შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მაკა ძაგანია: „თეატრი გწამლავს, დამოკიდებულებას იწვევს, შენი ცხოვრების წესი ხდება, უამისოდ რომ აღარ შეგიძლია“

15/02/2024

თეატრისა და კინოს მსახიობი მაკა ძაგანია საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. სერიალში მოხვედრამდე მაკამ დიდი გზა გაიარა, მარტოხელა დედობის სირთულე გამოცადა. პარალელურად სწავლობდა, მხოლოდ თეატრალური გამოცდილება ჰქონდა და დედის პროფესიული სტატუსის მიუხედავად, თავად გაიკვალა გზა სამსახიობო სფეროში.

 – პირველი შვილი, ნუცა, მარტომ გაზარდეთ, როგორი იყო მარტოხელა დედის გზა?

– მარტოხელა დედობა ძალიან ძნელია, გულწრფელად. მაშინ თან პატარა ვიყავი და რეალურად, დედაჩემი რომ არ დამდგომოდა გვერდში, ძალიან გამიჭირდებოდა. მეორე შვილი როცა გავაჩინე და ქმარი მედგა გვერდში, მაშინ მივხვდი, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მქონდა პირველი შვილის აღზრდისას მე, პატარას, საკუთარ თავზე აღებული. როდესაც ორი მშობელი ინაწილებს პასუხისმგებლობას, სულ სხვაა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მეხმარებოდა, ძალიან, ძალიან რთული გზა გავიარე.

– როგორ მოახერხეთ ამ პერიოდში თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა?

– მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც გავთხოვდი, მესამე კურსზე ნუცა გავაჩინე.. პარალელურ რეჟიმში ხდებოდა ყველაფერი და ესეც რთული პროცესია. როდესაც პატარა გყავს და თან დედაჩემსაც, რომელიც მეხმარებოდა, გადაღებების გამო, დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, რთული იყო. მაინც მოვახერხე სწავლა და უნივერსიტეტის დამთავრება, რაშიც ბებიამ და ბაბუამ დიდი როლი ითამაშეს – პარალელურად, კიდევ მყავდა ბავშვის დამტოვებელი, მათი სახით. მერე  ძიძაც ავიყვანე, რომ ბავშვი სასეირნოდ გაეყვანა ხოლმე, როცა ვერ ვიცლიდი.

– შემდეგ მოხვდით საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ როლმა?

ჩემი ცხოვრების დიდი პერიოდი გამომატოვებინე (იცინის). დიდი გზა გავიარე, რომ ამ ეტაპამდე მოვსულიყავი. მე მაქვს თეატრისა და კინოს მსახიობის დიპლომი და ყველაზე ცუდი ისაა, რომ კინოსთან შეხება საერთოდ არ მქონია, კამერა ჩვენ წინ არავის დაუყენებია და არავის უსწავლებია კამერასთან მუშაობა. აქედან გამომდინარე, „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ მოვხვდი, სრულიად გამოუცდელი ვიყავი ამ სფეროში, რადგან თეატრი და კინო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, ორივე საინტერესო და სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, ორი განსხვავებული პროფესიაა. სერიალში მოხვედრის შემდეგ, ნელ-ნელა ავუღე ალღო ყველაფერს და კამერასთან მუშაობის სიამოვნება ვიგრძენი. სერიალმა მომიტანა ის, რომ ქუჩაში გასვლისას ამდენი ბედნიერი, გაღიმებული სახე მიყურებს… ამდენი დადებითი ემოცია რომ მოდის, მარტო ეს ღირს ყველაფრად (იღიმის).

– ახსენეთ, რომ კინოსა და თეატრის მსახიობობა ორი განსხვავებული პროფესიაა, რა სხვაობაა მათ შორის?

– თეატრს სჭირდება ყველაფერი უფრო მასშტაბური, შეფასებაც, ხმაც, მიმოხედვაც, ყველაფერს აკეთებ უფრო დიდს. კინოს სჭირდება მცირედი, შეიძლება, არაფერი გააკეთო და თვალის ოდნავ გახელით გამოხატო იგივე ემოცია, რასაც თეატრში სჭირდება გრანდიოზულობა –  ფიზიკური მოძრაობითაც, ხმითაც…

– დედა რეჟისორია და თქვენს სამსახიობო კარიერაში თუ მიუძღვის რაიმე წვლილი?

– კი, ძირითადად მბლოკავდა… მართლა გეუბნები (იცინის). იყო ასეთი სერიალი „მტვრის გემო“, რომელზეც დედაჩემი მუშაობდა. მეც ამ დროს უკვე მსახიობი ვიყავი. სხვა რეჟისორმა დედაჩემს სთხოვა, რომ პატარა ეპიზოდში სხვა მსახიობის მოძებნის ნაცვლად,  ბარემ ჩემთვის ეთქვა, რომ მეთამაშა. დედაჩემმა უთხრა – არა, კაცო, სად სცალია მაკასო (იცინის). რეჟისორი ეხვეწებოდა და მაინც უარით გაისტუმრა, არადა, მაშინ ასეთი მოუცლელიც არ ვიყავი. უბრალოდ, მარინას არასდროს არავისთან სიტყვა არ უთქვამს, რომ ჩემი შვილია და გადავიღოთო. რეალურად, ამ სფეროში მე თვითონ გავიკვალე გზა, დანარჩენში ყველაფერში კი ჩემი ზურგია დედაჩემი.

– „ჩემი ცოლის დაქალებში“ თქვენი პერსონაჟი, თინა, საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულად მოაზროვნეა, რამდენად ჰგვანან მაკა და თინა ერთმანეთს ხასიათითა და მსოფლმხედველობით?

– რაღაცებით ჰგვანან, მაგრამ რაღაცებით რადიკალურად განვსხვავდებით. ყველა ადამიანი იძერწება, როცა მსოფლმხედველობა გიყალიბდება და ხდები ისეთი, როგორიც ხარ. თუმცა, ყველა ადამიანში არის ის „სხვაც“, მაგრამ შენ „ამას“ ირჩევ, რადგან „ეს“ გგონია სწორი და მიდიხარ ამ კუთხით. თინას ხასიათში არის ის, რა თქმა უნდა, რაც ჩემშიცაა, მაგრამ დიდი ნაწილი არა. ყოფილა შემთხვევა, როცა ზოგიერთ სცენასთან დაკავშირებით პროტესტი მქონია, ვამბობდი, ცოტა მოვალბოთ, ცოტა სხვანაირი გავაკეთოთ, არ შეიძლება ასე ძალიან-მეთქი (იცინის), მაგრამ ასე უნდათ და მივყვებით მერე ამ ხაზს. იშვიათია, რომ ადამიანმა გმირი ითამაშო და შენში მისი რაღაც ნაწილი არ იყოს; მაგრამ პარალელურად ეს არის გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც თავისი ხასიათი, შეხედულებები და უნარ-ჩვევები აქვს.

– საკმაოდ დიდი ხანია თინას პერსონაჟი არსებობს. თქვენზე გავლენა თუ მოუხდენია, ან რაიმე თუ შეუცვლია თქვენში?

– კონკრეტულად, რაიმე არ შეუცვლია. ჩათვალე, რომ თინა  ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის ბევრ აზრსაც ვითვალისწინებ. თუმცა, ასევე ბევრ რამეზე პროტესტის გრძნობა მიჩნდება.

– ამასთან ერთად, ილიაუნის თეატრის მსახიობი ხართ. თქვენი გამოცდილებით, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, თეატრის განვითარების კუთხით?

– პანდემიის პერიოდამდე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო; თითქოს, არავის უნდოდა თეატრი, მილევად მდგომარეობაში არსებობდა. იდგმებოდა ძალიან კარგი სპექტაკლები, მაგრამ ინერციით ისე ვერ მიდიოდა, როგორც ჩვენ გვჭირდებოდა. 21-ე საუკუნეში, ციფრულ სამყაროში, ყველა ფილმზე, კინოზე გადაერთო, თითქოს, აღარ სჭირდებოდათ ცოცხალი ორგანიზმი, თეატრი, რომელიც მართლა ჯადოსნურია, სხვანაირი სამყაროა. პანდემიის შემდეგ უფრო დაიწყეს თეატრში სიარული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა. ეს ძალიან მიხარია.

– თეატრში მაყურებლის „დეფიციტის“ გამო, თუ დაგიყენებიათ თქვენი თეატრალური კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ?

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც სცენაზე ბევრად მეტი ადამიანი ვმდგარვართ, ვიდრე პარტერში მჯდარა და გვითქვამს, რომ – კარგი, ხალხო, რა, ჩვენზე მეტი მაინც ხომ უნდა იყოს მაყურებელიო?! მაგრამ ის, რომ მოდი, ხვალ სპექტაკლი აღარ დანიშნოთ, არასდროს არავის გვიფიქრია. თეატრი გწამლავს, დამოკიდებულებას იწვევს, შენი ცხოვრების წესი ხდება, უამისოდ რომ აღარ შეგიძლია. ძალიან დიდი ადრენალინია… ამბობენ, მსახიობი სანამ სცენაზე გავა პრემიერის წინ, კარდიოგრამა რომ გადაუღო, ისეთი შინაგანი მდგომარეობა აქვს, ინფარქტის წინა პერიოდს ჰგავსო. ეს სიყვარული არის ის, რაც მსახიობს „იჭერს“, თორემ, დღესაც თეატრიდან, რეალურად, არ არის ის შემოსავალი, რომლითაც შეიძლება, ადამიანმა იცხოვროს. ამიტომ არ გიჩნდება ის შეგრძნება, რომ რადგან მაყურებელი არ არის… ვინც არის, მათგან იღებ ისეთ ემოციებს და მათი ტაშიც იმდენს ნიშნავს, მაინც მიგაჩნია, რომ ღირდა, ორლარ-ნახევარიც რომ აიღო. ყოფილა, სხვათა შორის, ასეთი შემთხვევები, როდესაც გაყიდული ბილეთებიდან ვიღებდით ანაზღაურებას „სარდაფის“ პერიოდში და ორლარ-ნახევარი, სამლარ-ნახევარიც შეგვხვედრია თითო მსახიობს. თუმცა, მაინც ღირდა.

– დათმობდით ოდესმე მსახიობობას მაღალანაზღაურებადი, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის სანაცვლოდ?

ასე არ დავთმობდი, რა თქმა უნდა. ახლა ჩემთვის წარმოუდგენელია, თუნდაც, მაღალანაზღაურებად სამსახურში წასვლა იმიტომ, რომ ჩემი საქმე არის ეს… არ ვიცი, სად უნდა შემომთავაზონ, რომ დავთანხმდე. არქიტექტურა-დიზაინზე ვერავინ წამიყვანს (იცინის).

 – თუნდაც, ისეთ რამეზე, რაც გამოგდით, ან რომ ისწავლით და აუცილებლად გამოგივათ.

– (ფიქრობს) არა, ვერა. თუ დასათმობი იყო, აქამდე უნდა დამეთმო (იცინის), მაგრამ ვერა, ძალიან ჩემია, აქ ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად.

– თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაიმე სერიალის ან ფილმის ქასთინგზე გახვედით და როლზე არ დაგამტკიცეს?

– ვერ ვიხსენებ კონკრეტულად, მაგრამ იქნებოდა ასეთი შემთხვევა. რაღაც ქასთინგებზე დავდიოდი ხოლმე. ყველგან არ მითამაშია, მაგრამ ვერ ვიხსენებ…

– თეატრში თუ მომხდარა ისე, რომ რაღაც კონკრეტული როლის თამაში გინდოდათ და სხვა ათამაშეს?

– თეატრში პიესას რომ დგამდნენ ხოლმე, მოლოდინი, რომ რომელიღაც კონკრეტულ როლს მე ვითამაშებდი, არასდროს მქონია. ოთარ ეგაძის სტუდენტი ვიყავი, მისი გაზრდილი ვარ და ზუსტად იცოდა, სად რა უნდა მოეცა ჩემთვის. ჩემი ყველა გმირი მიყვარს, რომელიც თეატრში მითამაშია… ოთარი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი თავი სხვადასხვა როლზე მეცადა.

– მსახიობებს, უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. ახალი ოჯახის შექმნისას, ამას თუ მოუხდენია მეუღლესთან ურთიერთობაზე გავლენა?

– ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაზე არ მოუხდენია გავლენა, მაგრამ ბავშვი რომ გავაჩინე, სერიალზე იმოქმედა… მაშინ სერიალში ჩემი პერსონაჟი საზღვარგარეთ გაუშვეს. სხვანაირად რომ წასულიყო ყველაფერი, შვილი რომ არ გამეჩინა, შესაძლოა, ემოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, სერიალი უფრო დამიზარალდა, ვიდრე ოჯახი.

– მგონი, ასე ჯობდა (სიცილით)…

– პრიორიტეტების საკითხია. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ნორმალურად დალაგდა, თუმცა, მაშინ შემოსავლის გარეშე დავრჩი და ძალიან რთული იყო. ამ მხრივ არის ცუდი ჩვენი პროფესია, მსახიობობა, განსაკუთრებით, ქალისთვის. თეატრშიც ორსულობის პერიოდში დუბლები მჭირდებოდა, 8-9 თვის ორსული სცენაზე ვეღარ „ვიხტუნავებდი“… აქედანაც გამომიშვეს და ცოტა რთული პერიოდი იყო. მანამდე ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, კვირაში 3-4 სპექტაკლი, გადაღებები და უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი… მაგრამ გიო რომ გაჩნდა, გააბათილა ყველაფერი (იღიმის).

– ყველაზე დიდი სიამოვნებით რომელ ფილმში ან სერიალში ითამაშებდით?

„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ და „სექსი დიდ ქალაქში“ – ალბათ, აქედან რომელიმეში ვითამაშებდი. თან ჩვენი სერიალის ფაბულაც ჰგავს, მეგობრობა და ურთიერთობები… საინტერესო იქნებოდა.

 

მასალის ავტორი: ნინო სოხაძე

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი. 

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting