შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
თამარ გაგნიძე: „როცა რაიმე მიზანი გაქვს და მას ვერაფრით აღწევ, უნდა შეცვალო საშუალება და არა მიზანი“
16/02/2024
ინტერვიუს სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ გაგნიძე. თამარმა ძალიან მცირე ასაკიდან გადაწყვიტა, ცხოვრება ამ სფეროსთვის დაეკავშირებინა – ჯერ კიდევ მაშინ, როცა თოჯინებით თამაშის დროს მისი საყვარელი საქმე მათი მოვლა და მკურნალობა იყო.
თამარი მომავალი კარდიოქირურგია და გადაწყვეტილი აქვს, ამ საქმეს თავისი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოს. თამარს უნივერსიტეტში ვეწვიეთ. თამამად გვესაუბრა სამსახურში არსებულ სამუშაო პირობებზე. უკვე ნახევარი წელია, თამარი ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მედდის დამხმარედ მუშაობს.
– თამარ, გაგვეცანი.. მოკლედ მოგვიყევი შენ შესახებ.
– მე ვარ თამარ გაგნიძე. 24 წლის. V კურსის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად ვმუშაობ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ინტენსიურ განყოფილებაში, მედდის დამხმარედ. საკმაოდ დატვირთული ვარ, მაგრამ ეს მდგომარეობა არ მამძიმებს, პირიქით, ენერგიით და მოტივაციით მავსებს.
– იყო კონკრეტული ადამიანი, ვინც შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა, როცა პროფესია აირჩიე?
– არა, არ ყოფილა. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მედიცინა ბავშვობიდან მაინტერესებდა. მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ ექიმი უნდა ვყოფილიყავი, არც რაიმე სხვა პროფესია ურჩევიათ. ჩემს პროფესიულ არჩევანში თავისუფალი ვიყავი და არავინ ჩარეულა. პირიქით, მირჩევდნენ, რაიმე მარტივი მესწავლა, მაგრამ ჩემმა მტკიცე გადაწყვეტილებამ ყველაფერი გადაწონა.
– მედიცინის რომელი მიმართულება გაინტერესებს ყველაზე მეტად?
– ზოგადად, მედიცინის ყველა დარგი არის ძალიან საინტერესო. რაც უფრო ვიზრდები და მაღალ კურსზე გადავდივარ, ამას მით მეტად ვიაზრებ. ყოველი ახალი საგნის სწავლისას ვხვდები, რომ ყველა სფერო ძალიან მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მედიცინის ნებისმიერ სფეროში, მაგრამ განსაკუთრებულად მაინტერესებს კარდიოქირურგია. მეხსიერებაში ბავშვობიდან მაქვს მოგონება, როგორ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი გულის ექიმი. ამიტომ მედიცინა ჩემთვის პირველ რიგში ასოცირდება კარდიოქირურგიასთან და კარდიოლოგიასთან. ჩემს ბავშვობაში ტელევიზიით სამედიცინო თემატიკის გადაცემა გადიოდა. იქიდან ერთი კადრი მახსოვს ყველაზე ცხადად. ღია გულზე მიმდინარეობდა ოპერაცია. ამ ერთმა კადრმა იმდენად დიდი და გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ მოგონებას ვუკავშირებ ჩემს მომავალ გადაწყვეტილებას, საქმიანობის სფეროდ მედიცინა ამერჩია. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ჯერ სკოლაში არც დავდიოდი.
– მედიცინა ფართო სფეროა, რატომ მაინცდამაინც კარდიოქირურგია? რაიმე კონკრეტულს უკავშირდება შენი ეს გადაწყვეტილება
– კარდიოქირურგია ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მრავლისმომცველი და რთული ორგანოა გული. ამასთანავე, საქართველოში არ გვყავს კარდიოქირურგი ქალი. რაღაც მხრივ, პროტესტიც მაქვს ამის მიმართ. ბევრი ლექტორისგან მინახავს გაოცება, რომ, თითქოს, ქალი ვარ და ქირურგია რატომ მაინტერესებს. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს, ვინმეს რამეს ვუმტკიცებ, ეს სრულებით არ მაინტერესებს, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ არავისზე ნაკლები ქალები არ ვართ. ჩემი დაკვირვებით, გოგონები უფრო ყოჩაღები არიან სწავლის მხრივ, ვიდრე ბიჭები. არ ვიცი, ეს ჩემს შემთხვევაში დაემთხვა, თუ, ზოგადად, გოგონები უფრო მონდომებულები ვართ. ესეც რომ არა, გული, როგორც ორგანო, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ყველაფერი მაინტერესებს, რაც გულს უკავშირდება. ჩემი ოცნებაა, ოდესმე გულის ტრანსპლანტაცია გავაკეთო.
– გქონია რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევა, რამაც მიგიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ექიმი გამხდარიყავი?
– ცხოვრებაში არ მქონია ასეთი შემთხვევა. რაც სწავლა და, სწავლის პარალელურად, მუშაობა დავიწყე, ვხედავ, რომ ბევრმა ჩემ ირგვლივ მყოფმა, საქმის სიმძიმის თუ სირთულის გამო დაანება სწავლას თავი. უმეტესობამ უბრალოდ ვერ გაუძლო ამ დატვირთვას. ჩემს შემთხვევაში, პირიქით მოხდა. დრო ჩემში არაფერს ცვლის, იმის გარდა, რომ უფრო და უფრო დარწმუნებული ვხდები ჩემი არჩევანის სისწორეში. მეტად მტკიცე ხდება ჩემი გადაწყვეტილება, ამ საქმიანობას დავუთმო ცხოვრება. ეს სფერო რომ რთულია, ბევრ ადგილას სამუშაო პირობები რომ საკმაოდ მძიმეა, გრაფიკიც ქაოსური და არახელსაყრელია, – არ აღმოჩნდა ჩემთვის დაბრკოლება. პირიქით. ვფიქრობ რომ, როცა რაიმე მიზანი გაქვს და მას ვერაფრით აღწევ, უნდა შეცვალო საშუალება და არა მიზანი.
– რა არის შენი პიროვნული სიძლიერე და სისუსტე?
– სიძლიერედ მიმაჩნია უნარი, ყველაფერი გავაკეთო მიზნის მისაღწევად და არ ვნებდები, სანამ არ ვაღწევ იმას, რაც მინდა. უფროსი დაც ექიმი მყავს, ისიც 18 წლიდან მუშაობს. თავიდანვე ვიცოდი ამ სფეროს სირთულე, მაგრამ არ მეშინია არც წვალების, არც ბრძოლის. არასდროს დამიხევია უკან შიშის გამო. ჩემი სისუსტე სიზარმაცეა. შემიძლია, ბევრად უკეთესი ვიყო, ვიდრე ახლა ვარ, თუმცა, სიზარმაცე მძლევს ხოლმე და ეს საკუთარ თავში საშინლად მაბრაზებს. ვებრძვი ამ თვისებას ჩემში და ვმუშაობ მის გამოსასწორებლად.
– პაციენტების, განსაკუთრებით, მძიმე პაციენტების მიმართ თუ გაქვს ემპათიის განცდა?
– ინტენსიურ განყოფილებაში, იქ, სადაც მე ვმუშაობ, ბევრნაირი პაციენტია – რეანიმაციული, კარდიოლოგიური განყოფილების პაციენტებიც, პოსტ-ოპერაციული, პალიატიური. გაერთიანებული, საერთო სივრცეა. ბევრნაირ პაციენტთან მაქვს შეხება. პირველ დღეს სამსახურში მყავდა პაციენტი, მოხუცი ქალბატონი, პოლიტრავმით იყო მოთავსებული ჩვენს განყოფილებაში, ძალიან ემოციური და შეშინებული. ხელზე ხელს ხშირად მკიდებდა და მეუბნებოდა, რომ სიკვდილის ეშინია. მთხოვდა, არ დამეტოვებინა. მიწევდა მისი დამშვიდება, გვერდით ყოფნა, გამხნევება, დაპირება, რომ არაფრის დიდებით არ მივატოვებდი.
თამარ გაგნიძე: “იმის მიუხედავად, ემოციური ხარ თუ არა, არასდროს გტოვებს განცდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გაქვს შეხება და ეს ემოციები ავტომატურად შენზეც გადმოდის. როცა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს უვლი, შეუძლებელია, მათ მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს”.
ექთანს ისეთი გრაფიკი აქვს, სულ სირბილი გვიწევს, მთელი დღის მანძილზე დაჯდომის დრო არ გვაქვს. ბევრი პაციენტი გვყავს ჩაბარებული. იმის მიუხედავად, რომ ჯერ დამხმარე ვარ და დიდი პასუხისმგებლობები არ მაკისრია, მაინც ვთვლი, რომ საჭირო ვარ სამსახურში. ამ ქალბატონმა ეს მაგრძნობინა. ჩემი გვერდით ყოფნა ხშირად სჭირდებოდა. მისი მდგომარეობის მაჩვენებლებს ხშირად ვაცნობდი, რომ დამემშვიდებინა და გამემხნევებინა. იმის მიუხედავად, ემოციური ხარ თუ არა, არასდროს გტოვებს განცდა, რომ ცოცხალ ადამიანებთან გაქვს შეხება და ეს ემოციები ავტომატურად შენზეც გადმოდის. როცა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს უვლი, შეუძლებელია, მათ მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს.
– შენი ფსიქიკისთვის რამდენად რთულია მუდმივად ტკივილში მყოფი ადამიანების გვერდით ყოფნა?
– ძალიან მძიმეა რეანიმაციის სიტუაცია. იქ მომუშავე ხალხი ხშირად ამბობს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში უპირატესობას სიკვდილს მიანიჭებდნენ, ვიდრე იქ მოხვედრას. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს რომ ვაკვირდები, როგორ ტკივილს და ტანჯვას გადიან, ჩემშიც ძლევს სურვილი, აღარ ვიყო, ვიდრე იქ ვიყო. თავიდან, სანამ მუშაობას დავიწყებდი, სულ მქონდა შიში, რომ ვერ შევძლებდი, ემოციურად ვერ გავუძლებდი ამხელა სტრესს; მეგონა, ჩემი მენტალური მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა. მაგრამ ვისწავლე, რომ სანამ უშუალოდ არ ცდი, წინასწარ დასკვნა არ გააკეთო. შორიდან ყველაფერი გაცილებით მძიმე ჩანს, იქ ყოფნის პროცესში კი ამას ვერ იაზრებ. დრო არ გაქვს, უბრალოდ. ყველა პაციენტის შემთხვევაში გათავისებული მაქვს, რომ ტანჯვის მიუხედავად, ისინი აქ არიან იმისთვის, რომ ჩვენ მათ დავეხმაროთ. მათი საუკეთესო ინტერესებისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ისიც ვიცი, რომ ყველა პაციენტს ვერ დავეხმარები. უმწეობის განცდა მაქვს, მაგრამ ეს რეალობაა და უნდა შევეგუო. ემოციურად საკუთარი თავი უნდა შეამზადო იმისთვის, რომ გადარჩე.
– გრძნობ პასუხისმგებლობას პაციენტების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან?
– დიახ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს მაშინვე განვიცადე, როცა პირველი პაციენტი ჩამაბარეს. მისთვის წამალი უნდა გამეკეთებინა. მარტივი კანქვეშა ინიექცია უნდა გამეკეთებინა, ინსულინის ნემსით. ვნერვიულობდი. მინდოდა, არაფერი სტკენოდა და მაქსიმალურად ვფრთხილობდი. ეს ყველაფერი საპასუხისმგებლო და საინტერესოა ჩემთვის. ამასაც ეჩვევი. მეტი პატივისცემა გიჩნდება საკუთარი თავის მიმართ, როცა დიდ პასუხისმგებლობებს ეჭიდები. და ეს პასუხისმგებლობა რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტია კმაყოფილებაც საკუთარი თავის მიმართ. პასუხისმგებლობები თვითდაჯერებულს მხდის. მაგრძნობინებს, რომ რაღაცისთვის საკმარისი ვარ, თუნდაც, ღირსი ვარ იმ სამსახურში ყოფნის.
თამარ გაგნიძე: “ყველა პაციენტის შემთხვევაში გათავისებული მაქვს, რომ ტანჯვის მიუხედავად, ისინი აქ არიან იმისთვის, რომ ჩვენ მათ დავეხმაროთ. მათი საუკეთესო ინტერესებისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ისიც ვიცი, რომ ყველა პაციენტს ვერ დავეხმარები. უმწეობის განცდა მაქვს, მაგრამ ეს რეალობაა და უნდა შევეგუო. ემოციურად საკუთარი თავი უნდა შეამზადო იმისთვის, რომ გადარჩე”
– მტკივნეულ ემოციებს როგორ უმკლავდები, კრიტიკული სიტუაციების ფონზე?
– მაქსიმალურად ვცდილობ, საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას გავუფრთხილდე. იმისთვის, რომ მომავალში ჩემი საქმე ერთგულად და კარგად ვაკეთო, პირველ რიგში, საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნო. სხვა შემთხვევაში, ამას ვერ მოვახერხებ. ვერც ჩემ პაციენტებს დავეხმარები. მინდა, ჩემი რესურსი და ცოდნა მოვახმარო იმათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და არ მივმართო ჩემი ემოციები იმ გარემოებებზე, რომლებიც არ შეიცვლება. ვცდილობ, საკუთარი თავი ფუჭ ემოციებში არ დამეკარგოს. გააზრებული მაქვს, რომ სამსახურში ცოცხალ ადამიანებს ვჭირდები და მათი კეთილდღეობისთვის შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. ამიტომ ჩემი რესურსები, მათ შორის, ემოციურიც, უნდა მივმართო იქით, სადაც მისი არსებობა რაიმე აზრის მატარებელი იქნება. ზოგჯერ ადამიანი იმაზე ძლიერია, ვიდრე მას წარმოუდგენია. ამაში ჩემმა საქმიანობამ დამარწმუნა.
– პროფესიულის გარდა, რაიმე პიროვნული გამოცდილება თუ მოგცა პაციენტებთან მუშაობამ?
– საჭიროების შეგრძნება გამიჩნდა. ეს აქამდე არასდროს განმიცდია და არაჩვეულებრივი ყოფილა. უზომოდ საინტერესოა ადამიანებთან ურთიერთობა, მით უმეტეს, როცა პაციენტი კრიტიკულ სიტუაციაშია. დავაკვირდი, რომ ხანდაზმული პაციენტები ბავშვებივით არიან. ყველას თავისი მოთხოვნილებები აქვს, რომლებიც, უნდა, რომ სასწრაფოდ დაუკმაყოფილო. უნდათ, რომ მუდმივად მათთან იყო და ყურადღება მიაქციო. საქმემ მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემი აზრით, პაციენტთან ურთიერთობა ცალკე ხელოვნებაა, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ბევრი მათგანი არაადეკვატური, ემოციური, უკონტროლოა. რომ არა ჩემი პროფესია, ამდენ ადამიანთან ურთიერთობა ვერასდროს მექნებოდა. არ დაგავიწყდეთ, რომ პაციენტის პარალელურად მათი ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია ჩვენი ვალდებულებაა. ეს ჩემი საქმის დადებითი მხარე მგონია. ამიტომ, ბევრ უარყოფით ემოციასთან ერთად, დადებით ემოციასაც მაძლევს, რომელსაც ამ მძიმე გარემოში ვამჩნევ და აღვიქვამ.
– გქონია სიტუაცია, როცა მიმხვდარხარ რომ შენი ცოდნა და პროფესიონალიზმი პაციენტის ბოლო იმედია?
– კი, მუდმივად. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ სწავლის პარალელურად აუცილებელია მუშაობაც, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს. სამსახურში აცნობიერებ, რომ რასაც სწავლობ, პრაქტიკაში ყველაფერი გჭირდება. ქრება ყველანაირი სურვილი, რომ გამოცდაზე გადაწერო, ან რაიმე საგანი და მასალა არასათანადოდ ისწავლო. სინანული ჩნდება ასეთ დროს – რატომ მეტი არ ვეცადე, რატომ მეტად არ მოვინდომე. გული გწყდება თითოეულ მომენტზე, რომელიც წიგნთან არ გაატარე. მწარედ ეჯახები რეალობას. ამის გასააზრებლად კი ფაქტის წინაშე ადრეულ პერიოდშივე სჯობს დადგე. დანაკარგი ასე უფრო ნაკლები იქნება. იმასაც ხვდები, რომ რასაც გასწავლიან, იმაზე ბევრად მეტია საჭირო.
– ექიმის მთავარ ღირსებად რა მიგაჩნია?
– პროფესიის უნაკლო ცოდნის გარდა, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ შეუძლია მოქმედება. მინახავს ექთნები, რომლებიც იმდენად იბნევიან რთულ სიტუაციებში, რომ ვერაფერს აკეთებენ. ექიმი კი ყოველთვის კრიტიკულ მომენტებშია საჭირო, როცა პაციენტის სიცოცხლე ყველაფრის ფასად უნდა შეინარჩუნოს. ასეთ დროს დაბნევა ექიმის უდიდესი ნაკლია და საბოლოო ჯამში, მარცხიც. მეორე და უმთავრესი კომუნიკაციის უნარია. პაციენტის გარდა, მისი ოჯახის წევრებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ისინი ემოციურად არანაკლებ მძიმე სიტუაციაში არიან. რეანიმაციაშიც მიმუშავია და იქ ოჯახის წევრები მუდმივ კონტაქტზე არიან პერსონალთან. მათი ინფორმირება, ემოციური მხარდაჭერა და დამშვიდება მედპერსონალის პირდაპირი ვალდებულებაა. კოლეგების ერთმანეთთან ურთიერთობა და კეთილი დამოკიდებულებაც გადამწყვეტია. ასე მთლიანი გუნდი მეტად ორგანიზებულად და გამართულად მუშაობს.
თამარ გაგნიძე: “რატომღაც ნორმაა, რომ მე უნდა მოვითმინო ჩემი ზემდგომისგან სიუხეშე, უაზრო ხუმრობები, უხამსი მიმართვები. ვინც არ არის ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად, ძალიან გაუჭირდება და, ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს ამ რთული პროცესების ნაწილია. დაბალი ანაზღაურება არის ყველა მედმუშაკის წუხილი”.
– რა ხარვეზებს ხედავ დღეს სამედიცინო სისტემაში, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია?
– მყოლია ისეთი ლექტორები, ქირურგები, განსაკუთრებით, რომლებისგანაც ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ იძულებული, საშინელი შეურაცხყოფა ამეტანა. იმიტომ, რომ ის ჩემზე ზემდგომია. სხვა შემთხვევაში, მომიწევდა წასვლა და ჩემი საქმისთვის თავის დანებება. ჩვენი საქმის სირთულეა ის, რომ ყველას უნდა მოერგო. ჩვენი დრო დაუფასებელია. რატომღაც ნორმაა, რომ მე უნდა მოვითმინო ჩემი ზემდგომისგან სიუხეშე, უაზრო ხუმრობები, უხამსი მიმართვები. ვინც არ არის ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად, ძალიან გაუჭირდება და, ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს ამ რთული პროცესების ნაწილია. დაბალი ანაზღაურება არის ყველა მედმუშაკის წუხილი. მთელი დღის განმავლობაში, როცა წუთი არ მაქვს იმისთვის, რომ დავისვენო, ან საპირფარეშოში გავიდე, აღარაფერს ვამბობ კვებაზე, – მთელი თვე ამ რეჟიმში ყოფნის შემდეგ, ჩემი ანაზღაურება არის 300 ლარი. ასეთი დატვირთული რეჟიმის პარალელურად რომ გახსენდება, თვის ბოლოს ამისთვის გადაგიხდიან ამ სამარცხვინო ანაზღაურებას, მოტივაციის დაკარგვის გარდა, ღირსების შემლახველია. სხვათა შორის, ამ მიზეზით, მედიცინის ბევრი სტუდენტი უარს ამბობს თავისი პროფესიით მუშაობაზე და სხვადასხვა სტუდენტურ სამსახურში საქმდებიან.
– გაქვს განცდა, რომ ხარ ადამიანი, რომელიც სიცოცხლის სამსახურშია?
– ძალიან მძაფრად. სიტყვიერად ეს სულ მესმოდა ლექტორებისგან, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დავდექი, ეს საერთოდ სხვა განცდაა. პაციენტის მიმართ ჩემი უამრავი ვალდებულება მაგრძნობინებს ამას ყოველ ჯერზე და ეს განცდა არასდროს მტოვებს.
– როგორ ფიქრობ, შენ ირგვლივ მყოფ მედმუშაკებს აქვთ იგივე აღქმა, რომ ისინი სიცოცხლის მცველები არიან?
– ყველა ინდივიდია. ცხადია, ვერ იქნება ასე, თუმცა, ჩემ ირგვლივ მომუშავე ადამიანები სულ ფხიზლად არიან – საკუთარი პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. მე ვიცი ექიმები, რომლებიც ოპერაციის შემდეგ ჩამოდიან და სათითაოდ ამოწმებენ თავიანთი პაციენტის მდგომარეობას. აკონტროლებენ მედდებსაც, რამდენად ყურადღებით და კარგად უვლიან პაციენტებს. გულისხმიერი ადამიანები, ცხადია, ამ სფეროშიც არიან. მრავლად-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ არიან.
– მენტალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ექიმი გულგრილი უნდა იყოს?
– გაწონასწორებული და მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – გულგრილი. პირიქით. თავისი საქმე მთელი გულით და მონდომებით უნდა აკეთოს. არის სიტუაცია, როცა პაციენტს უიმედო მდგომარეობა აქვს და ამასთან ემოციურად გამკლავება გვიწევს. ემოციური წონასწორობის შენარჩუნება ყველა სიტუაციაში არსებითად მნიშვნელოვანია ექიმისთვის.
– საკუთარ პროფესიულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ხარ?
– ათასი პროცენტით. ამას არასდროს ვინანებ. მითუმეტეს, ახლა, როცა უშუალო შეხება მაქვს ჩემს საქმიანობასთან. თითქოს, აზრი შეიძინა ჩემმა არსებობამ. ეს რის ფასად შეიძლება ადამიანმა დათმოს? მიუხედავად სირთულისა, არასდროს მიფიქრია, რამე მარტივი ამერჩია. ჩემთვის ეს სფერო იმდენად საინტერესოა, რომ ამ საქმეში იყო სრულყოფილი, ერთი სიცოცხლე არ კმარა. არა უშავს, მომდევნო ცხოვრებაშიც იმავეს ავირჩევ. ყოველ ჯერზე თავიდან. (იცინის)
– რა გზავნილს დაუტოვებდი მომავალ ექიმებს?
– აუცილებელია რუტინა. ნუ იქნებით მოტივაციის იმედად. მოტივაცია დროებითია. შეიძლება, ნებისმიერ დროს გაქრეს. რუტინა კი გარკვეული ვალდებულებაა, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად ასრულებ. გიყვარდეთ ეს საქმე. ამის გარეშე შეუძლებელია ემსახუროთ ამ სფეროს. არავის აზრი არ გაითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას, მით უმეტეს, არ ისწავლოთ მედიცინა რჩევის საფუძველზე. გიყვარდეთ. სიყვარული ყველაფრის მამოტივირებელია; ერთადერთია, რაც რეალურ ძალას გაძლევს რთულ სიტუაციებში. ბოლოს, ვურჩევდი: დარჩით ადამიანად; ნუ მოკლავთ საკუთარ თავში მთავარს, რისთვისაც შეიძლება, ადამიანად ყოფნა და სიცოცხლე გიყვარდეთ. ემსახურეთ სხვის სიცოცხლეს, როგორც საკუთარს.
მასალის ავტორი: მარიამ გაგნიძე
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი.