შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
რატი კერესელიძე:”გაცვლითი პროგრამა ჩემი განათლებისა და კარიერისთვის სავალდებულო ნაბიჯი იყო”
06/02/2024
რატი კერესელიძე, რომელიც მენეჯმენტის და პროგრამირების ფაკულტეტზე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლობდა, განათლების მიღება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში Westsჰchsische Hochschule Zwickau/ University of Applied Sciences Zwickau-ის უნივერსიტეტში გააგრძელა.
– რატომ გადაწყვიტე სწავლის გაცვლითი პროგრით გაგრძელება?
– ეს მაგისტრატურის პროგრამა შეიცავს ორ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემ პროფესიასთან დაკავშირებულ სფეროს, მენეჯმენტს და პროგრამირებას. ასევე, მთავაზობს (თუ არ ვცდები საქართველოში პირველად) ორმაგ დიპლომს, ერთი IBSU-ს, მეორე კი WHZ-ს გერმანული უნივერსიტეტის მხრიდან. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარება ჩემი განათლების და კარიერისთვის სავალდებულო ნაბიჯი იყო.
– უნივერსიტეტმა რომელი ქვეყნები შემოგთავაზა და რატომ აირჩიე გერმანია?
– რადგან მე დაინტერესებული ვიყავი სპეციპიკურად ამ პროგრამით, მეტი ქვეყანა არ შემოთავაზებულა რადგან ამ სპეციპიკური პროგრამისთვის და შემოთავაზებებისთვის მხოლოდ IBSU-ს და WHZ-ს ჰქონდათ შეთანხმება.
– რა განსხვავებაა გერმანულ და ქართულ სწავლების მოდელში?
– გერმანული სწავლების მოდელი რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან. გერმანიაში არ სჯერათ “თეორიული მასალის” და უკლებლივ ყველა თეორიულ საგანს თავისი პრაქტიკული მოთხოვნებიც აქვს, ასევე უფრო დიდ ხაზს უსვამენ ინდივიდუალურ სამუშაოს, სადაც შენ თავისუფალ დროს გევალება ცალკე აკეთო დავალება. ლექციები არ ტარდება ყოველკვირულად, ზოგ ლექციას აქვს ბლოკ-სემინარები სადაც ერთ დღეს 6 საათი ვსწავლობთ, მაგრამ მთელი სემესტრის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ გვიტარდება. ზოგი ლექტორი კი იმდენად ამახვილებს ყურადღებას ინდივიდუალურ მუშაობაზე რომ 3 ლექციის შემდეგ ლექციები აღარც ტარდება და ინიშნება მხოლოდ ონლაინ შეხვედრები ლექტორთან სადაც განვიხილავთ გაჩენილ კითხვებს ლექტორთან, დანარჩენი კი ჩვენს ნამუშევარზეა დამოკიდებული.
რატი კერესელიძის რჩევა სტუდენტს, რომელსაც გაცვლითი პროგრამით სწავლა სურს: “ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ იმავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა”.
– კმაყოფილი ხარ თუ არა მიღებული გადაწყვეტილებით და რატომ?
– საკმაოდ კმაყოფილი ვარ. როგორც ვახსენე, ეს გადაწყვეტილება ჩემი მომავლისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ამასთან ერთად შევიძინე ახალი გამოცდილება და ვნახე როგორია საზღვარგარეთ ცხოვრება, რაც ჩემი აზრით ყოველთვის სასარგებლოა.
– რას ურჩევდი და რა გამოცდილებას გაუზიარებდი იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გაცვლითი პროგრამით აპირებენ?
– ეცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე სწავლაზე და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო უცხოელებს საქართველოზე, მაგრამ ამავდროულად არ დაგავიწყდეს შენი თავი, ცოტა გაერთე, განიტვირთე და გამოსცადე უცხოური კულტურა. ხოლო თუ კი ფიქრობ, რომ უცხოეთში ცხოვრება რთულია და არ შეგიძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა, დამერწმუნე მალევე მიხვდები, რომ იმაზე მარტივია ვიდრე გგონია და ყველაზე ნაკლებად ამ ფაქტორის უნდა გეშინოდეს.
მასალის ავტორი: ლუკა ცარციძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში