მეგობრებს, მათთან ერთად დავდივარ კაფეში და “საშოპინგოდ”, ვივსები ენერგიით და პოზიტივით”.
8-9 მარტს, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები მოთხოვნით “არა, რუსულ კანონს”. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა ჩალაშვილმა შეაგროვა ფოტოემოციები, პორტრეები და ერთ ამბად აქცია. ანა ჩალაშვილი: “ეს ის დროა, როდესაც პროტესტს გამოხატავს ყველა და განსაკუთრებით – სტუდენტები! ეს რამდენიმე დღე ჩვენი აქტიურობით გამოირჩეოდა. შარშანაც აქ ვიდექი, თბილისში, პარლამენტთან და მხარს ვუჭერდი უკრაინას ამ უსამართლო ომში. წელსაც აქ ვიყავი და გავაპროტესტე რუსული კანონი – ამჯერად, განსხვავებული ემოციებით, მოთხოვნებით, ფრაზებითა და პლაკატებით. წელს, პროტესტს ახალგაზრდების, როგორც ამბობენ Gen-Z-ს ხელი დაეტყო. ხალხში დავდიოდი, ვაკვირდებოდი და განსხვავებულ, ორიგინალურ, ფერად წარწერებს ვეძებდი. ვიპოვნე კიდეც. ეს ჩემი მეორე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო და მეორე ფოტორეპორტაჟი ასეთი სიტუაციიდან. უკვე მეორე წელია გაზაფხულს სიმბოლურად ცვლილებებით ვიწყებ”.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის” ფარგლებში მოამზადეს ფოტორეპორტაჟი “გაზაფხული”. ლუკა ამბალია “წვიმიანი გაზაფხული” ლუკა ამბალია: “გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დგება “3 მარტი”. ამ დღეს, ქუჩებში ხშირად შენიშნავთ ადამიანებს, მოხუცებს, რომლებიც ყიდიან ყვავილებს. ზაირა ბებოც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ წვიმიან დღეს ეზოში დაკრეფილ და თავის აწყობილ ყვავილებს ყიდის”. ანა გლოველი: “გაზაფხული მოვიდა, ზოგთან დააგვიანა…” ეთა სულუხია “გაზაფხული” ეთა სულუხია: “სუსხიანი, ცივი ამინდების შემდეგ ისევ გამოანათა მზემ. ნაირფერი ყვავილები ქუჩაში მომნუსხველად უცქერენ გამვლელებს. ბებო თავის ჩვეულ პოზიციაზეა, გვირგვინებს წნავს და თავისებურად გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს”. მარიამ კიპაროიძე “გაზაფხული თბილისში” მარიამ კიპაროიძე: “დღეს, მარტის სადღესასწაულო დღეა, დედის დღე. მზიანი თვალები და გაზაფხულის ჭრელი ყვავილებით დატვირთული ხელები, დღის სიმშვენიერეზე მიგანიშნებთ. მხიარული ნაბიჯებით მოსეირნე გოგო-ბიჭები, თბილისის ავდრიან ამინდს ცვლიან”. ანა მაზიაშვილი “შემოპარული გაზაფხული” ანა მაზიაშვილი: “მარტის დასაწყისია და ჯერ კიდევ სიცივეა. რთულია შემორჩენილ ზამთრის სუსხს გაექცე. თითქოს კიდევ მედიდურობს. თითქოს ამდენი ხანი რომ გვყინავდა, რომ გვინაცრისფერებდა დღეებს, არ იყო საკმარისი. ზამთრის საბურველი ახურავს თბილისს. თუმცა გაზაფხულიც ნელ-ნელა შემოდის, შემოიპარება. წვიმით უნდა, რომ ყურადღება მიიქციოს. ჰაერში უკვე იგრძნობა მისი სასიამოვნო სურნელი. თითქოს ყველა ამის შეგრძნებაშია. არ გარბიან სახლებში. ქოლგებით ნელა მიყვებიან ქუჩებს. ფიქრობენ, იცინიან, ხმამაღლა საუბრობენ. წვიმს და აწვიმს ჩვენს ლამაზ თბილისს, რომელიც უცხოსთვის კიდევ უფრო დაფასებული და მშვენიერია. სწორედ ისინი არიან გამოფენილები. ტკბებიან ძველი თბილისის ქუჩებით, სახლებით. საქართველო ყველასთვისაა ვფიქრობ და მეღიმება. ჭრელი ქოლგები, ბედნიერი სახეები და სუნი, რომელიც გვატყობინებს როგორ ნელ-ნელა შემოიპარება გაზაფხული ჩვენთან…” ანა ლეჟავა “გაზაფხული” მარი მხეიძე “გაზაფხული” ანი ეგაძე “გაზაფხული ეზოში” გიორგი ერაძე “გაზაფხული ოთახში” გიორგი ერაძე: “გაზაფხულის წვიმიან დღეს, ახლად გამოღვიძებული ყვავილისათვის შეხევდაც კი საკმარისია დღის გასალამაზებლად”.
ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, ყოველ დღე სანამ სკოლაში წავიდოდი, მთელ ვაჟა-ფშაველას გაივლიდა, რომ ჩემთვის ცხელი კრემიანი “პონჩიკები” მოეტანა, რადგან იცოდა, რომ დილით ჩაისთან ერთად ასეთი საუზმის მირთმევა მიყვარდა. არაფერს იზარებდა, რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მომიტანდა, თუმცა ახლა, როცა ერთი ფეხი დაკარგა, იძულებული გახდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. მუდმივად გამოთქვამს გულისტკივილს იმის გამო, რომ ოჯახს ვერ ემსახურება, თავის ძველ მეგობრებთან თავად ვერ მიდის სტუმრად. ვცდილობ ვანუგეშო ხოლმე, როლები გავცვალეთ – ახლა მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ყოველ დილით ცხელი საუზმე შეაქვს მასთან. ვცდილობ ისე გავანებივრო, როგორც თავად მანებივრებდა წლების წინ. ეს ბაბუაჩემის ფოტოებია, ყველა ფოტოში ჩანს სევდა, რომელიც მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, ყველაფერი აქვს, რაც ამ ასაკის ადამიანებს სჭირდება, მაგრამ არავინ ვიცით მის გულში რა ხდება. სულ ფანჯარაში იყურება, ენატრება გარე სამყარო, საკუთარი ფეხით გარეთ დამოუკიდებლად სიარული, ქუჩაშუ ყურებით კი ცდილობს ეს სურვილი ცოტათი მაინც დაიკმაყოფილოს. საწოლის გვერდზე პატარა ბლოკნოტები უდევს, სადაც დღე და ღამე რაღაცებს წერს. რამდენჯერაც ვკითხე, სულ იმას მეუბნება, რომ როცა დრო მოვა, მერე გავიგებ ბლოკნოტებში რა წერია. მრავალი ბლოკნოტი შეავსო, უკვე აღარც ვითვლით, ძალიან მაინტერესებს შიგნით რა წერია, მაგრამ წაკითხვის უფლება არვის გვაქვს. ვფიქრობ, წერისას გადმოაქვს მთელი ის მწუხარება და გულის ტკივილი, რასაც ხმამაღლა არ ლაპარაკობს. თუკი მკითხავთ, ყველაზე მეტად რა გამახარებს, გეტყოდით, რომ ბაბუაჩემის კარგად ყოფნა, ნეტავ, შესაძლებელი იყოს მისთვის ძველი ცხოვრების დაბრუნება. ბაბუაჩემი ზოგჯერ საკუთარ მშობლებზე უკეთ მიგებდა და მიგებს. ეს ის კაცია, რომელიც მთელი ბავშვობა პარკებსა და სკვერებში მასეირნებდა, სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა, ცდილობდა ჩემს სახეზე ღიმილი ყოველთვის ყოფილიყო. ჩემს გამხიარულებას ახლაც ცდილობს, მაგრამ რაღაც მთავარი მაინც შეიცვალა, ადრე მის თვალებში სევდას ვერ ან არ ვხედავდი, ახლა კი როცა ვუყურებ, მისი ნაღვლიანი თვალები ყოველთვის გულს მტკენს და მეც მასევდიანებს. ეს ბაბუაჩემია, სიცოცხლით სავსე, კეთილი, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც სევდიანი. ფოტორეპორტაჟის ავტორი: ანა ლეჟავა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ ფოტოობიექტივით დანახული ადამიანები თბილისში, კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში. ფოტოები გადაღებულია საგან “ფოტოჟურნალისტიკის” დავალებების ფარგლებში. ლექტორი: ოლიკო ცისკარიშვლი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა გლოველი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: ანა მაზიაშვილი ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: მარიამ ანჯაფარიძე ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ავტორი: ლუკა ამბალია
დილით ჩვეულ დროს დარეკა მაღვიძარამ. საათი 7:30-ს აჩვენებს, ვცდილობ გამოვფხიზლდე და გრძელი, დამღლელი დღისთვის მოვემზადო. ჩვევად მაქვს გაღვიძებისას ჯერ მაღვიძარას ვუთიშავ ხმას, შემდეგ კი ფანჯარაში ვიხედები, რომ გავარკვიო როგორი ამინდია. გარეთ ვიყურები და ვხედავ ირგვლივ ყველაფერი თეთრი საბნით შემოსილა. თბილისში თოვს…თან რა ლამაზად თოვს… როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, ჩავიცვი და სამსახურში წავედი. ცივა, თოვლის ფიფქები გზააბნეული დაფარფატებენ ცაში. მე ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ სამსახურისკენ, მაგრამ უეცრად ვჩერდები და გაყინული ხელით ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ. ვცდილობ გადავიღო თეთრად შემოსილი ნაძვები, გზა, რომელზეც ჯერ არავის გაუვლია მანქანების გარდა. და აი ისიც , გადავიღე…ულამაზესია, ენით აღუწერელ სილამაზეს ვუცქერ და მინდება უფრო მეტი გადავიღო, გადავუღო თოვლიან თბილისს, მის ყოველ კუთხეს და ყველას გავუზიარო, თუ რაოდენ ლამაზია ჩვენი დედაქალაქი თოვლში გახვეული. ვუღებ ძველი თბილისის ქუჩებს, ვუღე ყველაბ ყველას დაფერს… იქვე ხეზე ყინულის ლოლოები ხელოვნების ნიმუშებს ჰქმნის, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად, ხელოვნურად შექმნაო. მიუხედავად სიცივისა და თოვლის მოსვლისა, ხალხი მაინც განაგრძობს ჩვეულ საქმეებს, ძველი თბილისის ქუჩებში კი ისევ გამოფენილია თბილისელთა ნახატები. მივდივარ, ამდროს კი რაღაც იდუმალი, უხილავი ხმა ჩამჩურჩულებს კოლაუ ნადირაძის ლექსიდან „ 25თებერვალი“ სიტყვებს: „თოვდა… და თბილისს ებურა თალხი“. დღეს 12 იანვარია, თბილისს თეთრი ქურქი ჩაუცვამს, თავს იწონებს ისე, როგორც სჩვევია… ფოტორეპორტაჟის ავტორი: ეთა სულუხია
მარიამ გარაყანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. მარიამის გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ მას უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა შეუძლია. მარიამ გარაყანიძე: “არ არის მარტივი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სტუდენტი, იცხოვრო დამოუკიდებლად, იმუშავო და გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ეს არის ჩემი მთავარი მოტივაციაც და გამოწვევაც, რომ ეს სხვებს დავანახო” მარიამი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობს და სულ 4 წუთი სჭირდება უნივერსიტეტში მისასვლელად. მას აინტერესებს როგორც თავისი პროფესია, რომელსაც IBSU-ში ეუფლება, ასევე IT მიმართულება და ახლა პროგრამულ ენა “პითონს” სწავლობს. მარიამმა, მისი მეგობარი ანა ქარელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიცნო. ანა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. გოგონები, ერთად დიდ დროს ატარებენ, IBSU-ში თუ მის ფარგლებს გარეთ. მარიამი და ანა, პირველად ესტუმრნენ IBSU-ს მედია ცენტრს. პირველი სიტყვები, რაც მათ რადიოს სტუდიაში შესვლისას წამოიძახეს იყო WOW. მარიამმა ეს ასე ახსნა: “რა მაგარია, გამოცდილების მიღების ამხელა შესაძლებლობა რომ აქვთ ჩვენს სტუდენტებს. ყველაზე მეტად მომეწონა IBSU-ს სურვილი და მზაობა სტუდენტებს მისცეს ამხელა შესაძლებლობები”. მარიამმა ჩვენთან საუბრისას ეს ისტორიაც გაიხსენა: “უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე B კორპუსს სხვანაირი პანდუსი ჰქონდა და მასზე დამოუკიდებლად ასვლა მიჭირდა. ეს რომ IBSU-ს ადმინისტრაციამ შეამჩნია, დაახლოებით ერთ კვირში ახალი პანდუსი დამახვედრეს და ახლა უფრო იოლად გადავაადგილდები”. მარიამმა და ანამ IBSU-ს მედია ცენტრიდან შეთავაზება მიიღეს, მოამზადონ რადიო გადაცემა საინტერესო თემაზე. შესაძლოა, ეს იყოს საერთაშორისო ურთიერთობები, შესაძლოა – გამოწვევები ახალგაზრდებისთვის თუ სხვა თემა. სტუდენტები ფიქრობენ და თან დარწმუნებულნი არიან, რომ რაც გინდა მოამზადონ, ეს იქნება მაგალითი და მოტივაცია სხვებისთვის. ფოტორეპორტაჟის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა 26-27 მარტს ჩანიშნული სპექტაკლები უკრაინას მიუძღვნა. მათ შორის იყო „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“, რომლის პრემიერა, ლუკას ჰნათის პიესის მიხედვითა და თომა ათანელიშვილის რეჟისურით, გასული წლის ზაფხულში, 17-18 ივნისს გაიმართა და დღესაც მაყურებლის დიდი ინტერესით სარგებლობს. მთავარი როლის შემსრულებელი, ლიკა კევლიშვილი უკრაინაში, ნიკოლაევის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ყოფნის პერიოდს იხსენებს, საიდანაც გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი სამ ნომინაციაში გამარჯვებული დაბრუნდა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – ქეთი ლუარსაბიშვილი საუკეთესო მსახიობი ქალი – ლიკა კევლიშვილი საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი – რეჟისორი, დავით ჩხარტიშვილი, სპექტაკლით „შეცვალე“ „დღევანდელი სპექტაკლი, „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ მიეძღვნა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. შარშან, შემოდგომით ვიყავით უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში, თეატრალურ ფესტივალზე, საკმაოდ სერიოზული ფესტივალი იყო, სამი პრიზი ჩამოვიტანეთ. უკრაინელები სასწაული ადამიანები არიან, თბილები, მოსიყვარულეები და ყურადღებიანები, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ძალიან მტკივა გული დღევანდელი ვითარების გამო. ჩვენ ვწერთ ხოლმე ერთმანეთს სოციალურ ქსელში, მიხარია, რომ ინტერნეტი მაინც აქვთ და ვიგებთ მათ ამბებს. ისინი თითქმის სულ თეატრში არიან, კერავენ დროშებს, აკეთებენ ბარიკადებისთვის საჭირო საშუალებებს. ძალიან მინდა ეს ომი მალე დასრულდეს და რა თქმა უნდა, დასრულდეს ჩვენი მეგობარი უკრაინის გამარჯვებით, დიდება უკრაინას!“ – ამბობს მსახიობი. “თოჯონების სახლი 15 წლის შემდეგ” ჰენრიკ იბსენის “თოჯინების სახლის” თანამედროვე ავტორისეული გაგრძელებაა. სპექტაკლში სიუჟეტი მას შემდეგ ვითარდება, რაც მთავარი გმირი – ნორა ჰელმერი (ლიკა კევლიშვილი) 15 წლის შემდეგ სახლში ბრუნდება, რათა ყოფილ ქმარს ოფიციალურ გაშორებაზე განაცხადი შეატანინოს სასამართლოში. ნორა წარმატებული მწერალი, დამოუკიდებელი ქალია, რომელიც ქალებსა და იმ სირთულეებზე წერს, რომლებსაც ქორწინებაში მყოფი ქალები აწყდებიან. სპექტაკლი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ხვდებიან ნორას დაბრუნებასა და მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას, ქმარი ტორვალდი, (კახა ბერიძე) მათი ქალიშვილი ემი (ნანუკი მაკრახიძე) და მოსამსახურე ანა-მარია, (მარი არღუთაშვილი) რომელმაც ნორას წასვლის შემდეგ მისი სამი შვილი გაზარდა. ავტორი: გვანცა გოგიაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
პარასკევს,16:00 საათზე, IBSU-ს ეზოში გაიმართა ფოტოჟურნალისტიკის კურსის ფარგლებში სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა.
ავტორი:მარიე