შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
გადარჩება თუ არა გლდანის დიდი თეთრი ტბა
21/02/2024
სოფელ გლდანში მდებარე დიდი თეთრი ტბის მდგომარეობა ბოლო დროს სულ უფრო გაუარესდა. არხების ჩაკეტვამ და მოუვლელობამ ტბას წყალმომარაგება შეუწყვიტა რამაც მისი სწრაფად დაშრობა, დაბინძურება და დაჭაობება გამოიწვია.
რა მდგომარეობაშია ტბა?
დაბინძურებული ტბიდან აღებულ წყლის სინჯების კვლევა გარემოს დაცვის სააგენტომ ზაფხულში ჩაატარა. ტბაში დასაშვებზე მეტია სხვადასხვა ნივთიერებები მაგალითად: ფოსფორი, გოგირდი, ქლორიდები. ზღვარს ბევრად აღემატება ტოტალური კოლიფორმებიც. ზღვარი 5000-ია ხოლო გლდანის ტბაში ეს რიცხვი 23-30 ათასს შორის მერყეობს. მათივე დასკვნით „კლიმატური პირობების ცვლილებამ და მკვებავი არხების ფუნქციონირების მოშლამ გამოიწვია ტბის დონის კლება.“ დაახლოებით ბოლო ათი წლის განმავლობაში ტბის ფართობი 8 ჰექტრით შემცირდა და წყლის დონემაც საშუალოდ 2 მეტრით დაიწია.
გადარჩება თუ არა გლდანის დიდი თეთრი ტბა
რა ხდება დღეს?
მოსახლეობისა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით სახელმწიფომ 2023 წლის 31 ოქტომბერს გლდანის ტბის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მისი წყლით შევსების შესაძლებლობის შესახებ კვლევის მომსახურების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც 25 000 ლარიანი შეთავაზებით შპს „გამა კონსალტინგმა“ გაიმარჯვა.
მოპოვებული ტექნიკური დავალების მიხედვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ტბის დაშრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება გლდანის დიდი (თეთრი) ტბის დეტალური კვლევა. კვლევა უნდა მოიცავდეს კამერალურ, საველე და ლაბორატორიულ კვლევებს. კვლევების შედეგების მიხედვით, უნდა შეფასდეს ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, განისაზღვროს მისი შევსებისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები.
ხელშეკრულების პროექტის მიხედვით საბოლოო შედეგი კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. ხოლო პირველი ეტაპის კვლევების ანგარიში ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.
ნანა ალავიძე – მაცხოვრებელი – „აქ, სახლი 6 წლის წინ ტბის ხათრით ვიყიდე. ჰაერიც გაცილებით უკეთესი იყო, სივრცეც, წყალიც“. ტბის დაშრობა-დაბინძურებამ მის მიმდებარედ სუნის პრობლემაც შექმნა, რომელიც ზაფხულში გლდანის მე-7 და მე-8 მიკროებამდეც კი აღწევს.“ისეთ გაუსაძლისი სუნი იყო ღამე ფანჯრებს ვეღარ ვაღებდით. ბავშვები აივანზეც ვერ გამყავდა”. საშინელი სუნის გამო მოსახლეობის ნაწილი ადგილის დატოვებასა და სხვაგან გადასვლაზეც ფიქრობს. „მე მაგალითად შემდეგ ზაფხულს თუ იგივე მოხდება აქ არ გავჩერდები მეორე სახლიც მაქვს და წავალ იქ. თუ არ მიხედეს გავყიდი კიდევაც”.
რითი იკვებება ტბა?
ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა, თუმცა ნაჟური და მიწისქვეშა წყლების გარდა ადგილობრივების თქმით ხელოვნურადაც იკვებებოდა. ტბაში წყალი ოთხი დიდი არხიდან ჩადიოდა, რომელთაგან სამიც 2010 წელს დაწყებული თბილისის რკინიგზის პროექტის მშენებლობისას ჩაიჭრა, კალაპოტი შეეცვალა და ტბის მაგივრად ახლომდებარე ფერდობზე მიედინება, სადაც საცხოვრებელი სახლები დგას. დარჩენილი ერთი არხი კი დაბინძურებულია და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.
მედეა გოგსაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი – „როდესაც წვიმა მოდის იქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მთელი მდინარე მიედინება და შედის გვირაბში.“
ბუნებრივი ტბა თუ უბრალოდ ტბორე?
საქართველოს წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით. – „წყლის ობიექტის მიწა შეიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში (გარდა ბუნებრივი ტბის ფსკერისა, მდინარის კალაპოტისა, ასევე წყალმომარაგების წყლის ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლისა)“ .
თბილისში ერთ-ერთი დიდი ბუნებრივი ტბა და წყლის რესურსი უბრალო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად 1997 წელს მცხეთის რაიონის გამგეობის №201 გადაწყვეტილებით გადაკეთდა და იჯარით გაიცა. ამის შემდეგ უკვე 2006 წელს სოფელი გლდანის საკრებულომ მოიჯარის განმარტებაზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ დაახლოებით 70 წლის წინ ბუნებრივად შექმნილი ტბა „ხელოვნურად შექმნილი ტბორია და გაშენებულია სახნავ მიწაზე“ და აღნიშნულით მცხეთის რაიონის გამგეობამ მიმართა მცხეთის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურს. საინიციატივო ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ამის შემდეგ 2004 წელს ტბის მიწა იჯარით მოქალაქე გია აბუაშვილმა აიღო, გამოისყიდა და 2008 წელს ნატალია კვანტალიანს მიჰყიდა.
ახლა ვისია გლდანის ტბა?
ამჟამად ტბის საკუთრების საკითხი ცოტა ბუნდოვანია, რადგან ერთი კონკრეტული მფლობელი არ ჰყავს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით ამჟამად ტბა ოთხ ნაწილადაა გაყოფილი. აქედან ორი ნაწილი ეკუთვნის ნათია ჩიჩუას(ნატალია კვანტალიანის შვილს) ერთი შპს“ჯანოს“, რომლის 100% მესაკუთრეც ირაკლი ჯანიაშვილია, ხოლო მეოთხე მცირე ნაპირის ნაწილი ჯერაც სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდება. საინტერესოა ისიც, რომ რეესტრში კერძო საკუთრებაში არსებული სამივე ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთადაა მითითებული და არცერთ მოპოვებულ სხვა დოკუმენტში ამჟამად, ტბა ტბის სტატუსით არ ფიგურირებს.
ნატალია კვანტალიანი, მესაკუთრე, ბიზნესმენი – „გინდა ადგილმონაცვლეობა? კი ბატონო. შევცვალოთ დავუბრუნოთ ტბის ფსკერი ხალხს. სამართლებრივ ჭრილში გადაეცეს სახელმწიფოს. ჩვიდმეტი სხვადასხვა კერძო მოსახლისგან შევიძინე ტბის ფსკერი და მისი მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 35-37 ჰექტარი კეთილსინდისიერად საჯარო რეესტრის, ნოტარიული და იურიდიული კუთხით. ბუნებრივი რესურსები არ იყიდება და მე წყალი არ მიყიდია. იყვნენ ადამიანები, ვისაც საბუთი არ ჰქონდათ და ვერ ვიყიდე. იძახდნენ, თითქოს მეპატრონე ტბას აშრობდა იმის გამო, რომ კორპუსები აშენებულიყო. მივესალმები იმ გამოკვლევებს, რომელმაც მოსახლეობას და საზოგადოებას დაანახა თუ რა იწვევდა ტბის დაშრობას.“
მედეა გოგსაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი – „სამწუხაროდ ტენდერში მითითებული არ არის შრობის მიზეზების დადგენა. მაგრამ ეს ძალიან აუცილებელია“.
საინიციატივო ჯგუფმა და ტბის მაცხოვრებლებმა 2023 წლის სექტემბერში სს „საქართველოს რკინიგზას“ განცხადებით მიმართეს, დაზიანებული არხებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღეს, რადგან „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მონიტორინგის დეპარტამენტის ჰიდროლოგიურ კვლევაში არაფერია ნახსენები სს „საქართვეკლოს რკინიგზის“ შესაძლო ბრალეულობის შესახებ.
გლდანელი მოსახლეობა ასევე ითხოვს შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც განიხილავს ბუნებრივი ტბის, სასოფლო-სამეურნეო მიწად გადაკეთების საკითხს და მცხეთის რაიონის გამგეობის და გლდანის საკრებულოს უკანონო ქმედებას.
უნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ნოემბერში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტბა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს.
კახა კალაძე, ქ.თბილისის მერი – „დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება“.
გლდანი თავისი შემოგარენით თბილისის ყველაზე დიდი და მჭიდრო დასახლებაა. ქალაქში ბევრი ბუნებრივი ტბა და ტბორეა, რომელიც სპეციალურად სარეკრეაციოდ შეიქმნა მაგალითად: ლისის ტბა, კუსტბა, თბილისის ზღვა. გლდანში მცხოვრებ ხალხს კი ასეთი ადგილის მოსააძებნად ქალაქის მეორე ბოლოში წასვლა უწევს.
ნანა ალავიძე – მაცხოვრებელი – “აქვე თუ ხარ 5 წუთში მოხვალ და შუა მიკროებიდან 15 წუთიც არ დასჭირდება აქ ამოსვლას. ფეხით აქედან მეტრომდე ჩასასვლელად მაქსიმუმ 30 წუთი მჭირდება. გაჭირვების წლები, რომ იყო აქ დაჭერილი თევზით ხალხმა წლები გადაიტანაო ამბობდნენ. ვინც აქ ვცხოვრობთ ძაან გვინდა, რომ ეს ტბა იყოს“.
მასალის ავტორი: ანა ჩალაშვილი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მასალა მომზადდა საგან “ახალი მედიის” ფარგლებში.